Posted by: burusi | 01/06/2013

თამარ ჭანტურია, ანუკა შამუგია, თათია სიჭინავა: “თავისუფლება და პასუხისმგებლობა“ (ილია ჭავჭავაძე)

ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში

ილია ჭავჭავაძე

თამარ ჭანტურია, ანუკა შამუგია, თათია სიჭინავა: ილია ჭავჭავაძე – “თავისუფლება“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” სტუდენტები

თავისუფლება – ფართო ცნებაა, დღესდღეობით გათელილი და დავიწროვებული, სახე და ფუნქცია დაკარგული. თავისუფლების გრძნობა ყველაზე უკეთ განარჩევს კეთილსა და ბოროტს. გადის თუ არა ერის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გზა პიროვნულ თავისუფლებაზე?

პიროვნული თავისუფლება არ არის შეზღუდვების არარსებობა, რადგან შეზღუდვების გარეშე თავისუფლებას აზრი ეკარგება. თუ თავისუფლება არ არის დაკავშირებული პიროვნულ პასუხისმგებლობასთან, მას პოტენციური საფრთხე ემუქრება.

რამდენად თავისუფალია ადამიანი? – ხშირად მიჩნდება ეს კითხვა და აზრთა ჭიდილის შემდეგ ყოველთვის ერთი დასკვნა გამომაქვს:- ადამიანი ბოლომდე თავისუფალი არ არის და არც ცნება ,,თავისუფლების“ მნიშვნელობა ვიცით.

კითხვაზე: – ვინ არის ამაში დამნაშავე? – პასუხი მარტივია – ჩვენ, საზოგადოება.

სწორედ საზოგადოებამ დაამახინჯა თავისუფლება, უფრო სწორედ, დავამახინჯეთ, რადგან ამ საზოგადოებას ვეკუთვნი მე, შენ, ისიც…

მე, შენ და მან ბევრი დავღუპეთ, ბევრს გული ვატკინეთ, ყაჩაღად, მკვლელად, თვითმკვლელად, მსხვერპლად ვაქციეთ, ოთხ კედელს შუა გამოვკეტეთ, წავართვით თავისუფლება. ეს იმიტომ, რომ თავისუფლების ფასი არ ვიცით და სხვის უფლებებსაც ვზღუდავთ.

რა გვჭირს? რატომ წავართვით საკუთარ თავს ყველაზე ღირებული სულიერი განძი, რომლისკენაც კაცობრიობა ავად თუ კარგად გაჩენის დღიდანვე ესწრაფვოდა? რამ დაგვიბინდა აზროვნება?

რამ კი არა, ვინ?

ვინ და ჩვენ. მე-შენ, შენ-მას, მან-მე, ჩვენ სხვებს, სხვებმა სხვებს და ასე ჩამოვყალიბდით არაჯანსაღ საზოგადოებად.

თუკი IV საუკუნეში გრიგოლ ნოსელი მიხვდა, რომ: “არს კაცი ჯური თვითმოძრავი სულით ხელმწიფისა ნებისა თვისსა“, რატომ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ადამიანს აქვს უფლისაგან მონიჭებული მადლი – განაგოს თავისი ცხოვრება, ნება-სურვილი?! ის, რაც სხვის ცხოვრებაში “ცხვირის ჩაყოფის“ დაუოკებელ სურვილს აღგვიძრავს, სხვისი მართვა-განმგებლობა, ხელმწიფებაა…

– სანამ იქნება ასე?

– მანამ სანამ სხვისი უფლებების, ცხოვრების წესის პატივისცემას არ ვისწავლით, მანამ სანამ სხვის ცხოვრებაში და სულში ხელების ფათურსა და ქექვას არ შევწყვეტთ, სანამ კარგად არ დავიმახსოვრებთ საკუთარ და სხვის უფლება-მოვალეობებს, სანამ არ ვიქნებით საკუთარი ნება-სურვილის, გონიერი და ზომიერი ხელმწიფენი. თავისუფლება, ხომ “თავის უფლებაა“.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი საკითხი, რომელსაც ილია არ შეხებოდა და ყოველ მოვლენაზე თავისი საფუძვლიანი სიტყვა არ ეთქვა. მან ღრმა კვალი დააჩნია ჩვენი სულიერი ცხოვრების ყველა სფეროს. სამოქალაქო ცნობიერების ერთერთი ნიშანია კანონის წინაშე თანასწორობა და კანონმორჩილება. თავის ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილს “რა არის თავისუფლება“ ილია იწყებს ბოსსუეტის სიტყვებით: „თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო… ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია“.

მაგრამ გადის კი თავისუფლების ზღვარი კანონებზე და არის თუ არა ადამიანის თავისუფლება კანონების არსებობაზე დამოკიდებული?

ილია თითქოს პასუხობს ბოსსუეტს, რომ: “ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფლება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლისმიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალისფასადაც არ ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს”.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სიტყვა “თავისუფლება“ ნიშნავს, რომ საკუთრი თავის უფალი მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ თავისუფლების საზღვრები დამოკიდებულია მორალურ ღირებულებებზე. ილიაც იზიარებს ამ მასაზრებას და თავისუფლებას განიხილავს არა მარტო სამართლებრივ კანონებთან, არამედ მორალურ ღირებულებებთან თანაარსებობით.

ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე ჩვენთაგანი აბსოლუტურად თავისუფალია? ცხადია, ეს შეუძლებელია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კანონი ან შეზღუდვა, თუნდაც საკუთარი ნება-სურვილით არ ჰქონდეს დაწესებული.

ილიას საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად მოჰყავს “სოვდაგარის ამბავი“ და ნათლად აყალიბებს თავის სათქმელს. “აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხესამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია”.

ილია ამავე აზრს “ოთარაანთ ქვრივშიც“ ავითარებს, როცა გიორგისა და დედამისს ახასიათებს. მათ ზუსტად იციან რატომ ცხოვრობენ და რა უფლებები გააჩნიათ. ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი მათ მსგავსად მოიქცეოდა და დაიცავდა საკუთარ უფლებებსა და ღირებულებებს.

მართლაც “რა არის ერთი მანათი სოვდაგარისთვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი“. მაგრამ სოვდაგარისთვის ერისათვის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. სწორედ ამ ხაზზე გადის თავისუფლების მნიშვნელობა ილიას წერილის მიხედვით.

ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი თავის უფალი, მაგრამ საზოგადოებაში შუძლებელია იყო ბოლომდე თავისუფალი. ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ნებისმიერი ქმედებისას იგი ხედავს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფთაც. ადამიანის ყოფა დამოკიდებულია მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე, რომელიც ან სწორია, ან მცდარი, ან გადაიხრება სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ. “კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზა გახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ საკუთარი თავის უფალი, ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც მორალური ღირებულებები ყველაფრის უფლებას არ გვაძლევს. მართლაც, რომ უმძიმესი ჯვარია ადამიანად ყოფნა, მაგრამ ამავდროულად მსუბუქიც, რადგან უფალთან თანაზიარია ეს ჯვარი. თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება დიდი გზაა გოლგოთასკენ, რომელიც სავსეა უამრავი წინააღმდეგობებითა და დაბრკოლებებით. თუკი ადამიანი მოახერხებს ამ უმძიმესი გზის გავლას, მაშინ მასში ძლეული ძალა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვამს: “შენ გაიმარჯვე გალილეველო“! და მოიპოვებს სულიერ თავისუფლებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ 9. თბ. 1988

Responses

  1. ძალიან კარგია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: