Posted by: burusi | 18/11/2012

მარიკა ლაფაური-ბურკი – “საშინაო და საგარეო კულტურა არ არსებობს”

მარიკა ლაფაური – Marika Lapauri-Burk

მარიკა ლაფაური-ბურკი – “საშინაო და საგარეო კულტურა არ არსებობს”

12 ნოემბერს კულტურის მინისტრმა ბატონმა გურამ ოდიშარიამ საქართველოს საზოგადოებას, როგორც ჩანს, დიდი წვალებით შეკრებილი გუნდი გააცნო. ახლა წესით, მომდევნო წინადადება უნდა დამეწერა: “პირველ რიგში მინდა მათ წარმატება ვუსურვო.” ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ გადავიფიქრე, რადგან რაც უფრო ფიქრებს მივყვები, უნებურად სულ უფრო ვიჭმუხნები და მიჭირს წარმატების წარმოდგენა. კარგ სურვილებს კი ცარიელ სიტყვებად ვერ ვწერ. სიტყვების კიდევ ერთხელ უშინაარსოდ გამოყენება არ მსურს. ისედაც ძნელია საქართველოში “დარჩენილი და გამოსადეგარი” სიტყვების მოძიება.

კულტურა ერთადერთი საფუძველია, რასაც ქართული სახელმწიფოს განვითარება უნდა დაეყრდნოს. მხოლოდ აქ არის საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მიუხედავად მწვავე დაპირისპირებებისა, კულტურის კრიზისი პოლიტიზირებული დაჯგუფებების წარმომადგენლებს ინტუიტიურად მაინც აქვს წარმოდგენილი და ამიტომაც კულტურის სამინისტროსაკენ მიმართული ყურადღება განსაკუთრებულია.

რამდენადაც ქაოტური და თვითლიკვიდაციის ჟინით არ უნდა იყოს შეპყრობილი საქართველოს საზოგადოება, ის მაინც ვერ ეგუებოდა, – ვიტყოდი ვფიქრობ გადაუჭარბებლად, – მდაბიო პროპაგანდას, სადაც კულტურის კვდომა ყველას თვალწინ გაუთავებლად გრძელდებოდა.

საქართველოს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს. ჩვენ კულტურული მეხსიერებისა და სივრცის დიგიტალურ სისწრაფეში მოყვანას უნდა ვცდილობდეთ. ქართული პოლიფონიის ფენომენის გაგებითა და გათვალისწინებით, სხვადასხვა პროექტების სახით ფორმებს უნდა ვქმნიდეთ. და თუ ეს ყველაფერი გავიგეთ, გვჭირდება დრო. დრო, რომელიც არა გვაქვს. ამიტომ, ვიტყოდი, დროის, დროულობის შეგრძნებაა მთავარი, რაც ჩვენთვის საბედისწერო განზომილებაა. დროის შეგრძნება გარკვეულად ადამიანების სოლიდარობას გულისხმობს, შეკავშირებას, აზრობრივ სივრცეში გაერთიანებას. სხვანაირად ვერ შევიგრძნობთ დროს, რომელიც თავისთვის ცალკე წიკწიკებს.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი მსჯელობებისა ქართული იდენტობის შესახებ, ფობიებით დაავადებულ ერზე და სხვ. დღემდე არ მომხდარა ქართული კულტურის სათანადო თემატიზირება. წარმოებულ დისკუსიებში პირიქით, მისი ხშირად შეუცნობამდე დანაწევრება მოხდა. რომ იტყვიან, სულ აირია მონასტერი. არმენოფობია ამ ე.წ. დისკუსიების ერთ-ერთ საყვარელ ლაიტმოტივად იქცა თვით ვაჟა-ფშაველასთან ამ უკანასკნელის აღმოჩენით, რობერტ სტურუას გავლით და ახლა, ალბათ უკვე თავად კულტურის სამინისტროს კედლებში აღმოჩენილი.

დღეს ამ მოტივის მთავარ თემად გადაქცევის საფრთხის წინაშე ვდგავართ. საფრთხეს იმიტომ ვამბობ, რომ მუსიკალური ფორმის კანონებით, მოტივი ნაწარმოებში თემად არ შეიძლება იქცეს.

ფილოსოფოს გივი მარგველაშვილის ხედვით, ყველა ადამიანს აქვს თავისი თემა და ჩვენი, ადამიანების ძალისხმევა კონტექსტის შექმნისაკენ უნდა იყოს მიმართული. აქედან გამომდინარე, არანაირად არ გვსურს ამ წერილში გამოთქმული მოსაზრებები ვინმეს ინდივიდუალური ნააზრევის თუ გამოცდილებების დაკნინება იყოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ კომუნიკაცია, თუნდაც მოგვიწიოს საკუთარი თემებით სხვადასხვა კონტექსტების კომბინაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება. საქართველოში გაჩენილ აუტიზმს რომელიც უკვე მემკვიდრეობითობის ხარისხით არის გავრცელებული ჩვენვე უნდა ვუმკურნალოთ. “ქართული აუტიზმი” ჩემი ბოლო აღმოჩენაა, რომელმაც ერთდროულად ამაღელვა და დამაშვიდა კიდეც. ახლა ხომ მაინც ვიცი, რაც გვჭირს!

კულტურის სამინისტროში ბატონი ოდიშარიას მიერ “მაგისტრად” წარდგენის შემდეგ, იმავე საღამოს ახლად დანიშნული ხათუნა ხუნდაძე მიწვეული იქნა “მაესტროს” ეთერში, სადაც ის შეეცადა მოკლედ მოეხაზა ქართული კულტურის განვითარების საკუთარი წარმოდგენები და გზები. მან მალევე ახსენა, რომ მისთვის: “გასაგებია, რომ დღევანდელ საქართველოში პრიორიტეტული ვერ იქნება კულტურა .. () ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები მთავრობას და ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი.” შეიძლება მეც გერმანიიდან იმედით მომზირალს, გამომრჩა ის მომენეტი, როცა საქართველოს ახალი მთავრობისათვის კულტურა პრიორიტეტული არ იქნება. ეს შემაშფოთებლად ჟღერს.

ხათუნა ხუნდაძემ სუხიშვილების და მსგავსი ანსამბლებით ქართული კულტურის წარდგენის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა და თავისი გამოცდილება, როგორც ერთი კომერციული ტურნეს თანამშრომელმა გაგვიზიარა. გადაცემის წამყვანთან ერთად განიხილეს თუ “რომელი მიმართულების პროდუქტი შეიძლება ამ (ევროპული) ბაზრისთვის საინტერესო იყოს”.

ამჟამინდელი ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, რომ გადაცემაში ნახსენებ ყველა თემას შევეხოთ. მთელი რიგი მოსაზრებები იქნა ერთბაშად გამოთქმული ფოლკლორის შესახებ, ამიტომ ამ საკითხზე მოკლედ შევრჩერდებით: “ქართულ ფოლკლორს აქვს პოტენციალი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა თაობა ფოლკლორით ვეღარ ინტერესდება, ახალგაზრდა თინეიჯერულ ასაკში.” – ამბობს რესპონდენტი.

განა მართლაც ასეა ევროპაში? სანამ ამ შეკითხვას შევეხებოდით, მინდა დაბეჯითებით ვთქვა: კულტურა არაა საბაზრო ეკონომიკა. მართალია, წინა ხელისუფლების იდეოლოგები სწორედ ამას გვასწავლიდნენ და თვით ქართული ენის დაცვის საკითხს საბაზრო მოთხოვნილებების კანონიკით უდგებოდნენ (გია ნოდია), მაგრამ მაშ რის შეცვლას ვაპირებთ? კუტუნიოს აღარ ჩამოვიყვანთ და ძვირად ღირებულ კონცერტებს არ გავმართავთ, – განა ამით შინაარსი იცვლება? კულტურა, უპირველსად, საკუთარი თავისთვის უნდა გქონდეს აღმოჩენილი, საკუთრივ უნდა იცოდე, რა არის შენთვის ღირებული. თუ ეს იცი, მაშინ მისი “გასაღება” არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს! მეტიც, – იქნებ საკითხი ისე დადგეს, რომ მისი “გასაღება” და “პროდუქტად” წარმოდგენა სულაც აღარ იყოს საჭირო. გულდასაწყვეტია, რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან პირველივე განაცხადში ვერ მოვისმინეთ რაიმე “ესთეტიკური ხილვა” (ერიხ როთაკერი), რომლის დიდი მოლოდინი, მიუხედავად ყველა ავბედითობისა ჯერ კიდევ ბჟუტავს ჩვენს საზოგადოებაში.

ხათუნას ვფიქრობ, გამორჩა ევროპაში ხალხურობისადმი დაბუნების თვალნათელი ტენდენციები. პირიქით, ევროპაში და სწორედ გერმანიაში Weltmusik, -ის “ბუმია”, რასაც ჩვენთან ფოლკლორი და ხალხური მუსიკა ჰქვია და თანაც სწორედ ახალგაზრდობაშიც. ეს დაბეჯითებით შემიძლია ჩემი დიდი გამოცდილებებით დავადასტურო. როცა 12 წლის მანძილზე მთელი ევროპის მასშტაბით ყველა აღიარებულ ფესტივალზე ტურნეები გადაჭედილ დარბაზებში, დიდი წარმატებით გვაქვს ჩატარებული, ასევე საუნივერსიტეტო ლექციების ტურნე, უამრავი სემინარები და სხვ. არა მარტო მუსიკა! ევროპამ აღმოაჩინა რა, თუ რის ფასად დაუჯდათ მათ “კეთილდღეობის სტანდარტი”, განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურებულია სხვადასხვა პროგრამები, მედია თუ სხვ. ენის კუთხურობის აღორძინების მცდელობებით. მუსიკალური არქივების თუ სხვა ნაციონალური მახასიათებლების მოძიებით. ხალხური ხელოსნობის და სხვა ხელსაქმის დაცვა კი, აქ ისეთ ხარისხშია, რომ საქართველოში გამოსაღებად და ჩემთვის სასურველ იდეად წარმომიდგენია.

ევროპელებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ლიბერალურ ეკონომიკაზე დაყრდნობილი საკმაოდ მყიფე კეთილდღეობა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ერთმა ჩვეულებრივმა მწვანე კიტრმა (EHEC -ვირუსის სკანდალი) შეიძლება, შეარყიოს არ არის და ადამიანისათვის საყრდენი ვერ იქნება.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებლად ისმის საქართველოს მედიით საუბრის თემად „გარეთ გასატან პროდუქტზე“ ასეთი მძლავრი აქცენტით საუბარი. ამ თემის ნიმუშებად,- კლასიკური მუსიკა, ხოლო კომპონენტებად, – ლიზა ბათიაშვილი და მისი არჩეული ვიოლინოები, “რომანტიულ, მაგრამ აქტუალური ამბავი”- საქართველოს კუთვნილი სტრადივარის რუსეთში ყოფნა, რომელიც “ჯერ უნდა გაირკვეს, არის ის მართლა სტრადივარი, თუ არა”, “სარაჯიშვილის მიბაძვა”… და ა.შ.

კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსი გახლავართ და ამ სფეროს საკმაოდ ახლოდან ვიცნობ. ჩემი სურვილი იქნებოდა კლასიკური მუსიკის დიდი პრობლემებისადმი საქართველოში სერიოზული მოდგომა ჩამოყალიბებულიყო. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე გასულ მუსიკოსებს, რომლებიც რიცხობრივათაც და წარმატებებითაც საკმაოდ განებივრებულნი ვართ, მათ ხელოვანის თავისუფლება დავუტოვოთ და ნუ ჩავაყენებთ პარტიულ სამსახურში. თვით პატრიოტულ სამსახურსაც ნუ მოვთხოვთ… ისინი უკვე არიან საქართველოს სახე. მათ ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნის შიგნით და ამის საშუალება „ღონისძიებების“ მიღმა უნდა მიეცეთ. წარმატებული მუსიკოსების პოტენციალის, ქვეყნის შიგნით სწაველბის ხარისხის გასაუმჯობესებლად გაჟღერებული ახლანდელი ხედვა, მისი განხორციელების შემთხვევაში მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

კულტურა არ არის დარგი და ღონისძიება. კულტურის სამინისტროს პირველ განაცხადებში, ჩვენი აზრით, მისი არსებობის მთავარი იდეა უნდა გამოიკვეთოს, – საზოგადოებისა და ქვეყნის ახალი რენესანსისათვის მზადება! არც მეტი და არც ნაკლები! ეს მაღალფარდოვნათ ნათქვამი არაა. არა პროდუქტი, არა გასაღებაზე საუბარი, არამედ, უპირველეად, გამთლიანებაზე, კულტურული მოზაიკით საზოგადოების ცნობიერების განვითარებაზე, რომელიც პირველ რიგში ნდობით და შემოქმედებითი გარემოს შექმნით შეიძლება მოხდეს. კლასიკური მუსიკა და მისი განვითარება ამ მთლიანის ნაწილად მიგვაჩნია და ჩვენს დანაწევრებულ ცნობიერებაში სწორედ ერთიან კონცეპტუალურ გააზრებაზე მინდა ვიფიქროთ და არა დარგებზე. ეს შეიძლება ამ წუთას კაპრიზად ისმოდეს, მაგრამ რაიმე შიშით, მის უკან წაღებას არ მოვინდომებდი. მხოლოდ ვკითხულობ და ეს არის ჩემი კაპრიზი: ვიცით, რა არის ეს მთლიანობა? უფრო სწორედ, ვიცით როგორ შეგვიძლია რაიმეს გამთლიანება, ჩვენს სულებშიც და ჩვენი სულებით?

ამ წერილის წერისას ერთი მეორეს მიყოლებით გავრცელდა სხვადასხვა მასალა, რომელიც ერთი დღის წინ არჩეული კულტურის მინისტრის ორ მოადგილეს საკმაოდ ჩრდილს აყენებს. როგორ მოვექცეთ ამ ფაქტებს?

„ბოდიშს მოვიხდიდი, ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ როგორც საჯარო პირი, ისე დავწერდი ამ ფრაზებს. თუმცა, როგორც საერო პირი, სახლში, ჩემს მეგობრებთან, დასთან, ძმასთან როგორ ვიმეტყველებ, ეს სხვაა.“ (ხ.ხუნდაძე)

საციალური ქსელი საჯარო ადგილია. ამ საჯარო სივრცეს საქართველოში არაჰიგიენურად ვექცევით. ესეც კულტურის კრიზისის მაჩვენებელია საქართველოში.

ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ ინტერვიუში მეზობელთან ურთიერთობას, ზრდილობას, სიფაქიზეს ნიჭი უწოდა. მაშინ მე მომეწონა ეს მოხდენილი აზრი, რომელიც ალბათ იმასაც გულისხმობდა, რომ არ არსებობს საშინაო და საგარეო კულტურა. არც ერში და არც ადამიანში. ის ან გაქვს, ან არა. თუ კულტურის არსებობისათვის რაიმე მოცემულობები არსებობს, მას ყოველდღიური მოვლა უნდა. მოვლას კი ცოდნა, კეთილგანწყობა და სიყვარული. ჩვენ ჩვენი კულტურით უნდა მოვახერხოთ ამ კატეგორიების პოლიტიკის მიღმა განლაგება და ჯერ კომუნიკაციის აღდგენით დავიწყოთ.

დაბოლოს ალფრედ ვებერის სიტყვით დავამთავრებ: “მაგრამ ჩვენ (…) შეგვიძლია ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ ყოველი ჩვენგანინ რაღაცას წარმოადგენს (…) არა მხოლოდ თავისი ქცევის, არამედ უწინარეს ყოვლისა თავისი არსებობის ფორმის წყალობით. ბევრ ჩირაღდანს ნათელი მოაქვს, ძალიან ბევრ გამათბობელს – სითბო. თქვენ იყინებით და შიშით ცახცახებთ ამჟამინდელ ყოფაში. თქვენზე, თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული ამ ვითარების შეცვლა. “

PS: ჩვენი სურვილი იქნებოდა, ქართულ მედიას ხელი შეეწყო ამ თემებზე თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცის შესაქმნელად.

ლიბერალი


Responses

  1. ძალიან მომეწონა და ვეთანხმები ამ წერილს.. ჩვენს კულტურას, ხელოვნებას სჭირდება შესაბამისი ნიადაგის, ფონის შექმნა, უპირველეს ყოვლისა მაღალხარისხიანი განათლების სისტემის შექმნით, რაც გვაქვს არა იმის დანგრევით, არამედ გამოსწორებიტ და განვითარებით..
    ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის, რას ქალბატონმა ხუნდაძემ ფოლკლორზე სთქვა – მსოფლიოს უდიდესი დარბაზები – ლინკოლნ-ცენტრი, ბერლინის და ვენის ფილარმონიები, როიალ-ალბერტ-ჰოლი და ა.შ. და ა.შ.. ტრიუმფებით აქვს მოვლილი ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებსა და გუნდებს და ამწუთებშიც აქვთ უწარმატებულესი ტურნეები… ძალიან საშიში იქნება, თუ ამას ვერ დაინახავს ახალი სამინისტრო და ახალი მინისტრი…

  2. rame rom gaitano jer shignit unda shekmna da samzuxarot bolo 8 zlis manzilze da samzuxarot dgesaz kvelaperi politikur ertgulebazea damokiidebuli. gatanis magivrad ramdeni shesanishnavi xelovani meznieri mogvazeobs sazgvargaret romeltaz akvt survili rom tavisi zodna gauziaron axal taobas .amas miakziet kuradgebha , ramdenia asetia sakartveloshi da am unijoebis agzavebas akademiashi da saministroshi yzmazuri kalbatonit da vai potograpit shors ver zaxvalt da eseve zaglekavt xalxiu

  3. .ძალიან საინტერესო და საჭირო სტატიაა! ვიტყოდი პოსტულატებად არის ჩამოყალიბებული საქარტველოში “კულტურულობის” და კულტურის შესახებ კარგი იქნებოდა რომ საზოგადოებამ გაიაზროს და გაიზიაროს ეს..

  4. ვერ დავიკვეხნი ,ბევრ პუბლიკაციას ვეცნობითქო მაგრამ რაც წამიკითხავს და მომისმენია, მათ შორის —შემიძლია ვთქვა—— ყველაზე მიუკერძოებელი, სამართლიანი, და საღი მოსაზრებაა ჩამოყალიბებული ქართულ კულტურაზე და საერთოდ იმ სიტუაციაზე რაც საქართველოში ყველაფერს მართავს….!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: