Posted by: burusi | 16/09/2010

გიგი თევზაძე – “დიდი იდენტობა”

გიგი თევზაძე – Gigi Tevzadze

“დიდი იდენტობა”

შესავალი

მას შემდეგ, რაც „სოლიდარობამ“ იდენტობის შესახებ სტატიის დაწერა დამაძალა, რისთვისაც სრულიად გაუმართლებლად გამოიყენა ჩემი და რედაქტორის ნათესაური კავშირი, სირთულის წინაშე აღმოვჩნდი. არა იმიტომ, რომ კიდევ ერთ სტატიას ვერ დავწერდი იდენტობაზე და ნაციონალიზმზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი აკადემიური ინტერესი პოლიტიკური და ეროვნული იდენტობის თეორიები იყო. ამ ინტერესის შედეგად რამდენიმე სამეცნიერო სტატია და ესეი და კიდევ – ორი სალექციო კურსი მივიღე. კიდევ ერთი სტატიის ანდა ესეის დაწერა, სადაც პოლიტიკური და ნაციონალური იდენტობის „კიდევ ერთ ასპექტს“ შევეხებოდი, ნამდვილად არ მინდოდა. აკადემიური ეთოსი მოითხოვს, რომ სამი წლის მუშაობას და სტატიების/ესეების წერას ერთი წიგნი მაინც უნდა მოჰყვეს. ჩემი დროის ახლანდელი და უახლოეს მომავალში სავარაუდო განაწილებიდან გამომდინარე, ასეთ წიგნს კიდევ სამი-ოთხი წელი ვერ ან საერთოდაც აღარ დავწერ.

ამიტომ, გადავწყვიტე სრულიად არააკადემიური „გამჟღავნება“ ჩავიდინო. ანუ, მოვყვე იმ კითხვების შესახებ, რომელიც აქტუალურია როგორც პოლიტიკური და ეროვნული იდენტობის მკვლევარებისათვის, ასევე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების წარმომადგენლებისათვის, და ასევე, რაც მნიშნველოვანია, ინტელექტუალისათვის, რომელსაც აინტერესებს, მაგალითად, ნაციონალიზმის შესახებ თეორიები, ანდა, უბრალოდ, საკუთარი ქვეყნის [იდეების] ისტორია. ეს ის კითხვებია რომლებზეც ყველა მკვლევარი, როდესაც პოლიტიკური და ეროვნული იდენტობის მაკონსტრუირებელ ძალებსა და მოვლენებზე იწყებს წერას, ღიად თუ ფარულად, აპელირებს და ცდილობს საკუთარი პასუხი გასცეს. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ რაკი კითხვების შესახებ ვყვები, მოვყვები იმ პასუხების შესახებაც, რომლებიც ამ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ჩამომიყალიბდა.

ასე რომ, თქვენ წინაშე მყოფი ტექსტი არარსებული წიგნის ერთ-ერთ თავად შეგიძლია ჩათვალოთ, თავად, რომელსაც ეწოდება „ყველა [ან თითქმის ყველა] წარმოდგენების მართებულობის შესახებ“. რატომ ასეთი სათაური, შევეცდები ტექსტის განმავლობაში განვმარტო. ჩემთვის ამ კითხვებზე ღია და ჩამოყალიბებულ პასუხს ისტორიულ-სენტიმენტალური მნიშვნელობაც აქვს. ამ კითხვების უმეტესობა ჩვენს ინტელექტუალურ საზოგადოებაში იმ დროს დაისვა, როდესაც სამმა ავტორმა – ზალიკო ქიქოძემ, გია ნოდიამ და თქვენმა მონა-მორჩილმა დაიწყეს ნაციონალიზმზე წერა, ლაპარაკი და კამათი. იმდენად, რამდენადაც ჩვენი სამივეს წყარო სხადასხვა იყო, მაინდამაინც დიდი აზრი არ აქვს დავაფიქსირო, პირველმა ვინ-სად-რა-როდის-დაწერა: ზალიკო ქიქოძემ ნაციონალიზმის შესახებ მეცნიერული თეორიებით გატაცების ბიძგი ჰობსბაუმის (Hobsbaum) წიგნებიდან მიიღო. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ როგორც იმდროინდელ საქართველოში პოლიტიკურ მეცნიერებაში ყველაზე უფრო ჩართული მკვლევარის, გია ნოდიას, იდეების ამოსავალი გელნერის (Gehlner) თეორია უნდა ყოფილიყო. მე კი, როგორც ამ სამეულში ყველაზე უფრო კონსერვატორი, ნაციონალიზმის თეორიებით დაინტერესებამდე ჰაიდეგერის (Heidegger) ფილოსოფიის შესწავლით მივედი.

Martin Heidegger

საბოლოო ჯამში, როგორც აკადემიურ, ასევე, აკადემიურთან მიახლოებულ წრეებში ნაციონალიზმსა და იდენტობაზე „მტკივნეული“ შეკითხვები რამდენიმე კითხვაზე დაიყვანება. სანამ ამ კითხვებს ჩამოვთლიდე, უპრიანი იქნება აღვნიშნო, რომ ყველა ეს კითხვა ნაციონალიზმის კლასიკური თეორიების გამო დაისვა და საბოლოო ჯამში, ჩვენც ამ კლასიკურ თეორიებზე დაყრდნობით ვცდილობდით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ კითხვების საფუძველი კი ისაა, რომ ნაციონალიზმის სამივე კლასიკური თეორია (Gehlner, Smith, Anderson – ავტორები) ამტკიცებს, რომ (1) თანამედროვე ერის ცნება და საზოგადოებრივი ცნობიერება იქმნება ახალ დროში, რომ (2) მანამდე ერის ცნება და ცნობიერება არ არსებობდა, და (3) თუ რამე მსგავსი არსებობდა, ის არ იყო ერის ცნება და ცნობიერება. საერთოდაც, (4) ეროვნული ცნობიერების გაჩენა მთელ მსოფლიოში სადღაც მე-19 საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ.

ბუნებრივია, საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, ამ დებულებებმა სრულიად ლეგიტიმური შეკითხვები გამოიწვია. ეს შეკითხვები დაახლოებით ასეთი იყო: აბა „ქართლის ცხოვრება“? აბა ქართველების თავდადება ერისა და სარწმუნოებისათვის? აბა ებრაელები? რა, ებრაელი ერი არ იყო ერი ახალ დრომდე? როდესაც ვცდილობდით ამ კითხვებზე პასუხი შუა საუკუნეებში რელიგიური განწყობების დომინანტურობაზე დაყრდნობით გაგვეცა, ანუ, გვეთქვა, რომ ის, რაც შუა საუკუნეებში ეროვნული ცნობიერება გვგონია, [საქართველოს შემთხვევაში] რელიგიური ცნობიერებაა, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდა (ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურებას ვგულისხმობ) და ჩვენთვის წააგავს ეროვნულ ცნობიერებას, ანდა, რომ ის „უბრალოდ“ ეთნიკური იდენტობის ჩანასახია, ანდა ის, რომ ებრაული ერთიანობა ეყრდნობოდა რელიგიურ იდეას და არა ეროვნულს, ძალიან დამაჯერებლები არ ვიყავით. ამის შემდეგი კითხვა კი ორივეს, მკითხველსაც და მოპასუხესაც „თავის აზრზე“ ტოვებდა. ეს კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს: დღესაც ხომ გვხვდება ეროვნული ცნობიერება, რომელშიც არ არის ცხადი საზღვარი რელიგიურსა და ეროვნულს შორის, და თუ ასეა, სად გადის ზღვარი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართველების საკუთარი იდენტობის შესახებ წარმოდგენებს შორის? ამის შემდეგ უკვე ერის განსაზღვრების მარქსისტულ-სტალინური აჩრდილი წამოყოფდა თავს და კამათი/დიალოგი შეუძლებელი ხდებოდა.

კვლავ თეორიებისა და პოლიტიკური შეხედულებების საბრძოლო ველად რომ არ გადამექცეს ეს გვერდები, ჯობია ყოველგვარი ისტორიულ-თეორიული საფუძვლებისა და დისკუსიების გარეშე მოვყვე პოლიტიკური და ნაციონალური იდენტობების ისტორიას. ვფიქრობ, ამ ტექსტის ბოლოსათვის მეტ-ნაკლებად ცხადი გახდება ჩემი პოზიციაც და ისიც, თუ როგორ ვპასუხობ კითხვებს ნაციონალიზმის და, ზოგადად, დიდი იდენტობის წარმოშობის, წარსულისა და მომავლის შესახებ.

დიდი იდენტობის განსაზღვრება

დიდი იდენტობა არის გარემომცველ სამყაროზე იდეებისა და წარმოდგენების სისტემა, რომლებსაც ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლის წევრების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობს და, სავარაუდოა, რომ ისინი არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს, იზიარებს და აღიქვამს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოქმედებების უპირობო განმსაზღვრელად. როგორც წესი, ეს წარმოდგენები ქმნიან წარმოსახვით საზღვრებს, რომლის იქით მოხვედრილი ადამიანი აღიქმება როგორც უცხო. ეს წარმოსახვითი საზღვარი შეიძლება ემთხვეოდეს გეოგრაფიულს ან პოლიტიკურს, შეიძლება – არა. მაგალითად, ნაციონალიზმი დიდი იდენტობის კლასიკური შემთხვევაა. მაგრამ არა მარტო.

დიდი იდენტობის არსებობის პირობები

სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ დიდი იდენტობა, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენი, მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანების დიდ ჯგუფებში კონკრეტული იდეებისა და წარმოდგენების კომპლექსის უცვლელი და უდანაკარგო გავრცელება/დანერგვა, ანუ, მას შემდეგ, რაც წარმოიშვა უნიფიცირებული, ერთიანი განათლების სისტემა და მასმედია. მხოლოდ მასმედიის და განათლების სისტემის საშუალებითაა შესაძლებელი იდეებისა და წარმოდგენების სისტემა ყოველი მოქალაქისათვის საერთო, ძვირფასი და შეუცვლელი გახადო. როგორ? თუკი მოახდენ ამ იდეების ტრანსლირებას სასკოლო სისტემით (ანუ, დაიწყებ ამ იდეების ჩანერგვას ადამიანების თავებში სკოლაში შესვლის მომენტიდან ანდა უფრო ადრეც) და შემდეგ – გაამყარებ გაზეთებით, რადიოთი და ტელევიზიით. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა კონკრეტული შინაარსის ტრანსლირება ხდება მასმედიის საშუალებით; მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არის ამ შინაარსის კონტექსტი. მაგალითად, საქართველოში ქართველობისა და ქართული სახელმწიფოს იდეის ტრანსლირება და იდენტობის გამყარება ხდება მასმედიის საშუალებით, იმ, ერთი შეხედვით, მარტივი ფაქტის გამო, რომ მასმედია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰყვება საქართველოს შესახებ.

შესაძლებელი კითხვა

ალბათ მკითხველი ფიქრობს, რომ მე ზედა ორ ქვეთავში ეროვნული იდეისა და ცნობიერების შესახებ ვლაპარაკობ, და მხოლოდ ზედმეტი მეცნიერულობის „იმიჯის“ შესაქმნელად არ ვარქმევ ამ მოვლენას „საკუთარ სახელს“, ანუ, ნაციონალიზმს. სულაც არა. განათლების უნიფიცირებული სისტემისა და მასმედიის საშუალებით ნებისმიერი იდეათა სისტემის გავრცელებაა შესაძლებელი და არა მხოლოდ ისეთის, რომლებიც ეროვნული სულის, ისტორიისა და სახელმწიფოს შესახებ გველაპარაკებიან. ამის დასტურად საკმარისია ისლამის, როგორც დიდი იდენტობის, მაგალითი მოვიყვანოთ: მეოცე საუკუნეში ისლამი უნიფიცირებული განათლების სისტემისა და მასმედიის საშუალებით გახდა დიდი იდენტობა, ოღონდ ჩვენი, „ევროპული“ დიდი იდენტობის – ნაციონალიზმისაგან განსხვავებით, ამ აღმოსავლურ დიდ იდენტობაში ძირითადი და მთავარი შინაარსი რელიგიაა: დღეს ისლამი აღმოსავლეთის ქვეყნებში მუშაობს კიდეც როგორც ამ ქვეყნების ხალხთა მთავარი გამაერთიანებელი. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებში არსებობს ნაციონალური, ქვეყნის მასშტაბის იდენტობის შექმნის მცდელობები, მაგრამ ჯერჯერობით მათ მთლიანად მოიცავს და იმორჩილებს დიდი რელიგიური იდენტობა.

დასკვნა დიდი იდენტობის შესახებ

შესაბამისად, თუკი ახალ დროში რაიმეს წარმოშობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს დიდი იდენტობაა, ანუ შესაძლებლობა, იდეების ერთი სისტემა მთელი ქვეყნის მოსახლეობისათვის გახდეს შინაგანი, აუცილებელი და პოლიტიკური და სოციალური ქმედებების უპირობიო განმსაზღვრელი. დიდ იდენტობას მთავრობები ან დიდი გავლენის მქონე ადამიანთა ჯგუფები ქმნიან და ავრცელებენ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მთავრობაში ან დიდი გავლენის მქონე ჯგუფებში განსაკუთრებულად ჭკვიანი ადამიანები შედიან, არამედ იმიტომ, რომ დიდი იდენტობის შესაქმნელად აუცილებელი ორივე სისტემა – განათლებისა და მასმედიის ინსტიტუციონალური ფორმები – მათ ხელშია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში დიდი იდენტობის შექმნა შემქმნელების მიერ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. რატომ – ამის შესახებ პასუხს ქვემოთ იპოვით.

პოლიტიკური და ნაციონალური იდენტობები დიდი იდენტობის წარმოშობამდე

იდეებს უცნაური თვისება და ისტორია აქვთ. თითქმის არ არსებობს იდეა ან იდეათა სისტემა, რომლის შესახებაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: „აი, დროის მომენტი, რომლის შემდეგაც ის იწყებს არსებობას“. ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ იმ იდეათა და წარმოდგენათა სისტემები, რომლებიც დღეს ნაციონალური და რელიგიური დიდი იდენტობების შინაარსს წარმოადგენს, არსებობდა შუა საუკუნეებში. არსებობდა ქართული სახელმწიფოს იდეაც, ისლამის, ქრისტიანობის, როგორც ერთიანი და უნივერსალური რელიგიის იდეაც და ა.შ. მათი შექმნა დაკავშირებული იყო ორ ფაქტორთან: სახელმწიფოს პოლიტიკასთან და მმართველი ელიტების ამბიციებთან: სახელმწიფოს წარმოშობის ან ექსპანსიის, ან შიდა წესრიგის განმტკიცების მიზნით ელიტა შეიმუშავებდა ამბავს – რომლის მიხედვითაც ეს კონკრეტული ელიტა – სამეფო გვარი, თავადების ერთობა, ა.შ. – იყო ამ კონკრეტული სახელმწიფოს „ბუნებრივი“ მფლობელი და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის „ბუნებრივი პატრონი“. ჩვენთვის, ქართველებისთვის, კარგად ნაცნობი დებულება – „იქ, სადაც წირვა ქართულად ტარდება, საქართველოა“ – ტერიტორიების შემოერთების იდეური გამართლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

მაგრამ, ახალი დროისაგან განსხვავებით, მასმედიისა და განათლების უნიფიცირებული საყოველთაო სისტემების არარსებობის ფონზე, ეს ამბავი არ და ვერ მიდიოდა ქვეყნის ყოველ მაცხოვრებლამდე და მხოლოდ ელიტების საკუთრებად რჩებოდა. მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობდა ეკლესიების სისტემა, რომელიც ამ ამბის გადამცემი იყო, მაგრამ არა როგორც განათლების სისტემის შინაარსის, არამედ როგორც ხელისუფლების გზავნილის.

რაც შეეხება ელიტის შიგნით არსებულ განათლების/აღზრდის სისტემას: მოხდებოდა თუ არა ამ ამბის ძლიერი ინკლუზია ბავშვების აღზრდის სისტემაში – ძალიან შემთხვევითი იყო და კონკრეტული „კარის“ გარემოზე იყო დამოკიდებული. შედეგად, ელიტის ახალგაზრდებში ან მუშავდებოდა იდენტობა პოლიტიკურ და ეროვნულ იდეებთან, რომლებიც მათი წინაპრების მიერ იყო შექმნილი, ან არადა უბრალო სოლიდარობის – ანუ ფაქტობრივი ვითარების აღიარებისა და ლოიალობის გამოხატვის – დონეზე რჩებოდა. ასეთი სოლიდარობა კი ადვილად ირღვეოდა და მის ადგილს სხვა ჯგუფთან/სხვა ამბავთან სოლიდარობა იკავებდა. სოლიდარობის ამ დარღვევას ისტორიკოსები და ჟამთააღმწერლები სამშობლოს ღალატს უწოდებენ.

ჰქონდა თუ არა უბრალო ხალხს შუა საუკუნეებში დიდ იდენტობა

სავარაუდოა, რომ არა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათ უმეტესობას, განსაკუთრებით სოფლის მაცხოვრებლებს, უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ მიეღოთ სისტემური განათლება, რომელიც მათ მათი საკუთარი იდენტობის ამბავს გადასცემდა. ამის დროც არ ჰქონდათ – გამომდინარე იმდროინდელი პირობებიდან – მთელი მათი დრო თვითგადარჩენისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. როგორც უკვე ვთქვი, იქ, სადაც ეკლესიისა და სახელმწიფოს ქსელი ძლიერი იყო, უბრალო ხალხმა იცოდა ვის და რას ეკუთვნოდა. ბუნებრივია, ეს იმპერატიული ფორმით მიღებული ცოდნა მათ იდენტობას ვერ გამოუმუშავებდა. სავარაუდოა, რომ გლეხების იდენტობა გარკვეული საერთო კულტურული ჩვევების (ყოფითი რიტუალები, საერთო ზღაპრები და მითოლოგია) ფლობის იქით არ მიდიოდა.

რაც შეეხება ქალაქების მაცხოვრებელებს – კარგად სტრუქტურირებულ ქალაქებში ძლიერი უნდა ყოფილიყო ქალაქელობის განცდა – ოსტატთა იმ გაერთიანებების გამო, რომელთა არსებობის ქვაკუთხედს ქალაქების დამოუკიდებლობა და ტრადიციული ხელობა წარმოადგენდა – რაც ტრანსლირდებოდა კიდეც გილდიის განათლების სისტემების საშუალებით.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებშიც შეგვიძლია ვილაპარაკოთ დიდი იდენტობის შესახებ – იქ, სადაც უნიფიცირებული და საყოველთაო განათლების სისტემა არსებობდა. მაგრამ შუა საუკუნეებში ასეთი ქვეყნები/საზოგადოებები გამონაკლისს წარმოადგენდნენ. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია ჩინეთი: სახელმწიფო მოხელის 1300 წლიანი ისტორიის მქონე გამოცდებს უნდა გამოემუშავებინა საშუალო და საშუალოზე დაბალ ფენებში დიდი იდენტობა. ასევე, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ებრაელთა საზოგადოებაც იყო დიდი იდენტობის მატარებელი – სწორედ უნიფიცირებული და [თითქმის] საყოველთაო განათლების შინაარსის გამო.

დასკვნა შუა საუკუნეებში ეროვნული და პოლიტიკური იდენტობების შესახებ

ეროვნული და პოლიტიკური იდენტობა შუა საუკუნეებში (ახალ დრომდე), ზოგიერთი გამონაკლისი გარდა, არსებობდა მხოლოდ როგორც იდეოლოგია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იდეოლოგიას ვუწოდებ იდეათა სისტემას, რომელიც მცირე ჯგუფის მიმართ მართებულ დებულებებს ავრცელებს ქვეყნის მთელ პოპულაციაზე (მოსახლეობაზე) და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ამ ქვეყნისა და ამ ხალხის არსებობა. მაგალითად, თეორია, რომლის მიხედვითაც X ქვეყნის ხალხი კონკრეტული, არა-შემთხვევითი მიზეზების გამო არსებობს კონკრეტულ ტერიტორიაზე და არის კონკრეტული ცნობიერების (მაგ., ქართველობის) მატარებელი, რის გამოც მას აქვს კონკრეტული Y უფლებები, და ელიტა, როგორც მათი წარმომადგენელი ღმერთის წინაშე, ამ უფლებების დამცველია, იდეოლოგიაა. იდეოლოგიაა, რადგანაც მისი ექსკლუზიური მატარებელი ელიტაა, ხოლო ელიტის მიერ ხდება ამ თეორიის გავრცელება/მიყენება მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე. ანუ, თუკი ქვეყანაში არსებულ საზოგადოებას სამკუთხედის ფორმით წარმოვიდგენთ, მაშინ იდეოლოგია არის ის, რაც ახასიათებს სამკუთხედის წვეროს, ხოლო ძალაუფლება ავრცელებს/მიაწერს ამ თვისებას მთელ სამკუთხედს. იდეოლოგიის იდენტობად ქცევა ხდება მას შემდეგ, რაც ეს თეორია „ეროვნული კატეხიზმო“ ხდება და ყველა ბავშვმა, რომელიც სკოლაში დადის, იცის მის შესახებ და საკუთარ ბიოგრაფიას ამ ამბიდან გამომდინარედ აღიქვამს.

იმის მტკიცება, რომ ეროვნული ან რელიგიური ცნობიერება, იდეა, იდეოლოგია, რომელსაც შუა საუკუნეების ტექსტურ დოკუმენტებში ვხვდებით, სტრქტურულად განსხვავდება იმ იდეათა სისტემებისაგან, რომლებიც ახალი დროის მერე შეიქმნა და საფუძვლად დაედო ეროვნულ და რელიგიურ დიდ იდენტობებს, მოკლებულია დამაჯერებლობას. მაგალითად, ჩვენი, ქართველების ეროვნული იდეა, ცნობიერება იმ დროიდან არსებობდა, რა დროიდანაც არსებობს ქართული სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს ელიტის პოლიტიკური განაცხადი. მაგრამ ეროვნული იდეა, როგორც დიდი იდენტობა, საქართველოში შესაძლებელი გახდა მხოლოდ მასმედიისა და განათლების ფორმალიზებული სისტემების წარმოშობის შემდეგ.

როგორ გადაიქცევა ხოლმე იდეოლოგია დიდ იდენტობად

მთელ რიგ შემთხვევებში, კაპიტალიზმის დადგომისა და დიდი იდენტობის შექმნის შესაძლებლობების გაჩენის დროს, ქვეყნის მმართველობა იგივეობრივია ან იმ ელიტის მემკვიდრეა, ვინც სახელმწიფოს იდეოლოგია შექმნა. ასეთ შემთხვევებში იგივე იდეოლოგია გარდაიქმნება ხოლმე დიდ იდენტობად (მაგ., დიდი ბრიტანეთი). თუმცა არანაკლები მაგალითი არსებობს იმისა, როგორ ანაცვლებს არისტოკრატიულ იდეოლოგიას რევოლუციის შედეგად მიღებული იდეოლოგია, რომელიც მალევე გარდაიქმნება დიდ იდენტობად (მაგ., საფრანგეთი). ასევე არანაკლებია შემთხვევა, როდესაც იდეოლოგიაც და დიდი იდენტობაც ცარიელ ნიადაგზე იქმნება – ამ პროცესს პუბლიცისტურად „ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება“ ჰქვია (მაგ., აფრიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ქვეყანა).

დიდი იდენტობის მომავალი

იმდენად, რამდენადაც დიდი იდენტობის შემოღების შესაძლებლობები იზრდება, მომავალში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ დიდი იდენტობა მხოლოდ ნაციონალური არ არის. ალბათ კიდევ უფრო ცხადად გამოიკვეთება რეგიონული დიდი იდენტობების კონტურები. მაგრამ ეს მომავალი დიდი რეგიონული იდენტობა შეიძლება სულაც არ იყოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე გვაქვს დიდი რეგიონული იდენტობის მაგალითი ისლამის სახით და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მას სიმშვიდე და სტაბილურობა მოაქვს. ხოლო ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ სრულიად არასახარბიელო პროგნოზი შეიძლება გაგვაკეთებინოს: ჩვენს ახლო და არცთუ ისე ახლო გეოპოლიტიკურ სივრცეებში მართლმადიდებლობა ერთადერთი კონსტრუქტია, რომელიც რეგიონულ იდეოლოგიას და, შესაბამისად, რეგიონულ დიდ იდენტობად ქცევის შესაძლებლობას შეიცავს. მართლმადიდებლური რეგიონული დიდი იდენტობა კი სერიოზულ პოლიტიკურ და გეო-პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს.

ერთი მეცნიერული შეცდომის მაგალითი, სოციალური მეცნიერების ბუნების გამჟღავნების მიზნით მოხმობილი

მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოაზროვნე, ემილ დურკჰაიმი ფიქრობდა, რომ საზოგადოებაში ადამიანთა შორის სოლიდარობა (დურკჰაიმი სოლიდარობას იმ მნიშვნელობით იყენებდა, რა მნიშვნელობითაც ჩვენ დღეს იდენტობას ვანიჭებთ) ევოლუციას განიცდის შინაარსობრივზე (განათლება, რელიგია, ღირებულებები, წეს-ჩვეულებები) დაყრდნობილიდან სისტემურზე (საწარმოო სისტემებისა და წარმოების სხვადასხვა წესების გარდაუვალი კავშირი ერთმანეთთან) დაყრდნობილისაკენ.

Émile Durkheim

ამიტომ დურკჰაიმი წერდა, რომ (ა) იმ საზოგადოებაში, სადაც საწარმოო ძალები და სისტემები განვითარებულია და ამის გამო მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან, მაინდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ღირებულებების მატარებელია ადამიანი, ვინაიდან (ბ) ასეთი საზოგადოების წევრებს ისე აქვთ განცობიერებული ურთიერთკავშირის სასიცოცხლო აუცილებლობა, რომ სხვადასხვა აღმსარებლობების, წარმოშობის და ყველა სხვა ბიოსოციალური ფაქტორის მიუხედავად, იქმნება ორგანული სოლიდარობა, რაც თანამედროვე, სეკულარულ და [მთლიანობაში უფრო] სამართლიან საზოგადოებას წარმოშობს.

მე-20 საუკუნეში მკვლევარებმა [და არა მარტო მათ] დაადგინეს, რომ საწარმოო სისტემების მჭიდრო და სასიცოცხლოდ აუცილებელი ურთიერთკავშირი არც ტოლერანტობას უწყობს ხელს და არც სტაბილურობას. თუკი ოდესმე დაიწერება წიგნი სათაურით „აზროვნების შეცდომები, დაშვებული ადამიანთა საზოგადოებისადმი კეთილგანწყობის გამო“, მასში დურკჰაიმის წიგნი „სამუშაოს განაწილება საზოგადოებაში“ (1893) კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს – მაქს ვებერის სეკულარიზაციის თეორიის გვერდით (ეს უკანასკნელი ფიქრობდა, რომ რაციონალიზმის შეღწევა ადამიანური არსებობის ყველა სფეროში საბოლოოდ საზოგადოების სეკულარიზაციას გამოიწვევს). ორივე თეორია შექმნილია მომავლის უკეთესი ადამიანის [ევოლუციის] რწმენით. თუმცა, ვფიქრობ, ორივე ამ შემთხვევაში სოციოლოგების ფუტუროლოგიური შეცდომა დარვინით და ევოლუციის იდეით გატაცების შედეგია. რატომ – ამის შესახებ ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, სადაც დასაბუთდება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან აღებული იდეების სოციალურ მეცნიერებებში ტრანსლირების არაპროდუქტიულობის/შეცდომის მიზეზი ისაა, რომ ეს იდეები თავის დროზე სოციალური აზროვნებიდან, ანდა, პირდაპირ ადამიანთა საზოგადოებაზე ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი დაკვირვების შედეგადაა მიღებული.

Max Weber. 1917

მაგრამ ამ შემთხვევაში დურკჰაიმისა და ვებერის მოხმობა, ზემოთ მოყოლილი დიდი იდენტობის თეორიის შემდეგ, იმიტომ დამჭირდა, რომ სტანდარტული გაფრთხილება შევიმუშაო სოციალური მეცნიერების წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი რწმენა მეცნიერულ პროგნოზად გადააქციონ. სოციალური მეცნიერების უკვე არსებული გამოცდილებიდან თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთადერთი, რაც მართლა იცვლება და ევოლუციას განიცდის ჩვენს სამყაროში, ტექნოლოგიებია (ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებით). სოციალურ სისტემებსაც ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ძველი და კარგად ნაცნობი იდეების დანერგვა ცვლის. შედეგად ვიღებთ იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

წყარო: ჟურნალი “სოლიდარობა”


Responses

  1. გიგი თევზაძის ეს ტექსტი ”სოლიდარობაში” (რომლის შესაბამისი ნომერი სულ გუშინ ჩამივარდა ხელში) წავკიკითხე გიგა ზედანიას და გია ნოდიას ტექსტებთან ერთად. სამივე ძალიან მომეწონა და სამივე დიდი ინტერესით წავიკითხე.

    მხოლოდ ერთი შეკითხვა გამიჩნდა ამ კონკრეტული ტექსტის ერთ ფრაგმენტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გავიგე თუ ვერ გავიაზრე სათანადოდ:

    ”საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან აღებული იდეების სოციალურ მეცნიერებებში ტრანსლირების არაპროდუქტიულობის/შეცდომის მიზეზი ისაა, რომ ეს იდეები თავის დროზე სოციალური აზროვნებიდან, ანდა, პირდაპირ ადამიანთა საზოგადოებაზე ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი დაკვირვების შედეგადაა მიღებული.”

    როგორ არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (მაგ., გეოგრაფიის, ფიზიკის) იდეები სოციალური აზროვნებიდან ან საზოგადოებაზე დაკვირვებიდან აღებული? და თუ ასეა, რატომ არის ამგვარი იდეების გადატანა სოციალურ მეცნიერებებში არაპროდუქტიულობის თუ შეცდომის წყარო?

    ვიფიქრე, იქნებ თვითონ წინადადება ვერ გავიგე სწორად-მეთქი… ასეა თუ ისე, მთლიანად გიგი თევზაძის წერილისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად (ან სწორედაც რომ ამის გამო), ეს კითხვები არ მასვენებს.

  2. პასუხი შეგიძლიათ იხილოთ – https://burusi.wordpress.com/2010/10/20/gigi-tevzadze-9/

  3. მაგალითები ბევრია, მაგ. დარვინი და მალთუსი, სამყაროს ოთხი ძირითიდი ურთიერთქმედება და ანტიკური დროის შესაქმეები და ა.შ. ანუ, დიდ, სამყაროს სურათის იდეებზეა საუბარი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: