Posted by: burusi | 10/02/2013

გურამ თევზაძე – პლატონი

The Grove of Accademia, Plato. by Joshua Cristall, 1768-1847

The Grove of Accademia, Plato. by Joshua Cristall, 1768-1847

გურამ თევზაძე – პლატონი

პლატონი (427-347) ათენის მაღალი არისტოკრატიის წრეს ეკუთვნოდა,რითაც ის ყოველთვის ამაყობდა: მამა-არისტონი-მითიურ კოდრეს შთამომავლად ითვლებოდა, დედა-პერიკტიონე, კი სოლონის მეგობარი დროპიდესი. პერიკტიონე იყო პოეტისა და ფილოსოფოსის, სოკრატეს მოწაფის, ოცდაათი ტირანის მეთაური ჰიპიასის და. როცა ჰიპიასი დემოკრატიულ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა 403 წელს, პლატონი 24 წლისა იყო. ოთხი წლის შემდეგ მეორე ტრამვა განიცადა დემოკრატიისაგან: სათაყვანებელ მასწავლებელს სოკრატეს სიკვდილი მიუსაჯეს. პოლისიერი დემოკრატია თანდათან კარგავდა ძალას და მისი სისატიკე ამითაც აიხსნებოდა. პლატონი, ისევე როგორც სოკრატე და კრიტიასი, პოლისის გადარჩენას დემოკრატიის დათრგუნვით ცდილობდა. ოცი წლის პოეტი, ფართო ფილოსოფიური განათლების მქონე პლატონი სოკრატეს დაემოწაფა, რამაც განსაზღვრა მისი შემდგომი განვითარება. გადმოცემით სოკრატეს ესიზმრა, რომ კალთაში გედის მართვე ჰყავდა, როცა გამოკვება, მშვენიერი სიმღერით ცისკენ გაფრინდა. დილით პლატონი მიუყვანეს,ეს არისო მართვე, თქვა სოკრატემ. სოკრატეს დასჯის შემდეგ, პლატონი თავს ევკლიდე მეგარელს შეაფარებს. შემდეგ მოგზაურობს, ეცნობა ეგვიპტელ ქურუმთა სიბრძნეს. ავითარებს სოკრატეს მოძღვრებას ისე, რომ დასავლური აზროვნების სპეციფიკა – განსაზღვრულის უპირატესობა განუსაზღვრელის მიმართ – კიდევ უფრო ნათლად ჩანს. აგებს იდეალური სახელმწიფოს გეგმას. მისი განხორციელების მიზნით, მიემგზავრება სიცილიაში, ცნობილი ტირანის დიონისე უფროსის კარზე. ხლშეწყობის მაგიერ ტირანი მონად ჰყიდის ეგინაში. ბედად ერთი კირენელი მეგობარი აღმოჩნდება ბაზარზე, იყიდის მას და პლატონი ათენში ბრუნდება. 40 წელს მიღწეული პლატონი აარსებს სკოლას (პითაგორელთა სკოლის მსგავს), ათენის იმ უბანში, რომელიც მითიური გმირი აკადემოსის სახელს ატარებდა. აკადემიას პლატონი სიკვდილამე ხელმძღვანელობდა. სიცილიაში კიდევ ორჯერ იმოგზაურა, დიონისე უმცროსის მიწვევით, მაგრამ უშედეგოდ. დიოგენე ლაერტი პლატონს უწოდებს მესამე ფილოსოფიური მეცნიერების – დიალექტიკის – მამამთავარს, თალესის, როგორც ნატურფილოსოფიის და სოკრატეს, როგორც მორალური ფილოსოფიის მამამთავრის გვერდით. სოკრატესა და პლატონის საქმეთა გამიჯვნა ასე ადვილი არაა, სწორედ სოკრატეულმა დიალექტიკამ, რომელიც ქსენოფონტეს “მოგონებებშიც” ნათლად ჩანს, პლატონთან გრანდიოზული სისტემა მოგვცა.

პლატონის შრომები 50 წლის მოღვაწეობის შედეგია. მათი უმრავლესობა დიალოგის ფორმითაა დაწრილი. დიალოგთა უმრავლესობაში წამყვანია სოკრატე. პლატონი საკუთარ აზრებს, როგორც წესი, მისი პირით გადმოგვცემს. მაგრამ პლატონის მუდმივი ძიება ამ მხრითაც იჩენს თავს. მოგვიანებით, დიალოგ “პარმენიდეში” სოკრატე მოწაფის როლშია, “ტიმაიოსში” აზრს სხვა ავითარებს, ასევეა “პოლიტიკოსში”, ხოლო “კანონებში” სოკრატე ნახსენებიც არაა. ნაშრომთა პერიოდიზაციის საკითხს ართულებდა მრავალი ფსევდო პლატონური თხზულება. დღეს ძირითადად დადგენილია, რომ პლატონს ეკუთვნის “სოკრატეს აპოლოგია”, 35 დიალოგი, 13 წერილი და 25 ეპიგრამა. სავსებით უეჭველად ითვლება მხოლოდ არისტოტელესთან ნახსენები 16 დიალოგი (ანტიკურობის დასასრულს დავით ანჰაღთი 9 დიალოგს აღიარებს). პლატონის ნაშრომთა დანაწილება მრავალნაირადაა შესაძლებელი და ეს ისტორიულადაც გამოვლინდა: არისტოფანე ბიზანტიელი (ძვ. წ. II ს.) შრომებს ტრიადებად ჰყოფდა, თრაზილოსი (ახ.წ. I ს.) – ტეტრალოგიებად, ნორვეგიელი მკვლევარი პ. ა. მუნკი (1810-1863) დიალოგებს ანაწილებდა მათში სოკტარეს ასაკის მიხედვით და სხვ.

პლატონის შრომები შეიძლება ასე განაწილდეს:

I – ს ო კ რ ა ტ ე უ ლ ი პ ე რ ი ო დ ი. სადაც იდეათა თეორია ჯერ არა გვაქვს და მიზანია ზოგადის, როგორც ცნების, დადგენა (აპოლოგია, კრიტონი, პროტაგორა და სხვ.);

II- გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ ი პ ე რ ი ო დ ი ,სადაც თანდათან ყალიბდება პლატონის იდეალიზმის ძირითადი პრინციპები (გორგია, მენონი, ევთიდემოსი და ხვ.);

III- ს ი მ წ ი ფ ი ს ხ ა ნ ა, სადაც ჩამოყალიბებულია იდეალისტური რაციონალისტური სისტემა (ნადიმი, ფედროსი, სახელმწიფოს II და XI წიგნები, ტიმაიოსი, ფილებოსი და სხვ.) და აღიარებულია ზერაციონალური, მისტიკური ხედვა, როგორც უმაღლესი შედეგი. უკვე “ნადიმში” დიოტიმა ურჩევს სოკრატეს უჭვრიტოს მშვენიერებას” ცნების მსჯელობის და აზრის გარეშე (რადგან მისი არაფერთან შედარება არ შეიძლება);

IV ანუ თვითკრიტიკული პერიოდის შინაარსი წარმოდგენილია “პარმენიდე” და “სოფისტეთი”. პლატონი აქ კიდევ ერთხელ გადასინჯავს თავის მიმართებას წინამორბედებთან, ფხიზლად აწონის საკუთარი სისტემის ნაკლოვენებებს და მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ ადამიანური შემეცნების ნაკლოვანებანია, რაც ამ სისტემის გამართლებას წარმოადგენს. ამ შეგნებით იწერება V ანუ გვიანი პერიოდის შრომები, სადაც გაძლიერებულია მისტიკა და უარია ნათქვამი სიმწიფის ხანის ზოგიერთ დებულებაზე (,,კანონები”, ,,წერილები”, VI, VII, VIII და სხვ.).

მიმდინარე საუკუნის 60-იანი წლებიდან ჰ. ი. კრემერის და კ. გაიზერის ნაშრომების წყალობით საყოველთაო ყურადღება მიიპყრო პლატონის ე. წ. ,,დაუწერელი ფილოსოფიის” პრობლემამ. მათ ააღორძინეს ძველი აზრი პლატონის მოძღვრების ეზოთერიული (ფარული) და ეგზოთერიული (საჯარო) შინაარსის შესახებ. გამოდიან რა პლატონის VII წერილის ცალმხრივი ინტერპრეტაციიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ, რაც პლატონს დაუწერია, არ გამოხატავს მის ნამდვილ მოძღვრებას, რომ ამას ის გადმოსცემდა მხოლოდ ზეპირად. აღნიშნული ავტორები გვპირდებოდნენ სწორედ ეზოტერიულის დალაგებას. როგორც გ. მარტინმა უჩვენა, VII წერილში პლატონი შეუძლებლად მიიჩნევდა თავსი სანუკვარი აზრის როგორც წერლიბით, ისე ზეპირად გადმოცემას და, რაც პლატონმა ვერ შეძლო, იმას 24 საუკუნის შემდეგ კრამერი და გაიზერი ვერ შეძლებენ [1. 251]. ამ გამოკვლევათა დადებითი შედეგი ის იყო, რომ მრავალი ადგილი პლატონის დიალოგებისა დაზუსტდა და უფრო გასაგები გახდა. ჰეგელი სწორი იყო, როცა ასეთი მკაცრი შინაარსეული გაყოფას ზედაპირულად თვლიდა [2, 3. 132].

პლატონის მოძღვრების განვითარება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც იმ პრინციპთა თანდათანობითი წამოყენება, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებელია ცოდნის ობიექტურობის სოკრატისეული პრინციპების დასასაბუთებლად, ანუ ობიექტური იდეალიზმის სისტემის ასაგებად. ესაა იმის განვითარება, რასაც ნიცშემ “ტრაგედიის დაბადებაში” სოკრატესთან ოპტიმიზმის დასაწყისი უწოდა. ეს ნიშნავდა ბრმა და შეუცდობადი ბედისწერის უარყოფას, ღმერთისა და კეთილობის გაიგივებას, სულის უკვდავების “დასაბუთებას” და ზნეობის ძალით (და არა ღვთის წყალობით) სულის ამღლების შესაძლებლობას მარადიულ გარდასახვათა წრებრუნვაზე. სულის ინდივიდური უკვდავების დებულების წამოყენების გზით განსხვავებული იქნა ერთეულობა და ცოდვილიანობა, რაც მითოსიდან გადმოყვა ფილოსოფიას. ამისათვის პლატონმა გრძნობადი, კონკრეტული, მატერიალური გაწირა. შემდეგ ქრისტიანობა ადამიანის ინდივიდური, კონკრეტული სხეულის უკვდავებასაც დაჰპირდა. პლატონის მოძღვრება შეიძლება ასე დავალაგოთ: ცოდნის თეორია, იდეების თეორია, კოსმოლოგია, მოძღვრება სულის შესახებ, სათნოების თეორია, სახელმწიფოს თეორია, ხელოვნების თეორია.

ცოდნის თეორიაში პლატონი იბრძვის როგორც სოფისტების რელატივიზმის, ისე მატერიალიზმის წინააღმდეგ. ისინი ვერ აფუძნებენო ცოდნას და ზნეობისათვისაც საზიანონი არიანო. სოფისტები თეორიაში წინააღმდეგობაში ვარდებიან, რადგან ზოგადის უარყოფას ზოგადობაზე პრეტენზიით ახდენებ, ვერ ხედავენ, რომ მოძრავის დაშვება უძრავის არსებობის ცნობას მოითხოვს, ხოლო რელატურისა კი – აბსოლუტურის [,,თეეტეტი”, 177]. პოლიტიკში სოფისტები ძალის პოლიტიკის გამართლებამდე მიდიან [,,გორგია”, 484]. დემოკრიტეს პლატონი არ ახსენებს, მაგრამ, ფაქტიურად, მის საპირისპიროდ აგებს თავის სისტემას. ეს განსაკუთრებით ნათლად “ტიმაიოსში” ჩანს. საერთოდ მატერიალისტებს პლატონი უწოდებს “საშინელ ადამიანებს”, რომლებიც აიგივებენ ყოფიერებას და სხეულებრივს, არესებულად თვლიან მხოლოდ იმას, რისი შეხებაც შეიძლება [“სოფისტე”, 246]. პლატონისათვის ჭეშმარიტი ყოფიერება მხოლოდ გონებით მისაწვდომი უსხეულო იდეებია, ხოლო ის რაც შეგრძნებებისათვის არსებობს, მათი ანარეკლია, მიბაძვაა.

ფილოსოფიის საწყისი გაკვირვებაა [“თეეტეტი”, 155]. ფილოსოფოსი პრობლემას უნდა ხედავდეს იქ, სადაც სხვებისათვის არაფერია საძიებელი. იგი ეძებს იმას, რასაც ემყარება ცოდნის ძალა. ეძებს იმას, თუ რაა ცოდნა და ა. შ. იმის დაშვება, რომ ცოდნა მხოლოდ გამოცდილებას ემყარება და ცნების შინაარსი მხოლოდ განზოგადებით მიიღება, პლატონს შეუძლებლად მიაჩნდა, რადგან გამოცდილებისეული ცოდნა (მაგ., ეს საგნები ტოლია), თავად გულისხმობს წინასწარ რაღაც ცოდნას. მხოლოდ გამოცდილება იმასაც ვერ გვეტყვის, თუ რატომ ვუწოდებთ ტოლ საგნებს ტოლს და განსხვავებულს კი – განსხვავებულს. განზოგადებაც შეუძლებელია, თუ წინასწარ არ ვიცით ზოგადი [“ფედონი”, 74]. მაგრამ პალტონი არ იტყვის,რომ ჩვენ ვართ ცოდნის საზომი, როგორც ამას სოფისტები ამტკიცებდნენ. ის სოკრატეს ეთანხმება, რომ ცოდნის საზომი (ზოგადი, ცნება) ჩვენშია და ეძებს ამ ჩვენი არაცდისეული ცოდნის საფუძვლებს იმაში, რომ სული დაბადებამდე ზეგრძნობად სამყაროში არსებობდა და გამოცდილების საგნები მხოლოდ ახსენებენ მას იქაურ ცოდნას. ფილოსოფოსის მიზანია მოგონების ეს პროცესი სპეციალური მეთოდით აღჭურვოს, სწორად წარმართოს იგი, როგორც ამას სოკრატე აკეთებდა სწორად დასმული კითხვებით (ამგვარად უსწავლელ მონა ბავშვს გეომეტრიულ ამოცანას გამოაყვანინებს ე. ი. მის სულში არსებულ გაუცნობიერებელ, ანუ დავიწყებულ ცოდნას გაახსენებს [“მენონი”, 82]. ამავე დროს სწორედ დასმული კითხვა არცოდნის ცოდნაცაა (თუ კითხვას მკვლევარი სვამს და არა გამომცდელი). ცოდნა, როგორც გამოცდილება, საპირისპირო დებულებებისაგან შედგება, რომელნიც საერთო საფუძველს მოითხოვენ. უმაღლესი და ამავე დროს უღრმესი საერთო საფუძველი დაპირისპირებულობაზე მაღლა დგას, ისევე როგორც მისი ცოდნა. ეს ჭეშმარიტი ცოდნა თავის საგანს, ღმერთს, უიგივდება, რომელიც ყველა საგანთა საზომია [“კანონები”, 716]. მისკენ სწრაფვა, როგორც ღმერთს დამგვანება, წარმოადგენს ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მიზანს. გზა არის დიალექტიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავლახოთ დაპირისპირებულობა, როგორც ნაკლი. ეს ამავე დროს მოგონების გაძლიერებით ხდება. პლატონის მოგონების თეორია ადამიანურ შემეცნებას წარმოგვიდგენს, როგორც დიალექტიკურ თვითშემეცნებას [“მენონი”, 85]. მისი წყალობით, ცოდნა დამოუკიდებლობას იძენს გამოცდილებისგან, ე. ი. ემპირიული ცოდნისაგან.

ეს არის სხეულში მოქცეული სულის ჩვეულებრივი მდგომარეობა. პლატონი მას გამოქვაბულში ყოფნას ადარებს, სადაც ნამდვილი რეალობის მხოლოდ ჩრდილები ჩანს, მაგრამ ადამიანს ნამდვილი საგნები ჰგონია. აქ ცოდნა რწმენას ემყარება, მხოლოდ შეხედულებას და ალბათობას წარმოადგენს. უფრო მაღალია განსჯისეული მათემატიკური შემეცნება, უმაღლეს ცოდნას კი გონება იძლევა [“სახელმწიფო”, 511-514]. ეს დიალექტიკური მეთოდის შედეგია. დიალექტიკოსს პლატონი უწოდებს იმას, ვისაც ძალუძს საგნის არსების დასაბუთება. მოხუცი პლატონი, რომელიც პითაგორელთა გავლენას დაემორჩილა, შემეცნების 5 საფეხურს გამოყოფდა: 1. საგნის სახელდება (მაგ., ეს არის წრე.), 2. იმის განსაზღვრა, რასაც სახელი ვუწოდეთ (მაგ., ფიგურა, რომლის უკიდურესი წერტილები ტოლადაა დაშორებული ცენტრისაგან), 3.განსაზღვრების საფუძველზე მოდელის აგება (მაგ., წრის დახაზვა, ანდა გამოჭრა), 4. ცოდნა, ანუ სწორი შეხედულება (ე.ი. იმის გაგება, რომ ნამდვილი საგანი შემეცნებისაგან სავსებით დამოუკიდებელია, ანუ არა ჰგავს წინა საფეხურებზე დადგენილს. ეს საგანის თავისებური ნეგატიური განსაზღვრებაა), 5. წინააღმდეგობაზე მაღლა მდგომი შემეცნება, რაც ამქვეყნად მიუღწეველია [“წერილი VI, 341]. ამგვარ ცოდნასთან მხოლოდ თანდათან მიახლოვებაა შესაძლებელი [“თეეტეტი”, 210]. მომდევნო კვლევის უკეთესობის დაფუძვნება არის დიიალოგთა პოზიტიური შედეგი.

იდეათა თეორია პასუხობს კითხვას იმის თაობაზე, თუ რა არის შემეცნების მიზანი, რომელიც ობიექტურობას აძლევს ცნების შინაარსს. ჩვენ დავინახეთ, რომ საბოლოო საგანი და საზომი ღმერთია, მაგრამ პლატონი უფრო სახსრავს საგანის სამყაროს, გრძნობადი სინამდვილის ასახსნელად. ესაა პარმენიდეს არსის, როგორც შემეცნების საგნის, “სფეროს” დასახსვრა, რადგან სხვაგვარად ის შემეცნებისათვის სავსებით მიუწვდომელი აღმოჩნდა. ამ უსხეულო ზეგრძნობად რეალობებს, პლატონი იდეებს უწოდებს. იდეა ცნების საგანია. მათ შორის განსხვავება, როგორც ს. დანელია აღნიშნავდა, სოკრატეს და პლატონის მოძღვრებათა გამყოფია. იდეის გრძნობად სინამდვილეში მოქმედების მაგალითია სულის როლი სხეულში. იგი ისევე მარადიულია, როგორც ყოველი საგნის ფორმა. სულის უკვდავების არგუმენტები პლატონმა საოცარი ხელოვნებით სასიკვდილედ გამზადებული სოკრატეს პირით გადმოგვცა. ასეთივე ხელოვნებით მიგვანიშნა მან მთელი ამ თეორიის სიახლეზე. პლატონი თავად არ ესწრებოდა მსწავლებლის უკანასკნელ საუბარს და მეგობართა გადმოცემით ყვება იმას, რაც მასწავლებელს მანამდე არ უთქვამს, მაგრამ მისი მოძღვრება დაფუძნებას წარმოადგენს. ეს ,,ფედონის” სინაარსია. აქ სათნო ადამიანის სიკვდილის შიშის დასაძლევად სულის უკვდავების 4 საბუთია წამოყენებული (საპირისპიროთა ურთირთგადასვლა, მოგონების თეორია, სულის სიმარტივე და მატერიის გამფორმებელი თვისებრიობის მარადიულობა. (მაგ., სახლი იწვის, “სახლობა” კი-არა, ასევე სხეული კვდება, როცა სული გაეყრება,სული კი-არა). საუკუნეების მაძილზე ათასნაირად იმეორებდნენ ამ საბუთებს. ფსიქოლოგიურად მათ დამაჯერებლობას აძლიერებდა ადამიანის დაინტერესება. ლოგიკურად ისინი კრიტიკას ვერ უძლებენ, მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს, რომ, ბ. რასელის მსგავსად, რომელიც საერთოდ არ წყალობს პლატონს, დიდ იდეალისტს არაკეთილსინდისიერება და სოფიზმი ვუკიჟინოთ [46, 163]. რასელი,ჩანს, თავისდაუნებურად, იმდენადაა დარწმუნებული პლატონის სიძლიერეში, რომ არ უშვებს კეთილი მიზნით გამოწვეული შეცდომის შესაძლებლობას.

იდეა გრძნობადი საგნის არსებაა, მაგრამ საგნისაგან დამოუკიდებელი. გრძნობადის არსებობასთან განსხვავებულად პლატონი მას ნამდვილად არსებულს (“ონტოს ონ”) უწოდებს. საგანთა ყველა გვარს თავისი იდეა აქვს (მაგ., ადამიანობის, ცხენობის, მაგიდობის, სიმამაცის და სხვ.). გრძნობად სინამდვილეში ყოველი გარკვეულობა იდეის გამოვლენაა. ამავე დროს იდეა საგნისა და მისი შემეცნების საზღვარია, როგორც მათი მიზანი. საგნის მოძრაობაც იდეასთან გატოლების ამაო ცდაა. იდეის საფუძვლად დაშვება (“ჰიპოთესის”) აუცილებელია [,,პარმენიდე”, 127]. საყურადღებოა, რომ იდეებიც მოძრაობენ და გარკვეულ დიალექტიკას ემორჩილებიან. იდეათა სამყაროში ძალაშია ხუთი კატეგორია: არსი (,,ონ”), უძრაობა (,,სტასი”), მოძრაობა (,,კინესის”), იგივეობა (,,ტაუტონ”), განსხვავება (,,ეტერონ”). მათ პლატონი “სოფისტეში” აფუძვნებს [“სოფისტე”, 255]. იდეათა შორისაც არის იერარქია. უძრავია მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი, ანუ სიკეთის იდეა, რომელსაც უმაღლესი ჭეშმარიტება და მშვენიერებაც ახასიათებს [“ფილებოსი’, 65]. იგი, როგორც საბოლოო მიზანი, ამოძრავებს, აერთიანებს და აწესრიგებს ყოველივეს. მისკენ საყოველთაო, კოსმიურ მისწრაფებას პლატონი სიყვარულს უწოდებს (“ნადიმი”), რადგან საგანთა გვარს ერთი იდეა აქვს, პლატონთან იგი აღინიშნება როგორც ჰენადა, ხოლო ზოგჯერ – როგორც მონადა [“ფილებოსი”, 15]. მოგვიანებით, პითაგორელთა გავლენით, პლატონმა იდეები რიცხვებს გაუიგივა. ერთისა და სიმრავლის დიალექტიკა იდეათა სამყაროში გადაიტანა [20, 286]. იდეათა თეორია საფუძვლიანად გააკრიტიკა არისტოტელემ, თუმცა მრავალი ეს სიძნელე თავად პლატონმა აღნიშნა ,,პარმენიდეში”.

პითაგორეიზმის და ელეატელთა მოძღვრებების გამოყენებით, შეეცადა პლატონი აეგო საკუთარი კოსმოლოგია, დემოკრიტეს საპირისპიროდ. პარმენიდეს გავლენა იმაშია, რომ მთელი ეს ცოდნა ჰიპოთეზად ცხადდება, მაგრამ, განსხვავებით პარმენიდეს ფიზიკისაგან, პლატონის კოსმოლოგია არაა მოწყვეტილი ჭეშმარიტებას. პითაგორელთა გავლენა კი ატომთა, როგორც სამკუთხოვანი ელემენტების წარმოდგენიდან დაწყებული, მთელს პროცესს გაჰყვება. რელიგიისა და იდეალიზმის კავშირი აქ აშკარაა. მითს დიდი როლი აქვს, მაგრამ არა როგორც არგუმენტს, არამედ როგორც ანალოგიას. კოსმოსის შექმნის მოდელი, რომელიც პლატონმა ,,ტიმაოოსში” წამოაყენა, დიდ როლს თამაშობდა იდეალიზმის და თეოლოგიის ისტორიაში. სიკეთის იდეის გვერდით, აქ დაშვებულია დემიურგი, როგორც პიროვნული ღმერთი, რომელიც მარადიულ, მაგრამ ქაოტურად მოძრავ (და ამ აზრით პასიურ) მატერიას აფორმებს კოსმოსად იდეათა სამყაროს ნიმუშის მიხედვით. მას მატერიაში მართკუთხა სამკუთხედების პირველადი ფორმის შემდეგ შეაქვს ოთხი ელემენტის განსხვავება. მოძრაობა პლატონთან, განსხვავებით ჰილოძოისტებისაგან, არ ნიშნავს სიცოცხლეს. დემიურგი ოთხი ელემენტისაგან ქმნის სამყაროს და შემდეგ – ცოცხალ არსებებს. სამყარო სფეროა და დედამიწაც, ოღონდ პირველის ცენტრში მოთავსებული. ვარსკვლავები ხილული ღმერთებია, მიმაგრებული დიდ სფეროებზე და მათთან ერთად ბრუნავენ (საერთოდ კოსმოსის ღმერთებს დემიურგი ქმნის). ერთი შემობრუნება 10. 000 წელია. ეს მსოფლიო წელი დაკავშირებულია დიდ კატაკლიზმებთან [,,ტიმაიოსი”, 22]. დემიურგი სამყაროს აგებისას იყენებს გეომეტრიულ ანალოგიას. მარადიული მატერია, როგორც უფორმო, არა არსია (“მე ონ”) და სივრცეს უიგივებდა. იგი არც დემიურგს შეუქმნია და ნებით არც ემორჩილება იდეალურს. მისი დამოუკიდებლობაზე მიუთითებს ისიც, რომ პლატონი ხშირად ლაპარაკობს აუცილებლობაზე, როგორც მიზნობრიობისაგან, ე. ი. დემიურგისაგანაც დამოუკიდებელ კავშირზე [“ტიმაოოსი:, 38, “ნადიმი”, 195, “ფედროსი”, 98]. ეს იმას ნიშნავს, რომ პლატონი დუალისტია, ორ ერთიმეორეზე დაუყვანელ საწყისს აღიარებს. იგი დუალისტია, როგორც ონტოლოგიაში, ისე შემეცნების თეორიაში. ლოგოსი და მითი მისი მოძღვრების აუცილებელი, მაგრამ ერთმანეთზე დაუყვანელი მომენტებია. იგი მითს იქ იყენებს, სადაც ლოგოსი ვერ მიყვება, მაგრამ საჭიროა. პლატონი მიისწრაფვის მონიზმისაკენ. რასაც ნეოპლატონიკოსები განახორციელებენ.

სულის შესახებ პლატონის მოძღვრება მოიცავს მსოფლიო სულსაც (გონი), რომელსაც დემიურგი ქმნის იდეალურისა და მატერიალურის შერევით. დემიურგი ქმნის დროსაც კოსმოსთან ერთად, რითაც უპირისპირდება ტრადიციას, რომლისთვისაც დრო ყოველთვის მარადიული იყო. დრო მარადიულის ხატია, ხოლო კოსმოსი ზედროულის დროითი ხატი. მართალია, ისინი შექმნილნი არიან, მაგრამ დემიურგის ნებით, მუდამ იარსებებენ. აქ ახალი, ფილოსოფიური მითია გამოყენებული ძველი მითოსის წინააღმდეგ, რომელიც ყოველი კონკრეტულის გამანადგურებელი ბედისწერის რწმენას ემყარებოდა.

ადამიანის სულის პლატონისეული მოძღვრება მის კოსმოლოგიას სათნოების თეორიასთან აკავშირებს. ადამიანის სული და, შესაბამისად, მის მიერ გაფორმებული სხეულიც, სამი ნაწილისაგან შედგება: გონება (თავში), ნება (მკერდში) და სურვილი (მუცელში). გონებით იგი მსოფლიო სულის მსგავსია, თვითმოძრავი და მარადიული. მისი ნება თავისუფალია და ამიტომ პასუხისმგებელი თავადაა და ამორჩევის შესაბამისად სხვადასხვა სხეულში ჩასახლდება, [“კრატილოსი”, 122]. თავდაპირველად იდეებს შორის არსებული სული ვერ აფასებს იქაურ სიდიადეს. ეს პირველადი შეცდომა ისჯება სხეულში, როგორც საფლავში ჩასახლებით. არჩევანის შესაბამისად იზრდება, ან მცირდება მასში არაგონითი ელემენტები. მისი ბედი გონების ძალაზეა დამოკიდებული. სული ფრთიანი ეტლის მსგავსია, რომლის სამი ნაწილიდან მეეტლე გონებაა, ხოლო ურჩი ცხენები: ნება და სურვილი [,,ფედროსი”,246]. სწორი შემეცნება სიკვდილისათვის, როგორც საერთოდ სხეულისაგან განთავისუფლებისათვის მზადაა, მაგრამ აკრძალულია თვითმკვლელობა. სწორი შემეცნება საკუთარ თავზე გამარჯვების პროცესია და ზნეობრივ მოქმედებაში ვლინდება.

სათნოების თეორიაში პლატონი რაციონალისტია, ისევე როგორც – სოკრატე. არ არსებობს ზნეობრივი მოქმედება მისი ცოდნის გარეშე. აქ ფილოსოფიური ცოდნა იგულისხმება (პლატონი ლაპარაკობს მხედართმთავარზე, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი საქმე მაგრამ მშიშარაა. ,,კანონები”, 639). სათნოების ზოგადი გაგება ოთხ სახედ იყოფა: სიბრძნე (,,სოფია”), სიმამაცე (,,ანდრეია”), ზომიერება (,,სოფროსუნე”), სამართლიანობა (,,დიკაიოსუნე”). პირველი მათგანი გონების სათნოებაა, მეორე-ნების, მესამე – სურვილისა. მეოთხე მათ აერთიანებს გონების ხელმძღვანელობით. სათნო მოქმედება თავისთავად ღირებულია. სამართლობა,როგორც უზნეობა არაფრით არ შეიძლება გამართლდეს. სჯობს უსამართლოდ დაისაჯო, ვიდრე უსამართლოდ ჩაიდინო. ბოროტება მტერსაც არ უნდა გაუკეთო [“სახელმწიფო”, 335]. ზნეობრივი მოქმედების საზომი არ შეიძლება სიამოვნება იყოს, რადგან სიამოვნებას (რადგან იგი ცვალებადობაა) – არავითარი თვითყოფობა არა აქვს [,,ფილებოსი”, 53].

სახელმწიფოს თეორიაში პლატონი ასაბუთებს, რომ სახელმწიფო ერთადერთი საშუალებაა საზოგადოებაში სათნოების გასაბატონებლად, მაგრამ არა ყოველგვარი. არსებულთაგან პლატონი საუკეთესოდ თვლის არისტოკრატიულ რესპუბლიკას და არისტოკრატიულ მონარქიას. მათი თანდათანობითი გადაგვარებაა: ტიმოკრატია, ოლიგარხია, დემოკრატია, ტირანია [,,სახელმწიფო”, 449]. სახელწიფოს იდეალს – პირად და საზოგადოებრივი ინტერესების შეთავსებას – ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ პლატონი ქმნის იდეალური (უტოპიური) სახელმწიფოს თეორიას. სულის უნართა შესაბამისად პლატონი გამოყოფს მოქალაქეთა სამ ფენას. ადამიანები ნაწილდებიან იმის მიხედვით, თუ სულის რომელი ნაწილი დომინირებს მათში. თუ ვინ რა ცხოვრებისათვისაა გაჩენილი, ამას არკვევს აღზრდის ერთიანი სახელწიფოებრივი სისტემა. ობიქტურობის გარანტიაა მმართველ ფენებში ოჯახისა და კერძო საკუთრების არარსებობა, ხოლო საკუთრების მქონე ფენათა პოლიტიკური უუფლებობა. ყველა ბავშვისთვის გარანტირებულია ერთნაირი სწავლება 20 წლამდე. ვისაც შემდგომი სწავლის ნიჭი და სურვილის არა აქვს, იგი უერთდება მწარმოებელთა ფენას. 10 წლის სწავლის შემდეგ იგივე საზომით გამოიყოფა მხედართა ფენა. დარჩენილები კიდევ ხუთი წელი იწაფებიან დიალექტიკაში. 35 წლის რჩეულთა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე კიდევ 15 წლიანი შემოწმება მოელით. ამრიგად, 50 წლის ადამიანი იძენს უნარს თავად სიკეთე ჭვრიტოს და მისი მიხედვით იმოქმედოს [“სახელმწიფო’, 540]. ასეთები არიან ფილოსოფოსები სახელმწიფოს სათავეში. ასე ფიქრობდა პლატონი სახელმწიფოში მოეხსნა მემკვიდრეობითი კლასები, როგორც სოციალური უბედურების მიზეზი. ამით აცილებელია სამოქალაქო ომიც, რაც პლატონს ყველაზე დიდ უბედურებად მიაჩნადა [“კანონები”, 629]. ამ სახელმწიფოში პიროვნული სავსებით ექვემდებარება საელმწიფოს ინტერესებს. მარქსი ამ თეორიას “ეგვიპტური კასტური წყობილების ათენურ იდეალიზაციას” უწოდებდა. ხოლო ბ. რასელი და კ. პოპერი ფაშიზმის წინამორბედად მიიჩნევდნენ პლატონს. პლატონის თეორიის ღირებულებას იცავს ა. ლოსევი, რომელიც მიუთითებს რომ, თვით არისტოტელესაგან განსხვავებით, პლატონი არ იყო მონობის მომხრე. “კანონებში” პლატონმა შეარბილა თავის მოთხოვნები და სახელწიფოს თეორია რეალურ ცხოვრებას დაუახლოვა.

ხელოვნების უფლებები პლატონის უტოპიაში ძალზე შეზღუდულია. თავად შესანიშნავმა პოეტმა, პლატონმა, ხელოვნება მკაცრად დაუქვემდებარა სახელმწიფოს ინტერესებს. ბავშვებს ასწალიან პოეზიას და მუსიკას, მაგრამ ჰომეროსი აკრძალულია, ასევე – ტრაგედია და კომედიაც [“კრატოლისი”, 147]. რეალისტური ხელოვნება მიბაძვის მიბაძვაა (ხელოვნება გრძნობად სინამდვილეს ასახავს, ე. ი. ბაძავს, ეს სინამდვილე კი თავად იდეების მიბაძვათაა შექმნილი). იგი ეწინააღმდეგება ზნეობის მიზანს – გრძნობადობისაგან ადამიანის განთავისუფლებას. დაშვებულია მხოლოდ ისეთი ხელოვნება, რომელიც იდეას ჭვრეტს და ზნეობრივი სახეების გამოხატვა შეუძლია [“სახელმწიფო”, 401]. მიმბაძველი ხელოვნების უარყოფა არ ნიშნავს სხეულებრივი მშვენიერების უარყოფას, ოღონდ ადამიანი ისე უნდა აღიზარდოს, რომ ამგვარმა სახეებმა თავისთავადი მშვენიერებისაკენ მისწრაფება აღძრას.

პლატონი, ისევე როგორც სოკრატე, ცდილობდა ადამიანის ღირებულება ზეგრძნობადის ცოდნაში დაენახა. მაგრამ მისი რაციონალიზმი არ აღმოჩნდა საკმარისი სისტემის ასაგებად და მან მითს მიმართა. ირაციონალიზმის ეს მომენტი თანდათან ძლიერდებოდა მასთან. დიალექტიკა რიცხვთა პითაგორულ მისტიკას უთმობდა ადგილს. პლატონმა დაივიწყა სოკრატეს ფხიზელი პრინციპი იმის თაობაზე, რომ ადამიანს მხოლოდ მიახლოება შეუძლია თავისთავად ჭეშმარიტებასთან და სიკეთესთან. მან ჩათვალა, რომ სრულ ცოდნას ფლობს, მაგრამ მისი სიტყვიერი გადმოცემა შეუძლებელია. ამით დაივიწყა “ფედონის” ნათელი პრინციპები და სოფისტ გორგიას მესამე პრინციპი გაიზიარა. აზრის სიტყვიერი ფორმის გარეშე არსებობა სხვა მეცნიერებათაგან ფილოსოფიის განსხვავებულ ფორმად იქნა მიჩნეული [VII წერილი, 341]. მოხუცმა პლატონმა ნეოპლატონიზმი მოამზადა.

პლატონიზმი, ფართო აზრით, კულტურის ისტორიაში წარმოადგენს პლატონის ძირითადი ედეების აღიარებას. ამ სახით მას არასდროს შეუწყვეტია არსებობა. იგი ყოველთვის, გარკვეული ცვლილებებით, ფილოსოფიური აზრების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა. მას დიდი გავლენა ჰქონდა ანტიკურ ფილოსოფიაზე არა მარტო პლატონის აკადემიის, არამედ მრავალი ნეოპლატონური სკოლების სახითაც. დიდი იყო მისი გავლენა პატრისტიკაზე და სქოლასტიკაზე, ასევე – აღორძინების ეპოქაში, როცა 1456 წ. ფლორენციის პლატონური აკადემია დაარსდა. XIX ს. ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში შეეცადნენ პლატონი იდეათა ჰიპოსტაზირების (მათი საგნებისაგან გამოთიშული არსებობის დაშვების) ბრალდებისაგან გაეთავისუფლებინათ (ლოტცე, კოჰენი, ნატორპი). XX ს. პლატონის გავლენას განიცდიდნენ არა მარტო ფილოსოფოსები (ე. ჰუსერლი, ა. უაიტჰედი, ჰ. შოლცი, ჯ. მური და სხვ.), არამედ ფიზიკოსები (ვ. ჰაიზენბერგი) და მათემატიკოსებიც ( დ. ჰილბერტი, გ. კანტორი).

387 წ. პლატონის მიერ დაარსებული აკადემიას შესავალში ეწერა: “გეომეტრიის უცოდინარს, ეკრძალება შესვლა”. მისი წევრები, მართლაც, იმ ეპოქის საუკეთესო მათემატიკოსები იყვნენ (მაგ., ევდოქსე კნიდოსელი და თეეტეტი). ამ აკადემიამ თითქმის 1000 წელი იარსება. პლატონის შედეგად, აკადემიას მეთაურობდა პლატონის დისშვილი და მოწაფე სპევსიპოსი (დაახლ. 409-339), შემდეგ – ქსენოკრატე ქალკედონელი (395-315), რომელიც 25 წელი იყო სქოლარხი. შემდეგ სკოლას მეთაურობდა ათენელი პოლემონი 44წ., ე. ი. 270 წლამდე. მისი მემკვიდრე, ასევე ათენელი კრატესი, 8 წელი უძღვებოდა აკადემიას. ესაა, ე. წ., ძველი აკადემია, რომელიც, ძირითადად, გვიანდელი პლატონის პრინციპებს იცავდა, თანაც სკეპტიციზმისაკენ მიდრეკილებას იჩენდა. ახალ აკადემიას უწოდებენ იმ პერიოდს, როცა არკესილაეს (315-240) მეთაურობისას აკადემიაში სკეპტიციზმი გაბატონდა. მომდევნო სქოლართა შორის გამოირჩეოდა კარნეადე კირენელი (დაახლ. 214-219), რომელიც არკესილაეს მსგავსად, სტოელებს ებრძოდა და რომლის დროს აკადემიაში სკეპტიციზმმა უკიდურეს პუნქტს მიაღწია. ამგვარი უკიდურესი სკეპტიციზმით აკადემია დიდხანს ვერ გაუძლებდა მოწინააღმდეგებს. ფილონ ლარისელის ( ძვ. წ. II-I სს.) მეთაურობისას ცდილობენ კარნეადის სკეპტიციზმი ეკლექტიზმს შეუგუონ. ფილონი რომში ასწავლიდა ციცერონს, ხოლო მისი მემკვიდრე ანტიოქე ასკალონელს (გარ. ძვ. წ. 68 წ.) ციცერონი ათენში უსმენდა. ანტიოქეს დროს აკადემიაში სრულად გაბატონდა ეკლექტიზმი. ამ დროიდან თანდათან ძლიერდება პითაგორული ელემენტები. ამით აკადემიაში მომზადდა ნეოპითაგორელობის ძირითადი შინაარსი. ამ ხაზს ავითარებდა ცნობილი ისტორიკოსი, “პარალელური ბიოგრაფიების” ავტორი, პლუტარქე ქერონელი (დაახლ. 50-127), რომელიც თავისი ეთიკური მოძღვრებისათვის თითქმის ყველა მიმართულებას იყენებდა და მხოლოდ ეპიკურეიზმს უპირისპირდებოდა. ამავე ხაზს აგრძელებდა ნუმენიოს აპამეელი ( ძვ. წ. II ს.), რომელიც პლატონს ,,ატიკურად მეტყველ მოსედ” მიიჩნევდა. ნუმენიოსს ზოგი მკვლევარი პლოტინეს და ორიგენეს მასწავლებლად მიიჩნევს (მაგ., ა. ლოსევი). ასეც რომ იყოს, მაინც ნეოპლატონიზმი, როგორც პლატონიზმში გაბატონებული ეკლექტიკის გადალახვის ცდა, აკადემიის გარეთ ჩამოყალიბდა და შემდეგ გაბატონდა აკადემიაში, კერძოდ V ს. დასაწყისიდან როცა პლუტარქე ათენელი ( გარდ. 432 წ.) აკადემიის მეთაური ხდება. პლუტარქე შეცვალა მისმა მოწაფემ სირიანე ალექსანდრიელმა (გარდ. 450 წ.) ის კი – მისმა გამოჩენილმა მოწაფემ, პროკლე დიადოხოსმა (410-485). აკადემიის უკანასკნელი მეთაური იყო დამასციუსი, რომელმაც პროკლეს მოწაფე მარინი შეცვალა 520 წ. იუსტინიანეს ედიქტით 529 წ. ათენის აკადემია დაიხურა. ათენში საერთოდ იკრძალებოდა ფილოსოფიის სწავლება, რადგან ათენის სკოლა ქრისტიანობა ხელაღებით უარყოფდა. სკოლის ქონება კონფისკებული იქნა.

1. Martin G. Platons Ideenlehre, Berlin, 1973
2. გათრი უ. ბერძენი ფილოსოფოსები, თბილისი, 1983.
3. ჰეგელი. თხზულებები, ტომი IX-XI, მოსკოვი, ლენინგრადი, 1920-1935.

წიგნიდან: გურამ თევზაძე – “ანტიკური ფილოსოფია”, თბილისი, 1995 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: