Posted by: burusi | 20/03/2011

ნინო ვაშაყმაძე, ირაკლი ბარამიძე – “სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო და ქართული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში”

საქართველო 1918-20წწ, ანდრეი ანდერსენის და გიორგი ფარცხალაძის მიხედვით. 2006

ნინო ვაშაყმაძე – Nino Vashakmadze

ნინო ვაშაყმაძე, ირაკლი ბარამიძე – “სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო და ქართული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში”

რუსეთის იმპერიის ნგრევის შედეგად საქართველომ 1918 წლის 26 მაისს აღიდგინა თავისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტით ახლადშექმნილი სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის უფლებათა დამცველად და მათ მიმართ ტოლერანტული კურსის გამტარებლად აღიარებდა თავს. “საქართველოს რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის პოლიტიკურ და სხვა უფლებებს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს” – აღნიშნულია საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (5, 3-4).

საქართველოს ეროვნული საბჭო შეივსო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების, აფხაზების, ოსების, ებრაელების და სხვა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით.

ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების დარეგულირება ერთ-ერთი უმ-თავრესი საზრუნავი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრო-ბისათვის. სამხრეთ კავკასია საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. საიმპერატორო კარის კოლონიური პოლიტიკის შედეგებმა, რეგიონში დამოუკიდებელ ეროვნულ-პოლიტიკურ ერთეულთა არარსებობამ და ეთნიკურმა სიჭრელემ მთელი სიმწვავით იჩინეა თავი და კონფლიქტური კერების წარმოქმნა განაპირობეს (2, 3).

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გააქტიურდა თვითგამორკვევისკენ მისწრაფება და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ერებმა შექმნეს საკუთარი ეროვნული საბჭოები. საქართველოს დამოუკიდებელობის გამოცხადების შემდეგ, ეს საბჭოები ეროვნულ უმცირესობათა დამცველად აცხადებდა თავს. ხშირად მათი ქმედებანი საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ საკითხის შესახებ თავის პოზიციას გამოხატავდა გაზეთი “ერთობა”: ეროვნული საბჭოები, რომლებიც დღეს ჩვენში არსებობენ და მოქმედებენ ერის კულტურულ-განმანათლებლური ინტერესების სამსახურით როდი კმაყოფილდებიან. მათ გადაუწყვეტიათ როგორც საგარეო ისე საშინაო საქმეებში თავის ეროვნების წარმო¬მადგენლობა იკისრონ. ისინი ნებსით თუ უნებლიედ ივიწყებენ იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არავის გარდა თვით ადგილობრივი მთავრობისა ნება არ აქვს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სფეროში. ისინი ივიწყებენ, რომ სახელმწიფო არის ორგანიზაცია სუვერენული უზენაესობით აღჭურვილი და ამიტომ წარმოუდგენე¬ლია მის გვერდით არსებობდეს რომელიმე სუვერენული ორგანიზაცია. ეს იქნებოდა სახელმწიფო სახელმწიფოში” (11, № 230).

საქართველოში მოქმედი ეროვნული საბჭოების საქმიანობის შესწავლისას ყურადღება შევაჩერეთ “ოსეთის ეროვნულ საბჭოზე”. დღევანდელი პოლი¬ტიკური ვითარების გათვალისწინებით, საკითხი ძალზე აქტუალურია. აღნიშნული პრობლემა ქართველ ისტორიკოსთა მხრიდან სხვადასხვა კუთხითაა შესწავლილი. ჩვენ შევეცადეთ, 1918-1921 წლების პერიოდული პრესის პრიზმით შეგვეხედა ოსეთის ეროვნული საბჭოს საქმიანობისთვის და გაგვეანალიზებინა განვითარებული მოვ-ლენები.

“სამხრეთ ოსეთის” ეროვნულ-ადმინისტრაციული ერთეულის საკითხი დაისვა ოსთა მეორე ყრილობაზე (1918 წლის 15-17 თებერვალი), მაგრამ თავდაპირველად, ამ მოთხოვნაში სამხარეო თვითმმართველი ერთეული მოიაზრებოდა. ბოლშევიკური უმრავლესობით შედგენილმა “სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ”, “ამიერკავკასიის კომისარიატს” წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კომპაქტურად დასახლებული რაჭის, გორისა და დუშეთის მაზრების ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფას. იმავდროულად, “ეროვნული საბჭო” აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ოსური პოლკის შესაქმნელად.

1918 წლის გაზაფხულზე მდ. ლიახვის ზემო ნაწილში დაიწყო აგრარული მოძრაობა, რომელსაც ბოლშევიკებმა პოლიტიკური მიმართულება მისცეს.…ოსმა აჯან-ყებულებმა დაიკავეს ცხინვალი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. კონიაშვილისა და ჯუღელის რაზმებმა ცხარე ბრძოლების შემდეგ აიღეს ცხინვალი (1, 128).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ “სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ” გააძლიერა ბრძოლა არა მარტო ავტონომიის მოთხოვნით, არამედ რუსეთთან უშუალო შეერთებისთვისაც.

1918 წლის 28 მაისს სოფ. ჯავაში შედგა ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენელთა მესამე ყრილობა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი ბოლშევიკები: ფ.მახარაძე, გ. ჩხეიძე და სოციალ-დემოკრატი ი.რამიშვილი. ამ უკანასკნელმა მოხსენება გააკეთა მიმდინარე მოვლენების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ამიერ-კავკასიის ოსები არ შეუერთდებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლ კონტრ-რევოლუციურ ძალებს. ი. რამიშვილის ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად, ყრილობაზე მრავალგზის დაისვა საკითხი ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლებლობის შესახებ.

31 მაისს აირჩიეს “სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო”, რომლის შემად¬გენლობაში შევიდა სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები და უპარტიო პირები. ბოლშევიკებმა დატოვეს კრების მუშაობა. ამიერკავკასიის ოსთა მესამე ყრილობის შედეგების შეჯამებისას ოსი სოციალ-დემოკრატი ალ. ფარნიევი გაზ. “ერთობაში” წერდა: “ვინც იცნობს ოსების და ქართველების გეოგრაფიულ პირობებს, ვინც იცის ოსების პოლიტიკური მიმართულება, ყველა დამერწმუნება, რომ ოსები არ არიან დაინტერესებული ქართული დემოკრატიის დასუსტებაში და თუ ზოგიერთი პირები ცდილობენ ამ ორ ერს შორის აამღვრიონ წყალი, ეს ოსებს არ უნდა მიეწეროს” (11, № 114).

საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, კვლავ გრძელდებოდა დისკუსია ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ. გაზ “ერთობა” ცდილობდა დაესაბუთებინა ამ მოთხოვნის სრული აბსურდულობა. “მიუვალ სიმაგრეთ მიაჩნიათ ოს ნაციონალისტებს ჯავის ხეობა, ამ ხეობაში ცხოვრობს სულ ოსები დაახლოებით ჯავის საზოგადოებაში 700 კომლი, როკის ხეობაში სულ 500 კომლი და ყემულის ხეობაში 400 კომლი. თითოეულ კომლზე რომ ვიანგარიშოთ საშუალო 10 სული მცხოვრები, სულ იქნებოდა 16 ათასი სული. თფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში კი ცხოვრობენ არა ნაკლებ 100 000 სულისა. მაშ დანარჩენი 84 000 ოსის ინტერესები ვის ვანდოთ, ისინი ვის მიეკედლონ… რა მოუცია ქართულ კულტურას ერთი ბეწო ნაბდის ქუდის გარდა? გულმოსული ლაპარაკობდა ბ.ნ. ჯიოევი ერთ-ერთ კრებაზე.. არც ქართველი დემოკრატიის ბრალია და არც ქართული კულტურის, რომ “ერთი ბეწო ნაბდის ქუდის გარდა არაფერი ჩანს. ეს იმ რეჟიმის ბრალია, რომელიც ხალხს სიბნელეში ამწყვდევდა და ნასწავლებს კაკარდიან ქუდებს ურიგებდა. ვინც ოსების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობს მას არაფერი გაეგება ქვეყნიერების ავ-კარგის” (12, №119).

1918 წლის 15 ივნისს სოფ. წუნარში გაიხსნა “ოსეთის ეროვნული საბჭოს” მეოთხე ყრილობა. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ირ. წერეთელმა. იგი ცდილობდა ოსების საქართველოსთან ერთიანობის იდეის დაცვას: “ოსეთის ხალხი დამოუკიდებლად უნდა იყოს თავის შინაურ საქმეებში. მაგრამ იგი არ უნდა გამოეყოს საქართველოს… საქართველოს რესპუბლიკა თქვენ მოგანიჭებთ სრულ დამოუკიდებლობას, მაგრამ კულტურულ საკითხებში” (12, № 120).

ყრილობაზე გამოსულ ქართველ სოციალისტ-რევოლუციონერთა წარმომადგენლებმა მენშევიკები მოღალატეებად გამოაცხადა და რევოლუციურ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან ორიენტაციისაკენ მოუწოდა.

ირ. წერეთელმა წამოაყენა რეზოლუცია კომისიის არჩევის შესახებ, რომელსაც დაევალებოდა თვითმმართველობის პროექტის შემუშავება ოსებით დასახლებული საქართველოს რესპუბლიკის ოლქებისთვის. მაგრამ ეს წინადადება არ გაიზიარეს და სამხრეთ ოსეთის საკითხი კვლავ ღიად დარჩა.

“ოსეთის ეროვნული საბჭოს” მეხუთე ყრილობამ შეძლო გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მისვლა და საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში მოითხოვა ფართო ტერიტორიული თვითმმართველობა კომპაქტურად მცხოვრები ოსებისათვის და კულტურული ავტონომია იმ ოსებისათვის, რომლებიც გაფანტული იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. იმავე ყრილობაზე მწვავედ დადგა ოსი მოსახლეობიდან იარაღის ამოღების საკითხი. “ოსეთის ეროვნული საბჭოს” მეხუთე ყრილობამ ამ მიზნით შექმნა სპეციალური კომისია და ამასთან ერთად, იმედი გამოთქვა, რომ “ოსების მასიურ გამოსვლას ადგილი აღარ ექნება და არც მთავრობას ექნება იმედი იარაღის ძალით ჩამორთმევის” (11, № 178).

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბრალს დებდა საქართველოს მთავრობას ოსი სეპარატისტების მიმართ გამოჩენილ ლიბერალიზმში და უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებდა: “ჩვენ არ ვიცით სად გადაწყდება ოსების საკითხი – პარლამენტში თუ ბრძოლის ველზე. ყოველ შემთხვევაში, უეჭველია, რომ ეს საქართველოს შინაური საქმეა. ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი მთელს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე ვრცელდება. ჯავის ხეობის ოსები ისევე შედიან ამ ტერიტორიაში, როგორც სოხუმის ოლქის აფხაზები, ბორჩალოს მაზრის თათრები და ზაქათალის ოლქის ჭარელები. სრულიად საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეა თუ რა უფლებები მიენიჭება ყველა ამ პატარა თემებს საზოგადო სამოქალაქო უფლებების გარდა. კერძოდ, ჯავის ხეობის ოსებს აქვთ თავისი ენა, მაგრამ არ აქვთ ლიტერატურა, ამიტომ, შეუძლებელია ოსურ კულტურულ და ტერიტორიულ ავტონომიაზე ლაპარაკი” – წერდა გერონტი ქიქოძე (14, №89).

1918 წლის შემოდგომაზე ვითარების შედარებითი სტაბილიზაცია მოხდა, რასაც განაპირობებდა ამ რეგიონში ქართული ეროვნული გვარდიისა და გერმანელთა შეიარაღებული რაზმების ყოფნა, თუმცა, ამ უკანასკნელმა მოგვიანებით გადმოინაცვლა ქ. გორში. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, “ოსეთის ეროვნული საბჭოს” თავმჯდომარე ა. თიბულოვი საქართველოს ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს ამ მხარეში, მ. კლიმიაშვილს, სრულ ლოიალობას უცხადებდა და მოსახლეობისგან იარაღის ამოღებასთან დაკავშირებით არსებული წარმატებების შესახებ საქმის კურსში აყენებდა. იმავდროულად, ა.თიბულოვი დაჟინებით ითხოვდა კლიმიაშვილისგან საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობას ოსეთის ცალკე ოლქად გამოყოფასთან დაკავშირებით.

1918 წლის 31 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერიასთან დადებული მუდროსის ზავით სამხრეთ კავკასია ბრიტანეთის მოქმედების ზონად გამოცხადდა და ეს ტერიტორია დაიკავეს კიდეც მისმა ჯარებმა. პირველ ეტაპზე ინგლისი აქტიურად უჭერდა მხარს ანტიბოლშევიკურ ძალებს და რუსეთში წესრიგის აღდგენას დენიკინის, კოლჩაკისა და სხვა თეთრგვარდიელთა მეშვეობით ვარაუდობდა. ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამარცხებისა და 1919 წლის ზაფხულში იქ მოხალისეთა ჯარების გამოჩენის შემდეგ, ოსმა ნაციონალისტებმა ორიენტაცია სწორედ თეთრგვარდიულ ძალებზე აიღეს. ძალთა თანაფარდობა იმ ეტაპზე, თითქოსდა მათ წისქვილზე ასხამდა წყალს. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებული ფაქტია, რომ 1919-20 წ.წ. ოსთა სეპარატისტულ მოძრაობას ფულითა და შეიარაღებით ეხმარებოდა ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა (6, გვ. 6). დენიკინის თეთრგვარდიულ ძალებთან და რუსეთთან ერთად ისინი ჰკრავდნენ იმ ძალთა რკალს, რომელთაც ანტიბოლშევიკური რუსეთის აღდგენის იმედი ასულდგმულებდათ.

აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ოსთა ეროვნული საბჭოსა და შეიარღებული ბანდების გააქტიურება. ამ მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთი “საქართველო” წერდა: “ოსებში ამბობენ წელს ჩვენ უსათუოდ უნდა გავიმარჯვოთო… სანდო პირების თქმით, ოსებთან თავს იყრიან რუსი ოფიცრები. ოსების ერთი მეთაური სანაყოევი ამჟამად ჯავაშია, ცხინვალის რაიონიდან ქართული მკვიდრი მოსახლეობა გამორბის. ოსები არ მალავენ და აშკარად ამბობენ… ჩვენ მალე ომი მოგვიხდებაო. მომზადებული ოსები საკმაოდ არიან, მათ აქვთ ტყვიისმფრქვევები” (16, № 114).

ოსთა სეპარატისტულ გამოსვლას საქართველოს მთავრობის მხრიდან ადექვა-ტური რეაქცია მოჰყვა. შიდა ქართლში ვითარების საბოლოოდ გასაკონტროლებლად საქართველოს სამხედრო ძალები დისლოცირებული იქნა ქ. ცხინვალში. რეგიონში შეიცვალა ადმინისტრაცია და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. ყოველივე ამის გათვალისწინებითა და მოსახლეობის შეიარაღებულ ნაწილებთან სიახლოვით გამოწვეულ გაუგებრობათა თავიდან აცილების მიზნით, ჯავის საზოგადოების მოქალაქეთა კრებამ 6 ივლისს საქართველოს მთავრობას ჯარების გაყვანის თხოვნით მიმართა (17, № 156).

საპასუხო ტელეფონოგრამაში განმარტებული იყო, “რომ ჯარი გაგზავნილია წესიერების აღსადგენად, რომელიც დაარღვია რამოდენიმე ბოროტგანმზრახველმა პირმა მშრომელი ხალხის საზიანოდ. მცხოვრებლებმა ყოველგვარი დახმარება უნდა აღმოგვიჩინონ როგორც თქვენი მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ჯარის ნაწილებს” (17, № 156).

საქართველოს მთავრობამ იმ ეტაპზე დააკმაყოფილა ოსური მხარის მოთხოვნა ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით. მაგრამ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელი გახდა. კვლავ გრძელდებოდა ჩრდილოეთ ოსების მხრიდან სანაპირო პოსტებზე ოსი შეიარაღებული ბანდების თავდასხმა. პერიოდული პრესის ფურცლებზე ხშირად გვხვდება გენერალური შტაბიდან მომდინარე მსგავსი შინაარსის ცნობები. რომლებიც საყურადღებო დამატებებს შეიცავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ოსეთის ეროვნული საბჭო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

1919 წლის ივნის-ივლისში ოსეთის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა “კანტონ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის პროექტი”, რომლის პირველსავე მუხლში აღნიშნული იყო, რომ “სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიურ ნაწილს” (12, № 84).

პროექტის უმთავრესი მუხლები გადმოწერილი იყო შვეიცარიის კონსტიტუციიდან, თუმცა ოსები უფრო შორს მიდიოდნენ და ავტონომიის ქვეშ მოიაზრებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს შექმნას, თავისი კონსტიტუციითა და დედაქალაქით: “კონსტიტუცია კანტონის უზენაესი კანონია, ვერავითარი კანონი საწინააღმდეგო ამ კონსტიტუციისა ვერ იქნება გამოქვეყნებული” (12, № 84).

ოსეთის ეროვნული საბჭოს პროექტის შესახებ გაზეთი “ერთობა” თავის აღშ-ფოთებას ამგვარად გამოხატავდა: “კიდეც რომ დავუშვათ, რომ შესაძლებელია მათთვის ავტონომიის მიცემა, ცხადია, მათ უნდა ექნეს ტერიტორია. ასეთ ტერიტორიად შეიძლება გვევარაუდა ჯავის რაიონის სამი სოფლის საზოგადოება. ოსეთის საბჭო კი… თავის ძალას ავრცელებს ყველა იმ ადგილზე, სადაც ოსები ცხოვრობენ. ასეთი თავხედობა აქ ჯერ არავის გაუბედია” (12, № 205).

საქართველოს მთავრობა სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს სთავაზობდა ჯავის მაზრის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფას. ამგვარი ტერიტორიულ-თვითმმართველობითი ერთეულის შექმნა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული თვალსაზრისით, ოსების მხრიდან ავტონომიის მოთხოვნა მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო და ჩრდილოეთ ოსეთთან, საბოლოოდ რუსეთთან შეერთების იდეაზე მათ ხელი არასოდეს აუღიათ (3, 25). მართლაც, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე ჩრდილოეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, ერის კონსოლიდაცია, თუნდაც დიდი იმპე¬რიის ფარგლებში, ოსი ნაციონალისტებისათვის სასურველ მიზანს წარმოადგენდა. სხვადასხვა შეფერილობის მქონე მესამე ძალას ნაციონალისტური მისწრაფებებით მანიპულირება და ამგვარი კოზირის გათამაშება საჭირო მომენტში შეეძლო.

1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო აზერბაიჯანი და სამხრეთ კავკასიაში ამ გზით ფეხი მოიკიდა. იმავდროულად, მოახდინა საქართველო-აზერბაიჯანის ომის ინსცენირება და მეორე ფრონტი გახსნა სამხრეთ ოსეთის პრობლემის გააქტიურებით.

1920 წლის 23 მარტს რსპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა ოს სეპარატისტთაგან შექმნა “სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი” ჯაგლოევის, ჯატიევის და სანაკოევის შემადგენლობით. კომიტეტის მიერ შექმნილი მოხალისეთა რაზმები ჩრდილო კავკასიიდან გადმოვიდნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი რაზმი, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სანაკოევი, გადმოვიდა როკის უღელტეხილზე. ამავე რაზმში იყო სამხედრო შტაბიც. მეორე რაზმი გადმოვიდა ზეკარის უღელტეხილით არსენ ძუწოევის, ხოლო მესამე – მამისონის უღელტეხილით – არქიფ ჯიოევის ხელმძღვანელობით (4, 152).

“სამხრეთ ოსეთის რევოლუციურმა კომიტეტმა” 6 მაისს მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. აჯანყებულებმა, რომელთაც მეთაურობდნენ ბოლშევიკები: თედეეევი, სანაკოევი, გაგლოევი, ბითიევი და სხვები წინ წაიწიეს ცხინვალისაკენ. 1920 წლის 8 ივნისს ცხინვალში გლეხთა მრავალრიცხოვან კრებზე გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება ონიდან დუშეთამდე (9, 12).

ოსეთში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად მთავრობის მიერ გაიგზავნა შეიარაღებული ძალები გენ. გიორგი მაზნიაშვილის და ვალიკო ჯუღელის ხელმძღვანელობით. ეს უკანასკნელი, აღნიშნული მოვლენების შესახებ თავის მოგონებებში წერს: “ოსი ნაციონალისტების არიან ჩვენი ყველაზე უარესი და ყველაზე მოუსვენარი მტრები… ჯერ ისინი ეხმარებოდნენ დენიკინს, ახლა ბოლშევიკებთან ერთად არიან. ეს რამდენიმე ათასი მეამბოხე შეუბრალებლად უნდა დაისაჯოს” (21, 229).

საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის დადგენილება საკმაოდ მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებდა: კერძოდ, სოფელ როკის მთლიანად განადგურებას, კავკასიონის ყველა გადასასვლელის, გარდა მამისონისა, აფეთქებას, ჯავის რაიონში მცხოვრებ ოსთა მთლიანად გადასახლებას, ამ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის დამკვიდრებას და ა.შ (7, ფ. 241).

ბათუმში გამომავალი გაზეთი “სამუსლიმანო საქართველო” თვალყურს ადევნებდა ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს. გენერალური შტაბის ცნობით “ცხინვალის მიმართულებით 12 ივნისს გათენებისას ჩვენი ჯარები შეტევაზე გადავიდენ. მოწინააღმდეგემ ყველა ფრონტებიდან უკან დაიხია. შეღამებამდე ჩვენ წავართვით მტერს ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობები და ავიღეთ სოფელი ვანათი. წამოვიყვანეთ ტყვეები და ხელთ ვიგდეთ ტყვიის მფრქვეველები” (15, №383).

სამხრეთ ოსეთში ქართული არმიის შესვლას საბჭოთა რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩიჩერინი საპროტესტო ნოტით გამოეხმაურა. მისი მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ უნდა გაეწვია ოსეთიდან ჯარები: “ოსეთში უნდა იყოს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს. საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში აღიქმება, როგორც უცხოეთის ჩარევა ოსეთის შინაგან საქმეებში (20, 552-553) – აღნიშნული იყო ნოტაში. საპასუხო ნოტამაც საქართველოს მთავრობის მხრიდან არ დააყოვნა. იმავდროულად, აჯანყება დიდი სისასტიკით იქნა ჩახშობილი. ოსური მოსახლეობის ნაწილი, უპირატესად ბოლშევიკური პარტიის წევრები და შეიარაღებული რაზმის მონაწილენი ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნენ.

იმ პერიოდის ქართული საზოგადოებრივი აზრი იწონებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. გაზეთი “ერთობა” წერდა: როგორ ველოლიავებოდით ჯავის მცხოვრებთ, მაგრამ ვერ მოვინადირეთ მათი გული. მუდამ ბურტყუნობდნენ, შფოთავდნენ, ამბოხს გვიწყობდნენ… ვეღარ გაუძლო საქართველოს ლაშქარმა განიადაგებულ ღალატს და რისხვად დაატყდა, ქარტეხილად გადაიარა მათ საბინადროში (13, №169).

“ეს მეოთხეჯერაა, რაც ოსები მოღალატურათ აუჯანყდენ საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას – წერდა 26 ივნისის გაზ. “სამუსლიმანო საქართველო”. მათი აჯანყება ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა საქართველოს უდიდესი გასაჭირი მიადგებოდა კარზე. აი, ასეთ გასაჭირის დროს ოსები საქართველოს დემოკრატიას ყოველთვის ზურგში დანის ჩაცემას დაუპირებდნენ. როცა დენიკინი ფლობდა ჩრდილოეთ კავკასიას, ისინი დენიკინის ურდოებისაგან ლოცვა-კურთხევით შემოესეოდნენ ცხინვალს, როცა ბოლშევიკები ცვლიდენ დენიკინს, მაშინ ბოლშევიკებთან ერთად მიჰყოფდენ ხელს ძარცვა-გლეჯას. ნასტრაჟნიკალ და ნაპრისტავალი ოსები ყოველნაირათ ცდილობენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დან¬გრევას. მარა საქართველოს არათუ ოსებმა, უფრო ძლიერმა მტერმა ვერაფერი დააკლეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მათ მათი მუხანათური ღალატი სამჯერ აპატივა. როცა ძალას დაინახავდენ, მოიკატუმენდენ თავს: შევცდით, გვაპატიეთო, და საქართველოს დემოკრატიული მთავრობაც სულგრძელურათ აპატივებდა მათ. მარა ბოლო არ მოეღო ოსების მუხანათობას. როცა საქართველოს ჯარები ადერბეიჯანიდან მოზღვავებულ ბოლშევიკების დივიზიებს ებრძოდენ, ოსებმა კვლავინდებურათ ზურგში დანა ჩასცეს საქართველოს დემოკრატიას. საქართველოს ჯარებიც მობრუნდენ ოსეთისაკენ და ისეთი დღე დააყენეს ნასტრაჟნიკალ და ნაპრისტავალ ოსებს მათი მუხანათობისათვის, რომ არასოდეს დაავიწყდებათ შედეგი მათი ვერაგობისა” (15, №391).

ოპოზიციური პარტიებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების მიმართ პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. “საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, იგი მცირე ერებს შესაფერისი პატივით მოეპყრობა, მაგრამ ჩრდილოეთის კარებს ვერავის გაუღებს… ეს უნდა შეიგნონ ყველა მათ ვინც ჯავის ხეობის ცალკე სახელმწიფოდ გამოცხადების მომხრედ გამოდიოდა” – წერდა გაზეთი “სახალხო საქმე” (19, №1). ოსეთის აჯანყების ჩახშობას გვარდიის მხრიდან მოჰყვა გადაჭარბებული სისასტიკე. ამ ფაქტს არ უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი გორისა და ცხინვალის შემოვლის შემდეგ. იგი აღიარებს, რომ “ექსპედიციის დროს ოსების მიმართ მართლა ჰქონდა ადგილი ექსცესებს. მილიციასა და გვარდიას მიეცათ ინსტრუქციები თუ როგორ უნდა ეჭიროთ თავი მომავალში ოსების მიმართ” (18, №173).

მკვლევარ დოდო ჭუმბერიძის მიერ გამოთქმული თვალსაზრისით, ოსთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ძალზე მკაცრი, მაგრამ მდგომარეობით ნაკარნახევი (10, გვ. 327). აღნიშნულ მოვლენებამდე საქართველოს მთავრობა ყოველთვის “იმის ცდაში იყო, რომ ზოგიერთი პრივილეგიების მიცემით ოსი მოსახლეობისთვის მოესპო წარმოქმნილი კონფლიქტების ეთნიკური შეფერილობის საბაბი (8, 221). უცხოურ ისტორიოგრაფიაში მოვლენათა შეფასებისას განსხვავებული ხედვაა წარმოდგენილი. რუსული წარმომავლობის ავტორი ვიაჩესლავ ავიუტსკი ფრანგულ ენაზე გამოცემულ მონოგრაფიაში “კავკასიის გეოპოლიტიკა” წერს: “უსათუოდ იყო შეცდომები წარსულში, კერძოდ 1920 წელს, როცა ოსები შევიწროებულები იქმნენ საქართველოში მენშევიკური მთავრობის მიერ, რაც საქართველოს მენშევიკური მთავრობის იდეოლოგიისა და ეთნიკური პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა” (4, 154).

მრავალეროვნული სახელმწიფოსთვის სწორი ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, ამ სახელმწიფოს წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა მესამე ძალის ჩარევის შემთხვევაში სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის საფრთხის შემქმნელს წარმოადგენდა. საქართველოს ისტორიაში ყოფილა მსგავსი პრეცედენტები და ჩვენს მიერ განხილული საკითხი, ამის ნათელი ილუსტრაციაა.

დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურაც, ეროვნული საკითხის სიფაქიზეზე მეტყველებს და მისი გადაჭრა გააზრებული, გონივრული, ძალთა თანაფარდობაზე გათვლილი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

1. ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.), თბ., 2001.

2. ნ. ვაშაყმაძე, სახელმწიფოებრივი საზღვრების საკითხი საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში, ქუთაისი, გამომცემლობა “საქართველო”, 2002.

3. ფ. ლომაშვილი, საქართველოს ისტორია, 1918-1991 წწ., თბ., 2002.

4. ლ. სარალიძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და ოსეთის საკითხი, ჟურნ. “ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბ., 2007.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აქტების კრებული, 1918-1921, თბ., 1990.

6. საქართველოს ისტორია XX ს., ვ.გურულის რედაქციით, თბ., 2003.

7. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1863, ან., 1, ს. 320.

8. ა. სურგულაძე, პ.სურგულაძე, საქართველოს ისტორია, თბ., 1991.

9. მ. ცოტნიაშვილი, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა და ოსი სეპარატისტების ბრძოლა მის წინააღმდეგ, თბ., 1998.

10. დ. ჭუმბურიძე, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში, 1918-1921 წლები, თბ., 2003.

11. გაზეთი “ერთობა”, 1918 წ.

12. გაზეთი “ერთობა”, 1919 წ.

13. გაზეთი “ერთობა”, 1920 წ.

14. გაზეთი “საქართველო”, 1918 წ.

15. გაზეთი “სამუსულმანო საქართველო”, 1920 წ.

16. გაზეთი “საქართველო”, 1919 წ.

17. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1919 წ.

18. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1920 წ.

19. გაზეთი “სახალხო საქმე”, 1921.

20. Борьба за победу советской власти в Грузии, документ. матер. (1917-1921 гг.), Тб., 1958.

21. В.Джугели, Тяжелый крест, Тиф., 1920.

წყარო:

ჟურნალი “საისტორიო ვერტიკალები”, №18, 2009 წელი.


Responses

  1. წინ საქართველო გამარჯვებისკენ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: