Posted by: burusi | 25/08/2010

ფახრ ედ-დინ გორგანელი – „ვისისა და რამინიის სიყვარულის ამბავი“

Two Lovers, Reza Abbasi, 1630

ფახრ ედ-დინ გორგანელი (XII ს.)

ვისისა და რამინიის სიყვარულის ამბავი

თარგმანი მაგალი თოდუასი

მთხრობელისაგან

ახლა კი მინდა, მოგითხროთ ვისისა და რამინის სიყვარულის ამბავი. ეს ვისი და რამინი დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ ირანში. მეტყვით, რაღა
დროის ადამისჟამობის სიყვარულზე ლაპარაკია, მაშინ იცოდნენ კი, სიყვარული რა ხილი იყოო! სცოდნიათ, ბატონო, და ეს ხილი გემოზედაც უსინჯავთ ხოლმე, როგორც კი ამის შემთხვევა მისცემიათ. მაშინდელ შეყვარებულებს გული დღევანდელ ყმაწვილებზე უფრო უძგერდათ. ის კი არა, გორგანის იმ წიგნს თუ დავუჯერებთ, საიდანაც მე ეს ამბავი გადმოვაქართულე, ჩვენი რომანის გმირი, უფლისწული რამინი, ისე გაუხელებია თავისი რძლის სიყვარულს, რომ გამზრდელი ძმის სარეცელი შეუგინებია. თავად იმ ქალს კი, ირანის დედოფალს, რამინის სიყვარულისა გამო არც შიში ჩაუგდია აინუნში და არც სირცხვილი. რაც შეეხება ალერსს, ალერსს ნუ იკითხავთ, _ როცა დედიშობილა ვისი და რამინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, „მათ შუა ბეწვი არ გაეტეოდა“ და „წვიმის თქეშიც რომ მოსულიყო, მკერდი არ დაუნამიანდებოდათ“. თორემ ესეც ამ წიგნში წერია და სულ მალე, თუ ისურვებთ, აქვე შეგიძლიათ, წაიკითხოთ.
რას მიბრძანებთ, დავიწყო მათი სასიყვარულო ამბის მოყოლა?
კეთილი და პატიოსანი.

ვისისა და რამინის ბავშვობის საბედისწერო ამბავი

ძველად თურმე ირანში მეფობდა ერთი შაჰი, სახელად მოაბადი. ამ მოაბადს მარტო ირანი არ ემორჩილებოდა, მისი მეზობელი ქვეყნების: ერაყის, ხორასნის, ხვარაზმის, ადარბადაგანისა* და კიდევ სხვა სამეფოების ხელმწიფენი ხარკს მას უხდიდნენ. სატახტო ქალაქი აწინდელი თურქმენეთის სანახებში ჰქონდა. დღეს იმ ადგილს მარი ჰქვია, მაშინ კი მარვად იხსენიებოდა. ქართველები ამ ქალაქს ჯერ კიდევ იმ დროს მარავს უწოდებდნენ და ჩვენი ძველების პატივსაცემად, მოდით, იგი ჩვენც ასე მოვიხსენიოთ.
ერთ დღეს ამ შაჰმა მარავში დიდი ნავრუზობა გადაიხადა. ნავრუზი* მათი ახალი წელი იყო და ამ დღესასწაულს, ვისაც როგორ შეეძლო, ისე ხვდებოდა. შაჰი მოაბადის დღესასწაული კი როგორი იქნებოდა, თავად მიხვდებით, _ მთელი მისი სამფლობელოს მეფეები და ქვეშევრდომები ჰყავდა მოწვეული. მინდორზე სტუმრებს მდიდრულად მორთული ჭრელ-ჭრული კარვები დაუდგეს, წალკოტი მოკაზმეს და მიდამო მრავალი საქონლითა და სამშვენისებით აავსეს. სუფრაზე სტუმრები პატივის მიხედვით იყვნენ განლაგებული. ზოგი ქვე იჯდა, ზოგი კიდევ დიდებულ მეფეთა და ხათუნთა* თავთ დგომის ღირსად ეცნოთ. იმდენი ალვა*, მუშკი* და ამბარი* ეკმიათ და მათ სურნელთაგან ეგზომ დიდი კვამლი დამდგარიყო, რომ კაცი იფიქრებდა: ან არის და ღრუბელი ჩამოწოლილა მიწაზე, ანდა აქაურობა ლამაზ ქალებს თავიანთი ფშვიადი თმებით დაუბურავთო.
მეფე მოაბადი მოზეიმეთა ჭვრეტით იხარებდა. აქეთ მუტრიბებს* ამღერებდა, იქეთ ასპარეზზე ცხენებს ათამაშებინებდა, უფრო ახლოს ლამაზ ქალებს აცეკვებდა. თუმცა ხანში იყო შესული, მაინც ქალებისკენ გაურბოდა თვალი, _ დიაცთა მოყვარული გახლდათ.
ერთ დღეს მოაბადს ადარბადაგანის დედოფალი, პირმშვენიერი შაჰრო გაეკეკლუცა. მოაბადმა უპასუხა:
_ მოცინარო ვარდო, ჭარმაგობის ჟამს რომ ასეთი ხარ, სიყრმეში როგორი იქნებოდი! აწ რადგან გული დამიბნელე და შენგან უიმედო მყავი, სულ ნუ მომიკვეთ, ქალიშვილი გეყოლება და ცოლად მომათხოვეო!
შაჰრომ ამაზე უპასუხა:
_ ხელმწიფეთა ხელმწიფეო, ჩემთვის შენს სიძეობაზე უფრო დიდი ბედნიერება რა იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალიშვილი არა მყავს და ღმერთმა თუ იგი მომცა, უთუოდ შენ მოგათხოვებო.
მაშინ მოაბადი საქმეზე გადავიდა:
_ შემომფიცე, რომ თუ ასული მოგეცა, ჩემს გარდა არავის შერთავო!
ქალმაც შეჰფიცა.
ნახეთ, რა ქნეს: დედამ მუცლად უღებელი გაათხოვა, სიძემ კი დაუბადებელი შეირთო!
გამოხდა ხანი. ის პირობა შაჰროსაც დაავიწყდა და შაჰ მოაბადსაც. მაგრამ მოხდა სასწაული და შაჰროს მართლაც შეეძინა ქალიშვილი. ხალხი ამბობდა: შაჰრო ქალი კი არა, აღმოსავლეთი ყოფილა, ისეთი მზესავით მანათობელი ასული შვაო. გადაიხადეს ძეობა და ბავშვს სახელად ვისი დაარქვეს. შემდეგ კი კარგი გვარის გამდელი გამოძებნეს და ბავშვი აღსაზრდელად მასთან გაგზავნეს ხუზისთანში.*
შაჰ მოაბადს ორი ძმა ჰყავდა. უფროსი, ზარდი, ვეზირად ესვა. უმცროსი კი, რამინი, შვილივით უყვარდა და რადგან თავად უძეო იყო, ტახტის მემკვიდრედ ის მიაჩნდა. ვისისა არ იყოს, ჰაერის სიკეთის გამო მოაბადს რამინიც ხუზისთანში ჰყავდა გაძიძავებული. ასე რომ, ვისი და რამინი ერთ ქვეყანაში იზრდებოდნენ, როგორც ერთ წალკოტში ორი ყვავილი.
რამინი რომ მოიწიფა, ისე დამშვენდა, ქვეყანაზე მისი ბადალი ყმაწვილი არავინ იყო; პირად მზესა ჰგავდა, თვალ-წარბი კი ყორნის ბოლოსავით შავი ჰქონდა. ძალი ლომისა გამოჰყოლოდა, სიფიცხე _ ვეფხვისა. მისი ცხენოსნობა და ნადირობა განთქმული იყო, მშვილდს რამინივით ვერავინ მოზიდავდა, შუბს მისებრ ვერავინ იხმარდა, ასპარეზობის დროს ხომ ტოლი არა ჰყავდა და არა. ჭადრაკის თამაშად რომ დაჯდებოდა, კაციშვილი მისი მომგები არ იყო. ახლა სიმღერასა და დაკვრას არ იკითხავთ! მჭვრეტელნი მისი ყურებით და მოსმენით ვერ ძღებოდნენ.
რა დედამ შობა ასეთიო! _ კვირობდა ხალხი.
მოაბადს რომ რამინის დავაჟკაცება ესმა, გაიხარა, ღარიბები უხვად განიკითხა და უფლისწული მარავში ჩამოაყვანინა.
იქით კიდევ ვისიმ აიყარა ტანი და მედიდურობა დაიწყო. ძიძამ შაჰროს წერილი მიუწერა:
„შენი ამბავი დიახაც გამკვირვებია! რაც აქეთ გამოაგზავნე, მას შემდეგ საკუთარი შვილის ამბავი ერთხელაც არ გიკითხავს. მისი სილამაზით ხალხში თავის მოწონება მაინც არ მოგინდა?
მე რაც შემეძლო, ნებიერად გავზარდე შენი ქალიშვილი, მაგრამ მას აქაურობა უკვე თვალში აღარ მოსდის. ჩვენი არც საჭმელ-სასმელი ეამება და არც ჩაცმულობა მოსწონს. როგორი კაბაც არ უნდა შევუკერო, წუნს მიდებს. ყვითელი თუ მივართვი, უკან გადმომიგდებს _ ეგ სნეულთა ჩასაცმელიაო; წითელი თუ შევუკერე, მიჯავრდება _ საბოზაოდ მამზადებო? ლურჯზე მიწყრება, _ მგლოვიარედ გეყოლება ვინმე და მას ჩააცვიო! ოქროს ჯამ-ტაბაკით თუ არ მიართვი, ისე საჭმელს ხელს არ დააკარებს. პირის ფარეშებად სულ რჩეულ ქალიშვილებს მთხოვს, მონებად კიდევ ოქროსქამრიანი ყმაწვილები უნდა. მოახლეებად ოთხმოცი დიდგვაროვანი ასული ჰყავს, ნაკლებს არ დავჯერდებიო! მე ამისი გამძლები არა ვარ, კეთილი ინებე და შენი შვილი უკანვე წაიყვანეო!“
შაჰროს ძიძის წერილი რომ მოუვიდა, მაშინვე ოქრო-ვერცხლით დაკაზმული მსახურები გააგზავნა ხუზისთანში და ვისი დიდის დიდებით ჰამიანის* ქალაქში ჩამოაყვანინა. დედამ რომ თავისი თვალწარმტაცი ქალიშვილი დაინახა, გაიხარა, ჯერ ტახტზე დამჯდარ ვისის შეავლებდა თვალს, მერე კი მზეს ახედავდა, _ ნეტა ვინ რომელია, ვისია მზე თუ მზე _ ვისიო? მაშინათვე კაზმვა დაუწყო და, როგორც მეფის ქალიშვილს ეკადრებოდა, ეგრე მორთო. შემდეგ კი ვისის უთხრა:
_ დროა, გაგათხოვო, მაგრამ შენი სწორი ქვეყანაზე არავინ მეგულება. ქმრად ისევ და ისევ შენი ძმა ვირო თუ შეგფერის. ჩემი შვილი ხარ და ბარემ რძალიც იყავიო!
მაშინდელ ირანში წესადა ჰქონდათ: და ძმას ცოლად დაუჯდებოდა და ძმა დას შეირთავდა.
ვისის ვიროს სიყვარული გულში კიდევაც ჩავარდნოდა, მაგრამ ახლა დედასთან დაირცხვინა. მაშინ სეფექალებმა შაჰროს ღიმილით უთხრეს:
_ შაჰრო, რას ჩაციებიხარ მაგ ბავშვს! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქალის დუმილი თანხმობის ნიშანი არისო.
მაშინ შაჰრომ ჯერ ვარსკვლავთმრიცხველებს თავისი შვილების ქორწინების ბედი ამკითხვინა, შემდეგ კი ვირო და ვისი იხმო, დის ხელი ძმას ხელში ჩაუდო და ისინი ცოლ-ქმრად დალოცა.

მოაბადმა თავისი საცოლე მოითხოვა

ისარი სწორად წავა თუ არა, მშვილდის მოზიდვას შეეტყობა; ხე კარგად მოისხამს თუ არა, გაზაფხულზე მიუხვდება კაცი, ყვავილებს რომ გამოიღებს, მაშინ. ვისისა და ვიროს ცოლქმრობას კარგი მომავალი რომ არ ექნებოდა, იმ დღეს გაირკვა, როცა შაჰრომ და მოაბადმა ჯერ კიდევ მუცელში ჩაუსახველი ბავშვი დააქორწინეს. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი:
ის იყო ვისისა და ვიროს მექორწილენი პურის ჭამად დასხდნენ, რომ უეცრად ზღვიდან შავი ღრუბელი წამოიგრაგნა და მზიანი დღე ჩამოაბნელა. ადგა დიდი ქარი და ისეთი მტვერი დატრიალდა, იქ მყოფნი ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. სუფრა აიშალა. ამ დროს შაჰროს სასახლეს ერთი შავად მოსილი კაცი მოადგა. თუმცა ამ კაცს სახელად ზარდი ერქვა (რაც სპარსელთა ენაზე ყვითელს ნიშნავს), იგი შავად დარახტულ შავ ცხენზე იჯდა და ტანზედაც შავი აბჯარი ესხა. იისფრად მოხატული ტახტრევანი მოეტანა და ცხენიდან რომ არ ჩამომხდარა, ისე შაჰროს მოაბადის წერილი მიართვა. ცხენდაცხენ ხლებისათვის ბოდიში მოიხადა და ვისის დედას ასე მოახსენა:
_ მე მოაბადის ძმა და ვეზირი გახლავართ. მეფემ თქვენთან ეს წერილი გამომატანაო.
შაჰრომ წერილი რომ წაიკითხა, ფერი წაუვიდა. ისე გახდა, გეგონებოდათ, ტვირთკიდებული ვირი ტალახში ჩაეფლოო, _ ვისის დედას მოაბადთან დადებულ პირობას შეახსენებდნენ.
შაჰი მოაბადი იწერებოდა:
„შაჰროვ, ჩვენ ხომ ფიცი მივეცით ერთმანეთს, ღმერთი და ანგელოზი მოწმედ დავიყენეთ და პირობა დავდევით, ასულს შობდი თუ არა, იგი ჩემთვის ცოლად უნდა მოგეცა! ღმერთმა გვისმინა და შენ ქალიშვილი გაგაჩენინა. ჩემს ბედზე მოგცა ღმერთმა შენ ასული, თორემ შენი ხნის ქალის ან რაღა დროს ორსულობა იყო, ან მაინცდამაინც _ ქალის ყოლა. ძალიან გამიხარდა, რომ გოგო შეგეძინა და უფლისადმი მადლობის ნიშნად ღარიბები გულუხვად განვიკითხე. აწ რადგან ეს მთვარე ღმერთმა მე მიბოძა, მაგისი მანდ გაჩერება აღარ მწადია, ვინაიდან ვიცი, თქვენს ქვეყანაში კაცები დიაცთა მოყვარულნი არიან, ქალზე სული მისდით და მისთვის სიცოცხლეს გაწირავენ. ქალები კი, მოგეხსენებათ, თავიანთი გულუბრყვილობით მამაკაცის სიტყვებს იჯერებენ და მათი გულის წადილს ადვილად ასრულებენ. ამიტომ, შაჰროვ, გოგოს მანდ მეტს ნუღარ გააჩერებ და იგი სასწრაფოდ მარავში გამომიგზავნეო!“
გონზე რომ მოვიდა, სასოწარკვეთილმა შაჰრომ ლუღლუღი დაიწყო:
_ ეს რა ჩამიდენია! ჯერ ერთი, ღმერთი გამიწირავს და ფიცი გამიტეხია; მეორე, ასეთი ხელმწიფისათვის ცოლი წამირთმევიაო!
ვისიმ თავისი დედა ათრთოლებული და გაყვითლებული რომ დაინახა, შეუძახა:
_ ნეტა, ასეთი რა დაგემართა, რომ სახეზე ადამიანის ფერი აღარ გაძევს, ანდა ღმერთმა ასე როგორ წაგართვა გონება, რომ დაუბადებელი ასული გაათხოვეო!
შემდეგ კი ზარდს, მოაბადის ძმას და მოციქულს, მიუბრუნდა და ჰკითხა:
_ შენ, ბატონო, ვინა ხარ და საიდან მოსულხარო?
ზარდმა უპასუხა:
_ მე შაჰი მოაბადის ნათესავი და დიდებული გახლავარ, სახელად ზარდი მქვიაო.
_ ღმერთმა სულ ყვითლად ამყოფოს ის კაცი, ვისაც შენ აქ გამოუგზავნიხარ! ასეთი საძაგელი წესი გაქვთ თქვენს ქვეყანაში, გათხოვილ ქალს ცოლად ირთავთ? ბრმა ხომ არა ხარ, ქორწილი გვაქვს. მთელი ქვეყნის დიდებულები აქ ილხენენ. მუსიკისა და სიმღერის ხმა ცასა სწვდება. ასეთი ქორწილი რომ ნახე, მაშინათვე რატომ უკან არ გაბრუნდი? ახლავე საიდანაც მოსულხარ, იქ წადი, თორემ სადაცაა ჩემი ქმარი ვირო მოვა და, იცოდე, ცუდი დღე დაგადგება!
შენს მოაბადს კი ჩემს მაგივრად ასე მოახსენე: გამოჩერჩეტებულო დამპალო ბებერო, შენ რომ ცოტათი მაინც ჭკუა გქონდეს, ამ სიბერეში ახალგაზრდა კაცს ცოლს კი არ უნდა ეცილებოდე, არამედ ორიოდე პარასკევი რომ გაქვს დარჩენილი, საიქიოს სამზადისში უნდა იყო-თქო!
ზარდმა ეს რომ მოისმინა, ცხენს მათრახი ჰკრა და პირი მარავისაკენ იბრუნა. ისე ჩქარა მიდიოდა, რომ მის ფეხთა მტვერს ნიავი ვერ ეწეოდა.
მოაბადს კი ძმის მოლოდინში სული ელეოდა: ნეტა, ჩემმა ზარდმა რა ქნაო? თვალი სულ გზისკენ ეჭირა. ერთ დღეს, როგორც იქნა, შორიდან მტვერი გამოჩნდა და სულ მალე იმ მტვერში შეწუხებული და დაღლილი ზარდი გამოიკვეთა. მოაბადი წამოხტა და ძმას მიეგება:
_ ზარდო, ლომი ხარ თუ მელიო?
ზარდი ცხენიდან ჩამოხტა, მოაბადის წინ მიწას ემთხვია და მოახსენა:
_ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, მეფეო! ჩავედი მაჰის* ქვეყანაში. მისი მიდამო სამოთხეს მოგაგონებთ, მისი მკვიდრნი კიდევ, ენით არ აღიწერება, ისეთები არიან: კაცები ლომებს გვანან, ხოლო ქალები სილამაზეში მზესა და მთვარეს ეჯიბრებიან. მაჰის ქალაქში სწორედ მაშინ ჩავედი, როცა შაჰროს ქეიფი ჰქონდა გაჩაღებული და თავისი შვილების, ვისისა და ვიროს, ქორწილს იხდიდა. იყო ერთი მხიარულება, სიმღერა და სიცილ-კისკისი. შენმა მზემან, მე მათი ასეთი ლხინი გულს მიკლავდა, მათი ქორწილი გლოვად მიმაჩნდა და მათი სიმღერა ტირილად ჩამესმოდა. ვისის თქვენს ნაცვლად გვერდით სხვა კაცი უზის და მასთან სიახლოვით სხვა ვინმე ხარობს. იქაურობას ვირო განაგებს. თქვენ მეფობით მანდ არავინ არ გახსენებს. ზოგნი დამპალს გეძახიან და ზოგნი კიდევ ყოფილ შაჰად გიხსენიებენო.
მოაბადს ეს რომ ესმა, სახეზე ზაფრანის ფერი დაედო. ქარისაგან ძეწნა რომ ატოკდება, ისე ათრთოლდა. ძმას ჰკითხა:
_ ზარდო, მითხარი, რაც შენ ახლა თქვი, საკუთარი თვალით გინახავს თუ სხვისაგან გსმენიაო?
ზარდმა მიუგო:
_ მეფეო, თქვენც იცით, მე ის კაცი არა ვარ, რაც არ მენახოს, იმას ვამბობდე. ყველაფერი, როგორც მოგახსენე, ასე იყო და დანარჩენი თქვენ იცითო.
მოაბადმა ეს რომ ისმინა, უფრო შეიჭირვა, თავგაჭყლეტილი გველივით იღვლარჭნებოდა და გული მაჭრით სავსე ჭურივით უდუღდა.
იქ დამსწრე დიდებულებმა კბილთა ღრჭიალი შექმნეს. ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ: ან შაჰრომ როგორ გაბედა ასეთი საქმე, რომ ეგოდენ დიდი ხელმწიფის ცოლი სხვას შერთო, ან ვიროს ასე როგორ მობეზრდა თავი, რომ შაჰ მოაბადს საცოლე წაართვა! უნდა წავიდეთ და შაჰის ქვეყანაში ქვა ქვაზე არ უნდა დავტოვოთო!
მოაბადმაც მაშინათვე მდივანი იხმო და მთელს მის საბრძანებელში ლაშქრის წვევის ბრძანება აფრინა, თაბარისთანი, გორგანი, დეჰისთანი, ქოჰისთანი*, სინდი, ინდოეთი, ტიბეტი, ჩინი*, მაჩინი*, სოღდი* და თურანი* ვიროს წინააღმდეგ საომრად აწვია.

მოაბადისა და ვიროს ომი

ვიროსას ქორწილი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, როდესაც მოაბადმა მის წინააღმდეგ ლაშქარი გააწყო. ადარბადაგანელი, რეელი, გილანელი, ხუზისთანელი, ასთრაბადელი და ისპაანელი დიდებულები ჯერ კიდევ ვიროსას სტუმრობდნენ, როცა აქ მოაბადის ლაშქრად წამოსვლის ამბავი მოვიდა. მაშინათვე ყველა მათგანმა თავ-თავიანთ ქვეყანაში წერილები დაგზავნა და ჯარს უხმო, _ მოაბადი მოდის ვიროს წინააღმდეგ და ჩვენ ჩვენს მასპინძელსა და მეგობარს უნდა დავეხმაროთო! სულ მალე იმდენი ჯარი მოგროვდა, რომ იქაურობა ვერ იტევდა.
გამოემართა მოაბადიც. იმხელა ლაშქარი მოჰყავდა, რომ მისი სიმძიმით მიწა იზნიქებოდა.
ჯარის აშლილი მტვერი ისე ამაღლდა, კაცი იტყოდა, მთვარეს ყურში რაღაც საიდუმლოს ეჩურჩულებაო.
გათენდა თუ არა, ორივე ჯარი ერთმანეთის პირისპირ დადგა საომრად. ორთავე მხარეს ქოსებისა* და ბუკების* ისეთი ღნავილი მორთეს, რომ კაცს ეშმათა ღრიანცელი ეგონებოდა. ისეთი ზარი იდგა, ძველი მკვდრებიც კი ტოკავდნენ საფლავში. მეომართა ხელში მახვილი ელვასაებრ იცინოდა. შუბების და დროშების სიმრავლით ჰაერი ნაძვის ტყეს დამსგავსებოდა. ზოგ დროშაზე ლომის გამოსახულება იჯდა, ზოგზე _ ფარშავანგისა, ზოგზე _ არწივის და ზოგზე კიდევ _ ორბისა. იმ მტვრის კორიანტელში ახალგაზრდები გათეთრებული იყვნენ, შავი ცხენები კიდევ _ დაჭარმაგებული. ორ ლაშქარს შუა მოციქულად არწივის ფრთით გაწყობილი ქორაფის ისრები დადიოდნენ. ისეთი საყვარელი მოციქულები იყვნენ, რომ კაცს ან გულზე ესობოდნენ, ან თვალებში, სხვა ადგილი არ მოეწონებოდათ.
საღამომდე გაგრძელდა ომი. მწუხრის ჟამს ვისის მამა ყარანი დაეცა ბრძოლის ველზე. იმდენი კაცი მოკლეს, რომ მკვდრის გორა გორაზე ეყენა და მათ გარეშემო სისხლის ნაკადული დიოდა. ვირომ რომ თავისი მამა გულგანგმირული დაინახა, ჯარს შეუძახა:
_ ყარანის ჭაღარისა მაინც გრცხვენოდეთ, სისხლისგან რომ წითლად შეღებილა! გატყობთ, სახელს არავინ არ ეძებთ. მე კი უკან დამხევი არა ვარ, მტრის ლაშქარს უნდა შევუტიო და ვისაც თქვენი მეფის სისხლის აღება გინდოდეთ, მომყევითო!
ეს რომ თქვა, ვირო თავისი დიდებულებით, მონებითა და ახლობლებით შეტევაზე გადავიდა. მისი ლაშქარი მთის ფერდობიდან ძირს დაქანებულ ნიაღვარს ჰგავდა. ისეთი ცოდვის კითხვა შეიქნა, დედა შვილს ხელში არ აიყვანდა. შუბები შამფურს ჰგავდა და მწვადის ნაცვლად ზედ კაცი ეგო. იმდენი სისხლის ღვარი იდგა, რომ მიწა საწნახელს დამგვანებოდა. მეომრების თავები ბრძოლის ველზე ბურთებივით გორავდნენ. ჩავიდა მზე და მოაბადის ჯარის ბედიც ჩაესვენა. გაიქცა მოაბადი. ვირომ აღარ მისდია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღამის წყვდიადი იდგა და მტრისა და მოყვრის გარჩევა შეუძლებელი იყო, მერე და კიდევ, ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი ეგონა. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთს ეცინებოდაო.
ვირო ცხენიდან არ იყო ჩამომხდარი, რომ დაესხა თავს უამრავი დეილამელი, გილანელი და ქიამანელი* მეომარი. იმდენი ჯარი იყო, რა ქვიშა გეთვალათ და რა _ იგი. მამაცი ვირო არ შემდრკალა და სისხლიანი ხმალი ჯერ კიდევ ქარქაშში არ ჰქონდა ჩაგებული, თავისი მცირე რაზმით დეილამელთა და გილანელთა ჯარს ეკვეთა. მოაბადსაც ეს უნდოდა, _ როგორც კი აცნობეს, ვირო გილანელებთან და დეილამელებთან ბრძოლით არის გართულიო, თუმცა ომისგან დაქანცული იყო, გორაბისაკენ* აიღო გეზი, სადაც ვისის სახლი და სადგომი ეგულვებოდა.
ვისი გულშეჭირვებული იყო. მამა მკვდარი ესვენა, ხოლო საყვარელი ქმარი ვირო ბრძოლის ველზე ჰყავდა გასული. გულამოსკვნით ქვითინებდა და ცხარე ცრემლებით ძიძას შესტიროდა:
_ ქვეყანაზე ჩემზე უფრო საბრალო ვინმე თუ იქნება! არ ვიცი, ვიროს როგორ შევეყარო და ამ დამპალი მოაბადისაგან თავი ვით დავიხსნაო!
ამ ტირილში რომ იყო, მოაბადის მოციქული მოუვიდა. უთვლიდა:
„დამორჩილდი ბედს, მზეთა მზეო და ყოველი ცის მნათობზე უფრო ნათელო! ღვთის განგებას ვერსად ვერ წაუხვალ და რაც ბედის წიგნში გიწერია, მას ვერ გაექცევი. ღმერთმა კი ასე ინება, რომ შენი თავი მე უნდა მეკუთვნოდეს. შენი სიყვარულის გამო ასეთი გზა გამოვიარე და ამდენი ხალხი დავხოცე. უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. თუ დამემორჩილები და გულის ნებას ამისრულებ, სამკაულებითა და პატიოსანი თვლებით ისე აგავსებ, შენი ბრწყინვალება და მშვენება მზესა და მთვარეს შურდეთ. ჩემი სულის მალამო შენ იქნები და ჩემი სამეფოს დედოფლობა შენ მოგიხდებაო“.
ვისიმ ეს რომ მოისმინა, ისე გამწარდა, საყელო შემოიხია და ბროლის გულ-მკერდი გამოაჩინა. თავზე ნაცარი ისხა და მჯიღები იმდენი ირტყა სახეზე, რომ პირი და მკერდი სულ ლილისფერად იქცია.
_ წადი და შენს დამპალ მოაბადს მოახსენე: ბურთს ფათერაკის მოედანში ნუ ჩაიგდებთქო! რა ხვითოც ბრძანდები, შენს ნამოქმედარს ეტყობა. ტყუილა გგონია, ამ ციხიდან ცოცხალი გამიყვანო. ტანად ნაძვისა და პირად მთვარის მსგავს ვიროს შენისთანა გადაყრუებულ ბეხრეკში არ გავცვლი. ასეც რომ არ იყოს და ვირო ქმრად არ მესვას, შენ ჩემგან მაინც ვერ გაიხარებ. კაცმა მამა მომიკალი და ახლა გინდა, ცოლად დაგიჯდე? შენმა სტავრამ და თვალ-მარგალიტმა თუ მომაღორა, დედოფლობის ღირსი როგორ ვიქნები, მით უმეტეს, რომ ქონება და ძვირფასი თვლები ისედაც ბევრი მაქვს! ტყუილა ნუ ცდილობ ჩემს ხელში ჩაგდებას, ამას ვერ ეღირსები და რომც ეღირსო, ჩემს ნაყოფს მაინც ვერ იგემებ. გვერდითაც ვერ მომიჯდები. ჯერ ჩემი უბიწო ტანი საყვარელი ქმრისთვის არ დამინებებია და შენ, ბეხრეკს, როგორ დაგანებებ! მოყვრობა და მტრობა ერთად ვერ შეიყრებიან, რადგან ერთი ჭიქაა, მეორე კი _ ქვა. სიყვარულით მე შენ მაშინ დაგემორჩილები, როცა ქორი და კაკაბი ერთმანეთს შეეთვისებიან-თქო.
მოაბადი ვისის ასეთმა პასუხმა უფრო გაახელა და მისი სიყვარულის ცეცხლი გულში უფრო აუგიზგიზა. განსაკუთრებით ის უხარებდა გულს, რომ ვისი თურმე უბიწო იყო და ქმართან ჯერ კიდევ არ წოლილიყო.
მათი საქმე ისე შეიქნა, რომ სწორედ იმ ღამეს, როცა ქორწილი დაინიშნა და ვირომ პატარძლის საწოლისაკენ გასწია, ბედად ვისი სადიაცო საქმეზე დადგა. ვიროს ახალსიძობა ჩაუმწარდა, სხვა რა ღონე ჰქონდა, უკან უნდა გამობრუნებულიყო. ქალი არაწმინდა თუ შეიქნა, მამაკაცი მას ვერ დაეკარება და თუ ვინიცობაა, ცოლმა ეს საქმე დამალა, ქმარი მას მაშინათვე გაეყრება. ამ მიზეზისა გამო ვისიმ და ვირომ ერთმანეთის ალერსით ვერ გაიხარეს. ამასობაში კიდევ ის იყო, გილანელი და დეილამელი მეომრები დაესხნენ ვიროს თავს. და ეს ნეტარება გადაიდო.
მოაბადს ვისის ქალწულობა რომ აგონდებოდა, სიხარულისაგან ჭკუას კარგავდა, ჩქარობდა, მალე ჩაეგდო ვისი ხელში. თავისი ძმები, ზარდი და რამინი იხმო და მათთან ვისის ამბავი გაარჩია.
რამინმა ძმას ეგრე მოახსენა:
_ ხელმწიფეო, რატომ ხარ ასე ფუჭად ვისის საქმეს გამოკიდებული? მლაშე ადგილზე თესლს რომ დათესავ, ვერც ნაყოფს მოიმკი და თესლსაც ტყუილად დაკარგავ. როგორ გინდა, შეგიყვაროს ქალმა, რომლის მამა მოკალი! მაგრამ ეს კიდევ არაფერი; უბედურება ის არის, რომ შენ ბებერი ხარ, ის კი ახალმოწიფული გოგონაა. ყრმისათვის ყრმა თქმულა და ბერისათვის _ ბერი. როგორც ბერს ყრმა მოუნდება, აგრევე მოუნდება ყრმას ყრმა. მისი სიყვარული გულიდან მოიშორე! სიყვარულის არაკი ზღვისა მსგავსია: მისი ძირი და ნაპირი არა ჩანს. როცა მოგინდება, ზღვაში ადვილად შეხვალ, მაგრამ უკან გამოსვლას რომ მოისურვებ, იოლად ვეღარ გამოხვალო.
მოაბადს რამინის მიერ თქმული სიმართლე ემწარა. სიყვარულით დატენილი გული შეგონებას არ ისმენს. შეყვარებულს ყვედრება არ უნდა, _ ვინც შეყვარებული არ არის, იგი არც კაცია.
მოაბადმა ახლა ზარდი დაიმარტოხელა და საიდუმლოდ უთხრა:
_ რამე იღონე და ვისი ხელში ჩამაგდებინე! სხვა რომ არა იყოს რა, ამ ციხიდან მე თუ ხელცარიელი გავბრუნდები, ქვეყანაზე თავი მომეჭრებაო.
ზარდმა მოახსენა:
_ ხელმწიფეო, ღონე ერთია: შაჰროს დიდი საქონელი გაუგზავნე და ოქრო-ვერცხლით მოქრთამე! თანაც შეაშინე, შეუთვალე: შაჰრო, ყველანი საუკუნო განსასვენებელში ვართ წამსვლელი და შენ, ფიცის ასე გამტეხი, იმ ქვეყანაზე რა პასუხს გამცემ-თქო?

მოაბადის წერილი შაჰროსადმი და ვისის გატაცება

მოაბადს ზარდის რჩევა მოეწონა და შაჰროს ასეთი წერილი მიუწერა:
„შაჰრო, ღმერთს ნუ სცოდავ და ფიცს ნუ გატეხ! თვითონ იცი, სიძე-სიდედრობაზე როგორი ფიცი მივეცით ერთმანეთს და მოწმედ ღმერთი და ანგელოზები დავიყენეთ. ის გოგო ხომ შენ ჩემს ბედზე გააჩინე, სხვას რატომ მიეცი? ამაშიაც ღვთის ხელი ურევია, ვირომ რომ ქორწილის დროს მისგან გულის ნება ვერ პოვა. მართლა უსამართლობა არ იქნებოდა, რომ ჩემს საცოლესთან პირველი ღამე სხვას გაეტარებინა! გიჯობს, რაც მტრობა მოხდა, დაივიწყო და შენი ასული მე მომცე, თორემ ამ ომში რაც სისხლი დაიღვარა, იმ ქვეყნად ყველა შენ მოგეკითხება. თუ ამას არ იზამ, მაჰის ქვეყანას ნაცარტუტად ვაქცევ და ამ საშინელებისათვისაც ღმერთთან პასუხს შენ მოგთხოვენ. ჩემი გულის მოგებით კი არ წააგებ: შენს შვილს ვიროს ერთს სახელმწიფოს მივცემ, შენ ქოჰისთანის* ხელმწიფის დედა შეიქნები, შენი ქალიშვილი კი მთელი ხორასნის დედოფალი გახდება. ვიცხოვროთ ამ ქვეყანაზე ნებიერად და ეს წუთისოფელი გემოზე მოვჭამოთო!“
იცოდა მოაბადმა, სიტყვებით შაჰროს გულს ვერ მოიგებდა, ამიტომ წერილთან ერთად იმდენი საქონელი გაუგზავნა მას, რომ კაცის ენით არ აღიწერება. ოთხასი აქლემი, ოთხასი ცხენი და ხუთასი ჯორი ძლივს ეზიდებოდა შაჰროსთან გაგზავნილ ძვირფას ნივთებსა და თვალ-მარგალიტს. შაჰრომ რომ ასეთი ძღვენი დაინახა, თვალები დაუბრმავდა, ვისიც დაავიწყდა და ვიროც, მოაბადის მხედრებს ციხის კარი გაუღო და პირმთვარე ვისი მოაბადს ხელში მისცა. თავი ამით იმართლა: ჩემი ქალიშვილი იმთავითვე მოაბადის საცოლე იყოო. ვისი ნებით არ მიჰყვებოდა შაჰ მოაბადს და მანაც თავისი საცოლე ძალით ჩამოათრია კიბეებზე.
ვირომ მისთვის ცოლის წართმევის ამბავი რომ გაიგო, მეტის მწუხარებისაგან საყელო გარდაიხია. გული წაუვიდა. გონზე რომ მოვიდა, თერამიდან, სადაც მაშინ იმყოფებოდა, გორაბისაკენ გამოეშურა, იქნება, მოაბადს კიდევ ჩავუსწროო. მაგრამ შაჰინშაჰი უკვე წასული იყო. შაჰროსთვის განძი დაეტოვებინა და ვიროსთვის საუნჯე წაერთმია. თქმით ვერას ამბობდა, მაგრამ გულში დედასაც უწყრებოდა და დასაც ემდურვოდა. ცხარე ცრემლებით ტიროდა და მუხთალ საწუთროს წყევლიდა. საწუთროს კი თავისი საქნელი უკვე ექნა: გულისწამღები ვისი ერთისთვის წაერთმია და მეორისთვის მიეცა. ახლა კი ერთს ქვა აეღო და სიმწრისაგან გულში იცემდა, მეორეს კი ხელში ჭიქა დაეჭირა და ნეტარების ღვინოს წრუპავდა.
მიდიოდა გამარჯვებული და გახარებული მოაბადი და მიჰყავდა ტახტრევნით თავისი საცოლე, ვისი. ტახტრევანს გარს საჭურისების რაზმი ეხვია და მოაბადის ჯარი იცავდა. შაჰის ძმებიც, ზარდი და რამინი, ახლოს მიუყვებოდნენ მოაბადის საგანძურს. უეცრად ღმერთის განგებით დიდი ქარი ამოვარდა და ტახტრევანს სახურავი ფარდაგი მოაგლიჯა. გეგონებოდათ, უცბად ღრუბელმა გადაიყარა და მასში დამალულმა მანათობელმა მზემ გამოანათაო, _ ვისის პირი გამოუჩნდა. რამინმა ვისის რომ თვალი მოჰკრა, თითქოს გულში ისარი განეწონაო, ცხენიდან ფოთოლივით ჩამოვარდა. ყმაწვილს ქალის სილამაზემ გულში სიყვარულის ცეცხლი აუნთო და გონება წაუღო. ერთხანს მიწაზე უგონოდ ეგდო, ვარდის პირისახე ზაფრანად ქცეოდა, ხოლო წითელი იაგუნდის ტუჩები ცისფერად შექმნოდა. შაჰის ამალა ვერაფერს გამხდარიყო, რამინის გულის წასვლის მიზეზი რა იყო, ვერავის გაეგო. ყველა შეწუხებული იყო და ასეთ დღეში ჩავარდნილ ყმაწვილს დასტიროდა. რა არ ქნეს, მაგრამ ვერაფრით უშველეს. ვერც ყურში ყივილით მოიყვანეს გონს, ვერც სურნელთა კმევით მოასულიერეს. ბოლოს ცოტა ცნობაზე მოვიდა. მაგრამ ენის ხმარების ძალი არა ჰქონდა. ცხენზე ძლივს შესვეს და გზა განაგრძეს. რამინს თვალები ვისის ტახტრევნისკენ რჩებოდა და გულში ნატრობდა: ნეტავი, ერთხელ კიდევ დამანახა მისი სახე ან, ნეტავი, მისი მეტახტრევნე გამხადაო!
ხან კიდევ ასე ოცნებობდა: რა იქნებოდა, ჩემი საქმე რომ ვისის გაეგო და მასაც ერთი ჩემსკენ გადმოეხედაო! უფრო თამამი ფიქრებიც მოსდიოდა გულში: ღმერთო, რა იქნება, ვისის ჩემსკენ მოებრუნებინა გული და ჩემი სიყვარული მასაც გაეზიარებინაო! ბოლოს გულს უსაყვედურა:
გულო, რა უსარგებლო ოცნებას მისცემიხარ, რა ფუჭ იმედებს ეპოტინებიო!
ჩაიქნია რამინმა ვისის სიყვარულზე ხელი და თავის მწარე ხვედრს დაემორჩილა. ახლა ერთი ესღა ჰქონდა ნეტარებად, ხანდახან ვისის ტახტრევნისკენ გაიხედავდა და იქედან თავისი გულის წამღების სურნელს იყნოსებდა.
შეყვარებულზე საცოდავი ამ ქვეყანაზე არავინაა. ჩვეულებრივ, კაცი რომ ავად ხდება, მას მოინახულებენ ხოლმე, მოიკითხავენ, უვლიან და წამლებს ურჩევენ. შეყვარებულზე კი არავინ ზრუნავს. იყავი, თუ გინდა, მთელი წელიწადი შეყვარებული, იტანჯე და ცეცხლში იდაგე, არავინ მოვა და შენს ამბავს არავინ იკითხავს. მიჯნურობა საიდუმლოდ შესანახი სნებაა, თავის გასაჭირს სხვას რომ ვერ გაანდობ, ისეთი. იყო უნდა შენთვის და ვარამი ჩუმად გულში უნდა ჩაიკლა.
მოაბადი დიდის ამბით დაბრუნდა მარავში. ქალაქი ზეიმობდა. ქუჩები და მოედნები მორთულ-მოკაზმული იყო. სეირის მაყურებელი ხალხი ბანებზე გადმომდგარიყო. დიდებულები ნეფიონს ოქროს აყრიდნენ თავზე, წვრილი დიდკაცობა კიდევ ვერცხლს აწვიმებდა. ბანებიდან ისეთი ლამაზი გოგონები იმზირებოდნენ, რომ ქუჩაში მიმავალი კაცი იფიქრებდა, ეს ალბათ ვარსკვლავები ელავენო! ქუჩებში რომ ასეთი ზეიმი იყო, მოაბადის სასახლეში, თავად მიხვდებით, რა დღესასწაულიც იქნებოდა. მისი დარბაზი მინდორივით ვრცელი იყო, ხოლო ჭერი ისე მაღალი ჰქონდა, რომ ცასა სწვდებოდა. იჯდა შაჰი მოაბადი ტახტზე ლაღი და ბედნიერი, იხარებდა, სვამდა და გასცემდა.
ვისი სადედოფლოში დამჯდარიყო და დარბაზი იგი თავისი პირის მშვენიერებით წალკოტად ექცია. რამდენადაც მოაბადის გული მხიარულობდა, იმდენად ვისის გული კაეშანით იყო დატენილი. ხან დედის მოშორების გამო ტიროდა, ხან კიდევ იმის გამო ირეცხავდა ცრემლებით ღაწვებს, რომ მის საყვარელ ქმარსა და ძმას ასე უიმედოდ მოსწყვიტეს. სევდისაგან ნემსივით გაწვრილებულიყო და შეჭირვებისაგნ სახე ზაფრანის ფერად გაყვითლებოდა. ხელმწიფეთა და დიდებულთა ცოლები ჭირისუფლებივით უსხდნენ ირგვლივ, ანუგეშებდნენ და ეხვეწებოდნენ:
_ დედოფალო, ცოტათი მაინც მოითქვი სული, ასე გულამოსკვნით ნუ ტირიო!
ვისი არც პასუხს იძლეოდა და არც ტირილს წყვეტდა. მოაბადი რომ გამოჩნდებოდა, ლოყებს იხოკდა, საყელოს იხევდა და პირს კედლისკენ მიაბრუნებდა ხოლმე. ვისის პირი წალკოტს კი ჰგავდა, მაგრამ რად გინდათ, ამ წალკოტის კარი მაგრად იყო დაკეტილი და მოაბადმა მისი ხილვითაც კი ვერ გაიხარა.

ძიძისაგან ვისის ამბის გაგება და მასთან წასვლა

ძიძამ რომ ვისის ამბავი გაიგო, მწუხარებისაგან ქვეყანა დაუბნელდა, ხმამაღლა ტირილი მორთო:
_ ჩემო ორი კვირის მთვარევ, ისე რად დაგემტერა საწუთრო, რომ ქვეყანაზე საარაკოდ გაგხადა? ჯერ კიდევ პირიდან ხსენის სუნი ამოგდის და ხალხის პირი კი შენი ხსენებისაგან უკვე ავსებულა. ღმერთი მე შენი შეხედვით მაცოცხლებდა და აწი, შენ რომ ვერ შეგხედავ, ცოცხალი როგორღა უნდა ვიყოო!
მაშინათვე ოცდაათი აქლემი ლარითა და ძღვენით დატვირთა და მარავის გზას გაუდგა. თუმცა ვისი ასე შეჭირვებული დაუხვდა, მისი ხილვით მაინც დიდად გაიხარა. თავისი გაზრდილი პირდახოჭილი, თმადაგლეჯილი და თმის ბეწვივით დაწვრილებული რომ დაინახა, ნუგეშის ცემა დაუწყო:
_ რატომ იკლავ, შვილო თავს! დამჭლევდები, შეავდები და დაყვითლდები. ეს ამბავი ასეც უნდა მომხდარიყო, _ საკუთარმა დედამ მიგათხოვა მოაბადს. ახლა დიდი ხელმწიფის ცოლი ხარ და მას ტკბილი სულივით უყვარხარ. ვირო რაც გინდ სანაქებო უფლისწული იყოს, სიმდიდრითა და ხელმწიფობით მოაბადის ხელა მაინც არ არის. თუ საწუთრომ ვერცხლის ვაშლი წაგართვა, სანაცვლოდ ოქროს თურინჯი მოგცა. კუტიკარი დაგიკეტა და ბჭისკარი გაგიღო. დამიჯერე, მიწაზე ნუ აგდიხარ, ადექი და სადედოფლო სამოსი ჩაიცვი. თავზე გვირგვინი დაიდგი და შენი პირის მშვენებით სამეფო დარბაზი წალკოტად აქციე; მოშაქრული ენით საუბარი დაიწყე და გიშრის ფერი თვალებით შენს შემხედვარეთ გული აუძგერე! მოაბადი შენი ქმარია, დაუტკბი და ცხელი კოცნით გული გაუთბე, ელვარე პირით ღამე დღედ აქციე და მზე მოშურნედ გაიხადე; აქაურ მამაკაცებს თავიანთ ცოლებზე გული ააყრევინე და ლომივით მძვინვარე ვაჟებს შენზე ჯავრით პირი ბაიასავით გაუყვითლეო!
ვისიმ ძიძის შეგონება რომ მოისმინა, ასე უპასუხა:
_ ძიძავ, შენი საუბარი უნაყოფო ხესა ჰგავს. გული ამ საწუთროს სიცოცხლით გამძღარი მაქვს. ტანისამოსს არ ჩავიცვამ და ტახტზე არ დავჯდები. ჩემი სამეფო ტანისამოსი ფლასია და სახელმწიფო ტახტი _ მიწა. მოაბადი ჩემგან ვერ გაიხარებს. რადგან ვირომ ჩემთან წოლით გულის ნება ვერ პოვა, დაე, ნურც სხვა იპოვნის მას ჩემგანო!
ძიძამ თავის გაზრდილს ახლა სხვა მხრივ შემოუარა:
_ ყოფილი საყვარელი უკვე გასულ დღესა ჰგავს. მე დამიჯერე, მიწაზე ნუ ზიხარ, შედი აბანოში, იბანავე, ვარდისწყლით ტანი დაიზილე, სადედოფლო ტანისამოსი ჩაიცვი, ტახტზე დაჯექი და თავზე გვირგვინი დაიდგი! აქ პირმშვენიერი დიდებულთა ცოლები მორთულნი და მოკაზმული დადიან, მე არ მინდა, ჩემს გაზრდილს ისინი ასეთ ყოფაში უყურებდნენ. ეგეც რომ არ იყოს, სხვებსაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებ. ისინი სეფექალები არიან და ვალად აძევთ, თავადაც ისე მოიქცნენ, როგორც მათი დედოფალი ირჯება. წესისამებრ იმათაც ფლასები უნდა ჩაიცვან და ნაცარში უნდა დასხდნენო.
ძიძის ეს დარიგება ვისის ჭკუაში დაუჯდა, ზე ადგა და აბანოში შევიდა. ძიძამ იგი მორთო და ძვირფასი სამკაულებით მოკაზმა. ვისი მაინც ტიროდა და თავის უბედურებაზე ჩიოდა. ტირილით რომ დაიღალა და დაწყნარდა, ისე გამშვენიერდა, რომ მასთან მოსული კეკლუცი ქალები მის გვერდით ვარსკვლავებივით მოჩანდნენ, თვითონ კი ბადრი მთვარე გეგონებოდათ, ისე ანათებდა.
მოაბადმა რომ გაიგო, ვისი ხასიათზე მოდგაო, გაიხარა, ცოლს დიდი ძღვენი გაუგზავნა, ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით აავსო. უამრავი მონა და მხევალი აჩუქა. თავად კი დაჯდა და გახარებულმა მთელი ის კვირა ქეიფში გაატარა. მერე კი ადგა და სანადიროდ გაემართა.
ერთ დღეს ვისიმ ძიძას უთხრა:
_ შენ თუ რამეს არ მოიფიქრებ და არ მიშველი, თავის მოკვლის გარდა სხვა გზა არ
დამრჩენია, მხოლოდ სიკვდილით თუ შევძლებ მოაბადის ყურებისაგან თავის დახსნას. სანამდის იგი ჩემთან თავისი გულის წადილს აისრულებდეს, იქნება რაიმე ხრიკი მოუგონო. მე მამაზე მგლოვიარედ ვარ და ერთი წელი მეკუთვნის, მას არ დავნებდე. მაგრამ ისიც ხომ ვიცი, რომ ერთი წელიწადი მე იგი არ დამთმობს. ამიტომ შენ უნდა დამეხმარო და მისი მამაკაცობა შეკრა. ერთი წლის შემდეგ კი, რა ვიცი, იქნება, გუნება შემეცვალოს, შენც დაუბრუნებ მას კაცობას და მასაც შენი ფასი ქვეყანაზე არავინ ეყოლებაო.
ძიძას ვისის ეს თხოვნა დიდად არ ეკეთა, მაგრამ სხვა გზა არა ჰქონდა, თავისი გაზრდილის ნებას დაჰყვა. სპილენძისა და რვალისაგან ორი თილისმა გააკეთა, ერთი მოაბადისა და ერთიც _ ვისის. შეულოცა და ერთმანეთს გადააბა. სანამდის ეს ორი ჩხიბი ერთად იყო შეკრული, მოაბადს მამაკაცობა დაკარგული ექნებოდა. ძიძამ დილაუთენია ეს თილისმები მდინარის პირას ლამში ჩაფლა რომ მობრუნდა, ვისი ის ადგილი ასწავლა და უთხრა:
_ თუმცა შენი თხოვნა არ მომწონს, ბრძანება მაინც შეგისრულე და ასეთ დიდ ხელმწიფეს მამაკაცობა შევუკარი. იყოს ლამში ის ჩხიბები ერთი თვე. ერთი თვის შემდეგ, ვიცი, თვითონ მოგინდება ქმართან ალერსი და თავად მომთხოვ მოაბადის მამაკაცობის ახსნას. მაშინ მე იმ თილისმებს ცეცხლში დავწვავ და მოაბადსაც კაცობა დაუბრუნდებაო.
ნახეთ, ღვთის განგებით რა მოხდა: ერთი თვე არც იყო გასული, ის მდინარე ადიდდა, ჩხიბები თან წაიღო და დარჩა მოაბადი სამუდამოდ მამაკაცობადაკარგული. საბრალო ქმარს ცოლი გვერდით კი ეწვა, მაგრამ მამაკაცობა აღარ ჰქონდა.
ორი ქმარი შეირთო ვისიმ და ორივესგან ქალწული დარჩა, ვერც ვირომ აისრულა მასთან გულის წადილი და ვერც მოაბადმა.

როგორ დარია ხელი რამინს სიყვარულმა

ვისის სიყვარულისაგან ძნელ დღეში ჩავარდნილი რამინი ხალხთან ყოფნას თავს არიდებდა და უკაცრიელ ადგილებში დაეხეტებოდა. ღამე ძილი არ ჰქონდა და დღე _ მოსვენება. სადაც წერწეტა საროს ნახავდა, დადგებოდა და თვალმოუწყვეტლივ უყურებდა, _ ვისის ტანს ამსგავსებდა. ბაღში რომ წითელ ვარდს გადააწყდებოდა, კოცნას უწყებდა, _ ვისის პირს აგონებდა. ყოველ დილით იას კრეფდა (ვისის კულულებს ამგვანებდა) და გულზე დაიყრიდა ხოლმე. ჩანგზე უკრავდა და ზედ თავის ვარამს ამღერებდა. ერთხელაც არავინ ჰკითხა: რატომ ხარ ამ დღეშიო? ზოგჯერ მოაბადის ბაღში შედიოდა და ხეებს ეუბნებოდა:
_ ხეებო, გევედრებით: ჩემს ასეთ ყოფაში მოწმედ დამიდექით და, როცა აქ მხიარულმა ვისიმ გამოიაროს, უთხარით, თუ რა დღეში ვარ მე, მისი მიჯნური, როგორ ვტირი მის გამო და ცრემლებს როგორ ვღვრიო!
ბაღში მკვნესარე იადონებს რომ ნახავდა, ეტყოდა:
_ თქვენ რა დაგმართიათ ისეთი, რომ ამდენს კვნესით? თქვენი შეყვარებულის გვერდით შტოზე ზიხართ, თქვე კარგებო, ჩემსავით ხომ არა ხართ სატრფოს მოწყვეტილი! საკვნესარი მე მაქვს, თქვენ რა გატირებთო?!
ერთხელ რამინი ასე რომ დაბორიალებდა მოაბადის ბაღში, სად იყო, სად არა, ვისის ძიძა შემოხვდა. გაზაფხულის წალკოტზე უფრო კეკლუცი თითქოს რა უნდა იყოს, მაგრამ რამინის სიტურფე წალკოტის მშვენიერებას ათასჯერ უფრო სჯობდა. ყურის ძირი წმინდა ვერცხლს უგავდა. წვერ-ულვაში ახალი აკოკრილი ჰქონდა. ტუჩები ლალივით უღვიოდა, კბილები მარგალიტებისა ესხა. ტანი ისე წერწეტა ჰქონდა და ისე ირწეოდა, რომ მოარული კვიპაროსი გეგონებოდათ. სახე სავსე მთვარესავით უნათებდა.
რამინს ძიძის დანახვა მეტად გაუხარდა. ერთურთი მოიკითხეს. შემდეგ ბაღის მყუდრო ადგილში გაიხალვათეს. რამინმა თავისი გასაჭირი შესჩივლა:
_ ვისი დედისაგან თითქოს იმისთვის დაბადებულა, რომ ვინც შეხედავს, ცეცხლად მოეკიდოს, ნამეტურ მე, ძიძაო, მისი სიყვარულისაგან ვიწვები. ხომ ამ დღეში ვყავარ, მაინც ღმერთსა ვთხოვ, თავად იგი მუდამ მხიარული და უჭირველი იყოს. მე კი, დაე, მისი ჭირის სანაცვლოდ მოვკვდე, არ ვჩივიო!
ძიძას რამინის ნათქვამი ეამა:
_ რამინ, ღმერთმან შენი უბედურება და ჭირი ნურასოდეს მასმინოს! აგრეთვე ღმერთსა ვთხოვ, ჩემი გაზრდილის ბედი მისი პირისახესავით მშვენიერი იყოს და მისი მტრის ზურგი _ ჩემი ვისის დალალებივით დაგრეხილიო!
რამინმა განაგრძო:
_ ჩემი სიყვარული დამალული აღარ არის, ძიძავ, ქვეყანამ იცის, რომ ვისის სიყვარულისა გამო გულისაგან თმობა წამსვლია და სულისაგან ცნობა გამცლია. მას აქეთ, რაც იმ ფათერაკად აღმდგარმა ქარმა ვისის ტახტრევანს საფარველი გადააცალა და ჩემმა თვალებმა მისი სამოთხის მსგავსი პირი დაინახა, გული ჯოჯოხეთის მსგავსი ჭირით ამვსებია. ახლა აღარც ცოცხალი ვარ და აღარც მკვდარი. ნიადაგ ისე ვტირი, როგორც ცისკრის ჟამს _ იადონი. ძიძავ, ახლა მე მხოლოდ შენი იმედი-ღა მაბადია. თუ მიხსნი, შენ მიხსნი. მიდი და ჩემს მაგივრად ვისის ასე მოახსენე: „ჰე, კეკლუცთა დასაბამო, ორი კვირის მთვარე შენი შურით გულზე სკდებათქო. დადნა ჩემი გული შენზე ფიქრით. გართობა ჩემთვის აღარაა და სიხარული. ვერც მოედანზე გავსულვარ საასპარეზოდ, ვერც ავაზით მინადირია და ვერც ქორით კაკაბს გავკიდებივარ, მეგობრებში ვერ დავმჯდარვარ და ქეიფი ვერ გამიწევია-თქო. შეღამებიდან გათენებამდე ვკვნესი და შენი სიყვარულის გამო დაკოდილი გველივით ვიღვლარჭნები. ჩემი ხსნა მაშინ იქნება, როცა ერთხელ მაინც შენს სახეს თვალს შევავლებ. შენმა მზემან, ჩემისთანა ყმაწვილის, რომელსაც შენთვის არაფერი შეუცოდავს, ასე განწირვა და მოკვდინება არ ეგების-თქო“.
ძიძას ეს რომ ესმა, თითქოს შხამიანი ისარი მოხვდა გულში, მაგრამ რამინს ეს გრძნობა დაუმალა და ასე უპასუხა:
_ რამინ, ნუთუ შენ მართლა იმისი იმედი გაქვს, რომ ვისი შეგიყვარებს! ვისი ის მზეა, შენზე რომ არასოდეს არ ინათებს. არ გაგივა მასთან ხრიკები და ოინი; ვისი ასე ადვილად არ მოღორდება. ნურც იმისი იმედი გაქვს, ძალით გამოგივიდეს რამე. ერთადერთი გზა დაგრჩენია, _ ვისის სიყვარული გულიდან უნდა ამოიგდო! შენ მას მაშინ შეუყვარდები და მის გულს მაშინ დაეპატრონები, როცა ფიჭვის ხე ხურმას მოისხამს. ანდა ვინაა ის, ვინც გაბედავს და ვისის ამბად მიუტანს: ამა და ამ კაცს შენი სიყვარულის ცეცხლი უკიდია გულზეო? ათასი ლომის გული რომ მედგას მკერდში, მე მასთან ამისთანა რამის თქმას ვერ ვიკისრებ. ახლა მაინც ვინ გაბედავს ამას, როცა ადამიანი ასეა შეწუხებული ამდენი უბედურებით: ცალკე მამის სიკვდილს ვერ შერიგებია, ცალკე საყვარელი ქმრის მოშორება ვერ მოუნელებია და ცალკე კიდევ თავისი ქვეყნისაგან აქ ყარიბად ყოფნას ვერ შეგუებია. შეუსვენებლად კვნესის და ტირის. ახლა მას ან შენი სახელის ხსენებას ვინ გაუბედავს, ანდა შენს შეთვლილობას ვინ მიუტანს! არა, ჩემო სასურველო, ასეთ სამსახურს ნუ მთხოვო!
რამდენიც არ ეხვეწა რამინი ძიძას, მიშველეო, ძიძა ცივ ქვაზე დადგა. რამინი მაინც არ მოეშვა:
_ ძიძავ, ნუ მიზეზობ! ხერხით რა არ კეთდება! ხერხით ქარის წისქვილს აგებენ, ჰაერიდან ფრინველს ჩამოსვამენ და ხვრელიდან გველს გამოიყვანენ. ხერხი კი შენი მოგონილია. მე რომ ბედნიერი კაცი არ ვყოფილიყავ, ამ უადგილო ადგილს შენ არ შეგხვდებოდიო.
ეს რომ უთხრა, ატირდა, ძიძა გულში ჩაიხუტა და კოცნა დაუწყო. შემდეგ კი იქვე დააწვინა და გულის ნება აისრულა. თითქოს ჯადო გაუკეთესო, ისე შეუყვარდა ძიძას რამინი. დედაკაცისგან ერთხელ ნებას რომ აიღებ, მერე პირზე ავშარა ამოდებული გეყოლება.
რა რამინმა ქალისაგან მოიცალა და ზეზე წამოდგა, ძიძამ თავისი კუშტი საუბარი მოალმობიერა:
_ ჰაი, შე მაცთურო, შენა! ისეთი ენა გაქვს, ვის არ შეაცდენ! აქამდისაც მიყვარდი, მაგრამ დღეის იქით, რაც გინდა, მიბრძანე და შენი მონა-მორჩილი ვიქნები! _ ვისის საქმეს, შენ რომ გინდა, ისე მოგიგვარებო.
რამინმა ძიძა შეაგულიანა:
_ ჩემი იმედი შენა ხარ. ამ ჭირისაგან დამიხსენი და შენი ხელოვნება გამოაჩინე! კვლავ როდის მოხვალ ჩემთან? ხომ იცი, შენს მოსვლამდე მე წუთების თვლაში ვიქნები და თვალი გზაზე მეჭირება. სანამდის ისევ მხიარულად არ გიხილავ, მანამდის ცეცხლზე ვიჯდომებიო.
ამაზე გრძნეულმა ძიძამ სიცილით უპასუხა:
_ მტერსაც კი მოყვარედ იქცევ, ისეთი ჯადო გაქვს. აწი ნუღარაფრის გეშინია, შენი
ხსნის ჟამი დამდგარია. ყოველდღე აქ დამელოდე და რასაც ვიზამ, მოგახსენებო!
აკოცეს ერთმანეთს და გაიყარნენ.

ძიძის მაჭანკლობა

ძიძა ვისის საწოლში რომ შევიდა, თავისი გაზრდილი, ჩვეულებრივ, ცუდ გუნებაზე მყოფი დაუხვდა. ეტირა, სასთუმალი სულ ცრემლით ჰქონდა სველი. დედისა და ვიროს სიშორისა გამო სამკაული შემოეძარცვა. ძიძა ახლოს მიუჯდა.
_ ჩემო სიცოცხლევ, სნეული არა ხარ და მუდამ კი წევხარ. ისარივით სწორი ტანი
მშვილდივით მოდრეკილი გაქვს. ისე გიჭირავს თავი, თითქოს საკანში იჯდე და არა მარავ-ქალაქში დედოფლობდე. ჭირი კაცს დალევს, შვილო, და მისი წამალი მოთმენის მეტი არაფერია. მე დამიჯერე და ნახავ, თუ გულიდან კაეშანი არ მოგეხსნასო!
ვისიმ ეს რომ მოისმინა, თავი მუხლთაგან აიღო და ამომავალ მზესავით ელვარე პირი ძიძას მიანათა.
_ ძიძავ, მარავიო, თქვი შენ. იცი თუ არა, რომ მარავი ჩემთვის ქალაქი კი არა, საკირეა. ეს სამოთხესავით მორთული და მოხატული დარბაზი ლამაზი კია, მაგრამ მე იგი ჯოჯოხეთის ჯურღმულად მიმაჩნია. საწუთრო ისე მაქვს მოძულებული, რომ თავი ცოცხალი აღარ მინდა. წუხელ ვირო დამესიზმრა: ცხენზე იჯდა, ნადირობიდან დაბრუნებულიყო. წელზე ხმალი ერტყა და ხელთ შუბი ეჭირა. კარგად ენადირა. ცხენდაცხენ მომადგა და ალერსით მითხრა: ძმის სიცოცხლევ, უცხო ქვეყანაში თავს ვითა გრძნობ? შენი მტრების ხელში უჩემოდ როგორ ძლებო? მერე ისევ ვიხილე ძილში. გვერდით მეწვა. მეხვეოდა და მკოცნიდა. ახლაც ცხადივით ჩამესმის ყურში მისი ჩურჩული და მისი ტანის სურნელი ახლაც მაბრუებს. შენ თვითონ იცი, ძიძავ, რომ მთელს მარავ-ქალაქში ვიროს ბადალი ვაჟკაცი არავინააო.
ძიძას ვისის თავი ხელით ეჭირა. უთხრა:
_ შენი ძიძა მოგიკვდა! შენი ნათქვამი რკინასავით მემძიმა. ნუ მოიკლავ თავს, შვილო! ეს საწუთრო მოგზაურთა ფუნდუკია*, ჩვენ კი მოქარავნე მგზავრები ვართ. მოქარავნე ფუნდუკში მუდმივად კი არ ცხოვრობს, ცოტა ხანს დაჰყოფს შიგ და წავა თავის გზაზე. ნუ ჰკრავ ხელს სიხარულს და თავს ჭირში ნუ ჩაიგდებ! ამ ქვეყანაზე ახალგაზრდას ვერ ნახავ, საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებას არ ეძებდეს. ზოგს ჯარი უყვარს, ზოგს _ ცოლი და სახლი, ზოგს _ მოწიფული ქალი. ქალებსაც ეს ზნე სჭირთ, ხელმწიფეთა ცოლები არიან ისინი თუ ქალიშვილები, გინდა დიდებულთა მეუღლენი, სხვადასხვა სიამოვნებით იხარებენ გულს. ქალს, რაც გინდ ლამაზი ხელმწიფის ცოლი იყოს, მალულად მაინც ჰყავს საყვარელი და ჩუმად მასთან ეძლევა ნეტარებას. შენ კიდევ ვიროს გარდა არავინ გაგონდება. ვირო ხელმწიფე და ხელმწიფის შვილი კია, მაგრამ ანგელოზი მაინც არ არის. წეღან მკითხე, მარავში ვიროს მსგავსი ვაჟი თუ ვინმე გინახავსო. ღმერთმა იცის, რომ მარავში ბევრი ყმაწვილი მინახავს, კაცი მათი ჭვრეტით რომ ვერ გაძღება, ისეთი. კაცს ისინი ვიროზე უფროდაც მოეწონება. მათ შორის განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა გამოირჩევა, ლომივით ჭაბუკი. კაცის გონებას მისი სილამაზისა და მომხიბვლელობის აღწერა არ შეუძლია. სხვა თუ ვარსკვლავია, იგი მთვარეა. მოაბადის საყვარელი ძმაა და სახელად რამინი ჰქვია. სახით სულ ვიროსა ჰგავს. აქაური ქალები მისი სიყვარულით დახელებული არიან. მთელს ირანში მისი მსგავსი ცხენოსანი არ მოიპოვება. შუბს ისე ისვრის, თმას შუა გააპობს. ბრძოლის დროს ლომია და მოწყალების გაცემის დროს _ მაისის წვიმა. მერე კიდევ ერთი თვისება აქვს, გულჩვილობით სულ შენა გგავს. ისედაც ერთმანეთის ალი-კვალი ხართ. ისე გავხართ ერთმანეთს, კაცს ორად გაჭრილი ერთი ვაშლი ეგონებით. მას შენ უნახიხარ და ისე შეყვარებიხარ, რომ დღე და ღამე შენი სიყვარულისა გამო ცხარე ცრემლებს აფრქვევს. შენ ხომ მებრალები და მებრალები ამ დღეში მყოფი, მაგრამ მასზედ ნაკლებად არ მეწვის გული, _ შეყვარებულია და მეცოდება.
ვისი ატირდა და ძიძას უთხრა:
_ რა კარგად უთქვამს ხოსროს* ერთი მოლაშქრისათვის: რადგან სირცხვილი არა გაქვს, რაც გინდა, იმას იტყვიო! შენ რადგან სირცხვილის გრძნობა არ გაგაჩნია, არაფერი გიშლის, ასეთი რამეები ჩემთან იყბედო. ჩემიც გრცხვენოდეს და ვიროსიც! ჩვენ დაგვივიწყე და ვიღაცა რამინის გულისთვის ირჯები. თუ შენ ჩემი დედა ხარ და მე _ შენი ასული, ორპირობასა და უსირცხვილობას რატომ მასწავლი? რამინი სიმაღლით ნაძვსაც რომ ჰგავდეს და როსტომზე* უფრო გულოვანი იყოს, მე არაფრით არ მომინდება. რაც გინდ ლამაზი იყოს, ჩემს ძმას მაინც ვერ შემიცვლის, თუმცა კი ამბობ, ვიროს ჰგავსო. ვერც ის მომაღორებს თავისი სიმდიდრით და ვერც შენ შემაცდენ შენი წაქეზებით. შენ თვითონ რატომ მოისმინე მისი საუბარი და თუ მოისმინე, მე რატომ მაკადრე მისი განმეორება? იგი რატომ არ შეარცხვინე და საკადრისი რატომ არ მიაგე?! მამაკაცის ნანადირევი დედაკაცია. ჯერ მოატყუებს და გულის ნებას რომ აისრულებს, სხვა მოუნდება. დედაკაცი კი არის ჭირში გაბმული, ხან შინაურების ეშინია, ხან კიდევ ქმრის შიშით დნება. ამ ქვეყანაზე საფრთხე და თავის მოჭრა ელოდება, იმ ქვეყნად კიდევ _ ჯოჯოხეთი და ღვთის რისხვა. რატომ უნდა მოვიქცე მე ასე? ჩემი მფარველი ღმერთია და შემწეობას მასა ვთხოვო.
ძიძამ ეს რომ მოისმინა, მიუხვდა, რამინს კარგად არ მიუდიოდა საქმე და ახლა სათქმელს სხვა მხრიდან შემოუარა:
_ ამ ქვეყანაზე კაცს რაცა სჭირს, განგებისაგან სჭირს. რაც ღმერთს არ უნდა, ის საქმე არ მოხდება. შენც ის დაგემართება, რაც უფალს შენთვის გადაუწყვეტია, არც მეტი და არც ნაკლებიო.
ვისიმ ამაზე ძიძას ასე უპასუხა:
_ კი, ყოველი საქმე კაცს ბედისაგან მოსდის, მაგრამ ვინც ავს იზამს, იმას ავითვე გარდახდება. პირველი ავი საქმე შაჰრომ ქნა, მოაბადის ცოლი ვიროს რომ გაატანა. ავი მან ქნა, ჩვენ არ გვიქნია და, შეხედე, ჩვენც რამდენი ჭირი ვნახეთ, მეც გამოვიჯაყე ქვეყანაზე და ჩემი ქმარიცო!
ძიძამ თავი იმართლა:
_ რამინი ჩემი შვილი არ არის, რომ ვიფარავდე. რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული რომ მოვა, კაცი ავსაც და კარგსაც უნებურად ემორჩილება. ჩემი ნათქვამი დაიმახსოვრე: სულ მალე ამ ცეცხლისაგან კვამლი ამოვაო!
მეორე დილას, როგორც დათქმული ჰქონდათ, რამინი და ძიძა ერთმანეთს შეხვდნენ. რამინმა შენიშნა, რომ ძიძა კარგ გუნებაზე იყო. ჰკითხა:
_ გუშინდელს აქეთ როგორ ბრძანდები? გეტყობა, ვისი გინახავს და მისგან სასიამოვნო სიტყვები გსმენია. ვისის ჩემი შეთვლილობა თუ მოახსენე და ჩემი გასაჭირი თუ გააგებინეო?
ძიძამ უპასუხა:
_ ვიყავი და გადავეცი, რაც დამაბარე. მე გამიწყრა, შენ კი შემოგითვალა: „რამინ, შენთვის იყო, გირჩევნიაო; ჩემთან შეყრის იმედი ნუ გექნება! თუ მიჯნურობა გწადია, წადი, ქვეყანაზე ქალების მეტი რა არის! ჩემი სახელი ვითომ არც გსმენია. ეშმაკს ნუ შეუცდენიხარ. ჯერ ღმერთის წინაშე ნუ სცოდავ, მერე საკუთარი ძმის მიმართ ნუ ჩადიხარ დანაშაულს! შენ რომ ჩემთან ერთხელ ნება აისრულო, ვიცი, ისე შეგძულდები, რომ შემდეგ ჩემი სახელის გაგონებაც კი არ გესიამოვნებაო.“
საბრალო რამინმა ასეთი პასუხი რომ მოისმინა, ქარისაგან რომ ტირიფი ათრთოლდება, ისე აკანკალდა. ძიძას შეეხვეწა:
_ შემიცოდე, ძიძაო, და ერთხელ კიდევ მიმეგზავნე ვისისთან. უთხარი: „მზესავით ნათელო ასულო, მამაკაცი ყველა ერთნაირი ხომ არ არის! თუ ინებებ, მე ათასი საფიცარით შემოგფიცავ, რომ სიკვდილამდე შენი ერთგული ვიქნები. ტანიდან ჩემი სული და შენი სიყვარული ერთად ამომივა-თქო!“
შეებრალა ძიძას მოტირალი რამინი და უთხრა:
_ ჩემო თვალის სინათლევ, მოთმინების აბჯრით შეიმოსე! წავალ, ერთხელ კიდევ ჩავიცვამ უსირცხვილობის ჯაჭვს და ვისის ერთხელ კიდევ შევეხვეწები, შენსკენ მოიხედოსო.
ისევ ეწვია ძიძა თავის გაზრდილს. ვისი დაღონებული იჯდა და თვალთაგან ცრემლებსა ღვრიდა. ძიძა ვისის მიეფოლორცა:
_ ღმერთმა სულ ასე დაღონებული და მტირალი დასვას, ვინც შენ დაგაღონა და გატირა, შენს სახლ-კარს მოგაშორა და შენიანებს მოგწყვიტა! მაგრამ ერთი კი გამკვირვებია, ამ უცხო ხალხში რას გადაგიდვია თავი და შმაგს და გადარეულს რატომ დამსგავსებიხარ? ნუ იქცევი ასე, შენი ახალგაზრდობა შეიბრალე და ჭირს ჭირზე ნუ მოიმატებ! შენს სიყრმეს ზღვაში ნუ გადააგდებ და შენს ტანს სიდუხჭირეში ნუ დაადნობ! შენ თუ ეს ზნე გჭირს, რომ ვისაც უყვარხარ, იგი აღონო, შენს სულს რაღას ერჩი? შენს სულს ხომ მეტად უყვარხარ! რატომ გძულს იგი? რამინი შენს სულსა ჰგავს, მას შენ უყვარხარ, შენ კი იგი გძულს. ნუ ირჯები ასე! ქალი ხარ და ხესავით ნაყოფიერი უნდა იყო. შეიბრალე ის ყმაწვილი, ნურც მას დაადნობ და აგრე გაუხარებლად ნურც შენს ტანს დააგდებო!
ვისის ასეთი სიტყვები რომ ესმა, აღშფოთდა და ძიძა აგინა:
_ საძაგელო და ღვთისაგან დაწყევლილო ძიძაო! დაიქცეს ის კუთხე, საიდანაც შენ მოევლინე ამ ქვეყანას! ღმერთმა მოკითხოს დედაჩემს თავისი დანაშაული, რომ შენი ძუძუ მაჭამა და ჩემი წმინდა ბუნება შენი ძიძაობით დასვარა! შენი უსირცხვილობით შენდამი სიყვარულის ძირი გულიდან ამოვიგდე. ტყუილა ნუ ირჯები, შენს დაგებულ ბადეში მე არ გავებმები და იმ შენი რეგვენი რამინის შემოთვლილობას ყურში არ შევუშვებო!
ძიძამ გულში გაიფიქრა: შელოცვით თუ ვიზამ რამეს, თორემ ამ ქალს ვერ ვაცთუნებო, უთხრა:
_ სიცოცხლეზე უფრო საყვარელო, რამინი ჩემი არც შვილია, არც ნათესავი და არც პატრონი. მე შენთვის მინდა სიკეთე და ესაა, რომ მალაპარაკებს, თორემ სხვა რა უნდა მრჯიდეს! რაც არ უნდა დიდად მიგაჩნდეს თავი, უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ და არა ანგელოზი. ისეთ ქმარს მოსწყდი, როგორიც ვიროა, ისეთი ხელმწიფის ცოლი გამხდარხარ, როგორიც შაჰი მოაბადია და ჯერ შენგან არც ერთს უგემებია სიამოვნება და არც მეორეს, რადგან საწოლში ჯერ არავის წოლიხარ. შენც არავისგან მიგიღია ნეტარება და მამაკაცთან წოლა რა არის, საერთოდ არ იცი. მაგრამ შენ რომ მამაკაცის გემო იცოდე, ამ ქვეყანაზე რამინზე უფრო საამო კაცს ვერა ნახავ. რატომ არ გინდა, გაიგო, რომ სიყვარულის გარეშე ამ ცხოვრებას გემო არა აქვს? ფრინველი რომ ფრინველია, ღმერთს ისიც კი დედალი მამლისთვის გაუჩენია. ყველაფერი ეს თუ იცი, მე რატომ მიჯავრდები? მე შენ მიყვარხარ და იმიტომ გირჩევ ამას, შენი დედა და ძიძა ვარ. რამინი შენი შესაფერია და შენ _ მისი. მას შენ უყვარხარ და შენც სიყვარულითვე უნდა უპასუხო! თქვენ რომ ორივეს ერთად შეყრილს გნახავთ, ამ ქვეყანაზე ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება. შეხედე ხელმწიფეთა ცოლებს, ყველას გული გალაღებული აქვს, იმიტომ, რომ ყველას ჰყავს ჩუმად საყვარელი, ცხადად ხომ იხარებენ და იხარებენ, მალულადაც ნეტარებას არ იკლებენ. შენ კი აქ მტვერში აგდიხარ და სიცოცხლეს იმწარებ. ცხოვრება ერთი წუთისაა, შვილო, უცბად სიბერე წამოგეწევა და ისე მოკვდები, სიხარულს გემოს ვერ გაუსინჯავ. არც ქვა ხარ და არცა რკინა, ამდენ ჭირსა და მწუხარებას ვერ გაუძლებო.
ამ სიტყვებმა ვისის გული აუჩქროლა. ცოტათი მოლბა და ძიძას უთხრა:
_ ეგ მართალი თქვი, დიაცი მამაკაცისთვის არის გაჩენილი. გაგიწყერი და ცუდად მოგექეციო.
მეორე დღეს ძიძა დანიშნულ ადგილზე რომ მივიდა, ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა.
_ ტყუილა ირჯები, რამინ. ცეცხლში წყალს ნუ ეძებ! ვისის ქვის გულის მოლბობას ვერ შეძლებ და მის გვერდით წოლას ვერ ეღირსები. კლდეს რომ შესძახო, კლდეც პასუხს გამოსცემს კაცს და ეს ქალი კი ამასაც არ შვრება. შენი შენათვალი გადავეცი. შენზე არაფერი უთქვამს, მაგრამ მე კი მაგინა და მათრია. ჩემი ჯადო და შელოცვა მასთან არ გადისო.
რამინს თავისი დაემართა, ხმამაღლა ზლუქუნი დაიწყო და მოთქმას მოჰყვა:
_ ძიძავ, გაფიცებ, რაც საფიცარი გაქვს! იქნება, ერთხელ კიდევ მიხვიდე მასთან, ჩემი უბედურების ამბავი გააგონო და ჩემ მაგივრად მოახსენო: „ვისო, მაცოცხლე იმისათვის, რომ ჩემი დღე და მოსწრება შენი მონა ვიყო! თუ გამწირავ და უარს მეტყვი, მე მეტს ვეღარ გავუძლებ, თავს ან კლდიდან გადავიქცევ, ან წყალში დავიღრჩობ და ჩემს ცოდვას იმ ქვეყნად შენ მოგკითხავენ-თქო!“
ძიძას შეებრალა საწყალობელი რამინი, ადგა, ისევ მივიდა ვისისთან და უთხრა:
_ ყოველთა კეკლუცთა დედოფალო, შეყვარებულთა მეტი რა მინახავს, მაგრამ რაც რამინს ჭირს, ამისი ენით აღწერა შეუძლებელი საქმეა. ვშიშობ, ამდენი შეჭირვებისაგან სული არ განუტევოს. ჩემო ნათელო, შეიბრალე ასეთ უიმედო მდგომარეობაში მყოფი რამინი, ნუ დაისვრი მისი სისხლით შენს კალთას! რა იქნება ვითომ, რომ ასე არ მოექცე მას? საშენოა იგი. ასე ყო ველი ღირსებით შემკული ყმაწვილი ღმერთს ჯერ არ დაუბადებია. ბედმა ქალწულობა იმისთვის შემოგანახინა, რომ უბიწოება სწორედ რამინს ჩააბაროო.
ამას რომ ეუბნებოდა, არ იცოდა ძიძამ, რომ ვისის გულში უკვე შესული იყო რამინის
სიყვარული.
რამინის სიხარულის ჟამი იდგა. ქალი ხმას არ იღებდა. ეს კი იყო, სიმორცხვისა გამო სახეზე ფერ-ფური გადასდიოდა. თანაც შიშობდა, არ გავილანძღოო.
და მიუხვდა ქვებუდანი ძიძა, რომ ისარი მიზანს მოახვედრა და კანჯარი* იგი, როგორც იქნა, მოინადირა.

ვისისაგან რამინის ნახვა და მისი შეყვარება

სწორედ იმ დღეებში რამინის ბედზე მოაბადმა წვეულება გამართა, დიდებულები ისტუმრა და რამინიც დაპატიჟა. რამინი მოაბადის მხედართმთავრებში ისე გამოირჩეოდა, როგორც ვარსკვლავებში _ მთვარე. განზრახ მოჭარბებულადაც მოკაზმულიყო. მიჯნურობისა და ღვინისაგან ორნაირი სიმთვრალე მოკიდებოდა. ვისის ხატება თვალწინ ედგა და მისი არსება ტვინში ჰქონდა გამჯდარი. ვისი ძიძას მოეყვანა და მალულად მოქეიფეთათვის სარკმლიდან აჭვრეტინებდა. აქედან სუფრაზე სმად დამჯდარი დიდებულები კარგად ჩანდნენ. რამინიც მათ შორის იყო. ძიძამ ვისის უთხრა:
_ ჩემო თვალის სინათლევ, ამდენ ყმაწვილში რამინზე უკეთესს ვინმეს თუ ხედავ? შენს გაზრდას, მითხარი, ხომ არის ეშხიანი და უნაკლო? სულ ვიროს არა ჰგავს? აი, ასეთი ყმაწვილი უნდა გიყვარდეს შენ და მასთან ერთად გულის ნებას უნდა ეძლეოდეო!
რამდენსაც მეტს უჭვრეტდა ვისი რამინს, მისი სიყვარული უფრო ემატებოდა. საბრალო ვირო უკვე აღარავის ახსოვდა. ვისი გულში ამბობდა: ნეტავი მას, ვისაც იგი ქმრად შეხვდება! ძმას და დედას მოწყვეტილმა დღე და ღამე ასე რატომ ვიტანჯე თავი? რატომ ვზივარ ასე მარტოსული? სანამდის უნდა გავუძლო ამ ჭირს? მართლა და მართლა რკინა ხომ არა ვარ! ამაზე უკეთეს საყვარელს მე ვერ ვიშოვნი და მიჯობს, მისი გულის ნება ავასრულოო.
თუმცა რამინის სიყვარულისაგან უკვე გახელებული იყო, ძიძას მაინც არ გაუტყდა:
_ კი, ისეთია რამინი, როგორსაც მიხატავდი, ლამაზია და ეშხიანი, დიდგვაროვნებაც ამჩნევია და ჩემს ძმას, ვიროსაც ჰგავს, მაგრამ ესეც იცოდე, ძიძავ, რასაც ის ეძებს, იმას ვერ იპოვნის. მე მას საყვარლად ვერ გავუხდები და ქვეყანას ვერ ვალაპარაკებო!
ვისი თავის საწოლში რომ შევიდა, რამინის სიყვარულისაგან თვალებში ვეღარ იხედებოდა და გონებას კარგავდა. ბოლოს, აზრი რომ მოიკრიბა და გონს მოეგო, შეეშინდა, თავის გასალანძღი და სახელის გასაბახებელი რამ საქციელი არ ჩავიდინოო! მტკიცედ გადაწყვიტა, აკრძალულ სასთუმალზე თავი არ დაედო და რამინის სიყვარული გულიდან ამოეკვეთა.
ძიძამ ვისის გადაწყვეტილება არ იცოდა. გახარებული მივიდა რამინთან და მოახსენა:
_ ასე მგონია, რომ შენს გაჭირვებას საშველი დაადგა. ვისიმ კუშტობას თავი ანება და ცოტათი მოლბაო.
რამინი ცას ეწია სიხარულით. ძიძის წინ მიწას აკოცა და უთხრა:
_ სულის ჩამდგმელო, ღმერთი გადაგიხდის იმ სიკეთეს, რაც მე შენ მომანიჭე. დღეის იქით შენს ბრძანებას თავს არ ავარიდებ და ჩემს სიცოცხლეს შენ შემოგწირავო!
ეს რომ უთხრა, ათიათასი ოქროს დრაჰკანი წინ დაუდვა, თვალ-მარგალიტებით სავსე ზანდუკი გამოუტანა, ორასი ოქროს ბეჭედი დაუწყო და მათ უამრავი მუშკი* და ქაფური მოაყოლა. ძიძამ საჩუქრებს ხელიც არ ახლო, მხოლოდ ერთი ბეჭედი აიღო სამახსოვროდ და რამინს უთხრა:
_ ჩემო სიხარულო, შენ ჩემთვის ამ განძზე უფრო ძვირფასი ხარ. ჩემთა თვალთა სინათლე შენა ხარ, ჩემი თვალი და მარგალიტი შენი ნახვაა. მე შენ მინდიხარ და არა ოქროო!
ძიძა ვისისთან რომ მობრუნდა, თავისი გაზრდილი მოწყენილი დახვდა. თვალებიდან ცრემლი ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და ნიკაპთან ესკვნებოდა. ძიძამ გაიკვირვა:
_ სანამდის უნდა იყო სულ მტირალი? ახლა მაინც რა დაგმართნიაო?
ვისი კვლავ გაუწყრა ძიძას და საიქიო ცხოვრების შიშზე ჩამოუგდო ლაპარაკი:
_ მე ღმერთის საქმეს მივსდევ, ძიძაო, ამიტომ არც რამინი მინდა და არც საკუთარი თავი. ამ გზას რომ დავადგე, შენ რომ მირჩევ, ან ჩემს ნათესავთ რა ვუთხრა ამ ქვეყანაზე, ანდა იმ ქვეყნად, ღმერთი რომ განმიკითხავს, რა პასუხი გავცე? მირჩევნია, აქ რამინი დამემდუროს, ვიდრე იქ დავიტანჯო, _ გეჰენიაში ჩავარდნილს რამინის სიყვარული ვერ მიშველისო.
მაშინ ძიძამ თავი გაიბრაზა:
_ ეს რა ხასიათი გაქვს, დედის სიცოცხლევ! ერთ სიტყვაზე არასოდეს არ დგახარ და სულ მუდამ წისქვილის ქვასავით ბრუნავ. თუ შენ ამ შენს მძიმე ხასიათს არ შეიცვლი, შენთან გაჩერებას ეშმაკიც ვერ შეძლებს. მე დღესვე მაჰის* ქვეყანაში ვბრუნდები შაჰროსთან, შენ კი დარჩი აქ შენს ქმართან, მარავი და შაჰი მოაბადი ღმერთმა გიბედნიეროსო!
ვისიმ ამაზე ასე უთხრა:
_ ძიძავ, რამ შეგაყვარა ასე ეს რამინი? გულზე ვიღაც უცხო კაცი გეჭიდება, მე კი, შენიანს, ხელსა მკრავ. როგორ გაიფიქრე ჩემი დაგდება? მე აქ უშენოდ რანაირად უნდა გავძლო, ჩემიანებისგან ერთი შენ შემომრჩი და ახლა შენც გინდა, დამაგდო და მტრებს შემატოვოო?
ძიძამ უპასუხა:
_ რა საჭიროა ეს ფუჭი საუბარი? არ გინდა მიკიბ-მოკიბვა! საქმეზე მელაპარაკე. მითხარი, როდის ნახავ რამინს და როდის დაუტკბები? არც ქაჯი ხარ და არც ანგელოზი, ერთი ჩვენსავით მიწიერი არსება ხარ, რომელიც მიწყივ ხორციელ სიამოვნებაზე ფიქრობს და მამაკაცთან ნეტარებაზე ოცნებობს. ღმერთს ასე გაურიგებია, რომ დედაკაცსა და მამაკაცს ერთმანეთზე უფრო საყვარელი არაფერი ჰყავდეთ. შენ ეს არ იცი, და რომ იცოდე, ამდენს არ მალაპარაკებდიო.
ვისიმ უპასუხა:
_ სამოთხის ნეტარება მამაკაცთან წოლაზე უფრო საამოა. შენ რომ თავს დამანებებდე, მე უმამაკაცობას იოლად შევძლებ. შენი მომდურება არ მინდა, თორემ რამინის დათმობაზე ადვილი ჩემთვის არაფერია. შენ რომ ანგარიშს არ გიწევდე, დიდ ჭირს ნახავდა ჩემგან ის შენი რამინი. შევარდენიც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ მომიგდებდა ხელთ. ახლა შენ ისე მაინც ქენი, რომ ეს საიდუმლო ვერავინ გაიგოს! თავად იცი, მოაბადი რა მორჭმული* ხელმწიფეა და რა დიდი რისხვის დატეხვა შეუძლია კაცისთვის. ჩვენი საქმე რომ გაიგოს, უსათუოდ დაგვხოცავსო.

ვისისა და რამინის ერთგან შეყრა

კარგ წელიწადს სიკეთე გაზაფხულშივე შეეტყობა. ვისისა და რამინის სასიყვარულო საქმე თავიდანვე ბედნიერად აეწყო. სწორედ იმ დღეებში მოაბადი თავისი ლაშქრით ხორასნიდან აიყარა და გორგანის ქვეყანაში გაემართა, გორგანიდან ქოჰისთანში ჩავიდა. ქოჰისთანიდან* კი რეიში* ინება წაბრძანება, ერთი ხანი იქ დაჰყო. თან ნადირობდა, თანაც იქაურ სახელმწიფო საქმეებს არიგებდა. რამინმა თავი მოიავადმყოფა და მარავში დარჩა. მოაბადმა ძმა თავის ნაცვლად დატოვა, ტახტი და ქვეყანა მას ჩააბარა და სთხოვა, სახელმწიფო საქმეები სამართლიანად განეგო. დარჩნენ მარავში ვისი, რამინი და ძიძა.
პირველსავე დღეს დაჯდა პირად მზე და კეკლუცი ვისი ნებიერად სადედოფლო ტახტზე. თავით ფერხამდის ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით იყო მოკაზმული. ასი ათასი ვარდი ღაწვებზე უყვაოდა და ოცდათორმეტი მარგალიტი პირსა შიგან უკიაფებდა. ნელსაცხებლებისაგან ისეთი სურნელი ასდიოდა, მკვდარსაც რომ სცემოდა, გააცოცხლებდა. ძიძამ რამინი მოაბადის საწოლში შემოიყვანა. რამინი ისე იყო დაბნეული, თითქოს არც ოდესმე მოაბადის დარბაზი ენახა და არც ვისის სახე. გულში ამბობდა: ნუთუ ყველაფერი ეს ცხადში ხდება და მე ვარ, ახლა ამ ბედნიერების წინაშე რომ ვდგავარო! ქალის გვერდით რომ დაჯდა, ცეცხლის ალი გაუნელდა. ვისის ასე უთხრა:
_ ჰე ყოველი სიხარულის საწყისო და საფუძველო! ღმერთს სრულქმნილება მხოლოდ შენთვის უბოძებია. ელვარებით მნათობი მთვარე ხარ, მაგრამ რად გინდა, შენს შეყვარებულს გულს უბნელებო.
დარცხვენილმა ვისიმ ნაზი პასუხი გასცა:
_ სვებედნიერო ვაჟკაცო, მე დღემდე ამ ქვეყანაზე ბევრი ჭირი მინახავს, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტი განსაცდელი ის მგონია, რომ სახელის გატეხას ადვილად შევგუებულვარ. ჩემი წმინდა ბუნება და ტანი დამისვრია და სირცხვილი არად ჩამიგდია. ღმერთმა იცის, ჩემი ბრალი არ არის ეს დანაშაული, _ ცალკე ბედმა განაგო, ჩემი საქმე ასე წასულიყო და ცალკე კიდევ ძიძამ არ მომცა საშველი. ახლა მე შენ გეკითხები: მტრებს ჩემზე გაახარებ და ვარდის მსგავსად ჩემთან ცოტა ხანს იყვავილებ, თუ კაცობას გამოიჩენ და იაგუნდივით გამწე იქნები? ხასიათს არ შეიცვლი? რამდენ ხანსაც არ ვიცოცხლოთ, არ ინანებ იმ საქციელს, რომელიც მე და
შენ უნდა ჩავიდინოთ?
რამინმა ამაზე უპასუხა:
_ ნეტავი შენს დედას, შენს მამას და ძმას; ნეტავი შენს მოახლეებს და მსახურებს; ნეტავი იმას, ვინც ყოველდღე შენს პირისახეს უჭვრეტს! მარავს სახელად ისიც ეყოფა, რომ შიგ შენისთანა დედოფალი უზის.განა ეს სიხარული ღვთის წყალობად არ უნდა მივიჩნიო, რომ შენთან შეყრის ღირსი გავხდი და შენი სიტყვების მოსმენის ბედნიერება მაქვსო?
ამის შემდეგ რამინმა ვისის შეჰფიცა ყოვლის დამბადებელის ძალითა და სახელით, ელვარე მზითა და მთვარით, ცითა და დედამიწით, რომ სანამ პირში სული ედგმებოდა, სანამ ველთა ზედა ქარები იქროლებდნენ და ზღვათა შიგან წყალი იდგმებოდა, ღამეს სიშავე ექნებოდა და ცაზე ვარსკვლავები იკიაფებდნენ, რამინი ვისის სიყვარულს არ ინანებდა, არც თავის ფიცს გატეხდა და არც მის გარდა სხვას შეიყვარებდა.
მაშინ ვისიმაც შეჰფიცა, რომ სანამდის ცოცხალი იქნებოდა, მხოლოდ რამინი ეყვარებოდა. შემდეგ რამინს ხელთ ერთი იის კონა მისცა და უთხრა:
_ ჩემგან ეს ნიშანი გახსოვდეს: სადაც ახალამოსულ იას ნახავ, ეს დღე და ფიცი მოიგონე. ასემც ლურჯი და თავჩამოგდებული იყავი, თუ ჩემი ფიცი გატეხო! მე კი ვარდს ვინიშნებ: სადაც კი ვარდს დავინახავ, ამ დღეს მოვიგონებ, და ვარდივით დღემოკლე ვიყო, თუ გიღალატოო!
ერთმანეთს რომ ასე შეჰფიცეს, დამბადებელი მოწმედ დაიყენეს.
მაშინ კი ერთად დაწვნენ…
ზემოდან ანგელოზებსაც რომ დაეხედათ, ისინიც ვერ გაერკვეოდნენ, რომელი იყო მათ შორის უფრო ლამაზი ან ერთი არსება იწვა ლოგინში თუ ორი. ისინი ისე მაგრად შემოხვეოდნენ ერთმანეთს, წვიმის თქეშიც რომ მოსულიყო, მკერდი არ დაუნამიანდებოდათ, ტუჩები კიდევ ტუჩებზე ჰქონდათ დაწებებული. რამინი ნეტარების მოედანზე გავიდა და გულის ნება აისრულა. თვალი პატიოსანი რომ გახვრიტა, ცნა, რომ ქალწული მას იმავე ბეჭდით ჩაბარებოდა, როგორც დედას ეშობა. და უფრო შეუყვარდა ვაჟს შაჰროს ასული. რა ორთავეს გულის ნება აუსრულდათ, ერთმანეთისათვის უფრო დახელდნენ და მოემატათ ერთმანეთის სიყვარული.
ორი თვე ერთად დაყვეს ასეთ ნეტარებაში.
ესმა შაჰ მოაბადს, რამინი გამომჯობინებულაო. ძალიან გაუხარდა და წერილი მოსწერა:
„უშენოდ მოწყენილი ვარ. როგორმე ჩქარა ჩამოდი, ერთად ვინადიროთ და შევექცეთო!“ რამინმაც არ დააყოვნა და ვისისთან ერთად მოაბადისკენ გასწია. მოაბადი ამ დროს შაჰროს სტუმრობდა. ვისი თვალებს ვერ უსწორებდა ვიროს, მაგრამ მისი სადარდებელი ახლა სხვა იყო: ვისი და რამინი ცალ-ცალკე იდგნენ და ათასში ერთხელ თუ ნახავდნენ ერთმანეთს, ისიც შორიდან.
მოაბადთან რამინმა ერთი თვე დაჰყო, სმითა და ნადირობით გული გაიხარეს. ახლა მუღანში* გადაწყვიტეს წასვლა, _ ზღვის პირას ნადირობა მოუნდათ. სამგზავროდ აყრის წინა ღამეს მოაბადი ვისის გვერდით იწვა. როგორ უყვარდა ამ ქვეყნად ალერსისთვის გაჩენილი თავისი ცოლი და როგორ ეწადა მასთან გულის ნების ასრულება, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ამ სურვილს ვერ ისრულებდა, _ მამაკაცობა შეკრული ჰქონდა!
მეფის საწოლში ძიძა შემოიპარა, მოაბადი მძინარე ეგონა და ვისს უჩურჩულა:
_ რა გაძინებს, როცა იცი, რომ ხვალ შენი შეყვარებული სანადიროდ მიდის. ამბობენ, ბრძოლებიც მოუწევთო. სადაცაა ასაყრელ ბუკსაც დაჰკრავენ. თუ რამინის ნახვა გწადია, კოშკზე გადი და შეხედეო!
მათდა საუბედუროდ მოაბადს ეღვიძა და რაც ძიძამ უთხრა, ყველაფერი გაიგონა. გახელებული შაჰი ზეზე წამოვარდა. დაბნეული იყო. რა ექნა, არ იცოდა, ამ მოულოდნელი ელდის გამო გაოგნებული იყო და ყვიროდა:
_ მომგვარეთ ის კუდიანი, რომ ახლავე მოვკლა! ხუზისთანელი* ბოზები და მაჭანკლები მოწიფულ ქალს კი არა, დედაბრებსაც შეაცდენენო!
შემდეგ ვისის ეცა:
_ ღვთის გარეგანო და ეშმას მიმდევარო ვისი! არც სირცხვილის გრძნობა გაქვს და არც პატიოსნება იცი, რა არის. შენი ბიწიერებით თავიც მოიჭერი და გვარიც გაილანძღე. არა მგონია, შენი საქციელი ვიროსა და შაჰროს მოეწონოთ. არც ნათესავები დაგრჩებიან მადლობელი, ყველას თავზე ლაფი გადაასხიო!
მაშინვე ვირო იხმო და განუცხადა:
_ ეს საქმე შენ უნდა განსაჯო; ვისი შენი დაა და რაც ეკუთვნის, უნდა მიაგო; გირჩევნია, შენვე მოუარო მათ, თორემ მე თუ ჩავერიე საქმეში, ვიცი, რასაც ვიზამ: შენს დას თვალებს დავთხრი, ძიძას მოვკლავ, ხოლო რამინს სამეფოდან გავაძევებო!
ვისი თუმცა ბუნებით მორცხვი იყო, სიყვარულმა სირცხვილი დააკარგვინა. საწოლიდან ზე აიჭრა და მოაბადს შეუტია:
_ ძლიერო და მაღალო ხელმწიფევ! ჩვენ შენი მუქარით ვეღარ დაგვაშინებ. რაც თქვი, მართალი თქვი და ესეც უკეთესი ქენი, რომ სირცხვილი არ დაგვიმალე და ნამუსი არ შეგვინახე. ახლა თუ გინდა, ჩამომახრჩვე, თუ გინდა, თვალები დამთხარე! უკეთესსაც გასწავლი: თუ გინდა, გამაშიშვლე და ხალხის წინ ტიტველი გამატარე! რაც გინდა, ის მიქენი! ამას არ უარვყოფ: მე რამინი ამ ქვეყანაზე ყველას და ყველაფერს მირჩევნია, იგი შაჰროზე უფრო მიყვარს და ვიროზე უფრო მომინდება, ჩემს სიცოცხლეს მას ვანაცვალებ. მზე და მთვარე მე რამინზე ამომდის, თუ ვირო მომკლავს, მესიამოვნება და კრინტსაც არ დავძრავ. თუ გინდა, შენ შემომკარ ხმალი, არც ამას შევუშინდები, რადგან ჩემი სახელი უკუნისამდე დარჩება და მთელი ქვეყანა
ილაპარაკებს: ვისიმ თავისი სიცოცხლე რამინისათვის გაწირაო. მაგრამ ესეც იცოდე, სანამ ლომი ცოცხალია, მისი ბოკვერის მოკვლას ვაგლახად ვერავინ გაბედავს და ვიდრე რამინი ჩემს გვერდით დგას, ავი თვალით მე ვერავინ შემომხედავსო!
ვიროს ვისის ეს სიტყვები რომ ესმოდა, სიკვდილს ნატრობდა, ისე იწურებოდა სირცხვილისაგან. შინ წავიდა და ვისი თან წაიყვანა. გზაში საყვედურებით აავსო თავისი და:
_ გიჟი ხარ და დამთხვეული. ასეთი ლაპარაკი როგორ გაუბედე მოაბადს? მეც შეურაცხმყავი და საკუთარი თავიც. ან ამ რამინში რა ნახე ასეთი? უფლისა მაინც არ გეშინია? რამინი რომ ასე გეჭიდება გულზე, ჯოჯოხეთის სატანჯველს აინუნში რატომ არ აგდებო?
სანამდის ვირო ამას ეუბნებოდა, ვისი ტიროდა. ბოლოს ძმას უპასუხა:
_ რასაც ბრძანებ, ყველაფერი მართალია, მაგრამ გვიანია უკვე. ახლა კარის დაკეტვა ჩემთვის რა მაქნისია, როდესაც ქურდი უკვე მოსულა და რაც მებადა, ყველაფერი წაუღია?! ღვთის განგება ასრულდა ჩემზე და მოსახდენი მოხდაო.
რამდენიმე დღის შემდეგ მოაბადმა ასპარეზობა გამართა. მოაბადი და ოცი კაცი ერთ მხარეზე იყვნენ, ვირო და მისი რაზმი კიდევ _ მეორეზე. რამინი მოაბადის გუნდში ერია. ააგდეს ბურთი და იწყეს თამაშობა. იმ დღეს ყველა მოთამაშეში ვირო და რამინი გამოირჩეოდნენ. ეგეც იყო, ზოგჯერ რამინი ჯობნიდა, ზოგჯერ _ ვირო. ვისი სარკმლიდან უყურებდა ასპარეზობას და ტიროდა. ძიძა მიუჯდა და დამშვიდება დაუწყო:
_ რატომ ხარ ასე გამწარებული? რა გაქვს ბედის სასაყვედურო: განა მამაშენი ყარანი არ იყო, განა შაჰრო შენი დედა არაა? ვიროს დაი და მოაბადის ცოლი არა ხარ? მთელი ირანის დედოფლობა შენ არ გეკუთვნის? ვთქვათ და, არ გქონდეს ასეთი ბედნიერება, განა შენ არა ხარ იგი, რომელსაც ისეთი შეყვარებული ჰყავს, რომლის ერთი შეხედვით კაცს ყოველი ჭირი გაგიქარვდება? ღმერთს ნუ არისხებ, მთვარეო, და რაცა ბედს უბოძებია, იმას დასჯერდიო!
ვისიმ ენა აიდგა და ძიძას უპასუხა:
_ ძიძავ, ნუთუ არ გაგიგონია ანდაზა: სხვა სხვის ომში ბრძენიაო? ქმარი მყავს და ეჭვებითაა დასენილი, ვირო ძმაა ჩემი, მაგრამ ქმრად ის არ მომხვდა და ამ საქმეში მის ძმობას რას ვაქნევ! რამინია და, შენც იცი, ცუდად მფერებელია. ენა შაქარივით ტკბილი აქვს, მაგრამ გამწე სიყვარული არ იცის. მე რომ ბედი მქონოდა, ვიროს ცოლი ვიქნებოდი, არც მოაბადი მეყოლებოდა ქმრად და არც რამინი _ საყვარლადო.
ჩემო მკითხველო, ალბათ შეამჩნიე, რომ ამასობაში რამინსა და ვისის შორის როგორღაც შავ კატას გაურბენია, მაგრამ როდის მოხდა ეს, რატომ და რანაირად, არც ამ წიგნის ავტორი გვეუბნება ამაზე რამეს და არც _ მისი ქართულად მთარგმნელი.

მოაბადის წამოსვლა მარავს და ვისის თან წამოყვანა

ქალაქი მარავი ხორასნის სხვა ქალაქთა შორის ისე გამოირჩევა, როგორც თვეთა შორის _ მაისი. მიწა ნოყიერი აქვს, წყალი _ წმინდა, ჰაერი _ სუფთა. სამოთხეა.
ერთ დღეს მოაბადი და ვისი სასახლის კოშკზე ისხდნენ. მოაბადი ამწვანებულ მიდამოს უჭვრეტდა. ბოლოს ვისის მოუბრუნდა და ლაღობით ეგრე უთხრა:
_ შეხედე, როგორ შენი პირივით დაუმშვენებია შემოქმედს მიწა, სათიბები, ველები და წალკოტები! მითხარი, ჩემო მთვარევ, მარავი უფრო მოგწონს თუ მაჰის ქვეყანა? მე პირადად მარავი უფრო მეამებაო.
ვისი გაგულისებული იყო და მოაბადს კუშტად უპასუხა:
_ ხელმწიფეო, მარავი და მისი ქვეყანა კარგია თუ ცუდი, ღმერთმა შენ გიბედნიეროს! მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნადირი _ გალიაში. რამინის დანახვაა, რომ მაცოცხლებს, თორემ ის რომ არა, მარავიც ჭირს წაუღია და მაჰიცო!
შაჰინშაჰმა ეს რომ მოისმინა, ისე გაცოფდა, უნდოდა, ვისი მოეკლა, მაგრამ იქვე გონს მოეგო. უყვარდა ეს ქალი და თავი შეიკავა. დიდხანს იყო აღშფოთებული და უწყრებოდა ცოლს:
_ ძაღლის ნაშობო და ეშმაკის გაზრდილო, წელიმც მოსწყდება შაჰროს, რომელმაც გშობა! გველის წიწილი გველი გამოვა და ავი ხის ნაყოფი ხომ მწარე უნდა იყოს! სამი გზა გიძევს წინ. გინდა გორგანში წაშავდი, გინდა _ დემავენდში* და გინდა _ ამიანში!* ჯანდაბამდის გზა გქონია! სადაც არ წაეხეტო, ყველგან განსაცდელი დაგახვედროს ჩემმა გამჩენმა: სადგურს უწყლოს შეხვდე; გზაზე ხრამებმა დაგიღონ პირი; ველზე გველები მოგესიონ; წყალი სამსალიანი სვა; დღისით ლომები გადაგიდგნენ წინ და ღამით კიდევ მაცთური გადაგეყაროს; წყალს ადიდებულს გადააწყდე და ხიდს _ წაღებულს; გრისხავდეს ღმერთი, რადგან, რაც დაიბადე, ჭირი არავის დაულიეო!
ვისი მოაბადის ასეთმა გულისწყრომამ ძალიან გაახარა, ხელმწიფეს თაყვანი სცა და თავის სადგომში შემობრუნდა. ძიძას უთხრა:
_ წადი, ძიძავ, და შაჰროს სამახარებლო სთხოვე. ვირო გაახარე და უთხარი, შენი საყვარელი და მოდის-თქო!
შემდეგ მოაბადთან მივიდა და მოახსენა:
_ მაღალო ხელმწიფეო, ღმერთმა კარგად გამყოფოს! მე სანამ ცოცხალი ვარ, შენზე
მლოცველი ვიქნები. აწი ისეთი ცოლი შეირთე, შენი ღირსი რომ იყოს და ჩემისთანა ასი მხევალი ჰყავდეს! დამბადებელმა მე უშენოდ ცოცხალი მამყოფოს და შენ უჩემოდ გამჩენმა დიდება მოგიმატოსო!
საგანძურის კლიტეები მოაბადს მიუყარა და უთხრა:
_ სხვას, ჩემზე უფრო ლამაზსა და ერთგულ მეგანძურს ჩააბარეო!
ეს რომ უთხრა, თაყვანი სცა და გამობრუნდა. რაც ნასყიდი მონა და მხევალი ჰყავდა, გაააზატა.
ვისი რომ წამოვიდა, მოაბადის სასახლე აიშალა და დაბნელდა. ირგვლივ ტირილისა და ზრუნის ხმა მოისმოდა. ვისის წასვლა მოაბადის ნათესავ ქალებს გულს უთუთქავდა. ტირილით დაკოცნეს იგი და გამოეთხოვნენ.
წუხილით ყველა წუხდა, მაგრამ სხვებზე მეტად საცოდავი მაინც რამინი იყო. თავმოკვეთილი ფრინველივით ფართხალებდა, ავად გახდა და ერთ ხანს ლოგინად იყო ჩავარდნილი, ბოლოს იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ ეხსნა თავი ამ უბედურებისაგან. მოაბადს კაცი მიუგზავნა და შეუთვალა: ექვსი თვე ავად ვიყავი და ვიწექი. ახლა ცოტა მოვიხედე. რამდენი ხანია, ცხენზე არ ვმჯდარვარ და აბჯარი არ მსხმია. უმოძრაობისაგან ცხენები დამიხამდნენ და მონადირე ძაღლები დამეყარნენ. ნება მიბოძე, ამოლს,* გორგანსა და სარავს* წავიდე, ვინადირო, ცოტათი გუნებაზე მოვდგე და შემდეგ ისევ სამსახურად გეახლოო!
მიუხვდა მოაბადი, ატყუებდა რამინი, უვისობა არ შეეძლო და აქედან თავის გატანა უნდოდა. ძმას გინება დაუწყო და წყევლა შეუთვალა:
_ ღმერთმა ცოცხალიც არ მოგაბრუნოს უკან! სადაც გინდოდეს, წადი. ქოჰისთანში*
ოჯახს მოეკიდე, ვინმე წესიერი ქალი შეირთე და მას დასჯერდი! თუ ამას არ გააკეთებ, შენცა და ვისისაც ორივეს ცეცხლში დაგწვავთო!
დასწყევლა გულში რამინმა ძმა და მისცა ცრუ ფიცი, რომ მაჰის* ქვეყანას ახლოსაც არ ჩაუვლიდა, ვისის თვალადაც არ ნახავდა. ფიცი კი მისცა, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული ჰქონდა, როდის შეხვდებოდა თავისი გულის საყვარელს.
მარავის კარები გამოვლო თუ არა, ჩიტივით შეიქმნა. არავითარი ავადმყოფობა უკვე აღარ აწუხებდა. გზის სიშორე არაფრად მიაჩნდა და ვისის შესახვედრად ნიავქარივით მიჰქროდა.
იქეთ კიდევ ვისი იყო ცუდ დღეში, ურამინოდ ყოფნა უძნელდებოდა, მკვდრის პატრონივით იჯდა. არც ჭამდა და არც სვამდა. ყველაფერი იქაური მოსძაგებოდა, დედა რომ დედაა, მას რომ ხედავდა, თითქოს ჭრელ გველს უმზერდა. დღისით მზეს უჭვრეტდა, _ რამინის პირისახეს ვუყურებო, ღამის სიბნელე კიდევ შეყვარებულის თმას აგონებდა. დღე და ღამე ბანზე იჯდა და თვალი ხორასნის გზისაკენ ეჭირა, ნატრობდა: ნეტავი ხორასნის ნიავმა გამოიაროს და რამინის სურნელი მომიტანოსო!
იმ დღესაც ბანზე იჯდა. რამინი რომ დაინახა, კისრისტეხით ჩამოირბინა კიბეები. ერთმანეთს უსურვაზივით მოეხვივნენ. სიხარულისაგან ტიროდნენ და ღმერთს მადლობას უძღვნიდნენ.
ვისიმ უთხრა:
_ სანადიროდ წამოხვედი და აი, როგორი ნადირი მოიხელთე! მე შენი ხოხობიცა ვარ და კაკაბიც, ველური თხაცა და შველიც. დაჯექი ახლა და გაიხარე ამ ნანადირევით, ჭამე და სვიო!
ეხვეოდნენ ერთმანეთს და კოცნიდნენ, შემდეგ კი დაწვნენ და ნეტარებას მიეცნენ.
როდესაც მოაბადს ამბავი მოუტანეს, რამინმა ფიცი გატეხა, ვისისთან წავიდა, სიყვარულის გაწყვეტილი ძაფი კვლავ გამონასკვა და ახლა მასთან ნებივრობსო, უილაჯო ირანის ხელმწიფე თავის დედასთან მივიდა და შესჩივლა:
_ ხელის* მეტი სხვა ვინმე იზამს ამას, რაც რამინს უქნია? გაგონილა ასეთი ამბავი, რომ ორი ძმა ერთ ქალთან იწვეს? ამ საშინელებას აქამდის გიმალავდი, მაგრამ მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი და გამოგიმჟღავნე, ვინძლო შენ უსამართლოდ არ დამწყევლო, რადგან მე რამინს არ ვაცოცხლებ. ჩემს სირცხვილს მე რამინის სისხლით თუ მივიბანო.
დედამ უთხრა:
_ ნუ მოკლავ რამინს! _ იგი შენი ძმაა და ტახტის მემკვიდრე სხვა არავინა გყავს. ცოლი კი გააძევე და სხვა ქალი შეირთე! რითი ვერ შელევიხარ ამ ბოზ დედაკაცს? მე სხვაც მსმენია: თურმე ვისი მარტო რამინთან არ გღალატობს, თავისი ძმა ვირო ისევ შეუყვარებია, დღე და ღამე მასთან ზის, ღვინოსა სვამს და მთვრალი და გალეშილი თავის ყოფილ ქმარს უწევს ლოგინში. კახპა ვისის თვისება ხომ ეს არის, ყოველ დღე საყვარელი უნდა იცვალოსო.
დედის სიტყვებმა მოაბადზე იმოქმედა და გაგულისებულმა ვიროს მისწერა:
„ერთი ეს მითხარი, ჩემზე უფროსობას რომ ჩემულობ, რითი ჩემულობ? მელს ლომის ბუნება რატომ აგიღია? ვისი შენი და თუ არის, ჩემი ცოლია, გვერდით რატომ გიზის? სად გინახავს, რომ ერთი ქალი ორი ქმრის ცოლი იყოს? ჩემთან ეგრე სასტიკად დამარცხება ხომ არ დაგავიწყდა? ამას წინათ დაგიტრაბახებია: მოაბადი მალულად დამესხა თავს, თორემ აშკარად რომ შემბმოდა, ვერაფერსაც ვერ დამაკლებდაო! სატრაბახო ერთი გაქვს, დედით ჯამშიდის* გვარისა ხარ და ამით მოგაქვს თავი. შენი საქმე იმასა ჰგავს, ჯორს ეკითხებოდნენ, შენი მამა ვინ არისო და პასუხობდა, ჩემი დედა ცხენიაო. ახლა წინასწარ გეუბნები: აშკარად მოვდივარ შენს წინააღმდეგ და ისე გაგჟუჟავთ, სისხლის ღვარს კაცთა გვამები მიჰქონდესო“.
ვირომ პასუხად შემოუთვალა:
„დიდო მეფეო, კარგი იქნებოდა, წყნარი ყოფილიყავი და ყოველი საქმე წინასწარ აგეწონდაგეწონა; რადგან პატრონი ხარ, გეკუთვნის, რომ როყიოდ არაფერი ბრძანო! შენი ცოლი შენ თვითონ გამოაძევე და ახლა ამ საქმეს სხვას აბრალებ? ამისთვის არც წერილის მოწერა იყო საჭირო და არც ომი. მოკიდე შენს ცოლს ხელი და სადაც გინდოდეს, იქ წაიყვანე! მე რას მემართლები? რაც ჩვენთან ჩამოსულა, ღმერთმა იცის, სამჯერ მეტად არ მინახავს და რომც მენახა, აქ საკვირველი რა უნდა იყოს, _ და არის ჩემი. ომით მემუქრები. შენი ხმალი ბასრი თუა, არც ჩემია ბზე. ჩამოდი და დაგიხვდები. ჩემს ჩამომავლობაზე მექილიკები. მე კი ამაზე გიპასუხებ: მამაცი კაცის გვარი ომის დროს მისი მკლავი და მამაცობააო!“
მოაბადს ვიროს პასუხმა გუნება შეუცვალა და მისწერა:
„ჩემთან ცუდად დაგასმინეს და მეც ზომაზე მეტად გაგირისხდი. ახლა მტრობის რაშიდან ჩამოვხდი და მეგობრობის მერანზე გადავჯექი. შენს სტუმრად მოვდივარ და სახელოვან სიძეს, როგორც ცოლისძმას შეჰფერის, ეგრე დამხვდიო!“
მოაბადის წერილი რომ მოვიდა, მტრობის ეშმა დაიმალა და სიყვარულის ვარდი აყვავდა. გამოიყვანეს მზესავით მანათობელი ვისი და მოაბადს ჩააბარეს. მოაბადმა და მისმა ხალხმა ერთი თვე იქ ატარა დრო, ინადირეს, იასპარეზეს, სვეს. შემდეგ კი აიყარნენ და მარავისკენ გამოემართნენ.

მოაბადისაგან ცეცხლის დანთება ვისის გამოსაცდელად

ერთ დღეს მოაბადი მარავში ვისის გვერდით იჯდა. კარგ გუნებაზე იყო. ცოლს რამინის სიყვარულზე ჩამოუგდო ლაპარაკი:
_ ამდენი ხანი მაჰის ქვეყანაში ალბათ იმან გაგაძლებინა, რომ რამინი გყავდა გვერდითო.
ვისიმ წარბები შეიკრა და ეგრე უპასუხა:
_ ცუდად ნუ ეჭვიანობ ჩემზე! ხან იმას მწამებ, ვიროს ჰყოლიხარო, ხან კიდევ რამინზე მეტყვი ამას. ნუ ხარ ასეთ ფიქრებში! ჯოჯოხეთი ისე ცხელი არ არის, როგორსაც ამბობენ. ქურდის ხელობა ქურდობა კია, მაგრამ რასაც მას სწამებენ, ყველაფერი მართალი როდია. შენ იცი, ვირო მონადირეა და შინ გაჩერებულს კაცი ვერ ნახავს. და თუ მოხდა და შინაა, ნადიმობასა და დიდებულებთან ქეიფში ატარებს დროს. რამინიც აგეთია. ცალ-ცალკე ხომ ასეთები არიან, ახლა ერთად შეყრილნი როგორი იქნებიან! ძმებივით უყვართ ერთმანეთი და რაც იქ ვიყავი, მათგან ნადირობისა და ნადიმობის გარდა არაფერი მინახავს. ესეც არ იყოს, ყველას ხომ შენისთანა ღალატიანი გული არა აქვსო!
მოაბადმა მაშინ უთხრა:
_ თუ ეს ასე იყო, შემომფიცე, რომ შენ მაჰში* რამინს არ ჰყოლიხარ! ასეთი ფიცისა რატომ უნდა გეშინოდეს! მე დიდ ცეცხლს ავანთებ, შენ კიდევ დიდებულებისა და ხალხის თვალწინ მასში გაივლი. თუ მართალი ხარ, ცეცხლიდან უვნებელი გამოხვალ და მეც ამის შემდეგ უფრო შემიყვარდებიო.
ვისი ამაზე დაეთანხმა. მაშინ მოაბადმა იხმო ცეცხლის მსახურები. ამ დროს ირანში ზოროასტრულ რელიგიას ესავდნენ* და ცეცხლი მათთვის უმთავრესი სტიქია იყო. ჯერ საცეც ხლეს უამრავი საქონელი შესწირეს: ოქრო, თვალი, მარგალიტი, სოფლები, შემდეგ კი მოედანზე უზარმაზარი კოცონი ააგიზგიზეს. მის ალზე იტყოდი, კეკლუცი ქალი ხალხის თვალწინ პერანგის ამარა გამოსულაო. მოაბადის კოშკში მყოფმა ვისიმ ეს კოცონი რომ დაინახა, რამინს უთხრა:
_ შეხე, რა უქნია ამ კაცს, რამხელა ცეცხლი დაუნთია ჩემს დასაწვავად! სანამ ის ამ ცეცხლში ჩამწვავდეს, ჩვენ უნდა დავწვათ მისი გული. გუშინ მეუბნებოდა, ცეცხლში გავლით შემომფიცე, რომ მაჰის ქვეყანაში რამინს არ ჰყოლიხარო. მეც დავთანხმდი და მართალი არ ჰგონებია!
მერე ძიძას რჩევა ჰკითხა, ამ განსაცდლისაგან თავი როგორ დავიხსნათო? ძიძამ დაამშვიდა თავისი გაზრდილი, მე ვიცი, რაც უნდა ვქნათო.
სალაროში შევიდნენ და რამდენის წამოღებაც შეეძლოთ, იმდენი ოქრო და თვალ-მარგალიტი წამოიღეს. შემდეგ აბანოს წყლის სადინელით ბაღში ჩაიპარნენ. რამინს ერთი ბაღი ეგულებოდა, იმ ბაღის მეზვრე მისი კარგი ნაცნობი იყო. ღამე მისას გაათიეს, შემდეგ რამინმა ის მებაღე ერთ თავის მეგობართან გააგზავნა და შეუთვალა: ამ კაცს სამი დარახტული ცხენი, ერთი აბჯარი და საგზალი გამოატანეო! ყველაფერი ეს რომ მიიღეს, შეღამებას დაუცადეს და გზას მისცეს თავი. ათი დღე იარეს და მეთერთმეტე დღეს ქალაქ რეიში* გაატანეს. რამინს ამ ქალაქში მეგობარი ჰყავდა, მისანდო კაცი, სახელად ბეჰროზს უხმობდნენ. პირდაპირ მას მიადგა.
ბეჰროზმა რამინის სტუმრობით დიდად გაიხარა. რამინმა უთხრა:
_ ძმაო, ეს ჩვენი სტუმრობა საიდუმლოდ უნდა შეინახოო!
ბეჰროზმა მეგობარი დააიმედა: შიში ნურაფრის გექნება! _ შენ ჩემი პატრონი ხარ, მე კი შენი ყმა ვარო.
ასი დღე დაჰყვეს ვისიმ და რამინმა ბეჰროზთან, როგორც ეწადათ, ისე იხარებდნენ, მათი ამბავი არავინ იცოდა, კარი დახშული ჰქონდათ, გული კი _ გახსნილი. რამინი ჩანგს აიღებდა და ზედ ვისის შესამკობელ ლექსებს ამღერებდა: „მოვა ჟამი, ჩვენს სახელს რომ ახსენებენ და ჩვენი ასეთი სიყვარული ყველას საკვირველად მოეჩვენებაო“.
აქეთ ვისი და რამინი ასე რომ ნებივრობდნენ და ნეტარებდნენ, იქით ხალხში თავმოჭრილი და დამწუხრებული მოაბადი, თავადაც მიუხვდებით, რა დღეში იქნებოდა, ვისის დაქადნებისა არ იყოს, გული მართლაც რომ მის მიერვე დანთებულ ცეცხლის ალზე ეწვებოდა.
რა ვისის კვალი არ გამოჩნდა და არა, მოაბადმა გადაწყვიტა, თავად წასულიყო მის საძებნელად. ცხენისა და ხმლის გარდა არაფერი არ წაუტანია თან, ისე გაემართა მარტოდმარტო. ხუთი თვე ეხეტა, ზღვა არ დაუტოვებია და ხმელეთი არ გაუშვია, რომ არ გაევლო. ხან სიცივისაგან ძაგძაგებდა, ხან კიდევ სიცხისაგან ქელავდა. ზოგჯერ ისეთი ტირილი აუვარდებოდა, რომ მისი ცრემლით დასველებული ტანისამოსი დასაწური იყო. მოთქვამდა:
_ რა ვქნა? სადაა ახლა ჩემი ურიცხვი ლაშქარი და უთვალავი განძი! რა სიყვარული ამიტყდა ამ სიბერეში! ასეთ ჭირსა და განსაცდელს ახალგაზრდა კაცი ვერ გაუძლებს და მე როგორ უნდა გადავიტანო იგი? ისეთი სამოთხე მარგუნა ბედმა, რომ ჯოჯოხეთი მომანატრა. მაგრამ რა ვქნა, რაც ვისის ცუდ საქციელს ვიგონებ, უფრო მენთება გულზე მისი სიყვარულის ცეცხლი. თითქოს მისი სიავე მიყვარდეს. ღმერთმა თუ ინება და მისი თავი ერთხელ კიდევ დამანახა, ყურმოჭრილ მონად დავუდგებიო.
ექვსი თვე უგზო-უკვლოდ ხეტიალმა მოაბადი დააავადა და დააძაბუნა. შემდეგ შეეშინდა, აქ მარტოდმარტო მყოფს სული არ აღმომხდეს და ჩემი ტახტი მტერმა არ დაიჭიროსო! პირი მარავისაკენ ქნა. დღე და ღამე იარა და თავის სამეფო ქალაქში დაბრუნდა. შაჰის ჩამოსვლას მთელი მარავი ზეიმობდა. ვისაც შეეძლო, სამახარებლო გასცა და უფალს მადლობა შესწირა.
როდესაც მოაბადი ვისის საძებრად იყო გაჭრილი, რამინმა რეიდან დედას წერილი მისწერა და გაახარა, ცოცხალი ვარო. მოაბადი და რამინი ერთი დედის შვილები იყვნენ (ზარდი სხვა ქალისგან ეყოლა მათ მამას). დედა დიდად იყო შეწუხებული, _ ორი შვილი ჰყავდა და ორივე გადაკარგული იყო. რამინი დედას სწერდა:
„საწუთრომ ღვიძლ ძმას მომწყვიტა და გადამკიდა. ძმას ვამბობ, თორემ ძმა როგორ ეთქმის კაცს, რომელიც სულ ჩემი და ვისის დახოცვაზე ფიქრობს. რადგანაც ის ასეთია, მეც არ მიყვარს იგი, ვისის ერთი ღერი თმა ათას ასეთ ძმას მირჩევნია. მასთან ყოფნა ჯოჯოხეთად მიჩანს, სულს მაშინ ვიბრუნებ, როდესაც მისგან შორსა ვარ. მოაბადისგან რაც ჭირი გვენახა, ეს არ გვეყოფოდა, რომ კიდევ ახალი განსაცდელი მოგვიგონა და ცეცხლში ჩვენი ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა! მე რეიში ვცხოვრობ და კარგად ვარ. ვუცდი, ეგ როდის ჩაძაღლდება. თუ არა და ლაშქარს შევყრი, მას ტახტიდან ჩამოვაგდებ და მე და ვისი დავსხდებით მის ადგილზე. ვისი დიდ მოკითხვას გითვლისო“.
რამინის დედა დიდად გაახარა შვილის წერილმა. მეორე დღეს კიდევ მოაბადი დაბრუნდა მარავში. დედის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
ერთი კვირის შემდეგ დედა და შვილი ერთად რომ შეიყარნენ, დაღვრემილ მოაბადს დედამ უთხრა:
_ შვილო, შენი ბებერი დედა რატომ არ გებრალება? სულ მუდამ დამწუხრებული და გაჯავრებული შვილის ყურება დედისათვის როგორი ასატანიაო!
მოაბადმა ამაზე უპასუხა:
_ დედა, ჩემი საქმე ასე არის, ჩემი გული მევე მებრძვის. უვისობით ექვსი თვე რა სატანჯველი გამოვიარე, ენით არ ითქმის. ახლა ღმერთისთვის პირობა მაქვს მიცემული: ოღონდ ის გამოჩნდეს და ყველაფერს ვაპატიებ, რაც ცოდვა აქვს, არასოდეს არ გავუხსენებ. არც რამინს ვავნებ რამეს. ძმა არის ჩემი და იმედად მყავდესო.
მაშინ მტირალი დედა შვილს გაენდო:
_ მტკიცედ შემომფიცე, რომ რამინსა და ვისის ავი არა უყო-რა და მე გეტყვი, ისინი სადაც არიანო!
მოაბადმა ეს რომ გაიგონა, სიხარულისაგან არ იცოდა, რა ექნა, დედას ფეხთ მოეხვია, პირი და ხელები ათასჯერ დაუკოცნა.
_ ოღონდ მითხარი, სად არიან და საშინელი ფიცით შემოგფიცავ, რომ არაფერს ცუდს არ დავმართებო!
მართლაც ფიცი დადო დედის წინაშე და დედამაც სასწრაფოდ წერილი გაუგზავნა რამინს:
„წამოდით! უშენოდ სიკვდილის პირას ვარ მისული და ეგება ცოცხალს მომისწრო. შენმა ძმამ ექვსი თვე ქვეყანა შეაჯერა, სად არ გეძება და რა არ გარდახდა თავს! ხელმოცარული დაბრუნდა შინ და ახლა შენი და ვისის ნახვაზე ოცნებობს. ოღონდ ჩამოდით და მოაბადი დიდი პატივით მიგიღებთ: შენ მთელი ირანის ამირსპასალარი შეიქნები, ვისი კიდევ ისევ ის დიდებული დედოფალი იქნება, რაც იყოო“.
რამინმა მოაბადის მიერ გამოგზავნილი კაცი და წერილი რომ ნახა, შეშინდა და დედისა და ძმის ამბავი იკითხა. შემდეგ კი, წერილს რომ გაეცნო, დიდად გაიხარა. ვისი ტახტრევანში ჩასვა და მარავში ჩამოიყვანა.

მოაბადის გამხიარულება და მეჯლისი

ერთ დღეს შაჰინშაჰი ვისის გვერდით იჯდა, კარგ გუნებაზე იყო. რამინისთვისაც დააძახებინა და სამივემ ღვინის სმა იწყეს. რამინმა ჩანგი აიღო და დაუკრა. მისი ჰანგისაგან ხეზე შემომჯდარი ფრინველებიც კი გაინაბნენ. მოაბადი დათვრა და რამინისაგან კიდევ ახალი სიმღერის მოსმენა ინება. რამინმა ხელახლა აიღო ჩანგი და ზედ თავისი და ვისის სიყვარულის ამბავი დაამღერა. სამიჯნურო სიმღერა რომ მოისმინა, მოაბადი გახალისდა, ვისის სიყვარული უფრო მოეჭიდა გულზე და ახლა მისგან მორთმეული ღვინო მოუნდა. ვისიმ ღვინო მიაწოდა და უთხრა:
_ ხელმწიფეთა ხელმწიფეო! ამო არის დღეს ჩვენი სმა შენს წინაშე. მინდა, ბარემ გული სრული მქონდეს. თუ ინებებ, ძიძასაც უხმე! შენი დიდად ერთგული ქალია და მუდამჟამ შენზე ლოცულობსო!
მოაბადმა ბრძანება გასცა და ძიძაც იწვიეს. მოაბადმა რამინს უთხრა:
_ მერიქიფე შენ იყავი! ხომ იცი, კაცს საყვარელი კაცისაგან მორთმეული ღვინო უფრო ეამებაო.
შეზარხოშებული რამინი ვისის ღვინოს რომ აწოდებდა, ყურში უჩურჩულა:
_ სულზე უტკბილესო, მხიარულად სვი ღვინო ჩემი ხელიდან და შენი სიხარულით მეც გამახარეო!
ვისის მოაბადისგან ჩუმად გაეცინა და უპასუხა:
_ დაე, შენი გული მუდამ მხიარული იყოს და მოაბადის გული კიდევ დამწვარიო!
მოაბადმა ეს საუბარი გაიგონა, მაგრამ ვითომც არ სმენოდა, არა თქვა რა. ოღონდ ძიძას მიუბრუნდა: შენ იყავი მწდეო! რამინს კი ისევ ჩანგის დაკვრა უბრძანა. მოაბადი დათვრა და ჯერ კიდევ შეღამებული არ იყო, რომ დასაწოლად წავიდა. რამინმაც თავის სადგომს მიაშურა. უვისოდ ცუდ გუნებაზე იყო.
მოაბადმა ვისის ყვედრება დაუწყო:
_ სიყვარულისაგან სირცხვილდაკარგული კაცი მინახავს, მაგრამ თქვენსავით რომ კაცისთვის სიყვარულს ნამუსზე ხელი აეღებინებიოს, არც მინახავს და არც მსმენია. ნუ მიძაბუნებ ასე, ჩემო მთვარევ, ხელმწიფე ვარ და მერიდე: ხელმწიფე ერთ დღეს ვირად რომ იქცეს, ნუ გათამამდები და ნუ შეაჯდები ზურგზე! ზღვის სიწყნარეს ნუ მიენდობი, თორემ ერთი დღე იქნება, ისე აღელდება, რომ ნაპირს ვერ გამოატან! მე შენი სიყვარულისაგან ბევრი ჭირი მინახავს და რა იქნება ვითომ, რომ ერთხელ ჩემკენ გული მოიბრუნო, მტრულად არ მომექცე და შემიბრალო! ხომ იცი, რომ სამაგიეროდ მთელს სახელმწიფოს შენ გაპატრონებ?! მე მეფობა არ მინდა, ერთი მოსამსახურის პური მეყოფაო.
ვისის ეს რომ ესმა, შეეცოდა მოაბადი. გული დაეწვა და მართალიც იყო. სხვა არაფერი ეგებოდა და ასე მოახსენა:
_ მაღალო ხელმწიფეო, ჩემო პატრონო, მე ღმერთმან უთქვენოდ სიცოცხლე ნუ მომცეს! მზადა ვარ, ჩემი სული შენ შემოგწირო, რადგან შენთა ფეხთა მტვერი ჯობს რამინს. არ დაიჯერო, რომ დღეის იქით მე რამინი მომინდეს! მაშინ რაც ვქენი, ეშმა შემაჯდა მხრებზე და ამის ბრალი იყო. ჩემს საქციელს ახლა ვნანობ. აწი მნახე, როგორ შეგიტკბო და შენც როგორ მადლიერი იყო ჩემიო!
გაუკვირდა მოაბადს ვისისაგან ამგვარი სიტყვა, ასეთი რამე მას მანამდე მისგან არასოდეს სმენოდა. ძალიან ეამა და გახარებულმა ტკბილად დაიძინა.
ვისის ჯერ კიდევ ეღვიძა, როცა ბანზე ფეხის ხმა გაისმა. მიუხვდა, რამინს იგი მონატრებოდა და მოაბადის საწოლის ბანზე გადმოპარულიყო. წვიმდა, მაგრამ შეყვარებული ახალგაზრდა ცუდ ამინდს არ ეპუებოდა. არაფერია ისეთ სიყვარულზე უნეტარესი, მტრის ხიფათისაგან გეშინოდეს, გამჟღავნების მოლოდინში გული გადაქანებული გქონდეს და მაინც შეყვარებულისაკენ მიიპარებოდე. ვისიმ მიაყურა. ნამდვილად რამინის ფეხის ხმა ისმოდა. ამ ფიქრებში იყო, რომ რამინმა ვისის ძიძა ჩამოუგზავნა: ამოდი, სიცოცხლეო, მიხსენი ამ სიცივისაგან, გულში ჩამიხუტე და შენი სურნელოვანი დალალები ყელზე მომახვიეო!
ძიძამ ასეთი შემოთვლილობა რომ გადასცა, ვისიმ თავის გამზრდელს უთხრა:
_ მოაბადს რომ გამოეღვიძოს, გაიგებს, რაშიც არის საქმე და ცოცხალს აღარ დამტოვებს. სხვა გზა არ არის, შენ უნდა ჩაუწვე ლოგინში. მას სძინავს და ამას ვერ იგრძნობს. ზურგი შეაქციე და იწექი შენთვის. მე და შენ ერთმანეთს გვიგავს ტანი და თუ ხელი წამოიღოს და მოხვევა დაგიპიროს, ისეა მთვრალი, რომ ვერც გაიგებს, შენ გეფერება თუ მეო.
ეს რომ თქვა, სანთელი ჩააქრო და ძიძა მოაბადს ჩაუწვინა. თვითონ კი წავიდა და რამინის წყლულს მალამო დაადო. იქვე, ბანზე, ქვეშაგები დაიგეს და ზედ ტყავები დაიფარეს. სასთუმალი? სასთუმალი ხან რამინის მკლავი იყო, ხან _ ვისისა. ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს, რომ მათ შუა ბეწვი არ გაეტეოდა.
მოაბადს რომ გამოეღვიძა და ხელი მოავლო, მოწიფული ვისის ნაცვლად ბერი ძიძა შერჩა ხელში. მაშინვე ვეფხვივით ზე წამოვარდა და ყვირილი დაიწყო. ძიძას ვერაფრით ვერ დაეხსნა თავი, ისე მაგრად ეჭირა მისი მაჯა მოაბადს ხელში. მეფე ყვიროდა:
_ ჩემს ლოგინში როკაპს რა საქმე აქვს? მე რომ როკაპი არ შემირთავს ცოლადო!?
მრავალჯერ ჰკითხა, ვინა ხარო, მაგრამ ძიძა პასუხს არ სცემდა. მსახურებს დაუძახა, სანთლები მოიტანეთო, მაგრამ არავინ გაეპასუხა. რამინს არ ეძინა, საცაა, უნდა გათენებულიყო და იმას დარდობდა, საყვარელს მალე რომ უნდა გაყროდა. მოაბადის ყვირილი რომ შემოესმა, სასწრაფოდ ვისი გააღვიძა.
_ მოაბადია, რომ ყვირის. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. ჩავალ, თავს მოვჭრი და ქვეყანას მისი უკეთურობისაგან ვიხსნიო!
ვისმა თავის შეყვარებულს ასეთი საქმე დაუშალა, სასწრაფოდ მოაბადის საწოლში ჩავიდა, ძიძას ახლოს მიუჯდა და ქმარს უთხრა:
_ ამდენი მოჭერისაგან ეს მაჯა უკვე დამიწყლულდა, ერთ წამს ხელი გაუშვი, ეს მეორე მაჯა დაიჭირე და მერე სადაც გინდა, იქ წამიყვანეო!
მოაბადს ვისის ხმა რომ მოესმა, გაუხარდა, მის ეშმაკობასა და მოხერხებას ვერ მიუხვდა, მაშინათვე გაუშვა ძიძას ხელი. შემდეგ ვისის ჰკითხა:
_ ჩემო სულისდგმავ, აქამდის რატომ იყავი გაჩუმებული, პასუხს რატომ არ მცემდიო?
ძიძამ თავს რომ უშველა, ვისიმ მოაბადს შეუტია:
_ ვაი ჩემს თავს, ეს ვის გადავეყარე! მე საწყალი აცაბაცად მავალ გველსა ვგავარ, რაც გინდ სწორად ვიარო, ჩემი კვალი მაინც მრუდე ჩანს. ღმერთმა ამისთანა ეჭვიანი ქმარი აშოროს ყველას! კაცს გვერდით ვუწევარ და ამის მიუხედავად, მაინც ცილსა მწამებს და ჩემს გალანძღვას ცდილობსო.
_ სულზე უფრო საყვარელო, სიმთვრალისაგან მომივიდა, რაც მომივიდა და მაპატიე!
ღმერთმა სულ უკუღმა მატაროს, შენზე ოდნავ თუ ვეჭვიანობდე! შეგცოდე და შემინდე! ნათქვამია, შეცოდებას შენდობა გარეცხავს და ჭუჭყიან სამოსელს _ წყალიო.
სასწაული მოხდა: ცოდვილმა უცოდველს შეუნდო.

მოაბადი საბერძნეთში მიდის სალაშქროდ და ვისისა და ძიძას ზარდს აბარებს

ამასობაში საბერძნეთის კეისარი ირანისკენ წამოვიდა დიდი ლაშქრით და მოაბადის სამეფოს ნახევარი დაიპყრო. შაჰინშაჰმა მაშინათვე საბრძოლო მზადება იწყო, წერილები დაგზავნა და ლაშქრის შეყრა ბრძანა. ცოტა ხანში ჯარიც მზად იყო და მოაბადიც ლაშქრობის თადარიგს შეუდგა. მაგრამ ამ დროს ვისის საქმე მოაგონდა, მისგან ერთხელ უკვე ჰქონდა მწარე გაკვეთილი ნაწვნევი. შეეშინდა, ახლაც არ გამექცესო. თავისი ძმა ზარდი იხმო და უთხრა:
_ ვისის შენ გაბარებ. თავად იცი, რომ მისი მინდობა არ შეიძლება. ვისის, რამინისა და ძიძის მზაკვრობამ სიცოცხლე გამიმწარა. ვისის რომ უყურებ, არც კაცის რცხვენია და არც ღმერთისა ეშინია. რამინია და ჩემი ღვიძლი ძმა კია, მაგრამ ხელსაყრელ დროს ეძებს, რომ სიცოცხლე მომისწრაფოს. ომში მივდივარ და არ ვიცი, ვისის საქმე რით მოვაგვარო. გადავწყვიტე, რამინი თან წავიყვანო, ხოლო ვისი აშქუფთიდევანის ციხე-სიმაგრეში გამოვკეტო. ციხის მცველად შენზე უფრო ერთგულ კაცს ვერავის ვიშოვნი. ფრთხილად იყავი, ხომ იცი, ვისთან გაქვს საქმე! ვისისა და ძიძისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. მარტო ის გაიხსენე, მე რა მიქნეს,
მამაკაცობა შემიკრეს და გულიდან სიხარული ამართვესო.
ზარდმა მოაბადი დააიმედა :
_ ნურაფრის ფიქრი ნუ გექნება! _ ვისის ისე შევინახავ, როგორც ძუნწი _ ვერცხლს, ისე გავუფრთხილდები, როგორც საკუთარ სიცოცხლეს და ისე არ გავუშვებ, როგორც პურადი მასპინძელი სტუმარს არ შეელევაო.
მაშინ მოაბადმა შვიდასი რჩეული კაცით ვისი აშქუფთიდევანის ციხეში წაიყვანა. ციხე მთაზე იყო აშენებული და ვარსკვლავებს ებაასებოდა. ეს საქმე რომ მოითავა, მაშინვე მარავში მობრუნდა და ჯარი საომრად წაასხა.
უვისოდ დარჩენილმა რამინმა გზაზე ბევრი ცრემლი ღვარა. ზეზე ჩამოხმა და მართლა ისე შეიქნა, რომ მისი მორჩენის იმედი გადაეწურათ. ამით შეწუხებული დიდებულები მოაბადს ეახლნენ და სთხოვეს:
_ რამინი შენი ძმაა და შვილია. ნუ განაახლებ ძველ მტრობას და ახალ შტოს ნუ მოკვეთ! კაცი სიკვდილის პირასაა მიმდგარი. ამ ბეგარისაგან გაანთავისუფლე, უბრძანე, ხორასანს წავიდეს. იქნება, იქაურმა ჰაერმა მოაბრუნოსო!
მოაბადმაც უსმინა დიდებულებს. რამინი გორგანში დატოვა და გზა განაგრძო.
რამინმა როგორც კი ლაშქრობიდან ჩამოირჩინა თავი, მაშინვე მოიკეთა. ცხენზე შეჯდა და მარტოდმარტომ ვისისაკენ აიღო გეზი. კარგ გუნებაზე მდგარი მარავისაკენ მიდიოდა და გზაზე იადონივით მიიმღეროდა.
იქით ციხე-სიმაგერში ჩაკეტილი ვისი რა ყოფაში იქნებოდა, ადვილი წარმოსადგენია. თავში ხელებს იშენდა და ისე ტიროდა, თავის გულის ვარამს ძიძას უზიარებდა და შორიდან რამინს ეხმიანებოდა. ძიძას მისი ყურებით გული ეთუთქებოდა და თავის გაზრდილს აწყნარებდა:
_ მოითმინო უნდა, სხვა გზა არა გაქვს; ვინ იცის, იქნება ჭირი ლხინად შეგეცვალოს; გავიხედოთ და გულის წადილს ეწიო! ღმერთს ევედრე, იქნება, მასაც მობეზრდეს შენი ამდენი ჭირის ყურება და გულის ცეცხლი დაგივსოსო!
მაგრამ ვისიზე დარიგება არ მოქმედებდა:
_ ძიძავ, მაყურებლისთვის მეომართა ჭვრეტა ადვილია. შენ არც გსაყვედურობ, ჩემი გასაჭირი რომ არ გესმის, _ ცხენოსანი ხარ და ქვეითად მავალი კაცის სიდუხჭირე არ გაგეგება. მაძღარ კაცს ბარბაცით მიმავალი მშიერი მთვრალი ჰგონია. შენ ჩამაგდე ამ უბედურებაში, ახლა კი თვითონ გულით ნებიერი ჩემთან დასკუპებულხარ და მირჩევ, მოითმინე და ღმერთს ეხვეწე, ეგება გიშველოსო! ნაბდის წყალში ჩაგდება ადვილია, მაგრამ გამოტანაა ძნელი.
ვისი იმ ციხე-სიმაგრეში დავტოვოთ და რამინს მივუბრუნდეთ.
რამინი მარავში რომ ჩამოვიდა, ვისი იქ ვეღარ იპოვა. მთელი მოაბადის სასახლე უვისობისა გამო რამინის გულივით ტიროდა.
გულდამძიმებულმა ჭაბუკმა ზლუქუნით გამოვლო ქალაქის კარი და პირი აშქუფთიდევანის ციხისკენ ქნა, _ გუმანით გრძნობდა, მოაბადს იქ უნდა გადაემალა ვისი. მთელი კვირა იარა და კარგად ბნელოდა, როდესაც ციხის ძირს მიადგა. იმ სიბნელეში გუშაგებმა უცხო კაცი ვერ შეამჩნიეს. რამინმა იცოდა ის დარბაზი, რომელშიაც ვისი უნდა მდგარიყო. უებარი მშვილდოსანი იყო, მშვილდი მომართა და ისარი სტყორცნა. სტყორცნა და ისარს უჩურჩულა:
_ ბედნიერიმც ხარ ჩვენთვის, უსულო მოციქულო! ყველგან კაცს სულს პირიდან ართმევ, მე კი შენ პირში სული უნდა ჩამიდგაო!
ისარი ვისის საწოლში ჩავარდა. იგი მაშინვე აიღო ძიძამ, იცნო და გახარებულმა ვისის დაუძახა:
_ ნახე ბედნიერ მოციქულად გამოგზავნილი რამინის ისარი!
ვისიმ რომ ისარი აიღო ხელში და ზედ რამინის სახელი ამოიკითხა, სიხარულისაგან საქციელი წაუხდა. ისარს კოცნიდა, ეფერებოდა და ეუბნებოდა:
_ ეჰე, ბედნიერო რამინის ისარო, ისარი რომ მკურნალი იყოს, შენზე მეტი არ მინახავსო.
რამინი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ნეტავი, ჩემი ისარი დანიშნულ ადგილზე მივიდა თუ სხვაგან მოხვდა სადმე და ვინმე გარეშე კაცმა აიღო? რაც არ უნდა იყოს, აქედან მე უკან დამბრუნებელი არა ვარ. ღვთის შეწევნითა და ჩემი მკლავის ძალით ვისის ამ ციხიდან გამოვიყვანო.
რამინი ამ ფიქრებში რომ იყო, ძიძა და ვისი იმაზე იმტვრევდნენ თავს, თუ როგორ ამოეყვანათ იგი ციხე-დარბაზში. ძიძამ ვისის უთხრა:
_ შენს ბედად ისეთი სიცივეა, რომ ციხის მცველები საგუშაგო ბუდრუგანებში არიან შეყუჟული. რამინი უსათუოდ აქ სადმე ახლოს დგას და ჩვენგან ნიშანს ელოდება. სარკმელი გამოვაღოთ და სანთელი ავანთოთ. იგი დაგვინახავს და ახლოს მოდგება. მაშინ კი ვეცადოთ და ზევით ამოვიყვანოთო.
ასეც ქნეს. ძიძამ სარკმელი გამოაღო და სანთელი აანთო. რამინმა სინათლე დაინახა და გული სიხარულისაგან აუძგერდა. მიუხვდა, რისთვის აანთეს სანთელი, მაშინვე კლდეზე შევარდენივით აფრინდა. რამინი რომ კედლის ძირამდე მივიდა, ქალებმა, რა ქსოვილებიც მოხვდათ ხელში, დაგრიხეს, ერთმანეთს გადააბეს და ძირს ჩაუშვეს. რამინი მას მოეკიდა და ვეფხვზე უფრო კისკასად ციხეზე ავიდა. მზე და მთვარე ერთად შეიყარნენ და ერთმანეთს ისე მოეხვივნენ, იტყოდი, რძე და ღვინო ერთ ჭიქაში ჩაუსხამთო. შემდეგ დასხდნენ და ღვინოსა და ალერსს შეექცნენ. რამინმა ჩანგი აიღო და დაამღერა: „კაცი ჭირში რაც უფრო მეტ ხანს დაჰყოფს, რომ დაეხსნება, ღმერთს მით უფრო მეტად მადლობს. მე ჯოჯოხეთისაგან ვარ ხსნილი და ახლა მხიარულად ვნებივრობ, სიყვარული დავთესე და სიხარული მოვიმკეო“. შემდეგ ვისიმ აიღო სასმისი, დაცალა და რამინს აკოცა. რამინმა ვისის უთხრა:
_ ჩემო სიცოცხლევ, შენი ხელით მასვი შენი ღაწვების ფერი ღვინო; რა იცი, ხვალ რა მოგველის! მოდი და ნეტარების ჩვენი წილი დღესვე ავიღოთო!
ცხრა თვე დაჰყვეს ასეთ ალერსსა და ლხინში ვისიმ და რამინმა. იყვნენ გამოკეტილნი იმ ციხე-დარბაზში და ნეტარებას ეძლეოდნენ, სასმელი არ აკლდათ და საჭმელი, _ სურსათ-სანოვაგე იმდენი ჰქონდათ, თუნდაც ასი წელი ეყოფოდათ, ისე ბლომად მოემარაგებინა იგი შაჰ მოაბადს.
რამინი მარავში რომ დაბრუნდა და შმაგივით აქეთ-იქით რომ ეხეთქებოდა და ვისის დაეძებდა, ეს ამბავი ხაყანის* ქალს ზარინგესს მხედველობიდან არ გამორჩენია. მიუხვდა, რაშიც იყო საქმე და ეს შემთხვევა მოაბადისთვის საამბობლად დაიმახსოვრა. შაჰი მოაბადი გამარჯვებული დაბრუნდა ლაშქრობიდან. კეისრისათვის ხარკი დაედო და მძევალი წამოეყვანა. მის ლაშქარს მიწა ვერ იტევდა, მისი ალაფი მთასავით იყო დაზვინული. დიდი სიხარული და ზეიმი ჰქონდა. მაგრამ სულ მალე ასე გამარჯვებით დაბრუნებულ ხელმწიფეს სიხარული სიმძიმილით შეეცვალა, _ ზარინგესმა ვისისა და რამინის ერთგან შეყრის ამბავი შაჰინშაჰს ჩაუკაკლა. მოაბადს გული სისხლით აევსო და ტვინი მრისხანების ცეცხლით აუდუღდა. დიდხანს იჯდა ასე გატეხილი. შემდეგ ზეზე აიჭრა და ჯარი აშქუფთიდევანისკენ წაასხა. ბუკმა* ტირილი დაიწყო: „ხელმწიფეო, ასე სულ გზაში ყოფნა არავის შეუძლიაო!“ მეომრებიც ბუზღუნებდნენ: „ეს-ესაა ერთი ლაშქრობიდან დავბრუნდით და ჩვენი შაჰი ახლა მეორე ომში გვიწვევსო!“ მოაბადს კი თავისი საფიქრალი ჰქონდა, _ რამინის მოკვლა ეჩქარებოდა.
ერთმა გუშაგმა შაჰინშაჰის ლაშქრის მიერ აშლილი მტვერი შორიდან დაინახა და ზარდთან მიირბინა:
_ ცამდე ასული მტვერი მოჩანს. უთუოდ შაჰინშაჰი მოდის, თორემ ასე დიდ მტვერს სხვისი ჯარი ვერ ააყენებდაო.
ციხეში ერთი ორომტრიალი შეიქნა. ზარდი ჯერ წინ არ იყო შეგებებული მოაბადს, რომ შაჰი ციხის კარებს მოადგა. ზარდს უყვირა:
_ ძაღლი კაცისაგან მიგდებულ პურს მოიგონებს, შენ კი ეგეც არ შეგძლებია. შენ ვისისა და რამინის მეთვალყურედ როგორ ივარგებდი! ნახირს უნდა მწყემსავდე. აქ აგდიხარ და ის ვერ გაგიგია, რომ რამინი და ვისი ციხის შიგნით ერთად იხარებენ და შენი სირეგვნისა გამო სიცილით იხოცებიანო.
ზარდმა მოახსენა:
_ სვიანო ხელმწიფევ, რამინი თქვენ წაიყვანეთ თან. შევარდენი არ იყო, რომ საბერძნეთში აფრენილიყო და აქ ჩამოფრენილიყო. შეხედე, ციხის კარები თქვენი ბეჭდითაა დაბეჭდილი და ერთი წლის მტვერი ზედ აძევს. ყოველ შემოსავალთან გუშაგები მიყენია. რამინი გრძნეული რომ ყოფილიყო და ათასი ხერხი ცოდნოდა, აქ მაინც ვერ შემოაღწევდა. ვთქვათ და დალეწა ციხის კარები, თქვენივე ბეჭდით ისევ როგორ დაბეჭდა? ნუ დაიჯერებ, ხელმწიფეო, ასეთ გაუგონარ ამბავს, ნურც თქვენ დაიმძიმებთ გულს და ნურც ჩვენ დაგვხოცავო!
მოაბადმა ჩექმის ყელიდან კლიტე ამოიღო, ზარდს მიუგდო და უბრძანა, კარები გააღეო!
მოაბადის ყვირილი და ციხის კარების რეხვების ხმა ბედად ძიძამ გაიგონა სასწრაფოდ ვისისა და რამინს აცნობა _ შაჰინშაჰი მოვიდაო!
სამივე ადგილზევე გატყდნენ შიშისაგან. რა ექნათ, აღარ იცოდნენ. ეს კი მოიფიქრეს, რომ რამინი როგორც ამოეყვანათ, აგრევე ქვევით ჩაუშვეს. ვისის მოაბადისაგან უხიფათოდ რამინის თავის დაღწევა უფრო აფიქრებდა, ვიდრე საკუთარი საფრთხე. არც მოაბადი აშინებდა და არც ზარდი. ოღონდ რამინი გადარჩენილიყო უვნებელი და საკუთარ თავს არ ჩიოდა. მოაბადი რომ ვისის დარბაზში შევიდა, ქალებს ნასკვების დახსნა კიდევ არ ჰქონდათ დამთავრებული. ძიძა მაშინვე მიიმალა და მოაბადს ვისი შერჩა ხელთ. უყვირა:
_ ეშმას ნაშობო ვისი! ხომ მოიჭერი ხალხში თავი და ხომ ამოსვარე ლაფში ჩემი ხელმწიფობა! მეტყვი თუ არა, რა უნდა გიყო მე შენ ამის სანაცვლოდ? ჩემი დაყვავება შენ სიამოვნებას არ განიჭებს და ჩემი რისხვა შენ არ გაშინებს. სილამაზითა და მშვენებით მეტად სანდომი და საყვარელი ხარ, ხოლო გამწირაობით და მუხანათობით საწუთროსა გავხარ. რამდენჯერ გეხვეწე და გემუდარე, ნუ შვრები ამას, ვისი, ნუ მაწყენ ამდენს, რადგან ჩემი რისხვის ნაყოფი სიკვდილი არის-მეთქი! მოვიდა დრო, ის მოიმკა, რაც დაგითესია. ახლა მე შენ იმას გიზამ, რასაც შენ ჩემთვის ცდილობო!
ეს რომ უთხრა, თმაში წვდა და მიწაზე ათრია. ქურდივით უკან შეუკრა ხელები, შემდეგ კი მიდგა და მათრახი თავსა და ტანზე იმდენი ურტყა, რომ ვისის კანის ნაფლეთები მიწაზე ცვიოდა. ასევე სცემა ძიძაც. მათი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. შემდეგ ისინი ერთ საკანში შეყარა და ჩაკეტა. ზარდს ციხისთაობა წაართვა და ციხე-სიმაგრე სხვას ჩააბარა. შემდეგ კი წამოვიდა და ერთ კვირაში მარავში დაბრუნდა. მაგრამ დაბრუნდა თუ არა, თავისი საქციელის მონანიება დაიწყო. გულს ასე ეუბნებოდა:
_ ეს რა მემართება! რა ვქენი მე? რატომ დავსაჯე ასე სასტიკად საყვარელი არსება, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნიაო?!

შაჰროს მოთქმა და ტირილი

მოაბადი რომ ციხიდან დაბრუნდა და ვისი თან რომ არ ახლდა, შაჰროს ცუდად ენიშნა.
პირის ხოჭვა დაიწყო, მოაბადს წინ მიეგება და შეუძახა:
_ რატომ არ გახლავს თან ჩემი ვისი? რა უყავი ჩემი მზე? თუ ჩემს ასულს დაუყოვნებლივ არ ჩამაბარებ, შენს დარბაზს ნაოხრად გაჩვენებო!
მოაბადს თავადაც ზლუქუნი აუვარდა:
_ მლოცავ თუ მწყევლი, უკვე სულერთია. რა ვქენი, ნეტავ ღმერთი არ გამწყრომოდა და ეს საქმე არ ჩამედინა! შენს ვისის ცოცხალს ვეღარ ნახავო.
შაჰროს ეს რომ ესმა, მიწაზე დავარდა და თავსა და პირში ცემა დაიწყო. მოთქვამდა:
_ ჰე, მუხთალო საწუთროვ, მომპარე განა ჩემი თვალი პატიოსანი? ნუთუ იგი შენც ჩემსავით გიყვარდა და იმიტომ მიითვისე? ჰე, მიწავ, დღემდე შენ მხოლოდ კაცს ჭამდი, ახლა კი მზისა და მთვარის ჭამაც დაგიწყია. ჰე, დედის ნათელო, შენ იყავი ჩემი სიქადული და სიხარული, აწ, შენ რომ აღარა მყავხარ, ვისით უნდა ვიშვებდე და რითი უნდა მედგას სული? ჰე, მარავო ქალაქო, ნუ იადვილებ ეგზომ უსამართლობას! მანამდის არ მოვიკლავ თავს, სანამდის შაჰინშაჰზე გულის ნებას არ ავისრულებ. უფალო ღმერთო, მიძებნე სისხლი ჩემი და ააოხრე ტახტი მისიო!
შაჰს აქეთ შაჰრო შეეცოდა, იქეთ კიდევ ვიროსი შეეშინდა:
_ მე ისეთ არსებას როგორ მოვკლავდი, რომლის სიცოცხლე საკუთარ თავს მირჩევნია! ახლავე კაცს გავაგზავნი და ვისის აქ მოვაყვანინებო!
ზარდს უბრძანა, წასულიყო აშქუფთიდევანის ციზე-სიმაგრეში და ვისი ჩამოეყვანა.
ცოტა ხანში რამინიც მოვიდა მალვით ზარდისას და ძმას სთხოვა, მოაბადთან შემარიგეო!
მოაბადმაც შეუნდო. და გაგრძელდა ისევ ძველებური ცხოვრება.
გამოხდა ხანი და მოაბადს გორგანში მოუხდა წასვლა. რადგან შიშს დიდი თვალები აქვს, სასახლის კარები რკინით ამოაჭედვინა და გასაღებები ძიძას ჩააბარა. გააფრთხილა:
_ მე ერთი თვით ზაბულისთანში მივდივარ და გასაღებს შენ გაბარებ. კაცს თუ უნდა, თავისი საქონელი კარგად შეინახოს, ქურდს უნდა ჩააბაროსო.
მოაბადმა მარავი დატოვა და ქალაქის კარებთან ერთი დღე ბანაკად დადგა. ნადირობა უნდოდა. რამინი აწვია, ერთად ვინადიროთო! მაგრამ შეღამდა თუ არა, რამინი ქალაქში დაბრუნდა. საღამოს მოაბადს რამინთან ერთად მოუნდა სმა და შექცევა, მაგრამ მოახსენეს: ქალაქში წავიდაო. მიუხვდა მოაბადი, რისთვის იყო მარავში რამინი წასული. რამინს დარბაზის კარები დაკეტილი რომ დაუხვდა, ბაღში ჩავიდა. უვისობით გახელებული იყო, რა ექნა, არ იცოდა. ბევრი იტირა და დაღლილსა და მოქანცულს ყვავილებში მიეძინა. ვისიმ იცოდა, რამინი რომ ბაღში ბრუნავდა და კარებს აწყდებოდა. ასე ახლოს იყო რამინი და ასე მიუწვდომელი გამხდარიყო იგი მისთვის! ძიძას თითით დაუწყო ხვეწნა:
_ ძიძავ, მოიგონე, შენი გაზრდილი რომ ვარ. ერთხელ კიდევ ჩამიდგი სული და რამინის პირი მაჩვენე; ჩემი საყვარელი შორს გზაზე მიდის და ვინ იცის, კვლავ როდის შევხვდებით ერთმანეთს! შეიბრალე ჩემი სიყრმე და ერთ წამს კარი გამიღე, რამინი რომ ვნახოო!
ძიძამ ხელები გაასავსავა:
_ არ შეიძლება, სულ ავკაცობა გამოვამჟღავნო და ფიცი გავტეხო. ასეთმა დიდმა ხელმწიფემ საქმე მომანდო, ფიცი დამადებინა, როგორ შეიძლება მისი ღალატი და ისეთი ფიცის გატეხა! ან რომ გაგიღოთ კარები, მერე მოაბადის წყრომას როგორ გადავურჩეო?
ეს რომ უთხრა, ძიძა წავიდა და გულზე ცეცხლმოკიდებული ვისი მარტო დატოვა. ვისი აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერც სარკმელი იპოვა ღია და ვერც ბანზე გასასვლელი. ბოლოს ეს მოიფიქრა: დარბაზში სარა-ფარდაგი იყო გაჭიმული, მეორე წვერი კლდეზე ჰქონდა მიმაგრებული. დახეთ, სიყვარულით გახელებულმა ქალმა რა ქნა და რა გაბედა! ფეხზე გაიძრო და იმ თოკზე ჯამბაზივით გაიარა. აშკარა სიკვდილს რომ გადაურჩა, ბანზე გავიდა. ქარმა თავსაბურავი მოხადა, ყელსაბამი გაუწყდა და გაეფანტა. საყურეები მოძვრა და დაებნა. ახლა ძირს ჩასვლა იყო საჭირო. ტანზე ქსოვილის გრძელი ქამარი კიდევ შერჩენოდა, მოიხსნა, ბანის კიჩოს გამოაბა და ძირს დაეშვა. ტანზე თუ რამე შემორჩენოდა კიდევ, ყველა ლურსმნებზე ჩამოიხია. იქიდან ბაღში ჩახტა. თუმცა მიწა რბილი შეხვდა, მაინც ორივე ფეხი იტკინა. როგორც იყო, წამოდგა და ბაღში ლასლასით იწყო სიარული, _ ეგება რამინს შევხვდეო! ნიავს ევედრებოდა:
_ შენ მაინც არ გტკივა ჩემსავით ფეხები, ეს ბაღი მოიარე და იქნება სადმე ჩემსავით ჭკუიდან გადასული კაცი, რამინი, მიპოვნოო!
შემდეგ მთვარეს ეხვეწა:
_ ამოდი, მთვარეო, შენი ამოსვლის ჟამია; შეგვიბრალე ორი გახელებული შეყვარებული და ერთმანეთი გვაპოვნინეო!
ამასობაში მთვარე მართლაც ამოვიდა, იქაურობა გაანათა და ვისი ყვავილებში მძინარე რამინს წააწყდა. ერთმანეთს მოეხვივნენ. და მუშკი* ამბარში* აზილეს.
მოაბადმა რამინის ამბავი რომ გაიგო, ისევ გაუახლდა საიმათო მტრობა. თავის თავს ადანაშაულებდა: ერთხელ გამოცდილი კვლავ რატომ გამოვცადე და ბრმა გუშაგად როგორ დავაყენეო!
საგონებელში იყო ჩავარდნილი. ხან ასე ფიქრობდა: ამდენი თავის მოჭრა მეყოფა. ამ საქმეს არ გამოვამჟღავნებო, ხან კიდევ სიბრაზისაგან გონება უბნელდებოდა. ადგა და დარბაზს ეწვია.
ძიძამ მართლა არ იცოდა, რაც მომხდარიყო, ყველა ბეჭედი და კლიტე შაჰინშაჰს მიართვა. კარები და ბეჭდები ხელუხლებელი აღმოჩნდა. მოაბადმა ბევრი ეძება, მაგრამ ვერც რამინი ნახა და ვერც ვისი, ისევ ძიძას ეცა და იმდენი სცემა, სიკვდილის პირამდე მიიყვანა. შემდეგ კი სანთლებითა და მაშხლებით აძებნინა ბაღში შეყვარებულები.
ვისიმ შორიდან რომ მაშხლებს მოჰკრა თვალი, რამინს უთხრა:
_ ადექი, შაჰინშაჰი მოდის! მე რაც უნდა, ის მიქნას, მაგრამ შენ ცოცხალი უნდა გადარჩე! მე უბედურების მაგალითად ვარ დაბადებული ამ ქვეყანაზე. ერთი შენი კოცნა ისე ვერ მიგემნია, სანაცვლოდ ათასი მათრახი რომ არ მომხვდესო.
რამინმა ფიცხლად მიმართა ბაღის გალავანს, გადახტა და თავს უშველა. ვისი იქვე მიწაზე მიწვა და თავი მოიმძინარა. შაჰინშაჰი თავზე დაადგა, უყივლა და ფეხით გადააბრუნ-გადმოაბრუნა. შემდეგ რამინის საძებნელად დაგზავნა ხალხი.
რამინი უკვე შორს იყო და ბაღში, ბუნებრივია, ვერ იპოვეს. მოაბადი ვისის ეცა:
_ მითხარი სიმართლე, როგორ ჩამოხვედი აქ ან რამინი რა უყავიო?
ხმალი ამოიღო და უნდოდა, თავი მოეჭრა ვისისთვის. მაგრამ აქ ზარდი წამოესწრო და ძმას ცოლის მოკვლა დაუშალა:
_ მაღალო ხელმწიფეო, საკუთარი თავი შეიცოდე! ამ ქალის მოკვლით თუ რა დაგემართება, ამაზე იფიქრე! ერთხელ გამოსცადე მისი სიშორე და რაც გარდაგხდა, ალბათ გახსოვს. მოიგონე შენი ფიციც, დადებული მაღალი ღმერთის სახელით, რომ ვისის არაფერს არ ავნებდი! ფიცის გატეხა კი არ ეგების! ეტყობა, უბრალოა ვისი, კარები როგორც დაგიკეტავს, ისეა დახშული და ბეჭედი ახსნილი არ არის. ბაღის გალავანიც ისე მაღალია, რომ რამინი რომც ყოფილიყო აქ, ასე მაღალ ზღუდეს ვერ გადააფრინდებოდა. რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, თავად ჰკითხე და გაიგეო!
ზარდის დარიგებამ გაჭრა. მოაბადმა ვისის ხელი მოჰკიდა და შინ წამოიყვანა. ჰკითხა:
_ ვიცი, არც დევი ხარ და არც ეშმა. ამ ბაღში როგორ ჩამოხვედიო?
ვისიმ უპასუხა:
_ ღმერთი მე მწყალობს და არასოდეს არ გამწირავს. შენ ყოველგვარ სატანჯველს იგონებ ჩემთვის. ბრალი არა მაქვს და მაინც მსჯი. წუხელ შენგან პატიმრობით ტანჯულმა ჩემი გასაჭირი უფალს მოვახსენე. რომ მიმეძინა, მოვიდა მწვანით მოსილი ანგელოზი, შენი საკნიდან გამომიყვანა და აქ, ამ ბაღში, მომასვენა. ამის მეტი არა ვიცი, გინდა, დაიჯერე, გინდა, ნუ დაიჯერებ!
_ შენს ჩემდამი მოქცევას ღმერთი უსამართლოდ რომ არ თვლიდეს, იგი მე ასე არ გამომესარჩლებოდაო.
მოაბადმა ვისის ტყუილი დაიჯერა. უფლის შეეშინდა და ცოლს შენდობა სთხოვა. შემდეგ კი ძიძასაც უხმო და ორივეს, ცოლსა და მის გამზრდელს, უამრავი თვალ-მარგალიტი უძღვნა.

მოაბადისაგან შაჰროს და ვიროს წვევა და ნადიმი

ზაფხულის საამო დღე იყო. მინდორი, ველი და წალკოტი სამოთხესა ჰგავდა. იჯდა ბაღში შაჰი მოაბადი და გვერდით ვისი ესვა. მარჯვნით ვიროსთვის მიეგოთ დაჯდომის პატივი, მარცხნივ _ შაჰროსთვის. პირდაპირ რამინი იჯდა. მუტრიბები* მღეროდნენ, იყო სმა და მოლხენა.
მგოსანმა ვისისა და რამინის სიყვარულის შესახებ იმღერა. მოაბადს ეს სიმღერა მოეწონა და მგოსანს უთხრა:
_ ვისისა და რამინის სიყვარულის შესახებ სხვა სიმღერაც თქვიო!
მგოსანმა დაიწყო:
„ერთი დიდი ხე ვნახე, თავი ცამდე უწვდებოდა და ქვეყანა ჩრდილით დაეფარა. ქვეშ ანკარა წყარო მირაკრაკებდა, ირგვლივ ია და ვარდი ყვაოდა. იქვე ახლოს ერთი მსუქანი მოზვერი იდგა. ხან იმ ანკარა წყაროსა სვამდა, ხან კიდევ იასა და ვარდსა ძოვდა. დაე, მუდამ იყვნენ ისინიო!“
მუტრიბის იგავი ასეთი იყო: ხედ შაჰ მოაბადს გულისხმობდა, წყაროდ ვისი ჰყავდა წარმოდგენილი, ხოლო მოზვრად რამინს იტყოდა.
მოაბადმა ეს რომ მოისმინა, ზე წამოიჭრა, რამინს თმაში დაავლო ხელი, დანა იძრო და უთხრა:
_ აქვე შემომფიცე, რომ ვისის სიყვარული აღარ გედება გულში და არც გაეკარები მას, თორემ ახლავე თავს მოგაჭრიო!
რამინმა შეჰფიცა მოაბადს პირველად ღვთით, შემდეგ ცეცხლით, მზითა და მთვარით, რომ სანამ სული ედგმებოდა, ვისი ეყვარებოდა და მას თავს არ დაანებებდა.
_ ჩემი საქმე ასეა და შენ თუ გინდა, მომკალი და თუ გინდა, დამარჩინეო!
მოაბადმა მოკვლა დაუპირა, მაგრამ რამინმა რა შეატყო, შაჰი არ ხუმრობდა, მას ხელი დაუჭირა, დანა აართვა და იქაურობას გაეცალა. მოაბადი მთვრალი იყო და ეს ამბავი მეორე დღეს არც ახსოვდა. რამინი მასთან სადარბაზოდ მისულ მეგობრებს მოწყენილი დახვდა. ჰკითხეს: რა გჭირსო? მანაც უთხრა, თუ რა უპატიოდ მოექცნენ მას ვისის თვალწინ.
_ ყველა ჭირს მოვითმენ, მაგრამ უპატიობას _ ვერაო.
მაშინ ერთმა მისმა ახლო მეგობარმა, ბრძენმა და გამოცდილმა კაცმა ბეგომ რამინს უთხრა:
_ ეჰე, ბედის მოჩივარო! სანამდის მიჯნურობა სიამოვნებას განიჭებს, მანამდის შენი ტანი ნიადაგ ჭირის მზიდავია. ვინც ვარდს ჰკრეფს, მას ხელში ეკალიც ესობა. იმის მეშინია, რომ ერთხელაც იქნება, სიყვარულის გზაზე დაგებული მახისგან ვერ აეხსნები და თავსაც გაილანძღავ. მე თუ დამიჯერებ, მოთმინების მეტი სხვა გზა შენ არა გაქვს. ამასაც გეტყვი: შეყვარებულის ჭირის წამალი ახალი სატრფოს შეძენაა. დრო მკურნალია. ერთი წელიწადი რომ უვისოდ მოითმინო, ისე დაგავიწყდება, თითქოს არასოდეს არ გყვერებია. სახელი გაგიტეხა ვისის სიყვარულმა. დიდი თუ პატარა შენს ძვირს ამბობს. სადმე სმად რომ დასხდებიან, შენზე აუგის თქმით ირთობენ თავს. გლანძღავენ, რომ იცოდე. ეს რა კაციაო, ამბობენ შენზე, ვისი მზეც რომ იყოს, ძმის ასე ღალატი და გაწირვა როგორ იქნებაო! ერთი სხვაც ვთქვათ: ეს რამდენი ხანია საწადელს ისრულებ ვისისაგან და მისი შტოის ნაყოფსა ჭამ. კიდევ ათასი წელი რომ გააგრძელო ეს საქმე, მეტს რას იზამ? არც მზეა ეს შენი ვისი სინათლით და არც კერპია მშვენებით. ვისისთანა დედაკაცი ქვეყანაზე რამდენიც გინდა, იმდენია და რას შეალიე ასეთ ქალს შენი სიყრმე, არ ვიცი! შენ ვარსკვლავი იმიტომ მოგწონს ასე, რომ მთვარე არასოდეს გინახავს. მითხარი ერთი, სანამდის გინდა, მისი მიზეზით ასე გაუბედურებული იყო? ბავშვიც აღარა ხარ. დროა უკვე, ჯარს თავი მოაწონო, მტრები შეავიწროვო, მეგობრები გაახარო და ვაჟკაცობით სახელი მოიხვეჭო. შენი ტოლები ხელმწიფობასა და დიდებას ეძებენ, შენ კიდევ დღენიადაგ ვისისა და ძიძას დასდევ კუდში. სახელი გატეხილი გაქვს, რამინ. თუ ჩემგან, შენი მეგობრისა და კეთილმყოფელისაგან, დაიჯერებ, სიმართლე ეს არის, თუ არა და შენი საქმე შენ იცი. რაც გაგიბედე, ამის გამო პატიებასა გთხოვო!
რამინმა უპასუხა:
_ ვიცი, რომ ჩემი სიკეთისათვის მითხარი, რაც მითხარი. ყველაფერი მართალი თქვი. ხვალე ერაყის გზას დავადებ თავს და არა თუ მე არ შევიყვარებ ვინმეს, არამედ ვინმე შეყვარებული თუ არის, იმასაც ახლოს არ გავეკარებიო.
სწორედ იმ დროს, როცა ბეგო ასეთ რჩევა-დარიგებას აძლევდა რამინს, მოაბადი ვისის ტკბილად და ლმობიერად მოძღვრავდა:
_ კეკლუცთა პატრონო, თვითონ იცი, თუ რა ჭირი მინახავს შენს გამო და შენ ჩემთვის გული რამდენჯერ გიტკენინებია. არაა სილამაზე, შენ რომ არ გაგაჩნდეს და არაა დიდება, მე რომ არ მქონდეს. მოდი, ვიყოთ ერთად! შენ იყავი ქვეყანათა, ლაშქართა, განძთა და დარბაზთა პატრონი, ჩემთვის მეფობის სახელიც საკმარისია! მე მეტი არაფერი მინდა. რაც მოგინდება, აკეთე! მე შენი მიჯნურობა მეყოფა. ამას გულით გეუბნები, შენისთანა კი არა ვარ, ენით ერთს რომ იტყვი და საქმით სხვას რომ ჩადიხარ. დამდე პატივი და დამიჯერე, ეკრძალე ჩემს მტრობას, თორემ პირუტყვზე უფრო საშიში ვარ; შაჰროს საქვეყნოდ გამოჭენებას ერიდე და ვიროს კრძალვა იქონიე! მითხარი, რა გინდა, მოყვრობა თუ მტრობაო?
ღვთის განგებით ვისის ქვა გული ცვილივით მოლბა. ფეხზე წამოდგა და მოაბადს ეგრე მოახსენა:
_ დიდებულო ხელმწიფევ, სიმაღლით ცამდე ხარ და სიმდაბლით _ მიწამდე. შენს ღმერთს ბედნიერი დაუბადებიხარ. მე კი ასეთი ვყავარ ჩემს გამჩენს. ეს იცოდე, შაჰო მოაბად, რომ ამიერიდან აღარ ვიქნები ისეთი სიყვარულის მძებნელი, რომლითაც შეიძლება, საუკუნო სირცხილში ჩავვარდე, ანდა შენისთანა მოწყალე და დიდებული პატრონი უწყალო მექნას და დამემტეროს. რად მინდა ისეთი მიჯნურობა, რომელიც სახელს გამიტეხს და ქვეყანაზე საარაკოდ გამხდის! ამიერიდან ჩემი ბნელი გულის კარი გამიღია და მართალი გზა მიპოვნია. დღეის იქით სიყვარულზე უარს ვამბობ და საიქიო ცხოვრებაზე ფიქრს ვიწყებ. სიყვარული ღრმა და უკიდეგანო ზღვასა ჰგავს და მასში შეტოპვა ჭკვიანი კაცის საქმე არაა. ამიერიდან ლომადაც რომ იქცეს, რამინი ვეღარ მომერევა. შენ ერთხელ კიდევ მომანდე გული და ნახავ, როგორ გემსახუროო!
ეს რომ მოისმინა, გახარებულმა მოაბადმა ვისის თვალები ამოუკოცნა.
რამინმა შაჰინშაჰს კაცი მიუგზავნა და შეუთვალა:
_ ხორასნის ჰაერი მწყენს, სულ ავადა ვარ. თუ თქვენი მეფობის ნება იქნება, ერაყს* წავალ და იქედან გემსახურებით, როცა დაგჭირდებით, მონა ვარ თქვენი, სირბილით თქვენსკენ გამოვიქცევიო.
მოაბადს რამინის ასეთი გადაწყვეტილება ესიამოვნა და ძმას თხოვნა შეუსრულა: რეი*, გორგანი, ქოჰისთანი*, ჰამიანი* და სრული ერაყი* მას უბოძა. რამინიც გასამგზავრებლად აეწყო. მაგრამ მანამდე ყველაზე ძნელი საქმე უნდა მოელია, _ ვისის უნდა გამოთხოვებოდა. არც დააყოვნა და სამგზავროდ ჩაცმული რამინი ქალთან გამოცხადდა. ვისი ტახტზე იჯდა. რამინი დარბაზში შევიდა და შეყვარებულის გვერდით მოკალათდა. ვისიმ ხელი აუქნია:
_ ადე, სამეფო ტახტზე ნუ ჯდები! ყმა ხარ და შენი ადგილი უნდა იცოდე. პატრონის გვერდით შენი ჯდომა ცოტა მეადრებაო!
რამინი ცუდ გუნებაზე დადგა. ზეზე წამოხტა. თავისი დაბადების დღე დაიწყევლა. გულში ამბობდა:
_ მადლობა ღმერთს, რომ თვალები ამეხილა! რად დავკარგე ჩემი ჭაბუკობის ხანი ასე ცუდად?! მაგრამ რადგან მისგან განშორება მეღირსა, მკვახე სიტყვებს აღარ ვჩივი. თუ ჭკუა მაქვს, მისგან ასეთი მოპყრობა კიდევაც უნდა მიხაროდეს. ასეთი სიტყვები თვალ-მარგალიტით უნდა მეყიდა, მე კი მუქთად ვიპოვე იგი. აბა, გულო, გაერიდე აქაურობას! ახლა თუ არა, მაშ როდისღა!
ვისიმ რომ რამინი ასე დამწუხრებული დაინახა, ინანა, რატომ დავაღონეო! შემდეგ ნაირნაირი ფარჩეული მოატანინა და რამინს უძღვნა. ძვირფასი ტანსაცმლით დამოსა. ბოლოს კი ისეთი მკვახე სიტყვისთვის პატიება ითხოვა:
_ რამინ, შენ არ იყავი, რომ შემომფიცე, სანამ პირში სული მიდგას, არ მიგატოვებო! ახლა ასე რატომ იქცევიო?
რამინმა მიზეზი უთხრა. შემდეგ კი ხელი ხელს მოჰკიდეს და წალკოტში ჩავიდნენ. ერთმანეთს მოეხვივნენ. მათი პირისგან წალკოტი აყვავდა და მათი თმისაგან ნიავი გასურნელდა. ხან ერთად ყოფნის გამო მხიარულობდნენ და ხან კიდევ გაყრის მოლოდინში ცხარე ცრემლებით ტიროდნენ. ვისიმ უთხრა:
_ რამინ, მე ხომ იგივე ვისი ვარ, მზის მსგავსი, პირთეთრი, თმამუშკი, ტანკვიპაროსი? სიყვარულის მეტი ჩემგან რა გინახავს, მაშ რატომ გინდა, რომ დამაგდო? ნუ გამწირავ! ვიცი, მალე მობრუნდები და ინანებ. ნუ გასწყვეტ სიყვარულს, თორემ სიყვარული ჩანგის ძაფი არ არის, რომ გაწყდება, აღარ გაინასკვებაო.
რამინმა უპასუხა:
_ ვისი, შენ იცი და ღმერთია მოწმე, რომ უშენოდ ერთ წამსაც ვერ გავძლებ. მაგრამ მე შენთა მტერთა რიდი მაქვს. ქვეყანა გადაკიდებული მყავს. მეშინია, წყალი ვერ დამილევია სხვისი მორთმეული, _ მომწავლავენ-მეთქი! შაჰინშაჰთან ისე ვარ შესმენილი, რომ ეჭვი არ მეპარება, თუ ასე გაგრძელდა, ჩემ თავს ვიღაცას მოაკვლევინებს. ცოტა ხნით დავთმოთ ერთმანეთი. ერთი წელიწადი გავძლოთ და შემდეგ ისევ შევიყარნეთ! ნათქვამია: ღამე მაკეა და არავინ იცის, რასა შობსო. მე სანამ პირში სული მიდგას, შენს სიყვარულს ვერ შეველევი. შენ ჩემი მზე ხარ და თუ შენი შუქი არ მახლავს, ეს ქვეყანა შენი თმის ფერად მიჩანს. ისეთი კარი არ დაკეტილა, რომ არ გაღებულიყო, ისეთი აღმართი არაა, დაღმართი რომ არ ჰქონდესო.
_ ეგ მართალია, რასაც ამბობ, მაგრამ ჩემი ბედის იმედი არა მაქვს. შენი ხასიათიც ხომ ვიცი. მეშინია, გორაბში* ვინმე ლამაზ ქალს არ გადაეყარო და არ შეგიყვარდეს. იქ კეკლუცი ქალები იცისო.
რამინმა ამაზე უპასუხა:
_ მთვარემ რომ მთელი თვე გარს მიტრიალოს, სამკაულად ვარსკვლავები ესხას, გვირგვინად მზე ედგას, ყოველი მშვენება ჰქონდეს და ყოველი გრძნეულება იცოდეს, კოცნა მისი უკვდავება იყოს და შეხედვა მისი _ მოხუცთა გამაახალგაზრდავებელი, შენმა მზემან, იგი მე შენს სიყვარულზე ხელს ვერ ამაღებინებსო!
შემდეგ მოეხვივნენ ერთმანეთს, აკოცეს და გაიყარნენ. ვისიმ დაინახა, როგორ მოახტა რამინი ცხენს. ამას გაძლება ხომ უნდოდა!

რამინისაგან გულის შეყვარება

თუმცა რამინი იმხელა სამეფოს პატრონი გახდა, მაინც თავს უვისოდ ისე გრძნობდა, როგორც _ თევზი უწყლოდ. ბინა ისპაანში დაიდო და ქვეყანას იქიდან მართავდა. თავის საბრძანებელში სიმართლე ახარა და ბოროტება დათრგუნა. ისე უშიშარი გახადა ქვეყანა, რომ თხა და მგელი ერთად ძოვდნენ. ხალხი რამინს ლოცავდა და უფალს მადლობდა.
ერთხელ ჰამიანს* რომ ეწვია, გორაბში* ჩამოხდა. იქაური თავკაცები შაფური და რაფედი მასპინძლობდნენ. დილას სანადიროდ გადიოდნენ და საღამოს სმად სხდებოდნენ. ერთობოდა რამინი, რაც შეიძლებოდა, მაგრამ ვისი მაინც არ შორდებოდა გონებიდან.
ერთ დღეს სანადიროდ რომ მიდიოდა, წინ ვიღაც მზესავით მანათობელი ქალი შემოხვდა. სახელად გული ერქვა. „გულ“ სპარსულად ვარდს ნიშნავს და ეს ქალი კაცს მართლა მოწყვეტილი ვარდი ეგონებოდა, ისეთი ლამაზი იყო. თმები კოჭებამდე სცემდა. პატარა ტუჩები ყანდივით ტკბილი ჰქონდა. მის წამწამებს მშვილდოსნობა აბხაზთაგან* ესწავლათ13. ოთხმოცი მასავით თვალწარმტაცი მოახლე მოსდევდა. რამინმა რომ ასეთი მშვენება დაინახა, ხელიდან ისარი გაუვარდა.
ქალიშვილი წინ გადაუდგა, ძველი ნაცნობივით მიესალმა და უთხრა:
_ სახელოვანო ხელმწიფეო, ჩვენი ქვეყანა შენგან ელავს, როგორც მზისაგან _ ცა. საღამოვდება, გთხოვთ, ჩვენსა გარდახდეთ და ამაღამ თქვენი სტუმრობით გაგვაბედნიეროთო!
რამინს ისე მოეწონა ეს ქალი, რომ ვისის სიყვარული დაავიწყდა. ვაი მას, ვინც ასეთ შეყვარებულს მიენდობა! უბრძანა:
_ მთვარეო, მითხარი, ვინა ხარ, სახელი რა გქვია და რომელ გვარს ეკუთვნი? გათხოვილი ხომ არა ხარ? თუ გაუთხოვარი ხარ, მე ქმრად მოგწონვარ თუ არაო?
ქალმა უპასუხა:
_ როგორც მზის დამალვა არ შეიძლება, მე და ჩემი სახელი დამალული ვერ ვიქნებით. უბრალო გვარისა არა ვარ. ჩემი დედა გოჰარი გახლავს, ხოლო მამა _ რაფედი. რაფედი, იცი, ამ სამეფოს პატრონია. მე თვითონ სახელად გული მქვია. შეხედულებით რაცა ვარ, თავად ხედავ, _ მართლაც ვარდივით ფეროვანი და სურნელოვანი, ნაკვთად _ მამისაებრ კარგი და სახედ _ დედასავით ტურფა. მკერდი ვერცხლს მიგავს და ყელი _ ბროლს. ყარყუმივით* რბილი სხეული მაქვს და მუშკივით* ფშვიადი თმა. რას მეკითხები ჩემს ვინაობას? მე ვინცა ვარ, ქვეყანამ იცის. და შენ თუ ჩემი სახელი არ იცი, სამაგიეროდ მე ვიცი, ვინა ხარ შენ. შენ რამინი ხარ, მოაბადის ძმა და ვისის საყვარელი. და ისიც გაგებული მაქვს, რომ ვისი სიცოცხლეს გირჩევნია. როგორც ბაღდადს ვერ მოაშორებ მდინარე ტიგროსს, ისე შენს გულს ვისის სიყვარულს ვერ მოაცილებ. შენ მისი დათმობა და ჩემისთანა ლამაზ ქალებთან ყოფნა არ შეგიძლია. არ შეგიძლია და ნუ შეგიძლია! მას შენ გაუბახებიხარ, შენ _ იგი და ახია თქვენზე ყველაფერი. ქვეყანაზე ადგილი არ არის, თქვენს ამბავს არ ყვებოდნენ და თქვენს სახელს არ ათრევდნენო.
რამინმა უპასუხა:
_ ლამაზო, შეყვარებული არასოდეს არ გაკიცხო! ფათერაკს გადაყრილი კაცი რომ ნახო, ღმერთს მისი შეწევნა თხოვე; ნუ მაყვედრებ! მე თვითონ ვწყევლი ჩემს თავს იმის გამო, რომ თავის დროზე ვისის გადავეყარე. ძველ ამბავს ნუ იგონებ, ახლანდელზე იფიქრე! ახლა კი ამას გეტყვი: ღმერთს უნდოდეს, ჩემი ცოლობა სანანებელი არ შეგექმნება. სულიც რომ მთხოვო, სულსაც არ დაგიკავებ. თუ შენი ქმარი ვიქნები, ვისის სახელს ხსენებითაც არ ვახსენებო.
გულმა უთხრა:
_ ტყუილა ნუ მიგებ, რამინ, გრძნეულების მახეს! _ ასე ადვილად ვერ დამაბამ. თუ შენ მართლა გინდა ცოლად გამოგყვე, ვისის სახელი უნდა დაივიწყო, მასთან დაბრუნება არ უნდა მოგინდეს, წერილიც კი არ უნდა მისწეროო!
რამინი ამაზე მაშინათვე დათანხმდა. მოჰკიდეს ერთმანეთს ხელი და წავიდნენ რაფედის სახლში. იქ კი დიდებულების თანდასწრებით რამინს ფიცი დაადებინეს და გული ცოლად შერთეს. გადაიხადეს დიდი ქორწილი. ადგილი ორმოც ეჯზე* იყო შეკაზმული, სეირის მაყურებლები კიდევ ბანებზე იდგნენ. მოქეიფეებს წითელი ღვინო რომ ეჭირათ ხელთ, იფიქრებდით, სასმისი კი არა _ ყაყაჩო უპყრიათო. ერთი თვე გაგრძელდა ქეიფი, ხალხი მოლხენისა და სმისაგან დაიღალა.
ახალი სიძე იხარებდა, ნადირობდა და ასპარეზობდა, სვამდა და თამაშობდა.
ერთ დღეს საწოლში მეუღლესთან ხალვათად რომ ნებივრობდა, რამინმა თავის ცოლს უყურა, უყურა და შემდეგ უთხრა:
_ ქვეყანაზე შენსავით ლამაზი ქალი არავინ არის; თვით ვისიც კი ვერ მოვა შენთან, მაგრამ მთლად ვისის ჰგავხარ სიკეკლუცით და რომ გიყურებ, რა ვქნა, სულ იგი მაგონდებაო.
გულის ეს ეწყინა და რამინს უთხრა:
_ უპიროვ და ღვთის უარმყოფელო! ხელმწიფისაგან განა ასე უნდა თავისი სიტყვის შესრულება? გეტყობა, თქვენს გრძნეულსა და ბოზ ძიძას ისე გაუფუჭებიხარ, რომ ვერც შენ გაიხარებ ვერასოდეს და ვერც სხვას მიანიჭებ ბედნიერებას. განა შენ არ შემომფიცე, სანამ ცოცხალი ვიქნები, ვისის სახელს არ ვახსენებო? იგი რომ ისევ არ გიყვარდეს, იმ ფიცს არ დაივიწყებდიო.
რამინმა ეს რომ მოისმინა, გადაწყვიტა, თავისი ცოლისთვის ერთგულება და სიყვარული დაემტკიცებინა. მაშინვე ხელში საწერ-კალამი აიღო და ვისის ასეთი წერილი მისწერა:
„ვისი, თვითონ იცი, შენი სიყვარულით როგორ მქონია აბრუ* გატეხილი და რა სირცხვილი მიჭამია. ყველას ჩემი სახელი ეკერა პირზე. შენი გადამკიდე სულ განსაცდელში ვიყავი, მუდამ სიკვდილის შიში მქონდა. სანამ შენ შეგეყრებოდი, ცა ქუდად მიმაჩნდა და დედამიწა _ ქალამნად, მაგრამ როგორც კი შენ შეგიყვარე, სიხარული და სიამოვნება ასი ეჯის* სიშორეზე დამშორდა. ახლა, მადლობა ღმერთს, შენგან ხსნილი ვარ. და თუმცა შენ სამუდამოდ გაგეყარე, სალამს მაინც მოგახსენებ. მე ღვთის შეწევნით ბედნიერად ვცხოვრობ. რაც შენ დაგეხსენი, ამოდ ვარ. როგორიც მინდოდა, ეგეთი უნაკლო ცოლი შევირთე. ჩემი წარსული და შენთან გატარებული დღეები რომ მაგონდება, საკუთარი თავი მეცოდება. მიკვირს, შენგან აკიდებულ ამდენ ჭირსა და ნაღველს როგორ გავუძელი! სანამ ცოცხალი ვარ, მე ჩემს გულის არ მოვშორდები. მარავი _ შენ და მაჰი _ მე, მოაბადი _ შენ და გული _ მე. ასე რომ, მეტად ნუღარ მომელი და ნურც გზაზე გიჭირავს თვალი, იქნებ რამინი დამიბრუნდესო!“
ეს წერილი სამ კვირაში მარავს მივიდა. პირველად იგი შაჰ მოაბადს მიართვეს. მეფეს რამინის მიერ ვისისთვის ასეთი წერილის მიწერა ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა კიდევაც. იგი ბოლომდე რომ ჩაიკითხა, ვისის მიუგდო და სამახარობლო სთხოვა:
_ ღმერთმა თვალი აგიხილათ. რამინს გორაბში ცოლი შეურთავს და შენ პირში ჩალაგამოვლებული დაუტოვებიხარო.
ვისიმ წერილი რომ აიღო, ცეცხლის ალი მოეკიდა. ერთი გაფიქრება გაიფიქრა, თავს მოვიკლავო, მაგრამ ცალკე მოაბადის შიშის, ცალკე იქ დამსწრე ხალხის სირცხვილისა და ცალკე კიდევ რამინის ჯავრის გამო თავი შეიკავა. ყაყაჩოს იმით ჰგავდა, რომ პირი უცინოდა, გული კი გაშავებული ჰქონდა. გარედან რომ შეგეხედათ, სამოთხესა ჰგავდა, მაგრამ გულში ჯოჯოხეთის შავი კუპრი უდუღდა. მოაბადს ასე მოახსენა:
_ მე თვითონ ვთხოვდი ღმერთს, ჩემი მტრებისთვის ენა დაემოკლებინა. შენს საყვედურებსა და ეჭვებს რომ მოვრჩებოდე, ღარიბებს განვიკითხავ და ცეცხლის ტაძრებს სოფლებს შევწირავ, თუ მთვარე წამივიდა, მზე ხომ დამრჩა. და მზე იგი შენა ხარო.
ვისი ამას კი ამბობდა, მაგრამ მისი გული და ენა ერთმანეთს ისე არ ეხამებოდა, როგორც ცუდი მუტრიბის* ჩანგი და ხმა. მოაბადი რომ გარეთ გავიდა, ვისი ცუდად გახდა, გული შევარდნის კლანჭებში მომწყვდეული კაკაბივით უფეთქავდა. ძირს გორაობდა, მუშკის ფერი თმით იატაკს ხვეტავდა და მჯიღის ცემით გულ-მკერდს ილებებდა. მოთქმით იძახოდა:
_ ძიძავ! გაიგე, რამინს რა უქნია? წასულა და გორაბში ცოლი შეურთავს. ამასაც აღარ დამაჯერა და სამახარობლო წერილი მომწერა. რამე საშველი გამომინახე, თორემ თავი ცოცხალი არ მინდა. ჩემი სული რამინი იყო, მე სული იგი წამივიდა და აწი უსულოდ როგორ უნდა ვიცოცხლოო?
ძიძამ დამშვიდება დაუწყო:
_ განსაცდლისაგან როკაპსა ხარ დამსგავსებული. ნუ იკლავ თავს! თუ სული არ გედგმება, ნურმც მოაბადი ყოფილა ამ ქვეყანაზე და ნურმც _ რამინიო!
ვისიმ უპასუხა:
_ ჭკუას ნუ მარიგებ და მოთმინებას ნუ მასწავლი! რაც გინდ მომთმენი იყოს, ცეცხლზე ვერავინ დაიძინებს. ჩემი საგებელი და თავსასთუმალი კი აგიზგიზებული ცეცხლია. შენგან ვარ ასეთ დღეში, ძიძაო, ეს შენ მასწავლე, რა იყო სიყვარული და მიჯნურობის კოცონი შენ ამინთე გულში. შენ ჩამაგდე ამ ორმოში. ახლა კეთილი ინებე და შენვე ამომიყვანე აქედან! ადექი, რამინთან წადი და ჩემმაგიერ ასე მოახსენე:
„ყოჩაღ, მოღალატევ, რა კარგად მოგიმართავს ავკაცობის მშვილდი! ბუნებით მორიელს გავხარ, ქვაც რომ დაგიხვდეს წინ, იმასაც უკბენ-თქო. შენ თუ ახალი ცოლი შეგირთავს, ღმერთმა გიბედნიეროს, მაგრამ მეც ნუ დამაგდებ უიმედოდ. თუ წალკოტში ვარდი დაგირგავს, ღმერთმა გიხაროს იგი, მაგრამ იქვე აყვავებულ იას ნუ დაგლეჯ-თქო!“
ძიძა რომ გორაბში ჩავიდა, გზაში ნადირობიდან მომავალი რამინი შემოხვდა. კარგად ენადირა. იმდენი ავაზა და ძაღლი მოსდევდა, რომ მიწაზე ნემსი არ ჩავარდებოდა. ქორებს, გავაზებსა* და შევარდნებს კიდევ ჰაერი აევსოთ. რამინმა ძიძა რომ დაინახა, გაჯავრდა. თავად ხომ არ მოიკითხა და არ მოიკითხა, არც ვისი უხსენებია, არც _ მოაბადი და არც _ მარავის ქვეყანა. კუშტად უთხრა:
_ ეშმაკის ფეხო, შენი გრძნეულებით ათასჯერ მოგიღორებივარ. ახლა კვლავ მოსულხარ და გინდა, შემაცდინო. მიბრუნდი და საიდანაც მოთრეულხარ, იქ წაეთრიე! ვისის უთხარი: რა გინდა ჩემგან? ღმერთს ნუ სცოდავ და საიქიო სასჯელს ნუ იმზადებ-თქო; ცოლს ქმარზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არავინა ჰყავს. ღმერთს კი შენთვის კარგი ქმარი მოუცია, მოაბადი შენი ქმარია და მე, თუ გინდა, შენი ძმა ვიქნები-თქო!
ეს რომ უთხრა, გამწყრალმა ცხენს მათრახი ჰკრა. ძიძა მობრუნდა და მარავში წამოვიდა მტირალი და გულკვამლიანი. ძიძა რომ ასეთ ხასიათზე იყო, ვისი რა გუნებაზე დადგებოდა, თავად მიხვდებით.

მწუხარებისაგან ვისის დასნეულება

ვისი ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. მისი სასთუმალი ყვითელი ვარდით გეგონებოდათ სავსე, ისეთი ფერი ედო. დიდებულების ცოლები სანახავად მოდიოდნენ, გარს შემოუსხდებოდნენ და მარჩიელობდნენ, ნეტა რა ჭირსო? ზოგმა ზაფრა თქვა, ზოგმა _ გრძნეულთაგან მოჩხიბულობა. რაც კი ქვეყანაზე კარგი ექიმი და ვარსკვლავთმრიცხველი იყო, თავზე დაახვიეს. ვერავინ ვერაფერი გაუგო. ვისი კი თავისთვის იტყოდა:
_ მე გულში ცეცხლი იმიტომ მიკიდია, რომ რამინი კვესია და მე აბედი ვარ. ჩემი წამალი სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილი. რამინმა სხვა ქალი შეიყვარა და მე ცოცხალი როგორღა უნდა ვიყოო?!
შემდეგ თავისი მწიგნობარი მიშქინი დაიბარა (რომელმაც მათი საიდუმლო თავიდანვე იცოდა) და უთხრა:
_ გინახავს, მიშქინ, ან გაგიგონია რამინივით გამწირავი შეყვარებული? ფრჩხილზე თმის ამოსვლას დავიჯერებდი, მაგრამ მისგან ასეთ ღალატს კი _ არა. წელში გამტეხა რამინმა. განა შეიძლება, კაცმა კაცს ამაზე უარესი უქნას: ჯერ წავიდა, მე გამწირა, ცოლი შეირთო და ამ საქმის სამახარობლო წერილი მომწერა?! შემდეგ ძიძა რომ გავუგზავნე, ქუშად დახვდა, აგინა და შინ რომ არ შეუპატიჟებია, ისე გზიდან გამომიბრუნა, თითქოს მანამდე იგი არც ცნობოდეს და ჩემს საბრალო ძიძას მის გამო თავს ათასი ჭირი და ფათერაკი არ გადახდომოდეს. მიშქინ, შენ ფრთხილი და სიტყვამიმხვდარი კაცი ხარ. რამინს წერილი მიმიწერე! თუ შენი კეთილი ენით მას უკან დამიბრუნებ, სიკვდილამდის შენი მსახური და მხევალი ვიქნებიო.

ვისის პირველი წერილი რამინისადმი

„ეს წერილი მიერთვას ამწვანებულ კვიპაროზს გამხმარი ნაძვისაგან; ახალშენ წალკოტს _ აოხრებული ბაღისაგან; გამწირავსა და უპიროს _ სიყვარულის სიკვდილის დღემდე მომტანისაგან; მორჭმულსა* და გაზულუქებულს _ დასაწყლებულისა და დაბეჩავებულისაგან. იცი, რამინ, რომ წუთისოფელი ცვალებადია? კაცი ზოგჯერ სნეულია, ზოგჯერ კიდევ _ ჯანმრთელი. ბოლო მაინც სიკვდილია და კაცზე იმის მიხედვით იმსჯელებენ, თუ ამ ქვეყანაზე მან როგორი საქმეეები აკეთა. შენ თვითონ კარგად მოგეხსენება, ჩვენ ორში ვინა ვართ მართალი. მე ხომ სიწმინდით ცის ნამს ვგავდი და სიტურფით _ ვარდის ფურცელს. ამ ქვეყანაზე არც ერთ მამაკაცს არ ჰქონია ბედნიერება, ჩემთან გულის ნება ეპოვნა. შენ დამიგე მე უწრფელობის მახე და შენ ჩამაგდე ამ ორმოში. უსინდისოვ! შენი ფიცი წყალივით დაუდეგარი და ქარივით წარმავალი ყოფილა. აგრე გითქვამს: „მიფიცავს და ვისის აღარ შევეყრებიო“. შენ არ იყავი, რომ მეფიცებოდი, სანამ პირში სული მიდგას, არ გაგშორდებიო? რომელი ფიცი დავიჯერო? მე იგივე ვისი ვარ, პირი მზეს რომ მიგავს და თმა _ მუშკს*; მე იგივე ვისი ვარ, სახით ორი კვირის მთვარეს რომ ვგავარ და ტუჩებით _ უკვდავებას. მე შენზე უკეთესს ბევრს ვიშოვნი, მაგრამ შენ ჩემისთანას ვერსად ჰპოებ.
ნუ იქმ, რამინ, თორემ ერთ დღეს შენს საქციელს რომ ინანებ, ვისისაგან პატიებას ვეღარ ეღირსები;
ნუ იქმ, რამინ, თორემ შენი ცოლი გული რომ მოგყირჭდება, ვერა ხერხით ვისის ვერ დაიბრუნებ;
ნუ იქმ, რამინ, თორემ ისევ ჩემთან მოხვალ და ტირილით ჩემი დარბაზის ზღურბლზე
დაიწყებ ზლუქუნს!
შენ ჩემით და ჩემი ტუჩებით გაძეხი და შენი ცოლით, გულით, არ გაძღები?!
შე საწყალო, ერთი ხე ვიშოვეო, ტრაბახობ, და ეს არ იცი, რომ მთელი წალკოტი დაკარგე“.

ვისის მეორე წერილი რამინისადმი

„ცის შვიდივე სფერო ქაღალდად რომ მქონდეს, ყველა ვარსკვლავი რომ მწერლად მყავდეს, ღამის ჰაერი მელანი იყოს და ქვიშაზე მრავალი ასოები გამოვსახო, შენმა მზემან, ჩემს შენდამი სურვილის ნახევარსაც ვერ გადმოგცემ. შენგან მოშორებულს ძილი აღარა მაქვს, რამინ, და თუ დამეძინა, თვალწინ შენი სახე მიდგას. შენ რომ ისარივით სწორი ჩემი ტანი გახსოვს, იგი სულ შენზე ფიქრმა მოღუნა. ისე ვარ დალეული, რომ მნახველები ჩემს ლოგინთან როცა მოვლენ, ვერ მპოულობენ და ბუზღუნებენ: ჩვენი ავადმყოფი აქ რატომ არ არის, სანადიროდ ხომ არ წასულაო? აქამდე ჩემი კვნესით თუ ხვდებოდნენ, რომ კიდევ ცოცხალი ვიყავი, ახლა კვნესაც აღარ შემიძლია. ერთი ხეირი კი მაქვს ჩემი აგრე ყოფნისაგან: სიკვდილი რომ მოვიდეს და მთელი წელიწადი მეძებოს ლოგინში, ვერ მნახავს, აგრე ვარ დალეული. თუმცა ჩემი მტერი და მოსისხლე ხარ, რომ მნახო, შეგებრალები.
მეუბნებიან: სნეული ხარ და მკურნალი ეძებეო! რა იციან იმათ, რომ სწორედ ჩემი მკურნალისაგან ვარ სიკვდილის პირას მისული. და მაინც, რამინ, არა ვარ მთლად იმედგადაწურული, არა მგონია, ღმერთმა ჩემი ელვარე მზე კიდევ არ მაჩვენოს. ამ წერილს თუ წაიკითხავ და მაინც არ შეგეცოდები, მართლა გულქვა და დაუნდობელი ყოფილხარ“.

ვისის მესამე წერილი რამინისადმი

„მოუცილებლად ჩემგან საგონებელო, თუმცა შენ შენი სიბრიყვით გამწირე, მე ფიქრებიდან მაინც ვერ გიშორებ, უფრო ტკბილად მაგონდები და უფრო ხშირად გიხსენებ. მანამდის გდევ და გემუდარები, სანამდის ჩემს სიმართლესა და შენს უსამართლობას შენ თვითონ არ აღიარებ.
მზეს ან მთვარეს რომ შევხედავ, შენი პირისახე მაგონდება; სადაც კვიპაროსის ხეს დავინახავ, შენი ტანი დამიდგება თვალწინ; სადაც ვარდსა ვპოვებ, შენი ღაწვები მგონია და ვკოცნი ხოლმე; ზოგჯერ შენზე საყვედურებს შენვე გიყვები. სიზმრებში რომ მეფერები, მღვიძარეს რა დაგიშავე? ფხიზელი გეძახი, გიხმობ და არ მოდიხარ ჩემთან, მაგრამ რომ დამეძინება, მაშინათვე ჩემთან გაჩნდები. ესეც საქმეა თუ არა! ბედს ვუმადლი, _ ძილში მაინც ხომ გხედავ!“.

ვისის მეოთხე წერილი რამინისადმი

„ეგრე მეტყვიან: „ვისო, ნუ კვნესი! ერთი გაუტანელი საყვარლის გამო ასე რატომ იკლავ თავს! კაცს შეყვარებულს არა დაავიწყებს რა ახალი შეყვარებულის გაჩენის გარდა, შენ კიდევ რამინზე უკეთესი შეყვარებულები არ დაგელევიანო!“ ვინც ამას მეუბნება, მან არ იცის, რომ ვარდისწყალი რაც გინდა წმინდა იყოს, წყურვილს წყაროს წყალი უფრო კლავს. შენს ნაცვლად გული ვის მივცე, რამინ, როცა იგი მთლიანად შენ გაქვს წაღებული და მე მისგან ნაწილიც არ დამრჩენია?! ამ ქვეყანაზე კაცმა შეიძლება ყველაფრის მაგიერი იშოვოს, მაგრამ სული თუ წაართვეს, სულს რა უნდა შეუნაცვლოს? შენ კი ჩემი სული ხარ. რაც შენ გაგეყარე, მას აქეთ პირი არ დამიბანია და ტანისამოსი არ გამომიცვლია, _ შენი სურნელება რომ აქვს შემორჩენილი, არ მინდა, ის დავკარგო. ჩემი გული ფუნდუკსა* ჰგავს, შიგ შენი სიყვარულის ქარავანი დგას და თუ მან ადგილი არ დაცალა, სხვა შიგ ვით დაეტევა! ნუ სულელობ და ჩემს სანაცვლოს სხვას ნუ ეძებ, ქვეყანაზე საშენო ქალი ჩემს გარდა არავინაა, და ვერც მე ვიპოვი სადმე შენს სანაცვლოს! რა ვუყოთ, რომ შენ ნებიერი წითელი ვარდი ხარ და მე _ შენი სიშორით დაზაფრული ყვითელი ბაია. ბაღში ხომ სხვადასხვა ფერის ყვავილები უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს!“

ვისის მეხუთე წერილი რამინისადმი

„შეყვარებულის განშორებას არაფერი სჯობს, თუ მასთან შეხვედრის იმედი გაქვს. გულს ასე ვეტყვი ხოლმე: მოითმინე და სამაგიეროდ მისი დაბრუნებით იხარე-მეთქი! კაცი იადონს მთელი წელიწადი ზრდის და ელოლიავება, რათა წლის ბოლოს მისი ტკბილი ხმა გაიგონოს. მეზღვაურები გაიხსენე, გულო, ისინი განსაცდელსა და შიშს იმისთვის აძლევენ თავს, რომ ბოლოს რაიმე სარგებელი ნახონ-მეთქი!
შენი სიყვარული ჩემს გულში მუდამ ხარობს. ბზის ხესა ჰგავს იგი, ზამთარ და ზაფხულ რომ მწვანეა. დღე და ღამე ვტირი და ამის მეტი არაფერი შემიძლია. გზაზე ვზივარ და გამვლელ-გამომვლელთ შენს ამბავს ვეკითხები. ისინი კიდევ ბუზღუნით მეუბნებიან: „რას კითხულობ ამ რამინის ამბავს, ხომ ხედავ, რომ არ გიბრუნდება ეგ შენი რამინი, მისი იმედი გულიდან ამოიგდეო!“ მაგრამ მე მაინც გულში შენი ნახვის იმედს ვინახავ“.

ვისის მეექვსე წერილი რამინისადმი

„იყო დრო, რამინ, ასე თავგასული და ამპარტავანი არ იყავი და ასე მწარე-მწარე სიტყვებს არ ამბობდი. ასე მიუკარებელიც არ მახსოვხარ. მინახავს, როცა ამოიოხრებდი, შენი ოხვრა ჰაერს აშავებდა. გაიხსენე, განა მაშინ მე შენთვის ისეთი ვიყავი, როგორც ახლა შენ ჩემთვისა ხარ? ახლა ჯამშიდ* მეფეზე უფრო მორჭმულხარ. რატომ ხარ ჩემთვის ნაღველივით მწარე, როცა სხვისთვის ეგრე ტკბილი ხარ? ახლა შენ პირი გაზაფხულსა გიგავს და ღაწვებზე წითელი ვარდები გიყვავის, მაგრამ ესეც გახსოვდეს, შემოდგომა რომ დადგება, ის შენი ვარდები დაჭკნებიან! ნუ მიზამ, რამინ, ისეთ რამეს, რაც მე შენთვის არ მიქნია და ვერც ვიზამდი, რადგან მე შენსავით გამწირავი და დაუნდობელი გული არა მაქვს! მზესავით მაღალი რომ იყო, საღამოს მაინც ჩაესვენები. მე სიყვარულს ვაღვივებ, შენ _ მტრობას; მე ცეცხლს ვაძლიერებ, შენ კი ამ ცეცხლზე წყალს ასხამ. არაშს* იმიტომ აქებენ, რომ ისარი სარიდან მარავში მოუწვდენია. შენ გორაბიდან მარავში წარამარა ისვრი შხამიან ისრებს და მე ზედ გულზე მასობ. გმირობის სახელი არაშს კი არა, შენ გეკუთვნის, _ შენ ასი ეჯით* უფრო შორს ისვრი ისარს.
მიკვირს, ასეთ დღეში გყავარ და მაინც რომ ვერ გელევი! ალბათ ან რკინა ვარ, ანდა _ ქვა, თორემ იმის გაძლება, რასაც მე ვუძლებ, როგორ შეიძლება! მეუბნებიან: `ნუ ტირი, თორემ ამდენი ტირილისაგან, ხომ ხედავ, რას დაემსგავსეო! მათ ავიწყდებათ, რომ ნაყოფს წვიმა ამრავლებს, ეგების ჩემ ცრემლებს ის შედეგი ჰქონდეს, რომ ჩემი შეყვარებული მოიყვანოს.“

ვისის მეშვიდე წერილი რამინისადმი

„მშვენიერო, წამდაუწუმ მოსაგონარო! ასე ნაჩუმათევად რომ გაიქეცი და აქ უცხო ხალხში მარტო დამაგდე, რა იფიქრე? ახლაც რომ იქ შენთვის მორჭმით* ზიხარ და მე ასეთ საცოდავ დღეში გყავარ, შენგან დაკოდილ გულზე მალამოს რომ არ მადებ, რა ჭკუას ემსახურები, ღმერთის მაინც არ გეშინია? მე ჭირად ის არ მეყოფოდა, რომ წამიხვედი, ახლა ესეც ზედ დამისართე, ვიღაცა ქალი მამჯობინე და ცოლად შეირთე. შენ ის არა ხარ, ჩემი სიყვარულით გახელებული რომ იყავი და ჩემი ნახვა ისე გსურდა, როგორც ირემს _ წყაროსი? მე იგი არა ვარ, რომელმაც სიცოცხლე მოგეცი და ბედნიერება რა არის, გასწავლე? მაშ შენ ისევ ის თუ ხარ და მეც _ ისევ ის ვარ, რატომ გამიორგულდი? გეტყობა, შეჭირვების ზღვაში იღრჩობოდი და მისი ღელვა აქეთ-იქით გახეთქებდა. შენ სხვა ცოლი იმიტომ შეგირთავს, რომ დამაღრჩვალი კაცი, ოღონდ გადარჩეს და, რაც ხელთ მოხვდება, იმას ჩაეჭიდება. არ მიკვირს შენგან ეს საქმე, ზოგი კაცი სუფრაზე ტკბილ საჭმელს ხელს არ აკარებს და ძმრიანს ეტანება. მაშინ ღვინის სმა გსიამოვნებდა და ახლა ნაღვინევზე ღვინო აღარ გინდა, მაგრამ ხომ იცი, რომ ნამთვრალევის წამალი ღვინის მეტი არაფერია, ამიტომაც მეორე დილას გამოყოლილზე ისევ ღვინოს სვამენ.
შენ მზე ხარ და მე _ მთვარე, ამიტომ ორივე უკუნისამდე ერთად უნდა ვიყოთ. შენ ის ნუ მოგატყუებს, რომ ასე მომშორდი და მზესავით ანათებ! სინათლე შენ ჩემგან გაქვს და სადაც არ უნდა წახვიდე, ბოლოს ისევ ჩემთან მოხვალ. გულმაგარო, ადექი და წამოდი! ნურც მე მაღონებ ამდენს და ნურც შენ იტყუებ თავს! სიყვარულის ხე თუ მოკვეთე, გულთა შეერთებით იგი ისევ დაამყენ! _ ხომ იცი, ნამყენი უკეთეს ნაყოფს ისხამს“.

ვისის მერვე წერილი რამინისადმი

„გაზაფხულის მაწვიმარო ღრუბლებო, მოდით და ტირილი ჩემგან ისწავლეთ!
ჩემი გული ფათერაკშია გაბმული და მოთმინებას მისთვის შეუთვლია: მე სამოთხის შტო ვარ და შენ ჯოჯოხეთში რად დამრგეო! მე მოთმინების ღონე არა მაქვს, ამიტომ დათმენას არც ვცდილობ და იგი არც მწადია. მე თუ უშენოდ გაძლება მექნა, მაშ ორგული და მოღალატე ვყოფილვარ. ჩემი სიცოცხლე და თავი შენთვის მაქვს მიბარებული და, შენ იცი და შენმა ღმერთმა, რაც გწადია, ის უქენი მათ! ჩემი ტირილითა და კვნესით მეზობლებიც შევაწუხე. მიჯავრდებიან:
„ნუ ტირი, მოითქვი სული, შენც მოისვენე და ჩვენც მოგვასვენეო!“ როგორ მოვითქვა სული, როგორ მოვისვენო, როდესაც შეყვარებულმა დამაგდო და ახლა უიმისოდ ისე ვარ დარჩენილი, როგორც მეცხვარეების მიერ ველზე მიტოვებული ცეცხლი.
რამინ, ამ ზომამდე მაინც როგორ გამიმეტე, გულმა როგორ გიქნა ჩემი ასე გაუბედურება? ჩემს ძიძას შენ შვილივით არ უყვარდი? ჩემი მიზეზით ისიც რატომ გაამწარე?
ვამთავრებ ამ წერილს, თუმცა ჩემი საჩივრის მეასედიც არ მითქვამს. შენთან ჩივილს მაინც რა აზრი აქვს, _ ჩემს საჩივარს ბოლო არ მოეღება და ჩემს სათხოვარს შენგან ასრულება არ ეღირსება. წავალ და მას შევეხვეწები, რომელიც თავად ხედავს ყველაფერს, კარი რომელიც მან დამიკეტა, თვითონვე გამიღოს“.

ვისის მეცხრე წერილი რამინისადმი

„თვალცრემლიანი და პირდაყვითლებული ღმერთს ვემუდარები: ჰე, დამბადებელო, დაუსაბამოვ, მოწყალეო, ნებიერო, მაღალო და მდაბალო! შენა ხარ უღონოთა ღონე, შენა ხარ გაჭირვებულთა შემწე და ვნებულთა მოწყალე. ჩემს საიდუმლოს სხვასთან ვერავისთან ვიტყვი, შენ გეხვეწები, _ შენ იცი ჩემი გასაჭირი და შენვე გთხოვ, მიხსნა მისგან! მოაქციე ის გულქვა ჩემკენ; მოაგონე მას ჩემი სიყვარული და საჩემოდ მოულმობიერე გული; შენ დაიცავი, ღმერთო, იგი ყოველგვარი ფათერაკისგან და ჩემს მიჯნურობაზე მეტ ჭირს მას ნუღარ მისცემ! ჩემი დღეები მას შემატე, _ მისგან მოშორებულს მე მაინც რად მინდა სიცოცხლე!
ჩემი გული სალამს მოახსენებს იმ ტანნაკვთიანს, რომელსაც რკინის გული უძევს მკერდში; სალამს მოახსენებს იმ იაგუნდს, რომელსაც ოცდათორმეტი მარგალიტის მარცვალი აქვს აცმული; სალამს მოახსენებს იმ მოცინარე ვარდს, რომლისგან მე ნიადაგ მტირალი ვარ“.

ვისის მეათე წერილი რამინისადმი

„ჰე ფიცის გამტეხო და მატყუარავ! შენი სიავისაგან ისეთი ჭირი მაქვს გადახდილი, რომ ათასჯერ სიკვდილი მინატრია. რაც შენ ჩემთვის ავი გიქნია, სამაგიეროს ღმერთი გადაგიხდის! მაგრამ ეგეც იცოდე, რამინ, რომ მარტო ჩემთვის არ გიქნია შენ ცუდი, შენი თავისთვის უფრო მიგიყენებია ვნება, რადგან თავი მთელი ქვეყნის საარაკოდ გიქცევია.
შენზე ასე დაწერენ: ფიცი გატეხა, ძველი მოყვარე გაწირა და ახალი მტერი დაიმოყვრაო. ასე რომ ზურგი გვაქციე, სად იპოვნი ჩემსავით გულით მოყვარულ სატრფოს, მშობელივით ლმობიერ მოაბადს, ხორასანივით საამურ ქვეყანას და მარავივით დიდებულ ქალაქს? მოაბადს მხოლოდ სახელი ჰქონდა ხელმწიფისა, თორემ სინამდვილეში შენ იყავი ქვეყნის პატრონი. მისი საგანძური მე მებარა და რაც მასში ინახებოდა, ყველაფერი შენ გეკუთვნოდა. საუკეთესო ცხენებს არავინ გიკავებდა, ავაზები, ქორები და ძაღლები შენი იყო. ყველაფერ ამას ხელი ჰკარი. ვინ ქნა გონიერმა, რაც შენ ჩაიდინე? ერთი ვარდი არჩიე მთელს წალკოტს!“
ადინამ წერილი აიღო და გზას გაუდგა. ორ კვირაში მარავიდან გორაბში ჩავიდა. ვისი ტიროდა: „ნეტავ, თუ წაიკითხავს ჩემს წერილს რამინი? ნეტავ, გაიგებს, რა ცეცხლი მინთია გულში? ნეტავ, შევებრალები და პასუხს მაღირსებს? იმედს მომცემს და გულს დამიამებს? რა ვქნა, შეყვარებულს ამაზე მეტი რა დაემართება, რომ დღე და ღამე წერილის მოლოდინში იყოსო!“

რამინმა ვისის სიყვარული გაიხსენა

რამინმა ერთ ხანს გულისთან, თავის ცოლთან, რომ დაჰყო, მასთან ცხოვრება მოსწყინდა, რამინის სიყვარული ხარბ კაცს ჰგავდა. სანამდის ფხიზელი იყო, სატრფო უნდოდა, რომ დათვრა, მისი სურვილი აღარ ჰქონდა.
ერთ დღეს გაზაფხულის პირზე ველად გავიდა. ბუნება აყვავებული იყო. ერთმა კაცმა იის კონა მოართვა. რამინმა იის კონა რომ დაინახა, ის დღე მოაგონდა, ვისის რომ შეჰფიცა, შენი სიყვარული ყოველთვის მექნება და არასოდეს გიღალატებო. ხომ გახსოვთ, ვისმა მას იის კონა რომ მისცა და უთხრა: სადაც ახალშემოსულ იას დაინახავ, ეს ფიცი მოიგონე, ასე ლურჯი და თავჩამოგდებული იყავი, თუ ჩემი ფიცი გატეხოო! რამინს ეს ფიცი რომ მოაგონდა, საწუთრო დაუბნელდა. თვალები ცრემლებით აევსო და თავში ხელი ირტყა, ეს რა მიქნიაო!
ვისის სიყვარულმა ისევ მოუარა. მზე ღრუბლიდან რომ გამოვა, უფრო იკბინება. გზას გადაუხვია, ცხენიდან ჩამოხდა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო:
_ ეს რა ქენი, გულო? გორაბს ჩამოდი და ფიცი გატეხე. ცოლი შეირთე და ვისი გასწირე. ვნანობ, რომ მოგისმინე და ჩემი სადავე ხელში მოგეცი, რა ვქნა, ჩემი სულის წამღებისაგან შენდობა როგორ ვითხოვოო?
ამ დღეში რომ იყო, მისი სიმამრი რაფედი წამოეწია. ყური მიუგდო და რადგან რამინი ხმამაღლა მოთქვამდა, ყველაფერი მოისმინა. რამინთან მივიდა და უთხრა:
_ ცხენოსანთა გვირგვინო, მგლოვიარესავით გამოიყურები. რა გაქვს სატირალი? თავად ხომ ყველასათვის სანატრელი ყმაწვილი ხარ, ძმაც ისეთი დიდი ხელმწიფე გყავს, როგორიც შაჰი მოაბადია. მეტი რა გინდა! უმიზეზოდ ნუ უჩივი ბედს! _ უსამართლო წუწუნი ღმერთს წყინსო.
რამინმა სიმამრს ასე უპასუხა:
_ ჩემი ჭირი არ იცი და იმიტომ მეუბნები ასე. გორაბი შენი ქალაქი და სამშობლოა, ირგვლივ ნათესავი და ახლობელი გახვევია. ჩემსავით ყარიბად* კი არა ხარ აქ. შენი სულ მშურს: საიდანმე რომ დაბრუნდები, ცოლი, შვილები და მახლობლები შემოგეგებებიან ხოლმე და ხართ ჯაჭვივით ერთმანეთზე გადაბმული. მე აქ არც ნათესავი მყავს და არც მოყვარე. იყო კი დრო, ესენი რომ მეც მყავდა და მათში რომ ვხარობდი. რა საამო იყო მისი ნაზობა, წყრომა და ნებიერობა! რა საამო იყო ჩვენი მოქცევა ერთმანეთისადმი, ზოგჯერ ლმობიერობა, ზოგჯერ სიქუშე, ზოგჯერ წყრომა და ზოგჯერ ყმაწვილობა, ზოგჯერ სიცილი და ზოგჯერ ტირილი! თურმე რა ტყუილა ვუჩიოდი ბედს მასთან ყოფნის დროს, უბედური და საბრალო ვარ-მეთქი, რომ ვამბობდი, უბედური და საბრალო ახლა ვარო!
რაფედმა, ნადირობიდან რომ დაბრუნდა, ყველაფერი, რაც ნახა და მოისმინა, თავის
ასულს, გულის, უამბო:
_ რამინი ავ სულსა ჰყავს შეპყრობილი. შენი სიყვარული დააგდო და კვლავ ვისი გაიხსენა. რაც გინდ პატივი სცე, მაინც შხამიანი გველია. მან ვისის უღალატა და შენ გიერთგულებდა?! ხომ იცოდი, რა კაციც იყო, რატომ გაჰყევი ცოლად?! მაგრამ ასეთი ყოფილა, შვილო, შენი ბედი და აწი ფუჭი საუბარი ჩვენთვის უსარგებლოაო.
ამ ლაპარაკში რამინი შემოესწროთ. დაღვრემილი იყო და დანა პირს არ უხსნიდა. მისი ცოლი გული წინ უჯდა. გული, როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ლამაზი და მომაჯადოებელი იყო, პირი სავსე მთვარეს უგავდა. მაგრამ რამინი მას ყურადღებას არც აქცევდა, ახლა მას ვისი ენატრებოდა და მის იქით თუ რამე არსებობდა, არც ახსოვდა. იმაზე ფიქრობდა, თუ ვისის როგორ და რა პირით შეხვდებოდა. „ვისის ახლა ჰგონია, მე ჩემს ცოლთან ვიშვებ და ის კი არ იცის, მისი სიყვარულისა გამო გულში რა ცეცხლი მინთიაო“.
გორაბიდან სასწრაფოდ გაქცევა გადაწყვიტა და ახლა გულში იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოება ამ საქმისთვის თავი. სხვა გზა არ იყო, მარტო უნდა გაპარულიყო ულაშქროდ და უამხანაგოდ. მაგრამ მარტო სიარულიც საშიში იქნებოდა, გზები თოვლს შეეკრა, წყლებს ფონები მოეშალათ, მანძილი შორი იყო. ძნელი და ფათერაკიანი გზა ედო წინ, მაგრამ ეს გზა ისე არ აფიქრებდა, როგორც ვისის წყრომა. იცოდა, რომ იგი არ შეუნდობდა. „ვისის მზის მსგავსი პირისა და გრდემლივით მაგარი გულის მეშინიაო“ _ ფიქრობდა დაღონებული.
„ყველგან ჩემი ამბავი ისმის და ყოველ ქვეყანაში მე მახსენებენ. ქალაქში ჩემზე სიმღერებს მღერიან, ველზე მეცხვარეები ჩემი ამბების მოყოლით იქცევენ თავს, ქალები ჩემი და ვისის შესახებ ჭორაობენ, კაცები ბაზარში ჩემზე ყბედობენ და ყმაწვილები შუკებში ჩემზე შეთხზულ სიმღერებს მღერიან. მე პირი სიბერისკენ მიქნია და სიყვარულისგან კიდევ ვერ გავმძღარვარ. ჩემი ტოლები თავიანთ ცოლ-შვილში ხარობენ და რაც უნდათ, იმას აკეთებენ, ზოგჯერ ცხენს კაზმავენ, ზოგჯერ აბჯარს ისხამენ, თამაშობენ, ნადირობენ და ერთობიან. ზოგი მეცნიერებას არის გამოკიდებული. მე კი არც აქ გამიხარებია თავი და ამდენი ფიცის გატეხისათვის სიკეთეს ვერც სასუფეველში მოველიო“.
უცბად წამოდგა და გარეთ გამოვარდა, ცხენს მოახტა და, ჯაბანი კაცი ბრძოლის ველიდან რომ გამოიპარება, ისე გამოიქცა გორაბიდან მარავში. გზაზე ვისის მწიგნობარი ადინა შემოხვდა. თითქოს ვისი ენახოს, ისე გაუხარდა რამინს ადინას დანახვა. მხიარულად მოიკითხა. ცხენები მიაბეს და მწვანეზე ჩამოსხდნენ. ადინამ მოახსენა, თუ რისთვის იყო წამოსული, ვისის წერილები მიართვა და ნიშნად გამოტანებული რამინის სატრფოს პერანგი და თავსაბურავი წინ დაუდვა. რამინმა რომ ვისის ნიშნები დაინახა, გული წაუვიდა. გონზე რომ მოვიდა, წერილები წაიკითხა, წერილებსა და პერანგს ხან პირზე დაიდებდა, ხან _ მკერდზე. ისევ დაკარგა გონება. აზრი რომ მოიკრიფა, ვისის საპასუხო წერილი მიუწერა:
„ცოდვილი ვარ და შენთან შეხვედრის მეშინია. ვაი თუ ის მიყო, რისი ღირსიც ვარ! თუმცა მტრობის ეშმას პირველმა შენ უხმე და შენ შემაგულიანე ამ შეცოდებისათვის, ნება შენია, რაც გწადია, ის მიყავი! მე მხოლოდ იმას გეტყვი, რომ რაც მოგშორდი, თითქოს ვეშაპის ხახაში ვიყავ მომწყვდეული, ისე ვგრძნობდი თავს, ამის მოწმედ გაყვითლებული ღაწვები მეყოფა და მოფიცრად _ ცრემლიანი თვალები. დავივიწყოთ წარსული და თავიდანვე შევეგუოთ ერთმანეთს. შენი სიხარული უჩემოდ არ იქნება და ჩემი ნეტარება უშენოდ არ გამოვა. შენი წამწამების
ისარი და ჩემი ხმალი ერთად უნდა იყვნენ და მაშინ მტერი ჩვენზე ვერ გაიხარებს. შენი წერილი გზაზე შემომხვდა და მოკლე პასუხსაც საჩქაროდ გიწერ. წერილს მეც უკან მოვყვები“.
ადინამ წერილი აიღო და სასწრაფოდ მარავში მობრუნდა. რამინიც მას მიჰყვა, ერთმანეთს ერთი დღის სავალით შორავდნენ. თუმცა მიჯნურობა ჭირია, ორი ნეტარება მაინც ახლავს: ერთი, წერილის მოსვლის მოლოდინი და მეორე, შეყვარებულთან შეხვედრა. ვისიც ასე იყო, ყოველდღე მოელოდა ადინას მოსვლას და რამინის ამბავს. ადინა შორიდან რომ დაინახა, ასე გაუხარდა, თითქოს თვითონ რამინი ჩამოსულიყო. მოციქულმა ყველაფერი წვრილად მოახსენა და ისიც ახარა, საცაა თვითონ რამინიც გამოჩნდებაო. ვისის ის დაემართა, რაც რამინს მოუვიდა, შეყვარებულის წერილს ხან პირზე იდებდა, ხან _ მკერდზე, ხანაც კიდევ გული მისდიოდა.
მეორე დღეს აბანოში შევიდა, მოიკაზმა, თვალმარგალიტიანი კაბა ჩაიცვა და თავზე გვირგვინი დაიდგა. მთვარე დაბნელდა მისი სიტურფისაგან. მისი თმის კულულები ზანგთა ლაშქარი იყო, მისი ტუჩები ათასი ქალაქის სნეულებს წამლად ეყოფოდა. საყვარლის მოლოდინის ცეცხლში იწვოდა და მოთმინება დაკარგული ჰქონდა. ბანზე იდგა და გზისაკენ იყურებოდა. მოუსვენრობისაგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ისე ხტუნავდა, როგორც მარცვალი ცხელ კეცზე. შეღამდა და რამინი მაინც არ ჩანდა. დაწვა, მაგრამ არ დაეძინა, თითქოს ლეიბად ეკალი და ბირკი გებოდა. მამლის ყივილის ჟამს ცოტათი მითვლიმა, მაგრამ მაშინვე ყვირილით ზე წამოიჭრა. ძიძა მივარდა, რა მოგივიდაო?
_ რამინი ვნახე სიზმარში. ხელი მომკიდა და მითხრა: „შენთან მალულად მოვედი, მტრებისა მეშინია, ისინი შენ ჩემგან გიცავენ. მოიბრუნე ჩემკენ გული, ნუღარ მიწყრები, შენებურად ვნებიანად მომეხვიე და შენი ტუჩების კოცნით უკვდავი გამხადეო“.

რამინის ჩამოსვლა მარავში

რამინმა რომ შორიდან მარავი დაინახა, გული აუჩქროლდა. ღმერთს მადლობა შესწირა და მშობლიურ ქალაქს შორიდან ასე მიმართა:
_ ტკბილო მარავო! ხელმწიფეთა საჯდომო, დამწუხრებულთა გამამხიარულებელო, ღარიბთა გამამდიდრებელო, მზის სამყოფო, მთვარის სადგომო და ჩემი გამახელებელი სატრფოს დარბაზოო!
თავის ქვეყანასავით კაცს სხვა მხარე არ ეამება, პირველი სიყვარულივით გულს არაფერი ეფონება.
რამინი ვისის კოშკს მიადგა.
ვისის გუშაგი დაეყენებინა რამინის მომლოდინედ. გუშაგმა იგი შორიდან იცნო თუ არა, მაშინვე ძირს ჩამოვიდა და ძიძას აცნობა. ძიძამ ვისის ახარა:
_ მოვიდა მუდამ საგონებელი შენი ლამაზი ხელმწიფე. საშენო დარია. გაიხარე! აქამდის ღამე სიბნელით შენს თმას ჰგავდა, ახლა კი შენი პირის მსგავსად განათებულაო!
ვისიმ ძიძას სთხოვა:
_ შაჰინშაჰს ძინავს, მაგრამ მეშინია, ვაი თუ გვიგრძნოს და გამოიღვიძოს! ღმერთს გაფიცებ, შედი და ძილი შეუკარი, რათა დიდი ხანი არ გაეღვიძოსო!
ძიძამ მოაბადს ისე შეულოცა, ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, ვერაფერს გაიგებდა.
შემდეგ ვისიმ კუშტი სახე დაიყენა და სარკმელთან დაჯდა. რამინი რომ დაინახა, გული გაუნათდა, მაგრამ არ შეიმჩნია, რამინს არც მიაქცია ყურადღება და ცხენს უთხრა:
_ სპილოსავით ძლიერო მერანო! შვილივით მიყვარდი და გივლიდი, ოქროს ბაგაზე აბრეშუმის ავშარით მყავდი დაბმული. განებივრებდი. რატომ წამიხვედი და ახორი რატომ დამიგდე? სხვა ახორებსა და ბაგას რატომ დახარბდიო?
რამინმა რა დაინახა, უჯავრდებოდნენ, ვისის მუდარა დაუწყო:
_ ჩემი გულისა და გონების წამღებო, რატომ მიმალავ პირს? მე შენი რამინი ვარ და შენ ვისი ხარ, ჩემი პატრონი. მე იგივე ვარ, რომელიც ადრე გინახივარ, შენც იგივე არა ხარ? ამდენი ხნის განმავლობაში შენზე ფიქრით ერთი დღე არ დამისვენია და ერთი ღამე არ დამიძინია. ჩვენ ერთმანეთთან მოციქული არ გვჭირდება. ვარ დამნაშავე. ალვის ხეს ტირიფი ვამჯობინე და პატიოსან თვალს ქოთნის ნატეხი ვარჩიე. პატიებასა გთხოვ, მოიბრუნე ჩემზე გული, მე ცუდი ვქენი, შენ კარგით გადამიხადე! ცოდვილი ვარ და ჩემს საქციელს ვნანობ. თუ ჩემს მუდარას არ შეისმენ, აქვე შენი კარების წინ მოვკვდები. მარტო მე არ დამმართნია ასეთი საქმე. შეუმცდარი ვინ არ ყოფილა: ბერები შეცოდავენ ხოლმე, ფილოსოფოსები შეცდებიან, მალი ცხენი წაიქცევა, ბასრი ხმალი დაბლაგვდება, მეც ფათერაკად შევცდი და შენდობასა გთხოვ, ბოლოსდაბოლოს შენი სტუმარი ვარ, სტუმარს ყველა პატივს სცემს და შენც კარში ნუ გამაგდებო!
ლომივით განრისხებულმა ვისიმ უპასუხა:
_ წადი, რამინ, და ჩემი იმედი გულიდან ამოიგდე! ვითომ არც მე მიცნობ და არც ოდესმე მარავი გინახავს! ერთხელ მომაღორე და ქვეყანაზე თავი მომჭერი. ახლა კიდევ გინდა, ეს შენი ავი საქციელი გაიმეორო. მაგრამ უკვე ვეღარ მომატყუებ, ისეთი ფიცი გატეხე. წადი და ეგეთები შენს ცოლთან ილაპარაკე! მე ჩემს მოყვარულ ქმარს, ჩემს ხელმწიფეს ვეღარ ვუორგულებ. შენსავით მოღალატე კი არ არის. ახლა, ვენაცვალე მას, სმად ზის და მე მელოდება. მეშინია, ძებნა არ დამიწყოს და არ შევაწუხო. ისიც მეყოფა, რომ ჩემი სიყრმე შენს სიყვარულში ცუდად წავახდინე და ხელთ ქარის მეტი არა შემრჩა რა. გაბრუნდი უკან, აქ ტყუილა მოსულხარ. შუაღამე გადასულა, ცივი ქარი ქრის და ორი მტკაველი თოვლი ძევს; არ გაცივდე და არ მოკვდე; ღმერთმა შენს ცოლთან, გულისთან, ძილი და წოლა გაამოსო!
თოვდა, როგორც შეეძლო. რამინი ამ თოვლში გაუნძრევლად იდგა, სველი ტანსაცმელი ტანზე ისე შეჰყინოდა და გამაგრებოდა, კაცს რკინისა ეგონებოდა.
ვისი სარკმელს მოსცილდა და ტირილი აუვარდა:
_ ისეთი თოვლი და ყინვაა, რომ კარში კი არა, შინ ითოშება კაცი. ღრუბელო, შეანელე თოვა და ჩემი რამინი შეიცოდეო!
შემდეგ ისევ მივიდა სარკმელთან და რამინის ცხენს გაუბა საუბარი:
_ შენ მე შვილივით მიყვარხარ. არ მინდა, ასეთ თოვლსა და წვიმაში ითოშებოდე, მაგრამ მე ნუ მემდურვი, ავი ამხანაგი გყავს და მისგან გჭირს ეს ამბავი. შენი ბრალია, არ იცოდი განა, რომ დასვენება და მგზავრობა კარგ კაცთან უნდა? წადი და ახორი* და საკვები მასთან ძებნე, ვისთვისაც მე მიგიტოვებივარო!
შემდეგ რამინს მიმართა:
_ წადი, რამინ, უკან გაბრუნდი! რასაც მე შენ ახლა გიშვრები, იმის სანაცვლოა, რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია. რადგან ძველი საყვარელი არ გწყალობს, ახალ გულის სწორს ეალერსე. ძველი დრაჰკანი* და ძვირფასი თვალია, კარგი რომაა, თორემ შეყვარებული ახალი უფრო ტკბილია. დაგავიწყდა, წერილი რომ მომწერე, მათრიე და მაგინე? ჩემთან შენს გარდა არავინ წოლილა, შენს გარდა მე სხვა სიყვარული არ მიძებნია, შენ კიდევ ასე გადამიხადეო.
დაღონებულმა რამინმა უპასუხა:
_ შენი ენა და გული ერთმანეთს არ ემოწმებიან. მე თუმცა მეტად შეგცოდე, ჩემდამი ასე მოპყრობა მაინც არ გმართებს! სამოთხეში მყოფმა ადამმა შესცოდა ღმერთს და მე რომ შემშლოდა, რა გასაკვირია, მეც ხომ მისი ტომი ვარ?! შეცოდებას შენდობის გარდა სხვა წამალი არა აქვს. მეყო, რაც დამსაჯე. მე თოვლსა და ბუქში ვდგავარ და შენ კიდევ შებრალება არც გიფიქრია. გული ქვისაც რომ მქონდეს, შენს სიშორეს მაინც ვერ გაუძლებსო.
ვისიმ მიუგო:
_ რამინ, შენგან მოყენებულ ჭრილობას შენი სიყვარული ჩემი გულიდან ისე გაუძევებია, რომ მისგან კვალიც არ დარჩენილა. შენც იცი, რამდენი ჭირისთვის გამიძლია შენს გადამკიდეს. შენ რითი გადამიხადე? რასაც დათესავ, იმას მოიმკი. სხვა ხომ მამჯობინე? შენ მას შეეფერები და იგი შენ შეგფერის. წახვედი, ორბივით მძორს მიაძეხი და ახლა უკან ბრუნდები? გაუტანელო! ცხენი გაყიდე და ნაცვლად ვირი იყიდე, რა კარგად ივაჭრე! მე შენ ირმის მომნადირებელი ლომი მეგონე, შენ თურმე ბერი მელა ყოფილხარ, ათასი ხრიკით კურდღლის ძლივს შემპყრობელი. რად დადგი ღვინის ჭიქა და ხელთ ძმრის თასი რად აიღე? ის არ მეყოფოდა, რომ დამაგდე, ვიღაც გომბიო შეირთე და გასამასხრებელი წერილი გამომიგზავნე, ეს არ მეყოფოდამეთქი, გეუბნები, ძიძა რომ ასე შეურაცხმიყავი და უპატიოდ უკან გამომიგდე! მე წმინდა წყარო ვარ, რომელსაც დამეწაფე და წყურვილი რომ მოიკალი, შიგ მიწა ჩააქციე. ახლა ისევ მოგწყურებია და წყურვილის მოსაკლავად კვლავ მომადექი.
რამინმა ეგრე უპასუხა:
_ ჩინურო ყვავილო, ნათქვამია, წუთისოფელი წისქვილის დოლაბივით ბრუნავსო. ღმერთს ასე დაუწესებია: ზოგჯერ ცხელა, ზოგჯერ ცივა. ჩვენც საწუთროს შვილები ვართ. სურვილის ხელში გული უძლურია, კაცი საწადელს რომ ეწევა, მაშინათვე გაძღება. მეც კაცი ვარ და ერთ საქმეზე ჟამმა არ დამაყენა. რომ მივდიოდი, მეგონა, უვისობას მოვითმენდი. მეგობრებმა შემაგონეს: ძველ სიყვარულს ახალი მიჯნურობით დაჯაბნიო. მეც მათი რჩევით წავედი გორაბში*, თორემ, შენც იცი, ჩემი თვალის სინათლე შენ იყავი და ხარ. როგორც მწყურვალი _ წყალს, მე შენი პირის ნიშანს დავეძებდი. ამ ძებნაში რომ ვიყავი, გული შემომხვდა. გული ვარდს ნიშნავს და ვიფიქრე, თავისი სეხნიის მსგავსად სათნო იქნება-მეთქი. ამით შაჰინშაჰს დიდად ვასიამოვნე. მაგრამ უშენობა მე არ შემეძლო, დავკარი ფეხი და შენკენ გამოვიქეცი. შენა ხარ ჩემი მტერიც და მოყვარეც, _ ავიც შენგან დამემართება და კარგსაც შენგან მოველიო.
ვისიმ, მტირალმა, რამინს ასე უპასუხა:
_ კარგი, რამინ, დამიჯერებია შენი ტყუილები: ჩემი პირის ნიშანს ეძებდი და იმიტომ შეიყვარე გული, უჩემოდ შენი ცხოვრება ტანჯვა იყო და სხვასთან იმიტომ ნებივრობდი. ეს მითხარი, ის დამამცირებელი წერილი რატომ გამომიგზავნე? ძიძას ასეთი შეურაცხყოფა რად მიმიყენე და ძაღლივით რატომ გამომიგდე? შენ წყალი ხარ და მე _ ცეცხლი. წყალი და ცეცხლი ერთად როგორ მოთავსდებიანო!
რამინმა ლმობიერად დაუწყო:
_ შენმა წყრომამ ორნაირ სიკვდილს გადამახედა. ორი ღამე მიდგას: ერთი სიბნელისაგან და მეორე _ შენი რისხვისაგან. ჩემმა ცხენმა მაინც რა დაგიშავა? ჩემთვის თუ საჯდომი და საგებელი გენანება, ამისთვის მაინც გამოიმეტე ცოტა ბზე და ქრთილი! ვითომ მე არც მიცნობ, ერთი ვინმე უცხო სტუმარი ვარ, სტუმარს ცხენი დაუბინავე! და კაცმა რომ თქვას, ჩვენს შორისაც რა მოხდა ასეთი? სისხლი ჩვენ არ გვმართებს ერთმანეთისა და ძველი მტრობაც არა გვაქვს. მე არც ისეთი ვარ, რომ თოვლმა და სიცივემ შემაშინოს. აქედან ფეხს არ მოვიცვლი. თუ მოვკვდები, შენთვის სიკვდილი არ მერცხვინება. ჰოი, ზამთრის ბუქო, მოუმატე ყინვასა და თოვას, რათა, რაც შეძლება, ჩქარა აღმომხდეს სულიო!
ვისიმ უპასუხა:
_ შეყვარებულის გამწირავო, შენი უტვინო თავით გადაეყარე ამ ფათერაკს. რისთვის მოსულხარ ამ ქალაქში? მარავში შენ სახლი არა გაქვს და მოყვრები არა გყავს. ტყუილა ნუ დგახარ ამ თოვლსა და ყინვაში. გირჩევნია, ისევ შენს ცოლს, გულის, დაუბრუნდე! ეს დარბაზი შაჰი მოაბადისაა. იგი სტუმართმოყვარე დარბაზი კია, მაგრამ სტუმრისათვისაა ასეთი და არა _ ახლობელთა შემარცხვენელისათვის. შენ მოაბადის სასახლეში როგორ შემოგიყვანო, როცა სადაც დგახარ, იქ დგომის ღირსიც არა ხარ! თოვლიო, ამბობ. სახლიდან რომ გამოხვედი, არ იცოდი, რომ ზამთარი იყო და თოვლი და ბუქი იქნებოდა? როცა ნებიერად იყავი და ხარობდი, მაშინ არ იყავი ჩემი და ახლა თოვლსა და ბუქში რომ ითოშები, ჩემი გახდი?
გულგატეხილმა რამინმა მოახსენა:
_ ნამეტანს ნუ მიზამ, საყვარელო, მეყოფა ამდენი აბუჩად აგდება და ლანძღვა-გინება! მეტის გაძლება აღარ შემიძლია. ამაზე მეტი რა დამემართება, რომ მეუბნები, სადაც დგახარ, იქ დგომის ღირსიც არა ხარო! ქუჩა გშურს ჩემს სადგომად? მე მივდივარ, ეს გადაწყვეტილია, მაგრამ ასე დასაწყლებულ კაცს ერთი სიკეთე მაინც მიქენი, სახსოვრად შენი თმის ერთი კულული გამატანეო!
ვისიმ უპასუხა:
_ რამინ, ხომ უნდა იცოდე, რომ შენი სიყვარული მე ვეღარ დამაჩოქებს და ნაღველს შაქრის სიტკბო არ მიეცემა. მე იმას ვნანობ, ეს ვინ მყვარებია აქამდე, თურმე ვის გამო ვტიროდი და ვის მოველოდი სიხარულით! მე ახლა შენზე აღარც მეტირება და აღარც მეცინება. ჩაქრა ის სიყვარულის სანთელი. გავძეხით, ბატონო, შენისთანა შეყვარებულებისაგან. შენი შორიდან დანახვაც კი გულს მირევს. ყველაფერი გამომეცვალა: თვალები, რომლებითაც შენ გიყურებდი და ყურები, რომლებითაც შენ გისმენდი. ბედნიერი ახლა ვარო.
რამინი მაინც არ მოეშვა:
_ შენ თავიდან კი მიშორებ და შორს მერეკები, მაგრამ მე მაინც ვერ გელევი. ვიცი, რომ გძულვარ და მმტრობ, მაგრამ მე მაინც ვერ გეშვები. მეტის ღირსი არცა ვარ: შენგან გინება ხამს, ჩემგან _ ქება, შენგან _ კუშტობა, ჩემგან _ ლმობიერება, შენგან _ გაწყრომა, ჩემგან _ შეგუება და ძველებური სიყვარული. შენგან წყევლა კურთხევად მიმაჩნია და გინება _ მუტრიბთა* საამო ხმადო.
ვისიმ უპასუხა:
_ ენით ერთს ლაპარაკობ და გულში სხვა გიძევს. გულში შხამი გაქვს დაგროვებული და ენაზე შაქარი გაყრია. გეყოფა, რამინ, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებ, გირჩევნია; შენც სულს მოითქვამ ამდენი ყბედობისაგან და მეც მოვისვენებ შენი ყურებისაგან! ჩემი ცხოვრების ნახევარი შენგან გაბახებულმა და შერცხვენილმა გავატარე და ახლა მინდა, რაც დღეები დამრჩენია, ღირსეულად განვვლო. მეყო! რაც კარგი გიქენი და გიერთგულე, სულ მანანე. შენკენ რომ გული მოვიბრუნო, განა შენ თვითონ არ გაგიკვირდება და არ იტყვი: ეს ვინ ყოფილა, შიშსა და ჭირს ერთხელ ძლივს გადაურჩა და ახლა თავისი სირეგვნით ისევ გაება ბადეშიო!
რამინმა უთხრა:
_ ნუ გამწირავ, ვისი! შენი გული და ენა ერთმანეთს არ ემოწმებიან. მრისხავდეს ღმერთი, შენ ისევ ძველებურად ძლიერ თუ არ გიყვარდე და არ გინდოდეს, შენს გვერდით ვიჯდე! მაგრამ ესეც ჩემი ბედია, რომ გულის გარეთ ასეთ რამეებს გალაპარაკებს. მე აქ თოვლში ვიყინები, შენ კი ყარყუმის* ბეწვებში ჩათბუნებული ზიხარ და მწარე-მწარე სიტყვებს ისვრი. ჩემი სიკვდილი ომში ეგების, ფიცხელ ბრძოლაში და არა _ აქ. რადგან არ გინდივარ, არც მე გეხვეწები. სანამ ცოცხალი ვარ, მე შეყვარებული არ დამელევა, შენ კი იყავი აქ შენს მოაბადთან. შენ და შენი ქმარი ღმერთმა მშვიდობით გამყოფოთ! მე კი წავედიო.
ვისიმ მიუგო:
_ ღმერთმა გისმინოს და კეთილი გზა მოგცესო!
ვისი სარკმელს მოშორდა და გუშაგებს უბრძანა:
_ ფრთხილად იყავით, არ დაგეძინოთ, ცუდი ამინდია და ამაღამ ციხეს რაიმე ზიანი არ მოუვიდესო!
რამინიც მიბრუნდა, იმ თოვლში ძლივს მიდიოდა და თავის თავს ეუბნებოდა: `არაფერია, გულო, შეყვარებულთ არაიშვიათად მოსდით ასეთი რამ, ისინი ხშირად აღმოჩნდებიან დამცირებულ მდგომარეობაში. ახლა ჭკუა ნასწავლი გაქვს და თუ გადარჩი, სიყვარულის ბადეში მეტს აღარ გაებმებიო~.

ვისის სინანული

საწუთრო კაცის ბუნებას ისე აბრუნებს, როგორც თვალთმაქცი _ თვალს.
რამინი რომ იმედდაკარგული და თვალცრემლიანი გააბრუნა, ვისი სინანულმა შეიპყრო. ტირილი დაიწყო, რამინი შინ რატომ არ შემოვუშვიო! პირსა და თავში უმოწყალოდ ირტყამდა მჯიღებს. ქვითინებდა:
_ ჩემი თავი საკუთარი ხელით რად მოვიკალი? აწი ვინ ჩამიქრობს გულის ცეცხლს? ეს რა ვქენი და ვინ მიშველისო?!
შემდეგ ძიძას უთხრა:
_ ხედავ, რა მომივიდა? ოდესმე თუ უქნია ვინმეს საკუთარი თავისათვის ასეთი რამე? ჩემი ბედნიერება კარებზე მომადგა და მე კი მას ხელი ვკარი. ისევ შენ უნდა მიშველო, ძიძავ, ადექი საჩქაროდ და მიეწიე რამინს. სადავე დაუჭირე, გააჩერე და ასე გადაეცი: „ვინც ერთ ასეთ განაზებას ვერ გაუძლებს, ის რა საყვარელია! თუ მე ჩემი სიტყვებით დაგამძიმე, შენ ხომ გახსოვს, შენი საქმეებით როგორ შეგიჭირვებივარ-თქო? ასეთი სიტყვებით ცოტა ხანს შეაჩერე, ამასობაში მეც მოგეწევი და პატიებას ვთხოვო.
ძიძა სასწრაფოდ გამოეკიდა რამინს, ვისიც უკან მიჰყვა. შილიფად ეცვა, მაგრამ ყინვას არ ეპუებოდა, თოვლის ფანტელი ვარდის ფურცლებად ეჩვენებოდა. ძიძა რამინს დაეწია და შეაჩერა.
ამასობაში ვისიმაც მიუსწრო. სიცივისაგან ისე იყო გათოშილი, რომ მისი ტანის სითეთრისაგან თოვლი ლიბრად ჩანდა. რამინთან მივიდა, თვალთაგან ცრემლის მარგალიტებს ისე ყრიდა, როგორც ცა _ ფანტელებს. უთხრა:
_ ჭაბუკთა ლამპარო! როგორც შენ ახლა ჩემგან ხარ ნაწყენი, ასე და უფრო მეტადაც ვიყავი მე შენგან გულდაწყვეტილი. ცხოვრება ასეა. ვინმეს რომ შეებმები და წააქცევ, მისგანაც უნდა მოელოდე საპასუხო წინააღმდეგობას. შენ მე მსაჯულად დამადექი და ათას ბრალდებას მიყენებ. მაგრამ ერთს მეც გკითხავ: ჩემთან რა აუგი ნახე? განა მე ისევ ისეთი არა ვარ, როგორსაც მიცნობდი? იგივ პირი მიცინის და იგივე თვალ-წარბი მამშვენებს, იგივე კბილები მიკიაფებს, იგივე კვიპაროსივით ტანი მერწევა. ჩემგანაც შენი სიყვარულის მეტი რა გახსოვს? ნუ გამწირავ!
რამინმა უპასუხა:
_ ყოველი ღირსებით შემკულო ვისი! რაც ქენი, ვნახე; რაც თქვი, მოვისმინე. გორაბიდან მარავამდე შენს შესახვედრად ამ ყიამეთ ამინდში გრძელი და ძნელი გზა გამოვიარე. ახია ჩემზე, რასაც მიშვრები! ვიჯექი ქოჰისთანში* ჩემთვის ნებიერი და მხიარული. გული ყოველგვარი სადარდებლისგან აზატი* მქონდა. და ყველაფერი ეს ჩემი ნებით დავაგდე. კარგი ქენი, რომ სახლში არ შემიშვი. მე რომ რეგვენი არ ვყოფილიყავი, შენი შემოსახვეწი რა მქონდა! ახლა გაუშვი ხელი ჩემი ცხენის სადავეს. მე კი არ გენაზები, მართლა აყრილი მაქვს შენზე გული. კი, ახლაც ვამბობ: ყველა ლამაზზე ულამაზესი ხარ, შენი თვალები გრძნეულთა საბუდარია, შენი პირი კაცის გამამხიარულებელია, შენი თმა მუშკის* ჯაჭვებია, ყოველთა მშვენიერთა მშვენების თავი და დასაწყისი ხარ, შენი ყურება სამოთხის ჭვრეტას ჯობია, მაგრამ მზეც რომ იყო, არ მინდა, შენი შუქი მინათებდეს! ვიცი, რომ ვინც ტუჩებში გაკოცებს, არასოდეს მოკვდება, მაგრამ არ მინდიხარ. ხარ უკვდავების წყალი, მაგრამ არა გსვამ, ძალაა? მჭირს თუ არა მჭირს, ათასი ისეთი აუგი შემომყივლე, რომ ერთ მისთანას ჩემი მტერიც ვერ მეტყოდა. ვინც წეღან ასე მთათხავდი, ახლა ჩემგან სიყვარულს როგორ ითხოვ? თუნდაც მქონოდა დანაშაული შენს წინაშე, იმდენი პატიება რომ გთხოვე და გეხვეწე, რატომ არ შემინდე და არ შემიბრალე? ჯერ რომ იმდენ ხანს ამ თოვლსა და ბუქში მაძაგძაგე, მერე კი შეურაცხმყავი და გამომდევნე. ახლა ვიცი, ვინცა ხარ. მეც არ ვმალავ, ვინცა ვარ, აშკარად გეტყვი: მტერი ვარ შენი. მადლობა ღმერთს, შენგან ისეთი საქციელი მაჩვენა, რომ შენი მიჯნურობისაგან მიხსნა! სანამ ცოცხალი ვარ, საყვარლად ჩემი პირმთვარე ცოლი, გული მეყოფაო.
ვისიმ ქვითინით უთხრა:
_ ჩემო სიხარულო, ექვსი თვის განმავლობაში უშენოდ დაგდებულმა და შენგან მოშორებულმა თუ რამე მოუზომავი ვთქვი, განა საკვირველი იყო? შენი სიყვარული მალაპარაკებდა. როგორც მეგონა, ისე არ მოხდა. მეტი მომივიდა. და თუ წეღან გაწყენინე და გაგაქციე, ახლა შემომხედე, როგორ გებღაუჭები! მე შენგან განშორებით ისეთი ჭირი მინახავს, რომ ვერაფრით ვერ შეგელევი. შენი ცხენის აღვირს ხელს არ გავუშვებ, მანამდის ვიტირებ, სანამდის აქვე არ მოვკვდები და ამით შენც არ შეგარცხვენ. თუ ჩემს ხვეწნას მოისმენ, სიკვდილამდე შენი ნასყიდი მხევალი ვიქნები! თუ ეს ასე არ გავაკეთე, როცა მოგინდება, მაშინ შეგიძლია, ასე მომექცე, ნება ხომ შენიაო!
რამინმა უპასუხა:
_ სანამდის სული მიდგას, არავის აღარ შევიყვარებ, არ მინდა, ჩემი თავი ასე შეურაცხყოფილი ვნახო! მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დღეს ის მომაგო, რაც ისედაც სახვეწარი მქონდა, _ შენი თავი ასე ქუშად დამახვედრა! მთვრალი ვიყავი და გამოვფხიზლდი. დარჩენილ დღეებს მაინც გავატარებ ტანჯვისა და ფათერაკის გარეშე. შენც გირჩევ, ასე მოიქცე! _ ასი წელიწადი რომ შეყვარებული იყო, ბოლოს მისგან ხელში ქარის მეტი აღარაფერი დაგრჩებაო.
ვისის რამინის ხელი ეჭირა ხელებში და სიცივისაგან აძაგძაგებული ლუღლუღებდა:
_ შენა ხარ ჩემი სიცოცხლის მიზეზი, ჩემი თვალის სინათლე და გულის სიხარული. ვიცი, გაგაჯავრე და კარგი არ ვქენი. მე თვითონ მინანია ჩემი საქციელი. ჯერ გამიჯავრებიხარ და მერე კბილებით მკლავები დამიჭამია. ნუ გავიხსენებთ წარსულს. მაპატიე! პატიება შეყვარებულთა საქმეა. თვით მორჭმული* ხელმწიფეებიც კი, თუ ისინი გულით არიან შეყვარებული, პატიებას არ თაკილობენ. შენც მიმუდარე! თუ დაბრუნება გინდა, გაფიცებ, დაბრუნდი, თუ არა და, სადაც მიდიხარ, თან წამიტანე! _ რაც გინდ ძნელი გზა იყოს, შენს სიახლოეს განსაცდელისა და გაჭირვების ატანა ჩემთვის სიამოვნება იქნება. ნუთუ მართლა წახვალ და მე ასე შეჭირვებულს ამ ქარ-ბუქში დამაგდებ? მართლა ასეთი ქვის გული გაქვს, რომ ამდენი ხვეწნა-მუდარა შენზე არ ჭრისო?
გათენებამდე ასე აწამეს ერთმანეთი. ვისიმ რამინი მაინც ვერ დააკავა. ის და ძიძა უკან დაბრუნდნენ იმედგადაწურულნი, სიცივისაგან დამზრალნი და მტირალნი. ვისიმ გზაში ძიძას უთხრა:
_ აწი თუ მე შეყვარებული მნახო, ორივე თვალი ამომთხარე! მე თუ ამ დღეში მოვკვდები, მიწაში დამარხვის ღირსიც არ ვიქნები. ამაზე მეტი რა უნდა დამემართოს, რომ შეყვარებულიც დავკარგე და სიცოცხლეც. ახლა ვიცი, რომ შავი ნივთი სხვა ფერად არ შეიღებებაო.

ვისისა და რამინის ერთგან შეყრა

ვისი რომ წამოვიდა, სიცივე უფრო გაფიცხდა და ქარ-ბუქი ისე გაძლიერდა, სპილოს
წააქცევდა. რამინს ტანი კი ეყინებოდა, მაგრამ გულში ცეცხლი ენთო, _ ჩემი გულის წამღებელი და სიცოცხლის მომცემი არსება ასე რატომ გავიმეტეო! ტირილი აუვარდა, მობრუნდა, ვისის დაეწია, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და ასე უთხრა:
_ სულისდგმავ, ჩემი უმეცრებით დანაშაული გავიორკეცე და ახლა სირცხვილისაგან არ ვიცი, რა გითხრა. მაპატიე! ისე როგორც ყოველ სულდგმულს ჯაბნი სილამაზით, შენდობითაც აჯობე ყველას და შემინდე! თუ არ მაპატიებ, თავს მოვიკლავ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაზე შენსავით არავინ არ მიყვარს, შენც არ გაცოცხლებ! მე თუ არ ვიქნები, დაე, არც შენ იყო! ლმობიერებით ფერხთ ქვეშ დამიგე, რათა შენი მონა ვიყო და შენს ბრძანებას ვასრულებდე, თავს ნუ მომაკვლევინებ და ცოდვას ნუ დაიდებო!
ამაზე ვისიმ ისევ გასცა პასუხი. რამინმაც თავისი უთხრა. და ეს საუბარი ისე დიდხანს გაგრძელდა, რომ მათი საქმე საწუთროსაც გაუკვირდა.
ამასობაში ინათა და ორივეს შეეშინდა, დაგვინახავენო! მტრობის ეშმაკსაც მობეზრდა მათ მხრებზე ჯდომა. მაშინ კი მოჰკიდეს ხელი ერთმანეთს და კოშკზე ავიდნენ. დარბაზში რომ შევიდნენ, კარები ჩაიკეტეს და გათოშილნი და ამდენ ხანს ურთიერთს დანატრებულნი ერთად დაწვნენ, ზედ ყარყუმის* თბილი და ფაფუკი ბეწვები დაიყარეს და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ისე იყვნენ ჩაკონებული, რომ კაცი იფიქრებდა, ტანი ორი კია, მაგრამ ეტყობა, სული ერთი უდგათო. ერთმანეთს ისე მიტმასნოდნენ, რომ მათ შორის ბეწვი არ გაეტეოდა…
ერთი თვე ასე გაატარეს. მათი ამბავი კაციშვილს არ გაუგია. სიხარულის, ლაღობის, ყმაწვილობისა და ხვევნა-კოცნისაგან არ მოუსვენიათ. რაც აქამდე გაყრით გულები დაეწყლულებინათ, ახლა კოცნის მალამოთი მოუშუშეს ერთმანეთს.
შაჰ მოაბადმა არ იცოდა რამინის ამბავი, არც უფიქრია, რომ მისმა ძმამ თავისი ქვეყანა დააგდო, რომ დღე და ღამე აქ მის ცოლთან იწვა და ახლა თავის საყვარელთან ერთად მას დასცინოდა.
ამასობაში გაზაფხული მოახლოვდა. რამინმა ვისის უთხრა:
_ აწი ჩვენი ასე ყოფნა არ ივარგებს. სანამ ჩემი ჩამოსვლა არ გამჟღავნებულა, ჯობს, მოაბადის წინაშე გამოვცხადდეო.
ხერხი მოიგონა: შუაღამე ციხიდან ჩამოვიდა და ნახევარი დღის სავალზე მარავს დაშორდა. შემდეგ, რომ გათენდა, ვითომ მგზავრობით დაღლილი და დამტვერილი მარავში შემოვიდა. სასახლეს რომ მოადგა, მოაბადს აცნობეს: რამინი ჩამოვიდაო! მოაბადმა გაიხარა და ძმა დიდი სიყვარულით მიიღო. რამინმა იცრუა:
_ მაღალო ხელმწიფეო, ჩემი ქვეყანა მტრებისგან უვნებელი და აყვავებული დავტოვე. თქვენს ამდენი ხნის უნახაობას ვერ გავუძელი და გეახელი. თუ ნებას მომცემ, სამ თვეს თქვენთან ყოფნით გავიხარებ და შემდეგ კვლავ უკან დავბრუნდებიო.
მოაბადმა გაიხარა:
_ კარგი გიქნია. ერთი დღე შენთან ყოფნით მე ვერ გავძღები. ახლა ჯერ კიდევ ზამთარია. სმისა და მოლხენის მეტი სხვა რა უნდა აკეთოს კაცმა! რომ გამოზაფხულდება, თანამგზავრებსაც ბევრს იშოვი. გორგანამდის მე თვითონ წამოგყვები, სანადიროდ მინდა წამოსვლა, გაზაფხულზე შინ ყოფნა მაწყინარიაო.
დარჩა რამინი ასე მარავში. ხვდებოდა ვისის ჩუმად და გულის ნებას ისრულებდა.
რომ გამოზაფხულდა, მოაბადმა, როგორც განზრახული ჰქონდა, სანადიროდ იწყო მზადება. მინდორი აყვავებული იყო, დაბერებული ქვეყანა გაყმაწვილდა. ფრინველებმა ჭიკჭიკი დაიწყეს. ცა კრიალებდა, მიწა ნამისაგან იცინოდა, ბაღები და წალკოტები კეკლუც ქალებს დამსგავსებოდნენ. მარავი სამოთხეს ჰგავდა.
ვისიმ რომ გაიგო, მოაბადი სანადიროდ მიდისო, მწუხარებისაგან გადაირია. ძიძას უთხრა:
_ შაჰი მოაბადი გორგანს მიდის სანადიროდ. ცოცხალიმც ნუ დაბრუნებულა იქედან! რამინს, უეჭველია, თან იახლებს. წადი, ძიძავ, და რამინს უთხარი, რამე მოიგონოს, ნუ წავა სანადიროდ! თორემ-თქო, ასე გააფრთხილე, რომ მობრუნდები, მე ცოცხალი აღარ დაგიხვდებითქო!
წავიდა ძიძა და ვისის ნათქვამი რამინს მიუტანა. რამინი ჯერ კიდევ არ ჰყოლოდა მოაბადს გაფრთხილებული და იმედი ჰქონდა, იქნება მე არც მიახლოსო. ვისის ეს ამბავი გაუხარდა. მაგრამ დილით გასამგზავრებლად გასულმა მოაბადმა შეუკაზმავი რამინი რომ დაინახა, უსაყვედურა:
_ ეს კიდევ რა მოგიგონებია! შენებურად ხომ არ გახდი ისევ ავად? წადი და ჩქარა შეიკაზმეო!
რამინს სხვა რა გზა ჰქონდა, სანადიროდ აღიჭურვა და მოაბადთან ერთად გამოცხადდა.
ვისიმ სანადიროდ მიმავალი რამინი რომ დაინახა კოშკიდან, თავისი დაემართა. ძიძას ტირილით უთხრა:
_ შეყვარებულს კი არ ვტირი, ძიძაო, არამედ _ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან რა რამინი წამივა, ჩემს სულსაც თან წაიღებსო.
იქით რამინიც უარეს ჭირში იყო ჩავარდნილი. ერთი დღე რომ იარეს, ცუდად გახდა, კვნესოდა და ვისიზე გოდებდა.
ვისიმ ძიძას სთხოვა, ჩემი გასაჭირიდან გამოსაყვანი რაიმე საშუალება მოიგონეო!
_ მე და შენ ერთი ცეცხლი მოგვეკიდა, ძიძავ, მაგრამ ცეცხლი იგი მე გულზე მომენთო და ვერ ვაქრობ, შენ კი მხოლოდ კალთაზე გაქვს მოდებული. ჩემი გასაჭირი ამიტომაც არ გესმისო.
ძიძამ თავისი პასუხი ვისის ასე მოახსენა:
_ იმდენს ჩივი და ტირი, რომ შეჭირვებით მეც გაგიხელებივარ. შენი წყლულის მალამო შენსავე ხელთაა. შაჰროსავით დიდებული დედა გყავს და ვიროსავით ძლიერი ძმა. მეფობის მომლოდინე რამინისებური შეყვარებული კიდევ გვერდში გიდგას. შენ და მოაბადი ერთმანეთთან დანასისხლად ხართ. მოაბადი არ გამოცვლილა, რაც იყო, იგივეა. სანამდის იგი ამ ამბავს გაიგებდეს და სამივეს დაგვხოცავდეს, შენ დაასწარი! რამინისთანა სახელმწიფო კაცს ვერ იპოვნი. დაადგი მას სამეფო გვირგვინი და დასხედით ორივენი ტახტზე! შენი ძმა ვირო გიშველის, მეფეები და ამირები თქვენ მოგიდგებიან. ლაშქარსა და დიდებულებს მოაბადის ყმობა ყელში აქვთ ამოსული, ემტერებიან. ხელმწიფედ ან ვირო უნდათ, ან რამინი. მოაბადის დასაღუპავად უკეთეს შემთხვევას ვერ იპოვი, _ მარავში არც მოაბადია და არც მისი ლაშქარი. საგანძური შენს ხელშია. იჩქარე, სანამდის იგი ვახშმის თადარიგს შეუდგებოდეს, შენ მიუსწარი და სადილი ჭამე! თუ ამის გაკეთებას აპირებ, სასწრაფოდ რამინს წერილი მისწერე და მას შენი განზრახვა შეატყობინე, ჩქარა წამოვიდეს. რომ ჩამოვა, დანარჩენზე მერე ვითათბიროთო!
ვისის ძიძის რჩევა ეამა და სიხარულისაგან პირი ვარდივით აუყვავდა.

რამინის გახელმწიფება

შეყვარებულებო, საყვარელს თუ წერილს გაუგზავნით, ისეთი საბრალო გულით მისწერეთ, როგორც ვისიმ რამინს ეს წერილი მიუწერა:
„ერთი ხელი გულზე მიდევს, მეორე _ თავზე. ტუჩების ლალი ფირუზად მქცევია და ამით გაკვირვებული ხალხი პირში შემომჩერებია, ამ ქალს რა დამართნიაო! თუ არ იჩქარებ, მე ცოცხალი აღარ დაგხვდები. ერთ წამსაც ნუ დაყოვნდები. იჯდე _ ადექი, იდგე _ ნუ დაჯდები! როგორც კი ამ წერილს წაიკითხავ, წამოდი. დღე და ღამე იარეო!“
ვისიმ წერილი ერთ მისანდო კაცს გაატანა, ის კაციც ჩქარმავალ აქლემზე ამხედრდა და სულ მალე წერილი რამინს მიართვა. რამინმა ბევრი იტირა ვისის მოშორებისა გამო და ბოლოს ასეთი ყოფით გაბეზრებულმა თქვა:
_ ან უნდა სასიკვდილოდ გადავდო თავი, ანდა ეს ნასკვი უნდა გავხსნა. მე ჩემს ხმალზე უფრო ძლიერი დამხმარე არავინ ვიცი და არც ჩემს მკლავზე უკეთესი ძმა მყავს. მოსახდენი უნდა მოხდეს! სიკვდილზე უარესი რა დამემართება და ხმალზე უფრო მჭრელი რა მომხვდებაო!
როცა შეღამდა, რამინი ცხენს მოახტა და ხორასნისაკენ გამოემართა. ისე ჩუმად იარა, რომ მთვარისა და ვარსკვლავების გარდა არავის შეუმჩნევია. ის და ვისის მოციქული ორმოცი კაცის თანხლებით ერთ კვირაში მარავს ჩამოვიდნენ. ქალაქამდის ერთი დღის სავალი რომ დარჩა, რამინი დაყოვნდა და ვისის შეუთვალა: „ჩვენი საქმე ისე წავიდა, რომ აწი აღარ დაიმალება. ხვალ შუაღამე მელოდე. ერთმანეთს შევხვდეთ და როგორ მოვიქცეთ, ერთად გადავწყვიტოთ. ჩემს მოსვლამდე ეს საქმე დამალეო!“ მარავში ერთი ძველი ციხე იყო, ქუჰანდეზს იტყოდნენ. მოაბადის პაპის-პაპეული ქონება იმ ციხეში იყო შენახული. ვისიც იქ იდგა. ციხე ზარდს ებარა. რამინის კაცმა ქალურად გადაიცვა და ციხეში ასე შევიდა. ვისი იმ დღეს, ჩვეულებისამებრ, დიდებულთა ცოლებს მასპინძლობდა. მოციქულმა მასთან თავი რომ მიიტანა და რამინის შენათვალი გადასცა, ვისი ცას ეწია სიხარულით. შემდეგ ზარდს კაცი მიუგზავნა და შეუთვალა: ჩემი ძმა ვირო ავად ყოფილა და მომჯობინებულა. საღვთო საქმე უნდა ვქნაო. ზარდმა ნება დართო, ნეტა ყოველთვის საღვთო საქმეს აკეთებდეო! ვისი ციხიდან ჩამოვიდა, ცეცხლის ტაძარში შევიდა და უამრავი შესაწირავი მიიტანა. რომ შეღამდა, რამინს აცნობა, სადაც იყო. რამინი ჩუმად მოვიდა. შემდეგ, ხალხი რომ გაიკრიფა, ორმოც შეიარაღებულ კაცს ქალურად ჩააცვეს (რამინიც ასე გამოეწყო) და ციხეში შევიდნენ. რომ დაღამდა, რამინის მეომრები მეციხოვნეებს დაერივნენ.
ზარდს ეძინა, როცა რამინი მასთან შევიდა. გულოვანი და მოაბადის ერთგული ზარდი ზე წამოიჭრა და რამინს ვეფხვივით შემოახტა. რამინმა ძმას მუდარით უთხრა:
_ ღმერთმა იცის, შენი ვნება არ მინდა. დააგდე ხმალი და მიმიშვი! გაიხსენე, რომ მე შენი უმცროსი ძმა ვარო!
ზარდმა რამინს გინება დაუწყო და ხმალი შემოუქნია. რამინმა ფარი იფარა. ისე მაგრად ჰქონოდა მოქნეული ზარდს მახვილი, რომ რამინს ფარი შუა გაუპო. მაშინ რამინმა ჰკრა ხმალი ზარდს და თავი მოჰკვეთა. ირგვლივ მკვდრები ეყარა. ბევრი სიკვდილის შიშით ციხის გალავნიდან ცვიოდა. რამინმა თავისი ძმა მოკლული რომ დაინახა, შეეცოდა და მოთქმით ტირილი დაიწყო. მაგრამ ახლა ჭირისუფლობის დრო არ იყო, ციხეში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.
რამინი გამარჯვებული შეეგება განთიადს. ამოვიდა მზეც და ქვეყანას რამინის გახელმწიფების ამბავი ამცნო. რამინმა მოაბადის აურაცხელი ქონება, თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი თუ სხვა საქონელი ჯორ-აქლემებს აჰკიდა და ვისისთან ერთად გზას გაუდგა.
მოაბადს ეს ამბავი რომ აცნობეს, რამინს უკვე ყაზვინი გავლილი ჰქონდა და ახლა დეილამელთა ქვეყანაში იმყოფებოდა. დეილამელები და გილანელები გულოვანი ხალხია. მათ მარტო სხვებთან კი არ უხდებათ ომები, ერთმანეთსაც ებრძვიან. ისინი ვერც ერთ ირანელ მეფეს ვერ დაეპყრო და ახლა რამინმა იწყო მათი გულის მოგება ოქრო-ვერცხლით. უამრავი ჯარი მოუგროვდა. რამინს კი არ ემხრობოდნენ, ოქროს და ლარს ეტანებოდნენ. რაც დიდებული იყო, ყველა რამინს მიუვიდა. რამინმა ვიროს ამირ-სპასალარობა და ვეზირობა მისცა.
რამინის გახელმწიფების ამბავს მოაბადს მისი შიშით სამი დღე უმალავდნენ. მეოთხე დღეს მაინც გაიგო მეფემ, რაც სჭირდა. შეძრწუნებულსა და აღბორგებულ მოაბადს ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა, შებმოდა რამინს თუ გარიდებოდა. ბოლოს მაინც ომი გადაწყვიტა (იტყვიან, რამინის შეეშინდა და ბრძოლას თავი აარიდაო), თუმცა გამარჯვება ძალიან აეჭვებდა, იცოდა, რომ ხალხი რამინს უჭერდა მხარს და სამეფო განძიც მას ჰქონდა ხელში ჩაგდებული. ერთი კვირის შემდეგ ჯარი აყარა და გორგანიდან ამოლისკენ* აიღო გეზი. ამოლში რომ ჩავიდა, ლაშქარი დააბანაკა და თვითონ იმ ღამეს გათენებამდე ღვინო სვა.
მეორე დილას მოაბადმა დარბაზობა გამართა. კარავი ტყის პირას ედგა. უცბად ტყიდან დიდი ტახი გამოვარდა: ლაშქარმა დევნა დაუწყო. ღორი ხან აქეთ ეცემოდა, ხან იქით. მოაბადმა ეს რომ დაინახა, ცხენზე შეჯდა, ხელთ მოკლე შუბი აიღო და ტახს გაეკიდა. შუბი ესროლა და ააცდინა. ახლა ღორი შემოუბრუნდა მას, ცხენს ეცა და წააქცია. მოაბადი თავდაღმა დაეცა, წამოხტომას ლამობდა, მაგრამ აქ ღორმა დაასწრო, ჰკრა ეშვი მეფეს და გულ-მუცელი გაუფატრა.
ასე უაზროდ და უბრალოდ დაიღუპა დიდი ხელმწიფე.
რამინს რომ მოაბადის ფათერაკიანი სიკვდილი აცნობეს, გარეგნულად ბევრი იწუხა, ტირილი და ჭირისუფლობა იკისრა, მაგრამ გულში ღმერთს მადლობა შესწირა, რომ იგი მასთან ბრძოლაში არ დაღუპულა. მთავარი მოსახდენი მოხდა, მოაბადი მკვდარი იყო, რამინის საწადელი კი _ აღსრულებული.
რამინი ირანის სამეფო ტახტზე დაჯდა და პირმშვენიერი ვისი გვერდზე დედოფლად მოისვა.


Responses

  1. კარგია


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: