Posted by: burusi | 03/06/2012

ლევან ზ. ურუშაძე – მეცნიერული არაკეთილსინდისიერების ნიმუში

ლევან ზ. ურუშაძე – მეცნიერული არაკეთილსინდისიერების ნიმუში

2010 წელს გამომცემლობამ “ნეკერი” გამოსცა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მომზადებული სქელტანიანი (469 გვ.) კრებული “ანტისაბჭოური სიტყვიერება (1921-1991)”, “ავტორებად” მოხსენებულნი არიან რუსუდან ჩოლოყაშვილი, ეკა ჩხეიძე, ნინო ბალანჩივაძე, ნესტან რატიანი და ირმა ყველაშვილი მაშინ, როდესაც ისინი, რეალურად, არიან შემდგენლები და არა ავტორები ამ წიგნისა. გამოცემის რედაქტორია ზემოხსენებული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი. პროექტი დაუფინანსებია რუსთაველის ფონდს (გრანტი #027-08).

შემდგენელნი ხაზგასმით მიუთითებენ, რომ გამოცემა წარმოადგენს “ზეპირი ისტორიების” და “გადმოცემების” კრებულს, თუმცა, წიგნში წარმოდგენილი მასალის უდიდესი ნაწილი რეალურად ძალზე შორსაა ფოლკლორისაგან. ლიტერატურის ინსტიტუტის კოლექტივს ის თუ ვერ გაურკვევია, თუ რას ნიშნავს “ზეპირი ისტორიები” და “ხალხური სიტყვიერება”, ცუდად გვქონია საქმე. დღემდე ვიცოდი, რომ ხალხურ ლექსს, ფოლკლორის ნიმუშს არ შეიძლება ყავდეს ერთი კონკრეტული ავტორი …

“საბჭოთა სისტემაზე სიმართლის ცოდნა დღეს აუცილებელია, ჯერ ერთი, ქვეყნის ისტორიის სწორად გასააზრებლად და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ მსგავსი საშინელება აღარასოდეს არსად განმეორდეს. ეს სინამდვილე კი ძირითადად ზეპირმა გადმოცემებმა, ანეკდოტებმა თუ სიტყვიერების სხვა ნიმუშებმა შემოგვინახა. ამდენად, დღეისათვის უკვე აუცილებლობამ განაპირობა მოძიება და დაფიქსირება იმ ანტისაბჭოური სიტყვიერებისა, რომელშიც ასახულია საქართველოს რეალური ყოფა მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე … დღეს უკვე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებამ ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სერიოზული მუშაობა ჩაატარა, რისთვისაც მოვიძიეთ ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშები, რომლებშიც მოთხრობილია საქართველოში ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმისათვის ნიშანდობლივი ამბები” – აღნიშნავს წიგნის შესავალში მისი ერთ-ერთი შემდგენელი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების გამგე რუსუდან ჩოლოყაშვილი (გვ. 11).

ამდენად, სავსებით ცხადია, რომ განსახილველ წიგნში სწორედ ფოლკლორთან გვაქვს საქმე.

სრული აბსურდია ქ-ნ რ. ჩოლოყაშვილის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაზე სინამდვილე ძირითადად ასახულია ზეპირ გადმოცემებში, ანეკდოტებსა და სიტყვიერების სხვა ნიმუშებში. რეალურად, დიდძალი და უაღრესად მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც ასახავს ამ სინამდვილეს, არის ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა ნაშრომები, რომლებიც გაბნეულია როგორც ცალკე გამოცემებში, ისე ემიგრანტულ პერიოდიკაში. ყოველი მათგანი იყო უშუალო თვითმხილველი ამ ნაშრომებში აღწერილი მოვლენებისა. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა წარმოადგენდა ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განუყოფელ ნაწილს. გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში სისტემატურად, ფსევდო-ნიმებით ქვეყნდებოდა ის მასალები, რომლებიც ფარულად, კონსპირაციული გზებით იგზავნებოდა საქართველოდან. გარდა ამისა, საქართველოს არქივებში, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, დაცული საგამოძიებო საქმეებისა და მათზე დართული მტკიცებულებების ზედმიწევნითი კრიტიკული ანალიზი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებული სიმართლის დადგენის საშუალებას იძლევა. ზემოთქმულს ემატება ის გარემოება, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ გამოქვეყნდა ქართველ მკვლევარ ისტორიკოსთა აღნიშნული პრობლემებისადმი მიძღვნილი არაერთი საყურადღებო ნაშრომი. ამდენად, ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული მასა¬ლის ფოლკლორად, ზეპირსიტყვიერებად, მით უმეტეს, – ანეკდოტებად და გადმოცემებად მიჩნევა სრული უმეცრებაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვერასგზით ვერ ჩაითვლება ფოკლორის ნიმუშებად კოტე ელიოზიშვილის 1918 წლის 10 თებერვლით დათარიღებული წერილი (გვ. 16-17), მიხეილ ლაბაძის ნაშრომი (გვ. 17-21), ამონარიდი ჯონდო გვასალიას ნაშრომიდან (გვ. 22-23), ვლადიმერ ჯაფარიძის წერილები (გვ. 23-30), გაზეთის “კალმასობა” პუბლიკაცია (გვ. 73-74), ამონარიდი ნიკო ჯავახიშვილის მონოგრფიიდან (გვ. 79-81), ნაწყვეტი მიხა ხელაშვილის შესახებ ედიშერ გიორგაძის წიგნიდან (გვ. 81-84), ჩემი ნაშრომის დამახინჯებული ადგილების ყოვლად უგვანო მონტაჟი (გვ. 88-89), სიმონ მდივნის წერილი სამსონ ფირცხალავასადმი (გვ. 90-93), ამონარიდები რევაზ კვერენჩხილაძის ნაშრომიდან (გვ. 292-298), ამონარიდები როსტომ ჩხეიძის ნაშრომიდან (გვ. 299-300), ამონარიდი ლავრენტი ჯანიაშვილის მონოგრაფიიდან (გვ. 304-305), ამონარიდი ნაზირა ვაჩნაძის წიგნიდან (გვ. 305-38), ამონარიდი ნოდარ ჯალაღონიას წიგნიდან (გვ. 447-454), ამონარიდი გიორგი (გოგი) ოჩიაურის მოგონებიდან (გვ. 454-457) …

გამომდინარე ფოლკლორის კლასიკური განმარტებიდან, ფოლკლორს წარმოადგენს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, თქმულებები, გადმოცე¬მები, ანუ ის, რაც შემოინახა ერის, ხალხის ზეპირმა მეხსიერებამ. ამდენად, ფოლკლორის ნიმუშებად ვერ ჩაითვლება განსახილველ წიგნში გამოქვეყნებული კონკრეტული პიროვნებების მოგონებები, რომლებიც ჩაიწერეს წიგნის შემდგენლებმა.

რეალურად, ფოლკლორად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ის რამდენიმე ანეკდოტი, რომლებიც განსახილველ წიგნშია გამოქვეყნებული …
ჩვენი გაკვირვება გამოიწვია ერთმა გარემოებამ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილება დაარსებულია 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლის, ბრწყინვალე მეცნიერისა და მამულიშვილის, პროფესორ ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ. განსახილველი წიგნის ავტორებმა ეს წიგნი გამოსცეს ისე, რომ მასში არაფერია ნათქვამი ამ დიდებულ, საბჭოთა სისტემის მიერ ჯვარცმულ ადამიანზე.

წიგნში, ჩემთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჩემი ავტორობით ჩართულია ერთგვარი `დომხალი” (გვ. 88-89), რომელიც წარმოადგენს ყოვლად უგვანო მონტაჟს ჩემი ერთ-ერთი პუბლიკაციის (`სტალინიზმი და საქართველოს ტრაგედია: 1921-1953~, გაზ. `ქართული უნივერსიტეტი~, #47-48, 2010) დამახინჯე¬ბული ადგილებისა. გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში კი გაკეთებულია ამგვარი ოდიოზური განმარტება: `მოგვაქვს ციალა ბრეგაძის სტატიის მიხედვით: `სტალინმა არაფერი იცოდა”, გაზ. “რაეო~, 2010, 21 იანვარი“ (გვ. 463).
`1926 წლის შემოდგომაზე თბილისში შეიქმნა “თეთრი გიორგის” პირველი კონსპირაციული ჯგუფი. ჯგუფს ხელმძღვანელობდა, 20-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე (გენო) ღვალაძე. ჯგუფმა იარსება 1937 წლის აგვისტომდე. როგორც ხელმძღვანელი, ისე მისი წევრები 1937 წელს ე.წ. შინსახკომის დიდი სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს ყველა. მეორე კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა 1928 წელს, რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკის ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მთელი შემადგენლობა 1930 წელს დააპატიმრეს და ამავე წელს დახვრიტეს.

ორგანიზაციის მესამე ჯგუფი შეიქმნა 1942 წელს, მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ ლევან აბდუშელიშვილი და ცნობილი მწერალი ლევან გოთუა. 1944 წელს ჯგუფის წევრები გაასამართლეს და სამს მიესაჯეს დახვრეტა, დანარჩენი გადაასახლეს სხვადასხვა ვადით.~ – აღნიშნულია განსახილველ გამოცემაში (გვ. 88. აქაც და ყველგან სტილი და პუნქტუაცია დაცულია – ლ.უ.).
ახლა კი ვნახოთ, როგორ გამოიყურება თქვენი მონა – მორჩილის ნაშრომის ეს ამონარიდი დედანში:

“1926 წლის შემოდგომაზე `თეთრი გიორგი”-ს პირველი კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა თბილისში. ჯგუფს ხელმძღვანელობდა 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე ევგენ (გენო) ღვალაძე. ჯგუფმა იარსება 1937 წლის აგვისტომდე, როდესაც მისი წევრები იქნენ დაპატიმრებულნი. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, ისე წევრები დახვრი¬ტეს 1937 წელს, ე.წ. შინსახკომის ე.წ. “დიდი სამეული~-ს გადაწყვეტილებით. “თეთრი გიორგი”-ს მეორე კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა 1928 წელს, პირველი რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკის ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მთელი შემადგენლობა დააპატიმრეს 1930 წელს და იმავე წელს დახვრიტეს. ორგანიზაციის მესამე ჯგუფი შეიქმნა 1942 წელს. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ ლევან აბდუშელიშვილი და ცნობილი მწერალი ლევან გოთუა. 1944 წელს ჯგუფის წევრები გაასამართლეს. სამს (აბდუშე¬ლიშვი¬ლი, სვანიძე, სუტა) მიესაჯა დახვრეტა, დანარჩენები გადაასახლეს სხვადასხვა ვადით. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ლევან (მუსტაფა) შელია იმავე ხანებში მოკლეს~.
განსახილველ წიგნში ვკითხულობთ: `1923-1925 წლებში ჩეკისტებმა მოკლეს ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი. მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ კოტე მაყაშვილმა წერილობით მიმართა პირადად სერგო ორჯონიკიძეს. მან უპასუხა – ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, ვაჟა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც ზედ დავაყოლებდიო~ (გვ. 88).
ვნახოთ, რას ვწერ მე ჩემ ნაშრომში:
`1923 და 1925 წლებში ჩეკისტებმა მოკლეს ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი (იხ.: საქართველოს შსს საარქივო სამმართველო, ფ. 6, საქ. 2370) და შესანიშნავი პოეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი მიხა ხელაშვილი. ლევან რაზიკაშვილის შეწყალების თხოვნით მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ კოტე მაყაშვილმა წერილობით მიმართა `ჩეკა~-ს და პირადად ს. ორჯონიკიძეს. ამ უკანასკნელმა ასე მიუგო მწერალთა ჯგუფს: – ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თავად ვაჟა რომ ცოცხალი იყოს, მასაც ზედ დავაყოლებდიო~.
`1926 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტის ბეთანელის თაოსნობით თბილისში არსებობდა საქართველოს თავისუფლების მებრძოლთა არალეგალური ჯგუფი, ემზადებოდა სამხედრო გამოსვლებისათვის. დააპატიმრეს და დახვრიტეს, ჯგუ¬ფის წევრები – 12 მამაკაცი. ეს იყო 1925 წლის 27 იანვარს~, – ვკითხულობთ გან¬სახილ-ველ წიგნში (გვ. 88).
ჩემ ნაშრომში კი შავით თეთრზე წერია შემდეგი:
`1922 წლიდან ცნობილი პედაგოგის და ეროვნული მოღვაწის, 1926 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტის ფერდინანდ ბეთანელის თაოსნობით, თბილისში არსე-ბობდა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი არალეგალური ჯგუფი, რომელიც აქტიურად ემზადებოდა სამხედრო გამოსვლებისათვის. 1924 წლის ამბოხების ჩახშობიდან მცირე ხნის შემდეგ ჯგუფის წევრები (გარდა ვ. ბეთანელისა, რომლის კვალს ვერ მიაგნეს) დააპატიმრეს. მათგან დახვრეტა მიუსაჯეს 12-ს: ვლადიმერ გიორგობიანს, გერმანე ღლონტს, გიორგი ჩიკაშვილს, აკაკი ნინუას, მიხეილ შარვაძეს, აპოლონ ჭუბაბრიას, ალექსანდრე მდინარაძეს, ნიკოლოზ კაკოიშვილს, იაკობ შარვაძეს, ილია სიამაშვილს, ვახტანგ თარხან-მოურავს და სევერიან ფანცხავას. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი თბილისში, 1925 წლის 27 იანვარს”.
`1924 წლის 31 აგვისტოს ბათუმში დახვრიტეს აგვისტოს ამბოხების 23 აქტიური მონაწილე: პოლკოვნიკი დავით დადიანი, გენერალი გიორგი ფურ¬ცელაძე – ყველას ვერ ჩამოვთვლით~ – ვკითხულობთ განსახილველ წიგნში.
კვლავ მივმართოთ ჩემ ნაშრომს, სადაც მითითებულია:
`1924 წლის 31 აგვისტოს ბათუმში დახვრიტეს აგვისტოს ამბოხების 23 აქტი¬ური მონაწილე: პოლკოვნიკი დავით დადიანი, გენერალი გიორგი ფურცელაძე, ვლადიმერ ახვლედიანი, აკაკი რამიშვილი, დიომიდე გეგიაძე, აპოლონ ფანცულაია, აღათი გორდელაძე, ანტონ იმნაძე, გიგა ჩიქოვანი, ალექსანდრე ზოიძე, კალენიკე მალაზონია, ალფეზ ხომერიკი, ისიდორე ზოიძე, კირასი მკურნალაძე, ვლადიმერ ზაპერტოვი, ნიკოლოზ მუჯირი, ლავრენტი ქადეიშვილი, მიხეილ თაყაიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, სოფრომ ქინქლაძე, მიხეილ საბაშვილი, ვასილ ჩიტაიშვილი და ანთიმოზ ჩიქოვანი~.
`1937-39 წლების სისხლიან რეპრესიებს თითქმის მთლიანად შეეწირა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 20-იან წლებში გადარჩენილი ნაწილი. გარდა ამისა, დახვრიტეს მეცნიერების და კულტურის დარგში მოღვაწე მრავალი შესანიშნავი მამულიშვილი. უშუალოდ სტალინის პირადი მითითებით გაანადგურის აკადემიკოსი გრიგოლ წერეთელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე, პროფესორი ბიძინა რამიშვილი, პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი – ყველა პროფესორს ვერ ჩამოვთვლით. მოსპეს საქართველოს დემოკრატიული ელჩი რუსეთში, გაბრიელ ხუნდაძე, მწერალი მიხეილ ჯავახიშ¬ვილი, პოეტი ტიციან ტაბიძე, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, მწერალი გერცელ ბააზოვი, მწერალ ლევან გოთუას მამა~ … – ვკითხულობთ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში (გვ. 88-89).
ჩვენ ნაშრომში კი აღნიშნულია შემდეგი:
`1937-39 წლების სისხლიან რეპრესიებს თითქმის მთლიანად შეეწირა ეროვ¬ნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 20-იან წლებში გადარჩენილი ნაწილი. გარდა ამისა, დახვრიტეს მეცნიერებისა და კულტურის დარგებში მოღვაწე მრავალი შესანიშნავი მამულიშვილი. იმისთვის, რომ მკითხველისათვის ნათელი იყოს, თუ აღნიშნულ წლებში ბოლშევიკურმა რეჟიმმა როგორ გააპარტახა ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ქვემოთ ჩამოვთვლით მცირეზე მცირე ნაწილს იმ პიროვნებებისა, რომლებიც გაანადგურეს უშუალოდ სტალინის პირადი მითითებით: აკადემიკოსი გრიგოლ წერეთელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მემედ-ბეგ აბაშიძე, პროფესორი ბიძინა რამიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, პროფესორი შალვა ცინცაძე, პროფესორი ბენედიქტე (ბენო) მესხი, ცნობილი ბიბლიოგრაფი და პედაგოგი ვიქტორ ბროსე (აკადემიკოს მარი ფელისიტე ბროსეს შვილიშვილი), რეჟისორი ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი, მსახიობი ივანე (ვანიკო) აბაშიძე, პროფესორი შოლომონ ქურდიანი, პროფესორი ილია ჯანდიერი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე აკაკი ანდღულაძე, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, ადვოკატი და პუბლიცისტი ევგენ (გენო) ღვალაძე, პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი, ეროვნული არმიის ყოფილი პოლკოვნიკი პავლე კოდუა, პოლკოვნიკი ვლადიმერ (ლადო) ქარუმიძე, პოლკოვნიკი დავით (დათა) ქარუმიძე, ადვოკატი ირაკლი ამირეჯიბი, ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე იოსებ (ოსიკო) ბარათაშვილი, პროფესორი ლევან ლეონიძე, 1922-1924 წლებში დამკომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იასონ ჯავახიშ¬ვილი, 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი რუსეთში გაბრიელ (გაბო) ხუნდაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი სეით დევდარიანი, მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, პოეტი ტიციან ტაბიძე, პროფესორი გიორგი (გოგი) ელიავა, მსახიობი ივანე (ვანო) ლაღიძე, პროფესორი იოსებ აბაკელია, საქართ¬ველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი ივანე ლორთქიფანიძე, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე მიხეილ (მიხაკო) ჭანიშვილი, მხატვარი პეტრე ოცხელი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰენრიკ ჰრინევსკი, ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწე გაიოზ ბერელაშვილი, მწერალი გერცელ ბააზოვი, ცნობილი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე ისიდორე ვარაზაშვილი, ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პართენ გოთუა (მწერალ ლევან გოთუას მამა), დრამატურგი ვახტანგ გარიკი (ვაჩნაძე), ცნობილი ადვოკატი, პუბლიცისტი და მთარგნელი პეტრე ქავთარაძე …~.
განსახილველ წიგნში აღნიშნულია:
`1941 წელს, ეროვნული სულისკვეთებით ანთებული ქართველი ასპირან¬ტების და უნივერსიტეტის უმცროს პედაგოგთა თაოსნობით, თბილისში შეიქმნა არალეგალური ახალგაზრდა პატრიოტულ-პოლიტიკური ორგანიზაცია `სამანი~, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოს თავისუფლება. 1942 წლის შემოდგომაზე შინსახკომმა მოახერხა `სამანის~ 33 წევრის დაპატიმრება. 10-20 სექტემბერს გაიმართა დახურული სასამართლო პროცესი. 25 ოქტომბერს გამოც-ხადდა განაჩენი: დახვრეტა. დახვრიტეს ყველანი. 13 `სამანელი~ შუააზიაში გადა-ასახლეს. სასამართლო პროცესამდე მოკლეს დაჯგუფების ლიდერი, ადამ ბობღიაშვილი~ (გვ. 89).
ჩემ ნაშრომში კი ვკითხულობთ შემდეგს:
`1941 წელს ეროვნული სულისკვეთებით ანთებული ქართველი ასპირან¬ტე¬ბისა და უნივერსიტეტის უმცროს პედაგოგთა თაოსნობით თბილისში შეიქმნა არა¬ლე-გალური ახალგაზრდული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია `სა¬მა¬ნი~, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოს თავისუფლება. 1942 წლის შემოდგომაზე `შინსახკომმა~ მოახერხა ჯგუფის 33 წევრის დაპატიმრება. დახურული სასამართლო პროცესი გაიმართა 10-20 სექტემბერს. 25 სექტემბერს გამოცხადდა განაჩენი, რომლის ძალით ჯგუფის წევრებს გიორგი ახობაძეს, რომან ბატიაშვილს, დიმიტრი ბურდიაშვილს, გივი თარგამაძეს, ლევან თორაძეს, გიორგი იმერლიშვილს, მიხეილ იმერლიშვილს, სოლომონ იმერლიშვილს, მიხეილ კაციტაძეს, ზურაბ მისაბიშვილს, გიორგი ქადაგიძეს, შალვა შავიანიძეს, თურმან შანშიაშვილს, გიორგი ძიგვაშვილს, კონსტანტინე (კოტე) ხიმშიაშვილს და კონსტანტინე ჯოგლიძეს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა. 13 სამანელი შუა აზიაში გადაასახლეს. სასამართლო პროცესამდე მოკლეს დაჯგუფების ლიდერი ადამ ბობოაშვილი~ (გვ. 89).
`ასევე იერიში მიიტანეს 1951 წელს კათოლიკოს კალისტრატეზე. მან თბილისში გაზეთ `ნიუ-იორკ ტაიმსის~ წარმომადგენლებთან საუბარში განაც¬ხა¬და, რომ საქართველოში მხოლოდ 100 ეკლესია შემორჩა. ეს საკმარისი იყო კათალიკოს კალისტრატეს დასაპატიმრებლად. 1952 წლის თებერვალში კათალიკოსი ციხეში გარდაიცვალა~, – მითითებულია განსახილველ წიგნში (გვ. 89).
უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) სიცოცხლის ტრაგიკულ ფინალზე საუბრისას ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით 1955 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ გამოცემულ მოხსენებას `კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია~, რომლის ქართული თარგმანი 2007 წელს გამოსცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა. კერძოდ, აშშ-ის კონგრესის ამ სპეციალური მოხსენების ამონარიდების მოხმობით ჩვენ ნაშრომში აღნიშნულია:
`მასში (მოხსენებაში – ლ.ე.) ვკითხულობთ: `1951 წელს, კათოლიკოსმა კალისტ-რატემ, თბილისში გაზეთ `ნიუ-იორკ ტაიმსის~ წარმომადგენელთან, ჰარისონ სოლზბერისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ 100 ეკლესია შემორჩა (იგულისხმება მოქმედი ეკლესიები – ლ.უ.). სხვა ფაქტები რომც არ არსებობდეს, ესეც საკმარისი იქნებოდა იმის საილუსტრაციოდ, რაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დამართეს~ (გვ. 41). ქართული მართლმა¬დი¬დებელი ეკლესიის მესაჭის ეს უაღრესად თამამი და რისკიანი განცხადება სავსებით საკმარისი იყო ჩეკისტებისათვის, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ კათოლიკოს-პატრიარქის `ურჩობის~ ასალაგმავად. `კათოლიკოსი კალისტრატე, რომელიც `ნიუ-იორკ ტაიმსის~ ჟურნალისტ სოლზბერის ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი ჰქონდა, დააპატიმრეს. წამების შემდეგ, 1952 წლის თებერვალში, კათოლიკოსი კალისტრატე ციხეში გარდაიცვალა~, – აღნიშნულია ზემოხსენებულ ავტორიტეტულ გამოცემაში (გვ. 45)~.
ჩემ ნაშრომში საერთოდ არ არის ლაპარაკი ვინმე ციალა ბრეგაძის ბედზე. უფრო მეტიც, მე საერთოდ არაფერი მსმენია ამ ქალბატონის შესახებ. მისი მამის, – ისტორიული და დიალექტიკური მატერიალიზმის პროფესორის მწარე ხვედრ¬ზე ვერ გვექნებოდა საუბარი, ვინაიდან ეს პიროვნება დაპატიმრებამდე საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ერთგული მსახური გახლდათ. განსახილველ წიგნში ქ-ნ ბრეგაძეზე და მის მამაზე თხრობა მოტანილია, როგორც ჩემი ნაშრომის ნაწილი.
ჩემ ნაშრომში, ასევე, არაფერია ნათქვამი პროლეტარული მწერლობის უგვანო წარმომადგენელზე კალე ფეოდოსიშვილზე და მის ოდიოზურ ლექსზე. განსახილველი წიგნის შემდგენელთა მიერ ეს თხრობაც ჩვენი სტატიის შემადგენელ ნაწილად არის გასაღებული …
ვფიქრობ, ყოველივე ზემოთქმული არ საჭიროებს ზედმეტ კომენტარს. სახე¬ზეა მეცნიერული არაკეთილსინდისიერების თვალსაჩინო ნიმუში!
ნუთუ, ამ უშველებელი წიგნის შემდგენელთ ისე გაუჭირდათ ჩემი ნაშრო¬მის მოძიება, რომ `იძულებულნი გახდნენ~ ესარგებლად ციალა ბრეგაძის ვაი – პუბლიკაციით?!…
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი `ანტისაბჭოური სიტყვიერება~ სავსეა სხვა მსგავსი შეცდომებით. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც იკმარებდა:
წიგნში გამოქვეყნებულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსი `გმირის ხსოვნას~ (გვ. 68). მის ავტორად დასახელებულია ქაქუცას ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი, პოეტი მიხა ხელაშვილი. 1925 წელს ჩეკისტების მიერ მოკლული პოეტი მიხა ხელაშვილი ვერასგზით ვერ იქნებოდა ამ ლექსის ავტორი, – ქაქუცა ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა 1930 წელს, ემიგრა¬ციაში … აი, ეს კი ანეკდოტია;
ემიგრაციაში გასული ქართველი იუნკრების რაოდენობის შესახებ მცდარი მონაცემებია მითითებული ლევან ძნელაძის მიერ (გვ. 61). საზღვარგარეთ გავიდა არა 25, არამედ შვიდ ათეულზე მეტი იუნკერი;
მცდარია `კვირის პალიტრის~ მონაცემებიც (გვ. 61) – 1924 წელს დახვრიტეს არა 12 000, არამედ 7000-მდე პატრიოტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთაველის ფონდს, რომელიც დღეს `ეროვნულ სამეცნიერო ფონდს~ წარმოადგენს, მეტი ყურადღება მართებს ამა თუ იმ პროექტისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მიკუთვნებისას.
დაბოლოს, `ეს წიგნი გამიზნულია მომავალი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცოდეს – რა იყო და რა აღარ უნდა განმეორდეს~-ო, მიუთითებს წიგნის შესავალში ქ-ნი რუსუდან ჩოლოყაშვილი (გვ. 14). სამწუხაროდ, ასე უხეიროდ შედგენილი, შეცდომებით სავსე წიგნი ვერასგზით ვერ გამოდგება მომავალი თაობებისათვის სახელმძღვანელოდ.

ლევან ზ. ურუშაძე,
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი –
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი


Responses

  1. “უჩემოდ ვით იმღერეთა!” (პასუხი “ანტისაბჭოური სიტყვიერების” ოპონენტს) გამოქვეყნდა ლევან ზ. ურუშაძის კრიტიკული წერილი “მეცნიერული არაკეთილსინდისიერების ნიმუში”, რომელიც ეხება ჩემი ხელმძღვანელობით განხორიცელებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ წიგნს “ანტისაბჭოური სიტყვიერება”. პროექტი დაფინანსებულია ქართველოლოგიის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფონდის (რუსთაველის ფონდის) მიერ. აღნიშნული წიგნის შექმნისას მიზნად გვქონდა დასახული, კრებულში შესულ საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარიზმის 70 წლიანი ბატონობის ამსახველი მასალა მრავალფეროვანი თემატიკის შემცველი ყოფილიყო და მასში წარმოგვეჩინა ყოველივე ის, რამაც დატოვა წარუშლელი კვალი ხალხის მახსოვრობაზე, თავდატეხილმა სისასტიკემ როგორ იმოქმედა ადამიანის სულიერ სამყაროზე. ამ მიზნით წიგნში შევიტანეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძიებული ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშები: ზეპირი ისტორიები, გადმოცემები, პირადი წერილები, საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მასალა პრესიდან, მოგონებათა წიგნებიდან და ასევე ცალკეული სამეცნიერო ლიტერატურიდანაც. კრიტიკული წერილის ავტორი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გვედავება, რომელთა უმეტესობასაც თავად გვაბრალებს. მაგალითად, წიგნის შემდგენლებს ავტორებად მიაჩნიათ თავიო; წიგნში წარმოდგენილი მასალა ფოლკლორი ჰგონიათ და საერთოდაც ფოლკლორის განმარტება არ იციანო; წიგნში არაფერია ნათქვამი ფოლკლორის განყოფილების დამაარსებელზე _ ვახტანგ კოტეტიშვილზეო; არ იციან მიხა ხელაშვილი ქაქუცაზე ადრე რომ გარდაიცვალაო; არ იციან ემოგრანტული ლიტერატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის არსებობის შესახებ, სადაც შეიძლებოდა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მასალის მოპოვებაო. ასევე ოპონენტი გვსაყვედურობს _ ჩემი ნებართვის გარეშე ჩემი ნაშრომიდან ამონარიდების უგვანო მონტაჟი გაქვთ გაკეთებული სხვისი სტატიის მიხედვითო და წიგნში მოყვანილი ორი ფაქტი ზუსტი არ არისო. მკითხველისადმი პატივისცემის ნიშნად იძულებული ვარ, ჩასაფრებულ ოპონენტს ვუპასუხო. პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, ჩვენ თავი წიგნის ავტორებად რომ ჩაგვეთვალა, გარეკანზე ეწერებოდა ჩვენი გვარები. ჩვენს ავტორობაზე მითითებულია იქ, სადაც აღნიშნულია, რომ ეს გახლავთ რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი (N027-08). პროექტის ავტორები კი ნამვილად ჩვენ გახლავართ: რუსუდან ჩოლოყაშვილი, ეკა ჩხეიძე, ნინო ბალანჩივაძე, ნესტან რატიანი, ირმა ყველაშვილი. პირადად მე ვარ პროექტის იდეის, შესავალი წერილის ავტორი და ჯგუფის ხელმძღვანელი, ყველანი ერთად კი _ მისი მიზნების, ამოცანებისა და განხორციელების მეთოდის განმსაზღვრელნი. გარდა ამისა, ჩვენ მიერ არის ჩაწერილი წიგნში შეტანილი ველზე მოპოვებული მასალაც, წიგნის უმეტეს ნაწილს შეადგენს. ისეთი რეგალიების პატრონმა, როგორიც გახლავთ ჩვენი წიგნის ოპონენტი – საქ. ეროვნული მუზეუმის უფროსი მენიცერ თანამშრომელი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი – არ შეიძლება ყოველივე ეს არ იცოდეს, მაგრამ ქილიკი ურჩევნია, ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის კეთილსინდისიერი საქციელი. კრიტიკული წერილის მეორე შენიშვნა ასე ჟღერს: “შემდგენელნი ხაზგასმით მიუთითებენ, რომ გამოცემა წარმოადგენს “ზეპირი ისტორიების” და “გადმოცემების” კრებულს, თუმცა წიგნში წარმოდგენილი მასალის უდიდესი ნაწილი რეალურად ძალიან შორსაა ფოლკლორისაგან. ლიტერატურის ინსტიტუტის კოლექტივს ის თუ ვერ გაურკვევია, თუ რას ნიშნავს “ზეპირი ისტორიები” და “ხალხური სიტყვიერება”, ცუდად გვქონია საქმე. დღემდე ვიცოდი, რომ ხალხურ ლექსს, ფოკლორის ნიმუშს არ შეიძლება ყავდეს ერთი კონკრეტული ავტორი” (გვ. 1). რეცენზენტს “ზეპირი ისტორიები” და “ზეპირსიტყვიერება” (ფოკლორი) ერთი და იგივე ჰგონია. ეს მისი პრობლემაა, მითუმეტეს, რომ აფიშირებას უკეთებს თავის უცოდინრობას და ამ თემაზე ფოკლორისტების დამოძღვრასა და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის შეჩვენებასაც არ ერიდება. ასეთ შემთხვევაში უკვე არცოდნა არცოდვა აღარ არის. როდესაც ასეთი განცხადებით გამოდის ადამიანი, მან უნდა იცოდეს, “ზეპირი ისტორიები” ახალი ტერიმინია და დღემდე რომ იცოდა ჩვენმა რეცენზენტმა, ის არ არის. “ზეპირ ისტორიებში” დღეს სწორედ ის მონათხრობები იგულისხმება, რომელსაც ერთი პიროვნება ყვება თავს გადამხდარის შესახებ. დღესდღეობით მთელ ევროპაში ძალიან აქტიურად ხდება მათი ჩაწერა და ამ ტიპის ჩანაწერებს იქ და ზოგიერთი მკვლევარი ჩვენშიც, მთელ რიგ მიზეზთა გამო, ფოლკლორს უწოდებს. ჩვენ ამგვარ მიდგომას საკითხებისადმი არ ვიზიარებთ, არ ვთვლით, რომ ჩვენი ამ ტიპის ჩანაწერები ფოლკლორია და ამიტომაც არსად ვხმარობთ ტერმინებს: “ფოკლორი”, “ზეპირსიტყვიერება”, “ხალხური სიტყვიერება”. ამას მხოლოდ “კეთილსინდისიერი” რეცენზენტი გვაბრალებს. ჩვენ ვხმარობთ ტერმინს “სიტყვიერება”, წიგნსაც ჰქვია “ანტისაბჭოური სიტყვიერება”. ველზე მოპოვებული მასალის თაობაზე ჩვენი წიგნის მე-11 გვერდზე ვწერთ: “დღეისათვის უკვე აუცილებლობამ განაპირობა მოძიება და დაფიქსირება იმ ანტისაბჭოური სიტყვიერებისა, რომელშიც ასახულია საქართველოს რეალური ყოფა მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე… მოვიძიეთ ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშები”. ეს ციტატა მოვიყვანეთ ლ. ზ. ურუშაძის რეცენზიიდან, ნიშნად იმისა, რომ რეცენზენტმა მშვენივრად იცის, რომ ჩვენ ვხმარობთ ტერმინ “სიტყვიერებას” და არა “ზეპირსიტყვიერებას” და მაინც ფოკლორსა და ზეპირსიტყვიერებაზე გვიკიჟინებს. ე.ი. განსხვავებას მათ შორის მშვენივრად ხედავს, მაგრამ ასე აწყობს. ამგვარი საქციელი არაკეთილსინდისიერების კარგი ნიმუშია. რეცენზენტი წერს: “სავსებით ცხადია, რომ განსახილველ წიგნში სწორედ ფოკლორთან გვაქვს საქმე” (გვ. 1). აქ ოპონენტი დაიბნა, ჩვენზე უნდოდა ეთქვა, რომ გვგონია, ფოკლორთან გვაქვს საქმე. არ გვგონია, ბატონო, ჩვენ ვხმარობთ ტერმინს “სიტყვიერება” და არა “ზეპირსიტყვიერებას”. ფოლკორს ეს უკანასკნელი ნიშნავს. “სიტყვიერებაში” აქ იგულისხმება არა მხოლოდ ზეპირი ისტორიები, არამედ ასევე პირადი წერილები, დღიურები, ჩანაწერები. ჩვენი წიგნის მე-11-12 გვერდებზე ვწერთ: “დავამუშავეთ ქართული პრესაც, სადაც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული უკვე გამოჩნდა ჩვენთვის საინტერესო მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით არაერთი საყურადღებო მოგონება. ეს საკითხები აისახა ცნობილ ქართველ მოღვაწეთა მოგონებათა წიგნებშიც… რასაკვირველია, ვისარგებლეთ სამეცნიერო ლიტერატურითაც, რომელიც ასევე ამ წლებიდან მოყოლებული მუშავდებოდა და ქვეყნდებოდა სტატიებისა და მონოგრაფიების სახით”. ნუთუ უნდა აღგვენიშნა, რომ ეს ყოველივე – ფოლკლორი არ არის?! რაც შეეხება ფოკლორული ნაწარმოებების გააზრებას, როგორც კოლექტიური შემოქმედების ნაყოფს, რომ არ შეიძლება მას ერთი კონკრეტული ავტორი ჰყავდეს, ამ გაგებაშიც უკვე კორექტივია შეტანილი და ითვლება, რომ ეს ერთი კაცის ნათქვამია, იმ ნიჭიერი კაცის ნათქვამი, რომელიც ახერხებს საზოგადოების სულისკვეთება, ფიქრი და განცდა ჩადოს თავის ნათქვამში და რომელიც, რასაკვირველია, თაობათა ცვლასთან ერთად ხელშეუხებელი არ რჩება: “ხალხი კი არ ქმნის, არამედ გარდაქმნის” (რენე გენონი). შემდეგ რეცენზენტი წერს: “სრული აბსურდია ქ-ნ. რ. ჩოლოყაშვილის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაზე სინამდვილე ძირითადად, ასახულია ზეპირ გადმოცემებში, ანეკდოტებსა და სიტყვიერების სხვა ნიმუშებში. რეალურად, დიდძალი და უაღრესად მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც ასახავს ამ სინამდვილეს, არის ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა ნაშრომები… ყოველი მათგანი იყო უშუალოდ თვითმხილველი ამ ნაშრომებში აღწერილი მოვლენებისა… გარდა ამისა, საქართველოს არქივებში, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საგამოძიებო საქმეებისა და მათზე დართული მტკიცებულებების ზედმიწევნითი კრიტიკული ანალიზი ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებული სიმართლის დადგენის საშუალებას იძლევა. ზემოთქმულს ემატება… ისტორიკოსთა აღნიშული პრობლემებისადმი მიძღვნილი არაერთი საყურადღებო ნაშრომი. ამდენად, ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული მასალის ფოლკორად, ზეპირსიტყვიერებად, მით უმეტეს, ანეკდოტებად და გამდოცემებად მიჩნევა სრული უმეცრებაა”. ღირს კი ამ გაბრაზებული ბატონის, რბილად რომ ვთქვათ, ქადაგებას უპასუხოს ადამიანმა?! ვუპასუხებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გარდა სხვებსაც ლანძღავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტერმინები: `ფოკლორი~ და `ზეპირსიტყვიერება~ ჩვენ ერთხელაც არ გვიხმარია; ნაშრომი, წიგნი, სამეცნიერო ლიტერატურა, პრესა, მოგონება – კი. ჩვენს წიგნში რამდენიმე ანეკდოტის არსებობაზე თვითონვე მიუთითებს (გვ. 3). რაც შეეხება გადმოცემებს, აღვნიშნავ, რომ გადმოცემას მხოლოდ ისტორიულ პირებზე არ ყვებიან. ისიც გადმოცემაა, ადამიანი დედამისის, მამამისის, მამამთილის ან მეზობლის თავს გადამხდარს თუ მოყვება. ესეც იცის ბ-მა ლევან ზ. ურუშაძემ, ნამდვილად მის მსგავსად ვერ გავკადნიერდები და არ ვიტყვი, არ იცის-მეთქი, მაგრამ ისევ და ისევ, ასე ურჩევნია. გარდა ამისა საბჭოთა ტოტალიტარიზმის გასააზრებლად ძირითადად მხოლოდ ზეპირ ისტორიებზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ყველაფერს ერთად ნამდვილად ვერ გავწვდებით. დიახ, მნიშვნელოვანია ემიგრანტი ლიტერატურაც, საარქივო მასალებიც, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ეგ მრავალი სხვა კრებულის საქმეა. ე. ი. ზეპირი ისტორიები და გადმოცემები ნამდვილად არ გვგონია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი წყარო, ეს არსად არ გვიწერია, თუმცა ის ნამდვილად `ძირითადი~ წყაროა, რომელშიც ხალხის (და არა ცალკეული პიროვნებების) მიერ დისტანციიდან დანახული დღევანდელი დამოკიდებულება ჩანს ინ ავბედითი მოვლენებისადმი. ჩვენი წიგნის შესავალში ვწერთ: `ეს ტოტალიტარული რეჟიმი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, უმძიმესი იყო იმ თაობებისათვის, რომელთაც საბჭოთა რესპუბლიკებში, კერძოდ კი საქართველოში მოუხდათ ცხოვრება… მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე~ (გვ. 11). ეს ხომ ის პერიოდია, როცა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას საქართველოში არ უცხოვრია და სწორედ იმ საშინელებას განერიდნენ, რაც აქ დარჩენილებმა საკუთარ თავზე იწვნიეს. აქ ხომ “საბჭოთა წყობის არა მხოლოდ დამყარების, არამედ მისი განმტკიცების ყოველი პერიოდი მეტად რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების სულიერი განცდები, დღემდე შემორჩენილი ემოციები. ჩვენ გვაინტერესებს არა მხოლოდ უტყუარი ფაქტები არამედ, ისიც თუ როგორ შემორჩა ადამიანის მეხსიერებას თავს გადამხდარი უბედურება. ჩვენ მთხრობელთა ენა და სტილი არ შეგვიცვლია, ემოცია რომ არ დაკარგულიყო. იმასაც ვიტყვი, რომ არსებობს აზროვნების ისტორია, კულტურის ისტორია, ერის სულიერი ჩამოყალიბების ისტორია და საერთოდ ყველა მოვლენის განვითარებას თავისი ისტორია აქვს. თვით ისტორიკოსებმაც მოგვიწონეს ჩვენებური მიდგომა საკითხისადმი. მაგალითად, ამ წიგნის პრეზენტაციაზე ქ-ნმა მარიამ ლორთქიფანიძემ ბრძანა: ნეტა ვის გაუჩნდა ეს მშვენიერი იდეაო და სხვა საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა (ფირი არსებობს). ლევან ზ. ურუშაძე ფოკლორის განმარტების არცოდნას გვწამებს და რა გასაკვირია, ემიგრანტული ლიტერატურისა თუ შსს არქივის არსებობის არცოდნაც დაგვაბრალოს, მაგრამ როგორ თვლის, არც ქ-ნ მარიამს გაუგია მათი არსებობის შესახებ?! საქმე ის არის, რომ მთავარია პოზიცია და კეთილსინდისიერება. იმასაც შევახსენებ ჩვენს ოპონენტს, რომ სწორედ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს მიუძღვის ლომის წილი ემიგრანტული ლიტერატურის მოპოვებისა და შესწავლის საქმეში. ამასთანავე დავძენ, რომ სრულიად გაუგებარია, ოპონენტი ჩვენგან რატომ მოითხოვს `საქართველოს შსს არქივში დაცული საგამოძიებო საქმეებისა და მათზე დართული მტკიცებულებების ზედმიწევნით კრიტიკულ ანალიზს, რაც ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებული სიმართლის დადგენის საშუალებას იძლევა~ (გვ. 2). ჩვენ წიგნში თავი მოვუყარეთ ისეთ ყოფით დეტალებს, რომელნიც ნიშანდობლივი იყო იმ ეპოქისათვის და თავს გადახდა თუ საკუთარი თვალით იხილა ჩვენმა უფროსმა თაობამ. მაგალითად, გადასახლებაში როგორ მოიყვანეს პომიდორი, საქართველოდან გაგზავნილი თესლით; დამშეული პატიმრები როგორ ინაწილებდნენ ვირთხებს საკვებად; რატომ ამბობდნენ: “გაუმართლათ მათ, ვინც დახვრიტესო”; რატომ მალავდა ბავშვი საკუთარ გვარს; როგორ დაიჭირეს ადამიანი, მეზობლის გარდაცვალების გამო რომ თქვა: მახარაძე მოკვდაო. ჩვენ იმ რიგითი ადამიანების შესახებ ჩავიწერეთ მონათხრობები, ვისი სახელებიც ისტორიას არ შემორჩენია. ზოგიერთმა მათგანმა თვლაც არ იცოდა, ძროხებს წყვილწყვილად ითვლიდა, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით კი გადაასახლეს. ე.ი. ჩვენი წიგნი რიგითი ადამიანების ტრაგედიასა და ტკივილზე მოგვითხრობს. ჩვენ გვაინტერესებს თუ რა ემოციური დატვირთვით გვიყვება დღეს უკვე ხანდაზმული ქალბატონი: დედამისის ტირილის მიზეზს – მშიერმა ძაღლმა ტყვეობაში მყოფი საკუთარი თავი რომ გაახსენა; სად მდებარეობდა ქალაქ #-ის ქარხანა X; გადასახლებიდან დედის ჩამოსაყვანად ციმბირის ყინვაში მიმავალი შვილი რას განიცდიდა; პაპამ როგორ გამოაპარა შუააზიის გადასახლების უმძიმესი პირობებიდან სამი წლის შვილიშვილი. ჩვენ გვაინტერესებს: მამა რომ მიჰყავდათ, რა ხდებოდა შვილის გულში; რას განიცდიდა ბაღიდან თუ სკოლიდან გამოგდებული ბავშვი; გადასახლებაში მყოფი ხანდაზმული ქალბატონი თავის დაჭერის მიზეზად რატომ ასახელებდა ტროსტს, როცა ტროსტი ხელში არასოდეს სჭერია. როგორი იყო უკუღმართი ეკონომიკური პოლიტიკა; ახლობლების თუ შორებლების, პედაგოგების დამოკიდებულება რეპრესირებულთა შვილების მიმართ; ხომ იყო თანადგომაც და გამეტებაც ერთმანეთის მიმართ, ხომ იყო თვალთვალი, დაბეზღება, წამება, იძულებითი `ჩაშვებები~, ცრუ ბრალდებები; სიღატაკე, ინფორმაციის დეფიციტი, ქვეყნის გარუსების პოლიტიკა. რეცენზენტი ამ მასალების მოძიების გამო არ გვსაყვედურობს, მაგრამ არც სასიკეთო სიტყვა დასცდენია მაშინ, როდესაც წვრილმანებზე გვედავება და ისიც ძირითადად უსამართლოდ და საკითხის არსში გაურკვევლად. შემდეგ საკითხთან დაკავშირებით ისევ ღელავს: ფოკლორის განყოფილების თანამშრომლებმა წიგნი ისე გამოსცეს, რომ ფოკლორის განყოფილების რეპრესირებულ დამაარსებელზე არაფერია ნათქვამიო. ამ განცხადებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს ჩვენი ოპონენტი. ბ-ნ ვახტანგ კოტეტიშვილზე წიგნში შეტანილი გვაქვს მისი ალალი ძმისშვილის, ნანა კოტეტიშვილის, ნაამბობი (გვ. 185-186). ვახტანგ კოტეტიშვილი 89-ე გვერდზეც არის ნახსენები დახვრეტილ მოღვაწეთა ჩამონათვალში. რასაკვირველია, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ამ პიროვნების ტრაგედიასთან დაკავშირებით იმდენია ნათქვამი, ახალს ვერაფერს ვიტყოდით. ოპონენტის შემდეგ შენიშვნაში ვკითხულობთ: `ემიგრაციაში გასული ქართველი იუნკერების რაოდენობის შესახებ მცდარი მონაცემია მითითებული ლევან ძნელაძის მიერ (გვ. 61). საზღვარგარეთ გავიდა არა 25 არამედ შვიდ ათასზე მეტი იუნკერი; მცდარია `კვირის პალიტრის~ მონაცემებიც (გვ. 61) – 1924 წ. დახვრიტეს არა 12000, არამედ – 7000-მდე პატრიოტი~ (გვ. 8) ამ შენიშვნასთან დაკავშირებით ბ-ნ რეცენზენტს მოვახსენებ, რომ ჩვენ ფოკლორისტები ვართ და არა არქივარიუსები და სხვათა მონაცემებს დავეყრდენით. გარდა ამისა, ჩვენ ცვლილებები, მრავალფეროვნება, ვარიანტები გვაინტერესებს ხალხში მიმოფანტული მასალებისა, ამ სახეცვლილებათა მიზეზები, ჩვენ ცოცხალი მასალა გვაინტერესებს, მათი ნაირგვარობა, გახალხურებისაკენ მიმავალი გზები. განსახილველი წიგნი არც ისტორიული ქრონიკაა, არც დოკუმენტური მასალების კრებული. ჩვენი წიგნის შესავალში არავის დავპირებივართ უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას, არსად გვითქვამს, რომ ჩვენი მონაცემები სრული, ზუსტი, ამომწურავია. ჩვენს წიგნში მხოლოდ საზოგადოებაში მიმოფანტული მასალებია თავმოყრილი. ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, მოპოვებულ მასალაში, პირად წერილებში, მოგონებებში, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებში თუ გამოკვლევებში დაშვებული უზუსტობების, რეალობასთან შეუსაბამო ფაქტების: თარიღების, ციფრების, ტოპონიმების, პიროვნებათა ბიოგრაფიული ცნობების შეჯერება, დაზუსტება, დადგენა. აკი ვწერთ კიდეც: “ჩვენი მიზანი არ არის ფაქტების შეჯერება, მომხდარის მიზეზების გარკვევა, ჭეშმარიტების დადგენა; ვინმეს დადანაშაულება ან, მით უმეტეს, გამართლება. ჩვენ ყოველივე ამას თავი მოვუყარეთ, რათა წარმოგვეჩინა, რამ დატოვა წარუშლელი კვალი ხალხის მეხსიერებაზე; თავსგადამხდარმა სისასტიკემ როგორ იმოქმედა ადამიანის სულიერ სამყაროზე~ (გვ. 14). ე.ი. ჩვენი მიზანი არ არის ისტორიკოსების საქმის კეთება – ფაქტებისა და მოვლენების დაზუსტება. პირიქით, ჩვენთვის ეს უზუსტობები, ტენდენციურობა თუ რეალობასთან შეუსაბამობა, გარკვეული თვალსაზრისით, საინტერესოც კია და შეიძლება შემდგომი კვლევის საგანიც გახდეს იმის დასადგენად, თუ რა ტიპის განსხვავებები გვხვდება და რა განაპირობებს ამ ცვლილებებს. ე.ი. ჩვენ გვაინტერესებს, ხალხი რას ამბობს და როგორ ამბობს; ჩვენთვის ის განსხვავებაც ფასეულია, რაც არსებობს რეალობასა და მონათხრობს შორის. ახკა კი შევეხები იმ შენიშვნას, რომელიც პირადად რეცენზენტის ნაშრომიდან გაკეთებულ ამონარიდებს ეხება. ისინი მოყვანილი გვაქვს ქ-ნ ციალა ბრეგაძის სტატიის მიხედვით, რის შესახებაც, რასაკვირველია, მითითებულია გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში. ასე მოვიქეცით მხოლოდ იმ მიზნით, რომ გვეჩვენებინა – მხოლოდ ზეპირად ნათქვამი არ ვრცელდება ხალხში და მხოლოდ ის არ იცვლის სახეს, ასეთია საზოგადოებისათვის საყოველთაოდ საინტერესო ფაქტებთან დაკავშირებული ნაშრომების ხვედრიც, ე.ი. გვსურდა გვეჩვენებინა ის თავისებურებები, რაც ახლავს არა მხოლოდ ზეპირი გზით გავრცელებულ ამბავს, არამედ ბეჭდური სახით გავრცელებულსაც. ეს ფაქტი სულაც არ ამცირებს ჩვენი ოპონენტის ნაშრომს, სწორედაც რომ პირიქით. ასე მოვიქეცით სამსონ მდივნის წერილის მიმართაც, რომელიც მოვიტანეთ გიორგი მამულიას პუბლიკაციის მიხედვით და ამგვარი სხვა ფაქტიც რომ მოგვეძია, იმ შემთხვევაშიც ასე მოვიქცეოდით. რაც შეეხება განსხვავებებს ავტორისეულ და ჩვენს წიგნში მოყვანილ ციტატებს შორის, ლ. ურუშაძის მიერ მოტანილი ნიმუშებიდანაც მშვენივრად ჩანს, რომ მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობა არ არსებობს. ამიტომ დასჭირდა ამ ციტატების ხუთ გვერდზე (გვ. 3-7) მოტანა 8-გვერდიან წერილში, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ციტატები მხოლოდ შემოკლებულია და რიგ შემთხვევებში წინადადების წყობაც შეცვლილი, ისევ და ისევ ციტატების შესამოკლებლად. რეპრესირებულთა გვარების ჩამოთვლისას წერია კიდეც: `ყველას ვერ ჩამოვთვლიო~. საერთოდაც რა საჭირო იყო ამხელა ციტატების მოტანა ორი ნაშრომიდან, ხომ შეიძლებოდა კონკრეტული ფაქტობრივი ცდომილებების ჩვენება, მაგრამ მაშინ ხომ ხელში არაფერი შერჩებოდა კრიტიკული წერილის ავტორს. მისი კეთილსინდისიერება სამწუხაროდ ეგ არის, მეტი – არაფერი. ე.ი. ჩვენ ლ. ურუშაძის ნაშრომიდან ამონარიდების სხვისი სტატიიდან მოტანით საზოგადოებას ვუჩვენებთ, რომ არსებობს სხვადასხვა გზა ინფორმაციის ხალხამდე მისვლისა და დაინტერესებული პირი ამ განსხვავებას ადვილად დააფიქსირებს. რეცენზენტი კი ამაზე ღელავს, რადგან არ ითვალისწინებს, რომ ჩვენი ნაშრომების მიზნები სხვადასხვაა. წიგნი `ანტისაბჭოური სიტყვიერება~ იმისათვის არის შექმნილი, რომ საზოგადოებამ გამოიყენოს, იგულისხმება სათანადო მითითებით. ჩვენ სწორედ ის გვინდა, რომ ვარიანტები გაუჩნდეს ჩვენს მიერ მოხმობილ მასალებს, კაციდან კაცზე და თაობიდან თაობაზე გადავიდეს. რასაკვირველია, მისი წერილობითი გამოყენება თუ ფოკლორად ქცევა ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე მოხდება და ასეც უნდა იყოს, ჩვენ ამგვარი ფაქტით მხოლოდ მოხარულნი ვიქნებით. ჩვენ სიამოვნებით მოვიძიებთ იმ მასალასაც, თუ ვინმე ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ისარგებლებს ამ წიგნში მოტანილი მასალით, რაც შემდგომი ტექსტოლოგიური კვლევისათვის საინტერესო მასალა იქნება. ჩვენს წიგნში არაერთი ავტორის ნაშრომებიდანაც მოვიტანეთ ამონარიდები, ალბათ სხვებსაც ერჩიათ სხვა ფაქტებზე გაგვემახვილებინა ყურადღება მათ ნაშრომებში, ან სხვა ფორმით მოგვეტანა, ვიდრე ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, მაგრამ თუნდაც იმ მრავალი ღირსებების გამო, რაც ამ წიგნს გააჩნია და უკვე არაერთგზის აღინიშნა კიდეც, ჩვენი ოპონენტის გარდა არავინ გაკადნიერებულა, მოსასპობად გაემეტებინა არა მარტო წიგნი და მისი ავტორები, არამედ თითი დაექნია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისათვის და ჭკუა დაერიგებინა რუსთაველის ფონდისათვის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ იმაზე კი არ ღელავს ოპონენტი, მისი გვარი და სახელი ამ წიგნში რომ მოხვდა, არამედ მხოლოდ იმას გვისაყვედურებს, მეტი სიზუსტე უნდა დაგეცვათო. ე.ი. წიგნის სიკეთეც შეუმჩნევია, გაბრაზებულა ეს საქმე მის გარეშე რომ განხორციელდა და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მისი აღშფოთება იმ მიზეზით არის გამოწვეული, რომელზეც თქმულა: “უჩემოდ ვით იმღერეთა?!” ჩვენ რომ მხოლოდ ველზე მოპოვებული მასალა გამოგვექყვენებინა საბჭოურ ყოფაზე, ჩვენი წიგნი რომ მხოლოდ 260 გვერდი ყოფილიყო და არა 469; რომ არ მოგვეტანა ამონარიდები სამეცნიერო ნაშრომებიდან, არავინ გვეტყოდა საყვედურს, მაგრამ წიგნი მრავლფეროვანი რომ გამოსულიყო და გაფანტული მასალა პრესაში, მოგონებათა წიგნებში, კერძო პირთა არქივებში თუ სამეცნიერო ძიებათა მიმართულებები, შეძლებისდაგვარად შემდგომში კვლევის მიღმა რომ არ დარჩენილიყო, ახალგაზრდობასაც გარკვეულად სრული წარმოდგენა შეჰქმნოდა კომუნისტური ტოტალიტარიზმის ფორმებზე საბჭოთა საქართველოში, საქმე საკმაოდ გავირთულეთ და იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე თავიდან ვაპირებდით. არადა სწორედ ამით გავაბრაზეთ ჩვენი ოპონენტი, რომელმაც წიგნში სასიკეთო ვერაფერი ნახა. შენიშვნას ის არ იმსახურებს, ვინც არაფერს აკეთებს, ჩვენც მზად ვიყავით ამისათვის, მაგრამ მოტივირებული და გაბრაზებული კაცის რისხვას ნამდვილად ვერ მივიღებთ. სამწუხაროდ, ტექნიკური ხასიათის ორი ხარვეზი მაინც გაიპარა ჩვენს წიგნში, რომელნიც რეცენზენტის შენიშვნებამდეც შევამჩნიეთ, მაგრამ უკვე გვიან იყო. პირველი ხარვეზი ციალა ბრეგაძის მონათხრობს ეხება, რომელიც ლევან ზ. ურუშაძის სტატიიდან მოტანილი ამონარიდებისაგან ცალკე არ არის გამოყოფილი მისი სახელისა და გვარის გამოკვეთილად ჩვენებით, რისთვისაც პირველ რიგში ქ-ნ ციალას ვუხდით ბოდიშს. ამის თაობაზე რეცენზენტი წერს: “განსახილველ წიგნში ქ-ნ ბრეგაძეზე და მის მამაზე თხრობა მოტანილია, როგორც ჩემი ნაშრომის ნაწილი. ჩემ ნაშრომში, ასევე, არაფერია ნათქვამი პროლეტარული მწერლობის უგვანო წარმომადგენელზე კალე ფეოდოსიშვილზე და მის ოდიოზურ ლექსზე (გვ. 7). სრულიად შეგნებულად ამ შემთხვევაში რეცენზენტს ციტატა აღარ მოაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოჩნდებოდა, რომ ის ცრუობს. მართალია ქ-ნი ციალას გვარი და სახელი გამოკვეთილი არ არის, მაგრამ წიგნში ხაზგასმით ჩანს, რომ ეს თხრობა ქ-ნ ციალას ეკუთვნის. ჩვენ გვიწერია: “საკუთარ თავზე გამოსცადა სტალინური რეპრესიები ციალა ბრეგაძემ: (ე.ი. აქ არის ორი წერტილი, რაც ნიშნავს, რომ მოგვაქვს ქ-ნი ციალას სიტყვები – რ.ჩ.). 37 წელს ღამის ორ საათზე დასახვრეტად წაიყვანეს მამა…” (გვ. 89). რაც შეეხება იმას, რომ რეცენზენტი არაფერს დაწერდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის სპეციალისტის უბედურებაზე თავის ნაშრომში, მოგახსენებთ, რომ ჩვენ მშობლების პარტიულობის მიხედვით არ ვახარისხებთ დახვრეტილთა შვილების განცდებს. მეორე ტექნიკური ლაფსუსი, რომელიც ასევე გაიპარა ჩვენს წიგნში, ეხება მიხა ხელაშვილის სახელს, რომელიც გამოკვეთილი შრიფტით არის დაბეჭდილი ხალხური ლექსების შემდეგ, მისი ლექსი კი არ ჩანს (გვ. 68). საქმე ის გახლავთ, რომ ქაქუცაზე შექმნილი მიხას ლექსი ჩვენს წიგნში მოტანილი აქვს ედიშერ გიორგაძეს (გვ. 83), ამიტომ 68-ე გვერდზე უკვე აკრეფილი ლექსი მოვხსენით, სათაურად წამძღვარებული მიხა ხელაშვილის სახელი კი დარჩა. ჩვენს წიგნში ხომ ავტორის ჩვენება ყველგან წინ უძღვის თავის მონათხრობს. რეცენზენტი კი ხალხურ ლექსზე, რომელშიც ქაქუცას გარდაცვალებაზეა საუბარი და რომელსაც წინ სხვა ხალხური ლექსებიც უძღვის საერთო სათაურით “ხალხური ლექსები”, გვიკიჟინებს, მიხასი ჰგონიათო, ის კი არ იციან, მიხა ქაქუცაზე წინ გარდაიცვალაო. დიახ, ქაქუცასა და მიხა ხელაშვილის შესახებ დღეს ყველამ ბევრი იცის, მათ შორის მათი გარდაცვალების თარიღებიც. სხვა თუ არაფერი დღეს მოდაშია ამ საკითხების ცოდნა და ჩვენი რეცენზენტი ანეკდოტად მიიჩნევს ამის უცოდინრობას. მართლაც ანეკდოტი იქნებოდა, ასე რომ იყოს. მოგახსენებთ, რომ ჩვენც ამ საზოგადოების წევრნი ვართ. გარდა ამისა, ამ ფაქტზე წიგნშივეა საუბარი. დარწმუნებული ვარ თვითონაც არ სჯერა რეცენზენტს, რასაც გვაბრალებს, მაგრამ ასე აწყობს – მასთან არ გაგვივლია კონსულტაცია და ამიტომ. იმასაც მოვახსენებ ლ. ზ. ურუშაძეს, რომ პირადად მე ქაქუცასა და მიხას შესახებ ბევრი რამ მავანთა მსგავსად ეროვნული მოძრაობის გააქტიურების შემდეგ არ გამიგია და ბავშვობიდან ვიცოდი, თუნდაც იმ მიზეზით, რომ პაპაჩემი – კონსტანტინე ჩოლოყაშვილი იყო მათი თანამებრძოლი, რასაც ემსხვერპლა კიდეც, 1922 წ. დახვრიტეს 27 წლის ასაკში. ჩემს ოჯახში ეგ თემა ხშირად იყო საჩურჩულო – ბავშვებს რომ არ გაეგოთ ისეთი, მაგრამ გვესმოდა. აქვე რომ “გვმოძღვრავს” რეცენზენტი – ქაქუცა ემიგრაციაში გარდაიცვალაო, ეგ ხომ ის ემიგრაციაა, საიდანაც გადმოასვენეს ქაქუცას ნეშტი საქართველოში და მე საამაყოდ ისიც მეყოფა, რომ პარიზში მისი გადმოსვენების რიტუალს ჩემი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელები ესწრებოდნენ: მამა – კოტე, რომელმაც მთაწმინდამდეც მიაცილა; ძმა – ბიძინა, რძალი – ქეთევანი; ძმისშვილები – მარიამი და კონსტანტინე. ეს ყველაფერი რეცენზენტმა თვითონაც იცის, სხვა თუ არაფერი ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, მაგრამ აწყობს წიგნში გაპარული ორი ტექნიკური ხარვეზი ჩვენს ცოდვად მიიჩნიოს და საქილიკოდ გამოიყენოს. ისტორიის მეცნიერებთა დოქტორის რვა გვერდიანი რეცენზია წავიკითხეთ, მაგრამ ვერ გავიგეთ მისი ავტორის პოზიცია, წიგნში თავმოყრილი ზეპირი ისტორიების ნიმუშები (ვისთვის ფოკლორი და ვისთვის – არა) უნდა ჩაგვეწერა თუ არა? თუ მისი ნაშრომის მასთან შეუთანხმებლად ჩვენი მიზანდასახულობით გამოყენება იმხელა ცოდვაა, რომ ქვა ქვაზეც ნუღარ დარჩენილა. ჩემთვის უხერხულია წიგნის ღირსებებზე ლაპარაკი, მაგრამ ვერც იმ ბედნიერების გრძნობას დავმალავ, წიგნის ღირსეულ მკითხველთა შეფასებებისას რომ მაქვს განცდილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს მიერ მოპოვებული მასალა, რასაკვირველია, გაცილებით მეტია, ვიდრე ის წიგნში შევიდა ცალკეულ მთქმელთა მონათხრობების ფრაგმენტების სახით; სრული სახით ის ფირზეა დაფიქსირებული, ინახება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერტურის ინსტიტუტის ფოკლორის განყოფილებაში და საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული პერიოდის ამსახველ დიდძალ საინტერესო მასალას იძლევა. ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორიციელებისათვის წიგნის რეცენზენტს, სასიკეთო სიტყვა არ დასცდენია მაშინ, როდესაც ერთი სერიოზული შენიშვნა არ გააჩნია და გაბრაზებული კაცის პოზიციიდან – “უჩემოდ ვით იმღერეთა?!” ტყუილებსა და შეურაცხმყოფელ რეპლიკებს არ ერიდება. რას ვიზამთ, ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს. ბოლოს მინდა სასიამოვნო მისია შევასრულო და ამ წიგნზე საუბრის დასასრულს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია 1918 წ. 10 თებერვალს დაწერილი მეტად მნიშვნელოვანი პირადი წერილის (გვ. 16-17) ავტორზე – კოტე ელიოზიშვილზე. კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი (1871-1954 წწ.) გახლდათ ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ხალხის სამსახურს მოახმარა. იგი დაიბადა სოფ. ნიქოზში (ქართლი). 8 წლის ასაკში დედამ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა, მეორე კლასიდან კი ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გადაიყვანეს. 1894 წ. გიმნაზიის
  2. მოკლე პასუხი ქ-ნ ნინო ბალანჩივაძეს
    _______________________________

    ქ-ნო ნინო, გულდასმით გავეცანი თქვენ პასუხს თქვენი მონა-მორჩილის კრიტიკულ წერილზე. ჯერ ერთი, ამგვარი განწყობა: “უჩემოდ ვით იმღერეთა!” მე არასდროს მქონია… მე, როგორც ისტორიკოსი, ვალდებული ვარ, ვთქვა სიმართლე ისტორიულ კონტექსტში ამა თუ იმ ნაშრომში დაშვებულ შეცდომებზე. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის და ერის უმწარეს ახალ და უახლეს ისტორიაზე ნახევარსიმართლით და უფრო მეტი, – სიცრუით, ულაყებდნენ ხალხს ტვინს!.. ამაოდ დაშვრით, ქ-ნო ნინო! მთელი თქვენი ოპუსი გაჟღენთილია “ჩემი შენ გითხარი”-ს სულისკვეთებით და, თქვენდა სამწუხაროდ, ვერასგზით ვერ ცვლის საქმის ვითარებას: თქვენი და თქვენი კოლეგების ნაღვაწი, – კრებული “ანტისაბჭოური სიტყვიერება” გახლავთ სწორედ მეცნიერული არაკეთილსინდისიერების ნიმუში!

    ასეთია ჩემო მოკლე პასუხი, ვინაიდან მეტს თქვენი პასკვილი ნამდვილად არ იმსახურებს. ისე კი გირჩევთ: სირაქლემას პოზა მეტად უხერხული რამ გახლავთ!.. :))))))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: