Posted by: burusi | 14/10/2012

ნიკოლო მაკიაველის მსოფლმხედველობა

Portrait of Niccolò Machiavelli by Santi di Tito

ნიკოლო მაკიაველის მსოფლმხედველობა

მაკიაველი, როგორც რენესანსის ეპოქის მოაზროვნე

მაკიაველისათვის მთავარია საერო პრობლემები და მათი გადაწყვეტა ერისკაცთა მეშვეობით. ადამიანთა ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად მას არ სჭირდება ზეადამიანური ძალები, მიაჩნია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. ეს ორიენტაცია ღმერთის ნაცვლად ადამიანებზე მისი მსოფლმხედველობრივი ძიების ერთ-ერთი სიახლეა, რაც მას სწორედ რენესანსის მოაზროვნედ ხდის.

მაკიაველი როგორც ჰუმანისტი

ჰუმანიზმი მარტო კაცთმოყვარეობის გაგებით არ უნდა გვესმოდეს. ჰუმანიზმია მოძღვრების დამახასიათებელი, თუ ის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას ადამიანებს აკისრებს. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, მაკიაველის მიხედვით, ადამიანური პრობლემები ადამიანების გზით უნდა წყდებოდეს, რაც შეეხება კეთილი თუ ბოროტი საშუალებებით, ეს უკვე ეხება საშუალებებს და არა მიზნებს.

მაკიაველი, როგორც სოციოლოგი.

მისი ამოსავალი პრინციპია ადამიანები და ადამიანური ურთიერთობანი. მისთვის ისტორიული და თანამედროვე საზოგადოებაც ადამიანთა სოციალური ინტერესების მიხედვით, ჯგუფებად, ფენებად თუ წოდებებად დაყოფილ ერთეულთაგან შედგება. ყველა იმან, ვინც ესწრაფვის ადამიანთა საზოგადოების მართვას, თანაც ისე, რომ ეს მმართველობა მყარი იყოს, ანგარიში უნდა გაუწიოს მათ ინტერესებს, მიდრეკილებებს და სწრაფვას. ინტერესები ეხება ადამიანთა საკუთრებას და სოციალურ მდგომარეობას. მესამე წოდება საკუთრებით ინტერესებს ღირსებაზე მაღლა აყენებს.

– ვისაც სურს ადამიანთა სამყაროში თავისი ინტერესები და მიზნები განახორციელოს, მან უნდა შეძლოს სხვისი ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გახდება ზიზღისა და სიძულვილის საგანი და თავისი მოღვაწეობის გზაზე ყველა გზას მოიჭრის.

– მთავრის ამოცანად მაკიაველი სახავს, რომ სიყვარულს თუ ვერ უზრუნველყოფს, ქვეშევრდომებს შიში მაინც ჰქონდეთ მისი, და არა სიძულვილი, ხოლო ამის უზრუნველყოფა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ქვეშევრდომთა ინტერესებს დაიცავს, რომელთაგან უპირატესი ორია: სიცოცხლე და საკუთრება.

– მთავარს თუ ქვეშევრდომის სიკვდილით დასჯა უნდა და ამის საკმაო სამხილი აქვს, შეუძლია ეს განახორციელოს, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს ,,სხვისი ქონების ხელყოფისაგან, ვინაიდან ადამიანები უფრო ადვილად ურიგდებიან მამის სიკვდილს, ვიდრე სამკვიდროს მოშლას”.

– ადამიანთა ინტერესები რომ განსაზღვრავს მათ ურთიერთობებს და მათში გარკვევაა მნიშვნელოვანი ამოცანა, ამის გაცნობიერებასთან ერთად მაკიაველი იმასაც მიუთითებს, რომ ინტერესების მიხედვით ადამიანთა ურთიერთობების აგების საშუალებანიც ადამიანთა ხელშია და ადამიანთა ურთიერთობების მოწესრიგებისათვის სხვა რაიმე ძალა არაა საჭირო, გარდა საკუთრივ ადამიანის გონებრივი უნარისა, რომლის დახმარებითაც იგი შეძლებს სწვდეს მის გვერდით მყოფთა ინტერესებს, მოთხოვნილებებს, მისწრაფებებს.

– ადამიანები კი გონებრივი უნარის სხვადასხვა დონეს ფლობენ. ამ დონეთა შესაბამისად შეიძლება ისინი სამ ჯგუფად დავყოთ: ,,ზოგს ყველაფერი თავისით ესმის, სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას, დანარჩენნი კი ვერც თავისით და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი”.

სოციალურ ყოფიერებაში აუცილებლობისა და თავისუფალ ნებისყოფას შორის მიმართების საკითხი

ბედისწერა და თავისუფალი ნება.

ის არც ვოლუნტარისტია და არც ფატალისტი. თავისუფალ ნებასთან ერთად აუცილებლობასაც აღიარებს, თუმცა იგი არც განგებისეულია, არც ბედისწერისეულია და არც ფორტუნასეულია, ამდენად იგი უფრო ბუნებრივი კანონზომიერების სახისაა, რომლის შემეცნებაც ადამიანს შეუძლია, და რომელიც ადამიანის მოქმედებაში გარკვეულ ტენდენციებს განსაზღვრავს, მაგრამ არა მთლიანად მოქმედებას.

– ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სამფლობელოები დაკარგეს, ბედისწერას კი არ უნდა ადანაშაულებდნენ, არამედ თავიანთსავე უნიათობას, უუნარობას – მოვლენები წარემართად იმგვარად, რომ განეჭვრიტათ, რა დასჭირდებოდათ უახლოეს მომავალში, როცა ვითარება შეიცვლებოდა. მათთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა უზრუნველობა მომავლის მიმართ – ,,ვის ახსოვს ქარიშხალი მყუდრო ამინდში”.

– ადამიანურ მოქმედებებში ,,მე მზად ვარ, ჭეშმარიტებად ვაღიარო იმის შესაძლებლობა, რომ ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს”.

– ბედისწერას იგი ამსგავსებს ბობოქარ მდინარეს, რომელიც კალაპოტიდან გადასული ყველაფერს წალეკავს. ამ ძალის მოთოკვა შეიძლება წინასწარ ზომების მიღებით, ჯებირების გაშენებით, არხების გაჭრით, ე.ი. ადამიანს შეუძლია მოთოკოს აუცილებლობა და დაუქვემდებაროს თავის ინტერესებს ამ აუცილებლობის განმსაზღვრელი კანონების ცოდნის საფუძველზე.

– მაკიაველი გვასწავლის ბედისწერის მიმართ შიში და სიფრთხილე შევცვალოთ გაბედულებით და თამამად შევუტიოთ მას. მთავარია, რომ ადამიანს შეუძლია დაძლიოს და მოათვინიეროს ბედისწერა და ამაში მისი აქტიურობაა განმსაზღვრელი. აუცილებლობას (ბედისწერას) უნდა შევუტიოთ და ჩვენი მოქმედებებით მოვთოკოთ; ამით საპირისპირო შედეგებს მოგვცემს, ვიდრე მჭერმეტყველებითი პოზიციის დაკავებისას.

– მაკიაველის მტკიცებით, ,,უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი. და უფრო თავდაჯერებულად ბრძანებლობს”.

¬ არ კმარა, მარტო აუცილებლობა გქონდეს შემეცნებული, საჭიროა განსაზღვრო, შენი მოქმედება რამდენად შეესაბამება დროისა და ეპოქის მოთხოვნილებას. ორი ადამიანიდან ერთი თუ ანგარიშს უწევს დროის მოთხოვნებს და მეორე არა, მაკიაველის მტკიცებით, პირველი მიაღწევს დასახულ მიზანს, მეორე კი განწირულია წარუმატებლობისათვის. ,,ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება”.

კონფლიქტის სოციოლოგიის საწყისები მაკიაველთან

– მაკიაველი იცნობს კოლექტიურ ინტერესებს, რომლებიც განაპირობებენ ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ ასეთი დაპირისპირების არენაა მთელი სოციალური ისტორია. ეს არის მდიდრებისა და ღარიბების, კეთილშობილთა და პლებეების, დიდებულებისა და ხალხის, მთავრობისა და მასების დაპირისპირება. ეს არის ორ საპირისპირო პოლუსზე მოთავსებულ სოციალურ ჯგუფთა ბრძოლა – ერთის მხრივ ქონების, პრესტიჟის, მდგომარეობის, ძალაუფლების მქონეთა ბრძოლა მათ შესანარჩუნებლად, მეორეს მხრივ ქონებას, პრესტიჟს, მდგომარეობას და ძალაუფლებას მოკლებულთა ბრძოლა მათ მოსაპოვებლად.

– მაკიაველის აზრით, საზოგადოებაში ინტერესებისა და ღირებულებების მიხედვით გათიშვა იწვევს სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს, რაც სოციალური ცხოვრების ნაკლი კი არაა, არამედ დადებითი მომენტია, რადგან კონფლიქტისა და დაპირისპირების გარეშე არაა მოძრაობა, ხოლო საზოგადოება ისეთი ყოფიერებაა, რომელიც მუდმივ მოძრაობაში იმყოფება. ეს მოძრაობა შეიძლება იყოს აღმავალი და დაღმავალი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მის გარეშე არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრება. მოძრაობის ერთადერთი წყარო კი კონფლიქტია, ამიტომ იგი დადებით როლს თამაშობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოებაში წონასწორობა და წესრიგიც არსებობს, მაგრამ ის მომენტალურია, კონფლიქტი კი მარადიული.

– კონფლიქტის მოწინააღმდეგენი ,,არ ითვალისწინებენ იმას, რომ ყოველ რესპუბლიკაში არის ორი განსხვავებული გუნება-განწყობა – სახალხო და აზნაურთა, და რომ ყველა კანონი მიღებული თავისუფლების სახელით წარმოიშვა ხალხისა და გრანდების უთანხმოებებიდან… ყველა, ვინც დაწვრილებით გამოიკვლევს რომის ამბოხთა შედეგებს, აღმოაჩენს, რომ მათგან გამომდინარეობს არა განდევნა ან ძალადობა, რომელთაც ზიანი მოაქვთ საერთოდ კეთილდღეობისათვის, არამედ დგინდება კანონები, რომელნიც ამტკიცებენ საზოგადოებრივ თავისუფლებას”.

– მაკიაველი სვამს სოციალური მეცნიერების ფუნდამენტურ კითხვას: იმ უმაღლეს ღირებულებას, რასაც თავისუფლება წარმოადგენს და რისთვისაც წარმოებს ბრძოლა საზოგადოებაში, ვინ უფრო კარგად იცავს და ინახავს – დიდებულები თუ ხალხი?

– საქმე ისაა, რომ დიდებულებს აქვთ თავისუფლება, ხალხი კი იბრძვის თავისუფლების მოპოვებისათვის. ამის გამო ეს ორი სოციალური ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს. ვის უფრო მეტი მიზეზი აქვს ამბოხებისა, იმას, ვინც თავისუფლებას ფლობს და ცდილობს მის შენარჩუნებას, თუ იმას, ვინც თავისუფლებას მოკლებულია და ცდილობს მის მოპოვებას. ანუ, ვის უნდა დაეკისროს თავისუფლების დაცვა – დიდებულებს, თუ ხალხს?

– უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიდებულებს, რადგან სადაც მათ ჰქონდათ თავისუფლების დაცვა მინდობილი, თავისუფლება უფრო დიდხანს არსებობდა, ვიდრე სადაც მას ხალხი, ანუ პლებსი იცავდა. იმ ადამიანებს უფრო უნდა ვანდოთ თავისუფლების დაცვა, ვინც ნაკლებად ესწრაფვის მის დაუფლებას.

– დიდებულებისა და ხალხის დაპირისპირება და ბრძოლა გამოწვეულია იმით, რომ როდესაც ერთსა და იმავე ღირებულებაზე არიან ორიენტირებული, მაშინაც კი, მას სხვადასხვა მიზნით უდგებიან. ხალხის მდიდარი ნაწილი, პრივილეგირებულნი თავისუფლებისათვის იბრძვიან, რათა უზრუნველყონ თავიანთი ბატონობა, დანარჩენები, ე.ი. ხალხის დიდი უმრავლესობა თავისუფლებისთვის იბრძვის, რათა უზრუნველყოს თავისი უშიშროება. ,,ხალხის მცირედი ნაწილი თავისუფლებას ისურვებს, რათა იბატონოს, ხოლო დანარჩენი, ისინი კი დიდი უმრავლესობაა, ესწრაფვიან თავისუფლებას თავიანთი უშიშროებისათვის”.

მაკიაველი საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობის შესახებ

მთავარი და ხალხი

,,გარწმუნებთ, რომ ხალხი უფრო მყარია და გაცილებით მეტად განმსჯადი ყოველგვარ მთავარზე”. აქაა გამოთქმული საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა. იმათთვის, ვინც ხალხს ბრბოსთან აიგივებდა, საზოგადოებრივი აზრი ღირებულებას მოკლებული იყო, რადგან საერთოდ უარყოფდნენ ბრბოს აზროვნების უნარს, ან კიდევ მისგან სერიოზულ რამეს არ მოელოდნენ. ამიტომ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა გაიგივებული იყო ბრბოს მნიშვნელობასთან, ე.ი. ნულის ტოლი იყო. მაკიაველი კი ერთმანეთისაგან განასხვავებს ხალხს და ბრბოს და გაბედულად ამტკიცებს, რომ საკმაო საფუძველი არსებობს გავრცელებული შეხედულებისათვის, რომლის მიხედვითაც ,,ხალხის ხმას უდარებენ ღვთის ხმას” – “Vox populi vox Dei est”.

– საზოგადოებრივი აზრი განჭვრეტს მოვლენათა მომავალ მსვლელობას და შეუძლია დარწმუნებით იმსჯელოს ხდომილებათა თანამედროვე ვითარებაზე.

– ხალხის, საზოგადოების აზრი უფრო მაღლა დგას მთავრის აზრზე და მასთან შედარებით სწორიცაა.

– მოვლენათა მსვლელობის ,,წინასწარ ხედვაში საზოგადოებრივი აზრი აღწევს ისეთ გასაოცარ შედეგებს, რომ გეჩვენება, თითქოს რაღაც საიდუმლო უნარით ხალხი ცხადად წინასწარ გრძნობს, რა აღმოჩნდება მისთვის სიკეთე და რა ბოროტება”.

– ხალხი თუ იშვიათად უშვებს შეცდომას, მაშინ მთავარი უფრო დიდ შეცდომას უშვებს.

– ხალხი მთავარზე უფრო კარგ არჩევანს აკეთებს, იმდენად, რომ ხალხს ვერაფრით დაიყოლიებ, საზოგადოებრივი დიდება მიაგოს უღირსს და გახრწნილი ქცევის ადამიანს.
– ხალხი უფრო პრინციპულია, ვიდრე მთავარი.

– ხალხი, მართალია, ზოგჯერ უწესრიგობების წყაროა, მაგრამ თუ შევადარებთ ხალხის მიერ ჩადენილ უწესრიგობებს მთავრებიდან მომდინარესთან, ასევე ხალხის დიად საქმეებს, მთავართა დიად საქმეებთან, აღმოჩნდება, რომ ,,ხალხი დიდი უპირატესობის მქონეა მთავართან შედარებით სიქველესა და დიდებაშიც”.

– მართალია, მთავრებს გარკვეული უპირატესობანი აქვთ ახალი წყაროების დადგენასა და კანონების დაწერაში, მაგრამ, სამაგიეროდ ხალხს უპირატესობა აქვთ ახალი წყობის არსებობის შენარჩუნებაში.

– მთავართან შედარებით, ხალხი კეთილ საქმეებშიც უპირატესობის მქონეა. ამავე დროს, ხალხი უფრო ნაკლებად სერიოზულ შეცდომას უშვებს, ვიდრე მთავარი.

– ხალხის შეცდომა სიტყვით, დარწმუნებითაც გასწორებადია, მაშინ, როდესაც მთავრის შეცდომის გასწორებას ,,ქირურგიული ჩარევა” სჭირდება. აქედან გამომდინარე, ხალხის დაავადება გაცილებით უფრო ადვილად განკურნებადია, ვიდრე მთავრისა.

– ხალხის სისასტიკე მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც საერთო სიკეთეზე აღმართავს მახვილს. მთავრის სისასტიკე კი მიმართულია მისი პირადი სიკეთის დამრღვევთა წინააღმდეგ.

– როცა ხალხი აღვირს გადაიგდებს და აღზევდება, საშიშია არა ის სიგიჟე, რომელსაც იმ მომენტში სჩადის, არამედ მომავალი მოსალოდნელი შედეგი, ტირანიის სახით. ცუდი მთავრის შემთხვევაში კი პირიქითაა. აწმყოშია საშიში მის მიერ ჩადენილი სიგიჟის ბოროტება და მხოლოდ მომავალზე ამყარებენ იმედს, რადგან ტირანის ცუდმა ქცევამ შეიძლება აღადგინოს თავისუფლება იმით, რომ ხალხი აუჯანყდება.

– მაკიაველი გმობს ბრბოს, რომელსაც გონიერი მოქმედების უნარი არა აქვს და რომლის ძალა სიმრავლეშია. როგორც კი სიმრავლე დაიშლება, ბრბო კარგავს უნარს და არ მოიმოქმედებს იმას, რასაც ბრბოდ ყოფნის მომენტში ჩაიდენდა. ბრბოს არ აქვს შიშის უნარი მაშინ, როდესაც თითოეული განმხოლოებულად დარჩენილი ბრბოს წევრი შიშის ფაქტორს ემორჩილება და მოკლებულია გამბედაობას.
8. მაკიაველი ღირებულებითი ორიენტაციების ცვლის რაობის შესახებ.

პლატონის შემდეგ მხოლოდ მაკიაველმა მიაქცია ყურადღება იმ ვითარებას, რომ ღირებულებითი ორიენტაციების კონფლიქტს და ცვლას იწვევს, არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური, არამედ, ასაკობრივი ფაქტორებიც. იგი კარგად ხედავს, რომ წარსული თუ თანამედროვე მოვლენების ობიექტური აღქმისას, ასევე აუცილებელია სუბიექტის განწყობა, მისი მზაობა, სინამდვილე აღიქვას ისე, როგორც ის არის, ან კიდევ სინამდვილის აღქმაში შექონდეს ადამიანური მომენტები, იქნება ეს მისი ასაკი, თუ მდგომარეობა.

– ადამიანები ერთსა და იმავე სინამდვილეს სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ მათი ღირებულებითი ორიენტაციები ასაკთან ერთად იცვლებიან. ის, რაც ერთ ასაკში მის აღტაცებას და მოწონებას იმსახურებს, სხვა ასაკში საერთოდ არაა მისთვის მნიშვნელობის მქონე. რატომ ხდება, რომ ადამიანის სიცოცხლის სხვადასხვა ასაკის შეფასებაში განსხვავებული თვალსაზრისებია – ,,თითქოს მოხუცები არ უნდა ცდებოდნენ თავიანთი სიყმაწვილისა და ხანდაზმულობის დროის შეფასებაში, რადგან ერთიც და მეორეც მათთვის ერთნაირად კარგადაა ცნობილი, ისინი ხომ ამ დროს საკუთარი თვალით აღიქვამენ. ეს სამართლიანი იქნებოდა მაშინ, თუ ადამიანებს ცხოვრების ყველა ასაკში ექნებოდათ ისეთივე მსჯელობანი და სურვილები, მიდრეკილებები და აზრები, როგორც ჰქონდათ ყმაწვილკაცობაში. როცა ადამიანები ბერდებიან ძალა აკლდებათ, მაგრამ ემატებათ ჭკუა და გონიერება, ამიტომ აუცილებლად ყველაფერს, რაც მათ ყმაწვილკაცობაში ეჩვენებოდათ ასატანადაც და კარგადაც კი, მოხუცებულობაში აღიქვამენ ცუდად და აღმაშფოთებლად. იმის ნაცვლად, რომ ამას აბრალებდნენ საკუთარ განსჯას, ისინი ადანაშაულებენ ეპოქას”.

პოლიტიკა და მორალი (ზნეობა). მაკიაველიზმის არსი

– მთავარი სხვას უნდა ამბობდეს და სხვას უნდა აკეთებდეს. “ყოველი მთავარი უნდა ცდილობდეს, გულმოწყალე და არა სასტიკი კაცის სახელი მოიხვეჭოს, მაგრამ უთავოდ არ უნდა იყენებდეს გულმოწყალებას. ჩეზარე ბორჯიას სასტიკ კაცად თვლიდნენ, მაგრამ სწორედ ამ თავისი სისასტიკის წყალობით დაამყარა წესრიგი. ამიტომ მთავარი არაფრად არ უნდა აგდებდეს გმობას სისასტიკის გამო, თუკი ამის წყალობით ახერხებს იმას, რომ განხეთქილებისა და განდგომის საშუალება მოუსპოს თავის ქვეშევრდომებს”.

– მთავრის მიმართ ქვეშევრდომებს შეიძლება ორი გრძნობა ჰქონდეთ – სიყვარული და შიში. პირველი სიქველეზე იქნება აგებული, მეორე – სისასტიკეზე. მაკიაველი რეკომენდაციას აძლევს შიშს, ე.ი. სისასტიკეს: ,,რა ჯობს, უყვარდე თუ ეშინოდეთ შენი? რაზედაც უპასუხებენ, რომ სასურველია ერთიც და მეორეც, მაგრამ რადგან ორივეს შეთავსება ძნელია, ამიტომ, თუკი იძულებული იქნები ერთერთზე უარი თქვა, გაცილებით გიჯობს, შიშს უნერგავდე ხალხს და არა სიყვარულს”.

– რა იწვევს შიშს ადამიანებში და როგორ შეიძლება მისი დანერგვა? შიშის წყარო არ არის მოვალეობა, მას მხოლოდ სიყვარული ემყარება, შიშის წყარო სასჯელია, ამიტომ მაკიაველი ამართლებს ქვეშევრდომთა მიმართ სისასტიკეს… ოღონდ სისასტიკე უნდა იყოს ერთჯერადი და წუთიერი და არა დასაწყისში ნაწილობრივი და შემდეგ კი მზარდი”.

– სისასტიკე წამიერი და ერთჯერადი უნდა იყოს, რათა ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მიეცეს და ამრიგად, ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს იგი. ქველმოქმედება კი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შეძლოს მისი შეცნობა”.

– მაკიაველიზმის არსი ვლინდება იმაშიც, რომ მისთვის პოლიტიკაში განმსაზღვრელია არა პატიოსნება, არამედ ცბიერება. მოღვაწეობაში კანონის ნაცვლად ძალაზე დამყარება, უზნეობა, გაუტანლობა, დაუნდობლობა, სისასტიკე და ძალის გამოყენება. მთავარი უნდა იყოს ლომივით ძლიერი და მელასავით ცბიერი. სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობა არის მთავრის სიბრძნისა და დღეგრძელობის წყაროც და მაჩვენებელიც.

ამრიგად, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე – ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი ცხოველებისათვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისთვის აუცილებელია თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი.

– სწორედ ამნაირი, თუმცა შეფარვით გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ამ ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობით ითვისებდეს და ისისხლხორცებდეს ორივეს ბუნებას, და რომ ერთი მეორეს გარეშე უდღეურია.

– ამრიგად, თუ მთავარი იძულებული იქნება, იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისგან, მელას – მგლებისგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის.

– ამიტომ კეთილგონიერი მთავარი შეუძლებელია თავისი აღქმის ერთგული იყოს, თუკი ეს ერთგულება საზიანო აღმოჩნდება მისთვის, ან თუ აღარ არსებობს მიზეზები, რომლებმაც ეს აღქმა დაადებინეს. ყველა კაცი რომ კარგი და კეთილი იყოს, ამნაირი ქცევა უკეთური იქნებოდა, მაგრამ რაკი ისინი ბოროტნი არიან და გამუდმებით არღვევენ იმას, რაც აღგითქვეს, შენ რატომღა უნდა უერთგულო შენს აღთქმას მათ მიმართ? მთავარს არასდროს არ გამოელევა იმის კანონიერი მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი ორპირობა.

მაკიაველი მიზნისა და საშუალებების თანაფარდობის შესახებ პოლიტიკაში

– მაკიაველის აზრით, მიზანი უნდა იყოს კეთილშობილი, რათა პოლიტიკოსის ქმედება ჩაითვალოს მოსაწონად. პოლიტიკოსის კეთილშობილება შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ ის ცდილობს, თავის სახელმწიფოს, თუ ერს მოუპოვოს დამოუკიდებლობა. ეს უპირველესი მიზანია. შემდეგ უზრუნველყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს უშიშროება, ანუ შეეძლოს შინაურ და გარეულ მტრებთან ანგარიშის გასწორება. და ბოლოს მთავარმა უნდა შეზღუდოს საკუთარი ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიზრდება ტირანიაში. მან უნდა დაამყაროს კონსტიტუციური მმართველობა, შეაზღუდვინოს თავისი უფლებები, ეს განმსაზღვრელია პოლიტიკოსის კეთილშობილ მიზანთა შორის.

– როგორი უნდა იყოს ამ მიზანთა განხორციელების საშუალებები? ისეთი, როგორიც უზრუნველყოფს წარმატებას მიზანთა განხორციელების გზაზე. ეს კი გამორიცხულია ქველმოქმედებით, ჰუმანიზმით, სიკეთის ქადაგებით. ჰომეოპათიური მეთოდი საზოგადოებას არ გამოადგება. დემოკრატია და თავისუფლება არ დამყარდება დემოკრატიული მეთოდებით. მათი მიღწევა მხოლოდ ძალით შეიძლება.

– სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, საჭიროა ალეოპათია, ე.ი. მიზნის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. რესპუბლიკის დამკვიდრებისათვის დიქტატურა, ჰუმანური მიზნების მიღწევას არაჰუმანური საშუალებები სჭირდება. ეს საშუალებანი არ უნდა ექვემდებარებოდეს მორალურ, რელიგიურ, თუ სხვა სახის შეზღუდვებს. ადამიანობის თვალსაზრისით ყველაზე სასტიკი და ყველაზე წარმოუდგენელიც უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან კეთილშობილ მიზანს ემსახურება.

– მაკიაველი ყოველგვარ საშუალებას მიიჩნევს დასაშვებად, თუ ეს საშუალებები კეთილ მიზანს ემსახურება და თვითონ არ იქცევიან მიზნებად. ბოროტება, როგორც საშუალება დასაშვებია, მაგრამ ბოროტება, როგორც მიზანი გამორიცხულია.

– დასაგმობია ის, ვინც მკაცრია იმისათვის, რომ გააფუჭოს და არა ის, ვინც ასეთია გამოსწორების მიზნით”. სწორედ აქედან მომდინარეობს ის ლაპიდარული ფრაზა, რომლის შინაარსიც გამოთქვა მაკიაველიმ და რომლის ფორმა შემდგომ ჩამოყალიბდა მაკიაველის პრინციპის სახელით – ,,მიზანი ამართლებს საშუალებას”.

– შეიძლება მიზანი კეთილშობილი იყოს, მაგრამ თუ ამ მიმართულებით მოქმედებამ შედეგი ვერ გამოიღო, გამოვა, რომ ამაოდ შეეწირა მსხვერპლი მიზანს. ამიტომ საშუალებების სახით ადამიანის არაადამიანურ მხეცურ მოქმედებას ამართლებს არა მარტო მიზანი, არამედ ის შედეგებიც, რაც მას მოყვება. მხეცობა ადამიანის დასადანაშაულებლად საკმარისია, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს შედეგს, რაც მოყვა ამ მხეცობას და თუ შედეგი დადებითია, მხეცობა გამართლებულია. ადამიანს ,,ადანაშაულებს ჩადენილი საქმე, ამართლებს შედეგი”. ეს არის ლოგიკური გაგრძელება დებულებისა: მიზანი ამართლებს საშუალებას.

მაკიაველი ამართლებს სისასტიკეს და მხეცურ ქმედებას არა თავის თავად, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდება ამაღლებული მიზნის მსახურებისათვის. ჩადენილი დანაშაული გამართლებადია, თუ შედეგი კეთილია.

– არცერთი კეთილგონიერი ადამიანი არ უსაყვედურებს მთავარს, თუ სამეფოს მოწესრიგების, ან რესპუბლიკის შექმნის მიზნით, ის მიმართავს რაიმე განსაკუთრებულ ზომებს. რას იზამთ. მას დაადანაშაულებს ჩადენილი, გაამართლებს შედეგი. და თუ შედეგი აღმოჩნდება კეთილი, ის ყოველთვის გამართლებული იქნება, რადგან უნდა გაიკიცხოს ის, ვინც მკაცრობს გაფუჭების მიზნით და არა ის, ვინც მკაცრია, რათა გაასწოროს …”.

ნიკოლო მაკიაველის მსოფლმხედველობა

მოაზროვნეთა უმრავლესობა მაკიაველის მიიჩნევს პოლიტიკის ფილოსოფიის ფუძემდებლად, მოაზროვნედ, რომელმაც აღადგინა შუა საუკუნეების მიერ დავიწყებას მიცემული პლატონისა და არისტოტელეს ინტერესი პოლიტიკისა და სახელმწიფოს გააზრებისადმი. ბევრი მის ნააზრევში ხედავს სოციოლოგიის გარკვეულ პრინციპებსაც, თუმცა ზოგიერთი საერთოდ უარყოფს მაკიაველის ნააზრევის ღირებულებას.

მაკიაველიმ გაიზიარა ისეთივე ბედი, როგორც რამდენიმე საუკუნის შემდეგ მალთუსმა,რომლის გარშემო გაუგებრობანი მის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღესაც გრძელდება. განსხვავება ისაა, რომ მალთუსს საშუალება მიეცა, სიცოცხლეშივე გაესწორებინა ანგარიში მათთან, ვინც მას არ კითხულობდა და ისე აკრიტიკებდა, ან კიდევ აყალბებდა. მაკიაველის ,,მთავარი” კი მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა და მას არ ჰქონდა საშუალება, გაეანალიზებინა მისი მისამართით გამოთქმული უსამართლო კრიტიკა.

მეოცე საუკუნეში მაკიაველის ინტერპრეტატორებში უფრო ისინი ჭარბობენ, ვინც ცდილობს მის წაკითხვას წინასწარ აკვიატებული ცრურწმენების თუ იდოლებად ქცეული აზრების გარეშე. მისი ნააზრევის ობიექტური შეფასება მოცემული აქვს ქართველი მოაზროვნეებიდან ბაჩანა ბრეგვაძეს.

მაკიაველის ნააზრევი, აგებული ემპირიული გამოცდილების ბაზაზე, სიანამდვილის ისეთი შემეცნებაა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარ მიაზრებათა, იდოლათა თუ შორებისაგან და რომელიც მაღალფარდოვნების გარეშე ადგენს და აზოგადებს, სინამდვილეს გადმოსცემს ისე, როგორც ის არის, შეუფერადებლად. მაკიაველის აზრით, ასეთ ობიექტურ შემეცნებას ხელს უწყობდა ყოველი შემეცნების ძირეული პირობა, რომ განსხვავებული და საპირისპირონი უკეთ შეიცნობენ ერთმანეთს, ვიდრე იგივეობრივნი თუ მსგავსნი. მაკიაველი უარყოფს შემმეცნებლისა და შესამაცნებლის იდენტურობის პრინციპს და ამტკიცებს, რომ შემმეცნებელი და შესამეცნებელი საპირისპირონი თუ იქნებიან, შემეცნება უკეთ განხორციელდება, რადგან ამ გზით მიიღება შემეცნებისთვის აუცილებელი დისტანცია და თავისუფლება შემმეცნებელის ცრურწმენებისაგან. ,,იმ მხატვრებისა არ იყოს, მაღლობთა დასახატად დაბლა ხეობაში რომ ჩადიან, რათა იქიდან დაუკვირდნენ მთებისა თუ ბორცვების აგებულებას, ხოლო ხეობებს მთის მწვერვალებიდან აკვირდებიან, – ზუსტად ასევე, თუ გსურს, სათანადოდ შეიცნო ხალხის ბუნება, მთავარი უნდა იყო. ხოლო მთავრის ბუნებას უბრალო მოქალაქე უკეთ შეიცნობს” (9,3). ამიტომ შეეძლო ეთქვა რასელს, რომ მაკიაველის თეორია მეცნიერული და ემპირიულია.

მაკიაველის ნააზრევის მნიშვნელობა მრავალი მომენტით განისაზღვრება. მაკიაველის იმიტომ აყენებენ ლეონარდო და ვინჩისა და პეტრარკას გვერდით, რომ ის იდგა რენესანსის სათავეებთან. იტალიური რენესანსის ლიტერატურაში, პეტრარკას შემდეგ, მაკიაველის შრომები შეაქვთ როგორც მხატვრული, ისე პუბლიცისტურ-თეორიული. მაკიაველი რენესანსის სულისკვეთებას გამოხატავდა – იგი არ ყოფილა უბრალო თანამედროვე. რენესანსისთვის დამახასიათებელია, პირველ რიგში, ანტიკურ მოაზროვნეთა მემკვიდრეობის აღდგენა, მათზე დამყარება და უარის თქმა შუასაუკუნეობრივი თეოლოგიის ბატონობაზე. მაკიაველიმ აღადგინა პლატონისა და არისტოტელეს, ასევე მათი მიმდევრების, პოლიბიოსის და სხვათა, პოლიტიკური თეორია და ინტერესი პოლიტიკური მოვლენების გააზრებისადმი.

თუ არისტოტელე პოლიტიკის მეცნიერებას ფილოსოფიის შემდეგ უპირველეს მნიშვნელობისად თვლიდა, მაკიაველიც ამ მიმართულებით მოძრაობს. მისთვის პოლიტიკა გააზრების თითქმის ერთადერთი საგანია და ყოველივე სხვა მის ექსპლიკაციას ეხმაურება. თუ არისტოტელე ცნობდა სახელმწიფოს სამ ძირითად ტიპს, მაკიაველის თეორიაც ამ ტიპების აღიარებაზეა აგებული. თუ პლატონი და არისტოტელეც, მონარქიის უპირატესობის მტკიცებასთან ერთად, ინარჩუნებდნენ რესპუბლიკისკენ სწრაფვასაც, მაკიაველი ცდილობს, შეათავსოს მონარქისტულ-დიქტატორული შეხედულებანი რესპუბლიკურ მრწამსთან. თუ პლატონისა და არისტოტელეს გააზრების საგანი იყო ანტიკური პოლის-სახელმწიფოები, მაკიაველის გააზრების საგანია იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები და მათზე მსჯელობისას ემყარება ანტიკური პოლისების გამოცდილებას, იმდენად, რომ ისტორიას თავისებურ დიდაქტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს აწმყოსა და მისი პერსპექტივების განსაზღვრისათვის. ის განაგრძობს რომაელთა იმ ხაზს, რომლის მიხედვითაც ისტორიას შეუძლია გაკვეთილები მოგვცეს, რომლითაც ადამიანებმა უნდა იხელმძღვანელონ მომავალში. მართალია, შემდგომ ჰეგელი ისტორიის გამოცდილების გამოყენებას შეუძლებლად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ ადამიანებმა ვერასოდეს ვერაფერი ისწავლეს ისტორიიდან, მაგრამ მაკიაველის სჯერა, რომ ისტორიული გამოცდილება დაეხმარება მისი სანუკვარი მიზნის, იტალიის გაერთიანებისა და დამოუკიდებლობის მიღწევაში. ანტიკური სამყაროს მიბაძვით და პლატონის გავლენით ახდენს მაკიაველი ორიენტირებას სახელმწიფოს მმართველზე და დამრიგებლური ფუნქციის შესრულებას მმართველის მიმართ. ამ მიზანს ემსახურება მისი ძირითადი ნაშრომი ,,მთავარი”.

,,მთავარი” მმართველობის ძირითადი პრინციპების და ქცევის ფორმების განმსაზღვრელი თავისებური ჯერარსული კოდექსია, გათვალისწინებული მთავრის პოლიტიკური მოღვაწეობის სახელმძღვანელოდ. გავიხსენოთ პლატონის ,,პოლიტიკოსი”, რომელსაც უნდა განესაზღვრა პოლიტიკოსის რაობა თუ ვინაობა და პლატონის მიწერ-მოწერა სარაკუზელ ტირანებთან, რომელთა მიმართ იგი ცდილობდა, განეხორციელებინა დამრიგებლის ფუნქცია, დაერწმუნებინა ისინი, უკეთ ემართათ სახელმწიფო.

მაკიაველის შემთხვევაში მოვლითი გზა კი არაა გათვალისწინებული, არამედ პირდაპირი გზით პოლიტიკოსის სამოქმედო პროგრამაა დასახული, რომლითაც ხორცი უნდა შეესხას იტალიის გაერთიანებას და განთავისუფლებას.

მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც დიდია ამ ორი მოაზროვნის შრომებში. პლატონი ,,პოლიტიკოსში” მიზნად ისახავს დაადგინოს პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის ცნება. ეს შრომა თეორიულ-ლოგიკური ანალიზის ნიმუშია, მაკიაველის შრომა კი პრაქტიკული სამოქმედო პროგრამაა პოლიტიკოსისათვის, თეორიულ-ლოგიკური ანალიზის გარეშე, პლატონის დამოკიდებულება სირაკუზელ იმპერატორებთან – ეს არის ფილოსოფოსის მცდელობა, გააფილოსოფოს იმპერატორები მათთან მეგობრობის გზით. მაკიაველისთვის მთავარი ის პიროვნებაა, რომელმაც უნდა გამოიყენოს მაკიაველის გამოცდილება, დააბრუნოს ის პოლიტიკურ სარბიელზე და მისი სულიერი ხელმძღვანელობით განახორციელოს მაკიაველის მიერ დაპროგრამებული პრინციპები. ამ განსხვავებაშიც, მაკიაველისა და პლატონის ნააზრევს შორის, მრვალი იგივეობრივი მომენტია, რაც მათი პოლიტიკური ნააზრევის ერთიანობის მაჩვენებელია.

არის კიდევ სხვა მრავალი მომენტი, რითაც მაკიაველი თავის ნააზრევში ორიენტირდება ანტიკურ სამყაროზე, თვით ამ სამყაროს ისტორიულ ხდომილებათა ანალიზის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ
რენესანსის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი – ანტიკურობის სამყაროსთან დაბრუნება და მისი ღირებულებების აღდგენა – მაკიაველის ნააზრევის არსებითი მხარეა.

მაკიაველის ნააზრევის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია საეკლესიო რელიგიური ბატონობის შეცვლა ადამიანური საერო მოტივებითა და ნაკადით. მაკიაველი, განსაკუთრებით მხატვრულ ნაწარმოებებში, დასცინის რელიგიას და რელიგიური მოღვაწეები მატყუარებისა და ცრუპენტელების დამხმარეებად და თანამოაზრეებად გამოყავს . თეორიულ ნააზრევში არ ჩანს რელიგიაზე აქტიური შეტევა, მაგრამ სამყაროს მტკივნეული პრობლემების გააზრებაში მასთან არ რჩება ადგილი ამ პრობლემათა რელიგიის გზით გადაწყვეტისათვის. მაკიაველისთვის მთავრია საერო პრობლემები და მათი გადაწყვეტა ერისკაცთა მეშვეობით. ადამიანთა ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად მას არ სჭირდება ზეადამიანური ძალები, მიაჩნია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. ეს ორიენტაცია ღმერთის ნაცვლად ადამიანებზე მისი მსოფლმხედველობრივი ძიების ერთ-ერთი სიახლეა, რაც მას სწორედ რენესანსის მოაზროვნედ ხდის.

სადავოდ ხდიან საკითხს მაკიაველის ნააზრევის ჰუმანისტურობის შესახებ. ზოგიერთი, მაკიაველიზმის სისასტიკით შეძრწუნებული, უარყოფს მაკიაველის ჰუმანიზმს, მაგრამ ჰუმანიზმი მარტო კაცთმოყვარეობის გაგებით არ უნდა გვესმოდეს. ჰუმანიზმია მოძღვრების დამახასიათებელი, თუ ის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას ადამიანებს აკისრებს. ამ მიმართულებით მაკიაველის მოძღვრება უთუოდ ჰუმანიზმია. რაც შეეხება მის სისასტიკეს, დიქტატურის აღიარებას, რომელიც ანტიმაკიაველიზმის მოძღვრებას ასაზრდოებს, ეს ცალკე საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, მაკიაველის მიხედვით, ადამიანური პრობლემები ადამიანების გზით რომ უნდა წყდებოდეს, ეს ჰუმანიზმის მაჩვენებელია, ხოლო ამ ჰუმანისტური ნაკადის შიგნით ამოცანების გადასაწყვეტად ბოროტებას მივმართავთ თუ სიკეთეს, ეს იქნება ჰუმანიზმის შიგნით ორი ნაკადის, საკუთრივ ჰუმანისტურის, ადამიანურის, კეთილისა და არაადამიანურის, ბოროტის დაპირისპირების არენა. ეს ეხება საშუალებებს და არა მიზნებს.

მაკიაველის ამოსავალი პრინციპია ადამიანები და ადამიანური ურთიერთობანი. მისთვის ისტორიული და თანამედროვე საზოგადოებაც ადამიანთა სოციალური ინტერესების მიხედვით, ჯგუფებად, ფენებად თუ წოდებებად დაყოფილ ერთეულთაგან შედგება. ყველა იმან, ვინც ესწრაფვის ადამიანთა საზოგადოების მართვას, თანაც ისე, რომ ეს მმართველობა მყარი იყოს, ანგარიში უნდა გაუწიოს მათ ინტერესებს, მიდრეკილებებს და სწრაფვას. ეს ინტერესები არაა მიღმური, სამყაროს დამკვირვებლის ზემდგომ სფეროში, ინტერესები ეხება ადამიანთა საკუთრებას და სოციალურ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ახალი კლასის, ე.წ. მესამე წოდების, უპირველესი ამოცანა იყო საკუთრებითი ინტერესების დაცვა იმდენად, რომ მას ადამიანთა ღირსებაზე უფრო მაღლა აყენებდნენ და მაკიაველი სწორედ ამ საკუთრებითი ინტერესებიდან ამოდის. ღირსებაც იქვეა, მაგრამ მაინც მეორეა და არა პირველი. ყოველ შემთხვევაში საკუთრებაც და ღირსებაც ადამიანთა ინტერესების განმსაზღვრელია. და ვისაც სურს, ადამიანთა სამყაროში თავისი ინტერესები თუ მიზნები განახორციელოს, მან უნდა შეძლოს სხვისი ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება ზიზღისა და სიძულვილის საგანი და თავისი მოღვაწეობის გზაზე ყველა გზას მოიჭრის. ,,მთავარი უნდა ცდილობდეს, თავიდან აიცილოს ყველაფერი, რაც მას ზიზღისა და სიძულვილის საგნად აქცევს, თუ აიცილა, შეუძლია მოგვარებულად ჩათვალოს საქმე, და სხვა რამის გამო გმობასა და ყვედრებას აღარ უნდა უფრთხოდეს უკვე. სიძულვილის საგნად მას, უწინარეს ყოვლისა, აქცევს მგლური სიხარბე, თავის ქვეშევრდომთა საკუთრებისა და მათი ცოლების პატივის ხელყოფა, რისგანაც თავის შეკავება მართებს”.

მთავრის ამოცანად ავტორი სახავს, რომ სიყვარულს თუ ვერ უზრუნველყოფს, ქვეშევრდომებს შიში მაინც ჰქონდეთ მისი, და არა სიძულვილი, ხოლო ამის უზრუნველყოფა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეშევრდომთა ინტერესებს დაიცავს, რომელთაგან უპირატესი ორია – სიცოცხლე და საკუთრება. ,,დიდი საქმეა, რომ ხალხს ეშინოდეს შენი, მაგრამ არ სძულდე, რადგან ამ ორი გრძნობის შეთავსება მართლაც შესაძლოა, მთავარიც ყოველთვის შეძლებს ამას, თუკი არ ხელყოფს ქვეშევრდომთა სიცოცხლეს და საკუთრებას” (შიშის მნიშვნელობა პოლიტიკაში მაკიაველის კვალდაკვალ კომუნისტებმა კარგად გააცნობიერეს. ტროცკის მტკიცებით, ,,დაშინება პოლიტიკის უძლიერესი საშუალებაა. ფარისეველი უნდა იყო, ეს რომ ვერ გაიგო”. სამაგიეროდ მათ დაივიწყეს მაკიაველის მტკიცება, რომ სიცოცხლის და ქონების ხელყოფა არ შეიძლება).

მაკიაველის მტკიცებით, მთავარს თუ ქვეშევრდომის სიკვდილით დასჯა უნდა და ამისთვის საკმაო სამხილი აქვს, შეუძლია ეს განახორციელოს, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს. ,,სხვისი ქონების ხელყოფისაგან, ვინაიდან ადამიანები უფრო ადვილად ურიგდებიან მამის სიკვდილს, ვიდრე სამკვიდროს მოშლას”.

ადამიანთა ინტერესები რომ განსაზღვრავს მათ ურთიერთობებს და მათში გარკვევაა მნიშვნელოვანი ამოცანა, ამის გაცნობიერებასთან ერთად მაკიაველი იმასაც მიუთითებს, რომ ინტერესების მიხედვით ადამიანთა ურთიერთობის აგების საშუალებითაც ადამიანთა ხელშია და ადამიანთა ურთიერთოებების მოწესრიგებისათვის სხვა რაიმე ძალა არაა საჭირო, გარდა საკუთრივ ადამიანის გონებრივი უნარისა. კერძოდ ადამიანს უნდა შეეძლოს, წვდეს მის გვერდით მყოფთა ინტერესებს, მოთხოვნილებებს, მისწრაფებებს. ადამიანები გონებრივი უნარის სხვადასხვა დონეს ფლობენ. მაკიეველი ამ უნართა მიხედვით ახდენს ადამიანთა კლასიფიკაციას და მათი ადგილის განსაზღვრასაც ადამიანთა სამყაროში. ყოველ შემთხვევაში, ,,მთავრშიც” და ლივიუსის შესახებ შრომაშიც, ავტორი ამტკიცებს, რომ ადამიანები, მათი გონებრივი უნარის მიხედვით, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის, სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას, დანარჩენი კი ვერც თავისით და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი”. იმავეს იმეორებს ავტორი ლივიუსის შესახებ შრომაში.

ინტერესები და უნარები განსაზღვარავს, არა მარტო საერო სამთავროთა თუ სახელმწიფოთა ცხოვრებას, არამედ საეკლესიოსაც. არის საეკლესიო სამთავროებიც, საეროსთან ერთად მათაც ორი ინტერესი განსაზღვრავს – საეკლესიო და სახელმწიფო თუ საერო. იმისდა მიხედვით, როგორ მოიყვანენ საეკლესიო მთავრები ამ ინტერესებს შესაბამისობაში, საქმეს წამართავენ კარგად ან ცუდად. საეკლესიო სამთავროებს ყოველ შემთხვევაში, არ მოელით ის საფრთხე, რაც საერო სამთავრობოებს ემუქრება, კერძოდ, აჯანყებათა საშიშროება, რადგან აქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, რომლებიც ანიველირებენ, ან ზღუდავენ ინტერესთა დაპირისპირებას. ამიტომაა, რომ საეკლესიო მთავრები ნაკლებად იღწვიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ,,ვინაიდან არავინ ემუქრება მათ მმართველობას. . . მათი ქვეშევრდომნი უდრტვინველად ურიგდებიან თავიანთ მდგომარეობას”.

სამთავროთა ორივე ძირითად ტიპს, როგორც საეროს, ისე საეკლესიოს, განსაზღვრავს ადამიანთა აქტიურობა, მათი საქმიანობა და არა ღვთის ძალა. ადამიანთა აქტიურობა სუბიექტთა მოტივებით განისაზღვრება და მაკიაველის წინაშე ისმის საკითხი, მთლიანად გამორიცხავს ადამიანთა ცხოვრებიდან ბედისწერას, აუცილებლობას ან ფორტუნას, თუ ადამიანთა მოქმედების გვერდით მათაც უტოვებს ადგილს და თუ რჩება ასეთი ძალა, როგორი ბუნებისაა იგი? – განგებისეული, ბუნებრივი თუ ბედისეული განსაზღვრულობა და გარდუვალობა, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს? მოკლედ მაკიაველის წინაშე დგება კლასიკური პრობლემა, სოციალურ ყოფიერებაში აუცილებლობასა და თავისუფალ ნებისყოფას შორის მიმართების შესახებ. მაკიაველისთვის გამორიცხულია ადამიანის მოქმედების განსაზღვრულობა არაადამიანური და ზეადამიანური ძალების გზით. მისი თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ადამიანის მოქმედების, მისი აქტიურობის გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორც წარსულ, ისე დღევანდელ ვითარებაში. ამავე დროს, მისთვის თავისუფალი ნებელობა არაა ერთადერთი ძალა, რომელიც სოციალურ ყოფიერებას განსაზღვრავს. ის არაა ვოლუნტარიზმის მომხრე და თავისუფალი ნებელობის გვერდით ეძებს რაღაც ფორმის აუცილებლობას, რომელიც ქმედითი იქნება სოციალურ ცხოვრებაში. ეს აუცილებლობა არაა განგებისეული, რადგან განგების შემეცნებადობაზე მან უარი განაცხადა, ამ აუცილებლობას კი მისი შემეცნების ფარგლებში აქცევს. ეს აუცილებლობა არც ბედისწერისეულია, რადგან ის მთლიანად ადამიანის ყოფიერებას მოიცავდა და ბედისწერის გვერდით ვერ დაასაბუთებდა თავისუფალი ნებელობის არსებობას. ეს აუცილებლობა არც ფორტუნასეულია, რადგან ფორტუნა უბრალოდ გამართლებაა და წარმატების გამომხატველი, ამდენად ყველაზე მეტად საფიქრებელია, რომ ეს არის ბუნებრივი აუცილებლობა, რომელიც ადამიანის მოქმედებაში გარკვეულ ტენდენციებს განსაზღვრავს, მაგრამ არა მთლიანად მოქმედებას.

მაკიაველი აანალიზებს მიზეზებს, რომელთა გამო მთავრებმა თავიანთი სამთავრობოები დაკარგეს და მიუთითებს, რომ აქ არავითარი ბედისწერა არ ყოფილა განმსაზღვრელი, არამედ ადამიანთა უნიათობა, მათი უუნარობა – მოვლენები წარემართათ იმგვარად, რომ განეჭვრიტათ, რა დასჭირდებოდათ უახლოეს მომავალში, როცა ვითარება შეიცვლებოდა. მათთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა უზრუნველობა მომავლის მიმართ. მართებულია ნათქვამი – ,,ვის ახსოვს ქარიშხალი მყუდრო ამინდში”. როგორც ჩანს, ამ მთავრებს იმედი ჰქონდათ მიშველების, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ყოველთვის არ შეიძლება დაცემული ვიღაცამ წამოაყენოს: საქმე ისაა, რომ მათ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ დაცემა და რადგან არაფერი იღონეს, ამიტომ დამთავრდა მათი ყოფა ესოდენ სამწუხაროდ. ,,ამიტომ დღეს ჩვენი მთავრები, რომლებიც ამდენ ხანს ფლობდნენ თავიანთ საბრძანებლებს და ბოლოს მაინც დაკარგეს ისინი, ბედისწერას კი არ უნდა ადანაშაულებდნენ, არამედ თავიანთსავე უნიათობას”. (9,221).

აღნიშნული საკითხის უფრო ფართოდ ანალიზისათვის, კერძოდ, არა მარტო მთავართა, არამედ საერთოდ ადამიანთა ცხოვრებაში ბედისწერის როლის გასარკვევად, ნაშრომში გამოყოფილია 25-ე თავი სათაურით – ,,როგორია ბედისწერის გავლენა კაცთა ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება წინ აღუდგე მას”, სადაც ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვინც ბედისწერით და განგებით განსაზღვრავენ მოვლენების მსვლელობას, ფატალიზმით და პროვიდენციალიზმით კმაყოფილდებიან და ადამიანებს არ უტოვებენ მოქმედების არენას. ავტორი განგებას არ ეხება, მაგრამ ბედისწერას როგორც აბსოლუტურ განსაზღვრულობას, უარყოფს. ,,მე მზად ვარ, ჭეშმარიტად ვაღიარო იმის შესაძლებლობა, რომ ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს”. (9,223). აქ რომ ლაპარაკია არა განგებაზე, და ბედისწერითაც მხოლოდ ბუნებრივი აუცილებლობა აღინიშნება, ამაზე მიუთითებს ის ანალოგიებიც და მაგალითებიც, რითაც ავტორი ასურათებს თავის თვალსაზრისს. ბედისწერას ის ამსგავსებს ბობოქარ მდინარეს, რომელიც კალაპოტიდან გადასული ყველაფერს წალეკავს. ამ ძალის მოთოკვა შეიძლება წინასწარ ზომების მიღებით, ჯებირების გაშენებით, არხების გაჭრით, ე.ი. ადამიანს შეუძლია მოთოკოს აუცილებლობა და დაუქვემდებაროს თავის ინტერესებს ამ აუცილებლობის განმსაზღვრელი კანონების ცოდნის საფუძველზე. ასეთ ვითარებაში ბობოქარი მდინარეც არ აღმოჩნდება გამანადგურებელი. ,,ასევე ბედისწერაც, რომელიც თავის ძალმოსილებას ავლენს იქ, სადაც არავის უზრუნია იმაზე, რომ საპირისპირო ძალა დაეხვედრებინა მისთვის”. აქ მოვლენათა ნორმალურ მსვლელობაზეა ლაპარაკი და მათში ადამიანის ჩარევით ხდომილების შეცვლაზე, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ ხდომილებათა ასპარეზად ავტორი ასახელებს იტალიას, ,,რომელიც არის ამ ცვლილებების ასპარეზიცა და მათი მიზეზიც. გაშლილ ტრამალად, უჯებირო და უმიწაყრილო ტრამალად წარმოგვიჩნდება იგი”.
მაკიაველი ამ ვითარების გამოსწორებისათვის სრულიად საკმარისად თვლის ადამიანთა მოქმედებას სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მიმართულებით, როგორც ეს გაკეთდა გერმანიასა, ესპანეთსა და საფრანგეთში. მაშასადამე, მიწიერი მმართველობა და მიწიერი ძალებით მისი მოქმედების რეგულირება, ხდის ისტორიას და სოციალურ ყოფიერებას ადამიანთა წარმატებითი მოქმედების არენად.
მაკიაველი მოითხოვს, ბედისწერის მიმართ შიში და სიფრთხილე შევცვალოთ გაბედულობით და თამამად შევუტიოთ ბედისწერას. ეს შეგვაცვლევინებს ვითარებას, რომელიც თავისთავად სხვაგვარად წარიმართებოდა. მთავარია, რომ ადამიანს შეუძლია დაძლიოს და მოათვინიეროს ბედისწერა და ამაში მისი აქტიურობაა განმსაზღვრელი.

მაკიაველი ბედისწერას ადარებს ქალს და მოითხოვს, რომ მოსათვინიერებლად ერთსაც და მეორესაც უთავაზოთ მუჯლუგუნები და წიხლი. შეიძლება მისაღები არ იყოს, ქალისადმი პატივისცემის თვალსაზრისით, ასეთი რეცეპტი, მაგრამ აქ უხეშად, ჭეშმარიტებაა გამოთქმული. ბედისწერას, ე.ი. აუცილებლობას, უნდა შევუტიოთ და ჩვენი მოქმედებით მოვთოკოთ. ამით საპირისპირო შედეგს მოგვცემს, ვიდრე მჭვრეტელობითი პოზიციის დაკავებისას.

მაკიაველის მტკიცებით, ,,უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე”. (9,227).

არის კიდევ ერთი რგოლი აუცილებლობისა და თავისუფალ ნებელობას შორის, რომელიც, მაკიაველის აზრით, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ადამიანის აქტიურ ზემოქმედებას გარე სამყაროზე. ესაა ადამიანის მიერ გარემოებათა შეცნობა და ეპოქის მოთხოვნათა მიხედვით მოქმედება. ე.ი. ადამიანის მოქმედება უნდა ემყარებოდეს კონკრეტული სიტუაციის ცოდნას ამა თუ იმ ვითარებაში ადამიანთა სურვილებისა და მათი ღირებულებების შემეცნებას, რათა შეძლოს აიყოლიოს სხვა ადამიანები და ამოქმედოს ისინი. არ კმარა, მარტო აუცილებლობა გქონდეს შემეცნებული, საჭიროა განსაზღვრო, მოქმედება რამდენად შეესაბამება დროისა და ეპოქის მოთხოვნილებას. ეს არის ერთ-ერთი პირველი ფორმულირება სოციალურ მეცნიერებაში დღეს ,,სიტუაციურ ლოგიკად” წოდებული ადამიანის სამოქმედო ვითარების გარკვევის მოთხოვნისა. ორი ადამიანიდან ერთი თუ ანგარიშს უწევს დროის მოთხოვნებს და მეორე არა, მაკიაველის მტკიცებით, პირველი მიაღწევს დასახულ მიზანს, მეორე კი განწირულია წარუმატებლობისათვის. ,,ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, ზუსტად ასევე უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება”. (9,224). მაკიაველის აზრით, აუცილებლობის მოთოკვის და მისი დაძლევის მრავალი გზა შეიძლება არსებობდეს იმისდა მიხედვით, რა პრინციპებით იხელმძღვანელებს ადამიანი. თავისუფალი ნებელობის ძალა იმითაც ვლინდება, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარი მოქმედებისას შეუძლიათ ერთნაირად მიაღწიონ მიზანს. ბედნიერების გზაზე სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. მთავრია, რომ ადამიანს ძალუძს მისი მიღწევა საკუთარ მოქმედებაზე დამყარებით და არა აუცილებლობის, ან განგების მოთხოვნათა წარმართვით. ამრიგად, მაკიაველის ნააზრევში ვლინდება ადამიანური ბედისადმი რწმენაც და ადამიანის მოქმედებაზე მიმართულობაც.

არის კიდევ ერთი საინტერესო მხარე ადამიანთა მიმართებაში, რომელიც დაგვეხმარება მაკიაველიზმის არსის გაგებაშიც. ადამიანი თავისუფალი ნებელობის მქონე არსებაა და მისი მოქმედება არ არის განსაზღვრული ერთი მიმართულებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანი ძალთა თავისუფალი თამაშია და არა ყველა შესაძლებლობის განხორციელების ერთნაირი შანსი აქვს, თუმცა მორალური თვალსაზრისით. არის თუ არა ადამიანში მორალური საწყისი თუ კანონი, როგორც კანტი იტყვის შემდეგ გარკვევით, თუ ადამიანი თავისუფალია წინასწარ მორალური განსაზღვრულობიდან და მასში მხეცია დაბუდებული? მაკიაველი ხომ მოუწოდებს ადამიანს, მოექცეს მხეცივით. იქნება თუ არა ეს ქცევა ადამიანის ბუნების შესაბამისი, თუ მისი საწინააღმდეგო? როგორია ადამიანის ბუნება? ეს საკითხიც მაკიაველის ფილოსოფიის ანთროპოლოგიურ განზომილებას ეხება და მოკლედ მასაც უნდა შევეხოთ. თუ აუცილებლობასა და თავისუფლებას შორის ფაქტობრივად ლომის წილი ადამიანს დაუტოვა და მისცა აქტიურობის გამოვლენის საშუალება, ადამიანის ბუნების განსაზღვრებაში სასწორი არაადამიანურის, მხეცურის მხარეს გადახარა და ადამიანში სიკეთის სახით თითქმის არაფერი დაუტოვა. მთელი მისი პოლიტიკური მოძღვრების ამოსავლად შეიძლება დაისახოს დებულება: ,,ადამიანები ყოველთვის ბოროტნი არიან, თუ კი აუცილებლობა არ აიძულებთ სიკეთის გზა აირჩიონ”. (9,210). რას ნიშნავს ეს დებულება? სწორედ იმას, რომ ბუნებრივად ადამანები ბოროტნი არიან და თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობაც, იყონ კეთილი, მაგრამ სიკეთე არაა მათი ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან ის მხოლოდ გამონაკლისია, ყოველ შემთხვევაში ისეთი რამაა, რასაც იძულების გზით ადგებიან. იძულების გარეშე კი ბოროტნი არიან. ამ აზრს მაკიაველი იმეორებს შრომაში – ,,მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი ათი თავის შესახებ”. ის წერს: ,,როგორც ასაბუთებენ ყველანი, ვინც მსჯელობს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და როგორც უამრავი მაგალითით დასტურდება, ისტორიულად რესპუბლიკის დამფუძნებელმა და მისი კანონების შემდგენმა, როგორც ჩანს, აუცილებელია ყველა ადამიანი ჩათვალო ბოროტად და ივარაუდოს, რომ ისინი ყოველთვის გამოავლენენ მათი სულის ბოროტებას, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ, თუ ვინმეს ბოროტება გარკვეულ დროში არ ვლინდება, ეს ხდება რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რომელთა გაგებას ხელს უშლის გამოცდილების უქონლობა, თუმცა მას დრო მაინც გამოავლენს. დრო რომელსაც ეწოდება ყოველგვარი ჭეშმარიტების მამა”. (33,387-388). სხვა ადგილას მაკიაველი ადამიანებს მიაწერს ყველა იმ თვისებას, რაც მათში ბოროტების გამოვლენის ფორმებია. ,,ადამიანებზე შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ ისინი უმადურნი, მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი არიან”. (9,178). ყველა ეს უარყოფითი თვისება ვლინდება ადამიანის ადამიანთა მიმართებაში ქვეშევრდომებისა და მთავრის დამოკიდებულების ჩათვლით. ,,ვიდრე მათი კეთილმყოფელი ხარ, ისინიც შენნი არიან. აღგითქვამენ, რომ არაფერს დაიშურებენ შენთვის – არც სისხლს, არც ავლადიდებას, არც სიცოცხლეს, არც შვილებს, სანამდის, როგორც ითქვა, საფრთხე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ხიფათის მოახლოებასთანავე ზურგს შეგაქცევენ”. (9,178). მაკიაველის აზრით, ეს არაა გასაკვირი ადამიანებისაგან, რომელთა ჭეშმარიტი მამოძრავებელი მოტივი მოყვასისადმი სიყვარული და მეგობრობა კი არაა, არამედ შიში და ანგარება. სიყვარული მათთვის მომენტალურია და ქრება, როგორც კი ანგარებას შეხვდება. ადამიანები სულმოკლენი არიან და ეს განაპირობებს მათ ქედის მოხრას ანგარების წინაშე. სიყვარულს არა აქვს ძალა, რადგან ის მოვალეობის სუსტ გრძნობას ემყარება.
ზემოთ აღინიშნა, რომ ზოგი მაკიაველისთან სოციოლოგიურ იდეებს ეძებს, ზოგი კი უარყოფს. საკითხი ისმის, რა შეიძლება მივიჩნიოთ მაკიაველისთან სოციოლოგიის წინამორბედობის მაჩვენებლად და რა ზომითაა ეს განვითარებული. ერთ-ერთი ძირითადი მომენტი ზემოთ უკვე აღნიშნული იყო. მაკიაველის მიერ წინა პლანზე ინტერესების წამოწევა და ინტერესების გამოცხადება ადამიანთა ქცევის განსაზღვრულ ფაქტორად – ეს ეხება არა მხოლოდ ინდივიდთა, არამედ ჯგუფთა და სოციალურ ერთობათა ინტერესებს და ქცევას. მაკიაველი იცნობს კოლექტიურ ინტერესებს, რომლებიც განაპირობებენ ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ ასეთი დაპირისპირების არენაა მთელი სოციალური ისტორია. ეს არის მდიდრებისა და ღარიბების, კეთილშობილთა და პლებეების, დიდებულებისა და ხალხის, მთავრებისა და მასების დაპირისპირება. ეს არის ბრძოლა ორ საპირისპირო პოლუსზე მოკალათებულ სოციალურ ჯგუფთა; ერთი მხრივ ქონების, პრესტიჟის, მდგომარეობის, ძალაუფლების მქონეთა ბრძოლა მათ შესანარჩუნებლად, მეორე მხრივ ქონებას, პრესტიჟს, მდგომარეობას და ძალაუფლებას მოკლებულთა ბრძოლა მათ მოსაპოვებლად. მაკიაველი უჩვენებს ამ პროცესის განუწყვეტლობას ისტორიაში, ეს საკითხები განსაკუთრებული სიმკვეთრით დაყენებულია ,,მსჯელობებში” და ,,ფლორენციის ისტორიაში”, იმდენად, რომ ერთ-ერთი მკვლევარი კლასობრივი ბრძოლის მაკიაველისეული სურათის საჩვენებლად ,,ფლორენციის ისტორიიდან” რამდენიმე გვერდის ციტირებას ახდენს. აღნიშნული შრომების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მაკიაველი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც კონფლიქტის სოციოლოგიის სათავესთან დგას. მისი აზრით, საზოგადოებაში ინტერესებისა და ღირებულების მიხედვით გათიშვა იწვეს სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს, რაც სოციალური ცხოვრების ნაკლი კი არაა, არამედ დადებითი მომენტია, რადგან კონფლიქტის და დაპირისპირების გარეშე არაა მოძრაობა, ხოლო საზოგადოება ისეთი ყოფიერებაა, რომელიც მუდმივ მოძრაობაში იმყოფება, ეს მოძრაობა შეიძლება იყოს აღმავალი და დაღმავალი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მის გარეშე არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრება. მოძრაობის ერთადერთი წყარო კი კონფლიქტია, ამიტომ იგი დადებით როლს თამაშობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოებაში წონასწორობაც არსებობს, მაგრამ ის მომენტალურია, კონფლიქტი კი მარადიული. ,,მსჯელობებში” ავტორი მთელ თავს უძღვნის საკითხებს – როგორ გახადა პლებსსა და სენატს შორის კონფლიქტმა რომის რესპუბლიკა თავისუფალი და ძლიერი. მაკიაველი აკრიტიკებს იმათ, ვინც გმობს კონფლიქტს დიდებულებსა და პლებეებს შორის. ფიქრობს, რომ ასეთ ადამიანებს არ ესმით საზოგადოებისთვის კონფლიქტის სიკეთე. აჯანყებები და აშლილობა საზოგადოებისთვის დამღუპველი კი არაა, არამედ საზოგადოების სათნოებითა და თავისუფლებით უზრუნველყოფელი. ,,მე ვამტკიცებ, რომ ვინც გმობს ბიურგერებსა და პლებსს შორის შეჯახებებს, გმობენ იმას, რაც რომში თავისუფლების შენარჩუნების მთავარი მიზეზი იყო. ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ბუზღუნსა და შფოთს, რასაც ასეთი შეჯახებანი იწვევს, ვიდრე მათგან გამომდინარე კეთილ შედეგებს. და ბოლოს, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ყოველ რესპუბლიკაში არის ორი განსხვავებული გუნება-განწყობილება – სახალხო და აზნაურთა და რომ ყველა კანონი მიღებული თავისუფლების სახელით წამოიშვა ხალხისა და გრანდების უთანხმოებებიდან. ამაში ადვილად დავრწმუნდებით რომის ისტორიის მაგალითზე. ტარკვინიებიდან გრაკხუსებამდე – მათ ჰყოფთ სამასი წელი – აჯანყებანი რომში ძალზე იშვითად იწვევდა განდევნას და კიდევ უფრო იშვიათად სისხლისღვრას. ასეთ აჯანყებებს არ შეიძლება ვუწოდოთ დამღუპველი. . . მართლაც, ყველა, ვინც დაწვრილებით გამოიკვლევს რომის ამბოხთა შედეგებს, აღმოაჩენს, რომ მათგან გამომდინარეობს არა განდევნა ან ძალადობა, რომელთაც ზიანი მოაქვთ საერთოდ კეთილდღეობისათვის, არამედ დადგინდება კანონები, რომელნიც ამტკიცებენ საზოგადოებრივ თავისუფლებას”. (33,389).

მაკიავალის აზრით, დაპირისპირებისა და ამბოხის გარეშე არაა საზოგადოება, მაგრამ ეს არ არღვევს საზოგადოებრივი ცხოვრების შინაგან ერთიანობას. მაკიაველი სვამს კითხვას: იმ უმაღლეს ღირებულებას, რასაც თავისუფლება წარმოადგენს და რისთვისაც წარმოებს ბრძოლა საზოგადოებაში, ვინ უფრო კარგად იცავს და ინახავს – დიდებულები თუ ხალხი? საქმე ისაა, რომ დიდებულებს აქვთ თავისუფლება, ხალხი კი იბრძვის თავისუფლების მოპოვებისათვის. ამის გამო, ეს ორი სოციალური ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება. კითხვა ისმის ვის უფრო მეტი მიზეზი აქვს ამბოხებისა, იმას, ვინც თავისუფლებას ფლობს და ცდილობს მის შენარჩუნებას, თუ იმას, ვინც თავისუფლებას მოკლებულია და ცდილობს მის მოპოვებას. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ავტორი მიმართავს ისტორიას. ვის უნდა დაეკისროს თავისუფლების დაცვა – დიდებულებს თუ ხალხს? ისტორია ამაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევა. ლაკედემონელებსა და ვენეციელებს თავისუფლების დაცვა მინდობილი ჰქონდათ დიდებულთათვის, მაგრამ პლებსისათვისაც აღმოჩნდება, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოთ დიდებულებს, რადგან, სადაც მათ ჰქონდათ თავისუფლების დაცვა მინდობილი, თავისუფლება უფრო დიდხანს არსებობდა, ვიდრე იქ, სადაც მას პლებსი იცავდა. იმ ადამიანებს უფრო უნდა ვანდოთ თავისუფლების დაცვა, ვინც ნაკლებად ესწრაფვის მის დაუფლებას. ხალხს არ აქვს თავისუფლება, ამიტომ ძალუმად ესწრაფვის მას. სამაგიეროდ, არ უნდა მისი უზურპირება და უფრო ზრუნავს მასზე, მაგრამ ბრბოს ახასიათებს ერთი დიდი ნაკლი. მას აქვს ამბოხისადმი უსასრულო მიდრეკილება და თავისუფლების უსაზღვრო განვრცობის სურვილი. მას უნდა, ყველა თანამდებობებს თვითონ ფლობდეს, ამიტომ ამბოხს არ ეშვება და ცდილობს, თავისუფლების სახელით დიქტატურაც დაამყაროს. ყოველ შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს ამ ორი ძალის დაპირისპირება, მისი მოხსნა შეიძლება. მრავალი ასეთი წყობა ვიცით რომელიც ორივე მხარეს აკმაყოფილებს. ასეთი იყო ვენეციაში დიდებულებსა და პოპოლანებს შორის შეთანხმება. მათი რიცხვიც მმართველობაში თანაბარი იყო. ამიტომ შეძლო ვენეციამ, დაემყარებინა მყარი წყობა. ასე იყო სპარტაშიც, რომელსაც მეფე და მცირერიცხოვანი სენატი მართავდა. მართალია, არისტოკრატია პლებსს არ უშვებდა ხელისუფლებასთან, მაგრამ ისიც იქცეოდა პლებსის ტოლად და ამიტომ პლებსს არ უჩნდებოდა სურვილი აჯანყებისა. ამის შედეგად, ორივე ქვეყანაში ერთიანობა ხანგრძლივად იქნა შენარჩუნებული. ავტორს განსაკუთრებულად ესახება რომის მდგომარეობა. ის აჯანყებებზე იყო აგებული და აჯანყებანი რომ მოესპოთ, მოისპობოდა მისი დიდებაც, რომელიც მოპოვებული იყო ომითა და დაპყრობით. აჯანყებანი, ყოველ შემთხვევაში, მიზანი კი არა, საშუალებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს წონასწორობა და სიმყარე, როდესაც არის ,,შესაძლებლობა, შენარჩუნებული იქნეს ქალაქში წონასწორობა, მაშინ დამყარდება ჭეშმარიტი პოლიტიკური ცხოვრება და სრული სიმშვიდე”. (35,397).

როგორც ვხედავთ, მაკიაველი დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის პრინციპს აანალიზებს საზოგადოებრივი ცხოვრების მაგალითზე და მიიჩნევს, რომ კონფლიქტი საყოველთაოა, მაგრამ ამავე დროს არის ერთიანობაც, რომ ერთიანობის გარეშე არ არის დაპირისპირება და რომ კონფლიქტს მოსდევს წონასწორობა.

სოციალურ ანტაგონიზმთა ეს თეორია შევსებულია მაკიაველისთან სახელმწიფოთა შიდა და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების თეორიებით, ასევე, იმ ძალების და ფაქტორების ანალიზით, რომლებიც განსაზღვრავენ კონფლიქტს და წონასწორობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ბრძოლა და წინააღმდეგობა გამოწვეულია ორი საპირისპირო ძალის ინტერესებისა და მისწრაფების, ღირებულებებისა და ღირებულებითი ორიენტაციების განსხვავებულობით. რომში ესაა პატრიციებისა და პლებსის, გერმანიში აზნაურებისა და ხალხის, მოკლედ ნობილებისა და მასების დაპირისპირება და ბრძოლა. მაშინაც, როდესაც ერთსა და იმავე ღირებულებაზე ორიენტირდებიან,. მას სხვადასხვა მიზნით უდგებიან. ხალხის მდიდარი ნაწილი, პრივილეგირებულნი, თავისუფლებისათვის იბრძვიან, რათა უზრუნველყონ თავიანთი ბატონობა, დანარჩენები, ე.ი. ხალხის დიდი უმრავლესობა, თავისუფლებისათვის იბრძვის, რათა უზრუნველყოს თავისი უშიშროება. მაკიაველი მოითხოვს, გავაცნობიეროთ, რა მიზეზები ამოძრავებს ხალხს თავისუფლებისადმი სწრაფვაში. ასეთი ანალიზით აღმოჩნდება, რომ ,,ხალხის მცირედი ნაწილი თავისუფლებას ისურვებს, რათა იბატონოს, ხოლო დანარჩენი, ისინი კი დიდი უმრავლესობაა, ესწრაფვიან თავისუფლებას თავიანთი უშიშროებისათვის”. (35,413).

მაკიაველი იმის წინააღმდეგია, რომ სახელმწიფოში მუდმივად იყოს ამბოხება და აჯანყება. ხელისუფლებას აკისრია სახელმწიფოს მიერ მოპოვებული მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა. ამის საშუალებად მხოლოდ სისასტიკე როდი გამოდგება. პირიქით, რაც უფრო სასტიკი იქნება უმრავლესობის მიმართ, მით უფრო მეტი იქნება ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება. უბედურია ის მეფეები, რომლებიც თავიანთი წყობის უშიშროებისათვის მიმართავენ უკიდურეს ზომებს და მტრად ჰყავთ ხალხის მასები. თუ ერთეულები ჰყავთ მტრად, შეუძლიათ იოლად და დიდი კონფლიქტის გარეშე მოიპოვონ უშიშროება, მაგრამ თუ მთელი ხალხი ჰყავთ მტრად, ვერასოდეს ვერ უზრუნველყოფენ თავიანთ უშიშროებას. რაც უფრო დიდ სისასტიკეს მიმართავს მთავარი, მით უფრო სუსტი გახდება მისი თვითმპყრობლობა. ამრიგად, მისთვის საუკეთესო საშუალებაა, ეცადოს, ხალხი მეგობრად გაიხადოს.(35,412).

ერთი შეხედვით მაკიაველის პოზიცია ხალხის მხარეს იხრება. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მისი მტკიცებით, საზოგადოება რთული სტრუქტურული ორგანიზმია და მის სხვადასხვა ელემენტს სხვადასხვა პოზიცია და განსხვავებული როლი უნდა მიეკუთვნოს, ის არ ჯერდება საზოგადოების დაყოფას კეთილშობილებად და პლებსად. საზოგადოებაში გამოყოფს კლასებს, რომელთა ძლიერება ემყარება მიწის საკუთრებას. მათ მაკიაველი აზნაურებს უწოდებს. მას მკვეთრი უარყოფითი პოზიცია აქვს საშუალო საუკუნეობრივი ბატონობის ფორმის განმხორციებელი ამ კლასის მიმართ. მისი აზრით, თავისუფალ რესპუბლიკაში ამ კლასს, თუ სოციალურ ფენას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რადგან ის ,,გახრწნის წყარო და აჯანყებათა მიზეზია”. მაკიაველის უნდა, თავისი პოზიცია საზოგადოების ამ ფენის მიმართ გამიჯნოს საზოგადოებაში გაბატონებული სხვა ფენების მიმართ პოზიციისაგან. ამ მიზნით აზნაურთა ფენის ცნებობრივ განსაზღვრებას იძლევა. ყურადსაღებია, რომ ასეთი ლოგიკური ანალიზი მასთან იშვიათია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებლად მიაჩნია ამ ფენის მიმართ თავისი პოზიციის გარკვეულად წარმოსაჩენად. ,,სრულიად ცხადი რომ გახდეს, ვის აღნიშნავს სიტყვა აზნაური, ვიტყვი, რომ აზნაურად იწოდებიან ისინი, ვინც უქმად ცხოვრობენ თავიანთი უზარმაზარი სამფლობელოთაგან მიღებული შემოსავლით ისე, რომ სრულიადაც არ ზრუნავენ, არც მიწის დამუშავებაზე, არც იმაზე, შრომით გამოიმუშაონ მათი სიცოცხლისათვის აუცილებელი.” (35,433).

მაკიაველი ამ აზნაურთა შიგნითაც ახდენს დაყოფას. მისი აზრით, ეს კლასი მთლიანად დიდად საზიანოა, მაგრამ განსაკუთრებით საზიანოა მათ შიგნით ის ფენა, რომელთაც სამფლობელოების გარდა აქვთ ციხესიმაგრეები და ჰყავთ ყმები. იქ, სადაც ისინი არიან, არასდროს და არსად არ შეიძლება ყოფილიყო ან იყოს რესპუბლიკა, პოლიტიკური ცხოვრება და ყოველგვარი მოქალაქეობა ასეთ ქვეყნებში მხოლოდ სამეფო ხელისუფლებაა შესაძლებელი, რომელიც, განსხვავებით კანონებზე აგებული რესპუბლიკისაგან, აგებულია კანონებს ზემოთ მდგარ მეფის ხელისუფლებაზე და მხოლოდ მეფის მსახვრალ ხელს ძალუძს ამ ძალების გარყვნილების და სიძუნწის მოთოკვა.

ვისაც რესპუბლიკის შექმნა სურს იქ, სადაც დიდი რაოდენობით აზნაურობა არსებობს, ვერ განახორციელებს თავის განზრახვას, სანამ წინასწარ არ მოსპობს აზნაურებს, ისე როგორც, ვისაც მონარქიის ან სამთავროს დაარსება სურს, ვერ შეძლებს ამას იქ, სადაც თანასწორობაა, სანამ არ შექმნის აზნაურთა წოდებას, არ დაურიგებს მათ ციხე-სიმაგრეებს და ყმებს, ამ გზით ის უზრუნველყოფს თავის მეფობას მხოლოდ ძალადობით, რასაც აზნაურთა წოდება განახორციელებს. ამიტომ თითოეული ადამიანი მტკიცედ მიჯაჭვულია თავის წოდებას და ასრულებს მის პატივმოყვარულ ამოცანებს.
მაკიაველის მტკიცებით, მონარქია და რესპუბლიკა იმდენად განსხვავებულია, რომ თითქმის მიუღწეველია მონარქიიდან რესპუბლიკის და რესპუბლიკიდან მონარქიის მიღება, რადგან ერთი ძალადობას ემყარება, მეორე კანონებს; ამიტომ მაკიაველი მოითხოვს ანგარიშის გასწორებას აზნაურობასთან. მისი აზრით, თავისუფლება და თანასწორობა რესპუბლიკის საქმეა და არა მონარქიის. აქ დგება საკითხი, რომელიც ხშირი დავის საგანია – რესპუბლიკელია მაკიაველი თუ მონარქისტი. ,,მსჯელობანი” იმის მაჩვენებელია, რომ მაკიაველი რესპუბლიკელია, მაგრამ ,,მთავარში” მრავლადაა იმის საბუთი, რომ მაკიაველი მონარქისტია. ამ შრომის მთელი პათოსი მონარქიის დამოძღვრაა იმის შესახებ, როგორ მიაღწიოს მან მონარქიულ ძალაუფლებას და როგორ შეინარჩუნოს იგი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მაკიაველის ძირითადი შრომაა ,,მთავარი”, სასწორი თითქოს უნდა გადავხაროთ მონარქიზმის მხარეს. ჩეზარე ბორჯიას ბატონობის გამართლება და მისთვის ხოტბის შესხმა როგორ უნდა შეთავსდეს რესპუბლიკელობასთან. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, გავაგრძელოთ მსჯელობა საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაზე. თუ აზნაურთა წოდება უნდა მოისპოს, რომელი წოდება უნდა იყოს მის ადგილზე. მაკიაველი არ მოითხოვს თანასწორობის საზოგადოებას, პირიქით, მას სურს საზოგადოება, რომელშიც მკვეთრად იქნება გამიჯნული მასა და ელიტა, მაგრამ რომელი ელიტის მომხრეა იგი? აქ ვლინდება სწორედ მაკიაველის პროგრესული ორიენტაცია ძველი, დრომოჭმული ფეოდალური კლასის ნაცვლად ახალ ვაჭართა და ხელოსანთა კლასზე, რომელიც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც ,,მესამე წოდება”. საზოგადოების ეს ფენა პროგრესულია, რადგან მესაკუთრეა და, იმავე დროს მშრომელი. მისი იდეალი თავისუფლება და თანასწორობაა, მაგრამ თანასწორობა არა გათანაბრების აზრით, არამედ შანსების შესაძლებლობების სასტარტო ვითრების თანასწორობის აზრით.

რესპუბლიკისათვის მებრძოლ ძირითადად ძალას ეს კლასი შეადგენს და მაკიაველი მისი იდეოლოგია. მაკიაველი ითვალისწინებს შეპასუხებასაც მისი მტკიცების მიმართ, რომ სადაც აზნაურობაა, იქ რესპუბლიკა ვერ იქნება, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ვენეციაში ადამიანები იწოდებიან აზნაურებად და ამავე დროს, არსებობს რესპუბლიკა.

მაკიაველის აზრით, ეს არ არღვევს მის პრინციპს – რესპუბლიკისა და თანასწორობის ერთი მხრივ და მეორე მხრივ აზნაურობისა და უთანასწორობის შეუთავსებლობის შესახებ, რადგან, ვისიაც ვენეციაში აზნაურს უწოდებან, მხოლოდ ფორმალურადაა აზნაური და არა ფაქტობრივად, რადგან არსებითად ,,ისინი იქ არ იღებენ ამ მამულებიდან დიდ შემოსავალს, ვინაიდან მათი სიმდიდრის წყაროა ვაჭრობა და მოძრავი ქონება, გარდა ამისა მათგან არავინ ფლობს ციხე-სიმაგრეებს, არა აქვს გლეხებზე სამამულო ძალაუფლება. სიტყვა ,,აზნაური” ვენეციაში საპატიო წოდებაა, რომელიც არაფრით არაა დაკავშირებული იმასთან, რაც სხვა ქალაქებში ადამიანს ხდის აზნაურად. (35,435). ამრიგად, გაბატონებულ კლასთაგან მაკიაველი ახასიათებს წარმავალ ფეოდალურ კლასს და მომავლის მქონე ბურჟუაზიას. მათი საპირისპიროა, ხალხი, მასა, რომელსაც მაკიაველი სოლიდარობას არ უცხადებს, მაგრამ რომლის მიმართ ანგარიშის გაწევას მოითხოვს. ამავე დროს, ამ ხალხს ის ყოფს არსებითად ორ ნაწილად: ერთი ისაა, რომელიც ანგარიშგასაწევია, თანმიმდევრულია, თავის ბრძოლაში უფრო ცნობიერია და ამოცანებიც ესმის. ის ესწრაფვის გაბატონებას, რათა უზრუნველყოს თავისი ყოფიერების უშიშროება. მეორე უფრო იმპულსური, ინსტინქტური, მოქმედი ძალაა, რომელსაც ის ანტიკურ მოაზროვნეთა მსგავსად ბრბოს უწოდებს. მაკიაველი არ ეთანხმება ტიტუს ლივიუსის და სხვა ისტორიკოსების მიერ ხალხის მასისა და ბრბოს გაიგივებას. ლივიუსი ამტკიცებს, რომ ხალხის მასები იჩენენ უპრინციპობას, ხშირად ცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ადამიანს, რომელსაც ერთ მომენტში სიკვდილს მიუსჯიან, მეორე მომენტში დასტირიან. არა აქვთ ერთი პრინციპული ხაზი და ყოველდღიურობაში მოძრაობენ, ან მონურად გემსახურებიან, ან თავხედურად ბატონობენ. მაკიაველის აზრით, აქ აღრეულია მასა და ბრბო. ლივიუსის მიერ აღნიშნული ახასიათებს ბრბოს და არა ხალხს. ,,რასაც ისტორიკოსი გვეუბნება ხალხის მასების ბუნებაზე, ის გვეუბნება არა მასებზე, რომლებიც კანონიერებითაა მოწესრიგებული რომის ხალხის მსგავსად, არამედ თავაწყვეტილ ბრბოზე, როგორიც იყო სირაკუზის ბნელი მასა, ეს უკანასკნელი ჩადის შეცდომებს, რომელთაც ჩადიან ფიცხი და თავაწყვეტილი ადამიანები”. (35, 438-439). მაკიაველი არ ეთანხმება ისტორიკოსთა მცდელობას – პიროვნება და განსაკუთრებით მთავრები, თუ მეფეები დაუპირისპირონ მასას და დასახონ უფრო პრინციპულად მეფეები, რომელნიც არ უშვებენ შეცდომებს, მყარი და ურყევი არიან გადაწყვეტილებაში ხალხის საპირისპიროდ, რომელსაც მიეწერება დიდი შეცდომები, უმადურობა, უპრინციპობა და მერყეობა. მაკიაველის მტკიცებით, ,,მასების ბუნება არ შეიძლება უფრო მეტად დავგმოთ, ვიდრე მთავართა ბუნება, რამეთუ მასებიც და მთავრებიც ერთნაირად ცდებიან… ამრიგად, მე მივდივარ დასკვნამდე, რომელიც ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, თითქოს ხალხი, როცა ის ხელისუფლების სათავეშია, არამყარია, ცვალებადია და უმადური. მე ვამტკიცებ, რომ ხალხს აღნიშნული ნაკლოვანებანი არ ახასიათებს უფრო მეტად, ვიდრე ყოველ მთავარს; ვინც თანაბრად მიუყენებს ბრალდებად აღნიშნულ ნაკლოვანებებს ხალხსაც და მთავარსაც, ის იქნება მართალი, ხოლო ამ ნაკლოვანებათაგან მთავრის განმათავისუფლებელი შეცდომას დაუშვებს, რადგან ძალაუფლების მქონე და კეთილისმყოფელი ხალხი ისევე, და შეიძლება უფრო მეტადაც, იქნება მყარი, კეთილგონიერი და უხვი, როგორც მთავარი, თანაც ბრძენად რომ იწოდება ის მთავარი. მეორე მხრივ მთავარი, რომელიც მოიხსნის კანონის სადავეებს, აღმოჩნდება ყოველგვარ ბრბოზე უფრო უმადური, არამყარი და უგნური.

განსხვავება მათ მოქმედებაში მათი ბუნების განსხვავების შედეგი არაა, რადგან ბუნება ყველას ერთნაირი აქვს და თუ ვინმეს აქვს უპირატესობა, სწორედ ხალხს, მაგრამ კანონების მეტ-ნაკლები პატივისცემით, რომლის ჩარჩოებში ისინი ცხოვრობენ”. (35, 439). მაკიაველი აშკარად უფრო მაღლა აყენებს ხალხს, როგორც მასას, როცა ამტკიცებს: ,,გარწმუნებთ, რომ ხალხი უფრო მყარია და გაცილებით მეტად განმსჯელი ყოველგვარ მთავარზე”. აქ მაკიაველი ხალხის კიდევ ერთ დიდ უპირატესობაზე მიუთითებს, რითაც სოციოლოგიის ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც აღძრავს – ესაა საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობის გაცნობიერება. იმათთვის, ვინც ხალხს ბრბოსთან აიგივებდა, საზოგადოებრივი აზრი ღირებულებას მოკლებული იყო, რადგან ან საერთოდ უარყოფდნენ ბრბოს აზროვნების უნარს, ან კიდევ სერიოზულ რამეს მისგან არ მოელოდნენ. პიროვნება, რომელსაც ისინი აღმერთებდნენ, არაა საზოგადოებრივი აზრის გამომთქმელი, ამიტომ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა გაიგივებული იყო ბრბოს მნიშვნელობასთან, ე.ი. ნულის ტოლი იყო. მაკიაველი ერთ-ერთი პირველი მოაზროვნეა, რომელიც ჯეროვნად და, შეიძლება ითქვას, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებათა დონეზე აფასებს საზოგადოებრივ აზრს, თუმცა მას თანამედროვეობას ხუთი საუკუნე აშორებს, ის გაბედულად ამტკიცებს, რომ საკმაო საფუძველი არსებობს გავრცელებული შეხედულებისათვის, რომლის მიხედვითაც ,,ხალხი ხმას უდარებენ ღვთის ხმას”. საზოგადოებრივი აზრი, პირველ ყოვლისა, განჭვრეტს მოვლენათა მომავალ მსვლელობას და შეუძლია დარწმუნებით იმსჯელოს ხდომილებათა თანამედროვე ვითარებაზე. აქაც შედარება ხდება მთავართან. მაკიაველი გაბედულად ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი აზრი უფრო მაღლა დგას მთავრის აზრზე და მასთან შედარებით უფრო სწორიცაა. მოვლენათა მსვლელობის ,,წინასწარ ხედვაში საზოგადოებრივი აზრი აღწევს ისეთ გასაოცარ შედეგებს, რომ გვეჩვენება, თითქოს რაღაც საიდუმლო უნარით ხალხი ცხადად წინასწარ გრძნობს, რა აღმოჩნდება მისთვის სიკეთე და რა ბოროტება. მხოლოდ უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ხალხს არ გამოაქვს მსჯავრი და არ ავლენს იმის გაგების უნარს, რასაც მას ეუბნებიან”. (35, 440). იქვე ავტორი ამტკიცებს, რომ თუ ხალხი ზოგჯერ უშვებს შეცდომას, უფრო დიდ შეცდომას უშვებს მთავარი და ხალხი მთავარზე უფრო კარგ არჩევანს აკეთებს, იმდენად, რომ ხალხს ვერაფრით დაიყოლიებ, საზოგადოებრივი დიდება მიაგოს უღირსს და გახრწნილი ქცევის ადამიანს. მთავარს კი არწმუნებენ, რომ მან პატივი უნდა მიაგოს ისეთ ადამიანსაც, რომელიც უღირსიცაა და გახრწნილიც. ეს ნიშნავს, რომ ხალხი უფრო პრინციპულია, ვიდრე მთავარი. ხალხსაც აქვს ნაკლი, თუნდაც ის, რომ უწესრიგობის წყაროა, მაგრამ ამ მხრივ არც მთავარი ჩამორჩება და რაც მეტად არსებითია, თუ შევადარებთ ხალხის მიერ ჩადენილ უწესრიგობებს მთავრებიდან მომდინარესთან, ასევე ხალხის დიდ საქმეებს, მთავართა დიად საქმეებთან, აღმოჩნდება, რომ ,,ხალხი დიდი უპირატესობის მქონეა მთავართან შედარებით სიქველესა და დიდებაშიც”. (35, 441).

მართალია მთავრები გარკვეული უპირატესობის მქონენი არიან, ახალი წყობის დადგენასა და კანონების დაწესებაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ხალხს უპირატესობა აქვს ახალი წყობის არსებობის შენარჩუნებაში. მთავართან შედარებით, ხალხი კეთილ საქმეებშიც უპირატესობის მქონეა. ამავე დროს, ხალხი უფრო ნაკლებად სერიოზულ შეცდომას უშვებს, ვიდრე მთავარი. ასე რომ, ხალხის შეცდომების გასწორება ადვილად შეიძლება სიტყვიერი დარწმუნებითაც, მთავარის შეცდომების გასწორებას კი ,,ქირურგიული ჩარევა” სჭირდება. აქედან გამომდინარე ხალხის დაავადება გაცილებით უფრო ადვილად განკურნებადია, ვიდრე მთავრისა.

ზოგჯერ ლაპარაკობენ ხალხის სისასტიკეზე. მაკიაველი არ გამორიცხავს ამ ვითარებას, მაგრამ არც მთავარია მისგან თავისუფალი. გარდა ამისა, ხალხის სისასტიკე მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც საერთო სიკეთეზე აღმართავს მახვილს. მთავრის სისასტიკე კი მიმართულია მისი პირადი სიკეთის დამრღვევთა წინააღმდეგ.

როცა ხალხი აღვირს გადაიგდებს და აღზევდება, საშიშია არა ის სიგიჟე, რომელსაც იმ მომენტში სჩადის, არამედ მომავალი მოსალოდნელი შედეგი, ტირანიის სახით. ცუდი მთავრის შემთხვევაში კი პირიქითაა. აწმყოშია საშიში მის მიერ ჩადენილი სიგიჟის ბოროტება და მხოლოდ მომავალზე ამყარებენ იმედს, რადგან ტირანის ცუდმა ქცევამ შეიძლება აღადგინოს თავისუფლება იმით, რომ ხალხი აუჯანყდება. როგორც ხედავთ, მაკიაველი ხალხს დადებითად აფასებს და ამიტომ მიაჩნია ხალხი მთავრის ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში გადამწყვეტ ფაქტორად, მაგრამ ის გმობს ბრბოს, რომელსაც გონიერი მოქმედების უნარი არა აქვს და რომლის ძალა სიმრავლეშია. როგორც კი სიმრავლე დაიშლება, ბრბო კარგავს უნარს და არ მოიმოქმედებს იმას, რასაც ბრბოდ ყოფნის მომენტში ჩაიდენდა. ბრბოს არა აქვს შიშის უნარი მაშინ, როდესაც თითოეული განმხოლოებულად დარჩენილი ბრბოს წევრი შიშის ფაქტორს ემორჩილება და მოკლებულია გამბედაობას. რასაც აქ მაკიაველი აღნიშნავს, ოთხი საუკუნის შემდეგ განვითარებას პოულობს გუსტავ ლებონთან, ბრბოს ფსიქოლოგიის შესწავლის პიონერთან.

როგორც ხედავთ, ბრბოს ფსიქოლოგიის საფუძვლები მაკიაველიმ შეიმუშავა ეპოქაში, რომელსაც ჩვენი ეპოქისაგან განსხვავებით არა აქვს მასების აჯანყების ხასიათი და ითვლება ინდივიდუალურ საქმეთა ეპოქად. ეს ნიშნავს, რომ მაკიაველიმ ამ საკითხში გაუსწრო ეპოქას.

მაკიაველის სოციოლოგიური შეხედულებების დასახასიათებლად საინტერესოდ ითვლება ერთი გარემოება: ჩვეულებრივ, წარსულ ეპოქებში, მე-19 საუკუნის ჩათვლით, როცა ჩამოყალიბდა სოციოლოგია, კონფლიქტურ სიტუაციაში გაგებული იყო კლასობრივი კონფლიქტები განპირობებული ინტერესთა დაპირისპირებით მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ არსებითად ყურადღება არ ექცეოდა ღირებულებათა კონფლიქტს და განსხვავებულ ღირებულებით ორიენტაციებს, რომელსაც იწვევდა არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური, არამედ ასაკობრივი ფაქტორებიც. პლატონმა მიაქცია ამას ყურადღება, მაგრამ შემდგომ კვლავ დაიკარგა. კლასობრივთან ერთად ეთნიკური კონფლიქტიც ანალიზდებოდა, მაგრამ არავის უცდია გაეანლიზებინა ის ფაქტი, რომ ერთსა და იმავე ეპოქაში, ერთი და იგივე ეთნიკური თუ სოცოლოგიური ჯგუფის წარმომადგენლები იცვლიან ღირებულებით ორიენტაციებს, არა მარტო გარემოს, არამედ ასაკობრივი ცვლილებების გამოც. მაკიაველიმ ყურადღება გაამახვილა ამ პრობლემაზე, განსაკუთრებით ისტორიაში რომანტიზმის წინააღმდეგ ლაშქრობისას. მაკიაველი უკუაგდებს თვალსაზრისს, ვინც წარსულს ალამაზებს და წარმოადგენს ოქროს ხანად, ვისთვისაც წარსულის უარყოფითი მხარეები კარგავენ ყოფიერების თუ ისტორიულობის ფორმას და მხოლოდ დადებითი მომენტები წამოიწევა წინა პლანზე. ასეთი ილუზია ისტორიული პროცესების მიმართ ხელს უშლის არა მარტო წარსულის, არამედ აწმყოს სწორად აღქმასაც. მაკიაველი მოითხოვს, ობიექტურად აღვიქვათ წარსულიცა და აწმყოც და ამავე დროს, გავითვალისწინოთ, რომ სინამდვილის აღქმასა და შეფასებაში მნიშვნელოვანია სუბიექტის განწყობა, მისი მზაობა, სინამდვილე აღიქვას ისე, როგორც ის არის, ან კიდევ სინამდვილის აღქმაში შექონდეს ადამიანური მომენტები, იქნება ეს მისი ასაკი თუ მდგომარეობა.

მაკიაველი ფიქრობს, რომ ერთსა და იმავე სინამდვილეს, სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს, ყოველ შემთხვევაში, სიტუაციების შეფასება ნამდვილად განსხვავებულია ვითარებისადა მიხედვით. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ მისი ღირებულებითი ორიენტაციები ასაკთან ერთად იცვლება. ის, რაც ერთ ასაკში მის აღტაცებას და მოწონებას იმსახურებს, სხვა ასაკში საერთოდ არაა მისთვის მნიშვნელობის მქონე. ადამიანები შეიძლება აღიქვამდნენ ეპოქებს შეცდომით და, ამავე დროს, მათ წარსულსაც, რადგან დღეს წარსულს სხვანაირად აღიქვამენ. ახალგაზრდობაში სხვა თვალით ხედავენ იმას, რაც ხანდაზმულობისას დასაგმობად ეჩვენებათ. თუ ისტორიაში შეცდომას იმით ვხსნით, რომ წარსულს კარგად არ ვიცნობთ, აწმყო კი ჩვენ თვალწინ არის, მაკიაველი სვამს კითხვას: რატომ ხდება, რომ ადმიანის სიცოცხლის სხვადასხვა ასაკის შეფასებაში განსხვავებული თვალსაზრისებია? თითქოს ,,მოხუცები არ უნდა ცდებოდნენ თავიანთი სიყმაწვილისა და ხანდაზმულობის დროის შეფასებაში, რადგან ერთიც და მეორეც მათთვის ერთნაირად კარგადაა ცნობილი, ისინი ხომ ამ დროს საკუთარი თვალით აღიქვამენ. ეს სამართლიანი იქნებოდა მაშინ, თუ ადამიანებს ცხოვრების ყველა ასაკში ექნებოდათ ისეთივე მსჯელობანი და სურვილები, მიდრეკილებები და აზრები, როგორიც ჰქონდათ ყმაწვილკაცობაში. როცა ადამიანები ბერდებიან, ძალა აკლდებათ, მაგრამ ემატებათ ჭკუა და გონიერება, ამიტომ აუცილებლად ყველაფერს, რაც მათ ყმაწვილკაცობაში ეჩვენებოდათ ასატანად და კარგადაც კი, მოხუცებულობაში აღიქვამენ ცუდად და აღმაშფოთებლად. იმის ნაცვლად, რომ ამას აბრალებდნენ საკუთარ განსჯას, ისინი ადანაშაულებენ ეპოქას”. (35, 444 – 445).

მაკიაველის მოძღვრების ცენტრში დგას სახელმწიფოს ძალაუფლების და პოლიტიკის გატარების, სახელმწიფოს მმართველის ქცევის ნორმებისა და ღირებულებითი ორიენტაციების გამომუშავების საკითხი. მაკიაველის ამ საკითხების გადაჭრის ორი წყარო აქვს. ერთი მხრივ წარსულის ისტორიული გაკვეთილები, როგორც პრაქტიკულ საქმიანობაში, ისე თეორიულ განაზრებებში და მეორე მხრივ, აწმყოს პოლიტიკურ სიტუაციებზე დაკვირვება და გამოცდილების განზოგადება. ისტორიული და ემპირიული გზა მიიყვანს მას სამი დადებითი და სამი უარყოფითი სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებამდე, რაც არისტოტელესეული მოძღვრების აღდგენაა. ავტორი არც მალავს, რომ ეს ბერძენ მოაზროვნეთა მიერ შემუშავებული მოძღვრებაა და მან ანტიკურობიდან აიღო. ამ მოძღვრების მიხედვით სახელმწიფოს სამ დადებით ტიპს – მეფის ხელისუფლებას, არისტოკრატიასა და დემოკრატიას შეესაბამება სამი უარყოფითი ტიპი – ტირანია, ოლიგარქია და ანარქია. (33, 383). აქვე ავტორი განიხილავს სახელმწიფოს წარმოშობის საკითხს, არჩევნებს, როგორ მოჰყვა ადამიანების განცალკევებულ არსებობას მათი დაცვის ავცილებლობა და ამ მიზნით გაერთიანება, რისი შედეგი იყო ძლიერთა არჩევა ხელმძღვანელებად. ცხოვრებამ უჩვენა ადამიანებს, რომ მათი ქცევა შეიძლება იყოს კეთილიც და ბოროტიც. კეთილის დასაკანონებლად და ბოროტის დასასჯელად დაიწყეს კანონების შემუშავება, ამ გზით გამოუმუშავდათ სამართლიანობის გაგება, ამავე გზით მივიდნენ მეფის არჩევის აუცილებლობამდე, ირჩევდნენ სამართლიანს, ძლიერს, მამაცს სხვა კარგი თვისებებით შემკულს. შემდეგ ეს არჩევითი მმართველიბა გადავიდა მემკვიდრეობით, რამაც განაპირობა ტირანიის წარმოშობა.

მაკიაველის აზრით, მთავარია, რომ ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი ტიპი დიდხანს ვერ იბატონებს. ისინი იცვლებიან მათივე ნაკლოვანებათა შედეგად. არისტოტელეს მსგავსად, მაკიაველიც
მოითხოვს დადებით ფორმათა შენარევის დამყარებას, რომელშიც სინთეზირდებოდა სამეფო ხელისუფლების, არისტოკრატიისა და დემოკრატიის ფორმათა დადებითი ნიშნები.

ამიტომ კითხვა: არის თუ არა მაკიაველი მაკიაველისტი, სავსებით კანონზომიერია და პასუხის გასაცემად უნდა გაირკვეს ისიც, რა არის მაკიაველიზმის არსება. ის რაც აქამდე განხილული იყო: მაკიაველის დამოკიდებულება ანტიკურობისადმი, ისტორიული და ემპირიული გაკვეთილების გათვალისწინების აუცილებლობა, ასევე მოძღვრება სახელმწიფოს ფორმებისა და წარმოშობის შესახებ, მაკიაველის თვალსაზრისს კი გვაცნობს, მაგრამ არაფერს იძლევა მაკიაველიზმის დასახასიათებლად, რადგან არ მოიცავს მაკიაველიზმის საფუძვლად მდებარე პრობლემებს. მაკიაველიზმის არსის გარკვევისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მაკიაველის პოზიცია სახელმწიფო წყობილებისადმი, გარდა ამისა, მეტად არსებითია მიზანთა და საშუალებათა შორის თანაფარდობის თეორია.

განვიხილოთ პირველი. დღეს სადავოა პრობლემა – მაკიაველი რესპუბლიკელია, თუ მონარქისტი. მაკიაველიზმის დახასიათებისათვის მეტად არსებითია იმის გარკვევა, რას უნდა ემყარებოდეს, მაკიაველის მიხედვით, სახელმწიფოს მმართველი და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა – ძალას თუ კანონს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიზეზებისა და საშუალებებისადმი პოზიციის გარკვევა, უშვებდა თუ არა მაკიაველი მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებების გამოყენებას, არის თუ არა მის თეორიაში გამართლებული ყველაფრის დასაშვებობის თეზისი. პრობლემა არსებითად რთული გადასაწყვეტია იმის გამო, რომ მაკიაველის მოძღვრება თავისებური ღია სისტემაა, რომელშიც ყველა სახის პოლიტიკური მსოფლმხედველობის მასაზრდოებელი წყაროები შეიძლება აღმოვაჩინოთ. ნაშრომში – ,,მთავარი” – უხვადაა ისეთი ადგილი, რომლებშიც მაკაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის მონარქისტულ-ტირანული ძალისმიერი უზნეო პოლიტიკის გამამართლებელი ხაზი ჩანს. ლივიუსის შესახებ თხზულებაში მრავლადაა ისეთი ადგილი, რომლებშიც მაკიაველი რესპუბლიკელად, სიკეთის ბოროტებაზე მაღლა დამყენებლად და პოლიტიკისა და ეთიკის დამაკავშირებლად გვევლინება. მართებულია იმის აღნიშვნაც, რომ ორივე შრომაში აღნიშნულის საპირისპირო პოზიციები გვხვდება, მოკლედ, მაკიაველის შრომები ყველა სახის დასკვნისათვის იძლევა ფართო მასალას, ამიტომაა მრავალგვარობა მის გაგებაში, ამიტომ ჭირს ერთმნიშვნელოვნად მისი მსოფლმხედველობის გააზრება. ამაშიც შეიძლება დავინახოთ ,,სიტუაციურ ლოგიკაზე” მაკიაველის დამოკიდებულების ნიშნები: ერთი რამ ცხადია, როდესაც მაკიაველი მოძღვრავს მონარქს თუ მმართველს, ის ქადაგებს პოლიტიკაში ძალას, ამორალიზმს, დიქტატურას, რომლის განსახიერებაა მის მიერ სანიმუშოდ წარმოჩენილი ჩეზარე ბორჯია.

ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს, ჩეზარე ბორჯისადმი თაყვანისცემა არ აღიქვას, როგორც მაკიაველის მხრივ პოლიტიკური ამორალიზმის ქადაგება და ამტკიცებს, რომ ბორჯიაში მაკიაველს იზიდავდა ,,სიმამაცე, უტეხი ნება, პოლიტიკური ალღო, გამჭრიახობა და არა გახრწნილება თუ ბილწიერება”. ეს ისევ ის გზაა, რომელიც მიზნად ისახავს მაკიაველის გაწმენდას და ვარდისფერებში წარმოდგენას. ამითY უნდა აიხსნას ის, რომ ფლორენციის ტრაგედიის განცდით დამძიმებულ ტირანს, ბორჯიას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე უნიათო დემოკრატ პიეტრო სოდერინს. ამ თვალსაზრისის ავტორი დე სანკტისი და მისი მიმდევარი ბაჩანა ბრეგვაძე, სხვადასხვა გზით ესწრაფიან მაკიაველის პოზიციის გამართლებას. ბაჩანა ბრეგვაძე იმოწმებს დიქტატურაზე პოლ ვალერის მსჯელობას. დიქტატურა პოლ ვალერის მიხედვით, გაჭირვების ჟამს ახდენს ძალთა მობილიზებას და კონსოლიდაციას, განდევნის კანონებს და პრინციპებს, რომლებიც ასუსტებენ სახელმწიფოს, განდევნილთა შორისაა თავისუფლებაც. (9, 43-45). ვფიქრობთ, პოლ ვალერის დამოწმებაც ვერ შველის საქმეს და ამ ასპექტში მაკიაველის გამართლება თვითონაა მაკიაველიზმის გამოვლენის ერთ-ერთი ფორმა, როცა მტკიცდება, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და ცდილობენ დიქტატურის კანონებისა და თავისუფლების განმდევნი ბატონობის დასახვას თავისუფლებისა და კანონების დამკვიდრების გზად. ეს შეეძლოთ მხოლოდ იმ მარქსისტებს გაეკეთებინათ, რომლებისთვისაც პროლეტარიატის დიქტატურა გახდა უმაღლესი ღირებულება. ლენინმა ის, მარქსიზმის ძირითად საკითხად გამოაცხადა. ასევე აშკარად გამოავლინა ამ დიქტატურის ნიშნები, როდესაც ჩამოაყალიბა მისი განსაზღვრება და აღნიშნა, რომ: ,,…პროლეტარიატის დიქტატურა არის შეუპოვარი ბრძოლა, სისხლისმღვრელი, და უსისხლო, ძალდატანებით და მშვიდობიანი, სამხედრო და სამეურნეო, პედაგოგიური და ადმინისტრაციული, ძველი საზოგადოების ძალებისა და ტრადიციების წინააღმდეგ” (8, 35). ის რომ ამ გზით თავისუფლებას ვერ დაამკვიდრებ, ცხოვრებამ აჩვენა. დემოკრატიას დემოკრატიული მეთოდებით უნდა მიაღწიო და არა დიქტატურით, ისე როგორც თავისუფლებას დიქტატურის, ე.ი. თავისუფლების განდევნის გზით კი არ უნდა ამყარებდე, არამედ მისი დამკვიდრებით. შევეხოთ მაკიაველის მოძღვრების ამ მხარეს, რომელიც მაკიაველიზმის ბირთვია. საინტერესო ვითარებაა. მაკიაველისთვის უმაღლესი ღირებულება თავისუფლებაა, ხოლო მისი ხორცშესხმის ფორმა – რესპუბლიკა. ის მართებულად მიიჩნევს, რომ ,,იმათ, ვინც ბრძნულად ქმნიდნენ რესპუბლიკას, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ საქმედ მიაჩნდათ თავისუფლების დაცვა”. (53, 390).

მაკიაველი განასხვავებს თავისუფლების დაცვას და მოპოვებას. თავისუფლების დაცვა შესაძლებელია დემოკრატიული გზითაც, თუმცა არა ყოველთვის. თავისუფლების მოპოვება მხოლოდ დიქტატურით და პიროვნების განუსაზღვრელი ბატონობის გზით არის შესაძლებელი, ამიტომ მაკიაველი აანალიზებს ძალაუფლების განხორციელების გზებს და ახასიათებს პოლიტიკოსს. ანალოგიური დახასიათება სათავეს იღებს პლატონის დიალოგ ,,პოლიტიკოსიდან”, მაგრამ როგორც ცნობილია, პლატონმა ვერ შეძლო პოლიტიკოსის სურათის გადმოცემა, მაკიაველიმ კი წარმოადგინა საკმაოდ სრული სახით. როგორი უნდა იყოს ის, ვინც მართავს? როგორი უნდა იყოს მთავარი? სულ ერთია იქნება ეს მემკვიდრეობის ბაზაზე მმართველი მთავარი, თუ ძალადობის გზით ხელისუფლების მფლობელი მეფე. უკვე ხელისუფლების მიღწევის გზების შერჩევაში ვლინდება მაკაველიზმის გარკვეული ნიშნები. მაკიაველის აზრით, ხელისუფლება შეიძლება ორი გზით მოიპოვო: სიქველით და ძალადობით. სიქველე გულისხმობს თხოვნას, ძალადობა კი გამორიცხავს სიქველეს და მაინც ძალადობის გზით ხელისუფლების მოპოვება უპირატესობის მქონეა, ვიდრე სიქველით, რადგან სიქველე თხოვნას გულისხმობს, აქედან გამომდინარე, სხვებზე დამოკიდებულებას, ძალადობისას მოძალადე მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული და თავის ნებისყოფას თავს ახვევს სხვებს, თუ ამას ის იარაღით აკეთებს, წარმატება ელოდება, თუ უიარაღოდ განწირულია. ,,მოსე, კიროსი, თეზევსი და რომულუსი რომ უიარაღონი ყოფილიყვნენ, ვერავის აიძულებდნენ, გაეზიარებინათ მათი მრწამსი და აღესრულებინათ მათი ნება. როგორც ჩვენს დროში ძმა ჯიროლამი სავონაროლას მაგალითი გვიჩვენებს, რომელიც თავისივე ახალი წესრიგის ნანგრევებმა მოიყოლეს ქვეშ, როგორც კი ბრბომ ზურგი აქცია მის მრწამსს, თვითონ კი ვეღარ შეძლო შეენარჩუნებინა მორწმუნენი, ანდა საკუთარ მრწამსზე მოექცია ურწმუნონი”. (9, 120). მაკიაველი ფიქრობს, რომ მხოლოდ მოწინააღმდეგეთა მუსრის გავლებით შეიძლება მიაღწიო ბედნიერებას და გარემოსილი იყო პატივისცემით. მაკიაველი არ გამორიცხავს სიქველით ძალაუფლების მიღებასაც, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ გზით საზოგადოების აშენების ცდა ,,ძალზე სახიფათოა მშენებლობისთვის და საშიში შენობისთვის. (9, 123).

შემდეგი პრობლემა, რომლის განხილვაზეც უნდა გადავიდეთ, ეს არის პოლიტიკოსის ჰაბიტუსის განხორციელების გზების საკითხი. სწორედ აქ დგება მორალისა და პოლიტიკის მიმართების პრობლემა. საკითხი ისმის, აუცილებელია თუ არა პოლიტიკოსისათვის, იცავდეს მორალურ ნორმებს, თუ ის თავისუფალი უნდა იყოს მორალური ნორმებისაგან. ვფიქრობთ, უდავოა, მაკიაველის მხრივ პოლიტიკური ამორალიზმის ქადაგება, რამეთუ ის არ ზღუდავს პოლიტიკოსს სიცრუესა და ორპირობაში. პლატონიც უშვებდა შესაძლებლობას, პოლიტიკოსს გარკვეულ მომენტებში სიცრუისათვის მიემართა, მაგრამ სიცრუე და ორპირობა არ გაუხდია მას პოლიტიკოსის ქცევის განმსაზღვრელ ნორმად. მაკიაველიმ კი ამ მხრივ ყველა ზომას გადააჭარბა. ძნელია დაეთანხმო იმ მკვლევართ, რომელნიც იმოწმებენ პასკალის ნათქვამს სამართლიანობისა და ძალის შერწყმის აუცილებლობაზე და ამით ცდილობენ მაკიაველის გამართლებას. მაკიაველისთვის ზნეობრივის და უზნეოს საპირისპირო პოლუსებიდან, პოლიტიკოსის სახელმძღვანელოდ გამოდგება უზნეობის პრინციპები, რადგან ისინი ძლიერებას ემყარებიან და უზრუნველყოფენ ბატონობას, ხოლო ზნეობრივი პრინციპები თავისებურად უდღეურია და პოლიტიკოსისათვის გამოუსადეგარი. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ მაკიაველი იმას კი არ ამბობს, ფაქტობრივად ძალა და უზნეობა იმარჯვებს სამართლიანობაზეო. ეს არ იქნებოდა მორალის და პოლიტიკის შეურიგებლობის მაჩვენებელი. მაკიაველი ფაქტობრივისაგან განსხვავებით ჯერარსულად მიიჩნევს იმას, რომ სამართლიანობის ნაცვლად იხელმძღვანელონ ძალდატანებით, ზნეობრივი კატეგორიების ნაცვლად უზნეობის გამომხატველი პოსტულატებით. მართალია, მთავარს მოეთხოვება ზნეობრიობა, მაგრამ თუ მას ეს არა აქვს და ბიწიერებას იყენებს, ამის გამო ის თავს არ უნდა იწუხებდეს, რადგან სიქველე თავის დაღუპვას ნიშნავს, ბიწიერება კი სამთავროს შენარჩუნებას, ამიტომ ის უნდა დაემყარის ბიწიერებას, თუ სიუხვისა და სიძუნწის დაპირისპირებას ავიღებთ, მთავარი არ უნდა იყოს გულუხვი, რადგან ეს სამთავროს დააკარგვინებს, ხოლო სიძუნწე ხელს შეუწყობს სამთავროს შენარჩუნებაში. მაკიაველისთვის მიუღებელია რუსთაველის პრინციპი: ,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები”. მაკიაველის აზრით, ,,მთავარი იმდენად კეთილგონიერი უნდა იყოს, რომ არ უფრთხოდეს ძუნწის სახელს”. ფაქტობრივი ემპირიული სინამდვილეც ამის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან ,,დიდ საქმეებს ხორცს ასხამდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ძუნწის სახელით იცნობდა ხალხი, დანარჩენნი უსახელოდ იღუპებოდნენ” (9, 174).

მაკიაველი მოძღვრავს იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მათში გაორება ადამიანის ადამიანურობის დაკარგვა. დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, გაუცხოება. როგორც კაფკა იტყოდა, ეს ის ვითარებაა, როდესაც ადამიანი სხვას ამბობს და სხვას ფიქრობს, სხვას წერს და სხვას ამბობს. მაკიაველი მოითხოვს, რომ მთავარი სხვას ამბობდეს და სხვას აკეთებდეს. ,,ყოველი მთავარი უნდა ცდილობდეს, გულმოწყალე და არა სასტიკი კაცის სახელი მოიხვეჭოს, მაგრამ უთავოდ არ უნდა იყენებდეს გულმოწყალებას. ჩეზარე ბორჯიას სასტიკ კაცად თვლიდნენ, მაგრამ სწორედ ამ თავისი სისასტიკის წყალობით დაამყარა წესრიგი… ამიტომ მთავარი არაფრად არ უნდა აგდებდეს გმირობას სისასტიკის გამო, თუკი ამ წყალობით ახერხებს იმას, რომ განხეთქილებისა და განდგომის საშუალება მოუსპოს თავის ქვეშევრდომებს”. (9. 176-177). მაკიაველი ფიქრობს, რომ მთავრის მიმართ ქვეშევრდომებს შეიძლება ორი გრძნობა ჰქონდეთ – სიყვარული და შიში. პირველი სიქველეზე იქნება აგებული, მეორე –
სისასტიკეზე. მაკიაველი რეკომენდაციას აძლევს შიშს, ე.ი. სისასტიკეს: ,,რა ჯობს, უყვარდე თუ ეშინოდეთ შენი? რაზედაც პასუხობენ, რომ სასურველია ერთიცა და მეორეც, მაგრამ რაკი ორივეს შეთანხმება ძნელია, ამიტომ, თუკი იძულებული იქნები ერთ-ერთზე უარი თქვა, გაცილებით გიჯობს, შიშს უნერგავდე ხალხს და არა სიყვარულს”. (9, 178). რა იწვევს შიშს ადამიანში და როგორ შეიძლება მისი დანერგვა? შიშის წყარო არ არის მოვალეობა, მას მხოლოდ სიყვარული ემყარება, შიშის წყარო სასჯელია, ამიტომ მაკიაველი ამართლებს ქვეშევრდომთა მიმართ სისასტიკეს. იგი აუცილებელი კომპონენტია, ოღონს გარკვეულად შეზღუდული უნდა იყოს, სიძულვილამდე არ უნდა მიიყვანოს ადაამიანები, შიშის დასანერგავად კი ძირითადი წყარო სისასტიკეა. მართალია, სისასტიკე ბოროტებაა, მაგრამ მისი კარგად და ავად გამოყენებაც შეიძლება. სისასტიკე უნდა იყოს ერთჯერადი და წუთიერი და არა დასაწყისში ნაწილობრივი და შემდეგ კი მზარდი. სისისტიკე ერთბაში და ერთჯერადი ურნდა იყოს, რათა ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მიეცეს და ამრიგად, ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს იგი. ,,ქველმოქმედება კი ნელ-ნელა, წვეთწვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შეძლოს მისი შეტკბობა”. (9, 138-139). სისასტიკე განსაკუთრებული სისრულით უნდა გამოვლინდეს დაპყრობილი ქვეყნის მიმართ; მათდამი დამოკიდებულების სამი ფორმა არსებობს: ,,პირველი – მიწასთან გაასწორო ისინი; 2. პირადად დასახლდე იქ, 3. თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრების ნება მისცე და ხარკი დაადო მათ”. ამ სამი ფორმიდან ავტორი უპირატესობას პირველს ანიჭებს. ფიქრობს, რომ ,,არ არსებობს ქალაქის შენარჩუნების უკეთესი საშუალება, ვიდრე დანგრევა და დაქცევა მისი” (9, 114). მისი აზრით, სხვაგვარად აჯანყება მოხდება და დამპყრობს მოუღებენ ბოლოს.

მაკიაველიზმის არსი გამოვლინდა იმით, რომ მისთვის განმსაზღვრელია არა პატიოსნება, არამედ ცბიერება. მოღვაწეობაში კანონის ნაცვლად ძალაზე დამყარება, უზნეობა, გაუტანლობა, დაუნდობლობა, სიცრუე და ძალის გამოყენება, აი, ის არსენალი, რომელიც მაკიაველის აუცილებლად მიაჩნია სამთავროს შენარჩუნებისათვის. ძალისა და ცბიერების კულტის დამამკვიდრებელ ადამიანურ და მხეცურ მოქმედებათაგან ცუდს, უარესს აძლევს პრიმატს, ე.ი. მხეცურს. მთავარს ის ავალდებულებს, იყოს ძლიერი ლომივით და მელასავით ცბიერი. ამ ორი ცხოველის თვისებათა ერთობლიობა არის მთავრის სიბრძნისა და დღეგრძელობის წყაროც და მაჩვენებელიც. თუ მაკიაველის სიტყვებით შევაჯამებთ აღნიშნულს, ასეთ სურათს მივიღებთ: ,,ამრიგად, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე – ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი მხეცებისათვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისათვის აუცილებელია თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი. სწორედ ამნაირი, თუმცა შეფარვით გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ამ ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი უნდა ითვისებდეს და ისისხლხორცებდეს ორივეს ბუნებას, და რომ ერთი მეორეს გარეშე უდღეურია. ამრიგად თუ მთავარი იძულებული იქნება, იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან, მელას – მგლებისაგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი , რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის.

ამიტომ კეთილგონიერი მთავარი შეუძლებელია თავისი აღთქმის ერთგული იყოს, თუკი ეს ერთგულება საზიანო აღმოჩნდება მისთვის, ან თუ აღარ არსებობს მიზეზები, რომლებმაც ეს აღთქმა დაადებინეს. ყველა კაცი რომ კარგი და კეთილი იყოს, ამნაირი ქცევა უკეთური იქნებოდა, მაგრამ რაკი ისინი ბოროტნი არიან და გამუდმებით არღვევენ იმას, რაც აღგითქვეს, შენ რატომღა უნდა უერთგულო შენს აღთქმას მათ მიმართ? მთავარს არასოდეს არ გამოელევა იმის კანონიერი მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი ორპირობა. შეიძლებოდა მოგვეტანა ურიცხვი ახალი მაგალითი და გვეჩვენებინა, რამდენი შეთანხმება, რამდენი საზავო ხელშეკრულება დარჩენილა ფუჭ ოქმად მთავართა სიმუხთლის შედეგად, და ის ვინც ახერხებდა უფრო უკეთ გაეთამაშებინა მელას როლი, უფრო ადვილად აღწევდა მიზანს, მაგრამ აუცილებელია, საგულდაგულოდ შენიღბო ეს ბუნება, რისთვისაც დიდი თვალთმაქცობა და გაქნილობა გმართებს. ადამიანები კი ისე მიამიტნი არიან და ყოველწამიერ აუცილებლობას ისერიგად დამონებულნი, რომ ცრუს არასოდეს შემოაკლდება ხალხი, რომელიც ადვილად გააცურებინებს თავს”. (9, 182-183). ერთადერთი, რაც ასე თუ ისე არბილებს მაკიაველიზმს, იმის აღიარებაა, რომ მთავარს უნდა ჰქონდეს მორალური თვისებებიც, იყოს კაცთმოყვარე, ქველიც, მაგრამ ეს პირნციპები არ არის მისი ქცევის განმსაზღვრელი. საჭიროების შემთხვევაში ის მიმართავს მათ საპირისპირო, ან კიდევ თავს ისე მოაჩვენებს ქვეშევრდომთ, რომ კაცთმოყვარეობითა და სიქველითაა აღჭურვილი, სინამდვილეში ორივესგან შორს შეიძლება იყოს. სწორედ აქ გამოადგება მელასეული ცბიერება. ამის კლასიკურ ნიმუშად მაკიაველის ესახება სევერუსის მიქმედება: ,,მე მინდა, ორიოდე სიტყვით გიჩვენოთ, რა ზედმიწევნით ფლობდა იგი ლომსა და მელაში, ე.ი. იმ ცხოველებში გარდასახვის ხელოვნებას, რომელთა ბუნებასაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უნდა ბაძავდეს მთავარი. რაკიღა კარგად იცნობდა იმპერატორს იულიანეს დაუდევრობას, სევერუსმა დაარწმუნა თავის ჯარისკაცები, რომლებსაც სლავონიაში სარდლობდა, რომ უნდა გაელაშქრათ რომზე და პეტრინაქსის სისხლი ეზღვევინებინათ საიმპერატორო გვარდიისათვის. ამ საბაბით, ისე რომ არ გაემჟღავნებია თავისი განზრახვა, რაც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გულისხმობდა, რომისკენ დაძრა თავისი ლაშქრი და იტალიაში უფრო ადრე ჩავიდა, ვიდრე იქ ჩააღწევდა ხმა მისი გამოლაშქრების შესახებ. რომს რომ მიადგა, თავზარდაცემულმა სენატმა იმპერატორად აირჩია იგი, იულიანე კი მოკლულ იქნა. ამნაირი დასაწყისის შემდეგ, სევერუსს, თუკი მას სურდა დაუფლებოდა მთელს სახელმწიფოს, ორი ძნელი ამოცანა უნდა გადაეჭრა: ერთი აზიაში, სადაც ნიგერმა, აზიური ლაშქრის სარდალმა, ჯარისკაცებს იმპერატორად გამოაცხადებინა თავი, მეორე კი დასავლეთში, სადაც ალბინუსიც ასევე აპირებდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ რაკი ორივესადმი აშკარა დაპირისპირება, მისი აზრით, კარგს არა უქადდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავს დასხმოდა ნიგერს და გაეცურებინა ალბინუსი, რომელსაც მისწერა, რაკიღა სენატმა იმპერატორად ამირჩია, მე მინდა შენთან ერთად გავიზიარო ეს პატივიო, ამიტომ ცეზარის წოდება უბოძა და, სენატის გადაწყვეტილების თანახმად თანამოსაყდრედ დაისვა იგი. ალბინუსი გაბრიყვდა და ანკესზე წამოეგო, მაგრამ როდესაც სევერიუსმა დაამარცხა და მოკლა ნიგერი და აღმოსავლეთის საქმეები მოაგვარა, რომში დაბრუნებულმა სენატში უჩივლა ალბინუსს: ხომ ამდენი სიკეთე ვუყავი, მაგრამ მადლიერების სანაცვლოდ მუხანათურად მიპირებს მოკვლას და ამიტომ სხვა გზა არა მაქვს, თავს უნდა დავესხა და მისი უმადურობა ვაზღვევინოო. და მართლაც, ბოლოს საფრანგეთში მოიხელთა, ძალაუფლება წაართვა და სიკვდილით დასაჯა იგი.

ვინც დაწვრილებით განიხილავს სევერუსის მოქმედებას, დარწმუნდება, რომ ის ლომზე უფრო გამბედავი და მელაზე უფრო ცბიერი იყო და რომ ყველა უფრთხოდა და, იმავდროულად, პატივს სცემდა მას, ჯარისკაცებს კი არ სძულდათ იგი, ამიტომ აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ მან საკუთარი ძალისხმევით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, შემდეგ კი სის შენარჩუნებაც შეძლო, ვინაიდან სახელი და დიდება ყოველთვის იცავდა იმ სიძულვილისაგან, რაც თავისი ძალმომრეობით შეიძლებოდა აღეძრა ხალხში”. (9, 195-196).

ამრიგად პოლიტიკისა და მორალის შეუთავსებლობა თუ არ უნდათ დაინახონ მაკიაველის მოძღვრებაში, ზნეობრივი ინდიფერენტიზმი მაინც არის მაკიაველიზმის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი.
მაკიაველი გაარჩევს პოლიტიკოსის მიზნებს და საშუალებებს. მიზანთა და საშუალებათა განსხვავება არისტოტელემ ჩამოაყალიბა და გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მაკიაველისთანაა. თავისთავად მიზანთა და საშუალებათა განსხვავებაში არაფერი არაა ისეთი, რაც მაკიაველიზმის მაჩვენებელი იქნებოდა. მაკიაველიზმი იწყება მაშინ, როცა საკითხი დგება მიზანთა და საშუალებათა თანაფარდობის შესახებ. მაკიაველის აზრით, მიზანი უნდა იყოს კეთილშობილი, რათა პოლიტიკოსის ქმედება ჩაითვალოს მოსაწონად. პოლიტიკოსის კეთილშობილება დავინახოთ იმაში, რომ ის ცდილობს, თავის სახელმწიფოს, თუ ერს მოუპოვოს დამოუკიდებლობა. მაკიაველის აზრით, ეს უპირველესი მიზანია. იტალიის ყოფნამ დაპყრობილი სახელმწიფოს ვითარებაში აამხედრა მაკიაველი იმ მთავრების წინააღმდეგ, რომლებიც უსუსურნი აღმოჩნდნენ იტალიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. შემდგომი მოთხოვნაა დამოუკიდებელი სახელმწიფოს უშიშროების უზრუნველყოფა. ამ მიზნით მთავარს შინაური და გარეშე მტრებთან უნდა ანგარიშის გასწორება. და ბოლოს, მთავარმა უნდა შეზღუდოს საკუთარი ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაიზრდება ტირანიაში. მთავარმა უნდა დაამყაროს კონსტიტუციური მმართველობა, სენატს შეაზღუდვინოს თავისი უფლებები, ეს განმსაზღვრელია პოლიტიკოსის კეთილშობილ მიზანთა შორის. როგორი უნდა იყოს ამ მიზანთა განხორციელების საშუალებანი? ისეთი, როგორიც უზრუნველყოფს წარმატებას მიზანთა განხორციელების გზაზე. ეს კი გამორიცხულია ქველმოქმედებით, ჰუმანურობით, სიკეთის ქადაგებით. ვერც სენატი შეძლებს აღნიშნულ მიზანთა მიღწევას. სადაც მრავალი აზრია, დემოკრატიული პრინციპები ბატონობს, იქ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ძირითადი ამოცანები არ გადაწყდება. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ჰომეოპათიური მეთოდი საზოგადოებას არ გამოადგება. დემოკრატია და თავისუფლება არ დამყარდება დემოკრატიული მეთოდებით. მათი მიღწევა მხოლოდ ძალით შეიძლება, ძალა კი ერთ კაცს უფრო ხელეწიფება, ვიდრე მრავალს. ამიტომ დამოუკიდებლობის, უშიშროებისა და დემოკრატიის გზაზე აუცილებელია ერთი კაცის მმართველობა. ეს აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისია, შეიძლება ერთი კაცი იყოს მმართველი და ეს ღირებულებანი ვერ დამკვიდრდეს. სავონაროლაც კი იყო მთავარი, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. საჭიროა მიზანთა მიღწევის ჯერარსაული საშუალებანი. ისევ მედიცინის ენაზე რომ ვთქვათ, ალელოპათია, ე.ი. მიზნის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. დამოუკიდებლობის მოპოვებისა და უშიშროების უზრუნველყოფისთვის სხვათა დაპყრობა და განადგურება. რესპუბლიკის დამკვიდრებისთვის დიქტატურა, მხოლოდ ამ გზით იქნება მიღწეული სანუკვარი მიზნები. ჰუმანურ მიზანთა მიღწევას არაჰუმანური საშუალებები სჭირდება. ეს საშუალებანი არ უნდა ექვემდებარებოდეს მორალურ, რელიგიურ, თუ სხვა სახის შეზღუდვებს. ადამიანობის თვალსაზრისით ყველაზე სასტიკი და ყველაზე წარმოუდგენელიც უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან კეთილშობილ მიზანს ემსახურება. როცა რასელი ფიქრობს, რომ მაკიაველი მიესალმებოდა ჰიტლერის მიერ რაიხსტაგისთვის ცეცხლის წაკიდებას, პარტიის წმენდას და მიუნხენის შემდგომ ამბებს, არ ითვალისწინებს, რომ ჰიტლერს არა თუ საშუალებანი, მიზნებიც არ ჰქონდა კეთილშობილი. არცერთი მისი ღონისძიება – დიდმპყრობელური ანტისემიტისტური – არ სჭირდებოდა გერმანიას და ვერ გამართლდება გერმანიის მდგომარეობით. ამიტომ საეჭვოდ მიგვაჩნია მაკიაველიზმის უკიდურესი ინტერპრეტაცია, როცა არაჰუმანურ საშუალებებს ჰუმანური მიზანიც კი არ ამართლებს. უდიდესი მაკიაველისტი ლენინიც კი ცდილობდა, ქცევა გაემართლებინა მიზნით (ბრესტის ზავის გამართლების მცდელობა ყაჩაღებთან ანალოგიით) და საერთოდ კომუნისტები მაკიაველისტები იყვნენ თავიანთი ქცევით, მაგრამ ცდილობდნენ, კეთილშობილურ მიზნებს ამოფარებოდნენ. მაკიაველი ყოველგვარ საშუალებას მიიჩნევს დასაშვებად, თუ ეს საშუალებები კეთილ მიზანს ემსახურება და თვითონ არ იქცევიან მიზნად, ბოროტება, როგორც საშუალება, დასაშვებია, მაგრამ ბოროტება, როგორც მიზანი გამორიცხულია. მაკიაველის მტკიცებით, ,,დასაგმობია ის, ვინც მკაცრია იმისთვის, რომ გააფუჭოს და არა ის, ვინც ასეთია გამოსწორების მიზნით”. (35, 399). სწორედ აქედან მომდინარეობს ის ლაპიდალური ფრაზა, რომლის შინაარსი გამოთქვა მაკიაველიმ და რომლის ფორმა შემდგომ ჩამოყალიბდა მაკიაველის პრინციპის სახელით – ,,მიზანი ამართლებს საშუალებებს”. ამ პრინციპის შუქზე უფრო ადვილად გასაგები იქნება მაკიაველის რესპუბლიკელობის, თუ მონარქისტობის საკითხი, რომელსაც ზემოთ შევეხეთ. რესპუბლიკელია თუ მონარქისტი მაკიაველი, უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, რა ადგილი ეკავა მის სახელმწიფოებრივ იდეალში მონარქიასა და სენატს. თუ მაკიაველის მიზანი იყო მონარქიის დამკვიდრება, ბუნებრივია ის მონარქისტი იქნებოდა, თუ მას ამოძრავებდა რესპუბლიკისკენ ლტოლვა, რესპუბლიკელი იქნებოდა. შეუძლებელია ერთდროულად ორივე ყოფილიყო, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს მაკიაველისთვის არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. როგორაა ეს შესაძლებელი! ამის გასაცნობიერბლად უნდა გამოვიყენოთ მიზნებისა და საშუალებათა მიმართება. აღმოჩნდება, რომ მაკიაველის მიზანი რესპუბლიკაა, ხოლო მონარქია, თანაც ძლიერი დიქტატორული ტიპის, უნდა იყოს ის საშუალება, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზანთან, ე.ი. რესპუბლიკასთან. მაკიაველი რომელიც სისასტიკეს და მონარქის თვითნებობას გუნდრუკს უკმევს, ამავე დროს, მთელ თავს მიუძღვნის თავის წიგნში იმის მტკიცებას, როგორი საქებარია რესპუბლიკა და საძულველი ტირანია. ,,მსჯელობათა” მეათე წიგნი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება, მისი სათაურია: ,,რამდენადაც ყოველგვარი ქების ღირსია რესპუბლიკის, ან სამეფოს დამაარსებელი, ამდენადვე საზიზღარი და საძულველია ტირანიის დამაარსებელი”. (35, 401). სწორედ ამ შუქზე ხდება გასაგები, რატომ ამტყუნებს ცეზარის სისასტიკეს მაკიაველი და აქებს და ადიდებს ჩეზარე ბორჯიასა და რომულუსის დაუნდობლობასა და სისასტიკეს. ბორჯიასა და რომულუსს ამოძრავებდათ რესპუბლიკის შექმნის იდეა. მათი მიზნები ამართლებს მათ მიერ გამოყენებულ საშუალებებს, ძმათა და სხვა ახლობელ ადამიანთა დახოცვას. ანალოგიური საქციელი სხვა ვითარებაში და სხვა პირების მიერ ჩადენილი, გაკიცხვას იწვევს იმიტომ, რომ მათ მიღმა მაკიაველი ვერ ხედავს კეთილშობილ მიზნებს, მაგრამ მაკიაველის პრინციპი ამით არ ამოიწურება, კერძოდ იმის თქმით, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. შეიძლება მიზანი კეთილშობილი იყოს, მაგრამ თუ ამ მიმართულებით მოქმედებამ შედეგი ვერ გამოიღო, გამოვა, რომ ამაოდ შეეწირა მსხვერპლი მიზანს. ამიტომ საშუალებების სახით ადამიანის არაადამიანურ მხეცურ მოქმედებას ამართლებს არა მარტო მიზანი, არამედ ის შედეგებიც, რაც მას მოჰყვება. მხეცობა ადამიანის დასადანაშაულებლად საკმარისია, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს შედეგს, რაც მოჰყვა ამ მხეცობას და თუ შედეგი დადებითია, მხეცობაც გამართლებულია. ადამიანს ,,ადანაშაულებს ჩადენილი საქმე, ამართლებს შედეგი”. ეს არის ლოგიკური გაგრძელება მაკიაველთან დებულებისა: მიზანი ამართლებს საშუალებას. სამწუხაროდ, ამ ლოგიკურ გაგრძელებას ყურადღება არ ექცევა, მართალია, მაკიაველი მხოლოდ მიზნის გამოც ამართლებდა ზომას გადასულ სისასტიკეს, თუნდაც ეს მიზანი არ ყოფილიყო
მიღწეული რაიმე შემთხვევის გამო, როგორც ჩეზარე ბორჯიას შემთხვევაში, მაგრამ სრულყოფილი საფუძველი გამართლებისათვის ეძლეოდა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შედეგიც მოსდევდა ქმედებას, როგორც ეს იყო რომულუსის შემთხვევაში. ამრიგად მაკიაველიზმის ეს პრინციპი ორი ძირითადი დებულებით გამოიხატება: კეთილშობილი მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას, ჩადენილი სისასტიკე დანაშაულად ითვლება, მაგრამ მას ამართლებს შედეგი. ე.ი. არა მარტო მიზანი, არამედ შედეგიც ამართლებს საშუალებას. მიზანი – ერის განთავისუფლება, სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა და რესპუბლიკური წყობის დამყარება, უნდა განხორციელდეს არა სახალხო ხელისუფლების, ან სახალხო აჯანყების გზით, არამედ ერთი პიროვნების დიქტატურის მეშვეობით. ,,მსჯელობათა” მეცხრე წიგნი ამ პრინციპის დასაბუთებას ისახავს მიზნად და ჩვენ გადმოვცემთ ამ წიგნიდან შესაბამის მტკიცებებს. ,,ბევრი ცუდ ნიმუშად ჩათვლის იმ ფაქტს, რომ რომულუსმა ცხოვრების სამოქალაქო წესის დამფუძნებელმა ჯერ ძმა მოკლა, შემდეგ დასთანხმდა ტიტუს ტაციუს საბინის მკვლელობას, რომელიც მის მეფობაში თანაამხანაგად იყო გამწესებული. ვინც ასე ფიქრობს, იმათ მიაჩნია, რომ ასეთი მთავრის ქვეშევრდომებს, მის ავტორიტეტზე დაყრდნობით, შეუძლიათ პატივმოყვარეობის, ან ძალაუფლებისადმი ლტოლვის გამო შეავიწროვონ ისინი, ვინც აღდგებოდა მათი საკუთარი ავტორიტეტის წინააღმდეგ. ასეთი შეხედულება მართებული იქნებოდა, თუ არ გავითვალისწინებდით მიზანს, რომელმაც უბიძგა რომულუსს მკვლელობისაკენ. საერთო წესად უნდა მივიღოთ შემდეგი: არასდროს, ან თითქმის არასდროს არ მომხდარა, რომ რესპუბლიკას ან სამეფოს, თავიდანვე მიეღო კარგი წყობა ან განახლებულიყოს ძველი წესების უკუგდებით, თუკი ისინი არ ფუძნდებოდა ერთი ადამიანის მიერ. პირიქით სავსებით აუცილებელია, რომ ერთი, ერთადერთი ადამიანი ქმნიდეს ახალი წყობის სახეს და რომ მისი გონებით იქმნებოდეს ყველა ახალი დაწესებულება. ამიტომაა, რომ რესპუბლიკის ბრძენი დამფუძნებელი, რომელიც მთელის სულით ესწრაფვის არა საკუთარ, არამედ საზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც ზრუნავს არა თავის მემკვიდრეებზე, არამედ საერთო სამშობლოზე, ყოველგვარად უნდა ეცადოს დაეუფლოს ერთპიროვნულ ძალაუფლებას და არასდროს არცერთი კეთილგონიერი ადამიანი არ უსაყვედურებს მას, თუ სამეფოს მოწესრიგების, ან რესპუბლიკის შექმნის მიზნით, ის მიმართავს რაიმე განსაკუთრებულ ზომებს. რას იზამთ. მას დაადანაშაულებს ჩადენილი, გაამართლებს შედეგი. და შედეგი, როგორც რომულუსთან იყო, თუ აღმოჩნდება კეთილი, ის ყოველთვის გამართლებული იქნება, რადგან უნდა გაიკიცხოს ის, ვინც მკაცრობს გაფუჭების მიზნით და არა ის ვინც მკაცრია, რათა გაასწოროს… თუმცა ერთ ადამიანს შეუძლია შექმნას გარკვეული წესრიგი, ეს წესრიგი ხანმოკლე იქნება თუ დაეყრდნობა ერთი, ერთადერთი ადამიანის მხრებს. გაცილებით უკეთესია თუ დაემყარება ბევრი მოქალაქის ზრუნვას და ბევრ მოქალაქეს დაევალება მისი შენარჩუნება. ხალხს არ შეუძლია შექმნას გარკვეული წესრიგი, არა აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს მისი სიკეთე, ხალხში არსებულ უთანხმოებათა მიზეზის გამო, მაგრამ როცა ამ წესრიგის სიკეთე ხალხის მიერ შემეცნებულია, ის არ დაეთანხმება მასთან განშორებას. რომულუსი რომ იმსახურებს ძმისა და ამხანაგის მოკვლის გამო პატიებას და რომ მის მიერ ჩადენილი იყო საერთო სიკეთის სახელით და არა პირადი პატივმოყვარეობის დამყარების მიზნით, ამას ის ადასტურებს, რომ ამ ამბების შემდეგ, მან მაშინვე დააწესა სენატი, რომელსაც რჩევას ეკითხებოდა და რომლის შეხედულებათა მიხედვით ღებულობდა გადაწყვეტილებებს”. (35,398-399). აქ ჩამოყალიბებულია ის დებულებაც, რომელიც უჩვენებს მაკიაველის რესპუბლიკელობას, თუ მონარქისტობას. ერთმმართველობა მისთვის რესპუბლიკური წყობის მიღწევის საშუალებაა და არა მიზანი. მაკიაველი ამართლებს სისასტიკეს და მხეცურ ქმედებას არა თავისთავად, არამედ მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს ხდება ამაღლებული მიზნის მსახურებისთვის. მაკიაველისთვის ჩადენილი დანაშაული გამართლებადია, თუ შედეგი კარგია. ამიტომ შეუძლებელია, მაკიაველიზმით გავამართლოთ ფაშიზმი, რადგან მისი არც მიზანი და არც შედეგი არ ყოფილა კეთილშობილი და სასიკეთო, მაშასადამე, მაკიაველიზმი არაა უკიდურესად უარყოფითი მოვლენა, მაგრამ არც უკიდურესად დადებითია, როგორადაც მას გვისახავენ.

ნიკოლო მაკიაველის სოციალ-პოლიტიკური შეხედულებანი

ზნეობა და პოლიტიკა

ზოგჯერ ნ. მაკიაველს (1469-1527) კეისრის შემდეგ ყველაზე ცნობილ იტალიელს უწოდებენ. მისმა მოძღვრებამ გამოიწვია ფრიად მრავალი ურთიერთგამომრიცხველი განმარტებებისა და კომენტარების ფართო დიაპაზონი. მაკიაველის თაყვანისმცემელთა შორის მრავლად იყვნენ და არიან სახელმწიფო მოღვაწეები, ღვთისმსახურნი, მეცნიერნი და პუბლიცისტები, მაგრამ უფრო ხშირად მისი შეხედულებები ექცევიან შეუბრალებელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში, რაც დღესაც არ წყდება.

ტერმინი ,,მაკიაველიზმი”, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ბნელი და უზნეო მხარეთა განსახიერების სინონიმად იქცა, წარმოიქმნა მისი მოძღვრების არასწორი გაგებისა და მოზროვნის კერძო შეხედულებების მცდარი განმარტებებისაგან. მაშინ როდესაც მაკიაველის, როგორც მეცნიერისა და როგორც მოწინავე შეხედულებების მქონე ადამიანის დასაცავად გამოდიოდნენ ბეკონი და ჰეგელი, სპინოზა და რუსო. მე-19 ს-ის იტალიელმა ნაციონალისტებმა კი მაკიაველი თავიანთ იდეურ სულისჩამდგმელად გამოაცხადეს.

როგორც ცნობილია საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ისტორიიდან სახელმწიფოს მართვის უფლებისათვის ბრძოლასათნ კავშირში პოლიტიკის შესწავლის საუკეთესო მასალას იძლევა საბერძნეთი და იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები. სწორედ ათენში და რამდენიმე იტალიურ ქალაქ-რესპუბლიკებში ჰქონდა ადგილი დემოკრატიული მმართველობის პერიოდებს, როდესაც მართვის ორგანოებში მონაწილეობდა ხალხი, რაც მნიშვნელოვნად აფართოებდა სახელმწიფოსა და ძალაუფლების შესახებ თეორიული, საკუთრივ სოციოლოგიური განზოგადებების შესაძლებლობას.

ამგვარი დაკვირვებებისა და განზოგადებების მეშვეობით ყალიბდებოდა მეცნიერება [პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ცენტრალური ადგილი ეჭირა მოძღვრებას სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური წყობის თაობაზე. ძველი და შუასაუკუნეებრივი მწერლების წარმოდგენით სახელმწიფო გამოდიოდა პრაქტიკული საქმიანობის განსხვავებულ სახეთა გადაკვეთის წერტილად, რომლის მეშევეობითაც ხელისუფალნი ამართლებდნენ და ინარჩუნებდნენ თავიანთ ძალაუფლებას და აღწევდნენ ქვეშევრდომთა აქტიურ თანხმობას.

სავსებით გასაგებია, რომ სახელმწიფოებრივი მმართველობის პოლიტიკური ცოდნა და ხელოვნება ამ პირობებში ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი იყო. პოლიტიკური ცოდნა გვაძლევდა წარმოდგენას
პოლიტიკურ ცხოვრებაში რიგი ტიპიური მექანიზმებისა და ხერხების შესახებ, რომელთაც განსხვავებული მიზნობრივი მიმართულება ჰქონდათ, მაგრამ მუდამ ემსახურებოდნენ სავსებით განსაზღვრულ სოციალურ-კლასობრივ ინტერესებს პოლიტიკური ბატონობის ფორმირების, განმტკიცებისა თუ დაცემის პერიოდებში.

პოლიტიკური ცოდნა მოწოდებული იყო მიეცა მმართველთათვის ორიენტირები არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მომავლისთვისაც, რაც მოითხოვდა ძალიან ზუსტ აღრიცხვას ყველა არსებული მონაცემებისას, რომლებიც შემაგრებულნი უნდა ყოფილიყო სოციოლოგიური და ეკონომიკური მოსაზრებებით, გამართლებული მორალურ-ეთიკური მხრივ და რასაკვირველია პრაქტიკული სარგებლიანობისა და გამოსადეგობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მოითხოვებოდა მიღებული დასკვნების ქალაქ-სახელმწიფოში არსებულ გაბატონებულ ინტერესებთან ზოგადი შეთანადება და შეგუება.
საზოგადოებრივი წინააღმდეგობების ცოცხალი სურათები, მშვიდობიანობისა და ომიანობის, სწრაფი პროგრესიისა და უძრაობის ან დაცემის პერიოდების ცვლა აიძულებდათ პოლიტიკურ მოღვაწეებს ეძებნათ იდეალური და მყარი საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ პრაქტიკაში ეს იქცეოდა სინამდვილესთან კომპრომისულ გადაწყვეტილებად, რომელიც მდგომარეობდა პოლიტიკური დაწესებულებების რეფორმებისადმი ზომიერ მოწოდებებად, რომლებიც არსებითად ვერ ცვლიდნენ საზოგადოებაში ძალაუფლებისა და საკუთრების განაწილების მექანიზმებს.

მაკიაველის პოლიტიკური შეხედულებები ყალიბდებოდა პოლიტიკურ კონფლიქტებსა და ბრძოლებზე დაკვირვებების შედეგად, მაგრამ მისი მთავარი მიზანი არსებული პოლიტიკური დაწესებულებების რეფორმათა განხორციელებისა და ამ ახალი საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცების გზებისა და საშუალებების ძიება იყო. აქედან – დაინტერესება არა მხოლოდ არსებული პოლიტიკური სტრუქტურებითA და ძალთაA განლაგებით, არამედ ისეთი პოლიტიკური პროცესებით, რომლებსაც მოყვება თან პოლიტიკური რეფორმები და რევოლუცია. ამ მიმართულებით მაკიაველი აგრძელებს არისტოტელეს ტრადიციას, რომელმაც პირველმა დაიწყო სახელმწიფოს საქმიანობის შესწავლა მის მოძრაობასა და დინამიკაში.

მაკიაველმა თავისი პოლიტიკური და ისტორიული შრომების: ,,მთავარი” (1513 წ) ,,მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის სამ პირველ წიგნზე”. 1513-16 წელს. და ,,ფლორენციის ისტორიის (1525) ძირითადი მიზანი” ჩამოაყალიბა ასე: ,,მე გაბედულად და ნათლად ვიტყვი ყველაფერ იმას, რაც მე ვიცი ახალი და ძველი დროების შესახებ, რათა ახალგაზრდა ადამიანთA სულებმა, რომლებიც წაიკითხავენ ჩემს მიერ დაწერილს, ზურგი შეაქციონ პირველთ და ისწავლონ ძველებისადმი მიბაძვა… რამეთუ ყოველი პატიოსანი კაცის ვალია – ასწავლო სხვებს ის სიკეთე, რომლის განხორციელება მან ვერ შესძლო ცხოვრებაში მძიმე დროებისა და ბედის მუხთლობის გამო, იმ იმედით, რომ ისინი უფრო უნარის მქონენი აღმოჩნდებიან ამ სიკეთის განხორციელების საქმეში”. დასკვნებისა და განზოგადოებების მეთოდი, რომელიც ეყრდნობა ძველი დროის კლასიკური ნიმუშების რეალურ პოლიტიკურ სიტუაციასთან შედარებასა და შერწყმას, წარმართავს როგორც ,,მთავარს”, ისე ,,მსჯელობებსა და ფლორენციის ისტორიას”.

მაკიაველის სოციალ-პოლიტიკური შეხედულებების ცენტრში იყო მოძღვრება სახელმწიფოს შესახებ, სადაც მან წინასწარ განჭვრიტაა თითქმის ყველა იმ პრობლემათა წრე, რის შესახებაც დღეს
გაცხოველებული აზრთა გაცვლა-გამოცვლაა თანამედროვე სოციოლოგიაში. ამან ნათლად აჩვენა ის ორი გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პოლიტიკურ დაწესებულებათა ანალიზი, – შედარებითი შესწავლის გზა, რომელსაც წარმატებით იყენებდა თვითონ მაკიაველი, აკვირდებოდა და ადარებდა რა ერთმანეთში ფრანგულ-გერმანულ დაწესებულებებს იტალიურს, განსაკუთრებით კი ფლორენციულ პოლიტიკურ დაწესებულებებს. მეორე გზა – ისტორიულ-დოგმატური: სახელმწიფოსა და სამართლის ურთიერთობა, პიროვნებისა და სახელმწიფოს, საერო და საეკლესიო ძალაუფლების, სამხედრო ორგანიზაციისა და სახელმწიფოებრივი წყობილების თანაფარდობა და ურთიერთდამოკიდებულება, სახელმწიფოებრივი წყობისა და მართვის განსხვავებულ ფორმათა ჩასახვის, ევოლუციისა და ცვლის სკითხები (განსაკუთრებით რესპუბლიკური და მონარქისტული ფორმები). პოლიტიკის როგორც ინტერესთა მუდმივი შეჯახებისა და ბრძოლის გაგებამ, მაკიაველს მისცა საშუალება დაეხატა თავისი დროის პოლიტიკური ცვლილებებისა და პროცესების რეალისტური სურათი.

ამან საშუალება მისცა მას ახლებურად გაეშუქებინა სახელწიფოებრივი ცხოვრების და მისი ძირითადი დაწესებულებების ტრადიციული თემატიკა. თავის ,,მთავარში” მაკიაველმა დახატა პოლიტიკური რეფორმატორის ტიპი, გამოხატა რა ამავე დროის ამგავრი რეფორმატორის ძალაუფლების შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველა მისი წარმოსახვისათვის მისადგომი გზები და საშუალებები.

ანტიკური პოლიტიკური აზროვნების ცნებებისადმი მაკიაველის მიმართვას ჰქონდა ძალიან დიდი დადებითი მნიშვნელობა, რამდენადაც ანტიკური ავტორები ამოდიოდნენ სახელმწიფოს, როგორც საერო დაწესებულების შესახებ წარმოდგენისაკენ, რომელიც თავისუფალი იყო თეოლოგიური დანაშრევებისაგან აითვისა რა ისტორიული მიდგომის მეთოდი და უარი თქვა რა წმინდა წერილიდან მოყვანილი არგუმენტაციაზე, მაკიაველი რეალური პოლიტიკის ფაქტებს განიხილავს ბუნებრივი ფაქტების მსგავსად. პოლიტიკური აზრის თეოლოგიისაგან და ძილის მომგვრელი სქოლასტიკისაგან განთავისუფლება წარმოადგენდა პირველ ნაბიჯს თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების შექმნის გზაზე და ეს გააკეთა მაკიაველმა. მან პოლიტიკური მეცნიერება დააფუძნა რეალურ საფუძველზე და დიდად განსაზღვრა მისი შემდგომი განვითარების გზები. ყველაფერმა ამან პოლიტოლოგებსა და სოციოლოგებს მისცა საშუალება ეწოდებინათ მაკიაველისათვის სახელმწიფოს შესახებ მეცნიერების ნიუტონი და ახალი დროის პირველი პოლიტიკური მოაზროვნე.

მაკიაველი უდავო დამსახურებაა ლიტერატურაში ტერმინ ,,სახელმწიფოს” (სტატო) შემოღება.იტალიიურ ენაში ტერმინ ,,სტატო”-ს აქვს რამდენიმე დამატებითი მნიშვნელობა. მაგ, მდგომარეობა, გარემოება, წოდება, ფენა, პროფესია, მე-16 ს-ის პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ისეთ ტერმინებთან, როგორებიცაა რესპუბლიკა სამეფო, სამთავრო, ძალაუფლება-ხელისუფლება, იმპერია, ქალაქი, მმართველობა, ტირანია, მონარქია, მაკიაველის მიერ შემოტანილი ტერმინი შედარებით ახალი იყო.

,,სტატო” მაკიაველთან ნიშნავს სახელმწიფოს ზოგად ცნებას დამოუკიდებლად კონკრეტული ფორმებისაგან; იგი გვაძლევს საზოგადოების პოლიტიკური მდგომარეობის დახასიათებას, მის განსაზღვრულ პოლიტიკურ ორგანიზაციას. იგი ცდილობს შეიმუშაოს ახალი სახელმწიფოებრივი წყობის შექმნისა და განმტკიცების პირობები. ამასთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა აქვს
სახელმწიფოს ზოგადი აგებულებისა და სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმების წარმოშობის, ევოლუციისა და ცვლის შესახებ საკითხებს.

მაკიაველი იზიარებს სახელმწიფოებრივიო მმართველობის ფორმების ანტიკურ, განსაკუთრებით კი პოლიბიოსისეულ ანალიზს. ,,… სამი მათგანი ყველა მიმართებაში ცუდია, ხოლო დანარჩენი სამი თავისთავად კარგია, მაგრამ რადგანაც ძნელია მათი შენარჩუნება და მხარდაჭერა, ამდენად ისინიც დამღუპველნი და დამანგრეველნი ხდებიან”. მმართველობის ,,ცუდი” მექანიზმებიდან და ფორმებიდან თითოეული იმდენად ჰგავენ მათ შესაბამის მმართველობის კარგ ფორმებს, რომ ისინი ადვილად გადადიან ერთიმეორეში – მონარქია ძალიან ადვილად გადადის ტირანიაში, არისტოკრატია – უმცირესობის მმართველობაში (ოლიგარქიაში); ხალხის მმართველობა (დემოკრატია) – სრულ თავაშვებულებასა და აღვირახსნილობაში (ოხლოკრატიაში). [მსჯელობანი, წიგნი I, თავი II].

ჩამოთვლილი ფორმები განსაზღვრული თანმიმდევრულობით იცვლებიან. თავდაპირველად გარდაქმნათა თანმიმდევრობა გამოიყურებოდა ასე: მონარქია, ტირანია, არისტოკრატია, ოლიგარქია, დემოკრატია, ოხლოკრატია. მაკიავლი აქ შეიძლება ითქვას ფეხდაფეხ მისდევს პოლიბიოსს, მისი აზრითაც მონარქის ტირანიად გადაქცევა დაკავშირებულია იმასთან, რომ ოდესღაც ძველად, ბელადების თანამდებობა არჩევითიდან მემკვიდრეობითად იქცა. თანდათანობით მათ დაივიწყეს თავიანთ წინაპართა სათნოება და სიკეთე, დაიწყეს სწრაფი გადაგვარება, გახდნენ მშიშარა, შიშმა კი აიძულათ გადასულიყვნენ ჩაგვრაზე – ასე წარმოიშვა მაკიაველის აზრით ტირანია.

ტირანიის წინააღმდეგ თანდათანობით, ხშირად შეთქმულებების გზით, გამოდიოდნენ ისინი, ვინც თავისი დიდსულოვნებით, კეთილშობილებით, ქონებითა და წარჩინებულობა-დიდებულებით აღემატებოდნენ და მთელი თავით მაღლა იდგნენ დანარჩენებზე და ვერ იტანდნენ ამ ხელისუფალთა დანაშაულებრივ არსებობას. მათ მიერ წაქეზებული ბრბო იარაღდებოდა ხელმწიფის წინააღმდეგ და მისი განადგურების შემდეგ მთელი ეს ბრბო ემორჩილებოდა თავიანთ წამქეზებელ და ხელმძღვანელ ბელადებს, როგორც გადამრჩენთ და მხსნელთ.

გამარჯვებული არისტოკრატია თავისი წარმომადგენლებიდან ადგენს მთავრობას და დასაწყისში მართავს სახელმწიფოს მათ მიერ შემუშავებული კანონების მიხედვით, ,,თავის სარგებელს, სარფს უქვემდებარებდა საერთო სარგებლობას და თანაბარი მონდომებით აკეთებდა როგორც საზოგადოებრივ ისე თავის კერძო საქმეებს”. მაგრამ ცვლილებანი იწყება მას შემდეგ, რაც ძალაუფლება გადადის მმართველთა შვილების ხელში, რომელთაც ,,არ უწყიან ბედის უკუღმართობა და ტრიალი, არ განუცდიათ უბედურება და არ სურთ დაკმაყოფილდნენ სამოქალაქო თანასწორობით”. ეძლევიან რა თავდავიწყებით სიხარბეს, პატივმოყვარეობას და მოქალაქეთაA უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ეს ახალი მმართველნი არისტოკრატიულ მმართველობას აქცევენ ოლიგარქიად.

არც თუU ისე დიდი ხნის შემდეგ ოლიგარქიის წარმომადგენლებსაც იგივე ბედი ელით, რაც ტირანებს. მათი მმართველობით უკმაყოფილო ,,ბრბო” იქცევა იარაღად იმათ ხელში ,,ვინც ბრბოს შესთავაზებს ამ მმართველთაგან განთავისუფლებას, და სწრაფად ჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ბრბოს დახმარებით ამხობს”. ანგრევენ რა ოლიგარქთა ბატონობას და ამავე დროს არც მონარქიის აღდგენა არ სურთ,. ხალხს შემოაქვს სახალხო მმართველობა და ამყარებს ისეთ წესრიგსა და წყობას, რომ მასში არც არისტოკრატებს, არც მონარქებს არ ჰქონდეთ არავითარი ძალაუფლება. მაკიაველის მიხედვით,
სახალხო მმართველობა – დემოკრატია – ყველაზე ხანმოკლე ფორმაა. მას შეუძლია იარსებოს რამდენმე ხანს, (,,სანამ არ გამქრალა მისი დამფუძნებელი თაობა”). უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ,,დასაწყისში ყოველგვარი სახელმწიფოებრივი წესრიგი სარგებლობს პატივისცემით”. სახალხო მმართველობა – არამყარი წესრიგი, რომლის დროსაც სწრაფვა ვრცელდება ,,სრული აღვირახსნილობა და თავგასულობა, სადაც ვერც კერძო და ვერც საზოგადო მოღვაწე პირები ვერ იწვევენ რაიმე პატივისცემასა და მოწიწებას ხალხში, ხალხი არ ენდობა მათ და არც აფასებენ მათ, ვინაიდან თითოეული ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა, და ყველა ერთმანეთს აყენებს ათასობით შეურაცხყოფას”.

ამგვარი უწესრიგო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ხალხი კვლავ მიმართავს მონარქიას და მისგან კვლავ ხელახლა თანდათანობით უბრუნდება აღვირახსნილობასა და თავგასულობას ,,იმავე გზით და იმავე მიზეზებით. ასეთია წრე, რომელშიც ტრიალებდნენ და ტრიალებენ ყველა რესპუბლიკათა მმართველობა, მაგრამ ისინი იშვიათად უბრუნდებიან იმას, რისგანაც გამოვიდნენ, ვინაიდან მათში იშვიათადაა შემონახული იმდენი სასიცოცხლო ძალა, რომ შესძლონ ამ წრის რამდენიმეჯერ გავლა ისე, რომ არ დაიღუპონ” (,,მსჯელობანი” წიგნ. I, თავი II).

მართალია აქ მაკიაველი არ არის ორიგინალური და თითქმის სავსებით ეყრდნობა პლატონს, არისტოტელეს და განსაკუთრებით პოლიბიოსს, მაგრამ მას ამ ფორმების ახალ სიტუაციაში გაანალიზებისას, მათში შეაქვს მთელი რიგი ღირებული მაკორექტირებელი მომენტები. იგი, კერძოდ უარს ამბობს თეოლოგიურ ახსნებზე და ცდილობს გამოძებნოს სახელმწიფოსა და საზოგადეობათმცოდნეობის წმინდა ემპირიული, საერო პრინციპები. სახელმწიფო ფორმების მონაცვლეობას იგი უკავშირებს არა ღვთის ნებას, არამედ განსაზღვრულ სიტუაციათა და მებრძოლ ძალთაA თანაფარდობის გამეორებათა კანონზომიერებებს, რომლებიც განაპირობებენ ხელისუფლების სათავეში ხან მონარქის, ხან არისტოკრატიის, ხან ხალხის მოსვლას.

მაკიაველის პოლიტიკური შეხედულებების შუაგულს შეადგენს არა პოლიტიკის თემებზე შექმნილი ბრწყინვალე მაქსიმები და არა მისი რესპუბლიკური სიმპათიები, არამედ ისტორიული პროცესის კონცეფცია, რომლის საფუძველში მწვავე სოციალური შეჯახებების როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ძალის შესახებ წარმოდგენა ძევს. ,,ყოველ სახელმწიფოში – წერს მაკიაველი – ჩვეულებრივ არსებობს ორი ურთიერთგანსხვავებული მიმართულება: ხალხი მიისწრაფის იმისაკენ, რათა არ იყოს შევიწროებული წარჩინებული მოქალაქეების მიერ და მათი ძალაუფლების შემცირებისაკენ, არისტოკრატები კი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება რაც შეიძლება გააძლიერონ ხალხის ჩაგვრა. ამ ორი განსხვავებული მისწრაფების შედეგია ის, რომ სახელმწიფოში ჭარბობს ან უზენაესი ძალაუფლება, ან თავისუფლება ან ანარქია. ამავე დროს უზენაესი ძალაუფლება შეიძლება ხელმწიფეს გადაეცეს ან ხალხის ან არისტოკრატიის მიერ, იმისდა მიხედვით, თუU ამ პარტიათაგან რომელი ისარგებლებს მისი გახელმწიფოებრიობის შემთხვევით.” (,,მთავარი” თავი 9). ასე მაგალითად დიდებულები, როგორც კი დარწმუნდებიან, რომ ხალხს ვეღარ აკავებენ, მთელ თავის გავლენას ერთ კაცს მიანიჭებენ და მთავრად დასვამენ, რათა მისი მფარველობის ქვეშ თავიანთ ნებაზე იპარპაშონ. ასევე ხალხიც, როცა დაინახავს, რომ დიდებულებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს, მთელ თავის ძალმოსილებას ერთ კაცს გადასცემს და ხელისუფლების სათავეში აყენებს მას, რათა თავის მფარველად ეგულებოდეს. ის, ვინც დიდებულთა შემწეობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, უფრო ძნელად ინარჩუნებს მას, ვიდრე ის, ვინც ხელისუფლებას ხალხის შემწეობით უდგება სათავეში.

დიდებულებსა და ხალხს შორის არსებული მტრობა შესამჩნევ გავლენას ახდენს საზოგადოების მთელ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მათ შორის გამოცემული კანონების ხასიათზეც. (,,მთავარი”, თავი IV). ,,აღვირახსნილობა და თავისუფალი ცხოვრების უუნარობა მომდინარეობს სამოქალაქო უთანასწორობისაგან”. (,,მსჯელობანი”, წიგნი I, XVII). ,,დიდებულებსა და ხალხს შორის არსებული ღრმა და სავსებით ბუნებრივი მტრობა – ყველა იმ არეულობის მიზეზია, რომლებიც საზოგადოებაში წარმოიქმნებიან”. ეს მტრობა მუდამ შეურიგებელი ჩანს, ვინაიდან ,,ხალხს სურს იცხოვროს კანონების მიხედვით – კანონიერად, ხოლო დიდებულები კი მიისწრაფვიან ხალხზე მბრძანებლობისაკენ და ამიტომ მათ შორის თანხმობა შეუძლებელია”. [ფლორენციის ისტორია” გვ. 61, 99].

მაკიაველის სოციალურ კონცეფციას ჰქონდა საფუძველმდებელი მნიშვნელობა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმათა მონაცვლეობის კანონზომიერების განახლებული განმტკიცებისათვის; მან მეთოდოლოგიური საფუძველი დაუდო თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ სოციოლოგიასა და პოლიტიკურ მეცნიერებას – პოლიტოლოგიას. ამგვარად, მაკიაველი ჩვენს წინაშე წარმოდგება არა როგორც ანტიკურ ავტორთა სოციალ-პოლიტიკურ იდეათა რესტავრატორი, არამედ მათი რეფორმატორი, რომელსაც უკავია სხვა სოციალურ-პოლიტიკური პოზიცია და რომელიც აღწევს სახელმწიფოს, პოლიტიკის, ისტორიის მოვლენათა ახსნისა და გაგების ახალ მეთოდოლოგიურ მიჯნებს.

მაკიაველი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აღფრთოვანებულია ანტიკური სამყაროთი, მაინც თავისი დროის იდეალების ერთგული რჩება. იგი არ მოგვიწოდებს უსიტყვოთ, შეუთავსებლად მივსდიოთ ძველ ნიმუშებს და არ ვარდება უტოპიაში, როგორც ამას თომას მორი და კამპანელა აკეთებენ; რეალისტურად გამოხატავს რა იმას, ,,რაც არის”, მაკიაველი ამავე დროს გულგრილი არ რჩება იმისადმი, რაც ,,ჯერ არს”, რაც ,,უნდა იყოს”. უფრო მეტიც, ის, რაც ,,უნდა იყოს” წარმოადგენს არა აბსტრაქტულსა და ბუნდოვანს, არამედ სავსებით რეალისტურია. და მაკიაველის ბრალი არაა, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ვერ იქცა კონკრეტულ სინამდვილედ. იგი რომ მეფე, მთავარი ან მთავარსარდალი ყოფილიყო, რომელიც აღჭურვილია ძალაუფლებით, მაშინ შესძლებდა ამ თავისი გეგმების განხორციელებას. მაკიაველის შეხედულებები ასახავენ მისი ეპოქის ნიშნებს – ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის ეპოქისას, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური რეჟიმებისა და მმართველობის ფორმების არასტაბილურობითა და არამდგრადობით.

მაკიაველი უარყოფითად აფასებს უბრალო ხალხის ბატონობას, რომელიც განსხვავებით დიდებულებისგან გულწრფელად მიისწრაფვის სრული, ფაქტობრივი დემოკრატიისაკენ. ხალხს არ შესწევს, მისი აზრით, სახელმწიფოს მმართვის უნარი. მაგრამ იგი ამავე დროს მონარქიის მოწინააღმდეგეა, რომელიც ძალიან ადვილად გადაიქცევა ტირანად. აქედან გამომდინარეობს მაკიაველის მიდრეკილება ზომიერი რესპუბლიკურობის როგორც პოლიტიკური იდეალისადმი.

მხოლოდ ძირითადი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების ან დაჯგუფებების წონასწორობიდან და მათი ინტერესების შეხამებებისაგან წარმოიქმნება, მაკიაველის აზრით, რესპუბლიკური თავისუფლება და მოქალაქეთა თანასწორობა, იქმნება დაწესებულებათა და კონტროლის ისეთი სისტემა, რომლის წყალობითაც ადამიანი ინარჩუნებს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივ თავისუფლებას. ხოლო ამგვარი თავისუფლების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ეკონომიკური გამაწონასწორებლის გამონახვა რესპუბლიკის პირობებში გაცილებით ადვილია.

იქ, სადაც უთანასწორობა ძალიან დიდია, იქმნება კარგი ნიადაგი მონარქიისა და ფეოდალთა გავლენის შენარჩუნებისათვის. თუ მონარქი ხელში ჩაიგდებს ხელისუფლებას რესპუბლიკაში, სადაც ბატონობდა თანასწორობა და ამავე დროს მოინდომებს ამ ძალაუფლების განმტკიცებას, მაშინ მან თავის მომხრეებს უნდა დაურიგოს დიდი ქონება და მათგან უნდა შექმნას ახალი დიდებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დასაყრდენი არ ექნება. სწორად აწყობილ სახელმწიფოში უბრალო ხალხი არ უნდა იყოს დაჩაგრული და დამცირებული. პირიქით, როდესაც რომელიმე ხელისუფალი გადაწყვეტს სახელმწიფოს შენობის სწორად აგებას, იგი აუცილებლად ორიენტაციას უბრალო ხალხზე უნდა იღებდეს, რადგან ეს უკანასკნელი უმრავლესობაა და ბევრ რაიმესაც არ თხოულობს. ასეთ მმართველს არ სჭირდება ,,დიდი ადამიანების” (გრანდების) მხარდაჭერაზე ზრუნვა; მათ უზარმაზარ მადას იგი ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ მათი ნაწილი მუდამ იქნება უკმაყოფილო და შესაბამისად ამ მმართველის წინააღმდეგი.

მაკიაველის რესპუბლიკური სიმპათიები ვერ გადადიან თანმიმდევრულ დემოკრატიზმში. თუ რესპუბლიკური წყობა ვერ იცავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მაშინ მაკიაველი თანახმაა ერთპიროვნულ მმართველის ხელისუფლების დამყარებაზე, ოღონდ ამ ხელისუფლებამ შესძლოს მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა. მმართველობის საუკეთესო ფორმად მაკიაველი შერეულ ფორმას მიიჩნევს, რომელიც სამი მარტივი – მონარქიული, არისტოკრატიული და დემოკრატიული – ფორმებისაგან შედგება, რამეთუ თოთოეული მათგან აკავებს და იცავს დანარჩენს. იტალიის მდიდარმა სავაჭრო რესპუბლიკებმა ვერ შესძლეს შეექმნათ მყარი რესპუბლიკური წყობა და ჩამოეყალიბებინათ მთელი იტალიისათვის ერთი მთლიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც უნარი ექნებოდა დაეცვა თავი გარეგანი ხელყოფისაგან. აქედან წარმოსდგა კიდეც მაკიაველის ძირითადი პოლიტკიკური იდეა, რომ ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს Uწარმოქმნისათვის, იტალიის ძველი დიდების აღდგენისათვის საჭიროა ძლიერი ერთპიროვნული ძალაუფლება, რომელიმე მმართველის დიქტატურა. ეს დიქტატორი, რომელსაც მაკიაველი II Principe (მთავარს) უწოდებს, უნდა იყოს ნაციონალური და არა დაქირავებული არმიის ბელადი. მან საბოლოოდ უნდა გაანადგუროს ფეოდალები, გააერთიანოს მთელი მათი ავლა-დიდება, ერთ დიდ სახელმწიფოდ, დაამყაროს მასში მოქალაქეთა თანასწორობა, თავისუფლება, დემოკრატიული წესრიგი.

მაკიაველმა გასაოცარი სიზუსტით გამოხატა ის წესები და საშუალებები, რომლებითაც სარგებლობდნენ მისი ეპოქის დიდი პოლიტიკოსები ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და შენარჩუნების პროცესში. ამ პრაქტიკის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე, იგი აძლევს რეკომენდაციებს ხელმწიფეს, რომელიც მოწოდებულია შექმნას ახალი სახელმწიფო ,,დემორალიზებული” ხალხისათვის. ხელმწიფე უნდა ემხრობოდეს ძლიერი ხელისუფლების პრინციპს, უნდა იყენებდეს ყოვლგვარ საშუალებას სახელმწიფოს განმტკიცებისათვის და აუცილებელ შემთხვევებში უნდა იჩენდეს სიმტკიცესა და სიმკაცრეს. ,,ბევრს შეუქმნია, თავისი წარმოსახვითი, რესპუბლიკები თუU სამთავრობოები, რომლებიც არავის უხილავს და არც ის სმენია, რომ ისინი მართლაც არსებობენ სინამდვილეში. მაგრამ ერთია, როგორ ცხოვრობენ და მეორეა ის, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ კაცნი, და მათ შორის იმხელა სხვაობაა, რომ ვინც იმის გულისათვის, რაც უნდა მომხდარიყო, ივიწყებს იმას, რაც ახლა ხდება, – უმალ თავის დამხობას უწყობს ხელს, ვიდრე თავისსავე დღეგრძელობას. ამიტომ მთავარს, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს, უთუოდ უნდა ჰქონდეს იმისი უნარი, რომ დროდადრო ივიწყებდეს სიკეთეს და სიტუაციის და მიხედვით, იყენებდეს ან არ იყენებდეს ამ უნარს.

მთავრებს ხშირად მიაწერენ ერთ იმ თვისებათაგანს, რომელთა გამოც მათ ადიდებენ ან გმობენ: სახელდობრ ერთს გულუხვად თვლიან, მეორეს ძუნწად, ერთს მფლანგველად მიიჩნევენ, მეორეს მტაცებლად, ერთს გულქვად, მეორეს გულმოწყალედ, ერთს კაცმოყვარედ, მეორეს კაცთმოძულედ, ერთს ბიწიერად, მეორეს უბიწოდ, ერთს მორწმუნედ, მეორეს ურწმუნოდ და ა.შ. ვიცი, ყველა დამეთანხმება, რა დიდებული იქნებოდა, მართლაც რომ მოიძებნებოდეს ყველა იმ თვისებით შემკული მთავარი, რომლებსაც ქების ღირსად თვლიან, მაგრამ რაკი თვით ჩვენი არსებობის წესი შეუძლებელს ხდის იმას, რომ კაცი უკლებლივ ფლობდეს ყველა ამ ღირსებას და არასდროს არ ბღალავდეს მათ, ამიტომ მთავარი იმდენად კეთილგონიერი კი უნდა იყოს, რომ თავიდან იცილებდეს მთელ იმ ბიწიერებას, რასაც შეუძლია ძალაუფლება დააკარგვინოს, და შეძლებისდაგვარად, ირიდებდეს ყველა იმ ბიწსაც, რომლებიც ნაკლებ საშიშნი არიან ამ თვალსაზრისით. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მთავარს დიახაც აქვს იმის უფლება, რომ დიდად არ შეიწუხოს თავი. მას ისიც შეუძლია, არაფრად თვლიდეს გმობას ყველა იმ ბიწის გამო, რომელთა გარეშეც გაუჭირდებოდა სამთავროს შენარჩუნება. რადგან თუ კარგად ავწონ-დავწონით ყველაფერს, დავრწმუნდებით, რომ არის ზოგი რამ, რაც შეიძლება ერთის შეხედვით სიქველედ მოგვეჩვენოს, მაგრამ გარდუვალ დაღუპვას უქადის მთავარს, რომელიც მიზნად დაისახავს ბოლომდის უერთგულოს მას, და ზოგიც ისეთი რამ, რაც შეიძლება ბიწი გვეგონოს, მაგრამ სიმშვიდესა და კეთილდღეობას კი სთავაზობს მთავარს, რომელიც არ უფრთხის მას. [,,მთავარი”, თავი XV].

მთავარი, ხელმწიფე, მაკიაველის მიხედვით უნდა მიისწრაფოდეს იმისკენ, რომ მას თვლიდნენ კეთილ, სათნო, პატიოსან, მოწყალე, მზრუნველ, გულუხვ და არა მკაცრ, ძუნწ, ვერაგ და ბოროტ პიროვნებად. მაგრამ მას ამავე დროს არ უნდა ეშინოდეს იყოს ცბიერი და ფარისეველი, თუ აღმოჩნდება, რომ პატიოსნება და სხვა სათნოების შენარჩუნებისას და ქვეშევრდომთა ერთგულებას. ამ მიზნის მისაღწევ საშუალებათა და ხერხთა შორისაა – სამხედრო ძალა, დიპლომატიური მოხერხებულობა, შორსმჭვრეტელობა, გამართლებული სიმკაცრე. მისი ბჭობანი პოლიტიკური ქცევის ნორმებისა და წესების შესახებ ეფუძნება არა აბსტრაქტული სამართლიანობისა და ქრისტიანული მორალის ნორმებს, არამედ წმინდად უტილიტარულია და ექვემდებარება პოლიტიკური მიზნის მიღწევის ამოცანებს. იგი პოლიტიკას საეკლესიო მორალისა და შუასაუკუნეების სქოლასტიკის ფსევდომეცნიერულობისა და დოგმატიზმისაგან ათავისუფლებს. სწორეს ამის გამო მას ხშირად აბრალებენ უზნეობასა და ტირანიისადმი ხელშეწყობას.

პოლიტიკის დამოუკიდებელი და თავისთავადი წესებისა და ხერხების შესწავლითა და იმ თეოლოგიური წარმოდგენებისა და რწმენის უარყოფით, რომლებითაც სავსე იყო შუასაუკუნეების საზოგადოება, მაკიაველმა გააკეთა გადამწყვეტი ნაბიჯი პოლიტიკის მეცნიერებად ქცევის გზაზე. არ არის სწორი იმის თქმა, რომ მაკიაველმა პოლიტიკა სავსებით გაათავისუფლა მორალისაგან. მორალისაგან ,,გათავისუფლება” და არა გაუქმება მაკიაველთან გვევლინება მხოლოდ ,,თეორიული განაზრებებისას”, თანაც ეს განთავისუფლება წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკის დამოუკიდებელ სფეროდ განმარტებას, რომელიც სრულებითაც არ უარყოფს მორალის საკითხებს.

,,მთავარის” ავტორის პოლიტიკური ცინიზმის შესახებ წარმოდგენა ვერ უთანხმდება მის მიერ სახელმწიფოს როგორც ადამიანური ზნეობის აღმზრდელი და გარდაქმნელი საშუალებების გაგებას. სახელმწიფო მოღვაწისათვის იგი შესაძლებლად თვლიდა მიემართა ისეთ ზომებისათვის, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ადამიანურობას, მხოლოდ ერთ უკიდურეს შემთხვევაში: როდესაც წარმოიქმნება საშიშროება, რომელიც განადგურებით ემუქრება მთელ სამშობლოს – მამულს. თავისი სამშობლოს გადასარჩენად მაკიაველი ყველაფრისთვის მზადაა. ,,სამშობლო სულზე უფრო მიყვარს” – აი მისი დევიზი.

საინტერესოა მაკიაველის შეხედულება ძალდატანების შესახებ ისტორიაში. ამ საკითხის გარკვევისას ხშირად აანალიზებენ მაკიაველის მითითებას მთავარისადმი იყოს როგორც ადამიანი (იმოქმედოს სამართლებრივად) ისე მხეცი (იხელმძღვანელოს მხოლოდ ძალით) და იმოქმედოს ორგვარად: კანონებისა და ძალის დახმარებით. მხეცებისაგან მთავარმა უნდა ისესხოს ლომისა და მელას თვისებები, ამდაგვარად, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე – ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი მხეცებისათვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისათვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი. სწორედ ამნაირი, თუმცა შეფარვით გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ამ ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი უნდა ითვლებოდეს და ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას, და რომ ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან, მელას – მგლებისაგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რა არ ესმის”. [მთავარი, თავი XVIII – გვ. 182]. აქ ძალადობის როლის საკითხი გადის ,,მთავარი – მისი მოწინააღმდეგენი და მტრების” ჩარჩოებისაგან და იგი გვევლინება უფრო ფართო სოციალურ ფონზე, როდესაც საქმე ეხება მთელ საზოგადოებას და მის შემადგენელ პოლიტიკურ დაჯგუფებებს. მაკიაველი იძლევა რა მორალისტის რჩევებს, არამედ ფხიზელი პოლიტიკოსისას. იგი გვასწვლის თუ როგორ უნდა მოქმედებდნენ ისტორიული ძალები, რათა უფრო ეფექტურნი გახდნენ.

მაკიაველის პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გასაგებად ძალიან ბევრს გვაძლევს ადამიანის ბუნებისა და სამყაროში ადამიანის ადგილის მისეული განმარტება. სამყარო, მაკიაველის აზრით, არ არის ჰარმონიული წესრიგი, რომელიც შექმნილია მოსიყვარულე შემოქმედის მიერ – ესაა ადამიანისადმი მტრული ძალების ქაოსი. ბუნებამ ადამიანს მისცა მეტყველების ნიჭი და უნარი, დახვეწა და დაახელოვნა ადამიანური უნარები, მაგრამ მანვე ჩადო ადამიანში პატივმოყვარეობისა და სიხარბის შხამი. ცხოველები კმაყოფილდებიან ცოტათი, ადამიანებს კი ეშინიათ სიღარიბის და ეძებენ სიმდიდრეს, რომელიც უკეტავს მათ გზას სიკეთისაკენ. ცხოველები იკვებებიან იმით, რასაც მათ ზეცა უგზავნის და რაც უფრო უმწეოა ადამიანი, მით უფრო აულაგმავია მისი ვნებები, ის, ადამიანი კი დაძრწის მთელ ქვეყანაზე, ყვინთავს ზღვებსა და ოკეანის ფსკერზე, რათა ამოივსოს კუჭი. ადამიანის დახვეწილი უნარები – მისი ტანჯვის წყაროა, ადამიანის სიმდიდრე – მისი სიღარიბისა და სისუსტის
წყაროა და რაც უფრო მტრულია მისდამი ბუნება, მით უფრო თავგანწირულია მისი ბრძოლა არსებობისათვის. ამ ბრძოლამ შექმნა სახელმწიფო, ზნეობა, რელიგია – ის, რაც შეადგენს არაფიზიკურ ბუნებას.

თავის მოძღვრებაში მაკიაველმა პოლიტიზირებული სათნოებანი მოგვცა. მასთან სათნოებანი პოლიტიზირებულია: ადამიანი სათნო შეიძლება იყვეს მხოლოდ მოქალაქედ ყოფნისას. ანუ ადამიანი სათნოა როგორც მოქალაქე. სწორედ სათნოება აიძულებს ადამიანს იყოს ყურადღებით სხვათა სიკეთისა და საკუთარი სიკეთის მიმართ.

მაგრამ ახლა ყოველი ადამიანის სიკეთე-სათნოება, რომელსაც მაკიაველი განმარტავს როგორც საკუთარ ბედზე (ფორტუნა) გაცნობიერებულ და აქტიურ გავლენას, აღმოჩნდება დამოკიდებული უკვე არა ღვთაებრივ წყალობაზე, არამედ მოყვასის სიკეთესა და სათნოებაზე. მოქალაქენი სახელმწიფოში ურთიერთობის ამყარებენ ერთმანეთთან როგორც თანასწორი (ამ სიტყვის არისტოტელესეული გაგებით), და თუ ჩემი მოყვასი არ იჩენს ყურადღებას საზოგადოებრივი დოვლათისა და სათნოებისადმი, მაშინ იგი შეიძლება იქცეს ან ჩემ პატრონად, ან ჩემ მომსახურედ, ე.ი. ორივე შემთხვევაში – იგი ზიანის მომტანია ჩემი პრაქტიკული სათნოებებისათვის. სათნოება მაკიაველთან გვევლინება ისეთ რაიმედ, რომელიც ერთის მხრივ დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე, ხოლო მეორეს მხრივ მჭიდროდაა დამოკიდებული აგრეთვე დროსა და ფორტუნაზე.

მაკიაველმა აღამაღლა პოლიტიკური ცხოვრების როლი და ადამიანის აქტივობის როლი საზოგადოდ. მისი მიხედვით ადამიანის ცხოვრება გარდაუვალობით ექვემდებარება პოლიტიკურ მღელვარებებსა და ვნებებს. პოლიტიკურ უნარებსა და ქველობა-მამაცობაზე დამოკიდებულია სახელმწიფოთა და ხალხთა ბედი. პოლიტიკა მის მსოფლმხედველობაში პირველადია. მთავარის – რეფორმატორის საქმეებში წარმატებები ნახევრად დამოკიდებულია პიროვნულ ქველობასა და მამაცობაზე, ხოლო ნახევრად ფორტუნის წყალობაზე –ერთადერთ ღვთაებაზე, რომელიც მოცემულია მაკიაველის მკაცრ და მწყობრ სისტემაში, რომელიც მიუხედავად ამისა, შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანთა და მმართველთა შეგნებულ-გააზრებული აქტივობის ზეგავლენას.

სოციალ-პოლიტიკური იდეების ისტორიაში მაკიაველი დამსახურება დაკავშირებულია არა იმასთან, რომ იგი პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ მოვლენებს განიხილავდა პრაქტიკოს პოლიტიკოსისა და მიუდგომელი დამკვირვებლის პოზიციიდან, არამედ იმასთან, რომ მან შეისწავლა სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოვლენები ყველა იმ პირობებთან კავშირში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მათზე, პირველ რიგში მან იგი დაუკავშირა საზოგადოებრივი კლასებისა და ჯგუფების ბრძოლას, აგრეთვე იმასთან, რომ ის გარკვეული იდეური და პოლიტიკური პოზიციებიდან გამოდიოდა ფეოდალიზმის კრიტიკით და გაწმინდა გზა ბურჟუაზიული სოციალ-პოლიტიკური თეორიისა და მსოფლმხედველობის დასაფუძნებლად.


Responses

  1. ავტორს ვთხოვ ამოიგოს ეს აბზაცი, რადგან ქალთა ღირსებას შეურაცმყოფს. მითუმეტეს თანამედროვე რეალობაში აღარ არის ასეთი ციტატების მოყვანის აუცილებლობა!
    – მაკიაველის მტკიცებით, ,,უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი. და უფრო თავდაჯერებულად ბრძანებლობს”.

  2. ჩასწორებებიც ხომ არ გააკეთოს,რაც მიუღებელია ჩვენთვის? :დ მაკიაველია და მისი ფილოსოფია,როგორიც იყო,ისეთს გვაწვდის,:დ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: