Posted by: burusi | 22/05/2013

მერაბ ღაღანიძე – ტოტალიტარულობა, კარნავალი, კარნავალიზაცია

Pierrot et Arlequin. Summer 1920. Picasso, 25.7 x 19.7 cm.

Pierrot et Arlequin. Summer 1920. Picasso, 25.7 x 19.7 cm.

მერაბ ღაღანიძე – ტოტალიტარულობა, კარნავალი, კარნავალიზაცია

ბახტინი ანტისტალინური კი არა, სწორედ სტალინური მოვლენაა…
სერგეი ავერინცევი _ მიხაილ გასპაროვს
(მიხაილ გასპაროვი, ჩანაწერები და ამონაწერები, 2000)

მიხაილ ბახტინის (1895-1975) გარდაცვალების შემდეგ, რაც დრო გადის, სულ უფრო ცხოველდება კამათი მისი სულიერი მემკვიდრეობის გამო. ბახტინის შემოქმედება თავისი ინტერესებითა და თემატიკით, რა თქმა უნდა, არ თავსდება ოდენ ლიტერატურის ან თუნდაც კულტურულ-ანთროპოლოგიურ კვლევათა ფარგლებში, მაგრამ დღემდე საკამათოა მისი თეორიული ნააზრევის კუთვნილების საკითხი: ეკუთვნის ის კერძო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს თუ განზოგადებულ ფილოსოფიურ განჭვრეტებს, მემარცხენე თუ მემარჯვენე საზოგადოებრივ-კულტურულ მიმდინარეობას, ლიბერალურ თუ კონსერვატიულ მსოფლმხედველობრივ ფრთას, აღმოსავლურქრისტიანულ თუ იუდაურ რელიგიურ ტრადიციას, მარტინ ბუბერის ფილოსოფიურ მიმდევართა წყებას თუ რუსული რელიგიურ-ფილოსოფიური “აღორძინების” ფართო წრეს, გნოსტიკურ-ოკულტურ ძიებებს თუ, საერთოდ, ანტიქრისტიანულ, ღმრთისმებრძოლურ აზროვნებითს ნაკადს…

ბახტინის მემკვიდრეობის შესახებ ამ კამათებსა თუ დაპირისპირებებში, მსჯელობათა და განსჯა-განაზრებათა შორის უყურადღებოდ არაა დატოვებული არც ბახტინისეული გახმაურებული კონცეფცია კარნავალისა და კარნავალიზაციის შესახებ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით გახდა საზოგადოებრივად გავრცელებული და ცნობილი, ფაქტობრივად, ქრონოლოგიურად სტალინურ-საბჭოური ტოტალიტარიზმის ხანაში ჩამოყალიბდა.

ბახტინის მოძღვრება შუა საუკუნეთა და რენესანსული კარნავალისა და მისი ადგილის, მნიშვნელობის, წარმოშობისა და განვითარების შესახებ იმდროინდელ, ადრეულ თუ მომდევნო ხანის კულტურასა და ლიტერატურაში ყველაზე ფართოდ (თუმცა არა ამომწურავად) გადმოცემულია მკვლევრის ვრცელ ნაშრომში ფრანსუა რაბლეს შესახებ, რომელიც ძირითადად იწერებოდა XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულში, _ არამარტო სტალინური რეჟიმის, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემების აღზევების დროს. ნაშრომზე მუშაობა ავტორმა 1940 წლისათვის დაასრულა, ხოლო შემდგომში ის დისერტაციის სახით იქნა დაცული 1946 წელს, ცალკე წიგნად კი _ სახელწოდებით “ფრანსუა რაბლეს შემოქმედება და შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხალხური კულტურა” _ პირველად 1965 წელს გამოქვეყნდა, ისიც ხანგრძლივ და მძიმე იდეოლოგიურ-საგამომცემლო დაბრკოლებათა გადალახვის შედეგად. სწორედ ამ წიგნში მიეცა საბოლოო სახე კონცეფციას კარნავალისა და მის გამოვლინებათა შესახებ, უწინარეს ყოვლისა, ლიტერატურაში და, აგრეთვე, ზოგადად, კულტურაში, რასაც მკვლევარი “კარნავალიზაციას” უწოდებს (მანამდე, უფრო მოკლე სახით, ოდნავ სხვამხრივ და განსხვავებულად ეს თვალსაზრისი გადმოცემულია დოსტოევსკის შესახებ მონოგრაფიის მეორე, გადამუშავებულ გამოცემაში _ “დოსტოევსკის პოეტიკის პრობლემები”, 1963. ბახტინის ცხოვრებისა და შემოქმედების მკლევართა აზრით, იგი არ იყო დარწმუნებული, რომ შეძლებდა გამოექვეყნებინა წიგნი რაბლეს შესახებ და ეს ახალჩართული საგანგებო მონაკვეთი, სადაც წამოჭრილია კარნავალისა და კარნავალიზაციის თემა, ამიტომ აღმოჩნდა წიგნში დოსტოევსკის შესახებ).

“კარნავალიზაცია”, როგორც ცნება, თავად ბახტინის შექმნილია და მის მიერაა შემოტანილი ლიტერატურისა და კულტურის კვლევებში. მკვლევრის სიტყვებით, “თავად კარნავალი […], რა თქმა უნდა, არაა ლიტერატურული მოვლენა. […] მისი ენა შეუძლებელია გადავიტანოთ რამდენადმე სრულად და ადეკვატურად სიტყვიერ ენაზე, მით უმეტეს, განზოგადებულ ცნებათა ენაზე, მაგრამ ის, კონკრეტულ-გრძნობადი ხასიათის გამო, ექვემდებარება გარკვეულ ტრანსპონირებას მისთვის მონათესავე მხატვრული სახეების ენაზე, ესე იგი, ლიტერატურის ენაზე. კარნავალის ამ ტრანსპონირებას ლიტერატურის ენაზე ჩვენ სწორედ კარნავალიზაციას ვუწოდებთ”. ამ თვალთახედვით, “კარნავალიზაცია” მსჭვალავს და განსაზღვრავს მრავალი სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტის შინაარსსაც და სტრუქტურასაც. აღსანიშნავია, რომ შემდგომში ბახტინის შეხედულებებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინა თავად ლიტერატურულ თუ კულტურულ შემოქმედებასა და შემოქმედებზე.

ღირსშესანიშნავი და გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად წიგნის თემატიკის, ერთი შეხედვით, შეზღუდული ჩარჩოსი _ ფრანსუა რაბლეს შემოქმედება და მისი წყაროები, გარემო თუ გავლენები _ ავერინცევის სიტყვებით, “ბახტინი რაბლეს სულაც არ იღებს როგორც ამა და ამ ათწლეულთა ინდივიდუალურ ავტორს, არამედ როგორც უნივერსალურ ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიურ პარადიგმას”.

ნაშრომის გამოქვეყნებისთანავე (და შემდგომ სხვადასხვა ენებზე თარგმნის წყალობით) ბახტინის იდეებს ფართო, _ უმეტესად არა მარტო დადებითი, არამედ აღფრთოვანებული, _ გამოხმაურება ხვდა წილად იმდროინდელ საბჭოთა კავშირშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ბახტინისეული კარნავალი ხშირად F_ იმპლიციტურად თუ ექსპლიციტურად _ შეფასებული იყო შეფარულ პროტესტად კომუნისტურ-საბჭოური ტოტალიტარიზმის მიმართ. საყურადღებოა, რომ კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებში თუ მის საზღვრებს მიღმა ბახტინის კონცეფცია არცთუ იშვიათად აღიქმებოდა როგორც ოპოზიციური ალტერნატივა, რომელიც უპირისპირდებოდა არა მარტო საბჭოთა ლიტერატურისმცოდნეობის დადგენილ და მიღებულ საზღვრებს, არამედ მთლიანად, ოფიციალურ კომუნისტურ-პარტიულ იდეოლოგიას…

ამასთან ერთად და მიუხედავად ამისა, კრიტიკა ბახტინის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ შეხედულებათა და, კერძოდ, კარნავალისა და “კარნავალიზაციის” კონცეფციის მიმართ ადრევე გამოითქმოდა და ახლაც გამოითქმის როგორც პროფესიული დამოკიდებულების, ისე მსოფლმხედველობრივი პოზიციიდან: ვიკტორ შკლოვსკის მიაჩნდა, რომ რაბლეს შემოქმედების თუ კარნავალის ბახტინისეული ანალიზი არაადეკვატურად შორსაა თავად ტექსტისა და კონტექსტისაგან და, ამდენად, სრულიად აისტორიულია; მიხაილ გასპაროვი, სხვა აკადემიურ (უფრო სწორად, არააკადემიურ თუ ანტიაკადემიურ, ანტიფილოლოგიურ) ცდომილებათა გარდა, ბრალს სდებდა ბახტინს მემარცხენე დესტრუქტივიზმსა და “ღირებულებათა ნიჰილისტურ გადარჩევაში”; სერგეი ავერინცევის აზრით, ბახტინი პასუხისმგებელი იყო კარნავალის მეცნიერულ მითოლოგიზებაში, რაც, სხვა თუ არაფერი, შუა საუკუნეთა რელიგიურ-კულტურული კონტექსტის გაუთვალისწინებლობასა და რელიგიურ უგრძნობლობას ემყარებოდა; შუა საუკუნეთა კულტურისა და, კერძოდ, კარნავალის მცოდნეთა თვალსაზრისით, ერთი მხრივ, რეალური კარნავალი, _ რელიგიური დღესასწაული, რომელიც ევროპაში დიდი მარხვის წინა კვირაში, ყველიერისას, აღინიშნება, _ და, მეორე მხრივ, ბახტინის მიერ უშურველი მხატვრული ოსტატობით აღწერილი კარნავალი იმდენად შორია ერთმანეთისაგან, რომ შესაძლოა ლაპარაკი ორი სრულიად განსხვავებული კულტურული მოვლენის შესახებ. მაგრამ პროფესიულ საყვედურთა გარდა, ბახტინის ნააზრევის წინააღმდეგ მიმართული იყო კრიტიკა, აგრეთვე, რელიგიურ-სულიერ განზომილებაში: თუ არონ გურევიჩი მხოლოდ გაკვირვებითა და მსუბუქი დამუნათება-ირონიით აღნიშნავდა, რომ ბახტინის 600 გვერდიან წიგნში შუასაუკუნეობრივი და რენესანსული კულტურის შესახებ ერთხელაც არაა ნახსენები ღმერთი, ალექსეი ლოსევი, ჯერ ისევ კომუნისტური რეჟიმის ხანაში, ბახტინის თეორიის მოკლე და ირიბ, მაგრამ მძაფრ საკუთარ კრიტიკას (შერწყმულს რაბლეს ბახტინისმიერი განდიდების სრულ მიუღებლობასთან) აგვირგვინებდა რაბლეს ბრალდებით “სატანიზმში” (რაბლეს სიცილი, მისი თვალსაზრისით, სატანური სიცილია, ხოლო რაბლეს რეალიზმი _ სატანიზმი!); თანამედროვე თეოლოგი და კულტურის მკვლევარი ნატალია ბანიცკაია კი პირდაპირ და აშკარად ბრალს სდებს ბახტინს, რომ მისი წიგნი რაბლეს შესახებ განმსჭვალულია “სატანიზმის პარპაშით”!

მაგრამ ამ ბოლო ხანს, ამასთანავე, გამძაფრდა კარნავალისა და “კარნავალიზაციის” ბახტინისეული კონცეფციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიტიკა. თუ ადრე უმთავრესად ეს მოძღვრება, თუნდაც ფილოსოფიური, თუნდაც ლიტერატურული თვალსაზრისით, აღიქმებოდა როგორც კომუნისტური თუ საბჭოური პოლიტიკური სისტემის უარყოფის კულტურული მცდელობა, ახლა უკვე სხვადასხვა მხრიდან რამდენიმეგზის გამოითქვა შეხედულება, რომ ბახტინისეული კარნავალი ასახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების სტალინურ მოდელს და, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ემსახურება მის იდეოლოგიას. ბახტინის თეორიის კრიტიკოსებს (რომელთა შორის ყველაზე მძაფრნი ბორის გროისი და მიხაილ რიკლინი აღმოჩნდნენ), მიაჩნიათ, რომ ეს თეორია თავისი არჩევანითა და ღირებულებებით სწორედაც რომ კულტურულად ამართლებს და თეორიულ-მხატვრულად ამკვიდრებს იმ სტალინურ ტოტალიტარიზმს, რომელიც საბჭოთა კავშირში თუ სხვა კომუნისტურ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ბატონობდა.

და მაინც, როგორია ბახტინის მიერ აღწერილი ან, უფრო სწორად, ბახტინის მიერ წარმოსახული კარნავალის იდეოლოგიური ან საზოგადოებრივ-კულტურული ორიენტაცია?
იმგვარი კარნავალი, როგორსაც დაუფარავი აღფრთოვანებითა და გატაცებით აღწერს ბახტინი, თავისი არსით, მისწრაფებით, მიზანდანიშნულებით მკაფიოდ უპირისპირდება რელიგიას (პირველ ყოვლისა, შესაბამის გარემოში დამკვიდრებულ ქრისტიანობას) და, კერძოდ, ყველაზე მეტად, ხაზგასმით, გამოხატულად _ ეკლესიას, მის მოძღვრებასა და სულიერ ცხოვრებას, მის ღმრთისმეტყველებასა და ღმრთისმსახურებას. ბახტინის თვალსაზრისით, ეკლესია განუწყვეტლივ, ყოველდღიურად თრგუნავს შუა საუკუნეთა და რენესანსის ადამიანის ბუნებრივ (უპირატესად, ვიტალურ-ფიზიოლოგიურ) მიდრეკილებებს, ხოლო სწორედ კარნავალის ხანმოკლე დროში, საყოველთაო თავაშვებულობის დღეებში ხერხდება ყოველგვარი რელიგიურ-საეკლესიო მორჩილებისაგან თავის დახსნა და შეუზღუდავი გამოვლენა იმ ხორციელ სწრაფვათა, რომლებიც სხვა დროს _ კარნავალიდან კარნავალამდე _ ჩახშობილი და დაჩაგრულია; ადამიანი კარნავალის გარემოში აღწევს გათავისუფლებას, რადგან იგი მხოლოდ იმ დროს და იქ თავისუფლდება რელიგიურ ან, ამდენად, ეკლესიის დაწესებულება-დადგენილებათა შემბოჭველი ხუნდებისაგან.

კარნავალი, ბახტინისეული კონცეფციით, უპირისპირდება, უარყოფს და აუქმებს მიღებულ, ტრადიციულ კულტურას (რაც იმ ეპოქისათვის უთუოდ ქრისტიანული კულტურაა) და თავად აყალიბებს “კარნავალურ” ანუ ხალხურ კულტურას. ეს კულტურა კი, რომელიც, ბახტინის წარმოსახვით, მეტწილად სხეულებრივი, მატერიალურ-ფიზიოლოგიური “ქვედას” გამოვლინებას ემსახურება, ტრადიციულ კულტურასთან და მის ღირებულებებთან, მის დადგენილ წესრიგთან მიმართებით ანტიკულტურაა. ამ “ხალხური კულტურის” ანუ ანტიკულტურის მგზნებარე განდიდებას ეძღვნება ბახტინის წიგნის არაერთი მონაკვეთი. შემთხვევითი არაა, რომ თავად ეს ეგრეთ წოდებული “კარნავალური კულტურა”, რომელსაც ხალხის არაინდივიდუალიზებული მასა წარმოშობს და ქმნის, ამ კონცეფციაში უმაღლეს შეფასებას იღებს. ბახტინის თვალსაზრისით, სწორედ ეს კოლექტიური, უპიროვნო შემოქმედება წარმოადგენს თუნდაც რაბლეს, თუნდაც სერვანტესის, თუნდაც შექსპირის, თუნდაც დოსტოევსკის ამა თუ იმ ნაწარმოებთა წყაროსა და საფუძველს.

ბახტინის მოძღვრებით, კარნავალის გარემოში, მის დროსა და სივრცეში იშლება ზღვარი ზედასა და ქვედას, მაღალსა და დაბალს, ცენტრალურსა და მარგინალურს, ამაღლებულსა და დაცემულს შორის და, შესაბამისად, ძალას კარგავს, უფასურდება და ბათილდება ყოველგვარი იერარქიული წყობა. შედეგად, უქმდება სოციალური ფენები და ისპობა ყოველგვარი მიჯნები ამ ფენებს შორის, რითაც კარნავალი ამკვიდრებს მთლიანად გათანაბრებულ, სრულიად ეგალიტარულ საზოგადოებას, _ თუმცა, ფაქტობრივად, გათანაბრებულს კარნავალური იძულების წინაშე. ამ შემთხვევაში ადამიანის მდგომარეობა არამყარია და იცვლება განუწყვეტლივ, უცაბედად, ნებისმიერად: ყოველთვისაა მოსალოდნელი აღზევებულთა დამხობა და დაბეჩავებულთა აღზევება. მაგრამ არა მხოლოდ ეს: კარნავალის დროსა და სივრცეში ადამიანი კარგავს არა მარტო თავის კუთვნილ საზოგადოებრივ-იერარქიულ ადგილს, არამედ თავის ინდივიდუალურ ყოფნასაც, ყოველივე კერძოსა თუ საკუთარს და უერთდება კოლექტიურ მთლიანობას, ეგრეთ წოდებულ “კარნავალურ სხეულს”, სადაც ადამიანის მდგომარეობასა და ქმედებას შეუზღუდავად განაპირობებს კარნავალში ჩართული ადამიანების ბრბო. ვინც არ მონაწილეობს ამ საკარნავალო დღესასწაულში, განუდგება და განერიდება მას, იგი ამ ბრბოს მიერ სასტიკად ისჯება…

ბორის გროისის სიტყვებით, “ბახტინი მიესალმება ყოველივე ინდივიდუალურის “საბოლოო სიკვდილის” სწორედ კარნავალურ პათოსს, სუფთა მატერიალურის, სხეულებრივი პრინციპის გამარჯვებას ტრანსცენდენტურზე, იდეალურზე, ინდივიდუალურად უკვდავზე. მოკლედ, ბახტინისეული კარნავალი საშინელია _ ღმერთმა ნუ ქნას, მასში აღმოჩნდე”. და კიდევ, ბახტინისეული კარნავალი თავისი მოზეიმე-გროტესკული განწყობით ამყარებს არა საზოგადოებას, სადაც ადამიანს პიროვნული თვითგამოხატვისა და თვითგამოვლენის საშუალება ეძლევა, არა ერთობას, რომელიც პიროვნების თავისუფალ არჩევანს ცნობს და აღიარებს, არამედ იმგვარ ტოტალიტარულ წყობას, სადაც მხოლოდ უნივერსალური კარნავალის ყოვლისწარმმართველი და ყოვლისმეთვალყურე ნება განსაზღვრავს ადამიანის მოქმედების შესაძლებლობასაც და მის ბედისწერასაც.

ამდენად, მოჭრით რომ ვთქვათ, ბახტინის თვალსაზრისით, კარნავალი უპირისპირდება ტრადიციულ რელიგიას (კერძოდ, ეკლესიას), ტრადიციულ კულტურას, ინდივიდუალურ პიროვნებას. მისი ხედვით, კარნავალს მსჭვალავს და წარმართავს ანტირელიგიური და ანტიეკლესიური სულისკვეთება, კარნავალური ქმედება ანტიკულტურულია ანუ უარყოფს დამკვიდრებულ, ნორმატიულ, კანონიკურ კულტურას, კარნავალის გარემო ანტიჰუმანური და ანტიპერსონალურია, რადგან მასში მთლიანად დათრგუნულია ადამიანის თავისუფლება და ნება.

ამდენად, სინამდვილეში, რა იდეური თუ თემატური გადაძახილი შეიძლება მოიძებნოს ბახტინისეულ ტოტალიტარისტულ კარნავალსა და კომუნისტურ ტოტალიტარისტულ სისტემას შორის? ხოლო თუკი კარნავალისა და “კარნავალიზაციის” ბახტინისეული კონცეფცია მართლაც შეესატყვისებოდა სტალინისტურ იდეოლოგიას, რატომ შეეჯახა მას ამდენად ძლიერი დაბრკოლება სტალინისტური სახელმწიფოს მხრიდან? რატომ არ იქნა გაზიარებული და ატაცებული ეს მოძღვრება სტალინიზმის ოფიციალურ წარმომადგენელთა ან მის მემკვიდრეთა მიერ?

კარგადაა ცნობილი, რომ კომუნისტური იდეოლოგია და ბოლშევიკური სახელმწიფო თავისი ჩამოყალიბების დღიდან უპირისპირდებოდა რელიგიას და თავის ერთ უმთავრეს მიზნად მიიჩნევდა მის განადგურებას, ხოლო საკუთარ კონკრეტულ გეგმად ეკლესიის საბოლოო მოშთობას სახავდა; სხვადასხვა საშუალებით ებრძოდა ტრადიციულ კლასიკურ კულტურას, მით უმეტეს, თუ მასში სულიერ ან კეთილშობილ ზნეობრივ წადილთა კვალი მაინც იყო აღბეჭდილი; მთელი მძვინვარებით ახშობდა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას და მკაფიო უყოყმანობით აცხადებდა როგორც საკუთარი მოძღვრების ერთ უმთავრეს პრინციპად, ისე საზოგადოების მშენებლობის საფუძველმდებ საძირკვლად კოლექტიურ ცნობიერებას, კოლექტიურ საკუთრებას, კოლექტიურ ცხოვრებას.

მარქსისტული ათეიზმის ღვთისმებრძოლურ მისწრაფებებს დაფუძნებული ბოლშევიზმი ფიზიკურად გაუსწორდა ეკლესიას და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო, სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლის შედეგად, 1930-იანი წლების დასასრულისათვის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეკლესიამ, ფაქტობრივად, შეწყვიტა არსებობა; აღსანიშნავი და ნიშანდობლივია, რომ ბოლშევიკური ღმრთისმებრძოლეობის საქმიანობის გაშლისას იქმნება საგანგებო ანტირელიგიური რიტუალები და დღესასწაულები, საზეიმო (ანტისაზეიმო) მსვლელობები და ქმედებანი, რომელთაც რელიგიური წესებისა თუ ადათების ჩანაცვლება და გაუქმება ეკისრება.

ფუტურისტული ორიენტაციის ანტიკულტურულ (ანუ, გვიანდელი ტერმინოლოგიით, “კონტრკულტურულ”) მოძრაობათა ტალღაზე კომუნისტური სახელმწიფოს შექმნისთანავე იწყება ტრადიციული, კლასიკური კულტურის არა მარტო უარყოფა, არამედ დევნა, აკრძალვა, განადგურება; იქმნება “პროლეტკულტის” ტიპის ორგანიზაციები იმგვარი ახალი სახეობის კულტურის საქადაგებლად და გასავრცელებლად, რომლის მამოძრავებელი მუხტია დაპირისპირება და, საბოლოოდ, ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა კლასიკურ კულტურულ მემკვიდრეობასთან.

კომუნისტურ იდეოლოგიას დამყარებული საბჭოთა სახელმწიფო დაფუძნებისთანავე უარყოფს საზოგადოებრივ განსხვავებებს, მდგომარეობებს, ფენებს, ხარისხებსა და წოდებებს (თუმცა, პარადოქსულად, დეკლარაციულად ამყარებს მხოლოდ ერთი ფენის უზენაესობას _ “პროლეტარიატის დიქტატურას”, რაშიც ევფემისტურად უნიადაგო და უქონელი მასების ბატონობა იგულისხმება). რევოლუციურ-ბოლშევიკური მმართველობა მიისწრაფვის შექმნას საზოგადოება, სადაც ზედა და ქვედა, მაღალი და დაბალი, წარმმართველი და დაქვემდებარებული აღარ იქნება გამიჯნული ერთმანეთისაგან: ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის იერარქიული ადგილი სოციალურ წყობაში, ბუნებრივია, უგულებელყოფილია; რაც მთავარია, სრულიად გაუფასურებულია ცალკეული, ინდივიდუალური ადამიანის ღირებულება; მთლიანად დათრგუნულია პიროვნების ნება და მისი არჩევანის თავისუფლება; ბოლშევიკები ადამიანს აღიქვამენ და აფასებენ არა როგორც ცალკეულ ინდივიდუალობას, არამედ ოდენ როგორც კოლექტიური მთლიანობის შემადგენელ ნაწილს; ამდენად, ესა თუ ის ადამიანი, ამ თვალსაზრისის მიხედვით, ეკუთვნის, წარმოადგენს და გამოხატავს მხოლოდ ამ მთლიანობას. ამავე დროს, კომუნისტური ტოტალიტარიზმი მიზნად ისახავს ცალკეული კონკრეტული ფენების დამხობას, დამცირებას, შემცირებას და, საბოლოოდ, გაქრობას… ამ ჩანაფიქრის კვალობაზე, რომელიც, ზოგადად, ადამიანის ამგვარად ხედვას ემყარება, არ წყდება ადამიანების უზარმაზარი რაოდენობით განადგურება კოლექტიური _ ნათამაშები თუ გულწრფელი _ მხარდაჭერისა და აღტაცების გარემოში. რეალური პიროვნული ტრაგიზმი კომუნისტური რეჟიმის პირობებში თამაშდება მასობრივი საჩვენებელი მხიარულების თანხლებით.

ყოველი ეს მახასიათებელი მიზანი თუ მახასიათებელი ქმედება, რომლებიც პრაქტიკულად განხორციელდა, ბოლშევიკური მოძღვრების თანახმად, კომუნისტური დიქტატურის დამყარების მომდევნო ორ ათწლეულში, 1930-ანი წლების მიწურულამდე, აშკარა გამოძახილს პოულობს იმ თეორიულ მოდელში, რასაც მიხაილ ბახტინი კარნავალურ სამყაროდ მიიჩნევს. ბახტინისეული ტოტალური და ტოტალიტარისტული კარნავალი _ რამდენადმე გაცნობიერებულად, რამდენადმე გაუცნობიერებლად _ ირეკლავს ტოტალიტარისტულ კომუნისტურ სისტემას, პირველი ოცწლეულის საბჭოურ ლენინურ-სტალინურ ტოტალიტარიზმს. ამდენად, ამ თვალსაწიერიდან, ბახტინისეული კარნავალის თეორია, ერთი შეხედვით, ადვილი მისაღები უნდა ყოფილიყო და მყარად დასამკვიდრებელი უნდა გამხდარიყო ბოლშევიკური რეჟიმისათვის…

მაგრამ საქმე ისაა, რომ საბჭოური კომუნიზმ-ბოლშევიზმი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა (სქემატურად შესაძლოა გამოიყოს პერიოდები: ლენინ-ტროცკისა, სტალინისა, ხრუშჩოვისა, ბრეჟნევისა…), ხოლო ეს ეტაპები არა მარტო არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, არა მარტო არ წარმოადგენდა ერთმანეთის განვითარებას, არამედ, _ კიდევ მეტი, _ ყოველი მომდევნო უპირისპირდებოდა წინამორბედს!

ქრონოლოგიური დაკვირვება ადასტურებს, რომ ბახტინის თეორია კარნავალის შესახებ მუშავდებოდა კლასიკური ბოლშევიზმის ხანაში, მძაფრი ანტირელიგიური, ანტიკულტურული, ანტიჰუმანური ტერორის პერიოდში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი საბოლოო ჩამოყალიბება და საჯარო წარდგენა ემთხვევა უკვე “კლასიცისტური” სტალინიზმის ხანას, რომელიც იდეოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც თვალშისაცემად განსხვავდება რევოლუციურ-დესტრუქციული პათოსით განმსჭვალული რუსეთ-საბჭოთა სახელმწიფოს პირველი ბოლშევიკური ოცწლეულისაგან.

30-იანი წლების დასაწყისიდან, განსაკუთრებით, ერთი მხრივ, “პროლეტკულტ”-“რაპპის” მოძრაობა-დაჯგუფებათა განადგურებისა და, მეორე მხრივ, მწერალთა პირველი ყრილობის (1934) შემდეგ, ნებადართული ხდება კლასიკური კულტურა; იწყება კლასიკური მემკვიდრეობის, წარსული ისტორიისა და კულტურის “ეროვნულ-ჰეროიკულ” წინაპართა განდიდება. ნელ-ნელა თითქმის სრულ დავიწყებას მიეცემა 20-იანი წლების სტილის ანტიკულტურული იდეოლოგიური თუ საზოგადოებრივი ჩანაფიქრები.

30-იანი წლების მიწურულიდან მთელ საბჭოთა კავშირში შესუსტდება მასობრივი რეპრესიების მასშტაბები; მძვინვარე ტერორის 1937 წლის ტრაგიკული მწვერვალის შემდეგ სახელმწიფო დამსჯელ ორგანიზაციათა მიერ ადამიანების შეუზღუდავი და განურჩეველი ხოცვა-ჟლეტა იკლებს; აღდგება სოციალური განსხვავებანი და პრივილეგიები, წოდებები და ჯილდოები; აკრძალვისაგან თავს დააღწევს და ნელ-ნელა მკვიდრდება მანამდე უფლებაწართმეული პირადი ცხოვრება (ინდივიდუალური ყოფა). მკაცრი შერჩევით, მაგრამ მაინც იწყება გარდასულ თუ ცოცხალ პიროვნებათა აღიარება და დაფასება.

40-იანი წლების დასაწყისიდან ჩაცხრება გამანადგურებელი ბრძოლა რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ. სტალინი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ქმნის ახალ თუ განახლებულ საეკლესიო დაწესებულებებს და, ამავე დროს, უქმდება ოფიციალური ღმრთისმებრძოლური ორგანიზაციები (“მებრძოლ უღმერთოთა კავშირი” და სხვ.), ხოლო ათეისტური და ანტიეკლესიური პროპაგანდა 50-იანი წლების შუახანამდე, ფაქტობრივ, დავიწყებას მიეცემა.

ამდენად, იმ პერიოდში, როცა ბახტინი გადაწყვეტს, საჯაროდ გამოაქვეყნოს კარნავალისა და “კარნავალიზაციის” საკუთარი კონცეფცია, ის უკვე სრულებით აღარ შეესატყვისება “პოლიტიკურ კონიუნქტურას”, სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას, რის გამოც ბახტინისეული ეს მოძღვრება, ისევე როგორც სხვა რადიკალური ანტიკულტურული, ანტიეკლესიური თუ ანტიპერსონალური იდეები, ვეღარ მოიპოვებს სტალინისტური თუ პოსტსტალინისტური სახელმწიფოს იდეოლოგიურ მხარდაჭერას. ძნელია, დაბეჯითებით ითქვას, რამდენად ითვალისწინებდა “დროის მოთხოვნას” კარნავალის თეორიის ავტორი, მაგრამ თავად ეს თეორია, მისი საბოლოო ჩამოყალიბებისას, აშკარად ჩამორჩა დროს, _ იმჟამინდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გარემოს: ტოტალიტარული კარნავალი უკვე აღარანაირად არ სჭირდებოდა ტოტალიტარულ სახელმწიფოს.

პირველად გამოქვეყნდა კრებულში: ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი: მე-20 საუკუნის გამოცდილება, თბ., 2010.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: