Posted by: burusi | 31/10/2012

თომას ჰობსის სოციალური დოქტრინა

Thomas Hobbes – თომას ჰობსი

თომას ჰობსის სოციალური დოქტრინა

საზოგადოების თეორიათა ჯგუფში მექანიცისტურ სოციოლოგიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შეიძლება ითქვას, ახალ დროში საზოგადოების პირველი სისტემატური თეორია მექანიცისტურია. ეს არის ბუნებისმეცნიერული კანონების და პრინციპების გადატანა საზოგადოებაზე და საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ ცოდნის, ბუნებაზე ცოდნის ცოდნის დონესთან შესაბამისობაში მოყვანის მცდელობა. ადამიანისა და საზოგადოების მექანიცისტური სურათი მექანიცისტი მატერიალისტებისა და საერთოდ მექანიცისტური მსოფლმხედველობის წარმომადგენელთა ნააზრევზე აიგო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ფრენსის ბეკონის, ჯონ ლოკის, რენე დეკარტის, პიერ გასენდის და სხვათა ნააზრევი. ჰობსი ერთ-ერთი მათგანია.

ჰობსის მეთოდი

ყოველი მოაზროვნე თავის ნააზრევს გარკვეული მეთოდოლოგიური პრინციპით გადმოსცემს, ამიტომ ისმის კითხვა: როგორია მასალის გადმოცემის ჰობსისეული მეთოდი? ჰობსი ფიქრობს, რომ საქმის გასაცნობად ჯერ უნდა განიხილოს სახელმწიფო, როგორც საგანი, შემდეგ მისი წარმოშობა, ფორმა და სამართლიანობის წყაროები. სახელმწიფოს განხილვა უპირველესად მისი ნაწილების გზით შემეცნებას ნიშნავს, ეს ასე უნდა იყოს, ჰობსის აზრით, რადგან ყოველი ნივთის შემეცნება ადვილდება მისი ნაწილებად დაშლით, ისე როგორც საათის ან რომელიმე რთული მექანიზმის შესასწავლად უკეთესია მისი დაშლა და ცალკეული დეტალების შესწავლა, მათი ფორმის და მოძრაობის გაგება, ასევე სახელმწიფოს მიზნის და სამოქალაქო მოვალეობათა შესწავლისას აუცილებელია წარმოდგენაში მაინც განვიხილოთ ის დანაწევრებულად, ე.ი. გავიგოთ, როგორია ადამიანის ბუნება, რა ხდის მას სახელმწიფოს შესაქმნელად გამოსადეგს, თუ გამოუსადეგარს და როგორ უნდა გაერთიანდნენ ადამიანები ერთად ცხოვრებისათვის.

სახელმწიფო ადამიანებისაგან შედგება, ამიტომ მისი შესწავლა უნდა დავიწყოთ ადამიანთა ბუნების დახასიათებით. როგორია ადამიანის ბუნება? ადამიანები ბუნებით დაუნდობელნი არიან თუ მათ აკავებთ შიში ხელისუფლების წინაშე, ერთმანეთს არ ენდობიან და თითოეული ცდილობს, თვითონ დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყონ თავისთვის მშვიდობა. სახელმწიფოშიც კი, თუნდაც მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეთ, იარაღდებიან და ემზადებიან ომისთვის, რატომ? ასევე სახელმწიფოს ყოველი მოქალაქე იარაღასხმული დადის, რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოებიც და ადამიანებიც არ ენდობიან ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ცუდები არიან. ბუნებით ცუდები რომ იყვნენ, მაშინ საღვთო წიგნში ეწერება, მაგრამ ცუდები რომ არიან, ეს არაა სადავო. ცუდნი არიან იმის გამო, რომ უგუნურნი არიან.

უგონო ბავშვი მშობელს ცემს სურვილის შეუსრულებლობის გამო, მაგრამ ამის გამო არაა ის ცუდი, ცუდი იქნება, თუ მშობელი გაუკეთებს იმას, რაც არ არის გასაკეთებელი. საქმე ისაა, რომ ადამიანის მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების გარეთ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი ვითარება, არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. და ამ ომში ყველას ყველაფრის უფლება აქვს. ადამიანები იღწვიან, გამოვიდნენ ამ ვითარებიდან, ე.ი. ომის მდგომარეობიდან. ეს შესაძლებელი გახდება, თუკი უარს იტყვიან ყველაფრის უფლებაზე და შეთანხმდებიან, მშვიდობის უზრუნველსაყოფად თავიანთ უფლებათა ნაწილი გადასცენ სხვას. მაშასადამე, საკითხი ისმის: რა მოთხოვნებს აყენებს გონება, რომელთაც შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი კანონები, ამას ეთმობა თავისუფლების განყოფილება. ამის შემდეგ ავტორი აჩვენებს სახელმწიფოს არსებას და მის ფორმათა სიმრავლეს, განსაზღვრავს, როგორ აღმოცენდა სახელმწიფო და უმაღლესი ხელისუფლება და რა უფლებები უნდა გადასცენ მოქალაქეებმა უმაღლეს მმართველს სახელმწიფოს შესაქმნელად. ამის გარეშე ყველაფრის უფლება ექნება და არც სახელმწიფო იქნება. შემდეგ ჰობსი განასხვავებს სახელმწიფოს სახეებს: მონარქიას, არისტოკრატიას, დემოკრატიას, პატრიარქალურ და დესპოტურ ხელისუფლებას. დასურათებულია თითოეულის წარმოშობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ჰობსი მსჯელობს სახელმწიფოს დამანგრეველ ძალებზეც და უმაღლესი ხელისუფლების განმხორციელებელთა მოვალეობაზეც. შემდეგ განასხვავებს კანონს და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას, აანალიზებს განსხვავებას კანონს, რჩევას, ხელშეკრულებას და სამართალს შორის. ყოველივე ეს გადმოცემულია ხელისუფლების განყოფილებაში, ბოლო დასკვნით ნაწილში უჩვენებს, რომ ადამიანთა სამართალი შეესაბამება ღვთიურს, ეს ნაჩვენებია რელიგიის ნაწილში, ასეთია ძირითად იდეათა გადმოცემის ჰობსისეული მეთოდი ნაშრომში _ „მოქალაქე“, ანალოგიურ მეთოდს იყენებს „ლევიათანშიც“.

ჰობსის აზრით, სახელმწიფოს ფილოსოფიას გარკვეული დამოკიდებულება გააჩნია, რადგან ადამიანი, რომელსაც არ უსწავლია ბუნების ფილოსოფია, ანალიზური გზით აღწევს სახელმწიფოს ფილოსოფიის შესწავლას. ბუნების კანონების ცოდნის გარეშე შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის სამართლიანი და უსამართლო, როგორია ესა თუ ის მოქმედება, რომ არასწორი იქნებოდა კანონის სინამდვილედ გადაქცევა და რომ კანონი გაბატონებული ნებელობაა.

ჰობსი ადამიანის შესახებ

ჰობსის აზრით, ადამიანის ბუნებრივი უნარი ოთხზე დაიყვანება: სხეულებრივი ძალა, გამოცდილება, გონება და გრძნობა. ამ ოთხი უნარით უნდა განისაზღვროს, შეძლებენ თუ არა ადამიანები, თავი დაიცვან ძალადობისაგან და დაამყაროს მშვიდობა ადამიანებთან ურთიერთობაში. ჰობსი აკრიტიკებს იმათ, ვინც ადამიანს განსაზღვრავს როგორც საზოგადოებრივ ცხოველს. ის ფიქრობს, რომ ადამიანი არაა ბუნებით საზოგადოებრივი ცხოველი, მასში არის მხოლოდ შესაძლებლობა საზოგადოებრივ ცხოველად ყოფნის, მაგრამ ამ შესაძლებლობას რეალიზაცია სჭირდება, ამისთვის ადამიანმა უნდა ისწავლოს საზოგადოებაში ცხოვრება, მას უნდა განუვითარდეს საზოგადოებაში ცხოვრების უნარი ცოდნის გზით. ჩვილი ვერ გამოავლენს საზოგადოებაში ცხოვრების უნარს, მხოლოდ ყმაწვილს შეუძლია ისწავლოს საზოგადოებაში ცხოვრება. ამიტომ ჰობსი არ ეთანხმება ადამიანის თავიდანვე საზოგადოებრივ არსებად დასახვას. იმოწმებს ბერძნებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია, ე.ი. არსება, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოში. ადამიანი ადამიანს კი არ ეძებს და მასთან მეგობრობას თუ ურთიერთობას, არამედ სხვებისგან პატივისცემას და სარგებლობას, თვით ადამიანებს კი მეორე პლანზე აყენებს. ჰობსი ფიქრობს, რომ ყოველი საზოგადოების შექმნას ეგოიზმი უდევს საფუძვლად, რადგან საზოგადოება იქმნება დიდების, თუ სარგებლობის მიზნით, ე.ი. საკუთარი თავისადმი და არა ახლობლებისადმი სიყვარულის გამო, რადგან სარგებლიანობა და სახელი განსაზღვრავს ადამიანთა პოზიციას სხვების მიმართ, მათ მოსაპოვებლად ბატონობა უკეთესი გზაა, ვიდრე კავშირ-მეგობრობა, ამიტომ ადამიანები ესწარფვიან ბატონობას და არა თანასწორუფლებიანობას. თანასწორუფლებიანობა წარმოიშობა არა იმიტომ, რომ ადამიანებს კეთილი სურვილები ამოძრავებთ, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთის ეშინიათ. ჰობსი უარყოფს იმათ, ვინც ცდილობს, შიში მოხსნას ურთიერთობიდან, როგორც საზოგადოების შემქმნელი ფაქტორი, თუ ეშინიათ ერთმანეთის და ვერ იტანენ ერთმანეთს, საზოგადოებას არ შექმნიან, _ ამბობენ ჰობსის ოპონენტები. ჰობსის აზრით, ისინი ცდებიან, რადგან შიშის მხოლოდ ერთ ვითარებას ითვალისწინებენ _ ძრწოლას, შიშს კი სხვა მნიშვნელობაც აქვს, შიში არის მომავალი ბოროტების განჭვრეტა. „შიშში მე ვგულისხმობ არა მარტო საფრთხისაგან გაქცევის მცდელობას, არამედ უნდობლობასაც, ეჭვს, სიფრთხილეს, წინდახედულობას, რაც საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ საფრთხეს“. (23, 287-288). შიშის ფენომენებია კარების დაკეტვა, იარაღის ტარება, საზღვრების გამაგრება, ზავის პირობების ძიება და სხვა მსგავსი. ურთიერთშიშის ორი მიზეზია: ის, რომ ადამიანებს უნდათ თანასწორობა და აქვთ ერთმანეთისადმი ზიანის მიყენების სურვილიც. ჰობსი გაბედულად აყენებს თეზისს ადამიანთა ბუნებრივი თანასწორობის შესახებ: „ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორია,უთანასწორობა, ომელიც ამჟამად არსებობს, შექმნილია სამოქალაქო კანონით“. (23, 288).

ადამიანებს შორის მტრობის მიზეზებს ჰობსი ორ ჯგუფად ჰყოფს: ერთია ადამიანთა სურვილი საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენების და მეორეა ნივთის დაუფლების საყოველთაო სწრაფვა. ამ ვითარებაში აუცილებელი ხდება სამართალი, რომელიც „თითოეულის უფლებაა, ჭეშმარიტი გონების შესაბამისად გამოიყენოს თავისი უნარი“. (23, 289).

ადამიანს აქვს უფლება, შეინარჩუნოს თავისი არსებობა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი საშუალებები, ყველა საშუალება შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ კონკრეტულად რომელი სჭირდება, თვითონ უნდა განსაზღვროს. ეს ბუნებრივი პირობაა, საზოგადოებრივი ცხოვრება კი მოითხოვს იმის შემფასებელ კრიტერიუმს, რამდენად საჭიროა ადამიანის უშიშროებისათვის ყველა ის საშუალება, რომელსაც იყენებს. თანაც ეს შეფასება უნდა მოახდინონ სხვებმაც. ასეთ ვითარებაში წარმოიშობა საშუალებათა შეზღუდვის აუცილებლობა. ეს შეზრუდვები არაა ბუნებრივი, ისინი საზოგადოების მიერ შექმნილი კანონებია. მოკლედ, ჰობსისთვის კანონი ზღუდავს პრინციპს _ აკეთე რაც გინდა, პრინციპით: აკეთე რაც დასაშვებია, თუ მიზანშიწონილია. თუ ადამიანებს ყველაფერის უფლებას დავუტოვებთ, სამართალს აზრი არ ექნება. უნდა იყოს შეთანხმება, ვის რა უნდა ჰქონდეს და ეკუთვნოდეს, რაც ყველასია, ის არავისი არ არის. ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობაა ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. როცა საზოგადოებაში ერთიანდებიან, ვითარება იცვლება: ადამიანები ეძიებენ უშიშროებას და ამის უზრუნველყოფა უნდათ ან მშვიდობით, ან ომში მოკავშირეებით.

ჰობსი განასხვავებს ბუნებრივ კანონებს საზოგადოებრივისაგან. ორივე ადამიანს ეხება. „კანონი, მისი თქმით, ჭეშმარიტი გონებაა, რომელიც ადამიანის ბუნების ნაწილია და იწოდება ბუნებრივად“. მაშასადამე, „ბუნებრივი კანონი ჭეშმარიტი გონების მოთხოვნაა“, იმის მიმართ, რა შეიძლება და რა არა სიცოცხლის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. ჰობსი ადგენს ოც ბუნებრივ კანონს, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ბუნებრივ ვითარებას. ამ კანონთაგან უპირველესია ძირითადი კანონი, რომელიც ამბობს: „უნდა ვესწრაფვოდეთ მშვიდობას ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. თუ მშვიდობის მიღწევა არ შეიძლება, უნდა ვეძებოთ ომის წარმოების საშუალებანი“ (23, 295).

რადგან ყველაფრის უფლება ყველაფერზე არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს, ამიტომ უფლებათა ნაწილი სხვას უნდა გადაეცეს, ნაწილზე თვითონ უნდა ვთქვათ უარი. სხვაზე, რომ გადავიტანოთ უფლება, მარტო ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი, სხვაც უნდა იყოს თანახმა მის მიღებაზე. უფლების გადაცემა შეიძლება წარსულის, ან აწმყოს გამომხატველი მსჯელობით, მაგრამ არა მომავლისა, რადგან მომავლის მსჯელობა დაპირებას იძლევა უფრო და უფლება კი იმას რჩება, ვისაც ჰქონდა. ფორმებიც განსაზღვრულია, ამბობს ჰობსი, ერთს ეთანადება ხელშეკრულება, მეორეს შეთანხმება. ხელშეკრულება ორი ან მეტი პირის მიერ თავიანთ უფლებათა გასხვისებაა, შეთანხმება კი მომავალში შესრულების დაპირებაა. ეს უკანასკნელი არაა საჭირო ბუნებრივ პირობებში, მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრების პირობებში აქვს აღთქმას აზრი, რადგან მისი შეუსრულებლობა შეიძლება დაისაჯოს. სამოქალაქო საზოგადოებაში ამას სახელმწიფო ასრულებს, ბუნებრივ ვითარებაში კი მოტყუებული სჯის მომტყუებელს.

ჰობსისთვის მთავარია ადამიანის ბუნების ოცი კანონი, რომელნიც ემთხვევა მორალურ ნორმებს, ეს კანონები ადამიანის ქცევის ნორმებია. პირველი კანონი ზემოთ მოვიტანეთ, ჩამოვთვალოთ ზოგიერთი დანარჩენთაგანი: მეორე კანონი ამბობს, შეთანხმება უნდა დავიცვათ, ე.ი. სიტყვას არ ვუღალატოთ, მესამე კიცხავს უმადურობას, მეოთხეს მიხედვით ყოველი ცდილობს, იყოს სასარგებლო, მეხუთე ეხება ქველმოქმედებას, მეექვსე ამბობს, სასჯელი მომავალზეა გამიზნული, მეშვიდე გმობს შეურაცხყოფას, მერვე ქედმაღლობას, მეცხრე ეხება თავმდაბლობას, მეათე თანასწორობას, მეთერთმეტე განსაზღვრავს, რა უნდა იყოს საერთო საკუთრებაში, მეთორმეტე ადგენს კენჭისყრით გაყრის პირობებს, მეცამეტე პირველი მესაკუთრის უფლებას, მეთოთხმეტე იცავს შუამავლებს მშვიდობის საქმეში და მათ მიიჩნევს ხელუხლებლად, მეთხუთმეტე ორს შორის დავაში მესამეს უხმობს განმსჯელად, მეთექვსმეტე ამბობს, ვერავინ ვერ იქნება თავისი საქმის მოსამართლე, მეჩვიდმეტე მოსამართლეს უკრძალავს საჩუქრის მიღებას იმისგან, ვისაც ასამართლებს, მეთვრამეტე ეხება მოწმეებს, მეცხრამეტე გამორიცხავს მოსამართლესთან მოლაპარაკებას, მეოცე მიმართულია ლოთობის და ყველაფერ იმის საწინააღმდეგოდ, რაც გონებას უპირისპირდება. როგორც ვხედავთ, ჰობსი ადამიანთა ურთიერთობის მოგვარების ფორმებს ეძებს და მიაჩნია, რომ მის მიერ დადგენილი კანონების შესრულება სამართლიანი ქცევის საფუძველია, ხოლო მათი დარღვევა უსამართლობის. ჰობსი ახსენებს საზოგადოებას, რომ ადამიანები თანასწორები არიან და არავინ არ უნდა ითხოვდეს სხვაზე მეტ უფლებას. ასეთი მოთხოვნა ქედმაღლობის მაჩვენებელია. ჰობსი განიხილავს თანასწორობისა და სამართლიანობის მიმართებას, აქ ჰობსი უახლოვდება კანტის კატეგორიულ იმპერატივს, უფრო სწორად, მის პრინციპებს უყრის საფუძველს, ამას ასაბუთებს შემდეგი დებულებებით: ყოველმა სხვას უნდა მისცეს ის უფლებები, რასაც ის თავისთვის მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანასწორობა დაიკარგება და შემდეგ: „არ გაუკეთო სხვას ის, რასაც შენ თავს არ უსურვებ“. (23, 315). სამართლიანობა ჰობსს წარმოუდგება როგორც უფლებათა თანასწორი განაწილება. ჰობსი ფიქრობს, რომ ამ კანონების შემეცნება და დაცვა აუცილებელია, თუ გვინდა შევინარჩუნოთ არსებობა და უშიშროება, მაგრამ არის მათი შემეცნების ხელისშემშლელი ფაქტორები: იმედი, შიში, რისხვა, პატივმოყვარეობა, ანგარება, როცა ისინი ბატონობენ სულში. ბუნებრივი კანონი ორ ძალას ემყარება: პირველი, სინდისის ძალით არის სავალდებულო მისი შესრულება და, მეორეც, სასამართლოს ძალით. ჰობსისთვის კანონის დარღვევის მაჩვენებელი ჩვენს სინდისთან წინააღმდეგობაა, ასეთ შემთახვევაში, თუნდაც ვიმოქმედოთ კანონის მიხედვით, ის მაინც დარღვეულია. ეს კანონები უცვლელი და მარადიულია, რამდენადაც, რასაც ისინი კრძალავენ, არასდროს იქნება დაშვებული: უმადურობა, შეთანხმების დარღვევა, უსამართლობა, არაადამიანურობა, შეურაცხყოფა. ამ კანონებს, რომელთა დარღვევა არ შეიძლება, ჰობსი სამოქალაქოს უწოდებს, მიაჩნია რომ კანონების შესრულება სამართლიანობაა, შემსრულებელი კი სამართლიანი. ბუნებრივი კანონი, ამავე დროს, მორალური კანონია, რადგან სამართლიანობა და უსამართლობა სიკეთის და ბოროტების იგივურია. სანამ სიკეთისა და ბოროტებისთვის ერთი საზომი არ გამოინახება, ადამიანები ყოველთვის ომის მდგომარეობაში იქნებიან, რადგან ყველა თავისებურად გებულობს ამ ცნებებს. თავმდაბლობა, სამართლიანობა, ერთგულება, ადამიანურობა, თანაგრძნობა, ყველა ეს სათნოება აუცილებელია მშვიდობის მისაღწევად და რადგან მშვიდობის მომთხოვნი კანონი საჭიროებს სათნოებასაც, ამიტომ ის მორალური კანონიცაა და შესაბამისად ბუნებრივი კანონები გამოხატავენ მორალური ფილოსოფიის არსებას. კიდევ მეტი, ჰობსისთვის ბუნებრივი კანონი მორალურის გარდა ღვთიურიც არის, ამით ცდილობს, კიდევ უფრო აღამაღლოს ამ კანონთა ავტორიტეტი.

სახელმწიფოს წარმოშობა და ფორმები

ჰობსი განიხილავს სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებს, აღნიშნავს, რომ ადამიანთა მოქმედება მათი ნებელობით განისაზღვრება, ნებელობა კი იმედითა და შიშით. ეს კანონები საზოგადოებრივი ცხოვრებისთვისაააუცილებელი, საზოგადოებრივი ცხოვრება კი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და სახელმწიფოში გამიხატება. ჰობსი აკრიტიკებს არისტოტელეს, რომელიც საზოგადოებრიობას ადამიანის გარდა ცხოველებსაც მიაწერდა: ჭიანჭველებს, ფუტკრებს. ისინი გონებას მოკლებული არიან, მაგრამ თავიანთ სწრაფვას უქვემდებარებენ ერთ მიზანს და ახასიათებთ ერთიანობა, მაგრამ მათი გაერთიანება არ ქმნის სახელმწიფოს და ამიტომ არც საზოგადოებრივ ცხოველებს წარმოადგენენ. რადგან ისინი საკუთარი თანხმობით, ე. ი. ნებელობათა სიმრავლით წარიმართებიან ერთ ობიექტზე, მაშინ როდესაც ერთ სახელმწიფოში მართვა ხდება ერთნაირი ნებელობით, გარდა ამისა, ცხოველებთან მშვიდობის უზრუნველსაყოფად არცაა საჭირო სხვა რამე ძალა იმიტომ, რომ ისინი არ ესწრაფიან განდიდიებას, სოციალურ სტატუსს, ადამიანებში კი ბრძოლა წარმოებს დიდებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისათვის, მათ ამოძრავებთ შიში და შური, სიძულვილი, რომლებიც წარმოშობენ აჯანყებებს და ომებს;არის სხვა განსხვავებანიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის, კერძოდ, ცხოველებს ბუნებრივი სურვილები ერთნაირი აქვთ და მიმართულია საერთო სიკეთეზე, ეს სიკეთე არ განსხვავდება კერძო სურვილებისაგან, ადამიანებთან კი არაფერი არ ითვლება სიკეთედ, თუ ის არაა განსხვავებული და სხვებისაგან გამოცალკევებული; შემდეგ, ცხოველებს არა აქვთ გონება და საერთო საქმის მართვაში ნაკლს ვერ ხედავენ, ადამიანებში კი უამრავია ისეთი, რომელიც სხვაზე უფრო ჭკვიანად თვლის თავისთავს და ამიტომ აწყობს გადატრიალებებს, ყოველი მათგანი ცდილობს, დანერგოს საკუთარი სიახლე, რაც იწვევს საზოგადოებაში გათიშვას; ცხოველებს არა აქვთ მეტყველება და არ შეუძლიათ დაარწმუნონ ერთმანეთი, რომ ბოროტება არსებულზე უარესია, სიკეთე კი არსებულზე უკეთესი.

ადამიანის მეტყველება თავისებური ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა ომისა და აჯანყების სიგნალს; ცხოველები ვერ ანსხვავებენ უსამართლობას და ზიანს, ამიტომ, სანამ კარგად არიან, არ ადანაშაულებენ ერთმანეთს რამეში. ადამიანები პირიქით, რაც მეტი დრო აქვთ, მით უფრო აბეზრებენ თავს სახელმწიფოს; და ბოლოს, ცხოველების თანხმობა ბუნებრივია, ადამიანების კი შეთანხმების შედეგია, ე.ი. ხელოვნურია, ამიტომ ადამიანთა შორის მშვიდობისათვის მეტია საჭირო, ვიდრე ცხოველისათვის. ადამიანთა შორის მშვიდობისთვის საჭიროა ყველა ადამიანის ერთიანი ნებელობა, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყოველი თავის ნებელობას დაუქვემდებარებს სხვა ერთიან ნებელობას, სულ ერთია, იქნება ეს ერთი ადამიანის თუ ჯგუფის ნებელობა. ჰობსი უარყოფს თავისუფალ ნებელობას, მიაჩნია, რომ იგი თავისუფალი მოქმედების წყაროა. ადამიანები შეთანხმებით ქმნიან ერთიანობას და მას ეწოდება სახელმწიფო, ანუ სამოქალაქო საზოგადოება (სოციეტას ცივილის), ასევე სამოქალაქო პირი (პერსონა ცივილის), რადგან პიროვნებაა ერთიანი ნებელობის მატარებელი. მაშასადამე, „სახელმწიფო, თუ მას განვსაზღვრავთ, ერთიანი პიროვნებაა, რომლის ნებელობა ბევრთა შეთანხმების საფუძველზე უნდა ითვლებოდეს ყველას ნებელობად, რათა მას შეეძლოს გამოიყენოს თითოეულის ძალა და უნარი საერთოდ მშვიდობის დასაცავად“. (23, 331). ჰობსის მტკიცებით, ყოველი სახელმწიფო სამოქალაქო პირია, მაგრამ არა ყოველი სამოქალაქო პირი შეიძლება იყოს სახელმწიფო, მაგალითად, ვაჭართა გაერთიანება, თუ სხვა მსგავსი, განსხვავებით ასეთი გაერთიანებათაგან, რომელსაც შეუძლია უჩივლოს ყოველმა მოქალაქემ, სახელმწიფოს ვერ უჩივლებს. ასეთი გაერთიანებანი სახელმწიფოს ექვემდებარება, მაგრამ სახელმწიფო არაა. ყოველ სახელმწიფოში უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის იმ პიროვნებას, ან კრებას, ვისაც დაუქვემდებარა თავი სხვებამ. ასეთ პიროვნებას, ან კრებას აქვს ბრძანებლობის უფლება, ეს ნიშნავს, რომ ყოველმა მოქალაქემ მას გადასცა თავისი უფლება, ე.ი. უარი თქვა წინააღმდეგობის გაწევაზე. ამიტომ ყოველი მოქალაქე და სამოქალაქო პირი ქვეშევრდომია იმისა, ვისაც აქვს უმაღლესი ხელისუფლება. ადამიანები სახელმწიფოს ქმნიან ორ შემთხვევაში: როცა ომში დამარცხებულნი ცდილობენ დახოცვას გადაურჩნენ, ან კიდევ მაშინ, როცა ჯერაც არ დამარცხებულა და ცდილობენ შეინარჩუნონ ეს ვითარება. პირველი ემყარება ბუნებრივ ძლიერებას და სახელმწიფოს ბუნებრივი წარმოშობაა, მეორე დამდგენთა ცნობიერი თანხმობის შედეგია და ამ გზით სახელმწიფოს შექმნა, დადგენა თუ დაწესებაა. აქედან სახელმწიფოს ორი ტიპია: ბუნებრივი _ პატრიარქალური და დესპოტური _ დადგენილი; მათ შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური, ან სამოქალაქო. პირველ ტიპში ძალაუფლების მქონე, მოქალაქეებს საკუთარი ნებელობით იძენს, მეორეში მოქალაქენი საკუთარ თავს სხვის ბატონობას უქვემდებარებენ თავიანთი ნებელობით, იქნება ეს საბჭო, თუ ერთი ადამიანის ბატონობა. აქვე ავტორი განიხილავს მასის ცნებას.

ჰობსი განასხვავებს ორი სახის მასას: მმართველს და მართულს. მასა კრებითი სახელია და აღნიშნავს ობიექტთა სიმრავლეს, ადამიანთა მასა ბევრი ადამიანია, მაგრამ იგივე სიტყვა მხოლობითში აღნიშნავს ერთ ობიექტს, ერთ მასას, კერძოდ ბრბოს. არცერთ შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ მასას აქვს ერთი ნებელობა, ყოველ ადამიანს თავისი ნებელობა აქვს. ამიტომ მასას არ უნდა მიეწეროს ერთიანი მოქმედება, დაპირისპირება, თანხმობა, შეძენა შეუძლია არა მასას, არამედ ცალკეულ პიროვნებებს. ამიტო მასა არაა ბუნებრივი პირი, მაგრამ თუ მასა, ან ჯგუფი შეთანხმდა, მაშინ ერთი ადამიანის, ან უმრავლესობის ნებელობა ითვლება ყველა მათ ნებელობად, ასეთ შემთხვევაში აღმოცენდება ერთი პირი ნებელობით და მოქმედების თავისუფლებით. ასეთ ვითარებაში უფრო ხშირად ლაპარაკობენ ხალხზე, ვიდრე მასაზე. როცა ვლაპარაკობთ _ „ხალხი, ანუ მასა კარნახობს“, მხედველოში გვაქვს სახელმწიფო, რომელიც თავის ნებელობას ერთი ან რამდენიმე ადამიანის გზით გამოხატავს, როცა ლაპარაკია, რომ ადამიანთა დიდმა, თუ მცირე რაოდენობამ იმოქმედა იქ, სადაც ჩადენილია ერთის ან კრების ნებელობის საწინააღმდეგო, იგულისხმება ქვეშევრდომთა მოქმედება, ე.ი. მრავალი ცალკეული ადამიანისა და ამოდის არა ერთი ნებელობიდან, არამედ მრავალთა მრავალი ნებელობიდან, რომელნიც ქვეშევრდომნი და მოქალაქენია, მაგრამ არა სახელმწიფო, ამიტომ ისე როგორც ბრბოს არ შეუძლია თქვას, რომ ეს მას ეკუთვნის, რადგან ყოველივე ყოველი ცალკეულის კუთვნილებაა, ასევე მიეწერება ბრბოს ერთიანი მოქმედება. მთელი მასა და ხალხი კი არ იღებს იარაღს და იბრძვის, არამედ თითოეული მათგანი. ვინც ამაში უშუალოდ არ ჩაება, იმას არ უნდა მიეწეროს მოქმედება, თუ მრავალს შორის არის შეთანხმება სახელმწიფოს მიმართ და ნაწილი აკლდება ამ შეთანხმებას, ისინი სახელმწიფოს მტრებია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მახვილი. როგორც ომის ისე სამართლიანობის იარაღის სახით, ე.ი. უნდა შეეძლოს დასჯა და ომის წარმოება, სახელმწიფო შექმნილია ადამიანთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის, სასჯელი საფრთხობელაა იმათთვის ვისაც კანონების დარღვევის სურვილი აქვს. სასჯელი იმ ზომის უნდა იყოს, რომ მადა დაუკარგოს მისი დარღვევის მსურველებს. ომისა და სამართლიანობის მახვილი უმაღლესი და აბსოლუტური ხელისუფლების კუთვნილებაა. ჰობსს მიაჩნია, რომ აღმასრულებელი და კანონმდებელი ხელისუფლება ერთ ხელში უნდა იყოს. ხელისუფლება ქმნის სამოქალაქო კანონებს, რაც განსაზღვრავს ადამიანთა ქცევას, რადგან ადამიანები თვითონ წყვეტენ, რა აკეთონ და რა არა, ხოლო ამას სასჯელი და ჯილდო განსაზღვრავს, ამიტომ მთავარია, არავინ იქადაგოს სახელმწიფო კანონებისადმი დაუქვემდებარებლობა, კანონებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ხელისუფლების დადგენილებათა უგულებელყოფა. კანონებს ძალა აქვს ქვეშევრდომების მიმართ, მაგრამ უმაღლესი ხელისუფლება მისგან გამორიცხულია, ხელისუფლება კანონზე მაღლა დგას, ამიტომ ხელისუფლება არ ისჯება. როგორც ვხედავთ, ჰობსი გამორიცხავს სამართლებრივ სახელმწიფოს, რომლის ერთ-ერთი პრინციპი კანონების საყოველთაობაა და აფუძნებს აბსოლუტურ ხელისუფლებას, რომელიც არაფრით არაა განსაზღვრული. ის წერს: „აბსოლუტურია ხელისუფლება, რომელზე უფრო მეტის წარმოდგენა ადამიანებს არ შეუძლიათ“. (23, 340). ჰობსი არ იზიარებს იმათ შიშს, ვინც აბსოლუტურ ხელისუფლებას თითნებობასთან აკავშირებს, მართალია მეფე არაფრისთვის არ ისჯება, რაც არ უნდა აკეთოს, მაგრამ რატომ უნდა დაარღვიოს მან ბუნებრივი კანონები, რატომ უნდა მოკლას, რატომ უნდა იქურდოს, ეს ხომ ადამიანის გარდა ღმერთის შეურაცხყოფაც იქნება. ჰობსი ფიქრობს, რომ ვინც იბრძვის აბსოლუტური ძალაუფლების მისასპობად, ფაქტობრივად სხვისთვის გადასაცემად იღწვის. აბსოლუტური ძალაუფლების მოსპობა არ შეიძლება სახელმწიფოს მოსპობის გარეშე. ჰობსი ქადაგებს აბსოლუტურ მორჩილებას, ამის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს, მისი აზრით არაა საკმარისი თქვა: „მე გაძლევ უფლებას, რაც გინდა აკეთო“, ამას უნდა დაემატოს: „მე ვასრულებ ყვალაფერს, რასაც მიბრძანებ“. (23, 346). უმაღლესი ხელუსუფალი არც კანონს ექვემდებარება და არც მოქალაქეებს, ის თვითონაა სახელმწიფო.

„სახელმწიფოს ნებელობა იმ ადამიანის, თუ კრების ნებელობაა, ვისაც აქვს მინდობილი უმაღლესი ხელისუფლება, ამდენად ის ცალკეულ მოქალაქეთა ნებელობაცაა. ამიტომ ვისაც ჩაბარებული აქვს უმაღლესი ხელისუფლება, მას სამოქალაქო კანონები არ ზღუდავს (წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა ვალდებულება საკუთარი თავის მიმართ) და მოქალაქეთაგან არავის წინაშე არაა ვალდებული“. (23, 2342). ჰობსი სახელმწიფოს და საკუთრებას ერთდროულად აღმოცენებულად თვლის. სახელმწიფოს წარმოშობამდე ყველაფერი ყველასია და ვერავინ მიისაკუთრებს, ჰობსი ითვალისწინებს შეპასუხებას, რომ საკუთრება გაჩნდა სახელმწიფომდე ოჯახის საკუთრების სახით, მაგრამ თვითონ ოჯახი ჰობსს მიაჩნია მცირე სახელმწიფოდ. ამიტომ, მისი აზრით, ურყევია დებულება, საკუთრებისა და სახელმწიფოს ერთდროულობის შეასხებ.

სახელმწიფოში ყველაფერი ეკუთვნის ხელმწიფეს, რადგან სახელმწიფო და ხელმწიფე ერთი და იგივეა. სახელმწიფოს დადგენილი სამოქალაქო კანონებიც სხვა არაფერია თუ არა უმაღლესი მბრძანებლის ნებელობის დეკლარაცია. ჰობსის აზრით, უსამართლობანი: ქურდობა, მკვლელობა, გარყვნილება და სხვა, ბუნებრივი კანონებითაა აკრძალული, მაგრამ არ ჩაითვლება უსამართლობად, ქურდობა, მკვლელობა, გარყვნილებად _ ეს განისაზღვრება არა ბუნებრივი, არამედ სამოქალაქო კანონებით. ქურდობა ეხება სხვისის მითვისებას, რაა ჩემი და სხვისი, ამას განსაზღვრავს სამოქალაქო კანონი. ის ყოველ სახელმწიფოში თავისებურია, ამიტომ, რაც ერთ სახელმწიფოში გარყვნილებად ითვლება, მეორეში კანონიერია. მეფისა და საბჭოს ხელისუფლება აბსოლუტური და შეუზღუდველია, ლოგიკურადაც ასე უნდა იყოს, შეზღუდული რომ იყოს, შემზღუდველს ექნებოდა უფრო დიდი ძალაუფლება, მეფის ხელისუფლებაზე უფრო დიდი ძალაუფლება კი არ არსებობს. მის კომპეტენციაში შედის კანონების დადგენა და გაუქმება, ომის გამოცხადება და ზავის დადება, ყველა სადავო საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანა, თანამდებობის პირთა დანიშვნა. მხოლოდ მეფეს შეუძლია ჩაიდინოს, რაც უნდა, ისიც რაც აკრძალული აქვს ყველა მოქალაქეს. ჰობსი ებრძვის ორგანიციზმის პირველ ფორმებს, იმათ, ვინც ხელისუფლების უმაღლესობას რომ გაუსვას ხაზი, ადარებს ორგანიზმს, რომლის თავი ხელისუფალია, მაგრამ ჰობსი არ ეთანხმება ამ აზრს და ამტკიცებს: ხელისუფალი თავი კი არა, სახელმწიფოს სულია, რადგან სულის ძალით აქვს ადამიანს ნებელობა და სახელმწიფოსაც აქვს ეს ნებელობა. თავს შეიძლება შეედაროს მრჩეველი, ან მრჩეველთა კრება, ვისი რჩევითაც სარგებლობს მეუფე, მოკლედ თავის დანიშნულება რჩევაა, სულის _ ბრძანება.

სახელმწიფოს აქვს სამი ფორმა: დემოკრატია, არისტოკრატია, მონარქია. რატომ ლაპარაკობს ჰობსი სამ ფორმაზე, მაშინ როდესაც პლატონი და არისტოტელე ექვს-შვიდ ფორმას ასახელებენ. ჰობსმა იცის მათი არსებობა, მაგრამ არ თვლის ცალკე ფორმად. მისი აზრით, `არსებობს სახელმწიფოს მხოლოდ სამი სახე: ოლიგარქია არაა არისტოკრატიისაგან განსხვავებული ფორმა, ანარქია კი საერთოდ არაა სახელმწიფო, ტირანია არაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ფორმა, განსხვავებული კანონიერი მინარქიისაგან, არც დასახელებული ფორმებიდან შექმნილი შერეული სახელმწიფო არსებობს. (23, 348-349). მაშასადამე, მხოლოდ სამი ფორმაა და ჰობსი თითოეულ მათგანს განსაზღვრავს. „დემოკრატია ეწოდება ისეთ ფორმას, რომელშიც უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის კრებას და ყოველ მოქალაქეს აქვს ხმის უფლება. არისტოკრატია ეწოდება იმას, რომელშიც უმაღლესი ხელისუფლება კრებას ეკუთვნის, მაგრამ ხმის უფლება აქვს არა ყველა მოქალაქეს, არამედ განსაზღვრულ ნაწილს, მონარქია ეწოდება იმას, რომელშიც უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის ერთს“. (23, 349). პირველში ძალაუფლება ვისაც ეკუთვნის, იმას დემოსი ეწოდება, მეორეში ძალაუფლების მქონე ოპტიმატებია, მესამეში _ მონარქი.

ანტიკურობის მიერ დასახელებული კიდევ სამი ფორმაა: ანარქია, ტირანია, ოლიგარქია. ჰობსის აზრით, ფაქტობრივად არსებულთა შეფასებაა და იმას გამოხატავს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ესა თუ ის წყობა თუ მმართველი. სინამდვილეში ანარქია საერთოდ არაა სახელმწიფო. ოლიგარქია კი არ განსხვავდება არისტოკრატიისაგან, ტირანია _ მონარქიისაგან. ტირანს უწოდებენ საძულველ მონარქს. ჰობსი დემოკრატიას განსაზღვრავს ორი კომპონენტით: „პირველი კრებების პერიოდული მოწვევა (დემოსი), მეორე, გადაწყვეტა ხმების უმრავლესობით (კრატოსი), ე.ი. ძალაუფლება“ (23, 353). ჰობსის აზრით, არსისტოკრატია დემოკრატიიდან წარმოიშობა. უბრალოდ არისტოკრატიაში ხელისუფლება ჩაბარებული აქვთ რჩეულთ, კრიტერიუმად იყენებენ დიდებას, ან წარმოშობას, ან კიდევ სხვა რამეს, ამ გზით არჩეულ ოპტიმატებს ეძლევა მთელი ის უფლება, რაც ხალხს ჰქონდა. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხის წინაშე არაა ვალდებული. მონარქიაც ხალხის ხელისუფლებიდან წარმოიშობა. ამ შემთხვევაში ხალხს უმაღლესი ძალაუფლება გადააქვს ერთ პიროვნებაზე. არისტოკრატიაშიც და მონარქიაშიც უმაღლესი ხელისუფლების გადაცემის შემდეგ ხალხი პიროვნულობას კარგავს და იქცევა ბრბოდ. მონარქი არავის წინაშე არაა ვალდებული. ძალაუფლების განხორციელებისათვის მას არ სჭირდება არავინ და ამით განირჩევა დემოკრატიისა და არისტოკრატიისაგან, უვადოთ არჩეული მონარქი მემკვიდრის არჩევის უფლებასაც ინარჩუნებს. თუ ხელისუფლება დროებით აქვს, მაშინ ხალხი კვლავ ირჩევს მონარქს და მას მემკვიდრის არჩევის უფლება არაა აქვს.

ჰობსთან სპეციალური განხილვის საგანია ბატონისა და მონის დამოკიდებულება. რატომ დასჭირდა ჰობსს ეს? ჰობსი განიხილავს სახელმწიფოს ორ ფორმას: დადგენილ სახელმწიფოს (ცივიტას ინსტიტუტივა) და ბუნებრივ სახელმწიფოს (ცივიტას ნატურალის). აქამდე მსჯელობა ეხებოდა დადგენილ სახელმწიფოს. ბუნებრივი სახელმწიფოს საკითხის განხილვა ნიშნავს მონისა და მონათმფლობელის მიმართების გარკვევას. ასეთ სახელმწიფოს შეიძლება ეწოდოს შეძენილიც, რამდენადაც მასში ძალაუფლება შეიძინება ბუნებრივი ძალების მეშვეობით.

ჰობსისათვის სახელმწიფოც და ოჯახიც ერთნაირად სამეფოა „დიდი ოჯახი სამეფოა, პატარა სამეფო ოჯახია“. (23, 366). ბუნებრივ ვითარებაში ადამიანებს შორის ბატონობითი ურთიერთობა მყარდება, ეს შეიძლება ხდებოდეს სამი გზით: ერთ შემთხვევაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ადამიანები ნებაყოფლობით აძლევენ ძალაუფლებას პიროვნებას, ან კრებას, მეორე გზაა ტყვეების მორჩილება დამტყვევებლისადმი. მონა ისაა, ვინც უპირობოდ დაქვემდებარების ვალდებულებას კისრულობს, ხოლო ვისაც ექვემდებარება, ის ბატონია. ბატონობის შეძენის მესამე გზაა დაბადების უფლება. ჰობსი განასხვავებს ბორკილდადებულ მონებს თავისუფლად მოარულთაგან, პირველთ არ უკისრიათ ვალდებულება, მეორენი კისრულობენ. ბატონის საკუთრებაა როგორც მონა, ისე მისი კუთვნილებაც. ბატონს შეუძლია მონის გაყიდვა, დაგირავება, მემკვიდრეობით გადაცემა და განთავისუფლება. ჰობსი განიხილავს ურთიერთობას ოჯახის წევრებს შორისაც, ეკუთვნის თუ არა ბავშვი მშობელს და არის თუ არა მშობელი ბავშვის ბატონი? ჰობსი ფოქრობს, რომ შვილები ბუნებრივ მდგომარეობაში დედას ეკუთვნიან, მაგრამ სახელმწიფოს კანონების მიხედვით მამას ეკუთვნიან. შვილები პატივს უნდა მიაგებდნენ მშობლებს არა მარტო ბუნებრივი კანონით, არამედ შეთანხმების შედეგადაც.

ჰობსის განხილვის საგანია თავისუფლება და აუცილებლობა, ის საყვედურობს თავის კოლეგებს, რომ თავისუფლებისა და მონობის ცნებებს ახსნის გარეშე იყენებენ. ჩვეულებრივ თავისუფლებად ესმით ყველაფრის კეთების შესაძლებლობა, მონობად კი მისი უქონლობა, მაგრამ ეს ასე არაა. სახელმწიფოში თავისუფლება მოძრაობისათვის წინაღობათა არარსებობაა, წყალი ჭურჭელში არაა თავისუფალი, თუ ჭურჭელს დავამტვრევთ, განთავისუფლდება. თავისუფლება შეფარდებითია, გარკვეული აზრით მონაც და მოქალაქეც თავისუფალია, მაგრამ მოქალაქე მხოლოდ სახელმწიფოს ექვემდებარება, მონა კი მოქალაქესაც. ოჯახი შეიძლება განისაზღვროს როგორც მამის ძალაუფლებით ერთ სამოქალაქო პირად გაერთიანებული: ოჯახის უფროსები, შვილები და მონები. სახელმწიფოში მემკვიდრეობის უფლება მხოლოდ მეფეს შეუძლია ჰქონდეს, დემოკრატიას და არისტოკრატიას კი არა. ჰობსი განიხილავს სახელმწიფოში არსებობის უპირატესობას ბუნებრივ მდგომარეობასთან შედარებით. სახელმწიფოს გარეშე ყველას აქვს სრული თავისუფლება, მაგრამ იგი უსარგებლოა. მართალია ყველას აქვს უფლება, სხვების მიმართ აკეთოს, რაც უნდა, მაგრამ სხვებსაც აქვთ უფლება, სუბიექტს რაც უნდა, ის გაუკეთონ. სახელმწიფოს გარეშე სუბიექტს ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ ვერაფრით ისარგებლებს. სახელმწიფოში კი შეზღუდული უფლებით მაინც ვსარგებლობთ. სახელმწიფო გვიცავს და გვახალისებს, აფასებს ჩვენს შრომას. სახელმწიფოს გარეშე ამას არავის არ აკეთებს, სახელმწიფოს გარეშე არსებობაში ბატონობს: ვნებები, ომი, შიში, სიღარიბე, ბარბაროსობა, ველურობა, უვიცობა. სახელმწიფოში ბატონობს: გონება, მშვიდობა, უშიშროება, სიმდიდრე, ურთიერთდახმარება, მეცნიერება, კეთილი სურვილები. ჰობსი აანალიზებს სახელმწიფოთა ტიპებს, ახდენს მათ ერთმანეთთან შედარებას, რათა გამოავლინოს მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის წანამძღვარი კი ჰობსისთვის აპრიორულად ცხადი დებულებაა მონარქიის უპირატესობა. მისი აზრით, ღმერთიც ხომ ერთი მართავს სამყაროს. იუპიტერი რომ დაუწესეს ყველა ღმერთს მმართველად ანტიკურობაში, ამით მონარქიას მიანიჭეს უპირატესობა, სამყაროს შექმნაში მამა ღმერთის უფლებები მონარქიული იყო, ეს მონარქიის უპირატესობის მაჩვენებელი მაგალითებია. ჰობსი ამის დასაბუთებასაც ეძებს. სახელმწიფო ხელშეკრულების შედეგია, სადაც ერთის ბატონობა წესდება და სხვები ამ ბატონის მონებად იქცევიან, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, თუ რეალურად მონარქიას რაიმე ნაკლი აქვს, ეს საკუთრივ მონარქიის ნაკლი კი არაა, არამედ მონარქის, როგორც პიროვნების. შეიძლება მონარქმა სახელმწიფოს ხარჯზე ზედმეტად გაამრავლოს თავისი სიმდიდრე, მაგრამ ეს მონარქიის ბრალი როდია, ისე ასეთი ნაკლოვანებანი დემოკრატიას უფრო ახასიათებს. მეფეს შეუძლია ადამიანები უდანაშაულოდაც დასაჯოს და ეს სახელმწიფოს ყველა ფორმაში ხდება, მაგრამ სახელმწიფოს ბრალი კიარაა, არამედ ხელმწიფის. ნერონის ქცევა არ გამოხატავს მონარქიის არსებას. მონარქიის დროს მოქალაქენი უფრო იშვიათად გრძნობენ უკანონობას, ვიდრე ხალხის ბატონობისას. დემოკრატიაში შეიძლება იმდენი ნერონი და კალიგულა იყოს, რამდენი ორატორიცაა, მეფე კი ერთია და ბოლოს და ბოლოს სჯის მხოლოდ პატივმოყვარეებს, ვინც ჯანყდებიან. მონარქიაში თავისუფლება დემოკრატიაზე ნაკლები არაა, რადგან აკრძალვები მინიმუმამდეა დაყვანილი, ისე თავისუფლება მოქალაქეს კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის.

დემოკრატია, ჰობსის აზრით, დემაგოგების სამეფოა, დემოკრატიის პირმშოა პარტიები, რომლებიც აწყობენ აჯანყებებს და სამოქალაქო ომებს. დემოკრატიაში ყველა გადაწყვეტილება საჯარო განხილვით მიიღება _ ეს ნიშნავს, რომ მტრებიც გებულობენ მათ, მონარქიაში კი ეს არ ხდება. ამ მიზეზების გამო მონარქია ჯობია დემოკრატიას. საერთოდ სახელმწიფოს უპირატესობანი და ნაკლოვანებანი არაა იმის შედეგი, ხელისუფლება ერთს ეძლევა თუ მრავალს. ხელისუფლების მიცემა _ ეს შესაძლებლობაა და მისი განხორციელება მოქმედებაზეა დამოკიდებული, ამიტომ სახელმწიფოს გონებრივ მართვას ხელს არ უშლის. ვის ჩაუვარდება ძალაუფლება ქალს, თუ მცირეწლოვანს, მთავარია, მმართველობის აპარატში იყოს მცოდნე. ჰობსის აზრით, მონარქია რომ ჯობია, ამას ისიც ადასტურებს, რომ ომის შემთხვევაში ხალხიც და ოპტიმატებიც მთელ ძალაუფლებას ერთ კაცს გადასცემენ. „მონარქია სამხედრო მიმართებით მმართველობის საუკეთესო ფორმაა“, სახელმწიფოები კი სხვა არაფერია, თუ არა სამხედრო ბანაკები. ყოველივე ზემოთ თქმულის ჭეშმარიტებას ჰობსი განამტკიცებს საღვთო წერილის მოშველიებით.

როგორც „მოქალაქეში“, ისე „ლევიათანში“ ჰობსი დაწვრილებით აანალიზებს სახელმწიფოს დამანგრეველ შინაგან მიზეზებს, თუ მათ ერთი სიტყვით გამოვხატავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ანგრევს ჯანყი, ამიტომ ამ მიზეზების ძიება ჯანყის გაგებაში უნდა ვეძებოთ, ისე როგორც ბუნებრივი სხეულების მოძრაობისას უნდა გავითვალისწინოთ სამი ფაქტორი: პირველი, შინაგანი მდებარეობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოძრაობის განხორციელებას, მეორე, გარეგანი მოძრავი ძალა და მესამე, მოქმედება; ანალოგიურად ხდება სახელმწიფოშიც, სადაც ადგილი აქვს მღალვარებას, იქ უნდა გავითვალისწინოთ სამი მომენტი: პირველი, მშვიდობისადმი მტრული მოძღვრებანი და განწყობანი, რომლის მიდრეკილება აღმოაჩნდებათ ცალკეულ მოქალაქეებს, მეორე იმის პიროვნება, ვინც ხალხს აღაშფოთებს და აჯანყებს და მესამე, შეთქმულთა საქმიანობის ანალიზი. პირველ მიზეზთა რიგში მთავარია მტკიცება: სიკეთესა და ბოროტებაზე ყველას შეუძლია მსჯელობა, სინამდვილეში კი ასეთი უფლება მხოლოდ სამოქალაქო კანონებს აქვს. ვაკეთოთ ის რასაც კანონი გვიბრძანებს _ ესაა სიკეთე. თუ იმას ვაკეთებთ, რასაც კანონი კრძალავს, ეს ბოროტებაა, კანონმდებელი კი მონარქია მხოლოდ მონარქიაში, სხვაგან კი ხალზი და ოპტამატები, და შესაბამისად, მათ აქვთ კანონმდებლობის უფლება. კერძო პირები კი როცა ასეთი მენტორის როლს კისრულობენ, მეფედ წარმოისახავენ თავს. მეორე დამანგრეველ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ იმის წარმოსახვა, თითქოს ადამიანებს ჰქონდათ უფლება, განსაჯონ, რა არის ცოდვა და ცოდვაში ჩავარდნა, სინამდვილეში ეს მხოლოდ ხელისუფლების საქმეა. მესამე საშიშ დებულებად ჰობსს მიაჩნია მტკიცება: ტირანის მკვლელობა დასაშვებია. სინამდვილეში ტირანი არაა რეალური კატეგორია, შეიძლება იყოს მტერი და მისი მკვლელობა დასაშვებია, მაგრამ არ არის ტირანი. უნდა გავარჩიოთ მმართველი, რომელსაც ძალაუფლება სამართლის გზით აქვს მიღებული და მმართველი, რომელმაც ძალაუფლება უსამართლო გზით მოიპოვა. პირველის განსჯა ჩვენი საქმე არაა, მეორეზე კი შეგვიძლია მსჯელობა. დამანგრეველია ისიც, რომ ფიქრობენ, სამოქალაქო კანონებს მმართველიც უნდა ექვემდებარებოდესო. სახელმწიფო მართავს და მას არა აქვს ვალდებულება არავის და არაფრის წინაშე, კანონის ჩათვლით, მმართველები სახელმწიფოს განასახიერებენ, ამიტომ მათაც არა აქვთ ვალდებულება კანონის წინაშე. საშიშია აგრეთვე დებულება უმაღლესი ხელისუფლების გაყოფადობის შეასახებ. ასევე დამანგრეველია რწმენა, რომ, რაც ადამიანს აქვს, აბსოლუტურად მისია, სინამდვილეში ადამიანიც და მისი ქონებაც სახელმწიფოს ეკუთვნის.

ჰობსი განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევს ხალხისა და ბრბოს აღრევას, ხალხი მისთვის ამაღლებული კატეგორიაა, ხალხს აქვს ერთიანობა, ერთიანი ნებელობა და ერთიანი მოქმედების უნარი, ბრბო კი ყოველივე ამას მოკლებულია. ხალხი მართავს ყველა სახელმწიფოში მონარქის ჩათვლით, რადგან მონარქის ნებელობა ხალხის ნებელობას გამოხატავს. მასა კი, ე.ი. ბრბო, მოქალაქენია. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მონარქიაში ქვეშევრდომები ბრბოა, მეფე კი ხალხია. როცა ვამბობთ, ხალხი მართავს, ერთ შემთხვევაში ეს ხალხი კრებაა, მეორეში _ მეფე, ბრბო კი ისინია, ვინც მათ უპირისპირდება. ჰობსი აკრიტიკებს იმათ, ვინც ხალხად თვლის ადამიანთა დიდ რაოდენობას, სინამდვილეში სახელმწიფოა ხალხი. ამიტომ უაზრობაა თქმა _ ხალხი აჯანყდაო მეფის წინააღმდეგ, გამოდის, რომ სახელმწიფო აუჯანყდა მეფეს, ეს არ შეიძლება, რადგან მეფე და სახელმწიფო ერთი და იგივეა. სინამდვილეში ბრბო ჯანყდება ხალხის წინააღმდეგ. აჯანყებათა ერთ-ერთი მიზეზი სიღარიბეა. ღარიბები მათ მდგომარეობას აბრალებენ მეფეს და მის მიერ დაწესებულ გადასახადებს, სინამდვილეში მათი სიღარიბის წყარო სიზარმაცეა. სახელმწიფო გადატრიალებისათვის აღწვიან უსაქმურები, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს. აჯანყების ერთ-ერთი ბიძგია წარმატების იმედი, რასაც განაპირობებს ოთხი ფაქტორი: მომხრეთა მრავალრიცხოვნება, მატერიალური საშუალებანი, ურთიერთნდობა და ბელადები. აჯანყების მიზეზია მჭერმეტყველებაც, რიტორიკა, რომელიც მოკლებულია სიბრძნეს, მაგრამ ხასიათდება დამარწმუნებლობის ძალით. ჰობსის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს დაღუპვაში პარტიებს აქვთ. სახელმწიფო, რომელშიც პარტიებია, დაღუპვას ექვემდებარება, ისე როგორც მედეამ თესალიის მეფე ტელიას ქალიშვილებს მამა დააჩეხინა, იმ დაპირებით, რომ აღუდგენდა ახალგაზრდულ ენერგიას, პარტიები ღუპავენ სახელმწიფოს აღდგენის გარეშე. სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ბედნიერების მომტანია, ის უზრუნველყოფს ოთხ სიკეთეს მაინც: გარეშე მტრებისგან დაცვას, შინ მშვიდობის შენარჩუნებას. ზომიერ გამდიდრებას და თავისუფლებას, რომელიც სხვას არ აყენებს ზიანს. ჰობსისთვის თანასწორობა ტოლობის თანაფარდობაა მოვალეობებსა და უპირატესობებს შორის. ჰობსი მოითხოვს, კანონის რეგლამენტირება არ შეეხოს ყველა სფეროს, ზოგიერთი სფერო უნდა დარჩეს ადამიანებს, სადაც თავიანთ ნებელობით იმოქმედებენ, ეს მათი აქტიურობით უზრუნველყოფილი თავისუფლებაა. ჰობსი აანალიზებს კანონის, რჩევისა და შეთანხმების მიმართებას, ის განასხვავებს კანონს რჩევის, კონსილიუმისაგან, ასევე შეთანხმების, პაქტისაგან და სამართლიანადაც. რჩევა რჩევაა, კანონი კი ბრძანება, რჩევა მითითებაა, რომელსაც გინდა დაექვემდებარები, გინდა არა. კანონი ბრძანებაა, რომლისადმი დაქვემდებარება მბრძანებელზეა დამოკიდებული. კანონი მოდის იმისგან, ვისაც ძალაუფლება აქვს. მრჩეველი კი მოკლებულია ძალაუფლებას. რასაც კანონი მკარნახობს, იმის შესრულება ჩემი მოვალეობაა, რასაც მირჩევენ, იმის შესრულება კი ჩემს გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, რჩევა იმის ინტერესებს ითვალისწინებს, ვისაც ურჩევენ, კანონი კი იმის მიზნებს, ვინც ბრძანებს. რჩევა შეიძლება მისცე იმას, ვისაც მისი მოსმენის სურვილი აქვს, კანონს კი ძალა აქვს იმის მიმართაც, ვისაც მისი შესრულება არ უნდა. მრჩევლის უფლების ლიკვიდაცია შეუძლია იმას, ვისაც აძლევენ რჩევას, კანონმდებლის უფლების ლიკვიდაცია არ შეუძლია იმას, ვისთვისაც ადგენენ კანონს. ჰობსი აკრიტიკებს კანონის მიმართ კონვენციონისტურ მიდგომას, კერძოდ, მოაქვს არისტოტელეს „რიტორიკიდან“ ადგილი, რომელშიც კანონი განხილულია, როგორც სახელმწიფოს თანხმობის შედეგი, რაც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ცალკეულ შემთხვევაში. ეს განსაზღვრება, ჰობსის აზრით, მხოლოდ სამოქალაქო კანონებს ეხება, რადგანაც არც ღვთიური და არც ბუნებრივი კანონები არაა ადამიანთა შეთანხმების შედეგი. ადამიანებზე რომ იყოს დამოკიდებული, შეცვლადიც იქნებოდა. არისტოტელეს დებულება სამოქალაქო კანონის განსაზღვრებადაც არ გამოდგება, რადგან სახელმწიფო ერთია და მას არავისთან არ სჭირდება შეთანხმება. არისტოტელე სახელმწიფოს განიხილავს, როგორც მრავალ ნებელობათა შედეგს, ის ვერ ასხვავებს შეთანხმებას და კანონს, შეთანხმება დაპირებაა, კანონი _ ბრძანება. შეთანხმება ამბობს: მე გავაკეთებ, კანონი ამბობს: გააკეთე! შეთანხმებით ჯერ დგინდება, რა უნდა გაკეთდეს და შემდეგ ივალდებულებენ გაკეთებას, კანონში კი ჯერ ვალდებულებას ვეძებთ და შემდეგ განისაზღვრება, რა უნდა გაკეთდეს, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კანონი ასე უნდა განისაზღვროს: „სამოქალაქო კანონი სახელმწიფოს ნებელობით დამტკიცებული და ბრძანებისეული მითითებაა იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში“. (23, 414).

კანონი და სამართალიც განსხვავებულია. კანონი არის ქანჩები, სამართალი კი თავისუფლება. სამოქალაქო კანონებს ჰობსი ყოფს დისტრიბუტულად და ვინდიკატურად, პირველი განსაზღვრავს ყოველის უფლებას, მეორე _ სასჯელს. ყოველი კანონი გულისხმობს სასჯელს, თუ კანონის დარღვევა დაუსჯელად შეიძლება, ასეთ კანონს აზრი არა აქვს. ჰობსი განასხვავებს ორი სახის კანონს: ერთი აბსოლუტურად კრძალავს და ამბობს: არ გააკეთო, თუ გააკეთებ დაისჯები, მეორე პირობით მოთხოვნას შეიცავს, ნუ გააკეთებ, თუ არ გინდა დაისაჯო. პირველში აკრძალვა ეხება ყველას, მეორეში იმას, ვისაც არ უნდა სასჯელის მიღება.

არსებითად აქ გადმოცემული იყო ჰობსის ნააზრევის ყველა ძირითადი პრინციპი, მის მიერ ფილოსოფიის არსების, მოძრაობის ბუნების, სხეულისა და სამყაროს მექანისტური გაგება, რაც მთავარია, სახელმწიფოს თეორია და ამ სფეროში ჰობსის ნააზრევს დღესაც არა აქვთ დაკარგული მნიშვნელობა, ამას ისიც ადასტურებს, რომ მისი კრიტიკა დღესაც ღირებულების მქონეა, ამიტომ მართებულად აღნიშნავდა ბერტრან რასელი: „მაკიაველის გამოკლებით, რომელიც გაცილებით მეტადაა შეზღუდული, ჰობსი არის პირველი მართლაც თანამედროვე მწერალი პოლიტიკის თეორიაში, სადაც ის არასწორია, ეს უსწორობა ზედმეტი გამარტივების შედეგია და არა იმის, რომ მისი აზრების საფუძველი არარეალისტური, ან ფანტასტიკური იყოს, ამ მიზეზით ის ჯერაც უარყოფის ღირსია“. (48, 575).

სახელმწიფო საკითხების განხილვა განხორციელებული თავდაპირველად „მოქალაქეში“ თავის სრულყოფას პოულობს „ლევიათანში“. ჰობსი ლევიათანად, ანუ როგორც თვითონ უწოდებს, მოკვდავ ღმერთად თვლის სახელმწიფოს, ამით ხაზს უსვამს სახელმწიფოს ამაღლებულობას და, ამავე დროს, წარმოშობას, სიკვდილის დაქვემდებარებულობას. „ლევიათანი“ – ეს არის ნაშრომი სახელწიფოს შესახებ, როგორც ჰობსი უწოდებს, „ტრაქტატს სახელმწიფოს შესახებ“. სახელმწიფო ჰობსისათვის ლევიათანია, გიგანტია, რომელიც აღმართულია სამყაროზე, ის არის ხელოვნური, გოლიათური ადამიანი და მაინც ადამიანის მსგავსად ორგანიზმი, რომლის სახსრებს და სხვა ნაწილებს წარმოადგენენ სხვადასხვა თანამდებობის აღმსრულებლები. ადამიანი მასალაა ამ გიგანტისთვის, ამავე დროს ლევიათანი შექმნილია ადამიანის დასაცავად და ის ამის აკეთებს ადამიანზე ამაღლებით. ჰობსის ამ ნაშრომში ოთხი ძირითადი საკითხია: პირველ რიგში განიხილება სახელმწიფოს მასალა და შემქმნელი, ადამიანი. შემდეგ საკუთრივ სახელმწიფო, მისი ისტორია, ძალა და დამანგრეველი ფაქტორები. შემდეგ განიხილება ქრისტიანული სახელმწიფო და ბოლოს ბნელეთის სამეფო. „მოქალაქისა“ და “ლევიათანის“ შედარება გვიჩვენებს, რომ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში არსებითი განსხვავება არაა, შრომების საქმეც ერთი და იგივეა. ალბათ ამიტომ მიიჩნია შესაძლებლად რასელმა ჰობსის ნააზრევის დალაგება „ლევიათანის“ მიხედვით. როგორც ჩანს, ასევე წარმატებით შეიძლება იგი დავალაგოთ „მოქალაქის“ მიხედვით და მივუსადაგოთ „ლევიათანს“. აღმოჩნდება, რომ „ლევიათანში“ დიდი სიახლე არაა, გარდა პოლიტიკური პოზიციის ცვლილებისა, როცა დამკვიდრებულად გამოაცხადა მონარქიის გვერდით ინგლისის რევოლუციური დიქტატურა. „მოქალაქეში“ მას უკანონოდ ჩათვლიდა.

ლევიათანი ბიბლიური არსებაა და სახელმწიფოსთვის მისი დარქმევა ნიშნავს სახელმწიფოს მიმსგავსებას ლევიათანთან, ასევე ასეთივე ანალოგიით უწოდა ხანგრძლივ პარლამენტზე შრომას „ბეჰემოთი“. ლევიათანი იობის წიგნში შემდეგნაირადაა აღწერილი: ის არის წარმოუდგენლად ძლიერი არსება, იმდენად, რომ „მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია, მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლს ნაკვერჩხლები ცვივიან, ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი, მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გადმოდის, მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში… ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით, წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისაგან გონს კარგავენ. მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი. რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ _ რვალი… ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება, ქვებივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს… არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი, ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე“. (15, 496-497). როგორც ვხედავთ, ლევიათანი უძლიერესია მიწაზე და თავისი ძლიერებით მხოლოდ ღმერთს ჩამოუვარდება. ასეთ მიწიერ ღმერთად ესახება ჰობსს სახელმწიფო. “ლევიათანი“, რომ იმეორებს „მოქალაქეს“, ამაში დავრწმუნდით, თუნდაც სახელმწიფოს წარმოშობის საკითხის განხილვით „ლევიათანში“. მისი აზრით სახელმწიფო შეთანხმების შედეგია, თითქოს ყოველი ადამიანი ეუბნება ყოველს: „მე რწმუნებას ვაძლევ ამ ადამიანს, ან პირთა ამ კრებას და გადავცემ მას უფლებას, მართოს იმ პირობით, რომ შენც ასეთივე წესით გადასცემ მას შენს უფლებას და სანქცირებას გაუკეთებ მის მოქმედებას“. თუ ეს მოხდა, ადამიანთა სიმრავლე გაერთიანებული ამ წესით, ერთ პიროვნებაში იწოდება სახელმწიფოდ. „ასეთია დაბადება იმ დიდი ლევიათანის, ან უფრო მოწიწებით რომ გამოვხატოთ, იმ მოკვდავი ღმერთის, რომელსაც უკვდავი ღმერთის ბატონობით ვუმადლით ჩვენ მშვიდობას და უსაფრთხოებას“. (24, 196). მაშასადამე, სახელმწიფო ადამიანზე მაღალი ინსტანციაა და ღმერთზე დაბალი. სახელმწიფოს მეორე განსაზღვრებაც არის: „სახელმწიფო არის ერთიანი პირი, რომლის მოქმედებაზე პასუხისმგებელი გაიხადა თავის თავი ადამიანთა დიდმა რაოდენობამ ურთიერთშეთანხმებით, იმ მიზნით, რომ ამ პირს შეეძლოს გამოიყენოს ყველა მათი ძალა და საშუალებანი, ისე როგორც ჩათვლის ამას საჭიროდ მათი მშვიდობისა და დაცვისათვის“. (24, 197). სახელმწიფოში ერთი მხრივ უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი სუვერენია და მეორე მხრივ ქვეშევრდომი. სახელმწიფოს წარმოშობის ორი გზაა, ომების, ძალადობის, ანუ შეძენისა და შეთანხმების. პირველიდან მიიღება შეძენითი სახელმწიფო, მეორედან დადგენითი. ჰობსი მეორეს მომხრეა, ამ სახელმწიფოში ის გამორიცხავს აჯანყებას, დაუქვემდებარებლობას, მართველობის შეცვლის მოთხოვნას, რადგან შეთანხმებით იმას უკვე აქვს ხელისუფლება, ვისაც შეუთანხმდნენ, ამიტომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, არც ადამიანის და არც ღმერთის სახელით, რადგან დედამიწაზე ღმერთის წარმომადგენელი მონარქია. ჰობსის აზრით, არა მარტო მონარქიის, სახალხო ხელისუფლების დამხობაც არ შეიძლება, თუ ის ხალხის შეთანხმების შედეგია, უმრავლესობა თუ თანახმაა, უმცირესობა უნდა დაექვემდებაროს. რაც არ უნდა გააკეთოს სუვერენმა, ქვეშევრდომებს არა აქვთ მისი დამხობის უფლება. ჰობსი სუვერენის უფლებათა თორმეტ განრიგს ადგენს: პირველი, ქვეშევრდომებს არა აქვთ მმართველობის შეცვლის უფლება; მეორე, უმაღლესი ხელისუფლება არ შეიძლება დაიკარგოს; მესამე, სამართლიანობის დარღვევის გარეშე არავის შეუძლია უარყოს სუვერენის დადგენილი და უმრავლესობის მოწონებული; მეოთხე, ქვეშევრდომებს არა აქვთ უფლება, დაგმონ სუვერენი; მეხუთე, არც ერთი სუვერენი არ დაისჯება ქვეშევრდომის მიერ, მეექვსე, სუვერენი მსაჯულია საკითხებში _ რა არის საჭირო და აუცილებელი ქვეშევრდომთათვის და იმაშიც, რა დოქტრინები უნდა ასწავლო ქვეშევრდომებს; მეშვიდე, სუვერენი ადგენს საკუთრების ფორმებს, ვის რა ეკუთვნის; მერვე, სუვერენს ეკუთვნის სასამართლო ხელისუფლება და დავათა გადაწყვეტის უფლება; მეცხრე, სუვერენის უფლებაა ომისა და მშიდობის გამოცხადება; მეათე, ყველა მრჩევლის და მინისტრის არჩევის უფლება აქვს; მეთერთმეტე, დასჯისა და დაჯილდოების უფლება; მეთორმეტე, საპატიო ტიტულების და რანგების ტაბელთა დადგენის უფლება. ეს უფლებები არ არის განაწილებული, ზოგიერთი სუვერენმა შეიძლება გადასცეს სხვას. მაგრამ თვითონ მათზე არ კარგავს უფლებას. თუ, მაგალითად, ჯარს გენერლები ხელმძღვანელობენ, თვითონ იქნება გენერალისიმუსი. სუვერენად ავტორს არ მიაჩნია არც არჩევითი და არც შეზღუდული სახელმწიფო ხელისუფლება. ფაქტობრივად ორივე მონარქიის უარყოფაა და არისტოკრატიის ან დემოკრატიის ფორმაა. ამ შრომაში ჰობსი ერთნაირად უფლებამოსილად მიიჩნევს როგორც დადგენილ, ისე შეძენილ მონარქიის ხელისუფლებას. ამან გამოიწვია ალბათ მეფის გაწყრომა, რადგან ფაქტობრივად ამით ჰობსი აღიარებდა კრომველის ხელისუფლებისადმი ისეთსავე მორჩილებას, როგორც კანონიერი მეფისადმი. ჰობსის აზრით, ყველა სახის შეთქმულება _ რელიგიური თუ საერო _ უკანონოა, ეწინააღმდეგება მშიდობის დაცვის ინტერესებს. მართალია, ჰობსი სამართლებრივ სახელმწიფოს არ მოითხოვს, მაგრამ სამართლის განსაზღვრებას იძლევა: „სამოქალაქო სამართალი ყველა ქვეშევრდომისათვის ის წესებია, რომლითაც სახელმწიფო უწესებს ზეპირად ან წერილობით, თავის ნებელობას, რათა ქვეშევრდომმა გამოიყენოს ის სწორისა და არასწორის, ე.ი. წესისადმი შესაბამისის და შეუსაბამოს გასარჩევად“. (24, 281). ჰობსი განასხვავებს კანონსა და სამართალს. სამართალი არის ის თავისუფლება, რასაც გიტოვებს სამოქალაქო კანონი. სამოქალაქო კანონი კი არის ვალდებულება და გვართმევს იმ თავისუფლებას, რასაც გვაძლევს ბუნებრივი კანონი. მათ შორის განსხვავება ისეთივეა, როგორც ვალდებულებას და თავისუფლებას შორის. შემდეგ განიხილება კანონების შესრულება-შეუსულებლობა, სახელმწიფოს რღვევის პირობები, დანაშაული, სასჯელი და ჯილდო, საერთოდ სისტემას „ლევიათანი“ უკეთ გადმოსცემს, პრინციპები იგივე რჩება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: