Posted by: burusi | 30/06/2010

გრიგოლ რობაქიძე – “დავით კლდიაშვილი”

დავით კლდიაშვილი, 1930 წ. კინოკადრი, გადაღებული კოტე მარჯანიშვილის მიერ

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili (1862 – 1931)

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze (1882 – 1962)

გრიგოლ რობაქიძე – “დავით კლდიაშვილი”

“მართლაც უცნაური”

უცნაურობით რომ დაფასდეს რომელიმე მხარე, პირველ ჯილდოს იმერეთი მიიღებდა უთუოდ.
აბა ნახეთ.
ეკლესიის გალავანში სხედან სოფლელები. მათ შორის-სერაფიონი. მუსაიფი ალმაცერი და სიტყვამახვილიანი. სერაფიონმა თავის ძაღლი გაიხსენა, კუსია.
“ახსენა თავისი კუსია”-გაისმა დამცინავი სიტყვა ვიღაცისი.
“რატომ არ ვახსენებ, შენ გენაცვალე, ღმერთმა ნუ დამავიწყოს მისი თავი” – უპასუხებს სერაფიონი.
სოფლელებში ქალაქიდან მოსული ბიაშვილია პორფირი. ალბათ მის გასაგონად თუ ახსენა სერაფიონმა კუსია. პორფირი მართლაც დაინტერესდა. სერაფიონიც უამბობს (ალბათ ათასჯერ თხრობილს):
“დილას, ბატონო, რომ ადგება, კაი დაკვირვებული ადამიანივით შემოირბენს სახლის ყოველ კუთხეს; ერთი წაქცეული სამზარეულო მაყვს, იქაც მოსუნავს და თუ შეხედა, რომ სახლში არაფერი არ კეთდება, ერთი გავარდება, გავარდება ეზოდან, შემოირბენს მეზობლებს, სად კეციდან ჭადს ააგლეჯს, გამოიტანს და მოარბენინებს, სად ქათამს ფრთას წააგლეჯს და მოაწანწალებს, სად კვერცხს გამონახავს, ხან და ხან ჩადებულსაც არ დამიწუნებენო, გარდაწყვეტს და აგერ, რომ გვგონია, რომ დღეს უსადილოთ ვრჩებით, გადაწყვეტილი გვაქვს, – ეს ღვთისნიერი სულდგმული ხელად ამივსებს ცარიელ სუფრას ათასნაირი საჭმელით… თითქო მეზობლებისაგან ხონჩები მომსვლოდეს!”.
“სადაც იქნება, გვერდებს ჩაუმტვრევენ იმ შენ კუსიას” – გავარდება ვიღაც ყმაწვილის სიტყვა.
სერაფიონსაც მზად აქვს პასუხი:
“მამა ჩემი, აზნაური ქაიხოსრო გორდელაძე რომ გაცოცხლდეს და რაიმე აწყინოს ჩემს კუსიას, იმას ჩავაბრუნებ საფლავში, თვარა სხვა რითი გადამირჩება, რომ ჩემს მაცხოვრებელს რამე მოსწიოს!.. ბატონო, სხვა არაფერი შემრჩენია… ძაღლით ვრჩები, იმ ზომამდე მივაღწიე პატიოსანმა აზნაურმა”…
კითხულობ ამ სცენას “ქამუშაძის გაჭირვებაში” და არ იცი: იცინო თუ გაშტერდე ამ უცნაურობის წინაშე. ასეთ გროტესკს ესპანიაშიც ვერ იხილავთ.
იტყვით-მოგონილიაო?
არქივების მოყვარულთ მივუთითებ: დაბა ჩხარში, ნიკოლოზის დროს, სასამართლომ მიიღო ასეთი საჩივარი: ამა და ამ გლეხმა, სოფელ წუხარელას მცხოვრებმა, მე, ამა და ამ გლეხს, სოფელ ჩხარი ეწერის მცხოვრებს, მომიკლა იშვიათი შავი კატა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა არც ერთ მწევარს, რადგანაც ზამთარში კურდღელს მიჭერდა.
დავით კლდიაშვილი არ “იგონებს”: იგი მხოლოდ “სახავს”.

“ეკალასათვის ჩხუბობენ”

იგივე სოფლელები რაღაცაზე დავობენ. ეკალაზე დავობენ-ეუბნება პორფირის ერთი აზნაური. ადგილზე დავობენ – უსწორებს მეორე:ეკალა აბა რა სადავოა? ერიჰა! – შესZახა სერაფიონმა, – რავა უცხო კაცივით ლაპარაკობ, ჩემო ივანე! ნეტავი თელი წელიწადი კი არა, ნახევარი წელიწადი მყონდეს ეს დალოცვილი საჭმელად. პორფირს მაინც არ ესმის, როგორ წაჰკიდა ეკალამ ეს კაცები. სერაფიონიც უხსნის:

” წაკიდა კი არა, გადაამტერა! მეზობელმა თავის საქარი გაჩეხა ადგილის გასაფართოებლად, შესამატად. საქარი ეკლიანი იყო; გაზაფხულზე მისი მხრით რომ აღარა იყო, ეკალას აქეთ დაუწყო პოტინი; მისდგა საყმე მისწრებაზე, ერთი თვალის დახამხამებაში გაფცქვნეს ეკლები, კვირტებსაც აღარ არჩენდნენ ზედ. შეექმნათ ლაპარაკი. აქითურმა მიზეზად ის დეიდვა, რომ თხელ საქარში ღორი, ქათამი, ბატი, ცხვარი დაძვრებაო და ყანა ამომიგდესო-დაუწყო ჩხუბი კაცმაც, ქალმაც, ბავშვებმაც, ყველამ, ნამდვილად კი ეკალას დაკლებამ ააპილპილა ყველა”.

ორი წელიწადი, ერთმანეთს ედავებიან. არა გამოვიდა რა, გარდა იმისა, რომ სარდიონ ქველიძეს იმის მიხედვით, თუ რომელი მხარის ვექილი იქნება, ხან ერთი “უწიკავს” ქათმებს და ხაჭაპურებს და ხან მეორე.

მოდი და იცინე ასეთი გაჭირვების შემდეგ! მაგრამ სხვა რა გამოსავალია? სიცილი ცოტად მაინც გააქარვებს კუჭის პრეტენზიებს.


Responses

  1. დავით კლდიაშვილი.
    დავით კლდიაშვილს, რომ სულ არაფერი დაეწერა, მისი ცხოვრება და საგოგადოებრივი მოღვაწეობა იმდენად სანიმუშოა ალბათ სასკოლო სახელმძღვანელოში მაინც უნდა იყოს. სამხედროს, მეფის არმიის ოფიცერს, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ერთი წამითაც არ დავიწყნია თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. საოცარია მისი ერთგულება ქვეყნისადმი, თავმდაბლობა, კაცთმოყვარეობა, გაჭირვებულზე ფიქრი და ზრუნვა. მწერლის მემუარების არაჩვეულებრივად მგრძნობიანე ენამ, შემოგვინახა მოგონებები დიდი ვაჟასა და აკაკის შესახებ, ბათუმისა და ქუთაისის ისტორია და სხვა მრავალი მამულიშვილის უკვდავი სახეები. საოცარი პიროვნება გახლდათ. როდესაც მწერალი, ლიტერატორი მაკა ჯოხაძე თავისი შემოქმედების უდიდეს ნაწილს უთმობს დავით კლდიაშვილის შემოქმედებას და მათ შორის აქვეყნებს წიგნს, სათაურით “ჩემი დავით კლდიაშვილი” უნდა ვიფიქროთ, რომ ქალბატონმა მაკამ აღმოაჩინა მისთვის რაღაც ძალზედ ახლობელი, სულიერად ახლობელი, სხვაგვარად შეუძლებელია იხმარო სიტყვა-ჩემი. აქ რაღაც საიდუმლო დევს. სინამდვილეში ამ საიდუმლოებას მხოლოდ ისეთივე სიყვარულით და სინამდვილის დანახვით თუ აღმოაჩენ როგორც მწერალი გადმოგვცემს. ჩვენთვის კი დავით კლდიაშვილი, მისი მომღიმარე სახე, რომელიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი ჭეშმარიტი ქართველის სახეა. ვისაც მისი სრული პორტრეტი აინტერესებს ამისათვის საკმარისია გადავიკითხოთ გენიალური გრიგოლ რობაქიძის წერილები.
    დავითი 05.06.2009


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: