Posted by: burusi | 05/11/2010

გურამ თევზაძე – “გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი”

Gottfried Leibniz

გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი – Gottfried Leibniz (1646-1716)

    გურამ თევზაძე – Guram Tevzadze (1932)

    გურამ თევზაძე – “გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი”

    დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი მათემატიკოსი და მექანიკოსი. გ.ფ.ვ. ლაიბნიცი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი და ენციკლოპედიური გონების მქონე ადამიანი იყო. იგი მეცნიერების მრავალ დარგში მოღვაწეობდა და თითოეულს მნიშვნელოვანი აღმოჩენებით ამდიდრებდა. მის იდეებს ფილოსოფიაში, მათემატიკაში, ლოგიკაში, ფიზიკაში დღესაც შენარჩუნებული აქვთ აქტუალობა. იგი შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელია, რომელმაც ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით სომხური და ქართული ენების კვლევის მნიშვნელობაზე მიუთითა (79,2.287). ლოკის მიერ რაციონალიზმის (როგორც იდეების თანშობილებაზე დაფუძნებული თეორიის) ეფექტური კრიტიკის შემდეგ, რაციონალიზმის დაცვა და უფრო მაღალ დონეზე დაფუძნება ახალ ფილოსოფიაში ლაიბნიცის დამსახურებაა. ლაიბნიცის მოძღვრება იყო რაციონალიზმის და ემპირიზმის დაპირისპირების გადალახვის შესანიშნავი ცდა, ახლებურად გაგებული რაციონალიზმის საფუძველზე.

    სუბსტანციის და მოდუსის სპინოზასეული დაკავშირება (მოდუსისასთვის სუბსტანციის იმანენტურობა) ლაიბნიცმა ინდივიდური, ადამიანური თვითცნობიერების პრინციპად გაიაზრა და ამის საფუძველზე მონისტური ობიექტური იდეალიზმის სისტემა შექმნა. ლაიბნიცის დამსახურებაა ისიც, რომ მან, აღორძინების ეპოქაში ღირსება დაუბრუნა მრავალთაგან უგულებელყოფილი არისტოტელეს სილოგისტიკას, “როგორც თავისებურ უნივერსულ მათემატიკას, რომლის მთელი მნიშვნელობა, ჯერ კიდევ, ბოლომდე როდია გაგებული (იქვე,492-493). ლაიბნიცის მიერ შემოტანილი პრინციპი, რომელიც საკმაო საფუძვლის კანონად იწოდება, აღიარებულია ლოგიკის IV ძირითად კანონად.

    ფ.გ.ვ. ლაიბნიცი დაიბადა გერმანიის ცნობილ ქალაქ ლაიფციგში, იურისტის ოჯახში. ლაიფციგსა და იენაში სწავლობდა მათემატიკას, სამართალს და ფილოსოფიას. 17 წლისამ ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე “ინდივიდუაციის პრინციპის შესახებ”. ამ ნაშრომში იგი იცავს ნომინალიზმს, ე.ი. მიმართულებას, რომელიც, თომიზმის საწინააღმდეგოდ, უარყოფს იდეების არსებობას ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად. ახალგაზრდა ავტორი თითქოს მხოლოდ ალაგებს შუა საუკუნეებში ამ საკითხზე ხანგრძლივ და მწვავე კამათს. მაგრამ ნაშრომში ვხვდებით გარკვეულ სიახლესაც: თომასაგან განსხვავებით, ინდივიდუაციის პრინციპად ავტორი ჩათვლის არა მატერიას, არამედ ფორმას. ეს მომენტი, მოგვიანებით, მის სისტემაშიც იჩენს თავს (55, IV, 65).

    20 წლის ლაიბნიცი ქ. ალტდორფის უნივერსიტეტში ბრწყინვალედ იცავს სადოქტორო თემას სამართალში რთული კაზუსების შესახებ. ამავე წელს წერს ნაშრომს “კომბინატორული ხელოვნება”. მისი მიზანი ლოგიკის მათემატიზაცია იყო. როგორც აღნიშნავენ, ლაიბნიცმა აქ ორი საუკუნით გაუსწრო თავის ეპოქას. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა მის მიერ აღწერილ გამოთვლის ორობით (0-1) სისტემას იყენებს. მის მიერ გამოგონებული არითმომეტრი პასკალის ვარიანტის უბრალო გაუმჯობესება კი არ იყო, არამედ თვისებრივი. მისი დემოსტრირება ლაიბნიცმა 1773 წელს მოაწყო ლონდონის სამეფო საზოგადოებაში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ჰ. ოლდენბურგი (1620-1678). ლაიბნიცს ამ საზოგადოების ირჩევენ წევრად. ალტდორფში მას, დისერტაციის დაცვის შემდეგ, პროფესორობა შესთავაზეს. მაგრამ ახალგაზრდა მეცნიერს არ სურდა აკადემიური მოღვაწეობით შემოფარგვლა. იგი ბევრს მოგზაურობდა. გაეცნო ი. ნიუტონს, ქიმიკოს რ. ბოილს, მიმოწერას აწარმოებდა სპინოზასთან. 1676 წელს პირადადაც ინახულა იგი და მის “ეთიკას” ხელნაწერში გაეცნო. თუმცა შემდეგ მასთან, როგორც ათეისტთან, ნაცნობობა უარყო. როცა სპინოზასადმი მისი წერილი გამოაქვეყნეს, ლაიბნიცი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

    1672-1676 წლებში ლაიბნიცი საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV კარზეა. მეცნიერული მოვაწეობით ფარავს, რომ იგი გერმანიის სახელმწიფოების ინტერესებს იცავს. ზოგი მკვლევარი პირდაპირ წერს, გერმანელი მეფეების საიდუმლო აგენტი იყოო.Lლაიბნიცი ცდილობს მეცნიერებაც განავითაროს და ეკლესიასთანაც, თეოლოგიასთანაც თანხმობაში იყოს; ამავე დროს, ძლიერთა ამა ქვეყნისა წყალობაც დაიმსახუროს. ამას ხშირად ახერხებდა კიდეც. თუმცა სამწუხარო გამონაკლისაც ჰქონია ადგილი. დეფინიციებიდან დიდი უსიამოვნების წყარო გახდა ნიუტონის და ლაიბნიცის კამათი უსასრულო მცირეთა აღრიცხვის აღმოჩენის ავტორობაზე. ინგლისის სამეფო საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ლაიბნიცმა ინგლისში ამ საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტის, გერმანიიდან გადასახლებული მეცნიერის ჰ. ოლდენბურგისაგან გაიგო ნიუტონის ამ აღმოჩენის შინაარსი და ნამდვილ ავტორზე უფრო ადრე გამოაქვეყნა საკუთარი სახელით. ოლდენბურგი სპინოზას და ლაიბნიცის საერთო მეგობარი იყო.

    მარქსიზმის კლასიკოსები ლაიბნიცის პრიორიტეტს იცავდნენ. დღეს მიღებულია, რომ ორივე ეს დიდი მეცნიერი დამოუკიდებლად მივიდა ამ დიდ აღმოჩენამდე. ოღონდ, ნიუტონმა უფრო ადრე აღმოაჩინა, ლაიბნიცმა კი უფრო ადრე გამოაქვეყნა. როგორც არ უნდა იყოს, ინგლისში ლაიბნიცის ავტორიტეტი ამ კამათმა ძალზე დასცა. ისე რომ ლაიბნიცმა ვერ გაბედა გამოეცა მეორე დიდი ინგლისელის, ჯონ ლოკის კრიტიკის სახით დაწერილი თავისი ძირითადი ნაშრომი – “ახალი გამოკვლევები ადამიანის გონების შესახებ” (1704).

    1976 წლიდან ლაიბნიცი ჰანოვერის ჰერცოგის საიდუმლო მრჩეველი და მისი ბიბლიოთეკის დირექტორია. მიუხედავად იმისა, რომ იძულებული იყო ბრაუნშვაიგელი მეფეების ისტორია ეწერა მაინც ახერხებდა დიდად ინტენსიურ ფილოსოფიურ და კონკრეტულმეცნიერულ მუშაობას. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ როცა ჰანოვერის ჰერცოგი ინგლისის მეფედ (გეორგ I, 1714 წ.). აირჩიეს და ახალმა მეფემ თავისი ამალით ინგლისში გადასახლება მოისურვა, ლაიბნიცის წაიყვანაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ინგლისის მხრიდან მის ამალაში ნიუტონი იქნებოდა (56,47).

    1711 წელს, ქ. ტარტუში, ლაიბნიცი შეხვდა რუსეთის მეფე პეტრე დიდს. ისინი მომდევნო წლებშიც რამოდენიომეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პეტრე I დიდად აფასებდა ლაიბნიცს და თავის საიდუმლო მრჩევლადაც დანიშნა. მეფე ლაიბნიცისგან კონკრეტულ რჩევებს იღებდა რუსეთში მეცნიერებისა და ცივილიზაციის განვითარების შესახებ. ლაიბნიცის რჩევა იყო დედაქალაქში აკადემიის დაარსება, რაც პეტრეს სიკვდილის შემდეგ განხორციელდა კიდეც.

    ლაიბნიცი, როგორც პიროვნება, ალბათ არავის მიმართ ყოფილა გულრწფელი. ჩანს, ასევე ექცეოდნენ მასაც. იგი გარდაიცვალა ჰანოვერში, ყველასგან მივიწყებული. მისი საფლავიც უცნობია. მეცნიერებისათვის ეს დიდი დანაკარგი მხოლოდ საფრანგეთის აკადემიამ აღნიშნა ღრმა პატივისცემით.

    ზემოაღნიშნულ ნაშრომს გარდა, ლაიბნიცის ძირითად ფილოსოფიურ შრომებად ითვლება: “განაზრებანი მეტაფიზიკაზე” (1685), “ბუნების ახალი სისტემა” (1995), ”თეოდიცეა” (1714). მისი ნაშრომების სრული კრებულის 40 ტომეულის გამოცემა პრუსიის აკადემიამ 1923 წელს დაიწყო. იგი ჯერაც არ დასრულებულა. სხვა სიძნელეებს დაერთო ახალადმოძიებული მნიშვნელოვანი მასალები. დიდად საყურადღებოა ლაიბნიცის 15000 მეტი წერილი, რომელთა შინაარსი სულაც არ შემოიფარგლება მოკითხვებითა და მადლობებით. როგორც წესი, მათში ახალი პრობლემებია დასმული ან ცნობილი პრობლემის გადაჭრის ახალ გზებზეა მსჯელობა.

    ამ დაუჯერებელი ნიჭის და შრომისუნარიანობის მქონე ადამიანის დასახასიათებლად, ალბათ, იმაზე მითითებაცაა საჭირო, რომ იგი იყო ბერლინის აკადემიის დაარსების ინიციატორი და ამ აკადემიის პირველი პრეზიდენტი. პეტრე პირველის თხოვნით, მან შეადგინა პეტერბურგის აკადემიის პროექტი, მანვე შეისწავლა გერმანიაში ჰარცის მთების ვერცხლის საბადოები, გამოიგონა მიწისქვეშა წყლების ამოსატუმბი ხელსაწყო და სხვა.

    ლაიბნიცის საზოგადოება, რომელიც პერიოდულად მისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესებს მართავს, ჩამოყალიბდა 1926 წელს ჰანოვერში. აქვე, 1969 წლიდან გამოდის სპეციალური ჟურნალი “აქტა ლაიბნიციანა”.

    ყოველი დიდი ფილოსოფოსი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად იკითხება და ამდენად, მისი სახეც იცვლება საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ლაიბნიცზე ეს განსაკუთრებულად ითქმის. ყოველთვის არც საზოგადოება და არც პიროვნება არაა ობიექტური, თუნდაც ამას გულრწფელად ცდილობდეს. ლაიბნიცის მემკვიდრეობის სხვადასხვა ნაწილის გაცნობა, სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს მკვლევართა ყურადღებას. ეს ასპექტები მის გამოქვეუნებულ შრომებში იყო მოცემული, მაგრამ შეუმჩნეველი რჩებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ლაიბნიცის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, ჯერჯერობით, სამი სახით წარსდგა ევეროპული კულტურის წინაშე და სამი განსხვავებული როლი შეასრულა.

    1. ლაიბნიცი, მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ფილოსოფიური შრომების მიხედვით, გაგებული იყო, როგორც გერმანული განმანათლებლობის მამამთავარი, რომელიც საკვანძო მსოფლმხედველობრივ და თეორიულ საკითხებს ღმერთის, როგორც ყოველივეს საკმაო საფუძვლის, უეჭველობაზე აფუძნებდა. ღმერთი წინასწარდადგენილი (პრესტაბილური) ჰარმონიით აწესრიგებს მის მიერვე შექმნილ მონადებს. აქ ლაპარაკი არა დროში არარადან შექმნაზე, არამედ მხოლოდ საფუძვლის და შედეგის დამოკიდებულებაზე. მონადები არიან სამყაროს სულიერი ელემენტები, რომელთა არსებობა ღმერთის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. სამყაროში მათ გარდა არფერია.Aამგვარი მოძღვრების საუკეთესო დალაგებად და განვითარებად მიჩნეული იყო ლაიბნიცის უახლოესი მოწაფის, ქრ. ვოლფის (1679-1754) ფილოსოფია, რომელიც ლაიბნიც-ვოლფის მეტაფიზიკის სახელით იყო ცნობილი. იგი დიდხანს ბატონობდა გერმანიის უნივერსიტეტებში. მისი გავლენა კი მთელს ევროპაზე ვრცელდებოდა. ვოლფმა ლაიბნიცის იდეებს რაციონალისტური დეიზმის სახე მისცა. მას გონების (რაციოს) შესაძლებლობანი ისე სწამდა, რომ სურდა ყველაფერი წმინდა გონების კანონებიდან გამოეყვანა (სწორედ ლაიბნიც-ვოლფის მეტაფიზიკის წინააღმდეგ იყო მიმართული ი. კანტის “წმინდა გონების კრიტიკა”, რომელიც 1781 წელს გამოიცა). ლაიბნიცის მოძღვრების ამგვარ გაგებას უკავშირდებოდა შეხედულება ჩვენს სამყაროზე, როგორც საუკეთესოზე შესაძლებელ სამყაროთა შორის, რასაც ასე მწარედ დასცინა ფრანგმა განმანათლებელმა ფილოსოფოსმა ფ. ვოლტერმა თავის ცნობილ “კანდიდში”. თუმცა ამ, ერთერთმა ყველაზე გონებამახვილმა ადამიანმა, იმას არ მიაქცია ყურადღება, რომ შესაძლებელთა შორის საუკეთესო, ლოგიკურად, აუცილებელი სულაც არაა სასიამოვნო და კარგი იყოს. ამგვარ გარემოცვაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა ისეთი ნაშრომების სიღრმისეულ შინაარსს, როგორებიცაა “ბუნებისა და წყალობის გონითი პრინციპები” და “მონადოლოგია”, რომლებიც 1714 წელს დაიწერა და რომელთაც ლაიბნიცის გამომცემლები სამართლიანად უწოდებენ ლაიბნიცის “თავისებურ ანდერძს” (59,VII). ეს განსაკუთრებით “მონადოლოგიაზე” ითქმის. მასში ლაიბნიცი საკუთარი ყოვლისმომცველი სისტემის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნილი ასპექტების გაერთიანებას და წინამორბედების, განსაკუთრებით დეკარტესა და სპინოზას კრიტიკულ შეფასებას ცდილობს.

    II. 1765 წელს გამოქვეყნებული “ახალი გამოკვლევები ადამიანური გონების შესახებ”, ახალ შუქს ჰფენს ლაიბნიცის ფილოსოფიას და მანამდე ცნობილი შრომების უფრო სიღრმისეული გაგების საშუალებას იძლევა. აქ ლაიბნიცი ჩანს, როგორც ფილოსოფოსი, რომელიც ყოველი არსებულის მისი შესაძლებლობიდან დასაბუთებას მოითხოვს და თავად ასრულებს ამ მოთხოვნას. იგი ღმერთს თვლის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, როგორც ყოველივეს და ამავე დროს საკუთარი თავის საკმაო საფუძველს. “მონადოლოგიაში” მოცემული სისტემის მთლიანობა გამყარებულია ლოკის გნოსეოლოგიის ეფექტური კრიტიკით. აქ მტკიცდება, რომ სამყარო ღმერთს მოწყვეტილი კი არ არის, არამედ სხვადასხვა დონის ცნობიერებებისაგან შედგება, რომელთაც ლაიბნიცი მონადებს უწოდებს. ფიქრობენ, რომ ეს ტერმინი ლაიბნიცმა თ. პარაცელსის ბელგიელი მიმდევარი ვან ჰელმონტის შვილის, ფრანს მერკურ ვან ჰელმონტისგან ან, მისი მითითებით, ჯ. ბრუნოსგან აიღო (30, III.268).

    ყოველი არსებული ამ მონადების ერთიანობაა, მაგრამ, მათ, როგორც ცნობიერებებს, (დემოკრიტეს ატომებისაგან განსხვავებით), სივრცეში არ უკავია ადგილი. სივრცის ამგვარი ხედვა ტრადიციულისაგან არსებითად განსხვავდება და ჯ. ბერკლის “სკანდალური” ფილოსოფიისათვის ამზადებს ნიადაგს. სამყარო ცოცხალი, ღმერთისაკენ მსწრაფი ერთიანი ორგანიზმია, თუმცა იგი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონადებისაგან შედგება. სპინოზას რაციონალისტური, მატერიისა და აზროვნების ტოლფასოვნად მომცველი სისტემის ნაცვლად, ლაიბნიცთან ნაცადია იდეალისტური რაციონალისტური სისტემის იმგვარად დასაბუთება, სადაც გადალახული იქნება რაციონალიზმის და ემპირიზმის ტრადიციული დაპირისპირება. ეს ის ამოცანაა, რომელსაც შემდეგ ი. კანტი დაისახავს მიზნად და რომლის მისაღწევადაც სათანადოდ გამოიყენებს ლაიბნიცის გამოცდილებას. მეორეს მხრივ, ლაიბნიცის ამგვარად გაგებული მოძღვრება ლესინგის (1729-1781), ჰერდერისა (1744-1803) და გოეთესათვის (1747-1831) სპინოზას ფილოსოფიას შეიძლება დავუახლოვით და შევუთანხმოთ. ამიტომ იყო, რომ ს. მაიმონმა (1753-1800) ლაიბნიცი სპინოზისტად გამოაცხადა, ხოლო ი.გ. ფიხტე (1762-1814) კი დაეთანხმა მას (60,78).

    III. მესამე საფეხური ლაიბნიცის მემკვიდრეობის გაგების ისტორიაში დაკავშირებულია XX ს.-ის დასაწყისთან, როცა თანამედროვე ლოგიკის მედროშეები ლაიბნიცის გამოუქვეყნებელ მათემატიკურ და ლოგიკურ ხელნაწერებს მიაქცევენ ყურადღებას. XX ს.-ში აღმოჩნდა, რომ ლაიბნიცი ამ დარგში მრავალი თანამედროვე იდეის წინამორბედია, მისგან სათავეს იღებს მატემატიკური ლოგიკის ზოგიერთი იდეა. ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა ლ. კუტიურამ (1868-1914) სპეციალურად შეისწავლა ლაიბნიცის ლოგიკური ნაშრომები და მათი ავტორი კიბერნეტიკისა და ალგებრის ლოგიკის წინამორბედად ჩათვალა. კუტიურა თავის ნაშრომში „ლაიბნიცის ლოგიკა“ (1901) ამტკიცებდა, რომ ლაიბნიცს შესაძლებლად მიაჩნდა წმინდა ლოგიკის კანონებით ყოველივეს შემეცნება, ღმერთის ჩაურევლად და მისი სისტემა შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც პანლოგიზმი.

    კუტიურა თვლის, რომ ლაიბნიცის საკმაო საფუძვლის კანონში იგულისხმება ყოველი ჭეშმარიტი მსჯელობის ანალიზურობა, იმ აზრით, რომ მისი უარყოფა შეუძლებელია, რადგან ეს თვითუარყოფის სახეს იღებს. ბ. რასელს მიაჩნია, რომ თუ ეს ასეა, მაშინ იგი ეწინააღმდეგება ლაიბნიცის მიერ გამოქვეყნებული შრომების აზრს, კერძოდ იმას, რომ ღმერთი სამყაროს თავისუფალი ნებით ქმნის (2,605). თუ ამ აზრს, რასელთან ერთად, ეზოთერულს ვუწოდებთ, უნდა ითქვას, რომ იგი ლაიბნიცის ყველა შრომაში იგულისხმება. ესაა ყოველივეს საფუძვლად ღმერთის მიჩნევა და ამავე დროს, ყოველივეს რაციონალური ახსნის მცდელობა. ეს ის მცდელობაა, რომელიც დეკარტიდან მოდის და ცნობილია სიტყვებით: ღმერთს რომ არ შეექმნა სამყარო, მე გიჩვენებდით მატერიით და მოძრაობით მისი აგების გზას. ოღონდ ლაიბნიცთან ეს უფრო შეფარული ფორმითაა მოცემული, თანაც მხოლოდ ცნობიერების და თვითცნობიერების საფუძველზე.

    ლაიბნიცის მოძღვრების მთლიანობაში წარმოსადგენად, ალბათ, უმჯობესია იგი მისი “ახალი გამოკვლევების” მიხედვით წარმოვადგინოთ, რომელთაც შევუფარდებთ სხვა ნაშრომთა შინაარსს.

    მონადოლოგია

    მონადოლოგია ლაიბნიცის ფილოსოფიური სისტემის ყველაზე უფრო შესაფერი სახელია. ლაიბნიცი ცდილობს მონადის, ანუ ინდივიდური ცნობიერების საფუძველზე გაიაზროს, როგორც არსებულ, ისე შესაძლებელ სამყაროთა შინაარსი და მათი ურთიერთდამოკიდებულება.

    ლაიბნიცი ცდილობდა ისეთი სისტემა მოენახა, რომელიც გააერთიანებდა საკაცობრიო აზრის მთელს მონაპოვარს და მომავალი კვლევის საფუძველიც იქნებოდა. მართალია, ლაიბნიცი თვლიდა, რომ მისი სისტემა პლატონთან უფრო ახლო იყო, ჯ. ლოკისა კი არისტოტელესთან, მაგრამ დარწმუნებული გახლდათ, რომ მოახერხა შეერიგებინა პლატონი და დემოკრიტე, არისტოტელე და დეკარტი; თვლიდა, რომ სქოლასტიკოსები თანამედროვე აზროვნებისთვის საინტერესოდ გაიაზრა სქოლასტიკოსები, ხოლო თეოლოგია და მორალი გონების საფუძველზე შეათანხმა (61,2.72).

    მატერია, ლაიბნიცის აზრით, ფილოსოფოსთა წარმოდგენით, პრინციპულად პასიურია და იგი არ შეიძლება რაიმენაირად პირველადი იყოს. შეუძლებელია არსებობდეს ის, რასაც ატომს, როგორც განუყოფელ მატერიალურს უწოდებენ, რადგან მას სივრცეში არსებულად მოიაზრებენ, სივრცეში არსებული კი არ შეიძლება განუყოფელი იყოს. ერთადერთი, რაც პირველადად შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც თეოლოგიის, ისე დეკარტის თანახმად, არის ჩვენი სული, როგორც ცნობიერება. ეს არის ის, რისი არსებობაც ჩვენთვის სავსებით უეჭველია.

    სული მარტივია, იმეორებს ლაიბნიცი პლატონიდან მომდინარე აზრს. მას არა აქვს ნაწილები, რადგან სივრცეში არ არსებობს, ე.ი. ის, რაც მას შეადგენს (მისი შინაარს ის ნაწილები) არ შეიძლება ერთმანეთის გარეთ მდებარეობდნენ (იქვ.384). ესაა განუყოფელი ერთეული, ანუ მონადა, როგორც სულიერი ატომი. რასაც იგი თავის თავს “გარეთ” დაუშვებს, როგორც არსებულს, ის მხოლოდ საკუთარი თავიდან უნდა ამოიკითხოს, როგორც შესაძლებელი და მისთვის დასაშვები (მაგალითად, მასზე მაღალი ან დაბალი ცნობიერება). ამრიგად, მონადა თავის “გარეთ” მხოლოდ სხვა მონადებს დაუშვებს, ჩვენთვის მოცემული სინამდვილის ასახსნელად. ამგვარი მონადების რიცხვი, ლაიბნიცის აზრით, უსასრულო უნდა იყოს. მე რომ მათ არსებულად წარმოვიდგენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემზე არიან დამოკიდებულნი. თითოეული მონადა დამოუკიდებელია ყველა სხვისაგან. როგორც ცნობიერებანი, ისინი ძალებს, კერძოდ ცნობიერების ძალებს წარმოადგენენ.

    ლაიბნიცის თეოლოგიის, თეოდიციის (ანუ ღმერთის გამართლების) და ფილოსოფიის გაგება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მისაღებად მივიჩნევთ მონადას, როგორც მარტივ სუბსტანციას, რომელიც თავის თავში ნაწილებს შეიცავს. მონადის ბუნების, ახსნის ლაიბნიცისეული ცდა დაგვეხმარება არა მარტო მისი მოძღვრების, არამედ საერთოდ, ერთისა და სიმრავლის, მარტივის და რთულის, მთელისა და ნაწილის, მატერიალურის და იდეალურის მიმართების მრავალსაუკუნოვანი პრობლემის გააზრებაში. ეს პრობლემები, პლატონის მიერ სულის მარტივად და, ამის საფუძველზე, უკვდავად გამოცხადების შემდეგ, მთავარ მსოფლმხედველობრივ, ფილოსოფიურ, თეოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. იგი ისპეციფიკურად იჩენს თავს დროში და სივრცეში არსებული არაორგანულის და ორგანულის სფეროებში, სივრცისაგან გამოუკიდებლად არსებულ და მოქმედ ფსიქიკურში, დროსა და სივრცეში დამოუკიდებლობის მქონე ლოგიკურში, ასევე, იდეალურში, რომელიც ლაიბნიცისათვის თავადაა დროისა და სივრცის არსებობის საფუძველი.

    “1. მონადა, რომლის შესახებაც ჩვენ აქ გვსურს ლაპარაკი, სხვა არაფერია, თუ არა მარტივი სუბსტანცია, რომელიც რაიმე შედგენილში შედის და მარტივი ეწოდება, რადგანაც მას ნაწილები არა აქვს”. ასე იწყებს ლაიბნიცი თავის “მონადოლოგიას”. შემდეგ კი უფრო კონკრეტულად ახასიათებს მონადას.
    2. მარტივი სუბსტანციები უნდა არსებობდენ, რადგან არსებობენ შედგენილები; რადგან შედგენილი სხვა არაფერია თუ არა გროვა, ანდა რაიმე აგრეგატი მარტივებისა.
    3. ხოლო იქ, სადაც არავითარი ნაწილები არ არსებობენ შეუძლებელია როგორც განფენილობა, ასევე ფორმა და დანაწილებადობა. ამრიგად მონადები ბუნების ჭეშმარიტი ატომები არიან: ერთი სიტყვით, ნივთების ელემენტები არიან.
    4. არც მათი დაშლის არ უნდა გვეშინოდეს. ეს ხომ სავსებით გაუგებარი იქნება თუ როგორ შეიძლება გაქრეს იგი ბუნებრივი გზით.
    5. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება რაიმე მარტივი ბუნებრივი სუბსტანცია ბუნებრივი გზით წარმოიშვას, რამდენადაც მას არ შეუძლია საკუთარი თავი (რაღაცეების) შეერთებით შექმნას.
    6. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მონადები მხოლოდ ერთი დარტყმით შეიძლება წარმოიშვან, ანდა გაქრნენ, ე.ი. ისინი შესაძლებელია მხოლოდ შესაქმით წარმოიშვან და მხოლოდ მოსპობით გაქრნენ; რაიმე შედგენილი კი, პირიქით, წარმოიშვება ნაწილებისაგან და ქრება ნაწილებში“ (59,27).

    ამ პოზიციას ლაიბნიცი წლების მანძილზე ამუშავებდა. „მონადოლოგიის“ გამოცემამდე თითქმის 15 წლით ადრე იგი ნიდერლანდებში რომაელთა მიერ დაარსებული ცნობილი ქალაქის, ლაიდენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორ ბ. დე ვოლდერს წერდა: ზუსტად თუ ვიტყვით, ნივთებში არაფერი არსებობს მარტივი სუბსტანციების გარდა; ხოლო ამ სუბსტანციებში არაფერია აღქმების (პერცეპტიონ) და სურვილების (აპპეტიტე) გარდა. მეტიც, ფაქტები და მოძრაობები იმდენად სუბსტანციები და ნივთები არ არიან, რამდენადაც აღქმული ნივთების ფენომენები, რომელთა რეალობა თითოეული აღმქმელის მიერ საკუთარ თავთან და სხვა აღქმებთან მიმართებაშია (38,426). აღქმის პრობლემას ლაიბნიცი, მისი მრავალი თანამედროვესაგან განსხვავებით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მექანიკური მოძრაობის უპირატესობის დამცველთა წინააღმდეგ, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პერცეპციები და ის, რაც მათზეა დამოკიდებული, არ აიხსნება მექანიკური საფუძვლებიდან, ე.ი. ფორმიდან და მოძრაობიდან. პერცეპციაში არის რაღაც მეტი და ის მეტია მთავარი. ლაიბნიცს შტამბეჭდავი მაგალითი მოჰყავს: „წარმოვიდგინოთ რაღაცნაირი მანქანა, რომელიც ისეა შექმნილი, რომ მას აზროვნება, შეგრძნება და აღქმა შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია იგი პროპორციულად გადიდებული წარმოვიდგინოთ, ისე, რომ მასში, როგორც წისქვილში შევიდეთ. თუ ამას დავუშვებთ, მისი შინაგანის დათვალიერების დროს ვერაფერს ვნახავთ, გარდა ერთეული ნაწილებისა, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან. ვერაფერს ვნახავთ რაიმეს, რისგანაც პერცეფციების (აღქმების) ახსნა იქნება შესაძლებელი. ასეთი რამ უნდა მარტივ სუბსტანციებში ვეძებოთ და არა კავშირებში ან თავად მანქანაში” (59, 33)

    როგორც ითქვა, მონადები ძალებს წარმოადგენენ, კერძოდ ძალებს ცნობიერებისა, რომელიც თავის „ნაწილად“ აზროვნებას შეიცავს. აზრი კი ევროპულ ტრადიციაში, პარმენიდედან მოყოლებული, ინტენციურია, ე.ი. რაღაცაზე აზროვნებაა. აზროვნების საგანი არის ან სხვა ან საკუთრივ აზროვნება. სხვაზე აზროვნება ლაიბნიცთან გამორიცხულია, რადგანაც მისი აზრით, თითოეული მონადა ჩაკეტილია. მისი ძალა, რომელსაც ლაიბნიცი სურვილს ან მისწრაფებებს უწოდებს, მხოლოდ საკუთარ შინაარსზე შეიძლება იყოს მიმართული. მონადები ერთმანეთზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ („მონადებს არა აქვთ ფანჯრები“). მონადა რაიმეს საკუთარი თავისგან პრინციპულად განსხვავებულის არსებობას ვერ დაუშვებს (მაგალითად, ვერ დაუშვებს იმას, რასაც მატერიას უწოდებენ). მას ამის არავითარი საფუძველი არა აქვს. აქედან გამომდინარე, ის, რასაც მატერიას უწოდებენ, შეიძლება იყოს მხოლოდ მცირე ძალის მქონე მონადები, ანუ ცნობიერების უმცირესი ძალის მქონენი, ე.წ. შიშველი მონადები. მათ მიერ საკუთარი შინაარსის გაუცნობიერებლობა, მათი სიბნელე არის ის შეუღწევადობა, რომელიც აზროვნების ისტორიაში მატერიის, როგორც სულისაგან განსხვავებულის და მასთან დაპირისპირებულის დამახასიათებელ თვისებად ითვლებოდა. მატერიის ამგვარი ახსნის არქეტიპი ემანაციის ნეოპლატონურმა თეორიამ მოგვცა და მის მსგავსად, ლაიბნიცმაც ამგვარი გაგება იდეალისტური მონიზმისათვის გამოიყენა. ამრიგად ლაიბნიცს სინამდვილეში მოცემული ინდივიდურობის ასახსნელად (შუა საუკუნეების თეოლოგებისაგან განსხვავებით) არ სჭირდება სულთან, თუ ცნობიერებასთან პრინციპულად დაპირისპირებული მატერია. იგი ინდივიდურობის შეუცვლელი სტატუსის პრინციპს მთელს არსებულზე ავრცელებს. ლაიბნიცი ეთანხმება ნეოპლატონიზმს იმაში, რომ ადამიანის სულის საბოლოო მიზანი ღმერთთან, როგორც უმაღლეს მონადასთან ერთიანობაა, მაგრამ არა იმგვარი, სადაც პიროვნების დამოუკიდებელი ღირებულება და სპეციფიკა ქრება. პიროვნების ეს შეუცვლელი ღირებულება კი ყველა ნეოპლატონიკოსთან, არაა შენარჩუნებული.

    თითოეული არსებული მიწიერი თუ ზეციერი არის მონადა, ანდა მონადათა ერთიანობა. მონადათა ერთიანობას, რომელიც ბუნებაში თუ საზოგადოებაში წარმოგვიდგება არსებულად, როგორც წესი ეწოდება იმ მონადის სახელი, რომელიც ამ ერთიანობაში ყველაზე მაღალია, ე.ი. ყველაზე უფრო აქვს გაცნობიერებული საკუთარი უსასრულო შინარსი და სწორედ ამიტომ იქვემდებარებს იმ სხვებს, რომელთა ერთიანობა მის სახელს ატარებს. ისინი ხომ თავისთავად მისკენ ისწრაფიან, როგორც უფრო მაღალი ცნობიერებისაკენ. ე. ვოლდერისადმი წერილში ლაიბნიცი გამოჰყოფსAიმგვარ მონადებს, „რომლებშიც შეერთებულია დაქვემდებარებული მონადების უსასრულო რაოდენობა“ და ეს გაბატონებული მონადა ამ სიმრავლეს რაიმე მანქანად აქცევს (38,427). ადამიანს შეუძლია მონადათა და მათი გაერთიანებების უსასრულო ხარისხები წარმოიდგინოს, რადგანაც საკუთარი ცნობიერების შინაარსის გარკვეულ დონეზე დგას. ლაიბნიცისათვის მონადათა უსასრულო სიმრავლეში არცერთი მონადა და არც მონადათა ერთი რაიმე ერთიანობა, მათი რაიმე ჯგუფი (ქვა, ხე, ფოთოლი და ა.შ.) არაა მეორის ტოლი. ყოველი მათგანი რაღაცით მაინც განსხვავდება თითოეული სხვისაგან. ეს ლაიბნიცის ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია – ინდივიდუაციის პრინციპი. Yყოველ მონადას, როგორც უსასრულო ცნობიერების გარკვეული ხარისხით გაცნობიერებას, სწორედ ამის ძალით, თავის თავში აქვს თავისი საფუძველი და, ამ აზრით, თავის თავის ტოლია. ეს ლაიბნიცის ერთ-ერთი ძირითადი კანონის _ იგივეობის კანონის მოთხოვნაა. ამ კანონის შინაარსი არისტოტელედან მომდინარე წინააღმდეგობის შეუძლებლობის პრინციპის თანახმად გაიაზრება და ყოველი მისი ჭეშმარიტი დებულება გონებისათვის სავსებით ცხად დებულებამდე დაიყვანება. ამ დებულებებს მხოლოდ ამ აზრით ეწოდებათ დაუსაბუთებელი დებულებანი, ანუ აქსიომები. ლაიბნიცისთვის, აქ, დაუსაბუთებელი ნიშნავს ისეთს, რომლის უარყოფა არ შეიძლება და ამიტომ არ სჭირდება დასაბუთება, ანუ რაიმე მასზე მაღლა მდგომი და უდავო დებულებიდან გამოყვანა. ამ აზრით, დეკარტის ცნობილ დებულებას _ “ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ” _ ლაიბნიცი უწოდებს აქსიომას. ამრიგად, ყოველივეს მოეძებნება საკმაო საფუძველი და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონადები (ცნობიერებანი), რომლებიც საკუთარი ძალით და სურვილით გაერთიანდებიან უსასრულო რაოდენობის სუბსტანციათა (მონადათა) სისტემურ კავშირში. ეს ჰარმონიული კავშირი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონადებისა, რომელსაც ლაიბნიცი ღმერთის მიერ დადგენილ პრესტაბილურ ჰარმონიას უწოდებს, “იწყება” საკუთარი ამოუწურავი შინაარსის შესახებ უსასრულო მცირე ცნობიერების მქონე, ე.წ. მატერიალური მონადებით და მთავრდება ცნობიერების მთელი შესაძლებლობების აქტუალურად მფლობელი მონადით, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტებით, ანუ ღმერთით. ეს კავშირი ფიზიკური კავშირის თუ სხვა რაიმე ზემოქმედების გარეშე ხორციელდება. მონადები საკუთარი შინაარსის გაცნობიერების ხარისხის მიხედვით უსასრულო ზეაღმავალ სწორ ხაზზე ლაგდებიან, რაც გამორიცხავს ჰორიზონტულ კოორდინაციას. გამოცდილების მასალის ტრადიციულ გაგებასთან ამგვარი რამ შეუთავსებელია, მაგრამ ლაიბნიცის მონადოლოგია სივრცის ობიექტურობას გამორიცხავს (მასში არსებულ საგნები საგან საკუთარი დამოუკიდებლობის აზრით).

    ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ცნობიერებების (ანუ “უფანჯრებო” მაგრამ მეტის გაგების სურვილი მქონე მონადების) ჰარმონიული კავშირის შესაძლებლობის გასაგებად, ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფიის ისტორიკოსმა ა. ფულიემ ორკესტრთან ანალოგიას მიმართა. ორკესტრის წევრები ყურადღებას აქცევენ არა ერთმანეთს, არამედ დირიჟორს: მიჰყვებიან მას და თუ ამ ამოცანას თავს ართმევენ, ვიღებთ ჰარმონიას (7,234). ამბობენ, ყოველი ანალოგია მოიკოჭლებსო. ასეა აქაც. ღმერთი, როგორც აბსოლუტური თვითცნობიერების მქონე მონადა სხვებს გარედან კი არ მიუთითებს, არამედ თითოეული მონადა, როგორც საკუთარი შინაარსის გაგების გარკვეული ხარისხის მქონე, მიისწრაფვის ამ შინაარსის სრული გაგებისაკენ. ლაიბნიცის მონადოლოგიას ამ კუთხით თუ შევხედავთ, გასაგები იქნება, თუ რატომ უწოდა მან მონადებს ენტელექიები ე.ი. საკუთარ თავში მიზნის შემცველები. ამდენად, ლაიბნიცი ფიქრობს, რომ მონადებს „უსხეულო ავტომატები“ შეიძლება ეწოდოს.

    მონადათა მიმართებაში, რომელიც თითოეული მონადისათვის მხოლოდ შინაგანად განისაზღვრება, ლაიბნიცი მკაცრად იცავს უწყვეტობის პრინციპს. თუ არისტოტელისათვის უწყვეტობა და უსასრულობა, გამართლებულია მათემატიკაში, მაგრამ არა რეალობაში (მაგალითად, კუსა და აქილევსს შორის არსებული მონაკვვეთის სასრულო, რეალური დაყოფა), ლაიბნიცისათვის იმას, რაც მათემატიკურად საბუთდება, გამოცდილება ვერ უარყოფს. ლაიბნიცი მკაცრად იცავს უწყვეტობის კანონს, როგორც უნივერსულს. მისი აზრით, არაფერი არ ხდება “უცებ”…ბუნებაში და ბუნება არასდროს არ უშვებს ნახტომებს (79. 2, 2.56)
    “უცებ”-ის, როგორც რაიმე თვისებრივად ახლის წარმოშობის პრობლემა, ცნობილია, რომ თემატურად პლატონმა დასვა თავის “პარმენიდეში”. მან რაიმესთვისებრივი ცვლილება, რაოდენობრივი ცვლილებისაგან განსხვავებით, დროის გარეშე ხდომილებად ჩათვალა. პლატონი დროსა და სივრცეს, როგორც საგნების და მათი ხდომილების პირობებს, ნიუტონისგან განსხვავებით, საგნების “შემდეგ” წარმოშობილად მიიჩნევდა (და არა მათგან დამოუკიდებლად არსებულად). ლაიბნიცმა, ეს მიმართება კიდევ უფრო დააზუსტა და იმ საგნების თავისებურებაზე დამოკიდებულად მიიჩნია, რომელთა ურთმიმართმიმართების აუცილებელ ფორმებსაც ისინი წარმოადგენენ. ამით ლაიბნიცმა სივრცის და დროის კანტისეულ გაგებას მოუმზადა საფუძველი.
    ნახტომის შედეგად რაიმე სიახლის წარმოშობის დაშვება, ლაიბნიცის აზრით, არარადან რაიმეს დაშვების ტოლფასოვანია. მის სისტემაში, მკაცრად თუ ვიტყვით, არაფრის წარმოშობა არ ხდება. ერთი მონადა მეორეში ვერ გადავა და თავის საზღვრებს ვერ გადალახავს. თუმცა ეს მარად მამოძრავებელი შინაგანი მიზანია. არც ახალი მონადა წარმოიშვება. გრძნობად სინამდვილეში დაკვირვებადი ახლის წარმოშობა, მხოლოდ მონადათა შორის არსებული თვისებრივი სხვაობის გამოვლენაა. მონადა ან ხდომილება ახალი გვგონია, რადგან მისი მოსამზადებელი წინამავალი საფეხურები ჩვენ არ შეგვიმჩნევია. სინამდვილეში კი ნებისმიერ ხდომილებათა შორის ასეთი უამრავი შუალედური საფეხურები არსებობენ. ყოველ ორ მონადას და ასევე ყოველ ორ ხდომილებას შორის, ყოველთვის არის მესამე, როგორც გარდამავალი, მათ შორის კიდევ სხვებია და ა.შ. უსასრულოდ. პლატონისა და არისტოტელესაგან განსხვავებით, ლაიბნიცს სულაც არ აშინებს უსასრულობაში რეგრესი. მისი აზრით, ეს სამყარო, ყოველი მიმართებით, უსასრულობის გამოხატულებაა, ანდა უკეთ, თავადაა უსასრულო. სასრულობის აცილებას კი არა (რაც თავისთავად შეუძლებელია) არამედ მის ახსნას უნდა ვეცადოთ. ამ სიძნელის გასაღებს ლაიბნიცი უსასრულო მცირეთა შესახებ საკუთარ თეორიაში ხედავდა.

    სასრული მცირე, როგორც ცვლადი სიდიდე, რომელიც მიისწრაფის ნულისაკენ, მაგრამ ნული არასდროს არ ხდება, მონადოლოგიაში ორნაირადაა გამოყენებული. ჯერ ერთი, როგორც უსასრულო მცირე ცნობიერების მქონე მონადების შესაძლებლობის საბუთი და შემდეგ, როგორც ნებიმიერი დონის მონადათა შორის შუალედური მონადების უსასრულო რაოდენობის შესაძლებლობის დამსაბუთებელი.

    უსასრულო სამყაროში, როგორც უსასრულო სუბსტანციაში უსასრულობათა უსასრულო რაოდენობის დაშვების შესაძლებლობა, ლაიბნიცმა მემკვიდრეობით სპინოზასაგან მიიღო. იგივე ითქმის სასრულოში უსასრულოს მოაზრების პრინციპზე (სუბსტანცია მონადათა იმანენტური მიზეზია). რაც შეეხება უმაღლეს მონადას, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ანუ ღმერთს, მისი გააზრებაც ლოგიკურად შესაძლებელია მხოლოდ როგორც უსასრულოდ დიდის, რომელიც კვლავ ცვლადის სახით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი. ცხადია, ეს სიძნელეს ქმნის ლაიბნიცის თეოდიცეაში, მაგრამ ლაიბნიცის მიერ ღმერთის ანთრო პოლოგისტური წარმოდგენების კრიტიკა (79,2.516-517) აშკარად გვაძლევს ლაიბნიცის შრომებში ორი ფენის გამოყოფის უფლებას. ესენია დასაბუთებანი მეცნიერთათვის და “დასაბუთებანი” გონების ავტორიტეტთან შეურიგებელი თეოლოგებისათვის.

    როგორც ჩვენს მიერ აღნიშნული ხუთი პრინციპის (ინდივიდუაციის, იგივეობის, გამორიცხული მესამის, საკმაო საფუძვლის და უწყვეტობის), ისე თავისი ფილოსოფიის სხვა მნიშვნელოვანი დებულებების დასასაბუთებლად ლაიბნიცი, როგორც წესი, ორგვარ არგუმენტაციას მიმართავს: I. ყველაფრის საფუძვლად ცხადდება ღმერთის ყოვლისშემძლე კეთილი ნება; და II, ამავე დროს, ყველაფერი დაიყვანება საკმაო საფუძველზე, როგორც ანალიზურ, ე.ი. ცხად და გარკვეულ დებულებებზე. პირველი მათგანი კონფესიური მიზნებით იმართება. ამგვარი დასაბუთებით დაკმაყოფილებას ი. კანტმა სამართლიანად უწოდა “ზარმაცი გონების” არგუმენტი. უნდა ითქვას, რომ ლაიბნიცმა ერთ-ერთმა პირველმა, მკაცრად გაილაშქრა მის წინააღმდეგ და “ზარმაცი გონების სოფიზმი” უწოდა მას. თუმცა პირველი სახის დასაბუთებას მასთანაც აქვს ადგილი. მაგალითად, უსასრულო რაოდენობის მონადათა ჰარმონია სამყაროში, პირველი წესით, ახსნილია, როგორც ღმერთის მიერ წინასწარ დადგენილი, მისი ძალით გარედან მოწესრიგებული. მეორე მიდგომით, ამასვე ლაიბნიცი ახსნის მონადათა, როგორც ცნობიერებათა შინაგან ერთიანობაზე მითითებით: რამდენადაც ყოველი მონადა მხოლოდ ცნობიერების ხარისხით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამდენად, ნებისმიერი მონადის ადგილი და შინაარსი თანხმობაში იქნება ყველა სხვასთან, როგორც მასზე მაღალთან, ისე დაბალთან (მონადათა ტოლობა გამორიცხულია, რადგან ორი ან მეტი ერთნაირი ხასიათის ცნობიერება ორი ან მეტი კი არ იქნება, არამედ ერთი და იგივე). ცნობიერებათა ეს ხარისხები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდენ ერთმანეთს, ისევე, როგორც, მაგალითად, გამრავლების ტაბულა არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ალგებრას, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ – უმაღლეს მათემატიკას. უფრო მაღლა მდგომი მონადა, შეცავს ქვემდგომის მიერ გაცნობიერებულ შინაარსსაც. ორი ცნობიერება შეიძლება ერთმანეთისაგან მხოლოდ ხარისხით იქნეს განსხვავებული. ორი ზუსტად ერთნაირი მონადის შეუძლებლობა, გარდა ზემოაღნიშნულისა, საბუთდება იმაზე მითითებითაც, რომ ეს იქნებოდა ღმერთის მხრიდან მიზანშეუწონელი მოქმედება.

    მონადა, როგორც აზროვნება, არის აქტივობა და სწრაფვა. ესაა თვითშემეცნებისაკენ და თვითცნობიერებისაკენ სწრაფვა. ამდენად ყველა მონადას შინაგან მიზნად აქვს, უმაღლესი მონადა, როგორც სრული თვითცნობიერება. არისტოტელესთან ყველაფერი მიისწრაფის ღმერთისაკენ, მაგრამ თითოეულს აქვს თავისი შინაგანი ზღვარის სახით წარმოდგენილი საბოლოო მიზანი. არისტოტელეს კვალად, ლაიბნიციც მონადას ენტელეხიას (საკუთარ თავში თავისი მიზნის მქონეს) უწოდებს. ყველა მონადას, რამდენადაც მათში არის გაუცნობიერებელი, ბნელი წარმოდგენები, აქვს ამ სიბნელის შესაბამისი სხეულიც. მონადათა რიგში, სხვადასხვა საფეხურზე მათ სხვადასხვა სხეული აქვთ. სხეულისაგან სავსებით თავისუფალი მხოლოდ ღმერთია, როგორც სავსებით ნათელი, ყოვლისმომცველი თვითცნობიერება.

    ამ შინაგანი მიზნის გამოა, რომ ყოველი მონადა გარკვეულ ადგილს იკავებს მონადათა მრავალფეროვნებაში, რაც მონადათა ჰარმონიულ ერთიანობას იძლევა. ყველა მონადას აბსოლუტური ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი ამ საკუთარი მიზნის სახით წარმოუდგება. აქ თავისებურადაა გამოყენებული ა. გოილინგსის (1625-1669), ოკაზიონალისტების ერთ-ერთი მეთაურის, ეფექტური მაგალითი ურთიერთზემოქმდების გარეშე ორი ზუსტი საათის “შეთანხმებული” მუშაობისა (საათებისა, რომლებიც ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აჩვენებენ). ეს მაგალითი ლაიბნიცმა მონადათა უსასრულო რაოდენობაზე გადაიტანა. შესაძლებელია ასეთი მაგალითიც: აზროვნების შინაგანი კანონები მოიყვანენ თანხმობაში ორ აზრს იმის თაობაზე, თუ რამდენია 2+2, თუნდაც ურთიერთზემოქმედება გამორიცხული იყოს და ისინი სამყაროს სხვადასხვა კუთხეში იმყოფებოდნენ. მაგრამ გოილიქსზე უფრო ახლოს ლაიბნიცის მიერ მოაზრებულ სამყაროსთან, მეორე დიდი ოკაზიონალისტის, ნ. მალბრანშის (1638-1715) მოდელი დგას. მალბრანშიც გამორიცხავდა საგნების ურთიერთზემოქმედებას. მათი კავშირი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ღმერთის თავისუფალი ნებისაგან გამოჰყავდა. ლაიბნიცმა გარეგანი ჩარევის (თუნდაც ღმერთისაგან ჩარევის) ადგილას, აზროვნების შინაგანი კანონზომიერების ძალა დააყენა. ამ საყოველთაო ურთიერთკავშირს ისე დიდი მნიშვნელობა აქვს მასთან, რომ ზოგი მკვლევარი ყველა პრინციპთა შორის ძირითადად ამ პრინციპს მიიჩნევს. საერთოდ, გარეგანი ურთიერთზემოქმედება ლაიბნიცისათვის ჩვენთვის (შემმეცნებლისა, თუ დამკვირვებლისათვის) პირველადი მოცემულობაა, რომელიც თავისთავად პირველის, ე.ი. მონადის თვითმოქმედებით უნდა აიხსნას.

    ასევე თვითცნობიერების საფუძველზე უნდა აიხსნას ლაიბნიცის ძალზე გავრცელებული დებულება: “აწმყო ფეხმძიმედაა მომავლით და დატვირთულია წარსულით” (79.2, 54). ლაიბნიცი აქ გულისხმობს სუბიექტზე, როგორც შემმეცნებელზე, გარემომცველი ვითარებების და, საბოლოო ანგარიშით, მთელი სამყაროს ზემოქმედებას (რაც სინამდვილეში მისთვის ყოველივე ამის საკუთარ თავში ამოკითხვას ნიშნავს). ჩვენ მას (ამ ზემოქმედებას) სრული სახით ვერ ვაცნობიერებთ; მაგრამ ის მუდამ მცირე, ე.წ გაუცნობიერებელი, შეუმჩნეველი პერცეპციებით (აღქმებითა და შეგრძნებებით) რჩება ჩვენს ცნობიერებაში. მაგალითად, ისე როგორც ბუნდოვანი სიზმარი, ან ახალგაღვიძებულის აღქმები. ეს არის მცირე პერცეფციები და არა აპერცეფციები, ანუ ცნობიერი წარმოდგენანი. ჩვენ გვგონია, რომ მცირე პერცეფციები, როგორც არაცნობიერნი, არ მოქმედებენ ჩვენზე, ლაიბნიცის აზრით კი, ისინი მნიშვნელოვანი ძალის მქონენია, ჩვენს ხშირად მოულოდნელ უმიზეზო და თითქოს თვითნებურ გადაწვეტილებებში. გასაკვირი არაა, რომ ლაიბნიცს ფროიდის წინამორბედად თვლიან.

    ჩვენს შინაგან სამყაროში ცნობიერსა და არაცნობიერს, უკეთ, მცირე ცნობიერებას (რადგან სავსებით არაცნობიერის დაშვების უფლება ლაიბნიცის სისტემაში არ გვაქვს) შორის კავშირს, ლაიბნიცის აზრით, დინამიკური ხასიათი აქვს. ჩვენს აქტუალურ ცნობიერებაში, ასე ვთქვათ, ყურადღების ცენტრში მოქცეულს გარდა, არსებობს მცირე პერცეფციების ამოუწურავი პერიფერიული სფერო. ცნობიერსა და მცირე ცნობიერებას შორის არა მარტო ურთიერთკავშირი, არამედ მუდმივი ურთიერთგადასვლაცაა. მაგალითად, მეწისქვილეს ცნობიერებაში ბორბლის ხმაურის სავსებით ნათელი ცნობიერება, შეჩვევის შემდეგ, გადაუდის არაცნობიერში და ის ვერც ამჩნევს მას. მშვიდად ძინავს წისქვილის ხმაურში. მაგრამ საკმარისია წისქვილი გაჩერდეს, მეწისქვილეს გაეღვიძება, ე.ი. ამ ხდომილების ზემოქმედება კვლავ პერცეფციაში, ე.ი. ცნობიერების ცენტრში გადადის.

    ლაიბნიცი ფიქრობს, რომ ამ პატარა პერცეფციების წყალობით არის ჩვენში წარსულიც და მომავალიც. თუ ამას მონადოლოგიის ძირითად პრინციპს დავუკავშირებთ, ეს ნიშნავს ცნობიერების ამოუწურავი შინაარსიდან, ცნობიერების აქტივობის თვალსაზრისით, სამი სფეროს (წარსულის, აწმყოსა და მომავლის) გამოყოფას და მათი ურთიერთკავშირის დაშვებას. ეს პოზიცია ქართულ აზროვნებაში ილიას სიტყვებითაა ცნობილი: “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა”. განსხვავება ლაიბნიცის ზემოაღნიშნულ დებულებასა და ილია გაგებას შორის ისაა, რომ ლაიბნიცთან აწმყოს პრიმატი გვაქვს. მასთან აწმყოშია მოცემული წარსულიც და მომავალიც. ილია კი, გარდა ამისა, ხაზს უსვამს აწმყოში, სასურველი მომავლისათვის, წარსულიდან საჭიროს არჩევას და მომავლისთვის მის გამოყენებას. სწორედ ამ აზრით ამბობდა იგი _ “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”.

    ლაიბნიცის მიერ არაცნობიერის გაგებასა და ფროიდის თეორიას შორის მსგავსებაზე არაერთხელ მიუთითებიათ. მცირე პერცეპციების სწავლების პროცესში გამოყენებაზე და საერთოდ ცნობიერებაზე მათ ზემოქმედებაზეც უმსჯელიათ. XX ს.-ის ბოლო ათწლეულში ლაპარაკობდნენ ექპერიმენტზე, რომლის მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ პიროვნების მიერ გაუცნობიერებელი ზემოქმედება მის გრძნობის ორგანოებზე, მოქმედებს მის ცნობიერ გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, რომელიმე პროდუქტის, ვთქვათ ლუდის რეკლამა, პერიოდულად ჩნდებოდა ფილმის ჩვენების დროს, მაგრამ იმ სისწრაფით, რომ მაყურებლები მას ცნობიერად ვერ აღიქვამდნენ. ფილმის დამთავრების შემდეგ, მათი ქცევა, თითქოს, აშკარად მიუთითებდა არაცნობიერად აღქმულის ზემოქმედებაზე. იგივე ითქმის ძილში სწავლების მეთოდის შესახებ.

    გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანი, ვერ შეეგუებოდა ჯ. ლოკის ფილოსოფიას, რომელიც არა მარტო ინგლისში, არამედ საფრანგეთშიც საოცრად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ლოკი ხომ ადამიანის სულს “სუფთა დაფად” აცხადებდა და მასში ყოველგვარ არაცნობიერს უარყოფდა. ლაიბნიცის აზრით, სულის შედარება “სუფთა დაფასთან” დიდი შეცდომაა. “სუფთა დაფა” მხოლოდ ფიქციაა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იგი ისევე უსაფუძვლოა, როგორც სიცარიელის, ატომის და აბსოლუტური უძრაობის ცნებები, ასევე, სქოლასტიკოსების “პირველმატერია”, როგორც ყოველგვარი ფორმისაგან თავისუფალი რაიმე (79,2.110).

    ლაიბნიცი ამტკიცებს, რომ გრძნობები და გამოცდილება აუცილებელია ჩვენი ცოდნისათვის, მაგრამ საკმარისნი არასდროს შეიძლება იყვნენ. ისინი მხოლოდ ფაქტებს, მაგალითებს იძლევიან; ხოლო ზოგადსა და აუცილებელს მხოლოდ გონება ადგენს. გრძნობების გარეშე ჩვენ ვერასდროს მივიდოდით მათემატიკურ ჭეშმარიტებებამდე, მაგრამ მათემატიკური ჭეშმარიტებანი და პრინციპები არაა გრძნობებზე დამოკიდებული. ლაიბნიცი გვაუწყებს, რომ ეს კარგად გაიგო ჯერ კიდევ ევკლიდემ, რომელიც გონების დახმარებით ასაბუთებდა იმას, რაც ნათელია გრძნობებში (იქვე,50). გონების დახმარებით დასაბუთება კი ნიშნავს, მათი, როგორც კერძო შემთხვევის გამოყვანას ზოგადი ლოგიკიდან (იქვე, 377).

    გამოცდილებიდან დამოუკიდებელი მარადიული პრინციპები სულაც არ არის სულში ისე ადვილად ამოსაკითხი რამ, როგორც ჯ. ლოკს ეგონა. მაგრამ ლაიბნიცისათვის მთავარი ისაა, რომ მათი ამოკითხვა შესაძლებელია, თუ მივმართავთ სპეციალურ მეთოდს, რომელიც არსებითად განსხვავებულია და “არაცნობიერი”, მცირე პერცეპციების გასაცნობიერებლად გამოიყენება. ადამიანი ემპირიიდან იწყებს, მაგრამ მას შეგრძნებების, გამოცდილების მიღმა შეუძლია გასვლა. თუმცა ორივეს კვლევის საბაბს ემპირია, შეგრძნებები იძლევა, ამაშია განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის. ცხოველი წმინდა ემპირიკოსია. იგი გამოცდილების იქით ვერ მიდის. გამოცდილებაში იმაზე მეტს არ ეძებს, რასაც განიცდის. თუმცა გამოცდილებას კარგად იყენებს, სწავლობს კიდეც ახალს. ჩვენი დროის ირმები და კურდღლები, ლაიბნიცის აზრით, უფრო ეშმაკები არიან ვიდრე წარსულის (იქვე,50).

    სული რომ “სუფთა დაფას” ჰგავდეს, მასში ჭეშმარიტება ისევე იქნება მოქცეული, როგორც ჰერკულესის ქანდაკება მარმალილოს დაუმუშავებელ ლოდში, რომლისთვისაც სულერთია თუ რა ფორმას მიიღებს. ლაიბნიცის აზრით, სიმართლესთან უფრო ახლოს ვიქნებოდით, თუ ამ ლოდში დავუშვებდით გარკვეულ ძარღვებს, რომლებიც ჰერკულესის ქანდაკებისათვის სხვაზე უფრო მეტად მას, ამ დაძარღვულ ლოდს, გახდიდნენ გამოსადეგს. ამგვარი შესაძლებლობის სახით არიან ჩვენში თანშობილი იდეები. ლოკი კი უარყოფს ჩვენში რაიმე პოტენციურის შესაძლებლობას. იგი ხომ მხოლოდ იმის არსებობას უშვებს ჩვენს ცნობიერებაში, რასაც ჩვენ აქტუალურად განვიცდით, ანუ ვაცნობიერებთ. ლაიბნიცს მიაჩნია, რომ ასეთი პოზიცია პარადოქსულობამდე მიდის. ჩვენ ხომ ჩვენი წარსული ჩვევები და დაგროვილი შთაბეჭდილებანი არა მარტო მუდამ გაცნობიერებული არა გვაქვს, არამედ ხშირად ვერც კი მოვიგონებთ; მაშინაც კი, როცა ძალიან ვცდილობთ, თანაც დარწმუნებული ვართ, რომ ისინი სადღაც ჩვენი ცნობიერების კუნჭულში არსებობენ.

    ჯ. ლოკი არბილებს თავის კატეგორიულ მსჯელობას და ამტკიცებს, რომ ჩვენს სულში არაფერია ისეთი, რაც ადრე მაინც არ გაგვიცნობიერებია. ლაიბნიცი აქ პლატონიზმისადმი დათმობას ხედავს. ასეა, რადგან ვერაფრით დავადგენთ, თუ რას ნიშნავს ეს “ადრე” (საიქაოა, წარსულია, თუ სააქაო). თავად პლატონის მოგონების თეორია კი, ლაიბნიცისათვის, სულაც არ ეწინააღმდეგება წმინდა გონებას, მთელი მისი ფანტასტიკურობის მიუხედავად.

    თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლაიბნიცს აკმაყოფილებს პლატონის მოგონების თეორია. ლაიბნიცი ფიქრობს, რომ ამ თეორიისთვისაც საბოლოო ანგარიშში, სული სუფთა დაფაა, ოღონდ იდეათა სამყაროსთან მიმართებაში. იგულისხმება, რომ სულში მხოლოდ ისაა, რაც მან, სულმა იქ დაინახა. განა ჩვენი სული თავისთავად იმდენად ცარიელია, რომ თვით მასში სულაც არაფერია? (79,2.252). სული თუ ცოცხალია, მასში ყოველთვის იქნება რაღაც მიდრეკილებები, სურვილები, ტენდენციები. ისევე როგორც ნებისმიერ ე.წ, “სუფთა დაფას” რაღაც თავისებურება და სპეციფიკა ექნება. ჯ. ლოკი თვალსაზრისს, რომ “არაფერია გონებაში ისეთი, რომელიც ადრე შეგრძნებებში არ ყოფილიყოს”, ლაიბნიცი ეთანხმება. მაგრამ ერთადერთი, თითქოს უწყინარი, სინამდვილეში კი არსებითი შესწორებით: “გარდა თვით გონებისა”. მართლაც, თავად გონება ხომ არ ყოფილა შეგრძნებებში? ეს კი ბევრს ნიშნავს. გონება, ინტელექტი, რომელსაც ლაიბნიცი აქ სულს უწოდებს, თავად გულისხმობს ზოგად ცნებებს, რომელთაც გრძნობები ვერ მოგვცემენ. ესენია: არსი, სუბსტანცია, ერთიანი, სიმრავლე, მიზეზი, აღქმა, განსჯა და მრვალი სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ი. კანტი, როგორც თავად აღნიშნავდა, დოგმატური თვლემისაგან ჰიუმის სკეპტიციზმმა გამოაფხიზლა, მაგრამ ახლის საძიებელი ორიენტირი მას ლაიბნიცის ამ შენიშვნამ მისცა.

    თანშობილი იდეები, ამტკიცებს ლაიბნიცი, არ უნდა ვეძიოთ ბავშვებში, ველურებში, იდიოტებში. საერთოდ, მათ აღმოჩენას სპეციალური ყურადღება სჭირდება. „თანშობილი ჯერ კიდევ არ ნიშნავს უცებ, ნათლად და გარკვეულად შემეცნებულს“.Mმის გასაგებად დიდი მეთოდური შრომაა საჭირო. ზოგჯერ მათ მეცნიერებიც ვერ აღმოაჩენენ ხოლმე (52,298). მათი საიმედოობა საყოველთაო თანხმობას კი არ ემყარება, არამედ დასაბუთებას. დასაბუთება კი ყველაფრისაა შესაძლებელი, თავად იმ აქსიომებისაც, რომლებიც პირველადი არაა. რაც შეეხება პირველად აქსიომებს, ისინი არიან თავისთავსად ცხადი, იმ აზრით, რომ მათი უარყოფის ცდა წინააღმდეგობრივია. ამ აზრით ამბობენ სწორედ, რომ მათ დასაბუთება არ სჭირდება (იქვე,76). ასე აქსიომებიდან აგებულ სისტემაში შეუძლებელი იქნება რომელიმე დებულების უარყოფა _ ზოგისა უშუალოდ (კერძოდ, თავისთავად ცხადი აქსიომების), ზოგისა კი შუალობითად (გაშუალებულად).

    უშუალო და შუალობით ჭეშმარიტებებს გარდა, ლაიბნიცის გასაგებად აუცილებელია მის მიერ ფაქტიურ და მარადიულ ჭეშმარიტებათა სხვაობის გათვალისწინება.Mმარადიულია ჭეშმარიტება, რომლის უარყოფა (შუალობით, ანდა უშუალოდ) შეუძლებელია, რადგან იგი ანალიზურია. ამავე დროს, ლაიბნიცისათვის ყველა ანალიზური ჭეშმარიტება პირობითია, თუმცა ფორმით _ კატეგორიული (თუ ამას დავუშვებთ,…მაშინ შედეგი უეჭველი იქნება (იქვე,459). ასეთი ბუნებისაა ყველა ლოგიკური და მათემატიკური დებულება. ისინი შესაძლებელი არსებულის კანონებს წარმოადგენენ, თუმცა თავის თავში არსებობას არ შეიცავენ.

    ფაქტიურია ის ჭეშმარიტებანი, რომლებიც მართალია არსებობას გულისხმობენ და წინააღმდეგობრივნიც არ არიან, მაგრამ აუცილებლობას არ ფლობენ, მაგალითად, „პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია“, „მთვარე მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტაა“ და სხვა. ფაქტის ჭეშმარიტება, მოჩვენებასთან, ან შეცდომასთან რომ არ აგვერიოს, საჭიროა იგი მარადიულს დავუკავშიროთ. ერთი ინგლისელი თეოლოგის ნარკვევზე რეცენზიაში ლაიბნიცი წერს, ფაქტის ჭეშმარიტება სარწმუნო ხდება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მას გონების ჭეშმარიტებებს შევუფარდებთ და, გარდა ამისა, იმის შემდეგ, რაც მას ჩვენ თანარსს იმ უშუალო აღქმებს მივუყენებთ, რომელთა უეჭველობაზე ნეტარი ავგუსტინე და ბატონი დეკარტე კარგად მიუთითებდნენ, რომ მათში შეეჭვება შეუძლებელია, ე. ი. შეუძლებელია შეეჭვება იმაში, რომ ჩვენ ვაზროვნებთ მასზე. მარადიული ჭეშმარიტებანი რაიმეს შესაძლებლობას ამტკიცებენ, რეალობა კი ამ რაიმემ მხოლოდ აღთქმებთან კავშირით შეიძლება მიიღოს. ლაიბნიცი ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი უნდა ექვემდებარებოდეს ფილოსოფიის ორ დიად პრინციპს: I. იდენტობის, ანუ წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის; და II. საკმაო საფუძვლის კანონს, რომელიც მოითხოვს, ცოდნის არსებული დონის შესაფერად მის დაფუძნებას. უამისოდ დებულება დარჩება შემთხვევითი ჭეშმარიტების დონეზე (79,4.41), რომლის საწინააღმდეგო შესაძლებელია. ეს რეალური, გრძნობადი არსებობა არაა კავშირში ჩვენს რომელიმე იდეასთან, გარდა ჩვენივე „მე“-სი და ღმერთისა.

    ღმერთისათვის ყველაფერი იმთავითვე ცხადია. მაგრამ ადამიანი, რომ დარწმუნდეს იმის ღირებულებაში, რაც ცხადად მიაჩნია, აუცილებელია დასაბუთება. ლაიბნიცი ამართლებს ევკლიდეს მეთოდს, რომლის მიხედვითაც, საჭიროა გრძნობადი უეჭველის დასაბუთება (მაგალითად, იმისა, რომ ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი სწორი ხაზია). ასე თვლიდა პროკლე დიადოხოსიც (V ს.). მათ კვალად, ლაიბნიციც იძლევა იმის დასაბუთებას, რომ 2+2=4. რადგან ეს მისთვის სულაც არაა უშუალო ჭეშმარიტება. „ორი“ გრძნობადში მოცემულისაგან (ორი ქვა და კიდევ ორი, ორი ცხენი და კიდევ ორი და ა.შ) აბსტრაქციის შედეგია, და რომ ეს სწორი აბსტრაქციაა, ამას დასაბუთება სჭირდება. კერძოდ, საჭიროა მისი შემადგენელი ერთეულების, შესაძლებელი ურთიერთმიმართების დადგენა (79,4.432).

    ლაიბნიცი საუბრობს ასევე ე.წ. პირველად ფაქტიურ ჭეშმარიტებაზე, რომელიც, შინაგანი უშუალო გამოცდილების ფაქტია. ესაა ავგუსტინესა და დეკარტისაგან ცნობილი პრინციპი: “ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ”. ეს უეჭველი დებულებაა, მაგრამ არა ერთადერთი. ამ პირველად ფაქტიურ ჭეშმარიტებას ზემოაღნიშნულ, პირველად რაციონალურთან საერთო კი ისა აქვს, რომ “მათი დასაბუთება, რაიმე უფრო მეტი დამაჯერებლით შეუძლებელია” (იქვე,374).
    განსხვავება ფაქტიურ და მარადიულ ჭეშმარიტებათა შორის ძალაშია მხოლოდ სასრულო არსებებისათვის, ადამიანებისათვის. აბსოლუტური ჭეშმარიტების მფლობელი ხედავს ფაქტიური ჭეშმარიტების ჩვენთვის დაფარული აუცილებლობის საფუძვლებს. ადამიანებისათვის ემპირიული, ფაქტიური ჭეშმარიტების საკმაო საფუძვლის სახით გამოდის მიზეზობრიობის კანონი. თუ რაიმეს აქვს მიზეზი, ეს ჩვენთვის საკმაო საფუძველია მისი შემეცნებისა და შეფასებისათვის.

    ლაიბნიცის “თეოდიცეა”

    თეოდიცეას (ღმერთის გამართლება სამყაროში არსებულ ბოროტების მიზეზად მიჩნევისაგან) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონისტურ მსოფლმხედველობებში (რელიგიებში და ფილოსოფიურ თეორიებში). ეს განსაკუთრებით იმ მოძღვრებებზე ითქმის, რომლებიც ღმერთს, როგორც ეს ქრისტიანობაშია, ყოვლისმცოდნეობასთან, ყოვლისშემძლეობასთან, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და სიკეთესთან აიგივებენ.

    პირველი, ალბათ, სოკრატე იყო, ვინც, პლატონის გადმოცემით, საჯაროდ ასწავლიდა, რომ ღმერთს ადამიანებისაგან არავითარი მსხვერპლი არ სჭირდება; რომ ღმერთისთვის სათნოება არის ადამიანის ზნეობრივი ქმედება, რომელიც ადამიანის უკვდავ სულს საიქიოში გაყვება. სოკრატესა და პლატონთან საფუძველს იღებს ის, რასაც შემდეგ ბუნებრივ თეოლოგიას უწოდებენ. უკანასკნელი ამტკიცებს, რომ ადამიანის უნარებს, შეგრძნებებს, განსჯას და გონებას შეუძლია გაიგოს ღმერთის რაობა გარკვეულ დონეზე. ბუნებრივი თეოლოგია განსხვავდება გამოცხადების თეოლოგიისაგან, რომელიც ადამიანის ცნობიერების იმ შინაარსს გადმოსცემს და აანალიზებს, რისიც, როგორც წყალობის, ღირსი გახდა ესა თუ ის პიროვნება და რომელმაც დანარჩენი კაცობრიობაც აზიარა მას. თეოლოგიის ეს ორი სახე კაცობრიობის ცნობიერების უმდიდრესი შინაარსის შემცველია. ეს შინაარსი, შეიძლება ითქვას, ორ ნაწილად იყოფა, იმის მიხედვით, თუ რა პასუხს სცემს კითხვაზე: არის თუ არა სამყაროში არსებული ბოროტება, მისი მრავალნაირი გამოვლინებებით, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე შემოქმედის ბრალი?Uუამრავი პასუხებიდან ყველაზე გავრცელებულია შესაქმეში მოცემული პასუხი: სამყაროში ბოროტება გონიერ არსებათა პირველი წყვილის, ადამისა და ევას თავისუფალი ნების ბრალია. მათ შეგნებულად დაარღვიეს უფლის კანონი. ეს პასუხი ახალ კითხვებს ბადებს: შეეძლო თუ არა ღმერთს არ მიეცა ადამიანისათვის თავისუფალი ნება, ანდა თავად წარემართა იგი სათანადოდ? უამრავ პასუხებში გამოირჩევია ბასილ დიდის (330-379) და ლაიბნიცის პოზიციები. ბასილ დიდის აზრით, ღმერთს არ შეეძლო ადამიანისათვის თავისუფალი ნება არ მიეცა, რადგან სხვაგვარად იგი მისი ხატი და მსგავსი არ ინებოდა. ლაიბნიცის თეორია ბასილის პოზიციის გაშლად და დასაბუთების ცდად შეიძლება ჩაითვალოს. ლაიბნიცის აზრით, ღმერთი ქმნის არა ბოროტებას, არამედ მხოლოდ ბოროტების შესაძლებლობას.

    ლაიბნიცი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა პრობლემას, რომლის ძირითადი ასპექტი იყო გონებისა და რწმენის თავსებადობის საკითხი. იგი, როგორც წესი ცდილობდა კომპომისზე წასულიყო საპირისპირო აზრის დამცველთა, მაგრამ სადაც ეს შეუძლებლად მიაჩნდა, ამას არ აკეთებდა. „თეოდიცეა“ ლაიბნიცის მოძღვრების გასაგებად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯ. “ახალი გამოკვლევები“. „თეოდიცეასაც“ ჰყავს ძირითადი მოწინააღმდეგე. ესაა მაშინ კარგად ცნობილი და პოპულარული სკეპტიკოსიPპ. ბეილი (1647-1706), მ. მონტენის თავისებური მიმდევარი _ პროტესტანტი, რომელიც აქტიურად იბრძოდა კათოლიციზმის ერთმმართველობის წინააღმდეგ. იგი საფრანგეთის ქალაქ სედანის, და შემდეგ როტერდამის უნივერსიტეტების ფილოსოფიის პროფესორი იყო. ბეილი მონტენის სკეპტიციზმისათვის შეუფერებელი სიმკაცრით ამტკიცებდა მეცნიერული აზრის და რელიგიის შეურიგებლობას; უარყოფდა დოგმების დასაბუთების შესაძლებლობას; იცავდა რელიგიათა თანასწორუფლებიანობას, ჭეშმარიტი ზნეობის რელიგიისაგან დამოუკიდებლობას, ათეისტის პატიოსნების და მორალურობის შესაძლებლობას. მაგრამ ლ. ვანინისაგან მომდინარე ტრადიციის კვალად, მაინც მოითხოვდა გონება რელიგიას დამორჩილებოდა. მისი ძირითადი ნაშრომია საყოველთაოდ ცნობილი “ისტორიული და კრიტიკული ლექსიკონი“ (1694) და 1703 წელს სამ ტომად გამოცემული “პასუხები პროვინციალს”. ლაიბნიცი ორივეს განიხილავს. ბეილმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა XVIII ს.-ის ფრანგული განმანათლებლობა. ლაიბნიცი მასთან მიმოწერას აწარმოებდა. სიტყვიერად აქებდა, მის გონებას და განათლებას, ისევე როგორც ჯ. ლოკს, მაგრამ პრინციპულად უპირისპირდებოდა მას. ბეილი, მისი აზრით, ისე ასამართლებს ღმერთს, როგორც მოსამართლე დამნაშავე პიროვნებას. ბეილის პოზიციის გასარკვევად მნიშვნელობა აქვს, დ. ჰიუმს, რომელიც აფასებდა ბეილის ბრძოლას ათეისტებისა და თავისუფლად მოაზროვნეთა წინააღმდეგ, მაგრამ უკვირდა მისი დაპირისპირება სკეპტიკოსებთან, რადგან თვლიდა, რომ ბეილის ყველა არგუმენტი სკეპტიკურია (65.2.158)

    „თეოდიცეა, ანუ ნარკვევი ღმერთის კეთილობაზე, ადამიანის თავისუფლებაზე და ბოროტების წყაროზე“ გამოიცა 1710 წელს. ნაშრომის შესავალში ლაიბნიცი აანალიზებს აქ გასახილველ პრობლემათა მნიშვნელობას. განსაკუთრებით გამოყოფს ორ ძირეულ პრობლემას: უპირველესად, თავისუფლების და აუცილებლობის და შემდეგ წყვეტილობის და უწყვეტობის პრობლემას, რომელსაც აუცილებლობით უკავშირებს უსასრულობის საკითხს. ამ პრობლემებს ლაიბნიცი ორ ლაბირინთს უწოდებს.

    “თეოდიციის” შესავალს მოსდევს ნარკვევი “წინასწარი განაზრებანი რწმენისა და გონების თანხმობის შესახებ”, ლაიბნიცი იხილავს საკითხს იმის თაობაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ფილოსოფიის გამოყენება თეოლოგიაში. ეს მთავარი საკითხია, გვაუწყებს ლაიბნიცი, და ბატონი ბაილიც, ყველგან ჩართავს ხოლმე ამ საკითხს (79.4.,75).

    ლაიბნიცი იმედოვნებს მკითხველის დარწმუნებას იმაში, რომ ორი სახის, ანუ ბუნების და გონების ჭეშმარიტება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. მაგრამ, როცა ფაქტობრივად, მაინც ასე ჰგონიათ, მაშინ ცნებათა და ტერმინთა აღრევასთან გვაქვს საქმე. გონება არის იმ ჭეშმარიტებათა კავშირი, რომელთაც ჩვენი უნარი გაიგებს ბუნებრივი წესით, რწმენის ზებუნებრივი სინათლის, ანუ წყალობის გარეშე. ორივე, გონებაც და რწმენაც განსხვავდება გამოცდილებისაგან, მაგრამ კავშირშიცაა მასთან: რადგან გონებასაც აქვს უფლება გარკვეული ჭეშმარიტებანი მიიღოს გამოცდილებიდან და წყალობაც, ყოველთვის ადამიანთა რაღაცნაირ გამოცდილებაში ვლინდება (79,4.75-76). მაგრამ სასწაული და წყალობა მხოლოდ ზედაპირული ხედვისათვის არღვევს ბუნების საფუძვლადმდებარე აპრიორულ კანონებს. მაგალითად, გეომეტრიის კანონებს ღმერთი არ არღვევს. რელიგიის ჭეშმარიტებანი, როგორც ღმერთის, ანუ აბსოლუტური გონების დადგენილი, ეწინააღმდეგებიან მხოლოდ ჩვენთვის ხილულ, ანუ გარეგნულ გონებას. თუმცა არც იგია მოწყვეტილი ღვთაებრივს. ჩვენი სიბრძნისაგან ღმერთის სიბრძნე, მხოლოდ უსასრულო სრულყოფილებითFგანსხვავდება. რელიგიური საიდუმლოებანი შეიძლება მხოლოდ აიხსნას; მაგრამ არ შეიძლება მათი გაგება, აპრიორული დასაბუთება. ეს ჭეშმარიტებანი გონებაზე მაღლა დგანან, ოღონდ მისი საპირისპირო არ შეიძლება იყვნენ. ლაიბნიცი ხაზს უსვამს, რომ მას გონების ქვეშ ესმის არა ამა თუ იმ ადამიანის აზრი, არამედ ჭეშმარიტებათა უცვლელი და თანმიმდევრული რიგი (იქვე, 91).

    ლაიბნიცი ეთანხმება ბეილს, იმაში რომ ყოვლისშემძლე კეთილმა ღმერთმა დაუშვა სამყაროში ბოროტება, ე.ი. სიკეთე გააკეთა. ბეილის აზრით, ადამიანის გონებისათვის ეს გაუგებარია; ლაიბნიცისთვის კი ეს სავსებით ახსნადიცაა და გასაგებიც, რადგან შექმნილი არ შეიძლება არსებობდეს ნაკლის, ამ შემთხვევაში ბოროტების, გარეშე. მაგრამ ღმერთის სიკეთე ისაა, რომ შესაძლებელ სამყაროთაგან საუკეთესო ამოარჩია. ლაიბნიცი აქაც და ხშირად სხვაგანაც, უპირატესობას ანიჭებს ლუთერის რწმენას. ამ შემთხვევაში ეს გერმანელი რეფორმატორი, ნამდვილ რწმენაში ხედავდა იმ ძალას, რომლითაც ადამიანს შეგნებულად უყვარს მახინჯი, უსახური და ბოროტი. ამაში ხედავს ჭეშმარიტი გონების, რწმენისა და სიყვარულის ზეიმს (79,4.101-104). საერთოდ, ლაიბნიცი ლუთერს და აუგსბურგის აღმსარებლობას აშკარა მიკერძოებულად უჭერს მხარს. ამის მაგალითია ერაზმთან კამათის დროს ლუთერის “ნების მონობის” პოზიციის გამართლება. ლაიბნიცი ითვალისწინებს შეპასუხებას და იქვე ასხვავებს ლუთერის პოზიციას ტერტულიენეს (160-220) დებულებისაგან „მწამს, რადგან აბსურდია“. ლუთერი, ლაიბნიცის აზრით, მხოლოდ მოჩვენებითი წინააღმდეგობის დროს მოითხოვდა რწმენის მიერ ნების და გონების დამორჩილებას ერთი შეხედვით აბსურდული მოთხოვნისადმი. ლუთერი თავადაც დარწმუნებული იყო და ენერგიულად ცდილობდა სხვებიც დაერწმუნებინა იმაში, რომ როცა ღმერთი გამოცხადდება, ყველა დაინახავს _ ღმერთი მუდამ მართალი იყო. ლაიბნიცის დიდ გონებას, რატომღაც არ სურდა დაენახა, რომ ეს პოზიცია, ჰგავს მის მიერ არაერთხელ უარყოფილ „ზარმაცი გონების სოფიზმს“, ე.ი. დასაბუთების მაგიერ რწმენისათვის თავის შეფარებას.

    როგორც დავინახეთ, ლაიბნიცი უარს არ ამბობს კონფესიურ ღმერთზე და უშვებს ადამიანის ცნობიერების მიერ, რწმენის საშუალებით, გონების სფეროს გარეთ გასვლას. იქ, სადაც პრობლემაა სამების საიდუმლოება, შესაქმე და სხვა (იქ, სადაც საუბარია სამების საიდუმლოებაზე, შესაქმეზე და სხვა მსგავს თემებზე), ლაიბნიცი თითქოს უარს არ ამბობს კათოლიკურ აღმსარებლობაზე; თუმცა, ლუთერანიზმისადმი გარკვეულ სიმპათიასაც ავლენს. იგი უშვებს გონებაზე მაღლა მდგომ ჭეშმარიტებებს, მაგრამ არასგზით გონებისადმი დაპირისპირებულს.

    მისი ღმერთი, ფაქტიურად აბსოლუტური ჭეშმარიტების და აბსოლუტური სიკეთის ერთიანობაა. მას არ შეუძლია თვითნებობა, არც მარადიულ ჭეშმარიტებათა შეცვლა. პიროვნება მას მხოლოდ ანალოგიით შეიძლება ეწოდოს. არსებითად მისი სისტემა ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ერთ-ერთი გარიანტია. მას არ შეუძლია სამყარო და ადამიანი უნაკლო შექმნას, რადგან ეს მარადიული ჭეშმარიტებების საპირისპირო იქნება. მაგალითად, იმის საპირისპირო, რომ განსაზღრული, შექმნილი არ შეიძლება იყოს უნაკლო. თუმცა ღმერთმა შესაძლებელ სამყაროთა შორის საუკეთესო ამოირჩია. ეს გამომდინარეობს ღმერთის სიკეთიდან, და მარადიული ჭეშმარიტებების მასთან მიმართებიდან. ამის გამოხატულებაა ლაიბნიცის მიერ ღმერთის „დამცველი“ შემდეგი დებულება: „ღმერთს სულაც არ სურს ბოროტება, მაგრამ უშვებს მას. თუმცა შეეძლო არ დაეშვა“ (79,4.62). ეს დამატება, ნათელია, საეკლესიო ხელისუფლებისთვისაა გაკეთებული, თუმცა ლოგიკურად არაფრით არ მოდის თანხმობაში, ლაიბნიცის სისტემის არსებით შინაარსთან. ამ სისტემასთან არც ისაა შინაგან კავშირში, რითაც ლაიბნიცი სამყაროს, თუნდაც ნაკლოვანის, შექმნას ამართლებს: “არსებობა (Eხისტენზ) უკეთესია, ვიდრე არარსებობა“ თუმცა, სხვა შემთხვევაში, ლაიბნიცი, ისევე, როგორც რიგი დიდი მოაზროვნე (დემოკრიტე, ჰაიდეგერი) აქ მაინც მარადიულ პრობლემას ხედავს.

    შესაძლებელ სამყაროთა შორის საუკეთესო ჩვენს სამყაროში ლაიბნიცი გამოყოფს სამი სახის ბოროტებას: მეტაფიზიკურს, ფიზიკურს და მორალურს (79,4.327). პირველი იმას ემყარება, რომ სამყარო, როგორც შექმნილი სასრულოა და თავის შესაძლებლობებში შეზღუდული; მეორე _ ფიზიკური არსებობაა და უფრო „ხელშესახებ“ ნაკლოვანებებს მოიცავს (მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევას, მიწისძვრებს, სიმახინჯეებს და სხვ.); მორალური ბოროტება კი სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა, რომელიც ადამიანის მიერ ღმერთის ნების უარყოფაზეა დაფუძნებული.

    ღმერთს ყოველთვის მხოლოდ სიკეთე უნდა, მაგრამ ბოროტების შესაძლებლობას ტოვებს, როგორც ადამიანის თავისუფალი ნების შესაძლებლობას. ადამიანის სახელმძღვანელო უნდა იყოს არა მარტო შესრულება ღმერთის სურვილის, არამედ მისი მცნებების, კერძოდ სამართლიანობის და სიქველის სიყვარულიც; თანაც არა რაღაც სხვა მიზნისათვის, არამედ მხოლოდ მათივე გულისათვის. ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს გონების საშუალებით, შესაბამისად, ჩვენი ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ გონებას მივსდიოთ. სხვა ორიენტირი ჩვენ არა გვაქვს, რადგან გონებაზე მაღლა მდგომი „ანტიგონებითი“ არ შეიძლება არსებობდეს და გონება თავის წინსვლაში „განსწავლულ არცოდნას“ არასდროს მიადგება. საიქიოსათვის მომზადებაც ამ გონივრულ რწმენას უნდა ემყარებოდეს, რადგან უმაღლესი ბედნიერება ამქვეყნად მდგომარეობს ჩვენთვის იმქვეყნიური ნეტარების იმედში (52,IV,A461-465). ამრიგად, სოკრატედან წამოსული სამართლიანობის საკუთრივ მისთვისვე სიყვარულის ეს იდეალი, სპინოზას „ღმერთის ინტელექტუალური სიყვარულის“ გავლით, ლაიბნიცთან „უანგარო სიყვარულის“ სახელს იღებს (52,4.445). მისი შინაარსი, თანმიმდევრული თუ ვიქნებით, სპინოზას ზემოაღნიშნულ პრინციპზე (ღმერთის ინტელექტუალურ სიყვარულზე) დაიყვანება. ლაიბნიცის მოძღვრებაში ღმერთი აბსოლუტური თვითცნობიერებაა. ტრადიციული გაგებებისაგან იგი ყველაზე უფრო ღმერთის, როგორც აზროვნების აზროვნების არისტოტელისეული გაგებისგანაა დავალებული; მაგრამ იმ არსებითი განსხვავებით, რომ არისტოტელე აშკარა დუალისტია. მისთვის ფორმაზე არასდროს დაიყვანება მატერია, ლაიბნიცისათვის კი, მატერია მხოლოდ ცნობიერების უდაბლეს დონეს აღნიშნავს და არსებობს მხოლოდ გარკვეული დონის მონადაში.

    ლაიბნიცის ენციკლოპედიური სისტემის საჭიროებას ევროპული კულტურის სხვადასხვა სფერო ყოველთვის აცნობიერებდა და მის რაღაც ასპექტს წამოსწევდა ხოლმე. ლაიბნიცის სახელთან იყო დაკავშირებული 2006 წლის სასიამოვნო სენსაცია ფილოსოფიაში: ანტიკურობის ახალგაზრდა (30 წლის), მაგრამ უკვე ენციკლოპედიური განათლების მქონე მკვლევარმა ქალმა, გერმანელმა პროფესორმა გიბურგ რადკემ 1,55 მილიონი ევრო მიიღო, როგორც ლაიბნიცის პრემია. ეს თანხა მას გამოეყო მომდევნო ხუთ წელიწადში იმ კვლევების ჩასატარებლად, რომელსაც თავად ჩათვლის საჭიროდ (45, 4.136-7).

    დაბოლოს, უნდა აღინიშნოს დიდი მეცნიერის და მოაზროვნის მემკვიდრეობის კიდევ ერთი სასიქადულო ასპექტი, რომელიც ჩინური კულტურით მის დაინტერესებას ეხება. ლაიბნიცმა, ჰეგელისაგან განსხვავებით, იწინასწარმეტყველა ჩინეთის ხელახალი ჩართვა მსოფლიო პროგრესში მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ! აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ჰამბურგში დიდი ინტერესით შეხვდნენ მაიერის გამომცემლობის მიერ მომზადებულ წიგნს: გ.ვ. ლაიბნიცი, “მიმოწერა ჩინეთში მყოფ იეზუიტებთან (1689-1714)”. მისიონერი იეზუიტების მიზანი იყო ჩინეთი ქრისტიანობის მისაღებად მოემზადებიათ. დღეს ამ წიგნის ახალი გამოცემა გამოდის (62,2008, N, შ.62). ლაიბნიცის ეს წამოწყება ნაყოფიერად გააგრძლა მისმა მოწაფემ ქრ. ვოლფმა (1679-1754) რომელმაც ჩინელთა ეთიკაზე საფუძვლიანი ნაშრომი გამოაქვეყნა.

    პეტერბურგში გადასახლებული ქართველი უფლისწულის თეიმურაზ ბაგრატიონის (1782-1846) (პეტერბურგში ქართველოლოგიური სკოლის შემქმნელის) „კალმასობიდან“ დაწყებული შეიძლება ითქვას, რომ ლაიბნიცის მემკვიდრეობა ქართველ მოაზროვნეთა მსოფლმხედველობრივი ძიებების საგანი იყო. ს. დოდაშვილმა ზუსტი შეფასება მისცა ლაიბნიცის მოღვაწეობას: მან ლაიბნიცის კამათი ლოკთან გაიგო, როგორც საერთოდ ემპირიზმის შეფასება და მისი საზღვრების დადგენა. ამიტომ მან ლაიბნიცის მიერ უშუალოდ ლოკისადმი მიმართული ძირითადი შენიშვნა არისტოტელეზე გადაიტანა: „არისტოტელემ თქვა, არაფერია გონებაში ისეთი, რაც უწინ გრძნობებში არ ყოფილიყოს. ლაიბნიცმა დაუმატა, „გარდა თვით გონებისა“ და ეს დამატება სრულიად აუცილებელია იმისათვის, რომ განმარტებული იქნეს გონების რაობა“ (8,57-8). ილია ბატონიშვილმა 1844 წელს ლაიბნიცისა და ს. კლარკის მიმოწერა ფრანგულიდან ქართულად თარგმნა: “ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფოსთა ევროპიისათა კლარკ და ლაიბნიცისა“.

    ილია ჭავჭავაძე კაცობრიობის ისტორიის გასაგებად ნაყოფიერად იყენებდა ლაიბნიცს. 1913 წელს, შ. ნუცუბიძე, თავის ცნობილ ნაშრომში “ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ (რუსულ ენაზე), შეეცადა ევროპული ფილოსოფიის განვითარების ტრადიციული ხაზთან (ლაიბნიცი, კანტი, ჰეგელი) ერთად ლაიბნიცი-ბოლცანო-ჰუსერლის ხაზით თანასწორუფლებიანობა დაესაბუთებია.

    ქართული უნივერსიტეტის მთავარი ჟურნალის „მოამბის“ პირველივე ნომერი ლაიბნიცის “მცირე პერცეფციების“ ანალიზით დაიწყო. თანამედროვე აზროვნებისათვის მათი მნიშვნელობის შესახებ კამათი მიმდინარეობდა ორ დიდ ქართველ მოაზროვნეს, ს. დანელიასა და ქართული ფსიქოლოგიის ფუძემდებელს დ. უზნაძეს შორის. გამოჩენილმა ქართველმა ფილოსოფოსმა კ. ბაქრაძემ, „ახალი ფილოსოფიის ისტორიაში“ (196?), ლაიბნიცის რთული სისტემა მაქსიმალურად გასაგები სახით, მისი არსებითი შინაარსის შენარჩუნებით, მისაწვდომი გახადა სტუდენტებისა და საერთოდ ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო ფენებისათვის. პროფ. მ. ბიჭაშვილმა 2005 წელს მონოგრაფიული გამოკვლევა გამოაქვეყნა ლაიბნიცზე (2). ამავე წელს პროფ. თ. ირემაძემ გერმანულიდან თარგმნა ლაიბნიცის ნარკვევი ’“ჭეშმარიტი მისტიკური თეოლოგიიდან“ (2). აღსანიშნავია, რომ ქართველი ლოგიკოსები (მ. ბეჟანიშვილი, ლ. მჭედლიშვილი) მონაწილეობენ ლაიბნიცთან დაკავშირებულ თანამედროვე კვლევებში.


    Responses

    1. […] აღრიცხვის დიდ აღმომჩენთა (ნიუტონი, ლაიბნიცი) უშუალო […]


    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

    Google photo

    You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

    Connecting to %s

    კატეგორიები

    %d bloggers like this: