Posted by: burusi | 18/06/2010

გია (გიორგი) ქურდიანი

გია (გიორგი) ქურდიანი და არჩილ ქურდიანი (უმცროსი)

ქურდიანები – Kurdiani

გია (გიორგი) ქურდიანი (1932)

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი,
ღირსების ორდენის კავალერი,
2006 წლის საუკეთესო არქიტექტორი
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი 1961 წლიდან.

დაიბადა 1932 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში ცნობილი ხუროთმოძღვრების _ არჩილ ქურდიანის და ქეთევან ქურდიანის ოჯახში.
გია იწყებს სწავლას მე-15 საშუალო სკოლაში, ხოლო 1950 წელს ამთავრებს მე-9 ვაჟთა გიმნაზიას.
1950 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, შემდეგ 1952 წელს გადავიდა არქიტექტურის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1958 წელს. სამხატვრო აკდემიის დამთავრებისთანავე იწყებს შემოქმედებით მოღვაწეობას.
არის მრავალი პროექტის ავტორი. მათგან უდიდესი ნაწილი იქნა განხორციელებული ნატურაში.
სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ სტუდენტი გია, უშუალო მონაწილეა მშობლების არჩილისა და ქეთევანის შემოქმედებითი პროცესებისა, ძიებისა. ეს იყო გიასათვის დიდი სკოლა. გია ყალიბდებოდა, როგორც პროფესიონალი, როგორც მოქალაქე _ თაყვანისმცემელი ქართული ხელოვნების და ქართული ხუროთმოძღვრების მდიდარი ტრადიციებისა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე, გია მუშაობს მიხეილ მელიას სახელოსნოში, ლადო მესხიშვილის სახელოსნოში. ორთაჭალაში აპროექტებს ლადო მესხიშვილთან და გურამ მებუკესთან ერთად მრავალსართულიან მრგვალ გარაჟს.
60-იან წლებში მამასთან ერთად მუშაობს ავტორად და პროექტის მთავარ არქიტექტორად თბილისის “დინამოს”სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტზე.
“დინამოს” სტადიონი ვეღარ აკმაყოფილებდა თავისი ტევადობით მრავალათასიან გულშემატკივრის უდიდეს ინტერესს ფეხბურთისადმი. აუცილებელი გახდა ან ახალი სტადიონის აშენება, ან არსებული “დინამოს” სტადიონის რეკონსტრუქცია-გაფართოება.
იმ პერიოდში აიკრძალა ნებისმიერი სპორტული ნაგებობის აშენება. თბილისის “დინამოს” სტადიონის რეკონსტრუქციის უფლება მიეცა მხოლოდ იმიტომ, რომ დასწრების მხრივ თბილისის „დინამოს“ სტადიონი ყოფილი კავშირის მასშტაბით, იყოკონკურს გარეშე.
რეკონსტრუქციის პროექტის პირველი ვარიანტი მთლიანად ინარჩუნებდა არსებული სტადიონის არქიტექტურას. პროექტი ითვალისწინებდა დიდ თაღედს, ხოლო არსებული სტადიონი უნდა ყოფილიყო ახლის ინტერიერში. სხვადასხვა მიზეზების გამო პროექტის პირველი ვარიანტი, გადაწყვეტილი ეროვნულ არქიტექტურაში უარყოფილ იქნა. შეიქმნა ახალი, თანამედროვე არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაგებობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 100000 _ ადგილს. დაიწყო არსებული სტადიონის ნგრევა და ახლის აშენება, რომელიც კვლავ შეჩერდა. მოსკოვის წინადადებით ტევადობა უნდა შემცირებულიყო 75000 მდე, მოიჭრა აშენებული კონსტრუქციები. ავტორების წინაშე დაისვა რთული ამოცანა _ უმოკლეს ვადაში უნდა შექმნილიყო ახალი პროექტი. ავტორებმა არქიტექტორებმა არჩილ და გია ქურდიანებმა, ინჟინერ კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილმა ამჯერადაც მიაღწიეს დიდ გამარჯვებას 1976 წელს გაიხსნა დიდი ფეხბურთისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის კომპლექსი _ ცენტრალური ეროვნული სტადიონი _ სტადიონი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
სტადიონის რეკონსტრუქციის დროს და შემდგომ პერიოდში გია მუშაობს სხვადასხვა ობიექტებზე.
მრავალსართულიანი მრგვალი გარაჟი ორთაჭალაში ვლ. მესხიშვილთან და გ. მებუკესთან ერთად. მრავალსართულიანი მრგვალი გარაჟი კრწანისში.
1967 წელს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის პირველი სასტუმრო სახლის რეკონსტრუქცია /არჩილ ქურდიან უფროსთან ერთად/.
1981 წელს პირველი სასტუმრო სახლის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, ხოლო 1998 წელს იგივე ნაგებობის რეკონსტრუქცია მის ვაჟთან არჩ. ქურდიან უმცროსთან ერთად.
მეორე სასტუმრო სახლი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი _ აბანო; ხელოვნური ტბა; მესამე სასტუმრო სახლი; რეზიდენციები: ბობოყვათში და ვარციხეში; მაღალი სტუმრების მიღების თეთრი დარბაზი ყოფილ მთავრობის სახლში; ცეკავშირის ხაზით, მთელი რიგი ობიექტებისა საქართველოს ყველა რეგიონში.რამდენიმე ათეული ობიექტთაგანი განხორციელებულია თავის ვაჟ არქიტექტორ არჩილ ქურდიან უმცროსთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მისი ობიექტის ინტერიერს და დიზაინს თვით ახორციელებს. იგი ქმნის ინტერიერს, ავეჯს, ჭურჭელს, სიმბოლიკას და სხვა.
სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა პროექტის მთავარ არქიტექტორად, საპროექტო სახელოსნოს უფროსის მოადგილედ და უფროსად, საქართველოს მთავრობის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფოს მეთაურისა და პრეზიდენტის აპარატის, მთავარ არქიტექტორად. ამჟამად არის “გია და არჩილ ქურდიანების სტუდია <დინასტია>”-ს გენერალური დირექტორი.
2006 წელს მას მიენიჭა წლის საუკეთესო არქიტექტორის წოდება.
შემოქმედებითი ბიოგრაფია მოთავსებულია სხვადასხვა ენციკლოპედიურ გამოცემებში, მათ შორის სპეციალურ გამოშვებაში “ვინ ვინაა”. “კახეთის გამოჩენილი ადამიანები”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: