Posted by: burusi | 12/12/2012

ჯანა ჯავახიშვილი – ნულოვანი მენტალობა

jana_javaxishvili2

ჯანა ჯავახიშვილი – ნულოვანი მენტალობა
ნინო ჯაფიაშვილი

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი იკვლევს ტრავმას და მის შედეგებს, მუშაობდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტრავმირებულ ადამიანებთან. არის “ფსიქოტრავმის ქართული საზოგადოების” დამფუძნებელი საბჭოს წევრი და ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული 18 წიგნის თანაავტორი.

ჯანა, როგორ უყურებთ და როგორ აფასებთ, როგორც ფსიქოლოგი, ქართულ საზოგადოებას?

მე, ჩვენს საზოგადოებას ვხედავ სოციალური ტრავმის ჭრილში, ვიკვლევ, როგორ ხდება ტრავმის გადაცემა თაობებს შორის და რატომ არის საბჭოთა რეპრესიების ტრავმა ისევ ცოცხალი ჩვენს საზოგადოებაში. საბჭოთა გამოცდილებამ ჩვენს საზოგადოებას ბევრი დაღი დაასვა და პირველ რიგში, ეს შიშის დაღია, რომელიც ძალიან იოლად იღვიძებს ხოლმე სხვადასხვა კრიტიკულ მომენტში.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც ბავშვობაში, გარეთ გასვლისას, მშობლები ერთ უცვლელ შეგონებას აძლევდნენ. მე და ჩემს დას ბებია გვზრდიდა, ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ჰოდა, სახლიდან ყოველი გასვლისას, ბებია ასეთ “родительский наказ”-ს გვაძლევდა: “არსად არაფერი არ თქვათ!” ეს იმდენად აბსტრაქტული მითითება იყო, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ მეუბნებოდა ამას. მერე, როდესაც რეპრესიების ამბებს ჩავუღრმავდი, გასაგები გახდა, რომ შეშინებული საზოგადოების გამოძახილი იყო ბებიაჩემის ეს “მშობლის მითითება”.

ჰოდა, მოდი, დავიწყოთ აქედან – იმისათვის, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები გაიგო, ძალიან ხშირად სასარგებლოა, შენს ოჯახში მიმდინარე პროცესები დაინახო. დედაჩემი 10 წლის იყო, როდესაც მამა დაუპატიმრეს, წითელა ჰქონდა, ღამე წაიყვანეს და დღესაც (უკვე 85 წლის არის), როდესაც მანქანა სახლის წინ ამუხრუჭებს, პანიკური რეაქცია აქვს.

როდესაც ახლა წარმოვიდგენ, ეს რას ნიშნავს, როდესაც შენ ათი წლის ხარ, სკოლაში მიდიხარ და შენზე ამბობენ, რომ ხალხის მტრის შვილი ხარ… ვაცნობიერებ, როგორი ტრაგიკულია ეს ამბავი.

ფაქტობრივად, იმისათვის, რომ ამ ასაკში გადარჩენილიყავი, შენ, შენი მშობლის მარეპრესირებელი სისტემის ნაწილი უნდა გამხდარიყავი – ყოფლიყავი ოქტომბრელი, პიონერი, კომკავშირელი, პარტიის წევრი, თავიდან ბოლომდე უნდა გაგევლო საბჭოთა მანქანის ფაბრიკა.

ჩვენ ცოტას ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობა გვაქვს, არადა, ჩვენ მემკვიდრეები ვართ იმ ფრაგმენტირებული საზოგადოების, სადაც ერთი მტერი იყო, მეორე კი – ჯალათი.

თაობებს შორის ტრავმის გადაცემის კიდევ ერთი მაგალითი მახსენდება ჩემივე ოჯახის ისტორიიდან: როდესაც ბაბუაჩემი ციმბირში გადაასახლეს, დედაჩემი სკოლაში დადიოდა – ისტორია აინტერესებდა და უნდოდა ისტორიკოსი გამხდარიყო – ამ დროს კი, ბაბუაჩემი ციმბირიდან იწერებოდა – “ექიმი, აქაც ექიმია!”

ახლა, როდესაც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ბევრი ნარატივი ქვეყნდება, აღმოვაჩინე, რომ ამ ისტორიებში პირდაპირ არის ეს კლიშე – “სადაც არ უნდა იყო, ციმბირშიც კი, ექიმის პროფესია გადაგარჩენს”. ბაბუაჩემი, სინამდვილეში ვეტერინარი იყო, მაგრამ ადამიანებს მკურნალობდა, ამით გადაირჩინა თავი და დაბრუნდა.

ჰოდა, დედაჩემმაც ისტორიკოსობას ექიმობა არჩია, იმიტომ, რომ გადარჩენილიყო. თუ გახსოვთ, არანორმალურად მაღალი იყო ექიმობის მსურველთა რაოდენობა ქართულ საზოგადოებაში, ახლა, ამ გადასახედიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვის ფიზიკური გადარჩენის გაუცნობიერებელი სტრატეგია იყო.

ჩევნი საზოგადოებისთვის ძალიან დამახასიათებელია გადარჩენის მოდუსი, ჩვენი ცხოვრების გადარჩენის ტერმინებში გააზრება და სხვათა შორის, როდესაც საზოგადოება გადარჩენაზე ძალიანაა ორიენტირებული, მაშინ განვითარებაზე ცოტა ენერგიას ხარჯავს.

სამხრეთ აფრიკული ანდაზაა ასეთი – “არასოდეს დაგეკარგება გზა, თუ იცი, საიდან წამოხვედი”. რასაკვირველია, დღეს ის ხალხი, რომელიც 80 წლისაა, აღარ აყალიბებს საზოგადოების განწყობებს, მაგრამ უეჭველია, რომ მათი მემკვიდრეობა ჩვენში ცოცხალია.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ დღესაც ცოცხალია იგივე შიშები? საზოგადოების ქცევასა და რეაქციებზე დაკვირვებისას რაში და სად ჩანს საბჭოთა მემკვიდრეობა?

“ხალხის მტერი” – ეს ცენტრალური თემაა პოსტსაბჭოთა საზოგადოებებშიც და მათ შორის, საქართველოშიც, – მოვლენების შავ-თეთრ ტონებში აღქმა, საზოგადოების მიერ შუა ტონების მიუღებლობა.

ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, მაგალითად, ასეთი ტიპის რადიკალიზმს – “ვინც ჩემთან არ არის, ჩემს წინააღმდეგაა”. ეს რადიკალიზმი საბჭოთა მემკვიდრეობაც არის – მაშინ იყო ეს ლოზუნგი, აი, ეს სტალინის პერიოდის მენტალობა, ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენში.

გახსოვთ ალბათ, ახლა, წინასაარჩევნოდ, როგორ გაჩნდა ცნება “შუაშისტი”? ფაქტობრივად, “შუაშისტი” ძალიან სწრაფად იქცა ძლიერ სტიგმად, იარლიყად, რომელსაც დაპირისპირებული ძალები აკერებდნენ იმ ხალხს, ვინც ცდილობდა კრიტიკული ყოფილიყო ორივე მხარის მიმართ.

საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ქართული საზოგადოება ტრავმირებული საზოგადოებაა. ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იქცევა, რეაგირებს, გადაწყვეტლებას როგორ იღებს კრიტიკულ სიტუაციებში?

ჩვენ ბერმუდის სამკუთხედში ვართ ჩაკეტილები. რა არის ბერმუდის სამკუთხედი? ეს მეტაფორაა, რომელიც მსხვერპლი-აგრესორი-გადამრჩენელი ტიპის მანკიერი ინტერაქციის აღსაწერად გამოიყენება ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. თუ შენ შენს თავს მსხვერპლად განიხილავ, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა გყავდეს მდევნელი, ანუ აგრესორი, გნებავთ – მტერი. “მტრის ხატი”, ფაქტობრივად, ბერმუდის სამკუთხედში შესასვლელი კარია. შენ ბუნებრივად ეძებ გადარჩენას ამ სიტუაციიდან, თუმცა საკუთარი თავის იმედი კი არ გაქვს, არამედ ეძებ ვიღაცას – “გადამრჩენელს”, ვისაც გადააბარებ პასუხისმგებლობას შენს მდგომარეობაზე.

თუ დაკვირვებიხართ, საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიებში, ეს გადარჩენისა და გადამრჩენლის, მესიის თემა ქრონიკულად ფიგურირებს.

ეს მეტაფორა ფსიქიატრ ერიკ ბერნს ეკუთვნის. რატომ დაარქვა მან ამ მდგომარეობას ბერმუდის სამკუთხედი? იმიტომ, რომ თუკი ადამიანმა შეაბიჯა ამ სამი როლიდან (მსხვერპლი, აგრესორი, გადამრჩენელი) ერთ-ერთში, იგი ძალიან ადვილად ინაცვლებს მეტაფორული სამკუთხედის მომდევნო წვეროში. როგორც კი შენ შენს თავს მსხვერპლად განიხილავ, ეძებ გადამრჩენელს, შემდგომში კი შეიძლება ადვილად გახდე მდევნელი.

აი, ახლა ავხსნი ამას ერთ მაგალითზე. ეს ამბავი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის ყოფილმა მინისტრმა გელა ლეჟავამ მომიყვა, საბჭოთა დროს მოხდა. მაშინ ციხეში ასეთი რამე ხდებოდა: შეიქმნა ორი ჯგუფი – ერთი იყო მჩაგვრელების ჯგუფი, რომელიც სასტიკ მდგომარეობაში ამყოფებდა მეორე, ჩაგრულების ჯგუფს. მოკლედ, ამ სიტუაციის გამოსასწორებლად გადაწყდა, რომ ჩაგრულებს სხვა კორპუსში გადაიყვანდნენ და მართლაც გააკეთეს ეს, და როგორ ფიქრობ, რა მოხდა ამის შემდეგ?

“ჩაგრულებმა” სხვების ჩაგვრა დაიწყეს?

ჰო! იმიტომ, რომ ურთიერთობის სხვა გამოცდილება ამ ჯგუფს არ ჰქონდა. ამას ჰქვია მსხვერპლი-აგრესორის სტერეოტიპში ინტერაქცია. და როდესაც ამ სტერეოტიპში უყურებ სამყაროს, ძალიან ადვილია, მსხვერპლი აგრესორად იქცეს. ეს იცი, და სხვა გამოცდილება არ გაქვს.

ჩვენ მუდამ ვეძებთ გადამრჩენელს, ეს ხან ამერიკაა, ხან რუსეთი… და მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დიდი ნდობა იმიტომაც მიიღო არჩევნებში, რომ მასაც, როგორც “გადამრჩენელს” ისე უყურებენ. საიმედო ადამიანია – ხალხმა იცის, რომ ბევრი ფული აქვს, ეხმარებოდა ყველას მატერიალურად და ამიტომაც მოხდა მასზე მესიის იდეის პროეცირება.

და თუ მართლაც აღმოჩნდება, რომ მოსახლეობა მას როგორც “გადამრჩენელს”, როგორც მესიას, ისე უყურებს, უნდა გავიაზროთ, რომ ეს ისევ ბერმუდის სამკუთხედში დარჩენას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი მდგომარეობის გამო. პასუხისმგებლობის აღების გარეშე კი არ არსებობს თავისუფლება.

ჯანა, თუკი ქართული საზოგადოება ამ ჩარჩოშია გეჭედილი, როგორ იაზრებს ის სინამდვილეს?

თუ შეტოპე ბერმუდის სამკუთხედში, მაშინ გამუდმებით ეძებ მტერს. მტრის ხატი კი, როგორც წესი, საზოგადოების შიგნით პროეცირდება. რასაკვირველია, ყველა საზოგადოებაში არის განსხვავებული ინტერესთა ჯგუფები, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში, სწორედ მტრის ხატის გამო, რადიკალური დაპირისპირებებია. იმიტომ, რომ როგორც კი ვინმეს ოპონენტად იაზრებ, მაშინვე ხდება მასზე მტრის ხატის პროეცირება და ამბობ, რომ ეს მტერთან ასოცირებული ჯგუფია და აღარ უსმენ, აღარ გაინტერესებს მისი აზრი, ის მტერია და მორჩა.

რატომ არის დამანგრეველი საზოგადოებისთვის მტრის ხატის არსებობა? იმიტომ, რომ როდესაც არსებობს მტრის ხატი, არსებობს ფობიები, ფობიებით კი მანიპულაცია შეიძლება და საზოგადოებაც ადვილი სამართავი ხდება, ამ ნიშნით იწყება ერთმანეთის დევნა.

ჯანა, განსხვავებული აზრის ადამიანები, ნებისმიერ საზოგადოებაში კონფლიქტში არიან ერთმანეთთან, არ ესმით ერთმანეთის, მიუღებელია მათთვის ოპონენტების მოსაზრებები. რა ხდება ჩვენთან? ხშირად მომისმენია აზრი, რომ საზოგადოების ასეთი რადიკალური ფრაგმენტაციის მიზეზი ის არის, რომ დაპირისპირებული მხარეები ვერ ერთიანდებიან ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო.

ადამიანების სოციალიზაციის პროცესში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელსაც, ინგლისურ სიტყვას ვიხმარ – “attachment”-ს ვუწოდებთ. ეს “ეთეჩმენტები”, მიჯაჭვულობები დაბადების მომენტიდან გიყალიბდება – დედასთან, მშობლებთან, ოჯახთან, თემთან.

როდესაც ტრავმა ხდება, ადამიანს ჩვეული მიჯაჭვულობები გენგრევა, ანუ გერღვევა ის, რაც წარმოადგენს შენს სოციალურ სინამდვილეს.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, ერთ-ერთი ინგლისელი ჟურნალისტი ძალიან საინტერესოდ აღწერს, თუ როგორ დაკარგა თავისი სამყარო, ყოფილ იუგოსლავიაში ომის გაშუქებისას. ძალიან ბევრი უბედურება ხდებოდა მის თვალწინ, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ დაეწყო თავისი მიჯაჭვულობების სისტემის ნგრევა სახლთან, შეყვარებულთან, ქვეყანასთან. მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ როდესაც რეკავდა ინგლისში ან მას ურეკავდნენ, მისი აღარავის ესმოდა, გრძნობდა, რომ აბსოლუტურად გაუცხოებული იყო, აღარც თვითონ აინტერესებდა რა ხდებოდა მის სახლში, სამშობლოში. ამ კაცმა, ფაქტობრივად, განცდის დონეზე აღწერა, როგორ ირღვევა მიჯაჭვულობათა სისტემა.

ამავე დროს, ტრავმისას იქმნება ახალი – ტრავმული მიჯაჭვულობები იმ სოციალური სინამდვილის სუბიექტებთან, რომლებიც იზიარებენ შენს ტრავმას; რომლებთანაც შენ ტრავმაში ერთად ხარ – ანუ ეს ის ჯგუფია, რომელიც შენს აზრს იზიარებს, შენი გრძნობების გაგება შეუძლია.

მე ვფიქრობ, რომ სოციალურ დონეზეც, ჩვენს საზოგადოებაში მოხდა ჯანსაღი მიჯაჭვულობების რღვევა და ტრავმატული იდენტობის ჩამოყალიბება, რომელშიც ჩვენ ახალი მიჯაჭვულობის სუბიექტები შევიძინეთ. ის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ შენს ტრავმას, ერთი მხრივ, შენნაირად აზროვნებენ და მეორე მხრივ, მიუღებლები ხდებიან სხვებისთვის.

ამის დაკვირვება სოციალურ ქსელებში ადვილია, მაგალითად, წინასაარჩევნოდ “განფრენდება” ამ მექანიზმით ხდებოდა – ის, ვისაც შლიდი, არ იყო შენ მიერ გაზიარებული სოციალური სინამდვილის ნაწილი. ის, ვინც არ იზიარებდა შენს სოციალურ სინამდვილეს, აღარ გინდოდა, შენს ველში ყოფილიყო. სინამდვილში კი, ამ დროს, რეალობა ხუნდება, მარტივდება, სინამდვილე შავ-თეთრი ხდება, საზოგადოება კარგებად და ცუდებად იყოფა.

როგორც წესი, როგორ ახერხებს ხოლმე საზოგადოება ტრავმიდან გამოსვლას, რატომ გახდა ასეთი მოუხელთებელი სხვა საზრისის მიგნება ქართული საზოგადოებისთვის?

რა იძლევა სოციალური ტრავმის გადახარშვის საშუალებას? – გააზრება, შეფასება, გადაფასება, დასკვნების გამოტანა, ფაქტობრივად, ის, რაც ჩვენ ქართულ საზოგადოებას სჭირს – გაკვეთილების გამოტანის დეფიციტია. არცერთი ჩვენი ეპოქა, არ გაგვიაზრებია. მაგალითად, სტალინის ეპოქაზე ქართულ საზოგადობაში არ არსებობს კონსენსუსი. მე კი არ ვამბობ, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა ვიყოთ, მაგრამ საზოგადოებრივი კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

ამის ანალიზი და ამაზე შეთანხმება არ მომხდარა, ავიღოთ „ზვიადიზმი“ – შეფასება არ მომხდარა, გადაფასება არ მომხდარა, გაკვეთილები ვერ გამოვიტანეთ. ამიტომ, დღესაც გაიგონებ იმდროინდელ ლოზუნგს: “საქართველო ქართველებისთვის”. იგივე შეიძლება ითქვას შევარდნაძისეულ პერიოდზეც – არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ ეცალა, რომ გაეაზრებინა ეს პერიოდი. ახლა მეშინია, რომ არ მოხდება გააზრება იმისა, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს.

აპარტეიდის შემდეგ, როდესაც სამხრეთ აფრიკაში საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაეხარშა ის საშინელება, რაც მოხდა, შეიქმნა ინსტიტუციური ერთეული, რომელსაც დაარქვეს “Truth and Reconsiliation Commission”, ანუ წარსულის განხილვა და ანალიზი სიმართლისა და შერიგების კომისიის ჩარჩოში მოხდა.

ჩვენთან წარსულის შეცდომების აღმოფხვრა რევანშიზმისა და დასჯის ჩარჩოში ხდება. გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი და გამიჩნდა განცდა, რომ საზოგადოების ნაწილი, რუსული სიტყვას ვიხმარс”смакует”, “კაიფობს”, ტკბება შურისძიებით. ამის კი მეშინია, მეშინია, რომ ისევ ვერ გამოვიტანთ გაკვეთილებს და ისევ ვერ გამოვალთ ბერმუდის სამკუთხედიდან. მსხვერპლი-აგრესორი-გადამრჩენელი, მსხვერპლი-აგრესორი-გადამრჩენელი, მსხვერპლი-აგრესორი-გადამრჩენელი. ციყვებივით ვტრიალებთ ბორბლის შიგნით.

ჩვენ ვერც ლუსტრაციის პროცესის გავლა შევძელით, ამ თვალსაზრისითაც, ჩვენი მცდელობა – შეგვეფასებინა საბჭოთა წარსული, უფრო სიმულაციური იყო, ვიდრე შინაარსობრივი. ეს რგოლიც გამოვტოვეთ, ბევრი სუბიექტური, თუ ობიეტური ფაქტორის გამო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უკან გვიბრუნდება; იმისათვის, რომ გავიგოთ რატომ არ მიდის პროცესი წინ, შეგიძლიათ ახსნათ: ისინი, ვინც ახერხებენ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას, რის ხარჯზე ახერხებენ ამას?

აი, რის ხარჯზე ახერხებენ… შეიძლება დასვა შეკითხვა, რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა და ამ კითხვაზე პასუხის ძებნა მიგიყვანს დამნაშავესთან და დასჯის სტრატეგიასთან. ეს წარსულზე ორიენტირებული შეკითხვაა. არსებობს სხვა შეკითხვა – როგორ მოხდა, რომ ეს მოხდა? აქ უკვე შენ ხარ ორიენტირებული მომავალზე, შენ ეძებ პასუხს, რომელიც საშუალებას მოგცემს მომავალში აღარ განმეორდეს შეცდომა.

თუ შენ მხოლოდ დამნაშავის დასჯაზე იქნები ორიენტირებული, ფაქტობრივად, ბრალის პროეცირებას მოახდენ გარკვეულ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფებზე და რაღაც ახლის სწავლისთვის სივრცე აღარ დაგრჩება. თუ დაიწყება სიტუაციის გაჯანსაღება შეკითხვით – როგორ მოხდა, რომ ჩვენ ეს მოგვივიდა, – მაშინ, ეს ჩვენ მოგვცემს ჰაერს, ჟანგბადს იმისთვის, რომ შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

ჯანა, ერთია, რომ შენ ხარ უკმაყოფილო ხელისუფლების რაღაც ტიპის პოლიტიკით, იმ ფასეულობებით, რაზეც შეიძლება დაფუძნებული იყოს ეს პოლიტიკა… არ ვიცი, მაგალითად, რა სჯობს – ისწავლო რუსული, თუ ინგლისური, თუ ორივე ერთად… მეორეა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ მათი ხელისუფლება კანონს არღვევს, ფარავს ჩადენილ დანაშაულს. აქ უკვე საზოგადოების ბუნებრივი მოთხოვნაა – აღდგეს სამართლიანობა, დაისაჯონ დამნაშავეები.

რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ მე ვსაუბრობ პათოსზე საზოგადოების შიგნით და მიმაჩნია, რომ ეს პათოსი უნდა იყოს შერიგება. ვიცით, რომ ოპოზიციაში დარჩენილ პოლიტიკურ ძალას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ხომ არ უნდა გადავყაროთ ისინი, ხომ უნდა შევრიგდეთ?! არც ახლო წარსულში და არც ახლა, ერთხელაც კი არავის უხსენებია სიტყვა შერიგება – აი, ეს არის ჩვენი პრობლემა. არც პოლიტიკური და არც საზოგადოებრივი დისკურსი შერიგების ჩვენ არ გვაქვს. ქრონიკულად შინაგან ომში ვართ.

როდესაც არსებობს შერიგების სურვილი და რეზერვი, ყოველთვის პოულობ სწორ გზას, სწორ ნაბიჯებს, მაგრამ ხომ არის სიტუაცია, როდესაც შენ არ შეგიძლია შერიგება იმ ჯგუფთან, რომელიც რადიკალურად, ფუნდამენტურად მიუღებელ იდეებს ქადაგებს, იდეებს რომლის განხოციელებაც დარწმუნებული ხარ, რომ შენს არსებობას ემუქრება.

იცი რა, მე მაინც მგონია, რომ ხშირად საქმე გვაქვს მცდარ განზოგადებასთან. საზოგადოება დაახლოებით ასე აზროვნებს – ეს კაცი მკვლელია და ყველა, ვინც მას მხარს უჭერს, ისიც მკვლელია. ეს კოგნიტური შეცდომაა, რომელსაც საზოგადოება უშვებს.

შევეცდები, რომ მარტივი მაგალითი მოვიყვანო კოგნიტური შეცდომის ასახსნელად. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ კონფლიქტი აფხაზებთან კი არ გვაქვს, არამედ რუსებთან. ეს კოგნიტური შეცდომაა. და რაშია აქ შეცდომა? – ჩვენ ნამდვილად გვაქვს კონფლიქტი რუსებთან, მაგრამ ჩვენ აფხაზებთანაც ნამდვილად გვაქვს კონფლიქტი. ფაქტობრივად, ჩვენ „ან-ან“-ის ჩარჩოში განვიხილავდით ამ კონფლიქტს და უნდა განგვეხილა „ც-ც“ ჩარჩოში, ხვდები?

ამ ტიპის კოგნიტური შეცდომები კი ძალიან ბევრია. შენ “ნაციონალებს” უჭერ მხარს? ე.ი. შენ ჩემი მტერი ხარ, “ოცნებას” უჭერ მხარს, მაშინ შენ ჩემი მტერი ხარ! სტერეოტიპებით ვაზროვნებთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი კოგნიტური შეცდომისა არის არჩევანის, მრავალფეროვნების თვითშეზღუდვა. ვთქვათ, მე ხელი დავიწვი ცხელ ჩაიდანზე, სწორი დასკვნა ასეთია – თუკი ჩაიდანის ლითონის ნაწილს, რომელშიც წყალი ახლახან ადუღდა, ხელს დავადებ – დავიწვავ, შესაბამისად, არ უნდა დავადო. თუ მე ზეჭარბ განზოგადებას მივმართავ, ვიტყვი – ჩაიდანი საშიში საყოფაცხოვრებო ნივთია და ის უნდა ამოვიღო ხმარებიდან. ამ ზეჭარბი განზოგადებით, მე არჩევანის უფლება დავკარგე, იმიტომ, რომ სინამდვილეში შემიძლია ცივი ჩაიდანის ლითონის ნაწილზე ხელი დავადო და არ დამეწვას, ცხელი ავიღო ტილოთი, მაგრამ, როგორც კი მცდარ დაშვებას დავეყრდნობი, ჩაიდანს საერთოდ აღარ ვიხმარ.

კიდევ ერთი, ჩვენში ძალიან გავრცელებული კოგნიტური შეცდომა გამახსენდა: “თუ ის კარგად იქნება, ესე იგი, მე ვიქნები ცუდად” – ეს ძალიან მოდებულია ჩვენში, მანიფესტირებულია, როგორც პოლიტიკური დაპირისპირებების (Power strugle) დროს, ასევე ინტერ-ეთნიკურ კონფლიქტებში და უმრავლესობის დამოკიდებულებაში უმცირესობის მიმართ. ამ ტიპის სტერეოტიპს, აზროვნებითს და ქცევითს, ზერო სუმ მენტალილტყ-ს ანუ, ნულოვანი ჯამის მენტალობას უწოდებენ. მე კი შევამოკლებდი და ამ ფენომენს პირდაპირ “ნულოვან მენტალობას” დავარქმევდი.

აი, ეს არის ფაქტობრივად კოგნიტური შეცდომები, რომელიც ნორმად იქცა ჩვენს საზოგადოებაში. არ ვიცი, არ ვართ “ტუგადუმები” ქართველები, მაგრამ იმდენად გამჯდარია “кто не снами, тот против нас”, “или они нас, или мы их…” – ასეთი ტიპის აზროვნება, რომ პირადად მე, ვფიქრობ, ჩვენი აზროვნება პოსტსაბჭოთა კი არ არის, ჯერ კიდევ საბჭოთაა.

შეგიძლიათ ახსნათ რა განსხვავებაა შურისძიებასა და სამართლიანობის აღდგენას შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? არ გეჩვენებათ, რომ ქართულ საზოგადოებაში შურისძიება სამართლიანობის აღდგენასთანაა გატოლებული?

ერთი მხრივ, ის რაც ვთქვით – დასჯის პროცესით ტკბობა, სამართლიანობის აღდგენას ძალიან დესტრუქციულს ხდის.

მაგალითად, მე მინდა, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, სანამ ის პრეზიდენტია, მას არ ამცირებდნენ. იმიტომ, რომ როდესაც მცირდება პრეზიდენტის ღირსება, მცირდება მოქალაქეც.

ახალმა ხელისუფლებამაც უნდა იკისროს ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა და ამ მოდუსში შევიდეს, აქ აღარ უნდა დარჩეს ადგილი ემოციური რევანშიზმისთვის, აქ უნდა იყოს რაციონალური და ასე ვთქვათ, პოლიტიკური ეტიკეტის დაცვით წარმართული მართვა.

მეორე მხრივ, რომ ვიმსჯელოთ დასჯის საზრისზე, რა შეგვიძლია ვთქვათ? დასჯა ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომავალში შენს მიზანს განგახორციელებინებს, მაგალითად, იყო დაცული, ან აღადგინო სამართლიანობა. მაგრამ თუ მიზანი დასჯაა, ანუ დაგავიწყდა, რომ ეს მხოლოდ საშუალებაა, ისევ კოგნიტურ შეცდომას დაუშვებ. ესეც ტრავმირებული საზოგადოების თვისებაა და რაც მე თავი მახსოვს, სულ ამ შეცდომას ვუშვებთ. ფაქტობრივად, შურისძიება ეს მიზნის ცნობიერების დაკარგვაა.

ტრავმული საზოგადოების კიდევ ერთი ნიშანი იცი, რა არის? აი, როდესაც შენ ამბობ – მე პლუსი ვარ, შენ მინუსი ხარ, ან მე მინუსი ვარ, ის პლუსია. ბერმუდის სამკუთხედთან ერთად, თავის დროზე, ერიკ ბერნმა პიროვნებას და საზოგადოებას ასეთი კონსტრუქციული ჩარჩოც შესთავაზა – მე პლუსი ვარ, შენც პლუსი ხარ! ეს აზროვნება გაძლევს საშუალებას, რომ შეურიგდე, განვითარდე, არ ეძებო ობიექტი, რომელსაც გადააბრალებ შენს პრობლემებს. ეს პლუსი არ ნიშნავს, რომ მე და შენ ძალიან კარგები, ნარცისები ვართ, არამედ ეს ნიშნავს – მე შემიძლია ჩემს პრობლემებს მოვუარო და შენშიც ვხედავ იგივე პოტენციალს. ანუ, ეს სიკეთის, ღირსების და პრობლემების გადაჭრის უნარის აღიარებაა.

ერთ-ერთი მინუსი, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, იყო ის, რომ პოლიტიკური ელიტის ჩაკეტილი წრე შექმნა: ერთი მხრივ, არავის არ ენდობოდნენ, მეორე მხრივ, ძალიან დისტანცირდნენ ხალხისაგან, და რახან არ ენდობი და დისტანციაზე ხარ, გარკვეულწილად დეჰუმანიზებული გყავს მოსახლეობა და კონკრეტული მოქალაქე. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება – აზროვნების გაჯგუფება. როდესაც ჯგუფი ჩაკეტილია, თვითკრიტიკა ეკარგება, არ შეუძლია, კრიტიკულად შეხედოს საკუთარ ქმედებას, სხვის კრიტიკას არ იღებს და ფაქტობრივად, ნებისმიერი იდეა, რაც ჩნდება ჯგუფში, ავტომატურადაა გაზიარებული, მიუხედავად მისი სამართლიანობისა.

იმის გამო, რომ ასეთი დრამატული შეცდომები დაუშვეს, ის, რაც სასარგებლო გააკეთეს, დღეს აღარ ფასდება. იმ მომენტიდან, როდესაც მათ დაიხშეს ყურები, როდესაც უარი თქვეს კრიტიკის მოსმენაზე, ეს იყო, ჩემი აზრით, დასასრულის დასაწყისი.

ერთი მხრივ, მართლაც ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი მენტალიტეტში, მაგრამ ცვლილებების დროს, თუ შენ გეზიზღება ადამიანები, მაშინ შენ ცვლილებას ვერ ახორციელებ. ბევრ ცვლილებას, რაც წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა, მგონია, რომ ახლა უკუქმედება ექნება იმიტომ, რომ დათრგუნვის გზით განხორციელდა და არა ტრანსფორმაციის გზით.

მაგალითად, სტალინის ძეგლი რომ აიღეს, მე მომწონს, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ხალხის მონაწილეობით მიღებული, ინფორმირებული გადაწყვეტილება… ამ გუნდს სურდა, ძალიან სწრაფი ცვლილებები განეხორციელებინა, და იმდენად, რამდენადაც ეს სისწრაფე ტრანსფორმაციაზე არ იყო დაფუძნებული, ავტორიტარული მეთოდებით ახორციელებდა ამ ცვლილებებს. როგორც კი შენ კომპრომისზე მიდიხარ და ფასეულობებს თმობ ცვლილებების დროს, მაშინვე ხდები ავტორიტარი – აი, ეს შეცდომა დაუშვა წინა ხელისუფლებამ. შენ, ხელისუფლება მესია ხომ არა ხარ?! შეიძლება, თადარიგი რომ დაეჭირათ და ტრანსფორმაცია დაეწყოთ, სწრაფი ცვლილებები არ მომხდარიყო, მაგრამ ცვლილებები მდგრადი ყოფილიყო. რეფორმები, რომლებიც ტარდება მოსახლეობის ღირსების ხელყოფით, ფაქტობრივად, დისკრედიტირებულია იმთავითვე. ამგვარად, მათ ერთგვარად დისკრედიტაცია გაუკეთეს დასავლურ კურსსაც და გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ამის გამო საზოგადოებამაც რომ შეიცვალოს ორიენტაცია.

ჯანა, თქვენ ქართულ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის დეფიციტზე ისაუბრეთ, ესეც საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია?

საბჭოთა კავშირმა 70 წლის მანძილზე გამოზარდა პასუხისმგებლობისაგან დაცლილი საზოგადოება, არადა პასუხისმგებლობა ადამიანური თავისუფლების აქტია. პასუხისმგებლობა და თავისუფლება არის ყველაზე დიდი ტვირთი, რომლის ღირსეულად ტარებაც ადამიანს ადამიანად აქცევს. თუ შენ არ იტვირთავ შენ წილ პასუხისმგებლობას და თავისუფლების რეალიზებას არ გააკეთებ, ან ნევროზში მიდიხარ, ან სუიციდში, ან ომში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა ფენომენი, უბრალოდ, საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო კულტივირებული.

რატომ არის ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანების შიში და მიუღებლობა? დასავლეთი სიგიჟის ზღვარზე მყოფი არაორდინარული ადამიანების დახმარებით ახერხებს განვითარებას.

მეშინია, რომ პანსაბჭოთა ახსნაში დამადანაშაულებ, მაგრამ საბჭოთა კავშირში გადარჩენისათვის საშიში იყო ყოფილიყავი გამორჩეული, სხვანაირი. ეს იყო პირდაპირი გზა საზოგადოებიდან იზოლაციისკენ. ჩვენ ვილაპარაკეთ კლიშეებზე: “ის, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგაა”, “სანამ ისინი რამეს გვიზამენ, ჩვენ უნდა ვუქნათ”, და კიდევ ერთი საბჭოთა კლიშეა “იყავი ისეთი, როგორიც ყველა!” ანუ, თუ გინდოდა გადარჩენა, ისეთი უნდა ყოფილიყავი, როგორიც ყველა. ეს ინერცია ისევ ცოცხალია, განსხვავებულის ძალიან გვეშინია. ჯერ კიდევ ინდუსტრიული აზროვნება გვაქვს, და არა პოსტინდუსტრიული ხედვა – რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, რამდენი სუბიექტიც არის, იმდენი აზრია, იმდენი სინამდვილეა, იმდენი სუბიექტური სიმართლეა, რომ რეალობა სუბიექტურია და არა ობიექტური. ფაქტობრივად, ერთი ეპოქით ჩამოვრჩებით თანამედროვე დასავლურ საზოგადოებას.

საბჭოთა კავშირის დროს შენ მიერ ინფორმაციის გადამუშავება გადარჩენისთვის საშიშად ითვლებოდა. შენ უნდა აგეთვისებინა სხვის მიერ სტრუქტურირებული და მოწოდებული მზა ინფორმაცია. ანუ ინფორმაცია საბჭოთა კავშირის დროს იყო “რეადყ ტო უსე პროდუცტ”. ეს არ შეიძლებოდა ყოფლიყო შენი ანალიზი, ეს უნდა ყოფილიყო ready to use, და ვინ იყვნენ “მზარეულები”? მანკიერი პოლიტიკური ელიტა, ანუ “პარტია” და უშიშროების სამსახური (“კაგებე”). საბჭოთა მოდუსიდან ვერ გამოვედით.

მესმის, ყველაფერი, რასაც ამბობთ, ლოგიკურია, ხელშესახები, ნათელი, თუმცა საბჭოთა წარსულის მემკვიდრეობის ძალაზე საუბრისას ერთი პრობლემა მაქვს, განა, საკმარისი დრო არ გავიდა იმისთვის, რომ ეს ტრავმები მოშუშებულიყო?

არის ასეთი ცნება – ტრავმის თაობიდან თაობაში გადაცემის ფენომენი. ის ოჯახური, სათემო, საზოგადოებრივი ნარატივებით გადაეცემა თაობებს. ტრავმები, რომელიც არ გადახარშულა, არ გაანალიზებულა – ქრონიკულად და ავტომატურად, გაუცნობიერებლად გვაბრუნებს წარსულში. მაგალითად, როდესაც აფხაზეთის ამბების მერე, დევნილ ბავშვებში გავრცელდა ტრავმული თამაში “დასაფლავება” – ბავშვები ჩიტებს, კატებს, თოჯინებს ასაფლავებდნენ და მერე გადაასვენებდნენ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ ეს გადასვენების რიტუალის თამაში, რომელსაც საზარელი ემოციები ახლდა, იყო ის გამოცდილება, რისი მოწმეც ეს ბავშვები გახდნენ – როდესაც დევნილები კოდორის უღელტეხილზე გადმოდიოდნენ, უფროსები მუდმივად საუბრობდნენ აფხაზეთში დარჩენილი მიცვალებულების გადმოსვენებაზე.

ტრავმული გამოცდილების განმეორებადობა თავს იჩენს ხოლმე ფოლკლორშიც. აი, მაგალითად, დევნილთა თემში ახალი “დევნილთა ფოლკლორი” 90-იან წლებში გაჩნდა, მაშინ, ერთ საღამოზე 3 წლის ბავშვი ვნახე, რომელიც გამოთქმით ამბობდა ლექსს: “დევნილები ვართ, ყველამ იცოდეს, გადმოსული ვართ აფხაზეთიდან, დატანჯულებმა, დაჩაგრულებმა თავი აქ შემოვაფარეთ!” ანუ ბავშვს, რომელიც აქ დაიბადა, ასეთ პატარა ასაკში, დევნილად და დაჩაგრულად თავის აღქმა, თემის ნარატივებში “შენახული მემკვიდრეობით” ერგო.

ჰოდა, დადგა დრო, რომ ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ, საჯაროდ ვიმსჯელოთ, გადავხარშოთ. აი, ახლა არის სწორედ ის მომენტი, როდესაც შეგვიძლია გავიაზროთ, როგორ მოხდა, რომ ეს ასე მოხდა და არა – ვინ არის დამნაშავე.

ძალიან ცოტა, ძალიან ცოტა დრო გავიდა სინამდვილეში. რატომ არის 20 წელიწადი ერთი შეხედვით ძალიან ბევრი, და მეორე მხრივ ძალიან ცოტა დრო? იმიტომ, რომ გაანალიზებული არ არის, გაკვეთილები არ გამოგვიტანია, მენტალურად ისევ იქ ვართ – საბჭოთა კავშირში.

წყარო: ცხელი შოკოლადი


Responses

  1. […] [1] https://burusi.wordpress.com/2012/12/12/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83… […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: