Posted by: burusi | 29/06/2010

მალხაზ ხარბედია – “ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, “პატარა პრინცი”

Antoine de Saint-Exupéry. Photo by John Phillips, May 1944, Alghero, Sardinia

მალხაზ ხარბედია – Malkhaz Kharbedia

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – Antoine de Saint-Exupery (1900 – 1944)

მალხაზ ხარბედია – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, “პატარა პრინცი” (1943)

ერთ მშვენიერ დღეს, უფრო ზუსტად კი 1998 წლის 7 სექტემბერს, ფრანგმა მეთევზემ ჟან-კლოდ ბიანკომ და მისმა კოლეგებმა, ხომალდ “ჰორიზონტის” გემბანზე თევზით სავსე ბადე ამოათრიეს და როგორც ყოველთვის, გულმოდგინეთ შეუდგნენ მუშაობას, თევზის დახარისხებას. ერთი თევზი თურმე ძალზე უცნაურად გამოიყურებოდა და ჟან-კლოდს მისი მოშორება უბრძანებია. მეზღვაურებმა დიდი ხანი “იჩალიჩეს” და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ წყალმცენარეებში გახვეული ეს “თევზი”, თევზი კი არა, სამაჯური იყო, ვერცხლის ძეწკვიანი სამაჯური, ფირფიტაზე კი მკაფიოდ იკითხებოდა წარწერა: “Antoine de Saint-Exupery (Consuelo) – c/o Reynal and Hitchcock Inc. – 386 4th Ave N.Y. City – USA”. ასე დაიწყო ისტორია, რომელიც 2003 წელს ეგზიუპერის დაკარგული თვითმფრინავის ნარჩენების პოვნით დასრულდა, თვითმფრინავის, რომლის სერიული ნომერიც იყო 2734-L. აშშ-ს საჰაერო ძალებში ეს თვითმფრინავი 42-68223 ნომერს ატარებდა, ანუ ეს სწორედ ის Lockheed Lightning P-38 იყო, რომელსაც სენტ-ეგზიუპერი მართავდა სიცოცხლის ბოლო დღეს.
ფირფიტა ძალიან ადვილად გაშიფრეს: Consuelo მწერლის ცოლს ერქვა, Reynal and Hitchcock-მა პირველმა გამოსცა “პატარა პრინცი” ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, 386 4th Ave N.Y. City – USA კი ზემოხსენებული გამომცემლობის მისამართი ყოფილა.

Bracelet of Saint-Exupéry found in 1998

ამ უცნაურ ისტორიაზე შარშანწინ ძალიან ბევრი დაიწერა, ბევრს წერენ ახლაც და ცდილობენ გამოარკვიონ ავარიის მიზეზები. თვითმფრინავის ნარჩენებზე საერთოდ არ აღმოჩნდა ტყვიის კვალი და სამხედრო არქივებზე დაყრდნობითაც, 1944 წლის 31 ივლისს (დაღუპვის დღეს) საფრანგეთის რივიერაზე არანაირი საჰაერო საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ბოლოს ყველანი ერთ რამეზე შეთანხმდნენ; ამბობდნენ, როგორც ჩანს, ძრავის დაზიანების გამო მოხდა ეს ავარიაო.
აქ მთავრდება პირველი, ნამდვილი ისტორია და იწყება მეორე, გამოგონილი. იდუმალებათა მოყვარული ამ ორ ისტორიას ჯაჭვებით შეკრავდა და რაღაც მისტიკურ მიზეზ-შედეგობრიობაზე მოჰყვებოდა საუბარს. საქმე ის გახლავთ, რომ “პატარა პრინცის” მეორე თავში მოთხრობილი ამბავი ძალიან წააგავს მწერლის დაღუპვის ამბავს. გახსოვთ ალბათ, მთხრობელს (ავტორს) ავარია შეემთხვევა საჰარის უდაბნოში, თვითმფრინავის ძრავაში რაღაც მოიშლება და ანტუანიც იძულებული გახდება თავად მიხედოს მექანიზმს. სწორედ ამ დროს გამოჩნდება ბურანიდან პატარა პრინცი და თითქოს დიდ საიდუმლოს ეუბნებაო, ბატკნის დახატვას მოსთხოვს მფრინავს.
ასე იწყება ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე უცნაური ამბავი, ამბავი, რომელიც ერთნაირად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც, ლიტერატურათმცოდნეებსაც და პარლამენტარებსაც.
ვიღაცა იტყვის, პარლამენტარები რაღა შუაშიაო. საქმე ის გახლავთ, რომ ორიოდე თვის წინ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ თავისი გამოსვლა “პატარა პრინციდან” მოხმობილი მსუქანი ციტატით დააგვირგვინა. “არაფერია სრულყოფილი”, თქვა ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტისა, რომელიც ძირითადად რაოდენობითა და დათვლითაა დაკავებული, ანუ “დიდების საქმით” – როგორც ეგზიუპერი იტყოდა.
გაიხსენეთ, რას წერდა სენტ-ეგზიუპერი, როცა პატარა პრინცის მშობლიურ პლანეტაზე (თუ ასტეროიდზე) მოგვითხრობდა: “თუკი ასტეროიდ B 612-ის შესახებ ასე წვრილად მოგახსენეთ და მისი ნომერიც გაგიმხილეთ, ეს დიდების საყურადღებოდ გავაკეთე. დიდები ჭკუას კარგავენ ციფრებზე. როდესაც მათ ახალშეძენილ მეგობარზე ესაუბრები, მთავარს არასოდეს ჩაგეძიებიან. არც იმას იკითხავენ, როგორი ხმა აქვს, თამაში თუ უყვარს ან პეპლებს თუ აგროვებს. არა, სულ იმას გეკითხებიან, რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რამდენ ფულს შოულობს მამამისი”.

The Little Prince. Antoine de Saint-Exupéry

ეტყობა სწორედ ამ დიდების გამოსაჯავრებლადაა ასე დაკონკრეტებული ყველაფერი “პატარა პრინცში”. თურმე პლანეტა B 612-ზე შესაძლებელია დღეში ორმოცდაოთხჯერ იხილო მზის ჩასვლა, მეფარნის პლანეტაზე კი სულაც ათასოთხასორმოცჯერ შეგიძლია დატკბე ამ სანახაობით. თურმე მილიონი წელია ყვავილები ეკლებს ისხამენ და მილიონი წელია ბატკნები ყვავილებს ჭამენ, დედამიწაზე კი ასთერთმეტი მეფე ყოფილა (შავკანიანი მეფეების ჩათვლით), შვიდიათასი გეოგრაფი, ცხრაასიათასი ბიზნესმენი, შვიდნახევარიმილიონი ლოთი, სამასთერთმეტიმილიონი ყოყლოჩინა და იქვე იმასაც ვიგებთ, რომ პატარა პრინცს სამასოცდამეხუთე, სამასოცდამეექვსე, სამასოცდამეშვიდე, სამასოცდამერვე, სამასოცდამეცხრე და სამასოცდამეათე ასტეროიდებიც მოუხილია. ხოლო ვისაც გაინტერესებთ, თუ რაში გამოიყენებდა პატარა პრინცი ორმოცდაცამეტ წუთს, ანდა რას ნიშნავს ხუთასიმილიონი ზანზალაკი და ამდენივე შადრევანი, გირჩევთ წიგნი წაიკითხოთ, იქ კიდევ მრავლად ნახავთ ასეთ ხუმრობებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ანცობებმა მონუსხა ჩვენი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარეც.
კიდევ ბევრი რამითაა უცნაური ეს წიგნი, პირველ რიგში კი იმით, რომ ეგზიუპერი ყირაზე აყენებს ტრადიციულ “კოგიტოს” და ნაცვლად იმპერატივისა “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”, შემდეგს გვთავაზობს: “ბატკანი თუ გსურს, მაშასადამე არსებობ”, რაც, ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ, ნიშნავს “ოცნებობ, მაშასადამე არსებობ”, რადგან აქ საუბარია დახატულ ბატკანზე, რომელზეც განუწყვეტლივ უნდა ვიფიქროთ და საკუთარ თავს შევეკითხოთ, “ნეტავ, რა მოხდა იმ პლანეტაზე? იქნებ, ბატკანმა ყვავილი შეჭამა?”, შემდეგ თავი იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ “ყოველ ღამე პატარა პრინცი მინის ხუფს აფარებს ყვავილს და ბატკანს თვალს არ აშორებს…”, ბოლოს კი ავტორის სიტყვები გავიმეოროთ, “შეხედეთ ცას, ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეჭამა თუ არა ბატკანმა ყვავილი და თქვენ დაინახავთ, როგორ შეიცვლება სამყარო… დიდები ჩვენს წუხილს ვერ გაიგებენ”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: