Posted by: burusi | 23/05/2013

გრიგოლ გეგელია – საქართველოს წინააღმდეგ

ხანძთა

ხანძთა

გრიგოლ გეგელია – საქართველოს წინააღმდეგ

ჩვენს წინაშეა ისტორიული მომენტი. საქმე, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს სახელმწიფოს ეხება — ჩვენს პოლიტიკურ ერთობას. ის ან გადარჩება, ან — არა. სწორედ დღევანდელი დღის მომენტი გადაწყვეტს თუ როგორი იქნება საქართველო ხვალ, რადგან ახლა წყდება თუ როგორი სახელმწიფოს აგებას ვაპირებთ დღეიდან მოყოლებული. ვფიქრობ, წლების შემდეგ ეს კვირა საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მოხვდება, როგორც ფუნდამენტური არჩევანის კვირა. ცხადია, იმ დროისათვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება: საქართველო ან ერთი, ან მეორე, ან სულაც მესამე სახის სახელმწიფო იქნება. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ეს დღეები მახსოვრობას შემორჩება, როგორც არჩევანის გაკეთების დრო — ისტორიული მომენტი.

ის, რაც 17 მაისს მოხდა ახალი სავსებით არ ყოფილა — გონებრივად ის მრავალი წლის განმავლობაში მზადდებოდა ქართველი მღვდელმთავრების მიერ. თუმცა, 17 მაისის ინციდენტი სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით წარმოადგენდა სიახლეს. პირველ რიგში, მან მრავალი წლის განმავლობაში მდუღარე იდეები კონკრეტულ ენერგიად გადააქცია, ენერგიად რომელმაც საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სხვა მოქალაქეებს დაუპირისპირა. მეორე რიგში, სწორედ ამ ენერგიამ წარმოშვა სრულიად ახალი ფორმის შიდა ანტაგონიზმი — სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის გაკონტროლება ქართულმა პოლიციამ მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა, საქართველოს ხელისუფლებას კი—პოზიტიური პოლიტიკური ნების დაფიქსირების მიუხედავად—ჯერ კიდევ არ დაუსჯია ამ პროცესში მონაწილე დამნაშავეები. მესამე რიგში, 17 მაისის აქციამ კონკრეტული ფორმა მისცა “პოლიტიკურობისა” და სახელმწიფოებრიობის ანომალიურ აღქმას, რომელიც გაგრძელების შემთხვევაში ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულს მოასწავებს. და აი რატომ.

მომაკვდავი სახელმწიფო

სახელმწიფო ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ადამიანების ჯგუფმა უხსოვარ დროს შექმნა. პოლიტიკურ ფილოსოფიაში არ არსებობს თანხმობა სახელმწიფოს გამოჩენის ზუსტი პროცესისა თუ თარიღის შესახებ. თუმცა, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის პირველი და უდავოდ ყველაზე გავლენიანი თეორია ინგლისელმა ფილოსოფოსმა, თომას ჰობსმა შეიმუშავა, სახელგანთქმულ ნაშრომში “ლევიათანი”. ერთი საუკუნის შემდეგ, წიგნში “სოციალური კონტრაქტი”, ჰობსის თეზისს დაუპირისპირდა ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნე ჟან-ჟაკ რუსო. თუმცა, მრავალი განსხვავების მიუხედავად, ჰობსის ისევე როგორც რუსოს თეზისში სახელმწიფო ჩნდება აწმყოში, რომელშიც ზეობს შიში. ჰობსიანური, ისევე როგორც რუსოიანული, სახელმწიფო სწორედ შიშით დომინირებული აწმყოს საპირწონედ აიგება. ორივე შემთხვევაში — თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო — სახეზეა “მუდმივი ბრძოლა” ადამიანებს შორის, რომელიც საყოველთაოა და მათ ფიზიკური განადგურებით ემუქრება. შიშის იდეას ჰობსი სავარაუდოდ ბელგიელი პოლიტიკური ფილოსოფოსის, იუსტუს ლიპსიუსის De Politica-დან იღებს, სადაც ლიპსიუსი მთავრობას “კირკეს ჯადოსნურ ჯოხს” ადარებს — ჰომეროსის “ოდისევსიდან” — რომლის მეშვეობითაც კირკე ადამიანებს ცხოველებად გადააქცევდა. ლიპსიუსი მიიჩნევს, რომ კარგი მთავრობა სწორედ ასეთია: ის ინდივიდუალური ადამიანების კერძო შიშების ცენტრალიზებას ახდენს, და ამ პროცესში საყოველთაო წესრიგს ამყარებს.

ჰობსის მიხედვით, საყოველთაო ომის დრო ნებისმიერი ისეთი დროა, როდესაც სახელმწიფო არ არსებობს, რადგან ასეთ დროს არ არსებობს სამართალი, ყველა ადამიანს აქვს თანაბარი ბუნებრივი უფლება ყველაფერზე, მაგრამ იმავდროულად ბუნებრივი თანასწორობით გამოწვეული უპირატესობის განცდა, რომელიც მათ დაპირისპირებას გარდაუვალს ხდის. მაგრამ, ჰობსიანური “საყოველთაო ომი” არ არის ისეთი სასტიკი, როგორიც 17 მაისის დარბევა. ჰობსი “საყოველთაო ომში” გულისხმობს არა ფიზიკურ ბრძოლას ადამიანებს შორის, არამედ პოტენციური კონფლიქტის მოლოდინს, რომელიც ყველა ადამიანში ავითარებს შიშსა და საკუთარი სიცოცხლის დაცვის ლეგიტიმურ სურვილს. ხოლო “ყველა სხვა დრო მშვიდობის დროა”.

ეს სახელმწიფოებრიობის დროა. შიშითა და კონფლიქტის ალბათობით დაღლილნი, ჰობსის “ლევიათანში” ადამიანები საბოლოოდ იკრიბებიან და თანხმდებიან შექმნან საერთო ნაგებობა, სახელმწიფო, რომელმაც აწმყოს სტაბილურობა უნდა მოუტანოს, რადგან სახელმწიფოს აღმოცენება საერთო სამართალს, მოქალაქის თავისუფლებასა და “კარგისა” და “ცუდის” უმთავრეს აღქმას წარმოშობს, რომელსაც უკლებლივ ყველა მოქალაქე ემორჩილება. ის, ვინც ამ ერთობას არ ემორჩილება, პოლიტიკურ სფეროს მიღმა რჩება. მის დაცვაზე სახელმწიფო პასუხს არ აგებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰობსიანური სახელმწიფო სწორედ მაშინ იშლება, როდესაც ის ვეღარ ახერხებს ადამიანების დაცვას. ასეთ დროს ადამიანები “კერძო ხმლის” გამოყენებას უბრუნდებიან, წესრიგი კი უბრუნდება ანარქიას. ზოგადად, ჰობსის თეზისი მრავალმხრივ პრობლემატურია. თუმცა, დიდი ხანია, რაც ჰობსიანური პარადიგმა თანამედროვე სახელმწიფოებრიობის პარადიგმაა. სახელმწიფო არის უზენაესი რგოლი, რომელიც ყველა ქვე-სისტემაზე — იქნება ეს პროფესიული კავშირი, სასულიერო დაწესებულება თუ სამოქალაქო ასოციაცია — მაღლა დგას და საჭიროების შემთხვევაში მათ შორის ურთიერთობას არეგულირებს.

ღვთაებრივი დოღი: “პოლიტიკური” ანომალია

ოქტომბრის შემდეგ ისედაც მკვეთრად დაყოფილ ქართულ სოციო-პოლიტიკურ აწმყოში ყველაზე შთამბეჭდავი შიდა დაპირისპირების გამოწვევა სასულიერო პირთა დაჯგუფებამ მოახერხა. თბილისის იმავე ქუჩას, რუსთაველის გამზირს, რომელიც ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე უკეთესი, მდუმარე მოწმეა, მრავალი შიდა დაპირისპირება უნახავს, მათ შორის სამოქალაქო ომი, რომელიც შიდა ანტაგონიზმის ყველაზე ინტენსიური ფორმაა. მაგრამ, პირველად სამოქალაქო ომის შემდეგ, ჩვენ სწორედ 17 მაისს გავხდით მომსწრენი იმისა, რაც სამოქალაქო ომთან იდეურად ყველაზე მეტად ახლოს დგას.

ის, რაც ჩვენ 17 მაისს ვიხილეთ, იყო დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლის დროსაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა სცადა მეორეს ფიზიკური განადგურება. მეტიც, ზოგ მათგანს ჩოხა ეცვა, რითაც საბოლოოდ დააკნინა ამ სხვამხრივ შესანიშნავი ტრადიციული ქართული სამოსის ხიბლი. თუმცა, ჩოხოსან-ანაფორიანთა ბარბაროსულ დოღს რუსთაველის გამზირზე თუ შევხედავთ ბოლო დროის ჭრილში, მეტად უცნაურ რაღაცას დავინახავთ. გამოჩნდება, რომ “პოლიტიკურობის” თანამედროვე ქართული განცდა სრულიად ანომალიურია. მართლაც, ქვეყანაში რომელიც სულ ახლახან დიდი აღტყინებით განიხილავდა მისი უმთავრესი პოლიტიკური მტრის, რუსეთის, ავ-კარგიანობას, რომელსაც საქართველოს პატრიარქმა “ისტორიული მოძმე და მეგობარი” უწოდა, სწორედ ამ ქვეყანაში, მოქალაქეები სრულ მზადმყოფნაში აღმოჩნდენ თავს დასხმოდნენ საკუთარ მშვიდობიან თანამოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეები ხელახლა დაუპირისპირდნენ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ისევ რუსთაველზე, მხოლოდ ამჯერად 30-ქართველის წინააღმდეგ 10,000 ქართველი იყო. “პოლიტიკურობის”, საზოგადოებრიობის ან სახელმწიფოებრიობის რა განცდა შეიძლება გააჩნდეს მოქალაქეს, რომელიც საკუთარ, მშვიდობიან თანამოქალაქეს უპირისპირდება და მის ფიზიკურ განადგურებას ლამობს? არავითარი.

მაგრამ, რას ნიშნავს ცნება “პოლიტიკური”? როგორც გერმანელი ფილოსოფოსი, კარლ შმიტი, აღნიშნავდა “პოლიტიკურის” ცნება ავტონომიური კატეგორიაა, რომელიც “მტრისა” და “მოყვასის” ანტითეზას ეფუძნება, ისე როგორც, მაგალითად, ესთეტიური კატეგორია ემყარება განსხვავებას “ლამაზსა” და “უშნოს” შორის, ან მორალური კატეგორია განსხვავებას “კეთილსა” და “ბოროტს” შორის. შმიტი “მტერს” არა მეტაფორულ, არამედ სრულიად კონკრეტულ ექსისტენციურ მნიშვნელობას ანიჭებს — მტერი არის ის, ვინც პოტენციურად გემუქრება ექსისტენციური უარყოფით, ფიზიკური განადგურებით, ვინც შენი ცხოვრების წესის უარყოფას ლამობს. შმიტისეულად, მტერი არა კერძო მეტოქე, არამედ ადამიანთა ერთი კოლექტივის მიერ დადგენილი ადამიანთა მეორე კოლექტივია, რომელთან მიმართებაშიც აუცილებლად არსებობს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ალბათობა.

მაგრამ, სახელმწიფო, როგორც უზენაესი ძალა, ახდენს შიდა პარტიულ-პოლიტიკური ანტაგონიზმის, ისევე როგორც მტრობის სხვა, უმიშვნელო ფორმების რელატივიზაციას. სახელმწიფო მათზე მაღლა დგას, რადგან გადამწყვეტ შემთხვევაში — როდესაც ამის საჭიროება არსებობს — სახელმწიფო არის ის, ვინც ადგენს საყოველთაო “მტრის” ვინაობას. სახელმწიფო ფლობს jus belli ავტორიტეტს, რომელიც მას ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას განსაზღვროს საერთო პოლიტიკური მტერი და მოქალაქეებს მასთან დაპირისპირებისაკენ მოუწოდოს. ხოლო მაშინ, როდესაც სხვა შიდა გაერთიანება — მაგალითად ეკლესია ან სამოქალაქო გაერთიანება — ახერხებს სახელმწიფოს ჩამოართვას “მტრის” განსაზღვრის უფლება, სახელმწიფო არსებობას წყვეტს. მაშინ, როდესაც პოლიტიკური სხეულის შიგნით არსებული ანტაგონიზმი აღწევს “პოლიტიკურის” ინტენსივობას — რაც არამხოლოდ შიდა მტრის დასახელებად, არამედ მისი განადგურების მცდელობადაც გადაითარგმნება — პოლიტიკური სხეულის ერთიანობა ირღვევა. ასეთ დროს სახელმწიფო არსებობას წყვეტს.

“პოლიტიკურობის” როგორ განცდას ეფუძნებოდა 17 მაისის აქცია? აქციის მამოძრავებელი ძალა იყო ცრუ იდეა, რომ აქციის მონაწილეები არიან ორგანულად გარე, ანტიქართული უცხოსხეულები, რომ ისინი ნაკლებად ეკუთვნიან საქართველოს პოლიტიკურ სხეულს. მაგრამ, საქართველო, როგორც ერთიანი პოლიტიკური სხეული, არცერთ ხარისხობრივ წინაპირობას არ ექვემდებარება. ის არსებობს იმ ერთადერთი ფორმით, რომელშიც ამ წამს გვხვდება და საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის ერთობლიობა და საკუთრებაა, მათი ხასიათის, პოლიტიკური თუ კულტურული გემოვნებისა თუ მახასიათებლების მიუხედავად. ეს ერთადერთი საქართველოა. ყველა სხვა „საქართველო” ან წარსულს მიეკუთვნება, ან — მითიურ არეს.

ქართველი მღვდელმთავრების ცრუ სწავლების დამსახურებით საქართველოს მოქალაქეებმა მტრად აღიქვა საკუთარი თანამოქალაქეები. ეს მტრობის სრულიად “პოლიტიკური” აღქმა იყო, რომელმაც სცადა მეტოქის ფიზიკური უარყოფა — მისი განადგურება. შესაბამისად, 17 მაისის აქციის დარბევა საქართველოს ეკლესიის მხრიდან არამხოლოდ საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი გავლენის დემონსტრირება, არამედ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მტრის განსაზღვრის აქტიც იყო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ დაპირისპირებია კონკრეტული ქმედებით.

ის, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება სრულიად სავალალოა, რადგან თვალსა და ხელს შუა ქრება ქართული სახელმწიფო, რომელსაც ანაცვლებს საქართველოს მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესია, რომლის წევრები პოლიციას არ ემორჩილებიან, საქართველოს კონსტიტუციას უარყოფენ და ჯარის გამოხმობით იმუქრებიან. საქართველოს მართლმადიდებელ და სამოციქულო ეკლესიას გააჩნია ქვეყნის განკარგვის სრულიად არალეგიტიმური პრეტენზია, რომელსაც კვებავს მრავალმრიცხოვანი მრევლის მიერ ეკლესიის მიმართ განცხადებული ბრმა მხარდაჭერა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არამხოლოდ შეუძლებელს ხდის საქართველოს პოლიტიკური სხეულის ერთიანობას, არამედ უკვე პირდაპირ აქეზებს სამოქალაქო დაპირისპირებას.

სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეს, მათ საკუთარი თავის კერძო საშუალებებით დაცვისკენ მოუწოდებს; ასეთი სახელმწიფო აღარ არსებობს. სახელმწიფო, რომელიც ვერ ინარჩუნებს მონოპოლიას პოლიტიკაზე და ნებდება “პოლიტიკურობის” მესამე პირის მიერ განსაზღვრის ჯერ კიდევ წარმატებულ მცდელობას, საშუალებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ხვალ ქვეყნის შიგნით სხვა პოლიტიკური მტრები განსაზღვროს; ასეთი სახელმწიფო აღარ არსებობს. თუ საქართველოს ხელისუფლება კანონდამრღვევებს დღეს დროულად არ გასცემს საკადრის პასუხს, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის საყოველთაო ქართული სურვილის დამსხვრეული მითები დამსხვრეულ ოცნებებად გადაითარგმნება, რომელთან ერთად აუცილებლად დასამარდება სამართლიანი, დემოკრატიული, თანასწორი და თავისუფალი საქართველოს იდეა და რეალობა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საკუთარი სტატუსი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელთა დაცვის ვალდებულებაც მას აკისრია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაუყონებლივ დასაჯოს უკლებლივ ყველა დამნაშავე: სასულიერო თუ საერო პირი.

ეს არის სრულიად ახლებური და საბოლოო გამოწვევა საქართველოს ხელისუფლების წინაშე. გამოწვევის არსი შემდეგია: დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არჩევანს ერთი მხრივ ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ მის სრულ უარყოფასა და დეგრადაციას შორის. პირველად უახლოეს ისტორიაში, საქართველოს ხელისუფლება დგას იმგვარად მკვეთრი არჩევანის წინაშე, რომელსაც ჩვეული, ფრთხილი პოლიტიკა ვეღარ უშველის. დღეს საქართველო აკეთებს არჩევანს სამართალსა და უსამართლობს, ცივილურობასა და ბარბაროსობას, დემოკრატიასა და ოხლოკრატიას შორის. ეს არის არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალ რაობას, არჩევანი, რომელსაც განსჯის მომავალი თაობები. ეს გახლავთ ისტორიული მომენტი, როდესაც წყდება ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობისა და შემდგომი განვითარების ბედი.

წყარო: ტაბულა


Responses

  1. კარგია!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: