Posted by: burusi | 19/09/2010

თენგიზ ვერულავა – “ლანდები” (მერაბ მამარდაშვილის გახსენება)

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili

თენგიზ ვერულავა – “ლანდები” (მერაბ მამარდაშვილის გახსენება)

“და ლანდები უფრო გრძელნი, ვიდრე წუთისოფელი”

მერაბ მამარდაშვილს სახალხო ფრონტის ყრილობაზე შევხვდი შემთხვევით. სწორედ იმ ყრილობაზე, სადაც თავისი ისტორიული სიტყვა თქვა: “ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!”

უყვირეს, უსტვინეს. რა არ უძახეს – “კრემლის აგენტი”, “არაქართველი”, “მოღალატე”, “შპიონი”. დაინგრა დარბაზი, მაგრამ ბატონ მერაბს გამოსვლა არ შეუწყვეტია და შეძახილების ფონზე მაინც მშვიდად განაგრძობდა, არც დარბაზი დაუტოვებია.

ერთერთ შესვენებაზე, ფოიეში როცა გამოვედი, მაშინ დავინახე ახლოს. კედელთან იდგა განმარტოებით. გამიკვირდა მისი მარტო დგომა და დრო ვიხელთე გასაცნობად.

მაშინ სტუდენტი ვიყავი და როგორც ბევრი სხვა, მეც დავდიოდი მიტინგებზე. მის ლექციებს არ დავსწრებივარ, უფრო სწორედ, სამედიცინოზე ვსწავლობდი და არც ვიცოდი მის შესახებ. სტუდენტები ძირითადად აკაკი ბაქრაძის ლექციებზე დავდიოდით.

მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს დროშა არ იშოვებოდა და მე და ჩემმა მეგობარმა ერთი დიდი დროშა გავაკეთეთ. მახსოვს, სახლში რომ მოვიტანე ჩემს მეზობელს კინაღამ გული გაუსკდა. რეპრესირებული ოჯახი იყო, 1937-ში მეუღლე გადაასახლეს და ასე მითხრა: ზარის დარეკვაზე ახლაც კი შიში მაქვსო. მაშინ იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. დროშა გრძელი იყო და გარეთ, საერთო დერეფანში ვტოვებდი. მთხოვა, თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა, სადმე სხვაგან შეინახეო.

ამ დროშით დავდიოდით მიტინგებზე მთელი ჩვენი ჯგუფი და ვაფრიალებდით, მთელი ხმით ვყვიროდით “გაუ”, “გაუ”, ”ჯოს” , ”ჯოს” . ვაგროვებდით ხელმოწერებს, ინსტიტუტში მეცნიერული კომუნიზმის ლექციებს დემონსტრაციულად ვტოვებდით ან ისეთ კითხვებს ვუსვამდით ლექტორებს, რომ თავად ლექტორებსაც ვეღარ მოესვლებოდათ და ა.შ.

დროშა სახალხო ფრონტის ყრილობაზეც წავიღე. ფილარმონიის დიდ დარბაზში მიმდინარეობდა შეკრება და იქ რატომ წავედი დროშით არ მახსოვს. ეს დროშა მეკავა ხელში როდესაც ბატონი მერაბის გასაცნობად მივედი.

იმპერიას წყალი შეყენებული რომ ჰქონდა ამას კი ვხედავდით, მაგრამ ასე ბურბუშელა სახლივით უცებ თუ დაინგრეოდა არავის გვეგონა. სულსწრაფი არ ვარ, მაგრამ იმდენად აუტანელი იყო არსებული რეჟიმი და უკვე ისე ყარდა გახრწნილი წყობა, რომ ვეღარ ვეგუებოდით.

ბატონ მერაბთან ჩემი კითხვაც ამას ეხებოდა: როდის დაინგრეოდა იმპერია?

მერაბმა ჯერ ჩემ უშველებელ დროშას შეხედა, მერე სივრცეს გაუსწორა მზერა და მიპასუხა:

“იმპერია მალე დაინგრევა, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი აქ ისაა, ნგრევისას რამდენი აგური დაგეცემა თავზე, რამდენად უვნებლად დავაღწევთ თავს ამ ნანგრევებს, რამდენად დაუზიანებლად გამოვძვრებით იმპერიის ნანგრევებიდან”.

არ დავმალავ. მაშინ, ბატონი მერაბის პასუხიდან, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ იმპერია მალე დაინგრეოდა, ხოლო მის მეორე ნაწილზე, ანუ, თუ რა ფილიგრანული წესი გვეხმარა, რომ ბევრი აგური არ დაგვცემოდა თავზე, არ მიფიქრია. მე კი არა, ჩემზე ზრდასრულებსაც არ უფიქრიათ. დაიმედებული ჩამოვართვი ხელი და დავემშვიდობე.

მას შემდეგ, არც გასულა დიდი დრო, უსწრაფესად ქრებოდა იმპერიის ლანდი. მაგრამ ყველაზე დიდი და ბოროტი ლანდი თურმე საკუთარ სულში გვქონია. მათი დაძლევა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე დედამიწის ერთი მეექვსედის ნგრევა. სულში ჩარჩენილი ლანდები არ გვტოვებდნენ, პირიქით, რაც დრო გადიოდა უფრო ფართოვდებოდნენ და გვიპყრობდნენ.

მოგვიანებით, ბუკინისტებში მერაბ მამარდაშვილის წიგნს წავაწყდი. ყველაზე მეტად ერთი ადგილი დამამახსოვრდა ერთ-ერთი წერილიდან: “ლანდები მოითხოვენ გაცილებით მეტ სისხლს, ვიდრე ყველაზე ბოროტი სახელმწიფო ან ხელისუფლება”.

ის დროშა ახლაც მაქვს სახლში შემონახული, ხანდახან ჩამოვიღებ კარადის თავიდან, რომ მტვრისაგან გავწმინდო. ყოველ ჩამოღებისას ბატონი მერაბის სიტყვები გამახენდება აგურზეც და ლანდებზეც. მეც ვწმენდ მტვრისაგან, რომ ობი არ მოეკიდოს.

აგერ ოც წელზე მეტი გავიდა. თავზე აგურის ცემა არ დაგვკლებია, ნგრევამაც გადაგვიარა.

ლანდები? …


Responses

  1. “ლანდები მოითხოვენ გაცილებით მეტ სისხლს, ვიდრე ყველაზე ბოროტი სახელმწიფო ან ხელისუფლება”.

    აქამდე არ წამიკითხავს.

    გმადლობთ!

  2. didebulia,didi mdloba.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: