Posted by: burusi | 16/06/2010

საბა სულხანიშვილი – “გამომაჩინე ვარსკვლავებში…” (თამაზ ბაძაღუა – რომანის პერსონაჟად)

თამაზ ბაძაღუა - Tamaz Badzagua

თამაზ ბაძაღუა – Tamaz Badzagua (1959 – 1987)

ნაირა გელაშვილი – Naira Gelashvili (1947)

საბა სულხანიშვილი – “გამომაჩინე ვარსკვლავებში…” (თამაზ ბაძაღუა – რომანის პერსონაჟად)

ნაირა გელაშვილის რომანში “პირველი ორი წრე და ყველა სხვა” უხვადაა ჩართული დოკუმენტური მასალა და, ამასთან, ცალკეულ პერსონაჟთა პროტოტიპებიც ამოიცნობა. ზოგიერთ პერსონაჟში რამდენიმე რეალური პიროვნების თვისებებიცაა შერწყმული.
რომანი ეძღვნება გარდამტეხ ჟამს ჩვენს უახლოეს ისტორიაში (პირველი ორი წრე 1988-89 წლებია) და თხრობის ვრცელ ქარგაში შემოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ბევრგვარი მხარე და დანაშრევი, განსჯილი და გააზრებული ნაირა გელაშვილისათვის ნიშანდობლივი დაუშოშმინებელი, შეურიგებელი სულისკვეთებითა და მძაფრი ექსპრესიით, თანაც იმ სტილური ხელოვნებით, ვეება რომანს სულმოუთქმელად რომ გაკითხებს, მიუხედავად იმისა, იზიარებ თუ არ იზიარებ მის პოლიტიკურ შეხედულებებს; და კიდევ _ მიუხედავად ორი სრულიად დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზისა და დიდძალი ლიტერატურულ-ანალიტიკური ეპიზოდისა, ლიტერატურისმცოდნეობის კლასიკურ ნიმუშებად რომ წარმოგვიდგება, უფრო ნიშანდობლივ _ მთარგმნელობითი კრიტიკის თავისებურ ქრესტომათიად.
ანკი სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როდესაც ქვეყნის დრამატული ცხოვრება დანახულია მთარგმნელობითი ცენტრის ერთი ოთახიდან.
მთელ ამ ნაირფეროვან მასალაში ორიოდე გვერდი ეთმობა დალი კანაშვილის მიერ მიწერილ ბარათს მთარგმნელ თამაზ ბარაგუასთან, იქვე კი მთლიანადაა დამოწმებული რაინერ მარია რილკეს ლექსი “ანგელოზს”, რაც გამხდარა საბაბი ამ წერილის გაგზავნისა.
დალი კანაშვილი, რომანის მთავარი გმირი, თვითონ ავტორია და ამ გარემოებას ნაირა გელაშვილი საკმაოდ გამჭვირვალედ მიანიშნებს.
თამაზ ბარაგუა კი თამაზ ბაძაღუას გულისხმობს – გვარის ფონეტიკური მსგავსებითაც და იმითაც, რომ “ანგელოზს” მის მიერაა გადმოტანილი ქართულ სამოსელში.
როდესაც ნაირა გელაშვილმა მთარგმნელობითი კოლეგიისა და მისი დამაარსებლისა და ხელმძღვანელის ოთარ ნოდიას (რომანში ოთარ არონდიადაა მოხსენიებული) თანადგომით ჩვენი სულიერებისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტს მოჰკიდა ხელი: რილკეს ხუთტომეულის ქართული ვერსიის განხორციელებას, ეს უმძიმესი საქმეც თვითონ იტვირთა – ლექსთა პწკარედების გამზადება პოეტებისათვის, მათ შორის თამაზ ბაძაღუასთვისაც.
რომანში ჩართული ბარათი არ არის დოკუმენტური მასალა, ის მოგვიანებითაა შეთხზული და წარმოგვიდგება ეპისტოლური ფორმით შესრულებულ ლიტერატურულ სილუეტად, რომელიც ორიოდე,
ოღონდ არსებითი, დეტალის წყალობით კანთიელად წარმოსახავს ტრაგიკულად დაღუპული შემოქმედის მაძიებელ სულსა და ზნეობრივ სიჯანსაღეს.

შენ რომ არ მგრძნობდე,
არ მოგწვდება მანდ ჩემი ხმები,
რადგან ვარსებობ, ო,
ანათე, ანათე, აგრე,
გამომაჩინე ვარსკვლავებში,
რადგანაც ვქრები,
რადგან სიკვდილით მევსება ბაგე.

სანიმუშოდ დაე დამაგვირგვინებელი სტროფი ვიკმაროთ ლექსისა, რომელზეც ნაირა გელაშვილი აცხადებს: ახლა უკვე კარგია, მაქსიმალურად მიუახლოვდა დედანს, მიხარია შენთვის პწკარედების მომზადება და მიხარია ისიც, რომ ზოგი ჩემი ფრაზა პირდაპირ გამოგადგა. მართალია მცირე აცდენები კიდევ რჩება, მაგრამ ეგ გარდუვალია, ყველა ლექსს ერთად კიდევ გადავავლებ თვალს, არსებითად სამუშაო შეიძლება დასრულებულად ჩავთვალოთო.
და კიდევ: შენ საკმაოდ რთული ლექსები აირჩიე სათარგმნელად და უკვე შემიძლია მოგილოცო: გამოგივიდაო.
რჩევასაც უზიარებს: კარგი იქნება, გერმანულს თუ ისწავლი და დამოუკიდებლად შეუდგები მუშაობას, ყველანაირად დაგეხმარები, მერე კი იტალიურსაც ჩაუჯდები, საიდანაც ასევე გსურს თარგმნა. ჯაკომო ლეოპარდს სჯობს ახლა შეეშვა, სირცხვილია, რუსულიდან რომ აპირებ გადმოქართულებასო.
დიდი იმედით რომ შეჰყურებს მის მომავალ მთარგმნელობით მოღვაწეობას, ეს იმიტომაც, რომ:
– პოეტი, ღვთის წყალობით, უკვე ხარ, სხვა შენი თანამოკალმეებისაგან განსხვავებით, ადგილზე არ დგახარ, იზრდები, განათლების წყურვილი არ გეშრიტება.
თანამოკალმეებში კი იმათ გულისხმობს, რომელთაც თავში არ მოსდით რაღაც დიდს შეეჭიდონ და სურთ იმთავითვე მცირე განზრახვით წარმოქმნილი პატარპატარა (მდაბიურად: წიკომაკო) შემოქმედებითი ნაყოფები რაც შეიძლება მეტი პოპულარობისათვის გამოიყენონ, რაც შეიძლება მეტი გამოადნონ.
ამასთან, იმ პოეტებსაც გადაჰკრავს, მის თუ სხვათა მიერ მომზადებული პწკარედებით რომ თარგმნიდნენ, მაგრამ თავი ისე ეჭირათ, თითქოს პირდაპირ გერმანულიდან გადმოჰქონდათ რილკე იქნებოდა თუ სხვა დიდებული პოეტი.
რილკეს მთარგმნელთა ჯგუფის კრებაზე თამაზს უთქვამს: ქალბატონმა ნაირამ იმდენი ასწორა და ადარა ჩვენი თარგმანები დედანს, რედაქტორიც გამოდის და თანამთარგმნელიც და ასეც უნდა დაეწეროსო. და ძალიან გაუნაწყენებია ის მოყელყელავე მთარგმნელები.
ბარათში ეს ფაქტიცაა გახსენებული, და ამ სულიერი სიმაღლის ფონზე დაგმობილია სხვისი ღვაწლის მიჩქმალვისა და უკვალოდ წაშლის “ქართული ინსტინქტი”, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ვლინდება.
– როდესაც ევროპულ ენებზე დავიწყე წიგნების კითხვა, მახსოვს, ერთ უპირველეს, ყოვლად განსაცვიფრებელ აღმოჩენად მექცა მრავალ ავტორისეულ წინათქმაში გამოთქმული მადლიერება ყველას მიმართ, ვინც კი წიგნის დაწერას რაღაცნაირად შეეწია, დაწყებული მეუღლიდან და მეგობრებიდან, შინამოსამსახურით დამთავრებული. ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დამანახვა განსხვავება ჩვენსა და ევროპელებს შორის.
ამ ტკივილს – ცხადია, უმთავრესად გამოწვეულს სახელმწიფოებრიობადაკარგულ მიწა-წყალზე მორალის წახდენით და საქვეყნო აზროვნების შესუსტება-გაქრობით – მოსდევს გაკვირვება: რატომ არა გვაქვს მოთხოვნილება, საჯაროდ გადავუხადოთ მადლობა იმათ, ვინც რაიმე საქმეში დაგვეხმარა, საჯაროდ ვაღიაროთ, რომ ამ ადამიანთა თანადგომის გარეშე იმ საქმეს ან საერთოდ, ან ასე მალე ვერ შევასრულებდითო.
ვის-ვის და ნაირა გელაშვილს აქვს უფლება ამ გაკვირვებისაც და ამ დამუნათებისაც, რადგან თვითონ არასოდეს ავიწყდება მადლობის გადახდა იმ ადამიანებისადმი, რომელთაც მისთვის რითიმე გაუიოლებიათ შემოქმედებითი და საზოგადო მოღვაწეობა.
ბარათის მინაწერში აღნიშნულია, თუ როგორ მიაგნო დალიმ ერთ ახალგახსნილ, მყუდრო კაფეს, სახელწოდებით “პატარა ყვავილი”, შიგნით შესულს კი სწორედ ეს სიმღერა მოესმა, 23 წლის წინათ ასე ძვირფასი მისთვის, და ცრემლებიც წამოუვიდა. თამაზ ბაძაღუასთვის რომ უამბნია, ის მაშინვე მიმხვდარა: შეყვარებული იქნებოდი მაგ დროს და ამიტომაც ვეღარ დაგივიწყებიაო. და ახლა დალი სთავაზობს: ვესტუმროთ იმ კაფეს, თან შენი მწველი და მკვლელიც წამოიყვანეო.
წარმოსახვითი ბარათი დათარიღებულია 1988 წლის ოქტომბრით.
ჯერ წლისთავიც არ გასულა თამაზის, მისი “მწველისა და მკვლელის” და მათი პაწია ქალიშვილის საბედისწერო მგზავრობიდან, მაგრამ რომანის ფურცლებზე იგი კვლავ ცოცხალია და რაღაც დიდთან შესაჭიდებლად მზადმყოფი.
სიუჟეტის განვითარებაში აღარ მონაწილეობს, მაგრამ ეს ეპისტოლე ოდნავადაც არ ტოვებს ამოვარდნილის შთაბეჭდილებას – ის აუცილებელია ამ ეპიკური ქმნილების ზნეობრივი ატმოსფეროსათვის, მისი გარეთა ფონისთვის, როგორც სრულუფლებიანი დეტალი ვეება მოზაიკაზე.
ბოლოსდაბოლოს, განა რა აუცილებელი იქნებოდა მისი ჩადგმა ისედაც დიდტანიან წიგნში, განა ცალკე ვერ გამოაქვეყნებდა მემუარულ ჩანაწერად? თუნდაც სწორედ ამ ეპისტოლური ფორმით.
მაგრამ, რასაკვირველია, სულ სხვა მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ხდები არა მარტოდენ გახსენების გმირი, არამედ რომანის პერსონაჟი, თუნდ წამით ჩაქროლილი, მაგრამ კვალს კი ტოვებ და შენი სილუეტის გარეშე წარმოუდგენელია “პირველი ორი წრე და ყველა სხვა” – არაორდინარული მხატვრული ქმნილება.
…რაღაც უმცირესს შევალიეთ ჩვენი ძალებიო, – მწარედ განიცდიდა რილკე ამ ლექსში აღუსრულებელ ჩანაფიქრთა, გაფანტულ ოცნებათა, დაკარგულ იმედთა გაუნელებელ ტკივილს და ანგელოზის მოლანდებას მიდარაჯებული ებღაუჭებოდა ნაპერწკლის ყოველ გაელვებას:

ჩვენ, დიდი-დიდი ფხიზლები ვართ –
თუ ვაკვირდებით,
და გულაჩუყებულნი –
როდესაც ვტირით;
ვერვის აცდუნებს სამყაროში
ღიმილი ჩვენი,
და თუ აცდუნებს, ვინ გაჰყვება
ნეტავ ამ ღიმილს?

გერმანელი პოეტის განცდებში თავისი ტკივილი და ფიქრი შეერია თამაზ ბაძაღუას და აღარ გიკვირს, ასე წარმატებით როგორ მიახლოებოდა დედანს. ისიც ყვიროდა, ყვიროდა, ერთმანეთს უხათქუნებდა ორ ხეს და არ ეგონა, ქვეყანაზე თუ ვინმეს ესმოდა ეს ხათქუნი და მისი გამალებული გულისცემა.

ყვიროდა.
ქრებოდა.
და სიკვდილი უვსებდა ბაგეს.

წყარო: ლიტერატურული გაზეთი N 27, 28 მაისი – 10 ივნისი, 2010 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: