Posted by: burusi | 27/06/2010

ლევან რამიშვილი – “თავისუფლების ჩირაღდანი და ამერიკული ექსპერიმენტი”

Edward Moran's 1886 painting, The Statue of Liberty Enlightening the World..

ლევან რამიშვილი – Levan Ramishvili

 თავისუფლების ჩირაღდანი და ამერიკული ექსპერიმენტი

რამდენიმე მოსაზრება შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით

თავისუფალი სამყაროს ლიდერი

ყოველი ნაკიანი წლის ნოემბრის პირველ სამშაბათს ამერიკელები არა მხოლოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, არამედ თავისუფალი სამყაროს ლიდერს ირჩევენ. საკუთარი არჩევანის გაკეთებისას, ამერიკელი ამომრჩევლები დღეს უკვე ნაკლებად ითვალისწინებენ თავისი გადაწყვეტილების ამ ასპექტს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ის, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს შეერთებული შტატების მოქალაქეთა უმრავლესობა, მეტწილად განაპირობებს, თუ რამდენად შეინარჩუნებენ საქართველო და მისი მსგავსი ქვეყანები თავისუფლებას, რამდენად დაცული იქნება მათი ეროვნული უსაფრთხოება.

მართალია, ტერმინი “თავისუფალი სამყარო” ცივი ომის შემდეგ იშვიათად გამოიყენებოდა, მაგრამ რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ პოლიტიკურ ლექსიკონში იგი კვლავ დაბრუნდა, თუმცა ჯერ ჯერობით არა მარტო კონკრეტული ლიდერის, არამედ უფრო ზოგადად ლიდერობის დეფიციტს განიცდის. ვნახოთ რა შეიცვლება ამ არჩევნების შედეგად.

ზოგი არჩევნები რუტინულია, ზოგიც – ისტორიული. თუკი პროგნოზების მიუხედავად, ჯონ მაკეინი მაინც შეძლებს გამარჯვებას, მისი მმართველობა ისტორიაში თავის კვალს დატოვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტ–ნაკლებად ისეთივე იქნება, როგორიც მისი 43 წინამორბედი. ბარაკ ობამას გამარჯვება უდავოდ ისტორიული იქნება, რასაც მისი ოპონენტებიც კი არ უარყოფენ. უბრალოდ მათ მიაჩნიათ, რომ ობამას ისტორიულობა არასასურველ ისტორიებში გახვევაში იქნება გამოხატული.

ჯერ კიდევ ამერიკული დემოკრატიის ყველაზე გამჭრიახმა დამკვირვებელმა, ალექსის დე ტოკვილმა შენიშნა ამერიკული საზოგადოების განსაკუთრებული ასპექტი – მისი ერთდროული აღგზნებულობა და მონოტონურობა. ის “ცხოველმოქმედებს იმით, რომ ადამიანები და საგნები მუდმივად იცვლებიან, მაგრამ მონოტონურია, ვინაიდან ცვლილებები ერთმანეთის მსგავსია.” ამ პარადოქსის მიზეზი ისაა, რომ იდეალები, რომელთაც ამერიკელები ესწრაფვიან, უსასრულოა, მაგრამ თავად ამ სწრაფვის მიზანი – უცვლელი.

ამერიკა უნიკალურია იმით, რომ დაფუძნებულია არა საერთო წარმომავლობაზე, არამედ ერთიან იდეაზე. პირველ რიგში, ეს თავისუფლების იდეაა. სენატორი დენიელ პატრიკ მონიჰენმა სამართლიანად შენიშნა, რომ თუ ევროპა პრიორიტეტს თანასწორობას ანიჭებს, ამერიკისათვის მთავარი თავისუფლებააო.

პირველ საინაგურაციო გამოსვლაში ჯორჯ ვაშინგტონი ამბობდა, რომ \”თავისუფლების წმინდა ცეცხლის და მმართველობის რესპუბლიკური მოდელის ბედი … იმ ექსპერიმენტზეა … დამყარებული, რომელიც ამერიკელი ხალხისადმია … რწმუნებული\”.

ამერიკის, როგორც ექსპერიმენტის, იდეა ამ ქვეყნის ისტორიის ცენტრალური ნარატივია. ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სიტყვა, რომელიც შეძლებს, უკეთ გამოხატოს ამერიკელი ერის თვითშეგნება, როგორც მთელი კაცობრიობისათვის წამოწყებული დაუსრულებელი პროცესი ყველაფრის კითხვის ქვეშ დაყენების, პასუხების ძიების, წინადადებათა გამოცდისა და თვითგანახლებისა.

ამერიკაში ყველაფერი განმსჭვალულია მუდმივი იმპროვიზაციისა და ინოვაციის სულისკვეთებით და, ბუნებრივია, მისგან თავისუფალი არც პოლიტიკური ცხოვრებაა. აქ კი ექსპერიმენტის საუკეთესო გამოხატულება სწორედ არჩევნებია.
_________________________________

“My father imbued me with ‘duty, honor, country.’ He literally devoted his life to service in the Navy.” —John McCain”

კანდიდატების სტილი – ჯარისკაცი და ქურუმი

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკელებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ არა მხოლოდ იდეოლოგია, არამედ კონკრეტული პიროვნება, მისი მსოფლმხედველობით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიმპათია–ანტიპათიებით, ტემპერამენტით, ღირსებებითა და ნაკლოვანებებით.

სწორედ ეს მკაფიო ინდივიდუალობა არის დამოუკიდებელი ამომრჩეველებისა და მედიისათვის ორივე კანდიდატის მიმზიდველობის საფუძველი. პოლიტიკასა და ფილოსოფიასთან ერთად ობამასა და მაკეინს განსხვავებული, თუმც კი მკვეთრად ინდივიდუალური სტილი აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ჯარისკაცია, მეორე – ქურუმი, ან თუ გნებავთ მოძღვარი.

მაკეინს არა მხოლოდ უფრო მდიდარი, არამედ ბევრად უფრო არაორდინალური ბიოგრაფია აქვს. ობამასგან განსხვავებით, მას გატკეპნილი გზით არასდროს უვლია, რისკს არასდროს გაქცევია, გამოწვევას არასდროს დამალვია. ნაწილობრივ ალბათ ამითაც აიხსნება რომ, განსხვავებით დემოკრატებისგან, რომლებსაც პრობლემების გადაჭრის უფრო მეტად ტრადიციული მიდგომები ახასიათებთ, მაკეინს და მის გუნდს ბევრად უფრო რადიკალური, არასტანდარტული და კრეატიული იდეები აქვთ როგორც საშინაო პოლიტიკის, ისე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ობამას და მის გუნდს კი თანამედროვე გამოწვევებზე ქრესტომათიული პასუხები აქვთ, მაგრამ უბადლო მარკეტინგული ალღოს და საკომუნიკაციო უნარების წყალობით ჩამოფასებული იდეების გასაღებას შესაშური წარმატებით ახერხებს.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბევრ საკითხზე დემოკრატების კანდიდატი სტანდარტული რეცეპტებით იფარგლება. ამასთან გარკვეულ კავშირში, ალბათ, თავად ობამას კონვენციური პოლიტიკური კარიერაცაა – იგი ჩიკაგოს პოლიტიკური მანქანის ტიპური პროდუქტია. მიუხედავად იმისა, ან შეიძლება იმდენად რამდენადაც ობამს არასდროს გაურისკია და ყოველთვის აპრობირებული მეთოდებით მოქმედებდა, ფენომენალურ წარმატებას მიაღწია.

სახასიათოდ ნიშანდობლივი იყო მაკეინის და ობამას მიერ საკუთარი ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევა. რესპუბლიკელის არჩევანი რისკიანი და არაორდინალური იყო, დემოკრატის – უსაფრთხო და მოსალოდნელი.

მაკეინს საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული ავტორიტეტია, ობამას კი პირიქით ამ და კიდევ ბევრ სხვა სფეროში ექსპერტიზა აკლია. საერთაშორისო ურთერთობებში გამოცდილების დეფიციტის შევსება მას ჰაერივით ესაჭიროებოდა, რათა ამით ნაწილობრივ გაენეიტრალებინა რესპუბლიკელთა კრიტიკა.

ობამას პოლიტიკური კაპიტალი იმედისა და ცვლილებების შესახებ რიტორიკას ეფუძნება. მისი ოპონენტები კი ხშირად იმეორებენ, რომ იმედი სტრატეგია არაა და რომ გამოცდილების გარეშე ცვლილებების განხორცილება შეუძლებელია. თუმცა ძნელია იმის თქმა, რას უფრო განახორციელებს 36 წლიანი სენატორული სტაჟის მქონე ჯო ბაიდენი – ისტებლიშმენტს თუ განახლებას, რომელიც ობამას კამპანიის მთავარ თემას წარმოადგენს.

მაკეინს ესმის, რომ მისი პარტიის მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩევლის მოსამხრებად მხოლოდ გამოცდილება არაა საკმარისი არგუმენტი. ის ცდილობს საკუთარი თავის კულტივირებას, როგორც რეფორმატორისა და არასტანდარტული რესპუბლიკელის. ამ ასპექტის ხაზგასასმელად პოლიტიკური აუტსაიდერის – სარა პეილინის კანდიდატურა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. პეილისნის არჩევით რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელის ერთის მოსმით შეძლო კამპანიის ნარატივი შეეცვალა – ნოვატორის წინააღმდეგ რეტროგრადიდან ის სათნოებისათვის მებრძოლ ჯვაროსანად გარდაისახა, რომელმაც ვაშინგტონისა და უოლსთრიტის ავგიას თავლა უნდა გაწმინდოს.

Sarah Palin

პეილინის ზვირთი

სარა პეილინს საგარეო პოლიტიკასთან დიდი შეხება არა აქვს. მაკეინის გამარჯვების შემთხვევაში, ის უფრო მეტად ენერგეტიკასა და სამთავრობო რეფორმებზე იქნება პასუხისმგებელი. ბენზინზე მკვეთრად მომატებული ფასების პირობებში, ამერიკელთა 2/3–ს ქვეყნის შიგნით ნავთობის ბურღვაზე მორატორიუმის გაუქმება უნდა, რათა შემცირდეს ფასები და იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულება, რომლის ძირითადი მომწოდებლები არადემოკრატიული და, როგორც წესი, ამერიკის მიმართ არაკეთილგანწყობილი ქვეყნები არიან. ენერგორესურსებით მდიდარი ალასკის გუბერნატორს მორატორიუმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით მაკეინიზე გაცილებით რადიკალური პოზიცია აქვს.

კონსერვატიული მეინსტრიმიდან ამოვარდნილობა მაკეინის კანდიდატურის ძალაცაა და იმავდროულად სისუსტეც. ხშირად ის არ ერიდება პოლიტიკური სპექტრის მეორე ბოლოში მყოფ პოლიტიკოსებთან ძალების გაერთიანებას და თანაც ისეთ საკითხებზე, რაც მისი თანაპარტიელებისათვის პოლიტიკური ანათემაა.

მკრეხელური პოზიციების გამო, მაკეინს ძალიან გაუჭირდა შიდაპარტიულ არჩევნებზე კონსერვატიული ბაზის მხარდაჭერის მოპოვება. ერთი წლის წინ მისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ არაერთი პოლიტიკური ნეკროლოგი დაიწერა, მაგრამ ხმები მისი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებული აღმოჩნდა. ერაყის “ზვირთის” წარმატებამ არიზონის სენატორს ახალი სუნთქვა გაუხსნა, ხოლო ნიუ ჰემპშირის პრაიმერიზში გამარჯვებამ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისაკენ გზა გაუკაფა.

პეილინის დასახელებამ მაკეინის საარჩევნო კამპანიის ენერგეტიკა შეცვალა. ალასკის გუბერნატორი კონსერვატორული მოძრაობის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია და გაცილებით უფრო პოპულარული პერსონაა კონსერვატიულ წრეებში ვიდრე თვითონ მაკეინი. მემარცხენე ელიტაში სარა პეილინის ფენომენით გამოწვეული სიძულვილს, ზიზღსა და პანიკას მომხრეებს სიამაყე ავსებთ. მათთვის ალასკის გუბერნატორის პიროვნებაში გახრწნილი აღმოსავლური ელიტის წინააღმდეგ ამბოხებული შუაგული ამერიკის კვინტესენციაა მოცემული.

პეილინის გამოჩენამ კონსერვატიული ბაზის მობილიზაცია, შთაგონება, მუხტი და მოტივაცია მკვეთრად გაზარდა. მისი ნომინაცია მაკეინის რეიტინგის აღმავალ ტალღას დაემთხვა და რესპუბლიკელ კანდიდატს დაეხმარა, სექტემბრის პირველ ნახევარში საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ობამასთვის გაესწრო.

ერთი რამ, რაც მაკეინსა და პეილინს საერთო აქვთ და ბევრი სხვა პოლიტიკოსისაგან განასხვავებთ, მყარი შინაგანი მორალური კომპასია, რომლითაც ისინი თანამედროვე საზოგადოების რთული პრობლემების გადაწყვეტისას ნავიგირებენ. მათი კონსერვატიზმი უფრო პრაგმატულია, ვიდრე დოქტრინიორული, უფრო ინსტიქტური, ვიდრე იდეოლოგიური, უფრო ინტუიტიური ვიდრე ინტელექტუალური.

ის რაც მომხრეთათვის რესპუბლიკელი კანდიდატების მთავარი უპირატესობა, ოპონენტების აზრით მათ ფუნდამენტურ ნაკლოვანებაზე მიუთითებს. მაკეინსა და პეილინს აქვთ სტრატეგიული ხედვა, მაგრამ აკლიათ მისი განხორციელების ტაქტიკური კომპეტენცია. კრიტიკოსების აზრით, პეილინში გამეორებულია მაკეინის ღირსებები, მაგრამ მისი შერჩევა არ ავსებს არიზონის სენატორის სისუსტეებს და საბოლოო ჯამში არ მატებს იმას, რაც ყველაზე მეტად აკლია.

George W. Bush

ბუშის პარადოქსის ხაფანგი

პრობლემათა უმრავლესობის გადაწყვეტისთვის რეალისტური ალტერნატივების აწონ–დაწონვაა საჭირო. ეფექტური გამოსავლის გზა ხშირად სასურველსა და შესაძლოს შორის კომპრომისზე გადის, რომლის პოვნასაც მორალურ ინტუიციაზე მეტად დარგობრივი ექსპერტიზას მოითხოვს. თანამედროვე ნავიგაციის სისტემებში კომპასის ადგილი დიდი ხანია უკვე GPS–მა დაიკავა. ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის შედეგად სახელმწიფო მანქანა შეიძლება ავარიაში მოხვდეს.

კონსერვატიზმის ერთ ერთი მთავარი ფილოსოფიური პოსტულატი – მთავრობა არ მუშაობს, რომ ის პრობლემების კი არ წყვეტს, არამედ ქმნის, ბუშის პრეზიდენტობისას თეორიიდან პრაქტიკაში გადავიდა, ოღონდ ერთობ გაუკუღმართებული ფორმით – მონუმენტალური არაკომპეტენტურობის გამო მისმა კონსერვატიულმა მთავრობამ მთელი რიგი იმ პრობლემების გადაწყვეტაც ვერ შეძლოა, რომელთა მოსაგვარებლად ამომრჩევლისგან ხმა ქონდა მიღებული. შეიქმნა პარადოქსული ვითარება, როცა კონსერვატიზმი როგორც ფილოსოფია ვერიფიცირებულია, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა – ფალსიფიცირებული.

ბუშის პარადოქსის თავიდან ასაცილებლად მაკეინის გუნდს ადმინისტრაციული ტალანტის მოზიდვა ჭირდება, რომელმაც არიზონის სენატორის ზოგადი ინტუიციები საშუალო დონის შემსრულებელთათვის გასაგებ, განჭვრეტად და აღსრულებად კონკრეტულ დოქტრინად და სახელმძღვანელო ინსტრუქციებად უნდა აქციოს. სწორედ ამ ელემენტის თვალისმომჭრელმა დეფიციტმა მძიმე კვალი დაამჩნია რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიას და შესაძლოა მისი წარუმატებლობის საკვანძო მიზეზი გახდეს.
____________________________________

“John McCain, his mother, Roberta McCain, his younger brother Joe McCain and his father, Admiral McCain.”

შინაგანი ემიგრანტები

კონსერვატიზმის ინტელექტუალური ტრადიციიდან პოლიტიკურ მოძრაობად გარდაქმნა 60–იან წლებში იწყება, როცა მას ნეოკონსერვატიზმისა და ლიბერტარიანიზმის ახალი შენაკადები შეემატა და მემარჯვენე ქრისტიანების სახით მძლავრი სოციალური ბაზა გაუჩნდა. ბარი გოლდვოთერისა და რონალდ რეიგანის აღზევებასთან ერთად, კონსერვატიზმის ცენტრმა ნელ–ნელა აღმოსავლურ სანაპიროდან დასავლეთისკენ მიგრაცია დაიწყო.

სარა პეილინის კანდიდატურაც ამ ტენდენციის გამოხატულებაა. ცხადია, პირველობის დათმობას იოლად არავინ ხვდება და ალასკის გუბერნატორის ახალ როლს მემარჯვენე წრეებში ყველა მხურვალე აპლოდისმენტებით არ შეგებებია, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ინტელექტუალური კალიბრი და გემოვნება საყოველთაო აღტკინებაში გათქვეფვას უკრძალავს, ხოლო ტემპერამენტი ოვაციის უფლებას არ აძლევს.

ამერიკული კონსერვატიზმის დასავლეთ და აღმოსავლურ ფრთებს შორის კონკურენცია მთელ რიგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ პერიპეტიებთანაა დაკავშირებული. სარა პეილინის კანდიდატურამ კონსერვატიზმის შინაგანი წინააღმდეგობები გამოაცოცხლა. ამ წინააღმდეგობათა ფესვებს თავად ამერიკული კონსერვატიზმის სათავეებთან მივყავართ.

განაპირა ინტელექტუალური ტრადიციის სახით დაწყებული კონსერვატიზმი დიდი ხნის მანძილზე ამერიკული პოლიტიკის ძირითადი ნაკადიდან გარიყული იყო. მემარცხენე პანდემიის პირობებში ახალი ამერიკული კონსერვატიზმის ფუძემდებლებმა საკუთარი თავი სოციალურ კარანტინში მოიქციეს.

შინაგან ემიგრაციაში წასული კონსერვატიზმი თავის განსაკუთრებულ მისიას მემარცხენე ოკეანით გარშემორტყმული ელიტარულ ოაზისში მარადიულ სათნოებათა დაცვას, შენახვასა და შეურყვნელი სახით მომავალი თაობებისთვის გადაცემაში ხედავდა. ის კლასიკური განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების მკაცრი ნორმებისა და გამოცდილებით დაგროვილი სიბრძნის სადარაჯოზე იდგა.

კონსერვატორებისათვის მიუღებელი იყო მორალური რელატივიზმისა და სოციალიზმის მიერ ფასეულობათა და ქონებრივ გათანაბრების შედეგად აღზევებული მასობრივი საზოგადოება და მისი კულტურა, მედიასა და უნივერსიტეტებში პოლიტიკური კორექტულობისა და აკადემიური სტანდარტების დეგრადაცია.

ამერიკელ მემარჯვენეთა დამოკიდებულებაში ძნელი არაა უცნაური ტენდენციის შენიშვნა – რწმენა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოახერხა უფრო დახვეწილი კონსტიტუციური წყობის შექმნა, მაგრამ ვერ შეძლო ჩამორჩენილი პოლიტიკური სისტემის მქონე ევროპის კულტურულ მემკვიდრეობასთან შესადარი სულიერების სიმაღლეების მიღწევა.
____________________________________

კონსერვატიზმის მზიანი ღამე

კონსერვატიზმი თავისი არსით პარადოქსალური ფენომენია – ინტელექტუალური ანტიინტელექტუალიზმი, კლასიკური ევროპული იდეალების დამცველი ანტიევროპეიზმი, რევოლუციური ტრადიციონალიზმი. ის განწირულია რომ მუდმივად სხვადასხვა სახით წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარ თავთან. ამ წინააღმდეგობებში არა მხოლოდ მისი სისუსტეა, არამედ ძალაც. ყოველი შინაგანი წინააღმდეგობიდან კონსერვატიზმი განახლებული და უფრო ძლიერი გამოდის.

ერთ–ერთი ასეთი დაპირისპირება მის ელიტარულ და პოპულისტურ დინებებში ვლინდება. პოპულიზმი, თუნდაც რომ კონსერვატიული ამოცანების მქონე, ამ იდეოლოგიის მაღალი სტანდარტების დევალვაციის საფრთხეს შეიცავს. მასობრივ კულტურისა და მასობრივი საზოგადოების მიუღებლობაზე დაფუძნებული მიმდინარეობა მასობრივი პოლიტიკური მოძრაობის სახის შეძენით თავისი ინტელექტუალური არსის შენარჩუნების გამოწვევის წინაშე დგას.

არანაკლებ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას საკუთარ ელიტასთან დაპირისპირებული კონსერვატიული პოპულიზმი – იგი ხომ ავტორიტეტების წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური მოძრაობაა, რომელიც იმავდროულად ავტორიტეტების პატივისცემაზეა დაფუძნებული.

თავი რომ დავანებოთ არსებული წყობილების საკრალურ და ტრანსცენდეტურ განზომილებებს, კონსერვატორისათვის ელიტა ბუნებრივი შერჩევის გზით ყალიბდება და იქ საკუთარი ტალანტის დამსახურებით ხვდებიან. ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ამბოხის იდეის ლოგიკური ადგილი უფრო მემარცხენე უტოპისტურ ფანტაზიებშია. მიუხედავად ამისა უხსოვარ დროთაგან ის კონსერვატიული ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.

როგორ უნდა იყოს მიღწეული კონსერვატიული რევოლუცია სოციალური ინჟინერიის გარეშე, როგორ უნდა დააღწიოს ტრადიციონალისტმა მეამბოხემ თავი ინტელექტუალური ამპარტავნების ცდუნებას, რომ ადამიანის, როგორც სასრული შესაძლებლობების მქონე არსების, თუნდაც კონსერვატიულ გონებას ტრადიციულ ინსტიტუტების გაუმჯობესება ხელეწიფება.

John Sidney McCain

ლაზარე, გამოვედ გარეთ!

არიზონას სენატორს ზოგჯერ ამერიკული პოლიტიკის ლაზარედ მოიხსენიებენ, რომელმაც უკვე არაერთხელ მოახერხა მკვდრეთით აღდგომა, არაერთხელ დაბრუნდა იქიდან, საიდანაც მას უკან არავინ აღარ ელოდა. მას არაერთხელ ჩაუხედავს სიკვდილისათვის თვალებში, როგორც გადატანითი, მაკეინს პირდაპირი მნიშვნელობით და მაინც გადარჩენილა. შესძლებს თუ არა ის კიდევ ერთხელ ყველას განცვიფრებას და ყველა პროგნოზის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვებას?

თუკი მაკეინი პრეზიდენტი ამჯერადაც ვერ გახდა, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, 2000 წლის სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზის შემდეგ, როცა თეთრი სახლისათვის ბრძოლაში ჯორჯ ბუშის გამო მან მარცხი განიცადა. ამერიკის 43–ე პრეზიდენტის წარუმატებლობებმა მისი ოპონენტების გამარჯვებისათვის უაღრესად ხელსაყრელი კლიმატი შექმნა.

ახლა უტყუარად რომც დადასტურდეს, რომ ბარაკ ობამა მართლა ანტიამერიკული ძალების მიერ ტვინგამორეცხილი და დაპროგრამირებული მანჯურიელი კანდიდატია, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ამერიკული ცხოვრების წესისა და ძლიერებისთვის ძირის გამოთხრა, – ამ ვითარებაში დემოკრატების ტრიუმფს ვეღარაფერი შეაჩერებს.

ამ ვითარებაში ობამას თამამად შეუძლია გაიმეოროს ლუიზიანის 4–გზის გუბერნატორის, ამჟამად რეკეტის, გამოძალვისა და თაღლითობაში ბრალდების 17 პუნქტისათვის მსჯავრდებულ ედვინ ედვარდსის ცნობილი სიტყვები – არჩევნების წაგების ერთადერთი შესაძლებლობა საწოლში მკვდარ გოგოსთან ან ცოცხალ ბიჭთან ერთად წასწრებაა.
____________________________

რბილი გადასვლის სამზადისი

50%–ით გაზრდილი მთავრობა, კატრინას ქარიშხალი, 2006 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელების მარცხი ბოლოს ბუშის ადმინისტრაციის ტოტალური ინტელექტუალური კოლაფსით დაგვირგვინდა. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ პრინციპული პოზიციების შერბილებას, რუსეთის აგრესიაზე უჩვეულოდ დიპლომატიურ რეაქციას და 700 მილიარდიან პოულსონის გეგმას კონსერვატორები სარკასტულად ობამას ადმინისტრაციაზე რბილი გადასვლის სამზადისს უწოდებენ.

ისტორია ხშირად იმეორებს ხოლმე ერთსა და იმავე შეცდომას, როცა სახელმწიფო ინტერვენციებით, რეგულაციებით და პროტექციონიზმით გამოწვეული პრობლემები თავისუფალ ბაზარს ბრალდება. ამის საილუსტრაციო მაგალითია ჯორჯ ბუშის, როგორც ველური კაპიტალიზმის ერთგული დამცველის კლიშე. პოლიტიკურ მითოლოგიაში ვერ ეწერება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან შეუთავსებელი მისი პოლიტიკა, ისევე როგორც ჰერბერტ ჰუვერის მიერ ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვები, რასაც დღეს იშვიათად თუ ვინმე იხსენებს.

სამაგიეროდ ღრმად არის გამჯდარი ფრანკლინ რუზველტის, როგორც ქარიზმატული წმინდანის სტერეოტიპი, რომელმაც ქვეყანა დიდი დეპრესიისაგან იხსნა. არადა მისმა ახალმა კურსმა სინამდვილეში უმუშევრობა 3–დან 25%–მდე გაზარდა. 1930–33 წლებში 9 ათასზე მეტი ბანკი გაკოტრდა, რის შედეგადაც მეანაბრეებმა და აქციონრებმა 2.5 მილიარდი დოლარი ღირებულების ზარალი განიცადეს. ანალოგიური რამ დღევანდელ ეკონომიკაში 340 მილიარდის ტოლფასი იქნებოდა.

George Bush and his wife, Barbara, 1988

კიევური დედალი

1948 წლის ბერლინის საჰაერო ხიდის განმეორება საკმარისი არაა ბუშის ადმინისტრაციის უუნარობის შესანიღბად, თავიდან აეცილებინა მოკავშირე ქვეყანაში რუსეთის აგრესია. უმცროსი ბუშის მიერ პუტინის თვალებში დანახული სული და უფროსი ბუშის მიერ 1991 წელს კიევში დანახული “სუიციდალური ნაციონალიზმის” საფრთხე – ამ საგვარეულოს გენეტიკურ უნარზე მიუთითებს, დაინახონ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს და ვერ შეამჩნიონ ის, რაც რეალურზე უფრო რეალურია.

ბუში 41 და მისი “რეალისტი” მრჩევლები ბრენტ სკოუკროფტის მეთაურობით, ვერ ხედავდნენ ხალხთა საპყრობილის ნგრევისა და დამონებული ერების გათავისუფლების შესაძლებლობას, ბუში 43 და მისი სოვიეტოლოგი სახელმწიფო მდივანი – ბოროტების იმპერიის მემკვიდრეთა შეუპოვარ ნებას უკან შეებრუნებინათ ისტორია და აღმოეფხვრათ “20–ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის” შედეგები. მამის “კიევური დედალის” სახელით ცნობილი სიტყვა შვილის დროს საქმედ იქცა.

“უხეშობისა და სიმკაცრის მიუხედავად, მე დავინახე მისი სახე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ესაა ადამიანი, ვისაც შეგიძლია ენდო, როცა ის სიტყვას გაძლევს”, – ეს სიტყვები პუტინის სულის მესაიდუმლეს არ ეკუთვნის. ისინი ბევრად ადრე ითქვა.

ბუშის შედარება ნევილ ჩემბერლენთან უსამართლოა, მაგრამ ერთგვარი ასოციაციები ძალაუნებურად მაინც ჩნდება. თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეჭრის პუტინის სცენარი სუდეტში ჰიტლერის მოქმედებათა ზუსტი ანალოგიაა. თუნდაც იმიტომ, რომ როცა საქმე “შორეულ ქვეყანას” ეხება და “ხალხს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით”, დიდია ცდუნება, ირწმუნო “ჩვენ დროში მშვიდობის” შესაძლებლობის.

ჩემბერლენს ეგონა რომ ჰიტლერი “განზრახ არ მოატყუებდა მას, ვისაც პატივს სცემდა და ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა”. ბრიტანეთის პრემიერი მწარედ ცდებოდა როგორც ფიურერის გეოპოლიტიკური ამბიციების, ისე მისი პიროვნების შეფასებების შესახებ – “ჩვენი მტრები პატარა მატლები არიან, მე ისინი მიუნხენში ვნახე”. როგორც ჩერჩილმა თქვა, ჩემბერლენს ჰქონდა “არჩევანი ომსა და უღირსობას შორის. მან აირჩია უღირსობა და მიიღო ომი”. როცა ჰიტლერი სუდეტით არ დაკმაყოფილდა და მთელი ჩეხოსლოვაკია დაიპყრო, ჩემბერლენს ისღა დარჩენოდა, ეთქვა: “მხოლოდ რუქაზე შეხედვაა საჭირო იმისათვის, რომ დაინახო საფრანგეთს ან ჩვენ არაფერი შეგვეძლო გაგვეკეთებინა ჩეხოსლოვაკიის გადასარჩენად.”
_______________________________________

George W. Bush

მოულოდნელი პარალელები

თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარის სახელგატეხილ ბრენდზე პოლიტიკური კაპიტალიზაცია ობამას საარჩევნო სტრატეგიის ცენტრალური ელემენტია. დემოკრატების კანდიდატი მაკეინის პრეზიდენტობაში ბუშის მესამე ვადის კონტურებს ხედავს. თავისმხრივ მაკეინი ობამას გამარჯვებას კარტერის მეორედ მოსვლად აცხადებს.

ბევრი ამომრჩევლისათვის ახლა მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მოსაწონია სტატუს ქვოს დემოკრატიული ალტერნატივა, მათთვის მთავარია, რომ პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის და მისი პარტიის კანდიდატების წინააღმდეგ მისცენ ხმა. მაგრამ 2 საპრეზიდენტო კანდიდატიდან ვინაა დაბლ–იუს ჭეშმარიტი მემკვიდრე? ამ, ერთი შეხედვით, რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არც თუ ერთმნიშვნელოვანია.

უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ რამდენად მართებულია არიზონის სენატორი დღევანდელი პრეზიდენტის უბრალო კლონად ჩავთვალოთ. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბუშსა და მაკეინს შორის საკმაოდ რთულ პიროვნულ ურთიერთობათა ისტორია, განსხვავებულ ბიოგრაფიები და ადამიანურ თვისებები, აგრეთვე მთელი რიგი ფილოსოფიური თუ პოლიტიკური უთანხმოებები. გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშს შორის მსგავსებათა ანალიზს. პარალელები მართლაც რომ გასაოცარია.

მედია ხშირად მიუთითებს ხოლმე ბუშის უუნარობაზე, აღიაროს საკუთარი შეცდომები და გათავისუფლდეს იდეოლოგიური ილუზიების ტყვეობიდან. არადა, სწორედ ამ ტერმინებში აღწერენ კონსერვატორები ობამას უარს, აღიაროს ერაყის “ზვირთის” წარმატება. მრჩეველთა კაბალის მიერ მანიპულირებული პოლიტიკურად გამოუცდელი ბუში მემარცხენეთა ანგლობების მუდმივი პერსონაჟია. ანალოგიურად, ობამას უმწიფრებისა და მისი 300 კონსულტანტის შესახებ ირონიზება რესპუბლიკელთა წრეში თავის შექცევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბუშის “თანამგრძნობი კონსერვატიზმისა” და ოაბამას მემარცხენე ეკონომიკური იდეოლოგიის კიდევ ერთი თანხვედრა – საბიუჯეტო ხელგაშლილობით სოციალური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობის რწმენა. დემოკრატების კანდიდატის ოპონენტები შიშობენ, რომ არჩევის შემთხვევაში ის საჯარო სახსრების უკონტროლო ფლანგვის თვასაზრისით ამჟამინდელი პრეზიდენტის ღირსეული მემკვიდრე იქნება.

ამ პარალელების გაგრძელება კიდევ დიდ ხანს შეიძლება, მაგრამ ბუში არაა ერთადერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ვისთანაც ილინოისის სენატორის მიმსგავსება ხდება.
_____________________________________

Richard Nixon and Henry Kissinger, 1972

ნიქსონის აჩრდილი

არც ერთ რესპუბლიკელთან ბრძოლაში დემოკრატებს იმდენი ენერგია არ დაუხარჯავთ, რამდენიც რიჩარდ მილჰაუს ნიქსონის შემთხვევაში. მისი კარიკატურიზებული სახე მემარცხენე იკონოგრაფიაში ყოველივე მიუღებლისა და უმსგავსოს სიმბოლოდ იქცა. 1960 წლის არჩევნებზე ჯონ ფიცჯერალდ კენედის მიერ მისი დამარცხება პროგრესულ მითოლოგიაში განახლებისა და განწმენდის სიმბოლოდაა მიჩნეული.

კენედი დღემდე დემოკრატების უდიდესი კერპია და ხშირად ილინოისის სენატორის პარაგონადაც მოიხსენიება. მისი ძმის, სენატორ ედვარდ კენედის მიერ ობამასათვის მემარცხენე იდიალიზმის ჩირაღდნის გადაცემა დემოკრატების ყრილობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო.

თუმცა ამ მორალური სიმაღლის შენარჩუნება ილინოისის სენატორმა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო. საარჩევნო კამპანიის საჯარო დაფინანსებაზე ოპორტუნისტული მოსაზრებებით უარის თქმა მის მიერ ადრე გაცხადებული პოზიციის გადასინჯვის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების არსებული სისტემის ფესვებს ნიქსონის ერაში მივყავართ. უოთერგეიტის სკანდალის ფონზე მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელსაც პოლიტიკური პროცესი დიდი ფულის კორუფციული გავლენისაგან უნდა დაეცვა. კერძო შემოწირულობების შეზღუდვისა და საჯარო დაფინანსების ადვოკატები უმეტესწილად ყოველთვის დემოკრატები იყვნენ.

ჯონ მაკეინი, პარტიული კოლეგების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კამპანიების დაფინანსების რეფორმის აქტიური მომხრე და ამ სფეროს ძირითადი მარეგულირებელი ახალი კანონის მთავარი თანაავტორია. ობამასგან განსხვავებით იგი საკუთარი სიტყვის ერთგული დარჩა და საჯარო დაფინანსების სისტემით დაწესებულ ლიმიტებს დასჯერდა. რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს, მან 640 მილიონიანი საარჩევნო ბიუჯეტით არა მარტო ყველა რეკორდი მოხსნა, არამედ საჯარო დაფინანსების არსებულ სისტემას ბოლო მოუღო – ნაკლებად სავარაუდოა რომ შემდეგ არჩევნებზე რომელიმე კანდიდატი ასეთ აშკარა უთანასწორობას დათანხმდეს და საკუთარი გამარჯვება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კენედის აჩრდილი ობამასათვის ეფექტური მარკეტინგული ბრენდია, პრაქტიკულ პოლიტიკაში კი, სუფთა პოლიტიკის ამაღლებული იდეალების შესახებ მგზნებარე სიტყვების პარალელურად, ილინოისის სენატორი წარმატებით იყენებს ნიქსონისეულ მეთოდებს. ობამას საარჩევნო მანქანა ოპონენტებში ნიქსონისეული სანტექნიკოსების ასოციაციებს იწვევს, მისი მეგალომანია კი, ილინოისის სენატორის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი იმპერიული პრეზიდენტობის მოლოდინებს აჩენს.

ერთი შეხედვით, ეს ვარაუდი სრულიად დაუჯერებლად ჟღერს. ამ წელს ხომ საბოლოოდ უნდა დაესრულებინა ნიქსონის ერა. წლევანდელი წლის მთავარი პოლიტიკური პერსონაჟების კეთილშობილება ამის გარანტია უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ სასურველი რეალურად იქნა მიჩნეული. ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო კარგი დაკვირვების შედეგად არც ისეთი ფერადოვანი აღმოჩნდა. ამერიკული პოლიტიკა კვლავაც ნიქსონლენდშია მომწყვდეული.
_______________________________

A Republican satire on William Jennings Bryan's "Cross of Gold" speech

პოპულიზმი პოპულიზმისა წილ

ნიქსონამდე პოპულიზმის პოლიტიკურ ხელოვნებაში მემარცხენეები უფრო მეტად იყვნენ გაწაფულები. ფრანკლინ რუზველტი რესპუბლიკელებს “ეკონომიკურ როიალისტებს” უწოდებდა. მისი მეოხებით დემოკრატები ამერიკის პოლიტიკაში თითქმის 3 ათეული წელი დომინირებდნენ.

დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოპულიზმი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ, როცა დემოკრატიული პარტია ეკონომიკური პოპულიზმით გამოირჩევა, რესპუბლიკელებისათვის უფრო მეტად კულტურული პოპულიზმია დამახასიათებელი. თუკი მემარცხენეთა საყვარელი თემები მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი უფსკრული, სოციალური თანასწორობა და კორპორატიული სიხარბეა, მემარჯვენეები ყურადღებას თავაშვებულობასა და განუკითხაობაზე, სახელოვნებო და აკადემიური ელიტის ზნეობრივ კრიზისზე ამახვილებენ.

რუზველტის დროს სოციალური სამართლიანობის თემებით გატაცების მიუხედავად, დემოკრატიული პოპულიზმის მთავარი ნაირსახეობა ნიქსონის ერამდე არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ხასიათისა იყო. ყველაზე ცნობილი დემოკრატი პოპულისტი არა რუზველტი, არამედ მაინც ამერიკის 41–ე სახელმწიფო მდივანი და 3–გზის უიღბლო საპრეზიდენტო კანდიდატი უილიამ ჯენინგს ბრაიანი იყო. იგი ერთნაირად ზრუნავდა რიგითი ამერიკელის ეკონომიკურ ინტერესებსა და ზნეობრივ სიწმინდეზე, გააფთრებით ებრძოდა როგორც აღმოსავლეთ სანაპიროს ელიტებს, ისე ევოლუციურ თეორიას.

“ოქროს ჯვარზე” გაკრული, მშრომელებისათვის მებრძოლი, “დასავლეთის ვერცხლის რაინდი” იმავდროულად “მშრალი კანონის” აქტიური ადვოკატიც იყო. მისი მთელი ცხოვრება ერთ დიდ ჯვაროსნულ ლაშქრობას წარმოადგენდა, რომლის ფინალური აქტი სახელგანთქმულ “მაიმუნის პროცესში” მონაწილეობა იყო – პროცესის დასრულებიდან 5 დღეში “პროტესტანტი პაპი” გარდაიცვალა.
____________________________________

მდუმარე უმრავლესობა

ნიქსონმა პოპულიზმის განახლებულ მეცნიერებას რესპუბლიკური პარტია აზიარა და მოწინააღმდეგეს ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური მარცხი აწვნია. მისმა სამხრეთურმა სტრატეგიამ ამერიკის პოლიტიკური ლანდშაფტში ტექტონური ცვლილებები გამოიწვია.

ღირებულებების ირგვლივ ამომრჩევლის გახლეჩვით გამოთავისუფლებული ენერგია ნიქსონის გენიის მიერ აღმოჩენილი პოლიტიკური ბრძოლის ახალი მძლავრი იარაღი გახდა. კულტურა “პოზიტიური პოლარიზაციის” მეშვეობით მან მასების მობილიზაციის სწორუპოვარ საშუალებად გახადა.

მოშლილი ტრადიციებით, შერყეული ზნეობით, მზარდი დამნაშავეობით, პოლიტიკური რადიკალიზმით გამოწვეული საშუალო კლასის უკმაყოფილება და რაც მთავარია, შიში ნიქსონისეული “ძალის ბნელი მხარე” იყო.

ნიქსონისგან პოლიტიკური ნათლობის მიღების შედეგად, თვით–კმაყოფილი ელიტებისა და მეინსტრიმული მედიის მიერ რასიზმისა და სექსიზმის იარლიყ–მიწეპებული და იგნორირებული “მდუმარე უმრავლესობა” მძლავრ ელექტორალურ ძალად იქცა. 70–იანების ბოლოს ის “მორალური უმრავლესობის” სახით გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, ხოლო ათასწლეულთა მიჯნაზე “ღირებულებათა ამომრჩევლად” ტრანსფორმირდა.

ამ ბლოკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რესპუბლიკელთა არა ერთ პოლიტიკურ გამარჯვებებში – 2004 წელს საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მხარდაჭერის განმაპირობებლი ფაქტორი ამომრჩეველთა 22%–სათვის მორალური ფასეულობები იყო, ეკონომიკა და დასაქმება – 20%, ტერორიზმი – 19%, ერაყი –15%, ჯანდაცვა – 8%, გადასახადები – 5%, განათლება – 4%.

მაგრამ დროსთან ერთად საშუალო კლასის დემოგრაფიული კონფიგურაცია ნელ–ნელა იცვლება. ფერმერებისა და ლურჯსაყელოიანი მშრომელების ხვედრითი წილის შემცირების პარალელურად სულ უფრო იზრდება თეთრსაყელოიანი ცოდნის მუშაკების რიცხვი. თავად ლურჯსაყელოიანთა შორის კი გენდერული ბალანსის წანაცვლება სულ უფრო მეტად სუსტი სქესის სასარგებლოდ ხდება.

60–იან წლებში დაწყებული საგანმანათლებლო რევოლუციის შედეგად უნივერსიტეტების ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა. ყოფილი ჰიპები და მეამბოხეები პროფესორებად იქცნენ.
____________________________

Bill Ayers

კომუნისტი პატარა ასოთი

სხვათა შორის, ამ ტალღაზე მოსული ერთ–ერთი “განმანათლებელია” მამლის ყივილამდე ობამას მიერ სამგზის უარყოფილი ბილ აიერსი. მემარცხენეები მას “გამოჩენილ სასკოლო რეფორმატორს” უწოდებენ ხოლმე. ფორმალური რეგალიების მიხედვით, ეს მართლაც ასეა – ეს ადამიანი ამჟამად ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი და კურიკულუმის საკითხებში ამერიკის საგანმანათლებლო კვლევების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტია.

კონსერვატორები კი ამბობენ, რომ აიერსის “სასკოლო რეფორმატორად” მოხსენიება იმავე ტრადიციის გაგრძელებაა, როცა გასული საუკუნის 30–იან წლებში “ნიუ–იორკ თაიმსი” სტალინის “აგრალური რეფორმების” შესახებ წერდა და “ბედნიერი და მწარმოებელი” კოლმეურნეობების შესახებ საუბრობდა.

“ამერიკის წითელ არმიად” წოდებული ტერორისტული ორგანიზაცია “იატაკქვეშა ამინდის” ერთ–ერთი ლიდერი და ბომბარდირი, საკუთარ თავს ახლაც “პატარა ასოთი კომუნისტს” უწოდებს. თავს უგო ჩავესის თანამოაზრედ მიიჩნევს, რომლის ხელმძღვანელობითაც “ვენესუელას წილად ხვდა მსოფლიოსათვის განათლების ახალი, მაჰუმანიზებელი და რევოლუციური მოდელის შეთავაზება, რომელსაც ტყუპი მისია აქვს – განმანათლებლური და განმათავისუფლებელი”.

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აიერსი შვილებს “რევოლუციის სახლში მიტანისა და მშობლების დახოცვისაკენ” მოუწოდებდა, “პროგრესული” იდეალებისათვის 25 მილიონი “გამოუსწორებელი კაპიტალისტის” განადგურების გეგმებს აწყობდა. იგი დღემდე არ ნანობს თავის ტერორისტულ საქმიანობას, ერთად–ერთი რაზეც გული წყდება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ბომბი ვერ ისროლა.
____________________________________

შური და შიში

60–იანი წლებიდან იწყება პოლიტიკური ბრძოლის ახალი წყალგამყოფის ჯიბიდან ცნობიერებაში გადანაცვლების ტენდენცია. სწვალული ინტელიგენტები არც თუ იშვიათად ზოგიერთ მუშაზე ნაკლებს იღებენ. მათ პოზიციებს, პრეფერენციებს, სიმპათია და ანტიპათიებს არა შემოსავლის, არამედ განათლების დონე განსაზღვრავს.

იყო დრო, როცა პოლიტიკური ბატალიების განმსაზღვრელი მეტწილად ეკონომიკური ინტერესები იყო. კლასობრივი ბრძოლის ენერგეტიკა შურზე იყო დაფუძნებული. კულტურათა ომში თუკი კონსერვატიული პროვინციის არაცნობიერის ძირითადი მასაზრდოვებელი წყარო შიშია, მემარცხენე ინტელიგენციის ენერგია ზიზღით იკვებება. კლასობრივი შუღლი სნობურმა შოვინიზმმა ჩაანაცვლა.

20–ე საუკუნის შუა დეკადაში, როცა პოლიტიკური წყალგამყოფი ეკონომიკური კლასისადმი კუთვნილება იყო, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს ედლაი სტივესნონს, ჯონ კენედის, ლინდონ ჯონსონსა და ჯიმი კარტერს სულ მცირე 13%–იანი უპირატესობა ჰქონდათ კოლეჯის განათლების არმქონე თეთრ მამაკაც ამომრჩეველთა შორის, ვიდრე კოლეჯის ან უფრო მაღალი განათლების მქონე თეთრ მამაკაც ამომრჩეველთა შორის.

60–იანი წლებიდან მოყოლებული, როცა დებატების მთავარი თემა კულტურა, ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა იყო, მდიდარმა და ღარიბმა თეთრმა ამომრჩევლებმა ადგილები გაცვალეს. რესპუბლიკელებმა ლურჯსაყელოიან თეთრ ამომრჩეველთა შორის პოზიციები გაიუმჯობესეს, ხოლო დემოკრატებმა – თეთრსაყელოიან თეთრ ამომრჩეველთა შორის.

ინტელიგენციის თვითმიზნურად ოპოზიციური ეთოსის წყალობით კონტრკულტურა ახალი კულტურის საფუძველი გახდა, ტრადიციების უარყოფა ახალ ტრადიციად დამკვიდრდა, სოციალური კონვენციებისაგან გათავისუფლება ახალ სოციალურ კონვენციად ჩამოყალიბდა. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობდა უინსტონ ჩერჩილი, რომ “ყველაზე მძიმე სირთულე, რომელსაც ჩვენ განვიცდით, გარედან არ მოდის. მისი წყარო შიგნითაა… ისინი მომდინარეობენ გარკვეული ტიპის ტვინიკოსი ადამიანებისაგან,… რომლებსაც თუკი რამ წვლილი შეაქვთ ჩვენს კულტურაში, სანაცვლოდ მისი ძალა მიაქვთ. ჩვენი სიძნელეები მიუტევებელი თვითგანქიქების განწყობიდან მომდინარეობს, რომელშიაც ჩვენი საკუთარი ინტელექტუალების დიდი ნაწილია ჩაფლული.”
________________________________________

მეუფე მილჰაუს

თუკი ნიქსონი “ძალის ბნელ მხარეს” ევროპეიზებული ელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა, ბარაკ ობამამ სეკულარული ინტელიგენცია ღვთისმოშიში და იარაღისმოყვარული პროვინციის წინააღმდეგ მიმართა. თუკი ნიქსონი ზურგის ტვინით გრძნობდა ლურჯსაყელოიანი მშრომელების განწყობილებებს, ილინოისის სენატორი თეთრსაყელოიანი ცოდნის მუშაკების ენაზე ლაპარაკობს, მათ ფასეულობებთან რეზონირებს, მათი ინსტიქტების სიხშირეზე მაუწყებლობს. თუკი აქამდე კულტურის ფრონტზე რესპუბლიკელების შეტევას დემოკრატები პასუხს ეკონომიკურ ფრონტზე აძლევდნენ, ილინოისის სენატორმა ეს ტრადიცია დაარღვია და კულტურათა ომს მძლავრი კონტრკულტურული კონტრშეტევით უპასუხა.

განა არ არის ეს სითჰის ბნელი მეუფის შურისძიება? ჯედაის ორდენის იმედისმომცემი რაინდი ვერ უძლებს ცდუნებას და ძალაში წონასწორობის აღდგენის ნაცვლად მის ბნელ მხარეს ეუფლება. ამ გარდასახვის აღსანიშნავად ამიერიდან მას შეუძლია ამაყად ატაროს ფარული მოძღვრის შუათანა სახელი, საკუთარის გამოყენებას ის ხომ მაინც ისედაც თაკილობს.

მზეგრძელი იყოს სვედიდებული ბარაკ მილჰაუს ობამა! არა შეიცვალოს იმედი მისი.
__________________________________

Supporters of Senator Barack Obama cheered during a rally in Chicago on Tuesday as they heard that he won in Pennsylvania, November 4, 2008

ელექტორალური პრეფერენციები

ოპონენტები თვლიან, რომ ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგები დემოკრატებს რესტავრაციის მანდატს არ აძლევს – 2006 წლიდან მოყოლებული კონგრესში დემოკრატთა წარმომადგენლობა არა იდეოლოგიური ზილოტების, არამედ ეკონომიკური ცენტრისტი, კულტურული კონსერვატორი და პოლიტიკურად პრაგმატული კანონმდებლების ხარჯზე გაიზარდა.

ამასთან, ობამას ელექტორალური მხარდაჭერა იმავე დონეზეა, რაც მის წინამორბედ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰქონდათ. სოციოლოგიურ კვლევებში ილინოისის სენატორის ლიდერობა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის კოლაფსითაა განპირობებული – წელს ის 9%–ით ნაკლებია, ვიდრე 4 წლის წინათ.

კონსერვატორები შიშობენ, რომ ობამა ოსტატურად იყენებს კრიზისს, რათა ამერიკელებს შეასაღოს ბევრი ისეთი მიუღებელი იდეა თუ პოლიტიკა, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა, მისი ფიქრი და განსჯა ეკონომიკური სირთულეების გამო ყოველდღიური პრობლემებით რომ არ იყოს დაკავებული.

რესპუბლიკელთა ამჟამინდელი საარჩევნო სირთულეების მიუხედავად, ამერიკაში იდელოგიური ლანდშაფტი არ შეცვლილა. შეერთებული შტატები მეტწილად ზომიერად კონსერვატიულ ქვეყნად რჩება. გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელთა ორ–ორი მეხუთედი ზომიერი და კონსერვატორია, მემარცხენე კი – მხოლოდ ერთი მეხუთედი. ის, რასაც მემარცხენეები “სამართლიანობას” ეძახიან, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს უპასუხისმგებლობა, თავაშვებულობა, უჩვეულო და ზოგჯერ არაამერიკულიც კი ჰგონია.

ამერიკელთა თითქმის 2/3–ს ურჩევნია ნაკლები გადასახადი და ნაკლები სამთავრობო სერვისი; მხოლოდ მეხუთედს ჯერა მთავრობის მიერ სიმდიდრისა და შემოსავლების გადანაწილების; მხოლოდ მეოთხედი ემხრობა მთავრობის მიერ კონტროლს სტრატეგიული დარგებზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და ენერგეტიკა.

63%–ს უნდა, რომ პრეზიდენტი ქრისტიანული პრინციპების დამცველი იყოს, 70% მხარს არ უჭერს ჰომოსექსუალურ ქორწინებას. მართალია, 50% აბორტის უფლების მომხრეა და 44% წინააღმდეგი, მაგრამ 84% მხარს უჭერს აბორტების მკვეთრ შეზღუდვას, ხოლო თავად აბორტის დაკანონების მომხრეთა 28% თვლის, რომ იგი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი ან თუ ეს დედის სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი, 43%–ს მიაჩნია, რომ აბორტი მხოლოდ ფეხმძიმობის პირველი 3 თვის მანძილზე უნდა იყოს დასაშვები.

შავი და ლათინოსი, ხოლო თეთრებს შორის – განათლებული, ქალი, მდიდარი, ახალგაზრდა, მარტოხელა, სეკულარული დემოკრატების ამომრჩეველია. რესპუბლიკელთა მხარდაჭერა საპირისპირო კატეგორიებში ჭარბობს. ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე მეტ სირთულეებს დემოკრატები საშუალო ასაკის თეთრ ამომრჩეველთა შორის აწყდებიან. რაც უფრო რელიგიურია ამომრჩეველი, მით უფრო მეტი ალბათობით ის რესპუბლიკელთა მხარდამჭერია, მაგრამ დემოკრატებს კათოლიკეთა შორის მეტი ხმების მიღების შანსი აქვთ, ვიდრე პროტესტანტებისაგან. ლათინოსების საარჩევნო პრეფერენციები 2 თაობის წინ არაკათინოსი თეთრების მსგავსია. ლათინოსებს შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბუშს – მან ხმების 40 % მიიღო.

დემოკრატებისათვის შედარებით რთულია თეთრი მამაკაცების ხმების მოპოვება. ბოლო 5 საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად განსხვავებული კანდიდატებისა, დემოკრატთა მიერ მიღებული თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების ოდენობა არსებითად არ შეცვლილა და 36–38% ფარგლებში მერყეობდა.

1988 წლიდან მოყოლებული თეთრი ქალი ამომრჩეველი სულ უფრო გახსნილია დემოკრატების მიმართ და იმავდროულად სულ უფრო მყიფეა მათი პრეფერენციები. მხოლოდ 1996 წელს კლინტონმა შეძლო თეთრი ქალი ამომრჩევლის ხმათა ფარდობითი უმეტესობის მოპოვება. დემოკრატთა ხვედრითი წილი ამ კატეგორიის ამომრჩეველში ბოლო 20 წლის განმავლობაში 40–48% მერყეობდა.

ქორწინება და განათლება თეთრი ამომრჩევლის ყველა კატეგორიაში პოლიტიკურ წყალგამყოფს წარმოადგენს. 5–ვე არჩევნებში, ამომრჩევლის თითოეულ კატეგორიაში, რაც უფრო მაღალი იყო ამ ამომრჩევლის განათლების დონე, მით უფრო მეტი იყო დემოკრატების მიერ მიღებული ხმების ხვედრითი წილი. ბოლო 5 დემოკრატი კანდიდატის მიერ კოლეჯის განათლების არმქონე თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების საშუალო ოდენობა 36.6% იყო, ხოლო განათლების მქონე თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების საშუალო ოდენობა – 36%. არც ერთ დემოკრატ კანდიდატს რომელიმე ამ კატეგორიაში ხმების 40% არ მიუღია.

დაქორწინებულ თეთრ მამაკაცთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას. ამ კატეგორიის ამომრჩევლთა შორის საუკეთესო შედეგი 1996 წელს ბილ კლინტონს ჰქონდა და ეს ამ კატეგორიის ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 36%–ს შეადგენდა. შედარებით უკეთესი პოზიციები აქვთ დემოკრატებს მარტოხელა თეთრ მამაკაც ამომრჩევლთა შორის. საუკეთესო შედეგი აქ 2004 წელს ჯონ კერის ჰქონდა – 46%. დაქორწინებულ თეთრ ქალთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას, ხოლო გაუთხოვარ თეთრ ქალთა უმრავლესობა 2–ნიშნა რიცხვიან უპირატესობას დემოკრატებს ანიჭებს.
___________________________________

The Great Republican Reform Party Calling on their Candidate, an 1856 print which is a political cartoon about John C. Frémont, the first Republican party candidate for president of the United States

ტერტულიანეს მემკვიდრეები

მემარცხენეთა შორის გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ადამიანის ჭეშმარიტ ინტერესს ეკონომიკური ბაზისი განსაზღვრავს, ხოლო ისინი, ვინც კულტურული ზედნაშენიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს, ყალბი ცნობიერების ანუ კლასობრივად უცხო იდეოლოგიის ტყვეობაში იმყოფებიან. მათ გულწრფელად არ ესმით, როგორ შეიძლება გონიერმა ამომრჩეველმა კულტურული იდენტობა კლასობრივ ინტერესზე მაღლა დააყენოს.

ამასთან, დემოკრატები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბი და საშუალო კლასის ამომრჩევლის ეკონომიკურ ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ მემარცხენე პოლიტიკა – ბევრი რეგულირება, მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო ხარჯები, ძლიერი პროფკავშირები და დახურული ბაზარი პასუხობს. მართალია, სოციალიზმის ისტორია ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ განა რა მოხდა?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სწამთ, იმიტომ რომ აბსურდია. შემწყნარებლობის კანონები მოითხოვს რომ ნებისმიერ რწმენას თანაბარი პატივისცემით მოვეპყრათ. პრობლემა ისაა, რომ თავად ეს რწმენა არის სხვათა მიმართ შეუწყნარებელი.

პროგრესული იდეების გამარჯვების ობიექტურ კანონზომიერებაში დარწმუნებული ძალიან ბევრი მემარცხენე თავს არ იწუხებს იმით, რომ განსხვავებულ აზრთან სერიოზულ პოლემიკაში შევიდეს ან თავისი მსოფლმხედველობის სისწორის გასარკვევად ემპირიული ფაქტების საფუძველზე გადაამოწმოს. ის რაც პროგრესული არაა, ის ხომ იმთავითვე ჩამორჩენილია, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია რომ იყოს. მის მიერვე შექმნილი განუვითარებელი ოპონენტის კარიკატურასთან კამათი პროგრესული ლიტურგიის ყველაზე სახალისო ელემენტია.
________________________________

The butterfly hunter by Carl Spitzweg (1840)

გამოქვაბული და პეპელა

სინამდვილისგან სრული ინსულაციის შედეგად მემარცხენეები პლატონის გამოქავბულის ტყვეს ემსგავსებიან – საკუთარსავე გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც რეალობასთან შეხება მხოლოდ პროგრესული იდეების იდეალური ფორმების პრიზმიდან ხდება. უძლეველი სწავლებით შეიარაღებულნი საკუთარ თავს ადვილად არწმუნებენ იმაში, რისი დაჯერება მათ სიმართლის გაგებაზე ბევრად უფრო უნდათ.

სხვადასხვა მემარცხენე ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიის ურთიერთ–შემვსები და გამაძლიერებელი თანავარსკვლავედი სრულყოფილი ექო–კამერის ეფექტს ქმნის. გამოქვაბულის ინტელექტუალები ხედავენ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც თავადვე უნდათ, ესმით მხოლოდ ის, რაც მათ რწმენას საკუთარ შეუმცდარობაში კიდევ უფრო ამყარებს.

ეს ფილოსოფიური გამოქვაბული ერთგვარი კოკონია, რომელიც მემარცხენე წიგნის ჭიების კომფორტულ არსებობას უზრუნველყოფს და განვითარების შემდეგი საფეხურებისათვის ამზადებს. გადის დრო, და ამ კოკონიდან მშვენიერი პეპელა ამოფრინდება. პეპელა გარდასახვის აღიარებული სიმბოლოა. სწორედ ასეთ სიმბოლოდ აღიქვამს მემარცხენე პოლიტიკური ბანაკი ბარაკ ობამას ფენომენს.

დემოკრატების ოპტიმიზმის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პეპელა იმავდროულად ჯუანძის სკეპტიკურ ფილოსოფიაშიც გვხვდება. დემოკრატიულ სიზმარში მემარცხენეობა ცოდვილი ამერიკის განსაწმენდად მოვლენილი ძალაა, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ, გულწრფელობის მოზღვავებისას ინტელექტუალურად პატიოსან მემარცხენეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თავად ცოდვილი დემოკრატები ხომ არ განწმინდა ამერიკის ისტორიამ მათი წარსული შეცოდებებისაგან?

ობამანიის ეიფორიაში შესაძლოა ბევრს დაავიწყდა, რომ თავის დროზე მონობის დასაცავად დემოკრატებმა სამოქალაქო ომი წამოიწყეს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის შექმნის მთავარი მოტივი მონობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. სამოქალაქო ომის შემდეგ პერიოდში დიადი ძველი პარტია სეგრეგაციისა და ლინჩის სასამართლოს წინააღმდეგ და რასობრივი უმცირესობის სამოქალქო უფლებების დასაცავად იბრძოდა.
____________________________________

Bull Connor, (top left) a democrat Birmingham city official, directed police dogs and fire hoses against black civil rights marchers

ფარული ისტორია

1840–1860 წლებში დემოკრატიული პარტიის 6 პლატფორმა მხარს უჭერდა მონობას, 1800–1861 წლებში 7 დემოკრატი პრეზიდენტი პირადად ფლობდა მონებს, 1868–1948 წლებში დემოკრატიული პარტიის 20 პლატფორმა მხარს უჭერდა სეგრეგაციას. დემოკრატებმა შემოიღეს ჯიმ კროუს სახელით ცნობილი სეგრეგაციის კანონები. ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობისას მოხდა ფედერალური მთავრობისა და შეიარაღებული ძალების სეგრეგაცია.

დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ კონსტიტუციის 13–ე, 14–ე და 15–ე შესწორებების მიღებას, რომლებმაც გააუქმეს მონობა, ყოფილ მონებს კანონის წინაშე თანასწორი დაცვა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭეს.

დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1866 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტის მიღებას, რომელიც დემოკრატი პრეზიდენტის, ანდრიუ ჯონსონის ვეტოს დაძლევის გზით რესპუბლიკურმა კონგრესმა მიიღო, ისევე როგორც ეწინააღმდეგებოდნენ 1875 და 1957 წლების სამოქალაქო უფლებათა აქტების მიღებას. 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტის წინააღმდეგ მიცემულ ხმათა წარმომადგენელთა პალატაში ¾, ხოლო სენატში –80% დემოკრატებს ეკუთვნოდა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში დემოკრატიული პოპულიზმის ყველაზე თვალშისაცემი და სამარცხვინო გამოვლინება რასიზმი იყო. კუ კლუს კლანი ამ პარტიის შეიარაღებულ რაზმს წარმოადგენდა, ხოლო 1924 წლის ეროვნული ყრილობა ისტორიაში “კლანბაიკის” სახელით შევიდა.

ალაბამის ქალაქ ბირმინჰემის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისარი თეოფილუს იუჯინ კონორი (მეტსხელად “ბულ” – ხარი), რომელმაც “სახელი გაითქვა” 1960–იან წლებში “თავისუფლების მარშში” მონაწილე სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის აქტივისტებისათვის ძაღლების მიქსევით, ერთდროულად დემოკრატთა ეროვნული კომიტეტისა და კლანის ღირსეული წევრი იყო.

სხვათა შორის, ცნობილმა კონსერვატიულმა კომენტატორმა რაშ ლიმბომ შიდაპარტიული არჩევნების დროს ბილ კლინტონის ბარაკ ობამაზე თავდასხმების შესახებ თქვა, რომ “ბულ კონორისგან ბულ კლინტონამდე მოვედით”.

ბარაკ ობამას აღზევება არა მხოლოდ ამერიკაში მომხდარ ფუნდამენტურ ცვლილებებზე მიუთითებს, არამედ, პირველ რიგში, თავად დემოკრატიული პარტიის, როგორც ისტორიულად რასიზმის მთავარი პოლიტიკური საყრდენის უმცირესობათა ინტერესების გამომხატველ ძალად ევოლუციის შთამბეჭდავი გამოხატულებაა.

თომას ჯეფერსონის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაცია მსოფლიოს უძველესი დღემდე მოქმედი პარტიაა. თუ არსებობის ხანგრძლივობით, მის მიერ განვლილი გზითა და ტრანსფორმაციის მასშტაბით ვიმსჯელებთ ის იმავდროულად ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციადაც უნდა მივიჩნიოთ. ობამას ნომინაციით თანამედროვე დემოკრატიული პარტიის მიერ საკუთარ წარსულზე მოპოვებული გამარჯვება არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე რესპუბლიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში მიღწეული საარჩევნო უპირატესობები.
_______________________________________

ხმებზე ნადირობის ეროვნული თავისებურებანი

მას შემდეგ რაც რესპუბლიკელთა წარმატებული პოლიტიკის შედეგად რასობრივი უთანასწორობის პრობლემამ უწინდელი აქტუალობა დაკარგა, დემოკრატები აქტიურად ილაშქრებენ “კოდირებული” რასიზმის ქარის წისქვილების წინააღმდეგ. საზოგადოებას აქტიურად უნერგავენ აზრს, რომ რასისტული გადმონაშთების გამო ობამამ შეიძლება მარცხი განიცადოს – აბა სხვა რა მოტივი შეიძლება ქონდეს ამომრჩეველს, რომელიც სრულქმნილ არსებას მხარს არ დაუჭერს. ამიტომ სანამ დემოკრატები საკუთარი მივიწყებული ტრადიციების სკივრს გახსნიან და იქიდან ლინჩის სასამართლოს ამოიღებენ, ყველა უნდა დაირაზმოს და როგორც ერთმა ხმა “იმ ერთს” მისცეს.

ობამა მაქსიმალურად ცდილობს, გაუადვილოს მერყევ ამომრჩეველს მის სასარგებლოდ ხმის მიცემა. ბოლო 10 საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის ბიზნესის, რელიგიისა და საშუალო კლასის მეგობარი რეპუტაციის მქონე რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ. დემოკრატებმა მხოლოდ 2–ჯერ (ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი) შეძლეს გამარჯვება, მაშინ, როცა მათი კანდიდატი ზომიერ ცენტრისტად აღიქმებოდა და არა ელიტისტად და მემარცხენე რადიკალად.

ამიტომ ობამა ცდილობს ახალი იმიჯის კულტივირებას – საუბრობს ღმერთსა და ამერიკელთა 95%–ისთვის გადასახადების დაწევაზე, იარაღის ტარების უფლებასა და აბორტის შემცირების აუცილებლობაზე. მისი ოპონენტები სიტყვასა და საქმეს შორის სხვაობაზე მიუთითებენ და ოპორტუნიზმზე საუბრობენ. საკვანძო კენჭისყრების დროს ობამა ძირითადად თავს იკავებდა, არ რისკავდა, რომ მომხრე ან წინააღმდეგ მიცემული ხმით ვინმე გაენაწყენებინა. იგი არასდროს დაპირისპირებია საკუთარ პარტიას ან მის უკან მდგარ ლობისტურ ჯგუფებს. ობამას თანხვედრა საკუთარ პარტიასთან 97%–ია, მაკეინის – 90%.
___________________________

ეკონომიკური რეცეპტები

ეკონომიკა 2–ვე საპრეზიდენტო კანდიდატის რეზუმეს სუსტი წერტილია. არც ერთს არა აქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც ამერიკის არსებული ფინანსური კრიზისიდან სწრაფ გამოყვანას უზრუნველყოფს და მის გლობალურ კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს. ამიტომ ეკონომიკური ცოდნის დეფიციტის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა კანდიდატთა იდეოლოგიურ ინსტინქტებს ენიჭება.

მაკეინი შემცირებული გადასახადებისა და შეკვეცილი საბიუჯეტო ხარჯების, დერეგულირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ტრადიციულ კონსერვატიულ რეცეპტს იძლევა. მას უნდა კონკურენციისა და არჩევანის საბაზრო პრინციპების დანერგვით გარდაქმნას ჯანდაცვისა და განათლების სისტემები.

პრაიმერიზების დროს, როცა ჰილარი კლინტონის დასამარცხებლად მემარცხენეთა რადიკალური ბაზის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, ობამა ბევრს საუბრობდა მდიდრებისათვის გადასახადების მომატებაზე, პროფკავშირების გაძლიერებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გადახედვაზე. ნომინაციის განაღდების შემდეგ მან არაერთ ადრინდელ პოზიციას საარჩევნო კამპანიებისათვის დამახასიათებელი გადახურებული და გაზვიადებული რიტორიკის მაგალითი უწოდა.

როგორი კორექტირებაც არ უნდა განიცადოს ობამას შეხედულებებმა, მაღალი ალბათობით შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ თეთრ სახლში და კაპიტოლიუმში დემოკრატები იქნებიან ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისას საქართველო მეტ სირთულეებს წააწყდება.

ამჟამად თავისუფალ ვაჭრობას ამერიკელთა ნახევარზე ცოტა ნაკლები უჭერს მხარს, ხოლო ნახევარზე ცოტა მეტს მიაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შედეგად ამერიკა სამუშაო ადგილებს კარგავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემოკრატები ერთდროულად საკუთარი იდეოლოგიური პრეფერენციებისა და საზოგადოებრივი განწყობის წინააღმდეგ წავიდნენ, განსხვავებით რესპუბლიკელებისაგან, ვისთვისაც თავისუფალი ვაჭრობა მათი ეკონომიკური ფილოსოფიის საკვანძო პრინციპს წარმოადგენს.

ხარჯვითი პროგრამების შემცირება, როგორც წესი, არაპოპულარული და პოლიტიკურად სარისკოა – თითოეულ ასიგნებას მოსარგებლეთა თავისი წრე ჰყავს, რომელთა განაწყენებას ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის პირი გაურბის. მაკეინი ხარჯების არსებულ დონეზე გაყინვასა და დაჯავშნული ასიგნებების გაუქმებაზე საუბრობს, მაგრამ სააბოლოო ჯამში თავისი საბიუჯეტო პრიორიტეტების დეტალების გამომზეურებას 2–ვე კანდიდატი გაურბის.

მეტი კონკრეტიკა ჯო ბაიდენის შემოთავაზებებშია – ის საგარეო დახმარების შეკვეცაზე საუბრობს. საგარეო დახმარების მოსარგებლეები მეტწილად ამერიკულ არჩევნებში ხმის უფლებით აღჭურვილნი არ არიან, ამიტომ ამ პროგრამის შემცირება პოლიტიკურად ძვირი არაა, მაგრამ ბაიდენის ფინანსური იზოლაციონიზმი ამერიკის საერთაშორისო როლის შესუსტების მიზეზი შეიძლება გახდეს. მსოფლიო სცენიდან შეერთებული შტატების უკან დახევამ სახიფათო ვაკუუმი შეიძლება შექმნას.
__________________________

სანტა კლაუსის საგადასახადო პატრიოტიზმი

ობამას მომხრეებს მიაჩნიათ, რომ გადასახადები საზოგადოების წევრობის ნიშანია, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაჭირვებულთა დახმარება ზოგჯერ მხოლოდ ამერიკის მთავრობას შეუძლია, სახელმწიფო კი გადასახადის გადამხდელთა ფულის გარეშე თავად ვერაფრის გაკეთებას შეძლებს, ამიტომ, როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, გადასახადების გადახდა თითოეული მოქალაქის პატრიოტული ვალია. კონსერვატორებს ასეთი მსოფლმხედველობა არაამერიკულად მიაჩნიათ – ფუძემდებელ მამებს პატრიოტიზმი განსხვავებულად ესმოდათ და ბოსტონის ჩაის სმა სწორედ რომ მაღალ გადასახადებს მოჰყვა.

100 ცნობილი ეკონომისტის, მათ შორის 5 ნობელის პრემიის ლაურეატის: გარი ბეკერის, ჯეიმს ბიუქენენის, რობერტ მუნდელის, ედუარდ პრესკოტის და ვენრონ სმიტის კვალდაკვალ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს გადასახადების გაზრდისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებითი ბარიერების შექმნით, ობამა ჰერბერტ ჰუვერის გზას იმეორებს, რომლის მცდარი პოლიტიკის გამო, ამერიკა დიდ დეპრესიაში ჩავარდა. მაკეინის აზრით, მისი ოპონენტი ბიზნესის მიმართ ყველაზე ნაკლებ მეგობრული კანდიდატია, ვინც კი დემოკრატიულ პარტიას ათეული წლების მანძილზე ჰყოლია.

კონსერვატორები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ობამას ბევრი მომხრისათვის არა მხოლოდ და არა იმდენად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, არამედ, პირველ რიგში, სოციალური უზრუნველყოფის სუპერ–მინისტრი.

თუ კი რესპუბლიკელი კელვინ კულიჯი და დემოკრატი ჯონ კენედი თანამოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ეკითხათ არა ის, რას გაუკეთებს ქვეყანა მათ, არამედ ის, თავად რას გაუკეთებენ ქვეყანას, დღევანდელ ეგოცენტრული ჰედონიზმის კულტურაში გაწყობები საგრძნობლად შეცლილია. საყოველთაო კეთილდღეობამ ადამიანი მიაჩვია იმაზე ფიქრს, თუ რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას მის წინაშე, მაგრამ წაართვა იმის განცდის უნარი, რომ თავადაც მართებს რაღაც მსხვერპლის გაღება.

ერთგვარი სანტა კლაუსი, რომელსაც ბედმა არგუნა, განახორცილოს სხვა არანაკლებ ცნობილი წვერებიანი არსების მიერ “გოთას პროგრამის კრიტიკაში” ჯერ კიდევ 1875 წელს წამოყენებული იდეალი “თითოეულისაგან შესაძლებლობისამებრ და თითოეულს საჭიროებისამებრ”. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ 44–ე პრეზიდენტი იქნება პირველი, რომელსაც ყოველწლიურად ტრილიონ დოლარზე მეტის ხარჯვის შესაძლებლობა ექნება, სანტა კლაუსის როლის შესრულება მას ნამდვილად შეეძლება. ოღონდ, სანტა კლაუსისგან განსხვავებით, მთავრობა ვერავის ვერაფერს ისე ვერ მისცემს, ვიდრე სხვას არ წაართმევს.
______________________________________

იმედის გამბედაობის ბუმერანგი

გამარჯვების შემთხვევაში ობამას კონგრესის ორივე პალატაში გაზრდილ მემარცხენე უმრავლესობასთან მოუწევს მუშობა. საკანონმდებლო ორგანოს სწორედ ასეთმა იდეოლოგიურიმა კომპოზიციამ კარტერს პოლიტიკური სამარე გაუთხარა, ხოლო კლინტონს კონსერვატიული ამერიკასთან კონტრაქტის მიღება აიძულა. კონგრესში საკუთარი თანაპარტიელების მოთოკვა რთული იყო ჯორჯ ბუშისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში მისი უპრეცედენტო არაპოპოლარულობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა.

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ზომიერება ობამასთვის მხოლოდ პოზა ვერ იქნება. უმცირესი დაბრკოლებების გზა ყოველთვის წარმატებისკენ არ მიდის. პრინციპული ცენტრიზმისათვის ერთგულება ილინოსი სენატორს აქამდე არასდროს დაუდასტურებია. პირიქით, უკვე მეორე წელია ობამა სენატის ყველაზე მემარცხენე წევრია. ობამას პოლიტიკური გარდასახვის ნამდვილი ფასი სწორედ მაშინ გაირკვევა, როცა პრეზიდენტის რანგში პირველი შეხება მოუწევს საკუთარივე პარტიის ამბიციურ კანონმდებლებთან, რომლებსაც პოლიტიკური რევანშის წყურვილი უკვე დიდი ხანია მოსვენებას არ აძლევს.

შურისძიება საუკეთესო მოკარნახე არაა, მაგრამ უაღრესად ტკბილი და მაცდური გრძნობაა. საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების გამარჯვება მემარცხენე აქტივისტებში ენთუზიაზმის მოზღვავებას გამოიწვევს და 3 ათეული წელი კონსერვატორთა იდეოლოგიური პრიმატის შედეგების გადახედვის სურვილს გაამძაფრებს.

თუკი ობამა თანაპარტიელთა “იმედის გამბედაობას” ვერ დააოკებს, ბევრი ვარაუდობს, რომ მემარცხენე იდეოლოგიური გადამეტებით გამოწვეულმა საპასუხო რეაქციამ შესაძლოა, მის პრეზიდენტობას ბოლო მოუღოს მანამ, სანამ ის რამის მიღწევას შეძლებს. მეორეს მხრივ, პროგრესული იდეების განხორციელებაზე უარი ბაზის საგრძნობი ნაწილის ფრუსტრაციას გამოიწვევს.

მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში 2010 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს საკანონმდებლო ორგანოს კონტროლის დაბრუნების სერიოზული შანსი შეიძლება გაუჩნდეთ. 1994 წლის ნიუტ გინგრიჩის რევოლუცია სწორედ მსგავს ვითარებაში მოხდა.
____________________________________

Nicolas Sarkozy

ნიკოლას გზა

II მსოფლიო ომის შემდეგ ზედიზედ 3–ჯერ ერთი და იგივე პარტიის კანდიდატი სულ 2–ჯერ იყო არჩეული – ჰარი ტრუმენი, ფრანკლინ დელანო რუზველტის და ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში რონალდ რეიგანის შემდეგ. კიდევ უფრო ძნელია გაიმარჯვო არჩევნებში, როცა იმ პრეზიდენტის პარტიას წარმოადგენ, რომლის 8 წლიან მოღვაწეობას ამერიკელთა 70% უარყოფითად აფასებს.

როცა 90%–ის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით მიდის, ოპოზიციური პარტიის კანდიდატის დამარცხება კიდევ უფრო რთული ხდება, როცა ამ კანდიდატის საარჩევნო ბიუჯეტი შენსას 4–ჯერ აღემატება. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. რესპუბლიკელებისათვის უაღრესად ტოქსიკურ გარემოში აღნიშვნის ღირსი მაკეინის მარცხი კი არა, მისი კონკურენტუნარიანობაა, თანაც საკმაოდ ნიჭიერი და იღბლიანი ოპორტუნისტთან ბრძოლაში.

ერთად–ერთი ნაციონალური ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელ რესპუბლიკელ პრეზიდენტზე უფრო არაპოპულარულია – დემოკრატიული კონგრესია – მის საქმიანობას 2–ჯერ ნაკლები ამერიკელი იწონებს, ვიდრე რეკორდულად არაპოპულარული ბუშის. კონსერვატორებს იმედი აქვთ, რომ ეფექტური კამპანიით მათ შეუძლიათ, ამომრჩეველს მარტივი ჭეშმარიტება აუხსნან – ობამას გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების 2–ვე შტო ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდება.

ამიტომ აუცილებელია მაკეინის გაპრეზიდენტება, რომ დემოკრატი კონგრესმენების სახიფათო ტენდენციების შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი არ მოიშალოს და ამერიკა განვითარების მკვლელი გადასახადების, ინიციატივის ჩამხშობი რეგულაციების, სიმდიდრის გადამანაწილებელ და აგრესიის წამყრუებელ ევროპული ტიპის სოციალ–დემოკრატიულ ქვეყანად არ იქცეს.

რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ მათმა კანდიდატმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ამომრჩევლებს ნათლად და დამაჯერებლად დაანახოს, თუ რატომაა მათი ცხოვრებისათვის რელევანტური მისი სიმართლე თუ ობამას ნაკლოვანებები. მაკეინის წინაშე მთავარი გამოწვევა სცილასა და ქარიბდეს შორის მანევრირების უნარში მდგომარეობს – დამაჯერებლად გაემიჯნოს ბუშს, თანაც ისე, რომ მისი ეს ნაბიჯი ამომრჩეველმა ოპორტუნიზმად არ ჩათვალოს. უდავოდ ძნელი ამოცანაა, მაგრამ არა გადაუწყვეტელი.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსგავსი პრობლემის წარმატებით გადაჭრა კიდევ ერთმა კონსერვატორმა შეძლო – ნიკოლა სარკოზიმ დაარწმუნა ჟაკ შირაკის წარუმატებელი მმართველობით დაღლილი ფრანგი ამომრჩეველი, რომ მას ქვეყნის ახალი მიმართულებით წაყვანა შეუძლია. საფრანგეთის მაგალითი მოწმობს, რომ ობამას მიერ ბუშთან გაიგივებით მაკეინის კრიტიკა შეიძლება ბუმერანგივით უკან შეუტრიალდეს. ანალოგიურ ვითარებაში “ფრანგული პასპორტის მქონე ამერიკელმა ნეოკონსერვატორმა” მოახერხა მისი მემარცხენე ოპონენტის მიერ წარმავალი პრეზიდენტისადმი ხშირი აპელირება წარსულში ჩაციკლვისა და პოზიტიური ხედვის უქონლობად წარმოეჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ სარკოზი უკიდურესად არაპოპულარულ მმართველ პარტიას წარმოადგენდა, ფრანგმა ამომრჩეველმა სწორედ ის მიიჩნია მომავალზე ორიენტირებულ კანდიდატად, ხოლო მისი ოპონენტი კი, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს – არასასურველი სტატუს ქვოს შენარჩუნების გარანტიად. 4 ნოემბერი აჩვენებს, რამდენად შეძლო მაკეინმა თავისი ფრანგი იდეოლოგიური თანამოძმის ტრიუკის გამეორება.
__________________________________

კულტის სამსახურში

მემარჯვენეები წუხან, რომ ამერიკულ მედიაში დღეს ასეთ თემებზე მიუკერძოებელი მსჯელობა შეუძლებელია, რომ ჟურნალისტთა უმრავლესობა ობამას კულტის მსახურად არიას ქცეული და პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან ცოტა მწყრალადაა. მეინსტრიმული მედია საარჩევნო კამპანიაში ნეიტრალურობასა და ობიექტურობას ვერ ინარჩუნებს, რომ ის აშკარად მაკეინის წინაღმდეგაა განწყობილი და რომ ობამასადმი მისი მხარდაჭერა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ობამას მიმართ კეთილგანწყობილი პუბლიკაციები მაკეინისაზე 2½ – ჯერ მეტია, ხოლო რესპუბლიკელ კანდიდატისადმი მიძღვნილი კრიტიკული პუბლიკაციებით დემოკრატ ოპონენტისას 2–ჯერ აღემატება. მაკეინის შესახებ კეთილგანწყობილი პუბლიკაციები კრიტიკულზე თითქმის 4–ჯერ ნაკლებია, მაშინ როცა ობამას მიმართ თანაბარი რაოდენობის კეთილგანწყობილი და ნეიტრალური და კრიტიკული პუბლიკაციები დაახლოებით თანაბარია.

ობამას შესახებ სატელევიზიო კომენტარების 2/3 პოზიტიურია, მაკეინის შესახებ – მხოლოდ 1/3. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები კომედიური ჟანრის გადაცემების სამიზნე 7–ჯერ უფრო ხშირადაა, ვიდრე მათი კონკურენტები. ამერიკელთა 70% მიიჩნევს, რომ მედიას ობამას გამარჯვება უნდა. არავის გაკვირვებია, როცა ახალგაზრდა და დინამიურ რესპუბლიკელ სარა პეილინის გამოჩენას ნაციონალურ სცენაზე მედია ისევე შეხვდა, როგორც პირანიების ხროვა გემრიელ სადილს.

კონსერვატორთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ ჟურნალისტები, კომენტატორები, ანალიტიკოსები და იუმორისტებიც კი მხოლოდ ობამას პოლიტიკური პოზიციებსადმი უპირატესობის მინიჭებით არ იფარგლებიან და არიზონას სენატორის დემონიზებით არიან დაკავებულნი.
___________________________

სიყალბის მითი

როცა მაკეინი არჩევნების გაყალბების საფრთხეზე საუბრობს, მას აფრო–ამერიკელთა საარჩევნო აქტივობის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ. მიზეზი ორგანიზაცია ACORN–თან (სათემო ორგანიზაციათა ასოციაცია რეფორმებისათვის ახლა) დაკავშირებული სკანდალია.

სათემო ორგანიზატორობით გატაცების პერიოდში ობამა ACORN–ის ტრენერი იყო, სასამართლოში წარმოადგენდა მის ინტერესებს, ხოლო როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა ახალი ამომრჩევლების რეკრუტირებისათვის ამ ორგანიზაციას მილიონ დოლარამდე გადაუხადა. ACORN–ის მიერ 21 შტატში წარდგენილ იქნა 1.3 მილიონი ახალი ამომრჩევლის სია.

გადამოწმების შედეგად გამოაშკარავდა, რომ ACORN–ის მიერ წარდგენილ ამომრჩეველთა 20–40% ბუნებაში არ არსებობს. ამ სიებში ბევრი არასრულწლოვანი და მიცვალებული აღმოჩნდა. ორლანდოში ACORN–მა ზღაპრულ სამეფოში მცხოვრები მიკი მაუსის სარეგისტრაციო განაცხადი წარადგინა, ოჰაიოში ფულისა და სიგარეტის სანაცვლოდ ერთმა ამომრჩეველმა 70 განაცხადს მოაწერა ხელი.

მემარცხენეთა მტკიცებით, არჩევნების გაყალბება კონსერვატორთა მიერ გაზვიადებული მითია. დღეისათვის მხოლოდ 24 შტატშია სავალდებულო ხმის მიცემამდე ამომრჩევლის იდენტიფიცირება, მათგან მხოლოდ 7–ში ამომრჩეველმა ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს. ხმის მიცემისას ამომრჩეველთა იდენტიფიცირების ზომების დანერგვის მცდელობები, როგორც წესი, მემარცხენე ჯგუფების პროტეტს და სასამართლო სარჩელებს იწვევს.

დემოკრატები დარწმუნებულნი არიან, რომ ხმის მიცემისას ამომრჩეველთა იდენტიფიცირების სხვადასხვა პროცედურების ნამდვილი მიზანი ღარიბების, უმცირესობებისა და ახალგაზრდების საარჩევნო აქტივობის ჩახშობაა. ამ გზით მათი სტიგმატიზაცია და ფუნდამენტური სამოქალაქო უფლების არაჯეროვანი შეზღუდვა ხდება.

თანაც ეს არაა პროგრესის მოწინააღმდეგეთა მზაკვრობის პირველი შემთხვევა – თავის დროზე კათოლიკეთ მოძულე ურჯუკებს ჯონ კენედის მიერ ობამას მშობლიურ ჩიკაგოში მიღებული ხმებში შექონდათ ეჭვი და საარჩევნო თაღლითობის შესახებ სხვა და სხვა ცილისმწამებლურ ინსინუაციებს ავრცელებდნენ. მათ მკრეხელობას საზღვარი ნამდვილად არა აქვს. კონსერვატორთათვის ხომ საკუთარი ფანატიზმის გარდა არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ არსებობს.
__________________________________

ფალიკური სიმბოლოს ფანტაზია

“ნიუ იორკ თაიმსმა” მაკეინს რასისტულ გამოვლინებად ჩაუთვალა კლიპი, სადაც ბარაკ ობამა ბრიტნი სპირს და პარის ჰილტონს იყო შედარებული – გაზეთის კომენტატორის აზრით, ეს პარალელი სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა შავ მამაკაცსა და თეთრ ქალს შორის სექსუალური კავშირის მიუღებლობის განწყობების ექსპლუატაციის შემაძრწუნებელი მცდელობა.

მართალია, ერთი შეხედვით, კლიპი სექსუალური კონოტაციებისაგან აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს – კლიპში ვაშინგტონის მონუმენტი და პიზას კოშკი ჩანს, ეს კი გაზეთის აზრით “ფალიკური სიმბოლოებია”. სინამდვილეში კლიპში არც ვაშინგტონის მონუმენტია და არც პიზას კოშკი, არამედ ბერლინის გამარჯვების სვეტის წინ ობამას გამოსვლის ფოტოები. კადრს მიღმა ხმა სვამს კითხვას – ახლა ობამა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანია, მაგრამ მზადაა კი ის, რომ რამეს გაუძღვეს?

კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ რასიზმში ასეთმა ბრალდებებმა მაკეინი გარკვეულწილად დააკომპლექსა კიდეც – კიდევ ერთხელ რასიზმში რომ არ ყოფილიყო დადანაშაულებული, მან ტაბუ დაადო ობამას სკანდალური მოძღვრის, ჯერემაია ვრაითის თემას. არადა, ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინაა ნამდვილი ბარაკ ობამა. თვით ობამას ზოგიერთი მომხრეც კი აღიარებს, რომ არ იციან სინამდვილეში, რა ამოძრავებს მათ რჩეულს.
______________________________

Barack Obama

ენიგმა

კონსერვატორებს ის კრიპტო–რადიკალი ჰგონიათ, რომლის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკას მცოცავი ევროპეიზაციის საფრთხე ემუქრება, პოსტქრისტიანული სეკულარიზმი, კვაზი პაციფიზმი და სოციალიზმი. მომხრეთა აზრით, ილინოისის სენატორი იდეოლოგიურ უკიდურესობებისაგან თავისუფალი პოლიტიკოსია, რომელიც პრაგმატული მოსაზრებებით იხელმძღვანელებს და არა ექსტრემისტული დოქტრინებით.

და მაინც, ვინაა ნამდვილი ბარაკ ობამა – ჯორჯ მაკგოვერნის მსგავსი იდეოლოგი? ლინდონ ჯონსონის ნაირი ფუნქციონერი? ჯიმ კარტერის მაგვარი მშვიდობისმყოფელი? ბილ კლინტონისებრი ტრიანგულატორი? ამ კითხვაზე სწორი პასუხი თავად დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა არავინ იცის. იმედია მან მაინც იცის.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ობამას ენიგმატურ პიროვნებასთან დაკავშირებით ყველა მოსაზრებაში, ერთმანეთისაგან პოლარულად განსხვავებულშიც კი, გარკვეული სიმართლის მარცვალია. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ის ტაბულა რაზაა, რომელზედაც ყველა საკუთარი წარმოდგენების პროვოცირებას ახდენს.

ობამას ოპონენტებს აუცილებლად მიაჩნიათ იმის გარკვევა, თუ რატომ იყო დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი 20 წლის განმავლობაში იმ ეკლესიის მრევლი, რომლის მოძღვარი ამერიკის მიმართ წყევლა–კრულვას არ იშურვებს და ერთხელაც კი არ გაჩენია პროტესტის გრძობა მისი სიძულვილით აღსავსე ქადაგებების მიმართ.

რას მოიმოქმედებს ამერიკაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში ის კანდიდატი, რომელსაც ჯვარი დაწერა და შვილები მოუნათლა მქადაგებელმა, რომლის აზრითაც 11 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ის მოიმკო, რაც დათესა?

როგორ შეძლებს პრეზიდენტი ობამა გაერკვეს ანტიამერიკული რეჟიმების ლიდერთა ჭეშმარიტ ზრახვებში, როცა 20 წლის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, თუ სინამდვილეში რა ედო გულში მის სულიერ მენტორს?

ხომ არ იქნება ობამასთვის ახმადინეჯადის, პუტინის ან ჩავესის მორიგი აგრესიული ავანტიურა ისეთივე “შოკისმომგვრელი აღმოჩენა”, როგორიც ღირსი მამის ტირადის მოსმენისას განიცადა?

რატომ უადვილდება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს საერთო ენის პოვნა ამერიკის მოძულეებთან და რა არის ობამაში ისეთი, რაც ასე მაგნიტივით იზიდავს ასეთ ადამიანებს?

მემარჯვენეები ამბობენ, რომ მათ ობამას პატრიოტიზმი კი არ აეჭვებთ, არამედ მისი კვალიფიკაციები, მისი იდეები და არა განზრახვები. ამ თემების თავისუფალი განხილვა ტაბუირებულია, ვინაიდან ასეთი დისკუსიების ნამდვილი მიზეზი მემარცხენებსა და მედისათვის უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია – ოპონენტები “ობიექტური” პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ, ვინაიდან ამ პრობლემებზე ამერიკელი ხალხისათვის სათქმელი მათ არაფერი აქვთ.
__________________________

Sept. 14, 1973, John McCain is greeted by President Richard Nixon

მწარე ნუგეში

ასეთი მედია გარემოში არიზონას სენატორს ისღა დარჩენია ღრმად ჩაისუნთქოს და თავისი დაუნებებელი კამპანია განაგრძოს. გარკვეულწილად მაკეინი საკუთარივე წარმატების მსხვერპლია – “ერაყის ზვირთი” – მაკეინის მიერ მხარდაჭერილი ომის ახალი სტრატეგია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საკითხი საარჩევნო დღის წესრიგიდან გაქრა. თუკი 2006 წლის დეკემბერში ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი მთავარ პრობლემად ერაყის ომს მიიჩნევდა, დღეს ასეთი აზრის მხოლოდ ერთეულებია.

ობამასთვის ეს უაღრესად სასიამოვნო პარადოქსია – თეთრ სახლში ის შესაძლოა, იმ სტრატეგიის წარმატების შედეგად აღმოჩნდეს, რომელსაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მაკეინს კი მწარე ნუგეშად ის დარჩება, რომ არჩევნები იმტომ წააგო, რომ წაგებისათვის განწირული ომის მოგება შეძლო. აკი მას ბევრჯერ უთქვას კიდეც, რომ ომში დამარცხებას არჩევნების წაგება მირჩევნიაო.

არიზონის სენატორის ასეთი განწყობა შემთხვევითი არაა. მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის გამო მოსაგები ომის წაგება. ის ასეთ ომში თავად იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ვიეტნამელი ჯალათების ხელში ყოფნაზე უფრო მწარე იმის განცდა იყო, რომ ომის ბედი პოლიტიკის მძევალი აღმოჩნდა. არმიამ ყველა ბრძოლა მოიგო, მაგრამ პოლიტიკოსთა გამო საბოლოოდ ომი მაინც წააგო.

რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი დარწმუნებელია, რომ არა პოლიტიკოსთა ხელშეშლა, გენერალი კრეიტონ აბრამსი და ადმირალი ჯონ მაკეინ II ვიეტნამის ომში სრულ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. ვიეტნამიზაციის მეშვეობით მათ შეძლეს ომში გარდატეხის შეტანა, მაგრამ ჯარს საშუალება არ მისცეს წარმატებული სტრატეგია ბოლომდე მიეყვანათ. ამ ყველაფრის შედეგად ვიეტნამის სინდრომი დიდი ხნის განმავლობაში წამლავდა ამერიკის პოლიტიკურ ნებას, გაბედულად ემოქმედა ეროვნული ინტერესების დასაცავად.

გენერალ დევიდ პეტრეუსში მაკეინმა ახალი კრეიტონ აბრამსი იპოვნა და ყველაფერი გააკეთა, რომ ისტორია არ გამეორებულიყო. ყველა სირთულის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ამერიკამ ერაყში მაინც დიდ სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია. სადამის დამხობით ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მეტად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა თავად ამ ომის პრეცედენტს ჰქონდა.
____________________________

President Reagan Addresses the Nation from the Oval Office on National Security (Strategic Defense Initiative speech), March 23, en, 1983

ახალი ბირთვული სტრატეგია

სადამის ბედი კარგი მაგალითია იმისა, რომ ბირთვული იარაღის დაუფლების მცდელობა იმუნიტეტის ნაცვლად ლიკვიდაციის გარანტიაა, როგორც პოლიტიკური, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პრეცედენტს სერიოზული პრევენციული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ერაყული გაკვეთილიდან ყველა ველურმა რეჟიმმა სათანადო დასკვნა გამოიტანოს, რისკიანი თამაშის ცდუნებას არ აჰყვეს და ბედს გამოცდა არ მოუწყოს. ამიტომ, რაც არ უნდა სადავო იყოს ის მიზეზები და საფუძვლები, რის გამოც ამერიკამ ერაყის ომი დაიწყო, მთავარია, რომ ამ ომის საბოლოო შედეგი ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად ცხადი და დამაჯერებელი იყოს.

ცივი ომის დროს გარანტირებული ურთიერთგანადგურების ლოგიკა მეტ–ნაკლებად იცავდა სამყაროს ბირთვული ომისაგან. თუმცა, ზოგჯერ ამ ზღვართან ყველაფერი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მაინც, 2 მოთამაშის პირობებში კიდევ შესაძლებელი იყო, რომ უფსკრულის კიდესთან შეჩერება მომხდარიყო. ბირთვული გავრცელება, ტერორისტული ჯიჰადიზმის ტრანსცენდენტური საფრთხის პირობებში, ამ პრობლემას სულ სხვა, ბევრად უფრო საზარელ განზომილებას აძლევს.

კომუნისტები მზად იყვნენ, საკუთარი ჯოჯოხეთური მიზნების მისაღწევად მილიონობით ადამიანი გაეწირათ, მაგრამ თვითონ სიკვდილისათვის მზად არ იყვენ. ამიტომ ყველაზე მწვავე კონფრონტაციის დროსაც კი, ბოლო მომენტში უკან იხევდნენ. მოწამეობრივი აღსასრული მათ გეგმებში არ შედიოდა.

50 წლის განმავლობაში მშვიდობის საფუძველი შიშის ბალანსი იყო. ასე მაგალითად, რუსული სს–20–ების საწინააღმდეგოდ ევროპაში ამერიკული პერშინგების განლაგება მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის რამაც კაცობრიობა არა მარტო არმაგედონს გადაარჩინა, არამედ თავად ასეთი საფრთხის წყაროს განადგურების მიზეზიც გახდა იყო რეიგანის ვარსკვლავური ომების პროგრამა.

სტრატეგიულმა თავდაცვითმა ინიციატივა ტრადიციული შეკავების ლოგიკით არ იყო ნაკარნახევი, არამედ ბალანსში გარღვევასა და გარდამტეხი უპირატესობას ისახავდა მიზნად. ვარსკვლავურ ომებმა ბირთვულ იარაღს აზრი დაუკარგა. საბჭოთა კავშირი, ჰელმუტ შმიტის სიტყვებით, ბირთვული რაკეტებიანი ზემო ვოლტა იყო. სწორედ სტრატეგიულმა თავდაცვითმა ინიციატივა გახდა მისი გეოპოლიტიკური ჩამოლაბორანტების მთავარი მიზეზი.

ცივი ომის დროს ამერიკას ბირთვული დაშინების პოლიტიკის გატარება უწევდა იმდენად, რამდენადაც სხვა არჩევანი მას უბრალოდ არ ჰქონდა. რუსეთმა ბირთვული ირაღი შექმნა მაშინ, როცა ჩვეულებრივ შეიარაღებაში უპირატესობა თუ არა, ამერიკის ტოლფარდი პოტენციალი ჰქონდა. ასე რომ, მისი განიარაღება მოულოდნელი ატომური შეტევის გარეშე შეუძლებელი იყო, ისე როგორც ეს ისრაელის მიერ სადამის ოსირაკის რეაქტორის განადგურების შემთხვევაში მოხდა.

ბირთვული და რაკეტული ტექნოლოგიების გავრცელებისა და სუიციდალური კულტურის პირობებში გარანტირებული ურთიერთგანადგურების ლოგიკა აღარ მუშაობს. ის, რომ 20–ე საუკუნეში გადავრჩით, ეს დაშინების პოლიტიკის საიმედოობაზე კი არა, იღბალზე მიუთითებს. ყოველთვის ასე არ გაგვიმართლებს. ეს იარაღი ველური რეჟიმების და ჯგუფების ხელში თუ აღმოჩნდება, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ ამერიკის ახალი მიზანი ბირთვული ომის თავიდან აცილება კი არა, მისი წარმოების საშუალებების გარანტირებული გაუვრცელებლობაა. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება – არა ბალანსი, არამედ ამერიკის უპირობო და უცილობელი პირველობა.
__________________________________

Navy Pilot John McCain, right, with members of his squadron. (ca. 1965)

მშფოთვარე დროის ლიდერი

არჩევანის გაკეთებისას არა ერთი ამერიკელი თავის თავს დაუსვამს კითხვას –რომელი კანდიდატი შეძლებს უკეთ დაიცვას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება? პრეზიდენტის არჩევისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ისიც, თუ ვინ უკეთ შეძლებს ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვას, ვინ აღუდგება წინ რუსეთის მორიგ აგრესიას, ვენესუელის ახალ ავანტიურას და ან ჩრდილოეთ კორეის კიდევ ერთ არაპროგნოზირებად გამოხტომას. ერაყსა და ავღანეთში მიღწეული წარმატებების შენარჩუნებისა და განმტკიცების ამოცანასთან ერთად, ადმინისტრაციის წინაშე მდგარ გამოწვევათა რიცხვში, შემდეგი 170 მილიონიანი, ბირთვული პაკისტანის დესტაბილიზაციის თავიდან აცილებაც იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიაში მაკეინმა საკუთარი ხმა ვერა და ვერ იპოვნა, ბევრი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, ბევრს მაინც მიაჩნია, რომ იგი მშფოთვარე დროისათვის უფრო შესაფერისი ლიდერია. მართალია, ახლა ყურადღების ცენტში ეკონომიკური პრობლემებია, მაგრამ არ ღირს იმის დავიწყება, რომ მსოფლიო კვლავაც ხიფათით არის სავსე.

ზოგიერთი მისი მომხრეც კი აღიარებს, რომ ტირანებსა და გენოციდარებს მაკეინის პრეზიდენტობა წყნარი ძილის შესაძლებლობას არ მისცემს. ძნელი არაა იმის გამოცნობა, თუ ვისი ხილვა ურჩევნიათ თეთრ სახლში ამერიკის მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს. კონსერვატორებს იმედი აქვთ, რომ მათი ნაწილი, ვისაც გული ობამასთვის უძგერს, ბოლო მომენტში არჩევანს მაინც თავით გააკეთებს და ხმას მაკეინს მისცემს.

რა თქმა უნდა, ობამას აღზევებას უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თავად მისი კანდიდატურა ფუნდამენტური ცვლილების განსახიერებაა. ის უდავოდ უაღრსესად ნიჭიერი პოლიტიკოსია, რომელმაც იმედის შთამაგონებელი რიტორიკით უმოკლეს დროში უდიდეს წარმატებას მიაღწია. მაგრამ მისი არჩევით, ამერიკა ჰერბერტ ჰუვერის შემდეგ ყველაზე გამოუცდელ პრეზიდენტს მიიღებს. ობამას მომხრეებიც აღიარებენ, რომ ის არაერთ შეცდომას დაუშვებს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელსაც მოსმენის უნარი აქვს, სწრაფად შესძლებს, რომ ისწავლოს.

მართალია, არაეფექტური საარჩევნო კამპანია მისი წარმატების შანსებს სერიოზულად ამცირებს, მაგრამ ამერიკელებს რესპუბლიკელთა კანდიდატი საარჩევნო კამპანიით არ გაუცვნიათ. მათ წინაშე არც მხოლოდ 26 წლიანი კარიერის მქონე კანონმდებელია, არამედ ნამდვილი ამერიკელი გმირი. ამჟამინდელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ის ერთადეთია, რომელიც ამერიკისათვის მართლა იბრძოდა.

თავისი პიროვნული მაგალითით რესპუბლიკელთა კანდიდატი ცდილობს, თანამოქალაქეებში იმ აზრის განმტკიცებას, რომ საკუთარი ქვეყნისთვის, რწმენის, ღირსებისა და მომავლისათვის ბრძოლა არასდროს უნდა შეწყვიტო. როგორც ჭეშმარიტი ამერიკელი, მაკეინი არასოდეს ნებდება, არასოდეს ემალება ისტორიას. ის თვითონ ქმნის ისტორიას. მთელი მისი ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის, ბრძოლა განახლებისა და სიწმინდისათვის, ბრძოლა მტრებისა და კორუფციისაგან ქვეყნის დასაცავად.
______________________________

John McCain is administered to in a Hanoi, Vietnam, hospital as a prisoner of war in the fall of in this 1967

კრონ პრინცის არჩევანი

არისტოტელე ამბობდა, სიმამაცე პირველი სიქველეა, რომელიც ყველა სხვა სიქველეს შესაძლებელს ხდისო. ეს სიქველე მაკეინს გენეტიკურად მოსდგამს. მისი ოჯახი იმის განსახიერებაა, რასაც თომას ჯეფერსონი სათნოებისა და ტალანტის არისტოკრატიას უწოდებდა. ჯონ სიდნეი მაკეინ III–ის მამაც და ბაბუაც 4 ვარსკვლავიანი ადმირლები იყვნენ. მამა ჯონ სიდნეი მაკეინ უმცროსი ვიეტნამის ომის დროს წყნარი ოკეანის ფლოტის სარდალი იყო, ბაბუა ჯონ სიდნეი მაკეინ უფროსი – 3–ე ფლოტის შტაბის უფროსი; მას პატივი ერგო, იაპონიის კაპიტულაციის დროს მისურიზე იმ გემზე ყოფილიყო, სადაც გენერალმა დაგლას მაკარტურმა ამომავალი მზის იმპერიის კაპიტულაცია მიიღო.

ჯონ მაკეინი 1958–1981 წლებში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, იბრძოდა ვიეტნამის ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა და 1967–1973 წლები ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავარ სამხედრო საპყრობილეში, უსასტიკესი წამებით ცნობილ ჰოა ლოში გაატარა. ჰოა ლო ვიეტნამურად ჯოჯოხეთის ჯურღმულს ნიშნავს, ამერიკელები მას შავი იუმორით ჰანოი – ჰილტონის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე.

სანამ ვიეტნამელები აღმოაჩენდნენ, რომ მაკეინი ადმირალის შვილი იყო, მას საერთოდ არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, თუ ვინ ჰყავდათ ტყვედ, კომუნისტებმა გადაწყვიტეს, პროპაგანისტული მიზნით, იგი ადრე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ “კრონ პრინცისგან” (ამ სახელით მოიხსენიებდნენ მაკეინს ვიეტნამელები) უარი მიიღეს – სამხედრო ტყვეებს თავისი ღირსების კოდექსი ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლება იმ რიგითობის მიხედვით უნდა მომხდარიყო, როგორც დატყვევება მოხდა. ამ არჩევანმა მაკეინს კიდევ 3 წელი ტყვეობა და თანამებრძოლთა შორის უდიდესი პატივისცემა მოუტანა.

მაკეინსა და თეთრი სახლის ამჟამინდელ ბინადარს შორის მთავარი განსხვავება ის კი არაა, რომ ერთი რეალურად იბრძოდა და მეორე ტეხასის ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, არამედ მაკეინის უარი ადრეულ გათავისუფლებაზე, რომელსაც ვიეტნამელი კომუნისტები მამის გამო სთავაზობდნენ.

მაკეინი ჯარისკაცის ღირსებაზე ოჯახური წარმოდგენების ერთგული დარჩა. ამ არჩევანმა მას კიდევ 3 წელი მომეტებული ტანჯვა–წამება მოუტანა. ჯორჯ ბუშისათის, თავის მხრივ, მის წარმომავლობას სარგებლის და უპირატესობის გარდა სხვა არაფერი მოუტანია. ეს, რა თქმა უნდა, მისი ნაკლი არაა. ბუშის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. ყველა, მაგრამ არა მაკეინი.

ომისა თუ მშვიდობის დროს, პარტიულ დაპირისპირებაზე ამაღლებული, სუფთა ამერიკული ფასეულობების მცველი ჯარისკაცის არქეტიპული პერსონაჟის როლს მაკეინი თითქმის იდეალურად ასრულებდა. როგორც ვიეტნამის ომის ტყვე, ის უნიკალურად შეესატყვისება ამ ომის შესახებ მის ქვეყანაში გაბატონებულ სტერეოტიპებს. ჰანოი ჰილტონში მის ტანჯვას მეტაფორული მნიშვნელობა ენიჭება.

ამერიკელთათვის მაკეინი მათი ცოდვებისთვის ვნებული გმირის სიმბოლო გახდა, რომელმაც შეერთებული შტატების შებღალული ღირსება პიროვნული მსხვერპლით გამოისყიდა. ამიტომაც არის, რომ არიზონას სენატორის მიმართ, მისგან იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებსაც კი, უდიდესი პატივისცემა აქვთ.
_____________________________

President Ronald Reagan, at his desk in the Oval Office, speaking with republican senator John McCain of Arizona. Washington, D.C., 1987

წინაღმდეგობრივი კერპები

მაკეინის პოლიტიკური კარიერა 82 წელს, რეიგანის რევოლუციის ტალღაზე დაიწყო. ჯერ კონგრესმენი გახდა, შემდეგ 86-ში – სენატორი. ამიტომ საკუთარ თავს ხშირად რეიგანის რევოლუციის ჯარისკაცად მოიხსენიებს ხოლმე.

მაკეინის მთავარი პრობლემა მისი შინაგანი წინააღმდეგობებია და არა ის, რომ ბევრ საკითხზე რესპუბლიკური ორთოდოქსიისგან განსხვავებული პოზიციები აქვს. მაკეინის კერპი რონალდ რეიგანთან ერთად თეოდორ რუზველტია. რუზველტი – საგარეო პოლიტიკაში ინტერვენციონისტი, ხოლო საშინაო პოლიტიკაში პროგრესისტი იყო. მაკეინი ახლაც ხშრად საუბრობს ხოლმე უოლსთრითის ანგარებაზე, კორპორატიულ კორუფციაზე, ემისიაზე ლიმიტების დაწესების შესახებ.

ღირსებაზე ორიენტირებული ჯარისკაცული ეთოსის მედალს მეორე მხარეც აქვს – მისთვის სარგებელზე მომართული ვაჭრული სამყარო გაუგებარია.

რუზველტის კვალდაკვალ მაკეინისათვისაც “უხილავი მთავრობის ნგრევა, კორუმპირებულ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის უწმინდური კავშირის დაშლა სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უპირველესი ამოცანაა”.

რუზველტისათვის პროგრესის გზა ბრძოლის ველს წარმოადგენდა, სადაც ყოველგვარი კერძო ინტერესი ეროვნული დიდების სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. რუსოს მსგავსად, რუზველტსაც მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტი პიროვნული თავისუფლება საზოგადოებასთან შერწყმაშია. მისი კოლექტივისტური და ეტატისტური ნაციონალიზმი თავისუფალ ბაზარსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქაოსს ხედავდა, რომელიც სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს და საერთო მიზნისაკენ მიმართოს.

თავად უდიდესი ეგოს პატრონისათვის, სხვათა ინდივიდუალიზმი მიუღებელი იყო. პოლიტიკოსთა პარტიულ ინტერესსა და ბიზნესის სარგებლისადმი სწრაფვაში ეროვნული ერთობის დარღვევის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევდა და ზნეობრივი გახრწნის გამოვლინებად თვლიდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სიტყვა კორუფცია მაკეინის ლექსიკონში ცენტრალურ ადგილს დაიკავებდა.
________________________

Barack Obama, The College Years

ჰოლივუდი და ბროდვეი

თუკი მაკეინის ცხოვრება ჰოლივუდის ბლოკბასტერს წააგავს – მძაფრი სიუჟეტი, ბევრი მოქმედება, მდიდარი ემოციები; ობამასი უფრო ბროდვეის სცენაზე დადგმულ დრამას – ცოტა მოქმედება, მაგრამ ბევრი შინაგანი მონოლოგები.

მაკეინი დაუცხრომელი და მგრძნობიარეა, ენერგიული და სიურპრიზების მოყვარული, მეამბოხე და სიმართლის მოყვარე, დინამიური და რისკიანი. მაკეინი, ალბათ, ბოლო საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც ჯერ კიდევ ახასიათებს რაინდობისა და ღირსების ვიქტორიანული განცდა. მას უბრალოდ არ შეუძლია გაუძლოს ცდუნებას, დაინახოს რაიმე ბრძოლა და მასში თავით არ გადაეშვას და გვერდზე გადგეს. უფრო მეტიც, თითოეულ ბრძოლას ის პიროვნულ გამოწვევად ღებულობს და მასში მონაწილეობა საკუთარი ღირსების საკითხად მიაჩნია.

ობამა უფრო წყნარი და გაწონასწორებულია. დასახულ გეგმებში უეცარი ცვლილებები მას არ ახასიათებს. დიდ პრობლემებთან პირდაპირ შერკინება მას ნაკლებად იზიდავს. რამდენადაც მაკეინის სტიქია ბრძოლაა, მისი ოპონენტის ასპარეზი უფრო სიტყვები, ხედვები და ოცნებებია. სხვა თანაბარი პირობების არსებობისას, კონსერვატორებს ურჩევნიათ, მათი იდეოლოგიური ოპონენტი ირონიული და თვითკრიტიკული პოლიტიკური ბროკერი აღმოჩნდეს, რომელიც ადმინისტრაციას რაციონალური პროფესიონალებითა და კომპეტენტური ადმინისტრატორებით დააკომპლექტებს და არა გულანთებული და თვალებგაბრწყინებული რევოლუციონერებით.

თითქმის უნივერსალური პოპულარობის პირობებში ობამა ამერიკის პირველი პლანეტარული პრეზიდენტი იქნება – საქართველოს და რამდენიმე ქვეყნის გარდა, თითქმის ყველა ქვეყანაში გამოკითხვებით ობამა დამაჯერებლად ლიდერობს. ევროპელთა 80%–ს ამერიკის პრეზიდენტად ეგზოტიკური წარმომავლობისა და ბიოგრაფიის მქონე ლიდერის ხილვა უნდა, თუმცა საკუთარ ქვეყნებში მსგავს პოლიტიკოსებს არათუ მთავრობის ხელმძღვანელად, რიგით კანონმდებლადაც უკიდურესად იშვიათად ირჩევენ.

ობამას კანდიდატურაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმატიული პოტენციალია, რომელმაც ამერიკა უნდა გაათავისუფლოს როგორც მისი პირველყოფილი ცოდვისაგან – მონობა, სეგრეგაცია და რასიზმი, ასევე უფრო ახალი შეცოდებებისაგან, რაც ბუშის მმართველობას უკავშირდება.

კენიური წარმოშობის, ჰავაიზე დაბადებული, ინდონეზიაში გაზრდილი, ისლამურ მედრესესა, კოლუმბიასა და ჰარვარდში ნასწავლი ახალგაზრდა შავკანიანი პოსტმოდერნული მულტიკულტურალიზმის სიმბოლოცაა და პროდუქტიც. ასეთი კოქტეილისა და მშობლების წარუმატებელი ქორწინების გამო გასაკვირი არაა, რომ ახალგაზრდობის წლებში ობამა, მისივე თქმით, მსუბუქ იდენტობის კრიზისს განიცდიდა და საკუთარი მეს ძიებაში ნარკოტიკებითაც ექსპერიმენტირებდა.
____________________

ორმაგი ფსკერის მქონე ყუთი

თუკი ბილ კლინტონის წარმომავლობა უკავშირდებოდა “ადგილს, სახელად ჰოუპ” – ანუ ქართულად იმედი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბარაკ ობამას ფენომენი მოდის იდეიდან, სახელად იმედი. მომხრეთათვის ობამა უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი – ისაა იდეა. იდეა იმედის. იმედი ცვლილების. მაგრამ რა ცვლილების? რომელიც იმედს მოიტანს.

თითქოს ამ მოვლენის შესახებ წერდა ალექსის დე ტოკვილი, როცა ზოგადი იდეებისა და აბსტრაქტული ცნებებისადმი დემოკრატიული ერების განსაკუთრებულ მიდრეკილებაზე ლაპარაკობდა – “ეს აბსტრაქტული ცნებები, რომლებიც დემოკრატიულ ენებში უხვად მოიპოვება და … კონკრეტული ფაქტობრივი დატვირთვის გარეშე გამოიყენება, აფართოვებს და აბუნდოვნებს იმ აზრს, რომლის გადმოცემასაც ცდილობს … აბსტრაქტული იდეა ორმაგი ფსკერის მქონე ყუთივითაა; რა იდეაც მოგესურვება, შეგიძლია მასში სხვათა შეუმჩნევლად ჩადო და ამოიღო.”

ოპონენტების აზრით, დემოკრატების კანდიდატი უკეთესი სიმბოლოა, ვიდრე პრეზიდენტი შეიძლება იყოს. მისი პოპულარობა ეფუძნება არა იმდენად რაიმე თანმიმდევრულ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ფილოსფიას, არამედ პიროვნების კულტს. მომხრეებისთვის კი მის წინაღმდეგობრივ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს მნიშვნელობა არა აქვს. ეს იმიტომ რომ კონსერვატორებს უბრალოდ არ ესმით, რომ ობამა “პოსტ–რასობრივ” და “პოსტ–პარტიულთან” ერთად “პოსტ–ლოგიკური” კანდიდატიცაა.
____________________________________

პოპ–მესია

მომხრეთათვის ობამა ზეადამიანური თვისებებით დაჯილდოვებული ტრანსცენდენტური არსებაა. ოპრა ვითნი თითქმის პითაგორისტულად მას “ერთს” უწოდებს, ხოლო მისი სიტყვები – “ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი, რომელმაც იცის, როგორ იყოს ჭეშმარიტება” – ოპონენტებში სახარებისეული გზის, ჭეშმარიტების და სიცოცხლის რემინისცენციებს იწვევს.

კონსერვატორები შიშობენ, რომ ამ ყოვლისშემძლეობის განცდით მთვრალი ობამას ადმინისტრაცია ამერიკას ახალი დიდების ნაცვლად სოციალიზმის ძველ იდეებს მოუტანს. დემოკრატების კანდიდატს საკუთარი თავი მესია ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში პოპ–ვარსკვლავივით იქცევა, თავქარიანი ლამაზმანების მსგავსად მასაც უყვარს მილიონების ხარჯვა, ოღონდ ობამა თქვენი ფულის გაფლანგვას აპირებს – აფრთხილებენ კონსერვატორები ამომრჩევლებს.

კლაივ სტეპლს ლუისის თქმით, “ყველა ტირანიათა შორის ყველაზე მჩაგვრელი ის ტირანიაა, რომელიც გულწრფელად ხორციელდება მსხვერპლის სასიკეთოდ. მძარცველი ბარონების ბატონობის ქვეშ ცხოვრება უკეთესი იქნება, ვიდრე ყოვლისშემძლე ზნეობრივი აბეზარი მზრუნველებისა. მძარცველი ბარონის სისასტიკემ შეიძლება ზოგჯერ მიიძინოს, მისი სიხარბე რაღაც წერტილში შეიძლება დაკმაყოფილდეს, მაგრამ ის, ვინც ჩვენსავე სასიკეთოდ გვტანჯავს, ჩვენს ტანჯვას უსასრულოდ გააგრძელებს, ვინაიდან ამას ის თავისი სინდისის მოწონებით აკეთებს.”

ვარსკვლავური თვისებების მქონე პრეზიდენტები ამერიკას ადრეც ჰყოლია, თუნდაც იგივე კენედისა და რეიგანის სახით. კლინტონი ლამის საპნის ოპერის პერსონაჟად იყო ქცეული. ობამას აღზევებაში კრიტიკოსები ამ ტრანსფორმაციის კულმინაციას ხედავენ, რის შედეგადაც ვარსკვლავობის ტრიუმფი ამერიკული პოლიტიკის მაორგანიზებელი პრინციპი ხდება.

ნარცისიზმი პოლიტიკაში ახალი არაა. ცუდია ის ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს, მაგრამ ამერიკის ისტორიას არ ახსოვს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი, თვითშეფასებასა და რეალურ მიღწევებს შორის ამხელა სხვაობით. ილინოისის უმცროსი სენატორის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარიზ ჰილტონის და ბრიტნი სპირსის მსგავსად იგი ცნობილი მხოლოდ იმით იყო, რომ უბრალოდ ცნობილი იყო.

პოლიტიკური მოღვაწეობის დროს მან 2 ავტობიოგრაფიის დაწერა მოასწრო, მაგრამ ვერ თუ არ შეძლო თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი კანონის ან რეფორმის ავტორი გამხდარიყო. თავის წიგნში ობამა რეიგანის, კენედის, რუზველტის, ლინკოლნისა და ჯეფერსონის მაგალითებზე საუბრობს. თავის თავს იგი, მაუნტ რაშმორის კომპლექსში თუ არა, მომავლის ისტორიის სახელმძღვანელოებში მაინც, აშკარად მათ რიგში ხედავს.

თუმცა ოსანას მომღერლები მას არც დღეს აკლია, მაგრამ ხანდახან, საკუთარი ეგოს განსაკუთრებული მნიშვნელობის შეგრძნების ეშხში შესული, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი თვითონვე არ იშურვებს თავისი პერსონისადმი კომპლიმენტებს და საკუთარი პიროვნების კულტის უმაღლეს ქურუმად გვევლინება.

ოპონენტები ირონიულად მიუთითებენ, რომ ის ზოგჯერ საკუთარ თავზე ხელმწიფურ მრავლობითში საუბრობს – სუპერ–სამშაბათის ღამეს მან განუცხადა თავის მიმდევრებს – “ჩვენ ვართ ის, ვისაც ჩვენ ველოდით”, “მე ვარ, რომელიც ვარ” . ამ სიტყვებზე ობამას მომხრეთა ეგზალტაციის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი არაა იმ ღვთაებრივი თრთოლვის წარმოდგენა, რომელიც ალმოდებული ბუჩქიდან სიტყვების გამგონემ განიცადა.

კრიტიკოსები ხშირად იმეორებენ ხოლმე ობამას რიტორიკული თავშეუკავებლობის სხვა კურიოზულ მაგალითებს. დემოკრატიული ნომინაციის მოპოვების შემდეგ საზეიმო თავყრილობას ობამამ განუცხადა, რომ მას “აბსოლუტურად სჯერა, რომ გავა დრო და ჩვენ უკან მოვიხედავთ და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ სწორედ ეს იყო ის წუთი, როცა სნეულნი გავკურნეთ, უმუშევარნი დავასაქმეთ; ეს იყო წუთი, როცა ოკენეთა მომეტება შეჩერდა და ჩვენმა პლანეტამ მორჩენა დაიწყო. ეს იყო წუთი, ეს იყო დრო, როცა ჩვენ ჩვენი დიდი ერის გარსადაქმნელად ერთად შევიყარეთ.”

ამ ვითარებაში უპრიანია ჰარი ტრუმენის სიტყვების გახსენება – “შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესმის ასობით ხმა რომელიც ეუბნება მას, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანია. მან ფრთხილად უნდა ისმინოს, რომ გაიგონოს ის ერთად ერთი, რომელიც ეუბნება ეს ასე არ არის”
____________________________________

მაკიაველიზმის ფარული ხიბლი

პოლიტიკური ცვლილების განსახორციელებლად ობამას ჯერ საზოგადოების შეცვლა მიაჩნია საჭიროდ. თავის უბადლო რიტორიკულ უნარებს ადამიანების მოტივირების, მობილიზებისა და დამუხტვისათვის იყენებს. ობამა ადამიანებს სწორედ იმას ეუბნება, რისი გაგონებაც მათ ყველაზე მეტად უნდათ. პრობლემა ისაა, რომ იმედისა და ცვლილებების მახარობელი არაკომფორტულ სიმართლის თქმას გაურბის ხოლმე. არადა, ობამას ზოგიერთი ამფსონი არათუ პირში სიმართლეს, ღირსეული ადამიანისაგან სახეში სილას უფრო იმსახურებდა.

წლების მანძილზე ობამა მოხერხებულად იწყნარებდა შეუწყნარებელს. ყველაფერს, რასაც მიაღწია, ის იმ ოდიოზურ ადამიანებს უნდა უმადლოდეს, რომელთა სახელიც ამერიკელთა უმრავლესობისათვის სიძულვილთან, შუღლთან, ძალადობასა და თაღლითობასთან არის დაკავშირებული. როცა ამ ხალხთან ასოცირება მისი საპრეზიდენტო ამბიციებისათვის დაბრკოლებად იქცა, ობამა ისე ოსტატურად გაემიჯნა მათ, თითქოს არც არასდროს რაიმე საერთო არ ჰქონია.

კონსერვატორები დღემდე ვერ პატიობენ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, რომ ის ერთ დროს უარს ამბობდა ამერიკის დროშის სამკერდე ნიშნის ტარებაზე; რომ ის დიდხანს დადიოდა შავების განმათავისუფლებელ ეკლესიაში, სადაც მოძღვარი საკუთარი ქვეყნისთვის წყევლის სიტყვებს არ იშურვებდა; რომ მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნით ამაყი გახდა მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა.

ეს ყველაფერი მაკიაველიზმის ელფერს ატარებს, თუმცა თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩევის შემთხვევაში ობამას პუტინთან მოუწევს ურთიერთობა, ეს ნაკლი გარკვეულწილად ღირსების ელფერს იძენს. ბროლის კოშკიდან გამოსულ დოგმატურ მემარცხენე ინტელექტუალს, კიდევ ნიჭიერი ოპორტუნისტი ჯობია, თუნდაც რომ მისი ერთადერთი პრინციპი უპრინციპობა იყოს.

ისტორია გასცემს პასუხს კითხავზე, თუ რამდენად იქნება მზად ამერიკის მოკავშირეების დასაცავად იმ გარემოდან გამოსული ადამიანი, სადაც თავად შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვა საჩოთირო საქმედ მიაჩნიათ. ჯერ-ჯერობით ობამას ადვილად გამოსდიოდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც ამერიკისათვის წყევლა და ბომბები არ ენანება. ჯერემაია ვრაითთან და უილიამ აიერსთან გატარებული წლების შემდეგ, ალბათ, არც მახმუდ აჰმადინეჯადთან და უგო ჩავესთან უპირობო მოლაპარაკების გამართვა იქნება ძნელი.
____________________________________________________

გამოცდის მოლოდინი

თავისი პოზიციის გასამართლებლად ობამა კენედის ცნობილ გამონათქვამს იხსნებს ხოლმე – არასოდეს მოელაპარაკო შიშის გამო, მაგრამ არასოდეს გეშინოდეს მოლაპარაკების. ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკისა და საბჭოთა ლიდერების შეხვედრები სრულიად საწინააღმდეგო რამეზე მეტყველებს.

მართალია, ცივი ომის დროს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები არაერთხელ გამართულა, მაგრამ ასეთი შეხვედრები უპირობოდ და მოუმზადებლად არ იმართებოდა. ამასთან, თავად კენედის მაგალითი უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, ვიდრე ეს ილინოისის უმცროს სენატორს ჰგონია.

ობამას მჭერმეტყველებაში უკვე ყველა დარწმუნდა, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, შესძლებს თუ არა ის კრიზისულ ვითარებაში სტრესის ქვეშ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას. ამ განწყობებს ცეცხლზე ნავთი არც მეტი არც ნაკლები თავად დემოკრატების ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატმა დაამატა, როცა ჯო ბაიდენმა გარანტია მისცა საკუთარ მომხრეებს, რომ ობამას არჩევიდან 6 თვეში ახალი პრეზიდენტის გამოსაცდელად საერთაშორისო კრიზისი მოხდებოდა, ისევე როგორც ეს ჯონ კენედის არჩევის შემდეგ მოხდა. ბაიდენის განცხადებით, ამ კრიზისის დროს ობამას თითოეული მომხრის აქტიური თანადგომა დასჭირდება, ვინაიდან თავიდანვე ყველაფერი ნათელი არ იქნება, ამიტომ მხარდაჭერებმა საკუთარი გავლენა უნდა გამოიყენონ პრეზიდენტის ირგვლივ საზოგადოების დასარაზმად.

რამდენად სჭირდება 2 ომსა და ფინანსურ კრიზისში მყოფ ქვეყანას გამოსაცდელი პრეზიდენტი, კითხულობს მაკეინი. ან რატომ არ იქნება თავიდანვე ყველაფერი ნათელი და რატომ დასჭირდება მომავალ პრეზიდენტს მხარდამჭერთა თანადგომა, თუკი ის სწორ ნაბიჯებს გადადგამს და კრიზისზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს?

ბაიდენის მიერ მოხმობილი კენედის ანალოგია კონსერვატორებისათვის იმას მოასწავებს, რომ მათი ყველაზე საშინელი კოშმარები ობამას გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიძლება სინამდვილედ იქცეს. დელავერი სენატორის სიტყვები იმის აღიარებაა, რომ ობამას პრეზიდენტობა ამერიკას არა მარტო საერთაშორსო კრიზისს მოუტანს, არმედ, კიდევ უარესი, ამ კრიზისზე ობამას სუსტი რეაქცია ექნება და ამით ამერიკისადმი ნდობას შელახავს.
_____________________________________

President Kennedy at the Berlin Wall, 26 June 1963

კედელი

არჩევიდან ნახევარი წელი არ იყო გასული, როცა კენედი ვენაში საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა. მისი იდეალიზმი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ სისუსტედ და თავისი ექსპანსიონისტური ზრახვების განხორციელების შანსად ჩათვალა. ვენაში მოლაპარაკებებს 61 წლის აგვისტოში ბერლინში კედლის მშენებლობა მოჰყვა. კენედის სიტყვებიდან გაირკვა, რომ ამერიკა მხოლოდ დასავლეთ გერმანიისა და დასავლეთ ბერლინის დასაცავად იყო მზად და რომ აღმოსავლეთ გერმანელებს არ დაეხმარებოდა.

ისტორიაში შევიდა კენედის მიერ 2 წლის შემდეგ ნათქვამი სიტყვები, “2 ათასი წლის წინ ყველაზე თავმომწონე კვეხნა “Civis Romanus sum.” [რომის მოქალაქე ვარ]. დღეს, თავისუფლების სამყაროში ყველაზე თავმომწონე კვეხნაა – “Ich bin ein Berliner” [მე ბერლინელი ვარ].”, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა პრეზიდენტს ამერიკაში ძალიან ბევრი აკრიტიკებდა კედლის მშენებლობაზე სუსტი რეაქციის გამო. შეერთებულმა შტატებმა ბერლინის კედელი მიიღო როგორც “საერთაშორისო ცხოვრების ფაქტი”. შეგუების პოლიტიკა გაგრძელდა მანამ, სანამ 1987 წელს რეიგანმა ბრანდერბურგის ჭიშკართან ხმამაღლა არ მოითხოვა “მისტერ გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!” სახელმწიფო დეპარტამენტი ამაოდ ცდილობდა, რომ ეს სიტყვები რეიგანის გამოსვლაში არ მოხვედრილიყო.

ღორების ყურეში კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ გადასხმული თავისუფლებისთვის მებრძოლი კუბელი მეამბოხეების ამერიკული საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერის გარეშე მიტოვება, კენედის გაუბედავობის კიდევ ერთ ნიშნად იქნა აღქმული. კეთილი ნების ჟესტების გამო კენედის მოუხდა სიმტკიცისა და უშიშრობის მკაცრი გამოცდის ჩაბარება. კარიბის კრიზისის დღეებში გაბედული მოქმედების პარალელურად საბოლოო ჯამში იგი მაინც დათმობებზე წავიდა და კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანის შემდეგ თურქეთიდან ამერიკული რაკეტები გაიყვანა.

თანაც, ობამასგან განსხვავებით კენედი პოლიტიკური ნეოფიტი არ ყოფილა. საბრძოლო ნათლობა II მსოფლიო ომში ჰქონდა მიღებული. მამამისის ბრიტანეთში ელჩობის დროს მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, თავად ყოფილიყო მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე. შემდეგ ამ გამოცდილების საფუძველზე მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ნაშრომიც კი დაწერა – “რატომ ეძინა ინგლისს”, სადაც გაანალიზებულია აგრესიის დაშოშმინების პოლიტიკის შეცდომები.
_________________________________

President Reagan at a White House Ceremony and Reception for freed American hostages held in Iran. 1/27/1981

ამპარტავნება 2.0

ობამა ამერიკის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას ხშირად “ამპარტავნულს” უწოდებს, რის გამოც დღეს მტრებს მისი ნაკლებად ეშინიათ, ხოლო მეგობრები ნაკლებად ენდობიან. ამ “ნაკლოვანების” დასაძლევად ის მზადაა, დიდსულოვნად დაიწყოს მოლაპარაკებები ანტიამერიკულ ტირანიებთან. მაგრამ საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების ზოგ მოკავშირეს ასეთად თავად მისი პოზიცები მიაჩნია. და აი, კიდევ ერთი პარალელი დემოკრატების კანდიდატსა და ამჟამინდელ პრეზიდენტს შორის – საფრანგეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ შესაძლოა, ობამამ “ამპარტავნულად” უგულვებელყოს შეერთებული შტატების მოკავშირეები და ისე დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ირანთან.

როგორც ისრაელის მთავრობისათვის გახდა ცნობილი, ირანთან დაკავშირებით ობამას პოზიცია ნიკოლა სარკოზის “უკიდურესად უმწიფრად” და “შინაარსისაგან დაცლილ ფორმულირებებისაგან” შემდგარად მიაჩნია. სარკოზიმ რამდენჯერმე გამოხატა იმედგაცრუება, რომ ობამას პოზიციები ჯერაც ბოლომდე “კრისტალიზებული არაა და ბევრი საკითხი კვლავ ღიად რჩება”. პარიზში შეხვედრისას მან პირდაპირ განუცხადა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ “ძალიან პრობლემატური” იქნებოდა, თუკი არჩევნების შემდეგ ამერიკის პოლიტიკა ირანთან მიმართებაში შეიცვლებოდა.

ირანმა ერთხელ უკვე მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ რეაგირებს ამერიკის პრეზიდენტებზე, რომელიც მას სუსტი და გაუბედავი ჰგონია – ჯიმი კარტერის პრეზიდენტობისას თეირანში ამერიკის საელჩოს 52 თანამშრომელი ისლამისტებმა მძევლად აიყვანეს. მათი გათავისუფლება მხოლოდ 444 დღის შემდეგ მოხერხდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად რონალდ რეიგანი აირჩიეს. რეიგანს გამოცდა არ სჭირდებოდა, აიათოლებისთვის თავიდანვე იყო ნათელი, რომ მასთან ასეთი თამაშები არ გაუვიდოდათ. რეიგანის ინაუგურაციიდან რამდენიმე წუთში ირანმა მძველები გაათავისუფლა.
___________________________

Barack Obama & Vladimir Putin

ძალა უძალოთა

რუსეთთან ურთიერთობაში ობამას ადმინისტრაციის ამოსავალი პრინციპი დიალოგი იქნება და არა კონფრონტაცია და იზოლაცია. მაკეინს და მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელ რთულ სამყაროში, როცა არ იცი, რა გამოწვევებია მოსალოდნელი, ობამას გულუბრყვილობა საშიშია. ჰარი ტრუმანი საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე განცხადებებს არ აკეთებდა. ამერიკას სჭირდება რუსეთთან ურთიერთობებში ინიციატივის თავის ხელში დაბრუნება. რეალიზმის მანტიამოსხმული საერთაშორისო ურთიერთობათა სწავლული ექსპერტები ხშირად საუბრობენ რუსეთთან “დიდი გარიგების” სიკეთეებზე.

თავისთავად ვარაუდს, რომ დასავლეთის მიერ კრემლის გავლენის სფეროების აღიარებისა და პუტინისტანის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის სანაცვლოდ რუსეთის მხრიდან ბირთვული გაუვრცელებლობისა და ტერორიზმის სფეროში ქმედით თანამშრომლობას ექნება ადგილი, რეალიზმთან საერთო არაფერი აქვს ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე თეორიული მნიშვნელობით. რამდენად არის მოსკოვი ირანის საკითხში სათანამშრომლოდ განწყობილი, ამაზე თუნდაც 2003 წლის ერაყის მაგალითიც ნათლად მეტყველებს.

რეალიზმის ფუძემდებლებს ფრიად გაუჭირდებოდათ დღეს ამ სახელით მოქმედი იმ არაერთი თეორეტიკოსისა თუ პრაქტიკოსის საკუთარ იდეურ შთამომავლად მიღება, რომლებიც შეერთებულ შტატებს მოწინააღმდეგესთან არა ძალის, არამედ უძლურების პოზიციიდან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.

ახალი “რეალისტებისათვის” მსოფლიო პრინციპულად ანარქიული კი არა, კონვერგენციის პროცესში მყოფი სისტემაა, რომლის მამოძრავებელი ძალა ეკონომიკაა და არა, ჰანს მორგენტაუს სიტყვებით რომ ვთქვათ, “ძალის სახით განსაზღვრული ინტერესი”. შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი კეთილდღეობის მატებაა და არა გავლენის გაფართოვება ან ძლიერების ზრდა.

და თუ რომელიმე ქვეყანა თავისი “ობიექტური” ანუ ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად კი არ მოქმედებს, არამედ ძველმოდური Real politik–იდან გამომდინარე ნაბიჯებს დგამს, ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ისინი შეერთებული შტატების მიერ არიან პროვოცირებულნი.

ასე მაგალითად, პუტინის კარგად გათვლილი, ცივსისხლიანი აგრესია, ხელსაყრელ საერთაშორისო გარემოში მოულოდნელობის, შანტაჟის, ტყუილისა და პირდაპირი ძალმომრეობის გზით ძალთა ბალანსის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური რეაქციაა, მიზეზი კი – შეერთებული შტატების იმპერიული გადაჭიმვა. მსოფლიოს ბუნებრივი მდგომარეობა ჰარმონიაა, ამერიკული კოვბოის გაუთვლელ მოქმედებებს და აგრესიულ მეთოდებს კი საერთაშორისო სიტემა წონასწორობიდან გამოჰყავს.

ჰეგემონისტური მისწრაფებების ნაცვლად, შეერთებული შტატები ვალდებულია, დაეხმაროს რუსეთის, ირანის ან ჩინეთის მსგავს, მზარდი ამბიციების მქონე სახელმწიფოებს იმ გზის უმტკივნეულოდ გავლაში, რომელსაც ისინი “მსოფლიო ისტორიული განვითარების ობიექტური კანონზომიერებებიდან გამომდინარე” ისედაც ადგანან და საერთაშორისო თანამეგობრობაში მათი კუთვნილი ადგილი დააკავებინოს.
_______________________________

”Today, We Are All Georgians” - Sen. John McCain speaks during a town hall meeting, Aug. 12, 2008, at the York Expo Center in York

გეოპოლიტიკური ნათლისღება

საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე ობამას პირველი რეაქცია ორივე მხარისადმი თავშეკავებისკენ მოწოდება იყო. ამან რესპუბლიკელებს საშუალება მისცა განეცხადებინათ, რომ მისი პირველი ინსტინქტი ყოველთვის მორალური ეკვივალენტობის შექმნაა.

3 დღის შემდეგ ობამამ განაცხადა, რომ პრობლემა გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ არაფერი უთქამს, თუ როგორ შესძლებდა გაერო რაიმეს გაკეთებას რუსეთის ვეტოს პირობებში. მაკეინის აზრით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად არა გაერო, არამედ ნატო და მისი სამშვიდობო ჯარები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ერთი კვირის შემდეგ ობამამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და როგორც იქნა, იმ პოზიციამდე მივიდა, რაც მაკკეინს სულ თავიდან ჰქონდა.

რეიგანი სწორედ ასეთ რამეს ეძახდა სიამაყის ცდუნებას. “ესაა ცდუნება, რომ არხეინად დააყენო საკუთარი თავი ამ ყველაფერზე მაღლა და ორივე მხარე თანაბრად დამნაშავედ გამოაცხადო, უგულვებელყო ისტორიის ფაქტები და ბოროტების იმპერიის აგრესიული იმპულსები, უბრალოდ დაარქვა ამ ყველაფერს დიდი გაუგებრობა და საკუთარი თავი სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის მიღმა დააყენო.”

მემარცხენე ინტელქტუალები ხშირად აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი განსაკუთრებული ტალანტებით დაჯილდოვებული არაა, არადა მან მაინც მოახერხა პუტინის თვალებში სულის აღმოჩენა. მისი სავარაუდო მემკვიდრე შეუდარებლად უფრო ნიჭიერია, ამიტომ მისგან გაცილებით უფრო მეტს უნდა მოველოდეთ. მაგრამ რამდენად შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება დავაფუძნოთ იმ იმედზე, რომ ობამა არა მარტო რუსეთის თვითმპყრობლის სულს დაინახავს, არამედ მის შეცვლასაც შესძლებს?

წელს 7 იანვარს დართმუთის უნივერსიტეტში გამოსვლისას ობამამ სტუდენტებს მიმართა: ისინი იგრძნობენ, რომ მას უნდა მისცენ ხმა, ვინაიდან “სარკმელიდან სინათლე გარდმოვა, სინათლის სხივი მოგეფინებათ, თქვენ დაგეუფლებათ ნათლისღების განცდა და უცებ გააცნობიერებთ, რომ უნდა ადგეთ და ხმა ობამას მისცეთ”. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკა-რუსეთის შემდეგი სამიტი დამასკოსთან შედგება, სადაც სავლე პავლედ იქცევა და მიტაცებულ მიწებს დაგვიბრუნებს.
_______________________________

43rd Munich Conference on Security Policy 2007

ვლადიმერ მრისხანე

მაკეინი არ იყო მათ რიცხვში, ვისაც თვალები მხოლოდ მაშინ აეხილა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა. მათგან განსხვავებით, ვისაც საქართველოს და უკრაინის ნატოში სწრაფი მიღება გამომწვევი უპასუხისმგებლობა ჰგონია, მაკეინი უკვე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის პროვოცირებას დასავლეთის პრინციპულობა კი არა, მისი სისუსტე ახდენს.

მაკეინი იმასაც ითვალისწინებს, რომ დღეს რუსეთის სათავეში საბჭოთა გერონტოკრატიისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიური კონსტიტუციის და ასაკის გათვალისწინებით, თუნდაც სულ სხვა ვიტალური ენერგიის მქონე ხალხია.

საბჭოთა სისტემა, განსაკუთრებით უძრაობის წლებში, კარიერისტი აპარატჩიკების დაწინაურებას უზრუნველყოფდა. როცა ისინი სახელისუფლებო პირამიდის მწვერვალს აღწევდნენ, და შესაბამისად, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებთან შეხების შესაძლებლობა უჩნდებოდათ, ისინი ნომენკლატურულ კულუარებში დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად მოქმედებდნენ, პრინციპით – სიფრთხილე თვითგადარჩენის საწინდარია.

პუტინის ხროვა თავზეხელაღებული ავანტურისტებისაგან შედგება, რომელთა მიერ მღელვარე 90–იან წლებში და არა სტაგნაციის პირობებში განვლილმა გზამ მათ ერთი საბჭოთა ფილმის აფორისტული გამონათქვამის სისწორეში დარწმუნების შესაძლებლობა მისცა – ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც არ სვამს.

ივანე მრისხანის ოპრიჩნინის შემდეგ, სადამსჯელო ორგანიზაციისა და სახელმწიფოს სრული შეზრდა პირველად მოხდა. წითელი ტერორის აპოგეის დროსაც კი რეპრესიული მანქანა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა. თუკი პრუსია არმიასთან არსებული სახელმწიფო იყო, პუტინმა რუსეთი სპეცსამსახურთან არსებულ სახელმწიფოდ აქცია. ბუშისგან განსხვავებით, მაკეინი პუტინის თვალებში თავიდანვე სამ ასოს ხედავდა – იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციის აბრევიატურას, რომლის 5–ე სამმართველოში სტუდენტების თვალთვალითაც დაიწყო რუსეთის მომავალი პრეზიდენტის კარიერა.

2000 წლის არჩევნებზე, როცა ბუში “მოკრძალებული საგარეო პოლიტიკის” ლოზუნგით გამოდიოდა, მისი რესპუბლიკელი კონკურენტი ამერიკის მთავარ საგარეო პრიორიტეტად “ველური რეჟიმების უკუქცევას” მიიჩნევდა.

მაკეინმა კარგად იცის, რომ ბოროტებას ტოტალიტარული მისწრაფება აქვს, შეუძლებელია, რომ ის ნაწილობრივი იყოს და ამით დაკმაყოფილდეს. სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეთა თავისუფლებას თრგუნავს, ვერ მოისვენებს, სანამ მეზობელ ქვეყნებს არ დაიმონებს. რუსეთის ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ავტორიტარული საშინაო და აგრესიული საგარეო პოლიტიკა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ერთს მეორე მოჰყვება, მეორე კი პირველს აძლიერებს.

მაკეინს კარგად ესმის, რომ რუსეთის პოლიტიკა არა მხოლოდ ექსპანსიონისტურია, არამედ რევიზიონისტულიც. მისი ამოცანა არა მხოლოდ ტერიტორიის ან გავლენის სფეროს გაფართოვება და 20–ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაა. იგი გაცილებით უფრო შორსმიმავალ მიზნებს ისახავს და საერთაშორისო პოლიტიკის თამაშის წესების შეცვლას ესწრაფვის. პუტინის 2007 წლის მიუნხენის სიტყვა იყო რევიზიონისტულ სახელმწიფოდ რუსეთის ტრანსფორმაციის დასრულების მკაფიო სიგნალი. ეს გამოწვევა მაშინ უპასუხოდ დარჩა.
____________________________________

Map to show current affiliations of European Countries with the North Atlantic Treaty Organization (NATO). Several NATO Member areas not included in the map, such as the United States, Canada, Greenland, and French Guiana

ახალი ვარშავის პაქტი?

როდესაც ნატოს გაფართოება მოხდა, ეს იყო ვირტუალური გაფართოება, ახალ წევრ ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა თითქმის არ განთავსებულა. დღეს ეს ქვეყნები თავს დაუცველად გრძნობენ. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ნატო, მისი დღევანდელი მდგომარეობით, საკმარისი არაა ყველა ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის გარანტიები, რომლებიც აკმაყოფილებს გერმანიას ან ბელგიას, აბსოლუტურად არასაკმარისია პოლონეთისა და ესტონეთისათვის.

მართალია, მაკეინიც და ობამაც მხარს უჭერს ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებას და მასში ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მიღებას, რომელიც მზადაა დაიცვას თავისი და სხვების თავისუფლება. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს საქართველოს და უკრაინის ნატოში სწრაფი ინტეგრაცია უნდა, მაგრამ მაკეინი მზადაა გაცილებით უფრო შორსაც წავიდეს და მოვლენათა არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში, ალტერნატიული სტრატეგიები განახორციელოს.

8–8–8-ის მთავარი სამიზნე არა იმდენად საქართველო, მისი ტერიტორიული დანაწევრება, მისი სუვერენიტეტის ხელყოფა ან ხელისუფლების შეცვლა იყო, რამდენადაც დასავლეთის სიმტკიცის გამოცდა. ევროატლანტიკური თანამეგობრობის არსებული პოლიტიკა და მიდგომები ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კონსერვატორებს ეჭვი ეპარებათ, რამდენად საკმარისი იქნება უკვე აპრობირებული ინსტრუმენტები რუსეთის ავანტიურით გამოაშკარავებული სისუსტეების აღმოსაფხვრელად.

თუკი ძველი ევროპის ქვეყნები მზად არ იქნებიან რუსეთის მეზობლებთან უსაფრთხოების სფეროში ნატოს ფარგლებში გაღრმავებულ თანამშრომლობაზე, მაშინ მაკეინის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში შედგება.

შესაძლო ვარიანტებს შორის მაკეინის მრჩევლები საუბრობენ რუსული საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნებისათვის Major Non-NATO Ally (MNNA) სტატუსის მინიჭებაზე, ვარაუდობენ იმასაც, რომ ამერიკული ფარის ქვეშ ახალი ევროპის ქვეყნების მჭიდრო კოორდინაციამ შესაძლოა, ერთგვარი ახალი ვარშავის პაქტის სახეც მიიღოს.

ამერიკას შეუძლია, დაეხმაროს ახალ ევროპას, როგორც ის 80–იან წლებში ავღანელებს, ან 20–იან წლებში პოლონელებს ეხმარებოდა, მაგრამ სტინგერები და ჯაველინების ან თუნდაც პატრიოტების მიღებამდე თავად ეს ხალხები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ საკუთარ ეროვნულ უსაფრთოებას.

ჯერ კიდევ ნაპოლეონი ამბობდა, რომ ყველა ერი განწირულია შეინახოს შეიარაღებული ძალები, არჩევანი მხოლოდ იმაშია, ვის ჯარს არჩენ – საკუთარს თუ დამპყრობლისას. დიდხანს ვერ გაგრძელდება ვითარება, როცა ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ბულგარეთი ხარჯავს მშპ–ს 2%–ზე მეტს, რუმინეთი თავდაცვაზე მხოლოდ – 1.9%–ს, პოლონეთი – 1.8%, ან როცა პოლონეთის 7.9 მილიონი ბრძოლისუნარიან მამაკაცთაგან ჯარში მხოლოდ 127,266 მსახურობს, ბულგარეთის 1.3 მილიონისგან 40,747, უნგრეთის 1.9 მილიონისგან – მხოლოდ 32,300, და ასე შემდეგ.

მაკეინისათვის ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეა ცარიელი სიტყვები არაა, არამედ ატლანტიკური უსაფრთხოების სიტემის ქვაკუთხედია. ამიტომ მაკეინი ვერ შეეგუება იმას, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესები კიდევ ერთხელ შეეწიროს ძველი ევროპის ლიდერთა ახლომხედველ პოლიტიკას.

მას კარგად ახსოვს 3–ვე შემთხვევა, როცა ამერიკას გლობალურ კონფრონტაციაში ჩართვა მოუწია, კონფლიქტის ეპიცენტრი სწორედ ბალტიიდან შავ ზღვამდე სივრცე იყო, მიზეზი კი საკუთარსავე გეოპოლიტიკურ ინტრიგებში გახლართული ევროპული სახელმწიფოების ბოლომდე გაუთვლელი ნაბიჯები.
________________________________

From left to right (front): Chamberlain, Daladier, Hitler, Mussolini, and Ciano pictured before signing the Munich Agreement, 29.9.1938.

1938 და 2008 – ბოროტების ფენომენოლოგია

როგორც სანტაიანა ამბობს, ის, ვინც ისტორიის გაკვეთილებს ვერ სწავლობს, მისი გამეორებისათვის არის განწირული. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ჩერჩილი, რომელიც ამბობდა, რომ დათმობებით აგრესორის დაშოშმინება ნიანგის იმ იმედით გამოკვებას ჰგავს, რომ ბოლომდე არ იქნები შეჭმული.

სუდეტის ანალოგია კარგად აღწერს რუსეთის მოტივებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ცივილიზებულმა მსოფლიომ მაინც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა იმ დროიდან და ამიტომ დღეს საქართველომ არც 1938 და არც 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ბედი ბოლომდე არ გაიზიარა. ამერიკის დახმარებით ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ასევე ჩაიშალა რუსეთს გეგმა, დაემხო სააკაშვილის მთავრობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

ბოროტებისადმი წაყრუებას დღეს და 70 წლის წინ განსხვავებული მორალური დატვირთვა აქვს. მაშინ ევროპამ მშვიდობასა და ომს შორის არასწორი გათვლა გააკეთა. დღეს კი სულ უფრო ბევრისთვის თავად ბოროტებასთან ბრძოლაა მიუღებელი. თუკი მიუნხენს რაღაც ახსნა კიდევ შეიძლება მოუძებნო, რუსეთის აგრესიის წაყრუებას დღეს არავითარი გამართლება არა აქვს.

1938 წელს ევროპა მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის წყლულებს იშუშებდა, მაშინ, როცა დღევანდელ დასავლეთს დიდი ხანია მსგავსი პრობლემები დავიწყებული აქვს. ბოლო 30 წელი კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობის ყველაზე ვრცელი პერიოდია. პრობლემები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში იყო და არის, უბრალოდ არ შეედრება იმ გამოწვევებს, რომლებიც ევროპის წინაშე გასული საუკუნის 30–იან წლებში იდგა.

დღევანდელი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ დასავლეთისათვის არცერთი ექსისტენციალური საფრთხის მატარებელი არაა. ჩემბერლენისა და მის თანამედროვე პოლიტიკურ ლიდერებს ისეთი მასშტაბის ტრაგედიებთან უხდებოდათ შერკინება, რომლის მსგავსის წარმოდგენაც კი დღევანდელი ადამიანისათვის თითქმის შეუძლებელია.

ვლადიმერ პუტინის, უგო ჩავესის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის, კიმ ჩენ ირის, სადამ ჰუსეინის, სლობოდან მილოშევიჩის ადამიანური ბუნება არსებითად იგივეა, რაც ადოლფ ჰიტლერის იყო. არის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება – ბოროტება დღეს ბევრად უფრო სუსტია. დასავლეთის მიერ გაღებული მსხვერპლი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა ომში ერთად აღებული მილიონჯერ უფრო მცირეა ვიდრე ის, რისი გაღებაც საჭირო გახდა ჰიტლერის ბოლოს მოსაღებად.

ამიტომ პრობლემა არა იმდენად ბოროტების მასშტაბშია, არამედ იმ ლიდერებში, რომელთაც არ ესმით ის, რასაც რეიგანი ბოროტების ფენომენოლოგიას ეძახდა. პრობლემა მხოლოდ ლიდრებში როდია – რაც უფრო მცირდება მსხვერპლის რიცხვი, მით უფრო მცირდება ის ფასი, რომლის გადახდაზეც, გამარჯვების მისაღწევად, მომხმარებლური საზოგადოება მზადაა. რაც უფრო მცირდება ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, მით უფრო მცირდება ბოროტებასთან ბრძოლის, როგორც ფასეულობის მნიშვნელობა. განსხვავება 1938 და 2008 შორის იგივეა, რაც სისუსტესა და გულგრილობას შორის.
___________________________________

The Fall of the Berlin Wall

პეპლის ეფექტი

რა თქმა უნდა, ვერც რუსეთი და ვერც რომელიმე სხვა ქვეყანა და ვერც თუნდაც მთელი მსოფლიო ერთად აღებული ამერიკას პირდაპირ გამოწვევას ვერ ესვრის, მაგრამ თუკი რუსეთს ეს აგრესია შერჩება, ამას შორსმიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. დღეს ჯონ ბოლტონი კაშხალში გაჩენილ ნაპრალებზე საუბრობს, ადრე ამას დუაიტ აიზენჰაუერი დომინოს თეორიას ეძახდა. თუკი ბოლო 20 წლის განმავლობაში პოსტ–საბჭოთა სივრცეში მოსკოვის გავლენის ზრდას დასავლეთი უფრო სენტიმენტალური მოსაზრებებით ეწინააღმდეგებოდა, რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ეს მიზეზები უფრო გამოკვეთილად გეოპოლიტიკური ხასიათის გახდა.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პუტინი ისტორიას ვერ შეაბრუნებს, მას შეუძლია, მხოლოდ დროებით შეაყოვნოს ის, რაც გარდუვალია. რუსულ ჯარს გაცილებით უფრო დიდი ევროპული ქალაქებიდან მოუწია გასვლა და ადრე თუ გვიან, მას სოხუმისა და ცხინვალის, გაგრისა და ჯავის დატოვება ისევე მოუწევს, როგორც თავის დროზე ბერლინისა და ვარშავის, პრაღისა და ბუდაპეშტის დატოვება მოუწია. მაგრამ ის, რომ ოკუპანტები ქართულ მიწაზე იმყოფებიან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – შერიფი ქალაქში არ არის, საერთაშორისო ავაზაკები დაუსჯელად თარეშობენ, კანონმორჩილმა მოქალაქეებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტი უნდა იზრუნონ.

თუკი საერთაშორისო სამართალი ასე დაუსჯელად შეიძლება დაირღვეს, და მსოფლიო წესრიგს ზურგს არაფერი უმაგრებს, მაშინ ჯაჭვური რეაქციის სახით არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა არაერთი ველური რეჟიმი შეიძლება აღმოჩნდეს ცდუნების წინაშე, რომ იგივე გაიმეოროს, იმ გათვლით, რომ თავისუფლების ჩახშობაზე ამერიკა უაღრესად სწორ განცხადებებს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს მოიმოქმედებს. მეორეს მხრივ, ბუფერული სახელმწიფოების ლიდერები აღარ გარისკავენ, რომ ყველა ფსონს დასავლეთზე ჩამოვიდნენ და ბალანსირებას დაიწყებენ. იულია ტიმოშენკოს დრეიფი რუსეთისაკენ და განხეთქილება ნარინჯისფერ კოალიციაში ამ პრობლემის ნათელი ილუსტრაციაა.

რუსეთისა და დასავლეთის ტექტონური პლიტების გამყოფი ხაზი დღეს მოშიშვლებულია და მის დაცვაზე უარით ეს ხაზი კი არ გაქრება, არამედ შეჯახება მოხდება. ცივი ომის დროს ევროპას გეოპოლიტიკური შეჯახებისაგან ამერიკული ჯარი იცავდა, რომელიც იდგა იქ, სადაც მაშინ გადიოდა თავისუფალი სამყაროს საზღვრები – გახლეჩილი გერმანიის შუაგულში. დღეს გერმანიის ბედში პატარა საქართველოა, ხვალ იგივე საფრთხე უკრაინას შეიძლება დაემუქროს.

აღმოსავლეთ ევროპაში ძალის ვაკუუმი დიდხანს ვერ იარსებებს, მას ან დასავლეთი შეავსებს ან რუსეთი, მანამდე კი რეგიონი გეოპოლიტიკური ტურბულენტობისაგან თავის დაღწევას ვერ შესძლებს. 8–8–8 რუსეთი კლასიკური Machtpolitik –ის ლოგიკით მოქმედებებდა. მის ავანტიურას პასუხი ამავე ენაზე თუ არ გაეცემა, ამას მსოფლიო წესრიგისათვის შორსმიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

როგორც ედუარდ ლორენცი გვასწავლის, ქაოტურ სისტემებში ბრაზილიაში პეპლის ფრთის გაქნევა ტეხასში ტორნადოს იწვევს. შესაძლოა, ცალკე აღებულ არცერთ ამ ქვეყანას ამერიკის ეროვნული ინტერესებისათვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ზოგჯერ დიდი კონფლიქტები სწორედ ასეთ მეათეხარისხოვან ადგილებში ვინმეს პრინციპის საბედისწერო გასროლით იწყებოდა ხოლმე.
_____________________________

ნაჯახი თუ სკალპელი

მორალური სიცხადე ამერიკული პოლიტიკის მთავარი წყალგამყოფია. კონსერვატორები ყველა საკითხს უდგებიან როგორც კარგსა და ცუდს შორის მკაფიო არჩევანს მაშინ, როცა მემარცხენეებისათვის მთავარი ნიუანსებია, რომელიც ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას თუნდაც იმიტომ არ იძლევა, რომ ასეთი სიმკვეთრე მემარცხენეების მიერ პრიმიტიული სწორხაზოვნების გამოვლინებად მიიჩნევა.

საპრეზიდენტო დებატების დროს ობამა თავის ოპონენტს აკრიტიკებდა პრობლემების ნაჯახით გადაჭრის მცდელობისათვის მაშინ, როცა ფილიგრანული სამუშაო სკალპელს მოითხოვს. კონსერვატორებს არ ესმით სინაზისა და სიფაქიზის ასეთი აბსოლუტიზაცია და მიაჩნიათ, რომ ბოროტებასთან ბრძოლა მკაფიო მიზნების დასახვის უნარსა და მათ მისაღწევად გაბედულ მოქმედებას მოითხოვს.

მემარცხენეებისათვის მორალური აბსოლუტების ენაზე საუბარი არაკომფორტულია. მათთვის ძნელია რომელიმე მოვლენის ერთმნიშვნელოვანი დაგმობა ან მხარის დაჭერა. ეს კი კონსერვატორებისათვის იმის მიმანიშნებელია, რომ დემოკრატებს არ შესწევთ უნარი, მოვლენებს ნათლად დაარქვან თავიანთი სახელი და არ ჰყოფნით ძალა, რომ ბოროტებას წინ აღუდგნენ.

როცა კონსერვატორები გამარჯვებაზე საუბარობენ, მათი ოპონენტებისათვის ეს ყურისმომჭრელად ჟღერს. ზოგისთვის სიტყვა “მტერიც” კი არაპოლიტკორექტულია. ეს კი, თავის მხრივ, ოპონენტებს საშუალებას აძლევს განაცხადონ, რომ დემოკრატების მთელი ეს საუბარი ურთიერგაგების, კომპრომისის, თანაარსებობის, ინტერესთა გათვალისწინების შესახებ საბოლოო ჯამში მორალურ რელატივიზმამდე დადის და პოსტმოდერნულ საყოველთაო პირობითობას ბოროტებასთან შემგუებლობამდე მივყევართ.

ობამა ტერორიზმის პრობლემას სამხედროზე მეტად უფრო სამართალდაცვით პრიზმაში ხედავს. მემარჯვენეები მის პოზიციაში 9/11–მდელი მენტალობის გამოვლინებას ხედავენ და ვერ გაუგიათ ტერორის წინააღმდეგ გლობალურ ომში დემოკრატებს “ომი” უფრო ეხამუშებათ, თუ “ტერორიზმი”.

კონსერვატორები ხშირად ამბობენ, რომ სისხლის სამართალსა თუ საერთაშორისო ურთიერთიერთობებში მემარცხენეთა სიმპათია თუ არა, ზრუნვის საგანი ბოროტმოქმედი უფროა, ვიდრე მსხვერპლი. მათთვის დამნაშავე ადამიანი კი არა, უსამართლო სოციალური სისტემაა, აქედან – თანაგრძნობისა და გაგების კულტი, რომელიც ხშირად შეუწყნარებლის შეწყნარებამდე მიდის. კონფლიქტის გადასაჭრელად მონაწილე მხარეებისადმი თანაბარი მიდგომაა საჭირო, ვინაიდან პრობლემის ძირი გაუგებრობაა და არა ბოროტება.

ვიეტნამითა და უოთერგეიტით დაღლილი ამერიკა კარტერის პრეზიდენტობას იმედით შეჰყურებდა, მაგრამ დამთმობი და უხერხემლო პოლიტიკის შედეგად, თავისუფალი სამყაროს პერიმეტრის მიუტევებელი შეკუმშვა მოხდა – ანტიამერიკული ძალები აღზევდენენ ირანში, ავღანეთში, ანგოლაში, კამბოჯაში, ნიკარაგუაში, გრენადაში. ერაყის ომისა და არაერთი სკანდალის შემდეგ, დემოკრატები კრიზისში პოლიტიკური კათარზისის შესაძლებლობას ხედავენ. რა “ცვლილებებს” უქადის თავისუფალ სამყაროს ობამას “იმედიანი” პრეზიდენტობა, შიშით კითხულობენ კონსერვატორები?
________________________________

President Reagan addresses the Annual Convention of the National Association of Evangelicals (Evil Empire speech) in Orlando, Florida

დებატები ბოროტების შესახებ

დემოკრატები ამბობენ, რომ კონსერვატორების სიმარტივეს სამყაროს შავ–თეთრ ფერებში ხედვამდე მივყავართ. მათთვის უცხოა გლობალური პრობლემების სინათლესა და წყვდიადს შორის დაპირისპირების ჭრილში დანახვა, ვინაიდან დახვეწილობა და სინატიფე აქცენტის გაკეთებას უფრო მეტად შუქ–ჩრდილებზე მოითხოვს. კონსერვატორები საპასუხოდ ოპონენტებს დალტონიზმში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მემარცხენეების მრავალფეროვან სამყაროში შავისა და თეთრისათვის ადგილი აღრაა. ამ ფერების დანახვა დემოკრატებს პრინციპულად არ შეუძლიათ.

ეს კონტრასტი ნათლად გამოვლინდა პრეზიდენტობის შესახებ სადლბეკის სამოქალაქო ფორუმზე. პასტორ რიკ ვორენის კითხვაზე, არსებობს თუ არა ბოროტება და თუკი არსებობს, მაშინ რა უნდა ვქნათ – უგულვებელვყოთ, მოველაპარაკოთ, შევაკავოთ თუ დავამარცხოთ, სენატორ მაკეინს მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა – დავამარცხოთ.

ობამამ ბოროტების არსებობა აღიარა, თქვა, რომ ის მრავალი სახით არსებობს და მას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ადამიანებს არ ძალუძთ მისი განადგურება, ეს ღმერთის საქმეა. ობამამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ბოტორებასთან ბრძოლისას ერთგვარი მოკრძალებაა საჭირო, ვინაიდან ბევრი ბოროტების სათავე სწორედ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა.

ცივი ომის დროს, როცა კონსერვატორები ბოროტების იმპერიას ებრძოდნენ, მათი ოპონენტები ამ ბრძოლის უკან სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის მერკანტილურ ინტერესს ხედავდნენ – შეიარაღებაზე გაზრდილი ხარჯების სახით მიეღო ის ფული, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლას უნდა მოხმარებოდა.

როცა რეიგანი სახარებისეულ ქრისტიანთა ნაციონალური ასოციაციის წინაშე ბოროტების იმპერიაზე საუბრობდა, მისი ოპონენტებისათვის ეს პროვოკაციული მოქმედება და უპასუხისმგებლო რადიკალიზმის გამოვლინება იყო.

როცა ცივი ომის დროს დასავლელი მემარცხენეები საბჭოთა კავშირს თანაუგრძნობდნენ, მათ პოზიციას შეიძლება მორალური გამართლება არა, მაგრამ რაღაც რაციონალური ახსნა კიდევ ჰქონოდა – მთელი რიგი “გადაცდომების”, “ნაკლოვანებებისა” და “ხარვეზების” მიუხედავად, “გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანა” “პროგრესული” იდეალების ხორცშესხმას გულისხმობდა: “უფასო” ჯანდაცვა, განათლება, კლასთა და სქესთა თანასწორობა, ინტერნაციონალიზმი და სეკულარიზმი, გეგმიური ეკონომიკა.

დღევანდელი რუსეთი ყოველივე იმის საპირისპიროს განასახიერებს, რაც კი მემარცხენეთათვის წმინდა და ხელშეუხებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რადიკალურ მემარცხენეებს მაინც უჭირთ რუსეთის აგრესიის ერთმნიშვნელოვნად დაგმობა, ზოგიერთები ცდილობენ, რომ მის მოქმედებებს გარკვეული გამართლება მოუძებნონ. მემარჯვენეთა აზრით, ეს ზოოლოგიური ანტიამერიკანიზმი მათი იდეოლოგიური ოპონენტების რეფლექსური რეაქციის გამოვლინებაა – მათთვის ყოველივე, რაც შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების ინტერესებს ვნებს – ავტომატურად “პროგრესულია”.
______________________

შეკავება თუ უკუქცევა

ცივი ომი დროს დასავლეთის გამოცდილებაში აგრესიაზე რეაგირების რამდენიმე სტრატეგია დაგროვდა – დაშოშმინება, განმუხტვა, შეკავება და უკუქცევა. კარგად არის ცნობილი, თუ რამ იმუშავა და რამ არა. შემდეგ პრეზიდენტს არჩევანის გაკეთება ამ სტრატეგიებს შორის მოუწევს. რა თქმა უნდა, ისტორია არ განმეორდება, ახალი დრო ახალ მიდგომებს საჭიროებს, მაგრამ მეტი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საბოლოო ჯამში ობამა ძირითადად შეკავების დოქტრინით ნაკარნახებ პოლიტიკას გაატარებს, ხოლო მაკეინი უკუქცევით იხელმძღვანელებს.

შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომელი სტრატეგია იქნება უფრო ქმედითი რუსეთის აგრესიული ავტოკრატიის წინააღმდეგ, რომელი უფრო ეფექტურ გარანტიებს შექმნის თავისუფლებისათვის არა მხოლოდ მის მეზობლად, არამედ თავად რუსეთის შიგნითაც.

ძნელი სათქმელია, არჩევის შემთხვევაში, რამდენად პრინციპული და თანმიმდევრული იქნება მაკეინი, მაგარამ დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ის რეიგანის ტრადიციის ინტელექტუალურ კალაპოტში იმოქმედებს.

მისი არსი რუსეთის სუსტ წერტილებზე დაუღალავი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პრესინგი იქნება. შემდეგი ადმინისტრაციის წარმატება ბევრწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შესძლებს ის რეიგანის მსგავსად რუსეთის შიშებით ოსტატური მანიპილურება მოახდინოს. როგორც რეიგანმა აქცია საბჭოთა ბელადების ყველა შიში სინამდვილედ, მაკეინის რუსულ პოლიტიკასაც მსგავსი მიზნები ექნება – რადგან რუსეთს ეშინია პროდასავლური რეჟიმების სარტყელში მოქცევის, მაკეინის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ სარტყელის ყულფი უფრო მჭიდროდ მოიჭიმოს. რადგან რუსეთს ეშინია სამხედრო ჩამორჩენილობის, ამერიკის უპირატესობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
_________________________

იდეალისტური რეალიზმი

რეიგანის კვალდაკვალ მაკეინი ამომრჩეველს იდეალისტური რეალიზმის საგარეო პოლიტიკის გატარებას ჰპირდება – მას სჯერა, რომ ამერიკულ იდეებს მსოფლიოს ტრანსფორმაციის უნარი შესწევს, რომ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები მოითხოვს ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის გაძლიერებას როგორც ამერიკის შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში. მაკეინმა იცის, რომ გაბედულებისა და ურყევი ნების დემონსტირირების გარეშე ამერიკული იდეალები მიუღწეველ ოცნებებად დარჩება .

ცივილიზებულ ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების წარმართვისთვის, “შეერთებული შტატების პოლიტიკისა და მის საფუძველში მყოფი ფასეულობების ლეგიტიმურობის მეშვეობით სხვათა მოზიდვის უნარს” დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ველური სახელმწიფოებისათვის “რბილი ძალა” სასაცილო ოქსიმორონია. კეთილ ნებაზე საუბარში ისინი სისუსტეს ხედავენ, კომპრომისისათვის მზაობა მათთვის გაუბედაობის ნიშანია, დიალოგისათვის გახსნილობა – საკუთარი ავანტიურების განხორციელების იდეალური შანსი.

მაკეინმა იცის საერთაშორისო ალიანსების მნიშვნელობა, მაგრამ კარგად ესმის, რომ ზოგჯერ თუ ამერიკა ყოყმანს დაიწყებს, ცალმხრივად და გადაჭრით არ იმოქმედებს და ძველი ევროპის შემხედვარე იქნება, კრიზისი შეიძლება გამოუსწორებელ კატასტროფად იქცეს. ამიტომ წინმსწრები შეტევისა და სამხედრო ძალის გამოყენებისათის მას უფრო ფართო კრიტერიუმები ექნება, ვიდრე მის დემოკრატ ოპონენტს.

მაკეინი ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა არსებული ინსტიტუციური არქიტექტურა, რომელიც არსებითად გასული საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს ჩამოყალიბდა, გარკვეულწილად მოძველდა და ვერ ახერხებს თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 261 შემთხვევიდან, როცა გაეროს მუდმივმა წევრმა ვეტო გამოიყენა, 244 1995 წლამდე მოხდა.

ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობის განახლებასთან ერთად გაერო ცივი ომის დროინდელ პარალიზებულ მდგომარეობას უბრუნდება. მაკეინს კარგად ესმის, რომ პუტინის ან ახმადინეჯადის აგრესიულ გეგმებს მხოლოდ დღეს არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შეაჩერებენ.
_______________________

დემოკრატიათა ლიგა

მაკეინი მხარს უჭერს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის – დემოკრატიათა ლიგის შექმნას, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს თავისუფალი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოს კოლექტიურად იმოქმედონ იქ, სადაც უშიშროების საბჭოს არადემოკრატიული მუდმივი წევრების ვეტოს გამო გაერო უძლურია რაიმე მოიმოქმედოს. ბუნებრივია, ამ გაერთიანების წევრი არც ჩინეთი და არც რუსეთი არ იქნება და ამ ახალი გაერთიანების მეშვეობით ამერიკას ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა გაუადვილდება.

გასული საუკუნის 40–იანი წლების შემდეგ, როცა საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური წესრიგის საფუძვლებზე გაეროსა და ბრეტონ ვუდსის სისტემები წარმოიშვა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარიდან ასეთი მხარდაჭერა ჰქონოდა. ლიბერალური ინტერნაციონალიზმისა და ნეოკონსერვატიული რეალიზმის კონვერგენცია დემოკრატიათა ლიგის საჭიროების ირიბ მოწმობად შეიძლება იყოს მიჩნეული.

მსგავს იდეას ამა თუ იმ ვარიაციით იზიარებენ ობამას მრჩეველი ივო დაალდერი, პრინსტონის უნივერსიტეტის ვილსონის სკოლის დეკანი ენ მარი სლაუტერი, ამერიკის იმპერიული ამბიციების კრიტიკოსი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ იკენბერი. თავად დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გამოუხატავს. ევროპელ მომხრეთაგან შეიძლება გამოიყოს დანიის პრემიერი ანდერს რასმუსენი.

დემოკრატიათა კონცერტის შექმნის მცდელობა 90–იანი წლების ბოლოს მადლენ ოლბრაიტსაც ჰქონდა. თუმცა ამ გაერთიანების ზედმეტად ფართო ხასიათმა მის ეფექტურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 120 წევრიან თანამეგობრობაში დემოკრატიის ისეთი ფორპოსტებიც მოხვდნენ, როგორიცაა მაგალითად ეგვიპტე, კატარი, იორდანია. ამიტომ დღეს ამ წამოწყების აღორძინების მომხრეები უფრო მკაცრ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ ექსკლუზიური კლუბის შექმნას უჭერენ მხარს, რათა კიდევ ერთი ლიბერალური სალონი არ მიიღონ.

ახალი გაერთიანების კიდევ ერთი პოტენციური დაბრკოლება უკიდურესობამდე მისული დემოკრატიული მშვიდობის კანტიანური იდეაა. დემოკრატიული ქვეყნები არა მარტო არ ომობენ, არამედ მათ შორის წინააღმდეგობები იმდენადაა მოხსნილი, რომ სრული თანხმობა და ინტერესთა თანხვედრაა.

ერაყის ომთან და ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ასე არაა. დემოკრატიულ ქვეყნებს შორის პერიოდულმა უთანხმოებებმა ამ ახალი ორგანიზაციის პარალიზებაც რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა, მასში ვეტოს უფლებით არავინ იყოს აღჭურვილი.
________________________

იდეოლოგიური კონკურენცია და ლეგიტიმურობის დეფიციტი

უცნაურია, რომ სხვადასხვა ფასეულობრივ საფუძველზე შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციათა მოზაიკაში დღემდე არ არასებობს ისეთი გაერთიანება, რომლის მიზანი ლიბერალური პრინციპების დაცვა და წინ წამოწევა იქნებოდა. თუკი არსებობს ისლამურ ქვეყანათა კონფერენცია, მიუმხრობელთა მოძრაობა და სხვა, მაკეინს აუცილებლად მიაჩნია, გამოსწორდეს ეს ხარვეზი და შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოების საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი პლატფორმა.

ისტორიის დასასრულისა და ლიბერალური დემოკრატიის შეუქცევადი ტრიუმფის ილუზიების ბურანში მყოფი დასავლეთი მოუმზადებელი შეხვდა იდეოლოგიური კონკურენციის ახალ ფაზას. ამან საფუძველი მისცა სერგეი ლავროვს დაესკვნა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში იდეათა ბაზარზე სხვადასხვა ფასეულობათა სისტემებსა და განვითარების მოდელებს შორის კონკურენტული გარემო შეიქმნა. რუსეთის საგარეო მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის პროცესზე დასავლეთი თავის მონოპოლიას კარგავს. ეს აშკარა გამოწვევაა, რომლის უპასუხოდ დატოვებას მაკეინი ნამდვილად არ აპირებს.

მაკეინის აზრით, ახალმა ლიგამ კი არ უნდა ჩაანაცვლოს მრავალ თუ ორმხრივი თანამშრომლობის არსებული ფორმატები, არამედ შეავსოს ისინი. ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი, სტაბილურობა პაკისტანში, ბრძოლა ტერორიზმთან მთელ რიგ ავტორიტარულ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთქმედებას მოითხოვს.

დემოკრატიათა ლიგასთან დაკავშირებული მთავარი საკითხი ის კი არაა, რამდენად საჭიროა ეს ახალი ორგანიზაცია, არამედ რამდენად აღმოაჩნდებათ თავისუფალი სამყაროს სახელმწიფოთა ლიდერებს სათანადო ნება მის დასაფუძნებლად.

ძველი ევროპის პოლიტიკურ ელიტებს ეშინიათ, რომ ლიგა გაეროს სისტემას დაასუსტებს და გულივერი გეოპოლიტიკური ლილიპუტების თოკებიდან დასხლტება. ამ შეშფოთებას ამერიკელ მემარცხენეთა ნაწილიც იზიარებს. სიზიფესეული გულმოდგინების მიუხედავად, გაეროს რეფორმირებას რაიმე ხელშესახები შედეგი ჯერაც არ გამოუღია.

არადა ერთი რამ დღესავით ნათელია – მიზეზი იმისა, თუ რატომ მოქმედებს შეერთებული შტატები ამ ორგანიზაციის გვერდის ავლით როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური ადმინისტრაციების დროს, გაეროს ლეგიტიმურობის დეფიციტია – ამერიკელებისთვის რაიმე საერთაშორისო ინსტიტუტს არასოდეს ექნება საკმარისი ავტორიტეტი, თუკი ეს გაერთიანება იმ ფასეულობათა გამტარი არ იქნა, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეებისათვის წმინდა და სათუთია. ამიტომ თუ ვინმეს ევროპაში ამერიკის მულტირატერალურ ჩარჩოებში მოქცევა და მის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა აინტერესებს, დემოკრატიათა ლიგა მათი ორგანიზაციაა.
______________________________

ღირებულებითი უფსკრული

შეიძლება ბევრი კამათი იმაზე, არჩევის შემთხვევაში რამდენად წარმატებული იქნება მაკეინის ადმინისტრაცია, მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ესა თუ ის ასპექტი, მაგრამ ერთი რამ დავას არ იწვევს – არიზონის სენატორის ურყევი ნება, არ დაუშვას ახალი ჰოლოკოსტი და ბოროტების იმპერიის აღდგენა.

კონსერვატორები მიუთითებენ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში გამალებული იდეოლოგიზაცია და დასავლურ ფასეულობებსა თუ პრაქტიკაზე მასირებული შეტევა მიმდინარეობს. კრემლსა და დასავლეთს შორის ღირებულებითი უფსკრული ორმხრივი ინტერესის საკითხებზე პრაქტიკულ თანამშრომლობისათვის მზარდ დაბრკოლებებს ქმნის.

მაკეინს კარგად ესმის, რომ ირანის ბირთვული საფრთხის საკითხში რუსეთი პრობლემის ნაწილია და არა მისი გადაჭრის. ამიტომ მას გაუმართლებლად მიაჩნია ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში ილუზორული თანამშრომლობის გამო რუსეთის მიმართ წაყრუების და დაშოშმინების პოლიტიკის გატარება.

უკვე დიდი ხანია მაკეინი საუბრობს დიდი 8–იანის რეფორმირების აუცილებლობაზე, რათა ეს ორგანიზაცია კვლავაც მსოფლიოს უდიდესი საბაზრო დემოკრატიების კლუბის სახეს დაუბრუნდეს. ამისათვის მას საჭიროდ მიაჩნია მასში ინდოეთის და ბრაზილიის მიღება და რუსეთის გარიცხვა.
_______________________

საგარეოპოლიტიკური პოლიფონია

ძალიან ბევრი რამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში დაფუძნებულია კონსენსუსზე. იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე შეერთებული შტატები და მსოფლიო დგას, რესპუბლიკელები და დემოკრატები მეტ–ნაკლებად ერთნაირად აფასებენ, მაგრამ ამ გამოწვევებზე მათ განსხვავებული პასუხები გააჩნიათ, თუმცა ფუნდამენტური მიდგომები ძირითადი პოლიტიკური ძალების მიერ გაზიარებულია და ადმინისტრაციის ცვლა, საგარეო პოლიტიკის რადიკალურ რევიზიას, როგორც წესი, არ იწვევს.

ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ამერიკას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს, რომლებიც ზოგჯერ ლამის ავტომატურად განაპირობებს იმ პოზიციას, რომლის დაკავებაც ამ სახელმწიფოს მოუწევს, იმისდა მიუხედავად, თუ რა შეხედულებების მატარებელი არ უნდა იყოს ესა თუ ის პოლიტიკოსი, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება უწევს.

იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ იმოქმედებენ გამარჯვების შემთხვევაში ობამა ან მაკეინი, რთულია, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მაინც შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს გააჩნიათ. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაიმე მონოლითური ტრადიცია არც ერთ პარტიაში არ არსებობს. პლურალისტურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გვხვდება არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ მათ შიგნითაც.

დღეს რესპუბლიკური პარტია იდეოლოგიურად გაცილებით უფრო ჰომოგენურია და დემოკრატებთან შედარებით მასში შიდა წინააღმდეგობები შედარებით ნაკლებია. დემოკრატიულ ბანაკში იდეოლოგიური მოზაიკა გაცილებით მრავალფეროვანია და ხშრად რადიკალურად განსხვავებული პოზიციების ადამიანებს აერთიანებს.

ტრადიციულ დემოკრატებს უფრო მეტი აქვთ საერთო რესპუბლიკელთა ძირითად ტენდენციასთან, ვიდრე საკუთრ ულტრამემარცხენე თანაპარტიელებთან. ფართო კოალიციები პარტიას ეხმარება არჩევნებში გამარჯვებაში, მაგრამ შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიური პოზიციები, შინაგანი წინააღმდეგებობები ქმედითი პოლიტიკის გატარებას ლამის შეუძლებელს ხდის და ეფექტური მართვის განხორციელებას ხელს უშლის.
______________________________

დემოკრატების ტრადიციები

დემოკრატების ძირითადი საგარეო პოლიტიკური ტრადიცია ინტერნაციონალიზმია. მის სათავეებს 20–ე საუკუნის 3 უდიდეს კონფლიქტთან მივყავართ. მისი საფუძვლები ვუდრო ვილსონმა, ფრანკლინ რუზველტმა და ჰარი ტრუმენმა I და II მსოფლიო და ცივი ომების დროს ჩამოაყალიბეს. სამივე კონფლიქტის დროს ამერიკა მაქსიმალურად ცდილობდა პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილებას. სამივე შემთხვევაში ამერიკის მიდგომა რეაქტიული იყო.

3–ვე გლობალური კონფლიქტის დროს ამერიკის ძირითადი მიზანი იყო არ დაეშვა ევრაზიის კონტინენტალურ შუაგულზე ერთი რომელიმე სახელმწიფოს დომინირება – პირველ ორ შემთხვევაში გერმანიის, ბოლოს კი – რუსეთის. დემოკრატების სამყარო ევროცენტრულია. აზიაში წარმოებული 2 ომის მიუხედავად ძველი კონტინენტი მათი საგარეო პოლიტიკის მთავარი ფოკუსი იყო.

ჰალფორდ მაკინდერის გეოპოლიტიკური თეორიის მიხედვით, მსოფლიო ბატონობის დასამყარებლად სწორედ ამ რეგიონის კონტროლია აუცილებელი. ასე რომ, თუ ვინმეს ამერიკის გამოწვევა უნდა, მან პირველ რიგში, ცენტრალური ევრაზიიდან უნდა დაიწყოს.

3–ვე დიდ ომში ამერიკა კოალიციაში იბრძოდა. დემოკრატები ერიდებიან საერთაშორისო არენაზე ცალმხრივ მოქმედებას და ცდილობენ, რომ ომის ტვირთი მოკავშირეებს გაუნაწილონ. ომის დასრულების შემდეგ დემოკრატები მისი შედეგების ინსტიტუციონალიზაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობენ – ერთა ლიგა იქნება ეს, თუ გაერო, რომლის საფუძვლადაც ევრო–ატლანტიკურ სოლიდარობას და პარტნიორობას ხედავენ.

ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობიდან აღმოცენდა კრიტიკული რადიკალიზმის მიმდინარეობა, რომელიც ულტრა–მემარცხენე ჯგუფებს უკავშირდება. ეს ტრადიცია სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ამერიკას განიხილავს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ჩაგვრაზე და უსამართლობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. მათთვის ცივ ომში მთავარი საფრთხე ამერიკული და არა რუსული იმპერიალიზმი იყო. გარკვეული თვალსაზრისით ეს იზოლაციონიზმის მემარცხენე ვერსიაა.

ერაყის ომმა საგარეო პოლიტიკურ კონსენსუსში სერიოზული ბზარი შეიტანა. 9/11–ის საპასუხოდ წამოწყებულ ჯვაროსნულ ლაშქრობას თავიდან ზომიერი დემოკრატების უმრავლესობა მხარს უჭერდა, მაგრამ რადგან ბუშმა ვერ მოახერხა საფრანგეთისა და გერმანიის მიმხრობა, დემოკრატებმა მას ზურგი აქციეს.

რაკიღა ძველი ევროპის სახელმწიფოები ნებისმიერი კოალიციის ქვაკუთხედად მიაჩნდათ, დემოკრატებისათვის მათ გარეშე მოქმედება ამერიკის იზოლაციას მოასწავებდა და მიუტევებელი მკრეხელობის ტოლფასი იყო. ასე რომ, ერაყის მეორე ომმა დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთა გააერთიანა.

ობამას შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებაში დიდი წვლილი მემარცხენე რადიკალებს მიუძღვით. გახდება თუ არა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ობამა მათი მძევალი, თუ მათაც ისევე მოიშორებს, როგორც თავის დროზე ჯერემია რაითისგან ან ბილ აიერსისგან გათავისუფლდა.
_______________________________________

ძველი კონტინენტის ახალი პრობლემები

მთავარი პრობლემა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ობამას ადმინისტრაცია წააწყდება, იქნება ახალი რეალობა, თუ როგორ მიუსადაგებს იგი 20–ე საუკუნის დიპლომატიურ ინსტრუმენტარს 21–ე საუკუნის გამოწვევებს. რუსეთის საქართველოში ინტერვენცია ამერიკის წინაშე არსებულ არჩევანთა წრეს კიდევ უფრო ართულებს.

საქართველოს პრობლემებს ობამა სტანდარტული დემოკრატიული მიდგომების პრიზმაში ხედავს და მათ მოგვარებას ეკონომიკური ბერკეტებისა და ევროპელებთან სინქრონიზებულ მოქმედებაში ხედავს, თუმცა ძნელი სათქმელია, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ვისი ვისთან სინქრონიზება მოხდება – ევროპელები დაუახლოვდებიან ამერიკას და უფრო გაამკაცრებენ რუსეთისადმი საკუთარ პოლიტიკას, თუ პირიქით, ამერიკაც განიმსჭვალება რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის ევროპული რწმენით და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციამდე არაფერს მოიმოქმედებს გამძვინვარებული დათვის მოსათოკად.

ვინაიდან მთავარ გამოწვევებზე პასუხის გაცემას ობამა ევრო–ამერიკული კოალიციის მეშვეობით აპირებს, მისი საგარეო პოლიტიკის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესძლებს ის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის აღორძინებას. სწორედ აქაა მთავარი სირთულე, როცა ობამას ევროოპტიმიზმი მალე ძველი კონტინენტის რეალობებს შეეჯახება.

ევროპა შინაგანად გაყოფილია, ამასთან ბოლო 60 წლის განმავლობაში იგი ძალიან მიეჩვია სხვის მიერ გარანტირებული უსაფრთხოების პირობებში არსებობას, არაა მზად უარი თქვას სამშვიდობო დივიდენდზე და გააძლიეროს სამხედრო პოტენციალი, რისთვისაც უხვი სოციალური პროგრამების შემცირება მოუწევს. ევროკავშირის წევრი 21 ქვეყნიდან მხოლოდ 4 ქვეყანაა, რომელიც იმავდროულად ნატოს წევრიცაა და თავდაცვაზე მშპ–ს 2%–ზე მეტს ხარჯავს. ეს ქვეყნებია: ბრიტანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები ამერიკამაც შეამცირა – თუკი ცივი ომის დასაწყისში ამერიკა მშპ–ს 15%–ზე მეტს ხარჯავდა, რეიგანის დროს დაახლოებით 8%–ს, ამჟამად იგი დაახლოებით 4%–ს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები თავდაცვაზე თითქმის იმდენს ხარჯავს, რამდენსაც დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული.

ევროპელები პრინციპულად უჭერენ მხარს ავღანეთის ომს, მაგრამ მათ არა აქვთ საკმარისი სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება, რომ ამ კამპანიაში ქმედითი წვლილი შეიტანონ. ავღანეთში რეალურად მხოლოდ ანგლო–საქსები და ახალი ევროპელები იბრძვიან.

ძველი ევროპის სახელმწიფოების მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის მანდატი უმეტეს შემთხვევაში საპოლიციო და მშვიდობისმყოფელი ფუნქციებით არის შემოფარგლული და სხვადასხვა სახის ნაციონალური დათქმების სისტემით, მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

თუკი ევროპულ კონტინენტზე მშვიდობის გარანტი წარმატებას ვერ მიაღწევს ვიღაც თალიბების წინააღმდეგ ომში, ძნელი სათქმელია, რა მოუვა თანამედროვე საერთაშორისო სისტემას – ღია საზღვრები, ღია ზღვები, ღია ვაჭრობა, ღია საზოგადოება, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
__________________________________

ტრანსატლანტიკური დრეიფი

ფორმალურად ევროპა ირანის ბირთვული პროგრამით ამერიკის შეშფოთებას იზიარებს და ოფიციალურად არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუკი ვინმე აიათოლების ატომურ გეგმებს ჩაშლის. მიუხედავად ამისა, ირანის წინააღმდეგ რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ძველი ევროპა ენთუზიაზმის გარეშე ეკიდება. რუსეთის ვეტოთი პარალიზებული გაეროს უშიშროების საბჭო შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ამ სახელმწიფოებს საკუთარი გაუბედავობა და პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი მიჩქმალვის მიდრეკილება საერთაშორისო ლეგალიზმის მანტიაში შენიღბონ.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა რუსეთის შემთხვევაში. თუკი წინა შემთხვევებში ევროპასა და ამერიკას ფორმალურად მაინც საერთო ხედვა აქვთ, რუსეთის შემთხვევაში არავითარი კონსენსუსი არ არსებობს არც ევროპის შიგნით, არც ატლანტიკის ირგვლივ.

ევროპული ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ლიბერალური რეფორმები გაატარეს, უფრო კონკურენტუნარიანნი აღმოჩდნენ ახალ, გლობალიზებულ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის პირობებში. ამის შედეგად რუსეთ-საქართველოს ომის დროს მათ მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება შესძლეს.

სხვათა შორის, რუსული შანტაჟისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ის ქვეყნები აღმოჩდნენ, რომლებსაც ენერგეტიკის სფეროს რეფორმირება არ მოუხდენიათ – შემთხვევითი არაა, რომ როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, ისე გაზისა და ელექტროობის ბაზრების ლიბერალიზაცის შესახებ ევროკომისიის 3–ე დირექტივის შერბილებას ერთი და იგივე სახელმწიფოები ცდილობენ. ამასთან, ზოგი ქვეყნის ენერგორესურსების მნიშვნელოვანი წილის იმპორტირება რუსეთიდან ხდება, რაც პოლიტიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს.

თუკი რაიმე მანქანებით ობამა ატლანტიკური სოლიდარობისა და ევრო–ამერიკული კოალიციის აღორძინებას ვერ მოახერხებს და ვერ დაარწმუნებს ევროპელებს სამხედრო ხარჯები გაზარდონ, მაშინ მას ან ალტერნატიული კოალიციების შექმნაზე ან ამერიკის სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე ფიქრი მოუწევს. ის უკვე საუბრობს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების გაზრდაზე – არმიის 65 და საზღვაო ფეხოსნების 27 ათასით. შედარებისათვის, მაკეინი სახმელეთო ძალების 200 ათასით გაზრდას აპირებს.

სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობა ობამას მძიმე პოლიტიკური არჩევანის წინაშე დააყენებს. ერთის მხრივ, ეს ანტი–საომარი მოძრაობისათვის სილის გაწვნის ტოლფასი იქნება. ობამა იძულებული იქნება ან კიდევ უფრო გაზარდოს გადასახადები, ან ამერიკის ფედერალური ვალი, რომელიც უკვე 10 ტრილიონს გადასცდა (ხოლო სახელმწიფო სამედიცინო, საპენსიო და სოციალური დაცვის პროგრამების გათვალისწინებით – თითქმის 60 ტრილიონს აღწევს), ან კი ახალი ხარჯიდან 800 მილიარდი, რომლის მიმართვასაც ის სხვადასხვა საშინაო პროგრამებზე გეგმავს, მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვაზე გადაამისამართოს.
______________________________________

John Foster Dulles (R) and George C. Marshall talking in front of the Eiffel Tower,1948

რესპუბლიკური ალტერნატივები

რესპუბლიკელების შემთხვევაში შიდაპარტიული კონკურენცია დღეს ძირითადად ნეო-კონსერვატორებსა და რეალისტებს შორის მიმდინარეობს, თუმცა ერთგვარი იდეოლოგიური ატავიზმის სახით იზოლაციონისტური მიმდინარეობაც არის შემორჩენილი, რომელიც ძირითადად ლიბერტარიანელებისა და პალეოკონსერვატორების საგარეო პოლიტიკური ფილოსოფიაა.

გლობალურ პოლიტიკაში ამერიკის პირველი განაცხადი თეოდორ რუზველტს უკავშირდება. ისაუბრე რბილად, მაგრამ თან ატარე დიდი კომბალი – ასე გამოხატა მან თავისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია. ზღვებზე დომინირებას ამერიკის სავაჭრო ინტერესებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რუზველტისთვის ინტერვენციონიზმი პრაგმატულ მოსაზრებებთან ერთად სუფთა იდეოლოგიური იმპერატივებითაც იყო განპირობებული. მისთვის ზესახელმწიფოს სტატუსი დემოკრატიის ამერიკული ექსპერიმენტის დადასტურებას და მისი უნიკალურობის მოწმობას წარმოადგენდა.

თუკი რამ აერთიანებს რესპუბლიკელთა სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ მიმდინარეობებს, ეს უპირველეს ყოვლისა, ღრმა ევროსკეპტიციზმია. მათთვის ამერიკის საგარეო ინტერესების სფერო ატლანტიკით არ შემოიფარგლება. საზღვაო ძალის თეორიების გავლენის ქვეშ მყოფი რუზველტისათვის წყნარი ოკეანე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რასაც თუნდაც პანამის არხის მშენებლობა მოწმობს. რუზველტი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი პირველი ამერიკელი, რომელმაც ჯილდო რუსეთ–იაპონიის ომის დროს სამშვიდობო მოლაპარაკებათა ორგანიზებისათვის მიიღო.

მეორე მიმდინარეობა ჰენრი კებოტ ლოჯის სახელს უკავშირდება და ოპოზიციიდან იღებს სათავეს. მასაჩუსეტსელი სენატორს აუცილებლად მიაჩნდა ძველი კონტინენტისგან დისტანცირება და თვლიდა, რომ ევროპულ ინტრიგებში ჩაბმულ ამერიკას კიდევ ერთ ომში ჩათრევა არ აცდებოდა.

ამასთან ლოჯი სულაც არ იყო იზოლაციონისტი, პირიქით, მისთვის ამერიკის ძალისა და გავლენის გამოყენება თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა ხალხების დასახმარებლად შეერთებული შტატების მორალურ ვალდებულებას წარმოადგენდა. ლოჯი აქტიურ საერთაშორისო ურთიერთობებს კი არ ეწინააღმდეგებოდა, მას უბრალად მიაჩნდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ეროზიას გამოიწვევდა და მისი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავდა.

რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკურ ფილოსოფიას მორალიზმი გამჭოლ ხაზად გასდევს. სწორედ ტოტალიტარული ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მორალური ვალდებულების გრძნობა, მიუხედავად ევროპისადმი ღრმა უდნობლობისა, იყო ძველი კონტინენტისადმი მათი გაზრდილი ინტერესის მიზეზი. მსოფლიო ომის საშინელებებმა ეს გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

რესპუბლიკელთა პასიონარული ანტიკომუნიზმი უპირისპირდებოდა დემოკრატების შეკავების დოქტრინას და ამერიკის ამოცანად აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებას მიიჩნევდა. ჯონ ფოსტერ დალასი საგარეო პოლიტიკის აუცილებელ ხელოვნებად უფსკრულის ზღვარზე ბალანსირების უნარს მიიჩნევდა. ვინც ამ ხელოვნებას ოსტატურად არ ფლობს, ის აუცილებლად ომში იქნება ჩათრეული, ვინც უკიდურესობამდე მისვლას მოერიდება, ის წაგებული დარჩება.

სამწუხაროდ, 50 წლებში ამერიკის საგარეოპოლიტიკური თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან დაშორებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დალასი უკუქცევის პოლიტიკას ქადაგებდა, რეალურად შეერთებული შტატები მაინც შეკავების დოქტრინას მისდევდა.

ეს გაორება 1956 წელს საკუთარ თავზე მწარედ გამოცადეს უნგრელებმა, რომლებიც ამაოდ ელოდნენ დასავლეთისაგან სამხედრო დახმარებას, როცა რუსულმა ჯარმა მათი აჯანყება სისხლში ჩაახშო. სუეცის კრიზისი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის თავისუფლება. უნგრეთმა დატოვა ვარშავის პაქტი და ფიქრობდა, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით რუსულ აგრესიას თავიდან აიცილებდა, მაგრამ როგორც ჯორჯ კენანმა ზუსტად აღინიშნა, რუსეთს მის მეზობლად მხოლოდ მტრები ან მონები სჭირდება.

ნეიტრალიტეტი ის ძვირადღირებული ფუფუნებაა, რომლითაც ნებივრობის უფლებას რუსეთის პატარა მეზობლები მოკლებულები არიან. ეს არჩევანი მათ უბრალოდ არა აქვთ – სახელმწიფომ შეიძლება ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ საკუთარი ყოფნა–არყოფნისადმი ვერც ერთი ქვეყანა ნეიტრალური ვერ იქნება. ასეთი “ნეიტრალობა” სხვა არაფერია თუ არა გეოპოლიტიკური ევთანაზია.
______________________________

“მშვიდობიანი თანაარსებობა”

II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთი უფრო ჩემბერლენის ლოგიკით მოქმედებდა, ვიდრე ჩერჩილის. მათთვის, ვინც რკინის ფარდის აქეთა მხარეს მოხვდა, იალტის შეთანხმება ბევრად არ განსხვავდებოდა მიუნხენის გარიგებისგან. 1946 წლის ჯორჯ კენანის ცნობილი “გრძელი დეპეშა” პირველი გაფრთხილება იყო.

გადატრიალებას ჩეხოსლოვაკიაში და ბერლინის ბლოკადას, შემდეგ წელს მაოს გამარჯვებას ჩინეთში და პირველ საბჭოთა ატომურ ბომბს სტრატეგიული პასუხი სჭირდებოდა, რომლის კონცეპტუალური საფუძელი, კენანის ნაშრომთან ერთად, პოლ ნიცეს აწ უკვე ცნობილ ეროვნული უშიშროების საბჭოს მოხსენება NSC 68 გახდა.

თითქმის მთელი ცივი ომის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკას შეკავების დოქტრინა განსაზღვრავდა. ნაწილობრივი წარმატების მიუხედავად ეს დოქტრინა რეაქტიული ხასიათისა იყო და ინიციატივას რუსეთის ხელში ტოვებდა. რეალურად შეკავებამ მხოლოდ დასავლეთ ევროპაში იმუშავა, მაგრამ უკვე 50–იანი წლების ბოლოსთვის აფრიკისა და აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა, 60–იან წლებში კომუნისტურმა მეტასტაზებმა ლათინურ ამერიკაშიც იჩინა თავი.

“მშვიდობიანი თანაარსებობის” მშვენიერი ევფემიზმი აღმოჩნდა რუსული ჩექმის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთ ევროპელთა ბედისადმი გულგრილობის შესანიღბავად. ჩეხოსლოვაკია არა მხოლოდ 1968, არამედ 1948 წელსაც, ბერლინის კრიზისი იმავე წელს, პოლონეთი და აღმოსავლეთ გერმანია 1953–ში. თავისუფალი სამყაროს მზადყოფნა, თვალი დაეხუჭა ყველაფერზე არა მხოლოდ ფარისევლობაზე მეტყველებდა.

პრობლემის სათავე დეკადენტურ განწყობილებაში უნდა ვეძიოთ – რეიგანამდე დასავლეთი ვერ ხედავდა საკუთარ თავში ძალას, რომ ეფიქრა არა შემგუებლურ გადარჩენაზე, არამედ ღირსეულ გამარჯვებაზე. სწორედ ამიტომ იქცა გიპერი კონსერვატორთა საკულტო ფიგურად და უკვე 2 ათეული წელიწადია, რეიგანის ნოსტალგიით განმსჭვალული რესპუბლიკელები მის რეინკარნაციას უსაზღვროდ ელიან, რომელიც ამერიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პასუხის გაცემას და ქვეყნის ახალ ბრძოლებში გაძღოლას მასავით შეძლებს.

დღეს, როცა შეერთებული შტატების შელახულ იმიჯზე საუბარი ერთგვარ ინტელექტუალურ მოდად იქცა და ვისაც არ ეზარება პოსტამერიკული ეპოქის მოახლოვების შესახებ შეუნიღბავი სიამოვნებით ენამზეობს, ურიგო არ იქნება გასული საუკუნის 60 და 70–იანი წლები გაიხსენოს – ვიეტნამის ომი, კენედებისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობები, უოთერგეიტი.

განა მაშინაც ან თუნდაც რეიგანის დროს არ ტარდებოდა მრავალმილიონიანი ანტიამერიკული დემონსტრაციები დასავლეთის სხვადასხვა ქალაქებში? ან რამდენად ღირს ამ ერთადერთი კრიტერიუმის საფუძველზე რომელიმე ქვეყნის ძლევამოსილების ან სისუსტის, ლეგიტიმურობისა ან უსამართლობის შესახებ მსჯელობა და მით უმეტეს, გრძელვადიანი პოლიტიკის დაფუძნება? ამერიკის დაისის კასანდრებს უკვე ბევრჯერ არ აუხდათ წინასწარმეტყველება. ახალ ამერიკულ საუკუნეს არაფერი სერიოზული არ ემუქრება.
_____________________________

President meeting with Henry Kissinger in the residence, 6/10/1981

დეიდეოლოგიზაცია

ვიეტნამის ომის შედეგად ამერიკა იდოლოგიური გახლეჩის საფრთხის წინაშე იდგა – ზოგისთვის მორალური იმპერატივი კომუნისტური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა იყო და ზოგისთვის ამერიკის იმპერიალისტური ომების შეჩერება. რიჩარდ ნიქსონი და ჰენრი კისინჯერი ამ კრიზისიდან გამოსავალს საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაციაში ხედავდნენ. ისინი საერთაშირისო ურთიერთობებს მორალურ განზომილებისაგან დამოუკიდებლად აღიქვამდნენ და ამერიკის საგარეო პოლიტიკას პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე წარმართავდნენ. საერთაშორისო ურთიერთობებში იდეოლოგიის ფრჩხილებს გარეთ გატანა უნდა გამხდარიყო ზესახელმწიფოთა შორის “მორალური კონსენსუსის” საფუძველი.

კისინჯერის აკადემიური ინტერესის ცენტრალური თემა 19–ე საუკუნის ევროპული დიპლომატია და უპირველეს ყოვლისა, თავადი კლემეს მეტერნიხის პოლიტიკა იყო. კისინჯერის რეალიზმის მთავარი პრობლემა არა მისი ამორალურობა, არამედ მისი სციენტიზმია, უფრო ზუსტად კი ბუნებისმეტყველებისათვის დამახასიათებელი მიდგომების საზოგადოებრივ მეცნიერებებზე გავრცელება. საბოლოო ჯამში, დიპლომატიის კისინჯერისეული მეცნიერება არამეცნიერულია, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დიპლომატიას უფრო მეტი აქვს საერთო ხელოვნებასთან, ვიდრე მეცნიერებასთან.

როგორც მაქს ვებერი გვასწავლის, ნებისმიერი მეცნიერება ფასეულობათაგან თავისუფალი უნდა იყოს. შესაბამისად, კისინჯერის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერული გაგებაც ზუსტად ისევე უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კანონებს და არა სუბიექტურ განწყობებს, როგორც მაგალითად ფიზიკა.

საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი სახელმწიფოებია, ისევე როგორც ფიზიკური სამყაროს – ელემენტარული ნაწილაკები. როგორც ფიზიკური მოვლენები ამ ნაწილაკების ურთიერთქმედებით არის განპირობებული, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ამოსავალი წერტილი სახელმწიფოები და მათი ეროვნული ინტერესებია. მორალს აქ ისევე არაფერი ესაქმება, როგორც რელიგიას ფიზიკის შემთხვევაში.
___________________________

President Ford and daughter Susan watch as Secretary of State Henry Kissinger shakes hands with Mao Tse-Tung; Chairman of Chinese Communist Party, during a visit to the Chairman’s residence, 1975

არასაჭირო ჰიპოთეზა

თავის დროზე ნაპოლეონსა ლაპლასს შორის შემდგარი დიალოგისას, იმპერატორის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ზეციური მექანიკის წიგნში თუნდაც ერთხელ მოხსენიებული ღმერთი, დიდმა ასტრონომმა განაცხადა – რომ ასეთი ჰიპოთეზა მას არ დასჭირვებია, რაზედაც ნაპოლეონმა უპასუხა, რომ ეს შესანიშნავი ჰიპოთეზა იყო, რომელსაც ბევრი რამის ახსნა შეეძლო.

კისინჯერის მეცნიერული თეორიიდან გამორჩენილია ადამიანი და მისი თავისუფალი ნება, რომელიც არ გააჩნია ვაშლს, რომელიც გრავიტაციის კანონის შესაბამისად ნიუტონს თავში ეცემა. ადამიანის მოქმედება ყოველთვის არის არჩევანი, და ამ არჩევანს მისი ფასეულობათა სისტემა განაპირობებს. როდესაც არისტოტელეს მოძღვრების საწინააღმდეგოდ, გალილეო გალილეის მიერ პიზას კოშკიდან გადმოყრილი სხვადასხვა მასის ბურთები დედამიწაზე ერთდროულად ეცემოდნენ, ამ მოვლენის აღწერა სხვაგვარად, თუ არა ფასეულობებისაგან თავისუფალი ობიექტური კანონების მეშვეობით, შეუძლებელია.

მაგრამ ის, რომ 1633 წელს წმინდა ინკვიზიციამ დაადგინა, რომ რადგან გალილეიმ ვერ შესძლო “ეჭვს მიღმა” დაემტკიცებინა, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს და ამიტომ მისი ჰელიოცენტრისტული მოძღვრება მწვალებლურია, ან ის, რომ, 359 წლის შემდეგ პონტიფიკალურ მეცნიერებათა აკადემიის საგანგებო კომიტეტმა დაადგინა, რომ წმინდა ინკვიზიცია მართალია კეთილსინდისიერად მოქმედებდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც იონე პავლე მეორემ გალილეის რეაბილიტაცია მოახდინა, ვერანაირი ობიექტური “მეცნიერული” კანონებით ვერ აიხსნება, თუკი იმ საზოგადოებების ფასეულობებს არ გავითვალისწინებთ, რომელშიც ეს ადამიანები მოღვაწეობდნენ.

საერთაშორისო ალიანსებისა და ორგანიზაციებისადმი რეალისტებისა და ინტერნაციონალისტების მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. რეალისტები საერთაშორისო ორგანიზაციებს საჭიროდ მიიჩნევენ იმდენად, რამდენადაც მათი მეშვეობით ამერიკის ეროვნული ინტერესების გატარებაა შესაძლებელი, მაშინ როცა ინტერნაციონალისტებისათვის ეს გაერთიანებები თავისთავად ღირებულებასა და მსოფლიო მშვიდობის შეუცვლელ გარანტიას წარმოადგენენ. რეალისტური საგარეო პოლიტიკის კულმინაცია საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ კომუნისტურ ჩინეთთან გაფორმებული არაფორმალური ალიანსი იყო. სხვა შემთხვევებში ნიქსონისა და კისინჯერის დიპლომატიის წარმატებები ბევრად უფრო საკამათოა.

დეტანტის მითს საფუძვლად ედო ჰიპოთეზა, რომ ამერიკის მხრიდან დაძაბულობის განსამუხტავად გადადგული ნაბიჯების შედეგად, რუსეთის მხრიდანაც შემხვედრ მოძრაობას ექნებოდა ადგილი და საბჭოთა კავშირი რევიზიონისტურიდან სტატუს–ქვო სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის დეიდიოლოგიზაციას რუსეთშიც მსგავსი პროცესი მოჰყვებოდა, რასაც საბოლოო ჯამში ვენის კონგრესის მსგავსი სისტემის შექმნა უნდა გამოეწვია. კისინჯერის მეცნიერული თეორიის ემპირიული ფალსიფიკაცია 70–იან წლებშივე საბჭოთა კავშირმა მოახდინა.

კისინჯერის მოლოდინების საწინააღმდეგოდ საბჭოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში დეიდეოლოგიზაციის ნაცვლად მკვეთრი რეიდეოლოგიზაცია მოხდა. დეტანტზე კრემლის პასუხი მესამე სამყაროს ქვეყნებში კომუნისტური ექსპანსიის ახალი ტალღა იყო, რომელმაც სამხრეთ ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, ანგოლა, ეთიოპია, მოზამბიკი მოიცვა, ხოლო რკინის ფარდის შიგნით კი დისიდენტების დევნის ახალი კამპანია და სტალინის რეაბილიტაცია გამოიწვია.
________________________________

Margaret Thatcher and Ronald Reagan

პოლიტიკა და მორალი

დეტანტის კრახმა კონსერვატიულ რესპუბლიკელებს რონალდ რეიგანისა და ჯესი ჰელმისის მეთაურობით საშუალება მისცა 1976 წელს წამოეწყოთ ენერგიული კამპანია საგარეო პოლიტიკაში მორალის დასაბრუნებლად. მათი მეცადინეობით მიღებული რესპუბლიკელების პლატფორმა ტირანიის ბუნების შესახებ ილუზიებისგან განთავისუფლებაზე, კომუნისტური გამოწვევის რეალისტურ შეფასებაზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების თვითგამორკვევაზე საუბრობდა.

შეთანხმება შეთანხმებისთვის და დამთმობი საგარეო პოლიტიკა დაგმობილ იქნა. რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკის მიზნად მსოფლიოში კანონზე დაფუძნებული თავისუფლებისა და მშვიდობის მიღწევა გამოცხადდა, რისთვისაც მიუწვდომელი სამხედრო უპირატესობის მიღწევა და სტრატეგიული ბალანსის დარღვევის შეუწყნარებლობა იყო აუცილებელი. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას.

რეიგანის ამერიკაში და ტეტჩერის ბრიტანეთში მოსვლას უკავშირდება კონსერვატიული რევოლუცია საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. კარტერის მიერ მარცხმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, რეიგანის პოლიტიკა მიზნად ისახავდა თავისუფალი ბაზრის, ტრადიციული მორალური ღირებულებების საფუძველზე ამერიკული ეკონომიკისა და საზოგადოების აღორძინებას, რაც შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიული პირველობის წინაპირობა იქნებოდა.

ამ ყველაფრის საწინდარი კი, კონსერვატორთა აზრით, იუდეო–ქრისტიანული ტრადიციის საფუძველზე ამერიკის სულიერი და ზნეობრივი განახლება უნდა ყოფილიყო. კონსერვატიული ქრისტიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეუძლებელია იმის ხელაღებით უარყოფა, რაზეც ჩვენი ცივილიზაციაა დაფუძნებული და ამან მთელ ჩვენ კულტურას, შესაძლოა, დამანგრეველი ზიანი მოუტანოს. შრომისმოყვარეობა, მომჭირნეობა, კანონმორჩილება, ავტორიტეტებისა და ინსტიტუტების პატივისცემა ნებისმიერი საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძველია.

“ამერიკის სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ … მსოფლიოსათვის მიმდინარე ბრძოლა ბომბებითა და რაკეტებით, არმიებითა და სამხედრო ძალით არ გადაწყდება. რეალური კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, სულიერი ხასიათისაა, ის ჩვენი მორალური ნებისა და რწმენის გამოცდაა,”– ამბობდა რეიგანი.

ბევრი ამერიკელისათვის მორალური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ერთმანეთთან განუყოფლად იყო დაკავშირებული, ხოლო 60–70–იანი წლების კრიზისის ფესვების ძიებას საზოგადოების შერყეულ ზნეობრივ საფუძვლებთან მივყავართ.

არაფერი ისე არ განაპირობებს ადამიანის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, როგორც სტაბილური და ტრადიციული ოჯახი, მისი შესუსტება კი სიღარიბისა და დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ მიზეზს წარმოადგენს. მზრუნველი მშობლებისგან შეთვისებული ფასეულობები და არა იმდენად განათლებაზე გაღებული სახელმწიფო ხარჯები განსაზღვრავს ბავშვის აკადემიურ მოსწრებას, რაც მისი შემდგომი ფინანსური წარმატების საწინდარია.
___________________________________

მთაზე მოელვარე ქალაქი

როცა 1982 წელს ვესტმინსტერში, თემთა პალატაში გამოსვლისას რეიგანი აცხადებდა, რომ “თავისუფლება და დემოკრატია მარქსიზმ-ლენინიზმს ისტორიის სანაგვეში გაისტუმრებსო”, ეს არა მხოლოდ დალასისეული უკუქცევის დოქტრინის რეინკარნაცია იყო, არამედ დასავლური იდეებისა და ცხოვრების წესის უპირატესობის მტკიცე რწმენის განაცხადი.

რეიგანს სწამდა, რომ ამერიკას მსოფლიოსათვის “მთაზე მოელვარე ქალაქის” როლი უნდა შეესრულებინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციის თავისთავადი ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი და რომ სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ძიების განუყოფელი უფლება მხოლოდ შეერთებული შტატების მოქალაქეებით არ შემოიფარგლებიდა.

ეს რწმენა აძლევდა მემარცხენე სნობების მიერ “სანდომიან სულელად” მონათლულ რეიგანს იმის ძალას, რომ დაენახა ის, რასაც “ობიექტური მეცნიერული კანონზომიერებები” და “ისტორიის უპიროვნო ძალების” სწავლული სპეციალისტები ვერ ამჩნევდნენ – რომ უძლეველი იმპერია სინამდილეში თიხისფეხება კოლოსი იყო. არადა, 80–იან წლებში დასავლეთის პოლიტიკურ, აკადემიურ, სამხედრო და ბიზნეს წრებში უმრავლესობა უკვე შეგუებული იყო იმას, რომ საბჭოთა კავშირი მარადიული თუ არა, არანაკლებ მყარი იყო, ვიდერე შეერთებული შტატები.

II მსოფლიო და ცივი ომების დასრულების შემდეგ, გლობალურ ძალთა ბალანსის შეცვლა დემოკრატიულ სახელმწიფოთა სასარგებლოდ, ჯერ დასავლეთ და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ტრიუმფის საწინდარი გახდა.
_________________________________

პროგრესული ბარბაროსობა

თუმცა, დღეს ბევრს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ძალების გამარჯვების კი არა, არამედ “ობიექტური ისტორიული კანონზომიერების” შედეგი იყო – კონკურენტულ სისტემათა ჭიდილში უარესმა ადგილი დაუთმო უკეთესს, ახალმა შეცვალა დრომოჭმული.

ახლანდელი საერთაშორისო წესრიგი საკაცობრიო პროგრესის ერთ-ერთი რიგითი საფეხურია, და რომ ცივილიზაციის უწყვეტი მარში, ძალადობისა და აგრესიის მდგომარეობიდან მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო კეთილდღეობისაკენ, თავის ბუნებრივ წინსვლას ჩვეული რითმით გააგრძელებს.

მთელი მისი გასაგები ხიბლის მიუხედავად, ამ განმანათლებლურ წარმოდგენას უჭირს ახსნას, თუ რატომ იყო ჩვენი, ერთი შეხედვით, “პროგრესული” ეპოქა იმავდროულად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბარბაროსული მთელი თავისი კაცთმოძულე იდეოლოგიებით, ტოტალური ომებითა და გენოციდებით.

რელიგიური ჩამორჩენილობის ხუნდებისაგან კაცობრიობის განთავისუფლების პრეტენზიის მქონე მოძღვრებების მიერ ადამიანის სულიერი ბუნების არასწორად გაგება საბოლოო ჯამში პიროვნების ტოტალური დამონებით და მისი ღირსების ფეხქვეშგათელვით დასრულდა. აღთქმული მიწიერი სამოთხის ნაცვლად მილიონობით ადამიანს არაამქვეყნიური ჯოჯოხეთის გამოვლა მოუხდა.
_______________________________________

დასასრულის ილუზია და ილუზიის დასასრული

შეერთებულ შტატებს ბევრჯერ გაუშვია ხელიდან მიღწეული გამარჯვება. ცივი ომის დასასრული ამ სამწუხარო წესიდან გამონაკლისად არ იქცა. გერმანია 2 მსოფლიო ომში დამარცხდა. პირველ შემთხვევაში ვერსალის მშვიდობა და ვაიმარის დემოკრატია დღენაკლული აღმოჩნდა, მეორე შემთხვევაში გერმანიის შიგნით ლიბერალური წესწყობილება და მისი მეზობლების უსაფრთხოება აღარ დარღვეულა.

ამის საფუძველი შექმნა დენაციფიკაციამ და ამერიკის მიერ მესამე რაიხის რღვევით გამოწვეული გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებამ. სამწუხაროდ, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის არც მსგავსი დეკომუნიზაცია მოხდა და არც ყოფილი საბჭოთა სივრცის სწრაფი და სრული ინტეგრირება ატლანტიკური უსაფრთხოების სიტემაში.

ბერლინის კედლის ნგრევისა და ბოროტების იმპერიის კოლაფსის შედეგად გაჩნდა ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და რომ რუსეთი ცივილიზებული სამყაროსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამ მითს პირველი სეიოზული ბზარი 8–8–8 ომმა მიაყენა, მაგრამ ის ბოლომდე ჯერ არ გამქრალა. ისტორია გვიჩვენებს, გამოჩდებიან თუ არა ახალი ლიდერები, რომლებიც რეიგანის მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შესძლებენ.
_____________________________________

George W. Bush & Mikheil Saakashvili

მესიანისტური იმპულსი

9/11–ის შემდეგ უმცროსი ბუში შეეცადა კომუნიზმის ისლამოფაშიზმით, ხოლო ბოროტების იმპერია – ბოროტების ღერძით ჩაენაცვლებინა. ბუშის დოქტრინა ამერიკის საგარეო პოლიტიკის 1947 წლის შემდეგ ყველაზე თამამ განაცხადს წარმოადგენს, როცა შეკავება შეერთებული შტატების პოლიტიკის საფუძვლად გამოცხადდა. თუკი ტრუმენის დოქტრინის საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ქსელი იყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნატო იყო, უმცროსი ბუშისთვის ალიანსები მხოლოდ ად ჰოკ კოალიციებს წარმოადგენს.

თავდაპირველად ბუში მოურიდებლად იყენებდა ამერიკის ძალას, როცა საჭირო იყო ცალმხრივადაც მოქმედებდა და წინმსწრებად უვნებელყოფდა საფრთხეებს. მისთვის უნილატერალიზმი ამერიკული ფასეულობებისა და ინტერესების შერწყმაში გამოხატული ინტერნაციონალიზმის ფორმაა.

ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბუშმა თავისუფლების გავრცელება ამერიკული დიპლომატიის მთავარ ამოცანად გამოაცხადა. მეორე საინაგურაციო სიტყვაში მან ამ აზრის ყველაზე ლაკონური ფორმულირება მოახდინა – თავისუფლების დაცვა თავისუფლების წინსვლას მოითხოვს. ევროპაში უყვართ ლაპარაკი დემოკრატიზაციის პროცესის დე–ამერიკანიზაციის აუცილებლობაზე, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს მოძრაობა ამერიკული ძრავის გარეშე უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილს ტკეპნის, უფრო ხშირად კი უკან იხევს.

მესიანისტური იმპულსი ამერიკული ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა და პატრიოტიზმის განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ ჯეფერსონი ლაპარაკობდა თავისუფლების იმპერიაზე, მედისონი აცხადებდა, რომ ეპოქის უდიდესი ბრძოლა თავისუფლებასა და დესპოტიზმს შორის მიმდინარეობს. ლინკოლნისათვის ამერიკა დედამიწის უკანასკნელი საუკეთესო იმედი იყო.

დემოკრატიის ამერიკული ექსპერიმენტი დაფუძნებულია შეერთებული შტატების განსაკუთრებულობის ხედვაზე: ამერიკის, როგორც სამყაროში სიკეთისკენ მიმართული ძალის, იდეა; რწმენა იმისა, რომ ესაა განსაკუთრებული ადგილი, გასაკუთრებული ხალხი, განსაკუთრებული მისიით, უფრო ძველია, ვიდრე თავად შეერთებული შტატები.

პირველი პურიტანი კოლონისტები ახალ კონტინენტზე იმ რწმენით ჩამოვიდნენ, რომ აქ შესაძლებელი იყო ევროპული გახრწნილი და სახელგატეხილი კულტურისაგან გათავისუფლება და მყარ ზნეობრივ საფუძვლებზე ახალი საზოგადოებისათვის საფუძვლის ჩაყრა. პურიტანები საკუთარ თავს ეგვიპტურ–ევროპული მონობიდან გათავისუფლებულ ახალ ისრაელად ხედავდნენ, რომლებმაც განგების წყალობით შესძლეს წითელი ზღვისატლანტიკის გადალახვა და აღთქმულ მიწაზე ღვთის ნების აღსასრულებლად ჩამოვიდნენ.

შეერთებული შტატების დიდებისა და გენიის საიდუმლო ალექსის დე ტოკვილმა მის ეკლესიებში ამოხსნა და იქ საკურთხევლიდან ქადაგებების მოსმენის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ენაწყლიანობით შემდეგი სიტყვებით გამოხატა – ამერიკა დიდებულია იმიტომ რომ კარგია და თუ ის ოდესმე მის სიკეთეს დაკარგავს, ის დაკარგავს თავის დიდებასაც.

ვუდრო ვილსონისთვის ამერიკას “განგების აღსრულებისა და მსოფლიოს გადარჩენის უსაზღვრო პრივილეგია” ხვდა წილად, ფრანკლინ რუზველტი ამბოდა, რომ შეერთებულ შტატებს “განგებასთან პაემანი” აქვს, დუაით აიზენჰაუერი ამერიკის როლს ჯვაროსნობას ადარებდა, ჯონ კენედისთვის ამერიკას თაობიდან თაობისათვის თავისუფლების ჩირაღდანის გადაცემა უნდა უზრუნველყო.

ბუშის დოქტრინა არა მხოლოდ რეიგანის თავისუფლების გლობალური კამპანიის გაგრძელებაა, იგი ასევე ეფუძნება ვილსონის 14 პუნქტს, ტრუმენის მიერ გაცხადებული თავისუფალი ხალხების მხარდაჭერის პოლიტიკას, ან თუნდაც კენედის საინაუგურაციო აღქმას, რომ “თავისუფლების გადარჩენისა და წარმატების უზრუნველსაყოფად ამერიკა გაიღებს ნებისმიერ ფასს, აიტანს ნებსმიერ სიმძიმეს, გაუძლებს ნებისმიერ გაჭირვებას, დაეხმარება ნებისმიერ მეგობარს, წინ აღუდგება ნებისმიერ მტერს.”
__________________________________

ახალი იმედი

დემოკრატების შემდეგმა თაობამ ეს ენა ნელ–ნელა დაივიწყა. დღეს თითქმის ყველა რესპუბლიკელ ამომრჩეველს აქვს განსაკუთრებულობის შეგრძნება მაშინ, როცა დემოკრატების მომხრეთა მხოლოდ ნახევარი იზიარებს იგივე განწყობებს.

ობამას აქვს უნიკალური შანსი, რომ მემარცხენეთა შორის ეს მინავლებული განწყობები ააღორძინოს. ის ხშირად საუბრობს “ამერიკის სიდიადეზე, რომელიც არა მის სრულყოფილებაშია, არამედ იმ რწმენაში, რომ ის უკეთესი შეიძლება გახდეს.”

“ამ მიწის სიდიადე წარსულის მორალურ სიავეთა გადალახვის უნარშია. მაგალითად, უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეთა თანაბარი უფლებებისათვის ხანგრძლივი ბრძოლა, ერთ დროს განხეთქილებისა და სამოქალაქო ომის მიზეზი, ახლა ყველა ამერიკელის სიამაყის საგანია.

მაგრამ ჩვენს წარსულში რაც არ უნდა სამწუხარო ეპიზოდები ყოფილიყო, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს პოზიტიური შეხედულება უნდა ჰქონდეს ამერიკის ისტორიაზე, ისტორიაზე რომელიც აღსრულებულ იმედთა და რეალობად ქცეულ ოცნებათა ამბავია. განსაკუთრებით ამ საუკუნეში ამერიკა თავისუფლების ჩირაღდნის სინათლეს ინახავდა, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მილიონებისთვის მთელს მსოფლიოში.” – ეს სიტყვები უკვე არა ბარაკ ობამას, არამედ რონალდ რეიგანს ეკუთვნის.


Responses

  1. Wish I could translate this page to English.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: