Posted by: burusi | 24/06/2010

გიგი თევზაძე – „საქართველო – აღმოსავლეთის და დასავლეთის გზისგასაყარზე“

გიგი თევზაძე – Gigi Tevzadze (1967)

„საქართველო – აღმოსავლეთის და დასავლეთის გზისგასაყარზე“: დღევანდელი ქართველების თვითწარმოდგენის და თვითპრეზენტაციის ისტორია

წიგნიდან “განჯადოება”

ის, რომ საქართველო ევროპის და აზიის, გნებავთ, ევროპული და აზიური კულტურების გადაკვეთაზე არსებობს და ამის გამო მისი წარსული, აწმყო და მომავალი გამორჩეულია – დღეს ქართულ საზოგადოებაში (და არა მარტო) მიღებული და გავრცელებული, ეჭვშეუტანელი აზრია. ამ თემაზე ეწყობა კონფერენციები – არა მარტო საქართველოში (მაგ. 2009 წლის აპრილში – კოლუმბიის უნივერსიტეტში), მზადდება ტელეგადაცამები (ამას წინათ თვალი მოვკარი რეკლამაში – ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს და თუ არ ვცდები – გიო ახვლედიანს მოუმზადებიათ ე.წ. „წინანდლის გადაცემა“ ამ თემაზე), ამ თემას ხშირად იყენებენ უცხოელი „ქართველოლოგები“.

რამდენიმე ხნის წინათ სწორედ ზემოთ ხსენებული კოლუმბიის უნივერსიტეტის კონფერენციისათვის მოხსენების მომზადება მომიწია. ერთი ხანობა კი ვაპირებდი ევროპის და აზიის გადაკვეთის ფენომენოლოგიას შევჭიდებოდი, და სახელდახელო თეორიაც კი მოვამზადე, რომლის მიხედვითაც ევროპა-აზიის გადაკვეთა – პოლიტიკურკულტურული ცნებაა, და არა გეოპოლიტიკური. რომ ამ ცნების მიყენების არეალი დასავლეთის პოლიტიკური ღირებულებების და კულტურის პოლიტიკის გავრცელებასთან ერთად, ინაცვლებს აღმოსავლეთისაკენ. ამ მინი-თეორიის მიხედვით, აღწერა – „ევროპის და აზიის გადაკვეთაზე ყოფნა“ (ან, გნებავთ, აღმოსავლეთის და დასავლეთის) პოლიტიკურ-კულტურული ინდიკატორების კომპლექსია და მოძრავია. XIX საუკუნეში და XX-ს დასაწყისში ის საქართველოსთვის ადეკვატური აღწერა იყო. მანამდე კი, ეხლა რომ ევროპის ცენტრალურ ნაწილს რომ უწოდენენ, იმ ქვეყნების შესაბამისი.

ამჯერად ის აზერბაიჯანის კუთვნილი აღწერაა და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ხანში ისევ გაიწიოს აღმოსავლეთისაკენ. ის იყო ამ თეორიის ხორცშესხმას შეუდექი, ნაციონალ-სოციალისტების მხარდამჭერი ერთი ფილოსოფოსის – რჩევა/წესი გამახსენდა, რომ ყველაზე მეტი კითხვა იმის მიმართ უნდა დაისვას, რაც ზედაპირზეა და ვიცით, რომ თავისთავად ცხადია.

პირველი კითხვა სწორედ ამ აღწერის, როგორც ევროპის და აზიის, თუ ევროპული და აზიური კულტურების და ცხვორების წესების გადაკვეთის მიმართ გამიჩნდა: თუ ეს აღწერა შუა საუკუნეებშიც რელევანტური იყო საქართველოსათვის, ვინმეს – უცხოელ მოგზაურს, ან საქართველოს მკვიდრს მაინც – უნდა გამოეყენებინა.

ჩემმა ხანგძლივმა ძიებამ საინტერესო შედეგი გამოიღო: არცერთ უცხოელ მოგზაურს, არცერთ ქართველ ინტელექტუალს, არც შუა საუკუნეებში და არც მერეც, XIX საუკუნის ბოლომდე, ეს აღწერა საქართველოსათვის არ მიუყენებია. არც შარდენს, არც კასტელს, არც ლამბერტს, არც დე გრაი დე ფუას, არც ავიტაბლეს, არც მონპერეს, არც გიულდენშტედტს. არც მარკო პოლოს და, ბოლოს და ბოლოს, არც ალექსანდრე დიუმას. მოკლედ, არცერთი უცხოელი მოგზაურის თვალში, რომელიც ადრეული შუა საუკენეებიდან ახალ დრომდე საქართველოში მოგზაურობდა, არც საქართველო და არც მისი რომელიმე კუთხე არ აღუწერია „ევროპის და აზიის გადაკვეთის“ გამოყენებით.

მაგრამ ხომ შეიძლება ეს აღწერა ყოფილიყო არა მოგზაურების, არამედ, ევროპელი, არამოგზაური ინტელექტუალების მიერ გამოყენებული? იმ ადამიანების, რომლებიც გეოგრაფიით იყვნენ დაინტერესებულნი და მოგზაურების ჩანაწერებზე და მათ მიერ შედგენილ რუკებზე აზროვნებდნენ? ამ მიმართულებითაც იგივე შედეგი მივიღე: მაგალითად, იმანუელ კანტი, რომელიც კიონიქსბერგის უნივერსიტეტში ფიზიკურ გეოგრაფიაში კითხულობდა ლექციებს, საქართველოს შესახებ წერს ქვეთავში, რომელსაც „თურქეთის აზია“ (ანუ, ჩვენთვის უფრო ნაცნობი „წინა აზია“) ჰქვია. ასე რომ, თუკი ვლაპარაკობთ წარმოასახვით საქართველოზე, როგორი იყო ის შუა საუკუნეებში და ახალი დროის დასაწყისში ევროპელების და ქართველების თვალში, ის არანიარად არ იყო ევროპის და აზიის გადაკვეთა და არც ამ გადაკვეთაზე წარმოშობილი ცხოვრების წესი და სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან ქართული სახელმწიფოს იდეოლოგია მეტყველებდა საკუთარ თავზე, როგორც კარიბჭეზე და ქრისტიანობის ბოლო საყრდენზე აღმოსავლეთის მიმართულებით. მაგრამ, დამეთანხმებით, „საყრდენ-კარიბჭიდან“ „გადაკვეთაზე წარმოშობილამდე“ საკმაოდ რთული გზაა, სპეკულაციებით და არადამაჯერებლობით აღსავსე.

ევროპელებისათვის საქართველო შუა საუკუნეების და შემდგომ პერიოდშიც იყო აღმოსავლეთი, ან, უფრო ხშირად – წინა აზია. ეს არ არის გასაკვირი: შუა საუკუნეების ევროპის რუკები უცნაურად ემთხვევა ცივი ომის დროინდელ ცენტრალური ევროპის რუკას და არ შეიცავს უნგრულ, სერბულ და პოლონურ ტერიტორიებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ინტელექტუალები გერმანიის შესახებ სვამდნენ მისი ევროპისადმი თუ აზიისადმი მიკუთვნებულობის ამ კითხვას და მასზე, როგორც ევროპის და აზიის გადაკვეთაზე მყოფ სახელმწიფოზე და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობდნენ.

ბუნებრივია, ამის შემდეგ მართებული იქნება ვიკითხოთ როდის წარმოიშვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის, ანდა – ევროპის და აზიის [კულტურების] გზისგასაყარზე/გადაკვეთაზე მდგომის აღწერა? ზემოთ თქმულის გათვალისწინებით პასუხის სამი ვერსია შეიძლება არსებობდეს:

1. ეს აღწერა შეიმუშავეს ქართველმა ინტელექტუალებმა XIX საუკუნის ბოლოში XX-ს დასაწყისში. განსაკუთრებით – დამოუკიდებლობის მოკლე (1917-1921) პერიოდში. მიზნად ისინი ისახავდნენ ძლიერი სახელმწიფო-ერის იდენტობის შექმნას;
2. ეს აღწერა შემოიღეს საბჭოთა კავშირში, როგორც საბჭოთა ხელისუფლების პროექტის ნაწილი, რომლიც ამტკიცებდა საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობას და გამორჩეულობას ყველაფერი და ყველა სხვისგან;
3. ეს აღწერა წარმოიშვა საბჭოთა საქართველოში, 70იან წლებში, თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის შექმნის პროცესში.

განვიხილოთ სამივე ვერსია:

1. 1917-23 წლის ვერსია:

ქართველ ინტელექტუალებს შორის კამათი ქართული იდენტობის შესახებ საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს, XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ამ კამათის დასაწყისი ემთხვევა რუსეთის იმპერიის შიდაპოლიტიკურ და საგარეო დასუსტებას. კამათის ძირიათადი შინაარსი საქართველოს, როგორც კონკრეტული კულტურის და ცნობიერების მატარებელი ხალხის ერთობის მიკუთვნებლობის შესახებ იყო. ეს გასაგებიცაა: რუსეთის დასუსტებამდე და მისი დაშლის საფრთხის რეალურად ქცევამდე რუსეთისადმი პოლიტიკური და კულტურული კუთვნილება ეჭვს არ იწვევდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ რღვევა დაიწყო, ქართველმა მოაზროვნეებმა ლოგიკურად დასვეს კითხვა თუ „აწი“ ვისთან მიკუთვნებულად უნდა წარმოედგინათ საკუთარი თავი და ქვეყანა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კამათი უფრო საქართველოს მომავალის, განვითარების გზის შესახებ მიმდინარეობდა, ვიდრე იმის შესახებ, თუ წარსულში რანი იყვნენ და დღეს რას წარმოადგენენ ქართველები. ამ დისკუსიაში მთავარი კითხვა იყო მომავალი განვითარების მამართულების შესახებ: საით უნდა წასულიყო საქართველო – ევროპისაკენ თუ აზიისაკენ. ევროპის გზის „ლიდერი“ გერონტი ქიქოძე იყო, ხოლო აზიის – ვახტანგ კოტეტიშვილი. ძალიან ცოტა ხმა (მათ შორის გრიგოლ რობაქიძეც) აღწერდა საქართველოს, როგორც კულტურების გადაკვეთას, ამ გადაკვეთაზე მდგომს და ცდილობდა ამით საქართველოს განსაკუთრებულობის დასაბუთებას (იხ. „ევროპა თუ აზია“. გამოცემლობა „ლიტერატურის მატიანე“. თბილისი 1997). ვფიქრობ, ამ დროს „გადაკვეთაზე დგომა“ იმიტომაც არ იყო პოპულარული იდეა, რომ საკამათო საკითხი მეტად პრაგმატულად გამოიუყურებოდა: რუსეთის იმპერია ქრებოდა, და საქართველოს სჭირდებოდა იდენტობის ახალი საყრდენი. შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერია მართლაც დაიშალა, საჭირო იყო ახალი ადგილის პოვნა თანამედროვე სამყაროში, რომელიც მომავალი იდენტობის ამოსავალ წერტილად იქცეოდა. „გადაკვეთაზე დგომა“ კი სულ მცირე – მომავლის გაურკვეევლობას ნიშნავდა და მუდმივ ქანქარს ორ სამყაროს შორის – და ამავე დროს – ზედმეტად იყო წარსულზე და წარმოშობაზე ორიენტირებული და პრაგმატულად ვერ პასუხობდა კონკრეტულ კითხვას კონკრეტული მომავლის შესახებ. მაშინ, როდესაც ევროპის და აზიის მიმართულებების მომხრეებს პრაგმატული პასუხებიც ჰქონდათ და მომავლის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ხედვაც.

2. საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობის თეორიის ვერსია:

საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობის თეორია ძირითადათ შეიქმნა სტალინის დროს და მისი მხარდაჭერით. ამ თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართული რენესანსის თეორია, რომლის მიხედვითაც ევროპული რენესანსი საქართველოში დაიწყო.

არანაკლები მნიშვნელობა საბჭოთა განსაკუთრებულობის თეორიაში ენიჭებოდა ‘ევრაზიისტვო“-ს, რომელიც აღწერდა რუსეთს, როგორც ორარსიან ქვეყანას – სადაც ევროპა და აზია ერთიანდებოდნენ. ეს ერთიანობა კი ორივე მხარეზე ბატონობის ლეგიტიმაცია იყო. ეს თეორია XIX საუკუნეში შეიქმნა რუსი ნაციონალისტების მიერ და აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა იდეოლოგიაში.

მაგრამ, „გადაკვეთაზე მყოფობა“ არცერთ – არც რენესანსის და არც „ევრაზიისტვოს“ თეორიაში არ იყო გამოყენებული. მე ამის კვალი დიდი საბჭოთა ენციკლოედიის ვერცერთ გამოცემაში (სამი გამოცემა – 30იან, 50იან და 70იან წლებში) ვერ ვიპოვე.

საქართველოში, გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგაც, მხოლოდ ორიოდე ქართველი ინტელექტუალი (მაგ. ნიკოლო მიწიშვილი, აკაკი პაპავა) ცდილობდა „ევრაზიისტვო“ საქართველოს აღწერაში გამოეყენებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ვერც ამის ადეკვატური გამოყენება, და ვერც მიმდევრების პოვნა ვერ მოახერხეს.

3. წინა საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში წარმოშობის ვერსია:

გასული საუკუნის 70იან წლებში საბჭოთა კავშირის რეპრესიული და იდეოლოგიური მექანიზების მუშაობა მთელი რიგი შიდა თუ გარე ფაქტორების მუშაობის გამო შესუსტდა. ამან კი საშუალება მისცა ქართველ საბჭოთა ინტელიგენციას დაეწყო ფიქრი ქართულ კულტურულ იდენტობაზე (წარსულზე ორიენტირებით) და ეს ნაფიქრი სასკოლო წიგნებში და საუნივერსიტეტო ლექციებში გამოეხატა. მხოლოდ ამ დროიდან ხდება „გადაკვეთის“ და „გზისგსაყარის“ თეორია დომინანტური საქართველოს აღწერებში. ამას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო გრიგოლ რობაქიძის თავიდან აღმოჩენამ ქართველი მკითხველებისთვის: ამ დროისათვის რობაქიძის ნაწერებმა (რომელთა ღერძიც „გადაკვეთის“, „გზისგასაყარის“ „ორი დაპირისპირებულის (ევროპის და აზიის) აქ შეერთების“ თეორია იყო) აქტიური გავრცელება დაიწყო ქართულ საზოგადოებაში ე.წ. „სამიზდატის“ მეშვეობით. გრიგოლ რობაქიძე უპირობოდ იქნა მიწოდებული და აღქმული, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ევროპელი მწერალი, და შესაბამისად, ერთერთი (თუ ყველაზე უფრო არა) საუკეთესო ქართველი მწერალი. ამიტომ, მისი ერთ დროს მარგინალური თეორია „გზისგასაყარის/გზაჯვარედინის“ შესახებ ქართველი საბჭოთა ინტელიგენციის მიერ (ძალიან მცირე გამონაკლისებით) ასევე უპირობოდ იქნა მიღებული, როგორც საქართველოს „სულის“ ერთადერთი ჭეშმარიტი აღწერა. ეს აღწერა იმდენად გავცელდა, რომ უკრიტიკოდ შეაღწია ქართველოლოგებშიც კი. შესაბამისად, ამ იდეამ, რომელიც ახალი კულტურული ნაციონალიზმის ნაწილი გახდა და ქართველების განსაკუთრებულობას დაედო საფუძვლად: – ის, რომ საქართველო ევროპის და აზიის გადაკვეთის შედეგად რომ წარმოიშვა – ან ზოგი, რადიკალური ვერსიით – ეს ის ადგილია, რომელიც საფუძვლად უდევს ორივეს – ევროპასაც და აზიასაც. ამ თეორიამ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და თავისთავადი სიცხადე. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმური კულტურული აღწერა ჩამოყალიბდა, როგორც ევროპის და აზიის გზისგასაყარზე წარმოქმნილი და ამიტომ – განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ა.შ. შედეგად, დღემდე, კითხვა „საქართველო – ევროპა თუ აზია?“ რიტორიკულია და პასუხი ცხადია – არც ევროპა და არც აზია, არამედ ორივე ერთად და კიდევ რაღაც….

პოსტ-საბჭოთა განვითარება

90-იანი წლების შემდეგ ქართული ეროვნული იდენტობის ამ ნაწილმა – „ევროპის და აზიის გზისგასაყარზე და გადაკვეთაზე ყოფნამ“ – ნელ-ნელა გეოპოლიტიკურ ფაქტორად დაიწყო გარდაქმნა. ამ გარდაქმნაში მთავარი როლი ედუარდ შევარდნაძემ შეასრულა: მის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იყო – საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის ერთსა და იმავე დროს მას უნდა დაემყარებინა კარგი (ან ნორმალური) ურთიერთობა რუსეთთან, აშშ-სთან, ქართულ საზოგადოებასთან (ყოფილ საბჭოთა ინტელიგენციასთან მაინც). ეს ყველაფერი უნდა ეკეთებინა რომელიმე მხარეს აშკარა გადახრის გარეშე.

არ ვიცი, რამდენად აცნობიერებდა ედუარდ შევარდნაძე მის მიერ ქართული იდენტურობის კონტრქუციის გამოყენებას (რომელიც სხვათა შორის, მისი კომპარტიის ცენტრალური მდივნობის პერიოდში შეიქმნა), მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მისი მითითებებით მოხდა საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის (წარსული) და ნავთობსადენების გზის (მომავალი) პრეზენტაცია მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე.

ამ პრეზენტაციამ საქართველო გასაგები და მისაღები გახადა მსოფლიო პოლიტიკისათვის, და შევარდნაძის მოკლევადიანი მიზანი – უზრუნველყო საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობა – თუნდაც ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე – შეასრულა. შევარდნაძის პროექტი – ექცია გზისგასაყარი-დერეფანი-გზაჯვარედინი
გეოპოლიტიკურ მუდმივად – წარმატებით განხორციელდა. გზისგასაყარის, გზაჯვარედინის იდენტობა უზრუნველყოფს მოქალაქეების თვითწარმოდგენას და წარმოდგენას საკუთარი ქვეყნის შესახებ, როგორც არცერთ მხარეზე (არც ევროპა, და არც აზია) მდგარის, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის. ამას შევარდნაძემ გეოპოლიტიკური აღწერაც დაუმატა, რომელიც იდენტობის ამ შინაარის ეკონომიკურპოლიტიკურ განზომილებას უზრუნველყოფდა. შედეგად, შევარდნაძემ, როგორც ამ სქემის ავტორმა და ერთადერთმა მცოდნემ, თუ როგორ უნდა უზრუნველყო მისი წარმატებულობა, საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობა კარგა ხნით გაინაღდა.

მართალია, ამ იდენტობა-გეოპოლიტიკურმა კონტრუქციამ საქართველოს ტერიტორიებიც დააკარგვინა და დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების გზიდანაც ააცდინა, მაგრამ ეს ქართველი ინტელექტუალებისათვის შეუმჩნეველი დარჩა. პირიქით – შევარდნაძის „გეგმა“ ზუსტად „ჩაჯდა“ 70იან წლებში შექმნილ ეროვნული იდენტობის შინაარსში, და ამის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური მიდრეკილება დერეფნების, მილსადენების და გზისგასაყარებისაკენ შეუქცევადად იქცა.

შევარდნაძემ მოახერხა, რომ იდენტობის კონსტრუქცია გეოპოლიტიკურ მუდმივად ექცია და ამით კიდევ უფრო გაამყარა 70-80იან წლებში შექმნილი გზისგასაყარის, გზების და კულტურების გადაკვეთის ეროვნული იდენტურობის შინაარსი.

შევარდნაძის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო შევარდნაძის მემკვიდრეობის უარყოფა/ცვლილება, მისი მთავარი მემკვიდრეობა შეუმჩნეველი დარჩა: გზისგადაკვეთის, კულტურაგადაკვეთის, გზაჯვარედინის და კულტურჯვარედინის თეორია, როგორც ქართული იდენტურობის და საქართველოს გეოპოლიტიკური ღერძი. ეს შეუმჩნევლობა ბუნებრივიცაა, რადგან ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკოსები სწორედ იმ სკოლაში დადიოდნენ, სადაც ქართულმა საბჭოთა ინტელიგენციამ და ქართველმა მასწავლებლებმა ამ იდენტობაზე დამყარებული განათლების შეტანა დაიწყო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ისინი აღიქვამენ ამ იდენტობას, როგორც ერთადერთ შესაძლებელს.

ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა შევარდნაძის მემკვიდრეობის ზედაპირზე მყოფი პრობლემებისაგან მნიშვნელოვანწილად განთავისუფლება (კორუფცია, არასისტემური განვითარება და ა.შ.), მაგრამ პოლიტიკური მოქმედების ღერძი ისევ შევარდნაძისეული გეოპოლიტიკური მუდმივი და 80იანი წლების იდენტობის შინაარსი დარჩა: საქართველოს პრეზენტაცია ადგილად, რომელიც იდეალურია უცხო ბიზნესის განვითარებისათვის, იმიტომ, რომ აქ ისეთი ხელისშემწყობი კანონებია, როგორც არსად, ისევ იმ იდენტობის კულტივირებაა, რომელიც შევარდნაძის დროს წარმოიქმნა: ისევე, როგორც გაზსადენის და გზისგასაყარის შემთხვევაში, აქაც ორიენტაცია უცხოური ინვესიტციისათვის კარგ პირობებზეა გაკეთებული. თუკი გაზსადენების შემთხვევაში ეს პირობა გეორგაფიულია, ახალი ადმინსიტრაციის შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ბაზა დაემატა. იმის თქმა, რომ ამ მიდგომას არანაირი შედეგი არ აქვს – შორს არის როგორც საღი აზრისაგან, ასევე საქმის რეალური ვითარებისაგან. ისევე, როგორც შევარდნაძის ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. მაგრამ ეკონომიკური ზრდის ეს ორივე მეთოდი მოკლევადიანია – ორიენტირებულია დროს მოკლე მონაკვეთში ეკონომიკური ზრდის მიღებაზე: ორივე შემთხვევაში აქცენტი ამოწურვად და ფარდობით (პოლიტიკურად და ფიზიკურად) რესურსებზეა გაკეთებული.

მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ამ მეთოდზე უარი უნდა ითქვას, მაგრამ ეჭვი მეპარება ამ ორი მიმართულების ღერძად დასახვაში. როგორც გაზსადენი, ასევე საინვესტიციო გარემო კარგია როგორც პოლიტიკური (ეს უკვე ვნახეთ) იარაღი და მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის მეთოდი. მაგრამ მგონია, რომ თანამედროვე სამყაროში ეროვნული იდენტობა უფრო ცოდნის და უნარების განვითარებაზე უნდა იყოს დამყარებული, ვიდრე გარედან პოლიტიკური და ეკონომიკური ჩადინებების მოლოდინზე. არადა, ცოდნის და უნარების განვითარებაზე ქვეყნის ორიენტირებას, როგორც ჩანს, ჩვენი ეროვნული იდენტობა და გეოპოლიტიკური წარმოსახვა ეწინაამღდეგება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენი ეროვნული იდენტობის შინაარსის და აგებულების განსაზღვრაა. თუკი დავრჩებით მასპინძლის, გზირის, გზის მომვლელის სქემაში, საეჭვოა, რომ რაიმე ღირსეული განვითარების მოლოდინი უნდა გვქონდეს. არადა – ეს სამწუხარო იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იდენტობა, რომელიც ჩვენს აწმყოს და მომავალს განსაზღვრავს, და რომლის ტყვეობაშიც ვართ, არა უხსოვარ დროს, არამედ სულ რაღაც 20-30 წლის წინათ ჩამოგვიყალიბდა. თანაც, იმდროინდელი საბჭოთა ხელსუფლების აქტიური მონაწილეობით.

იმდენად, რამდენადაც ქართული სახელმწიფოს თანამედროვე პროფილი ეხლა ყალიბდება, სახელმწიფოს მოქმედებებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება კიდევ შეუძლიათ ეროვნული იდენტობის რე-კონსტრუირებაზე. ამ ბოლო დრომდე ჩვენი ეკონომიკური და საგანმანათლებლო პოლიტიკა კვლავ ძველი იდენტობის ფარგლებში ტრიალებდა. არა მარტო უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, არამედ საზღვარგარეთ სწავლებაზეც მკაფიო ბიუჯეტური აქცენტის გაკეთებაც ისევ და ისევ მასპინძლობის, მოლოდინის და გარემოს შექმნის, გზისგასაყარზე ყოფნის იდენტობის კონსტრუქციაში ჯდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლების საბიუჯეტო აქცენტის ცვლილება და მისი დაინტერესება შიდა ეკონომიკური პროცესებით და ცოდნის განვითარებით იმედს იძლევა, რომ საბოლოოდ მივალთ იმ პოზიციამდე, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების პირობა, თუნდაც საუკეთესო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, არის განათლებული მოქალაქეები და მათი ცოდნაზე დამყარებული უნარები. და იმისათვის, რომ ეს გარემო შეიქმნას რამდენიმე წლის შემდეგ, ამაზე დღეს უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ეს კი აუცილებლად მოახდენს ჩვენი იდენტობის შინაარსზე შესაბამის გავლენას და თავს დავაღწევთ იმ კომიკურ, ძალიან შემთხვევით ფაქტორებზე დამყარებულ იდენტობას, რომლის ტყვეობაშიც ვართ.


Responses

  1. „საქართველო – აღმოსავლეთის და დასავლეთის გზის გასაყარზე“.

    მე მიმაჩნია, რომ სწორედ 1970- იანი წლებიდან გაღვივდა ეს სიმახინჯე, ეს უაზრო, სრულიად ყალბი და ცრუ წინადადება. “აბრეშუმის გზა”, “ხიდი-ევროპასა და აზიას შორის” და სხვა.. . ყოველთვის მიკვირდა და საოცარია რაში გვესაჭიროება, ჩვენ ქართველებს, ამ “გასაყარში” ყოფნა და ამ საკითხის ხაზგასმა? გნებავთ რესურსები ვიგულისხმოთ და გნებავთ ეკონომოა.
    ბატონო გიგი! თქვენ ბევრი გიშრომიათ და ბევრი საინტერესო გამოკვლევა ჩაგიტარებიათ, ძალზედ საინტერესო საკითხია და კარგი იქნებოდა თუ ბევრს ვისაუბრებთ მსგავს და უკვე სამწუხაროდ ფეხმოკიდებულ სიმახინჯეებზე.
    პატივისცემით

  2. […] იდენტობის კონსტრუირებაში, რომელიც ფრიად საინტერესო და შედარებით ნაკლებ…. ამ პოსტის მიზანი არსებული […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: