Posted by: burusi | 28/06/2010

გრიგოლ რობაქიძე – “დავით კლდიაშვილი”

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze (1882 – 1962)

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili (1862 – 1931)

გრიგოლ რობაქიძე – “დავით კლდიაშვილი”

პორტრეტი დაწყებული

ქუჩაში მიდის მომცრო ტანის მოხუცი, პალტო აცვია სამხედრო (ნუ თუ ამდენ ხანს არ დაცვდა მუქლუში მაუდი?) თავზე-რუსული ქუდი, მხარბეჭზე-მოთეთრო ყალაბახი. მიდის მოხუცი უჯერო ნაბიჯით, ხანდახან განზე გადაქანდება, მაგარი ქარი რომ ამოვარდეს, წააქცევს კიდეც ამ პატარა ტანს. მოხუცს ხელში კარგა მოზრდილი ჯოხი უჭირავს.
შეგხვდება და სალამს აძლევ. მოხუცი მწყრალად შემოგხედავს, სათვალეს ისწორებს. ალბათ თვალებს თუ უწყრება:კარგად ვეღარ იხედება მოხუცი. შედგება. სახე თითქო ნამტირალევი აქვს. უეცრად გამოგიცნობს ხმაზე და მის სახეს სიხარული ეფინება. მისი შეთეთრილი სახე ამ წამს მზეა თქორში. გაგონდება ქართული თქმა გენიალური:მზე პირს იბანს.
დავით კლდიაშვილი სალამს არ დაგჯერდება:მოგჭიდებს ხელს ხელში და წამსვე იწყებს გულის გადაშლას. მას აქვს პათოსი გრძნობის გაზიარების. გითხრობს ყველაფერს, რაც კი ამ დღეებში უგვრძია. განსაკუთრებით ახარებს სიკეთე. კიდევ უფრო-სხვისი კარგი. უსმენ ამ გულს და გიყვარს სიცოცხლე. ხედავ მინდიას, მთებიდან ბარში ჩამოსულს. “უცნოურია”-ამბობს დავითი რომელიმე ამბავზე (ამ სიტყვას იგი იმერული გამოთქმით ამბოს). შენც უსმენ ამ “უცნოურს”.

ღორები

ღორიც “უცნოურია” ამ უცნაურ იმერეთში. ღორი აქ უღლიანია ხშირად, რომ ღობეში ვერ გაძვრეს. მაგრამ ღორიც მშიერია და დამშეულს რა ღობე გაუძლებს. ძვირად ნახავ იმერეთში ღობეს, რომ ნახვრეტი არ ჰქონდეს. ეს ღორის საქმეა. ღორის ოინს ვერ ერევა ცხენის თავიც, მესერზე რომაა ჩამოცმული. ღორი თანდათან ხელოვანდება თავდასხმაში და უღლიანიც მოხერხებულად ძვრება ღობის ნახვრეტში. თუმცა ძაღლის ეშინია. თუ გამოეკიდა “კვესია” ან “ბროლია”, ვაი მაშინ საწყალ ღორს. ღორი მაშინ “ეკვეტება” ღობეში, მის კანჭს კი ძაღლი ჯიჯგნის. ისმის საშინელი ჭყვირილი ღორის. ორღობეს აწყდება ხალხი. ჭყვირილს ყაყანი ემატება. პარალელურად იმართება სხვა შეხეთქება: ძალის პატრონის და ღორის პატრონის. ჰაერში გაისმის წყევა და კრულვა, გინება და დამუქრება:გაისმის სხაპასხუპით.

იდილია ტრაგი-კომედიაში გადადის. გალაქტიონის გვერდით მოყვარე ჩამოესახლა. გალაქტიონი ღარიბია, მაგრამ მის მეზობელს სულ არაფერი გააჩნია:ღორები ჰყავს მხოლოდ. ხოლო ღორებსაც უნდა ჭამა-და ხშირად იჭრებიან გალაქტიონის ბოსტანში. ყაყანი, ჩხუბი, დავიდარება. გალაქტიონი და მისი ცოლი ზენათი თათბირობენ:სურთ გამოიგონონ რაიმე საშუალება ღორების წინააღმდეგ. პაუზა, ღირსი დიპლომატისა, “რაღაცას ვიღონებ, შე ქალო”-ეუბნენა ქმარი.

მეორე დღეს გალაქტიონი ალექსანდრე შარაქაძესთან გაეშურება, რომელიც თარჯიმნად მსახურობს მაზრის სამმართველოში. მივიდა. შეხვედრა და შებაასება-“იმერული”. კიდევ პაუზა. მეზობელი უნდა შემიშინო: ეუბნება ალექსანდრეს გალაქტიონი. ალექსანდრე გაოცებულია. გალაქტიონი უამბობს მეზობლის ამბავს. ალექსანდრეს კიდევ არ ესმის. გალაქტიონი უხსნის:

“ჰო და იმას გთხოვ მიკადრო შენი ღარიბი ნათესავი, მეწვიო ჩემს ღარიბ ოჯახში… ერთი დღე გაატარო ჩემს ქოხში… შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩემთვის კი დიდათ ეღირება, ალბათ დაფასდება. კუთხე მეზობელი გაიგებს, რომ სულ უპატრონოთ არ ვყოფილვართ”.

ალექსანდრე თანხმდება სიამოვნებით. მაგრამ ვერ ხვდება კიდევ, თუ რა რიგათ უნდა შეაშინოს მეზობელი.

გალაქტიონი სიტყვას არ ზოგავს:

“თქვენ ოღონდ მობრძანდით ჩემსას, სადილი მიირთვით-დაგინახონ ჩემსას, დაგინახონ რომ თქვენისთანა კეთილი მყავს-მფარველად და სხვა არაფერი”.

გალაქტიონი ამასაც სთხოვს ალექსანდრეს, რომ სასამართლოს “სეკრეტარიც” თან წამოიყვანოს, ვასილ ივანიჩი.

გამართა სადილი გალაქტიონმა. ცხვარი, ინდოური, ქათმები, გომიჯები, ხაჭაპურები. იშოვა წითელი ღვინოც. მოვიდენ სტუმრებიც. კვირა დღე იყო. წირვა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. გალაქტიონმა სტუმრები ეკლესიისაკენ წაიყვანა. გულში ფიქრობდა: მთელმა სოფელმა დაინახოს, თუ რა სტუმრები მეწვიენო.

ეკლესიიდან მღვდელიც წამოიყოლეს.

ცაცხვის ძირში შეუდგნენ სადილს. ჭიქას ჭიქა მოყვა. შეთვრენ, ვასილ ივანიჩმა ლეკურიც კი ჩამოუარა. მღვდელმაც შემოიკრა ანაფორის კალთები და ერთი იმანაც “ჩაალეკურა”.

ლხინი პათეტიკაში გადადიოდა, როცა მოისმა უეცრად “ტურიოს” ყეფა. რა ამბავია? ბოსტნიდან ღორები მორბოდნენ, სუნი თუ ეცათ სადილის-მოვარდნენ და სუფრის ქვეS შეძვრენ. კივილი, რტყმევა, ცემა-თქვენც არ მომიკვდეთ: ფეხსაც არ იცვლიან მსუნაგები. ფათურობენ, საჭმელს ეძებენ.

ზრიალი და უნებლიე სიცილი.

წახდა სადილი. წახდა გალაქტიონი და მისი ოჯახობა.

გალაქტიონი ეხვეწება ალექსანდრეს: ეგებ ახლა შეუცაცხანოს საკადრისად ვასილ ივანიჩმა მეზობელს. მაგრამ “სეკრეტარი” გალეშილი ეგდო. ალექსანდრე იმედს არ ჰკარგავდა მაინც: გამოიფხიზლებს საღამორელე ვასილ ივანიჩი და მაშინ შეუკურთხებსო. მაგრამ იმედი გაუცრუვდა:ვასილ ივანიჩმა წასვლა აიჩქარა.

ორი კვირის განმავლობაში ღორებმა მოასვენეს გალაქტიონი. შემდეგ ისევ დაიწყეს თავდასხმა.

გალაქტიონმა ისევ თავის “სტუმრებს” მიმართა. მაგრამ ეხლა არა გამოვიდა-რა. მაშინ გალაქტიონმა გადაწყვიტა: პურმარილს არ შევარჩენ მათო. ვიღაცას დააწერია “დანოსი” მათზე, რომ ასე გაილეშენ სტუმრობაშიო. გალაქტიონმა კიდევ ერთხელ ნახა სტუმრები. ეხლა ისინი იყვენ შეშინებულნი. შინ დაბრუნებლი გალაქტიონი სიამოვნებით უამბობდა საღამოს ამ ამბავს თავის ზენათის.

ნატურალიზმი?

თუ გინდ ნატურალიზმიც იყოს. ნატურალიზმი არაა მაინცა და მაინც ხელწასაკრავი, ნატურალისტურ აღებული მასალა ხშირად უფრო ექსპრესსიულია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მასალა ნახელოვნების ნატეხია თითქოს: და ასეთია იმერეთიც.

მაგრამ დავით კლდიაშვილის ნატურალიზმი ობიექტივიზმია უფრო, სუბიექტი (ავტორი) მის ნაწერში თითქმის არა ჩანს. ობიექტი (თხრობილი) თავის თავად მეტყველებს.

დააკვირდით ზემოთმოყვანილ ესკიზს (“ბაკულას ღორები”). ავტორს შეეძლო ბევრი რამ ეთქვა გალაქტიონის გაწბილების ხაზით:(იმედი გაუცრუვდა საბრალოს და შერცხვენა იგემა). იმედგაცრუებას გალაქტიონი შეჩვეულია, მაგრამ შერცხვენას იგი არავის აპატიებს (საშინელ სიღატაკესთან ერთად ამპარტავნობაც ნიშანია იმერეთის). გალაქტიონი დანოსს” აწერიებს ვიღაცას. აქაა დავით კლდიაშვილის შიშველი ობიექტივიზმი:ეს დასმენა თითქო “შეპარებულია” ესკიზში, ისე, ჩუმად, მალულად. შემდეგ: მკითხველი გრძნობს რაღაც “უხერხულობას” გალაქტიონის მიმართ (დასმენა რაღა იყო?)მაგრამ უხერხულობა” წამსვე იხსნება:მკითხველს ეღიმება მადლიანად (შემშინებელნი ეხლა თვითონ დარჩენ შეშინებულნი).

და ასე ყველგან.

უდავო შედევრი

მოთხრობა “სამანიშვილის დედინაცვალი” ქართული ჰუმორის კლასიკური ნიმუშია. ეს ნაწარმოები თითქო “უბრალოდაა” შედგენილი. ნაცადი თვალი კი აქ რთულ კომპოზიციას ხედავს.

თავიდანვე ავღნიშნავ სამ მომენტს:

პირველი:თემა თავითავად პატარაა, მაგრამ განვითარებათი იგი თანდათან იზრდება.

მეორე:ყოველი შემდეგდართული მომენტი ულოდნელია. ეს იწვევს დინამიურ უცხოობას.

მესამე: ყოველი ახალი ელემენტი ნაწილია მთელის და ამავე დროს საკუთარი თემაა.

ბეკინა სამანიSვილი ღარიბი აზნაურია. ჰყავს ერთი ვაჟი, პლატონ. პლატონი ცოლშვილიანია. ამბავი ყოველდღიური. ბეკინა ქვრივია. ესეც ჩვეული ამბავი. ქვრივი მოხუცი ჭერ კიდევ “მაგარია”: ცოლის შერთვა ჰსურს. გაუგონარი არც აქაა არაფერი. მაგრამ…. აყ იწყება კვანძი მოთხრობის: შვილი რომ ეყოლოს და ისიც ვაჟი?! მერე რა? სწორედ ამ კითხვით იხსნება დრამატიზმი. ახალი ვაჟი მიწის მოზიარე გახდება, მიწა კი ისედაც ცოტა აყვს პლატონს. მკითხველისათვის უკვე ნათელია პლატონის წუხილი.

ამ დასაწყისში უკვე შემოდის ერთი ხაზიც, რომელიც ზემოხსენებულ სამ მომენტს ერთნაირად ახასიათებს: პარალელიზმი ხუმრობის და გაჭირვების (ვის არ მოგვრის ღიმილს ბერი-კაცის აკვიატება-ცოლი მინდაო და ვის არ დააფიქრებს პლატონის შეწუხება- ვაი თუ მამას ვაჟიშვილი ეყოლოსო?). ეს პარალელიზმი ახალისებს “სამანიSვილის დედინაცვალს” თავიდან ბოლომდე. თანაც თანგავს იმერულ ეპოპეას.

გავყვეთ კვალ და კვალ.

რა ჰქნას პლატონმა? უეცრად აზრი დაებადება:დიდებული ქვრივი შერთოს ცოლად მამას, ისეთი ქვრივი, რომელიც ორჯერაა ნაქვრივები და რომელსაც არც ერთი ქმარის ხელში შვილი არ ჰყოლია. მკითხველი უკვე იცინის. ამ პირობას კიდევ უნდა დაერთოს ერთი რამ:ქვრივი ისეთი უნდა მოინახოს, რომელიც როგორც პირველ ქმართან ისე მეორესთან სამი წელი მაიც ცხოვრობდა. სამი წელი მინიმუმია, რომ მესამე ქმარის ხელშიც ქვრივი უშვილო დარჩეს. მკითხველი კიდევ უფრო იცინის. ხოლო სიცილი ხარხარში გადადის, როცა მკითხველი ტყობილობს, რომ მაშვალის როლში თვიონ პლატონი გამოდის.

იწყება ქვრივის ძებნა. ორჯერ ნაქვრივებ ქალის ძებნა უდრის “მკვდარი სულების” ძებნას.

პლატონი აზნაურია, მაშასადამე პატივმოყვარე. ფეხით ვერ ივლის. ცხენი არა ჰყავს. გამოართვა ცხენი მეზობელს. ცხენი გამხდარი, გაძვალტყავებული გამოდგა (ესეც “როსსინატი” იმერეთის. კიდევ ერთი დეტალი. მოსართავს მოჰკიდა ხელი თუ არა, პლატონმა შენიშნა, რომ აბზინდს ენა არ ჰქონებია. “მეიტა, მელანო, ჩხინკი იქნება რამე” -შესძახა პლატონმა. დაამაგრა მოსართავი ჩხინკით. ეს “ჩხინკი” ესსენციაა მთელი მოთხრობის.

გაუდგა გზას. სოფელს რომ გასცილდა, ჩამოხტა: გაიგდო წინ გახრეკილი ცხენი წკეპლის ცემით. მაგრამ უბედურება: მას დაედევნა სოფლის “ატუკანტი” ივანე გვერდევანიძე. აქ დავით კლდიაშვილს დაუვიწყარი დეტალი აქვს შეტანილი:”ქოლგით იღლიის ქვეშ”. და ეს დეტალი საკმაოა სოფლის ვექილის სახასიათოდ. მაგრამ მთავარი სხვაა:ვექილი ცხენზე ზის და ცხენს არა უშავს რა. პლატონი ბედს იწყევლის:ეხლა თვითონაც უნდა შეჯდეს ჭახრაკზე.. შეჯდა კიდეც და იწყება როსსინანტის” ძუნძული. მკითხველი იცინის. მაგრამ უბედურებას კარგი მხარეც აქვს (ეს ორმაგობა ყველგანაა დავით კლდიაშვილის ნაწერში): გამოლაპარაკებისას პლატონი ტყობილობს ვექილისაგან, რომ სოფელ ქვედულეთში ერთი ისეთი ქვრივია, როგორსაც იგი დაეძებს. ეს ხდება ისე, ში-გაშიგ: ვექილმა არც კი იცის პლატონის გადაწყვეტილება.

გამოვიდა: ეს შეხვედრა არ იყო “უბრალო”. ავტორმა აქ ორი მხრით აიღო ლელო.

პლატონი ეწვევა თავის გათხოვილ დას, დარიკოს. გაუზიარებს აზრს. ამ დროს კირილეც მოდის, “გადაკრული”. ეს კირილე ავტორს პლატონისათვის სჭირდება, მაგრამ თავის თავად იგი უკვე დამოუკიდებელი თემაა: უდარდელი, ხალისიანი,ზარმაცი, მოქეიფე, მოხუბარი “ატროვებული”, ატეხილი, ავი (უფრო სიხალისისაგან). კირილეს ხითხითს საზღვარი არა აქვს, როცა პლატონიც “მისსიას” შეიტყობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაშვლად თვითონ პლატონს ხედავს. სახუმრო ამბავი მისთვის მისწრებაა და მზადაა გაჰყვეს ცოლიძმას.

“ვძებნოთ, პლატონ, ვძებნოთ! ხა, ხა, ხა! ჩემს დშეSი, ამგვარ უცხო საქმეზე არ მივლია და აქედან ვიცი, რომ ბევრი გასართობი მოგველის! რამდენ დედაბერს სანატრელად გავუხდი უშვილოდ ყოფნას.. ხა, ხა, ხა.. .

აქ ავტორი მეტად მახასიათებელ ხვეულს აკეთებს (ეს ხვეულიც ორმაგია: გულისხმიერია, როგორც კირილეს ცხადებისათვის, ისე პლატონიც საქმისათვის). კირილემ უეცრად ხელი შემოირტყა შუბლზე. “რა იყო?” ეკითხება პლატონი. კირილე არ აძლევს გარკვეულ პასუხს. შემდეგ, როგორც იქნა გამოტყდა, რომ შაფათაძესთან ქორწილშია დაპატიჟებული. პლატონს გულს მოეშვა: ეგებ თავი მიმანებოსო. აქეზებს-ეწვიოს. მაგრამ კირილე უარობს. “აბა, მე უკან ვბრუნდები და ხვალ წავალ სალომესთან”-ამბობს პლატონი. ამ უკან-დაბრუნების კირილეს ეშინია: დარიკო ამიკლებსო. რა ქნან? არც ერთი არ თმობს. შემდეგ კირილე ხრიკს მიმართავს: მოდი, ორივე მივიდეთ შაფათაძესთანო. პლატონი არ ნებდება, მაგრამ საშველი აღარაა და ბოლოს თანხმდება.

გამოვტოვოთ ქეიფი. თუმცა თავის თავად ესეც საინტერესოა. გამოვტოვოთ ჩხუბიც (აუცილებელი დამატება ყოველი ნადიმისა იმერეთში). აქ აღსანიშნავია მხოლოდ ჩხუბში მიფრეწილი ჩოხები, რომელსაც დილას ალამბვინებენ. ეს დეტალი საუცხოვოა. კირილეს კიდევ უნდა ქეიფი, მაგრამ პლატონმა არ ჰქნა. ეხლა კირილეს სატირალში მოუნდა წასვლა (ესეც დიდებული დეტაილი კირილესთვის სულერთია ქორწილი იქნება თუ სატირალი, ოღონდ დრო გაატაროს).

როგორც იყო, გაემგზავრენ სალომესკენ. თავი დავანებოთ კირილეს ახვინტრიშებას და გულმოსვლას (გაიქცა გაცხარებული სალომეს სახლიდან).

აქ საინტერესოა არისტო ქვაშავაძესთან შეხვედრა. არისტომ გაიგო პლატონის საქმე (შეხურებულმა კირილემ წამოისროლა სიტყვა, სანამ გაიქცეოდა). არისტო ქვაშავაძეც ღარიბი “აზნოულიშვილია”, მაგრამ გაქნილი და გაქლესილი. გაიგო თუ არა, იწყო ხელების შმუშვნა: საშოვარი იყნოსა შორიდან, შესანიშნავია არისტოსა და პლატონის დიალოგი (არისტოს რეფრენი-“კაი დაგემართოსთ” ხომ შედევრის წვეთია). თურმე ის ქვრივი, რომელზედაც პლატონს სოფლის ვექილმა მიუთითა, არისტოს მამიდა ყოფილა, ბრეგაძეზე მითხოვილი. პლატონმა ამცნო გადაკვრით ივანე გვერდევანიძესთან შეხვედრა. არისტო აილესა:ვაი თუ იმ წყეულმა აგინა ქალიო-და შეუტია აჩყარებით ვექილის სახელს. მაგრამ როცა გაიგო, რომ ივანეს მამიდა მისი ცუდათ არ უხსენებია, დარბილებით მიმართა პლატონს:

“ასე დაგეწყო, შე დალოცვილო, თავიდანვე.. ტყვილა გამალანძღვიე ნათესავი კაცი.. “

(ჰო, ეს “ასე დაგეწყო, შე დალოცვილო”: ამ ფრაზაში მთელი იმერეთია მოცემული-სახის მეტყველებით, ხმის ტემბრით, ჟესტკულაციით, და ვინ იცის, კიდევ რით).

არისტო თითქოს ამ საქმიდან არას გამოელის: “ისე” ჰპირდება პლატონს დახმარებას. მაგრამ ყური დაუგდეთ, თუ როგორ ებაასება იგივე არისტო სალომეს პირისპირ:ურჩიე, შენი ჭირიმე, პლატონს ბრეგაძის ქალის თხოვაო. როგორ იმანჭება, როგორ იგრიხება. თურმე “საქვრივოს” გამოელის საწყალი. წვერებწამოშვებული არისტო, ყელმოგრეხილი არისტო-“ყანყრატოში მარცხენა ხელის წავლებით”:დაავიწყდება ვინმეს ეს ფიგურა და ეს პოზა?

აქაც ორმაგობაა.

საქმე გაიჩარხა. წავიდენ ბრეგაძეებთან. ავტორი ჯერ კიდევ არ მიდის საგანთან პირდაპირ. არისტოს ჰსურს ცხენებს დახედოს (დარწმუნებულია, არას აჭმევენ). გადის ეზოში. ქათამს იჭერენ. ქათამს ძაღლი მისდევს. წივილი, კივილი, ხრიალი. მკითხველი იცინის. უეცრად რაღამაც გაისისინა ჰაერში და არისტოს ქათმის მიმართ გადასროლილი ჭოლოკი მარჯვენა კუნთში მოხვდა. მკითხველი ხითხითებს. არისტო კი იწყევლება:

“ქე არ მომკლეს ამ ურჯულოებმა.. ერთი წრიპა ქათმის გულისათვის.. ამოგივარდათ ოჯახი”..

მკითხველი ისე იცინის, რომ არისტოს ტკივილისათვის აღარ სცალია.

ნახეს ქვრივი. იგი თანახმაა. მაგრამ ავტორი ამით არ კმაყოფილდება. საჭიროა კიდევ ერთი ულოდნელება. ასეთიც გამოჩნდება. ქვრივი კარგი მომუშავე ქალია და ბრეგაძეები მას ვერ შეელევიან. რაღა დარჩა? მოტაცება? მკითხველი კიდევ იცინის. ორჯერ ნაქვრივების მოტაცება-ეს ხომ ფანტასტიკაა თვითონ. ქალი მიდის სხვაგან სტუმრად, მოიტაცებენ. კირილეც ხომ ასეთ რამეებისთვის არის შექმნილი.

ხოლო ავტორი არც ამით ათავებს.

პლატონის ცოლი თვალს არ აცილებს “პატარძალს”. პლატონიც. გაიარა ხანმა-და ნახეთ სინამდვილე, ერთსა და იმავე დროს სასაცილოც და საშინელიც: ქვრივი, რომელიც პირველი ქმარის ხელში იყო 15 წელი იყო უშვილო და მეორე ქმარის ხელში 6 წელი, ბეკინას ხელში პირველ წელსავე ორსული გახდა. მოდი და ნუ იცინებ! მოდი და ნუ იჯავრებ!

პლატონი გადაირია. სიზმარში სულ “გაყოფას” ხედავს. ცოლი მისი სისინებს. ბეკინა დარცხვენილია. კიდევ უფრო-“პატარZალი”.

ერთი იმედი დარჩა პლატონს მხოლოდ (ამ შემთხვევაშიც ბეკინასაც):შესაძლოა ამ წყეულმა დედაკაცმა ქალი შვას და არა ვაჟი. მაგრამ აქაც ძლევს ულოდნელობა: ორჯერ ნაქვრივებს ვაჟი ეყოლა.

და მოთხრობა დასაწყისს უბრუნდება თავისას: თუ რაოდენ მართალი იყო საწყალი პლატონის წინაგზნება.

ასეთია “სამანიშვილის დედინაცვალი”. ეს უდავო შედევრი ქართული ჰუმორის

მარტო სიცილი?

არა, ხუმრობა კარგია, მაგრამ დავი კლდიაშვილს სხვა რამ აქ მასში გახვეული (ყველგან):ბედი ადამიანის. სამი ელემენტი: მიწის სიცოტავე უკიდურესი, კერძო საკუთრების გზნება ძვალსა და რბილში გამჯდარი, თანაც არა-ჩვეულებრივი თავმოყვარეობა (თუ აზნაურული ამპარტავნობა)- რა უცნაურობას არ წარმოშობს ეს სამი ელემენტი ერთიმეორესთან გადახლართული? დავით კლდიაშვილი ამ უცნაურობას სახავს. სახავს ჰუმორის მადლიან სიტყვასა და სახეში. მაგრამ ამ სიტყვისა და სახის “უკან”, სადღაც კუნჭულში, იმალება ავტორის გული, რომელიც ადამიანის ტკივილს ვერ ივიწყებს.

ბეკინა გარდაიცვალა.

მომრიგებელ მოსამართლესთან ხშირად დაიარება ერთი დედაკაცი პატარა ბავშვით. “ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოსეულ მაყურებელთ თავის გაჭირვებას, უსაშუალობას და მწუხარებას, რაც მათ, ორთავე დედაშვილს, ადგიათ მისი გერის, პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებულს ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივ დედაკაცს იწანწალოს ყოველ კვირა სასამართლოში”.

ეს სიტყვები მოთხრობაში მორცხვი “პოსტ-სკრიპტუმივითაა”.

მხატვრული დეტალები

დავით კლდიაშვილს ძალიან ემარჯვება დეტალების ხმარება, რაიც ძარღვია თანადროული პროზის.

მრავალი მაგალითებიდან:

” პატარა, თავშიშველა დ ფეხშიველა შვიდი-რვა წლის ბიჭმა, პარკით გვერდზე, სახრით ხელში, შემორეკა ეზოში რამდენიმე სული საქონელი”.

“პარკით გვერდზე, სახრით ხელში”-ეს უკვე ჰქმნის ხელსახებ კონკრეტობას.

შემდეგ:”ამას უკან შემოჰყვა გრძელწვერა, შეხსნილი ახალოხით. ძელით მხარზე, ღვედში ნაჯახ-გარჭობილი, რომელმაც ერთი გაჯავრებით შეჰყვირა ბავSვს,

როცა საქონელი ქოხისკენ გაეშურა”.

“შეხსნილი ახალოხი”,”ძელი მხარზე”, “ღვედში გარჭობილი ნაჯახი”-ძალიან მეტყველი დეტალებია.

კიდევ, იქვე:

“ცოტა ხნის შემდეგ, ქოხის მახლობლად, გადასაბიჯზე გადმოაბიჯა მხარზე შეშა-გადებულმა კაცმა”.

სიტყვა “გადასაბიჯზე” ისე საზღვრავს ადგილს, რომ ნათლად ხედავ უკანასკნელს. როცა გადასაბიჯზე “მხარზე შეშა-გადებული” კაცი გადმოაბიჯებს,

სურათს ვეღარ მოიცილებ თვალიდან.

ეს დეტალები რამოდენიმე სტრიქონის მანძილზეა დაწვეთებული.

მეტი მაგალითი საჭირო არაა.

პორტრეტი გაგრძელებული

“უცნოურია”-აგრძელებს სიტყვას დავითი. უსმენ გულდასმით. ხანდახან ცხარობს:ფიცხია (მხოლოდ-არა სიავით).”გაფიცხებისას” გგონია ყოველ საზღვარს გადალახავს. მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ ცხრება, ნელდება. ამ დროს ხელს მიიტანს გულთან (ალბათ ძალიან ფართქალებს), და, თუ სკამია სადმე, მიჯდება. ფერი ეცვლება, ფითრდება, თვალებს ხუჭავს:”გული წაუვიდა” გული:ჩიტის გული ნამდვილი. ზის ასე რამოდენიმე წუთს, ოდნავ სუნთქავს. ჩიტის გული ისევ უბრუნდება შემდეგ და დავითი იხსენებს ნელი და მკრთალი ხმი ტკივილებს.

ყოველთვის გულისხმით უსმენს იგი სხვის ლაპარაკს. განსაკუთრებით-კამათს. ქართველი ცხარე ტემპერამენტისაა და ხშირად “გაცეცხლებული” ლაპარაკობს. დავითს ეს სიცხარე გულმოსვლა და თავდასხმა ჰგონია ხანდახან.მაშინ იგი ხელს გააქნევს და ჩაილაპარაკებს:”არა, არა”, თანვე ოდნავ იღიმება.

არის შემთხვევა, როცა იგი გაცხარებულ მოკამათეს ხელს ჰკიდებს და მთელი ტანით ტანს ეკვრის ოდნავ გადაქანებული. ამ დროს მისი ღიმილი-ბავშვისაა. თვალებიც ხალისდებიან: ატყობ მხოლოდ, რომ ცრემლები მზადაა. გაცეცხლებულ მოკამათეს ცეცხლი უკვე ელევა

დავითი დიდი მელომანია

მინახავს: სახლში მიჰყავთ უეცრად გამხდარი ავად. საღამოს ხედავ: ოპერის თეატრში ზის, დირექტორის ლოჟაში. არ სტოვებს არც ერთ სანიმუშო სპეკტაკლს. და მერე: როგორ უსმენს მუსიკას!? თრთის, ცახცახებს, თვალებს აფართოებს, ცრემლი სდის:თითქო მთელი ტანი მუსიკალურ ტალღებით

აევსო. ჭეშმარიტად დავითი ნაზი და ნერვიული ჭურჭელია მუსიკის. როცა უცქერ ამ დროს, გეშინია, ჭურჭელი არ დაიმსხვრეს (თვითონ კი ამის არ ეშინია: უფრო ძლიერად გადმოხეთქავენ მუსიკის ნაკადები).

თუ რომელიმე მომღერალი მოეწონა-აბა მაშინ უნდა ნახოთ იგი, თუ გინდ მეორე დღესაც. დავითი “აყვანილია” ამ დროს აღტაცებით და აღარ იცის, რით გამოთქვას იგი. ჯერ ისედაც არ “ერჩის” სიტყვა და ეხლა იგი სულ აღარ ემორჩილება. მაგრამ, თუ გსურს მისი ნამდვილი არსი, ეს უთქმელი სიტყვაა, სწორედ ამ წამს უნდა უსმინო მას.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: