Posted by: burusi | 18/06/2011

გიორგი ბუნდოვანი – “ღმრთის რჩეულნი”

გიორგი ბუნდოვანი – “ღმრთის რჩეულნი”

(ერთი ძველი თბილისური ისტორია სიყრმის მოგონებებიდან…)

როცა მოუწევდა თავის დროზე დაფიქრება იმაზედ, თუ რისთვის შეიქმნა _ ხასიათი გაუფუჭდებოდა, იცოდა წინასწარ! ასე ბევრჯერ დამართვნია კიდეც. მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, მალევე გამოუსწორდებოდა გუნება და ხვდებოდა, რომ ადამიანის სხეულში მოვლინება ყველაზე დიდი დამსახურება და ბედნიერება იყო!

როდესაც დაიბადა, ეს იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, სულ ოცდათხუთმეტიოდე წლის წინ. მისი ერთადერთი დედა (რატომღაც ყოველთვის ეგონა, რომ დედა მხოლოდ მისთვის იყო ერთადერთი!), რომელსაც ფეხმძიმობისას `ტუბიკი~ ჰქონდა აკიდებული, მატროსოვზე, `რეზბალნიცაზე~ დაორსულდა, `სროკის~ ბოლოს, ერთი ალკოჰოლიკი შოფრისაგან, რომელსაც `სამოთხეში~ (ასე უწოდებდნენ ზონას) პურები შეჰქონდა ყოველ დილით. გამხმარი, ნახევრად დაობებული პურები, ისეთები, ქარხანა რომ ყრის ხოლმე `ატხოდებში~.

ხოდა, ამ ერთადერთმა, გაძვალტყავებულმა, გაყვითლებულმა დედამ, რომელიც დღეში სამჯერ სისხლს ამოახროტინებდა ხოლმე, ოთხ პაჩკა `პრიმას~ და `ყაზბეგს~ ეწეოდა და მკვდრის ფერი ედო მუდმივად, _ როგორ მოახერხა მისი გაჩენა, ან როგორ შეინარჩუნა ამ მეტად `სახარბიელო~ მდგომარეობაში ნაყოფი და როგორ არ მოსწყდა მუცელი, _ ნამდვილად რომ საოცარი იყო. ამიტომაც დღემდე არა სჯეროდა ამ ისტორიებისა და თავი იქვე, ზონაში აყვანილი ეგონა, უბრალოდ ნაშვილები. თანაც ამ წყალწაღებულმა, ქუჩის მაწანწალა და კრიმინალმა ქალმა როგორ უწოდა ასეთი ღვთაებრივი სახელი?! _ მას ერქვა სულწმიდა (პასპორტში სულიწმინდად იყო გაფორმებული) და ამ სახელის გამო ცხოვრების გზაზე ბევრი ხიფათი, მუჯლუგუნები და შეურაცხყოფა აუტანია. მკრეხელსა და ღვთისმგმობს ეძახდნენ, თუმცაღა დღენიადაგ ცდილობდა ადამიანურად, ღვთისმოსავად და ჩუმად ეცხოვრა, არავინ შეეწუხებინა თავისი არსებობით. რამდენჯერაც სცადა სახელის გამოცვლა, იმდენჯერ შინაგანმა ხმამ შეუშალა ხელი. სულ ჩაესმოდა: _ `ამ სახელის ღალატი, ღმერთის ღალატს ნიშნავს, იცოდეო!~ და საპასპორტომდე მისული, კვლავ და კვლავ უკანვე გამოტრიალდებოდა ხოლმე, თავჩაქინდრული.

დედამისსაც _ კრისტინა (ქართულად _ ქრისტინე) ერქვა, მაინცდამაინც ქრისტე ერია მის სახელშიც; ეს თითქოს მათი ბედისწერა იყო, თუ რა? _ ვერ გარკვეულიყო აქამდე. არადა დედამისი, სამჯერ ნასამართლევი (მესამე `სროკის~ ბოლოს გააჩინა სულწმიდა), ნალესბოსარი, მრავალჯერ ნემსზენაჯდომი, მოსვირინგებული და ენაწაბილწული ვინმე გახლდათ, სულ მაწანწალურ ცხოვრებას ეწეოდა და სულ პოლიციის ხელში იყო. რასაც მას უბრაგუნებდნენ თბილისელი პოლიცმაისტერები, აფურთხებდნენ, ხმარობდნენ და მერე აგდებდნენ, არაერთგზის, ქუჩაში, დახეულ-დაგლეჯილს _ ვინ იცის, რამდენჯერ მომხდარა ასე…

ხოდა ამიტომაც უკვირდა სულწმიდას, ამისთანა უბადრუკმა და უიღბლო ქალმა რითი დაიმსახურა ის, რომ უფალმა შვილი უბოძა, თანაც ასეთი სახელი რაღამ დაარქმევინა ჩემთვისო? _ ამაზე იჭყლეტდა ნაკლებადნაოჭიან ტვინსა.

დედა თხუთმეტი წლის წინ დაფლა კუკიაზედ, ქვედა მხარეს, ძველს კუკიაზედ, ტანკი რომ იდგა, იქა. მერე დაჰკარგა მისი საფლავი, იმოდენაზედ ამოუშენეს აქეთ-იქიდან ამ ფულიანმა თბილისელებმა მარმარილოს `სასახლეები~, რომ კრისტინას საცოდავ საფლავს კი არა, დინოზავრი რომ დაგემარხა, იმას ვეღარ იპოვიდა კაცი. ერთი სურათიღა შემორჩა სულწმიდას სახლში, ერთი დაფლეთილი პატარა ფოტო, ისიც ზონაზედ გადაღებული, სადაც დედამისი `პარაშას~ რეცხავს წაკუზული. იმ შოფრის გადაღებული (ანუ მამამისის). ის კაციც _ სად იყო, ან ვინ იყო, არც ეს იცოდა სულწმიდამ და სიმართლე რომ ვთქვათ, არც აინტერესებდა (მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავი აყვანილ ბავშვად მიაჩნდა და სულ ეჭვებში იყო).

ვერაზედ ცხოვრობდა, ერთ ნესტიან და ბნელ სარდაფში, ხანდისხან ბოთლებს აბარებდა და ამით გამოდიოდა პურის ფულსა, ეგ საცოდავი. ისე, კარგი კაცი იყო სულწმიდა, ყოველთვის გაწკეპილი, გაპარსული დადიოდა. ერთი `კასტუმი~ ჰქონდა, სულ დალატკული, მაგრამ გაუთავებული და სუფთა, ერთიც ღალსტუღი, ჭრელ-ჭრელი, ქურთის იუპკასავითა, ერთიც ცილინდრი, მეეზოვე ზადიკამ რომ იპოვა ნაგავში და მას აჩუქა _ ის. შარვალი _ შლაქსები უყვარდა, ასფალტს რომ ხვეტდა, ისეთი და საღამოს შინ როცა მივიდოდა, მთელი უბნის მტვერს მიიყოლებდა, მერე იქვე დაჰფერთხავდა და ამ მტვერს სუნთქავდა, თან ჩაის წრუპავდა. ჩაი ისეთი ქაფქაფა უყვარდა, როგორც უზბეკებსა ან ჩუჩმეკებს, ეგრევე, ცეცხლიდან რომ გადმოიღებენ და შიგ ყრონტში ისხამენ ხოლმე, ისეთი. როგორ არ ეწვებოდა გულ-მუცელი, თვითონაც უკვირდა სულწმიდას, მაგრამ მარტო ეს როდი უკვირდა მას, ისედაც, ცხოვრებაში რომ ამდენ ხიფათიანობასა და უმსგავსობას გადაურჩა, თანაც ისე გადაურჩა, რომ შინაგანი სტიმული მაინც არ დაუკარგავს _ ესეც აოცებდა ფრიად.

ერთი მეგობარი ქალი ჰყავდა სულწმიდას, მასთან არ ცხოვრობდა. ის აკითხავდა ხოლმე. უფრო კი უქმეებზედ… რომ მოდიოდა, ერთი პატარა ტელევიზორი მოჰქონდა თან. სულწმიდას ხომ ტელევიზორი კი არა, რადიოც არასოდეს ჰქონია. ხოდა, მოჰქონდა და აყურებინებდა. დატოვებით, არასოდეს უტოვებდა, ისევე უკან მიჰქონდა ხოლმე. ამ ქალსაც საკმაოდ უცნაური სახელი ერქვა _ ილტანა, სულწმიდამ კი არა, თვითონაც არ იცოდა, თუ რა წარმოშობისა იყო ეს სახელი. ისე კი, ილტანაც კოხტა და კოპწია ქალბატონი იყო, ოღონდაც დაბალი, ოდნავ ჯმუხი ნირის. ესე ოცდაშვიდი-ოცდარვა წლისა, თუმცა მისი ჯმუხი ნირი მის მშვენიერებას და სილამაზეს ვერ ახშობდა. ისიც ობოლი და ტიალი იყო. უყვარდათ ერთურთი, უფრთხილდებოდნენ. მათ ხომ სამყაროში მეტი არც არავინ ჰყავდათ და აბა, ორი კაცი ერთმანეთს თუ არ გაუფრთხილდა _ ცოდო იქნება ნამდვილად და არასწორიც, ღმრთის წინაშე!

სცოდავდნენ, როგორც ყველა. ეკლესიაში იშვიათად დაიარებოდნენ. თუმცა უფლის მოშიშნი მაინც იყვნენ. სახლში კი თითოეულს მაინც ელაგა ფსალმუნები და აღთქმები _ ისე, მოდისათვის თუ წესისათვის. თითო-ოროლა ხატიც ეკიდათ, ჩამოკონწიალებული, გაჭვარტლულ კედლებზე და აღდგომაზედ ერთ სანთელსაც აუკიაფებდნენ და თითო ჭიქა წითელ ღვინოსაც მიუდგამდნენ გვერდზე. ხო, მართლა, ილტანას მარტო ეკრანი არ მოჰქონდა სულწმიდასთან სახლში, არამედ `სუმკაში~ ყოველთვის თავის ერთგულ, დაკოდილ კატას დაატარებდა _ კესოს. ერთი უჯიშო, გასიებული, გაქუცული და ავი ვინმე კი იყო ის კესო. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ დაიჭყავლებდა, ვირთხებს კი არა, მეზობლებსაც უწვრილდებოდათ გული. თან ყველა ფანჯარაში შეძვრებოდა და ხან ძეხვს, ხან ბარკლებს, ხანაც ისე, რამეს, რასაც კბილს არ შეახებდა, მოუთრევდა ხოლმე ილტანას შინ. ილტანა სულ სცემდა პოლის ჯოხით და უწყრებოდა. მაგრამ კატას ხომ ვერაფერს შეაგნებინებ კაცი. კატა მისტიური და თავისთავადი არსებაა. ოდნავ მოიწყენდა კესო, სადმე კუთხე-კუნჭულში შეიყუჟებოდა და მალევე ამოუხტებოდა კალთაში ილტანას; იმასაც გული მოულბებოდა და ფერებას უწყებდა ერთადერთ ოჯახის წევრსა. მაინც დიდ პატივში ჰყვანდა კესო, მასთან ერთად ეძინა ლოგინში, მაგიდიდან მიირთმევდა და რასაც ილტანა იგემებდა _ იმასვე უნაწილებდა მუდამ.

ამიტომაც ვერ ტოვებდა შინ, გამწარებული მეზობლების გამო: რავალი საქმეა, ხალხს ფანჯარა ვეღარ დაუტოვებია ღია, რომ შიგ კესო არ შემძვრალიყო და რაიმე არ მოეპარა.

უყვარდათ-მეთქი, ერთმანეთი, სულწმიდას და ილტანას, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ-თქო, გითხარით და ესეც იყო. შესაშური ერთგულება ჰქონდათ და მიჯნურობა. როცა ვერაზე ჩამოივლიდნენ ერთად, ყველას შურდა თეთრი შურით და ყველა ჩურჩულ-ჩურჩულით ჭორავდა მათს კავშირსა.

ილტანას სულ ის ეკერა პირზე, როცა მეგობარს ემუსაიფებოდა, რომ: _ `შენ რა გაქვსო საწუწუნოო, შენ ქე მაინც ის იციო, რომ დედიშენის საფლავი ნამდვილად არისო კუკიაზედ. ყოფილხარ, მერე კი დაჰკარგეო. აი მე კი, მე არც დედა ვიციო, არც მამაო, არც მოყვარე ვინმე და მტერი რომ მტერია, ისიც არ მყავსო, მე ოხერსაო. შენ რა გაქვს დასაკვნესიო?!~ _ სულ ამას ეუბნებოდა სულწმიდას, თანაც თავის კოპწია თითებს უქნევდა, რომლებზეც, თითოზე ხუთ-ხუთი ჟესტის და ალუმინის `კალცოები~ ეკეთა, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა შუშებითა.

თმები გიშრისფერი და სადა, გრძელი ჰქონდა ილტანას. თვალები წაბლისფერი, მომწვანო ელფერით, ალაკრული, თეთრი სახის კანი და ოდნავ მსუქანი ტუჩები. ეამაყებოდა სულწმიდას მასთან ერთად პროსპექტზე გავლა და გამვლელ-გამოვლელთა მზერას რომ დააფიქსირებდა, ერთიანად გაიბადრებოდა და შეიფერებდა ხოლმე. პაპიროსს არ სწევდნენ არცერთი. არაყიც ეზიზღებოდათ, ხოლო ღვინოსა და ლუდს სიამოვნებით მიირთმევდნენ, როცა ამისთვინ ხურდა შემორჩებოდათ. არ უყვარდათ კაფეები და ბარები, არც მით უმეტეს რესტორნები. ან კი სად ჰქონდათ ამისთანებისთვის ფული? ისე, ბუნებაში, სადმე მყუდრო ალაგზე მოიკალათებდნენ, ერთ პლედს გაშლიდნენ ბალახზე, ამოალაგებდნენ რაც ებადათ, მოისვამდნენ კესოს გვერდით და მიდი-მოვდივარ… იყო სულ ერთი და იგივე ლაქლაქი და პლასტმასის ჭიქების უხმო ჭახუნი. ნეტაი ვინმეს მაინც ერთხელ `ჩაეკარტოჩკებინა~ ეგ დალოცვილები, მაგ პროცესში. კარგი ფოტო გამოვიდოდა ნამდვილად! ისტორიული.

სახლში იშვიათად ჭამდნენ, როცა ერთად იყვნენ, ხოლო ცალ-ცალკე კი ვინ რას სჩადიოდა _ არავინ იცოდა. აკი ვთქვი, ერთხელ კი დავინახე და ამიტომაც გითხარით, ქაფქაფა ჩაი უყვარდა-მეთქი სულწმიდას, ერთი ძველი, საიდანღაც მოთრეული `სამავარი~ ჰქონდა და სულ იმაში იდუღებდა წყალსა, თანაც ბუნებრივად, ნაკვერჩხლებით ახურებდა. უყვარდა სულწმიდას სლავური ადათ-წესები. მით უმეტეს, რომ გურმანი იყო. ილტანასაც იშვიათად ნახავდა კაცი მარტოს, სახლში. სად ცხოვრობდა, არავინ იცოდა, არც ჩვენ ვიცოდით; ვგონებ, ნახალოვკელი იყო, ასე ამბობდნენ ზოგ-ზოგნი, ესენი კი არა და, თვით სულწმიდამაც არ იცოდა მისი მისამართი. სულ ის მოდიოდა მასთან. არ მოანატრებდა თავსა, ხშირად აკითხამდა. ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც. ზოგჯერ ღამითაც ურჩებოდა და როცა იმათ ხის კარებთან შევიყუჟებოდით უბნის ბავშვები და ვუჭვრიტინებდით, მის დღემში სიბილწეზე ვერ წავასწრებდით ხოლმე.

იწვა გულაღმა სულწმიდა, ეწვა გვერდზე მხართეძოზე ილტანა, უსვამდა თმაზე ხელსა და მეგრულად იავნანას უმღეროდა (თუმცა ვაი მაგ სიმღერას, _ სმენა არ ჰქონდა იმ საწყალს), ისე კი ძალიან ცდილობდა ხოლმე. `კრაოტის~ ქვეშიდამ კი კესოს გაბურძგნული კუდი მოსჩანდა. არასოდეს ჩხუბობდნენ, არაფერი ჰქონდათ გასაყოფი. ერთადერთი, რაც გაგვიგია _ სულწმიდა ეხვეწებოდა ხოლმე ზოგჯერ, `ეკრანი დამიტოვე, თუკი მიდიხარო~ _ ის კი არ უტოვებდა, ორივეს, კესოსაც და ეკრანსაც ჩაუძახებდა `სუმკაში~, მოეფერებოდა სულწმიდას და ისე გამოემშვიდობებოდა. კარისაკენ რომ დაიძვრებოდა გამოსასვლელად, ჩვენც კიჟინით დავიშლებოდით და მივიმალებოდით. ასეთები იყვნენ ორივენი, ჩუმები, ლამაზები. ისეთები, უბატონოდ რომ ჭიაყელასაც არ შეაწუხებდნენ ტყუილად. იმ კატის ამბებიც იქიდან მოგვისმენია, როცა ილტანა უყვებოდა კესოს ოინებს, მეზობლების ფანჯრებში ჩადენილს, თავის სანუკვარ სულწმიდას. აბა, სხვა მხრიდან ხომ ილტანაზე არავინ არაფერი ვიცოდით.

მარტოხელა და შეუმჩნეველი ქალი იყო; ისე დადიოდა მაღალი ქუსლებით, რომ თითქოს ბუმბულებზე დაიარებაო, ერთ წკაპუნსაც ვერ გაიგებდით. კი არ დადიოდა, დაფრინავდა პირდაპირ. მიწას არ აწუხებდა. მათი ერთობა, ალბათ ღვთის განგებითა და ნებით მოხდა. იმდენად მყარი და შეუბღალავი კავშირი ჰქონდათ, მის დღემში არც ერთმანეთს, არც არავის გაანაწყენებდნენ. მათზე აუგს ვერავინ იტყოდა მტკვრის მთელს მარჯვენა სანაპიროზედ.

ერთხელაც, როდესაც დაგვითხოვეს საზაფხულოდ და მთელი გოგო-ბიჭები ჩვენ-ჩვენს სოფლებში გასაკრეფად ვემზადებოდით, ქალაქსაც საშინელი ბუღი ასდიოდა, ასფალტი დნებოდა სიცხისაგან და გარემო შეხუთული იყო. ხოდა ამ ერთ-ერთ მცხუნვარე დღეს, სულწმიდასთან მივიდა ბებერი `ფოჩტალიონი~ _ გაბო ძია. თეთრ წვერ-ულვაშა, წელში მოკაკვული, ჯირკი მოხუცი და ერთი პატარა წერილი გადასცა, რომელზეც უკანა მისამართი არ იყო მითითებული. ჩვენ, იქვე, `ბირჟაზე~, კაკლის ძირში ვისხედით, ზოგნიც ბოლთას ვცემდით უსაქმურობისაგან, როცა ეს მოხდა. გაბო ძიამ ხელი მხარზედ დაადო სულწმიდას, თავი აქეთ-იქით გააქნ-გამოაქნია ისე, რომ მისმა დამარილებულმა კისერმა `ჟეშტის~ ღრჭიალი გამოსცა და მალევე უკან გაბრუნდა. ეტყობოდა, შორიდანვე, რომ წერილს კონვერტი არ ჰქონდა და ალბათ, გაბოსაც წაკითხული ჰქონდა მისი შინაარსი.

სულწმიდამ გადაავლო თვალი, უცბად გაფითრდა თავიდან-ფეხებამდის, თითქოს გაიყინა ადგილზეო. გაქვავდა, რამოდენიმე წუთს ასე იდგა ქანდაკებასავით, მერე ძლივსძლივობით დაეშვა თავის სარდაფის კიბეზე, ჩარგო ხელებში თავი, წერილი სახეზე აიფარა და ბავშვივით აქვითინდა. ჩვენ ფრთხილად მივუახლოვდით და გარს შემოვეკარით. სულწმიდა ასე ქვითინებდა ჩუმად, ერთხანს, თავისთვის. მერე ძლივს წამოდგა, ჩაეშვა თავის ბნელ, სარდაფულ სამფლობელოში და კარი მოიჯახუნა.

ჩვენ ვერაფერი გაგვეგო, თუ რა მოხდა. ქუჩის განაპირას მჯდომმა უბნის დედაბერმა ქალებმა ხელები აასავსავეს, ამოიკვნესეს, ამოიოხრეს და გააგრძელეს ჩვეული ჭორაობა და მზესუმზირის ყლაპვა. მათ ეტყობოდათ, რომ რაღაც იცოდნენ ნამდვილად. ეგრევე მივაჭერით მათთან და დაკითხვა დავუწყეთ. ჯერ არ გვიმჟღავნებდნენ, მერმე, რომ აღარ მოვეშვით, ერთ-ერთმა, ნინა ბაბომ, გვითხრა: _ `ეჰ, შვილებო, ვაი მაგის ცოდო და ბრალიო, რაღა ეშველება სულ მარტოდ მარტოს, მაგ უბედურსაო, ვინღა დაურეცხავსო, ვინღა ანახებს `ეკრანსო~, ან ვინღა წაიყვანს ბუნებაშიო?~ _ `რა მოხდა, ნინა ბაბო, რა მოხდა, ნუ ამოგვხადე სული-თქო~ _ მივუგეთ. _ `ეჰ, შვილებო~… _ ისევ ჩაიბურდღუნა დედაბერმა _ `ილტანა წუხელ სულწმიდასგან რომ წასულა, საღამოზე, თავის სახლთან ახლოს მანქანას გაუტანია და გაქცეულაო ის სასიკვდილეო. ადგილზევე დაულევია სულიო იმ საბრალოსო!~ _ ჩაიქვითინა ნინა ბაბომ და თვალიდან კაისიმსხო კურცხალი გადმოუვარდა.

ჩვენ, სახტად დარჩენილებმა და გაოგნებულებმა, ერთმანეთს შეშინებით გადავხედეთ და ხმაგაკმენდილნი დავიშალეთ.

ზაფხულის პირველი დღეები უეცრად სასტიკად ცივი და დაზამთრული მოგვეჩვენა. დრო თითქოს გაჩერდა ყველასათვის! გარემო თითქოს მოიქუფრა, მოიღუშა და ირგვლივ ტრაურმა მოიცვა ყოველივე, მცირე ხნით. აღარ გვახსოვდა არც არდადეგები, არც სოფელი, არც მომავალი ნათელი და უდარდელი ივლის-აგვისტოს ცხელი დღეები… ყოველ ჩვენგანს ილტანას უწყინარი და მშვიდი სახე გვედგა თვალწინ. ილტანა და სულწმიდა ხომ ერთი მთლიანობა იყო. აბა, ცალ-ცალკე ვის წარმოედგინა ისინი? ერთი რომ აღარ იყო, მეორეზე უკვე ძნელი იყო ცალკე ფიქრი. თითქოს ორთავე გაეტანა იმ ბოროტ, მკვლელ ავტომობილს _ ასეთი შეგრძნება ჰქონდა ყველას, გარშემო!

როგორ, ვინ ან სად დაასაფლავა საცოდავი ილტანა, ვერავინ ვერაფერი გავიგეთ მერმეც. სულწმიდამ საცოდავი კატა-კესო და პატარა ტელევიზორი გამოითხოვა როგორღაც იქაურებისაგან და სახლში წამოიღო. გარეთ თითქმის აღარ გამოდიოდა. მხოლოდ კესო ამოლასლასდებოდა დღეში ერთი-ორჯერ, გათბებოდა მზეზე, წაიძინებდა ერთხანს და უკანვე ჩაეშვებოდა, სარდაფში, ზანტად. სულწმიდა მალე დაავადმყოფდა დარდისა და მარტოობისაგან. ჩვენ, უბნელი ბავშვები და უფროსები, ვაწვდიდით, ვისაც რა შეგვეძლო. პურზედ და მაწონზედ ვეგზავნებოდით. მეტს თითქმის არაფერს ჭამდა. დღითი-დღე ხდებოდა და ილეოდა სულწმიდა. ედო თავთან ილტანას ერთი მოღიმარი ფოტო, რომელზეც თავის კესოსთან ჩახუტებული იყო გამოსახული და სულ მას შესცქეროდა, თვალებზე ცრემლებშეგუბებული.

ჩვენ ვცდილობდით, როგორმე გაგვემხიარულებინა სულწმიდა, მაგრამ ამაოდ! მალე გოგო-ბიჭები გაიკრიფნენ თავთავიანთ სოფლებში. მე და ჩემმა ოჯახმა ყველაზე გვიან დავტოვეთ თბილისი, სადღაც აგვისტოს პირველი ნახევრის ბოლოში. როცა მივდიოდი, ერთხელაც ჩავუარე სულწმიდას, ჩავუტანე პური, რძე, ცოტა ძეხვი და ხილი. კი ვიცოდი, რომ არ შესჭამდა, მაგრამ მინდოდა, რომ წასვლის წინ ოდნავ მეტი სანოვაგე დამეტოვებინა მისთვის. ნინა ბაბო სულ მლოცავდა ამ საქციელისათვის. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად მაინც მე ვაკითხამდი. აქიმები არავის მოუყვანია სულწმიდასთვის. ერთი სოლოლაკელი ექიმბაში მოჰგვარა გაბო ძიამ. ახედ-დახედა, შეათვალიერა სულწმიდა, დააჭირა ალაგ-ალაგ ხელები, რაღაც ბალახ-ბულახი მიწვა-მოწვა მის ოთახში, წყლებიც შემოგვატანინა, აპკურა. მერმე _ `ოთახი სულ განიავებული გქონდეთო!~ _ გვითხრა უკმეხად და როცა ზემოთ ამოვიდა, ჩაიქნია ხელი. _ `მაგას აღარაფერი ეშველებაო, მართლა სულიწმინდა თუ უშველისო, როგორც თავის სეხნიასო~ _ და წავიდა. დიაგნოზი არც უთქვამს ჩვენთვის. მისი განაჩენი არ ექვემდებარებოდა კასაციას!

სულწმიდა, ჩემი გამგზავრებიდან ერთ კვირაში აღესრულა თურმე. როგორც მერე გავიგე, სასწავლებლად რომ ჩამოვედი, გაბო ძიას და ნინა ბაბოს, დიდის მცდელობითა და წვალებით, მთელი კუკიის ადმინისტრაციის არაერთხელ აწიოკებით და საარქივო დოკუმენტებში ქექვით _ მიუგნიათ კრისტინას დაკარგული საფლავისათვის და რადგან ერთადგილიანი იყო, სულწმიდა დედის გულზედ დაუკრძალიათ. ერთი ჯვარიც და წარწერაც დაუკიდნიათ. ღმერთი არ გაწირავს მათნაირ კეთილ ხალხსო _ ნათქვამია!

კატა-კესო კი მე მერგო ანდერძად. თურმე ბოლო დღეს სულწმიდას ჩემთვის გადმოულოცია იგი და როცა ჩამოველი _ დამახვედრეს. დედაჩემი შვილივით უვლიდა. მეც თავზე ვევლებოდი. ისე კი, მოწყენილი და სევდიანი იყო, გარეთ თითქმის აღარ გადიოდა და სულ გვეშინოდა, რომ ესეც არ დაღუპულიყო.

სულწმიდას სარდაფულ ბინაში კი მინის ტარის მიმღები პუნქტი გახსნეს. შიგ რომ ჩახვიდეთ, დღემდე ჰკიდია სულწმიდას და ილტანას გაყვითლებული ფოტოები და კუთხეში დგას სულწმიდას ძველი `სამავარი~, როგორც სამუზეუმო ექსპონატი. დანარჩენი ხარა-ხურა გადაუძახებიათ, როგორც ხდება ხოლმე, ვინმე უპატრონო რომ მოკვდება და მის ნივთებს სულ გარეთ, ქუჩაში რომ გამოჰყრიან. ზოგს ვინმე გააყოლებს, ზოგსაც მენაგვეები წაიღებენ და ასე…

კარგია, რომ მინის ტარის მიმღები პუნქტი გახსნეს სულწმიდას ბინაში. ზუსტად ის, რითაც ირჩენდა თავს ის ბედკრული.

სულწმიდა და ილტანა ხომ ნამდვილად, აშკარად ღმრთისრჩეულნი იყვნენ…

მე უკვე კაი ხნის დაოჯახებული ვარ; კესომ კიდევ სამი წელი იცოცხლა და რომ მოკვდა, მე და ჩემმა ცხონებულმა დედამ, იქვე, კუკიაზედ მივაყარეთ მიწა, სულწმიდას და დედამისის სამარის გვერდით. ხოდა, დავქორწინდი-მეთქი, ორი შვილი შემეძინა, ქალ-ვაჟი და როცა პატარები იყვნენ, ძილის წინ ზღაპრად ვუყვებოდი შელამაზებულ ამბავს _ უფლისწულ სულწმიდასა და მზეთუნახავ ილტანაზე. თუ არ მომაყოლებდნენ, ისე არ იძინებდნენ ეგ ეშმაკები.

დღეს თბილისი გამოიცვალა ძირფესვიანად. ვერაზედ, ლამის ცათამბჯენები წამოიჭიმეს ამ `ახალმა ქართველებმა~. ქალაქელთა ზნე და ნირ-ჩვეულებანი მთლად შეიცვალა. ერთადერთი, რაც ვერ შესცვალა დრომ, ის არის, რომ ვერისუბანი იყო და დარჩა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზედ და მეორე ის, რომ სიყვარულის მშვენიერ, სუფთა ამბებს თაობები აიტაცებენ ხოლმე, რადგანაც ისინი არასოდეს არ მოძველდება, არ გახუნდება, არ მობეზრდება ხალხს, არასოდეს არ დაკარგავს თავის ხალას აზრსა და მნიშვნელობას, კვლავ, მომავლისთვის…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: