Posted by: burusi | 28/07/2010

შოთა გაგარინი – “სპექტაკლის საზოგადოება”

შოთა გაგარინი – Shota Gagarin

“სპექტაკლის საზოგადოება”

“რაც უფრო მეტი ინფორმაციაა ჩვენს შესახებ მონაცემთა ბაზებში, მით ნაკლებად ვარსებობთ ჩვენ”

მარშალ მაკლაჰენი

უკანასკნელი პერიოდი განსაკუთრებულად გადატვირთული გამოდგა, ისედაც ზედმეტად პოლიტიზირებულ მედიასაშუალებებს ამარა დარჩენილი სატელევიზიო აუდიტორიისათვის. ამასობაში, ტელევიზორის პულტმა, მისთვის განკუთვნილი ფუნქციის გარდა, ერთგვარი ეზოთერიკული დანიშნულებაც შეიძინა: გადართვა-გადმორთვის მისტიკური რიტუალი, რომელსაც მაჰამანტრასავით ვიმეორებთ დილა-საღამოს, ტელეეკრანების წინ. თუ რა პერიოდულობით, ეგ უკვე ჩვენს სულიერ ხარისხზეა დამოკიდებული.
როგორც ჩემი უსაყვარლესი შვედი პოეტი, თუმას ტრანსტრომერი ამბობს ერთ-ერთ გენიალურ ჰაიკუში (უხეში თარგმანი):
“ორი ჭეშმარიტება უახლოვდება ერთმანეთს, ერთი შიგნიდან მოდის, მეორე გარედან. იქ, სადაც ისინი გადაიკვეთებიან, გვაქვს შანსი შევიცნოთ საკუთარი თავი”.
ჩვენც სხვა რაღა დაგვრჩენია ამ ჯგუფური მედიტაციების გარდა, როცა “ჭეშმარიტება” რატომღაც მხოლოდ ორი გვაქვს. ერთზე – ერთი, მეორეზე კი საპირისპირო პოლიტიკური ტრიბუნა ფლობს საავტორო უფლებებს. უბრალო მოკვდავებს კი მხოლოდ ის პრივილეგიაღა შემოგვრჩა, რომ ამ ორ “ჭეშმარიტებას” შორის ავარჩიოთ, რომელია ჩვენს “შიგნით” და რომელი “გარეთ” და ბარიკადების შესაბამისი მხრიდან, მგზნებარე რეფლექსიები ვიქონიოთ ამა თუ იმ მოვლენაზე.
რაღა ბევრი გავაგრძელო და, ერთ-ერთი ასეთი მედიტაციური გადართვა-გადმორთვის დროს გადავაწყდი ფილმს, რომელმაც სატორამდე თუ არა, ამ წერილამდე მაინც მიმიყვანა.
“Wag the Dog” (“კუდი აქნევს ძაღლს” ), ფილმი, რომელიც მშვენივრად ასახავს მედია სააგენტოების როლს პუბლიკის გაცურების ეროვნულ საქმეში. დისკრედიტირებული პრეზიდენტის მიმართ სიმპათიის ხელახლა გაღვივების ეშმაკური ოინი! ფილმის რეჟისორი ბარი ლევინსონია, მთავარ გმირებს რობერტ დე ნირო და დასტინ ჰოფმანი განასახიერებენ. დე ნიროს გმირი პრაგმატული გენიოსია, რომელსაც პრეზიდენტი ქირაობს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. და აი იდეაც! ეს იდეა იხსნის პრეზიდენტის რეიტინგს სექსუალური სკანდალისგან. მარკეტინგული აზროვნების ნამდვილი აპოთეოზი – ომის ინსცენირება. “ომი შოუ ბიზნესია” ამბობს გმირი “ამერიკელი ხალხი მას იყიდის”.
– კი მაგრამ ეს ხომ არ იქნება სიმართლე! ჩვეულებისამებრ “შეშფოთებიან” პრეზიდენტის მრჩევლები
– რა მნიშვნელობა აქვს ეს მართალია თუ არა. მნიშვნელოვანია მხოლოდ გარეგნული მხარე!
– კი მაგრამ, მათ ხომ შეუძლიათ გაიგონ სიმართლე?
– და ვინ ეტყვის რო?
ალბანეთთან “ომის” დამდგმელი რეჟისორია დასტინ ჰოფმანი. ალიბი, ტერორიზმთან ბრძოლა (ესეც ჩვეულებისამებრ), მოფიქრებულია, ისღა დარჩა გადავიღოთ რაც შეიძლება შთამბეჭდავი, სრულყოფილი კადრი – როგორ გაურბის უბიწო ალბანელი გოგო საოცრად მეტყველი თვალებით, თეთრი ფუმფულა კნუტით ხელში, ალბანელ დემონებს.
ვიდეო მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, ამერიკა შოკშია. პრეზიდენტს შესწევს უნარი ჭკუა ასწავლოს ბოროტ ალბანელებს, მისი ხელმეორედ არჩევა ეჭვგარეშეა.
ერთი შეხედვით ეს არის ერთი ჩვეულებრივი, ჰოლივუდური ფიქცია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ანალოგი არ მოეძებნება, მაგრამ მოიცა. . .
1990 წლის აგვისტოში სპარსეთის ყურის ომის დროს, Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც 300 კუვეიტელი ახალშობილი მოკვდა, როცა ერაყელმა ჯარისკაცებმა მათ ინკუბატორები მოაშორეს. ანონიმურად დარჩენის მსურველმა ექიმმა, რომელიც წითელი ჯვრის კუვეიტის ოფისში მუშაობდა, დაადასტურა, რომ თურმე 312 ახალშობილი მომკვდარა ალ საბაჰის საავდმყოფოში და თურმე 72 მათგანი თავისი ხელით დაუმარხავს ალ რიგას სასაფლაოზე (აი ეს კადრი ჰიჩკოკსაც კი შეშურდებოდა). Amnesty ასევე იმოწმებდა კუვეიტელ მედდას, რომელმაც დაინახა შეიარაღებული ერაყელი კანიბალები ოთახში, სადაც 15 ნორჩი კუვეიტელი ინკუბატორში ნებივრობდა. “მათ ამოიყვანეს ბავშვები, დაყარეს იატაკზე და უყურებდნენ როგორ კვდებოდნენ. ეს იყო ჯოჯოხეთი!”
მზრუნველი პრეზიდენტი ბუშის აღშფოთებამაც არ დააყოვნა და ამერიკა ერაყთან ომში ჩაება. ანგარიში გამოიყენეს, რომ გაეჩუმებინათ თითოეული, ვისაც არ უნდოდა ომი. ეს ბარბაროსული ფაქტი ბუშმა ერთი თვის განმავლობაში შვიდჯერ გაიხსენა. ამ ანგარიშის საფუძველზე შვიდმა კონგრესმენმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ომის დაწყებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში აღწერილი მოვლენები არაერთხელ უარყო თავად იმ “ავბედითი” საავადმყოფოს პერსონალმა და ათასი ჯურის Human Rights Watch-ის ექსპერტმა, აბა რა მოსატანია? როგორც დე ნიროს გმირი ალბათ იტყოდა: “ხმა ტელევიზორისა, ხმა ერისა”.
სამი თვის შემდეგ ემნესთი Amnesty International გამოტყდა, რომ ანგარიში სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ერთი წლის შემდეგ გაცხადდა, რომ ის ახალგაზრდა მედდა, რომლის ცრემლებმაც ამხელა გავლენა მოახდინა პუბლიკაზე, ვაშინგტონში კუვეიტის ელჩის ქალიშვილი ბრძანდებოდა და მთელი ეს ლეგენდა თურმე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა Hill and Knowlton-მა შეთხზა (ამის მერე კი გაუათმაგდათ შეკვეთები, იცოცხლე.)
თუმცა ეს პრეცედენტი მთლად პრეცედენტიც არ არის. უფრო სწორი იქნება თუ მას ტენდენციას ვუწოდებთ.
ჯერ კიდევ იდეათა ინფლაციით დაღდასმულ მეოცე საუკუნეში შემოჰკრეს განგაშის ზარს დასავლეთელმა მემარცხენეებმა და კონტრ-კულტურულმა ხელოვნებმა. არცაა გასაკვირი, რომ საპროტესტო ტალღა თავდაპირველად სწორედ ხელოვნების წიაღში აგორდა. მგონი, ყველაზე მიმზიდველი რამ ხელოვნებაში ისაა, რომ ის ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია, უტყუარი წინასწარმეტყველი თუ ორაკული, რომელიც გეტყვის როგორ გადასხვაფერდება კულტურა და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი კონსენსუსები, მოკლევადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში. გააჩნია მოძრაობის მასშტაბებს. თუ მეოცე საუკუნის შუაში, ხელოვნების მთავარი თავისებურება იყო არსებული ფორმების და არსობრივი მიმართებების სრული დაშლა და მეტიც, მათი ირონიულ-გროტესკული დანახვა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, პოსტპოლიტიკის პირობებში, უკვე ამ გროტესკულ სიმულაკრებში რეალურად ცხოვრება დავიწყეთ.
როგორც ელიზბარ ელიზბარაშვილმა ძალიან ზუსტად აღნიშნა მხატვრული ჯგუფი “ბულიონის” ერთ-ერთი პერფორმანსის კონცეპციის ახსნისას – ტექნოლოგიების განვითარების მაღალმა დონემ წარმოშვა რეალობის ასახვის ისეთი საშუალებები, რომლებიც გაცილებით უფრო რეალურად გამოიყურებიან, ვიდრე ის, რის ასლებსაც წარმოადგენენ.
ფოტოსურათზე ასახული ვაშლი უფრო რეალური , ეფექტური, დამაჯერებელი და გემრიელია, ვიდრე თვალით დანახული. პორნოგრაფია, როგორც სექსის ნატურალისტური ასახვა, უფრო ახლოს მივიდა სექსთან, ვიდრე თავად სექსი. რეალური სექსი მოკლებულია იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენს წარმოდგენებში სიმულაკრამ წარმოშვა. რეალური მოვლენები ისეთ ემოციურ სიმძლავრეს არ იწვევს ჩვენში, რასაც წარმოქმნის იგივე მოვლენა – კინოფირზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა, “მეორედ მოსვლა რომ მოხდეს, თუ მას არ გააშუქებს BBC და CNN, მეორედ მოსვლა არ შედგება”. მასმედია ფლობს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. რა ფუქნციაც ადრე მითოლოგიას, შემდგომში კი რელიგიებს ჰქონდათ, ახლა სრულყოფილად შეითავსა მასმედიამ. მოკლედ, როგორც გი დებორი ვარაუდობდა თავის “სპექტაკლის საზოგადოებაში”, თუ ადრე მითოლოგიის საფუძველზე კონსტრუირდებოდა სააზროვნო კოდები, დღეს მასმედია გვდებს ამ პატივს. მეც, ჩემის მხრივ არ გამიკვირდება, თუ სულ მალე დიონისეს, ჰერაკლეს და ორიონის თანავარსკვლავედის გვერდით, ახლად აღმოჩენილი “EuroNews”- ის ან “BBC”-ს თანავარსკვლავედებიც აკიაფდებიან.
რა თქმა უნდა გაჩნდა ამ ტენდენციის წინააღმდეგობრივი რეაქციაც.

მონო-მედია

კანადელი პროფესორი, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, რიტორიკოსი, კომუნიკაციების თეორეტიკოსი და მედია თეორიის იაკობგოგებაშვილი მარშალ მაკლაჰენი, 1951 წელს პოპკულტურის შესწავლისადმი მიძღვნილ პიონერ წიგნში “მექანიკური საცოლე: ინდუსტრიული ადამიანის ფოლკლორი”, მსოფლიო ქსელის გაჩენასთან ერთად იმასაც განჭვრეტდა, რომ სოციალური და პოლიტიკური ფიგურები მალე სახე-ხატებით შეიცვლება. იმიჯი იქნება ფიგურაზე ძლიერი. ხელოვნებასა და სოციალურ ორგანიზმს შორის „მედიუმური“ კავშირის ჰიპოთეზის შემდეგ, დამთხვევად აღარც ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მაკლაჰენმა დადაისტი მხატვრის, მარსელ დიუშანის ერთ-ერთ მხატვრულ ნიმუშს, “მექანიკურ საცოლეს” ამხელა პატივი მიაგო. “ჩვენ ვქმნით ინსტრუმეტებს და შემდეგ, ჩვენი ინსტრუმენტები გვქმიან ჩვენ. . . ერთ მშვენიერ დღეს ისტორიკოსები და არქეოლოგები აღმოაჩენენ, რომ ჩვენი დროის PR-კამპანიები არის შესასწავლი მასალის თვალსაზრისით უმდიდრესი და ყველაზე სანდო რეფლექსია ჩვენს საზოგადოებაზე, მთელი მისი არსებობის მანძილზე”.
როგორც იტყოდა ჩემი მეგობარი ზომბი, რიგ ადამიანებს არ მოუნდათ მთელი მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ბუნდოვანი სტატისტიკა და ვიღაცის გაცვეთილი ფრაზები ყოფილიყო. ვირტუალური სამყაროს განვითარების შედეგად, ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ მედია მასობრივიდან, ისევ ინდივიდუალურ საწყისებს დაბრუნებოდა. სულ რამოდენიმე წლის წინ, გამოჩდნენ კიდეც ინფორმაციულ სარბიელზე ბლოგერები, კიბერ დისიდენტები, ონტოლოგიური ტერორისტები, რომლებიც ტოლს არ უდებენ მასობრივ მედიასაშუალებებს.
ალბათ თქვენც არაერთხელ გინახავთ როგორ ციტირებს CNN-ის ჰალსტუხიანი ჟურნალისტი, რომელიმე ახალგაზრდა არაფორმალის ბლოგს. სხვათა შორის, საქართველოს ვებ საზოგადოებამაც განვლო ეს ევოლუცია, დაწყებული ჩათებიდან, შემდეგ ფორუმებით, შემდეგ კი უკვე ბლოგებით და სოციალური ქსელებით დამთავრებული. მედია კომუნიკაცია აღარ არის ცალმხრივი და ურთიერთობა აღარ მოდის ზევიდან-ქვევით. თუმცა ჩვენთან ეს უდიდესი რესურსი მაინც აუთვისებელია, რადგან ამ საქმიანობიდან შემოსავალს არავინ მოელის. არა და საქმიანობა პერსპექტიულია. მაგალითისთვის, დღეს არსებობენ მწერლები, მედია არტისტები და მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში ტვირთავენ საკუთარ შემოქმედებით პროდუქტს. თანამედროვე პროდუსერებმაც აუწყვეს ფეხი ამ ტენდენციას. დღეს ისინი “ვისკი-ა-გოუგოუს” ტიპის ბარებში კი აღარ აღამებენ ახალი ტალანტების ძებნაში, უბრალოდ შედიან youtube.com-ზე და აკვირდებიან თუ რომელ ვიდეოს აქვს ყველაზე მეტი გამოხმაურება და პროექტის წარმატებაც გარანტირებულია.
საკმარისია ხედვის ორიენტირი მოაშორო მასობრივი მედია საშუალებების მიერ შემოთავაზებულ უნიფიცირებულ მასკულტურის და შენ დაინახავ შემოქმედთა უდიდესი რაოდენობას. თითოეულ მათგანში მთელი ღვთაებრივი სამყაროა, რომელიც მათ თავადვე შექმნეს. ნამდვილი მაგია მაშინ იწყება როცა ეს ადამიანები ერთად იკრბებიან, თუნდაც ვირტუალურად, ისე, რომ თითოეული რჩება საკუთარ თავად და იცავს საკუთარი სამეფოს უსაფრთხოებას. ხმაურიანი სტადიონები ნაფტალინის სუნად ყარს. ის სტადიონიც მშვენიერია, მაგრამ უკვე როგორც რელიკვია ან ანტიკვარიატი. ცხოვრება დღეს არის ხუთი მხატვარი, რომელიც ერთი-მეორის ნიმუშებს უყურებს და კიდევ თორმეტი მხატვარი გვერდითა სადარბაზოდან. ეს ცხოვრებაა. ეს მშვენიერია. ეს მონო მედიაა.
საქართველოში, მოგეხსენებათ უცხოა ალტერნატიული მედიის კონცეპცია. საზოგადოებრივი აზრი ძირითადად გამობმულია საეჭვო ობიექტურობის და კომპეტენციის მედია საშუალებებს და შესაბამისად საშუალო სტატისტიკური ქართველის მიერ დანახული მსოფლიო რეალობაც ექვივალენტურად მართებულია. პოლარიზების ის დონე, რაც არსებობს სოციალურ ქსელებში, ნამდვილად შესაშურია ამ საშუალებებს მოწყვეტილ საზოგადოებაში არსებულ დონესთან შედარებით. ეს ერთის მხრივ ქმნის გარკვეულ ილუზიებს, რომ ამ ქვეყანაში რეალურად არსებობს თანამედროვე კონტექსტებზე სასაუბრო სოციალური ფონი, მაგრამ საკმარისია ჩართო ტელევიზორი, რომ ეს იმედები გაგეპაროს შარშანდელი შემოდგომასავით.
ისევ და ისევ მხოლოდ ორი შესაძლო პოზიცია. და აბსოლუტური უუფლებობა შექმნა საკუთარი მსოფლხედველობრივი ტრიბუნა.
იძახიან, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლება არ გვაქვს?
ჰეჰ, ოპტიმისტები. ეს ბრეჟნევის დროს არ გვქონდა სიტყვის თავისუფლება. დღეს აზრის თავისუფლება არ გვაქვს. და არც გვექნება, სანამ კოლექტიურის მაგიერ, ისევ ინდივიდუალურ განცდებს არ მივანიჭებთ უპირატესობას, სანამ პოპულარულ მედია-რეალობებს, საკუთარ რეალობას არ ვამჯობინებთ და სანამ კულტივირებული პიროვნების სკლინტიანი ძეგლის მაგივრად, იმ პედესტალს არ დავანგრევთ რაზეც მომდევნო ძეგლი უნდა აღგვემართა.
ინფორმაციული მეინსტრიმის ექსპანსიური ბუნება არც განვითარებული ქვეყნების შვილთათვისაა უცხო, მაგრამ თუ ჩვენთან კულტების ხელოვნურად შექმნა სოციალურ-პოლიტიკურ აქტივობას ემსახურება, ღია საზოგადოებებში მიზანი რადიკალურად განსხვავებულია და მიზნის მისაღწევი გზაც გაცილებით დახვეწილი. გზა გადის გლამურზე. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

გლემ-კაპიტალიზმი და საზოგადოების ვირტუალიზაცია

“დღეს ტირანები მართავენ არა რკინის მუშტით, არამედ მარკეტინგული კვლევებით. ისინი ატარებენ საკუთარ სამწყსოებს სარგებელის და კომფორტის ბილიკებით”
ები ჰოფმანი

ბრენდის შექმნა, ესაა ყველაზე ეფექტური მეთოდი ყველაზე დეფიციტური რესურსის – მომხმარებელთა ყურადღებისათვის ბრძოლაში. მეოცე საუკუნის ბოლოს, ბრენდინგი გახდა ღირებულების შექმნის უნივერსალური და ყველასათვის ხელმისაწვდომი და ტექნოლოგია. აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენის ამ ხერხმა, ჯერ კიდევ 1930იანი წლების ჰოლივუდში აიღო სტარტი, სადაც ფოტოგრაფები და რეპორტიორები ქმნიდნენ კინოვარსკვლავების კულტს. სწორედ მათ შემოიღეს ხმარებაში სიტყვა – გლამური. თუმცა მაშინდელი “გლამური”, ანუ იმიჯის შექმნის და მიწოდების ექსტრავაგანტული სტილი, არ სცდებოდა კინოვარსკვლავთა და მათ თაყვანისმცემელთა სამყაროს საზღვრებს.
მაგრამ დღეისთვის, როცა ცნებამ უნივერსალიზაცია განიცადა, გლამური მოგვევლინა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევისთვის აუცილებელ აქტივად. ლოგიკურია. თუ გჭირდება საკუთარი ბრენდის კონკურენტების მასისაგან გამოყოფა, საჭიროა მაქსიმალურად ბრწყინვალე და ამავდროულად უბრალო ხატის შექმნა. გლამურის – ბრწყინვალების და ერთგვარი “გაუთვალისწინებლობის” სახასიათო კომბინაცია კარგად აპრობირებული მიდგომაა, რომელსაც შეუძლია წარმატება მოგვიტანოს ბაზარზე, სადაც ძირითადად ერთი ტიპის ბრენდები სჭარბობენ. საზოგადოების ამგვარ ვირტუალიზაციას ორმხრივი გამოყენება აქვს. ერთის მხრივ, მას შეუძლია პოლიტიკური ფიგურის ან სხვა რომელიმე საქონლის წარმატებულად პოზიციონირება ბაზარზე და მეორეს მხრივ, სისტემისთვის მავნე აქტივობის ჩახშობა. მაგრამ აი სად იმალება ეშმაკი: რეალური სოციოპათური წარმონაქმნების ჩახშობასთან ერთად, სისტემა ქმნის მის ერთგვარ ვირტუალურ კლონს, სიმულაკრას, რომელსაც რა თქმა უნდა, არანაირი რეალური ზიანის მოტანა არ შეუძლია. მარტივი და დროული მაგალითი – ფეხბურთი. საშუალო რგოლის ჩაჰალსტუხებულ მენეჯერთა მიერ ფანატიკური რიტუალების იმიტაცია, სხვადასხვა სპორტბარებში, ტელევიზორთან “დაბრონილი” მაგიდა, შარფები კლუბის სიმბოლიკით და დროშები ჯიპებზე და სედანებზე. ასე შთანთქავს გლემ-კაპიტალიზმი პროტესტის და დევიანტური მოქმედების სხვადასხვა ფორმებს და გარდაქმნის მათ სახე-ხატების რაციონალურად ორგანიზებულ ცირკულაციად. ოდესღაც სპონტანურად აღმოცენებული ფანატიკური და ანტისისტემური ჯგუფები თავად იქცნენ გლემ კაპიტალიზმის განვითარების მთავარ რესურსად.
ბარებში და ფან-ზონებში კომფორტულად მოკალათებული, პატრიოტიზმის და გიჟობის სიმულაკრების შემქმნელი გლემ ფანატები რეალურად არაფრის ალტერნატივას არ ქმნიან. სამაგიეროდ ინტენსიურად კვებავენ ტრენდს, რომელიც ფეხბურთის დიდმა ინდუსტრიამ შექმნა.
ჰოდა, ჩემო ერნესტო გევარა დე ლა სერნას მაისურიანო ნონ-კონფორმისტო გოგო-ბიჭებო, ბერეტი, სიტყვები “გუერილა” და “პარტიზანული ბრძოლა” არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა არ არის ალტერ-სოციალური მოძრაობის საარსებოდ. თქვენ გატყუებენ. რევოლუციის “ობრაზზე” ახლა ბიზნესი კეთდება გიგანტური სარეკლამო ინდუსტრიების და წვრილ-წვრილი მეწარმეების მიერ.
პოლიტიკურ სივრცეშიც შეინიშნება ანალოგიური გადასვლა გლამურის ლოგიკაზე. 1990იან წლებში ვირტუალიზაცია აძლევდა უპირატესობას მას, ვისაც ესმოდა ან გრძნობდა, რომ იმიჯი პოლიტიკური კაპიტალია, ვინც ტრადიციული რესურსების პოლიტიკას – იმიჯების პოლიტიკით დაუპირისპირდა. 2000იან წლებში, იმიჯის, პარტიის, რეიტინგის, ომის და ა.შ. (რე)ბრენდინგის და იმიჯ მეიკინგის ტექნოლოგიების გაუნივერსალურებასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტები ვირტუალურიდან – გლამურის რეჟიმში გადავიდნენ. მარტივად რომ ვთქვა, ვირტუალური დემოკრატია არის, როცა ლეგიტიმაციისთვის საჭირო უმრავლესობა ფორმირდება ადამიანებისგან, რომლებიც ირჩევენ რეალურსა და სახე-ხატს შორის. გლემ-დემოკრატია კი გახლავთ რეჟიმი, რომელშიც საჭირო უმრავლესობა ფორმირდება ადამიანებით, რომლებიც ირჩევენ სახე-ხატსა და უფრო მიმზიდველ სახე-ხატს შორის.
არ ვიცი რამდენად გულისხმობენ ამ გლამურულ “გაბრწყინებას”, როცა იძახიან “ივერია გაბრწყინდებაო”, თუმცა ერთი ხომ ნათელია: ტელეეკრანზე მოკიაფე, ჩვენი თანამემამულე ბიუროკრატ-იდეოლოგები, ახალი ტრენდების ადეკვატური შემოქმედებითი პოტენციალისგან აბსოლუტურად ცარიელნი არიან, როცა გვაწვდიან საკუთ. . . უკაცრავად, კოლექტიურ და სრულიად არასოციალურ ფასეულობებს ძველებური მითიურ-ზღაპრული ფორმულებით – “ახალი ბიზანტია”, “ზეციური საქართველო”, “ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა” და ა.შ. აქ საქმე დაგვიანებული მიბაძვის ლოგიკასთან უფრო გვაქვს, ვიდრე რეალურ სოციალურ ფორმულებთან. არ გეჩვენებათ, რომ ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსების ბუტაფორულ პათოსს და “გლიანცევი” ეროვნულობას, ვერგაქაჩულ გლამურთან მეტი აქვს საერთო, ვიდრე მართლა სოციალურად ან რელიგიურად მოტივირებულ პატრიოტიზმთან?
ჰოდა მაშინ ჩვენც ზღაპრების ენით მოვახსენოთ, რომ უკვე ვიცით საიდუმლო: კოშეის სიკვდილი ნემსშია, ნემსი დამალულია ნაციონალურ-ქსენოფობიურ კვერცხში, კვერცხი – “დემოკრატიულ” ბატში, ბატი საბჭოთა სკივრში, სკივრი ისტორიულად ძლიერ მუხაზე, მუხა კი მითიურ კუნძულზე.
ოპტიმიზმის წინაპირობა გვაქვს. მითიური კუნძული ჩაიძირა, ბებერ მუხას მუმლი მოერია, საბჭოთა სკივრი გაიპო, ამომხტარმა “დემოკრატიულმა” ბატმა – ეროვნულ-მესიანისტურ-ქსენოფობიური კვერცხი დადო და ამ თხელი საფარველის გარღვევაღა დარჩა სასურველი ნემსის ხელში ჩასაგდებად! თუ რა თქმა უნდა პატარძლის ფეხსაცმლიდან შესმული სადღეგრძელოების შემდეგ, განგრეული მთვრალები იმ ნემსს უფრო უდაბურ ადგილას არ მივკარგავთ ბრტყელტუჩას ძებნისას.

P.S. წერილის დასაწყისში მოყვანილი ფრაზა, თუმას ტრანსტრიომერის ჰაიკუდან ასე სრულდება: “ადამიანი, რომელიც ხედავს რა უნდა მოხდეს წუთი-წუთზე ხმამაღლა ყვირის: STOP!”

http://lib.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: