Posted by: burusi | 20/06/2011

კომუნიიკაციური მოქმედების თეორია – ი. ჰაბერმასის სოციოლოგიური შეხედულებები

იურგენ ჰაბერმასი - Jurgen Habermas

იურგენ ჰაბერმასი – Jurgen Habermas (1929)

კომუნიიკაციური მოქმედების თეორია- ი. ჰაბერმასის სოციოლოგიური შეხედულებები

კომუნიიკაციური მოქმედების თეორია ი. ჰაბერმასის სოციოლოგიური შეხედულებები

1. ი. ჰაბერმასი როგორც პიროვნება და მეცნიერი

2. რაციონალურობა და არგუმენტაციის სამი ლოგიკური, რიტორიკული, დიალექტიკური – დონე.

3. სიცოცხლის (ცხოვრების) სამყაროს დიფერენციაცია და დეცენტრალიზაცია

4. სოციალური მოქმედების იდეალური ტიპები

5. ცოდნა და ინტერესები

6. კომუნიკაცია და დისკურსი

7. ცხოვრების სამყარო და სისტემა

8. ცხოვრების სამყაროს კოლონიზაცია.

9. სისტემური ინტეგრაცია და სოციალური ინტეგრაცია.

10. თანამედროვეობის დაუსრულებელი პროექტი.

11. ჰაბერმასი პოსტმოდერნისტების წინააღმდეგ.

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი, ცხოვრების სამყარო როგორც მნიშვნელობათა არათემატიზირებული ჰორიზონტი., სოციალური პროგრესი და რაციონალურობა. სტრატეგიული,ნორმატიული,დრამატურგიული და კომუნიკაციური მოქმედება., დისკურსი და “იდეალური სამეტყველო სიტუაცია”, ცხოვრების სამყაროს კოლონიზაცია, სოციალური და სისტემური ინტეგრაცია, რაციონალური საზოგადოება.

1. იურგენ ჰაბერმასი როგორც პიროვნება და მეცნიერი.

შეიძლება იურგენ ჰაბერმასი დღეს არის მნიშვნელოვანი სოციალური თეორეტიკოსი. ის დაიბადა, საშუალო კლასის საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში 1929 წლის 18 ივნისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. ჰაბერმასის მამა იყო სავაჭრო პალატის დირექტორი. ყმაწვილკაცობაში, მეორე მსოფლიო ომმა მასზე დიდი გავლენა იქონია. ომის დამთავრებამ დიდი იმედები და შესაძლებლობები მისცა გერმანელებს, მათ შორის ჰაბერმასს. ნაციზმის კრახმა ოპტიმისტური განწყობა შექმნა გერმანიის მომავლის შესახებ, მაგრამ იმედები გაუცრუა პირველმა ომისშემდგომმა წლებმა. ნაცისტური რეჟიმის დასრულებით გაიზარდა ინტელექტუალური შესაძლებლობები, ადრე აკრძალული წიგნები ხელმისაწვდომი გახდა ჰაბერმასისათვის. ეს იყო დასავლური და გერმანული ლიტერატურა, მათ შორის მარქსისა და ენგელსის ტრაქტატები. 1949-1954წწ. გიოტინგენში, ციურიხსა და ბონში ჰაბერმასმა შეისწავლა სხვადასხვა დისციპლინები (მაგალითად, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, გერმანული ლიტერატურა) მაგრამ, ამ დროის ჰაბერმასის არცერთი მასწავლებელი არ იყო გამოჩენილი პიროვნება, მეტიც, უმეტესობას სახელიც კი ქონდათ გატეხილი, რადგან მხარს ღიად უჭერდნენ ნაცისტებს და აგრძელებდნენ აკადემიურ საქმიანობას. ჰაბერმასმა დოქტორის ხარისხი მიიღო ბონის უნივერსიტეტში 1954 წელს და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად.

1956 წელს ჰაბერმასი იწყებს მუშაობას ფრანკფურტის სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტში და თანამშრომლობს ფრანკფურტის სკოლასთან. სინამდვილეში ის გახდა ამ სკოლის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის, თეოდორ ადრონოს ასისტენტი და ასევე ინსტიტუტის კორპორაციის წევრი (Wiggershaus, 1994). ფრანკფურტის სკოლას ხშირად თვლიან თანმიმდევრულად, თუმცა ჰაბერმასი ასე არ ფიქრობს: ჩემთვის არასოდეს არ არსებობდა თანმიმდევრული თეორია. ადორნო წერდა ნარკვევებს კულტურის საკითხებზე და აწყობდა სემინარებს ჰეგელის თემებზე. მან წარმოადგინა მარქსიზმის გარკვეული საწყისები _ ეს იყო უკიდურესი სრულყოფილება (Habermas, cit. Widdenshaus, 1944,პ.2).

ჰაბერმასი თანამშრომლობდა სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტთან, მაგრამ ქონდა დამოუკიდებელი ინტელექტუალური ორიენტაცია. 1957 წელს მან გამოაქვეყნა სტატია, რომელმაც გამოიწვია ინსტიტუტის დირექტორთან, მაქს ჰორკჰაიმერთან განხეთქილება. ჰაბერმასი მოითხოვდა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კუთხით კრიტიკის გაძლიერებას, ჰორკჰაიმერი კი ამას საშიშად თვლიდა ინსტიტუტისათვის, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. დირექტორი დაბეჯითებით მოითხოვდა ჰაბერმასის განთავისუფლებას სამსახურიდან: ,,ალბათ მას წინ აქვს ბრწყინვალე სამწერლო კარიერა, მაგრამ ინსტიტუტს ის მხოლოდ ზიანს მოუტანს” (Wiggershaus,1994,პ.555). ბოლოს და ბოლოს სტატია დაიბეჭდა, მაგრამ ინსტიტუტის პატრონაჟისა და მისი საერთოდ ხსენების გარეშე. საბოლოო ჯამში ჰორკჰაიმერი ჰაბერმასს შეუქმნის გაუსაძლის პირობებს და ისიც წავა ინსტიტუტიდან.

1961 წელს მარბურგის უნივერსიტეტში ჰაბერმასი გახდება პრივატ-დოცენტი და დაიცავს თავის მეორე დისერტაციას, რომლის დაცვამდე მას უკვე ქონდა გამოქვეყნებული რამოდენიმე გახმაურებული სტატია და წარდგენილი იყო ფილოსოფიის მასწავლებლად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. აქ ის დარჩა 1964 წლამდე, შემდეგ გადადის ფრანკფურტის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მასწავლებლის თანამდებობაზე. 1971-1981 წლებში ის ხელმძღვანელობს მაქს პლანკის ინსტიტუტს. შემდეგ უბრუნდება ფრანკფურტის უნივერსიტეტს, ხოლო 1994 წელს თავს ანებებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და გახდება ამ უნივერსიტეტის დამსახურებული (ემერიტუსი) პროფესორი. მან მიიღო რამოდენიმე პრესტიჟული აკადემიური ჯილდო და რამოდენიმე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ტიტული.

წლების განმავლობაში ჰაბერმასი ითვლებოდა მსოფლიოში წამყვან ნეომარქსისტად. მაგრამ წლების კვალობაზე მისი შემოქმედება ვითარდებოდა და შეისისხლხორცა მრავალი თეორიული მიმდინარეობა. ჰაბერმასს სწამდა თანამედროვე სამყაროს (მოდერნის) მომავლის. სწორედ ამ აზრით წერს ის თანამედროვეობის (მოდერნის) დაუსრულებელ პროექტზე. მაშინ როდესაც მარქსი თავისი შემოქმედების ცენტრში აყენებს შრომას, ჰაბერმასს ძირითადად მიაჩნია კომუნიკაცია, რომელსაც ის უფრო ზოგად პროცესად თვლის, ვიდრე შრომაა. მაშინ როდესაც მარქსი ყურადღებას ამახვილებდა თუ როგორ ამახინჯებს კაპიტალისტური საზოგადოების სტრუქტურა შრომის პროცესს, ჰაბერმასს აინტერესებს თუ როგორ ამახინჯებს თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურა კომუნიკაციას. მარქსი მიისწრაფოდა მომავლისაკენ, როგორც შინაარსიანი და შემოქმედებითი შრომის სამყაროსაკენ, ჰაბერმასი კი მიისწრაფის მომავლის, როგორც თავისუფალი და ღია კომუნიკაციების საზოგადოებისაკენ. ამგვარად მარქსისა და ჰაბერმასის თეორიებს შორის შეიმჩნევა დიდი მსგავსება. ზოგადად თუ ვიტყვით, ორივე თეორეტიკოსი _ მოდერნისტია, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ეპოქაში თანამედროვეობის (მოდერნის) პროექტი (მარქსთან ადამიანის შემოქმედებითი და დამმაკმაყოფილებელი შრომა, ჰაბერმასთან კი ღია კომუნიკაცია) ჯერ არ არის დასრულებული. გარდა ამისა, ორივეს სჯეროდა, რომ მომავალში ეს პროგრამა აუცილებლად იქნება რეალიზებული.

ჰაბერმასის მიდრეკილება მოდერნიზმისადმი და მომავლის რწმენა განასხვავებს მას თანამედროვეობის ბევრი წამყვანი მოაზროვნისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ჟან ბოდრიარი და სხვა პოსტმოდერნისტები. მაშინ როდესაც ესენი ხშირად მიდიან ნიჰილიზმამდე, ჰაბერმასს სწამს თავისი ცხოვრების (და მოდერნის) პროექტის. ამგვარადვე, როდესაც სხვა პოსტმოდერნისტები (მაგალითად, ლიოტარი) გამორიცხავენ ,,დიდი თეორიების” შექმნის შესაძლებლობას, ჰაბერმასი ანვითარებს და იცავს იმის შესაძლებლობას, რაც არის ალბათ თანამედროვე სოციალური აზრის მნიშვნელოვანი ,,დიდი თეორია”. პოსტმოდერნისტებთან ჭიდილში ჰაბერმასი ბევრს დებს სასწორზე. თუ გამარჯვება მათ დარჩებათ, ჰაბერმასი შეიძლება ჩაითვალოს დიდ, მაგრამ ბოლო მოდერნისტად. ხოლო, თუ ჰაბერმასს (და მის მომხრეებს) დარჩება გამარჯვება, მაშინ ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოდერნისტული პროექტისა და სოციალურ თეორიებში ,,დიდი თეორიის” მხსნელი.

2. რაციონალურობა და არგუმენტაციის სამი _ ლოგიკური, რიტორიკული, დიალექტიკური _ დონე.

ი.ჰაბერმასის სოციოლოგიური კონცეფციის ამოსავალი და ცენტრალურ პუნქტს “სიცოცხლის სამყაროს” კატეგორია წარმოადგენს. იგი მას განსაზღვრავს როგორც მნიშვნელობათა არათემატიზირებულ ჰორიზონტს, რომელიც ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველს შეადგენს. გარეგანი ზემოქმედებები სწორედ ამ საფუძველს ეფარდებიან ან უპირისპირდებიან, ანუ სწორედ მასთან მიმართების შედეგად ყალიბდებიან და იძენენ საზრისს.

მნიშვნელობათა ეს ჰორიზონტი კი არ იქმნება და უნიფიცირდება ტრანსცენდენტალური ეგოს ინტენციონალური აქტიურობით, არამედ შედგება ეგო-ს წინამორბედი ცოდნის მარაგისგან, რომელიც თავმოყრილია-აკუმულირებულია კულტურასა და უწინარეს ყოვლისა ენაში. ი. ჰაბერმასი იზიარებს კ. ჰუმბოლდტისა და ლ. ვინტგენშტაინის იდეას, რომ ენის სტრუქტურული შეზღუდვები და შესაძლებლობები განსაზღვრავენ გაგების მასშტაბებს. “სიცოცხლის სამყაროს” და ენას შორის არსებული ტრანსცენდენტალური რგოლი “სიცოცხლის სამყაროს” ცნობიერების ობიექტად ქცევის ნებისმიერი მცდელობისგან იცავს და აგრეთვე “ფორმალური სამყაროსგან” “სიცოცხლის სამყაროს” განცალკევების საშუალებასაც გვაძლევს.

“სიცოცხლის სამყაროს” გაშლა-განვითარება ევოლუციურ პერსპექტივაში კომუნიკაციური მოქმედების თეორიის მიზანია. სოციალური ევოლუცია კი კოგნიტიური (შემეცნებითი) უნარების განვითარებაში გამოიხატება. სამყაროს გაგების მითოსური და თანამედროვე განმარტებების შედარებისას ჰაბერმასი დაასკვნის, რომ განსხვავება მათ შორის იმ ცნებათა სისტემებს შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებას ემყარება, რომელთა მეშვეობითაც ისინი ინტერპრეტაციას უკეთებენ სამყაროს. კ. ლევი-სტროსის და შ. გოდელიეს შრომებზე დაყრდნობით ჰაბერმასი სამყაროს გაგების მითოსურ წესს ახასიათებს როგორც განუყოფელ ერთიანობას, რომელშიც გამოცდილების თითოეული პუნქტი მეტაფორულად თუ მეტონიმიურად (სახელის გადარქმევით, ა.ბ.) ნებისმიერ სხვა პუნქტთან ასოცირდება. სამყაროს მითოსური გაგება შ. გოდელიეს სიტყვებით, რომლის ციტირებასაც ახდენს ი.ჰაბერმასი, ქმნის: “სარკეთა გიგანტურ ლაბირინთს, რომელშიც სამყაროსა და ადამიანის დაპირისპირებული სახეები განუწყვეტლივ აისახებიან ერთმანეთში, ბუნებისა და კულტურის მიმართებები განუწყვეტლივ იყოფიან და ერთიანდებიან ისე, თითქოს, ყოველივე ეს პრიზმაში გარდატყდებოდეს.”

სამყაროს მითოსური გაგების ასოციაციური ბუნება დიამეტრიალურად უპირისპირდება ობიექტურ, სუბიექტურ და სოციალურ სამყაროებად ანალიტიკურ დაყოფას, რომელიც თანამედროვე გონების ძირითად საფუძველს შეადგენს. ი. ჰაბერმასი ამტკიცებს, რომ “სიცოცხლის სამყაროს” სფეროთა განსხვავების არასაკმარისობა და რეფლექსიის არარსებობა დამახასიათებელია არა მხოლოდ ე.წ. “პრიმიტიული ხალხების” განვითარების მითოსური სტადიისათვის, არამედ არსებობას ინარჩუნებს “განვითარებულ” ქვეყნებშიც კი, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში.

სამყაროს შესახებ “ჩაკეტილ” (მითოსურ) და “ღია” (თანამედროვე) შეხედულებათა დაპირისპირება ი. ჰაბერმასს შესაძლებლობას აძლევს ამტკიცოს, რომ სამყაროს თანამედროვე გაგება უფრო რაციონალურია. თანამედროვე მსოფლგაგების მზარდი რაციონალურობის დასაბუთებისას, იგი გვიჩვენებს თანამედროვე ადამიანის შემეცნებითი პოტენციალის ლოგიკურ უპირატესობას მითოსურ და რელიგიურ-მეტაფიზიკურ შემეცნებასთან შედარებით. ამგვარად, ი. ჰაბერმასი სოციალურ პროგრესს უწინარეს ყოვლისა ინდივიდის შემეცნებითი უნარების განვითარებაში ხედავს. ევოლუციური პროცესის ღერძს კი რაციონალიზაციის მ. ვებერისეული კონცეფცია წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს ი. ჰაბერმასს არ ავიწყდება შენიშნოს, რომ თანამედროვე პირობებში ეს კონცეფცია მხოლოდ კრიტიკულად შეიძლება იქნას ადაპტირებული. სოციალური ევოლუციის კონცეფციის აგება “გონებისა” და “რაციონალურობის” ცნებათა რეკონცეპტუალიზაციას მოითხოვს. მოცემული ცნებების გადააზრება სამ ურთიერთდამოკიდებულ და ურთიერთდაკავშირებულ, მაგრამ ლოგიკურად განსხვავებულ დონეებზე უნდა მიმდინარეობდეს, რომელთაგან თითოეულზე იგი განსაზღვრულ ამოცანას წყვეტს.

მეტათეორიულ დონეზე იგი გულისხმობს კავშირის დადგენას გონებასა და მოქმედებას შორის, რაციონალურობის განვითარების ისტორიული პერსპექტივისაგან ამოსვლით.

მეთოდოლოგიურ დონეზე ამ კავშირის დადგენა გამოიხატება იმაში, რომ მნიშვნელოვანი სოციალური მოქმედების გაგება შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის რაციონალური კრიტიკის საფუძველზე.

ემპირიულ დონეზე რაციონალურობის თეორიამ უნდა მოგვცეს თანამედროვე საზოგადოების პროგრესული და რეგრესული ნიშან-თვისებების იდენტიფიკაციის კრიტიკული საფუძველი.

რაციონალურ მოქმედებას ჰაბერმასი არ მიიჩნევს რაღაც განსაკუთრებით ინსტრუმენტალურ (პრაგმატიზმის ფილოსოფიის აზრით) რაიმედ. რაციონალური მოქმედების განსაზღვრებისას იგი ცდილობს თავიდან აიცილოს მისი აზრით, მიზანდასახულობისა და რაციონალურობის ყალბი გაიგივება. ჰაბერმასის აზრით, რაციონალურია ყოველი მოქმედება, რომლის შესახებაც მის მონაწილეს რაციონალურად გამართლებული მსჯელობები ძალუძს წამოაყენოს. მოქმედება შეიძლება მიზანდასახული იყოს და ჰქონდეს ძალიან მაღალი ადაპტაციური პოტენციალი, მაგრამ იგი რაციონალური (ჰაბერმასისეული გაგებით) არ იქნება მანამ, სანამ ის არ იქნება გაცნობიერებული ამ მოქმედების მიზნებისა და საშუალებების შესახებ მსჯელობების ჩარჩოებში, მოქმედებისა, რომელიც დაფუძნებულია ვერიფიცირებად მიზეზ-შედეგობრივ რეგულარობებზე. რასაკვირველია, ჰაბერმასამდეც ხშირად რაციონალური მოქმედება განიხილებოდა და იმპლიციტურად გაიგებოდა როგორც ცოდნის მეშვეობით მართული ქცევა. იგი უბრალოდ აშიშვლებს ამ იმპლიციტურ წანამძღვარს, ამწვავებს და გამოკვეთს მას.

ი. ჰაბერმასის აზრით, პრაგმატიზმის მიერ აღწერილი რაციონალურობა-რაციონალურობის მხოლოდ კერძო შემთხვევაა. სანამ მიგვაჩნია, რომ მოქმედება “ვაკუუმში” მიმდინარეობს, მანამ მისი რაციონალურობა არის კერძო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ეფექტურობა (ხშირად სწორედ ეს მიაჩნიათ ერთადერთ შესაძლებელ რაციონალურობად), მაგრამ ინდივიდები არ ცხოვრობენ და მოქმედებენ “სიცარიელეში”, ისინი სოციალური აგენტები არიან, რომლებიც მხედველობაში იღებენ სხვა ადამიანების მოქმედებებს. ამგვარად, იმით, რომ თავიდან იცილებს რაციონალურობის ინსტრუმენტალურ ადაპტაციასთან პრაგმატისტულ გაიგივებას, ი. ჰაბერმასი აღადგენს ფენომენოლოგიურ დებულებას იმის თაობაზე, რომ გარემო რომელსაც ჩვენ ვეგუებით არის ენობრივი საშუალებებით გამოხატული, გაზიარებული, ამ ზღვრამდე საერთო და ობიექტური გამოცდილების სამყარო. სხვა სიტყვებით, იგი არ უარყოფს იმას, რომ რაციონალური მოქმედება იმართება ცოდნით, იგი უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ცოდნა ლინგვისტური ფენომენია, რამდენადაც როგორც მ. პოლინერი იტყოდა (მის ციტირებასაც ახდენს ი. ჰაბერმასი): “გამოცდილების წინასწარგრძნობადი ერთსულოვნება…. გულისხმობს სხვების გაერთიანებას _ ერთობლიობას, რომლებიც თვლიან, რომ ისინიც იგივე სამყაროს აკვირდებიან…., რომლებიც მოტივირებულნი არიან “სწორად-სამართლიანად” ილაპარაკონ თავის გამოცდილებებზე და რომლებიც ლაპარაკობენ გამოთქმის აღიარებული, გაზიარებული და საერთო სქემების შესაბამისად.” მაშასადამე, რაციონალური მოქმედება იმართება არა მხოლოდ ფაქტუალური მსჯელობებით, რომელთა ჭეშმარიტებისადმი შესატყვისობა არგუმენტირებულ და დასაბუთებულ უნდა იქნას, არამედ აგრეთვე იმართება ნორმატიული, ექსპრესიული და ღირებულებითი მჯელობებით, რომელთა არგუმენტირებულობა და დასაბუთებულობა შეუძლებელია გაგებულ იქნას ინსტრუმენტალური რაციონალურობის დასასაბუთებლად წამოყენებულ არგუმენტაციაში.

არისტოტელისეული ტრადიციის შესაბამისად ი. ჰაბერმასი სამ დონეს გამოყოფს: 1. ლოგიკურს, 2. რიტორიკულს და 3. დიალექტიკურს.

ლოგიკურ დონეზე არგუმენტი მოსაუბრის მიერ გამოყენებული ცნებების მნიშვნელობათა შინაგანი და გარეგანი კონსტისტენსობის (შემადგენლობის) მოთხოვნას უნდა შეესაბამისებოდეს.

როგორც რიტორიკული პროცესი არგუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს პროცედურული სამართლიანობის პირობებს. რიტორიკული პროცესის ეტალონურ შემთხვევად ი. ჰაბერმასი “იდეალურ სამეტყველო სიტუაციას” მიიჩნევს, როდესაც შეთანხმების მიღწევის რაციონალურად მოტივირებული მცდელობები დაცულია შინაგანი და გარეგანი ზეწოლისგან და თითოეულს აქვს ერთნაირი შესაძლებლობა გამოთქვას, გადმოსცეს თავისი მოსაზრებები, საბუთები და შეპასუხებანი თუ საპირისპირო აზრები.

როგორც დიალექტიკური პროცედურა, არგუმენტაცია გვევლინება “ურთიერთქმედების განსაკუთრებული ფორმის” სახით, რომლის დროსაც ვალიდურობის მოთხოვნები შეიძლება ჰიპოთეტურად გავაკრიტიკოთ, როგორც ყოველდღიური გამოცდილების ზეწოლისაგან დამოუკიდებელი რამ.

ამგვარად, რაციონალურობა არის მოქმედების გამართლების საშუალება. მოქმედება რაციონალურია იმდენად, რამდენადაც იგი შეიძლება გამართლებულ იქნეს არგუმენტაციის სამივე დონეზე.

რაციონალურობის კონცეფციის თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ი. ჰაბერმასი მოხაზავს სოციალური ევოლუციის ზოგად კონტურებს. ჟ. პიაჟეს მოსაზრებებზე დაყრდნობით იგი ახლებურად იზიარებს გონებისა და მოქმედების ურთიერთდამოკიდებულებას ევოლუციურ პერსპექტივაში. როგორც ცნობილია, ჟ. პიაჟემ ყურადღება აზროვნებისა და მოქმედების იმ სტრუქტურებზე გაამახვილა, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ეტაპობრივად სწავლობენ ნივთთა ობიექტური სამყაროსადმი და ნორმების, ურთიერთდამოკიდებულებებისა და ადამიანების სოციალური სამყაროსადმი შეგუებას. მისი თეორიის თანახმად, კოგნიტური და მორალური განვითარების ძირითადი მიმართულება დაკავშირებულია რეალობის გაგების დეცენტრალიზაციასთან სამყაროს ეგოცენტრისტული გაგებიდან დაწყებული ამ სამყაროს სხვა თვალსაზრისით აღქმის შესაძლებლობამდე დამთავრებული. ჟ. პიაჟემ დეცენტრალიზაციის პროცესში გამოყო ოთხი სტადია:

1. სიმბიოზური, რომელზეც ბავშვს არ ძალუძს განასხვაოს საკუთარი თავი როგორც მატერიალური სუბიექტი საგნობრივი გარემოცვისა და გარემომცველი პირებისაგან და თვით იმ პირებისგანაც, რომლებიც შეადგენენ მის პირველად რეფერენციას(მშობლებს).

2. ეგოცენტრული, რომელზეც ბავშვები უკვე ახდენენ გარეგანი გარემოცვისაგან თავიანთი თავის იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახერხებენ, ვერ ხედავენ განსხვავებას ფიზიკურ და სოციალურ რეალობებს შორის და აგრძელებენ სიტუაციის აღქმასა და შეფასებებს, მხოლოდ საკუთარი, ეგოისტური თვალსაზრისიდან ამოსვლით.

3.სოციოცენტრისტული, როდესაც ბავშვები იწყებენ კონკრეტული ოპერაციების გამოყოფას და უკვე ასხვავებენ აღქმულ და მანიპულაციის ქვემდებარე ობიექტებს გამგები სუბიექტებისა და მოქმედებებისგან. შვიდი წლისანი უკვე ასხვავებენ სუბიექტურ ფანტაზიებსა და იმპულსებს ობიექტური აღქმებისა და სოციალური ვალდებულებებისაგან.

4. უნივერსალური, რომელზეც ბავშვებს უნარი უჩნდებათ კრიტიკულად გაიაზრონ, რეფლექსიის საგნად აქციონ წინამორბედი გამოცდილება და შეაფასოს არსებული მდგომარეობა ჰიპოთეტიკური ალტერნატივების შუქზე.

ი. ჰაბერმასი თვლის, რომ სოციალური ევოლუცია გაგებული როგორც სამყაროსთან მიმართებაში ადამიანის შემეცნებით უნართა განვითარება, თავის არსებით ნიშნებში იმეორებს აზროვნების განვითარების იმ სტადიებს, რომლებიც ჟ. პიაჟემ აღწერა. ი. ჰაბერმასის მიერ გამოყოფილი სოციალური ევოლუციის ხუთი სტადია: მითოსურ-პოეტური, კოსმოლოგიური, რელიგიური, მეტაფიზიკური და თანამედროვე – არის მსოფლგაგების წესები, რომლებიც ასახავენ დეცენტრალიზაციის პროცესს უკვე ფილოგენეტიკურ დონეზე. თითოეული მომდევნო სტადია ხასიათდება განსხვავების დიდი უნარით, აყალიბებს რა შესაბამის სტრუქტურებს ამ განსხვავების კვლლავსაწარმოებლად. გარდა ამისა, თითოეული სტადია უფრო რაციონალურია, ვიდრე წინამორბედი. რაციონალურობის გაზრდა დაკავშირებულია ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლასთან. მსგავსად იმისა, როგორც “თითოეულ ბავშვს ერთი სტადიიდან (კოგნიტური ან მორალურიდან) მეორეზე გადასვლისას მაიევტიკის (ბებიაქალის ხელობა) საშუალებით ვაიძულოთ იმის ახსნა თუ რატომ აძლევს ნივთთა მდგომარეობის ახსნის მისი მეთოდი ახლა უფრო მეტ შესაძლებლობას მას პრობლემების გადაწყვეტისათვის, ვიდრე ადრინდელი”, ისე სოციალური ევოლუციის ყოველი ახალი სტადია იძლევა ახალ საშუალებებს სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად, მოიცავს რა ამავე დროს იმის ახსნის შესაძლებლობასაც, თუ რატომაა ეს საშუალებები უფრო უკეთესი ვიდრე წინამორბედები. ჰაბერმასის აზრით ევოლუციის ეს მოდელი უბრალოდ აბსტრაქტულ სქემას კი არ წარმოადგენს, არამედ გვთავაზობს “სოციალური კრიტიკის სტრუქტურულად რეფერენტულ წერტილებს, რომლებიც გვიხსნიან თუ რატომ არ ძალუძთ თანამედროვე საზოგადოებებს თავიანთი ეკონომიკური და ადმინისტრაციული პრობლემის გადაწყვეტა.”

“სიცოცხლის სამყაროს” ევოლუციას მოსდევს ის, რომ თავდაპირველი გამოცდილების ურღვევი ერთიანობა დიფერენცირდება, მასში თანდათანობით გამოიყოფა სტრუქტურები, რომლებიც განაპირობებენ გამოცდილებების სამი, შედარებით დამოუკიდებელი: ობიექტური, სოციალური და სუბიექტური სამყაროებისადმი მიკუთვნებას. ლინგვისტური გამოთქმები, რომლებიც ექსპლიციტურად შეეფარდებიან გამოცდილების მომენტებს – ფაქტებს, ნორმებს, ინტენციებს და ა.შ. – აგებენ სამყაროს, რომელშიც სოციალური მოქმედება ამ სამყაროს შესახებ იმპლიციტურად ნაგულისხმევი შეთანხმების გარეშე შეუძლებელი ხდება. აღწერები ობიექტურ სამყაროში დათარიღებულ, ლოკალიზებულ ნივთთა დამოკიდებულება –მიმართებების სინამდვილეს ასაბუთებენ, დანაწესები (მითითებები) ასაბუთებენ სოციალური სამყაროს შემადგენელ ვალდებულებათა და ნორმათა სამართლიანობას.

ექსპრესიული გამოთქმები მიუთითებენ მოლაპარაკე სუბიექტის სუბიექტური სამყაროს დისპოზიციების – განზრახვათა, ვნებათა და გრძნობათა გულწრფელობაზე. და ბოლოს, შეფასებები განსაზღვრავენ სუბიექტურ ღირებულებით უპირატესობათა სოციალურ მისაღებობას. ახლა ჩვენ, აღწერითი, დაწესებული (მითითებული), ექსპრესიული და ღირებულებითი გამოთქმების რაციონალურობის კრიტიკული შეფასებებისათვის უნდა მივმართოთ სამ სხვადასხვა სამყაროში მათი მიკუთვნების წერტილებს.

ამგვარად, “სიცოცხლის სამყაროს” ევოლუციას მივყავართ მიკუთვნების სამ შედარებით დამოუკიდებელი სამყაროს გამოყოფასთან. ეს სამყაროები განსხვავდებიან თავად “სიცოცხლის სამყაროსგან”. ისინი რეფერენციის სფეროებია, რომლებიც ექსპლიციტურად მიწერილნი არიან “სიცოცხლის სამყაროსადმი”, მაშინ როდესაც თავად ის შეადგენს “წინაგაგების” საფუძველს. “სიცოცხლის სამყაროს” განწყობები, ობიექტივირების, შეფასების, გამოთქმების განწყობები – ფორმდებიან შესატყვისი ინტენციების შესაბამისად ამ სამყაროებისადმი თითოეულში. ეს ინტენციები ასახავენ რეალობის სქემატიზაციის უფრო ფორმალურ წესებს (ხერხებს), და არა რეალობის როგორც ასეთის სფეროებს. ფაქტებისგან შედგენილ ობიექტურ სამყაროს, არა აქვს უფრო მეტი დამოკიდებულება ბუნების სამყაროსადმი, ვიდრე სოციალურ სამყაროს – კულტურის სამყაროსადმი. რეალობის ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება დაექვემდებაროს რეფერენციის არჩეული სქემის შესაბამისად განსხვავებულ განხილვას. ავიღოთ პიროვნებები და ნორმები, ისინი შეიძლება ჩაითვალონ როგორც დაკვირვებად ფაქტებად, რომლებიც გათვალისწინებულია ქცევის სტრატეგიის გაანგარიშებებში, ისე მნიშვნელობის მქონე ღირებულებებად რომლებიც პატივისცემას იწვევენ.

“სიცოცხლის სამყაროს” დეცენტრალიზაციის პროცესში წარმოქმნილი რეფერენციის სამყაროები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მხოლოდ რეალობის აღქმის განწყობებით, არამედ რაციონალურობის კრიტერიუმებითაც. ამ სამყაროთაგან თითოეულში რაციონალურობა განსაკუთრებულ ფორმას იღებს და განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ცოდნასა და მოქმედებას შორის მეტათეორიულ დონეზე კავშირის დამდგენ “სიცოცხლის სამყაროს” ევოლუციის კონცეფციას, ი. ჰაბერმასი სოციალური მოქმედების საკუთარი თეორიის შექმნასთან მიყავს. როგორც მრავალი მისი წინამორბედი, ისიც ფიქრობს, რომ სოციალურ მოქმედებას მიზანდასახული ხასიათი აქვს. მაგრამ მიზნები, რომლეთა მიღწევაზეც ეს სოციალური მოქმედებები არიან ორიენტირებულნი, ჰაბერმასის აზრით, სრულებითაც არ არიან თვითნებურნი. ისინი მჭიდრო კორელაციაში არიან მიკუთვნების სამყაროთა ინტენციებთან, რომლებიც “სიცოცხლის სამყაროს” განწყობებს ასახავენ. მაგალითად, ობიექტიფიკაციის განწყობას, რომელიც ობიექტური სამყაროს “ფაქტობრივ” ინტენციებად ფორმდება, რეფერენციებს ეგოისტური მიზნების გამოვლენასთან მივყავართ. “სიცოცხლის სამყაროს” რეფერენციის სამყაროებთან რაციონალურობის სახეებისა და მიზნების ურთიერთკავშირი სოციალური მოქმედების იდეალური ტიპების სახით კონცეპტუალიზდება. ჰაბერმასი ამოდის მ. ვებერიდან და არც მალავს ამას, უბრალოდ იგი ვებერისეული ტიპოლოგიზაციის კრიტიკულ ხელახალ გააზრებას ეწევა. ხელახალი გააზრების აუცილებლობა დაკავშირებულია “სიცოცხლის სამყაროს” ევოლუციასთან, რომელმაც უფრო რაციონალური გახადა სოციალური მოქმედება და მისი ტიპოლოგიის შეცვლასთანაც მიგვიყვანა. თანამედროვე პირობებში, ჰაბერმასის აზრით, შეიძლება სოციალური მოქმედების ოთხი იდეალური ტიპი გამოვყოთ:

1. სტრატეგიული მოქმედება. ესაა ეგოისტური მიზნებით წარმართული მოქმედება, რომელის მიღწევისას მხედველობაში მიიღება თუნდაც ერთი სხვა ინდივიდის მოქმედების გავლენა. იგი რაციონალურია იმ ზომით, რა ზომითაც მოქმედების სუბიექტი ირჩევს “სასურველის მიღების” ყველაზე ეფექტურ საშუალებას. რაციონალურობის ამ მოდელისაგან ამოსვლისას, სტრატეგიული მოქმედების მონაწილენი სხვა მოქმედ პირებს უყურებენ როგორც ობიექტივირებულ საშუალებებს ან როგორც წინაღობა-დაბრკოლებეს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე.

2. ნორმატიული მოქმედება. ესაა სოციალური მოქმედება, რომლის მონაწილეთა მიზანია ურთიერთხელსაყრელ და გამოსადეგ ექპექტაციათა მიღწევა, რომელსაც ვახორციელებთ გაზიარებულ-საერთო ღირებულებებისა და ნორმებისადმი საკუთარი ქცევების დაქვემდებარების საშუალებით. ეგოისტური მიზნებით წარმართული მოქმედებები სოციალური ვალდებულებებით ან კანონებით გადაილახება. ნორმატიული მოქმედების მონაწილეებმა უნდა გაითვალონ და გაითვალისწინონ პიროვნულ მოქმედებათა ობიექტური შედეგები ნორმატიულ განწყობებთან მათი შესაბამისობის პლანში. ნორმატიული მოქმედება რაციონალურია იმდენად, რამდენადაც იგი შეესატყვისება ქცევის სოციალურად მიღებულ სტანდარტებს. ნორმატიული მოქმედების ეტალონია ისეთი სოციალური სიტუაცია, რომელშიც ქცევის არსებული სტანდარტები მონაწილეობაში ავითარებენ საერთო ინტერესებს.

3. დრამატურგიული მოქმედება. დრამატურგიული მოქმედების მიზანია “საკუთარი თავის წარმოდგენა”-წარდგენა ანუ საჯარო იმიჯის შექმნა. ამ ტიპის შემოტანა უმეტესად ინიცირებულია ე. გოფმანის მიერ შემუშავებული “დრამატურგიული მიდგომებით”. მაგრამ ჰაბერმასთან “როლური თამაშის” ცნება აღნიშნავს არა შეგუებას ქცევის სოციალურად დადგენილ ფორმებთან, არამედ თავისუფალ, მაგრამ რაღაცნაირი ინდივიდუალობის შერჩევით თვითგამოხატვას. მოცემული ტიპის გამოყოფა აჩვენებს იმას, რომ თვით ყველაზე მარტივი სოციალური მოქმედებაც კი მუდამ შეფერადებულია მისი სუბიექტის ინდივიდუალურობით. სოციალური მოქმედების “დრამატურგიული” ელემენტი იმპლიციტურად ანალოგიურია ქცევის სტრატეგიული ტიპისა, რომლისგანაც იგი მხოლოდ მიზნობრივი მიმართულებით განსხვავდება. ორივე მათგანის რაციონალურობა მსგავსია, ფაქტობრივად ერთი და იგივეა ფორმის მიხედვით, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეფასების კრიტერიუმის წყალობით. სტრატეგიული მოქმედების ეფექტურობა ფასდება დანახარჯთა რაოდენობით, მაშინ როდესაც დრამატურგიული მოქმედების ეფექტურობა განისაზღვრება მისი “გულწრფელობით”. “ცხოვრების თეატრში” მიღებულია როგორც ურთიერთნდობის პირობა, რომ როლები, რომლებსაც ასრულებენ აქტორები, შეესატყვისებიან მათი ხასიათის ნამდვილ ნიშნებსა თუ თვისებებს. ამიტომ, რათა წარმოდგენა იყოს რაციონალური არასტრატეგიული აზრით, იგი აუცილებელია იყოს ”გულწრფელი”, ხოლო მის მიერ გამოთქმული ზრახვები თუ ჩანაფიქრები აუტენტური-თვითმყოფადი უნდა იყვნენ.

4. კომუნიკაციური მოქმედება. სოციალური მოქმედების მოცემული ტიპის მიზანია მონაწილეთა თავისუფალი შეთანხმება განსაზღვრულ სიტუაციაში ერთობლივი რეზულტატების მისაღწევად. მოქმედების წინა ტიპების მონაწილეთა დამოკიდებულება-მიმართებები შეიძლება მათი ძალისხმევების კოორდინაციას შეიცავდნენ, მაგრამ თვით კოორდინაცია არ წარმოადგენს გამოთქმულ მიზანს. სტრატეგიულად მოქმედ პირებს, შეუძლიათ აიძულონ სხვები ხელი შეუწყონ საკუთარი მიზნების მიღწევაში, იყენებენ რა ამ დროს ძალადობას, ძალაუფლებას, ფულს და სხვა მანიპულაციებს. ნორმატიული და დრამატურგიული მოქმედებანი სტრატეგიულისაგან განსხვავდებიან იმით, რომ გულისხმობენ რაღაცნაირ მდუმარე შეთანხმების არსებობას ურთიერთმოლოდინთა თუ ექპექტაციათა შესახებ. ამიტომ პირებს, რომლებიც მოქმედებენ დრამატურგიულად ან ნორმატიულად, შეუძლიათ ამ შეთანხმებათა (მაგ: ენა) გამოყენება მოქმედებათა კოორდინაციისათვის, ისე, რომ არ გამოთქვან პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება – თუ თანხმობის მიღწევის განზრახულობა. ყოველივე ეს ჰაბერმასს საშუალებას აძლევს ნორმატიული და დრამატურგიული მოქმედება განიხილოს როგორც კომუნიკაციური მოქმედების ქვეტიპები. მაგრამ მკაცრად რომ ვთქვათ, კომუნიკაციური მოქმედება შეიცავს ექსპლიციტურად გამოთქმულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ურთიერთგაგების მიღწევაზე რეფერენციის სამყაროთა მიერ წამოყენებულ რაციონალურობის ყველა კრიტერიუმთან მიმართებაში, და მაშასადამე უპირისპირდება დანარჩენ მოქმედების უფრო შეზღუდულ და ნაკლებ რეფლექსურ ტიპებს. რამდენადაც “სტაბილურობა და თანხმობა გამონაკლისია ყოველდღიურ პრაქტიკაში”, ამდენად, კომუნიკაციური მოქმედება პერმანენტულ შესაძლებლობად რჩება.

სოციალური მოქმედების საკუთარი კონცეპტის ჩამოყალიბებისას ჰაბერმასი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უწყობენ ხელს სოციალური სიტუაციის მონაწილეთა მოქმედებების კოორდინაციას “სიცოცხლის სამყაროს” სტრუქტურების გამომთქმელი მიზნები. თუ მოქმედების მიზანი თავისი ბუნებით პიროვნულია (ეგოისტურია), მაშინ ძალისხმევათა კოორდინაცია ითვალისწინებს მხოლოდ სხვა პირთა გამოყენებას ძალადობრივი ან არაძალადობრივი საშუალებებით (სტრატეგიული მოქმედება) თუ მოქმედების მიზანია საკუთარი ქცევების შეგუება სოციალური ნორმებისადმი ან საკუთარი ინდივიდუალობის გამოთქმა, მაშინ მოქმედებათა კოორდინაცია დამოკიდებულია ნორმებისა და კონვენციონალურ როლთა (ნორმატიული და დრამატურგიული მოქმედებები) შესახებ გამოთქმულ თანხმობაზე. და ბოლოს, თუ მოქმედების მიზანია პრობლემურ საკითხებზე თანხმობის მიღწევა, მაშინ მონაწილეთა მოქმედებების კოორდინაცია დამოკიდებულია მოცემულ ერთობლივ მოქმედებაში მონაწილეობის შესახებ წინადადების მიღებას ან არ მიღებაზე (კომუნიკაციური მოქმედება).

ამგვარად, რაციონალიზებული “სიცოცხლის სამყარო” იყენებს ლინგვისტურ სტრუქტურებს, რომლებიც პროვოცირებას უკეთებს რეფერენციის ობიექტურ, სოციალურ და სუბიექტურ სამყაროთა ფორმალურ დიფერენციაციას. ადამიანები ყველა სამივე სამყაროს ერთდროულად მიაკუთვნებენ საკუთარ თავს. მაშასადამე, თითოეული მოქმედება სინამდვილეში კომპლექსურ ხასიათს ფლობს. იგი არის რეფერენციათა სისტემა, რომელიც შედგება ობიექტური ფაქტებისგან, სოციალური ნორმებისგან და პირადი გამოცდილებისგან. მოქმედების ყოველი სიტუაცია წარმოადგენს “წინაგაგების” “საყოველთაო შესაძლებლობის ჭრილს”, იქცევა რა მონაწილეთა უშუალო ინტერესების რელევანტურ რაიმედ”. მოქმედება იმართება ცოდნის მიერ. მაგრამ ეს ცოდნა შეიძლება განსხვავებული იყოს. მეცნიერული ცოდნა არ არის არც ერთადერთი შესაძლებელი რამ, არც ერთადერთი სწორი და რაციონალური რამ. სოციალური ურთიერთქმედების მონაწილეთა გამოცდილება შედგება პრაქტიკული know-how , და არა მეცნიერული ცოდნისგაგან. ეს უკანასკნელი “სიცოცხლის სამყაროს” ევოლუციის გამოცდილებას თანმიმდევრულ ინფორმაციადგარდაქმნის, რომელიც გამოსადეგია პიროვნებათაშორისი და თაობათაშორისი ტრანსლაციებისათვის.

“სიცოცხლის სამყაროს” დიფერენცირებული სტრუქტურები (რომლებიც ამავე დროს ფუნქციებადაც გვევლინებიან) თავიდანვე კომპლიმენტარულნი და კულტურის (ცოდნის), საზოგადოების (ლეგიტიმური წესრიგის) და პიროვნების (ინდივიდუალური იდენტურობის) წარმოებასა და კვლავწარმოებაზე არიან მიმართულნი. რაციონალიზებისას ისინი ფორმის, შინაარსისა და რეფლექსურობის მიხედვით იყოფიან. რეფერენციათა ობიექტური და სოციალური სტრუქტურების განცალკევება ნორმატიულ ინსტიტუტებს სამყაროზე მეტაფიზიკურ-რელიგიური შეხედულებებისაგან ათავისუფლებს. შემდეგ მათგან გამოიყოფა სუბიექტური სტრუქტურა, რაც ინდივიდს აძლევს მეტ თავისუფლებას, რომელიც აგრეთვე მოიცავს რეფლექსიის შესაძლებლობას ტრადიციის, პიროვნებათშორის ურთიერთობებში საკუთარი წარმომადგენლობის და თვითრეალიზაციის შესახებ. ამავე დროს ღირებულებების სფერო, ჭეშმარიტების კრიტერიუმი და არგუმენტაციების პროცესები კულტურის კონტექსტს ეყოფიან-გამოიყოფიან კულტურის კონტექსტისაგან. პროცედურული სამართლის ფორმალური პრინციპები მოქმედების უშუალო კონტექსტისაგან იმიჯნებიან, კოგნიტური სტრუქტურები, კომპეტენციები და განწყობები პირადი გამოცდილებისაგან აბსტრაგირდებიან. და ბოლოს პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტისადმი უფრო რეფლექსური მი8დგომების მოთხოვნილება დიდ სტიმულს აძლევს სპეციალიზებულ მეცნიერებათა დისციპლინების გამოვლენას, პოლიტიკის დისკურსიული ფორმირების დემოკრატიული ფორმებითა და განათლების უნივერსალიზაციით ავტორიტარულ ინსტიტუტთა შეცვლას.

“სიცოცხლის სამყაროს” რაციონალიზაციას მხოლოდ დადებითი შედეგები არ აქვს. სტრუქტურათა დიფერენციაცია ზრდის სოციალური ურთიერთობების დამამახინჯებელ ილუზიებს. ყოველდღიური, ჩვეულებრივი ენა აღიჭურვება ცოდნის ნათელი და საიმედო შუამავლის თვისებებით, კომუნიკაციურ ურთიერთქმედებას განსაკუთრებული ურთიერთსარგებლიანობა მიეწერება. ინდივიდები კი მთელი თავისი მოტივების გამცნობიერებლად. კომუნიკაციების სახით არსებული სოციალური პათოლოგიების გამოსავლენად სოციოლოგმა პირველ რიგში უნდა იკვლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემათა გენეზისი და განვითარება, რომლებიც გამოეყოფიან რა “სიცოცხლის სამყაროს” უკვე გარედან იწყებენ მის მართვას.

2. “სისტემა” და “სიცოცხლის სამყარო”

“სიცოცხლის სამყაროს” კატეგორია სოციალური სინამდვილის მხოლოდ ერთ ასპექტს აფიქსირებს. იგი მოქმედების, უშუალო ურთიერთქმედების, პრაქტიკული გამოცდილების სფეროთა კონცეპტუალიზაციას ემსახურება. სოციუმის სუბიექტური მხარე იმის სადემონსტრაციოდ გამოიყენება თუ როგორ იწარმოება და კვლავწარმოება სოციალური სინამდვილე სუბიექტის მიზანდახული, ინტენციონალური, გაცნობიერებული საქმიანობის მიმდინარეობისას. მაგრამ სოციალურ სინამდვილეს აქვს კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც “სისტემის” ცნებით აღინიშნება. “სიცოცხლის სამყაროს” და “სისტემის” ცნებათა შორის განსხვავებები ჰაბერმასს ესაჭიროება ფორმალურად, რათა გამიჯნოს ერთმანეთისაგან სოციალური კვლავწარმოების (მატერიალურისა და სიმბოლურის) სფეროები, რომლებიც თავის მხრივ ინტეგრაციის განსხვავებულ ტიპებს: სისტემურსა და სოციალურს აღნიშნავენ, და რომლებიც მოქმედების ანალიტიკურად განსხვავებულ კონტექსტებში არიან ჩართულნი (სტრატეგიულსა და კომუნიკაციურში). სისტემა აერთიანებს ცალ-ცალკე არსებულ მოქმედებებს გარე სამყაროსადმი ადაპტაციის მიზანთა შესატყვისად, არეგულირებს სტრატეგიული მოქმედების გაუთვალისწინებელ თუ განუზრახველ შედეგებს თავისუფალი ნების ფარგლების შემზღუდველ საბაზრო და ბიუროკრატიულ მექანიზმთა დახმარებით.

“სიცოცხლის სამყარო” კი მიმართულია ინდივიდუალური და სოციალური იდენტურობის შენარჩუნებასა და დაცვაზე, ორგანიზებას უკეთებს რა მოქმედებას მიღებულ ღირებულებათა საფუძველზე და ადგენს რა კონკრეტულ სიტუაციებში თანხმობის შესაძლებლობებს. “ორი გამოთქმა – “სოციალური ინტეგრაცია” და ”სისტემური ინტეგრაცია” სათავეს განსხვავებული თეორიული ტრადიციებისგან იღებენ. ჩვენ ვლაპარაკობთ სოციალური ინტეგრაციის შესახებ იმ ინსტიტუტებთან მიმართვებაში, რომლებშიც მოლაპარაკე და მოქმედი სუბიექტები სოციალურ ურთიერთკავშირებს ადგენენ. სოციალური სისტემები, ესენი იგივე სასიცოცხლო სამყაროებია, რომლებიც სიმბოლურად არიან სტრუქტურიზებულნი. სისტემური ინტეგრაციის შესახებ კი ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ თვითრეგულირებადი სისტემის სპეციფიკურად მართვადი გამოვლინებების თვალსაზრისით. სოციალური სისტემები აქ განიხილებიან მათი საკუთარი საქღვრების დაცვის და მუდმივად ცვლადი გარემოს სირთულის გადალახვის გზით საკუთარი არსებობის გაგრძელების შესაძლებლობის თვალსაზრისით.”

ამგვარად, ჩვენს წინაშეა არა ორი ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯნული სფეროები, რომელთა შორის ნათელი საზღვრის გატარება შესაძლებელია და შემდეგში კი ბჭობა იქნება შესაძლებელი უკვე მათი ურთიერთქმედების ტერმინებში. საზღვარი სისტემასა და სიცოცხლის სამყაროს შორის მოძრავი და გამჭვირვალეა. (სისტემა ესაა ისეთი ერთობლიობა ელემენტებისა, რომელსაც ნაკლებ მკვეთრი, დიფუზიური საზღვარი აქვს). სისტემა წარმოიშობა სიცოცხლის სამყაროს შიგნით როგორც მოქმედების გაუთვალისწინებელი-გულუზრახი შედეგი და მასთან დაკავშირებული რჩება ნორმატიული აზრით. უფრო მეტიც “სისტემაც” და “სიცოცხლის სამყაროც” გვევლინებიან როგორც მოქმედების ორი: ლოგიკურად და ანალიტიკურად განსხვავებული ფუნქციის სახით, რომლებიც სოციალურ სინამდვილეში ერთმანეთს გადაკვეთენ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ისინი სოციალური სინამდვილის განხილვის ორ პერსპექტივას წარმოადგენენ. “მე უპირატესობას ვანიჭებ – წერს ი. ჰაბერმასი – “სიცოცხლის სამყაროს” ცნების, როგორც “კომუნიკაციური მოქმედების” ცნების ურთიერთდამატების შემოტანას, როგორც ისეთი გარემოსი, რომლის მეშვეობითაც სიცოცხლის სამყაროს სიმბოლური სტრუქტურები კვლავწარმოებენ საკუთარ თავს. ამავე დროს, ინსტრუმენტალური მოქმედებები, წარმოადგენენ რა ურთიერთქმედებებს ობიექტურ სამყაროში, გვევლინებიან სიცოცხლის სამყაროს მატერიალური სუბსტრატის კვლავმწარმოებელ გარემოდ, რომლის მეშვეობითაც სოცოცხლის სამყარო გარემომცველ სინამდვილესთან ურთიერთგაცვლის პროცესს ავითარებს გარე დამკვირვებლის თვალსაზრისით, რომელიც აობიქტივირებს სიცოცხლის სამყაროს. “მატერიალური გაცვლის ეს პროცესი” შეიძლება გაანალიზდეს როგორც ფუნქციონალური ურთიერთკავშირები და თვითრეგულირებადი სისტემები.”

ამიტომ “სიცოცხლის სამყაროს” და ”სისტემის” დამოკიდებულება შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც დიალექტიკური პროცესი, რომელშიც სიცოცხლის სამყარო წარმოადგენს რა მოძრაობისა და წინააღმდეგობის წყაროს, გააუცხოებს ნაწილობრივ თავის თავს გარე სამყაროში, რითაც დამოკიდებული აღმოჩნდება სოციალური სტრუქტურებზე და იძულებული შეიქმნება დაექვემდებაროს და შეეგუოს მას. მაგრამ მას ასევე ძალუძს დაუპირისპირდეს “სისტემის” მხრიდან მომდინარე “რეპრესიებს” და “კოლონიზაციებს”. მას უნარი შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს სისტემას, გაამწვავოს სოციალური ცხოვრების წინააღმდეგობები და მიგვიყვანოს სოციალური სინამდვილის ცვლილებასთან. “გაუცხოება-მოხსნის” დიალექტიკური პროცესი საფუძვლად ედება “სიცოცხლის სამყაროს” შინაგანი დიფერენციაციისა და რაციონალიზაციის პროცესს, რითაც სოციალური ევოლუციის განუმეორებელ და უნიკალურ სარჩულს ქმნის. ჰაბერმასის აზრით, “სისტემისა” და “სიცოცხლის სამყაროს” ურთიერთდამოკიდებულებების დიალექტიკა კარდინალურად განსხვავდება მათი ურთიერთამოკიდებულებების იმ აღწერებისაგან, რომელსაც გვთავაზობენ როგორც სისტემური მიდგომა სოციოლოგიაში (დაწყებული ტ. პარსონსისაგან და დამთავრებული ნ. ლუმანის ჩათვლით), ისე ჰერმენევტიკული ფილოსოფია. ზემოთ ნახსენები ორივე ტრადიცია მხოლოდ განხილვის განსხვავებულ პერსპექტივებს წარმოადგენენ, რომლებიც “სისტემისა” და “სიცოცხლის სამყაროს” განსხვავებებისაგან გამომდინარეობს. პირველი, სოციალურ სინამდვილეს “გარეგანი დამკვირვებლის” თვალსაზრისით განიხილავს, რომელიც სოციალური ქცევის კონცეპტუალიზაციას “გაუთვალისწინებელი თუ გულუზრახი შედეგების” ცნებაში ახდენს და იძულებულია “სისტემისა” და “სიცოცხლის სამყაროს” ურთიერთქმედებებისა და ურთიერთდამოკიდებულებების ადაპტაციურ-შემგუებლური ასპექტი გაამართლოს. მეორე კი სოციალური მოქმედების “აგენტისაგან” ამოდის, რომელიც ჩართულია საერთოდ-საზოგადოდ მიღებულ მნიშვნელობათა და ნორმათა კომუნიკაციურ სისტემაში და ამიტომ მოქმედების სუბიექტს კონსენსუსის მიღწევის იმანენტური მისწრაფებით აღჭურვავს-აიარაღებს.

მართალია, მეთოდოლოგიური განსხვავება საკმარისი არაა ინტეგრაციის სფეროთა ლოგიკური და ონტოლოგიური გამიჯვნისათვის და მით უფრო ნაკლებ საფუძველს გვაძლევს მათი შეპირისპირებითი ანალიზისათვის. “სისტემის” და “სიცოცხლის სამყაროს” დიფერენციაცია ჰაბერმასთან მიმართებაშია ყველა საზოგადოების მიერ განხორციელებულ ინტეგრაციული ფუნქციების არა მხოლოდ ლოგიკურ დაყოფასთან, არამედ სოციალური სინამდვილის განსაზღვრული მდგომარეობის ევოლუციურ მიღწევასთანაც – მოქმედების სხვადასხვა ტიპების შესაბამისად ამ ფუნქციების ონტოლოგიურ განაწილებასთან, რომლის შესაძლებლობა თავიდანვე დაფუძნებულია “სიცოცხლის სამყაროს” რაციონალიზაციაზე

ცოდნა და ინტერესები

ცოდნა ობიექტურია, ინტერესები კი უფრო სუბიექტური. ჰაბერმასი განასხვავებს ცოდნის 3 სისტემას და მათ შესაბამის ინტერესებს. ეს ინტერესები, რომლებიც ძევს ცოდნის თითოეული სისტემის საფუძველში, ჩვეულებრივ უცნობია ადამიანებისათვის და ამიტომ თეორეტიკოსების ამოცანაა ამ ინტერესების სააშკარაოზე გამოტანა.

1.1. ცოდნის პირველი ტიპია _ ანალიტიკური მეცნიერებები, ანუ კლასიკური პოზიტივისტური მეცნიერული სისტემები. ამ სისტემების საფუძველში მდებარე ინტერესი არის ტექნიკური წინასწარმეტყველება და კონტროლი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ბუნებრივი გარემოს, სხვა საზოგადოებების ან საზოგადოებაში ადამიანის მიმართ. ანალიტიკური მეცნიერებები ადვილად ექვემდებარებიან მზარდ დესპოტურ კონტროლს.

1.2. ცოდნის სისტემის მეორე ტიპია _ ჰუმანიტარული ცოდნა და მისი შესაბამისი ინტერესი სამყაროს გაგებაში მდგომარეობს. ცოდნის ეს სისტემა ამოდის ზოგადი იდეიდან, რომლის თანახმადაც წარსულის გაგება გვეხმარება გავიგოთ თანამედროვე ხდომილებები. ცოდნის ეს ტიპი პრაქტიკულ ინტერესს ავლენს ურთიერთგაგებისა და საკუთარი თავის გაგებისადმი. იგი არ არის არც დამთრგუნველი და არც განმანთავისუფლებელი.

1.3. ცოდნის მესამე ტიპია _ კრიტიკული ცოდნა. ამ ტიპის ცოდნის საფუძველში მდებარე ინტერესი დაკავშირებულია ადამიანის გათავისუფლებასთან. ამ ტიპის მცოდნე მოაზროვნეები იმედებს ამყარებენ, რომ კრიტიკული ცოდნა გააღვიძებს მასების თვითცნობიერებას და მიგვიყვანს ისეთ სოციალურ მოძრაობასთან, რომლის შედეგიც გახდება სასურველი გათავისუფლება.

2. უთანხმოება მარქსთან.

ჰაბერმასი მიზნად ისახავს ისეთი თეორიული პროგრამის შემუშავებას, რომელიც ისტორიული მატერიალიზმის რეკონსტრუირებას მოახდენს. საწყის წერტილად ჰაბერმასი იღებს ძირითად ამოსავალ დებულებებს. (ადამიანური პოტენციალი, სახეობის არსება, ,,გრძნობადი ადამიანური აქტიურობა”) მაგრამ იგი ამტკიცებს, რომ მარქსმა ვერ შეძლო ანალიზის თვალსაზრისით განესხვავებინა სახეობის, არსების ორი დამოუკიდებელი კომპონენტი: შრომა (ანუ მიზანდასახული მოქმედება) და სოციალური (ანუ სიმბოლური) ურთიერთქმედება (ანუ კომუნიკაციური მოქმედება) ამ უკანასკნელს მარქსი იგნორირებას უკეთებდა და იგი შრომამდე დაყავდა, მაშინ, როდესაც ჰაბერმასი ამოსავალ წერტილად იღებს შრომასა და ურთიერთქმედებას შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებას. შესაბამისად იგი ძირითად ცნებებად იყენებს: მიზანრაციონალურ მოქმედებას (შრომა) და კომუნიკაციურ მოქმედებას (ურთიერთქმედება). მიზანრაციონალური მოქმედების შესახებ ბჭობისას იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს ინსტრუმენტალურ და სტრატეგიულ მოქმედებას. ორივე პირადი გამორჩენისაკენ-მოგებისადმი გათვლილ გაანგარიშებულ მისწრაფებას გულისხმობს. ინსტრუმენტალური მოქმედება გულისხმობს ერთი მოქმედი პირის მონაწილეობას, რომელიც რაციონალურად ითვლის და ანგარიშობს დასახული მიზნის მიღწევის საუკეთესო წესებსა და საშუალებებს, ხერხებს. სტრატეგიული მოქმედებით კი გაიგება მიზანრაციონალური ქმედების ორი ან მეტი ინდივიდების კოორდინაცია, რომელიც მიზნის მიღწევაზეა მიმართული. როგორც ინსტრუმენტური ისე სტრატეგიული მოქმედების მიზანია ინსტრუმენტალური ოსტატობა და დახელოვნება. ყველაზე საინტერესოა ,,კომუნიკაციური” მოქმედება, რომელშიც სუბიექტთა მოქმედება კოორდინირდება არა წარმოების ეგოცენტრული გათვლა გაანგარიშებით, არამედ გაგების მეშვეობით. კომუნიკაციურ მოქმედებაში მისი მონაწილეები თავდაპირველად არ არიან ორიენტირებულნი პირად, საკუთარ წარმატებებზე, ისინი თავიანთ მიზნებს მისდევენ იმ პირობით, რომ შეძლებენ თავიანთი მოქმედებების გეგმის შეთანხმებას სიტუაციის საერთო განსზღვრების საფუძველზე.

თუ მიზანრაციონალური მოქმედების ამოცანა _ დასახული მიზნის მიღწევაა, მაშინ კომუნიკაციური მოქმედება მიმართულია ურთიერთობის პროცესში გაგების მიღწევაზე (კომუნიკაციურ გაგებაზე). კომუნიკაციურ მოქმედებაში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა მეტყველება და ენა. მაგრამ მსგავსი მოქმედება უნდა გავიგოთ უფრო ფართოდ, ვიდრე უბრალოდ რაღაც ისეთი, რომელიც თავის თავში შეიცავს ,,მეტყველებით აქტებს ან არავერბალური გამოთქმების ექვივალენტურ აქტებს”. ჰაბერმასის მარქსისაგან ძირეული განსხვავება იმის დასაბუთებაშია, რომ სწორედ კომუნიკაციური მოქმედება და არა მიზანრაციონალური მოქმედება (შრომა არის უნიკალური და ყველაზე არსებითი მოვლენა, რომელიც ადამიანისთვისა დამახასიათებელი). სწორედ კომუნიკაციური მოქმედება (და არა შრომა) _ არის მთელი სოციოკულტურული ცხოვრების, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების საფუძველი. თუ მარქსი ყურადღებას შრომაზე ამახვილებდა, მაშინ ჰაბერმასი სათავეში კომუნიკაციას აყენებს.

მარქსი არა მხოლოდ შრომაზე აკეთებდა აქცენტს, არამედ თავისუფალ და შემოქმედებით შრომას (სახეობის არსებას) განიხილავდა საკუთარი კრიტიკული ანალიზის ამოსავალ მიმართებად სხვადასხვა ეპოქაში, განსაკუთრებით კი კაპიტალიზმის ეპოქაში. ჰაბერმასის ამოსავალი კი არის დაუმახინჯებელი კომუნიკაცია იძულებისა და ძალადობის გარეშე. ამ ხაზის დაცვისას ჰაბერმასს შესაძლებლობა აქვს კრიტიკულად გაანალიზოს დამახინჯებული კომუნიკაცია. მას აინტერესებს ის სოციალური სტრუქტურები, რომლებიც კომუნიკაციას ამახინჯებენ. მარქსიც სწორედ ასე აანალიზებდა შრომის დამახინჯების სტრუქტურულ წყაროებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებულ პოზიციებს იცავენ, მაინც აქვთ ეს ამოსავალი ხაზები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევთ თავიდან აიცილონ რელატივიზმი და იმსჯელონ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებზე. ჰაბერმასი აკრიტიკებს ვებერს, თავის წინამორბედებს _ კრიტიკული სკოლის წარმომადგენლებს, ასეთი ამოსავალი ხაზის უქონლობისა და რელატივიზმში ჩავარდნის გამო.

არსებობს კიდევ ერთი პარალელი ჰაბერმასსა და მარქსს შორის: ორივესათვის ამოსავალი ხაზები წარმოადგენენ არა მხოლოდ ანალიტიკურ ამოსავალ წერტილებს, არამედ აგრეთვე პოლიტიკურ მიზნებსაც. ეს ნიშნავს რომ, თუ მარქსის მიზანი იყო კომუნისტური საზოგადოება, რომელშიც პირველად წარმოიქმნებოდა დაუმახინჯებელი შრომა (სახეობის არსება), მაშინ ჰაბერმასის პოლიტიკური მიზანია – დაუმახინჯებელი კომუნიკაციების (კომუნიკაციური მოქმედებების) საზოგადოება. თუ უშუალო მიზნების შესახებ ვილაპარაკებთ, მაშინ მარქსი ცდილობდა მოეხსნა ბარიერები თავისუფალი შრომის გზაზე. ჰაბერმასი კი დაინტერესებულია აღმოფხვრას დაბრკოლებები თავისუფალი კომუნიკაციების მიღწევის გზაზე. როგორც ფსიქოანალიზი ეხმარება ინდივიდს დაბრკოლებების გადალახვაში, ისევე კრიტიკული თეორიაც _ ოღონდ სისტემური თვითმოტყუების ახსნისა და გაშუქების საფუძველში მდებარე არგუმენტაციის თერაპიული კრიტიკის მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს ყველა ადამიანს სოციალური ბარიერების გადალახვაში, რათა მიაღწიონ და შეძლონ დაუმახინჯებელი ურთიერთობების გაბმა.

ჰაბერმასის მიხედვით იდეალური, მომავალი საზოგადოების საფუძველი თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. სრულყოფილი კომუნიკაციის ელემენტები შეიძლება აღმოვაჩინოთ თანამედროვეობის ყველა კომუნიკაციურ აქტში.

3. რაციონალიზაცია.

დაუმახინჯებელი კომუნიკაციის საკითხებს მივყავართ ჰაბერმასის შემოქმედებაში ცენტრალურ-რაციონალიზაციის პრობლემასთან. აქ იგი ვებერის გავლენასაც განიცდის. თუ ადრე ძირითადი პათოსი მიმართული იყო მიზანრაციონალური მოქმედების რაციონალიზაციაზე, რომელმაც ჰაბერმასის აზრით საწარმოო ძალების ზრდასთან მიგვიყვანა, მაგრამ რაციონალიზაციის პრობლემის გადაჭრა არა მიზანრაციონალური მოქმედების რაციონალიზაციის _ არამედ კომუნიკაციური მოქმედების რაციონალიზაციაშია. სწორედ კომუნიკაციური მოქმედების რაციონალიზაციას მივყავართ კომუნიკაციასთან, რომელიც თავისუფალია ბატონობისაგან, ნებაყოფლობითი და ღიაა. მოცემულ შემთხვევაში რაციონალიზაცია გულისხმობს გათავისუფლებას ანუ ,,ურთიერთობების შემზღუდავ ბარიერთა” მოხსნას. ეს კი დაკავშირებულია ლეგიტიმაციასა და იდეოლოგიის შესახებ არსებულ მოსაზრებებთან. საქმე ისაა, რომ ისინი არიან დამახინჯებული კომუნიკაციების სწორედ ის ორი ძირითადი მიზეზი, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას თუ ჩვენ ვესწრაფით ნებაყოფლობით და ღია საზოგადოებას.

სოციალური ნორმების დონეზე ასეთი რაციონალიზაცია მოასწავებს ნორმატული რეპრესიულობისა და სიმყარის დაცემას, რასაც თავის მხრივ მივყავართ ინდივიდუალური მოქნილობისა და რეფლექსურობის ზრდასთან. ახალი, შემაკავებელი ან სავსებით არაშემაკავებელი ნორმატიული სისტემის განვითარება შეადგენს ჰაბერმასისეული სოციალური თეორიის ევოლუციის თეორიის არსს. ახალი, მწარმოებლური სისტემის ნაცვლად, რაციონალიზაციას ჰაბერმასის მიხედვით მივყევართ ახალ, ნაკლებად დამახინჯებულ ნორმალურ სისტემასთან. ჰაბერმასის მიხედვით ევოლუციის საბოლოო პუნქტია რაციონალური საზოგადოება. მოცემულ შემთხვევაში რაციონალურობა კომუნიკაციის დამამახინჯებელი ბარიერების აღმოფხვრას ნიშნავს, უფრო ზუსტად ეს ნიშნავს კომუნიკაციურ სისტემას, რომელშიც იდეების წარმოება და კომუნიკაციისაგან დაცვა ღია ხდება. სისტემა, რომელიც არგუმენტაციის პასუხთა შედეგად წარმოიქმნება ნებაყოფლობითი თანხმობაა. ეს რომ უფრო უკეთ გავიგოთ, აუცილებელია ვიცოდეთ კომუნიკაციური თეორიის კიდევ რამდენიმე დეტალი.

4. კომუნიკაცია.

ჰაბერმასი ერთმანეთისაგან განასხვავებს წინასწარ განხილულ კომუნიკაციურ მოქმედებას და დისკურსს. თუ კომუნიკაციურ მოქმედებას-საქმიანობას ადგილი აქვს და ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ დისკურსი, ესაა ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც არ არის დაკავშირებული გამოცდილების და საქმიანობის კონტექსტთან და რომლის სტრუქტურაც გვარწმუნებს. მტკიცებულებათა, რეკომენდაციათა ან გაფრთხილებათა დასაბუთებადობა წარმოადგენს დისკურსის განსაკუთრებულ საგნებს; მონაწილეები, თემები და აქტიურობის ხარისხი არ იზღუდება, იმ მომენტების გარდა, რომლებსაც უშუალო დამოკიდებულება აქვთ განსახილველ მტკიცებულობათა დასაბუთებადობის შემოწმებასთან. ,,არ არსებობს უკეთესი ძალა ვიდრე დასაბუთებული არგუმენტი. ნებისმიერი სხვა მოტივი, გარდა ჭეშმარიტებამდე ერთად მისვლის სურვილისა _ გამოირიცხება”.

დისკურსის თეორიული სამყარო, რომლის საფუძველში ასევე დევს კომუნიკაციურ მოქმედებათა ფარული სამყარო, არის იდეალური ,,სამეტყველო სიტუაცია”, რომელშიც ძალა არ წყვეტს თუ რომელი არგუმენტი აღწევს წარმატებას, იმარჯვებს საუკეთესო-უკეთესი არგუმენტი. არგუმენტაციისა და დასაბუთებულობის ხარისხი განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა ჩაითვალოს დასაბუთებულად, ან ჭეშმარიტად. არგუმენტები, რომლებიც წარმოიქმნებიან მსგავსი დისკუსიების საფუძველზე (და რომლებსაც მონაწილენი ეთანხმებიან) _ ჭეშმარიტია. ამგვარად, ჰაბერმასი იზიარებს ჭეშმარიტების საყოველთაოდ მიღებულ თეორიას. ეს ჭეშმარიტება კომუნიკაციის ნაწილია და მისი სრული გამოთქმა ჰაბერმასის ევოლუციური თეორიის მიზანს წარმოადგენს. ჭეშმარიტების იდეა, საბოლოო ჯამში მიუთითებს ყველა დამამახინჯებელი გავლენებისგან თავისუფალი ურთიერთობის ფორმაზე. ,,კარგი და სამართლიანი ცხოვრება”, რომელიც კრიტიკული თეორიის მიზნად იქცა და ჭეშმარიტი წარმოდგენებიც მიეკუთვნება, პროგნოზირდება ყოველ სამეტყველო აქტში. თანხმობა წარმოიქმნება თეორიულად დისკურსში (და თეორიამდე კომუნიკაციურ მოქმედებაში), როდესაც ურთიერთმოქმედ პირთა მიერ განსახილველად მიიღება და აღიარებულია დასაბუთებულობის 4 ტიპი:

1. მოსაუბრის დიქცია ითვლება გასაგებ და გონიერ რამედ.

2. მოსაუბრეებისათვის შეთავაზებული მტკიცებულებები ჭეშმარიტია, ანუ მოსაუბრე გვთავაზობს საიმედო ცოდნას.

3. მოსაუბრე მართალია, გულწრფელია, წინადადებების შეთავაზებისას მოსაუბრე საიმედოა.

4. მოსაუბრეს შეუძლია სამართლიანად და მტკიცედ წამოაყენოს მსგავსი მტკიცებულებები.

მოსაუბრეებს (ქალს ან კაცს) ამისათვის აქვთ ნორმატიული ბაზა. თანხმობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც დასაბუთებულობის ყველა ეს მტკიცებულება არსებობს და მიღებულია დისკურსის ყველა მონაწილის მიერ, იგი ირღვევა როდესაც ერთი ან მეტი ეჭვის ქვეშ დგება. თანამედროვე მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც ამახინჯებენ ამ პროცესებს, გვაშორებენ თანხმობის წარმოშობას, რომლებიც გადალახული უნდა იქნან, რათა მივიღოთ ჰაბერმასისეული იდეალური საზოგადოება.

5. ცხოვრების (სიცოცხლის) სამყაროს კოლონიზაცია.

ეს საკითხი განხილული უნდა იქნეს მოქმედებისა და სტრუქტურის ჩარჩოებში. ჰაბერმასი მუშაობს ,,პარადიგმების შერწყმაზე” და აყალიბებს სტრუქტურისადმი თავის მიდგომას, იმით, რომ მოქმედების თეორიიდან და სისტემების თეორიიდან ნასესხებ იდეებს, იგი განიხილავს მაშინ, როდესაც იგი ბჭობს ცხოვრების (სიცოცხლის) სამყაროზე. სტრუქტურას კი ძირითადად აანალიზებს სოციალური სისტემის განხილვისას, რომელიც წარმოადგენს ძალას, რაც ცხოვრების სამყაროს ,,კოლონიზაციას” ეწევა. რას გულისხმობს ჰაბერმასი ,,ცხოვრების სამყაროს”. ,,სისტემის” და ,,კოლონიზაციის” ცნებების ქვეშ? სანამ ცნებების ანალიზზე გადავიდოდეთ, უნდა ვთქვათ, რომ ჰაბერმასის განაზრების ძირითად საგნად მაინც რჩება კომუნიკაციური მოქმედება თავისუფალი და ღია კომუნიკაცია, როგორც მისი თეორიის, ისე მისი პოლიტიკური მიზნის ძირითადი ხაზი. გარდა ამისა იგი მეთოდოლოგიურ ფუნქციასაც ასრულებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოდელისაგან გადახრები გავაანალიზოთ. სიცოცხლის სამყაროს კოლონიზაციაში მას ყველაზე მეტად აინტერესებს ამ პროცესის არაკეთილსასურველი ზემოქმედება თავისუფალ კომუნიკაციაზე.

ჰაბერმასი ასევე არ კარგავს ინტერესს რაციონალიზაციის პროცესზე, განსაკუთრებით ცხოვრების სამყაროს რაციონალიზაცია და სისტემის რაციონალიზაცია და მათ შორის არსებული განსხვავებების გავლენა სისტემის მიერ ცხოვრების სამყაროს კოლონიზებაზე. ვებერის ტერმინებით: სისტემა არის ფორმალური რაციონალურობის სფერო, მაშინ, როდესაც ცხოვრების სამყარო არის სუბსტანციური რაციონალურობის ადგილი.

მაშასადამე, ცხოვრების კოლონიზაცია ნიშნავს ვებერისეული თეზისის განმეორებას, რომ თანამედროვე სამყაროში ფორმალური რაციონალობა იმარჯვებს სუბსტანციურ რაციონალობაზე და ბატონობას იწყებს იმ სფეროებში, რომლებიც ადრე სუბსტანციური რაციონალურობით განისაზღვრებოდნენ. ამგვარად, ჰაბერმასი მაინც ინარჩუნებს მისი მოძღვრების მარქსისეულ და ვებერისეულ ორიენტირებს.

ცხოვრების სამყარო ესაა ხედვა შიგნიდან. საზოგადოება მიიწვდომება მოქმედი სუბიექტის პოზიციიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს მხოლოდ ერთი საზოგადოება, ცხოვრების სამყარო და სისტემა _ მისი განხილვის მხოლოდ განსხვავებული ხერხებია.

ჰაბერმასი ცხოვრების სამყაროსა და კომუნიკაციური მოქმედების ცნებებს ურთიერთშემავსებელ _ დამატებით ცნებებად თვლის. უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციური მოქმედება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიცოცხლის სამყაროს ჩარჩოებში მიმდინარე ხდომილებად: ,,ცხოვრების სამყარო წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ტრანსცენდენტულ ადგილს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მოსაუბრე და მსმენელი, სადაც ერთმანეთს უყენებენ პრეტენზიებს, რომ სწორედ მათი გამოთქმები შეესატყვისებიან სამყაროს… და სადაც მათ ძალუძთ გააკრიტიკონ და განამტკიცონ დასაბუთებულობის ეს პრეტენზიები, მოაწესრიგონ თავიანთი უთანხმოებები და მივიდნენ შეთანხმებამდე”.

ცხოვრების სამყარო წარმოადგენს კომუნიკაციური მოქმედების გზით გაგების მიღწევის პროცესთა კონტექსტის მწარმოებელ ფონს. იგი მოიცავს ურთიერთგაგების თაობაზე გამოთქმულ ვარაუდთა ფართო დიაპაზონს, ვარაუდებისა, რომლებიც უნდა არსებობდნენ და ორივეს მხრიდან უნდა გაიგებოდნენ, რათა კომუნიკაცია შესაძლებელი გახდეს.

ცხოვრების სამყაროს რაციონალიზაცია, ჰაბერმასის აზრით, ნიშნავს მზარდ რაციონალურ კომუნიკაციას ცხოვრების სამყაროში. იგი ფიქრობს, რომ რაც უფრო რაციონალური ხდება ცხოვრების სამყარო, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ ურთიერთქმედების რეგულირება მოხდება რაციონალურად მოტივირებული ურთიერთგაგებით. ასეთი გაგება, ანუ თანხმობის მიღწევის რაციონალური მეთოდი, საბოლოო ჯამში, დაფუძნებულია უკეთესი არგუმენტის ძალაუფლებაზე და ძლიერებაზე.

ჰაბერმასის აზრით, ცხოვრების სამყაროს რაციონალიზაცია მისი სხვადასხვა ელემენტების თანდათანობით დიფერენციაციას გულისხმობს. ცხოვრების სამყარო შედგება: კულტურის, საზოგადოებისა და პიროვნებისაგან (პარსონსის გავლენა). თითოეული ელემენტი დაკავშირებულია კულტურისა და მოქმედებაზე მისი გავლენის, სოციალური ურთიერთობების (საზოგადოების შესახებ) შესაბამისი ნიმუშების და იმაზე, თუ როგორია ადამიანები (პიროვნების შესახებ) და როგორ უნდა ეჭიროთ თავი, ინტერპრეტაციის მოდელებთან, ანუ ფონურ წარმოდგენებთან. კომუნიკაციურ მოქმედებაში მონაწილეობა და გაგების მიღწევა თითოეული ნაჩვენები პოზიციების თვალსაზრისით ხელს უწყობს ცხოვრების სამყაროს კვლავწარმოებას, კულტურის განმტკიცების, საზოგადოების ინტეგრაციის და პიროვნების ფორმირების გზითა და მეოხებით. ეს ელემენტები მჭიდროდ არიან გადახლართულნი არქაულ საზოგადოებებში. ცხოვრების სამყაროს რაციონალიზაცია ,,კულტურას, საზოგადოებას და პიროვნებას შორის მზარდ დიფერენციაციას გულისხმობს”.

6. სისტემა.

თუ ცხოვრების სამყარო წარმოადგენს საზოგადოების შესახებ მოქმედი სუბიექტების თვალსაზრისს, მაშინ სისტემა გულისხმობს გარეგან ხედვას, რომელიც საზოგადოებას განიხილავს გარედან რომელიღაც დამკვირვებლის პოზიციიდან.

სისტემის ანალიზისას, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მოქმედებათა ურთიერთკავშირზე, აგრეთვე მოქმედებათა ფუნქციონალურ მნიშვნელობაზე და სისტემის შენარჩუნებაში მათ როლზე. ცხოვრების სამყაროს (კულტურა, საზოგადოება, პიროვნება) თითოეულ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს გააჩნია და აქვს სისტემის შესაბამისი ელემენტები: კულტურული კვლავწარმოება, სოციალური ინტეგრაცია და პიროვნული ფორმირება ხდება და მიმდინარეობს სისტემის დონეზე.

სისტემას ფესვები ცხოვრების სამყაროში აქვს გადგმული, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი თავად იმუშავებს თავის საკუთარ სტრუქტურულ მახასიათებლებს, ასეთი სტრუქტურების რიცხვშია: ოჯახი, მართლმსაჯულება, სახელმწიფო, ეკონომიკა და ა.შ. თავისი განვითარების დონის შესაბამისად ეს სტრუქტურები სულ უფო სცილდებიან ცხოვრების სამყაროს, ისევე როგორც ცხოვრების სამყაროში, რაციონალიზაცია სისტემურ დონეზეც მუდმივ დიფერენციაციას და დიდ სირთულეებს იწვევს. სტრუქტურები უფრო თვითკმარნი ხდებიან. მათი ძლიერების და ძალაუფლების ზრდა-გაფართოების შესაბამისად, ისინი ცხოვრების სამყაროს მართვის დიდ უნარს ავლენენ. ისინი სულ უფრო ნაკლებ დაკავშირებულნი ხდებიან კონსენსუსის მიღწევის პროცესებთან და არსებითად ზღუდავენ ცხოვრების სამყაროში ამ პროცესის გავლენას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს რაციონალური სტრუქტურები, ნაცვლად იმისა, რომ გააძლიერონ კომუნიკაციების და გაგების მიღწევის უნარ-ჩვევები, პირიქით ემუქრებიან ამ პროცესებს იმით, რომ მათზე გარეგან კონტროლს ახორციელებენ.

სოციალური და სისტემური ინტეგრაცია

ზემოთ მოყვანილი დებულებებიდან ჰაბერმასი დაასკვნის: ,,სოციალური თეორიის ფუნდამენტური პრობლემა ისაა, თუ როგორ გავაერთიანოთ დამაკმაყოფილებელი სახით ორი კონცეპტუალური სტრატეგია, რომლებიც აღინიშნება ცნებებით: ,,სისტემა” და ,,ცხოვრების სამყარო”. ჰაბერმასი ამ ორ კონცეპტუალურ სტრატეგიას ,,სოციალურ ინტეგრაციას” და ,,სისტემურ ინტეგრაციას” უწოდებს.

სოციალური ინტეგრაციის მიდგომა კონცენტრირებას ახდენს ცხოვრების სამყაროზე და იმაზე, თუ როგორაა მოქმედების სისტემა ნორმატიულად გარანტირებული, ან კომუნიკაციაში მიღწეული კონსენსუსის მეშვეობით ინტეგრირებული. თეორეტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოება გაერთიანებულია სოციალური ინტეგრაციის მეშვეობით, უკუაგდებენ კომუნიკაციურ მოქმედებას და საზოგადოებას ცხოვრების სამყაროსთან აიგივებენ. ისინი იცავენ ჯგუფის წევრების შინაგან ხედვას და იყენებენ ჰერმენევტიკურ მიდგომას, იმისათვის, რათა თავისი საკუთარი გაგება ცხოვრების სამყაროს წევრების გაგებას შეუთანადონ. საზოგადოების შეუწყვეტელი კვლავწარმოება განიხილება როგორც ცხოვრების სამყაროს წევრთა მიერ წამოწყებულ ქმედებათა რეზულტატი ამ სამყაროს სიმბოლურ სტრუქტურათა შენარჩუნების მიზნით. ეს პროცესიც განსაკუთრებულად მათივე პოზიციებიდან განიხილება. შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ ჰერმენევტიკულ მიდგომაში იკარგება გარე დამკვირვებლის თვალსაზრისი, აგრეთვე სისტემურ დონეზე მიმდინარე კვლავწარმოების პროცესთა გაგება.

სისტემური ინტეგრაციის მიდგომა ძირითად ყურადღებას აქცევს სისტემას და იმას, თუ როგორაა იგი ინტეგრირებული ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე გარეგანი კონტროლის მეშვეობით, რომლებიც ერთმანეთს სუბიექტურად არ უთანხმებენ. ამ მიდგომის მომხრეები საზოგადოებას თვითრეგულირებად სისტემად მიიჩნევენ. ისინი იკავებენ გარეგანი დამკვირვებლის პოზიციას, მაგრამ ეს პერსპექტივა ხელს უშლის, დაბრკოლებას უქმნის სტრუქტურულ ნიმუშთა რეალურ განხილვას, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ჰერმენევტიკულად იქნან გაგებული ცხოვრების სამყაროს წევრთა შინაგანი შეხედულებით.

ამგვარად, ჰაბერმასის დასკვნით თითოეული მიდგომა აყენებს განსაზღვრულ პრინციპებს, მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვანი შეზღუდულობის მქონენი არიან. ამ კრიტიკის საფუძველზე ჰაბერმასი თავის ალტერნატიულ მიდგომას გვთავაზობს, რადგან თეორიული ორიენტაციის გაერთიანებას ცდილობს. იგი საზოგადოებას მიიჩნევს სისტემად, რომელშიც სოციო-კულტურულმა სამყარომ შენარჩუნების პირობები უნდა შეასრულოს. დოქტრინალური საზოგადოებები, წარმოადგენენ სოციალურად ინტეგრირებული ჯგუფების მოქმედებათა სისტემურად სტაბილიზებულ კომპლექსებს და იგი მხარს უჭერს ევრისტიკულ წინადადებებს. განვიხილოთ საზოგადოება როგორც არსება, რომელიც სოციალური ევოლუციის მსვლელობაში, როგორც სისტემად, ისე ცხოვრების სამყაროდ დიფერენცირდება.

ჰაბერმასს აინტერესებს როგორც სისტემა, ისე ცხოვრების სამყარო და აგრეთვე მათი ევოლუციაც. თუმცა სისტემაც და ცხოვრების სამყაროც ვითარდებიან მზარდი რაციონალიზაციის მიმართულებით, ცხოვრების სამყაროში და სისტემაში რაციონალიზაცია განსხვავებულ ფორმებს იღებს და ეს დიფერენციაცია წარმოადგენს ცხოვრების სამყაროს კოლონიზაციის საფუძველს.

8. კოლონიზაცია.

კოლონიზაციის იდეის გასაგებად არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საზოგადოება ცხოვრების სამყაროსა და სისტემისაგან შედგება. მართალია საზოგადოების ევოლუციის ადრეულ ეპოქაში ისინი მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთში გადახლართულნი, დღეს მათ შორის მზარდი განსხვავებები შეინიშნება. ისინი დაცილდნენ და განცალკევდნენ, როგორც ცხოვრების სამყარომ, ისე სისტემამ დიფერენციაციის პროცესი განიცადა, მაგრამ ამ პროცესმა ორივე სფეროში განსხვავებული სახე მიიღო. მართალია, ჰაბერმასი სისტემასა და ცხოვრების სამყაროს შორის დიალექტიკურ კავშირს ხედავს (ისინი ერთდროულად ზღუდავენ და ამავე დროს ახალ შესაძლებლობებს აძლევენ ერთმანეთს), მაგრამ ძირითადი ინტერესის საგანს შეადგენს საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორი წესით გახდა თანამედროვე მსოფლიოში სისტემა ცხოვრების სამყაროს მაკონტროლებელი. ე.ი. რა წესით აკონტროლებს სისტემა ცხოვრების სამყაროს? სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას აინტერესებს დიალექტიკის დარღვევა სისტემასა და ცხოვრების სამყაროს შორის და პირველის ძალაუფლების ზრდა და ბატონობა მეორეზე.

ჰაბერმასი ერთმანეთს უპირისპირებს სისტემისა და ცხოვრების სამყაროს მზარდ რაციონალიზაციას. ცხოვრების სამყაროს რაციონალიზაცია კომუნიკაციურ მოქმედებაში რაციონალურობის გაზრდას იწვევს. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მიღწევაზე ორიენტირებული მოქმედება სულ უფრო თავისუფლდება ნორმატიული იძულებისაგან და სულ უფრო დიდი ხარისხით ეყრდნობა ყოველდღიურ ენას. სხვა სიტყვებით, სოციალური ინტეგრაცია მიიღწევა სულ უფრო და უფრო იმ პროცესების მეშვეობით, რომელთა დროსაც თანხმობა ენაში ყალიბდება.

მაგრამ საბოლოოდ ენისადმი მოთხოვნები იზრდება და იწყებს მისი შესაძლებლობების გადაჭარბებას. დელინგვისტიფიცირებული საშუალებები (განსაკუთრებით ფული ეკონომიკურ სისტემაში, ძალაუფლება პოლიტიკურ სისტემაში და მის ადმინისტრაციულ აპარატში) _ ანუ ის საშუალებები, რომლებიც დიფერენცირებულნი იქნენ სისტემაში და გამოეყვნენ მას _ ავსებენ ამ სიცარიელეს და ცვლიან ყოველდღიურ ენას. მოქმედების ენობრივი კოორდინაციის ნაცვლად ამ ფუნქციას ასრულებს ფული და ძალაუფლება. ცხოვრება მონეტიზირდება და ბიუროკრატიზირდება.

სხვაგვარად გართულებადი სისტემა ,,გამოათავისუფლებს ცხოვრების სამყაროს შესაძლებლობების დამანგრეველ სისტემურ იმპერატივებს, რომლებსაც ისინი ინსტრუმენტალურ ხასიათს აძლევენ”. ამასთან დაკავშირებით ჰაბერმასი წერს ,,ძალაუფლების” შესახებ, რომელსაც სისტემა ცხოვრების სამყაროს მიმართ იმგვარად იყენებს, რომ ზღუდავს კომუნიკაციას. ეს ძალადობა თავის მხრივ იწვევს ცხოვრების სამყაროში ,,პათოლოგიებს”. ჰაბერმასი ამ ცვლილებებს განიხილავს მსოფლიოს ისტორიის შესახებ ბჭობისას.

,,სისტემისა და ცხოვრების სამყაროს შორის მიმავალი განცალკევება იყო ევროპული ფეოდალიზმის ეკონომიკური კლასობრივი საზოგადოებისაკენ გადასვლის აუცილებელი პირობა; მაგრამ მოდერნიზაციის კაპიტალისტური მოდელი ხასიათდება დამახინჯებით, ეს არის ცხოვრების სამყაროს სიმბოლური სტრუქტურების განივთება ქვესისტემების იმპერატივების ზეწოლის შედეგად, რომელი ქვესისტემებიც დიფერენცირებულია ფულისა და ძალაუფლების მეშვეობით და თვითკმარ სისტემად არიან ქცეულნი.

ამგვარად, ჰაბერმასის თვალსაზრისით სისტემის რაციონალიზება იმარჯვებს ცხოვრების სამყაროს რაციონალიზაციაზე, რის შედეგადაც ცხოვრების სამყარო კოლონიზირდება სისტემის მიერ.

კოლონიზაციის რაობას გარკვეულობას ანიჭებს ჰაბერმასი მტკიცებით, რომ მოცემულ პროცესში ძირითად ძალებად გვევლინებიან სისტემურ დონეზე მოქმედების ფორმალურად ორგანიზებული სფეროები, მაგალითად _ ეკონომიკა და სახელმწიფო. თანამედროვე საზოგადოებაც ხასიათდება კრიზისებით, მათ დაძლევას ცდილობენ ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა სახელმწიფო და ეკონომიკა, ოღონდ ისეთ მოქმედებებს მიმართავენ, რომლებიც დამღუპველად მოქმედებს ცხოვრების სამყაროზე და იწვევს მასში პათოლოგიებსა და კრიზისებს. არსებითად კი, ცხოვრების სამყარო ღარიბდება ამ სისტემით და კომუნიკაციური მოქმედება იჭედება ვიწრო ჩარჩოებში და უფრო ნაკლებადაა მიმართული თანხმობის მიღწევაზე. კომუნიკაცია იწყება და ქუცმაცდება, თავად ცხოვრების სამყარო კი ბალანსირებას ახდენს დაღუპვისა და დანგრევის ზღვარზე. მაგრამ როგორი დიდიც არ უნდა იყოს კოლონიზაციის საფრთხე სისტემის მხრიდან ცხოვრების სამყარო არასდროს არ გაქრება მთლიანად.

თუ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სისტემისა და ცხოვრების სამყაროს გათიშულობასა და ცხოვრების სამყაროზე სისტემის ბატონობაშია, მაშინ სავსებით ნათელია მისი გადაწყვეტა. ერთის მხრივ, აუცილებელია სისტემისა და ცხოვრების სამყაროს კვლავაც შეერთება. მეორეს მხრივ, აღდგენილ უნდა იქნას სისტემისა და ცხოვრების სამყაროს დიალექტიკა ისე რომ, ორივე ავსებდნენ და ამდიდრებდნენ ერთმანეთს. მათი მომავალი შეერთება უკვე რაციონალიზაციის ბაზაზე, შეიძლება გახდეს სისტემის, ცხოვრების სამყაროს და მათი ურთიერთკავშირის ისეთი დონის დაბადებისა (თუ წარმოქმნისა), რომელსაც პრეცენდენტი არ იქნება კაცობრიობის ისტორიაში. ჰაბერმასი ყურადღებას ამახვილებს არა ექსპლუატაციაზე, არამედ კოლონიზაციაზე და მრავალ სოციალურ კონფლიქტს იხილავს ამ მიდგომის შუქზე. იგი ისეთ სოციალურ მოძრაობებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მეტ თანასწორობაზე, თვითრეალიზაციაზე, გარემოსა და მშვიდობის დაცვაზე, თვლის ცხოვრების სამყაროზე სისტემის მიერ მიტანილ იერიშზე რეაქციად. მიუხედავად ამ მოძრაობათა განსხვავებული პოლიტიკური პროექტებისა თუ ინტერესებისა, თითოეული მათგანი არის ცხოვრების სამყაროს კოლონიზაციის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა. მომავლის იმედი განსაზღვრულად დაკავშირებულია ცხოვრების სამყაროსადმი ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ისეთი სამყაროს შექმნა, რომელშიც სისტემა და ცხოვრების სამყარო ჰარმონიაში იქნებიან და ისე გაამდიდრებენ ერთმანეთს, როგორც ეს ჯერ კიდევ არ ყოფილა ისტორიაში.

თანამედროვეობის დაუსრულებელი პროექტი.

სავარაუდოდ იურგენ ჰამერმასი დღეისათვის არა მხოლოდ წამყვანი თეორეტიკოსია, თანამედროვეობისა და რაციონალიზაციის თავდადებული დამცველიცაა, მიუხედავად თავდასხმებისა პოსტმოდერნისტების (არა მხოლოდ) მხრიდან. სეიდმანის თანახმად, ანტი თუ პოსტმოდერნისტული პოზიციის დამცველი მრავალი თანამედროვე ინტელექტუალისაგან განსხვავებით, ჰაბერმასი თანამედროვეობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში ამჩნევს რაციონალობის სტრუქტურას. მაშინ, როდესაც ბევრი ინტელექტუალი სკეპტიკურად უყურებს თანამედროვეობის განმანთავისუფლებელ პოტენციალს. . ჰაბერმასი ჯიუტად აგრძელებს საუბარს თანამედროვეობის უტოპიურ შესაძლებლობებზე. სოციალურ სიტუაციაში სადაც რწმენა განმანათლებლობის მიერ წამოყენებულ პროგრამისა, რომ გონებაზე დაყრდნობით შესაძლებელია იდეალური საზოგადოების მოწყობა, არის ჩაფერფლილი იმედი და დამხობილი კერპი, ჰაბერმასი მაინც რჩება მის ერთერთ დამცველად (Seidman, 1989,პ.2).

ჰაბერმასს თანამედროვეობა წარმოუდგენია ,,დაუსრულებელ პროექტად” (habermas, 1991, 1987ბ), მხედველობაში აქვს, რომ თანამედროვე სამყაროში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ამის შემდეგ ვისაუბროთო პოსტმოდერნისტულ სამყაროზე (Scambler, 1996).

ზემოთ, ჩვენ განვიხილეთ თანამედროვეობაზე ჰაბერმასის განაზრებების მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც გავეცანით მის შეხედულებეს სისტემაზე, ცხოვრებისეულ სამყაროზე და სისტემის მიერ ცხოვრებისეული სამყაროს კოლონიზაციაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჰაბერმასს (habermas,1986,პ.96) აინტერესებს ,,თანამედროვეობის პათოლოგიის თეორია”, რამდენადაც მიაჩნია, რომ თანამედროვეობა საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში იმყოფება. ის გულისხმობს, რომ რაციონალობა (ძირითადად, ფორმალური რაციონალობა), რომელიც გახდა სოციალური სისტემის მახასიათებელი, განსხვავდება ცხოვრებისეული სამყაროსათვის დამახასიათებელი რაციონალობისაგან და იმყოფება მასთან წინააღმდეგობაში. სოციალური სისტემები გართულდნენ, უფრო დიფერენცირებულნი და ინტეგრირებულნი გახდნენ და ხასიათდებიან ინსტრუმენტალური გონებით. ცხოვრებისეულმა სამყარომაც განიცადა რეფლექსიურობისა და კრიტიკის ნორმების მზარდი დიფერენციაცია და შემჭიდროვება (გარდა ფუნდამენტალური ცოდნისა და ჭაშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის ღირებულებითი სფეროებისა), სეკულარიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია (seidman, 1989,პ.24). რაციონალურ საზოგადოებაში როგორც სისტემის ასევე ცხოვრებისეული სამყაროს რაციონალიზაცია შეიძლება წავიდეს თავისი გზით, თავისი საკუთარი ლოგიკით. სისტემისა და ცხოვრებისეული სამყაროს რაციონალიზაციამ შეიძლება წარმოშვას საზოგადოება რომელშიც ადგილი ექნება გარე სამყაროზე კონტროლსა და მატერიალურ დოვლათს (როგორც რაციონალური სისტემების შედეგი), და ჭეშმარიტებას, სიკეთეს და სილამაზეს (ცხოვრებისეული სამყაროს რაციონალობის შედეგი). მაგრამ თანამედროვე სამყაროში სისტემა იქცა უმთავრესად და ცხოვრებისეული სამყარო თავის კოლონიად აქცია. შედეგად, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივირთვად სისტემის რაციონალიზაციის ნაყოფი, ჩვენ ვკარგავთ ცხოვრების სიმდიდრეს რაც შესაძლებელი იქნებოდა თუ აყვავდებოდა ცხოვრებისეული სამყარო. ბევრი სოციალური მოძრაობა რომელიც აღმოცენდნენ უკანასკნელ ათწლეულებში ცხოვრებისეული სამყაროსა და სისტემის ზღვარზე შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც წინააღმდეგობა ცხოვრებისეული სამყაროს კოლონიზაციისა და გაღარიბებისადმი.

აანალიზებდა რა სისტემის მიერ ცხოვრებისეული სამყაროს კოლონიზაციას, ჰაბერმასი თავის თეორიას ადარებს მაგალითებს სოციალური აზრის ისტორიისდან: სოციალური თეორიის ძირითადი მიმართულება, დაწყებული მარქსიდან და სპენსერისა და დურკჰემის გავლით ზიმელს, ვებერსა და ლუკაჩამდე უნდა განიხილებოდეს, როგორც პასუხი გარესისტემების შესვლაზე საზოგადოებაში (ჰაბერმასის ცხოვრებისეული სამყარო), ,,შინაგანი უცხო ტერიტორიის წარმოშობაზე”, რომელიც გაგებულია როგორც თანამედროვეობის განმასხვავებელი ნიშანი (habermas, 1991,პ.255-256. კურსივი ჩემია).

სხვა სიტყვებით, ,,თანამედროვეობის განმასხვავებელი ნიშანი” ჰაბერმასისა და კლასიკოს თეორეტიკოსთა უმრავლესობის აზრით, არის, თუ გამოვიყენებთ ჰაბერმასის ტერმინს, სისტემის მიერ ცხოვრებისეული სამყაროს კოლონიზაცია.

რაღა არის მაშინ ჰაბერმასის აზრით თანამედროვეობის პროექტის დასრულება? თითქოს ცხადია, რომ საბოლოო მიზანი უნდა იყოს რაციონალური საზოგადოება, რომელშიც სრულად უნდა გამოვლინდეს, როგორც სისტემის, ასევე ცხოვრებისეული სამყაროს რაციონალობა და მათ ერთმანეთი არ უნდა გაანადგურონ. დღეისათვის შეიმჩნევა ცხოვრებისეული სამყაროს გაღარიბება და ეს სიძნელე დაძლეულ უნდა იქნას. მაგრამ გამოსავალს ჰაბერმასი ხედავს არა სისტემების რღვევაში (განსაკუთრებით ეკონომიური და ადმინისტრაციული), რადგანაც სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ცხოვრებისეული სამყაროს რაციონალიზაციისათვის აუცილებელ მატერიალურ წანამძღვრებს.

ჰაბერმასის (habermas,1987ბ) მიერ განხილულ საკითხთაგან ერთ-ერთი ის სიძნელეა, რომელიც ახასიათებს სოციალური კეთილდღეობის ბიუროკრატიულ სახელმწიფოს. ამ პრობლემას ბევრი აღიარებს. მაგრამ მის გადაჭრას გვთავაზობენ სისტემის დონეზე, მაგალითად, სირთულის გადასაჭრელად ახალი ქვესისტემის მარტივი დამატებით. ჰაბემასს არ მიაჩნია, რომ ამ გზით შეიძლება სიძნელის გადაჭრა. მისი ვარაუდით ასეთი პრობლემები უნდა გადაიჭრას სისტემისა და ცხოვრებისეული სფეროს ურთიერთკავშირში. ჯერ-ერთი უნდა დადგინდეს ,,ხელისშემშლელი ბარიერები”, რათა შესუსტდეს სისტემის გავლენა ცხოვრებისეულ სფეროზე. მეორე, უნდა შეიქმნას ,,ხელსაწყოები” რათა გაიზარდოს ცხოვრებისეული სფეროს გავლენა სისტემაზე. ჰაბერმასი ასკვნის, რომ თანამედროვე პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია ,,თუ სისტემა შეისწავლის უკეთ ფუნქციონირებას. ცხოვრებისეულ სფეროს უნდა ქონდეს უნარი შევიდეს და დაინერგოს ფუნქციონალური სისტემების თვითმმართველობაში” (habermas,1987ბ,პ.364). აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვანი ეტაპები გახდებიან ურთიერთგამამდიდრებელი სისტემისა და ცხოვრების სფეროს შექმნის გზაზე. სწორედ აქ გამოდის სცენაზე სოციალური მოძრაობა, რადგან იძლევა იმედს სოციალური სისტემისა და ცხოვრებისეული სფეროს ახალ გაერთიანებაზე, სადაც რაციონალიზაცია შესძლებს ორივეგან სწრაფად გამოვლენას.

ჰაბერმასს ნაკლებად აქვს აშშ-ს იმედი, რომელიც თითქოსდა მზადაა დაიცვას სისტემის რაციონალობა ცხოვრების სფეროს შემდგომი გაღარიბების ხარჯზე. მაგრამ მას აქვს ევროპის იმედი, რომელიც შესძლებს გამოააშკარავოს ,,მცდარი შეხედულება იმის შესახებ, რომ რაციონალიზირებულ ცხოვრებისეულ სფეროებში მოქცეული თანამედროვეობის ნორმატიული შინაარსი, შეიძლება გამონთავისუფლდეს უფრო რთული სისტემების საშუალებებით” (habermas, 1987ბ,პ366). ამგვარად, ევროპას აქვს შესაძლებლობა შეითვისოს ,,დასავლეთის რაციონალური მემკვიდრეობა” (habermas,1987ბ,პ.366). დღეს ეს მემკვიდრეობა გარდაიქმნება სისტემის რაციონალობის იმ მიზნით შეზღუდვით, რომ მიანიჭოს რაციონალობა ცხოვრების სფეროს იმ დონემდე, როდესაც ორივე რაციონალობა შესძლებდნენ თანაარსებობას ერთდროულად ერთი და იგივე უფლებებით. სისტემისა და ცხოვრების სფეროს ასეთი სრულფასოვანი თანამშრომლობა იქნებოდა თანამედროვეობის პროექტის დასრულება. რამდენადაც ჩვენ ჯერ შორსა ვართ ამ მიზნისაგან, ამდენად თანამედროვეობის დასასრული შორსაა და ადრეა საუბარის პოსტმოდერნიზმის ეპოქის მოახლოებასა და დადგომაზე.

ჰაბერმასი პოსტმოდერნისტების წინააღმდეგ.

ჰაბერმასს მოყავს არგუმენტები არა მხოლოდ თანამედროვეობის სასარგებლოდ, არამედ პოსტმოდერნისტების საწინააღმდეგოდაც. კრიტიკის დასაწყისი შეიმჩნევა მის გახმაურებულ ესეში ,,თანამედროვეობა პოსტთანამედროვეობის წინააღმდეგ” (1981). (ჩნდება შეგრძნება, რომ გვიანდელ შემოქმედებაში ჰაბერმასი უფრო დეტალურად და უფრო რბილად აკრიტიკებს პოსტმოდერნიზმს (Peters, 1994)). ამ ესეში ჰაბერმასი სვამს კითხვას: ,,აქვს თუ არა აზრი XX საუკუნის წარუმატებლობების შემდეგაც დავიცვათ განმანათლებლობის მიზნები, როგორი არაადექვატურიც არ უნდა იყონ ისინი, ან ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ თანამედროვეობის მთელი პროექტი წარუმატებელია?” (1981,პ.9). რა თქმა უნდა, ჰაბერმასი არ არის მომხრე უარი ეთქვას განმანათლებლობის პროგრამას, სხვა სიტყვებით, თანამედროვეობას. ის აქცენტს აკეთებს იმათ შეცდომებზე, რომლებიც უარყოფენ თანამედროვეობას. მათი ერთ-ერთი არსებითი შეცდომა ის არის, რომ სურთ უარი თქვან მეცნიერებაზე, განსაკუთრებით ცხოვრების სფეროს მეცნიერებაზე. მეცნიერების ჩამოცილება ცხოვრების სფეროსაგან და მისი ექსპერტებისათვის გადაცემა სხვა ავტონომიური სფეროების შექმნის პარალელურად, გამოიწვევდა ,,თანამედროვეობის მთელი პროექტისათვის” უარის თქმას (Habermas, 1981, პ.14). ჰაბერმასი არ გამორიცხავს ცხოვრების სფეროს რაციონალურ, ,,მეცნიერულ” გაგებას, ისევე, როგორც ამ სფეროს რაციონალიზაციის შესაძლებლობას.

ჰოლუბი (Holub,1991) მიმოიხილავს ჰაბერმასის მიერ პოსტმოდერნისტების კრიტიკას. ჯერ-ერთი, პოსტმოდერნისტები ცალსახად არ საუბრობენ რას ქმნიან: სერიოზულ თეორიას თუ ბელეტრისტიკას. თუ მათ შევხედავთ, როგორც სერიოზული თეორიის შემქმნელებს, მაშინ მათი შემოქმედება აბსურდულია, რადგან ,,უარს ამბობენ გამოიყენონ ინსტიტუციონალურად დაფუძნებული ლექსიკა” (Holub,1991,პ.158). მეორე მხრივ, თუ პოსტმოდერნისტების შემოქმედებას გავაიგივებთ ლიტერატურასთან ,,მაშინ მათი არგუმენტები სრულად დაკარგავენ ლოგიკურ აზრს” (Holub, 1991,პ.158). ორივე შემთხვევაში შეუძლებელია ჩატარდეს პოსტმოდერნისტების შემოქმედების სერიოზული კრიტიკული ანალიზი, რამდენადაც მათ ყოველთვის შეუძლიათ გააკეთონ განცხადება, რომ ჩვენ არ გვესმის მათი სიტყვების აზრი ან ლიტერატურული ხერხები.

მეორე, ჰაბერმასს მიაჩნია, რომ პოსტმოდერნისტებს ამოძრავებთ გარკვეული ნორმატიული განწყობა, მაგრამ როგორია ეს განწყობა მკითხველისაგან დაფარულია. ამგვარად, მათ მიერ ჩამოყალიბებული მიზნებიდან მკითხველი ვერ შესძლებს გაიგოს, თუ რას უწევენ ისინი ანგარიშს, რატომ აკრიტიკებენ საზოგადოებას. ამას გარდა, პოსტმოდერნისტები ხმას არ იღებენ თავიანთ ნორმატიულ განწყობებზე, ხმამაღლა კი უარყოფენ ასეთ განწყობებს. მსგავსი შეხედულებების გამოუთქმელად არსებობა ხელს უშლის მათ გააზრებული პრაქტიკის შემუშავებაში, რომელიც მიმართული იქნებოდა იმ შეცდომების დასაძლევად, რომლებიც მათ აღმოაჩინეს. ჰაბერმასის მიერ თავისი დამოკიდებულების (თავისუფალი და ღია კომუნიკაცია) ცხადი ფორმულირება, პირიქით, ნათელი ფენს საზოგადოების მისეული კრიტიკის წყაროებს და აყალიბებს პოლიტიკური პრაქტიკის საფუძვლებს.

მესამე, ჰაბერმასი ბრალს სდებს პოსტმოდერნიზმს იმაში, რომ ეს არის ზოგადი მიდგომა, რომელსაც არ ძალუძს ,,განასხვავოს თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები და პრაქტიკა” (Holub,1991,პ.159). მაგალითად, მტკიცება იმისა, რომ მსოფლიოში ბატონობს ძალაუფლება და ზედამხედველობა, არასაკმირისადაა დეტალიზირებული და შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში ჩაგვრის რეალური საფუძვლების სრულყოფილი ანალიზი.

ბოლოს, პოსტმოდერნისტებს ბრალი ედებათ იმ სფეროს იგნორირებაში, რომელსაც ჰაბერმასი ცალსახად თვლის ძირითადად – ყოველდღიური ცხოვრება და მისი პრაქტიკა. პოსტმოდერნისტთა ეს დაუდევრობა ორ ნაკლზე მიუთითებს. ერთი მხრივ, ისინი მოჭრილი არიან ნორმატიული სტანდარტების დამუშავების არსებითი წყაროებისაგან. ბოლოს და ბოლოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქცეული რაციონალური პოტენციალი ჰაბერმასისათვის არის მისი კომუნიკაციური რაციონალობის იდეის წყარო (Cooke,1994). მეორე მხრივ, ყოველდღიური სამყარო ასევე არის სოციალური მეცნიერებების მოღვაწეობის საბოლოო მიზანი, რადგან სწორედ აქ შეუძლიათ თეორიულ წარმოდგენებს ქონდეთ გავლენა პრაქტიკაზე.

ჰაბერმასი გვაძლევს თანამედროვეობა – პოსტთანამედროვეობაზე თავისი შეხედულებების განზოგადებას, რაც ჩვენ დაგვეხმარება გადავიდეთ წიგნის შემდეგ თავზე, სადაც განვიხილავთ პოსტმოდერნისტების სოციალურ თეორიას: ,,თანამედროვეობის ცნება აღარ გვპირდება ბედნიერებას. მაგრამ, თანამედროვეობაზე ყოველნაირი საუბრების მიუხედავად, ცხოვრების ამ ფორმაში არაა რაციონალურობის ნათლად გამოკვეთილი ალტერნატივა. რაღა გვრჩება მაშინ, გარდა იმისა, რომ ცხოვრების ამ ფორმის ჩარჩოებში ვეცადოთ პრაქტიკის სრულყოფას?” (Habermas, 1994, პ.107).

წყარო: http://socium.ge/


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: