Posted by: burusi | 13/06/2010

ნესტან კვინიკაძე – “თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი!” (მიხეილ კობახიძე)

მიხეილ კობახიძე – Mikheil Kobakhidze

მიხეილ კობახიძე – Mikheil Kobakhidze (1939)

ნესტან კვინიკაძე – “თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი!” (მიხეილ კობახიძე)

მიშა კობახიძე სიყვარულის შესახებ

“1953 წელს გარდაიცვალა სტალინი. დასაფლავების დღეს, მამამ ქალაქ თბილისში, ბერიას მოედანზე, სამგლოვიარო მიტინგზე წამიყვანა. სამარისებური სიჩუმე იყო. ქვემოდან მამას – გერმანე კობახიძეს ავხედე. შემეშინდა. სხვებისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდია შლაპა. ამის გამო, შეეძლოთ ეცემათ ან დაეპატიმრებინათ. ქურთუკზე ჩამოვქაჩე და ვუთხარი: მამა შლაპა მოიხადე. მან კი მიპასუხა – მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შლაპით ვიდგე. ეს არავის გაუგია, არც შეუმჩნევია, რადგან იმ წუთიდან სხვა დრო დაიწყო”.

ევროპის რვეულიდან (1997) პარიზი

Mass meeting held at a factory in Leningrad after Stalin’s death, March, 1953

მიხეილ კობახიძე

2005 წლის იანვარი. პარიზი. მოქნილი, ახალგაზრდული ნაბიჯებით, ზურგჩანთამოკიდებული ისევ შეყვარებული მიუყვებოდა ლუქსემბურგის ბაღის კონტურებს… კუთხის კაფედან მიმტანები ალერსიანი ღიმილით ხვდებოდნენ. თავისი ფილმების მსგავსად, ყველაფრის მიუხედავად, სილაღე მაინც არ დაუკარგავს.

“ყველა ფილმი ჩემთვის პატარა ექსპერიმენტია. როცა ფილმს ვაკეთებ, მაყურებელზე არ ვფიქრობ, ხოლო როცა ფილმი შედგება და მაყურებლის წინაშე აღმოვჩნდები, ბუნებრივია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფილმმა მასზე გავლენა მოახდინოს, სიხარული მოუტანოს, დააფიქროს და აღაფრთოვანოს კიდეც. ერთადერთი, “ქორწილს” როცა ვიღებდი, განზრახული მქონდა ისეთი ფილმი გადამეღო, რომ ყველას მოწონებოდა, მიმეღო დიპლომი და ჩემთვის კინოსტუდიის კარი გაეღოთ. ახლაც კი მიკვირს, როგორ გავბედე და “ქორწილის” შემდეგ “ქოლგა” გადავიღე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო და თუ ვერ გავივლიდი, ამით დასრულდებოდა ჩემი კინემატოგრაფი, მაგრამ სწორედ ეს მხიბლავდა. ფილმს თავდაპირველად “წვიმა” ერქვა. ბოლოს, როცა მათ ქოლგა გაუფრინდათ, წვიმა დაიწყო და დარჩნენ უქოლგოდ. ამ დროს მესამე გმირი მოხტის წვიმაში, ქოლგით ხელში. დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს სცენა ზედმიწევნით ძლიერი იყო და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. მაგრამ დეკემბერი იყო, მსახიობებს ზაფხულის სამოსი ეცვათ და წვიმის გადაღება ვერ მოხერხდა. როცა რამე არ გამომდის, სწორ გამოსავალს სწორედ მაშინ ვპოულობ. თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ვიბნევი. ამ შემთხვევაში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და აზრი მომივიდა: ფინალში წვიმა სწორი არ იქნება იმიტომ, რომ წვიმას ქოლგა რეალურ სამყაროში გადაჰყავს და ჩვეულებრივ ქოლგად გარდაქმნის. ქოლგა კი სიმბოლოა. ხშირად უკითხავთ ჩემთვის “ქოლგა” რისი სიმბოლოაო. ქოლგის სიმბოლიკა ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი იმ ფილმს ნახულობს, რომელსაც საკუთარ ცნობიერებაში ქმნის.

როცა “ქოლგაზე” მუშაობა დავამთავრე, მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც არც დრო იქნებოდა და არც სივრცე. თან, ფილმში არც ერთი მსხვილი და საშუალო ხედი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი. შედეგი კი ის იყო, რომ ამ ფილმის შემდეგ დამდგმელ რეჟისორად მუშაობა ამიკრძალეს და ჩემს საქმეს 30 წლით ჩამოვშორდი”.

მიხეილ კობახიძე – "ქოლგა"; Mikheil Kobakhidze - "Qolga"

1967 წელს, როდესაც ეკრანებზე “მუსიკოსები” გამოვიდა, მაყურებელმა ფინალური კადრში სიმბოლური ვერაფერი შენიშნა.

არაფერი განსაკუთრებული: მსახიობები – გია ავალიშვილი და მიხეილ კობახიძე ცეკვით გადიან კადრიდან. რჩება თეთრი ფონი. სინამდვილეში კი მიშა კობახიძე კინოდან წავიდა.

დაიწყო… ემიგრანტული პოეზიის თუ სოლჟენიცენის პერიოდი, ჩინური მედიცინა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, მურაბების ფესტივალი, თაფლის კვირეული, კედელზე გაკრული ვარსკვლავების რუკა და ნახევრადპროფესიული ჭოგრიტიდან გალაქტიკის ჭვრეტა, ტიბეტი, ბიბლიის კითხვა, დებატები, იმხანად “აკრძალულ ხილთან” ზიარების დაუოკებელი სურვილი.

ასეთი რა ხანა იყო? ერთ დღეს, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებმა, მათ შორის მიშა კობახიძემ, თავიანთი ფილმები მოიკითხეს. პასუხი კი ერთობ ექსტრავაგანტული იყო: სახელმწიფოს ვერცხლი დასჭირდა და გადავადნეთო.

ეს ტყუილის ქვეყანა იყო.

დაიწყო ექსკლუზიური ექსპერიმენტები, მხოლოდ მისთვის.

“ჩვენ ბევრნი ვიყავით, დიდი ოჯახი. სად წავსულიყავი? ბავშვები სკოლაში არ მივაბარე. არ მინდოდა, საბჭოთა სკოლაში რომ ევლოთ. სახლში ვამეცადინებდი. ალბათ კარგადაც მოვიქეცი, სწორად ცხოვრება ისწავლეს. თერთმეტი წლის მანძილზე მიძახებდნენ და ციხით მემუქრებოდნენ, თუ ბავშვებს სკოლაში არ დავაბრუნებდი. მაინც არ ჩამსვეს ციხეში. ვმუშაობდი, ცოლი კერავდა. გავყიდეთ ყველაფერი: ავეჯი, ავტომობილი, სახლი”.

1981 წელს ც.კ.-ს პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ მიხეილ კობახიძე დაიბარა და უთხრა: “ოღონდ დაიწყე მუშაობა და რაც გინდა, ის გადაიღეო. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გადაიღო ანტისაბჭოთა ფილმი, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე?!”

თითქოს კინოსთან დაბრუნების სურვილი გაჩნდა. მაგრამ ანტისაბჭოთა ფილმს წინ ანტისაბჭოთა ნაბიჯმა გაუსწრო: საქართველოდან თვითმფრინავი სახელოვანი ოჯახის შვილებმა გაიტაცეს. მათ შორის იყო გეგა კობახიძე.

ხელმძღვანელობას 23-24 წლის ბიჭების შეეშინდა და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

გეგა კობახიძე

“ჩემთვის ეს იყო დასასრულის და თან ახლის დასაწყისის ნიშანი. ამ მოვლენის შემდეგ საბჭოთა კავშირში ისეთი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც აღარავინ დაუხვრეტია და რომელმაც, თავისი მოქმედებით, ფაქტობრივად, დაშალა ეს სისტემა.

ბიჭების დახვრეტის ფაქტი გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, რომ განაჩენი აღსრულდა, მაინც არ გვჯეროდა. ჩვენში იმედი ცოცხლობდა და ამ იმედს თვით უშიშროების სამსახური თესავდა.

ის ერთი სიტყვა, რომელიც მინდა ვთქვა, მარტო გეგას არ ეხება. მათ ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი არ გადააბრალა. ყველამ ყველაფერი თავის თავზე აიღო.

ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც იმ დღეს ბერიას მოედანზე არ დაუსჯიათ, ოცდაათი წლის შემდეგ სწორედ მის შვილიშვილს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.

ამ მოვლენამ ბევრი რამ შეცვალა და ბევრი დააფიქრა. ბოლოს ის დღეც დადგა, როდესაც ყველაფერი უნდა დაშლილიყო. ის, რაც სიმართლეზე არ არის აგებული, დიდხანს ვერ ძლებს. თვითმფრინავის გატაცების არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ საქართველოდან გაქცევა, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს უნდოდა. არადა, საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ იყო ადვილი. პირადად მე, საშუალება რომ მქონოდა, ახლობლებთან ერთად, დაუფიქრებლად გავიქცეოდი.”

კინოსგან ის უკვე ძალიან შორს იყო. მას არასოდეს აინტერესებდა საბჭოთა ან ანტისაბჭოთა კინო. “მინდოდა, საკუთარ თავში სიხარულის პოვნა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება.”

დღესასწაულებს, რომელსაც მიშა კობახიძე ახლობლებისთვის აწყობდა, დღემდე აჟიტირებულები იხსენებენ. თუმცა იქვე უმატებენ: საღამოს დასასრულს მიშა წასავლელად გაემზადებოდა ხოლმე. დაიხურავდა ქუდს და საოცრად სევდიანი გადიოდა. არავინ იცის, ასეთ დროს სად მიდიოდა. ამის თვითმხილველი არ არსებობს. თუმცა როგორც თავად აღნიშნა, მხიარულება ისევ მხიარულებით ხომ არ დასრულდებოდაო?!

და ერთ დღესაც, კვლავინდებურად მოწყენილი წავიდა… ამჯერად ყველამ იცოდა, სად. ახლა ის არამარტო კინოსგან, არამედ საქართველოდანაც შორს იყო. მიშა კობახიძე პარიზში აღმოჩნდა.

“დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, მაგრამ პარიზი ის ქალაქია რომელიც სულიერად მამშვიდებს. აი, დილას რომ გამოვალ და უცნობები მესალმებიან, ჩაგივლიან დერეფანში და უეცრად გაიგონებ: ბონჯოურს, მონსიეურ. ადამიანებს შორის კონტაქტი აქ უწყვეტია. მერე კაფეში შეხვალ, გაგიღიმებენ, შენც გაუღიმებ. ეს ძალიან ძლიერ აურას ქმნის. უკვე თავს ადამიანად გრძნობ.

იყო ასეთი შემთხვევა, ფეოდოსიაში ჩავედით, გადაღება გვქონდა. საჭმელი გამოგველია. ჩემმა დირექტორმა თქვა, ახლავე ვიპოვი ვინმესო. ვიღაც ქალი მოიყვანა. ასე თქვა, რესტორანის დირექტორია და ახლავე გაგვიღებს რესტორანსო. წამოვდექი და რევერანსით შევეგებე. უეცრად იმ ქალმა მომაძახა: Пошёл на хуй…

მერე ჩემი დირექტორი გამოვიდა და თქვა: იმ ქალმა მითხრა, ერთი კვირა წყალი არ ყოფილა და თეფშები ჭუჭყიანიაო.

აღარ მინდოდა არაფერი.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაში გავატარეთ და ბევრი ვიცინეთ, მაგრამ როცა ასეთ სისტემაში ცხოვრობ, როცა ყველა გიყურებს და ფიქრობს: ვინ ხარ, რა გინდა; ყველა გზომავს, გწონის, – ცოტა მძიმეა. აქ არავინ ერევა შენ საქმეში, ყველა გიღიმის და თუ რაღაც გაგიჭირდა, ცდილობენ დაგეხმარონ. რასაკვირველია, ადამიანური პრობლემები, რაც ყველას გვაღელვებს, აქაც არის.

მაგრამ ახლა, როცა ჩემს პროფესიასთან დაბრუნებას ვაპირებ, ჩემთვის აქ ცხოვრება მისაღებია. ვცდილობ, დადებითი ვიბრაცია დავიჭირო, ფორმა მივცე და სხვას მივაწოდო. მერე ვუყურო იმ სხვას, თუ როგორ გავლენას ახდენს მასზე ჩემი ნააზრევი.

ეს არის ჩემი თამაში. ეს არის ჩემი მსახიობობა, ჩემი თვითგამოხატვის სურვილი. არც გეგაზე და არც სხვა მოვლენებზე მისაუბრია ბევრი. უარყოფითი მოვლენების გახსენებაც კი არ მინდა. ვგრძნობ, ამით სხვას ძალიან ბევრს ვუშავებ. ისე, რაც უფრო ითმენ ტკივილს, უფრო მეტადაც გითანაგრძნობენ. შენ თუ გტკივა, სხვასაც ტკივა. შენ თუ ითმენ, სხვაც ითმენს. შენ თუ მაგარი ხარ, სხვები შენზე მაგრები არიან. ასეა ცხოვრება მოწყობილი”.

ოთხი თვის მანძილზე, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქების (რა თქმა უნდა, პარიზის ჩათვლით) კინოთეატრები უხმო და შავ-თეთრმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა დაიპყო. ეს მიშა კობახიძის ფილმები იყო, რომლებიც მაყურებელს აღაფრთოვანებდა. მოკლე ხანში, საქართველო სწორედ ამ რეჟისორთან ასოცირდებოდა.

“როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ზოგმა ნავთობი დაისაკუთრა, ზოგმა მდინარე. მე საკითხი დავაყენე, რომ ჩემი ფილმები გადმოეცათ. იმ ფილმების დასაკუთრება შევძელი, რაც ადრე სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამ ფილმების რეჟისორიც და პროდიუსერიც მე ვიყავი, ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდით.

ამან საშუალება მომცა, ფილმები ევროპაში გამეტანა და ფესტივალებზე მონაწილეობა მიმეღო, იმის მიუხედავად, რომ დღეს ცოცხალი არავის ვგონივარ.

პარიზში ცხოვრების დაწყება სულაც არ არის ძნელი. უბრალოდ, იმაზე უნდა იფიქრო, თუ რისი გაკეთება შეგიძლია. ვიღაცას ცხელი შოკოლადის კეთება შეუძლია, ვიღაცას ლექციის წაკითხვა ეხერხება… აქ ყველა პროფესია დაფასებულია, სჭირდებათ და გზა ყველგან ხსნილია. თუ ღრმად გწამს და გინდა ამ საქმის კეთება, შეძლებ. თავისუფლება გაძლევს ამის საშუალებას”.

“ახლა აქ ვარ. პარიზს ჩემი შექება არ სჭირდება. ჩემი თვალით დანახული პარიზი საოცრებაა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ამოხსნი, ისევე, როგორც ცხოვრებას. ჩვენ ერთ გარკვეულ განზომილებაში ვართ, სხვა განზომილება ჩვენთვის დაკეტილია. ერთეულებისთვის შეიძლება მეორე და მესამე განზომილება გახსნილი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მათთვისაც დიდი საიდუმლოება იწყება, როდესაც იმ დონეს მიაღწევენ, რომლის მიღმა გაღწევის უნარიც აღარ შესწევთ. ხანდახან მიკვირს, როგორ იტევს ეს ქალაქი ამდენს. თბილისი ძალიან ეშხიანი, მომხიბვლელი ქალაქია, მაგრამ დღეს იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩანაფიქრს ვერ განახორციელებ. მგონი, უბრალოდ, ასეთი პერიოდია.

ჯერ გასარკვევია ვინ ვართ: ევროპელები, აზიელები? სუფრებზე ყოველთვის ზურნა-დუდუკი იყო, აღმოსავლური რიტმების ფონზე მიდიოდა ქეიფი. იქ რეგტაიმს და ჯაზსს არავინ უკრავდა. ქვეცნობიერში აღმოსავლური და აზიური ჭარბობს. გონებით, მაინც ევროპისკენ მივილტვით.

რთული რეგიონია: არც იქით ხარ, არც აქეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის რთული იქნება იმის მიღწევა, რაც აქ უკვე მიღწეულია. იმედი მაინც მაქვს, რომ დიდი სიკეთე უნდა დატრიალდეს, თუ სიძულვილი არ გადაწონის. სამყაროში უარყოფითიც არის და დადებითიც. მთავარია, შენ რომელს აგროვებ და რომელს გადასცემ.

ერთი რამ აღმოვაჩინე – საქართველო აქედან უფრო მიყვარს და გადავწყიტე, აქ ვიყო და უფრო მიყვარდეს”.

“რაც შეეხება აქაურ ქალებს… აქაური ქალი ისე იცვამს, რომ სურვილი აქვს თავისი ყველაზე მიმზიდველი მხარე წარმოაჩინოს, და ეს ლამაზია. ამის უკან ხედავ ადამიანს, რომელიც გიზიდავს თავისი სურვილით, რომ დადებითი მხარე დაგანახოს. სიამოვნებას განიჭებს სრულიად უცხო ადამიანი. რაღა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაეკიდო: ერთი დღით ვარ ჩამოსული და უარი არ მითხრა.

აქ მარტო ქალაქი კი არა, ხალხიც ლამაზია. ლამაზია, როგორ იღიმის, როგორ ლაპარაკობს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქალები აკონტროლებენ თავიანთ თავს, მაგრამ ისე ბუნებრივად, რომ ვერც იგრძნობ. თავი ისე უჭირავთ, რომ ამაში სიყალბეს ვერ შეამჩნევ. ეს ბუნებიდან გამომდინარეა, ამის სწავლა შეუძლებელია. პარიზში ასეთები იბადებიან.

ჩვენთან ეს სულ სხვანაირად არის. ისტორიულად, ქალი დამალული, შენიღბული იყო. როცა თავისუფლების ხანა დადგა და ქალმა თავისი თქვა, აღმოჩნდა, რომ თურმე მას შეუძლია მუშაობა. მამაკაცები კი ქაოსში აღმოჩნდნენ: 70 წლიანი უზრუნველი ცხოვრება უკვალოდ გაქრა. დაჯდა და დაიწყო სმა. ეს კი აბსოლუტურად სხვა სამყაროა”.

გავიდა დრო. მიშა კობახიძე ისევ დაუბრუნდა კინოს.

“ჩემგან ახალ ფილმს ელოდნენ და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ საფრანგეთიდან ისევ ძველი ფილმებით ჩამოვიდოდი და მათ ჩევნებას გავბედავდი: ხუთი მოკლემეტრაჟიანი, აქედან ორი ინსტიტუტში გადაღებული და ერთი პატარა, რომელიც საფრანგეთში გადავიღე. ეს არის და ეს, რაც შევქმენი და წარმოვადგინე, როგორც ერთი ფილმი. იმიტომ გავაერთიანე, რომ მეჩვენებინა გზა, რომელიც გავიარე. ბოლო ფილმი “გზა”, რომელიც ჩემთვის ექსპერიმენტია, სიზმრის ფორმა აქვს. ეს არ არის ჩვენი რეალობა, ხოლო განცდა, რომელიც მას მოაქვს, ჩვენი რეალობისა და სიზმრის დამაკავშირებელია. სიზმარი სხვა რეალობაა, მხოლოდ უნდა შეაღო ის კარი, რომელსაც იქ შეყავხარ. თუ იმ კარის შეღების გეშინია და ამ რეალობას ებღაუჭები, უსუსური ხდები. ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, შევაღოთ კარი, რომელსაც სხვა რეალობაში შევყავართ.

“გზაზე”, მიხეილ კობახიძე; Mikheil Kobakhidze

ამჟამად ორი პროექტი მაქვს: ერთი – ხუთი ნოველისაგან შემდგარი სრულმეტრაჟიანი ფილმი; მეორე – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “როგორც ღრუბელი”, რომელიც უკვე რამდენიმე კონკურსშია გამარჯვებული და ნაწილობრივ დაფინანსებულია კიდეც. თუ ეს მოხერხდა, შეიძლება ამით დავასრულო. მერე წავალ სადმე, სიმშვიდეში, დავჯდები და ვიქნები ჩემთვის”.

“ჩემი ფიზიკური სხეული მაგრძნობინებს, რომ დრო გადის, მაგრამ სული სხვაა. ის არც ახალგაზრდაა და არც მოხუცებული. ასევე ღრმად მწამს, რომ არ შეიძლება ადამიანი ქრებოდეს, არსაიდან მოდიოდეს და არსაით მიდიოდეს. უბრალოდ, ამ რეალობიდან სხვაში გადასვლის დრო დგება. რაც შეეხება მარადიულ ახალგაზრდობას, შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი! ამაში ხელს არავინ გიშლის და არც არავითარი ვარჯიშებია საჭირო”.

იქაც, პარიზში, საუცხოო ამბებს რომ გვითხრობდა კეთილი ჯადოქარივით, მთავარია იმოქმედოო – თქვა ბოლოს და ქურთუკი მოიცვა. წასვლისას მოწყენილი ჩანდა. მხიარულება მხიარულებით ხომ არასოდეს მთავრდება.

მიდის მონმარტრის ქუჩაზე. ქოლგა გაფრენილია, ქორწილი – ჩაშლილი, მაგრამ ის მაინც ბედნიერია, რადგან სულია გაახალგაზრდავებული.

წყარო: http://www.shokoladi.ge
1 February, 2005


Responses

  1. საინტერესო ადამიანი ჩანს

  2. Me bednieri var rom maqvs sashualeba aset adamiantan urtiertobis, veraperi sheedreba imas rom ici universitetshi mixval da iq misha kobaxidze dagzvdeba


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: