Posted by: burusi | 04/02/2013

დავით გურამიშვილი – სწავლა მოსწავლეთა

მერაბ ბერძენიშვილი, დავით გურამიშვილი, 1965

მერაბ ბერძენიშვილი, დავით გურამიშვილი, 1965

დავით გურამიშვილი – სწავლა მოსწავლეთა

ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, _
ჭირს მყოფი ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.

დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.

სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!

ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!

ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს,-
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.

ვსძებნე დ ავერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!

ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა,_შენა გწადს აწ რომელითა?

ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე შვიდიოდ სარჩოს ძირობა;
მერვე_ხელმწიფე დარჩების, ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა.
მეცხრეა_არჩენთ მწყემსობა, უქნიათ მენახირობა,
მეათე_მიჯნურთ სურვილი, ტრფიალთა შენამზირობა.

მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,
მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ-მსიტყველია.
ათისავ თვითო მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია.
რომელიც გინდა, იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია!

მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ-მართლა შეიყვაროსა,
მუდამ გვერთ ახლდეს სურვილით, აროდეს გაეყაროსა;
უმისოდ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,
ტკბილად სჩნდეს მისთვის სიკვდილი, სიცოცხლე გაიმწაროსა.

მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინელი თუ თბილია;
“მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია”.
ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!

ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,
ბრძენი, უხვი და მოწყალი, მრისხველი ზომიერია;
სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ყვანდეს ერია,
მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი-ხელთ სკიპტრა-მას უჭერია.

გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენა-პირისა,
მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;
უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;
სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.

უნდა მხვნელთა და მთესველთა, მწიდვნელთა, გინა მბარავთა,
მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,
ცხელის ოფლითა დამწვართა ჩირდილთ ქვეშ მიუკარავთა,
რაც იმუშაკონ, ჭამონ და აჭამონ ქვეყნის მფარავთა.

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ-მდაბლოვანი,
მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,
მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი, ძალგულოვანი,
გულ-სრულად მებრძოლთ მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ-მკლოვანი.

ვაჭარი უნდა სარფისა, სამთვრალოს არას სვემდესა,
ყომარბაზობას ერიდოს, სიწმინდით თავსა სცევდესა,
მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა
სწორეს ადლსა და სასწორსა ხელში არ ამრუდებდესა.

ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია.
ხუცეს[ს] არ ეთქმის: “ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია”.
ხუცესმან უნდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია,
ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს, თუ მეტი ღვინო დალია.

ოსტატი, უფლის მოშიში, დავითმან ქებით შამოსი:
ნეტარ არს, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა!
ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ-მიდამოსა,
შვილნი ხედ ზეთისხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა.

აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.
ცხოვრებდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;
ბრძენმან არ უნდა იკადროს, ურიგო რაც რამ ფერია,
ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.

ათივ ეგ იყო, მოგითხარ, სხვა არა მისგან კიდია.
რომელიც გინდა, ირჩიე, აიღე, ხელი ჰკიდია:
გერჩიოს, გლახათ იარე, გერჩიოს, ყანას მკიდია,
მე შენთვის აღარ მცალიან, ყმაწვილის ვალი მკიდია.

ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,
ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი KYყრმა ოსტატს-გასაწვრთნელადა.

ერთს სიტყვას გეტყვი, მისმინე, ყმაწვილო, შენს მორჩენასა!
თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის, ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა;
ნუ ეშურები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,
ხმა მოუდაბლე ორღანოს, აშიყ-მაშიყად სტვენასა.

იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა,
თავს თაფლი, ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;
გულით უფრთხოდე, ყურითა, სასაფრხოს სიტყვის სმენასა,
მით შაეყრები საყვარელს, შენს ლამაზს სულის ლხენასა.

ალაბულათი ნუ ავსებ წმინდად გარცხილსა მენასა,
გაგიჭირდების გარეცხა, შეიქ ოხვრას და ქშენასა;
იტყვი: ,,რა უყავ ჩემს თავსა”,_დაიწყებ კბილთა ღრჭენასა,
,,დავით რომ კარგათ მასწავლა, მე იგი რასთვის მენასა!”

ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?

უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა,
ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა:
არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს, წამწამს, თვალის კილოსა,
არცავინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა.

ნუ მეტყვით: ჩვენ რად გვასწავლე, რაც თვით არ გაქვნდა ზრდილობა?
რად გვიქე კაცმან ჯაბანმა მამაცთა ხმალ-მოწვდილობა?
უცოდინრობა ავია, მაქვს მისი გამოცდილობა,
ჩემსავით სიცხით ნუ იწვით, მონახეთ ნიავ-ჩრდილობა.

სოლომან ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძნებისა;
ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა;
ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა,
თუ გიჯობთ ნურცა მას უსმენთ, სიტყვა დამირთავს ნებისა.

მრუდი ხომ არა მითქვამს რა, ამასაც ვიტყვი სწორსაო,
საქმესა თვალით ნახულსა, არ მოგონილსა, ჭორსაო:
მინახავს ერთი პირუტყვი გორსა თუ ახალგორსაო,
თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვათ გაუკეთებს ჯორსაო.

რაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი, კარგად ატყობდეს მაჯასა,
სხვისას შეიტყობს, თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა;
თვით სხვას უწამლებს, თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა,_
მე ვერ ვირგე და თქვენ გარგე ამად რად მიზამთ ჯაჯასა?

თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა;
ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:
თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: