Posted by: burusi | 22/05/2013

გოჩა სხილაძე – სიყვარული და დრო

ესკიზი, ილუსტრაცია - ირაკლი ფარჯიანი

ესკიზი, ილუსტრაცია – ირაკლი ფარჯიანი

გოჩა სხილაძე – სიყვარული და დრო

ადამიანის ცხოვრება გაჩენის დღიდან საიდუმლოთია შემოსილი. ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ ადამიანის დაბადება დედამიწაზე უდიდესი საიდუმლოა, მასში არის შეშლილი ლტოლვა ბედნიერებისკენ. ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით ეს სიტყვა, მათ უნდათ, რომ იყვნენ ბედნიერნი არამარტო დროის მონაკვეთში, არამედ მათ სურთ, რომ ეს დრო გაგრძელდეს, არ იყოს დასაზღვრული– ეს არის შეუმჩნეველი დრო,უსასრულობა. ბედნიერნი დროს არ აკვირდებიან, ბედნიერთათვის არ არის დრო, მათთვის არის სრულიად სხვა დრო; ეს სხვა დრო აღწევს მიწაზე, დგება ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანისთვის.სხვა განზომილების შეხება ჩვენში ბადებს ფიქრს, რომ არსებობს სხვა დრო, სხვა სივრცე, სხვა სამყარო.ცხოვრებაში ზოგჯერ აღწევს რაღაც აღუწერელი „მოვლენა“, რომელიც სუნთქავს სულ სხვა ჰაერის ნაკადით. ეს არის სხვა ნაკადი დროისა, რომელშიც ჩვენ ვხვდებით, ეს არის დრო, სადაც ფორმები იძენენ ნამდვილ არსებობას. ეს ფორმები ციმციმებენ უშრეტი სიმშვენიერით, ანათებენ შინაგანი ბრწყინვით უღიმღამო ყოფიერებას და მაშინ კითხვები აღარ არსებობენ, მარადიულობა დროა,მაგრამ ეს არის სხვა დრო. თითქმის ყოველ ადამიანში ცხოვრობს პასიური მომლოდინე,გულხელდაკრეფილი მოიმედე, იგი იმედოვნებს,რომ ხვალ შეიძლება მოხდეს რაღაც: „მოვლენა“, ბედნიერება და თუ მოხდა, მაინც განწირულია დასამსხვრევად, იგი იმსხვრევა, როგორც სარკე. საგნები,ემოციები გარბიან, ტოვებენ ბრძოლის ველს ან დამსხვრეულნი,დაშლილი წვანან უდაბურ ველზე, უმოძრაოდ, დეფორმირებულნი და შეშინებულნი. მედინი,ჩვეულებრივი დრო, ამსხვრევს ვერტიკალურ დროს და იგიც ჩაძირული ხომალდივით წევს ჩვენი სულის ფსკერზე.“პირველ ყოვლისა ადამიანს უნდა შეუყვარდეს“. მაშინ ის პირველად ამოხტება ეგოიზმის კუბოდან,ეზიარება ნამდვილ ცხოვრებას. კირკეგორის დამოკიდებულება რეგინასთან იყო თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა. ადამიანები სიყვარულს განიცდიან, როგორც ციებ–ცხელებას,როგორც რაღაც წარმავალს, ისინი ვერ ხედავენ ამ მოვლენაში ჩუმად მოსიარულე ღმერთს. კირკეგორი კი მოულოდნელად უარს ამბობს საყვარელ გოგონაზე და მთელი ცხოვრება იქცევა ამის გააზრებად, რატომ გააკეთა მან ეს? ის ნათლად ჭვრეტდა მოვლენის სწრაფწარმავლობას, მის წყვეტადობას, თუმც კი ახლოს იყო ბედნიერებასთან, მას ესმოდა, რომ ნაბიჯები ,რომელიც დარჩა გადაუდგმელი, შეუძლებელია, გადაიდგას და განხორციელდეს. ჩვენ შეგვიძლია, მივუახლოვდეთ ბედნიერებას, მაგრამ დარჩენა ამ დინების ნაკადში, ბედნიერების სივრცეში ჩვენ არ ძალგვიძს, ამ ნაბიჯებს ჩვენკენ დგამს ღმერთი. სიყვარული, როგორც მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, მიუთითებს ღმერთის და მის მიერ შექმნილი სამოთხის არსებობაზე. ეს მოვლენა მანათობელი მაცნეა, მახარობელია, ღმერთიდან ჩვენკენ რომ მოისწრაფის გულამოვარდნილი. ის ტოვებს ნიშნებს,ბილიკებს, გვიწვევს, გვაჯადოებს, შემდეგ კი გვტოვებს უდაბნოში. ზოგიერთნი ამ უდაბნოში ნახულობენ ღმერთს და მადლობენ მას ყველაფრისათვის, რაც მათზე მოაწია. სხვები კი სხედან ამ მოვლენის ნაპირზე, ისინი მუდმივად აღადგენენ წარსულს, მომხდარს და ამ აღდგენაში მიედინება ცხოვრება, სიკვდილის მომტანი დრო თავისკენ იზიდავს მათ. სიყვარულის მოვლენა ატარებს მარადიულობის ბეჭედს. დროთა განმავლობაში მოვლენები იშლებიან, განიცდიან ეროზიას. ადამიანი უკმარისობის გრძნობის გამო ახლოს და ახლოს მიიწევს ბედნიერებისაკენ –სიყვარულში, როცა რჩება რამდენიმე ნაბიჯი, მაშინ ბედნიერება საპნის ბუშტივით სკდება.როცა სიყვარული მოიცავს ადამიანს ,იგი შედის სიცოცხლის დინებაში, სრულიად სხვა დროის განზომილებაში, მაგრამ ეს განცდა მთავრდება იმედგაცრუებით, როგორც ყველა მოვლენას, მასაცა აქვს თავისი ბოლო, სიყვარული, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, იბადება, ვითარდება და კვდება. ეს მშვენიერი განცდა კარგავს ძალას, ადამიანი რჩება განცდის ნაპირზე, მაგრამ უკვე განცდა აღარ არსებობს, რჩებიან მხოლოდ დაბზარული ფორმები,სახეები, განცდათა მდინარე უკვე დაშრეტილია. სიყვარულის მოვლენის აფეთქების შემდეგ აფეთქების ტალღები ადამიანს გადაისვრიან ისე შორს, დროსა და სივრცეში, რომ შეუძლებელია დაბრუნდე უკან–მოვლენაში. სადაც არ უნდა გადაისროლოს აფეთქების ტალღებმა ადამიანი, სულერთია, იგი შინაგანად იმყოფება სიყვარულის მოვლენის ნაპირზე, მაგრამ მოვლენის ფერიამ სამუდამოდ ჩაყვინთა სასიკვდილო დინების ფსკერზე. ის სახე გვიზიდავს, გვაჯადოებს ჩვენ,მაგრამ მოვლენის მორევი უკვე დაწყნარებულია. რატომ ისწრაფის ადამიანი უკან სიყვარულისკენ? იმიტომ რომ ის ამ მომენტში ბედნიერად გრძნობს თავს, ეს კი მისი ყველაზე დიდი ვნებაა. მე გამუდმებით ვფიქრობ მოვლენებზე, რომლებშიც ჩვენ გვიხდება ყოფნა,მე გამუდმებით ვფიქრობ სიყვარულზე–ამ საპნის ბუშტის იდეალურ სფეროზე, რომელზეც აღბეჭდილია მარადიულობა, ის მიუთითებს პროტომოვლენაზე,ადამიანის სულის მარადიულ მდგომარეობაზე. ჩვენ მივაბიჯებთ წრიულად დროში –მომავლისაკენ,გული კი ილტვის წარსული სიყვარულის მოვლენისკენ, რომელიც იგივე მარადიული ახლაა. ნამდვილი მოვლენა, პირველადი ექოების გამომცემელი, არასოდეს მთავრდება. ის იყო და არის ღმერთთან,უფრო სწორად, ის არის ღმერთი, ჩვენ დროებით დავცილდით მას. დედამიწაზე გაფანტულია ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მასზე, ჩვენ ვხედავთ მსგავს ნიშნებს იაკობის ჭასთან, სადაც გამუდმებით დადიოდა სამარიტელი ქალი წყლის ამოსაღებად. ეს ბიბლიური ჭა თითქოს ექო იყო ადრე მომხდარი მოვლენის, ის მუდმივად ესაუბრებოდა სამარიტელ ქალს, უთითებდა პირვეწყაროზე, ქალი კი მიდიოდა ადამიანებთან,ამ თავისებურ ჭებთან, იღებდა „წყალს’ და რატომღაც ყოველთვის რჩებოდა მარტო– ქმრები, საყვარლები, მარტოობა. ეს ადამიანები თავისებური ჭებია, ღმერთის ანარეკლებია და მისი ნიშნები. ისინი არსებობენ, როგორც უთვალავი სარკეები, ჩვენ მათთან ისევ და ისევ მივდივართ, ვხედავთ საკუთარ თავს,მაგრამ შებიჯება სარკეში და საკუთარი ანარეკლის ხელით მოსინჯვა შეუძლებელია. ყოველ ადამიანში ცხოვრობს „სამარიტელი ქალი“ ადამიანებთან, ანუ ჭებთან, მუდმივად მოსიარულე. ჩვენ,როცა მივდივართ მოვლენასთან, ვარდებით მასში, როგორც ღრმა უფსკრულში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავრჩეთ იქ, რადგან ჩვენ გვაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც. ღმერთი არის დიდი ჭა, იგი ყველაზე დიდი სარკეა,ღმერთი ყველაზე დიდი კარია, ის არის უხელფეხო მათხოვარი მეტროში, რომ მოგვაგონოს უკიდურესი ჩვენი წერტილი, ის ყველაზე ნელი, ჩუმი დროა მარადისობაში შემავალი. ჩვენ არ შეგვიძლია, შევაჩეროთ დრო. ჩვენ ვართ მოვლენებში, რომ დავინახოთ საკუთარი თავი, მოვლენები მრუდე სარკეების სამყაროსავითაა, გვამახინჯებს ჩვენ, თუმც გვიქმნიან რაღაც წარმოდგენას საკუთარ თავზე. როცა ჩვენ ვიწვდით ხელებს „სარკის“ წინაშე,დეფორმირება ისე დიდია, რომ გვიკვირს,ნუთუ ეს ჩვენ ვართ? კიდევ უფრო ახლოს მივდივართ სარკესთან, მაგრამ სარკეში ჩვენ თავს ვერ ვეხებით.ჩვენ არ ძალგვიძს შევაბიჯოთ სარკეში, მისი შეუღწევადი სივრცე ხელს გვკრავს, იგი მსხვრევადია, ყოველი სარკის ნამსხვრევზე ჩვენ ვხედავთ მომღიმარე სატრფოს სახეს. სიყვარულის ტალღები დროში წყვეტენ არსებობას,დეფორმირდებიან. ადამიანს წყურია შეერთება, შერწყმა თავის ნამდვილ ,,მესთან“, ყოველ კაცში ცხოვრობს მითიური ტანტალოსი, რომელიც ღმერთმა დასაჯა, ის შეპყრობილია წყურვილით და შიმშილით. როცა იგი ნაყოფისკენ იწვდის ხელს, ტოტები ზევით იწევიან, მას სურს წყალი დალიოს, მაგრამ წყალიც უსხლტება. ყოველი სიყვარულის მოვლენა მოწყობილია, როგორც პატარა სამოთხე, თავის ბაღით და გამჭირვალე მდინარით. ჩვენ ვიწვდით ხელს და ყველაფერი ინგრევა, გვატყდება ზვავი მოვლენის მწვერვალიდან. სიცრუისა და სიმდიდრისკენ სწრაფისთვის სიზიფი დასჯილია აჩრდილთა სამეფოში პლუტონის მიერ. ის განწირულია მარადიულად, ათრიოს მთის მწვერვალზე ლოდი, მაგრამ როცა იგი ახლოსაა მწვერვალთან, ლოდი მოულოდნელად წყდება და გრუხუნით მიგორავს ძირს. მერე სიზიფი იწყებს თავიდან და ასე უსასრულობამდე…აქ სიმბოლური ენაა, ეს მითი აღწერს ადამიანის სულის შინაგან მდგომარეობას, მის სწრაფვას ბედნიერებისკენ. რა იმალება მის სასჯელში? სინამდვილეში ეს ლოდი ნიშანია, რომ ადამიანი მოხვდა მოვლენის მექანიზმში, იგი მოძრაობს, მიიწევს მწვერვალისკენ, რომელიც იზიდავს სიზიფეს, სიზიფე–ეს მდგომარეობაა, შინაგანი მარადიული მოდელია კაცისა და მისი შინაგანი ნეგატივია. თუ ჩავუშვებთ ამ მით– ნეგატივს ადამიანის სულის ბნელ წყლებში,მაშინვე გამოჩნდება მისი ინდივიდუალური გამოსახულება. ჩვენ ვვარდებით მოვლენაში მოულოდნელად და ვიწყებთ მაღლა სვლას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მწვერვალამდე ცოტაღა დარჩა, მაგრამ ეს უმნიშვნელო სივრცე გადაულახველი, შეუღწევადია, ცოცხალ ადამიანს არ შეუძლია, შეაბიჯოს მასში, ჩვენ ვუახლოვდებით მოვლენის მწვერვალს და ვგრძნობთ, რომ სურვილსა და მოვლენის მწვერვალს შორის არის უფსკრული, რომლის გადალახვა ყველას სურს, ეს უმცირესი სივრცე გვისხლეტს, გვირეკლავს ჩვენ ისეთი ძალით, რომ გვიჩნდება კიდევ უფრო მეტი სურვილი,რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მივაღწიოთ მწვერვალამდე. ყველაზე განსაცვიფრებელ და ჯადოსნურ დროდ გვევლინება ის დრო, როცა ჩვენ სულ ახლოს მივედით მწვერვალთან, აქ არის ზღვარი, შესაძლებლობების მიჯნა, ცოცხალ ადამიანს არ შეუძლია მისი გადაბიჯება, მას არ შეუძლია, იქ აღმოჩნდეს, სადაც მას უნდა, საითაც ის ისწრაფის. ყოველ მოვლენაში არის დიდი მთა, რომლისკენ ჩვენ მივაგორებთ ლოდს, ჩვენში მოქმედებს სიზიფეს შინაგანი მოდელი. მას არ შეუძლია მწვერვალზე გაჩერება,ყოველ მოვლენას აქვს თავისი უფსკრული, რომელშიც ვარდება ადამიანი.ჩვენ ვცხოვრობთ, როცა ჩართული ვართ სიყვარულის მოვლენაში. სიყვარული გვაცოცხლებს, მაგრამ როცა ჩვენ გვტოვებს მდინარება ვერტიკალური დროისა,ჩვენ ვიქცევით უძლურ თოჯინებად. ჩვენი მოლოდინი გაჭიმულია შინაგან სივრცეში წარსულისაკენ, რომელიც სინამდვილეში მოვლენის მწვერვალია. ის წარსული კი გვპასუხობს მომავლიდან. ჩვენ ვაკაკუნებთ მომავლის კარზე,ხანდახან კარი შიგნიდან იღება და ჩვენ ვვარდებით სამოთხის ანარეკლში,რომელიც ექოა მარადიულობის. სიყვარულის მოვლენა აფართოებს სივრცეს ჩვენს გულებში, ქმნის შინაგან უდაბნოს, სინას მთას,სადაც აალებული მაყვლოვნიდან მოგვმართავს ღმერთი. მოვლენები ამზადებენ შინაგან სივრცეს, სცენას ღმერთთან შესახვედრად. ამ სივრცის გარეშე შეუძლებელია მასთან შეხვედრა, სიყვარულის მოვლენაში არის მთა, რომლის მწვერვალისკენ ჩვენ მივეზიდებით დიდ ლოდს და ვხედავთ მთელ პროცესს, თითქოს სარკეში, ეს პროცესი თითქოს მისაწვდომია სივრცის საზღვრებში, მაგრამ იგი მის მიღმაა. ადამიანს სურს, შეაღწიოს მშვენიერის სიღრმეში, მის გულისგულში, ეს არის ყოვლისწამლეკი სურვილი, მედინი, მოელვარე მშვენიერების მოხელთებისა და, როცა ადამიანი თითქმის აღწევს მწვერვალს, ლოდი ეჯახება სიყვარულის მოვლენის სარკეს, საზღვარს, „სარკე“იმსხვრევა,ადამიანი კი ვარდება უფსკრულში, ამ სივრცეს მსურს, ვუწოდო მოლოდინის სივრცე, გაწვდილი ხელის სივრცე. დაცემის პროცესში ჩვენ ველით მსხნელ ხელს, მერე ჩვენ აღმოვჩნდებით მთის ძირში, მის უფსკრულში და ისევ ვიწყებთ მთაზე ასვლას და ასე გრძელდება ბოლომდე. სარკისებრ სივრცეს, სადაც სიზიფეს უნდა შეღწევა, აქვს მიზიდულობის დამღუპველი ძალა. ადამიანი ისწრაფის უსრულესი ყოფიერებისაკენ . ადამიანის შინაგან სტრუქტურაში მოქმედებს ხვალინდელი დღის ფაქტორი, სიტყვა „ხვალე“მიუთითებს რაღაც სრულყოფილ მოვლენაზე მომავალში. სიტყვა ,,ხვალე“ ღვთაებრივია. მას გადავყავართ დღევანდელი დღიდან ხვალინდელ დღეში, სიტყვა „ხვალე“ შებურვილია იდუმალებით და მოლოდინით. ეს სიტყვა დაკავშირებულია იდეალურ მდგომარეობასთან. სანამ ჩვენ ამ მდგომარეობისკენ ვისწრაფით, ჩვენ ვცოცხლობთ, ვიმედოვნებთ, მივაღწევთ ხვალემდე. ყოველი ,,ხვალე“ გადადის დღევანდელში, ახლაში. სანამ ჩვენ წინაშე ციმციმებს იმედი მშვენიერ დღეზე, რომელიც ოდესმე დადგება. ყოველი დღე თითქოს მოვლენის კიბის საფეხურია, რომელიც ხვალინდელი დღისკენ მაღლდება. მოლოდინის შავი ხვრელები შეისრუტავენ, შთანთქავენ ახლანდელის ყველა საგანს, ხვალისკენ გადასვლის პროცესში. მაგრამ ეს ,,ხვალე“ აღადგენს ჩვენ სიცოცხლეს მტანჯველი დღეების შემდეგ.,,ხვალეს „ აქვს თავისი აქ არარსებული სამეფო, საითკენ ჩვენ ყველა ვისწრაფით და ვერ ვამჩნევთ ვერაფერს, გარდა იმ საგნების, რომელიც ,,ხვალესთან „გვაახლოვებენ. „ხვალე“ –ეს ჩვენი არსების ყვირილია,ბირთვია, გულისგულია. ამ სიტყვით გავივლით მძიმე დღეების გვირაბებს, ეს სიტყვა წარგვიტაცებს აუხსნელი, უცნობი, მაგრამ გულისთვის ნაცნობი მომავლისკენ. ყოველი დღე ზრუნვაა ხვალინდელი დღეზე, მაგრამ როცა მე აღმოვჩნდი ხვალეში,ეს დღე აღმოჩნდა დამახინჯებული გამოსახულება იმ დღისა, რომელსაც ველოდი. ,,ხვალე“ კი გასხლტა მომავალში. დრო დიდი სასახლესავითაა,მრავალი დარბაზისგან რომ შედგება. ჩვენ გადავრბივართ ერთი დარბაზიდან მეორეში, მაგრამ ჩვენ ვერ ვპოულობთ სანუკვარ ,,ხვალეს“. დრო ეს ლაბირინთია, სადაც ვხვდებით დაბადებიდან და შემდეგ ვეძებთ გამოსავალს ამ ლაბირინთიდან. ჩვენ გზას მივიკვლევთ ხელისცეცებით, ყოველდღიურობის მინოტავრი შთანთქავს ,,ხვალიდან “ გამომკრთალ სინათლეს. ,,ხვალის“ მოლოდინის წყალობით ჩვენ ისევ აღვდგებით სიცოცხლისათვის. ადამიანს უნდა, გადახტეს ,,ხვალეში“, მაგრამ როცა ის ხვდება მასში, ბაღი გამჭვირვალე მდინარით წამში გარდაიქმნება უდაბნოდ. ,,ხვალე“ გაგვატარებს დროის ფერად გვირაბს, როცა თეთრი სარტყელი იწყება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ,,ხვალეა“, მაგრამ როცა ჩვენ ჩამოვდივართ მატარებლიდან, აღმოჩნდება რომ ჩვენ ბაქანზე არავინ გველოდება, როცა ჩვენ მივდივართ ადამიანებთან, ისინი გადაიქცევიან ქვის სტატუებად, ჩვენ ვეძებთ ნაცნობ სახეს ბაქანზე,იქ მხოლოდ უაზრო არსებებს ვხედავთ,ნაცნობ სახეს კი– ვერა. დროის მატარებელი მტვერსასრუტივით გვისრუტავს თავის წიაღში. ყოველ ადამიანში არის სიცარიელე, რომელიც ივსება ,,ხვალის“მოლოდინით. რატომ ვარაუდობს ადამიანი ამ იდეალური დღის არსებობას? არსებობა ეს დაძაბული მოლოდინია , ჩვენ მუდმივად ვტოვებთ „კალიფსოს გამოქვაბულებს“ (დაცარიელებულ დღეებს). ადამიანს არ შეუძლია, დაივიწყოს საყვარელი სახე, სამოთხის ჰარმონია ჩაბეჭდილია ხსოვნაში,სამოთხე შეყვარებულის სახესავითაა, რომელსაც ჩვენი დანაშაულის გამო დავცილდით. ჩვენ დაგვრჩა შეგრძნება იდეალური ჰარმონიისა და როცა ღმერთი ხელით ეხება ჩვენი სულის შინაგან კლავიშებს, ჩვენ ვიღვიძებთ, დაჟინებით მივშტერებივართ ,,ხვალეს“. ჩვენი შინაგანი ადამიანი მყისიერად უერთდება წარსულის ხატს და სამოთხისკენ იწვდის თავისი ათასობით სურვილის ხელს. სამოთხე–ესაა მდგომარეობა სულისა, სადაც ყველა მოქმედება განათებულია, მშვენიერია. ეს მოქმედებანი აღავსებენ სულს უდიდესი სიხარულით. ადამიანურ ტრაგედიები განსაკუთრებით პულსირებს, ფეთქავს საყვარელ არსებებთან განშორებისას, ამ დროს ადამიანი ამოვარდება დინებიდან, „ხვალედან“ მეორდება სამოთხის ისტორიის მოდელი. ჩვენ გამოგვდევნიან წმინდა დროიდან და სივრციდან, მაგრამ ჩვენში რჩება ექო ამ წმინდა დროისა და სივრცისა, მას შეიძლება ეწოდოს ღმერთის „ სახლი“ და ის არის ჩვენი ნამდვილი ყოფიერება, ის გვიხმობს ჩვენ. თუ არ არსებობს მარადიულის დაბრუნება, მაშინ ადამიანის არსებობა ყველაზე უბადრუკი არსებობაა ამ სამყაროში. სიყვარულის არსებობა იძლევა სიცოცხლის გაგების გასაღებს, ის ხსნის განშორების ფენომენს და ისევ გვიბიძგებს ახალი შეხვედრისკენ და ეს შეხვედრა აღარ ექვემდებარება ეროზიას, რღვევას. იგი არის პირველადი მდგომარეობის დაბრუნება. ჩვენი ყარიბობა და ხეტიალი მიწაზე არის ძიება უკანასკნელი შეხვედრისა, რომლის შემდეგ არასოდეს იქნება განშორება. პოეზია ცდაა მოვლენის აღდგენისა. იგი ხიდს დებს წარსული მოვლენებისაკენ, თითქოს სულს უდგამს წარსულ მოვლენებს, აცოცხლებს მათ, ხელოვნების წყალობით, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ „მოვლენის ჰადესში“, სადაც აჩრდილები იძენენ ხილულ ფორმებს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავრჩეთ წარსულის კადრებში, იგი მხოლოდ მიმზიდველი ექოა მარადიული ,,ახლასი“.. პოეზია ქმნის პრიზმებს, დერეფნებს,რომლებიც აღწევენ მოვლენათა სახლის გამჭვირვალე კედლებამდე. სიყვარულის მოვლენა ქმნის პულსირებად სივრცეს, საგნებიდან იწმინდება მტვერი,ხანდახან გვეჩვენება, თითქოს ვიღაცამ დაატრიალა სამოთხის ძველი კადრები, პოეზია გზის მასწავლებელია, თავისებური სევდიანი გამცილებელია, იგი წაგვმართავს ჩვენ მდგომარეობისაკენ, ხედვისაკენ. ის დანტეს ვერგილიუსისავითაა, გვაცილებს ჩვენ მოვლენის კარიბჭემდე. მეტზე წამოსვლა, დარჩენილი გზის გაგრძელება მას არ შეუძლია იმიტომ, რომ მას აქვს თავისი დასაზღვრული სივრცე, იგი ჩვენი სტრუქტურების მოქმედებაში მომყვანი მექანიზმივითაა,მას შეუძლია ჩვენი გადასროლა ზეციური უსასრულობის ანარეკლში. ადამიანში ილანდება მარადიულობის ნათელი სტრუქტურა. ეს მოციმციმე ვარსკვლავთა სისტემა სრულყოფილი მოვლენისკენ, ამ უხილავი მზისკენ არის მიმართული. სურვილი არაეროზირებად მოვლენაში მოხვედრისა, ესაა გრძნობა, რომელიც გვიბიძგებს მომავალ დროში. იგი იმყოფება მომავალში, მაგრამ ეს ყოფიერება აქაა, ჩემში.. ესაა უკმარისობის მგრძნობელი სიცოცხლე, რომელიც გრძნობს მსხვრევადობას ერთმანეთისაგან განზიდული, ერთმანეთისგან განშორებული სამყაროების, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ წარმოუდგენელი სისწრაფით შორდებიან ერთმანეთს. ადამიანს უნდა, შეაჩეროს ცხოვრების ფრაგმენტების მდინარება, მისი სურვილია, შეაბიჯოს სარკის იქითა სამყაროში, იქ, სადაც სიყვარული უსასრულოდ გაგრძელებადია და მარადიული და როგორც პავლე მოციქული ამბობს, რწმენის და იმედისგან განსხვავებით, ის არასოდეს მთავრდება…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: