Posted by: burusi | 05/07/2011

ლეშეკ ბალცეროვიჩი – “სტრატეგია, რეფორმა და ანტირეფორმა”

Leszek Balcerowicz

ლეშეკ ბალცეროვიჩი – Leszek Balcerowicz 

ლეშეკ ბალცეროვიჩი – “სტრატეგია, რეფორმა და ანტირეფორმა”

სტრატეგია

სტრატეგიის ლოგიკა

ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ იგი მანანასავით ციდან როდი ცვივა. ამ განვითარებისათვის საჭიროა გამუდმებული მშვიდობიანი ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა სხვადასხვა, განვითარების წინააღმდეგ მიმართული ნაკადებისათვის. ეს, პრაქტიკულად, ორ რამეს ნიშნავს: ჯერ ერთი, საჭიროა გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა განვითარების სტრატეგიის გასაცნობიერებლად, და მეორეც, საჭიროა ასეთი სტრატეგიისათვის მხარის დაჭერა, ამისათვის დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, მოქალაქეების ამ საქმეში ჩაბმა და სხვ.

სიტყვა ,,სტრატეგიის” მნიშვნელობა ძალზე ხშირად გაბერილია. სინამდვილეში ეს შემდეგს ნიშნავს:

1. მიზნებს, ანუ საგნების მომავალ, სასურველ მდგომარეობას;

2. ობიექტურ პირობებს, რომლებსაც ექნება ადგილი – ჩვენი წინასწარგანჭვრეტის თანახმად, – ამ მიზნების მიღწევისას;

3. სახსრებს, ანუ ფაქტორებს, რომელთა მოძრაობაში მოყვანა, ანუ შესაბამისი ფორმირებაც მოცემულ პირობებში დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას მოგვცემს.

მაშასადამე, თავად მიზნების დასახვა ჯერ კიდევ არ არის სტრატეგია. ეს არის მაქსიმუმ მისი შემუშავების დაწყება. თუკი ვინმე მხოლოდ დაისახავს სასურველ მიზანს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს აკეთებს მის მისაღწევად, იგი მხოლოდ სურვილების ხლართებში გაეხვევა და მეტი არაფერი.

სტრატეგიის განხორციელების აუცილებელი პირობების პროგნოზირებიდან გამომდინარეობს ამ მიზნის მისაღწევი მნიშვნელოვანი დასკვნები. მაგალითად, პოლონეთის შრომის ბაზარზე მოსალოდნელია ახალგაზრდა ადამიანების დიდი ნაკადის შემოსვლა. აქედან გამომდინარე, უმთავრეს საზოგადოებრივ-სამეურნეო მიზნებს შორის უნდა იყოს დასახული კონკურენტული (და ამდენად, მყარი), სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მეთოდი იქნება სამუშაოს მიმცემთა გათავისუფლება ბიუროკრატიული და სოციალური ბალასტისაგან. უნდა გვახსოვდეს: ვინც ზიანს აყენებს დამქირავებელთ, ვნებს სამუშაოს მიმღებთაც, რადგან ამ უკანასკნელებს სამუშაოს შოვნის შანსი უმცირდებათ.

სწორედ არჩეული სტრატეგია მოითხოვს ასევე იმ ფაქტორების ცოდნასაც, რომელთა ამოქმედება თუ ფორმირებაც არის საჭირო, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასახულ მიზნებს. თეზა ასეთი ცოდნის საჭიროების შესახებ ეკონომიკაშიც ისევე აუცილებელია, როგორც მედიცინაში, ტექნიკასა თუ სამხედრო საქმეში. არადა, კამათში, რომელიც ეხება სახელმწიფოს პოლიტიკას ეკონომიკის მიმართ, პოლიტიკას, რომელზედაც დამოკიდებულია მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობები, გაბატონებულია შეხედულება, თითქოს ეს არ მოითხოვდეს სპეციალურ მომზადებას.

დაჩქარების სტრატეგია

1998 წელს წარმოვადგინე ,,პროგრამა სახელმწიფო ფინანსების საშუალოვადიანი სტრატეგიის” შესახებ, რომელიც, ფაქტიურად არის ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარების ცივილიზებული გზა. მისი უმთავრესი მიზანია პოლონეთის ეროვნული მეურნეობის სწრაფი წინსვლა გრძელვადიან პერიოდში, საშუალო წლიური 6 პროცენტიანი ტემპებით. ამასთან, პროგრამაში გათვალისწინებულია ახალი სამუშაო ადგილების სწრაფი შექმნა, რათა ახალგაზრდებს, რომლებიც სამუშაოს დაუწყებენ ძებნას, მიეცეთ ცხოვრების გარკვეული შანსი. ასეთი ტემპებითა და სახით განვითარების აუცილებლობა გამომდინარეობს ქვეყანაში ცხოვრების დონის სისტემატური ამაღლებიდან, უმუშევრობის შემცირებიდან, ისეთი პირობების შექმნიდან, რომელიც დააჩქარებდა პოლონეთის ევროკავშირში დროულ შესვლასა და პოლონელთა ცხოვრების დონის გამოთანაბრებას ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა ცხოვრების სტანდარტებთან.

ეს მნიშვნელოვანი მიზნები ჩვენ პრაქტიკულად უნდა განვახორციელოთ რთულ პირობებში. დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ ზევით უკვე აღვნიშნე. დავამატებ იმას, რომ ეს პრობლემა არის ასევე ჩვენი განვითარების შანსიც, რადგან ეროვნული მეურნეობა უახლოეს პერსპექტივაში მიიღებს ბევრ ახალგაზრდა, ენერგიულ მეწარმესა და მუშაკს. ახლა მხოლოდ ამ შანსის გამოყენებაა საჭირო. ეს კი ნიშნავს კონკურენტული სამუშაო ადგილებში ინვესტიციების განხორციელებას.

მოთხოვნილება ინვესტიციებზე

თანამედროვე ეკონომიკის სხვა ახალ, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი შემდგომი განვითარების დამოკიდებულება ინვესტიციების ხვედრითი წილის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ანაბრებზე პროცენტის გაზრდას.

ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შრომის მწარმოებლურობის ამაღლება, რაშიც ძალზე დიდ როლს თამაშობს ადამიანთა ცოდნისა და გამოცდილების, ნედლეულისა და ენერგიის, მანქანებისა და მოწყობილობების რაციონალური გამოყენება.

სოციალიზმი იყო აბსურდული წყობა. სწორედ ამიტომ იყო მაშინ შრომის ნაყოფიერება ძალზე დაბალი. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ წყობის შეცვლის შემდეგ ეკონომიკის ლიბერალიზაციამ, კონვერტირებული ფულის შემოღებამ, მეურნეობის მოდერნიზაციის მიზნით, არცთუ ისე დიდი ინვესტიციების გაღებამ და ა. შ. რეფორმების საწყის პერიოდში შრომის მწარმოებლურობის საკმაოდ საგრძნობი ზრდა მოგვცა. მაგრამ წინა წყობის ეს ,,რეზერვები” სოციალისტური ეკონომიკის ტრანსფორმაციის პირველივე წლებში ამოიწურა. ეკონომიკის შემდგომი ზრდა დანაზოგების ზრდასა და მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვს. ინვესტიციები პოლონეთში კვლავ მწირია, ხოლო დეპოზიტების სახით აკუმულირებული ფინანსური სახსრები მცირე მოცულობის ინვესტიციების განსახორციელებლადაც კი არ არის საკმარისი. ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების სფეროში შექმნილი მდგომარეობა: ბიუჯეტის მეტისმეტად დიდი დეფიციტი და იმავდროულად საკმაოდ მაღალი გადასახადები. თუკი ჩვენ გვსურს დეფიციტის შემცირება და იმავდროულად გადასახადების შეკვეცაც, საჭიროა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. აი, აქ დევს ეკონომიკის შემდგომი განვითარების უმთავრესი პრობლემა.

ამგვარი მდგომარეობის ერთ-ერთ სხვა ობიექტურ პირობას წარმოადგენს ასევე ადრე აღებული ვალდებულებები. გავიხსენოთ, რომ სოციალიზმმა უდიდესი საგარეო ვალები დაგვიტოვა. ჩვენ მოვახერხეთ ამ დავალიანების განახევრება და ამდენად, მასზე დარიცხული პროცენტები უკვე სერიოზულად ვეღარ ამძიმებს პოლონეთის ეროვნულ მეურნეობას. ამ მიზნით 1998 წელს გადავიხადეთ 1,6 მლრდ აშშ დოლარი, 1999 წელს – 1,7 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2001 წელს საჭირო იქნება 2,4 მლრდ აშშ დოლარის გადახდა. ამავდროულად, საჭიროა ასევე საშინაო დავალიანების გასტუმრებაც, რაც წინა წლების ბიუჯეტის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დავალიანებები ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაფაროს და არა რაღაც ,,აბსტრაქტულმა” ბიუჯეტმა.

საერთაშორისო გარემოცვა

უნდა გვახსოვდეს, რომ პოლონეთის საერთაშორისო გარემოცვა თანდათან უფრო მომთხოვნი გახდება. მექსიკის, ჩეხეთის, ხოლო ბოლო ხანებში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საფინანსო ბაზრები ძალზე მგრძნობიარენი არიან და უაღრესად სწრაფად გააქვთ კაპიტალი იმ ქვეყნიდან, რომელსაც დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქრება. ამით კი ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ქვეყნის მდგომარეობას. 1998 წელს მალაიზიაში, ინდონეზიასა და რუსეთში, ანუ იმ ქვეყნებში, რომელთა მიმართაც ინვესტორთა ნდობა შესუსტდა, მშპ-ს წარმოების ტემპები შესაბამისად, 7,5, 15,3 და 5,7 პროცენტით შემცირდა.

ძლიერი ტყუპისცალები

ღარიბი ქვეყნისათვის განვითარება ჰაერივით აუცილებელია, – ამის გარეშე იგი სიღარიბიდან ვერ გამოვა. ხოლო სიღარიბის დაძლევა რომ შესაძლებელია, ამას გვაჩვენებს დღეს მდიდარი, მაგრამ ოდესღაც ისეთი ღარიბი ქვეყნების გამოცდილება, როგორებიც არიან იაპონია, ფინეთი, ირლანდია, ტაივანი და სამხრეთ კორეა. მაგრამ უფრო მეტია იმ ქვეყნების რიცხოვნობა, რომლებიც ადრეც ღარიბები იყვნენ და ახლაც ასეთებად რჩებიან. მაშ რაშია საქმე, როგორ ხდება, რომ ზოგი ქვეყანა თავს აღწევს სიღარიბეს, ხოლო ზოგს ამის გაკეთება არ შეუძლია? ამას მხოლოდ ამ ქვეყნების გარშემო არსებულ საერთაშორისო მდგომარეობას ვერ დავაბრალებთ. იგი ხომ მრავალი ქვეყნისათვის საერთოა?!

სწრაფი განვითარებისა თუ პირიქით, განუვითარებლობის უმთავრესი მიზეზები თავად ცალკეული ქვეყნის შიგნით არის საძიებელი. ამ ქვეყნებს შორის ეკონიმიკურ განვითარებაში არსებული განსხვავების უმთავრესი მიზეზი მათ სამეურნეო პილიტიკას შორის არსებული განსხვავებაა. ზოგი ქვეყანა ატარებს ჯანმრთელი სახელმწიფო ფინანსების, დაბალი და მარტივი გადასახადების, საიმედო საბანკო სისტემის და ა. შ. პოლიტიკას. ასეთი ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონესაც ამაღლებენ და კრიზისების მიმართაც საკმაოდ გამძლენი არიან. მაგრამ უფრო მეტია ისეთი ქვეყნები, სადაც ასეთი მიდგომები საერთოდ არ არსებობს, ან ნაწილობრივ გამოიყენება ისინი. აქ განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბიუჯეტის დიდი დეფიციტი, რაც ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და დავალიანებათა კრიზისს იწვევს. შემდგომში კი ეს ინფლაციისა და ეკონომიკის რეცესიის მიზეზი ხდება. ასეთ მაგალითებად რუსეთისა და ბრაზილიის დასახელებაც საკმარისია. არც იმის მაგალითებია ნაკლები, თუ როგორ მჭიდროდ შეიძლება იყოს დაკავშირებული პოლიტიკის სფერო ქვეყნის ბანკებსა თუ საწარმოებთან. ასეთ ,,საშიშ კავშირებს” პოლიტიკურად დასაბუთებულ, მაგრამ ეკონომიკურად მცდარ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. ხშირად ეს გამოიხატება ხოლმე ,,ცუდი” კრედიტების ზრდაში, საწარმოების მეტისმეტ დავალიანებაში საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ და სხვ. ასეთ კავშირებს ბოლო ხანებში ადგილი ჰქონდა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში.

ისმება კითხვა: როგორ ხდება, რომ საზოგადოებას განვითარება ჰაერივით სჭირდება, მაგრამ მას ცუდი სამეურნეო პოლიტიკა, როგორც კარგი რეცეპტები, ისე მიეწოდება, ამის შედეგად კი, ნაცვლად იმისა, რომ მეურნეობა განვითარდეს, ეკონომიკური ზრდის ტემპები ეცემა, ანდა სულაც ეროვნულ მეურნეობას კრიზისი ეუფლება?

ცუდი სამეურნეო პოლიტიკა ორი ძლიერი ტყუპი ძმის ზურგზე დგას. მათგან ერთია ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების ზეწოლა, ხოლო მეორე – უცოდინარობა, უფრო სწორედ ეკონომიკური მეცნიერების ცუდად ცოდნა. ასეთ შემთხვევაში, თუ განვითარების მომხრენი მოცემულ ქვეყანაში არ შეკავშირდებიან, მაშინ ეს ორი ტყუპი ძმა ძლიერდება და მათ შეუძლიათ ეკონომიკის განვითარება მცდარ რელსებზე გადაიყვანონ. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მაგალითები იმისა, რომ ასეთი ინტერესთა ზეწოლის ჯგუფები ძლიერდებიან და მცდარი გზით მიჰყავთ ეკონომიკა, არცთუ ისე ცოტაა. სწორედ ამიტომ ხდება, რომ თითზე შეიძლება იმ ქვეყნების ჩამოთვლა, რომლებიც ახერხებენ კრიზისიდან გამოსვლას და აღწევენ ეკონომიკის ზრდას. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც ეს ორი ტყუპის ცალი ძმა განსაკუთრებით მძლავრობს, ხოლო რეფორმატორულად განწყობილი პოლიტიკოსების მობილიზაციის დონე საგრძნობლად დაბალია. ამიტომ გასაკვირი როდია, რომ პოსტსოციალისტური ქვეყნების გადამწყვეტ უმრავლესობაში ამჟამად ცხოვრების გაცილებით დაბალი დონეა, ვიდრე მათ 10 წლის წინათ ჰქონდათ. ასევე ბუნდოვანია ამ ქვეყნების განვითარების პერსპექტივებიც. შევხედოთ რუსეთს, უკრაინას, ბელორუსს, რუმინეთს. პოლონეთი ერთადერთი დიდი ქვეყანაა პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან, სადაც მშპ-ს დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე 10 წლის წინათ, და რომელსაც არ განუცდია კრიზისი ეკონომიკის ტრანსფორმაციის შედეგად. ამასთან ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში არ იგრძნობოდეს ამ ტყუპი ძმების დაწოლა. და ეს მაშინ, როდესაც ამდენი მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიჰყავს ქვეყანა ცუდ სამეურნეო პოლიტიკას და როდესაც ასე რთულდება ჩვენს გარშემო საერთაშორისო პოლიტიკა.

ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზეწოლის ჯგუფების ბრძოლის მთელი არსი მდგომარეობს თავისი წევრების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ასეთი ზეწოლის ჯგუფების შემადგენლობა კი არც ისე დიდია. ეს გასაგებიცაა. რაც უფრო ნაკლები წევრი იქნება ამგვარ ჯგუფებში, მით უფრო დიდი და საგრძნობი იქნება ის სარგებელი, რომელსაც ნახავს თითოეული მათგანი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამგვარი ზეწოლით. ასეთი პატარა ინტერესთა ზეწოლის ჯგუფის მოქმედების მექანიზმი კარგად აქვს ახსნილი ცნობილ ამერიკელ ეკონომისტსა და სოციოლოგს, მარკ ოსლონს. პოლონეთში ასეთ მცირე ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენს ანესტეზიოლოგთა პროფესიული კავშირი.

ინტერესთა ზეწოლის ჯგუფს, ძირითადად, პროფკავშირების, დარგობრივი პროფკავშირების სახე აქვს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მათი უმთავრესი მოთხოვნებია ხელფასების, პენსიების მომატება. ეს კი საწარმოებს უუარესებთ საქმიანობის პირობებს და წარმოშობს უმუშევრობას. ვინ ზარალდება ამით ყველაზე მეტად? ისინი, რომლებიც არ არიან გაერთიანებული პროფკავშირებში და განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ეს-ესაა გამოვიდნენ შრომის ბაზარზე.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არიან ქვეყნები, სადაც პროფკავშირების ხელმძღვანელობა ძლიერია და ესმის, რომ დასაქმების მაჩვენებლის ზრდა და დაბალი უმუშევრობა რეფორმებს მოითხოვს, რომელთაც შედეგად შრომის ნაყოფიერების ზრდა და საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება მოჰყვება. ასეთი იშვიათი ქვეყნის მაგალითია ავსტრია.

ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების, ცუდი სამეურნეო პოლიტიკის საყრდენი ერთ-ერთი ტყუპის ცალი მარტო როდი მოქმედებს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მეორე ტყუპის ცალთან – ეკონომიკური ცოდნის დაბალ დონესთან. შესაბამისი ცოდნის დაბალი დონე ხელს უწყობს ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების საქმიანობას. მაგალითად, ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული მითია ის, თითქოს ეკონომიკური განვითარება დიდად იყოს დამოკიდებული საბიუჯეტო დოტაციაზე (ანუ რაც იგივეა, ბიუჯეტის დეფიციტზე). შედეგად, ბიუჯეტი ინათლება როგორც ,,კარგი”, თუკი იგი ასეთ დიდ ხარჯებს შეიცავს და როგორც ,,ცუდი”,¨რესტრიქციული”, თუკი მასში მცირედაა წარმოდგენილი ამგვარი ხარჯები. ბიუჯეტზე ასეთი შეხედულება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ინტერესთა ზეწოლის ჯგუფებს. ასეთი შეფასებების თანახმად, ”კარგი” ბიუჯეტი ჰქონდა რუსეთს, თუმცა, ამ ქვეყნის ეკონომიკას კრიზისი დაეუფლა და ,,ცუდი” ბიუჯეტი აქვს პოლონეთს, რომელმაც გაუძლო კრიზისის შემოტევას.

სხვა მცდარ შეხედულებას წარმოადგენს ის, თითქოს ყოველი კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, უმუშევრობის, საცხოვრებელი ბინების ნაკლებობის, სოფლად დაბალი შემოსავლების და ა. შ. გადასაჭრელად საჭირო იყოს სპეციალური, სახელმწიფოს უშუალო ინვესტიციები. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების გახსნა, საბინაო შეღავათები, სურსათზე ფასების გაზრდა და სხვ. აი, ეს არის ის შეხედულებები, რომლებიც განსაკუთრებით ხელს უწყობს ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების აღზევებას, წარმოქმნის ჩრდილოვან ეკონომიკას, კორუფციასა და მაფიას. ამავე დროს, ასეთი ეკონომიკური მიდგომები სერიოზულად ამუხრუჭებს ეკონომიკის განვითარებას.

აღნიშნულ ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების მოქმედება გვკარნახობს, რომ საჭიროა გამუდმებული, მშვიდობიანი ბრძოლა ეკონომიკის ზრდისათვის და რომ ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება. ეს ეხება ასევე პოლონეთსაც, რომელსაც მიუხედავად ამისა, არასოდეს გადაუხვევია განვითარების გზიდან, თუმცა, მანაც საკმაოდ დიდი დრო დაკარგა, მაგალითად, პრივატიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსების გაჯანსაღების გზაზე, შრომის ბაზრის რეფორმირებისას და სხვ.

ფრთხილად, გზა მოყინულია

წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს რაიმე სეროზული საგნის, მაგალითად, ავტომანქანის ყიდვა და ეს ხდება იმ ეკონომიკის ჩარჩოებში, სადაც არსებობს არჩევანის შესაძლებლობა. როგორ ვიქცევით ასეთ დროს? ჩვენი უდიდესი უმრავლესობა დიდ დროს დაუთმობს იმას, რომ თავის ახლობლებში მოაგროვოს ინფორმაცია ავტომობილების შესახებ. შემდეგ ამ ინფორმაციას შეუდარებს ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს შესაბამის არჩევანს. რატომ ვიქცევით ასე და არ ვყიდულობთ ,,კატას ტომარაში”? ჩვენი ასეთი ქცევის მიზეზი ნამდვილად არის იმის შეგნება, რომ ობიექტები, რომელთა შორისაც ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდებიან, ხოლო ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ არჩევანის გაკეთების შემდეგ შეგვეძლება იმის თქმა, თუ რამდენად სწორად დავაბანდეთ ფული.

მოქალაქეობრივი აქტიურობა

ახლა გადავიდეთ მოქალაქეობრივი აქტიურობის პრობლემაზე ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში, როგორსაც პოლონეთი წარმოადგენს. თუ ვუთმობთ ამ საკითხს იმდენ დროს მაინც, რამდენსაც ძვირადღირებული საქონლის შესყიდვას? პირველი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება ეხება ჩვენს პოლიტიკასთან დამოკიდებულებას. აქ სამი არჩევანი გვაქვს: აქტიური მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ ცხოვრებაში (რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების გზით), პოლიტიკაში პასიური მონაწილეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებით და ბოლოს, აბსოლუტური აპოლიტიკურობა, უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზეც კი. ახალგაზრდა დემოკრატიისათვის დამახასიათებელია ის, რომ ძალზე დაბალია პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა, ხოლო ძალზე მაღალი – აპოლიტიკური ადამიანების, ანუ იმათი რაოდენობა, რომლებიც არჩევნებშიც კი არ იღებენ მონაწილეობას. ამ მოვლენის ახსნა ძნელი არ არის: პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობენ, ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან და ვერ იზიდავენ ამომრჩეველთ.

,,აპოლიტიკურობა”

ამ მოვლენის გაგება არ ნიშნავს მის მოწონებას. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი დაბალი პოლიტიკური აქტივობა არ შეიძლება ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს. ამ ქვეყნების მოქალაქეთა აქტიურობაზე ხომ ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გაცილებით მეტი, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს არ უწევთ კაპიტალისტური მეურნეობის აშენება, მათ ეს უკვე გაკეთებული აქვთ, მაშინ, როდესაც სახელდობრ ეს ამოცანა დგას ახალგაზრდა დემოკრატიის წინაშე. კერძოდ, მათ განსახორციელებელი აქვთ სახელმწიფოს დეცენტრალიზაცია, განათლების, ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა და ა. შ. ამ ეროვნული ამოცანების გადაწყვეტაზე დიდად არის დამოკიდებული მილიონობით ადამიანის კეთილდღეობის ამაღლება. სხვადასხვა პარტიების დამოკიდებულება ამ ამოცანების მიმართ სრულიად განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში აპოლიტიკურობა ნიშნავს იმ ფაქტორებზე გავლენის მოხდენაზე უარის თქმას, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ამიტომ განა არ უნდა გვაკვირვებდეს ის ამბავი, რომ ასე დიდ დროს ვუთმობთ მატერიალური ნივთების შესყიდვას, ხოლო ასე მცირე დროს პოლიტიკას და თანაც ქვეყნის განვითარების ასეთ რთულ პერიოდში?

ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში მოსახლეობის აპოლიტიკურობას სხვა ახსნაც მოეძებნება. კერძოდ კი ის, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია და რომ ყველა პოლიტიკური ძალა ატყუებს ამომრჩეველს. ეს საფუძველშივე მცდარი შეხედულებაა. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს სრულიად სხვადასხვა პროგრამები აქვთ, ზოგს მიზანმიმართული და პერსპექტიული, ზოგსაც უაზრო და უმომავლო. ამიტომ სწორი არ იქნება ერთნაირი მიდგომა პერსპექტიული და არაპერსპექტიული პოლიტიკური პარტიების მიმართ.

სწორი პოლიტიკური არჩევანი მოქალაქეთა არჩევანის სხვაგვარ კატეგორიასთან გვაქვს საქმე თავად არჩევნების დროს, როდესაც გადასაწყვეტი გვაქვს, თუ რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას უნდა მივცეთ ჩვენი ხმა. სწორედ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით იჩენს თავს ის დიდი განსხვავება, რომელსაც ადამიანები იჩენენ ბაზარზე რაიმეს შესყიდვასა და სწორი პოლიტიკური არჩევანის დროს.

სწორ არჩევანს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ შეცდომის გარეშე განვსაზღვრავთ კრიტერიუმებს, რომელიც ჩვენ ამას შეგვაძლებინებს. მაგალითად, ავტომანქანის შერჩევისას ეს უნდა იყოს მისი ფასი, საწვავის მოხმარების მაჩვენებლები, გამძლეობა და ა. შ. ხომ არ შეიძლება ავტომანქანა მხოლოდ მისი დასახელების გამო შევიძინოთ, როგორც არ უნდა კარგად ჟღერდეს იგი?! ხოლო როგორ არის საქმე პოლიტიკური არჩევანის გაკეთების დროს?! ვამოწმებთ ავტომობილის შესყიდვის მსგავსად პოლიტიკური პარტიების მიერ წამოყენებული პროგრამების არსს?! ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი პოლიტიკური პარტია საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს ,,მაღალ მატერიებზე”, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ საუბარი როდი ჰქმნის მაღალ მატერიებს. კარგად თქვა ამის შესახებ გამოჩენილმა პედაგოგმა და პუბლიცისტმა ვაცლავ ნალკოვსკიმ: ,,საერთოდ, რაც უფრო უაზრო ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო მკაცრ მორალურ პრინციპებს აყენებს იგი და სხვებსაც მისი შესრულებისაკენ მოუწოდებს”.

პროგრამა – ეს არის ქვეყნის პერსპექტივა, რომლის პრაქტიკულად განხორციელებასაც უნდა ესწრაფოდეს პოლიტიკური პარტია პარლამენტში თუ აღმასრულებელ სტრუქტურაში მოსვლის შემდეგ.

ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში პოლიტიკა ძალზე ბევრს ნიშნავს, რადგან როგორც ზემოთაც აღვნიშნე, პოლიტიკური პროგრამის რეალიზაციაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანა წარმატებას მიაღწევს თუ წარუმატებლობას. ამასთან, მართალია პოლიტიკური პარტიის პროგრამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ საჭიროა წავიდეთ უფრო შორს და კარგად შევისწავლოთ ამა თუ იმ პარტიის წარსული თუ ამჟამინდელი მოღვაწეობა, ასევე ის, თუ რამდენად რეალურია მათ მიერ წამოყენებული შეპირებების ცხოვრებაში განხორციელება. უნდა დავაკვირდეთ იმასაც, რამდენად შესწევს არსებობის უნარი მოცემულ პოლიტიკურ სტრუქტურას. თუკი იგი დაიშლება, მაშინ ხომ რაიმე პროგრამის განხორციელებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ძვირადღირებული გაუგებრობა

დემოკრატია – ეს არის არჩევნები, ხოლო არჩევნებით ჩვენ იმის დადგენას ვცდილობთ, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყნის განვითარება, კარგი თუ ცუდი მიმართულებით. არჩევნებს პოლონეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, გაცილებით დიდი, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. ასე იმიტომ არის, რომ ისინი უკვე განვითარებული და მდიდარი ქვეყნები არიან, ჩვენ კი მხოლოდ ბოლო 8 წელია, რაც თავისუფალი ქვეყანა გავხდით და მოგვეცა იმის საშუალება, რომ შევამციროთ დისტანცია ჩვენ განვითარებას შორის. ამიტომ ჩვენთვის დიდი რისკი იქნება ცუდი არჩევანის გაკეთება, რომელიც დესტაბილიზაციას შეიტანდა ჩვენი ეროვნული მეურნეობის განვითარებაში და შეაფერხებდა მის წინსვლას.

დასავლეთს უკვე დიდი ხანია, რაც აქვს კაპიტალისტური სისტემა და განვითარებული მეურნეობა, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიწყებთ თავისუფალ ქვეყანაში ახალი სისტემის მშენებლობას. ამიტომ არჩევნების შედეგებზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი შემდგომი პოლიტიკური თუ სამეურნეო მშენებლობის შედეგები. გარდა ამისა, პოლონეთში არჩევნებს იმითაც აქვს გაცილებით დიდი მნიშვნელობა, ვიდრე დასავლეთში, რომ პოლონეთი უნდა შევიდეს ევროკავშირში და ამ გზითაც დააჩქაროს თავისი განვითარების ტემპები. რათა ეს პრიორიტეტული მიმართულებები სასურველი ტემპებით განავითაროს, პოლონეთი საჭიროებს პარლამენტში ძალთა შესაბამის განლაგებასაც, კომპეტენტურ მთავრობასაც, რათა ზედმეტი დრო არ დაეკარგოს არასაჭირო კონფლიქტებში, იაროს პირდაპირ, გადაჭრას პრობლემები და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შანსი.

რამდენიმე საშიში შეცდომა

დემოკრატია ჩვენს ერთობლივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამასთან, კარგი პროგრამისათვის მხარდაჭერა და მისი განხორციელება გაცილებით მეტ ძალისხმევას
მოითხოვს ჩვენგან და გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩვენი მობილიზება ცუდი პროგრამის ცხოვრებაში გასატარებლად. დემოკრატიის მშენებლობის პროცესში საზოგადოებამ შეიძლება დაუშვას რამდენიმე შეცდომა:

1. ერთ-ერთი შეცდომა შემდეგნაირად შეიძლება იქნას ფორმულირებული: ,,დემოკრატია კი, პოლიტიკური პარტიები – არა”. არადა, სრულიად წარმოუდგენელია დემოკრატია პოლიტიკური პარტიების გარეშე. მათი ჩამოყალიბება განსაკუთრებით აქტუალურია და ამასთან, რთულია პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის მშენებლობის დაწყებისას, გარდა მმართველი პარტიისა, რომელსაც მონოპოლიზირებული ჰქონდა ხელისუფლება, და მისი სატელიტებისა, სხვა არც ერთი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებულა;

2. ძალზე ხშირად ვხვდებით იმის არცოდნას, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს არჩევნების შედეგებსა და პარლამენტის სტრუქტურასა და ხარისხს, ხოლო ამის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურასა და ხარისხს შორის. ზოგიერთი ადამიანისათვის მთავრობა პარლამენტისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობს, მაშინ, როდესაც პარლამენტი ისეთია, როგორიც არჩევნების შედეგები, ხოლო მთავრობა კი ისეთი, როგორიც პარლამენტი. დაქსაქსული და ერთმანეთს წაკიდებული პარლამენტი ვერასოდეს ვერ შეძლებს კარგი მთავრობის ჩამოყალიბებას. კარგი მთვარობა ვერც მაშინ შეიქმნება, თუ პარლამენტი ინტერესთა ჯგუფების სისტემატიურ ზეწოლას განიცდის;

3. საზოგადოებაში კვლავაც გავრცელებულია ,,აპოლიტიკურობის” მოდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკური პარტიების ბედით დაუინტერესებლობაში გამოიხატება. ეს კი ძალზე საშიში მოვლენაა, რადგან, როგორც ზევითაც აღვნიშნე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების ისტორიულ ეტაპზე და ასეთი შეხედულების გაბატონებას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ქვეყანას. ერთნი თავიანთ ,,აპოლიტიკურობას” ამართლებენ იმით, თითქოს არჩევნები მხოლოდ პოლიტიკოსთა საქმე იყოს, ისევე, როგორც მისგან გამომდინარე შედეგებზე პასუხისმგებლობა და ეს მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგები არის ერთობლივი პასუხისმგებლობა, როგორც ამომრჩეველთა, ისე რჩეულთა. კარგი სისტემისათვის ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ;\

4. ძალიან ბევრი ადამიანია დარწმუნებული იმაში, რომ პოლიტიკა ,,ჭუჭყიანი თამაშია”, ხოლო პოლიტიკოსები ამომრჩეველთა მოტყუებისა და ფულის შოვნის მეტს არაფერს აკეთებენ. ამიტომ, რაც უფრო შორს იქნება მათგან ადამიანი, მით უკეთესი. თუმცა, როგორც პოლონეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, არც უამისობაა, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიტიკოსის ერთ ტომარაში თავმოყრა, ისევე, როგორც იმის თქმა, თითქოს ყველა ტაქსისტი ატყუებდეს თავის კლიენტს. ასეთი შეფასება ხომ მათ სამართლიან გულისწყრომას გამოიწვევდა.

კარგი არჩევანის აუცილებლობა

პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივი აქტიურობის სხვა ნებისმიერ სფეროში, სხვადასხვა ადამიანები საქმიანობენ. მრავალი მათგანის უმთავრესი მიზანი ისაა, რომ როგორმე სახელმწიფო მმართველობის სადავეები იგდოს ხელთ, რისთვისაც ისინი ,,დაყავი და იბატონეს” პრინციპს იყენებენ. მათი საბოლოო მიზანი კი დოვლათის გადანაწილებაა. ასეთი პოლიტიკოსებისათვის ძალისხმევის უმთავრესი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი დოვლათი მოიპოვონ თავიანთი ახლობლებისათვის გასანაწილებლად. ასეთი მიზნების მიღწევა კი ყველაზე ადვილია მაღალი თანამდებობის ხელში ჩაგდების გზით. სწორედ ამით არის გამოწვეული მათში პრივატიზებისადმი წინააღმდეგობა, რადგან იგი ამცირებს ახლობლებისათვის დასარიგებელი თანამდებობების რაოდენობას.

ასეთი პოლიტიკოსების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა სახელმწიფო ფინანსები, აქედან კი გამომდინარეობს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა ამ სფეროს დეცენტრალიზაციისადმი.

ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არც ისეთი პოლიტიკოსების ნაკლებობა იგრძნობა, რომლებისთვისაც ხელისუფლების მოპოვება თვითმიზანი არ არის. ისინი რეფორმების გატარებას ესწრაფვიან და ეს მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.

პოლიტიკოსები განსხვავდებიან ასევე ხასიათითა და კომპეტენციით, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემებიც ბევრია, მაგრამ ასევე დიდია მათი გადაჭრის შანსიც. პარადოქსალურია, რომ არც ერთი ადამიანი არ დაჯდება იმ ავტობუსში, რომელსაც გამოუცდელი მძღოლი მართავს, მაშინ, როდესაც ძალზე ხშირია შემთხვევები იმ ადამიანების პარლამენტში არჩევისა და შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდებისა, რომლებიც თავიანთი კომპეტენციით მაინც და მაინც არ გამოირჩევიან. ასეთ პირობებში თითოეული ამომრჩევლის ხმას, მიმართულს კომპეტენტური და ღირსეული პიროვნების ასარჩევად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა მთელი ქვეყანა გზიდან არ მოცურდეს და ხრამში არ გადაიჩეხოს.

რეფორმა და ანტირეფორმა

რა არის რეფორმა?

ტერმინ ,,რეფორმის” მნიშვნელობა ძალზე ხშირად სხვადასხვაგვარად ესმით. ხშირად ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობენ რომელიმე სისტემაში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას. ასეთი მიდგომა რეფორმისადმი კი ძალზე გაუბრალოებულია და ამასთან, დიდი ზიანის მომტანიც, ვინაიდან იგი ადამიანებს დამახინჯებულ შეხედულებას უქმნის პროგრესული პროცესებისადმი და ასეთ შემთხვევაში, თავად სიტყვა ,,რეფორმაც” აზრს კარგავს.

ამიტომაც ძალზე დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სიტყვა ,,რეფორმის” ხმარებას. რეფორმა შეიძლება შევადაროთ კარგ ინვესტიციას, ხოლო რეფორმების სრულყოფილი პაკეტი კარგად შედგენილ საინვესტიციო პროგრამას. რა მიზნით ვახორციელებთ ინვესტიციებს – ვაშენებთ გზებს, მაღაზიებს, ფაბრიკებს? ცხადია, იმიტომ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. იგივე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი რეფორმაც.

დანახარჯებისა და შედეგების ანგარიში

ნებისმიერი საპასუხისმგებლო საინვესტიციო წამოწყების წინ საჭიროა საფუძვლიანად შეჯერდეს ერთმანეთთან მისი მომავალი შედეგები და ის ხარჯები, რომელიც საჭირო იქნება მათ მისაღებად. საბოლოო ჯამში, ეფექტი უნდა იყოს ფუნქციონირების ხარჯების სისტემატური შემცირება, მაგალითად, გამართული დაზგის დამონტაჟებისა თუ პროდუქციის წარმოების პროცესის უკეთ ორგანიზების გზით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს ვუდარებთ დანახარჯებსა და მოსალოდნელ ეფექტს და ვანგარიშობთ, თუ რამდენ ხანში დაგვიბრუნდება უკან გაღებული სახსრები. მაგალითად, თუ რაღაც ღონისძიებაზე საჭიროა დახარჯულ იქნეს 5 მილიონი ზლოტი (2001 წლის დასაწყისში ერთი ზლოტი უდრის დაახლოებით 0,25 აშშ დოლარს – ა. გ.), ხოლო მის შედეგად წელიწადში 1 მილიონ ზლოტ მოგებას მივიღებთ, გამოდის, რომ გაწეული ხარჯები ხუთი წლის მანძილზე დაგვიბრუნდება. გარდა მიმდინარე ეფექტისა, ინვესტიციების ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს ასევე პარალელური ეფექტიც. ასეთი ეფექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, აღნიშნული ინვესტიციის შედეგად მიღებული გარემოს, წყლისა თუ ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება და სხვ. გზების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების შედეგად არა მხოლოდ უფრო კომფორტული ხდება ჩვენი მგზავრობა და ვზოგავთ დროს, არამედ საგრძნობლად მცირდება უბედური საგზაო შემთხვევებიც. ეს კი გარკვეული თვალსაზრისით არის საავადმყოფოების მშენებლობის ალტერნატივა, ისევე როგორც გარემოს დაცვაში ჩადებული ინვესტიციები. ორივე შემთხვევაში ინვესტიციების გაღებით მიღებული სარგებლიანობა დაავადებული ადამიანების რიცხვის შემცირებაში გამოიხატება. გვახსოვდეს, რომ ათას კაცზე გაანგარიშებით, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, პოლონეთში გვაქვს გაცილებით მეტი საავადმყოფო საწოლები და მიუხედავად ამისა, მაინც სისტემატიურად ვაშენებთ ახალს.ანალოგიურის თქმა შეგვიძლია განათლების სისტემის შესახებ. აქ ეფექტი გამოიხატება ადამიანის მომავალი ცხოვრებისათვის უკეთ მომზადებაში და ამით მისთვის იმის შანსის მიცემაში, რომ მან გაცილებით საინტერესო და უკეთ ანაზღაურებადი სამუშაო იპოვოს.

ხარჯები ეფექტის გარეშე?

პროექტები, რომლებიც ახალი სისტემის მოძრაობაში მოსაყვანად მხოლოდ ხარჯების გაღებას მოითხოვენ და არავითარ ხელშესახებ ეფექტს არ გვაძლევენ, რეფორმები კი არა, ანტირეფორმებია. ხოლო კვადრატში ანტირეფორმებია ის წინადადებები და ღონისძიებები, რომლებიც ახალი სისტემის დასანერგად არა მხოლოდ უბრალოდ ხარჯებს მოითხოვენ, არამედ ძალზე სერიოზულ ინვესტიციებს რაიმე საგრძნობი ეფექტის მოცემის გარეშე.

აქედან გამომდინარე, რეფორმებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ცვლილებები, რომლებიც თვალშისაცემად ცვლიან (ზრდიან) ეფექტს მიმდინარე ხარჯებთან შედარებით, ხოლო ანტირეფორმებად ის წინადადებები, რომელთაც ასეთი ცვლილებები არ მოსდევთ და მით უფრო პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიან ხარჯებსა და ეფექტს შორის უარყოფით სალდოს.

სოციალიზმის დროს დიდი იყო ინვესტიციის მასშტაბები, მაგრამ მათ საგრძნობი ეფექტი არ მოსდევდა ხოლმე, რადგანაც ხარჯებთან შედარებით მიღებული შემოსავალი დაბალი იყო და ხშირ შემთხვევაში, ხარჯები ბევრად აღემატებოდა კიდეც მას. თავისუფალ პოლონეთში შეუძლებელია დავუშვათ, რომ რეფორმების ლოზუნგების ქვეშ ანტირეფორმები იქნეს გატარებული, რომლებიც ხელს შეუშლიან ეკონომიკის განვითარებას და ნამდვილ რეფორმატორულ წამოწყებებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: