Posted by: burusi | 05/01/2013

ძალა ერთობაშია

ძალა ერთობაშია

ძალა ერთობაშია

ძალა ერთობაშია

ანტირაციონალიზმი ფაშისტური პოლიტიკური მოძრაობები პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ცვლილებების საფუძველზე წარმოიშვა, ისინი იკვებებოდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან არსებული იდეებითა და თეორიებით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ანტირაციონალიზმი და, ზოგადად, განმანათლებლობის მოწინააღმდეგე აზრის ზრდა. ანტირაციონალიზმმა ფაშიზმზე სხვადასხვა თვალსაზრისით იმოქმედა. პირველ რიგში, მან ფაშიზმს მკვეთრად გამოხატული ანტიინტელექტუალური ხასიათი მიანიჭა, რაც აბსტრაქტული აზროვნების მიმართ ზიზღისა და, ამავდროულად, მოქმედების თაყვანისცემის ტენდეციაში აისახა. მაგალითად მუსოლინის საყვარელ ლოზუნგებს შორის იყო “მოქმედება და არა ლაპარაკი” და “უმოქმედობა სიკვდილია”.

ინტელექტუალურმა ცხოვრებამ ღირებულება დაკარგა, მას ზიზღითაც კი ეპყრობოდნენ: იგი ცივი, მშრალი და უსიცოცხლოა. ფაშიზმი, ამის საპირისპიროდ, აქცენტირებულია სულზე, ემოციებსა და ინსტინქტებზე. ჰიტლერი და მუსოლინი ფაქტობრივად, პროპაგანდისტები იყვნენ, რომლებსაც იდეები და თეორიები უმეტესად იმის გამო აინტერესებდათ, რომ ამ უკანასკნელთ ძალა შესწევდათ, გამოეწვიათ ემოციური რეაქცია და სამოქმედოდ აღეძრათ მასები. ამრიგად ფაშიზმი ახორციელებს “ნების პოლიტიკას”. ფაშიზმის დამახასიათებელი ნიშანი არის არა მისი აქცენტი ირაციონალურ მამოძრავებელ ძალებსა და ემოციებზე, არამედ შეხედულებებისა და ღირებულებების საკმაოდ კონკრეტული დიაპაზონი, რომელთა საშუალებითაც ის ცდილობს ემოციებზე ზემოქმედებას და პოლიტიკური აქტივობის წარმოშობას. ფაშისტები ყოველთვის უფრო მკაფიოდ გამოხატავდნენ იმას, თუ რას ეწინააღმდეგებოდნენ, ვიდრე იმას, რას ემხრობოდნენ. ამრიგად ფაშიზმი უფრო “ანტიფილოსოფიაა”, დასავლური პოლიტიკური ტრადიციის უფრო ბნელი მხარე, რომლის ცენტრალური და გადამწყვეტი ღირებულებები კი არ უარჰყვეს, არამედ შეცვალეს ან თავდაყირა დააყენეს. მაგალითად, ფაშიზმში “თავისუფლება” უპირობო მორჩილებას ნიშნავს, “დემოკრატია” უტოლდება აბსოლიტურ დიქტატურას და “პროგრესი” მუდმივ ბრძოლასა და ომს გულისხმობს.

უნივერსალური გონის სტანდარტის უარყოფასთან ერთად, ფაშიზმმა რწმენა მთლიანად ისტორიაზე, კულტურაზე და ორგანული საზოგადოების იდეაზე დაამყარა. მაგალითად, განმანათლებლობის მოწინააღმდეგე გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან გოტფრიდ ჰერდერი (1744–1803) უარყოფდა უნივერსალიზმს, როგორც აისტორიულ პრინციპს: ყოველ ერს აცოცხლებს მისი კოლექტიური სული, მისი Volgeist, მისი უნიკალური ისტორიის, კულტურისა და განსაკუთრებით ენის პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ერის ან რასის ძლიერება მისი მორალური და კულტურული ერთიანობის ასახვას წარმოადგენს. სწორედ აბსოლიტური სოციალური ერთიანობის ეს პერსპექტივაა ასახული ნაცისტურ ლოზუნგში “ძალა ერთობაშია”.

ბრძოლა

ფაშისტები ბრძოლას, პირველ რიგში, როგორც საზოგადოებრივი ისე საერთაშორისო ცხოვრების ბუნებრივ და გარდაუვალ პირობად მიიჩნევდნენ. როგორც ჰიტლერმა გერმანელ ოფიცერ კადეტებს უთხრა 1944 წელს, “გამარჯვება ძლიერებს ეკუთვნის, სუსტები უნდა დამარცხდენ”. თუ ადამიანის არსებობის საჯილდაო ქვა კონკურენცია და ბრძოლაა, მაშინ საუკეთესო გამოცდა არის ომი, რომელსაც ჰიტლერი “მთელი არსებობის უცვლელ კანონს” უწოდებდა. ფაშიზმი შესაძლოა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ის ომს თავისთავად სიკეთედ მიიჩნევს. ამ მოსაზრებას ასახავს მუსოლინის რწმენა, რომ “ომი მამაკაცებისთვის იგივეა, რაც დედობა ქალებისთვის”.

ისეთი ტრადიციული ჰუმანისტური ან რელიგიური ღირებულებების საპირისპიროდ, როგორიცაა მაგალითად, ზრუნვა, სიბრალული და თანაგრძნობა, ფაშისტები პატივს სცემენ სრულიად სხვა სამხედრო ღირებულებებს: ერთგულებას, მოვალეობას, მორჩილებასა და თავგანწირვას. სისუსტე და ნაკლი არ უნდა მოვითმინოთ, ისინი უნდა გავანადგუროთ. ეს ყველაზე აშკარად გამოიხატა ევგენიკის ანუ სელექციური გამრავლების პროგრამით, რომელიც ნაცისტებმა შემოიღეს გერმანიაში, სადაც გონებრივად და ფიზიკურად ავადმყოფ ადამიანებს ჯერ იძულებით სტერილიზაცია გაუკეთდათ და შემდეგ 1931–1941 წლებში სისტემატიზებულად გაანადგურეს. ამ გაგებით, 1941 წლიდან მოყოლებული, ნაცისტების მცდელობა გაენადგურებინათ ევროპის ებრაელობა, რასობრივი ევგენიკის მაგალითს წარმოადგენს.
და ბოლოს, ფაშიზმის კონცეფციამ, რომ ცხოვრება “უსასრულო ბრძოლაა”, მას შეუკავებელი და ექსპანსიური ხასიათი მიანიჭა.

ლიდერობა და ელიტიზმი

ფაშიზმი განსხვავდება ტრადიციული პოლიტიკური აზროვნებისაგან აგრეთვე იმით, რომ ის რადიკალურად უარყოფს თანასწორობას. ფაშიზმი ღრმად ელიტისტური და მკაცრად პატრიარქალურია. ფაშისტებს სჯერათ, რომ საზოგადოება, ფართო გაგებით, სამი ტიპის ადამიანებისაგან შედგება: პირველი და უმთავრესი არის ყოვლისმხედველი ლიდერი, რომლის ძალაუფლებაც უზენაესია. მეორე ტიპი არის “მეომარი’ ელიტა, რომელიც შედგება მხოლოდ მამაკაცებისა და რჩეულებისაგან და რომელსაც ტრადიციული ელიტისგან განასხვავებს მისი გმირობა, ხედვა და თავგანწირვის უნარი. გერმანიაში ეს როლი მიეკუთვნა ss–ს რომელიც წარმოიქმნა როგორც პირადი დაცვა, მაგრამ ნაცისტების მმართველობის პერიოდში იქცა სახელმწიფოდ სახელწიფოში. მესამე, არსებობს მასები, რომლებიც სუსტი, ინერტული და უცოდნიარია და რომელთა ბედიც უპირობო მორჩილებაა.

ლიდერობის მიმართ ფაშისტურ მიდგომაზე, განსაკუთრებით ნაცისტურ გერმანიაში, გადამწყვეტი ზეგავლენა ჰქონდა ფრიდრიხ ნიცშეს იდეას Ubermensch–ის, “ზეკაცის” ან “სუპერადამიანის” შესახებ. ფაშისტებმა ზეადამიანის იდეალი გადააქციეს უზენაესი და შეუვალი პოლიტიკური ლიდერობის თეორიად. ფაშისტი წინამძღოლები საკუთარ თავს უბრალოდ ‘ლიდერებს” უწოდებდნენ – მუსლოლინიმ საკუთარი თავი Il Duce–დ (დუჩედ) გამოაცხადა, ხოლო ჰიტლერმა Der Furer–ის (ფიურერის) ტიტული მიიღო– სწორედ იმისათვის, რომ არ ყოფოლიყვნენ შეზღუდულნი ლიდერობის კონსტიტუციით განსაზღვრული რამენაირი გაგებით. ლიდერი მიიჩნეოდა უნიკალურად ნიჭიერ პიროვნებად, მისი ძალაუფლება აბსოლიტური იყო. სწორედ ამიტომ სკანდირებდნენ ნიურნბერგის შეკრებების დროს ერთგული ნაცისტები “ადოლფ ჰიტლერი გერმანიაა, გერმანია ადოლფ ჰიტლერია” იტალიაში ფაშისტური დოგმის ბირთვად იქცა პრინციპი “მუსოლინი ყოველთვის მართალია”.

ლიდერის როლი ისაა, რომ გააღვიძოს ხალხი მისი ბედის არსასრულებლად, გადააქციოს ინერტული მასა ძლიერ და უძლეველ ძალად. ამიტომაც იყო, რომ ფაშისტურმა რეჟიმებმა გამოავლინეს პოპულისტურ–სამობილიზაციო თვისებები, რითაც ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ტრადიციული დიქტატურებისაგან.

სოციალიზმი

მუსოლინიცა და ჰიტლერიც ზოგჯერ თავიანთ იდეებს “სოციალიზმის” ფორმებად წარმოაჩენდნენ. ნაცისტური პარტია ემხრობოდა ფილოსოფიას, რომელსაც “ნაციონალ–სოციალიზმს” უწოდებდა. გარკვეულწილად, ეს უდავოდ წარმოადგენდა ქალაქელი მუშების მხარდაჭერის მოპოვების ცინიკურ მცდელობას. და მაინც, ფაშიზმსა და სოციალიზმს შორის არსებული აშკარა იდეოლოგიური ქიშპის მიუხედავად, ფაშისტები გარკვეულ სოციალისტურ იდეებსა და პოზიციებს ემხრობოდნენ. ფაშიზმი სოციალიზმის მსგავსად ემხრობა კოლექტივიზმს, რითაც უპირისპირდება კაპიტალიზმის “ბურჟუაზიულ ღირებულებებს”. ფაშიზმი საზოგადოებას პიროვნებაზე მაღლა აყენებს. მაგალითად ნაცისტურ მონეტებზე იყო ასეთი წარწერა” საერთო კეთილდღეობა პირად კეთილდღეობაზე მაღლაა”. კაპიტალიზმი, ამის საპირისპიროდ, პირადი ინტერესის ძიებითაა დაკავებული და, ამრიგად, შეიძლება შეასუსტოს ერის ან რასის მნიშვნელობა. ფაშისტებს სძულთ ასევე მატერიალიზმი. სიმდიდრისა და მოგების სურვილი ეწინააღმდეგება ფაშისტების შთამაგონებელი ერის აღდგენისა და მსოფლიოს დაპყრობის იდეალისტურ ხედვას…

ფაშისტური სოციალიზმის იდეას მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა. მაგალითად, როგორც კი ფაშისტურმა პარტიებმა ძალაუფლება ხელთ იგდეს, მალევე, დიდი ბიზნესის მხარდაჭერის მოპოვების იმედით, მოხდა ფაშისტურ მოძრაობაში არსებული “მემარცხენე” ელემენტების მარგინალიზაცია, ისეთების, როგორიც იყო SA გერმანიაში და სორელისტი რევოლუციური სინდიკალისტები – იტალიაში. ფაშისტები ეროვნული ერთობისა და ინტეგრაციისათვის იბრძოდნენ და, შესაბამისად, სურდათ, რომ რასობრივი და ეროვნული კუთვნილების გრძნობა სოციალური კლასზე უფრო მყარი ყოფილიყო.

ულტრანაციონალიზმი

ფაშიზმი დაეყრდნო შოვინისტური და ექსპანსიური ნაციონალიზმის უკიდურეს ფორმას. ეს ტრადიცია ერებს მიიჩნევდა არა თანასწორ და დამოუკიდებელ ერთობებად, არამედ ბუნებრივ კონკურენტებად დომინანტობისთვის ბრძოლაში. ფაშისტური ნაციონალიზმი ცალკეული კულტურებისა და ნაციონალური ტრადიციების პატივისცემას კი არ ქადაგებდა, არამედ ამტკიცებდა ერთი ერის უპირატესობას ყველა დანარჩენზე. ფაშიზმი ცდილობს არა უბრალოდ ხელი შეუწყოს პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს. ის ცდილობს ნაციონალური იდენტურობის გამძაფრებული და მილიტარისტული გრძნობის დამკვიდრებას. ფაშიზმი შეიძლება თანამედროვეობის წინააღმდეგ ამბოხს წარმოადგენდეს, მაგრამ ის არ მიჰყვება ტრადიციებისადმი რეაქციის გზას და არც წარსულის მიმზიდველობის ტყვეობაში ვარდება.

ერის განახლება, პრაქტიკულად, მუდმივად გულისხმობდა სხვა ერებზე ბატონობის დამკვიდრებას ექსპანსიონიზმის, ომისა და დაპყრობის გზით. ეროვნული აღორძინება და ეკონომიკური პროგრესი უშუალო კავშირში იყო სამხედრო ძლიერებასთან. ეს ლოგიკა ყველაზე მკაფიოდ ესმოდათ გერმანიაში, სადაც ჰიტლერმა უზრუნველჰყო ის, რომ შეიარაღება და ომისათვის მზადება მუდმივი პრიორიტეტი იყო ნაცისტური რეჟიმის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ფაშიზმის სულგრძელობა, ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili. 1942

ფაშიზმის სულგრძელობა, ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili. 1942

ფაშიზმი

ალბათ არც ერთი პოლიტიკური ტერმინი არ გამოიყენება ისე ხშირად და არააკურატულად, როგორც “ფაშისტი” და “ფაშიზმი” . მათ, ჩვეულებრივ, დამამცირებელი მნიშვნელობით იყენებენ, ზოგჯერ კი – პოლიტიკური ლანძღვის უნივერსალურ ტერმინებადაც. ფაშიზმი არ უნდა გავაიგივოთ უბრალო რეპრესიასთან. ფაშიზმის თეორიტიკოსებმა განიცადეს გარკვეული თეორიებისა და ღირებულებების ზეგავლენა და XX ს–ის 20–30–იან წლებში ჩამოყალიბებულმა ფაშისტურმა რეჟიმებმა პოლიტიკური მმართველობის ახალი ფორმები შექმნეს.

ტერმინი ფაშიზმი მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან “fasces” (ფაშეს), ნიშნავს წნელის შეკვრას, რომლიდანაც გამოშვერილია ნაჯახი და რომელიც აღნიშნავდა მაგისტრატების ძალაუფლებას რომის იმპერიაში. XIX ს–ის 90–იანი წლებისთვის სიტყვა fascia იტალიაში გამოიყენებოდა პოლიტიკური ჯგუფის (ჩვეულებრივ, რევოლუციონერი სოციალისტების) აღსანიშნავად. მუსოლინიმდე ამ ტერმინით არ მოიხსენიებდნენ იმ ნახევრადსამხედრო შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც მან ჩამოაყალიბა პირველი ომის მსვლელობისას და მისი დამთავრების შემდეგ, როცა fascizmo–მ აშკარად იდეოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

თუ ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი მეცხრამეტე საუკუნის იდეოლოგიებია, ფაშიზმი მეოცე საუკუნის პირმშოა, შეიძლება ითქვას ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდისა. ფაშიზმი გაჩნდა, როგორც ჯანყი თანამედროვეობის წინააღმდეგ. ფაშისტურ იტალიაში ისეთმა ლოზუნგებმა, როგორც “გჯეროდეს, მორჩილებდე, იბრძოლე” და “წესრიგი, ძალაუფლება, სამართალი” შეცვალეს საფრანგეთის რევოლუციის უფრო ნაცნობი პრინციპები ” თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა”. ფაშიზმი შეეცადა პოლიტიკური სამყარო თავიდან შეექმნა, სიტყვასიტყვით – ამოეძირკვა და გაენადგურებინა ტრადიციული პოლიტიკური აზრის მემკვიდრეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაშიზმის უმთავრესი იდეებისა და დოქტრინების საფუძვლები შეიძლება მეცხრამეტე საუკუნეში ვიპოვოთ, საბოლოო სახე ამ იდეებს პირველმა მსოფლიო ომმა და მისმა შედეგებმა მისცა, კერძოდ კი ომისა და რევოლუციის ძლიერმა ნაზავმა. იტალიაში ფაშისტური პარტია 1919 წელს ჩამოყალიბდა, მისი ლიდერი ბენიტო მუსოლინი 1922 წელს პრემიერ–მინისტრად დაინიშნა და 1926 წლისთვის დაფუძნდა ერთპარტიული ფაშისტური სახელმწიფო. გერმანიის ნაციონალ–სოციალისტური მუშათა პარტია, ცნობილი ნაცისის (ნაცისტურის) სახელით, ასევე 1919 წელს ჩამოყალიბდა და ადოლფ ჰიტლერის ლიდერობით შეგნებულად გადმოიღო მუსოლინისეული ფაშიზმის სტილი. 1933 წელს ჰიტლერი დაინიშნა გერმანიის კანცლერად და ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ ხანში გერმანია ნაცისტური დიქტატურის ქვეშ მოაქცია. იმავე პერიოდში ევროპის უმეტეს ნაწილში კრახი განიცადა დემოკრატიამ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჩანაცვლებულ იქნა მემარჯვენე ფრთის, ავტორიტარული ან ღია ფაშისტური რეჟიმებით. 1938 წლისთვის ჩეხოსლოვაკია ერთადერთი შემორჩენილი დემოკრატია იყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ამავდროულად უნგრეთი და რუმინეთი მტკიცედ ადგა ფაშიზმისა და ნაცისტური გერმანიასთან თანამშრომლობის გზას. პორტუგალიაში 1928 წელს სალაზარმა დიქტატურა დაამყარა, ხოლო ესპანეთში ნაციოალისტთა გამარჯვება სამოქალაქო ომში (1936–9) ფრანკოს დიქტატურის ჩამოყალიბებით დაგვრიგვინდა. ევროპის გარეთაც ჩამოყალიბდა რეჟიმები, რომლებიც გარკვეულწილად უკავშირდებოდნენ ფაშიზმს, განსაკუთრებით XX ს–ის 30–იანი წლების იმპერიულ იაპონიასა და პერონის მმართველობის ქვეშ მყოფ არგენტინაში 1945–55 წლებში.

იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლებელია ფაშიზმისთვის დამახასიათებელი საერთო ღირებულებებისა და პრინციპების განსაზღვრა, მაინც, ფაშისტური იტალია და ნაცისტური გერმანია ფაშიზმის სხვადასხვა ვერსიებს წარმოადგენდნენ და მათი შთაგონების წყარო განსხვავებული და ხშირად საპირისპირო იყი. აქედან გამომდინარე, ფაშისტური რეჟიმები და მოძრაობები ორი ძირითადი ტრადიციიდან ერთ–ერთს შეესაბამებოდნენ: ერთი, რომელიც იტალიური ფაშიზმის კვალს მიჰყვებოდა, ყურადღებას ამახვილებდა ყოვლისშემძლე ანუ ტოტალიტარულ სახელმწიფოზე; მეორე, რომელიც გერმანულ ნაციზმში ან ნაციონალ– სოციალიზმში იყო ასახული, რასისა და რასიალიზმს მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

ფაშიზმის ყველა ფორმა როდი შეიცავს აშკარა რასიალიზმს და ყველა რასიალისტი აუცილებლად ფაშისტი არაა. ფაშიზმი ხშირად ემთხვეოდა და იკვებებოდა რასიალისტური იდეებით. მართლაც ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მის მიერ გამახვილებული ყურადღება მილიტარისტულ ნაციონალიზმზე გულისხმობს, რომ ფაშიზმის ყველა ფორმა ან კეთილგანწყობილია რასიალიზმის მიმართ, ან მფარველობს მას. კავშირი რასასა და ფაშიზმს შორის არსად არ ყოფილა ისეთი აშკარა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში, სადაც ოფიციალური იდეოლოგია დროდადრო სხვა არაფერს წარმოადგენდა, თუ არა ისტერიულ, ფსევდომეცნიერულ ანისემიტიზმს.

ზოგიერთი კომენტატორი აღნიშნავდა, რომ ფაშიზმი თავისი ჭეშმარიტი ფორმით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში უკვე აღარ არსებობდა და კიდევ უფრო ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ მან ოცდამეერთე საუკუნეში იარსებოს. ფაშიზმი განიხილება როგორც ისტორიის სპეციფიკური მონაკვეთის დამახასიათებელი ამბოხი მოდერნიზაციის წინააღმდეგ და ნაციონალიზმის განვიტარება, რაც დაკავშირებული იყო ტრადიციული საზოგადოების კულტურული და სულიერი ერთიანობის შენარჩუნების მცდელობასთან. ვინაიდან მოდერნიზაციის პროცესში ამ მომენტმა უკვე განვლო, ფაშიზმი მხოლოდ წარსულ დროში შეიძლება მოვიხსენიოთ.

საფრანგეთში Front National–მა, რომელსაც სათავეში ჟან მარი ლე პენი ედგა, XX ს–ის 80–იანი წლებიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა, ძირითადად ემიგრაციის წინააღმდეგ მიმართული პლატფორმის გამო. 2002 წელს ლე პენმა მიიღო 5 მილიონი ამომრჩევლის ხმა და გავიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. 2000 წელს ავსტრიაში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ, იორგ ჰეიდერის ხელმძღვანელობით, საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27% მოიპოვა და კოალიციური მთავრობის წევრი გახდა. 1994 წელს ჯიანფრანკო ფინის მოძრაობა Movimento Sociale Italiani (MSI) ცდილობდა თავისი ფაშისტური წარსულისგან განწმენდას თავისი თავის Alleanza Nazionale-დ (AN) ტრანსფორმირებითა და, ოფიციალირად “პოსტფაშისტური” დღის წესრიგის აღიარებით. გერმანიაში რადიკალური ნაციონალისტური და უცხოელების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ჯგუფები, მაგალითად, Republicaner პარტია, 1990 წელს ხელახალი გაერთიანების შემდეგ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ჰპოვებდნენ, ჩვეულებრივ, ყოფილი კომუნისტური აღმოსავლეთიდან იმიგრაციისადმი მტრული განწყობის გამო. დიდ ბრიტანეთში, ნაციონალური ფრონტის ანტიიმიგრაციული “ახალი რასიალიზმი” ააღორძინა XX ს–ის 80–90 იან წლებში ბრიტანულმა ნაციონალურმა პარტიამ (BNP) ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული პარტიები პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტები გახადა ბელგიაში, დანიასა და ნიდერლანდებში, სადაც ის ასოცირდება პიმ ფორტინის (Pim Fortuyn) სახელთან, რომელიც 2002 წელს მოკლეს.

საინტერესოა რა ტიპის ფაშიზმს ემხრობიან თანამედროვე ფაშისტური ტიპის პარტიები? დიდი პარტიებისა და მოძრაობების უმეტესობა ან ამტკიცებს, რომ იდეოლოგიური კავშირი გაწყვიტა წარსულთან, ან რომ არასოდეს ყოფილა ფაშისტური. უკეთესი ტერმინის არარსებობის პირობებში ამ უკანასკნელთ შეიძლება “ნეოფაშისტები” ვუწოდოთ. ნეოფაშისტების მტკიცებით ისინი თუნდაც იმით განსხვავდებიან ფაშისტებისგან, რომ ისინი აღიარებენ არჩევით დემოკრატიას. სხვა სიტრყვებით რომ ვთქვათ, “დემოკრატიული ფაშიზმი” არის ფაშიზმი , რომელმაც უკუაგდო ისეთი პრინციპები, როგორიცაა აბსოლიტური ლიდერობა, ტოტალიტარიზმი და შეუფარავი რასიალიზმი. ფაშიზმს კვლავ გააჩნია უნარი, განავითაროს ოარგანული ერთობა და სოციალური მთლიანობა იმ შემთხვევაში თუ ოცდამეერთე საუკუნე ეკონომიკურ კრიზისებსა და შემდგომ ეკონომიკურ არასტაბილურობას მოიტანს.

 იყენებენ თუ არა ფაშისტური პარტიები და მოძრაობები დემოკრატიას როგორც ტაქტიკურ საშუალებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაშკარავდება, თუ ისინი მსგავს წარმატებას მიაღწევენ, როგორსაც მეოცე საუკუნის 20–30იან წლებში მიაღწიეს.

გამოყენებული წყაროები:

ენდრიუ ჰეივუდი “პოლიტიკური იდეოლოგიები შესავალი კურსი” მესამე გამოცემა
Eatwell, R., Fascism: A history (london, vintage 1996)
Griffin, R. (ed) Fascism (Oxford and Neq yourk: Oxford University Press, 1995)
Kallis A.A. (ed) The Fascist Reader (London and New York: Routledge, 2003)
wikipedia.org


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: