Posted by: burusi | 15/11/2012

ნიკო ჭავჭავაძე – ღირებულებათა ობიექტურობის პრობლემა

ნიკო ჭავჭავაძე

ნიკო ჭავჭავაძე – ღირებულებათა ობიექტურობის პრობლემა

მთარგმნელი დათაშვილი ნინო

წიგნიდან “კულტურა და ღირებულებები”

1. ტერმინების, “ობიექტურობისა” და “სუბიექტურობის” სხვადასხვა მნიშვნელობის შესახებ

კულტურის, როგორც განხორციელებულ ღირებულებათა სამყაროს გაგება ხსნის მის მრავალ არსებით ნიშანს და ახასიათებს მას როგორც ადამიანის მოღვაწეობის ღრმა საზრისსა და საბოლოო მიზანს სამყაროში, ავლენს მის როლს ადამიანის ადამიანად ჩამოყა+ლიბებაში, ადამიანისა და კაცობრიობის პროგრესულ განვითარებაში. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღირებულებები მართლაც ფლობს ძალას, რომელიც ამაღლებს და აკეთილშობილებს ადამიანს, თუკი მათ მართლაც შეუძლია ადამიანის აყვანა თავის თავზე მაღლა, მისი დახმარება, რათა გადალახოს თავის თავში მხეცი და ბარბაროსი. ამისათვის კი ღირებულებები უნდა ფლობდეს რაიმე ობიექტურ, ადამიანის ნებისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებელ ძალას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ ღირებულებები მხოლოდ ადამიანური ინსტიქტებისა და მოთხოვნილებების პროექცია იქნებოდა _ კულტურის შემოქმედების პროცესი დავიდოდა თანდაყოლილი ვნებებისა და მისწრაფებების გალიაში ადამიანის ტრიალის მანკიერ წრემდე.

ზემოთ გაკვრით მრავალგზის ითქვა (წიგნში „კულტურა და ღირებულებები _ მთარგმნელი) აქსიოლოგიასა და კულტურის თეორიაში სუბიექტივიზმის არამართლზომიერების შესახებ. მაგრამ ხაზი გაესვა იმასაც, რომ დაუშვებელია ღირებულებათა გაარსებითება და მათთვის ობიექტურ-რეალური არსებობის მიწერა, მისი ადამიანის გარეთ და ადამიანის ნებისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებობა. ეს ნიშნავს, რომ ღირებულებათა ყოფიერების წესი არის პრობლემა, რომლის გადაწყვეტილების მცდელობების გარეშე კულტურის ჰუმანისტურ-აქსიოლოგიური მოძღვრება ვერ იქნება დასაბუთებული. ამ პრობლემით უნდა დავკავდეთ ახლა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიტყვა “ობიექტურობა” მეცნიერებაშიც და ყოველდღიურ საუბარშიც გამოიყენება რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობით. ობიექტურს ვუწოდებთ ჩვენს გარემომცველ საგანთა და მოვლენათა სამყაროს, რომელიც გარკვეულ ადგილს იკავებს სივრცეში ჩვენი სხეულის საზღვრებს გარეთ. ობიექტურად მივიჩნევთ ჩვენს სხეულში, ხოლო ხანდახან ჩვენს ცნობიერებაში მიმდინარე ზოგიერთ პროცესსაც; ობიექტურად ითვლება ასევე მეცნიერების მიერ აღმოჩენილი კანონები, ამასთან არა მარტო კანონები, რომლებიც მოქმედებს ჩვენთვის გარეგან საგანთა და მოვლენათა სამყაროში, არამედ ადამიანთა გარკვეული ფიზიკურ-სხეულებრივი, სოციალური და სულიერი მოღვაწეობაც (როგორც მაგალითად, ფიზიოლოგიური, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური და ლოგიკური კანონები).

ცხადია, რომ ტერმინ “ობიექტურობის” ყველა ამ მნიშვნელობას უნდა ჰქონდეს ერთიანი აზრობრივი ძირი, სხვაგვარად საქმე გვექნებოდა სიტყვის არასწორ გამოყენებასთან. როგორც ჩანს, ეს ერთიანი ძირი მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტურს ვუწოდებთ ყოველივე იმას, რაც არაა დამოკიდებული ჩვენს თვითნებობაზე, არ ექვემდებარება ჩვენს სუბიექტურ ნებასა და ცნობიერებას, ანუ ყოველივე იმას, რაც ეწინააღმდეგება სუბიექტსა და სუბიექტურს. მაგრამ ცხადია ისიც, რომ ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში ტერმინი “ობიექტურობა” გამოიყენება არსებითად განსხვავებულ შემთხვევებში. ძნელი არაა შევნიშნოთ, რომ, მაგალითად, ჩვენი გარემომცველი სამყაროს ობიექტურობა და ფსიქიკური საქმიანობის ობიექტურობა სულაც არაა იგივეობრივი _ გარეგანი სამყაროს ობიექტურობა ნიშნავს მის სწორედ გარესუბიექტურ, ტრანსსუბიექტურ არსებობას (ეს ასეა, ყოველ შემთხვევაში, ყველა არა იმანენტისტურ, არა სუბიექტურ-იდეალისტურ თეორიაში), ხოლო ფსიქიკური საქმიანობის კანონების წარმოდგენა ფსიქიკის გარეთ არსებულად, მისთვის არა იმანენტურად, უბრალოდ შეუსაბამო, უაზრო იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება დავუშვათ, რომ ფსიქიკური საქმიანობის კანონები ფესვგადგმულია საქმიანობის არაფსიქიკურ (ფიზიოლოგიურ, სოციალურ, ობიექტურ-სულიერ და ა.შ.) სფეროებში, მაგრამ თუ ეს კანონები არ შეაღწევს ფსიქიკის შიგნით, იმოქმედებს მის “შეუხებლად”, მაშინ ვერც განსაზღვრავს მის საქმიანობას, ე.ი. არ იქნება მისი კანონები.

ანალოგიური შეიძლება ითქვას ასევე გარეგანი სამყაროს ობიექტურობისა და ჭეშმარიტების ობიექტურობის განსხვავებაზეც. ჭეშმარიტების ობიექტურობა ნიშნავს აზრის შესაბამისობას თავის ობიექტთან, სუბიექტის მიერ შემეცნების საგნის, სახელდობრ, ტრანსსუბიექტური საგნის ადეკვატურ “ხედვას”. მაგრამ თავად ეს “ხედვა”, აზრი უნდა იყოს სუბიექტის ცნობიერების იმანენტური შინაარსობრივად, სხვაგვარად ეს “ხედვა” არ შედგება. ჭეშმარიტება და მისი ობიექტურობა წარმოადგენს სუბიექტის ცნობიერების შინაარსის ხარისხობრივ მახასიათებელს, და რასაკვირველია, მათ არსებობა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ცნობიერების შიგნით. რა თქმა უნდა, სუბიექტის ცნობიერებით აღმოჩენილი ჭეშმარიტებანი შემდგომ შეიძლება და უნდა განხორციელდეს, ობიექტივირდეს (მატერიალური და სულიერი კულტურის ფენომენებში), მაგრამ თავდაპირველად ისინი უნდა წარმოიქმნას ცნობიერებაში, დაიბადოს სუბიექტის შემეცნებით მოღვაწეობაში.

ზემოთ ნათქვამი ნიშნავს იმასაც, რომ ტერმინით “ობიექტურობა” ჩვენ, გარკვეულ შემთხვევებში მაინც, ვახასიათებთ არა მხოლოდ გარეგან, ტრანსსუბიექტურ სამყაროს, არამედ სუბიექტურ საქმიანობასაც. ამასთან ობიექტური შეიძლება იყოს არა მხოლოდ სუბიექტის საქმიანობის კანონები (როგორიცაა ფსიქოლოგიური, შემეცნებისა და სუბიექტური დიალექტიკის თეორიები…), არამედ მისი მიმართულება და შედეგი (როგორც ეს ჩანს შემეცნებითი მოღვაწეობის მაგალითზე, რომელიც მიმართულია ობიექტური ჭეშმარიტების გახსნაზე).

გარკვეულ შემთხვევებშიც ობიექტურებს ვუწოდებთ არა მხოლოდ სუბიექტის საქმიანობის ცალკეულ მხარეებს, არამედ თავად საქმიანობის სუბიექტებსაც. ასეა, როცა ტერმინ “ობიექტურობას” ვიყენებთ შეფასებით, კერძოდ, ეთიკურ-შეფასებით აქტში. ამგვარად, როდესაც ვინმეს ვუწოდებთ ობიექტურ ადამიანს, ჩვენ ამით დადებითად ვაფასებთ მას, და ამასთანავე ვგულისხმობთ, რომ ჩვენი შეხედულებით, ის სწორად უდგება სიტუაციას და პირველ რიგში, ადამიანებს, მსჯელობს მათზე სამართლიანად, აფასებს მათ ღირსებისამებრ, აძლევს მათ ჯერარსს. ობიექტური შეიძლება ვუწოდოთ, მაგალითად, მოსამართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის განსასჯელს მისი ბრალეულობის შესაბამისად მექანიკურად კი არ უფარდებს კანონის ამა თუ იმ მუხლს, არამედ თავისი განაჩენი გამოაქვს სოციალური შედეგების, როგორც დანაშაულის, ისე სასჯელის, იურიდიული და მორალური ნორმებისა და ღირებულებების, მსჯავრდებულის ფსიქოლოგიის, მისი შესაძლო და სასურველი მომავლის და სხვათა გათვალისწინებით.

ობიექტური და არაობიექტური, ე.ი. სუბიექტური შეიძლება იყო არა მხოლოდ სხვა ობიექტებთან მიმართებაში, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ეს ეხება როგორც თვითშემეცნებას, ისე თვითშეფასებას. შეიძლება იცნობდე საკუთარ თავს და აფასებდე სწორადაც და არასწორადაც, ადეკვატურადაც და არაადეკვატურადაც.

ნათელია, რომ ობიექტურობა სუბიექტებისა და საკუთარი თავის მიმართ ნიშნავს რაღაც სრულიად განსხვავებულს, ვიდრე ობიექტების სამყაროს არსებობის ობიექტურობა სუბიექტის ნებისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებელი აზრით. თუნდაც იმის გამო, რომ სხვა სუბიექტებისა და საკუთარი თავისადმი ობიექტური მიმართებისთვის სწორედ რომ აუცილებელია ნებისა და ცნობიერების უკიდურესი კონცენტრაცია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ კონცენტრაციას შეუძლია უზრუნველყოს ეს ობიექტურობა. ე.ი. ტერმინ “ობიექტურობის” ამ მნიშვნელობით ობიექტურად ყოფნა შეიძლება მხოლოდ ძალზე მაღალი სუბიექტურობით ამ სიტყვის უფრო მაღალი გაგებით.

ამ საკითხს ხსნის ობიექტური მოსამართლის იგივე მაგალითი. თუკი, ვთქვათ, მოსამართლე განაჩენს გამოიტანს საკუთარი ცუდი განწყობილების გავლენით, რომელიც განპირობებულია გარკვეული მიზეზით, ფსიქო-ფიზიკური ორგანიზაციის ზეგავლენით, ასეთ განაჩენს არავინ უწოდებს ობიექტურს. სამართლიანი, ობიექტური განაჩენის გამოსატანად მოსამართლე ვალდებულია ამაღლდეს საკუთარ თავზე, როგორც ფსიქო-ფიზიკურ და ემპირიულ სუბიექტზე და განსაჯოს მართლმსაჯულების სუბიექტის პოზიციიდან. მისი განაჩენის მოტივები უნდა განისაზღვრებოდეს არა პიროვნულ-ინდივიდუალური მიდრეკილებებით, არამედ მართლმსაჯულების ინტერესებით, მორალურ-სამართლებრივი ნორმებითა და ღირებულებებით. თავისი ემპირიული, ფსიქო-ფიზიკური სუბიექტურობის გადალახვით მოსამართლე, რასაკვირველია, რჩება სუბიექტად და არ ხდება ობიექტი, თუ შეიძლება ასე გამოვხატოთ, ამაღლდება სუბიექტის უფრო მაღალ რანგში _ მართლმსაჯულების სუბიექტის რანგში, სუბიექტის, რომელიც ქმნის სამართალს და სამართლიანობას, კულტურის მოღვაწეში; ვინაიდან მართლმსაჯულება კულტურის აუცილებელი ელემენტია.

ანალოგიური შეიძლება ითქვას სუბიექტზეც, რომელიც აფასებს სხვებს ეთიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მისი შეფასებები ობიექტური იქნება არა მაშინ, როცა ის “კარგს” უწოდებს მათ, ვინც იწვევს მის მოწონებას, პატივისცემას სუბიექტურ-ეგოისტური თვალსაზრისით, არამედ მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა მისი შეფასებები ეყრდნობიან შესაფასებელთა ნამდვილ, ეთიკურ ღირსებებს, ე.ი. მაშინ, როცა ფსიქო-ფიზიკური სუბიექტი ამაღლდება ეთიკური სუბიექტის პოზიციამდე.

საგანთა მსგავს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე ესთეტიკური შეფასების დროსაც. ასეთი შეფასებები ობიექტური და ადეკვატურია მხოლოდ ესთეტიკური ობიექტის უანგარო, საჭიროებისა და ზრუნვისგან თავისუფალი ჭვრეტისა და განცდის დროს, ე.ი. ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის ესთეტიური სუბიექტის დონემდე ამაღლების პირობებში.

ამგვარად საკითხი წარმოდგება არა მხოლოდ სუბიექტის შეფასებით მიმართებაში სუბიექტებისადმი (და ობიექტებისადმი), არამედ შემეცნებით და პრაქტიკულ-გარდამქმნელ მიმართებაშიც. შემეცნების მიზანი ჭეშმარიტებაა, ე.ი. სუბიექტის ცნობიერების ისეთი შინაარსი, რომელიც მთლიანად განსაზღვრულია შემეცნებითი მოღვაწეობის ობიექტით და მთლიანად თავისუფალია სუბიექტურის ყოველგვარი მინარევებისგან. მაგრამ, რასაკვირველია, ასეთი განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ფსიქო-ფიზიკური სუბიექტების მინარევებისგან და არა თეორიულ-შემეცნებითი, გნოსეოლოგიური სუბიექტისგან, ვინაიდან შემეცნება, ე.ი. ჭეშმარიტების მიღწევა შეუძლია მხოლოდ სუბიექტს და სწორედ გნოსეოლოგიურ სუბიექტს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ჭეშმარიტებისკენ მისწრაფებითა და თეორიულ-შემეცნებითი ლოგიკის კანონებით, და არა ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის ეგოისტური მიდრეკილებებითა და ინტერესებით.

ემპირიული სუბიექტის ასეთივე ამაღლებას უფრო მაღალი სუბიექტის რანგამდე, ბიოლოგიური სახეობა homo sapiens-ის ფსიქო-ფიზიკური შეზღუდულობის გადალახვას ვხვდებით ადამიანის შრომით, მწარმოებელ-პრაქტიკულ საქმიანობაში, რომელიც მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით წარმოადგენს ადამიანის ადამიანად ჩამოყალიბების საფუძველს. თავდაპირველად ადამიანს შრომითი მოღვაწეობისკენ უბიძგა, რა თქმა უნდა, საჭიროებამ, მოთხოვნილებამ, რომელიც სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოთხოვნილებების ანალოგიურია, მაგრამ შრომის სუბიექტი ადამიანი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა, მარქსის სიტყვებით, ის, ცხოველებისგან განსხვავებით, მოქმედებს არა მხოლოდ მოთხოვნილებათა უშუალო ზეგავლენით, არამედ გაცნობიერებული მიზნის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს და მიმართავს მის საქმიანობას. ან, მარქსის სიტყვებით, როცა ის მოქმედებს არა საკუთარი სახეობის საზომით, არამედ თავისი მოღვაწეობის თავად ობიექტების საზომის შესაბამისად. წინარეადამიანი გახდა ადამიანი მაშინ, როცა მან (შესაძლოა ცდებისა და შეცდომების მეთოდით) ისწავლა ხელთარსებული მასალისგან იარაღების, თავისი მიზნების მიღწევის საშუალებების გაკეთება, ისწავლა მათი ინსტრუმენტალური ღირებულებების სრულყოფა და შექმნა, მათი ობიექტურად, პრაქტიკულად დამამტკიცებელი შესაძლებლობა შრომის საგნის ეფექტურად დამუშავებისა, მათი მიზანშეწონილობის, როგორც შრომითი თვალსაზრისით, ასევე საკუთარი ფუნქციისადმი “მორგებულობის” თვალსაზრისით. ე.ი. მაშინ, როცა ის გახდა თავისი საქმის ოსტატი, მასალის, იარაღებისა და შრომის საგნის ყველა ობიექტური ღირებულების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მცოდნე, ე.ი. შრომითი საქმიანობისადმი სრული ობიექტურობით მიდგომის მცოდნე. ყოველივე ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის ამაღლების პირობებში შრომის სუბიექტის, ოსტატის, ხელმარჯვის, მატერიალური კულტურის შემოქმედის დონეზე.

რაც შეეხება სოციალური საქმიანობის სუბიექტს, მაშინ აქ ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის შეზღუდულობის გადალახვის აუცილებლობა ხშირად გადაიქცევა პირდაპირი, ფიზიკური გაგებით უკანასკნელის (ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის) მსხვერპლად შეწირვის აუცილებლობად იმ ღირებულებათა გამარჯვების სახელით, რომლებსაც ემსახურებიან სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობები (რევოლუციური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ა.შ.). ასეთი მოძრაობის აქტიურ მოღვაწედ ყოფნა ნიშნავს გარკვეულწილად მზადყოფნას იმ საქმისთვის თავის დასადებად, რომელიც მიიჩნიე საკუთარი ცხოვრების საზრისად. ადამიანს, რომელიც ჩაკეტილია თავისი ფსიქო-ფიზიკური ორგანიზაციის ნაჭუჭში, “თავკერძას, მოთავისეს” (“шкурник”) უბრალოდ არ შეუძლია იყოს რევოლუციონერი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლი. ის აუცილებლობით უნდა დადგეს თავის “ტყავზე” მაღლა. სოციალური მოძრაობის წევრთათვის მშვიდობიანი და უსაფრთხო მოვლენათა განვითარების დროსაც კი მისი ნამდვილი სუბიექტები, ე.ი. აქტიური მოღვაწეები, შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გამოდიან არა ანგარებიანი ინტერესებიდან, არამედ მოძრაობის მაღალი იდეალებიდან.

სხვა საქმეა, როცა მსგავს ორგანიზაციებთან შეუძლიათ მიტმასნება სხვადასხვაგვარ ავანტიურისტებს. ასეა, მაგალითად, ადამიანური საქმიანობის სხვა სახეებშიც _ გამვლელები არიან ყველგან, მაგრამ ეს არ ცვლის იმ მდგომარეობას, რომ ყველგან, სადაც არის ნამდვილი ადამიანური საქმიანობა, ის დაკავშირებულია ადამიანის პიროვნების ამაღლებასთან მის საკუთარ ფსიქო-ფიზიკურ შეზღუდულობაზე, კულტურის შემოქმედების მის სუბიექტად გარდაქმნასთან.

სუბიექტი, ამ სიტყვის საკუთარი გაგებით, ე.ი. მოღვაწე, რომელიც თავისუფლად, თავისი ნებით განსაზღვრავს თავისი საქმიანობის ხასიათსა და მიმართულებას, ფსიქო-ფიზიკური ინდივიდი ხდება სწორედ სოციო-კულტურულ მოღვაწეობაში, მხოლოდ მიზანმიმართული შრომის, სოციალური აქტივობის, შემეცნების, სამყაროსა და სხვა ინდივიდებისადმი ეთიკური, ესთეტიკური და რელიგიური მიმართების სუბიექტის სახით. აქამდე ის ისეთივე პრაქტიკული შემადგენელი ნაწილია მისი გარემომცველი სინამდვილისა, როგორც მისი სხვა ნაწილები. თავდაპირველად ადამიანი არც ონტოგენეტიკურად, არც ფილოგენეტიკურად არ იმყოფება მშვიდად სუბიექტ-ობიექტურ მიმართებებში. მიმართება “სუბიექტ-ობიექტი” წარმოიქმნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ადამიანი ეწინააღმდეგება გარემოს, ამ გარემოს ხდის საგნად, ობიექტად თავისი პრაქტიკულ-გარდამქმნელი, შემეცნებითი, ეთიკური, ესთეტიკური და ა.შ. მიმართებებისა.

ბიოლოგიური სახეობა homo sapiens-ის არსების ეს გარდაქმნა კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის ამა თუ იმ სახის სუბიექტად არის სწორედ მისი გადაქცევა პიროვნებად.

პიროვნების გაგება ფართოდ არის გამოკვლეული ჩვენს ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში და ეს სრულიად კანონზომიერია, ისევე როგორც ინდივიდის პიროვნებად გარდაქმნა ნამდვილად დაკავშირებულია მის სოციალიზაციასთან, ე.ი. ცხოველმოქმედების სოციუმში მის აქტიურ ჩართვასთან, საზოგადოების სოციალურ-კულტურული გამოცდილების გაცნობიერებასთან, ინტერიორიზაციასთან, და მისი ფსიქიკური საქმიანობის გადატრიალებასთან, იმპულსურიდან ნებით ქცევამდე გადასვლასთან. მაგრამ პიროვნების გაგებას გააჩნია ასევე თავისი კულტურ-ფილოსოფიური საზრისი _ კულტურის ფილოსოფიისთვის პიროვნება არის სწორედ კულტურული შემოქმედების (და კულტურასთან ურთიერთობის, მასთან ზიარების) სუბიექტი. უფრო სწორედ, არა სუბიექტი, არამედ სუბიექტთა მთელი სისტემა (პრაქტიკული, სოციალურ-აქტიური, გნოსეოლოგიური, ესთეტიკური, ეთიკური, რელიგიური), სისტემა, რომელიც სხვადასხვაგვარად არის იერარქიზირებული კულტურული პიროვნების ტიპთან, კულტურის მოღვაწის ტიპთან დამოკიდებულებაში.

აქ არ არის ადგილი ჩავეძიოთ წვრილმანებს პიროვნების ტიპოლოგიურ ანალიზში კულტურის ფილოსოფიის თვალსაზრისით. ამ გაგებასთან ხომ ჩვენ მივედით ღირებულებათა ობიექტურობის შესახებ პრობლემაზე პასუხის ძიებაში. რა დახმარება შეიძლება გაგვიწიოს ამ ძიებაში ყოველივე ზემოთ თქმულმა.

პირველ რიგში, როგორც ჩანს, ინდივიდის (ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის) რანგში ამაღლება, მისი, თუკი შეიძლება ასე გამოვხატოთ, “სუბიექტივირება”, ნიშნავს ამავდროულად მის ინდივიდუალიზაციასაც (განუმეორებელ ინდივიდუალობად მისი გარდაქმნა, სახეობა homo sapiens-ის ერთგვაროვან ეგზემპლართა რიგიდან გამოყოფა), და მის თავისებურ “განზოგადებას”, ტიპიზაციასაც (მისი გარდაქმნა ოსტატად, გმირად, სწავლულად, პოეტად, წინასწარმეტყველად და ა.შ.). კარგი წარმოდგენა ერთდროული განზოგადებისა და ინდივიდუალიზაციის ამ პროცესზე შეიძლება მოგვცეს მხატვრული ტიპიზაციის, მხატვრული ტიპიური სახის გაგებამ, რომელიც, როგორც ცნობილია, რაც უფრო მკვეთრად ინდივიდუალური და განუმეორებელია, მით უფრო ფართოდ და ღრმად მოიცავს და გამოხატავს ადამიანთა ტიპებისა და ხასიათების არსებით ნიშნებს, ზოგადსაკაცობრიო ხასიათების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ პრომეთეს, ამირანის, ფაუსტის, დონ-კიხოტის… სახეები და შევადაროთ ისინი ამ მიმართებაში კულტურის დიდ მოღვაწეებს. შემთხვევითი ხომ არაა, რომ ამა თუ იმ ხალხის ეროვნულ ხასიათზე განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე უფრო მეტად ზუსტ და ღრმა წარმოდგენას გვაძლევენ კულტურის მისი გენიალური მოღვაწეები, რომლებიც არასოდეს არავისში აგერევა, არამედ რომლებიც სწორედ რომ თავის თავში ახორციელებენ (ახორციელებენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) თავისი ხალხის სულს. და არა მარტო გამოხატავენ, არამედ აყალიბებენ ამ სულს, თავიანთი ხალხის ეროვნულ ხასიათს. ვინაიდან ეროვნული ხასიათი, როგორც დავინახავთ, უფრო მეტად კულტურის ფენომენია, ვიდრე ბუნებისა.

აი, ამ “ტიპიზაცია-განზოგადებას”, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, აჰყავს კულტურის სუბიექტი სამყაროს მიმართ ემპირიულ დამოკიდებულებაზე მაღლა, გარდაქმნის მას ზეინდივიდუალურ სუბიექტად, უფრო სწორედ, გამოავლენს მის, ადამიანის, სიღრმისეულ არსებითად ზოგადს ხალხისთვის, კლასისთვის, კაცობრიობისთვის, სუბიექტურობის შრეები, ფენები, რაც აძლევს მას შესაძლებლობას შეხება ჰქონდეს სამყაროსთან არა ვიწრო-ემპირიული პოზიციით, არამედ ზოგადი, საერთო პოზიციით, არამედ საზღვარში, იდეალში, იმსჯელოს სამყაროს მოვლენების შესახებ არა თავისი ბიოლოგიური სახეობის საზომით, არამედ თავად მოვლენების საზომის გათვალისწინებით.

კულტურის სუბიექტის ამ ამაღლებას ემპირიულ სუბიექტზე არ შეიძლება არ ახლდეს მისი თვალსაწიერის, ჰორიზონტის გაფართოება და გაღრმავება. თუკი ემპირიული, ფსიქო-ფიზიკური სუბიექტი გარესამყაროში ხედავს მხოლოდ ერთეულ საგნებსა და მოვლენებს, მათ სივრცობრივ-დროულ რიგითობას და საუკეთესო შემთხვევაში, მისი ამა თუ იმ აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მათ შესაძლებლობას, მაშინ შრომის სუბიექტი იმავე საგნებსა და მოვლენებში ხედავს თავისი მიზნების მიღწევის საშუალებებსა და იარაღს, ხედავს და ადგენს მათ კანონშესაბამის და მიზანშეწონილ დამოკიდებულებებს, კერძოდ, მათ დამოკიდებულებებსაც თავიანთი მომავლის, შესაძლო მიზნებისა და მოთხოვნილებების მიმართ; თეორიულად შემმეცნებელი სუბიექტი იმავე საგნებისა და მოვლენების მიღმა ხედავს მათ არსს და კანონთა მთელ სამყაროს, რომლებიც მართავენ მათ; შემფასებელი სუბიექტი არსის გვერდით ხსნის ჯერარსის განსაკუთრებულ რეგიონს და ხედავს იმავე საგნებსა და მოვლენებს (პლუს მათ არსს და მათი ყოფიერებისა და განვითარების კანონებს) ამ ჯერარსის ფონზე, მასთან შესაბამისობაში.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის გარდაქმნა კულტურის სუბიექტად ადამიანს აძლევს შესაძლებლობას გამოვიდეს არსებულად მოცემული არსის საზღვრებიდან სივრცეშიც და დროშიც, შევიდეს კონტაქტში მასთანაც, რაც უკვე დიდი ხანია აღარაა, და მასთანაც კი, რაც საერთოდ არაა, მაგრამ უნდა იყოს, მასთან, რაც უნდა, რომ იყოს. სხვა სიტყვებით, ადამიანის ამაღლება კულტურის სუბიექტის რანგში მისი განსხვავებული მოდიფიკაციებით (შრომის, შემეცნების და ა.შ. სუბიექტი) მის წინაშე ხსნის ობიექტთა მთელ ახალ რიგს, რომლებიც შეესაბამებიან კულტურის სუბიექტის მოდიფიკაციებს _ შრომის, შემეცნების, სოციალური ქმედების, ეთიკური, ესთეტიკური, რელიგიური დამოკიდებულებების ობიექტების სამყაროები.

ობიექტთა რიგების ამ უბრალო ჩამოთვლიდან უკვე ჩანს მათი არსებითი განსხვავება _ საჭირო არაა, მაგალითად, შრომისა და ესთეტიკური ჭვრეტა-განცდის ობიექტებს შორის ან შემეცნებისა და რელიგიური რწმენის ობიექტებს შორის ხარისხობრივი განსხვავების განმარტება. ის, რაც კულტურის სუბიექტის ერთი მოდიფიკაციისთვის ფლობს უეჭველ ობიექტურ ყოფიერებას (ვინაიდან როგორც მოდიფიკაციის სუბიექტი ინტენდირებულია სწორედ ამ თავის ობიექტზე და თავისი სუბიექტურობის საზრისს ხედავს სწორედ ამ განზრახვაში), სუბიექტის სხვა მოდიფიკაციისთვის შეიძლება ფიქცია იყოს. მაგალითად, ასეთი დამოკიდებულებაა მეცნიერული ცოდნისა და რელიგიური რწმენის ობიექტებს შორის.

კულტურის სუბიექტების მოდიფიკაციებისა და მათი შესაბამისი ობიექტების ამ განსხვავებებიდანვე ცხადია ტერმინ “ობიექტურობის” განსხვავებული გამოყენება ყოველდღიურ საუბარში და მეცნიერებაში, ცხადია, რომ რაიმეს ობიექტურობისა და სუბიექტურობის შესახებ შეკითხვისას, პირველ რიგში, აუცილებელია გავარკვიოთ სუბიექტთა და ობიექტთა რომელ სახეობას, სუბიექტ-ობიექტების რომელ წყვილს მიეკუთვნება ეს რაღაც, კულტურის სუბიექტის რომელი მოდიფიკაციის მხედველობის არეში შეიძლება ჰქონდეს მას თავისი ადეკვატური ადგილი. ამით ჩვენ მგონი მოვიპოვეთ მყარი ნიადაგი იმ კითხვებზე პასუხების საძიებლად, სუბიექტურია თუ ობიექტური ღირებულებები, და თუკი ობიექტურია (ან სუბიექტური), მაშინ სახელდობრ რა აზრით, სუბიექტ-ობიექტის დამოკიდებულებების რომელი მოდიფიკაციის სფეროში.

2. ღირებულებათა აუცილებლობა და საყოველთაო მნიშვნელობა

ღირებულებები არ შეიძლება იყოს სუბიექტური ფსიქო-ფიზიკურ სუბიექტში მათი ფესვგადგმულობის აზრით. როგორც ვნახეთ, ჭეშმარიტების, სიკეთის, სამართლიანობის, სილამაზისა და სხვა ღირებულებებთან ადამიანის ურთიერთობის აუცილებელი პირობა სწორედ ფსიქო-ფიზიკური სუბიექტის შეზღუდულობის გადალახვაა. თავის ფსიქო-ფიზიკურ ორგანიზაციაში ჩაკეტილ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია “კავშირის არხი” ჰქონდეს მაღალ სოციალურ და სულიერ ღირებულებებთან, მისთვის ისინი მიუღწეველია, მისი ცნობიერება ბრმაა მათთვის. მაღალ ღირებულებებთან მიღწევა შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც ამაღლდება სოციალური, ეთიკური, ესთეტიკური, თეორიულად შემმეცნებელი სუბიექტის დონემდე. როგორ შეეფარდება მაღალი ღირებულებები, მიზან-ღირებულებები სუბიექტის ამ მაღალ რანგებს? პირველნი დამოუკიდებელნი არიან უკანასკნელთაგან თუ ფესვგადგმულნი არიან მათში, ე.ი. ობიექტურნი არიან თუ სუბიექტურნი სუბიექტურობისა და ობიექტურობის ამ უფრო მაღალი გაგებით? ისინი წარმოიქმნებიან ადამიანის კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის მიერ თუ წინასწარ მიცემული აქვს ადამიანს?

უკვე ითქვა, რომ რეალურ განხორციელებას, რეალიზაციას იდეალური ღირებულებები მოიპოვებენ მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილ კულტურაში. ჭეშმარიტებანი არსებობენ მხოლოდ მეცნიერულ თეორიებში, სათნოება _ მხოლოდ ზნეობრივ ქცევაში, სილამაზე _ მხოლოდ მხატვრულ შემოქმედებაში და ადამიანის მიერ სამყაროს ესთეტიკურ აღქმა-განცდაში, და არა სადღაც ადამიანამდელ სამყაროში. ღირებულებები მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის, რომელთათვისაც ღირებულებათა ენა გარკვეული, მკაფიო და გასაგებია. მოკლედ რომ ვთქვათ, ღირებულებები არის მხოლოდ იქ, სადაც არის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მათი მიღწევა. ღირებულებების არსებობის დაშვება ადამიანამდე ნიშნავს კულტურის სუბიექტის არსებობის დაშვებას დედამიწაზე ადამიანის გაჩენამდე. რა თქმა უნდა, ამ დაშვებაში არაფერი არალოგიკური არაა, თუკი საუბარია შესაძლო გონიერ არსებებზე კოსმიური სივრცის სხვა ადგილებში ან ჩვენს პლანეტაზე ადამიანის დღევანდელი სახეობის გაჩენამდე. მეცნიერულ-ფანტასტიკური ლიტერატურა და კინოფილმები არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ დამაჯერებელია არა იმდენად სარწმუნო ფაქტებით, რამდენადაც მათი ლოგიკური დაშვებულობის გამო. მაგრამ თუკი ადამიანამდელი ან არამიწიერი ცივილიზაციებისა და კულტურების ამ შესაძლებლობასა და დაშვებულობასაც მივიღებთ დამტკიცებულ რეალობად, მაშინ ეს არ უარყოფს მდგომარეობას იმის შესახებ, რომ კულტურის შექმნა და შესაბამისად, ღირებულებებთან შეხება შეუძლიათ მხოლოდ გონიერ არსებებს, რომლებიც ფლობენ ხორცს, ე.ი. სხეულებრივ-სულიერ არსებებს, რომელთაც შეუძლიათ იდეალური ღირებულებების როგორც დანახვა და გაგება, ისე მათი განხორციელება, მათთვის რეალური ხორცის შესხმა. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოსახვითი კოსმიური ძმების როგორც სხეულებრივი, ისე სულიერი ორგანიზაცია გონებით შეიძლება ჩვენგან, მიწიერისგან ძირეულად განსხვავებული იყოს, მაგრამ კულტურული შემოქმედების საერთო კანონი, რომლის თანახმადაც კულტურის მოღვაწედ გახდომა შეიძლება მხოლოდ თავისი სულიერ-სხეულებრივი შეზღუდულობის გადალახვით, ძალაში უნდა იყოს მათთვისაც. ეს ასეა, იმ შემთხვევაში მაინც, თუ სამყაროს ევოლუციის ზოგადი კანონები მოქმედებენ ამ ჩვენი გონებისმიერი სავარაუდო ძმების სამყაროებში.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გაგვიტაცა არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის შესაძლებლობის ძალზე მაცდუნებელმა, მაგრამ სავსებით ფანტასტიურმა იდეამ. აქ ჩვენ გვაინტერესებს არა ამ იდეის მართლზომიერება, არამედ ღირებულებათა ობიექტურობის პრობლემა. არამიწიერი ცივილიზაციების იდეა (სრულიად დამოუკიდებლად იმისგან, მართლზომიერია ის, თუ არა) უნდა დაგვეხმაროს უფრო ცხადად შევხედოთ ამ ჩვენს პრობლემას. ლაპარაკი იმ ღირებულებათა ობიექტურობის შესახებ, რომელთაც ადამიანური ცივილიზაცია აღიარებს როგორც უმაღლესს, უპირობოს, შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ასეთებად უნდა დარჩნენ სხვა შესაძლო გონიერი არსებებისთვისაც: ამა თუ იმ ცნობიერების შინაარსის ობიექტურობის ერთერთი აუცილებელი ნიშანი არის მისი საყოველთაო მნიშვნელობა, თანაც მნიშვნელობა არა მხოლოდ ადამიანთათვის, არამედ ნებისმიერი გონიერი არსებისთვის.

მაგრამ შეიძლება თუ არა ლაპარაკი ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, სილამაზესა და უსახურებაზე ადამიანური წარმოდგენების საყოველთაო, საზოგადო, ასე ვთქვათ, კოსმიური მნიშვნელობის შესახებ, როცა ადამიანთა სახეობის შიგნითაც კი გარკვეული ჯგუფები (კლასები, ერები, პარტიები, სახელმწიფოები) ხშირად აფასებენ ერთი და იმავე მოვლენებს დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისებიდან? უტოპიური ხომ არაა ლაპარაკი საყოველთაო მნიშვნელობის ღირებულებებზე, როცა მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური ბრძოლა, რომლის საფუძველშიც დევს საწინააღმდეგოდ მიმართული ღირებულებითი ორიენტაციები, ღირებულებათა ურთიერთგამომრიცხავი ხედვა და გაგება, არა მხოლოდ არ განიმუხტება, არამედ უფრო მეტად მძაფრდება, მწვავდება? განა კაცობრიობის მთელი ისტორია არ მოწმობს იმის შესახებ, რომ საყოველთაო შეთანხმებამდე ადამიანები მიდიან უიშვიათეს შემთხვევებში, მაშინ, როცა ისინი ვალდებულნი არიან ამისადმი ცხადი აუცილებლობის გავლენით, როცა მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი, როცა არ აქვთ არჩევანი. ღირებულებები ხომ, როგორც უკვე მრავალგზის ითქვა, სწორედ ესაა, რაც ადამიანმა უნდა და შესაბამისად შეუძლია აირჩიოს. თავსმოხვეული, აუცილებლობით ნაკარნახევი ღირებულება კარგავს ღირებულების მთელ ხიბლსა და მიმზიდველობას, არ ხსნის ადამიანის შემოქმედებით ძალებს, როგორც ეს ჭეშმარიტ ღირებულებას შეეფერება, სწორედ რომ თრგუნავს მათ, არ ათავისუფლებს მას, არამედ იპყრობს, იმონებს.

მაგრამ თვითნებური, თავისუფალი ურთიერთობა სამყაროს მიმართ ხომ არაფერ კარგს არ უქადის ადამიანსა და კაცობრიობას. ადამიანს ხომ არ შეუძლია იყოს თავისუფალი იმაში, რომ ბოროტება სიკეთედ მიიჩნიოს და სიცრუე _ ჭეშმარიტებად. ასე გაგებული თავისუფლება, ყველაფრის ნებადართულობის თავისუფლება ხომ კვლავ ემუქრება კაცობრიობას გადაშენებით, რის შესახებაც დამაჯერებლად მოწმობს ისტორიაც და თანამედროვე “ცივილიზებული” ბარბაროსობის ურიცხვი მაგალითიც.

ეს ნიშნავს, რომ ღირებულებებს არ შეუძლიათ ობიექტურ-რეალური არსებობის ფლობა, მაგრამ ასევე არ შეუძლიათ იყვნენ სუბიექტურები. მათ არ შეუძლიათ რეალურ-მიზეზობრივად ზემოქმედება ადამიანზე, მაგრამ ასევე არ შეუძლიათ იყვნენ მისი თვითნებური, “ყველაფრის ნებადამრთველი” არჩევანის საგანი. ეს იმით აიხსნება, რომ ღირებულებებს თავისთავად, დამოუკიდებლად არ აქვთ ადგილი არსის სამყაროში, ისინი “ცხოვრობენ” ჯერარსის სამყაროში, იდეალური მიზნების სახით. ხოლო ჯერარსი არის ის, რაც ჯერ კიდევ არაა, რასაც ჯერ კიდევ არ აქვს არც ობიექტური, არც სუბიექტური ყოფიერება. ამის გამო სავსებით სწორო არაა ღირებულებები მივიჩნიოთ, როგორც ეს ჩვენს ლიტერატურაშია გავრცელებული, სუბიექტურ-ობიექტურად, სუბიექტ-ობიექტისად. ეს სწორია მხოლოდ იმ აზრით, რომ ღირებულებებს მნიშვნელობა და ძალა აქვთ მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც აღიქვამენ მათ თავიანთი მისწრაფებისა და საქმიანობის მიზნებისამებრ. თავისთავად, ისინი “მკვიდრობენ, ბინადრობენ” სუბიექტ-ობიექტამდელ ჯერარსის სამყაროში, სამყაროში, რომელშიც არაა არც სუბიექტები და არც ობიექტები. იქ, სადაც გვაქვს ობიექტები და სუბიექტები (ნებისმიერი რანგისა და მოდიფიკაციისა), საქმე გვაქვს არსის, არსებულის სამყაროსთან, და არა ჯერარსთან, იმასთან, რაც მხოლოდ უნდა იყოს, რამაც უნდა მიიღოს ყოფიერება.

ღირებულება, როგორც ადამიანური მისწრაფების მიზანი, არაა მასზე თავს მოხვეული რეალური აუცილებლობით, არამედ თავისუფლად უნდა იქნას არჩეული მის მიერ, ისე როგორც ჯერარსის სამყაროში “გარღვევა” შესაძლოა მხოლოდ არსისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, მხოლოდ (თუნდაც აზრობრივად) გადალახვით, მასზე მაღლა დადგომით, მხოლოდ არსის (საკუთარი ემპირიული არსებობის ჩათვლით) საკუთარი ნებისადმი დაქვემდებარებით, ე.ი. მხოლოდ თუნდაც ფარდობითი თავისუფლების პირობებში. მაგრამ თუკი მიზანი არჩეულია, მაშინ ის უნდა გახდეს ჩემი საქმიანობის კანონი, მე უნდა დავექვემდებარო მის მოთხოვნებს, როგორც აუცილებლობას, სხვაგვარად ვერ შევძლებ მის მიღწევას. თუკი მე დავისახავ მიზნად მათემატიკური ამოცანის ამოხსნას, მაშინ მე უნდა მივყვე მისი ამოხსნის ლოგიკურად აუცილებელ პირობებს. თუ მე მინდა გავხდე სამართლიანი, მაშინ მე უნდა დავემორჩილო სამართლიანობის ეთიკურად და სოციალურად აუცილებელ ნორმებს. თუ მე მინდა, რომ ჩემს მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოები იყოს ჰარმონიული, მაშინ მე უნდა მივყვე ჰარმონიის კანონებს. ადამიანის ამ დეტერმინირებულობას თავისუფლად, თავისი ნებით არჩეული მიზნით, ე.ი. ღირებულებით დეტერმინაციას, სრული უფლებით შეგვიძლია ვუწოდოთ თავისუფალი აუცილებლობა. თავისუფალი იმ აზრით, რომ ეს ჩემი ნების საქმეა _ ვაღიარებ თუ უარვყოფ მიზანს. მაგრამ რომ ვაღიარებ და მსურს მისი მიღწევა, მე აუცილებლად უნდა დავემორჩილო მის მოთხოვნებს. თუკი გსურს ჩასწვდე ჭეშმარიტებას, მაშინ უნდა მოიქცე ასე და ასე. თუკი გინდა იყო ჯანმრთელი, მაშინ საჭიროა მოიქცე ამგვარად და ამგვარად. აი, ეს “უნდა” და “საჭიროა” არის კიდეც ღირებულებათა მიმართ ადამიანის დამოკიდებულების აუცილებელი ფორმა, რომელიც არა მხოლოდ არ ლახავს, არ ბღალავს ადამიანურ თავისუფლებას, არამედ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, წარმოადგენს მის ფუნდამენტურ პირობას.

გამონათქვამის (“თუკი… მაშინ”) პირობითმა ფორმებმა, რომლებიც აქ გამოყენებულია ღირებულებითი დეტერმინაციის “თავისუფალი აუცილებლობის” დახასიათებისთვის, შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ღირებულებები არის პირობითი კონვენციონალური ნორმები. თუმცა ეს ასე არაა.

რასაკვირველია, სხვადასხვა საზოგადოებაში ფუნქციონირებული სამართლებრივი, ზნეობრივი და ა.შ. ნორმები, რომლებშიც ეს საზოგადოებები აცნობიერებენ და აფიქსირებენ შესაბამის ღირებულებებს, პირობითი, კონვენციონალური და ფარდობითი არიან. ის, რაც ერთ საზოგადოებაშია, ერთი კლასის მიერ აღიარებულია სიკეთედ, სხვა საზოგადოებისა და სხვა კლასის მიერ შესაძლოა მიჩნეული იქნას ბოროტებად. მაგრამ ეს მეტყველებს არა თავად ღირებულებების პირობითობასა და ფარდობითობაზე, არამედ მხოლოდ ამ საზოგადოებებისა და კლასების ღირებულებითი ცნობიერების პირობითობასა და ფარდობითობაზე. სხვადასხვაგვარი (და მით უმეტეს წინააღმდეგობრივი) პოზიციები ღირებულებებთან დამოკიდებულებაში არ შეიძლება იყვნენ ტოლფასნი. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტოლფასობის გაგება ფორმალურადაც კი არ შეიძლება მივუყენოთ ღირებულებათა სამყაროს (სადაც ყველაფერი თანაბრად ღირებულია, იქ არაფერი არაა ღირებული, ვინაიდან ღირებული არის დამსახურებული უპირატესობის მინიჭება არჩევანისა), არამედ ადამიანისთვის, მისი ადამიანად ჩამოყალიბებისთვის ღირებულებათა შინაარსით, აზრითა და მნიშვნელობითაც. სწორედ ადამიანის ზიარება ღირებულებათა სამყაროსთან გარდაქმნის ბიოლოგიურ ინდივიდს პიროვნებად, პრაქტიკის, სამყაროს შემეცნებისა და შეფასების სუბიექტად, გონიერ, მიზანშეწონილ შემოქმედებით არსებად, ამაღლებს მის ემპირიულ არსებობას, ათავისუფლებს მას ბრმა ბუნებრივი და ბუნებრივ-ისტორიული აუცილებლობის ტყვეობიდან, უხსნის მას გზას თავისუფლების სამყაროში.

ამ თავისუფლების სამყაროსთან მიახლოების საზღვარი, რომელიც შექმნილია აუცილებლობის შემეცნებისა და გადალახვის საფუძველზე (ბუნების სტიქიური ძალებისა, საზოგადოებისა და თავად ადამიანისა), არის ღირებულებების სხვადასხვა ღირებულებითი პოზიციების ნათელი და მკაფიო კრიტერიუმი. კრიტერიუმი სრულიად ობიექტურია, ობიექტური სრული აუცილებლობის, უპირობობის აზრით.

საეჭვოა, შეიძლება თუ არა იყოს ეჭვები იმის შესახებ, რომ ღირებულებითი აზრით თავისუფლება მონობაზე მაღლაა და უკეთესია. მაგრამ ობიექტურ-მეცნიერული აზრით არსებობს ყველა საფუძველი მივიჩნიოთ, რომ აუცილებლობიდან თავისუფლებისკენ გადასვლა, თავისუფლების როლის თანდათანობითი და ნახტომისებური ზრდა სამყაროს ევოლუციაში არაორგანული ბუნებიდან ორგანულის მეშვეობით ადამიანამდე და მის კულტურამდე, ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ენტროპიის გადალახვასთან, სისტემათა ორგანიზებულობის გართულებასა და ზრდასთან (რაზედაც საუბარი იყო ზემოთ კულტურის გარეგანი და შინაგანი ფაქტორების შესახებ), წარმოადგენს რეალური სინამდვილის აშკარად პროგრესულ ტენდენციას. ღირებულებით ორიენტირებული საქმიანობა კაცობრიობისა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ დევს ამ ტენდენციის ხაზზე, არამედ ავითარებს მას ახალ თავისუფალ-აუცილებელ ფორმებში. ადამიანის კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა ამ თვალსაზრისით არის სამყაროს ევოლუციის მწვერვალი ჩვენს მზის სისტემაში. სამყაროს განვითარების ობიექტური ტენდენციის ამ შესაბამისობაში შეიძლება დავინახოთ ღირებულებათა ობიექტურობა და კანონზომიერება ადამიანის კულტურის ადგილისა უნივერსუმში.

ღირებულებები თავისთავად არც ობიექტურია, არც სუბიექტური, ისინი საერთოდ არ არსებობენ არსის სამყაროში, ისინი “ბინადრობენ, მკვიდრობენ” ჯერარსის სამყაროში. მათი “შეყვანა” არსის სამყაროში, მისი გარდაქმნა მათ შუქზე და ამით ღირებულებების ობიექტივირება არის ადამიანის ამოცანა. მაგრამ ამ ამოცანის შესასრულებლად ადამიანმა უნდა დაიკავოს სწორი პოზიცია ღირებულებებთან მიმართებაში: ამაღლება იქამდე, რათა შეძლოს მათი დანახვა, გაცნობიერება, და გაცნობიერება სწორედ ამოცანის სახით, რომელიც დგას მის წინაშე და მასზე მაღლაც კი, ამოცანისა, რომლის ამოხსნასაც მან უნდა დაუქვემდებაროს თავისი თავისუფალი ნება როგორც თავისი მიზანმიმართული საქმიანობის კანონს. ამ აზრით ღირებულებები ობიექტურნი არიან: ისინი ადამიანისგან მოითხოვენ მის ობიექტივაციას.

რასაკვირველია, ობიექტივაცია, რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ ღირებულებებისა, რომლებიც პრინციპში რეალიზებადია, ე.ი. რომელთა რეალიზებისთვის არსებობს რეალური ობიექტური და სუბიექტური პირობები. უნივერსუმის განვითარების დიალექტიკა, არაორგანული მატერიის უდაბლესი ფორმებიდან ადამიანის სულიერ-სუბიექტური მოღვაწეობის უმაღლეს ფორმებამდე, მიკრონაწილაკების ქაოტური მოძრაობის ბრმა აუცილებლობიდან უმაღლესი ღირებულებებით განათებულ, თავისუფალ-შემოქმედებით, მიზანმიმართულ მოღვაწეობამდე, სამყაროს გარდასაქმნელად და გასაუმჯობესებლად, წარმოადგენს აუცილებელ და საკმარის პირობას ღირებულებათა განსახორციელებლად, პრინციპულ შესაძლებლობას მათი რეალური ხორცშესხმისთვის. ამ შესაძლებლობის გამოყენება კაცობრიობის საქმე და ვალია.

Нико Чавчавадзе, «Культура и ценности», глава пятая, проблема объективности ценностей, ст. 119-132. «Мецниереба» Тбилиси, 1984 г.


Responses

  1. ობიექტურობა, როგორც ასეთი რასაკვირველია, არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ვილაპარაკოთ ისეთ ღირებულებებზე, როგორებიც იდეაში მოიცავენ აბსოლუტიზმს…. მაგრალითად “იყო კეთილი” და “იყო კარგი,” თითქოს ორი ძალიან მსგავსი ცნებებია, მაგრამ თუ კაგრად დავაკვირდებით, სიკეთეს შეუვალი სტატიკური ფასეულობის ელფერი აქვს, არ შეიძლება ადამიანი იყოს კეთილიც და ბოროტიც…. რაც შეეხება ცნებას “იყო კარგი” ეს უკვე სოციალურად კონსტრუირებადია და ინტერსუბიექტურობის ისეთივე დოზას შეიცავს, როგორსაც ბატონი ავტორის მიერ აღნიშნული სხვა ღირებულებები. შეიძლება ადამიანი იყოს კარგიც და კეთილიც, მაშინ როდესაც მისი სიკარგე აუცილებლად არ განაპირობებს მისსავე სიკეთეს…… ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ არსებობს რაღაც სივრცეები, სადაც შეიძლება ვისაუბროთ მყარ კონცეპტებზე, თუნდაც ეს კონცეპტები ჩვენვე მოვიგონოთ…..

    დიდი მადლობა ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს და ქალბატონ ნინოს, რომელმაც საშუალება მოგვცა მშობლიურ ენაზე წაგვეკითხა, ეს შესანიშნავი ტექსტი…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: