Posted by: burusi | 20/06/2010

თენგიზ ვერულავა – “ბროწეულის ხე”

თენგიზ ვერულავა -Tengiz Verulava

“ბროწეულის ხე”

ცა იყო წყნარი, მოწმენდილი. ნაძვნარამდე გადაშლილი ფართო ველი უკაცრიელი ჩანდა. ხვეულ, სიცხისაგან გამომშრალ ბილიკზე ორნი მიდიოდნენ.
– რა სიცარიელეა, – თქვა ქალმა. მოთეთრო ცას გაჰყურებდა. ირგვლივ ჩქამიც არ ისმოდა. წვრილი, სუსტი ფეხები ჰქონდა. შვენოდა სიგამხდრე.
– მომწყინდა.
– გეჩვენება.
– რა დრო გასულა. უკვე საღამოა.
– მერე რა, მაინც არსად გვეჩქარება, – უპასუხა კაცმა. აგერ უკვე რამდენი ხანია ყველაფრისადმი დაკარგული ჰქონდა ინტერესი. ტკივილამდე განცდილ ამაოებას მხოლოდ პირველყოფილი სიმყუდროვე ავიწყებდა.
– გადავიღალე. როდემდის უნდა ვიყოთ ასე, – უთხრა ქალმა.
– მომიტევე, არ შემიძლია.
– ქვის გული გაქვს და იმიტომ არ შეგიძლია.
კაცს არაფერი უთქვამს. სულ სხვა რაღაცაზე გადაეტანა ფიქრი. წუხანდელი სიზმარი გაახსენდა. ჭაში ჩავარდნილიყო. შველას ითხოვდა. არავინ ჩანდა სულიერი. ცდილობდა ამოსულიყო, მაგრამ ფეხი უსხლტებოდა და ისევ წყალში ეშვებოდა. წყურვილი რომ მოეკლა, ჭის წყალს სვამდა უზომოდ. მალე წყალიც დაიშრიტა, დაშრა. არსაიდან ჩანდა მშველელი. ბოლოს ყველაფერს გაანება თავი. ჭის გამომშრალ თიხაზე გაწვა და ცდილობდა არც არაფერზე ეფიქრა.

ბილიკზე მოხუცი ქალი და კაცი შემოხვდნენ. ხელკავით მოდიოდნენ. ქალმა თვალი გააყოლა. მოხუცებს არც შემოუხედავთ.
– შენ ასე გგონია, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადვილია.
– ვიცი, მაგრამ არ შემიძლია.
კაცმა ნაბიჯი შეანელა. ობობას ხეებს შორის ქსელი გაება.
– მე კი სიცარიელის მეშინია.
ქალმა ბილიკიდან გადაუხვია. ვეება ნაძვის ხეს ზურგით მიეყრდნო. ხელები შემოაჭდო უკან. კაცი წამოეწია. თავი აუწია. აცრემლებულ თვალებს ჩააშტერდა. მოეხვია.
– შენ მშვენიერი იყავი ყოველთვის.
– მოხუცი ქალი და კაცი ტყის განაპირას, გრძელ სკამზე ისხდნენ. ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. წინ გადაშლილ ველს გასცქეროდნენ. ველზე ბროწეულის ხე ჰყვაოდა, ტანმორჩილი ბროწეულის ხე.

ბილიკზე ორნი მიდიოდნენ.
კაცს მოკლედ შეჭრილი წვერი ერთიანად გათეთრებოდა. ქალს შავი ფერის საწვიმარი ეცვა. ცაზე ღრუბლის ერთი ფთილაც არ ჩანდა. ირგვლივ დიდი ხნის ნაცნობი იყო ყოველი, ისეთივე წყნარი, ისეთივე მშვიდი.
– ეს ბილიკი ამ ცასავით უფერული და უაზროა, – თქვა კაცმა.
– უაზრო რომ იყოს აღარ გათავდებოდა.
– მერე და სად ხედავ აქ ბოლოს?
– ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
– საოცარია, როგორ გიყვართ ეს ილუზიები.
– აბა უიმისოდ სხვაგან სად არის საშველი. ძალიანაც რომ გინდოდეს, მაინც ვერსად გაექცევი, გაგიჭირდება და თვითონ გამოძებნი.
– თავი არასოდეს მომიტყუებია. ვიცოდი, რომ არსად იყო მშველელი, ვწუხდი და მტკიოდა, მაგრამ ტყუილს თავს როგორ შევაფარებდი. მაგის გაფიქრებაც არ მინდოდა.
– შეაფარებდი. უბრალოდ არ გინდა შენს თავს რომ გამოუტყდე. შეაფარებდი და დაუჩოქებდი.
– არასოდეს.
– ქუჩაში რომ მოგისწროს თავსხმა წვიმამ და ქვეყანა ინგრეოდეს, ხომ შინისაკენ გამოიქცევი, ან სადმე იპოვი თავშესაფარს?
– არა, შუა ქუჩაში დავრჩები და მთელი დღე დაველოდები სანამ არ გადაიღებს.
– კარგი, რას სულელობ.
– ვიხუმრე, – თქვა კაცმა. ღიმილით შემოხედა, დანაოჭებული სახე არაბუნებრივად აუთამაშდა. ბროწეულის ხეს შესცქეროდა. მზის ფენილი სხივები სისხლისფრად ედებოდა დამსკდარ ნაყოფებს. მხოლოდ იგი ეჩვენა შეცვლილი.
– შეხედე როგორ მობერებულა?
– ყველაფერი ბერდება და კვდება.
– ბროწეულის ხეს რომ დაინახავ, უბრალოდ უნდა გიხაროდეს, რომ იგი ბროწეულის ხეა და სხვა არაფერი.
– გახსოვს, აქ დიდი ლოდები რომ ეწყო?
– ჰო, მახსოვს, – თქვა ქალმა.
– იცი, რა გამახსენდა?
– რა?
– ერთხელ ლოდი ჩამოვარდა. ერთი ახალგაზრდა წამოეწია. ლოდს ეჭიდებოდა. ხის მორს ამოუდებდა ქვეშ. ცოტას ააცურებდა ზევით, მაგრამ მორი სხლტებოდა და ლოდი ისევ ქვევით გორდებოდა.
კაცმა ნაბიჯი შეანელა. ბალახზე გაწვა. ხელები ამოიდო თავქვეშ. მიწის და ახლადამოსული ბალახის სუნი სცემდა.
– უსასრულო, თეთრი ცა, სიცარიელე. უაზრობაა ყველაფერი, როგორც ის აგორებული და ისევ უკან ჩამოგორებული ლოდი, – თქვა კაცმა.
– კარგი თუ ღმერთი გწამს.
– არა, წარმოიდგინე ყველა ჩვენსავით რომ იყოს. აქედან ისე მივდივართ, თითქოს არც გვიცხოვრია.
– შენც ნუ წარმოიდგენ!
ტყის განაპირას გრძელი სკამი ცარიელი იყო. მწვანე ველზე ეულად იდგა ბებერი, ტოტებგადმოშვებული ბროწეულის ხე.


Responses

  1. ერთხელ მითხრა: “სადაც ბროწეულის ხე დაინახო, იცოდე, ეს მე ვარ”-ო

  2. “ტკივილამდე განცდილ ამაოებას, მხოლოდ პირველყოფილი სიმყუდროვე ავიწყებდა”


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: