Posted by: burusi | 11/06/2011

მარიკა ლაფაური-ბურკი – “ჩვენ პირველები ვამბობთ!”

ჯარჯი ბალანჩივაძის სამუშაო კუთხე. 2007. ფოტო: მარიკა ლაფაური

მარიკა ლაფაური-ბურკი – “ჩვენ პირველები ვამბობთ!”

ქველმოქმედების ტრადიციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით

რონდო. Allegretto giocoso con spirito
რონდო მე-17 საუკუნიდან გავრცელებული მუსიკალური ფორმაა, რომელიც რეფრენის და კუპლეტის მონაცვლეობაზეა აგებული. ძირთტადად ის ციკლიური ფორმების ნაწილია ხოლმე. ცნობილია ჯაჭვური, სიმეტრიული და სონატური რონდოს ფორმები.

ეძღვნება ჯარჯი ბალანჩივაძეს

“ჩვენ პირველები ვამბობთ!” – ეს საქართველოს საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობის 1 არხის სლოგანია. ის ერთგვარი ანალოგიაა გერმანიის საზოგადოებრივი 2 არხის ZDF- ის , – “მეორეთი უკეთესად ვხედავთ”, სადაც ამის მთქმელი ცალ თვალს ორი თითით იფარავს. მსგავსი სლოგანები თავისთავად მედიის კულტურის, საზოგადოების ერთერთი ელემენტია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა დროს მკვიდრდება. სარეკლამო სლოგანების, თვით მობილური ტელეფონის ზარების და სხვა მსგავს თემებზე უამრავი სამეცნიერო ლიტერატურა არსებობს.

ეს თავისთავად საინტერესო თემაა, მაგრამ ჩემი ტექსტი სულ სხვა რამეს ეხმაურება. საქართველოს საზყოგადოებრივი მაიწყევბლობის ეს სლოგანი, რომ არა ბოლო ხანებში საქართველოში გამეფებული „ყველაფრის პირველობა“, თავის სარეკლამო ფუნქციას კარგად ასრულებს. საქართველოში თვალსა და ხელს შუა მოწმენი ვართ თუ როგორ იქმნება პირველად იდეები, რეფორმები, შენობები, ტრადიციები. როგორც ვიგებ, „საქართველო აქამდე არ არსებულა“. ეს მრავალგზის გაჟღერებული ციტატაა, არ იფიქროს ვინმემ, რომ აზრის ამბივალენტურობის გამო არის პრჭყალებში ჩასმული.

საინტერესოდ მეჩვენება სლოგანი „პირველად თქმის“ შესახებ, პიველად შექმნილის თაობაზე. გამოდის რომ აქ ორმაგ პირველობასთან გვაქვს საქმე.

„მე პირველი ვამბობ“ – სიახლეს მივესალმები!

ეს სტატია მცირეოდენი გამოხმაურებაა მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამზე, რომელიც მან 2011 წლის 5 ივნისს საქველმოქმედო ვახშამზე განაცხადა:

„საქართველოში, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანტროფიის, ქველმოქმდების. ის რომ ბიზნეს შეუძლია ამის გაკეთება, რაც დღეს გაკეთდა. ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა ჩვენი საზოგადოება. უკეთესობისკენ”.

ციტატა, რომელიც “პირველმა გვამცნო” საინფორმაციო გამოშვება “მოამბემ”, სიზუსტის გამო, სტენოგრაფიული ჩანაწერის სახით მომყავს. მიხეილ სააკაშვილი ბრწყინვალე ორატორია, რაც მან არაერთხელ დაადასტურა. მახსენდება, მისი შესანიშნავი გამოსვლა გაერთიანებული ერების ანსამბლეაზე 2010 წელს. ვფიქრობ ბევრი არ შემედავება, რომ ეს გამოსვლა ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწისათვის ერთერთ საუკეთესო შეიძლება ჩაითვალოს.

ჩემი მიზანი არ არის სინტაქსური, მითუმეტეს ზეპირად გამოთქმული ტექსტის კუთხე-კუნჭულ განხილვა, მაგრამ ციტატა მთლიანობაში კვლავ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება, რომელიც „საქართველოში პირველად ხდება“. თავიდანვე ვიტყვი, რომ მოყვანილი ციტატის შინაარისი გამო ჩემი დამოკიდებულება ამბივალენტურია. ჯერ მეორე მხარეს ავღნიშნავდი. იმას, რომ ბიზნესს უკვე შეუძლია ქველმოქმედება.

მოკლე საჯარო ზეპირად ნათქვამ სიტყვაში რთულია ჩაატიო ყველა ასპექტი. ასეთ დროს ცდილობ ფართო შტრიხით და მრავლისმომცველი შინაარსის ფრაზებით ჩამოაყალიბო სათქმელი, მით უფრო, როდესაც ეს საზეიმო საღამოს ჩარჩოებში ხდება. მართალია „საზეიმო“ აქვე ყურს გვჭრის, მაგრამ ეს სხვა დიდი პრობლემაა საქართველოში. აღარ დარჩა თარიღი, ტერმინი თუ ფრაზა, რომლის ნარატივიც გაუგებრობამდე შეცვლილი არ იყოს. საჯარო დისკუსიის დაბალმა დონემ, მედიამ, უპასუხისმგებლო განცხადებებმა, სიტყვების გაუფრთხილებლობამ საზოგადოება ჩიხში შეიყვანა. ამჟამად არ არის ეს ჩვენი განხილვის თემა, მაგრამ ამ ჩიხიდან გამოსავალის ძებნა გადაუდებლად საჭიროა! დავუბრუნდეთ ხსენებულ საღამოს და მოყვანილ ციტატას. ჩვენ უკრიტიკოდ ვიღებთ აქ ჩადებულ შინაარსს და გვესმის, რომ აქ აქცენტი ბიზნესის განვითარებაზეა. აქ ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ ჩვენს ბიზნეს ეს გამოღვიძება. უბრალოდ დასანანია, აქამდე თუ არ ფხიზლობდნენ საამისოდ.

„მე პირველი ვამბობ“ – მივესალმები ბიზნესის განვითარებას!

ციტატის ამონარიდი, – „პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია”, – თავისთავად ეწინააღმდეგება შინაარსს. შეიძლება ტრადიცია “პირველად ჩამოყალიბდეს”? თუ ტრადიციაზე ჩვენ მხოლოდ მომავალში უნდა ვისაუბროთ, როდესაც სურვილი ტრადიციის ჩამოყალიბებისთვის გარკვეული გადადგმული ნაბიჯები იქნება და ის ტრადიციის კონტურებს მიიღებს? ჩვენში ყოველი ახალი მოვლენა და თემა ახალი განხეთქილების საფუძველი ხდება. მით უფრო უნდა ვცადოთ, რომელიმე კულტურული კონტექტსები შევინარჩუნოთ და “პირველობას” დახარბებულებმა არ ჩავამტვრიოთ კულტურული განვითარების უწყვეტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების რეფორმატორული პროექტისათვის ძალიან მყიფე ხდება საფუძველი, რომელიც ისედაც საკმაოდ ვიწრო ზოლზე გადის.
განა “პირველად ჩამოყალიბდა (ეს) სერიოზული ტრადიცია? ამაზე ცოტა მოგვიანებით. Tradare თაობებში ყალიბდება და კულტურის განუყოფელი ნაწილი ხდება. ის მთელ რიგ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სიციალურ, რელიგიურ მოვლენებს მოიცავს და ნებისმიერი ტრადიცია სხვადასხვა სახით და ადგილას იჩენს ხოლმე თავს. ტრადიციაზე უამრავი ტომებია დაწერილი. ამიტომ საქართველოში დამკვიდრებული “ტრადიციისამებრ”:

“მე პირველი ვამბობ” – მივესალმები კარგი და ჯანსაღი ტრადიციის საფუძვლის ჩაყრას!

გამოთქმული ციტატა მოვისმინეთ საქართველოში ფილმ „აგვისტოს 5 დღე“ -ს პრემიერასთან დაკავშირებით გამართულ ვახშამზე. პრემიერისათვის დიდი სამზადისი იყო და მან შესაბამისად პომპეზურადაც ჩაიარა. ფილმის პრემიერას ხომ ჰოლივუდის მეგავარსკვლავები ესწრებოდნენ. ზოგიერთისთვის ეს პომპეზურობა შეუსაბამო იყო, რის გამოც გამოითქვა ბევრი კრიტიკა. აქ მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ აზრს კიდევ გავიმეორებ. მე საქართველო თავის სისადავეში მიყვარს. მისი ტრადიცია, სადა, შინაარსიანი ხელოვნებისა, ცხოვრების წესისა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არსებობდა, რაც მას სრულიად განსაკუთრებულს ხდის. აქ არის მისი მაგიაც და სიღრმეც. მისი ბავშვური ხალასობაც და მისტიური შეუცნობელობაც. ის ჯერ კიდევ თვალხილულია, ყველას შეუძლია მისი დანახვაც და აღმოჩენაც, ის ცოცხალია ენაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, მხატვრობაში, ლიტერატურაში. ამ ყველაფერს, როგორც ბავშვს ძალიან გაფრთხილება უნდა, ეს არის ჩვენი ძალაც და სლოგანიც! ამ ხალასობით და სისადავით უნდა თქვას საქართველომ თავისი სათქმელი. თუნდაც იყოს დანარჩენი მსოფლიო ჭყეტელა, მყვირალა, პომპეზური, ბრჭყვიალა. თუ ჩვენ საქართველოს ფასი ვიცით, მაშინ ჩვენ სისადავით დიდ შთაბეჭდილებას მოვახდენთ, სწორედ ბრჭყვიალა და მყვირალაზე. ნებისმიერი მიბაძვა დამღუპველია საქართველოსთვის. ადაპტირების კი დიდი ტრადიცია არსებობს საქართველოში. მსოფლიოს გამოცდილებები ჩვენთვის ის სკოლა უნდა იყოს, სადაც კიდევ უფრო კარგად გამოვარჩევთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც გააზრებულია ხანგრძლივი მოქმედებისათვის. თუ საამისოდ მკაფიო კონცეფცია არსებობს, რაზედაც საზოგადოება ფუნდამენტურად შეთანხმებულია, მაშინ სხვადასხვა მოკლევადიანი მოქმედების ღონისძიებებიც გაამართლებს თავის დანიშნულებას.

“მე პირველი ვამბობ!” – სისადავე მშვენიერებაა და შთამბეჭდავია.

ფილმის, – “აგვისტოს 5 დღე” პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება არაა ამ სტრიქონების ავტორის სურვილი. ფილმის შემდგომი ბედი გვიჩვენებს, თუ რამდენად გაამართლა მან მოლოდინი და ამ შემთხვევაში მისი ინტელექუალურად ან ინტელექტუალების მიერ შეფასებები არ არის რელევანტური. როგორც ვხვდები, ეს ფილმი არაა მასზე გათვლილი. ეს არის მასებისთვის განკუთვნილი ფილმი, რომელსაც ჩვეულებრივი ახალგაზრდობა ნახავს ბატიბუტით და კოკა კოლათი ხელში სხვადასხვა კომერციულ კინო დარბაზებში. საამოსიდ წინაპირობაა, რომ ფილმს დისტრიბუტორები ეყოლებიან. ჩავლილ პრემიერას რომ მივუბრუნდეთ: რთულია საქართველოში რაიმეს ზეიმი, მთლიანობაში არასაზეიმო ატმოსფეროს გამო. კიდევ იმიტომაც, რომ ყველა ზეიმებს უკვე იმდენჯერ შევეხეთ და აქცია-პაროლებად ვაქციეთ, კამპანიებით ჩავანაცვლეთ, რომ ვისაც კიდევ ხალისი შერჩენია, ან თავად მალევე უქრება, და თუ მაინც გადარჩა, მას აუცილებლად ჩაუქრობენ. მაინც დავსვავდი შეკითხვას: საინტერესოა რამდენად იყო თემატიზირებული Event-ის ორგანიზატორების მიერ საღამოს ჩატარების სხვადასხვა კონცეფციები? იყო კი, რომელიმე სხვა კონცეფცია, შტრიხი, მცირედიც კი, რომელიც შესძენდა ამ დღეს განსაკუთრებულობას? ნუ დაგვავიწყდება, რომ ფილმი საქართველოს ერთერთ ტრაგიკულ ფურცელს ეხება, მთელი თავისი შემდგომი მოვლენებით.

“მე პირველი ვამბობ”: ალტერნატივამ უნდა იარსებოს!

ცოტა ხნით დავუბრუნდეთ “პომპეზურ საღამოს” და მის კრიტიკოსებს დახვედრა-გაცილების ტრადიციების გამო.

მე-19 საუკუნიდან, როდესაც იქმნება ახალი ურბანული საზოგადოება და სხვადასხვა ინსტიტუციები, უამრავი გამოჩენილი ადამიანი ევროპიდან და აზიიდან ეწვეოდნენ ხოლმე ჩვენს ქალაქებს. განსაკუთრებით ქუთაისს და თბილისს. სტუმარი არსტისტები საქართველოში ხელში აყვანილი მიჰყავდათ სახლამდე, თანაც ამ დროს ქუჩას ბენგალური მაშხალებით ანათებდნენ, მთელ ვაგონ ყვავილებს უკვეთავდნენ, საჯაროდ ძვირფას საჩუქრებს გადასცემდნენ, სასულე ორკესტით აცილებდნენ. ასეთი დახვედრის დიდი ტრადიცია არსებობს საქართველოში.

ჩაიკოვსკის საქართველოში სტუმრობები ერთერთი მაგალითია უამრავი სხვა შემთხვევებიდან, – მისთვისაც მთელი ვაგონი ყვავილები შეუკვეთეს და არნახული ოვაციები გაუმართეს. ჩაიკოვსკი თბილისის ატმოსფერის შესახებ თავის წერილებში სხვადასხვა ადგილას აღნიშნავს და გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე გრაფიანი ფონ მეკს წერს რა მის სულში დასადგურებელ სიცარიელეზე და ნაღველზე, ამბობს: „როდესაც ამ კითხვას ვსვავ, მაგრამ საით? თავში მხოლოდ ერთი პასუხი მომდის, – იქნებ ტიფლისს?“

გაზეთი „კავკაზი“ აღწერდა ცნობილი მომღერლის ორანჩიო-გვერინისადმი მირთმეულ საჩუქრებს და ხაზს უსვავდა: „დაე, ყოველივე ამით დაინახონ ჩვენმა ახალგაზრდა მსახიობებმა, რომ თბილისში იციან ნიჭისა და ხელოვნების კეთილსინდისიერი სამსახურის დაფასება“. (კავკაზი N14 1871) დღესდღეობით ქართული მედიით მსგავსი აქცენტის დასმა მხოლოდ მოლოდინია, რომ მალე ისინი მსგავს გზავნილს „პირველები იტყვიან“.

ეს შემთხვევები რაიმეს დამამტკიცებელ ისტორიულ ფაქტებად კი არ მსურს გავიხსენო, არამედ ოდნავ მაინც იმ ატმოსფეროს გასაცოცხლებლად, რომელიც საქართველოს საზოგადოების ინტენსიური ცხოვრების მაჩვენებელია. აქ უბრალოდ, აღტაცებულ ადამიანებს დავინახავთ. ასეთი ადამიანები მხოლოდ წარსულით არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. 1876 წლის 27 ნოემბერს ცნობილი მომღერლის ტალია ლუეს საბენეფისო საღამოსთვის ხალხმა თავად შეაგროვა თანხები განათებისთვის. თეატრამდე მიმავალი გზაც და დარბაზიც გაჩირაღდნებული იყო. ისიც ხელში აყვანილი მოატარეს. გადაცემული ძვირფასი საჩუქრების სია საჯაროდ ცნობილი იყო და ყველას უხაროდა.

“მე პირველი ვამბობ”: ხალხის საზეიმო განწყობა, სურვილია, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თითოეულისთვის. ასეთი განწობა ცალმხრივად და ბრძანებით არ იქმნება.

არა მხოლოდ ჩამოსული სტუმრების მიმართ იყო საზოგადოება გულუხვი.

აშუღი კუპრიას, (არტემ კუპრიაშვილი) მაგალითად ოპერის თეატრში ხელფასი და საკუთარი ლოჟა ჰქონდა. ის ცხადია, ოპერის თეატრის თანამშრომელი არ იყო. სათარა მაშინ ცნობილ ვენელ სამუელ შიფთან ერთად კონცერტებს მართავდა,- “ევროპა და აზია ქორწილს იხდიდა”. დღევანდელი ზეიმები ამიტომაც რჩება გაუზიარებელი საზოგადოებაში, რომ თბილისს აღარ ჰყავს აღარც კუპრია და აღარც სათარა. უფრო სწორედ მაგათი ხელისგულზე მტარებელი აღარავინაა. ამ სიტყვებით მე ნიჭიერი მუსიკოსების ნაკლებობის აღნიშვნა არ მაქვს მხედველობაში. ისინი რასაკვირველია არსებობენ. არამედ იმ ატმოსფეროს გაქრობაზე მინდა მივანიშნო, რასაც ოვანეს თუმანიანი აღწერს: …”მეგონა ერთ ვეებერთელა საქორწილო სახლში მოვხვდიო”. საქართველოში „არასაზეიმო“ განწყობის მხოლოდ სოციალურ პრობლემებამდე დაყვანა, არა მგონია მიმდინარე პროცესების სრულ სურათს მოიცავდეს.

“მე პირველი ვამბობ”: კონიუქტურა და “mainstream“ სულიერებას კლავს.

აღარაა საქართველოში მკითხველი, ვინმე ი. ბერიძე ჯავიდან, რომელიც აღშფოთებული რედაქციას წერს წერილს, „…უეცრად ხელები ჩამომცვივდა და წიგნი გამივარდა ხელიდან: (იგულისხმება გაზეთი „ცისკარი“1858 წელი. ავტ.) თეატრი, თეატრი, სად არის თეატრი? სად არის სევილიელი დალაქი? – ვიძახდი გაგიჟებულივით… (…) „კავკაზის“ ფელეტონისტმაც კარგა ხანია რომ იტალიის ტრუპასა და ორკესტრზედ აღარა მოგვითხრა რა. განა ასე უნდა დაივიწყოს კაცმა თავისი მოძმე, მეტადრე მოკლებული ყოვლის ქალაქის კმაყოფილებას?! რატომ ჩვენც არ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ აღსრულდება ორკესტრი ანუ მუსიკა დიდითა და გამოჩენილთა ვირტუოზთა, ანუ ვსთქვათ, საზოგადოდ მუსიკოსთა, სახელდობრ: ბელინისა, ბეთჰოვენისა, მოცარტისა და სხვათა…“ ჯაველი მკითხველის ეს ამონარიდი შემოკლებით არის მოყვანილი. ამ შემოკლების დროს გული მეთანაღრება. ამ ამონარიდით გადმოცემულ სურათს, დღევანდელობას თუ მივუსადაგებდით, იმის გარდა, რომ ჯავა ოკუპირებულია, წარმოვიდგინოთ დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივ – კულტურულ ცხოვრებაში მსგავსი ინტენსიურობით მონაწილეობდეს და ინტერესს ამჟღავნებდეს.

„მე პირველი ვამბობ“: შილერის “ადამინების ესთეტური აღზრდის შესახებ” ქართულად თარგმნილი არაა. საქართველო ამ იდეს შესანიშნავი ლაბორატორია იქნებოდა და თავისი ტრადიციებით, ეროვნული სახელმწიფოს განახლებული მოდელით, დიდი შანსებით გლობალურ მსოფლიოში.

თბილისში უკმაყოფილებასაც თავისუფლად გამოხატავდნენ და ვინც არ მოსწონდათ კიდეც უსტვენდნენ და გამანადგურებელ კრიტიკას წერდნენ პრესაში. ჯუზეპე ვერდის მუზა, ტერეზა შტოლცი, რომელმაც მუსიკალური კარიერა საქართველოში დაიწყო, ფიოდორ შალიაპინი – ორი უდიდესი ვარსკვლავი შექებას, აღტაცებას და სამართლიან კრიტიკას ერთდროულად იღებდნენ. კვლავ ჩაიკოვსკის დავესესხები. ის კომპოზიტორ არენსკის თბილისში გადმოსვლას ურჩევს თავის წერილში, რადგან : „აქ შემოქმედებისათვის ყველანაირი იმპულსი არსებობსო“.

ეს მაგალითები და სტრიქონები არ არის მე-19 საუკუნის ნოსტალგია. ქართველებს მგონი ეს ნოსტალგია არც კი გაგვაჩნია, იმდენად არ ვიცნობთ ამ პერიოდის საქართველოს ცხოვრებას. დღევანდელ საქართველოში თუ ნოსტალგია სჭვივის, ეს მის საბჭოთა, ე.წ. „ზასტოის“ პერიოდს ეხება. ყველა იმ შეკითხვებს, რაც დღეს საზოგადოებაში ისმება, ცნობიერებას, რომელიც გვჭირდება გლობალურ მსოფლიოში არსებობისათვის ვერ გაეცემა სათანადო პასუხი, თუ ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორია არ გავაცოცხლეთ ჩვენს ცნობიერებაში.

ამის მაგივრად ჩვენ საზოგადოებას აღტაცებისათვის იაფფასიანი (და ძვირადღირებული) საახალწლო კონცერტებით ვკვებავთ. ტრადიციებზე, მათ აღდგენაზე საქართველოში, ჩემი აზრით საჯარო დისკუსიის ის ნაწილი, რომელიც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ ზერელეა, რაც საზოგადოების ინფანტილურობას, ქაოტურობას ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი უკონცეპტობას, აკადემიური ინსტიტუტების სისუსტეს გვაჩვენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო თემაა, რომელზედაც საუბარი და მუშაობა ნამდვილად ღირს.

თუ თბილისში ტრადიციები ყოფილა სასულე ორკესტრით საყვარელი სტუმრების გასაცილებლად, რატომა არ არის ეს ტრადიცია სახალისო და აღსადგენი? ამით ჩვენს სრულიად ჩაგდებულ სასულე-ჩასაბერი ინსტრუმენტების სკოლასაც იქნება რაიმე ახალი მოტივაცია მოეტანა? ეს შემოთავაზება იქეთ იყოს და, –

“მე პირველი ვამბობ:” – მე მინდა ვიზეიმო და ხელოვნება ზეიმად ვაქციო!

არტისტის დაფასების და მისთვის დღესასწაულების მოწყობის დიდი ტრადიცია საბჭოთა პერიოდშიც გრძელდებოდა, მაგრამ ის ამ დროს კარგავდა მთავარს, – მასში საზოგადოების მონაწილეობას. ამ პერიოდში მოხდა კულტურული ფასეულობების ჩანაცვლება, შეიქმნა ნომენკლატურული და კონფორმისტული ფენა, კლანური პრივილეგიური საზოგადოება. პროფესიონალიზმიც ნელნელა სხვა შინაარსით ივსება. ჯერ კიდევ იწერებოდა პროფესიონალური კრიტიკა, მაგრამ ისიც საბოლოოდ იდევნება საჯარო სივრციდან.

„მე პირველი ვამბობ: რეფორმა ჩანაცვლება არაა.

ქველმოქმედებას საქართველოში დიდი წარსული აქვს. „საქართველოში, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანტროფიის, ქველმოქმდების.” -აღვნიშნავს ბატონი მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ისტორია სავსეა ქველმოქმედების მაგალითებით. მთლიანად მე-19 საუკუნე და თავად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, განა ქველმოქმედებაზე არ იყო დაფუძნებული? ილია ჭავჭავაძისა და მისი გუნდის მოღვაწეობა, ნუთუ არ არის საკმარისი, რომ “ჩვენ პირველები არ ვამბობდეთ” გამუდმებით “პირველად ჩატარებულ” მოვლენებზე? განა, რა მოაქვს ამ პირველობას? არ არის უფრო მეტად საზრუნავი იმ ხიდების შენარჩუნება, რითაც საქართველომ მომავალში უნდა იარსებოს? თვით საბჭოთა დროის პერიოდის ქველმოქმედებაზეც შეიძლება საუბარი, სადაც გარკვეული საბჭოური ელფერის მიუხედავად, აშკარად დავინახავთ ამ ტრადიციის უწყვეტობას.

გავიხსენოთ თუნდაც ქუთაისის ტრადიციები, რომელიც საუკუნეების მიჯნაზე ქველმოქმედების ქალაქად შეგვიძლია მივიჩნიოთ. (იხ. სტატია: http://einblickgeorgien.blogspot.com/2011/01/blog-post.html “ქუთაისი ქა-ლა-ქი-ა, ინდუსტრიის მშენებელი…”……რისთვის გვჭირდება ქართული მოდერნის მუზეუმი.) აღსანიშნავად ქუთაისი “გვირილობა” ან დიმიტრი უზნაძის “სინათლის” სკოლის მასალებიც შთამბეჭდავია. (რამდენადაც ვიცი, დიმიტრი უზნაძის სრული კრებულის გამოცემისათვის ჯერ სპონსორი ვერ მოძებნილა საქართველოში.) ცოტაოდენი ისევ მუსიკის ისტორიიდან საქართველოში: ფილიმონ ქორიძემ და მელიტონ ბალანჩივაძემ ფაქტიურად უარი თქვეს საკუთარ კარიერაზე და მათი მთელი მოღვაწეობა ქველმოქმედებად უნდა მივიჩნიოთ. განა ფილიმონ ქორიძესთან თან ერთად, ყველა მისი დამხმარე, მისი მეუღლე, ზინაიდა ვორობეცი, მეეტლეც კი, არ იყო ქველმოქმედი, როცა ფისგარმონიით ეტლში, გურიის სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ქართულ ხალხურ მუსიკას იწერდნენ?

ძნელად წარმოსადგენია თბილისის მიღწევები კულტურულ ცხოვრებაში ქველმოქმედების გარეშე, სადაც ყველა იღებდა მონაწილეობას. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ აქ შექმნილი კულტურული სივრცე ბევრად სცდებოდა საქართველოს საზღვრებს. ამ ქველმოქმედების გარეშე იქნებ არ შექმნილიყო გარემოებები შალიაპინისთვის, რომელსაც „სამუსიკო წრე“ (ივანე ფალიაშვილის თაოსნობით, რომელიც თავად უსასყიდლოდ მუშაობდა) ვინმე „პაჭიკა“ მეკარე ტრიფომე, გრიმიორი იორამ მხეიძე და მრავალი სხვა, – ადამიანები, რომლებმაც შალიაპინის მომღერლად ქცევას გული დაუდეს საქართველოში.

“მე პირველი ვამბობ”: დააფასე სხვისი ქველმოქმედება, თუ გინდა რომ შენი დაგიფასონ!

საქართველოში ქველმოქმედების დიდი პოტენციალი დღესაც არსებობს. ამის ერთერთი გამოვლინება იყო საზოგადოების მზადყოფნა 2008 წლის ომში დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩემთვის ეს მაშინ ერთგვარი ნუგეში იყო, როდესაც ადამიანების ერთმანეთისადმი დახმარების სურვილი დავინახე. ეს თითქოს 90-იანი შავბნელი წლების შემდეგ ძალიან დადებითი ახალი ტალღა იყო. ჩვენმა სამეგობრო წრემ არაჩვეულებრივად ორგანიზირებულად გასწია მაშინ მუშაობა. (იხ. ანგარიში) რატომ ვერ შევინარჩუნეთ ეს სპონტანური ქველმოქმედება უფრო ხანგრძლივად?

ქველმოქმედებას სხვადასხვა გამოვლინება გააჩნია. მამაჩემის, სოლომონ ლაფაურის ცხოვრება და მოღვაწეობა ჩემთვის ასევე ქველმოქმედებაა, თავისი 20 საათიანი სამუშაო დღით და უამრავი ინიციატივებით “საზოგადოებრივ საწყისებზე”, მათ შორის ტელე-რადიო მაუწყებლობის საფონდო ჩანაწერები. ასეთ ქველმოქმედებს ეყრდნობა საზოგადოებაში მთელი რიგი პროცესები, რომელსაც ერთი სახელი არ ჰქვია.

გერმანიაში ცხოვრების 23 წლის მანძილზე, ქველმოქმედებას ჩემთვის კონკრეტული სახელები ჰქვია. ძალიან მინდა მათი სახელები ხმამაღლა ჩამოვთვალო. ეს შესაძლოა არც არაფერის მომტანია და არც სტატიის ფორმატის შესაფერისი, მაგრამ არც ერთს არ დაგიდევთ. მათ ჰქვიათ: ნანა, ფრანკი, თამუნა, ნიკო, პილარი, ხათუნა, ირინა ა., ირინა კ. სუზანე, მიხაელი, ლუიზა და გერდი, ილზე, გეზა, იმკე, ანდრეასი, ქეთი, რალფი, კოკა, გიო, ჰანა, დორისი, ჰანსი და კიდევ ბევრი სხვა სახელი მათ გვერდით.

საქართველოში ჩვენს სოფელში კისიხევის ღვთიშობლის ეკლესიის (მე-6ს.) გარშემო კონციპირებულ პროექტში, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობამ თანხაც შეაგროვა და ბევრჯერ მიიღო მონაწილეობა პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. ძალიან ცოტა, მაგრამ მთავარი აკლია ყოველთვის ხალხის ამ მზადყოფნის ისე განვითარებას, რომ ეფექტური შედეგი მოიტანოს. იქნებ ღირდეს ამაზე საუბარი? რა არის ეს მთავარი?

“მე პირველი ვამბობ”: საამაყო ბიზნესის შეკვეთილი ქველმოქმედება კი არ არის, არამედ უამრავი უსახელო ადამიანის.

ამ ტექსტს მიძღვნა აქვს ჯარჯი ბალანჩივაძისადმი. მას თავისი ესთეტური სამყარო ჰქონდა შექმნილი ნიჭით, პასუხისმგებლობით და კეთილშობილებით. მისი მთელი სიცოცხლე ქველმოქმედება იყო, ხელოვნებისთვის, ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა ქვეყნისთვის. ვიყავით კი ჩვენ ქველმოქმედნი მის მიმართ?

“ამბობდნენ და ვიტყვით”: არც პირველები და არც უკანასკნელნი, – ადამიანის კეთილშობილება “არის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა (წავა. ავტ.) ჩვენი საზოგდაოება. უკეთესობისკენ”. (მიხეილ სააკაშვილის ციტატიდან)

კეთილშობილება ისეთივე გადამდებია, როგორც გაიძვერობა. ამიტომ კეთილშობილების მოფრთხილება, მისი დანახვა და აღმოჩენის უნარი პატარა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

10. ივნისი 2011, ჰამბურგი

წყარო: http://einblickgeorgien.blogspot.com


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: