Posted by: burusi | 21/06/2010

თენგიზ ვერულავა – “პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა ევროპის ქვეყნებში”

Northampton County Inmates Sue Prison

თენგიზ ვერულავა -Tengiz Verulava

“პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა ევროპის ქვეყნებში”

I. ზოგადი მდგომარეობა

1. პასუხისმგებლობა მსჯავრდებულთა და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ევროპის ბევრ ქვეყნებში მსჯავრდებულთა და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ძირითადად აღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს და სამედიცინო მომსახურებას ორგანიზაციას უწევს ციხის ადმინისტრაცია. ასე მაგალითად, ავსტრიის კონსტიტუციის მიხედვით, სამედიცინო მომსახურება პენიტენციალურ სისტემაში წარმოადგენს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობას.

ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ, ნორვეგია) აქვს აღებული პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა. ზოგ ქვეყანაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იღებს ჯანდაცვის სამინისტრო (საფრანგეთი).

ევროპის ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა პენიტენციურ სისტემაში ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ბევრ ქვეყანაში დაფინანსებაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო (მაგ, იტალია).

2003 წლის აპრილში ინგლისსა და უელსში პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის ბიუჯეტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს. დიდ ბრიტანეთში რეგიონული ადმინისტრაცია არის პასუხისმგებელი ციხეებში ჯანდაცვის დაფინანსებაზე, იგი აგრეთვე მონაწილეობს სამედიცინო მომსახურების გარკვეული ნაწილის ორგანიზაციაში. რეფორმის მიხედვით, პროცესი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პერიოდის დასასრულს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში იქნება მთლიანად ინტეგრირებული. რეფორმის მთავარი მიზანია ციხეებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ქვეყნის თითოეული მოქალაქის და მათ შორის პატიმართა უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროზე გადაცემის პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარებისათვის ხორციელდება როგორც ციხეების ასევე ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე პერსონალის ტრენინგები. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა პენიტენციური სისტემისა და სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დასაახლოებლად.

ევროპის ქვეყნებში ყოველ პენიტენციურ დაწესებულებას გააჩნია სამედიცინო მომსახურების პუნქტი, ან ცენტრი, სადაც ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. ზოგიერთ ქვეყანაში ამ ცენრებთან ერთად ფუნქციონირებს სტაციონარული პალატები. ასე მაგალითად, ავსტრიაში ყოველ ყველა 29 სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს საკუთარი სამედიცინო მომსახურების პუნქტი, ხოლო მათგან სამს გააჩნია საკუთარი ციხის საავადმყოფო.

რთული შემთხვევების შემთხვევაში პატიმრებს სტაციონარული სამედიცინო დახმარება შეიძლება გაეწიოთ როგორც პენიტენციური სისტემის სპეციალურ საავადმყოფოებში, ასევე ციხის გარეთ, სამოქალაქო საავადმყოფოებში. კვიპროსში, ლიტვაში, ლუქსემბურგში, ნორვეგიაში, შვეციაში და თურქეთში სტაციონარული სამედიცინო დახმარება შეიძლება გაეწიოთ მხოლოდ ციხის გარეთ, სამოქალაქო საავადმყოფოებში. ავსტრიაში ციხის საავადმყოფოს გარდა მსჯავრდებულთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება შესაძლებელია ქვეყნის 9 სამოქალაქო საავადმყოფოში, ციხის გარეთ. თუ ამ საავადმყოფოებშიც შეუძლებელია სამედიცინო მომსახურების გაწევა, პატიმრებს აგზავნიან ზოგადი პროფილის რეგიონულ თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ზოგ ქვეყანაში პენიტენციალურ სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი პენიტენციური სისტემაში გარკვეული ინფორმაციის კონფიდენციალურობის გათვალისწინებით წარმოადგენს ციხის პერსონალს. ზოგ ქვეყნებში კი სამედიცინო პერსონალი დაქირავებულია სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემიდან და ხელშეკრულებით მუშაობს ციხეში.

2. პატიმართა რაოდენობა

მთელ მსოფლიოში დაახლოებით 9,25 მლნ ადამიანი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათგან უმეტესობა, დაახლოებით ნახევარი იმყოფება აშშ-ში (2,1 მლნ), ჩინეთში (1,55 მლნ) და რუსეთში (0,87 მლნ). აშშ გამოირჩევა პატიმართა რაოდენობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით მსოფლიოში (738 100000 მოსახლეზე), შემდეგ მოდის რუსეთი (624), თურქმენეთი (489), კუბა (487), ბელორუსი (426). ქვეყნების 61 % პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი შეადგენს 150-ს 100000 მოსახლეზე. საქართველოში იგი შეადგენს 397-ს 100000 მოსახლეზე.

ცხრილი: პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გათვლით

პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გათვლით

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2007; Roy Walmsley, Kings College, London 2007

ნახ: პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გათვლით, 2006 წ.

პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გათვლით, 2006 წ.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2007; Roy Walmsley, Kings College, London 2007

ნახ: პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გათვლით, რეგიონების მიხედვით, 2006 წ.

პატიმართა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გათვლით, რეგიონების მიხედვით, 2006 წ.

წყარო: Roy Walmsley, Kings College, London 2007

ცხრილი: პატიმართა რაოდენობა და ციხის ლიმიტი ქვეყნების მიხედვით

პატიმართა რაოდენობა და ციხის ლიმიტი ქვეყნების მიხედვით

წყარო: Kings College, London, International Centre for Prison Studies, 2007.

ნახ: ციხეების დატვირთვის მაჩვენებელი, 2007 წ.

ციხეების დატვირთვის მაჩვენებელი, 2007 წ.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2007;Roy Walmsley, Kings College, London 2007

ციხეების მდგომარეობა

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ციხეთა უმრავლესობა თანამედროვე ტიპის შენობებშია განლაგებული, ციხეების გარკვეული ნაწილი წარმოადგენს XIX საუკუნის ბოლოს, ან გასული საუკუნის საწყის და შუა პერიოდში აგებულ ძველ შენობა-ნაგებობებს. რეკონსტრუქციისა და კაპიტალური განახლების შემდგომაც ძველი ციხეები არ შეესაბამებიან თანამედროვე მოთხოვნებს, დაბალია ჰიგიენური ნორმები.

ამასთან ერთად, ციხეთა უმეტესობა საჭიროზე დიდ შენობებშია გალაგებული, სადაც ძნელია ნორმალური პერსონალური კონტაქტების დამყარება პატიმრებსა და ციხეების პერსონალს შორის, ძნელდება საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამების ჩატარება.

პენიტენციალურ დაწესებულებებში მოქმედებს ჯანდაცვის პუნქტები, სადაც ზოგადი პრაქტიკის ექიმები ეწევიან პირველად სამედიცინო მომსახურებას. ზოგ ქვეყნებში ციხეები დაკომპლექტებულია საკუთარი სამედიცინო პერსონალით. ზოგ ქვეყნებში კი პენიტენციალურ დაწესებულებებს ხელშეკრულება აქვთ დადებული სამოქალაქო ჯანდაცვაში მომუშავე სამედიცინო პერსონალთან. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი, ძირითადად ექიმები, დროის მხოლოდ გარკვეულ პერიოდში მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო ძირითად სამედიცინო მომსახურებას ასრულებს ექიმის ასისტენტი, ან მედდა. ზოგ ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან არსებობენ სტაციონარული ტიპის პალატები შედარებით მსუბუქი სიმძიმის ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურებისათვის. ზოგ პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებას ეწევიან სპეციალისტები (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სტომატოლოგები, გინეკოლოგები). სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს პატიმართა ფსიქოლოგიური მომსახურება, რის გამოც პენიტენციალური სისტემის დაწესებულებების უმრავლესობას აუცილებლად ჰყავს ფსიქოლოგი.

პენიტენციურ სისტემაში პატიმართა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორი სახე არსებობს. ზოგ ქვეყნებში პენიტენციალურ სისტემას გააჩნია საკუთარი საავადმყოფოები. ზოგ ქვეყნებში კი პენიტენციურ სისტემას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ადგილობრივ ან რეგიონალურ სამოქალაქო საავადმყოფოებთან.

ზოგადი პრაქტიკის ექიმების მიმართვით სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში პატიმრები ღებულობენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. მკვლევართა აზრით, ევროპის ციხეების საავადმყოფოებს აქვთ საწოლთა ზომაზე მეტი რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს. მკვლევართა აზრით, პატიმართა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისათვის უფრო მიზანშეწონილია სამოქალაქო საავადმფოებში მცირე პუნქტების გახსნა.

2. ჯანდაცვის უმთავრესი პრობლემები:

პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის უმთავრესი პრობლემებია: შიდსით და სქესობრივად გადამდებ ავადმყოფთა, ტუბერკულოზით დაავადებულთა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ და ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა სამედიცინო მომსახურება.

შიდსი

ევროპის ქვეყნების პენიტენციური დაწესებულებების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა შიდსით დაავადებულთა მატება. ჯანმოს მონაცემებით, რუსეთის ციხეებში დაახლოებით 7000 შიდსით ინფიცირებული პატიმარია, რომელთა 90 %-ს დაავადება ინტრავენური გზით გადაეცა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პენიტენციური დაწესებულებებში დიდი ყურადღება ექცევა შიდსთან ბრძოლის ღონისძიებებს. ევროპის ციხეებში პატიმრებს შეუძლიათ შიდსზე უფასო და ანონიმური კვლევის ჩატარება. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს თურქეთი და საბერძნეთი, სადაც დაბალია პატიმართა ინფორმირებულობა შიდსის პრობლემების შესახებ, არ ხორციელდება შიდსზე სისტემატური ტესტირება.

ლიტვაში და უნგრეთში შიდსით დაავადებულთათვის სავალდებულოა სეროლოგიური ტესტების ჩატარება. ამავე დროს, ლიტვაში ანონიმურობა გარანტირებული არ არის. უნგრეთში ანონიმურობა დაცულია, სეროპოზიტიურ პატიმრებზე ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივ ცენტრს.

შიდსზე ტესტირება რეკომენდირებულია ევროპის ყველა ქვეყანაში, მაგრამ არაა სავალდებულო იმ პატიმრებზეც კი, რომლებიც გარკვეულ ეჭვს იწვევენ. პატიმრებს ეძლევათ ყველა საჭირო ინფორმაცია შიდსის შესახებ. პრეზერვატივები რეგულარულად მიეწოდებათ ფინეთში, დანიაში, პორტუგალიაში, ბელგიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში და შვედეთში. წესის მიხედვით, პატიმრებს სამედიცინო პერსონალი აცნობებს შიდსზე ტესტირებს შედეგებს. შიდსზე პოზიტიური პატიმრების მკურნალობას აწარმოებს ციხის სამედიცინო პერსონალი, შიდსის მძიმე შემთხვევებში პაციენტები მკურნალობას გადიან სამოქალაქო სამედიცინო ცენტრებში ან საავადმყოფოებში.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა პოლონეთის ციხეებში, სადაც 1989 წელს შიდსზე ჩატარებული პირველი ტესტირების შედეგად, გამოვლენილი ავადმყოფი იზოლირებულ იქნა ცალკე ოთახში. შიდსის ტესტი კეთდება პატიმრის მოთხოვნის შესაბამისად, ან მასზე საეჭვო ინფორმაციის მიღების შედეგად. ტესტი ანონიმურია და მისი შედეგი პროფესიონალურ საიდუმლოს წარმოადგენს. 2002 წ. გამოვლინდა 1198 შიდსით ავადმყოფი. შიდსზე პოზიტიური ავადმყოფები, რომელნიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, აგზავნიან ციხის საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში.

ზოგ ქვეყნებში (საფრანგეთი, ესპანეთი, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი) შიდსით დაავადებულ პატიმრებს აქვთ ფსიქოლოგიური მხრდაჭერა, მათ შეუძლიათ მიიღონ ფსიქოთერაპია და დახმარების სხვა ფორმები.

ირლანდიაში არსებობს სპეციალური განყოფილებები, სადაც განთავსდებიან შიდსით დაავადებული პატიმრები. ბელგიასა და პოლონეთში მათ შეიძლება ჰქონდეთ ცალკე ოთახი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ისინი ამჯობინებენ იგივე დაავადებით შეპყრობილ ადამიანთან ერთად ყოფნას.

შვეციაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში და პოლონეთში ციხის პერსონალს აქვთ ბაზისური ინფორმაცია შიდსის შესახებ: ქცევის რისკზე, პროფილაქტიკაზე, ტესტირებასა და მკურნალობაზე. მეორეს მხრივ, ლიტვაში ტრენინგი შემოფარგლულია მხოლოდ ბროშურების გავრცელებით, რომელსაც ლიტვის შიდსის ცენტრი პერიოდულად ავრცელებს ციხეებში. თურქეთისა და საბერძნეთის ციხეებში ასეთი სახის ინფორმაცია მწირია.

სექსუალურად გადამდები დაავადებები

სექსუალურად გადამდები დაავადებების გამოკვლევა და მკურნალობა სავალდებულოა საფრანგეთში, ლიტვაში, პოლონეთში. სისტემატური სეროლოგიური გამოკვლევები ტარდება ბულგარეთშიც. უნგრეთსი სეროლოგიური გამოკვლევები სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როცა დაავადების განვითარებაა საეჭვო. პორტუგალიაში სექსუალურად გადამდები დაავადებებზე გამოკვლევა სავალდებულოა სიფილისის შემთხვევაში. სხვა ქვეყნებში სექსუალურად გადამდები დაავადებებზე გამოკვლევები არ ატარებს სისტემატურ ხასიათს.

ფთიზიატრიული დაავადებები

პენიტენციური სისტემის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ტუბერკულოზის შემთხვევების ზრდა. ჯანმოს მონაცემებით, რუსეთში პატიმართა 10 %-ს გააჩნია ტუბერკულოზის აქტიური ფორმა. ფილტვის და ფილტვისგარე ტუბერკულოზის შემთხვევები ძალიან დიდია ესპანეთში და ლიტვაში, მაგრამ განსაკუთრებით მცირეა ლუქსემბურგში, ნორვეგიაში და ფინეთში.

ლიტვაში ყვეალა პატიმარს უტარდება ფლუროგრაფია, ხოლო ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებულთათვის არსებობს სპეციალური დაწესებულება. ესპანეთში იმ პატიმრებისთვის, რომელთაც აღმოაჩნდებათ დაავადების ადრეული სიმპტომები ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. პულმონარული რადიოგრაფიული გამოკვლევა ტარდება მხოლოდ სადიაგნოსტიკოდ და ექიმის მომართვის შემდეგ.

ტუბერკულოზის გამოსავლენად სისტემატიური რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება პოლონეთში, საფრანგეთში და უნგრეთში. საფრანგეთში ტუბერკულოზით დაავადებულები კანონის ძალით იზოლირებული არიან სხვა პატიმრებისაგან და აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება მათი ჰოსპიტალიზაცია. ავსტრიაში ყოველ ახლადშემოსულ პატიმარზე ტარდება ტუბერკულოზზე ტესტირება.

პოლონეთში ციხეებში ტუბერკულოზთან ბრძოლა წარმოადგენს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ერთერთ შემადგენელ ნაწილს და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ინსტიტუტის კონტროლს ქვეშაა. მისი მიზანია ინფექციის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე და შესაბამისი სწორი მკურნალობის დაწყება. ყოველ პატიმარს უტარდება ტესტირება მისი ციხეში შესვლისთანავე (სამედიცინო გასინჯვა და გულმკერდის რენტგენოგრაფია). ტუბერკულოზის დიაგნოსტირების შემდეგ პატიმარს უტარდება ანტიტუბერკულოზური მკურნალობა ჯანმოს DOTS-ის სტრატეგიის შესაბამისად. პაციენტის მკურნალობა ტარდება სპეციალურ საავადმყოფოში. 1990-2002 წლებში აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი შემცირდა 0,5 %-დან (პატიმართა მთელი რაოდენობის მიხედვით) 0,2 %-მდე. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა 98 % გამოვლინდა ციხეში შესვლის პირველ დღეებში ჩატარებული ტესტირების შედეგად.

წამალზე დამოკიდებულება, ალკოჰოლოზმი, ჰეპატიტები

წამალზე დამოკიდებულება, ალკოჰოლოზმი, ჰეპატიტები ევროპის ციხეების მნიშვნელოვანი პრობლემებია. თუმცა მხოლოდ ზოგ ქვეყანას აქვს ამ დაავადებების გავრცელების შესახებ შესაბამისი სტატისტიკა.

ბელგიაში წამალზე დამოკიდებულება 42 %-ს შეადგენს, ალკოჰოლოზმის მაჩვენებელი – 34 %, ფსიქოტროპიულ საშუალებებზე რეგულარული მოხმარება 30 %. დიდ ბრიტანეთში დაახლოებით პატიმართა 20 % წამალზე დამოკიდებულია.

ავსტრიაში 5 ციხეში შეიქმნა ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სამკურნალო პუნქტი. ინტრავენურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სამკურნალოდ ყველა ციხეში დაინერგა მეტადონით მკურნალობის მეთოდები.

ესპანეთში წამალზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლას ჯანდაცვის პროგრამებს შორის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. წამალზე სერიოზულად დამოკიდებულები და მძიმე ფორმის ალკოჰოლიკების მკურნალობა ტარდება ციხის სპეციალურ განყოფილებებში ან ციხის გარეთ, სამოქალაქო საავადმყოფოებში. პოლონეთში არსებობს სპეციალური განყოფილებები წამალზე დამოკიდებულ პატიმართა სამკურნალოდ. პორტუგალიაში ფუნქციონირებს სპეციალური ცენტრი არასრულწლოვანთა შორის წამალზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, მას აწარმოებენ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ზოგადი პრაქტიკის ექიმები. იტალიაში და ავსტრიაში წამალზე დამოკიდებულებთა და ალკოჰოლოზმის მკურნალობა კოოპერირებულია სამოქალაქო სამედიცინო მომსახურებასთან. ავსტრიაში ყოველ ახლადშემოსულ პატიმარზე ტარდება B და C ჰეპატიტზე ტესტირება.

შვედეთში შესაძლებელია ჰეპატიტების წინააღმდეგ პატიმრებზე ვაქცინაციის ჩატარება. ფინეთში ჰეპატიტებით დაავადებულთა რაოდენობა ძალიან მცირეა და შესაბამისად ეს საკითხი მწვავედ არ დგას.. ლიტვაში სასურველია ჩატარდეს B ჰეპატიტის ვაქცინაცია, მაგრამ სახსრების სიმწირის გამო იგი არ ხორციელდება.

ინფორმაცია, პრევენცია და ჯანმრთელობის ამაღლების განათლება

ევროპის ციხეებში განსაკუთრებით ყურადღება ექცევა შიდსის და სექსუალურად გადამდები დაავადებების საპროფილაქტიკო ღონისძიებების ჩატარებას. პატიმრებს ეძლევათ შიდსთან და სექსუალურად გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საინფომაციო ბუკლეტები. ზოგ ქვეყანაში, მაგ,. შვედეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი, საინფორმაციო პროგრამები და სასწავლო მასალები მიეწოდება როგორც ბუკლეტების სახით, ასევე ტარდება აუდიოვიზუალური სასწავლო პროგრამები, პატიმრებთან ინდივიდუალური და ჯგუფობრივი შეხვედრები. ლუქსემბურგსა და პორტუგალიაში ხშირად ტარდება პატიმრებთან ინდივიდუალური საუბრები. შვეიცარიაში და ნიდერლანდებში მასალა თარგმნილია სხვადასხვბა ენებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში და თურქეთში არ არსებობს სპეციალური საინფორმაციო პროგრამა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ციხეებში.

ნიდერლანდებში ყოველწლიურად ტარდება ციხეებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის კონფერენციები. 1994 წელს დაარსდა ორგანიზაცია Cranstoun Drug Services, რომელიც 15 სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას. მისი მიზანია ციხეებში ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პატიმართა შემცირება, შიდსთან და ჰეპატიტტან ბრძოლის პროგრამების განხორციელება.

ფსიქიური დაავადებები ციხეებში

ევროპის ქვეყნების ციხეებში ყველგან წარმოდგენილია ფსიქოლოგები, რომლებიც აწარმოებენ ფსიქიურად დაავადებულ პატიმართა მკურნალობას და ხელს უწყობენ ციხის პირობებთან ადაპტაციას.

ფსიქიატრიული გასინჯვები სისტემატურად ტარდება საბერძნეთში და იტალიაში, სადაც ყველა პატიმარს უტარდება სუიციდის პრევენციის ღონისძიებები. საფრანგეთში ასეთი გასინჯვები ტარდება როგორც პატიმრის მოთხოვნით, ასევე ოჯახის, ან მეგობრების მოთხოვნითაც. ზოგ ქვეყნებში ფსიქოლოგიური ტესტირება ხორციელდება დაპატიმრებამდე (ლუქსემბურგი), ზოგან მსჯავრდებულობის პერიოდში (ლიტვა), ზოგ ქვეყანაში კი (მაგ, კვიპროსი და ფინეთი) მხოლოდ პატიმრობის პერიოდში. ევროპის ჯანდაცვის კანონმდებლობის მიხედვით ფსიქიურ დაავადებათა მკურნალობა შესაძლებელია როგორც ციხის საავადმყოფოში ასევე სამოქალაქო საავადმყოფოებში. ლიტვაში ფსიქიურ დაავადებათა მკურნალობა ციხის საავადმყოფოში ტარდება. დიდ ბრიტანეთში ფსიქიურ დაავადებათა მკურნალობა პატიმართათვის შესაძლებელია როგორც ციხეებში, ასევე ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოებში.

ზოგ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ფსიქიატრიული დაწესებულებები ფსიქიურად დაავადებულ პატიმართათვის (პორტუგალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები). ნიდერლანდებში ფსიქიურად დაავადებულ პატიმართათვის ფუნქციონირებს 9 ფსიქიატრიული საავადმყოფო (16 500 ადგილი), სადაც მათი არსებობისათვის შექმნილია უსაფრთხო პირობები და ხორციელდება სარეაბილიატაციო ღონისძიებები. ავსტრიაში ფსიქიატრიული სამედიცინო მომსახურების გაწევა ხორციელდება ფსიქიურად დაავადებულ პატიმართა ორ სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში, ან ნაკლებად სერიოზულ შემთხვევაში, პენიტენციალური დაწესებულების სპეციალურ თერაპიულ განყოფილებაში. თუ პატიმარი სერიოზულად არა არის ფსიქიურად დაავადებული, მათი მკურნალობა ტარდება ვენის გარეთ 45 საწოლიან ცალკე განყოფილებაში. იტალიაში არსებობს 6 ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელიც ფსიქიურად დაავადებულ პატიმართათვის პებიტენციალური სისტემის ნაწილს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციალური სისტემის ფსიქიატრიული დაწესებულებები ერთდროულად წარმოადგენენ როგორც პატიმართა დაკავების, ასევე მათი მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებსაც. საფრანგეთში და იტალიაში ასეთი დაწესებულებები კოოპერირებულია ქვეყნის სამოქალაქო ჯანდაცვის ფსიქიატრიულ სტრუქტურებთან. საფრანგეთის ციხეებში ფსიქიურად დაავადებულ პატიმართა სამედიცინო მომსახურებას თვალყურს ადევნებს ადგილობრივი რეგიონალური ფსიქოლოგიური ჯანდაცვის დეპარტამენტები, რომელშიც შედის ვიწრო სპეციალობის საავადმყოფოს მთელი სამედიცინო ჯგუფი. ეს ჯგუფი მუშაობს ციხეში, სვამს დიაგნოზს და მეთვალყურეობას უწევს ფსიქიურად დაავადებულ პატიმრებს. იმ შემთხვევაში, როცა პატიმარი გამოავლენს ფსიქიური დაავადების ნიშნებს, მას გააგზავნიან ციხის ფსიქიატრთან ან ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში. იტალიაში ციხის ადმინისტრაციას შეუძლია დაურეკოს ან დაუკავშირდეს სამოქალაქო ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალს.

3. სოციალური ასპექტები

პატიმართა სოციალური მდგომარეობა ციხეებში გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია მათი სოციალური კონტაქტები და კავშირები, განსაკუთრებით ოჯახთან, ან დედის ურთიერთობა სვილებთან და ა. შ.

3.1. სოციალური მომსახურების შესაძლებლობა

ბევრ ქვეყანაში ციხეებში ფუნქციონირებს სოციალურ მუშაკთა სამსახური. მას ახორციელებენ როგორც ციხის მუშაკები, ასევე სახელმწიფო სოციალური სამსახურის მუშაკები (მაგ. კვიპროსში), ან კერძო ასოციაციები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კერძო სამსახურები (საპრობაციო მომსახურება ნიდერლანდებში).
სოციალური მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

  • ხელშეწყობა ციხეებში პატიმართა ადაპტაციაში
  • პატიმართა მხარდაჭერა მათი სოციალური პრობლემების გადაჭრაში, სოციალური უფლებების და სოციალური დაზღვევის დაცვაში (აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა წინასწარი დაკავების ადგილებში);
  • რჩევების მიცემა პატიმართათვის მათი მომავალი პერსპექტივების შესახებ, მათი ტრენინგები (შვეიცარია);
  • საზოგადოებაში მათი მომავალი რეინტეგრაციისკენ ხელშეწყობა (პერსონალური, ფინანსური და სოციალური ნიშნით). ციხეებში მათი დასაქმებაზე ზრუნვა (გერმანია, ნიდერლანდები)

სოციალური სამსახურის მუშაკებს სჭირდებათ არამარტო ზოგადი ტრენინგები, არამედ სპეციფიკური ტრენინგები, რომელიც ორიენტირებულია პატიმართა მხარდაჭერაზე. მათ უნდა გააჩნდეთ პატიმართა ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოყვანის, ინფექციურ და ფსიქიურ დაავადებებთან საბრძოლველად საპროფილაქტიკო ღონისძიებების ჩატარების ჩვევები.

3. 2. ოჯახთან ურთიერთობა

პატიმართათვის მნიშვნელოვანია ოჯახთან სოციალური კავშირების ქონა. პატიმართა მეუღლეები, მშობლები, შვილები თავს დაზარალებულად გრძნობენ. ზოგ შემთხვევაში ინგრევა ოჯახები. ევროპის ბევრ ქვეყნებში პატიმრებს შეუძლიათ შეხვდნენ თავიანთ პარტნიორებს და გარკვეული დრო გაატარონ მათთან საპატიმროს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე (შვეიცარია, დანია). შვეციაში ასეთ დროს ზედამხედველობა შედარებით რბილ ხასიათს ატარებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმარ ქალთა სოციალური ხელშეწყობა, რომლებიც ციხეებში მშობიარობენ ან გარეთ დარჩათ პატარა ბავშვები. ზოგი ქვეყანა (კვიპროსი, ნორვეგია) არ ახდენს ასეთი მდგომარეობის ხელშეწყობას, მაგრამ უმეტეს ქვეყნებში პატიმარ დედებისა და მატი მცირეწლოვანი ბავშვებისათვის არსებობს სპეციალური დაწესებულებები. იმ ბავშვთა ასაკის ლიმიტი რომელთაც შეუძლიათ იყონ დედასთან ერთად მცირედ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. გერმანიაში ასეთი უფლება აქვთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, სხვა ქვეყნებში მაქსიმალური ასაკი შედარებით ნაკლებია (ესპანეთში და შვეიცარიაში 3 წელი, საფრანგეთში და ნიდერლანდებში 2-3 წელი, ფინეთში – 18 თვე). ზოგ ქვეყანაში შესაძლებელია მედდების დახმარება ბავშვების მოვლაში. პორტუგალიაში ასეთ ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური განყოფილება, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი არდადეგების 15 დღე გაატარონ დედებთან.

ექიმის არჩევანის უფლება

პატიმრებს უფლება აქვთ გამოიძახონ ციხის ექიმი. ზოგ ქვეყნებში მათ შეუძლიათ მხოლოდ ციხის ექიმი გამოიძახონ. ზოგ ქვეყანაში მათ უფლება აქვთ კერძო ექიმი აიყვანონ თავიანთი ხარჯებით (პორტუგალია). ზოგან წინასწარი დაკავების საკნებში მსჯავრდებულებს შეუძლიათ გამოიძახონ საკუთარი ექიმი საკუთარი ხარჯებით (ნიდერლანდები). იგი დაკავშირებულია უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებთან.

ბიბლიოგრაფია

  • Walmsley Roy. (2013) World Prison Population List. The International Centre for Prison Studies. University of Essex

http://www.prisonstudies.org/sites/prisonstudies.org/files/resources/downloads/wppl_10.pdf

  • Council of Europe (2014). Report on the Organisation of health care services in prisons in European member states

http://www.coe.int/t/dg3/health/Prisonsreport_en.asp

 

თენგიზ ვერულავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კოორდინატორი

გამოქვეყნდა ინტერნეტ ჟურნალი „ბურუსი“. 2009 წ.

ციტირება: თენგიზ ვერულავა. “რეფორმები პენიტენციურ ჯანდაცვის სისტემაში”. ინტერნეტ ჟურნალი „ბურუსი“. 2009 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: