Posted by: burusi | 02/06/2013

ანა სიჭინავა, მარიამ ტუშური – “გამოცდილებით სწავლა, ანუ სწავლა კეთებით” (ჯონ დიუი)

skola, დაჩი ვერულავა

ანა სიჭინავა, მარიამ ტუშური – “გამოცდილებით სწავლა, ანუ სწავლა კეთებით” (ჯონ დიუი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლი კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ჯონ დიუის სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპს წარმოადგენს გამოცდილებით სწავლა, ანუ „სწავლა კეთებით’’. დიუის კონცეფციით, სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ცოდნა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში ყალიბდება.

ჯონ დიუი განათლების ორ სახესხვაობას, პროგრესულსა და ტრადიციულს, ერთმანეთთან აპირისპირებს. ტრადიციული განათლების მიხედვით, სკოლის მთავარი დანიშნულებაა წარსულში შექმნილი, მოსწავლისთვის უკვე მზა მასალის თაობიდან თაობისთვის გადაცემა, რაც გულისხმობს არა მარტო გარკვეული საგნების ათვისებას, არამედ მათთვის წარსულში ჩამოყალიბებული ქცევის ნორმების სწავლებასაც. სწორედ ამ საშუალებებზეა დამოკიდებული თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულება დამკვიდრდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რადგან სწორედ ეს „ზოგადი მოდელი’’ განასხვავებს სკოლას ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებისგან. დიუი სწავლების ამ მეთოდს ძალდატანებად და იძულებით თავსმოხვევად მიიჩნევს. საზოგადოება არაა ორიენტირებული იმის მიმართ, რომ სასწავლო მასალებსა და თვით პროცესში რამე სიახლე შეიტანოს. ამ დროს მომწიფების ასაკში მყოფი ადამიანი ვალდებულია ზრდასრული ადამიანის სტანდარტებით იხელმძღვანელოს, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსწავლის ჩართულობას გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში. ამიტომაც, დიუის მიაჩნია, რომ აუცილებელია ახალი განათლების მოდელის შემუშავება, რაც უმთავრესად გულისხმობს მოსწავლის თავისუფლებას. პროგრესული მოდელის დროს ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში, რომლის დროსაც მოსწავლეს უვითარდება ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა ამა თუ იმ პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის, ჯგუფური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარი. განათლების ასეთი მოდელის დროს იბადება ჭეშმარიტი აზრი და მოსწავლეები ახერხებენ, როგორც სხვისი აზრის გათვალისწინებას, ასევე საკუთარის დაცვასაც.

დიუის აზრით, ტრადიციული განათლების მოდელის შეცვლის დროს შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება განათლების მთავარი წყაროა, დიუი ყველა სახის გამოცდილებას სასარგებლოდ არ მიიჩნევს. გამოცდილება ჩვენს მომავალზე უნდა ახდენდეს გავლენას, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთი ტიპის, უკვე მიღებული გამოცდილებით და მუდმივად ვეცადოთ მის გაფართოებას, რათა არ შევზღუდოთ ჩვენი პიროვნული განვითარება.

ერთი და იგივე მასალისა და მხოლოდ იმის სწავლა, რასაც მოსწავლეებს პედაგოგები ავალებენ, მათთვის მოსაბეზრებელია. ისინი კარგავენ სტიმულს, რადგან არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და ბრმად მიჰყვებიან უკვე დაკანონებულ წესებს. აქედან გამომდინარე, დიუი გამოყოფს გამოცდილების ორ ასპექტს: „ერთია უშუალო განცდა (სასიამოვნოა თუ უსიამოვნო ესა თუ ის გამოცდილება) და მეორე – ახალი გამოცდილების გავლენა გვიანდელზე“. აქ უკვე მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი, რომელმაც მოსწავლეებისთვის უნდა შეარჩიოს „ისეთი აწმყო გამოცდილებები, რომლებიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად იარსებებენ მომდევნო გამოცდილებაში”. ამის მაგალითად დიუის ლინკოლნის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამის პარაფრაზი მოჰყავს: „ეს ფილოსოფია გულისხმობს გამოცდილების, გამოცდილებით და გამოცდილებისთვის განათლებას“.

დიუი პროგრესული განათლების უპირატესობად მიიჩნევს მის შესაბამისობას დემოკრატიის იდეალთან და ჰუმანურობასთან, რადგან „დემოკრატია საუკეთესო საზოგადოებრივი წყობაა“. ამ შემთხვევაში კი ადამიანი უფრო თავისუფალია, რაც ხელს უწყობს გამოცდილების მაღალ დონეს, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული მოტივაცია უფრო ამაღლებს თეორიული ცოდნის ხარისხს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილების სხვადასხვა ფორმით გამოყენებას. ამის მაგალითად დიუი განიხილავს პიროვნების ზრდას, ანუ უშვებს, რომ ადამიანმა მომავალში შეიძლება არასწორი გზა აირჩიოს, თუნდაც შეიძლება პროფესიონალი მძარცველი ან კორუმპირებული პოლიტიკოსი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ისეთი კომპონენტების წარმოჩენა, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა ამა თუ იმ საკითხისადმი, მოტივირება, მიზანსწრაფულობა, ამ შემთხვევაში ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელი გახდება.

გამოცდილების მიღებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, სადაც ბავშვები იზრდებიან და ვითარდებიან. ამ შემთხვევაში დიდია, როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის როლი. ისინი უნდა შეეცადონ, რომ მათ ზედმეტად არ მოახვიონ საკუთარი აზრები და იდეები. პედაგოგმა და მშობელმა ხელსაყრელი გარემო პირობები უნდა შეუქმნას ბავშვს, რაც მის სწორად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მიზანშეწონილია, რომ ისინი საკუთარის გარდა სხვის გამოცდილებებსაც დაეყრდნონ და წარსულში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენონ, როგორიცაა, მაგალითად, ექიმებისა და სხვათა რჩევები.

იმისთვის, რომ ინდივიდის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს, დიდი მნიშვნელობა აქვს საგნის შინაარსს და მეთოდს, რომლითაც ის ისწავლება. თუ ბავშვისთვის საგანი უინტერესოა, შეიძლება ამან მის მოტივირებაზე იმოქმედოს და მომავალში სწავლის გაგრძელების სურვილი და სტიმული დაკარგოს.

ადამიანი საზოგადოების ნაწილია, ამიტომაც ის თავისდაუნებურად ემორჩილება გარკვეულ წესებს. დიუი თვლის, რომ „ინდივიდუალურ ქმედებებს აკონტროლებს მათთვის საერთო სიტუაციები, რომლებშიც ეს ინდივიდები არიან ჩართული და რომელთა ფარგლებშიც თანამშრომლობენ“.

დიუი თავისუფლებას განმარტავს, როგორც მიზნების დასახვისა და მათი სისრულეში მოყვანის უნარს. ჭეშმარიტი მიზანი იმპულსით იწყება, ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში კი ის უკვე სურვილად გადაიქცევა. იმპულსები და სურვილები გარემო პირობებთან ურთიერთქმედების დროს წარმოიქმნება, მიზანი კი სრულად განსხვავდება მათგან, რადგან ის მოითხოვს წინასწარ დაფიქრებას და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას. ამის შედეგად წარმოიქმნება იდეა, რასაც მოყვება მოქმედების გეგმა, ამას კი ტრადიციული განათლება მთლიანად აიგნორებს.

დიუი თვლის, რომ განათლებაზე კამათისას აზრი აუცილებლად ორად გაიხლიჩება. ერთი მხარე იცავს კულტურული მემკვიდრეობის არსებობისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობას, ხოლო მეორენი სრულად გამორიცხავენ მის საჭიროებას და მთლიანად ახალი განათლების აღმოცენებას მიანიჭებენ უპირატესობას.

დიუის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი განათლება ასპარეზზე გამოვა, ის მუდმივად სირთულეებისა და დაძაბულობის ეპიცენტრში იქნება, სანამ „მისი მიმდევრების მხრიდან სერიოზული თანამშრომლური საქმიანობის მრავალი წელი არ გავა“.

დიუის იდეები განათლების სფეროში დღესაც გამოიყენება: სწავლა გამოცდილებით, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალიზაცია, აზრისა და იდეების თავისუფლება და ა.შ.

მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების პროდუქტს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთის მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორეს მხრივ კი, აცნობიერებინებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.

გამოყენებული ლიტერატურა”

ჯონ დიუი. “დემოკრატია და განათლება”. “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”. http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/68

***
კურსის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: