Posted by: burusi | 07/10/2012

“პლატონი” – ა.თ. ლოსევი, ა.ა. ტახო–გოდი

Plato and Aristotle. Raphael – The School of Athens (1510-1511)

“პლატონი” – ა.თ. ლოსევი, ა.ა. ტახო–გოდი
წიგნიდან – ა.თ. ლოსევი. ა.ა. ტახო–გოდი “პლატონი და არისტოტელე”

სათავეებთან

ფილოსოფოს პლატონის დაბადება (სიბრძნის გამო თვით ბერძნები მას „ღვთაებრივს“ უწოდებენ) ლეგენდებით არის შებურვილი. ადრეული ხანის თითქმის ყველა ბერძენი ფილოსოფოსის ბიოგრაფია მართლაცდა უჩვეულო გადმოცემებს უკავშირდება. ამ გასაოცარ თქმულებებს ბრძენის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა, ანუ იდუმალ სამყაროსთან მისი კავშირი უნდა დაედასტურებინა.

ბერძნების გადმოცემით ჰომეროსი ბრმაა, მაგრამ პოეტურ აღმაფრენით არის დაჯილდოვებული, რაც მას მხედველობის მაგივრობას უწევს. ტერესიას მსგავს მითიურ წინასწარმეტყველებს ღმერთები მხედველობის უნარს ართმევენ, თუმცა სანაცვლოდ მათგანვე ენიჭებათ შინაგანი მზერით მომავლის განჭვრეტის უნარი. ძველი ფილოსოფოსი იმავდროულად, წინასწარმეტყველი და პოეტიც უნდა ყოფილიყო და ხშირად იდუმალებით მოცული ლექსებით გადმოეცა თავისი აზრები ისევე, როგორც ქმნიდნენ ქსენოფონტე, პარმენიდე ან ემპედოკლე; რამეთუ მითოლოგია, პოეზია და ფილოსოფია მათთვის ერთი მთლიანობაა, სხვა ფილოსოფოსები, თუნდაც ჰერაკლიტე, აცნობიერებდნენ თავიანთ წინასწარმეტყველურ ხვედრს, `ბუნდოვანი, პოეტური, სიმბოლური ენით წერდნენ და ისე უნდა გაეგოთ, როგორც ორაკულის გამონათქვამებს იგებდნენ.ამიტომ ჰერაკლიტეს „ბუნდოვანს“ უწოდებდნენ, ასეთ ფილოსოფოსთა ბიოგრაფიები სავსეა უცნაურობებით. ლეგენდარული პითაგორა თავს ნაწილობრივ აპოლონის შთამომავლად აცხადებდა. საბერძნეთში მას სასწაულმოქმედათ თვლიდნენ. ემპედოკლე ამტკიცებდა თავის ღვთაებრიობას, ამიტომაც ცეცხლისმფრქვეველ ეტნას კრატერში გადაეშვა. თალესს შვიდ ბრძენს მიაკუთვნებდნენ. ჰერაკლიტე იონიაში გადმოსახლებული ათენის მეფის კოდრეს გვარისაა. მას მეწამულ სამოსზე სამეფო ძალაუფლების ნიშნები ჰქონდა გამოსახული. დემოკრიტე მოგვებთან განესწავლა, წინასწარმეტყველება შეეძლო, 109 წლისა გარდაიცვალა და თავისი სიკვდილი რამდენიმე დღით გადასწია, რათა ქალღმერთ დემეტრას დღესასწაულზე არ მომკვდარიყო.

ანტიკური ტრადიციისამებრ, პლატონის დაბადების დღედ ერთსულოვნად 7 ტარგილიონი (21 მაისია) მიჩნეული, სადღესასწაულო თარიღი, რომელიც მითიური გადმოცემით კუნძულ დელოსზე შობილი ღვთაება აპოლონის დაბადების დღეა. ასე რომ, ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველი აპოლონისა და ფილოსოფოსის ამქვეყნად მოვლინების დღეები ერთურთს დაემთხვა. მეტიც, პლატონის ძმისწული, აგრეთვე ფილოსოფოსი პსევსიპე, ჩვენამდე მოუღწეველ თხზულებაში „ქება-დიდება პლატონს“აპოლონს პირდაპირ ფილოსოფოსის მამას უწოდებს და გულის ამაჩუყებლად გვიხატავს იმ ფუტკრებს, რომლებმაც ერთხელ ჩვილ პლატონს პირი თაფლით ამოუვსეს.

პლატონის თხზულებათა გვიანანტიკური ხანის კომენტატორი ოლიმპიოდორე იყენებს პსევსიპეს სიუჟეტს და მოგვითხრობს, რომ პლატონზე ორსულ პერიკტეონს აპოლონი გამოეცხადა. შემდგომ მშობლებმა ჩვილი გიმეტის მთაზე წაიყვანეს აპოლონის, პანებისა და ნიმფების შესაწირად და, ვიდრე მშობლები ამ საღვთისმოსაო საქმიანობას ეწეოდნენ, გიმეტის ფუტკრებმა ყრმის ბაგეებზე გოლეული დააშენეს; სამომავლოდ მისი ამოდ მეტყველებისა და ნიჭის მომასწავებელ ნიშნადო, წერს ოლიმპიოდორე.

როგორც ვხედავთ, ფილოსოფოსწის დაბადების ამსახველი ლეგენდები უზადოა. დაიბადა იგი 428-427 წწ. ჩვ.წ.აღ-მდე. ე.წ. პელეპონესის შინაომის ჟამს, ეს ომი დამღუპველი იყო როგორც დემოკრატიული ათენის, ასევე არისტოკრატიული სპარტისათვის, ვინაიდან ისინი ელინურ სახელმწიფო პოლისებზე ჰეგემონიისათვის მეტოქეობდნენ ერთმანეთს.პლატონის ოჯახი და მთელი მისი საგვარეულო მჭიდროდ უკავშირდებოდა ათენის წარსულსა თუ აწმყოს. ათენს იმიტომ, რომ მისი ისტორია და მასზე თქმულება ერთ მთლიანობად იქცა. ნათელია, რომ ვაჟი იზრდებოდა და უშუალოდ მონაწილეობდა მშობლიური ქალაქის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებში. გადმოცემები მოგვითხრობს პლატონის მამა-პაპაზე, ისინი თავიანთ წინაპრებად ღმერთ პოსეიდონსა და მოკვდავ ქალს, ტიროსს მიიჩნევდნენ, რომელთა შვილის, პილოსელი გმირის ნელევსისაგან ქლორიდამ თორმეტი ვაჟი შვა. მათ რიცხვშია განთქმული ნელევსის ვაჟი ბრძენი ნესტორი და მისი ძმა პერიკლიმენე. იგი არგონავტებთან ერთად მოგზაურობდა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. პერიკლიმენეს შთამომავალია ანდროპომპი, ხოლო ამ უკანასკნელის მენელაოსი, რომელიც ათენელი ბოლო მეფის, კოდროსის მამაა, არა მითიური, არამედ ისტორიული პიროვნება. კოდროსი გააზევეს მამაპაპისეულ მესენიიდან, ათენში იგი ტესეია ტიმოენტეს ბოლო მემკვიდრემ მიიღო და ომში მისთვის აღმოჩენილი დახმარებისათვის მადლობის ნიშნად სამეფო ძალაუფლება გადასცა. კოდრეს მეფობის ჟამინდელი ათენი ყვაოდა. მაგრამ დაიწყო ომი და ორაკულებმა ათენელების დამარცხება იწინასწარმეტყველეს, თუკი ისინი არ მოჰკლავდნენ თავიანთ მეფეს.კოდრემ ეს ყოველივე რომ შეიტყო, თავის მოკვლა გადაწყვიტა, და ვითომ ფიჩხის მოსაგროვებლად ძონძებში გადაცმული ქალაქიდან გავიდა. გალავანს რომ გასცდა, მტრის ჯარისკაცებს შეეჩეხა, აუშარდა, საომრად გამოიწვია ისინი და მტერს შეაკვდა. ორივე მხარემ შეიტყო მეფის დაღუპვის ამბავი ათენელთა ერთი ნაწილი ქალაქიდან შეშინებული გარბოდა. იმ დღიდან ათენს არქონტები, ანუ უხუცესები მართავდნენ. ერთი მათგანი კოდრეს ვაჟი მედონი იყო, რომლის შთამომავლობასაც მედონიტები, იგივე კოდრიტები ეწოდა. მათი გვარისა იყო ეკსეკესტიდე’ რომელიც პლუტარქეს თქმით “პირველი დიდგვაროვანია”. ეკსეკესტიდეს ვაჟმა, ცნობილმა ათენელმა სახელმწიფო მოღვაწე სოლონმა სახელი დემოკრატიული რეფორმებით გაითქვა. იგი მისი ნათესავის პისისტრატეს მეტოქე და ანტაგონისტი იყო, იმ პისისტრატესი, ათენს ტირანად რომ მოევლინა. სწორედ სოლონისა და მისი (დროპიდების) შთამომავლები არიან პლატონის მშობლები. ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი ფილოსოფოსის მამის, არისტონის შესახებ, მაგრამ პერიკტიონის-პლატონის დედის თითქმის ყველა ნათესავმა ათენის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში დატოვა კვალი. კალექსირი და გლავკონი კრიტინის შვილები და დროპიდეს შვილიშვილები იყვნენ. კალექსირს ჰყავდა ძე კრიტონი. შემდგომში იგი პოლიტიკოსი გახდა, „მეთაური ცამეტი ათენელი ტირანისა“ 405-404 წწ. პერიქტიონი გლავკონის ქალიშვილი და კრიტონის ბიძაშვილი იყო. მისი უმრწემესი ძმა ქარმიდე აგრეთვე `ცამეტთა” ოლიგარქიული გადატრიალების მონაწილეა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ პერიქტიონი თავის ბიძას, პერილამპეს, პერიკლეს მეგობარს, ცნობილ პოლიტიკოსს მისთხოვდა. განთქმული ორატორის, ანდოკიდეს მამა ლეოგორეც პერიკტიონის ნათესავი იყო.ამრიგად, პლატონის ხვედრი იყო, გაზრდილიყო წარჩინებულ, ძველი სამეფო წარმომავლობის, მტკიცე არისტოკრატიულ ტრადიციის დამცველ ოჯახში, ოჯახში, სადაც საკუთარი გვარი ათენის ისტორიის ნაწილად მიაჩნდათ. სახელმწიფო საქმეებმა და პოლიტიკურმა ბრძოლებმა ეს ადამიანები მძაფრად ჩაითრია, რის გამოც არც ერთ მათგანს სიბერემდე არ მიუღწევია, არც საკუთარ სარეცელზე სიკვდილი რგებია. ნიჭიერები და განათლებულები, ისინი ომებისა თუ სახელმწიფო გადატრიალებათა აქტიური მონაწილენი იყვნენ. ბრწყინვალე ორატორები და პოეტები, გონიერი და გამჭრიახი თანამოსაუბრეები ფილოსოფიურ პრობლემებით ცხოვლად ინტერესდებოდნენ. როგორც ვხედავთ, პლატონი იზრდებოდა ისეთ გარემოში, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობისათვის უნდა აღეზარდა იგი.თუმცა არც პლატონი, არც მისი ღვიძლი ძმები გლავკონი, ადიმანტი ან ნახევარძმა ანტიფონტე სახელმწიფო საქმეებში არ გარეულან. მათ უყვარდათ წიგნი, პოეზია, მეგობრობდნენ ფილოსოფოსებთან. გლავკონს პოლიტიკოსობა (იგი ახალგაზრდობაში სახალხო შეკრებებზე სიტყვით გამოდიოდა) სოკრატემ გადაათქმევინა. თუმცაღა არც ერთ მათგანს მათი წინაპარი სოლონივით პოეტის სახელი არ მოუხვეჭავს, არც დრამატურგისა მათი ბიძაშვილის კრიტონის მსგავსად, არც ორატორის ოსტატობას დაუფლებიან თავიანთ ნათესავ ანდოკიდესებრ. პლატონი ვერ გახდა პოეტი, დრამატურგი, ორატორი, მაგრამ იგი უდიდეს ფილოსოფოსად ჩამოყალიბდა, მისი თხზულებანი პოეტურობით, ვითარების დრამატიზმითა და ორატორული მეტყველებით გამოირჩევა.პლატონის ყოველმხრივი აღზრდა სრულქმნილ იდეალურ ადამიანზე კლასიკური ანტიკურობის შეხედულებებს, ანუ ე.წ. კალოკაგატოსს (მშვენიერი – ცალოს და კარგი – აგატჰოს) შეესატყვისებოდა. ადამიანში უმწიკვლო სხეულის ფიზიკური სილამაზე და შინაგანი, ზნეობრივი კეთილშობილება უნდა შენივთებულიყო. ასეთ „კალოკაგატურობის“ მიღწევა მხოლოდ ვარჯიშითა და განათლებით, ადრეულ ასაკიდანვე აღზრდის შედეგად არის შესაძლებელი. კალოკაგატია – იდეალია, რომლისკენაც თავისუფლად შობილი ადამიანი ილტვოდა, რათა, მზადმყოფი, მშობლიური ქალაქის ინტერესების საგუშაგოზე დამდგარიყო, იარაღით დაეცვა იგი, მის კანონებს დამორჩილებოდა და თავისი საქმეებით სახელი გაეთქვა მისთვის.სრულქმნილი ადამიანის იდეალს ძველი ბერძენი პოეტები და მწერლები ოდითგანვე უმღერდნენ. ჯერ კიდევ პოეტი საფო (ვ ს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე) წერდა: „მშვენიერება (კალოს) გვიხიბლავს მზერას, ის, ვინც კარგია (აგატჰოს) თავისთავად მშვენიერია“. ადამიანის შინაგანი ლამაზი სულის ძალას გულისხმობდა ბრძენქალი, ურომლისოდაც გარეგანი, ფიზიკური სილამაზე უაზრობაა და უშინაარსოც; შინაგანისა და გარეგნულის ჰარმონია დრომოჭმული ზნეობის მოსაწყენ ერთფეროვნებას როდი ნიშნავდა. პირიქით, ადამიანის ხასიათის განსხვავებული, თითქოსდა ერთურთსაპირისპირო თვისებები მხოლოდ ჰარმონიის ინსტიტუტს ქმნის. ფილოსოფოსი ჰერაკლიტე შემთხვევით როდი წერდა (მეექვსე-მეხუთე საუკუნეებში ჩვენ წელთაღრიცხვამდე): `ფარული ჰარმონია აშკარაზე უფრო ძლიერია, ხოლო შეუთავსებელი თავსდება, სხვადასხვა ტონიდან მშვენიერი ჰარმონია წარმოიქმნება და ყოველივე ბრძოლით წარმოიშვება, გრძნობათა და ვნებათა, ერთგულებისა და სიყვარულის ურთიერთჭიდილში ბრძენი, ბოლოსდაბოლოს, გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოყალიბდება, რომელმაც დაიმსახურა პოეტ სიმონიდე კეოსელის (VI – V სს. ჩვ.წ.აღ-მდე) სახელწოდება „ოთხკუთხა“ (ტეტროგონოს) ანუ: ვისაც ყველა უნარი თანაბრადა აქვს განვითარებული. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ერთსულოვანი მტკიცება ფილოსოფოსმა თალესმა ასე გამოხატა: „საუკეთესო საზომი“, ამ შესანიშნავი თანაზომიერების მიღწევა მხოლოდ გულმოდგინე აღზრდითა და წრთობით არის შესაძლებელი, ვინაიდან იმ შვიდ ბრძენთაგან ერთ-ერთის, პიტაკეს თქმით, ძნელია კეთილშობილი (ესტჰლოს) იყო. ათენელი მოქალაქეები, დემოკრატიით განთქმული მათი ქალაქები აფასებდნენ კალოკაგატიას და ყველა თავისუფლად დაბადებული ადამიანისათვის მისაღწევად მიიჩნევდნენ. ამის მაგალითს ისინი სოლონში, პერიკლესა და სოფოკლეში ხედავდნენ. სოფოკლე ხომ ტრაგედიებს წერდა. თეატრშიც გამოდიოდა. მღეროდა, ცეკვავდა, კარგი მუსიკოსი იყო და (მართალია, არც ისე წარმატებული) სამხედრო მეთაურიცა და სტრატეგიც გახლდათ.პლატონი ბავშვობიდანვე ბერძნებისათვის სახელგანთქმული კალოკაგატური სულისკვეთებით იზრდებოდა და არც წინაპრებსა და თანამედროვეებს ჩამორჩებოდა. ამასთან, საუკეთესო მასწავლებლის შეგირდი იყო. წერა-კითხვას ცნობილი დიონისე ასწავლიდა. მუსიკას-დრაკონი,-დემონის მოწაფე (თვით პერიკლეს და აგრიგენტელი მეტალის მასწავლებელი), ტანვარჯიშს – მოჭიდავე არისტონ არგოსელი. ფიქრობდნენ, რომ ამ სახელგანთქმულმა მოჭიდავემ პლატონს პაპის (მამის მხრიდან) არისტოკლეს სახელი გადაარქვა და განიერი მკერდის, მკვრივი აგებულების თუ ფართო შუბლისათვის (პლატყს – ფართო, მხრებგანიერი: პლატოს – განი, პლატუო – ვაფართოებ; ფართო, მხრებგანიერი) პლატონი შეარქვა. ასე გაქრა არისტონის ვაჟი არისტოკლე და ისტორიაში შემოვიდა პლატონი. ყმაწვილობაში ფერწერას სწავლობდა, ფერთა შეხამება ახალგაზრდობიდანვე შეითვისა, რითაც სახელი გაუთქვა თავის შემდგომ თხზულებებს. იგი თხზავდა ტრაგედიებს, ეპიგრამებს, დიონისეს დითირამბებს, ვის სახელთანაც ტრაგედიების წარმომავლობაა დაკავშირებული; აგრეთვე მღეროდა, თუმც ძლიერი ხმით არ გამოირჩეოდა. განსაკუთრებით კომიკოსები არისტოფანე და სოფრონე უყვარდა. ალბათ, ეს სიყვარული გახდა საბაბი კომედიების შეთხზვისა, რადგან მათგან მოქმედ პირთა მართლად გამოსახვას სწავლობდა. მსგავს საქმიანობას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, ისტმოსის საერთო ბერძნულ თამაშებში ეასპარეზა და კიდეც დააჯილდოვეს, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ფალავანი.შემორჩენილია პლატონისადმი მიწერილი 25 ეპიგრამა. მათ შორის, სწრაფმავალი სინამდვილის წამიერი ამსახავისა, პოეტმა რომ ყურადღება მიაპყრო.ერთი მათგანი ტყის ღვთაებისა და ჯოგის მფარველ პანს ეძღვნება:„ჩუმად კლდის წყაროვ, მოშრიალე წვრილნარო თხემზე.ზმუილ-ბღავილი დაიყუჩე წამით ნახირო,პანი ტკბილხმოვან სალამურზე დაკვრას აპირებსგასრიალდება სველი ტუჩი ლერწამის ღერზე.მსუბუქფეხება ხეების და წყლების ნიმფებო,გარშემოერტყით, იჩქარეთ, რომ გუნდად იცეკვოთ.“სიყვარულის ღმერთს, ბრწყინვალე ეროსს პლატონმა ჰეგზამეტრები უძვნა, რამაც ჰატარა მძინარე ღვთაებას სრულიად იდეალური ხასიათი შესძინა.„ხოლო ქალაქში ჩვენ ვიხილეთ ჩვილი ეროსი,ყრმა კითერასი, ალისფერი ვაშლების მგვანი,იქვე ეკიდა კაპარჭინა, მოხრილი მშვილდი, ტევრი ჰფარავდა აბჯარ-აბგარს: ხეები მწვანეთვით აყვავებულ ვარდებითა შემოგარსული,ნამძინარევი ნეტარ სახით იღიმებოდა,თითქოს კოცნიდა მის ბაგეებს ფუტკართ კრებული,დაბზუოდა და ოქროსფერად თავს ევლებოდა“.პლატონის დიალოგების კითხვისას შეიძლება გადავაწყდეთ ბუნების ბრწყინვალე, პოეტურ ჩანახატებს:-წყარო წყნარად მორაკრაკებს, ხშირი ბალახი ბიბინებს, მწვანობს. ხოლო ფართოფოთლოვან წადრის ძირში, ღმერთების წმინდა გამოსახულებათა მახლობლად, აუღელვებლად საუბრობენ სიყვარულის მნიშვნელობაზე. მაგრამ ამ ცხელ გზას, შუადღის მხურვალე მზის ქვეშ რომ გაწოლილა, მგზავრები ჩრდილოვანი მდელოებისა და ტანწერწეტა კვიპაროსების ჭალებზე გავლით ზევსის ტაძრისკენ მიჰყავს. პლატონის ნაწარმოებებში ეს მგზავრები, წესისამებრ ფილოსოფოსობენ, უმჯობეს კანონმდებლობებზე მსჯელობენ. თუკი ყურადღებას მივაქცევთ, რომ ლექსებს პლატონი ახალგაზრდობაში წერდა, „ფედრებს“ გაფურჩქვნის ასაკში, ხოლო „კანონებს“ სიკვდილის მოახლოებისას, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა სურათი ერთი და იმავე ოსტატის ხელითა და შთაგონებით არის შექმნილი,-ასე რომ, უეჭველია, სიტყვაკაზმული ეპიგრამების რიგი მას ეკუთვნის.ჩვენს წინაშეა ბედნიერი ცხოვრება ახალგაზრდა, კეთილშობილი კაცისა, მაგრამ ამ გულმშვიდობას მალე ბოლო მოეღება.პლატონი სიკრატეს ათენში, თავის მშობლიურ ქალაქში შეხვდა. ბრძენს, ფილოსოფოსს, ადამიანს, რომელსაც არასდროს არაფერი დაეწერა, მხოლოდ მის გარშემო შეკრებილ ხალხთან საუბრობდა, იმათთან, ვინც ეშმარიტებას ეძებდა ან ცდილობდა თავისი თავი და ცხოვრება შეეცნო. სოკრატესთან შეხვედრით შეზრულმა პლატონმა მასთან შეხვედრამდე შექმნილი ყველაფერი დაწვა; გადმოცემით, ამ დროს იგი ცეცხლის ხვთაებას, ჰეფესტოსს მოუხმობდა, ამ წუთიდან მისთვის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი ხანა დაიწყო. ისევე, როგორც ზველად, მაშინაც ლეგენდები იბადებოდა.ვიდრე პლატონს შეხვდებოდა, გადმოცემით, სოკრატეს ახალგაზრდა გედი ესიზმრა, რომელიც მუხლზე ეჯდა. ფრინველმა ფრთები ღონივრად დაიქნია, აფრინდა, თან საუცხოო ხმას გამოსცემდა. გედი აპოლონის ქათამია. სოკრატეს სიზმარი სიმბოლოებით არის აღსავსე. ეს ზმანება პლატონის მასთან დამოწაფებისა და მათი სამომავლო მეგობრობის წინათგრძნობა იყო.

სოკრატეს გვერდით

მაინც ვინ იყო სოკრატე, პლატონის ცხოვრება სრულიად რომ შეცვალა? არისტოკრატ პლატონისგან განსხვავებით, იგი უბრალო წარმოშობისა იყო. დაიბადა დაახლოებით 469 წელს. მისი მამა, ქვისმთლელი სოფრონისკე, ალიპეკის დემიდან არის (ათენი დაყოფილი იყო ათ ადმინისტრაციულ ერთეულად, ფილედ, ფილე კი თავის მხრივ ათ დემას შეიცავდა), ხოლო დედა ფენარეტა ბებიაქალი იყო. უკვე ასაკოვანმა იქორწინა ქსანთიპეზე, მან სამი შვილი გაუჩინა. სოკრატე ყოველდღიურ კეთილდღეობაზე არ ზრუნავდა, არანაირ სახელოსნო საქმეს არ მისდევდა. სამაგიეროდ, ნამდვილი ფილოსოფოსი და, კერძოდ „სიბრძნის მოყვარული“ ჭეშმარიტების მაძიებელი იყო.სოკრატეს შესახებ ცნობები უკიდურესად წინააღმდეგობრივია. თვით იგი არაფერს წერდა, მხოლოდ საუბრობდა, თანამოსაუბრეს კითხვებს უსვამდა და სწორ გზას უჩვენებდა, მაგრამ მის გარშემო ყოველთვის იყვნენ მეგობრები, თანამოსაუბრენი, ახალგაზრდები და მოხუცნი: ისინი თავს ხშირად მის მოწაფეებად ასაღებდნენ, თუმცა თვითონ სოკრატე მათ მოწაფეებად არ მიიჩნევდა, რადგან ფილოსოფიური სკოლის ხელმძღვანელი ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით არ ყოფილა და არც ასეთი სკოლა ჰქონდა. სოკრატე ჩხუბისთავი იყო, ჭინჭყლი, გონებამახვილი, დაუდეგარი, დამცინავი და თანამოსაუბრეთა მდგომარეობას, სიმდიდრეს, კავშირებსა და საზოგადოებრივ მნიშვნელობას ანგარიშს არ უწევდა. ფული სძულდა და დასცინოდა ე.წ. „სიბრძნის მასწავლებლებს“,-სოფისტებს, რომელნიც უმეტესად შეძლებულ ოჯახებიდან გამოსულ ახალგაზრდებს მჭევრმეტყველებას ასწავლიდნენ და ამ საქმეში დიდძალ საფასურს ახდევინებდნენ, რაც ერთობ გასაკვირი იყო ათენელებისათვის, რომელნიც ფილოსოფიას ფულით ანაზღაურებად ხელობად არ თვლიდნენ.სოკრატეზე ცნობებმა ჩვენამდე ნაირგვარ წყაროებად მოაღწია. ისინი, ერთი შეხედვით, ერთობ ურთიერთგამომრიცხავია. შემორჩენილია მასალები სოკრატეს უმცროსი თანამედროვეს, ცნობილი კომედიოგრაფის არისტოფანესი. აგრეთვე ისტორიკოს და ფილოსოფოს ქსენოფონტესი და თვით პლატონისა. ცნობებს ფილოსოფოსის შესახებ გვაწვდიან ე.წ. „სოკრატისტებიც“, ანუ მისი მსმენელები. შემდგომში თვითონაც რომ დაააარსეს ახალი ფილოსოფიური სკოლები: ევკლიდე მეგარელი, ფედონ ელიდელი, ანტისთენე ათენელი, არისტიპე კორენელი. სოკრატეს იდეებზე ცოტას, მაგრამ მნიშვნელოვან შენიშვნებს პოულობენ პლატონის მოწაფე არისტოტელესთან.კომედიაში „ღრუბლები“, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 423 წელს დადგეს, არისტოფანემ სოკრატე სასაცილო პერსონაჟად, რომელიღაც საეჭვო სოფისტურ სკოლის მეთაურად, რაღაც უცხო რელიგიისა და ახალი ღმერთების შემქმნელად გამოიყვანა. არისტოფანეს ეს კომედია გარკვეული დოზით სიახლეებით გაუმაძღარ, გაუნათლებელ ათენელ ობივატელთა შორის გავრცელებულ ბუნდოვან ჭორებს ასახავდა. მაგრამ, ამასთანავე, აღნიშნული პაროდია სიკრატეს დიდებასა და სახელმოხვეჭილობას მოწმობდა. სახელგანთქმული არისტოფანეს კომედიის პერსონაჟები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ დიდად პოპულარული, ხალხზე დიდი გავლენის მქონე პიროვნებები. ყოველ შემთხვევისათვის, ქუჩის, ბაზრებისა და მეგობრული შეკრებების ხშირი სტუმარი, ღარიბულად ჩაცმული, ფეხშიშველი, დაბალი, ღაწვმაღალი, ცხვირაბზეკილი, დიდტუჩება და კოპიანი, მელოტი სოკრატე თეატრალურ, კომიკურ ნიღაბს ჩამოჰგავდა. მისი უცნაური მანერა ბეჯითი, ინტიმური, მეგობრული საუბრებისა, ამასთან ირონიულიც, აცბუნებდა თანამოსაუბრეს. იგი მოულოდნელად აცნობიერებდა, რომ გულუბრყვილო და დაბნეული არსება, არარაობა იყო. სოკრატეს შეკითხვები სილამაზის, სამართლიანობის, სიბრძნისა და სიმამაცის შესახებ არა მხოლოდ ფილოსოფიურ მცნებებზე, არამედ ცხოვრებისეულ ფასეულობებზეც დაგაფიქრებდა. სოკრატე ადამიანის საზოგადო დანიშნულებაზე, მის მოვალეობაზე, კანონისადმი დამოკიდებულებაზე, რწმენაზე, განათლების აუცილებლობაზე, უხეში ვნებების დათრგუნვაზე, მეგობრების შეძენაზე მსჯელობდა. ანუ განმარტავდა ცხოვრებაში ადამიანის პრაქტიკულ ორიენტაციას, რომელიც სინდისით, სამართლიანობითა და მოქალაქეობრივი მოვალეობით ხელმძღვანელობს. საკითხთა მთელ ამ რკალს უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ სოკრატესეული, მოკრძალებული, უანგარო ადამიანის იდეალი, სინდისის კარნახით რომ ცხოვრობს, უმრავლესობის წინაშე მათ ბიწსა და მდაბალ მისწრაფებებს მხოლოდ გამოააშკარავებს. თვით იდეალი კი მიუღწეველი დარჩება. სიმდიდრის, სიამაყისა და პატივმოყვარეობის ფაქტების მხილება სოკრატესადმი გულისწყრომას და სიზულვილსაც კი იწვევდა. ვინაიდან იგი ადამიანს მისივე სრული არარაობის აღიარებას აიძულებდა. ხოლო ძალა ნაკლოვანებების ძლევისდა და რაღაც სხვაგვარი ცხოვრების დაწყებისა ყველას როდი ჰყოფნიდა. ისინიც, ვინც თავის უძლურებას გრძნობდნენ, სულის სიღრმეში ასამართლებდნენ ადამიანს, რომელმაც მათი სინდისი გააღვიზა, მათი უვიცობა დაასაბუთა, სიმშვიდე დაურღვია, საკუთარი ძალების რწმენა წაართვა და ძველთაგან დადგენილ ტრადიციებში დააეჭვა. გზა მორალური სრულქმნილებისაკენ, იდეებით ცხოვრება და არა ზრუნვა მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭისატვის ერთობ მძიმე წარმოსადგენი იყო საშუალო ადამიანისათვის. სოკრატეს ცოტანი, უფრო ხშირად ახალგაზრდები, მდიდარი და წარჩინებული ოჯახის შვილები მისდევდნენ: ისეთნი, მატერიალური კეთილდღეობა რომ ჰქონდათ მოყირჭებული, მშობლებისა და სახელმწიფოს ავტორიტეტს რომ აუჯანყდნენ და საზოგადოებაში სწრაფ და რადიკალურ გარდაქმნებზე ოცნებობდნენ. რაგინდ პარადოქსულადაც უნდა გვეჩვენოს, სოკრატეს ზოგიერთი ახალგაზრდა მეგობარი სულაც არ აპირებდა, თანდათან აღეზარდა და ჩამოეყალიბებინა ან შეეგონებინა „საშუალო“ ადამიანი ანდა დაერიგებინა „საუკეთესო“მდიდარი მოქალაქენი. სოკრატესეული დარწმუნების გზა ერთობ გრძელი იყო, ხოლო უმრავლესობისა, ანუ ხალხის დაჯავშნა, იდეალურ კანონმდებლობებს უსიტყვოდ რომ დამორჩილებოდა, უფრო იოლი და ადვილი ჩანდა. ასე, პოლიტიკური მოღვაწეები ჰრიტია და ალკიბიადე, ერთ დროს სოკრატესთან სიბრძნეს რომ ეძებდნენ, ანტიდემოკრატიულ გადატრიალებაში ჩაერთვნენ. ისინი ილტვოდნენ „ოლიგარქიისაკენ“, მცირეთა ძალაუფლებისაკენ, იმისკენ, რასაც იმხანად ტირანიას უწოდებდნენ. ამით სოკრატეს იდეებს ორგულობდნენ და მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. სოკრატეს უშუალო მოწაფეები და მისი განმმარტებელი ფილოსოფოსები კი ხშირად მოიხმობდნენ თავიანთი მასწავლებლის უსაყვარლეს აზრებს. კინიკური სკოლის დამაარსებელი ანტისთენე და მისი მოწაფე დიოგენი მოითხოვდნენ ადამიანის სულიერი თავისუფლების აუცილებლობას, რომელსაც ქონებრივი კეთილდღეობა აქვს წართმეული. აგრეთვე განიხილავდნენ ოჯახის სიმტკიცეს, ზნეობრივ ტრადიციებს, საზოგადოებრივ მოვალეობებს, ვინაიდან ეს ყველაფერი ხალხს საძულველი სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მორჩილად ხდის, ადამიანებს ხდის თავისუფლებად და მონებადო.არისტიპე კირენიდან უმაღლეს კეთილდღეობას ცხოვრების ტვირთისაგან გათავისუფლებულ ადამიანში, ტკბობათა სტიქიისათვის უანგაროდ თავის მიცემაში, ჰედონიზმში ხედავს. ევკლიდე მეგარელმა იმდენად მოსწყვიტა ადამიანი მატერიალურ სამყაროს, რომ ჭეშმარიტ ყოფას მხოლოდ იდეაში სცნობს. ელიტარული სკოლის დამაარსებელმა ფედონმა ფილოსოფიური კამათის ხელოვნება მაღალ საფეხურზე აიყვანა, ეთიკურ პრობლემებს ამჯობინებდა, მაგრამ იმავდროულად თავისუფალი აზროვნებით გამოირჩეოდა. ამრიგად, სოჰრატეს მოწაფეთაგან ყველამ მასწავლებლის ესა თუ ის იდეა ცალმხრივად განავითარა. უაღრესად თეორიული, პრაქტიკული ტენდენციები წინა პლანზე წამოსწია.ჩვენამდე მოწაფე ფილოსოფოსთა მეშვეობით მოღწეული სოკრატე კი უკიდურესად წინააღმდეგობრივი სახით წარმოგვიდგება. მისი არსება უმრავლესობის ძალაუფლების, ანუ დემოკრატიის და კანონების პატივისმცემელიც არის და მოქალაქეობრივ მოვალეობათა უსიტყვო შესრულების კრიტიკოსიც. ირონია და ეჭვი მასთან გვერდიგვერდ არსებობს, ადამიანის კეთილი საწყისისაც ღრმად სწამს. იდეალური ყოფიერებისაკენ სწრაფვა სულაც არ უსლის ხელს მიწიერ მეგობრებთან მხიარულ ნადიმებსა და საუბარში. რწმენა შინაგანი ხმისადმი, „დემონისადმი“ სინდისისადმი, უღირსი ქმედებანი რომ შეაძულა ფილოსოფოსს, უძველეს მითებში ადამიანის სულის იმქვეყნიურ რწმენას ეთვისება. თავს არარაობად მიიჩნევდა და მტკიცედ სწამდა, რომ დიად მიზანს მსახურებდა და მაღალი ზნეობისა იყო. დელფოს ორაკულმა ბერძენთა შორის ბრძენთაბრძენი უწოდა.სოკრატეს სახება უფრო საინტერესოდ წარმოგვიდგება, თუკი ქსენოფონტეს `მოგონებებითა~ და პლატონის დიალოგებით – ანუ სოკრატეზე უმთავრესი წყაროებით ვიმსჯელებთ.ჩვენამდე მოღწეული მათი თხზულებები ფრაგმენტები როდია, პირიქით, საოცრად სავსეა მტკიცებულებებითა და მათი საერთო მასწავლებლისა და მეგობრის ცხოვრების აღმწერ ძირითად საკითხავს წარმოადგენს.ქსენიფონტემ სოკრატეს მისეული იდეალი შექმნა – მორალისტის, ჟინიანის, უდრეკის, მაგრამ ცოტათი უძღები მოსაუბრისა, ყველას რომ ზაფრავდა წუნდაუდებელი ლოგიკით. პლატონისეული სოკრატე ცოცხალი, მგზნებარე, სუფრასთან საუბრის მოყვარული, იმავდროულად ტრაგიკული და საინტერესო ფიგურაა. ასკეტის, ბრძენისა და მასხარას სახით ასეთი შეთავსება იშვიათია. ნუ ვუსაყვედურებთ ავტორებს თხზულებათა ურთიერთგამომრიცხავი აზრებისათვის იქ, სადაც მთავარი მოქმედი პირი სოკრატეა. მაშინაც, თუკი ეს ავტორები მხოლოდ აზვიადებდნენ სოკრატეს თვისებებს და ამცრობდნენ სხვისას, როცა მათ გააზრებულად გამოტოვეს რაგაცა, სხვა კი განგებ წინ წამოსწიეს, უფრო მეტიც, თუკი ისინი ცოცხალ ლეგენდას ქმნიდნენ. სწამდათ, რომ სწორედ იგია ერთადერთი, ნამდვილი, მათ მიერ გაგებული ჭეშმარიტება,-ისინი, ავტორები, – ქსენოფონტე და პლატონი იცნობდნენ სოკრატეს, მასთან მეგობრობდნენ და თავს საფრთხეში იგდებდნენ იმითაც, რომ მის სიტყვებსა და აზრებს იწერდნენ.ნუ ვიქნებით ჰიპერ-კრიტიკულნი, ვინაიდან თვით ლეგენდაც ყოველთვის გარკვეული ეპოქის ადამიანის ლტოლვასა და სასოებას ასახავს და მითი საფუძველსივე მუდამ შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს. სოკრატე მითად და ლეგენდად სიცოცხლეშივე იქცა. მაგრამ რადგან ასეთმა ლეგენდამ და ამგვარმა მითმა ფილოსოფოს არისტოკლეს (მოგვიანებით პლატონის) გამოჩენას ხელი შეუწყო და მის მრავალტომეულ თხზულებათა ცენტრალურ ბირთვად იქცა, ცვენ, კაცობრიობა, პოეტური შთაგონებისადმი და მონაჭორისადმი მისწრაფებას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რაც შთამომავლობაში იწვევს თრთოლას, ფიქრსა და ათასწლეულების წინათ მომხდარ მოვლენებს საკუთარ, პირად თავგადასავლად განაცდევინებს.დავტოვოთ სწავლული სკეპტიკოსები და პლატონისა და ქსენოფონტეს მიერ შექმნილ ლეგენდას მივყვეთ.სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ (ათენის დემოკრატიის აყვავების დროინდელი, ცვ.წ. აღ-მდე მეხუთე საუკუნის პირველი ნახევარი) ადამიანისა და მისი პიროვნებით დაინტერესება, მეცნიერების, ხელოვნების, ფილოსოფიის, თავისუფალი სულიერი აზროვნების გაფურჩქნა, ცალკეულ პირთა დამოუკიდებლობა და საკუთარი ძალების შეგნება ბრწყინვალედ აისახა ძველბერძნულ ტრაგედიაში. სწორედ აქ, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს დრამატურგიაშიჩანს მათი თანამედროვე ადამიანი, რომელიც კონფლიქტშია უძველეს ტრადიციებთან და რელიგიურ დადგენილებებთან. ის დრო წავიდა, როდესაც ადამიანს თავისი გვაროვნული კოლექტივის გარე ვერ წარმოედგინა და თავს დიადი მატერიის ნაწილად, სიკვდილ-სიცოცხლის მუდმივი მონაცვლეობის მონაწილედ აცნობიერებდა. ჩვ. წ. აღ-მდე მეექვსე-მეხუთე საუკუნეების ფილოსოფოსები, რომლებიც ყოფიერების შესახებ ასწავლიდნენ და ბუნების საიდუმლოებებზე მოუთხრობდნენ, პოემებსა და ტრაქტატებს თხზავდნენ საყოველთაო – საერთო სახელწოდებით „ბუნების შესახებ“, შემდეგ საკმაოდ მოკრძალებით, ეთიკური პრობლემებისკენ გადაინაცვლებენ, ბუნება მორალის გარე ფენომენი იყო და ძველი ბერძენი ყოვლის საზომად თვლიდა სწორედ ბუნების კანონების შესატყვისად ადამიანის მოქმედებას. მაგრამ მეექვსე-მეხუთე საუკუნეების ბერძნული პოლისის მოქალაქე თავისი სახელმწიფო კანონების მიხედვით ცხოვრობდა, გამოიმუშავებდა იდეალს, რომლის კრიტერიუმიც სწორედ პოლისური კალოკაგატია იყო.მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრისათვის, როცა მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს არა უკვე ბერძნები და უცხოტომელები-სპარსელები, არამედ თვით ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებიც, ვინაიდან ახალი მიწები, ფული და გასაღების ბაზარი სწყუროდათ, ცალკეული, ფხიანი, საქმიანი, განათლებული, ძლიერი ადამიანის კანონებისა და სამართლიანობის ზედმიწევნითი მცოდნის ინიციატივის როლი გაიზარდა. აი, აქ გამოჩდნენ სოფისტები, საბერძნეთის ფასიანი მასწავლებლები. ვით მათი თავკაცი პროტაგორა, ისინიც მიიჩნევდნენ, რომ ადამიანი ყოველთა საგანთა საზომი, საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ბუნების გვირგვინია. ეშმაკური აზრი ხშირად იარაღზე ძლიერია. მეტადრე თუკი კამათის ხელოვნებას-ერისტიკას ხარ დაუფლებული, და შეგიძლია ტყუილი მართლად გაასაღო ხოლო შედარებიოთ სუსტი არგუმენტები ძლიერად გამოიყვანო. ერისტიკას დიდი საფასურის სანაცვლოდ ასწავლიდნენ სოფისტები: პროტაგორა, გორგია, პროდიკე, ჰიპია და სხვანი.მწევრმეტყველება, რიტორიკა, დარწმუნების უნარს რომ გვძენს, უმთავრეს მეცნიერებად იქცა. სოფისტური რიტორიკის ეშმაკობის, ე.წ. სოფიზმის გაცნობა დადგენილი საფასურის წყალობით ყველას შეეძლო. სოფისტების სწორი, თავდაპირველად კანონზომიერი მისწრაფება, შეესწავლად ლოგიკური, დამაჯერებელი აზრის მექანიზმი და ამით ადამიანისათვის ცვალებად პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ი9არაღი გტადაეცათ – თანდათან გრძნეული, სიტყვიერი ეფექტებით გატაცებად და უსაგნო რიტორიკად იქცა. მთავარი ის არის, თუკი სოფისტისთვის ადამიანი გარემომცველი ცხოვრების საზომია, მას ყოველგვარი შეზღუდვის, თავისი პირადი, ხშირად ანგარებიანი, მიზნის მისაღწევად შეუძლია იმოქმედოს და არად ჩააგდოს მორალი. ასეთი ადამიანისათვის ყველაფერი ნებადართული იყო. ხოლო ყველა ზნეობრივი ნორმა პირობითი და იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ ესმოდა ეს სოფისტად აღზრდილ ადამიანს. სოფისტები, რომელთა დახმარებითაც ბევრი მწევრმეტყველების სიბრძნეს ჩასწვდა, შეიძულეს და აიძულეს კიდეც, მით უფრო, რომ ათენის დემოკრატიის ბევრი პოლიტიკური მოღვაწე, რომელთაც თავიანთი ჯანმრთელი, ძლიერი საწყისი უკვე დაკარგული ჰქონდათ და საომარ ავანტიურებზე გადასულიყვნენ, სოფისტების მოწაფეები გამხდარიყვნენ და მიმნდობ ხალხს ოსტატურად ატყუებდნენ.ახალგაზრდობაში სოკრატე მამასთან ერთად მუშაობდა და არცთუ ცუდ მოქანდაკედ მიიჩნევდნენ.25 წლისა იგი სოფისტური სიბრძნის შესასწავლად პროდიკე კეოსკელთან, თავის თანატოლ სოფისტთან გაემგზავრა, რომლისთვისაც სხვა სოფისტებისაგან განსხვავებით მნიშვნელოვანი იყო მორალური პრინციპები, აქ იგი მრავალსახეობას სწავლობდა. შესაძლოა, მჭევრმეტყველებით გატაცებამ სოკრატე სილამაზითა და ფილოსოფიისადმი სიყვარულით განთქმულ ასპაზიას, პროკლეს მეუღლეს გააცნო. მრავალი წლის შემდეგ სოკრატე იხსენებს, ასპაზიასაგან რიტორიკას რომ შეისწავლიდა და თავისი გულმავიწყობით მისგან კინაღამ ალიყურიც მიიღო. მან აგრეთვე გაიხსენა და გაიმეორა ასპაზიას მიერ შეთხზული სიტყვა პერიკლესათვის, რომელიც მას უნდა წარმოეთქვა დაღუპულ ათენელ მეომართა დაკრძალვისას. რიტორიკით გატაცებულმა სოკრატემ პერიკლეს მასწავლებელ დემონსა და კონისაგან მუსიკაც შეისწავლა. ხოლო მუსიკამ იგი, თავის მხრივ, მათემატიკასა და ასტრონომიასთან მიიყვანა. სოკრატე სწავლულ გეომეტრ-ასტრონომ და მუსიკოსს თეოდორე კირენელს დაემოწაფა. კითხვა პასუხზე დამყარებულმა საუბრის მეთოდმა, ე.წ. დიალექტიკამ სოკრატე შეახვედრა საოცარ ქალს, დიოდიმას, წინასწარმეტყველსა და ქურუმს, რომელმაც, გადმოცემით, ათენში ჟამიანობის შემოსვლა ათი წლით გადაავადა. ამ უგანათლებულესმა ქალმა სოკრატე გონების სისხარტითა და უფაქიზესი ლოგიკით განაცვიფრა. ქალებმა სოკრატეს სიტყვის გაჩჰარხვა-დაოსტატებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. პოეტი ქალებით საბერძნეთი ხომ ოდითგან ქებულია. ისეთებით, როგორიც იყვნენ საფო (მესვიდე-მეექვსე) და კორინა (მეექვსე-მეხუთე სს.). პლატონი წერდა: „ვით გვიმტკიცებენ, მუზა ცხრაა ამ ქვეყანადო?!აგერ მეათე-ლესბოსელი ასული საფო.“კორინა ცნობილი პოეტის, პინდარეს ხელოვნებას ასწავლიდა, ცნობილია აგრეთვე ფილოსოფოსი ქალები, ფეანო, ტიმიქსა, არისტოკლეია. ანტიკურობის მიწურულს ფილოსოფოსმა და სახელოვანმა მათემატიკოსმა ქალმა ჰიპატიამ გაიოთქვა სახელი. გადმოგვცემენ, რომ ახალგაზრდა, ოცი წლის სოკრატე ელინური სკოლის ცნობილ დამაარსებელს, ავტორს პოემისა „ბუნების შესახებ“ ფილოსოფოს პერმენიდეს შეხვდა. იგი ასწავლიდა მთლიანის, ერთის, უძრავი ყოფიერების რაობას, რომელიც ადამიანის მაძიებელი აზრის მიერ შეიცნობა და „არაფრად“ და „არყოფნად“, „შეუცნობადად“ ვერასოდეს იქცევა. თუკი პლატონის თხზულებათა მიხედვით ვიმსჯელებთ, პარმენიდესთან შეხვედრა მდიდარ პითოდორეს ოჯახში შემდგარა. იგი ამ შეხვედრის შესახებ მრავალი წლის შემდეგ უამბობს ანტიფიანტეს, პლატონის დედინაცვალის შვილს. ახალგაზრდა სოკრატეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბრძენმა და კეთილისმყოფელმა მოხუცმა პარმენიდემ. მას თან თავისი მოწაფე, უკვე ცნობილი და თავდაჯერებული ზენონ ელინელი ახლდა.ამბობენ, რომ სოკრატე ანაქსაგორას მოწაფეს, განთქმულ არქელაოსს (მეხუთე ს. ძვ.წ. აღ-მდე) უსმენდა. ორივენი, ისევე როგორც ასპაზია, წარმოშობით იონიის სანაპირო ქალაქიდან იყვნენ, სადაც ძველბერძნული ფილოსოფია, მეცნიერება და პოეზია ჩაისახა. არქელაოსმა ჯერ კიდევ 475 წ. ათენშიო გახსნა სკოლა. მას „ფისიკიეს“ ან „ფსიქოლოგს“, ანუ კოსმოსისა და ყოფიერების, ბუნების და სხვადასხვა ელემენტების, მიწის, წყლის, ცეცხლისა და ჰაერის ერთობლიობის მკვლევარს უწოდებდნენ, რაც ამ დროისათვის უკვე მოძველებულ აზრად ითვლებოდა.არქელაოსის მასწავლებელმა ანაქსაგორამ უკვე წინა პლანზე წამოსწია მსოფლიოს მმართველი კოსმიური გონი და ყველა მთავარი ფუნქცია, რომელიც მანამდე ბუნებას მიეწერებოდა, მას მიაკუთვნა,რითაც ადამიანის გონების უმაღლეს დანიშნულებასა და, საერთოდ: აზრის ყოვლისშემძლეობას გაუხსნა გზა.პროკლეს მოღვაწეობის პერიოდში ანაქსაგორ აათენში ერთობ პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა და თუმცა პროკლეს თანატოლი იყო, მას ფილოსოფიას ასწავლიდა. ანაქსაგორა, პროკლე და ასპაზია განუყრელი მეგობრები იყვნენ. ანაქსაგორა ახლოს იყო აგრეთვე დრამატურგ ევრიპიდესთან. ანაქსაგორა თავისუფალ მოაზროვნედფ მიაჩნდათ. წიგნები, რომლებშიც ციურ მნათობთა წარმოშობას უარყოფს, რამდენიმე გროშად შეგეძლოთ გეყიდათ და ახალგაზრდობაც ამ წიგნით დაინტერესდა. ადამიანის ინტელექტუალურსა და სულიერ შესაძლებლობათა დანახვაში გამოცდილ სოკრატეს, საეჭვოა, ანაქსაგორასთან დამოწაფების შესაძლებლობა არ გამოეყენებინა. ძველი ღვთისმოსავების დამცველთა და პროკლეს მტერთა მიერ ანაქსაგორას წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი სოკრატეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. ათენელებს ასეთი რამ არასოდეს ენახათ. ანაქსაგორას თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნებისათვის ასამართლებდნენ. მსაჯულებმა წინადადება შემოიტანეს, „სახელმწიფო დამნაშავეებად ჩაეთვალათ ისინი, ვინც ღმერთებს არ აღიარებდა დადგენილი ადათ-წესით ანდა ციურ მოვლენებს მეცნიერულად ხსნიდა“, პროკლეს ანაქსაგორა უნდა დაეცვა, ვინაიდან მას, როგორც ყველას, ვინც რელიგიის შეურაცხყოფაში იქნებოდა მხილებული, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. პროკლეს წყალობით ანაქსაგორა სიკვდილს გადაურჩა. იგი ათენიდან გააძევეს, დასახლდა ლამპსაკში და იქ გარდაიცვალა 428 წელს. მაშინ სოკრატე 40 წლისა იყო.იმ დღიდან სოკრატემ მიზნად დაისახა, ხალხისთვის ჭეშმარიტებისა და ნამდვილი ცოდნის ძებნა ესწავლებინა, მაგრამ ათენიდან იგი არსად წასულა. თუ არ ჩავთვლით მგზავრობას კუნძულ სამოსზე, წმინდა დელფოსზე, ან ისტმოსის ყელში, სადაც სოკრატე არქელაესთან ერთად გაემგზავრა. ფილოსოფიოითა და ცხოვრების აზრის პრობლემატიკით გატაცება სოკრატეს სულაც არ უშლიდა ხელს, სამშობლოს წინაშე თავისი ვალი განუხრელად აღესრულებინა.პელოპონესის ომში იგი იბრძოდა პოტიდეასთან (432წ.). დელისთან (424წ.). და ამფიპოლესთან (422წ.). სადაც თავი ღირსეულად და მამაცურად ეჭირა. სოკრატე იმდენად ჩაუღრმავდა ფიქრებსა და იდეებს, რომ, როგორც პლატონი წერს, ერთხელ ბანაკში პოდიდეასთან ერთ ადგილზე მთელი დღე და ღამე გათენებამდე უძრავად იდგა, რითაც ყველა გაკვირდა. დელისთან ბრძოლაში ქსენოფონტე, რომელიც ცხენიდან ჩამოვარდა, მან თითქოს სიკვდილს გადაარჩინა, ხოლო როდესაცვ ჯარი უკან იხევდა, სიმამაცით გამოჩენილ ლახეტთან ერთად დინჯად კაფავდა გზას ისე, რომ მისი გმირობა შორიდანაც შესამჩნევი იყო, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა ფილოსოფოსის ცხოვრების დინჯი დინება.ხერეფონტი, სოკრატეს ერთ-ერთი უახლოესი და მგზნებარე მეგობარი, წმინდა ქალაქ დელფოსში აპოლონის ორაკულთან გაემგზავრა და ღმერთს ჰკითხა, თუ არის ქვეყნად ვინმე სოკრატეზე უფრო ბრძენიო. თქმულებები პითიას პასუხს სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ. პითიამ უპასუხა, სოკრატესავით ბრძენი არავინააო. ან კიდევ: „სოფოკლე ბრძენია, ევრიპიდე უფრო ბრძენი, სოკრატე კი ყველაზე უბრძენესია“.ასეთმა გამორჩევით ბრძენად აღიარებამ ადამიანისა, რომელიც თავის თავზე ამბობდა: „მე ვიცი ის რომ არაფერი ვიცი“, სოკრატეზე ერთობ იმოქმედა და თითქოს იდეამ მოიცვა, თავის თანამოძმე ქალაქელთათვის ჭეშმარიტი ცოდნა გადაეცა. „ვინაიდან, მიაჩნდა, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნაა და ბოროტება უმეცრებაა“- სოკრატეს დიდებამ სოფისტების პოპულარობას გადააჭარბა, კამათის ხელოვნებას ისინი კამათისთვის ასწავლიდნენ, წეშმარიტებას არად დაგიდევდნენ და ხშირად შავს განზრახ უწოდებდნენ თეთრს………სოფისტები ეფექტურად ავლენდნენ თავიანთ განსწავლულობას, ისინი ღრმა ცოდნით სულაც არ გამოირჩეოდნენ, სამაგიეროდ, თავს აშკარად იქებდნენ, როგორც – სიტყვაზე-ჰიპია ელიდელი ანდა ფრაზიმაქესი ან მოწაფეებით გარშემორტყმული პროტაგორა და გორგია.სოკრატეც მუდამ ცნობისმოყვარე თაყვანისმცემლებით, მეგობრებით თუ მოწაფეებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ იგი უანგაროდ ასწავლიდა და ყოველდღიური ცხოვრებით თავმდაბლობის მაგალითს თავად იძლეოდა. საუბრისას საგნის შესახებ ცოდნას ღრმად მალავდა და გარეგნულად თანაბარი გეჩვენებოდა თანამოსაუბრისა, ვისთან ერთადაც ჭეშმარიტებას ეძებდა. სოკრატეს კამათი არ უყვარდა, როგორც სოფისტებს, იგი დიალექტიკოსი იყო, ანუ ძალდაუტანებელი საუბრით, კითხვა პასუხებით საგნის არსის გარკვევის ოსტატი (ბერძნ. დიალეგომაი- ვსაუბრობ). აზრთა შეჯახებისას ცრუ გზების დაგდებას, მისახვედრი კითხვების შერჩევას, სწორ ცოდნასთან თანდათანობით მიახლოებას და ამ გზით იდეის სულიერ დაბადებას სოკრატე ხუმრობით „ბებიაქალურ ხელოვნებას“ უწოდებდა. ალბათ, თავისი დედის ხელობას იგონებდა, მშობიარეთ რომ შველოდა.…სოკრატესთან მიდიოდნენ ცოდნისა და სიბრძნის წყურვილით აღსავსენი, ცნობისმოყვარენიც, მისი დიდება რომ იზიდავდათ. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიცა და მოხუცებიც, სოკრატე თანატოლ პითაგორელ ფილოსოფოსებთან სიმიესთან…და კებეტთან მეგობრობდა. უბრალოდ, კეთილი და წესიერი კაცი, კრიტონიც მისი ერთგული მეგობარი იყო. მეგობრები საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეშიც ჰყავდა: თესალიაში, ფივაში, მეგარაში, ელიდაში. ომის დროს ევკლიდე მეგარელი ათენისკენ გზას რისკის ფასად იკვლევდა. სოკრატესთვის რომ მოესმინა. ტყვედჩავარდნილი და მონადქცეული ფედონ ელიდელი, სოკრატეს მეოხებით რომ გამოისყიდეს, მისი უახლოესი მოწაფე გახდა. ხოლო ხერეფონტე, აპოლოდორე, ანტისთენე, არისტოდემე ან ჰერმოგონე სოკრატეთი აღფრთოვანებული მოწაფეები იყვნენ და მის გამო ცხოვრების ყველა სიამის დათმობა შეეძლოთ.…თვით აპოლოდორეს მიერ აღიარებულ სოკრატეს სიბრზნეს ხერეფონტე ყველგან აქებ-ადიდებდა; მაღალი ზნეობის უსაზღვროდ მოყვარული ჰერმოგონე სოკრატეს განუხრელად მისდევდა. მან შეიზულა მამის სიმდიდრე და გაღარიბდა. აპოლოდორე და ანტისთენე გვერდიდან არ შორდებოდნენ ფილოსოფოსს, მიზნად დაისახეს ყოველდღიურად თვალყური ედევნებინათ ყველაფრისათვის, რასაც იგი ამბობდა და აკეთებდა. პატარა და ფეხშიშველი არისტოდემე სოკრატეს ერთ-ერთი მხურვალე თაყვანისმცემელი იყო. დიდ-დიდ სანადიმო სუფრებთან ფილოსოფიური საუბრებისას ხშირად ახლდა და მეხსიერებაში ღრმად იბეჭდავდა ყოველ სიტყვას, რათა მერე გადაეცა სხვებისათვისაც, ვინც მისი მასწავლებლის ცხოვრებით იყო დაინტერესებული.მწერალმა, ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტემ სოკრატე უჩვეულო ვითარებაში გაიცნო. ქუჩაში მიმავალ ქსენოფონტეს ერთხელ სოკრატე შეხვედრია, ჯოხით გზა გადაუღობავს და უკითხავს, საკვები სად იყიდებაო. ქსენოფინტეს პასუხის მერე კი უთქვამს, ადამიანები სად კეთილშობილდებიანო. მდუმარ ქსენოფონტეს სოკრატემ უბრძანა: „გამომყევი და ისწავლე!“ სწორედ ამიტომ, როცა ქსენოფონტე მცირე აზიაში სპარს უფლისწულ კიროსთან მხედართმთავრად უნდა გამგზავრებულიყო, მოეთათბირა არა სხვა ვინმეს, არამედ სოკრატეს, ხოლო სოკრატემ იგი დელფოსში აპოლონის ორაკულთან გაგზავნა.გულზვიადი არისტოკრატები ალკიბიადე, კრიტოსი და კალიკლე სოკრატესთან დამეგობრების გზებს ეძებდნენ, ხოლო მაკედონიის მეფე არქელაოსმა იგი თავის კარზე მიიწვია, რაზეც უარი მიიღო. სოკრატემ სკოპასის და ევრილოქეს, თესალიისა და ლარისიის მფლობელთა მოპატიჟებაც არ მიიღო.იგი ურთიერთობებისათვის იყო გაჩენილი. დღე და ღამეს გიმნაზიაში, პალესტრასა თუ აგორაზე ანდა დიდებულ სუფრასთან ატარებდა. საუბრობდა და მოძღვრავდა, რჩევებს იძლეოდა, ყურადღებით ისმენდა. ხანდახან ქალაქს ვინმე სახელგანთქმული პირი ეწვეოდა და სოკრატეს ერთი სული ჰქონდა, შეხვედროდა, შეჰკამათებოდა მას. 432 წელს ათენში მეორედ ჩამოვიდა სოფისტებს შორის ყველაზე უდრეკი და ცხარე მოკამათე პროტაგორა, რომლის წიგნებიც შემდგომში ათენში დაწვეს, ხოლო თვითონ, თავისუფალ აზროვნებაში ბრალეული, იძულებული შეიქნა, სიცილიაში გაქცეულიყო და ქარიშხლის დროს დაიღუკა. პროტაგორა მდიდარ კალიას სახლში დაბინავდა. უგანათლებულესმა ათენელმა და ცნობილმა სოფისტებმა მისვლა იწყეს. მოწიწებული თაყვანისმცემლებით გარემოცული პროტაგორა მედიდურად დასეირნობდა. სოკრატეს ყოფილი მასწავლებელი, სოფისტი პროდიკე მხართეძოზე წამოწოლილიყო ლოჟაში, მსმენელები სკამებსა და საწოლებზე ისხდნენ, სტუმრებით გაჭედილ სახლში ჩამოსულთათვის საკუჭნაოც მოაწყვეს, ხოლო კარისკაცმა, რომელსაც სოფისტთა ცქერა მობეზრებული ჰქონდა, გაჭირვებით შეუშვა სახლში სოკრატე, ვინაიდან ისიც უძღები სოფისტი ეგონა. სოკრატე მამაცად და ირონიით ეკამათებოდა პროტაგორას, აწინდელი კამათის ყველა ილეთს იყენებდა და მისდამი მტრულად განწყობილი სოფისტებითა და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებით იყო გარემოცული. აქვე იყვნენ ალკიბიადე, კრიტოსი, პერიკლეს ძე აგათონე, პელოპონიურ ომამდე ერთი წელიღა იყო დარჩენილი. ომის დასაწყისშივე პერიკლეცა და მისი ორთავე ძეც ჭირი9სგან დაიხოცნენ. გადმოცემით, სოკრატე ისეთი მკაცრი წესებით, მოკრძალებით ცხოვრობდა, რომ 429 წელს ჟამიანობისას, როცა ამოწყდა თუ ქალაქი დატოვა ათასობით ადამიანმა, იგი არ დასნეულებულა. თუმც თავს მეგობრებად ასაღებდნენ, ყველა როდი იყო მისი ნამდვილი მეგობარი. ერთ მდიდართან კალიასთან ნადიმზე (რის შესახებაც ქსენოფონტე მოგვითხრობს – „ნადიმი“), სულიერი სიყვარულის უპირატესობაზე რომ მსჯელობდნენ და ასაბუთებდნენ ადამიანთშორისი ურთიერთობისას მეგობრობა უმთავრესიაო, სოკრატეს ეჭვიც არ დაებადებოდა, რომ მის გვერდით მჯდომი ცნობილი ორატორი ლიკონი მრავალი წლის შემდეგ სასამართლოში მის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. სოკრატეს მოწაფეები ანტისთენე და ჰერმოგენე იმაზე არც კი ფიქრობდნენ, რომ ისინი მათი მასწავლებლის სასიკვდილო სარეცელთან დადგებოდნენ.ჯერჯერობით კი ცოცხლად ისმენდნენ სიტყვებს და მოწვეული მსახიობების გამოსვლებს ინტერესით აკვირდებოდნენ, ცეკვას, ასე ოსტატურად რომ გამოხატავდა ღმერთ დიონისესა და არიადნეს ქორწილს. უსმენდნენ ფლეიტასა და კითარას, მოცეკვავე აკრობატი ქალის მოქნილ მიმოხრას ყურადრებით აკვირდენოდნენ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოგვითხრობს პლატონი, – ათენთან ახლოს, პრიაში, ხანდაზმული კეფალის ოჯახში მოკამათეები ერთურთს კვლავ შეხვდნენ. სოკრატე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პრობლემაზე მსჯელობდა. იმაზე, რა არის იდეალური სახელმწიფო და როგორ უნდა აღვზარდოთ მოქალაქენი. სამყაროს შექმნისა და ლეგენდარული ატლანტიკის შესახებ სასაუბროდ სოკრატე კრიტოსის სახლში ერთი დღის შემდეგ მივიდა.ისინი, ვინც სტუმართმოყვარე კალიას სახლში სოკრატეს სრულიად ახალგაზრდა შეხვდა, მრავალი წლის შემდეგაც ისევე, როგორც 416 წელს, შეიკრიბნენ ლხინის სუფრასთან (სუმპოსიონ – ნადიმი) ცნობილ ტრაგიკოს პოეტ აგათონელთან, სწორედ მასთან, ვინც ყმაწვილკაცობაში სოკრატესა და პროტაგორას კამათს უსმენდა.ბერძნული ტრადიციისამებრ, წყლით გაზავებული ჭიქა ღვინით ერთობლივ საუბარს არა მხოლოდ გასართობი, არამედ ფილოსოფიური მნიშვნელობაც ჰქონდა. ამიტომ, როცა ტრაგიკოსმა აგათონმა თავისთან მეგობრები მიიწვია, რათა თეატრში მოპოვებული გამარჟვება აღენიშნათ, ნადიმზე ათენელ ცნობილ პირთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე სოკრატე იყო.ლხინის მონაწილენი სილამაზესა და სიყვარულის პრობლემებზე მსჯელობდნენ. ყოველი მათგანი გამსაკუთრებულ სიტყვას წარმოთქვამდა, სოკრატე ყველას აჭარბებდა. იგი განავითარებდა მშვენიერ ლოგიკას, ადამიანის უმაღლესი სიყვარულისა და უზენაესი სიკეთისაკენ თანდათან რომ მიემართებოდა. სოკრატეს წარმონათქვამმა გაიმარჯვა. მოულოდნელად ალკიბიადე, მისი ზველი მოყვასი და საყვარელი ადამიანი, შემოიჭრა და თავი ბრწინვალე გვირგვინით შეუმკო. აღფრთოვანებული ალკიბიადეს მიერ წარმოთქმულ სოკრატეს საქებ სიტყვას ისმენდა ყველა.მაგრამ დადგა მძიმე დროება. პელოპონესის ომის წარუმატებლობით დასუსტებულმა დემოკრატიამ 411 წელს ალკიბიადეს მოღვაწეობასა და ე.წ. ოლიგარქიულ „ოთხასთა საბჭოსთან“ დაკავშირებით თავისი პოზიციები დაკარგა. გადასინჯეს კონსტიტუცია, ოდინდელი თავისუფლება შეკვეცეს და, თუმცა 410 წელს დემოკრატია აღსდგა, ცალკეული პარტიების დემაგოგ ბელადთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ ხალხში დიდი უკმაყოფილება წარმოშვა.სოკრატე უნებლიეთ აღმოჩნდა მომავალი, მეხუთე საუკუნის რამდენიმე ბოლო წლის მოვლენათა შუაგულში. სწორედ აქ, 408 წელს ერთურთს შეხვდნენ სოკრატე და პლატონი. წვრილმანები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ეს შეხვედრა, ტრადიციული გაგებით, რაღაც უჩვეულო მოვლენა უნდა ყოფილიტყო. სოკრატემ იგი სიზმრით იწინასწარმეტყველა. დანასიზმრებმა გედმა – პლატონმა ბოლოს და ბოლოს იპოვა მასწავლებელი. მას მთელი ცხოვრება უერთგულა და თავისი თხზულებებით სახელი გაუთქვა, რაკი მისი ცხოვრების პოეტურ მემატიანედ იქცა. ამიერიდან პლატონმა ყველა ადრინდელი გატაცება – მუსიკა, ლექსი, პალიტრა, თეატრი და მანამდელი ფილოსოფიური ძიებანი უარყო. ცოდნამ, რომელიც მან კრატილესთან ამოკრიბა, უკიდურესობამდე მიიყვანა ჰერაკლიტეს მოძღვრება, ყოველი არსებულის დენადობის შესახებ და საერთო ცოდნასა და პირობითობაზე დააეჭვა. სოკრატემ მისცა პლატონს ის, რაც მას ასე აკლდა, – მტკიცე რწმენა ჭეშმარიტებისა და ცხოვრების უმაღლეს ღირებულებათა – არსებობა, რომელიც სიკეთესა და სილამაზესთან ზიარების ძნელი გზითა და შინაგანი თვითსრულყოფით შეიცნობა.ფილოსოფიით მშვიდობიანი თავშექცევა პოლიტიკურ ცხოვრებას გვერდს ვერ აუვლიდა. სოკრატესა და პლატონს წილად ხვდათ ამ უცილობელ ფაქტს მალევე შეჯახებოდნენ. ქალაქის მმართველები ცდილობდნენ, ყოფილი წესრიგი და კანონებისადმი მორჩილება აღედგინათ, რისთვისაც მიმართავდნენ რელიგიურ გრძნობებსა და უძველეს წეს-ჩვეულებებს, მაგრამ ძლიერი ძალაუფლებისადმი გამოდევნებით დემოკრატიული ტრადიციები თავიდანვე დაარღვიეს, ასე აღმოჩნდა ჩათრეული სოკრატე ტრაგიკულ ისტორიაში, ათენელ სტრატეგებს 406 წელს არგინუზიის კუნძულებთან ბრძოლის შემდეგ რომ შეემთხვათ. ატენის ფლოტმა 10 სტრატეგოსის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ გაიმარჯვა პელოპონელებზე. თუმცა ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათენელებს საშუალება არ მისცა, თავიანთი დაღუპული მეომრები დაეკრძალათ. შეუშინდა რა სასჯელს, სამშობლოში მხოლოდ ექვსი სტრატეგი დაბრუნდა, დანარჩენი კი გაიქცა. დაბრუნებულები, როგორც გამარჯვებულები, ჯერ დააჯილდოვეს, შემდეგ ბრალი დასდეს რელიგიურსა და მამაპაპეულ წეს-ჩვეულებათა დარღვევაში. ხელისუფლებას ისე ეჩქარებოდა, სტრატეგებს გასწორებოდა, დაეშინებინა მოქალაქეები, რომ მოითხოვა, მათი ბედი ერთ დღეში გადაეწყვიტა, ხმა ერთბაშად, ერთიანი სიით მიეცა და თითოეულის საქმე ცალ – ცალკე არ განეხილა. სოკრატე სწორედ 406 წელს აირჩიეს ათენის „ხუთას მრჩეველთა“(„ბულე“) წევრად. ამ საბჭოში გაწევრიანება 30 წლის ასაკის ყველა ათენელს შეეძლო. საბჭო ათენის 10 სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულად, ე.წ. ფილედ იყოფოდა. თითოეულ განყოფილებასი 50 ადამიანი შედიოდა. დაახლოებით 40 დღის განმავლობაში ათეულიდან ყოველი ერთეული რიგრიგობით ასრულებდა მოვალეობას. ბულესტების სხდომა იწოდებოდა პრიტანიებად, ხოლო თვით სესიის მონაწილენი – პრიტანებად. აღმოჩნდა, რომ სტრატეგთა გასამართლების დღეს სოკრატე პრიტანთა რიცხვში იყო და, უფრო მეტიც, ამ დღისთვის იგი ეპისტატედ, ანუ მთელი სათათბიროს მეთაურად გამოცხადდა. ყოველთვის დამოუკიდებელი და სამართლიანი სოკრატე უკანონო, ნაჩქარევ სასამართლოს მკვეთრად დაუპირისპირდა ყოველგვარი განხილვის გარეშე. აღნიშნულ მოვლენათა თანამედროვე ქსენოფონტე თავის „ბერძნულ ისტორიაში“ და გვიანი ისტორიკოსი დიოდორე დაწვრილებით მოგვითხრობენ ამ მტანჯველ საქმეებზე. ჯიუტი სოკრატესთვის გვერდი რომ აექციათ, გადაწყვიტეს, სასამართლო შემდეგი დღისთვის გადაედოთ. ამ დროისთვის საბჭომ სხვა ეპისტატი აირჩია. სტრატეგები დაადანაშაულეს და დასაჯეს. თვით სოკრატე მმართველი პარტიისგან დევნას ძლივს გადაურჩა. თავისი დემოკრატიული დადგენილების დარღვევის გამო, ჭეშმარიტი ცოდნისა და აბსოლუტური სამართლიანობის მაძიებელი სოკრატე უნებლიეთ დაუპირისპირდა დემოკრატებსაც და მათ მტრებსაც. პოლიტიკურ ცვლილებებსა და ინტრიგებს არ დამორჩილდა. თუმცა თვით ფორმალობათა დაცვაში სრულიად გამოუცდელი იყო და კიდეც დაიმსახურა საყოველთაო დაცინვა, რადგან არ იცოდა, როგორ მოეპოვებინა ხმები საბჭოში.სოკრატეს უცჰვეულო საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ – ერთ პირველ ნაწარმოებში „სოკრატეს აპოლოგია“ პლატონი ამ ისტორიის შესახებ თვით სოკრატეს პირით მოგვითხრობს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, თუმცა სოკრატე ყველას არწმუნებდა, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უკრძალავდა შინაგანი ხმა, რომელსაც იგი „დემონს“ უწოდებდა, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ „დემონი“ არასოდეს უკრძალავდა სოკრატეს დაეცვა სამართლიანობა, სერიოზული სასჯელის ფასადაც რომ დასჯდომოდა ეს. საფიქრებელია, რომ ეს „დემონი“ იყო არა რაღაც, არამედ თვით სოკრატეს სინდისის ხმა, რაც მას უნებლიე სახიფათო მოქმედებისაკენ უბიძგებდა და ყოველდღიურ ჩვეულ ფილოსოფოსობას აშორებდა. 404 წელს ათენელი პოლიტიკოსი კრიტოსი, თვით ბრწყინვალე სოფისტი და გონებამახვილი პოეტი, ოლიგარქიების ერთგული, ოდესღაც სოკრატეს რომ უსმენდა და ახლა სოფისტებისკენ გადაბარგებულიყო, სახელმწიფო გადატრიალებას ჩაუდგა სათავეში, დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, როცა ხელმეორედ გააძევეს ალკიბიადე, თვით კრიტოსსაც მოუწია დევნილებაში ყოფნამ. იგი თესალიაში ცხოვრობდა, იქაც პოლიტიკურ თამაშს ეწეოდა და ათენს სპარტანულ სამხედრო არისტოკრატიული წყობილების მხურვალე ერთგული დაუბრუნდა. ათენის ოლიგარქიამ გადატრიალებამდე 30 ტირანის ძალაუფლების სახელწოდება მიიღო. ეს 30 შეთქმული სათავეში იდგა და ათენის მცირე ნაწილს წელიწადზე მეტხანს მართავდა, ისინი აძევებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ იმათ, ვინც არ ემორჩილებოდათ.პლატონის კვალდაკვალ დავადგენთ სოკრატეს დამოუკიდებლობისა და გაბედულების კიდევ ერთ ფაქტს. იგი იმხანად ათენის საბჭოს პრიტანი იყო და, ტირანთა წესით, ხუთ თანამოქალაქესთან ერთად, რომელნიც ანალოგიურ მოვალეობას ასრულებდნენ, სალამინის კუნძულიდან ცნობილი ლეონი უნდა ჩამოეყვანა, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი. ლეონი უმდიდრესი კაცი იყო და ოლიგარქები მისი ქონების დაპატრონებას ცდილობდნენ. თუმცა სოკრატე ამ ბრძანებას წინ აღუდგა და კვლავაც მარტო, მაშინ, როცა დანარჩენმა ოთხმა ლეონი დასაღუპავად მოიყვანა. სოკრატე ძლივს გადაურჩა სიკვდილით დასჯას. თანაც ვისგან? კრიტოსისა და ქარმიდესაგან, იმათგან, ვინც მას მასწავლებლად თვლიდა. ამ დროისათვის ალკიბიადე მცირე აზიაში მოკლეს, მაგრამ ოდითგანვე გაცვალა ძნელი, სოკრატესეული მართლისძიება პოლიტიკურ ინტრიგებზე. ვინ – ვინ და პლატონი აქ უტყუარი მოწმე იყო, ვინაიდან მისი პაპის ძმა კრიტოსი ცდილობდა, პლატონიც ოლიგარქიულ პოლიტიკაში ჩაეთრია, რაც პლატონმა გადაჭრით იუარა. ხოლო ქარმიდე – უმრწემესი ძმა პლატონის დედისა, სწორედ ის ბრწყინვალე ახალგაზრდა იყო, ოდესღაც სოკრატემ რომ დაიყოლია, საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მიეყო ხელი.საბედნიეროდ ოცდაათის ძალაუფლება 403 წელს დამარცხდა. კრიტოსი დაიღუპა სტრატეგთან ათენის დემოკრატიის მამასთან ფრასიბულესთან ბრძოლაში. იმავე ბრძოლაში დაეცა ქარმიდე. პლატონის ოჯახი გავლენიანი ნათესავების გარეშე დარჩა. სოკრატეს საშუალება მიეცა, პლატონთან კიდევ რამდენიმე წელს ემეგობრა.შესაძლოა, პლატონის დიალოგი „გორგია“, სადაც აღწერილია 405 წელს თითქოსდა სოკრატეს შეხვედრა ცნობილ სოფისტთან, ამ დროისათვის უკვე ღრმად მოხუცებულ გორგია ლეონტიელთან, იყო იმ მოვლენათა გამოძახილი, რომლებმაც თავდაჯერებული არისტოკრატები წინ, პოლიტიკური ცხოვრების თხემზე წამოსწიეს. შეხვედრაზე გიმნაზიაში სოკრატე მეგობარ ქეროფონტესთან ერთად მივიდა, სადაც გორგიამ უკვე დაასრულა გამოსვლა. დამსწრეთა შორის იყო ვინმე მდიდარი არისტოკრატი, ახალგაზრდა კალიკლე; შესაძლოა პლატონის მიერ გამოგონილი პირიც; მხატვრული განვრცობა სოფისტური მსოფლშეგრძნებისა უკიდურესობამდეა დაყვანილი. კალიკლე სახელმწიფო კარიერისკენ ისწრაფვოდა. იგი წკვიანი, გამჭრიახი, სასტიკი, ეგოისტი, ყველა გაგებით „ძლიერი ადამიანი“ იყო, სოკრატე კარგს არას ელოდა, როცამის ბრჭყალებში აღმოჩნდა. კალიკლე თითქოსდა წინათგრძნობა იყო სოკრატეს შეჭირვებული ბედისა. რა თავდაჯერებული და უცოდველი ხმით მსჯელობდა იგი მოხუცი სოკრატეს წინაშე, რომ სამართლიანია, ბრბოზე მაღლა იდგე, როცა უკვეთესი უარესზე მაღლაა. ძლიერი სუსტზე დიდია. კალიკლე ადამიანის დამღუპველად თვლიდა სოკრატეს ფილოსოფიას. მისით შეიძლებოდა მხოლოდ ახალგაზრდობა ყოფილიყო გატაცებული: მისი აზრით, ფილოსოფიით დაინტერესებული ასაკოვანი ადამიანისათვის საჭირო იყო მათრახი, ვინაიდან ფიქრებში ჩაძირული ასეთი ადამიანი კარგავს სამოქმედო ძალას და გაბედულ საუბარს ვერ ბედავს (ვერ ბედავს შემართოს სიტყვა). კალიკლე სოკრატეს თითქოს უწინასწარმეტყველებდა, რომ, თუკი მას შეიპყრობდნენ და სატუსაღოში ჩასვამდნენ, იგი ვიგინდარა ბრალმდებლების წინაშე დაუცველი იქნებოდა და სულს განუტევებდა იმ შემთხვევაში, თუ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ. კალიკლესათვის სუსტები ბრბოა, ხოლო ძლიერები ისინი არიან, ვინც სახელმწიფო საქმეებს დაუნდობლად წყვეტენ და სულიერი მოდუნების მიზეზით შუა გზაზე არ შეჩერდებიან. ყველაფრიდან ჩანდა, რომ სოკრატეს სამართლიანობის ძიება ძლიერთა ამა ქვეყნისათა უკვე აღიზიანებდა და დაიწყეს ფიქრი, როგორ დაეღწიათ თავი ამ მომაბეზრებელი ფილოსოფოსისაგან. ოლიგარქიების დაცემის შემდეგ, როგორც ჩანს, 402 წელს, სოკრატე კიდევ ერთ ძლიერ პიროვნებას, ალევადთა გვარის წარმომადგენელ თესალიელ მენონს შეხვდა, რომელიც სპარს უფლისწულ კიროს უმცროსთან ბრძოლაში ჩაება და სპარსეთში წამებით მოკვდა. ეს მენონი არც სიმართლეს, არც პატიოსნებას, არც რვთისმოსაობას ზნეობად არ თვლიდა. თუმცა სოკრატეს ჯერ ისევ პატივსა სცემდა, ხოლო იქვე ანიტე იჯდა, მდიდარი დაბაღი, წამყვანი დემოკრატი და ოცდაათის მტერი, ვის დამხობაშიც იგი აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ აღმოჩნდა, ეს გამოჩენილი, ძლიერ პიროვნებათა წინააღმდეგ მებრძოლი მათგან ცოტათი თუ განსხვავდებოდა. სოკრატეს ისიც ეჭვის თვალით უყურებდა, მის ენამახვილობაში ვერ გარკვეულიყო და მასაც ახალგაზრდების გამრყვნელ სოფისტებს მიათვლიდა. მისთვისაც ყოველი ახალი ქროლა მავნე იყო, დოგმატურად მოაზროვნე ფილოსოფიის მოძულე, კალიკლეს არაფერში უთმობდა, ამ უკანასკნელის მიერ სოკრატესთვის ნაწინასწარმეტყველები მწარე ხვედრის განმახორციელებელი იყო, ერთი იმ გარეწარ ბრალმდებელთაგანი, რომელთა წინაშეც სოკრატემ თავის გამართლება ვერ შეძლო. სოკრატეს მტრები არ თვლემდნენ. 399 წელს სოკრატეზე უსახელო წერილი შეიტანეს მელეთეს, მდიდარ მედაბაღე ანიტეს და ორატორ ლიკონის მიერ შედგენილი. პირველი ბრალმდებელი ფორმალურად მელეთი იყო, მაგრამ, არსებითად, მთავარი როლი გავლენიან ანიტეს ეკუთვნოდა, რომელიც სოკრატეს ასამართლებდა. ვიწრო კონსერვატული კეთილსაიმედოონით მასში სოფისტს, ძველი იდეალების საშიშ, სახელმწიფო რელიგიურსა და ოჯახური ცხოვრების კრიტიკოსს ხედავდა. ბრალდებაში ეწერა: ეს ბრალდება დაწერა და ფიცით დაადასტურა მელეთმა, მელეთის ძემ, პითეელმა, სოკრატეს, სოფრონეს შვილის, დემელი ალიპეკის წინააღმდეგ. სოკრატეს ბრალად ედებოდა, რომ იგი არ ცნობდა ღმერთებს, რომლებსაც აღიარებდა ქალაქი და სხვა ახალი ღმერთები შემოჰყავდა; მას, აგრეთვე, ახალგაზრდების გარყვნაში ადანაშაულებდნენ. სასჯელად სიკვდილს მოითხოვდნენ. როგორც პლატონი მოგვითხრობს, სოკრატე გეომეტრ თეოდორე კირენელთან და ახალგაზრდა ტეეტეტთან, ცნონილ მეცნიერთან, ფილოსოფოსთან, მამაც და კეთილსობილ ადამიანთან მშვიდად ბაასობდა. ძველთაძველი ამბავი განმეორდა: ოდესღაც ახალგაზრდა სოკრატე მოხუც პერმენიდეს გულის ფანცქალუით უსმენდა. ახლა სამოცდაათი წლის მოხუცი სოკრატე გზას თეეტეტს ულოცავდა. ბოლოს სოკრატესა და დედამისისათვის ღმერთისაგან ნაბოძებ ხელოვნებაზე ლაპარაკობდნენ – დედას მშობიარეთათვის, სოკრატეს ახალგაზრდებისათვის მშვენიერი აზრები რომ ეშვათ. სოკრატეს თითქოსდა მოულოდნელად ახსენდება, რომ იგი სასამართლოში უნდა წავიდეს, სადაც გამოიძახეს, რადგან ბრალს მელეტე სდებს. თუმცა სოკრატესათვის სასამართლოში გამოზახებასაც არ სეუსლია ხელი , მეორე დღეს თავის თანამოსაუბრეებს შეხვედროდა და „ბებიაქალის ხელოვნებით“ გაერკვია თუ რას წარმოადგენს ნამდვილი სოფისტი. საერთო დასკვნა ასეთი იყო: სოფისტური კამათი ცარიელი ლაყბობაა, რაც დროსა და ფულს გაკარგვინებს. სოფისტის ხელოვნება სხვა არაფერია, თუ არა კამათი გამორჩენისათვის, თუმცა დიალექტიკური საუბრიდან გამოტანილი დასკვნა უბრალო, გაუნათლებელი მოქალაქისათვის არაფერს წარმოადგენს. სიბრძნესთან უზიარებელ ასეთ ათენელს, ხელოსანს თუ ვაჭარს ახსოვდა, ან უფროსებისგან მოესმინა ვინმე სოკრატეზე, რომელსაც ოცი წლის წინათ არისტოფანეს კომედიაში დასცინეს. ყველაფერი, რაც მიწაზეა და რაც მიწაშია, იმ სოკრატემ გამოიკვლია. მავნე და ახალგაზრდების გამრყვნელი საინტერესო თაღლითი იყო. ასწავლიდა თუ როგორ მოეტყუებინა მოქნილი სიტყვით სასამართლოში თვისი კრედიტორები. ამასთან მოხუცი სოკრატე რომელიღაც უხილავ ღმერთებსა თუ ღრუბლებს, გრგვინვასა თუ გრიგალებს ეთაყვანებოდა. ყველგან ამბობდა, რომ მის შიგნით რაღაც დემონი ცხოვრობს, როცა საჭიროდ მიიჩნევს, ის წყალობს მას; ესაა ხმა, რომელსაც უცილობლად უნდა უსმინო. დასასრულს, ყველა სიავეთა მიღმა, უფროსი თაობა იხსენებს, რომ სოკრატეს ალკიბიადე, კრიტოსი და ქარმიდე ვერ შორდებოდნენ და ამაყობდნენ იმით, რომ მისი მოწაფეები და მეგობრები იყვნენ. ხოლო რა უბედურება დაატყდა თავს ათენს ალკიბიადესა და კრიტოსისაგან და რამდენი უდანაშაულო და გირსეული მოქალაქე დაიხოცა ოცდაათთა ტირანიისას, ყველამ იცოდა. სოკრატეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.მანამდე სოკრატე და მათემატიკოსი თეოდორე ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად წყვეტდნენ საკითხს, თუ რა არის პოლიტიკის ხელოვნება და ცოდნის დანაწილების ურთულეს სისტემას არკვევდნენ, რასაც ამ ამაღლებულ ხელოვნებამდე მივყავართ. სოკრატეს ბრალეულობის საქმე ცუდად წარიმართა. სასამართლო გამხილვა დაინიშნა ნაფიც მსაჯულთა ერთ – ერთ განყოფილებაში, ანუ ჰელიუმში 5000 მოქალაქისა და 1000 სათადარიგოს ჩათვლით, რომელნიც ატიკის ყოველი 10 ფილედან ყოველწლიურად კენჭისყრით ირჩეოდნენ. სოკრატეს საქმის განმხილველი გამყოფილება 500 კაცისაგან შედგებოდა. ხმის მიცემისას ამ რიცხვს კიდევ ერთი მსაჯული მიუმატეს, რათა სასამართლოს წევრთა რაოდენობა კენტი ყოფილიყო.სოკრატე სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო და თავი დაეცვა. მას აღეთქვა დახმარება და განთქმულმა სასამართლო ორატორმა ლისიამ, რომლის მამის სახკლშიც სოკრატე ოდესღაც დროს ატარებდა, მსჯელობდა რა იდეალურ სახელმწიფოზე, სიტყვაც მოუმზადა, მაგრამ ეს იყო 20 წლის წინათ. ლისიამ მამა დაკარგა. მისი ძმა 30 ტირანის დროს დაიღუპა, ხოლო თვით გამოჩენილი ორატორი კონსერვატორი დემოკრატებისაგან სოკრატეს დაცვას ცდილობდა. სოკრატემ ლისიას მიერ მომზადებული სიტყვა უარყო. თუმცა მიღებული იყო, ათენში ორატორ-ლოგოგრაფებისათვის ასეთი დამცავი სიტყვა ან აპოლოგიები სპეციალურად შეგეკვეთა; სხვადასხვა მდგომარეობის, შეძლებისა და განათლების მქონე ადამიანებთან საუბარს ჩვეული სოკრატე შეეცადა, თავის უდანაშაულობაში თავად დაერწმუნებინა სასამართლო, სადაც შესაძლო იყო ნაფიც მსაჯულად ნებისმიერი 20 წელს გადაცილებული ათენელი მოქალაქე მოეყვანათ. ნაფიც მსაჯულთა მოვალეობას ასრულებდა მექოთნე, მეიარაღე, მკერავი, მზარეული, მეზღვაური, ექიმი, ხურო, დაბაღი, მეწვრილმანე, მასწავლებელი, მუსიკოსი, მწერალი და მრავალი სხვა. მოედნებსა და ბაზარში საუბარს ჩვეული იყო სოკრატე.სოკრატეს მდგომარეობა გართულდა; ბრალმდებლების გამოსვლის შემდეგ სიტყვა მას მისცეს, დასაცავი სიტყვის წარმოთქმის დრო მკაცრად იყო შეზღუდული. კლეპსიდრე, ანუ წყლის საათი გამოსაჩენ ადგილზე დადგეს. სოკრატეს კი ბევრი რამის თქმა ეწადა და სურდა, ოცი წლის წინანდელი ბრალდებისაგან თავი გაემართლებინა, არისტოფანემ რომ გაუხსენა ახლანდელი ბრალმდებლების წინაშე. ფაქტობრივად, არც ერთი კონკრეტული ბრალდება არ არსებობდა. როგორც თვითონ ამბობდა, სოკრატეზე ჭორებსა და აჩრდილებს ებრძოდა მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ მას ცილს სწამებდნენ ისინი, რომელთა არარაობასა და უმეცრებას მიწყივ ააშკარავებდა. ისინი გულუბრყვილო, უბრალო, ჭორსა და მითქმა – მოთქმას აყოლილი ხალხი იყო. სოკრატეს საშუალება ჰქონდა, სიტყვით გამოსვლისას მილეთისადმი, ჩვეულებისამებრ, ირონიული კითხვები დაესვა და ისიც ან შეუსაბამოდ პასუხობდა, ან დუმდა, მაგრამ სოკრატეს, რომელიც ჩვეული იყო ხალხისთვის არა მატერიალური სურვილები, არამედ ზნეობრიობა დაემტკიცებინა, თავი ღირსეულად ეჭირა და არ ეძებდა შეწყნარებას, რადგან იცოდა შეწყნარებას, რადგან იცოდა რომ ნაფიც მსაჯულებს გულს ვერ მოულბობდა სიღარიბით, ვერც სიბერითა და ვერც თავისი სამი შვილის შეხსენებით, რომლებიც უნდა დაობლებულიყვნენ. თავის სიმართლეში დაჯერებული აცხადებდა, რომ მომავალშიც მოქალაქეთა აღზრდას არ შეწყვეტდა. არაფერს მალავდა, – სასამართლოს იმ ორაკულზეც შეახსენა, უბრძნესად რომ აღიარეს; იმ იდუმალ ხმაზეც, მას რომ უღირსი საქციელისგან თავს აკავებინებდა; იმაზეც, რა მამაცად უმკლავდებოდა ოცდაათთა ტირანიას, რომ იგი სპეციალურად არ ასწავლიდა ვინმეს და ფულიც აროდეს აუღია. მოწმედ თავისი მეგობრები მოიყვანა, გულის ფანცქალით რომ უსმენდნენ მას. იქ იყვნენ მოხუცი კრიტონი და მისი ძე კრიტობული, ესქინე სფეტადან მამასთან ერთად, ანტითონე და ნიკოსტრატე. იქვე იყო აპოლოდორე ძმასთან ერთად და არისტონეს ძენიც, ადიმანტი და პლატონი. სასამართლოსაგან სოკრატე არ ითხოვდა ჭეშმარიტების დაფარვასა და ფიცის გატეხას, იგი მხოლოდ სამართალს ეძებდა.გამოცხადდა შესვენება და საქმის განხილვის შემდგომ მსაჯულებმა საბრალდებო დასკვნა დამოიტანეს. სოკრატეს სიამაყემ ზოგიერთი გააღიზიანა კიდეც, რადგან იგი არც ტიროდა და არც სეწყნარებას ითხოვდა. სხვანი აპოლონის მიერ ბრძენთაბრძენად გამოცხადებულსა და რაღაც დემონური ხმის მქონეს უფრთხოდნენ, ზოგს სოკრატეს თავმდაბლობა და ურყეობა, თავის სიმართლეში სიმტკიცე არ მოსწონდა. პლატონის მოწმობით სოკრატეს გასამართლებას 221 ადამიანმა მისცა ხმა. წინააღმდეგ კი 280-მა. მას სულ რაღაც 30 ხმა დააკლდა, ვინაიდან გასამარტლებლად 501-დან ნაფიც მსაჯულთა მინიმუმ 251 ხმა იყო საჭირო. ათენის კანონების თანახმად, ბრალმდებელი1/5 ხმას თუკი ვერ მოაგროვებდა, ვალდებული იყო, ქრთამის სახით 1000 დრაჰმა გადაეხადა და შემდგომ უფლება აღარ ჰქონდა, სასამართლოში მსგავსი სარჩელი შეეტანა. მხოლოდ ორმა ბრალმდებელმა – ანიტემ და ლიკონმა – ხმების აუცილებელი რაოდენობა მოაგროვა. მელეთმა თავის წერილობით ბრალდებაში სოკრატეს სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ათენის კანონებით ბრალდებულს უფლება ჰქონდა, სასჯელის ფორმა თვით შეერჩია და სოკრატემ მისთვის ჩვეული ირონიით თავის თავს, სიბერეშიც კი მთელი ძალები ათენელ მოქალაქეთა აღზრდას რომ შეალია, პრიტანიაში, საზოგადოებრივ ხარჯებზე სამარადისო სადილი შესთავაზა, რაც განკუთვნილი იყო ოლიმპიური თამაშობების ათლეტების ჯილდოდ. მსაჯულნი აღაშფოთა ამ დაცინვამ და ახმაურდნენ ისე, როგორც მაშინ, როცა სოკრატე სიტყვას წარმოთქვამდა. სოკრატე განაგრძობდა. იგი მზად იყო, გადაეხადა ჯარიმა ერთი მინა, მისი ქონება კი ხუთ მინად შეფასდა. მაგრამ იქ მყოფი მეგობრები, კრიტონი, კრიტობული, აპოლოდორე და პლატონი სთხოვდნენ, მსაჯულთა მოსათაფლავად – ჯარიმად 30 მინა დაენიშნა, თავდებობას კი თვითონ კისრულობდნენ. ისინი შეძლებული ადამიანები იყვნენ და იმედი ჰქონდათ ფულის დროულად შეტანისა. სასამართლო ჯარიმით არ დაკმაყოფილდა. სოკრატეს ირონიით შეურაცხყოფილ მსაჯულთაგან სიკვდილით დასჯას მისცა ხმა ახლა 80-ით მეტმა. საბრალო აპოლოდოერემ სასიკვდილო სასჯელის გამოტანის შემსდგომ სოკრატეს შესტირა: „ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, სოკრატე, სიკვდილი ერომ უსამართლოდ მოგისაჯეს,“ რაზეც სოკრატემ უპასუხა: „შენთვის სასიამოვნო იქნებოდა, რომ განაჩენი სამართლიანი ყოფილიყო?“ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე პლატონი შეეცადა მსაჯულების შეგონებას. კიდეც ააღწია ფიცარნაგზე და დაიწყო ლაპარაკი: „ძირს! ძირს! ისღა გვაკლია, საპატიო სასამართლოს არისტონის შვილისთვის მოგვესმინა, მისი უახლოესი ნათესავისთვის, ვინაც ამ რამდენიმე ხნის წინ, ვინაც ამ ერამდენიმე ხნის წინ ოლიგარქიას მოთავეობდა…“სოკრატე მშვიდად იყო. მან თქვა, რომ ბუნებამ დაბადებიდან ისევე, როგორც ყველა ადამიანი, ისიც სასიკვდილოდ გაწირა. სიკვდილი კი კეთილდღეობაა, ვინაიდან საშუალებას იძლევა, არარაობად იქცე და ვერაფერს გრძნობდე ან, თუ ვირწმუნებთ საიქიო ცხოვრებას, სახელოვან ბრძენთ და წარსულის გმირებს შეხვდე. იგი მზად არის ადამიანიც გამოსცადოს და მისი ბინადარნი, ანუ ვინაა მათ შორის ბრძენი და ვინ ბრძნად გვაჩვენებდა თავს. პატისვს სცემდა რა ათენელების გადაწყვეტილებებს. მან ითხოვა შვილებზე მზრუნველობა და მათი პატიოსან გზაზე დაყენება ისე, როგორც თვითონ სოკრატე ზრუნავდა მოქალაქეების ზნეობრივ ცხოვრებაზე. მაგრამ უკვე აქედან უნდა წავიდეს, – დაასრულა მან, „მე სიკვდილში, თქვენ კი კვლავ სიცოცხლე განაგრძოთ, ხოლო რომელია აქედან უმჯობესი, ღმერთის გარდა არავინ უწყის“. სოკრატემ ახალ მამხილებელთა მოსვლა უწინასწარმეტყველა მათ, – რაც უფრო ახალგაზრდანი არიან, მით უფრო მკაცრნი იქნებიან ისინიო, უსამართლობის მათებური მხილება ყველაფერზე აღმატებული იქნება, რასაც აქამდე ვაკეთებდიო. ისინი, ვინც მოხუცი ფილოსოფოსი აწამა, პასუხს აგებენ სამართლიანობის დარღვევისათვის და მალე შეემთხვევათ უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე სატანჯველი, რომელიც სოკრატეს მიუსაჯესო. გადმოცემით, სოკრატეს ბრალმდებლებს მისი წინასწარმეტყველება აუხდათ; მოგვითხრობენ, რომ გონს მოსულმა ათენელებმა ქალაქიდან გაყარეს ისინი, აღუკვეთეს „პური და წყალი“. ბოლოს კი მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და თავი ჩამოიხრჩეს. შთამომავლებს უნდოდათ, რომ სოკრატეს მკვლელებს ოდესმე სამაგიერო მიზღოდათ და აი, შეიქმნა ლეგენდა, რომ ანიტე, მთავარი შემგულიანებელი და მდევნელი, მოკლეს – ქვით ჩაქოლეს და საშინელი წამებით გარდაიცვალა. მაგრამ რაღას აქნევდა სოკრატე მასზე შექმნილ ლეგენდებს! სასამართლო გადაწყვეტილებით სოკრატე ციხეში გაგზავნეს. განაჩენი მთელი თვის განმავლობაში ვერ აღასრულეს, ვინაიდან გემი, ყოველწლიურად ღვთაება აპოლონის სამშობლოში რომ იგზავნებოდა წმინდა ელჩობა „ფეორიით“, ჯერ არ დაბრუნებულიყო. ხოლო მაშინ, როცა დელოსზე ფეორია ათენელი გმირის ტესეიას პატივისცემით იმყოფებოდა, სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა. ასე ცხოვრობდა სოკრატე სატუსაღოში კიდევ მრავალი დღე გარდუვალი სიკვდილის მოლოდინში. მას აკითხავდნენ მეგობრები. მოხუცი კრიტონი არწმუნებდა, გაქცეულიყო და სადმე თავი შეეფარებინა, ათენიდან შორს, თუნდაც თესალიაში, სადაც მას უკვე ელოდნენ. ცნობილი ფილოსოფოსი პითაგორელები ფივიდან სიმია და კებეტი მზად იყვნენ, მეგობარს დახმარებოდნენ და გადაეხადათ მისთვის, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევდნენ. ყველაფრიდან ჩანს, რომ თვით საპყრობილეს ზედამხედველები სასამართლოს უსამართლობით შეშფოთებულიყვნენ და ტუსაღს გულმოდგინედ არ იცავდნენ. ერთგული მოწაფეები ყოველდღიურად სტუმრობდნენ სოკრატეს. ისინი სასამართლოს შენობასთან იკრიბებოდნენ, ციხის კარის გაღებისთანავე მასწავლებელთან შედიოდნენ და მთელ დღეს მასთან ატარებდნენ. აი, დაირხა ხმა, რომ გემი დელოსიდან მეორე დღეს დაბრუნდებოდა და კრიტონი აჩქარებდა სოკრატეს, გადაეწყვიტა, რადგან გასაქცევად ყველაფერი მოგვარებული იყო. მაგრამ სოკრატე არ შედრკა. როგორ დაეტოვებინა ქალაქი, სადაც დაიბადა, აღიზარდა, განათლება მიიღო? მამა-პაპათა კანონები? განა ისინი აპატიებდნენ სიმხდალეს? რას იტყოდა ხალხი, რომელთაც სოკრატე ჭკუას არიგებდა და შეაგონებდა? არა, სიკვდილს ღირსეულად უნდა შეხვდეს და წინ არ აღუდგეს სიავეს, რომელიც მას მშობლიურმა ქალაქმა მიაყენა. არ შეიძლება ბოროტებას ბოროტებითვე მიუზღა, კანონი და ქვეყნის ადათი დაარღვიო. სიტყვათა ექო, რომლითაც თითქოს სოკრატეს მიმართავდა კანონი, მის გულში ხმას გამოსცემდა როგორ ებრალებოდა მოხუცი კრიტონი, მაგრამ საუკეთესო არჩევანი იყო, წმინდა ელჩობის ჩამოსვლას მორჩილად დალოდებოდა. როგორც სოკრატემ იწინასწარმეტყველა, ხომალდი კრიტონთან საუბრის მეორე დღეს ჩამოვიდა. მეგობრები ჩვეულებრივზე ადრე შეიკრიბნენ; უნდოდათ, მასწავლებელთან უკანასკნელი შეხვედრა გაეხანგრძლივებინათ. აქ იყვნენ ფედონი და აპოლოდორე, კრიტობული მამასთან ერთად, ჰერმოგენე და ესქინე, ანტისთენე და მენექსენე, ეპიგენე და კტესიპა; კლეომბროტე და არისტიპე ამ დროისათვის კუნძულ ეგინეზე იმყოფებოდნენ. მტანჯველი მოვლენების შემდეგ პლატონი ავადმყოფობდა. სამაგიეროდ, ფივიდან მივიდნენ ერთგული სიმია და კებეტი, მეგარიდან – ევკლიდე და ტერპსიონე, აგრეთვე ფედონი. ციხის ზედამხედველმა ტერთმეტმა არქონტმა ხელი მოაწერა, სასჯელი იმავ დღეს აღსრულებულიყო. მათი ბრძანებით სოკრატეს ხუნდები ახსნეს და და საწოლზე მჯდომმა სოკრატემ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეშუპებული ხელი სიამოვნებით დაიზილა. მისი ცოლი, ქსანტიპა იქვე მოთქვამდა. ხელში უმცროსი ვაჟი ეჭირა. სოკრატემ კრიტოსს სთხოვა, სახლში წაეყვანა უბედური, თვითონ კი მეგობრებს სულის უკვდავებაზე, საიქიოში თავის ბედზე აუღელვებლად ესაუბრებოდა. საუბრობდა იმაზე, რა მშვენიერი და კაშკაშა წარმოედგინა ჭეშმარიტი ცა და მიწა. სოკრატე დარწმუნებული იყო, როცა ციკუტას დალევდა, შხამი მას მოაკვდინებდა, იგი ნეტართა ბედნიერ მხარეში გადაინაცვლებდა. მეზობელ ოთახში განიბანა, შვილებს და ნათესავებს გამოეთხოვა, უბრძანა, შინ დაბრუნებულიყვნენ. მზე ჩადიოდა. აი, გამოჩნდა თერთმეტის მსახური, როგორც მოსალოდნელი სიკვდილის გაფრთხილება. ხოლო სოკრატემ ამ უბადრუკ მაცნეს მისთვის დამახასიათებელ კეთილგანწყობით თავაზიანი კაცი უწოდა და ოდინდელი წესით შენდობა სთხოვა. მოვიდა კაცი მონითურთ. მას ხელში მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა ეჭირა. მოხუც ფილოსოფოსს აუცილებელი რჩევა – დარიგება მისცა, – შხამი უნდა შესვა და იარო, ვიდრე ფეხები არ დაგიმძიმდება, შემდგომ წამოწვე და დაელოდო, საწამლავი გულამდე ავიდეს და გულისცემაც შეწყდებაო. სოკრატემ თასი აუჩქარებლად აიღო ხელში და იოლად დაცალა. მეგობრები მის ირგვლივ გულამოსკვნილნი ტიროდნენ. გულსაკლავად ღრიალებდა აპოლოდორე. სოკრატემ ისინი შეარცხვინა კიდეც, სიკვდილი მოკრძალებულ მდუმარებაშია მართებულიო. იგი ჯერ დადიოდა, შემდგომ მიწვა და უკვე ვეღარ გრძნობდა მის გაციებულ სხეულს თითებით როგორ სინჯავდა მსახური. და უცებ, სასიკვდილო სიცივე გულს რომ მიუახლოვდა, სოკრატემ უკანასკნელად ამოთქვა: „კრიტონ, ასკლეპიოსის მამალი გვმართებს, შესწირეთ, არ დაგავიწყდეთ“. – „უსათუოდ, – გამოეხმაურა კრიტონი, – კიდევ რამე ხომ არ გინდა თქვა?“ მაგრამ სოკრატეს პასუხი არ გაუცია. მზერა გაუშტერდა. კრიტონმა თვალები დაუხუჭა და პირი დაუხურა. სიკვდილის წინ თითქოს გამოჯანმრთელდა და მისი სული, მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლებული, მარადისობას შეუერთდა, უკანასკნელი ამოსუნთქვისას სწორედ ამიტომ გაახსენდა მსხვერპლი, რომელსაც მკურნალ ღვთაებას, ჯანმრთელობის მომნიჭებელ ასკლეპიოსს სწირავდნენ.

მარტოდმარტო ჭეშმარიტების ძიების გზაზე

პლატონი მარტო დარჩა, მაგრამ სოკრატესთან რვაწლიან მეგობრობას ფუჭად არ ჩაუვლია. სოკრატეს სიკვდილის შემდეგ მისი ყველა მოწაფე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, ყოველი მათგანი თავისი გზით მიდის და მასწავლებლის იმ იდეებს ანვითარებს, მათ სულს რომ ეთანაზიარებოდა. ზოგმა მშობლიურ მხარეს მიაშურა და იქ საკუთარი სკოლა დაარსა, სხვანი უცხო ქვეყნებში გაემგზავრნენ. ერთნი ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდნენ და თავიანთი მასწავლებლის მსგავსად სიბრძნეს ასწავლიდნენ, ხოლო ისინი, ვინც საკუთარ თავში ჩაიკეტნენ, სოკრატეს მცნებების განხორციელებას სათნო და პატიოსანი ცხოვრებით ცდილობდნენ. სოკრატეს უსაყვარლესი მოწაფე, 18 წლის ფედონი, ოდესღაც სპარტელ-ელადელთა ომის დროს მონობიდან მასწავლებლის მეოხებით რომ გამოისყიდეს, მშობლიურ ელადაში ბრუნდება, აარსებს სკოლას, სადაც გაიცნობს თავისი საქმის გამგრძელებელ მენედემეს. ვკლიდე და ტერასიონი მეგარაში დასახლდნენ. ევკლიდესთან ჰპოვეს საყუდარი აგრეთვე ათენის ხელისუფლების მოქმედებით შეშინებულმა პლატონმა და სოკრატეს სხვა მიმდევრებმაც. კირენით და ათენელებით უკმაყოფილო არისტიპე უგზოუკვლოდ ხეტიალს სიცილიაში, ტირან დიონისეს სასახლის კარზე ამთავრებს. იქ სფეტელ ესქინეს ხვდება, რომლის თხზულებებში სოკრატეს იდეები სიტყვა-სიტყვითაა გაცოცხლებული. Bბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ ამ დიალოგებს თვით სოკრატე ფარულად წერდა, ხოლო მისმა ქვრივმა – სქანტიპამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ისინი ესქინეს გადასცაო. ესქინე დიდხანს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ვიდრე სიცილიაში არ დასახლდა. ანტისთენემ თავისი მიმდევრები ათენის სიახლოვეს, კინოსარგის გიმნაზიასი შეკრიბა, საიდანაც შემდეგ მთელ ანტიკურ სამყაროში გავრცელდა კინიკების ფილოსოფია. ქსენოფონტე, რომელიც სპარტაში გამოჩენილი კაცი და ყველასათვის სასურველი სტუმარი გახლდათ, სპარტელ მეფესა და ათასეულის მხედარმთავარ აგესილაეს დაუმეგობრდა. საჩუქრად ელიდთან ახლოს მდებარე მამული – სკილუნტი მიიღო, სადაც მშფოთვარე ახალგაზრდობის შემდეგ მეურნეობას მიჰყო ხელი. აქვე წერდა `მოგონებებს სოკრატეზე~ და ისტორიულ შრომებს. სპარტელებთან მეგობრობის გამო მისთვის გზა ათენისკენ მრავალი წლით გადაიკეტა. ათენში შინ მჯდომი მხცოვანი კრიტონი კვლავინდებურად ფილოსოფოსობდა და, როგორც გადმოგვცემენ, ერთ წიგნად სეკრული თორმეტი დიალოგი დაწერა. პლატონს, ვერაფრით რომ ვერ შეგუებოდა სოკრატეს სიკვდილს, ათენში დარჩენა აღარ შეეძლო. იგი ევკლიდესთან გაემგზავრა მეგარაში, სადაც სოკრატეს მეგობრები შეკრებილიყვნენ, როგორც ირკვევა, უკანასკნელად, რათა კიდევ ერთხელ განეცადათ საერთო სატკივარი, გული მოეოხებინათ და სამუდამოდ გამომშვიდობებოდნენ ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა ქალაქებში გაფანტვა ეწერათ ბედად და ერთურთს ვეღარასოდეს შეხვდებოდნენ. ძველთაძველი ტრადიციის მიხედვით, ნაღდ ფილოსოფოსად ის ითვლებოდა, ვინც სიბრძნეს იქ დაეწაფებოდა, სადაც ჭეშმარიტებას იცნობდნენ, როგორც უხსოვარ დროიდან არსებულ სუბსტანციას, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფოსს ბევრი უნდა ემოგზაურა; მეცნიერებანი, ფილოსოფია და რელიგია შეესისხლხორცებინა; უცხო ქვეყნების ზნე-ჩვეულებანი შეესწავლა. სწორედ აქ შორდებიან ერთურთს პლატონის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ცნობები. ერთნი ამტკიცებენ რომ იგი ბაბილონს სწვევია, სადაც ასტრონომია შეუსწავლია; შემდეგ ასურეთში ჩასულა და მაგების დიად ცოდნას ზიარებია; სხვათა მონათხრობით, მან ფინიკია და იუდეაც მოიარა, იქაურ კანონებისა და რელიგიის შესახებ ცნობებს აგროვებდა თურმე. ბევრნი ფიქრობენ, რომ გვერდს ვერ აუვლიდა ეგვიპტეს, ქვეყანას, ერთ დროს სოლონი და ჰეროდოტე რომ განაცვიფრა. პლატონი კარგად იცნობდა ჰეროდოტეს ისტორიას, სადაც ავტორს ეგვიპტე აქვს აღწერილი და როგორ არ გაუდგებოდა თავისი წინაპრის – სოლონის გზას, ვინაც სიბრძნე თებეში, ჰელიოპოლში და საისში ეგვიპტელ ქურუმებთან შეიძინა. სოლონი ჰელიოპოლში ფსენოფისს ხვდებოდა, საისში კი – სონხოსს. ორივენი ფრიად განსწავლულ ქურუმებად ითვლებოდნენ, თავიანთი ხალხის სიძველითა და ზეპირი გადმოცემებით ამაყობდნენ, და ბერძენი ერი ჯერ ისევ ჩვილად მიაჩნდათ. `აჰ, სოლონ, სოლონ!-წამოიძახა ერთმა ეგვიპტელმა უხუცესმა, თქვენ ელინები, მუდამ ბავშვებად რჩებით და არ არსებობს უხუცესი ელინთა შორის!~ ეგვიპტელი ქურუმის აზრით, ყველა ელინი ჭკუა – გონებით ყრმაა, რადგან მათი მეხსიერება არ ინახავს გადმოცემებს, რომლებიც თაობიდან თაობაში უნდა გადადიოდეს, არც უძველეს მოძღვრებებს, დროისგან რომ გაჭარარავებულაო. სოლონს ეგვიპტელმა ქურუმებმა ატლანტიდისა და ატლანტებს შორის ატეხილ სისხლისმღვრელ ომზეც უამბეს. ასე რომ, პლატონის ეგვიპტეში მოგზაურობა გასაკვირი არცაა, მით უმეტეს, რომ ეგვიპტე იქვეა. ბერძნები დროდადრო ჩადიოდნენ იქ და აფრიკის ჩრდილოეთში კოლონიებს აარსებდნენ. ვარაუდობენ რომ პლატონი ეგვიპტეში მარტო არ გამგზავრებულა, მას მისი ახალგაზრდა მოწაფე, მომავალში სახელგანთქმული გეოგრაფი და ასტრონომი ევდოქსი ახლდა. მასთან ერთად გამგზავრებას თითქოს პითაგორელი სოკრატეს მეგობარი სიმია თებელიც აპირებდა. შესაძლოა 408 წელს დაბადებული, 18 წლის ახალგაზრდა ევდოქსი 35 – 36 წლის მასწავლებელს თან ხლებოდა. ჰელიოპოლში 300 წლის შემდეგაც ახსოვდათ ის სახლი, სადაც, გადმოცემით, პლატონი და ევდოქსი ცხოვრობდნენ. არსებობს ცნობა, რომ პლატონი ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ-მდეDVII ს – ში ჩრდილო აფრიკაში ბერძნების მიერ დაარსებულ ქალაქ კორენას სწვევია. ცნობილი მათემატიკოსები თეოდორე და არისტიპე წარმოშობით ამ ქალაქიდან იყვნენ. გადმოცემით, პლატონმა ტეოდორე მოინახულა. ერთხანს მისგან მათემატიკას სწავლობდა, როგორც სოკრატე. თეოდორე პითაგორელებტან იყო დაახლოებული და პლატონიც ტანდათან დაუახლოვდა იმ ფილოსოფოსებს, ასკეტურად რომ ცხოვრობდნენ და რიცხვებს ადამიანური და კოსმიური ყოფის სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ტარენტელ არქიტომტან ტყუილუბრალოდ როდი მეგობრობდა პლატონი. მან იტალიის სამხრეტ ნაწილსი იცხოვრა, სიცილიის დარად ოდითგან ბერძნებით რომ იყო დასახლებული დეა რომელიც სემდგომ დიდ საბერძნეტად იწოდა. პითაგორელები მდიდარ სავაწრო ქალაქებში; კრიტონში, მეტაპონტესი და ტარენტესი ჯერ კიდევ VI – V საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. ნახევრად ლეგენდარული პითაგორა კროტონში დასახლდა და იქ მრავალი წელი მასწავლებლობდა. პითაგორამ პირველმა იხმარა ტერმინი `ფილოსოფოსი~. ტირან პოლიკრატეს კითხვაზე, ვინ არის იგი, მან უპასუხა: – მე არ ვარ ბრძენი (სოპჰოს), მე ვარ სიბრძნის მოყვარული (პჰილოსოპჰოს), ფილოსოფოსი. პითაგორელების მოძღვრება დიდად განთქმული და ერთობ მიმზიდველი იყო. იგი მარადისობის წინაშე სულთა თანასწორობას ქადაგებდა, კრძალავდა ნებისმიერი ცოცხალი არსების განადგურებას, ზღუდავდა ადამიანში ძალადობას, ვნებას, რათა არ დათრგუნულიყო წმინდა ადამიანური გულისთქმანი. პითაგორელები ყველაზე მეტად ეთაყვანებოდნენ რიცხვს და რიცხვულ დამოკიდებულებებს. მთელი გარემომცველი სამყარო მათთან სიმბოლოებითაა გამოხატული და ციფრთა თანაფარდობითაა განსაზღვრული, რაც სამყაროს მათემატიკურად გააზრებასა და ზუსტ მეცნიერებათა განვითარებას უწყობდა ხელს. პითაგორელების მკაცრი ცხოვრების ნირი, ფილოსოფიური ჭვრეტა, ადამიანისადმი კეთილგანწყობა, სიკეთისაკენ ლტოლვა, სხვებისადმი დახმარების სურვილი მათთან უამრავ ხალხს იზიდავდა. თავიანთი რელიგიურ ეტიკური ქადაგებებით, შეიძლება ითქვას, შეიძლება ითქვას, ისინი თავიანთი `კალოაღათოსის~ შექმნასა და საზოგადოების გარდაქმნას ცდილობდნენ. მათი ფილოსოფია პრაქტიკულ ცხოვრებასთან იყო შერწყმული, რომელიც ადამიანს იმ უცილობელ ხვედრისკენ მავალ ღირსეულ გზას უჩვენებდა, რასაც სიკვდილი ჰქვია. ტირანიით განთქმული დიდი საბერძნეთის ბერძნული პოლისები ფულიანი, ფხიანი რადიკალური დემოკრატიის ხელმძღვანელობით ვითარდებოდა, დემოკრატიისა, დაპყრობით ომებს რომ ეწეოდა და ძველ, ჰუმანურ იდეალებს თანდათან კარგავდა. ამიტომაც, პითაგორელთა მოძღვრება მდიდრებს, განცხრომაში მყოფთ, ამორალურ და სკეპტიკოს ადამიანებს აღიზიანებდა, რადგანაც გრძნობდნენ მისგან მომავალ საფრთხეს. პითაგორელებმაც იგრძნეს საშიშროება და ფარული კავშირი შექმნეს. მათ საზოგადოების წევრთა მეშვეობით თავიანთი გავლენა მრავალ ქალაქში განავრცეს, სადაც მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და ფარულ პოლიტიკასაც წარმართავდნენ. ჰოდა, კრიტონში პითაგორელების მოღვაწეობას ვინმე კილონი, ცნობილი და მდიდარი კროტონელი, იამბლიქოსის თქმით, `მძვინვარე მოძალადე, მოუსვენარი და სასტიკი კაცი~ მიმდევრებითურთ დაუპირისპირდა. პითაგორელების სახლები დაარბიეს და გაძარცვეს. ბევრი დაიღუპა. პითაგორელების სახლები მეტაპონტეშიც გადაწვეს და, გადმოცემით, მხოლოდ მოხერხებული ახალგაზრდები ფილოლაე და ლისისი გადარჩნენ. ეს ამბები დიდი ხნის წინანდელია, მე V ე საუკუნის შუა ხანების. პითაგორელთა კავშირმა, როგორც ერთიანმა და მტკიცემ, თავისი არსებობა ჯერ კიდევ პლატონის დაბადებამდე შეწყვიტა. ამ მოვლენების შემდეგ პითაგორელები საბერძნეთში გადასახლდნენ, ფილოლაოსი – თებეში ხოლო ექეკრატე – პლიუნტში. ეს ის ექეკრატეა, ფედონი რომ სოკრატეს სიკვდილზე უამბობდა. ზოგი მათგანი მრავალი წლის შემდეგ იტალიაში დაბრუნდა, სახელდობრ ტარენტეში, პითაგორელთა მთავარ ცენტრად რომ იქცა. პლატონის დროს პითაგორელები პოლიტიკაში არ ერეოდნენ. ისინი ასტრონომები, მექანიკოსები, მათემატიკოსები, გეომეტრები და მუსიკოს აკუსტიკოსები იყვნენ. ბევრი მათგანი თავის განსწავლულობის, ზნეკეთილობის წყალობით დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ხელიისუფალნი მათ ადგილსამყოფელს ეძებდნენ, რომ მოესმინათ. ბრძენ პითაგორელებს, უდიდეს საიდუმლოთა თანაზიართ ეთაყვანებოდნენ. სახელმწიფო მოღვაწის პრესტიჟი წარმოუდგენლად იზრდებოდა თუკი იგი თვით მისდევდა ფილოსოფიას ან მფარველობდა ფილოსოფოსებს. გასაგებია, პლატონმა რად ვერ აუარა გვერდი ტარენტას, სადაც ცხოვრობდა და ფილოსოფოსობდა ცნობილი არქიტი, ვინაც არიტმეტიკა, გეომეტრია და ჰარმონიული პროგრესია პირველმა განასხვავა ერთმანეთისაგან და კუბის გაორკეცების პრობლემაც გადაჭრა. ცნობილია მისი მათემატიკური ძიებანი მექანიკისა და მუსიკის სფეროში; მან პირველმა წარმოადგინა მანქანების მოძრაობა გეომეტრიული ნახაზებით; აკუსტიკურ ცდებსაც ატარებდა. განსაცვიფრებელია არქიტის საბრძოლო ტალანტიც. იგი არაერთხელ ყოფილა სტრატეგი. პირველსავე ბრძოლაში, როცა იგი გადააყენეს, ტარანტელები დამარცხდნენ. მრავალი ასეული წლის შემდეგ განთქმული რომაელი არქიტექტორი და სწავლული ვირტუვიუსი ფილოლაოსზე და არქიტზე დაწერს: `ისინი ბუნებამ იმგვარი მახვილი, სხარტი გონებით და შესაშური მეხსიერებით დააჯილდოვა, შეძლეს, სრულყოფილად სცოდნოდათ გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა და სხვა დისციპლინები… ასეთი ადამიანები იშვიათნი არიან…~ პლატონის და პითაგორელების მეგობრობა ნაყოფიერი გამოდგა ფილოსოფოსისათვის. პითაგორელებმა თავიანთ მოძღვრებაში ასახეს ანტიკური ადამიანის სწრაფვა ლოგიკური აზროვნებისა და სამყაროს, მისი სივრცით-გეომეტრიული და სტრუქტურულ-რიცხვითი დამოკიდებულებების მატემატიკურად, ზუსტად აღქმისაკენ. თუკი სოკრატემ პლატონში ცოდნისა და ზნეობრივი იდეალისაკენ მსწრაფი ადამიანისადმი პატივისცემა დანერგა, პითაგორელებმა მას მკაფიო აზროვნება, თეორიის მწყობრად აგება და საგნის თანმიმდევრული და ყოველმხრივი განხილვა ასწავლეს. პლატონი სოკრატეს სიკვდილის შემდეგ, IV ს-ის 90-იან წლებში, მთელი 10 წელი მოგზაურობდა და ბოლოს. 389-387 წლებში, სიცილიაში ჩავიდა.

წყარო: ნოდარ შანიძეhttp://shan-sulkalmaxi.blogspot.com


Responses

  1. როგორია მათემატიკის მიმართება ბუნებასთან პლატონის თანახმად? შეგიძლიათ ამის პასუხი რომ მითხრატ?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: