Posted by: burusi | 09/09/2010

მარკ ტვენი – “როგორ გამაპამპულეს ნიუ იორკში”

Mark Twain

მარკ ტვენი – Mark Twain (1835 – 1910)

მარკ ტვენი – “როგორ გამაპამპულეს ნიუ იორკში”

საკუთარ თავზე საუბარი იშვიათადაა სასიამოვნო, მაგრამ ზოგჯერ, აღსარების შემდეგ როგორღაც გულზე მოგეშვება ხოლმე, ჰოდა აი, მეც მინდა გიამბოთ ერთი რამ და ამით გული მოვიოხო, მაგრამ გამოგიტყდებით, ამას სხვა ადამიანის გასაკიცხავად უფრო ვაკეთებ, ვიდრე იმისათვის, რომ ჩემს დაკოდილ გულს კიდევ ერთხელ ვაგემო ბალზამი. (მართალი გითხრათ, არც მინახავს და არც ვიცი, რა არის „ბალზამი“, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ შემთხვევაში ზუსტად ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო).
ალბათ გემახსოვრებათ, რამოდენიმე ხნის წინ ნიუ იორკში ლექცია ჩავუტარე რომელიღაც საზოგადოების ახალგაზრდა ჯენტლმენებს. ლექციის დაწყებამდე ერთ ყმაწვილს ვებაასებოდი, რომელმაც სხვათა შორის, თავისი დარდი გამანდო, – ერთადერთი ბიძა მყავს და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველგვარი შეგრძნების უნარი დაკარგაო.
– ო, ერთხელ მაინც დამანახა იგი გაცინებული! ერთხელ მაინც მაჩვენა მის თვალებზე ცრემლი და მეტი არაფერი მინდა ამქვეყნად, – თქვა მან ბოლოს.
ამ სიტყვებმა გული ამიჩუყა. რა ვქნა, ასეთი ვარ, სხვისი უბედურება ყოველთვის მაღელვებს.
– მოიყვანეთ იგი ჩემს ლექციაზე და ნახავთ, როგორ გამოვაცოცხლებ, – ვუთხარი ყმაწვილს.
– ღმერთო ჩემო, ნუთუ მართლა! იცით, ეს რომ შეძლოთ, მთელი ჩვენი ოჯახი თქვენზე ილოცებს – ისე ძვირფასია იგი ჩვენთვის. ო, ჩემო მხსნელო! ნუთუ თქვენ მას გააცინებთ? ნუთუ შეძლებთ ააცრემლოთ მისი ამომშრალი თვალები?
სულ ამიჩუყდა გული.
– შვილო ჩემო, – ვუთხარი ყმაწვილს – მოიყვანეთ თქვენი მოხუცი ბიძა. ამ ლექციაში ისეთი ანეკდოტები მაქვს ჩართული, გავაცინებ კი არა, მოვკლავ სიცილით, თუ ამის უნარი ოდნავ მაინც შერჩენია. თუ ამანაც არ გაჭრა, ისეთ რამეებს მოვუყვები, ორში ერთი, – ან აატირებს, ან იქვე გააფრთხობინებს სულს.
ყმაწვილმა დიდი მადლობა გადამიხადა, შემდეგ აცრემლებული გავიდა და ბიძის მოსაყვანად წავიდა. მოიყვანა და ზედ ცხვირწინ დამისვა. მეორე რიგში. მეც იმწამსვე ამოვიღე მოხუცი მიზანში და დავიწყე. ჯერ შორიდან მოვუარე, უბრალო, მსუბუქი ანეკდოტებით გავუმასპინძლდი, მერე ისინი ცოტათი დავამძიმე, შემდეგ უკბილო ხუმრობანი შევაპარე, შიგადაშიგ კარგებიც გავურიე, გაცვეთილი და ძველისძველი ამბები მოვიგონე, ალაგ–ალაგ, სულ ცხელ–ცხელი ტყუილებიც მივაყოლე, მოკლედ, გავცეცხლდი, მთელი ენერგიით შევუდექი საქმეს, ხან მთისა ვთქვი, ხან ბარისა, ხან იქიდან შევუტიე, ხან აქედან, ოფლად გავიწურე, ხმა ჩემეხლიჩა, ძალა წამერთვა, გონება დამეკარგა, გავცოფდი, გავშმაგდი, გავცეცხლდი, გავხელდი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერაფერს გავხდი ამ მოხუცთან. იჯდა თავისთვის გაუნძრევლად, ვერც გავაცინე, ვერც ავატირე, ერთი ძარღვიც კი ვერ ავუტოკე სახეზე. გავშტერდი კაცი, სასოწარკვეთილმა უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, ერთხელ კიდევ ვცდი მეთქი გავიფიქრე და ლექციის დასასრულს ისეთი ზებუნებრივი ძალის ანეკდოტი ვაჯახე, რომ მეტი არ შეიძლებოდა. აღარც მე შემეძლო მეტი, გავსავათდი და ჩავიკეცე.
საზოგადოების პრეზიდენტი იმ წამსვე ამოვარდა, თავზე ერთი დოქი ცივი წყალი გადამავლო, მომასულიერა და მითხრა:
– კი მაგრამ, რა მოხდა, ასე რომ გამოიდე თავი?
– რა მოხდა და ამ ბებერი იდიოტის გაცინება მინდოდა, აგერ, მეორე რიგში რომ აგდია, – ძლივს ამოვილუღლუღე არაქათგამოლეულმა.
– ჰოდა, ტყუილად მოგიკლავს თავი. იგი დაბადებიდან ყრუმუნჯი და ბრმაა, – მიპასუხა პრეზიდენტმა.
აბა ერთი მითხარით, განა ეკადრებოდა იმ მოხუცებულის ძმისწულს ჩემისთანა უცნობი და საწყალი კაცის გაბრიყვება? არა, მე თქვენ გეკითხებით, როგორც ძმასა და ადამიანს, ეკადრებოდა?

წყარო: http://mt.pirveliskola.edu.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: