Posted by: burusi | 05/07/2011

ლეშეკ ბალცეროვიჩი – “სახელმწიფოს შესახებ”

Leszek Balcerowicz

ლეშეკ ბალცეროვიჩი – Leszek Balcerowicz 

ლეშეკ ბალცეროვიჩი – “სახელმწიფოს შესახებ”

სახელმწიფოს ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ჩვეულებრივ ადამიანთა საზოგადოებას, განთავსებულს ,,ქვეყნად” წოდებულ სივრცეში. რა განასხვავებს სახელმწიფო-ორგანიზაციას ყველა სხვა ორგანიზაციისაგან, რომლებიც საერთოდ ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს? თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით იმ საერთოს, რაც ყველა სახელმწიფოსათვის იყო დამახასიათებელი საუკუნეთა მანძილზე, აღმოვაჩენთ შემდეგს: სახელმწიფო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ესწრაფვის ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც გარე (ეროვნული უსაფრთხოება), ასევე შიდა საშიშროებისაგან (დამნაშავეობასთან ბრძოლა). მისი ფუნქციაა ასევე მოქალაქეთა ცხოვრებაში სამართლიანობის პრინციპის დაცვა.

სახელმწიფოს ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპები

ისტორიაში ცნობილი და თანამედროვე სახელმწიფოები რამდენიმე პრინციპული თვისებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველი, რაც მათ ერთმანეთისაგან განასხვავებდათ, არის მათი საქმიანობის სხვადასხვა სფერო. ამ მხრივ განსაკუთრებული მოვლენა იყო სოციალისტური სახელმწიფო, რომელმაც თითქმის სრულიად დაჩრდილა არასახელმწიფო ორგანიზაციები. მან თავის გავლენას დაუმორჩილა ცხოვრების ყველა სფეროში – სამეურნეო, განათლების, ჯანმრთელობის, მასმედიის, – დასაქმებული ადამიანები. დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა მხოლოდ ოჯახური ცხოვრება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში – რელიგია. ცხოვრების რაც უფრო მეტ სფეროებს იმორჩილებდა სახელმწიფო, ცხადია, მით უფრო ნაკლები დამოუკიდებლობის გამოჩენის შესაძლებლობა რჩებოდათ ადამიანებს.

საქმიანობის სახეობების ზრდასთან ერთად, რომელთა შესრულებასაც ლამობს სახელმწიფო, იზრდება მისი აპარატიც. მისი შენახვა კი, თავის მხრივ, გადასახადების გაზრდას მოითხოვს. ეს ამძიმებს სახელმწიფოს და მისი საქმიანობის თანდათან გაუარესებას იწვევს. თუ აქვთ გათვითცნობიერებული ეს საფრთხე იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების ცხოვრებაში ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას სახელმწიფოს როლის გაძლიერებას მოითხოვენ და უშუალოდ მისგან ელიან ამ პრობლემის გადაჭრას? სახელმწიფო აპარატი განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ისეთი ფუნქციების შესრულებასაც, რომელსაც იგი არ უნდა ასრულებდეს (მაგალითად, უამრავი კონცესიებისა და ლიცენზიების გაცემა), ნაცვლად იმისა, რომ იგი ზოგად წესებს შეიმუშავებდეს, რომლებიც დაარეგულირებდნენ ცხოვრების ამ სფეროს. სახელმწიფოს ეკონომიკის დარეგულირების მასშტაბების გაზრდა და მისი ეროვნული მეურნეობაში მეტისმეტი ინტერვენცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. მთელი მსოფლიო გამოცდილება კი მოწმობს, რომ ადამიანთა სამეურნეო აქტიურობის დათრგუნვა საზიანოა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ეს გამოცდილება დაადასტურა ასევე სოციალისტურმა წარმოების წესმაც, ისევე, როგორც მესამე სამყაროს ქვეყნების უმრავლესობამ, სადაც ბოლო დრომდე ბატონობდა ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მეურვეობა. ამასთან, სახელმწიფო აპარატი, რომელიც უფლებამოსილია ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიც არის, ვთქვათ, ზემოაღნიშნული კონცესიებისა და ლიცენზიების გაცემა, ვერ უძლებს კორუფციის ცდუნებას. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან ღონისძიებას უღირსი სახელმწიფო მოხელეებისაგან თავის დასაცავად. ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაც, ანუ სახელმწიფოს მიერ უარის თქმა მესაკუთრის უფლებებზე.

სახელმწიფოები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ასევე თავიანთი სამართლებრივი როლითაც. თუმცა, ზოგიერთი მათგანისათვის შეიძლებოდა გვეწოდებინა სამართლებრივი სახელმწიფო. როდესაც ვხმარობთ ტერმინს – ,,სამართლებრივი სახელმწიფო”, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ამ სახელმწიფოში არავის, მით უფრო, მაღალი თანამდებობის პირებს, არა აქვთ უფლება დადგნენ კანონზე მაღლა. დაუსჯელად ეს არ უნდა შეეძლოთ ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც, მაგალითად, გზების გადაკეტვა, თუნდაც რომ მათ სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი პრეტენზიები ჰქონდეთ და სხვა. ცივილიზებულ სახელმწიფოში სამართლებრივი ნორმები ეხება ყველას და მათი დაუსჯელად დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. ასეთ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს ასევე ფიქტიური კანონებიც, რომელთაც ამოქმედებაც არ იქნება შესაძლებელი. ასეთი ფიქტიური კანონების მქონე სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი, რომლის კონსტიტუციაც მოქალაქეებს ჰპირდებოდა ყოველგვარ თავისუფლებას და ასევე სხვადასხვა სახის ,,უფასო” მატერიალურ სიკეთეს.

სახელმწიფოები იმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუ როგორ ნიშნავენ და ხსნიან მაღალი თანმდებობის პირებს. თუ ეს ხდება რეგულარული და პატიოსანი არჩევნების შედეგად, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება არადემოკრატიული რეჟიმი. გასული საუკუნის ბოლო პერიოდამდე არსებული სისტემების უმრავლესობაში არსებობდა შეზღუდული დემოკრატია. კერძოდ, აქ არჩევნებში მონაწილეობდნენ მხოლოდ შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანები. არჩევნებში მონაწილეობის უპირველესი პირობა იყო გადასახადების გადახდის უნარი და შესაძლებლობა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო საყოველთაო არჩევნები (თანაც ეს მხოლოდ დასავლეთში). პოლიტიკური სისტემის ეს ტიპი ისტორიის ახალი გამოგონებაა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის დემოკრატია ფაშიზმში ან ავტორიტარულ რეჟიმებში გადაიზარდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო დაიყო დემოკრატიულ დასავლეთად, არადემოკრატიულ, კომუნისტურ აღმოსავლეთად და ასევე, ძირითადად არადემოკრატიულ, მესამე სამყაროდ.

ამ მესამე სამყაროდან გამონაკლისს წარმოადგენდა ინდოეთი, რომელიც 1949 წელს განთავისუფლდა კოლონიური უღლისაგან და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ სახელმწიფოს შინაგან ცხოვრებას, აქ არსებულ წინააღმდეგობებს არეგულირებდა ინდოეთის კონგრესი, რომელსაც ქვეყანაში უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. მსგავს როლს თამაშობდა აფრიკის ეროვნული კონგრესი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელმაც დემოკრატიული ტრანსფორმაციის უჩვეულო მაგალითი მოგვცა. ორივე ამ შემთხვევაში უდიდესი როლი შეასრულეს ამ ორგანიზაციების ლიდერებმა, ინდოეთში – მაჰათმა განდიმ, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – ნელსონ მანდელამ. ორივე ეს ადამიანი უჩვეულოდ მაღალი მორალური ხასიათის მქონე პიროვნება და ბრწყინვალე პოლიტიკოსი იყო. როგორ გვჭირდება ახლა ასეთი პიროვნებები!

თუკი ამ ანალოგიას განვავრცობთ, მაშინ უნდა გავიხსენოთ 1980-1981 და შემდეგი წლების ”სოლიდარობა”. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ მალე დაკარგა თავისი ეს ხასიათი 1989 წელს ქვეყნის მიერ თავისუფლების მოპოვების შემდეგ.

თუ უფრო შევავსებთ დემოკრატიის მოკლე ისტორიას, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ოთხმოციანი წლების შემდეგ მესამე სამყაროს ქვეყნებში დემოკრატიის ახალი ტალღის აგორება იწყება, რომელმაც მოიცვა ლათინური ამერიკა და ნაწილობრივ აზია (სამხრეთ კორეა, ტაივანი). 1989 წელს დემოკრატიული მსვლელობის მონაწილეთ შეუერთდა პოლონეთიც, ხოლო შემდეგ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ახორციელებენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციას. ამასთან, დღეს დემოკრატიული სფეროს გარეთ აფრიკის უმრავლესი ქვეყნები, თითქმის მთელი არაბული სამყაროს ქვეყნები და აზიის მრავალი ქვეყანა (ჩინეთი, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა და ბირმა) არიან დარჩენილნი.

როგორია წყობა?

ფსონი მეტია, ვიდრე ხელისუფლება

პოლონეთში განვითარების ტემპები იმიტომ ჩამორჩა, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო რეფორმები დროულად და სათანადოდ განეხორციელებინა. ჩვენთვის ამის დავიწყება არ შეიძლება. ფსონი საკმაოდ დიდია – ჩვენი თანამედროვეებისა და მომავალი თაობების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

სახელმწიფო წყობა და საზოგადოებრივი ცხოვრება

სახელმწიფო წყობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მისი კანონებისა და ორგანიზაციის ფორმების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანების საქმიანობის კარგ თუ ცუდ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულსა და პირად (ოჯახურ) პირობებს ჰქმნიან. სოციალიზმიდან გამომავალი ქვეყნებისათვის განსაკუთრებით არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის სახელმწიფოებრივ სფეროს როლს. იგი მოიცავს სახელმწიფოს ყველა ორგანოს, მასვე ემორჩილება ხელისუფლების ყველა რგოლი და ასევე საკუთრების უფლების ძალით დაქვემდებარებული ორგანიზაციები (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოები, სკოლები, საავადმყოფოები და ა. შ.).

პოსტსოციალისტური გარდაქმნის სასურველ მიმართულებას სწორად მხოლოდ მაშინ გავიაზრებთ, როდესაც გავიხსენებთ წინა წყობის არსს. ეს იყო თითქმის ტოტალური დომინაცია სახელმწიფო სფეროსი მეურნეობასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. სოციალისტურმა სახელმწიფომ კერძო პირები და მათი ორგანიზაციები სრულიად ჩამოაშორა ეკონომიკურ საქმიანობას, განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, ადამიანების სოციალურ დაცვას და ა. შ. ამასთან, ეს იყო არადემოკრატიული სახელმწიფო – არჩევნები არაფერზე ახდენდნენ გავლენას, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მკაცრ ცენზურას ემორჩილებოდნენ. ამ სახელმწიფოში არ იყო ასევე დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სოციალისტური სისტემის ეს ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები თავის ზეგავლენას ახდენდა ჩვენს ქვეყანაზე და აფერხებდა მის განვითარებას. სოციალიზმმა არა მხოლოდ წაართვა ადამიანებს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თავისუფლება, არამედ კერძო საკუთრებასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ქვეყნებთან შედარებით ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაც კი ვერ შეძლო.

აი, ასეთი იყო ჩვენი ამოსავალი საწყისი წერტილი ათი წლის წინათ. ამის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს იმ ახალი სისტემის კონტურები და ხასიათი, რომლის აშენებასაც ჩვენ ვაპირებთ. თავდაპირველად საჭიროა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ახალ სისტემას, ხოლო შემდეგ კი ის მეთოდები, რომელთა გამოყენებაც დასახული მიზნების რეალიზაციას შეგვაძლებინებს.

კრიტერიუმების განსაზღვრა

კრიტერიუმების თემაზე თითოეულ ჩვენგანს შესაძლოა საკუთარი შეხედულება გააჩნია, მაგრამ იმაში მაინც ყველა შევთანხმდებით, რომ ჩამორჩენილობის დაძლევის მიზნით, პერსპექტივაში აუცილებელია ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება. ამასთან, ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული სიტუაცია გვაიძულებს მრავალი ახალი კონკურენციული სამუშაო ადგილის შექმნას. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ქვეყნის ეროვნული მეურნეობის სათანადოდ განვითარების გარეშე შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება. ამ ამოცანების გადაჭრა დიდად არის დამოკიდებული რეფორმებზე, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ეკონომიკის დაჩქარებული წინსვლა. უამისოდ შეუძლებელი იქნება გადასახადების აკრეფა, რომელთა აკუმულიზაციის გარეშეც არ მოხერხდება შესაფერისი სამსახურების სათანადო სახით ამუშავება.

მართალია კრიტერიუმების დადგენა აუცილებელი და პირველი რიგის ამოცანაა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია იმის პროფესიული ცოდნაც, თუ რეალურ სამყაროში პრობლემების როგორი ინსტიტუციონალური გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი. ეს შეიძლება შევადაროთ კონსტრუქტორის ცოდნას, რომელსაც დამკვეთი აძლევს მაგალითად, თვითმფრინავის ან ხიდის, ანუ დასაპროექტებელი ობიექტის პარამეტრებს. ამ ობიექტების დაპროექტებისას ინჟინერი ითვალისწინებს გარკვეულ ფიზიკურ კანონებს, მაგალითად, მიზიდულობის კანონს. მსგავსად ამისა, ინსტიტუციონალური სისტემის ავტორიც ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს უპირველესად საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება აინტერესებთ და რომ ამავე დროს, მათ მიერ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების უნარი მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია. თუ ეს არ იქნება მხედველობაში მიღებული, დაპროექტირებული სისტემა ან საერთოდ არ იმუშავებს, ანდა მისი მუშაობის ეფექტი სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც პროექტანტმა ჩაიფიქრა. სახელდობრ ამგვარი რამ ხდებოდა სოციალისტური სისტემისა თუ სხვა იმ სისტემების დროს, რომლებშიც სახელმწიფოს, ანუ უფრო ზუსტად, პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული ბიუროკრატიის როლი, მეტისმეტად გაბერილი იყო.

ზოგიერთი მაჩვენებელი

ინსტიტუციონალური სისტემების შესახებ ცოდნა საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებაში სახელმწიფოს როლის თაობაზე რამდენიმე პრინციპული ხასიათის დასკვნა გავაკეთოთ:

1. ადამიანებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, აუცილებელი ზოგიერთი საქონელი პროდუქტის წარმოება შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. ასეთებს მიეკუთვნება ქვეყნის საგარეო უსაფრთხოება, კანონიერების დაცვა და, გარკვეულწილად, შიდა უშიშროებაც. ეს მიეკუთვნება სახელმწიფო ეკონომიკის სფეროს. მას განასხვავებს ის თვისებები, რომ შეუძლებელია მისი დაყოფა ცალკეულ ადამიანებს შორის, და ამიტომ, არც მათი შრომის ანაზღაურებაა შესაძლებელი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების თანახმად. ასეთი საქონლის (მომსახურების) წარმოებას სარგებლობა მოაქვს არა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც იგი ხვდათ წილად, არამედ სხვებისათვისაც. ასეთ საქონელს ინგლისურად ეწოდება merit goods. სახელმწიფოს ასეთ საქმიანობას მიეკუთვნება, მაგალითად, განათლება, ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლა, აუცილებელი ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდები. მათ არსებობას სარგებლობა მოაქვს როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ისე ეროვნული მეურნეობისათვის მთლიანად. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანსა და რთულ პრობლემას წარმოადგენს იმის დადგენა, თუ მათ საწარმოებლად გაღებული ხარჯების რა წილი უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და რა – კერძო სექტორმა;

2. სახელმწიფო გაცილებით ცუდი მესაკუთრეა საწარმოების, ვიდრე კერძო პირი ან არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებასთან შედარებით, კერძო საკუთრებას უფრო უკეთ შეუძლია ხელი შეუწყოს ფირმებისა და საერთოდ, მეურნეობის განვითარებას;

3. მრავალი წესისა და ნებართვის დაწესება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულად აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ამ საქმისათვის საჭირო ხდება ბიუროკრატთა მთელი არმიის შენახვა. აქ საზიანო უფრო ისაა, რომ ამგვარი ნებართვების აღება მეწარმეთა მხრიდან უდიდესი ენერგიისა და ფულადი სახსრების ხარჯვას მოითხოვს. ეს შეიძლება შევადაროთ მათთვის გადასახადების გაზრდას, რაც განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწევთ წვრილ და საშუალო მეწარმეებს. შეფასებულია, რომ ამ სახის ხარჯებმა შეერთებულ შტატებში 1992 წელს 500 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ამ ქვეყნის ბიუჯეტის 8 პროცენტზე მეტია. თუმცა, არსებობს ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი, სადაც ამ სახის სახელმწიფოებრივი რეგულირება აუცილებელია. ასეთია, მაგალითად, გარემოს დაცვა და სხვ;

4. მომწოდებლებს შორის კონკურენცია საუკეთესო მეთოდია მათი წაქეზებისა უფრო უკეთესი მუშაობისათვის. მაგრამ, ამასთან, კონკურენცია მოითხოვს, რომ მიმღებებმა არჩევანი გააკეთონ სხვადასხვა წინადადებებს შორის (რაც ასევე ნიშნავს მომწოდებლებისათვის ბაზარზე თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას). სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ მიმღებების მიერ შერჩეულ მიმწოდებლებს შეეძლოთ ამის შედეგად განვითარება, ხოლო მათ კი, რომელთა წინადადებაც უარყოფილ იქნა, შეზღუდონ საქმიანობა და თუ საჭირო იქნა, გაკოტრებულადაც კი გამოაცხადონ თავი;

5. თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელთა მიხედვითაც საქონლის მიმღებნი უსწორდებიან მომწოდებლებს, ყველაზე უკეთ ასახავს მოთხოვნას ამ საქონელზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც საქონლის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების ნაწილი ფინანსირდება გადასახადების ხარჯზე, მაშინ ძალზე რთულია რეალური მოთხოვნის განსაზღვრა. ამიტომ დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის დახმარების გაწევამ არ უნდა მიიღოს საქონლის საწარმოებლად მომხმარებელთა მიერ გადახდილი საფასურის შემცირების სახე;

6. რაც უფრო მეტია სახელმწიფოს ფინანსური საქმიანობის არეალი, მით უფრო მეტი იქნება გადასახადების მასშტაბები. ეს კი, თავის მხრივ, ამუხრუჭებს ეროვნული მეურნეობის წინსვლას და სტიმულს აძლევს ,,შავი ბიზნესის” განვითარებას. როგორც Rand Corporation- ის გამოკვლევებიდან ირკვევა, ღარიბ ქვეყნებში მშპ-ს მიმართ გადასახადების ყოველი 10 პროცენტით ზრდა იწვევს მშპ-ს 4 პროცენტით შემცირებას. ფისკალიზმის ეს ნეგატიური გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე ოთხჯერ უფრო საგრძნობია ღარიბ, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: