Posted by: burusi | 22/09/2010

თენგიზ ვერულავა “გაქცევა”

Tengiz Verulava - თენგიზ ვერულავა

თენგიზ ვერულავა “გაქცევა”

ღამით ნისლი ჩამოწვა. რძისფერი ბურუსი გაებლანდა გაძრცვილ ხეებს. ფანჯარასთან ვიდექი და მთვარით განათებულ ხეივანს გავყურებდი. ქუჩა ცარიელი ჩანდა. ავტობუსის გაჩერებასთან, ჩაბნელებულ მოსაცდელთან შუქნიშანი ანათებდა დროგამოშვებით. ქუჩის გაღმა, ორსართულიან კოლეჯში ნათურები ჩაექროთ.

ცივ მინას მივადევი შუბლი და ყრუ, ცივ სივრცეს მივაშტერდი. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა. გულზე სევდა შემომაწვა. ზოგჯერ გულისგამაწვრილებელია ასეთი სიჩუმე.

შუაღამე გადაცილებული იყო. ვცდილობდი დამეძინა. არაფერი გამომდიოდა. დილიდანვე ძაღლის გუნებაზე დავდექი. უძილობა დამჩემდა. მთელი ღამე ხან ფანჯარასთან ვიდექი, ხან საწოლზე გავწვებოდი. არ ვიცი, რა მქონდა ამდენი საფიქრალი. მოჯადოებულივით ვიდექი და ღამის მდუმარებას მივშტერებოდი.

უკაცრიელ ქუჩაზე ვიღაცამ ჩაიარა. მალე თვალს მიეფარა.

“არა, არაფერი მშველის. ხვალვე გავუდგები სტრატფორდის გზას. ყველაზე ადრეულ ავტობუსს გავყვები. ესღა თუ მიშველის”.

სასთუმალთან შუქფარი ჩავაქრე და სარეცელზე მივწექი. ვიფიქრე, ძილს მოვიპარავ მეთქი. საშინელი ფიქრები ამეკვიატა. ვერაფრით დავიძინე. თვალგახელილი ვიწექი და ჩემი სარკის წინ მდგარ ხეთა შრიალს ვუგდებდი ყურს.

დილით ადრე გავწიე იორკის ავტობუსების გაჩერებაზე. ინგლისური ზამთრის ჩვეულებრივი დილა იდგა. მკრთალი მზე უნიათოდ ანათებდა.

ოფისში ნაცნობი ქალი დამხვდა. თავაზიანად მომესალმა. სახეზე ღიმილი აღბეჭდვოდა. მეც გავუღიმე. თქვენ კეთილი ქალბატონი ბრძანდებით-მეთქი, ვუთხარი. თვალები გაუბრწყინდა და ისედაც მოღიმარი სახე უფრო გაუცისკროვნდა.

– ახლა საით გაგიწევიათ?

– სტრატფორდისკენ.

– ჰოო, – მიპასუხა მან, – მშვენიერია. ალბათ, ნაცნობი გყავთ?

– არა.

– გასაგებია, – თქვა ქალმა. სათნო ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ბილეთი მომაწოდა.

– გმადლობთ მისს ლინდა!

– ბედნიერი მგზავრობა!

ფული გადავიხადე, ბილეთი გამოვართვი და გარეთ გამოვედი. მგზავრები გაჩერებასთან იდგნენ და ავტობუსის გასვლას ელოდებოდნენ. ავტობუსიც მალე დაიძრა. მოხერხებულად მოვკალათდი სავარძელში, ფანჯარასთან და გარეთ დავიწყე თვალიერება.

“კარგი ვქენი, რომ წამოვედი. ან რა გამაჩერებდა? შაბათ-კვირას ლექციებისაგან თავისუფალი ვიყავი. ოთხკედელშუა რა უნდა მეკეთებინა? კურსის მენეჯერმა საღამოს მთელი ჯგუფი მიგვიპატიჟა წვეულებაზე. ბევრი მეხვეწნენ სოსო და თამრიკო; დარჩიო, რა გეშექსპირებაო, კვირაც არ გასულა, რაც ჩამოვედითო. ცოტაც მოითმინე, მოვწესრიგდეთ და მერე წადიო. რაღა შენ და რაღა მიკლუხო მაკლაიო, – სიცილი დამაყარეს. მაინც არაფერი გამომდიოდა. ისინიც შეეგუენ ჩემს ახირებას. მიხვდნენ ვერაფრით გადამარწმუნებდნენ. სოსომ თბილი შარფიც გამომაყოლა სამგზავროდ.

ავტობუსი ლიიდზში გაჩერდა. მძღოლმა გაგვაფრთხილა, მხოლოდ ერთი საათით გავჩერდებიო.
ავტობუსიდან გადმოვედი და ბრიგეიტის ქუჩას გავუყევი. ჩავუარე აგურით ნაგებ ძველ სახლებს. აუჩქარებლად მივდივარ და არ ვიცი, საითკენ, სად? არც არაფერი მესაქმება ამ უცნობ ქალაქში. მიდიხარ უაზროდ, ისე, სადღაც.

ახლოს კათედრალი შევნიშნე. გამიხარდა, ვიფიქრე, შევივლი, იქნებ რაიმე საინტერესოს წავაწყდე-მეთქი.

გამიკვირდა, შაბათი დღე იყო და კათედრალში არავინ ჩანდა, დაცარიელებული დამხვდა.

გვერდით პატარა კაფე იყო მიშენებული. მოხუცები ისხდნენ, ჩაის მიირთმევდნენ. მათი შემხედვარე, ერთგვარი მოკრძალება ვიგრძენი. ასე ვიფიქრე, ალბათ, შაბათობით იკრიბებიან და ჩაის სვამენ-მეთქი.

კაფეში კედლები თეთრად შეეღებათ. თეთრი, ქათქათა სუფრები ეფარა მაგიდებს. თეთრწინსაფრიანი ქალი მომიახლოვდა. მომესალმა. სკამი შემომთავაზა. მეჩქარებოდა, მაგრამ ისეთი სითბო იდგა ირგვლივ და ისეთი სახით შემომცქეროდა მიმტანი ქალი, დარჩენა დავაპირე.

– ღვთის სიყვარულით, – ინგლისური თავაზიანობით მითხრა თეთრწინსაფრიანმა ქალმა, – მართალია, ახალგაზრდები აქ იშვიათად დადიან, მაგრამ იმედია ჩვენთან არ მოიწყენთ.

– სიამოვნებით.

– იტალიელი ბრძანდებით?

– ქართველი.

– მიყვარს ამერიკელები, – მითხრა მან. ინგლისში მიჩვეული ვიყავი, საქართველო ყველას ამერიკის ჯორჯიაში ეშლებოდათ.

– არა, ქალბატონო, კავკასიელი ვარ.

– მაპატიეთ.

– არაფრის, ხდება ხოლმე, ხშირად შეშლიათ. ასეთია პატარა ქვეყნის ბედი.

– ღვთის წინაშე ყველა თანაბარი ვართ.

– სახარების მიხედვით კი. აბა, ისე რა გითხრათ. ისეთი ვეშაპები გვყავს მეზობლად, მაგათ ვინ გადაურჩება. მგლის თავზე სახარების კითხვასავითაა მაგათთვის თანასწორობა.

– მესმის. საბოლოოდ მაინც ღმერთი განიკითხავთ.

– გმადლობთ თანაგრძნობისათვის!

– ჩაის ხომ არ მიირთმევთ, გეთაყვა?

– გმადლობთ, სიამოვნებით.

ქალმა თბილად გამიღიმა, მაგიდას გაშორდა და ჩაი მომიტანა.

მოხუცებს თვალი შევავლე. ერთად ისხდნენ, ჩაის მიირთმევდნენ და გამალებით რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ძალიან მინდოდა გამეგო მათი საუბარი, მაგრამ ისე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, არაფერი ისმოდა.

ფანჯარასთან განმარტოებით იჯდა მოხუცი კაცი. ლუდს წრუპავდა. რატომღაც ვან გოგის “ღამე კაფე არლში” გამახსენდა. კათედრალის შენობაში კაფე, სითბო, სინათლე, პატარა, სუფთა მაგიდები, მოღიმარი მოხუცები და სავსე ჩაის ჭიქები.

ნეტავ ვინ არიან ეს მოხუცები, ან აქ რისთვის მოვიდნენ. ნუთუ მარტო ჩაის სასმელად შეიკრიბნენ? ან ეს კაცი, მაგიდასთან მარტო რომ მიმჯდარა და ლუდს წრუპავს, ნუთუ, სხვა საქმე არაფერი აქვთ? – ვფიქრობ ჩემთვის და თვითონვე ვპასუხობ: შენ რისთვის შემოეხეტე ამ კაფეში?

თეთრწინსაფრიანი ქალი მოხუცისკენ გაემართა.

– კიდევ ხომ არ გნებავთ? – ჰკითხა მან.

ბერიკაცი უკვე შემთვრალიყო ლუდით. უწყინრად შემოხედა.

– კიდევ ერთი ტოლჩა, გეთაყვა! – თქვა მან.

თეთრწინსაფრიანი დახლისაკენ გაემართა. ერთი ტოლჩა ლუდი ჩამოუსხა.

– გმადლობთ, – უთხრა ბერიკაცმა. სათნო ღიმილი აღებეჭდა სახეზე. სიმთვრალისაგან თვალები ამღვრეოდა.

მოხუცმა ლუდი მოსვა, ნიკაპით ხელს დაეყრდნო და გამობრუჟული თვალებით მიაშტერდა მაგიდაზე მდგარ საფერფლეს. შუბლზე გადაიტანა ხელისგული, სახე ჩამოიფარა. ერთხანს ასე იჯდა, თავჩაქინდრული. თითქოს მისთვის არაფერი არსებობდა ირგვლივ. თავი როცა ასწია, თვალები ჩაწითლებოდა.

წამოდგომა დავაპირე. თეთრწინსაფრიანი გამოემართა და მკითხა: დასალევს ხომ არ მიირთმევო. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მადლობა გადავუხადე.

– კიდევ შემოიარეთ, – მითხრა მან, – შაბათ-კვირაობით ვიკრიბებით. ჩაის დაგალევინებთ.

– მართლაც მსვენიერი კაფეა, – ვუპასუხე და დავემშვიდობე.

კაფედან კათედრალისკენ გავემართე. მონაზვნურ სამოსში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი მიჯდომოდა საორღანო საკრავს და ბახს უკრავდა.

“ესეც შენი დილა კაფე ლიიდზში. ერთი საათით შეძელი თავის შეფარება. თითქოს სტრატფორდი გიშველის? ან შაბათ-კვირაობით ეს უთავბოლო მოგზაურობა ერთი ქალაქიდან მეორეში? მენეჯერს ისიც კი უთხარი, ჩვენ საბჭოეთის გალიიდან გამოქცეულ დაბეჩავებულებს ვგავართ-თქო. გინდოდა თვალებში შეგეხედა სათაყვანო, თავისუფალი ევროპისათვის. ხომ შეხედე?! გიშველა? უფრო მარტო დარჩი, როგორც აქ, ამ გამოცარიელებულ კათედრალში”

საათს უკვე ათი წუთი უკლია. მალე ავტობუსიც გავა. უნდა დავტოვო კათედრალი.

ავდივარ ავტობუსზე და ვფიქრობ ჩემთვის: ღირს კი სტრატფორდს წასვლა. თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. სიმარტოვეს და შენს თავს მაინც ვერსად გაექცევი. რისთვის წამოხვედი? რა უაზრობა ყოფილა გაქცევა?! მშველოდეს მაინც. არა, არაფერი მშველის, ღმერთო ჩემო, სრულიად არაფერი!…

იორკი, 1997 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: