Posted by: burusi | 07/05/2013

მერაბ ღაღანიძე – ქრონიკული პესიმისტის იმედი

კშიშტოფ კესლევსკი – Krzysztof Kieslowski

კშიშტოფ კესლევსკი – Krzysztof Kieslowski

მერაბ ღაღანიძე – ქრონიკული პესიმისტის იმედი

ჩვენი დროის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი დიდი ოსტატი, პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ კეშლიოვსკი თავის თავს ქრონიკულ პესიმისტს უწოდებდა, _ მას, როგორც ბრძენ, გამოცდილ და გონიერ ადამიანს, უეჭველად ჰქონდა ამგვარი არჩევანის უფლება, მაგრამ მის სხეულში მორწმუნე კათოლიკე ქრისტიანის გული ფეთქავდა და მისი ფილმების ყოველი მნახველი დაადასტურებს, რომ მისი ქმნილებებიდან იმედისა და სიყვარულის განმწმედელი ძალის უსაზღვრო რწმენა აშუქებს.

კშიშტოფ კეშლიოვსკი 1941 წელს დაიბადა ომით მოცულ პოლონეთში და მთელმა მისმა ბავშვობამ გზებზე ჩაირა, რაკი მისი ოჯახი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა. თექვსმეტი წლისამ მან დრამატურგიულ სკოლაში ჩააბარა, თუმცა სწავლა მალე მიატოვა და თეატრალური კოსტუმების ოსტატად დაიწყო სამსახური, შემდგომ ორჯერ უშედეგოდ სცადა მისაღები გამოცდები ჩაებარებინა ლოძის საფილმო-სატელევიზიო სკოლაში, მაგრამ მას მხოლოდ მესამე მცდელობისას გაუმართლა. ამ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ძირითადად დოკუმენტურ ფილმებს იღებდა, მისი პირველი მხატვრული ფილმი _ „იარა“ კი მაშინ გამოვიდა ეკრანებზე, როცა რეჟისორი 35 წლისა იყო.

მისმა შემდგომმა ფილმმა _ „მოხალისე“ _ რეჟისორს პირველი საერთაშორისო წარმატება მოუტანა. შემდგომში რეჟისორი იღებს ათნაწილიან ციკლს „დეკალოგს“ (ანუ ათ მცნებას), რომელთაგან თითოეული ბიბლიური სჯულდების თითო მცნებას შეესაბამება. ამ ციკლის ორი მონაკვეთი _ „მოკლე ფილმი სიყვარულის შესახებ“ და „მოკლე ფილმი მკვლელობის შესახებ“ _ დამოუკიდებლადაც გამოვიდა ეკრანებზე და მათი ნახვის საშუალება საბჭოთა მაყურებელსაც მიეცა. მათში აშკარა იყო რეჟისორის საერთოჰუმანისტური პოზიცია, მაგრამ, სხვა ნაწილთაგან განსხვავებით, აქ ასე მკვეთრად არ იყო გამჟღავნებული მისი რელიგიური მსოფლხედვა. ვისაც ათივე ფილმის ნახვის საშუალება მიეცა, იცის, რომ ყოველი მათგანის მოქმედება თანამედროვე პოლონეთში ხდება და ბიბლიის მარადიული კანონების მიდევნება-დარღვევის ტკივილი მეოცე საუკუნის მიწურულის ადამიანის თვალსაწიერიდან არის წარმოჩენილი.

რეჟისორის მხატვრული ოსტატობა ახალ მწვერვალს აღწევს ფრანგულ-პოლონურ ფილმში „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“, ფილმში, რომელიც ორ სხეულში გაყოფილი ერთი სულის შესახებ მოგვითხრობს. თუ პოლონელი გოგონა უარს ამბობს სიყვარულზე, რათა ხელოვნებას უერთგულოს და სული დალიოს დანტეს სტრიქონების სიმღერისას, მეორე, ფრანგი, ზურგს შეაქცევს მუსიკალურ კარიერას და ფეხდაფეხ გაჰყვება უცნობ სატრფოს _ იდუმალ მეზღაპრეს, მეთოჯინეს, ჯადოქარს.

კეშლიოვსკის შემდგომ ციკლს „სამი ფერი“ ჰქვია და, საფრანგეთის დროშების ფერების კვალობაზე, სამი ნაწილისაგან შედგება _ „ცისფერი“, „თეთრი“ და „წითელი“, _ დამატყვევებელი ფერებით, ბგერებით, ფიქრებით გაცისკროვნებული ფილმებისაგან, _ ფილმებისაგან, რომლებიც სიყვარულითა და ტკივილით, აღმაფრენითა და რწმენით აღავსებს მნახველს.

ციკლის დამთავრების შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო ქმნილება იყო და რომ იგი წყვეტს კინოში მუშაობას.

რამდენიმე თვის შემდეგ, 1996 წლის 13 მარტს, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი _ კშიშტოფ კეშლიოვსკი _ 55 წლისა გარდაიცვალა.

მარტი, 1997


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: