Posted by: burusi | 12/06/2010

თენგიზ ვერულავა – “იმედის დასასრულით იწყება სიმშვიდე” (ანტონიონის “წითელი უდაბნო”)

Red Desert (Il deserto rosso), 1964

მიქელანჯელო ანტონიონი – Michelangelo Antonioni

მონიკა ვიტი – Monica Vitti (1931)

თენგიზ ვერულავა -Tengiz Verulava

თენგიზ ვერულავა – “იმედის დასასრულით იწყება სიმშვიდე” (ანტონიონის “წითელი უდაბნო”)

ცხოვრება წითელი უდაბნოა – ისეთივე ცხელი, არსებობისთვის უვარგისი და ცარიელი. არსებულ გარემოსთან რაიმე ფორმით ადაპტირების მცდელობა მაინც განწირულია დამარცხებისათვის. ადამიანი, რომელსაც მკაცრი და ვერაგული გარემოს შიში აქვს, იმ გარემოს, სადაც ყველა ერთმანეთის მიმართ შეუწყნარებელი სისასტიკით მოქმედებენ, შეუძლებელია შეიცვალოს და ამ ცვლილებით უპასუხოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს, მოერგოს საჭიროებებს, შეეწყოს სამყაროს.

სამყარო ვერაგულია. ეს ერთადერთი პასუხია და სწორედ ეს უნდა მიიღო როგორც შეუცვლელი მოცემულობა. ამ მიღებით სრულდება იმედის ინფანტილური მაძიებლობა თუ ლოდინი, მაგრამ იმედის დასასრულით იწყება სიმშვიდე…

Red Desert (Il deserto rosso), 1964

ფილმით “წითელი უდაბნო” მიქელანჯელო ანტონიონიმ დაასრულა “არაკომუნიკაბელურობის ტეტრალოგია”, რომელიც 1959 წელს დაიწყო. კინოსურათს, რომელსაც ეპოქალური უწოდეს კინოკრიტიკოსებმა, ისეთივე საერთაშორისო წარმატება ჰქონდა როგორც ტეტრალოგიის წინა სამ ფილმს: “თავგადასავალი” (L’Avventura, 1960), “ღამე” (La Notte, 1961), და “დაბნელება” (L’Eclisse, 1962). “წითელი უდაბნო” 1964 წელს ვენეციის XXV საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს ლომით დაჯილდოვდა.

“წითელი უდაბნო” სულიერი სიცარიელის, გაუცხოების მეტაფორული პორტრეტია. ინდუსტრიულ თუ ტექნოკრატიულ ეპოქაში დაირღვა ადამიანებს შორის ადამიანური ურთიერთობის ტრადიციული ფორმები, ახალი კი ვერ გამოინახა. ადამიანი გაუცხოვდა საკუთარი თავის და გარემოს მიმართ, მისი სული “ტექნიცისტური”, მანქანური გახდა. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ დაკარგეს საურთიერთობო ენაც კი, შედეგად იგი გამარტოხელდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა.

ტეტრალოგიამ რეჟისორს “არაკომუნიკაბელურობის პოეტის” სახელი დაუმკვიდრა. არაკომუნიკაბელურობას რეჟისორი გადმოგვცემს ხან ბურუსით – პირველი ფილმი ბურუსის ეპიზოდით მთავრდება, რომელშიც ჩაიკარგება ანა (“თავგადასავალი”), ხან სიუჟეტით – “დაბნელების” გმირი ვერა და ვერ შეხვდება, ხოლო “ღამის” გმირი ქალაქში სეირნობისას ვერაფერს ვერ პოულობს, ხან მეტაფორული ფერებით და ინდუსტრიული ეპოქის უჩვეულო ხმებით.

რეჟისორმა ფილმის გადაღება ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ რავენის ინდუსტრიული გარეუბნების მონახულების შემდეგ გადაწყვიტა, სადაც იხილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენებული ახალი ქარხნები, უახლესი სამრეწველო მანქანა-მოწყობილობები და ხეობის დაბინძურებული მდინარეები. ეს სრულიად სხვა, გარდაქმნილი სამყაროა, ჩვეული თეთრი ბოლით და ნისლით, ინდუსტრიული ხმებით, საყვირებიანი გემით, ელექტრონული მუსიკით.

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

ფილმის დასაწყისში საგნები ყვითელი ფერის ნისლშია გახვეული. ასეთი ფერის ნისლი სამრეწველო ქალაქებმა იცის – ნაცრისფერი ქარხნებით, ცათამბჯენი მილებით. ასეთ ქალაქში წვიმაც ნაცრისფერია, ქარხნის მუშებიც, გზაც, ცაც და შენობებიც (სამუშაო ვარიანტში სცენარის სახელწოდება იყო “ცა ლურჯი და მწვანე”). ამ ერთფეროვან ნაცრისფერში უცხოდ, თითქოს გამონაკლისია, გამოჩნდება ნათელი მწვანე ფერის ქურთუკიანი ქალი, იმავე ნაცრისფერ გზაზე ფეხით მომავალი და წითელი ფერის პალტოში გამოწყობილი ვაჟი. ეს რეჟისორის პირველი მინიშნებაა ფილმის მთავარი გმირის ჯულიანას (ანტონიონის მუზა მონიკა ვიტი) გაუცხოებაზე, თითქოს იგი განცალკევებით დგას მის ირგვლივ არსებული მოღუშული, უსასოო, ერთფეროვანი სამყაროსგან.

ქარხანასთან გაფიცული მუშების ხმები ისმის. ჯულიანა შეამჩნევს, რომ ერთ-ერთი მუშა საკვებს მიირთმევს. ინსტინქტურად შიმშილის გრძნობა უჩნდება და უცნობს სთხოვს მიყიდოს ნახევრადშეჭმული სენდვიჩი.

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

ჯულიანას გაუცხოება, ნერვული აშლილობა, სულიერი არამდგრადობა რეალურ სამყაროსთან, მის მობინადრეებთან შეხების წერტილის არარსებობის შედეგია. მისთვის მიუღებელია ტექნიციზმით გაჭუჭყიანებული, ნაცრისფერი სამყარო. მისი სულის სიცარიელე ისეთივე ნაცრისფერია, როგორც სამრეწველო ქალაქის პეიზაჟი.

ჯულიანა შვილთან და მეუღლესთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში, რავენაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, იგი ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რის შედეგად რამდენიმე ხნით მოწყდა რეალობას, უკან დაბრუნებას და გარემოსთან ინტეგრაციას კი ვერაფრით ახერხებს. მას შემდეგ ყველაფრის მიმართ შიშს განიცდის. ეშინია ადამიანების, შენობების, ხეების. ნერვული სტრესში მყოფმა თვითმკვლელობაც სცადა, რისთვისაც საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯულიანას მეუღლე უგო (კარლო ჩიონეტიi) ელექტროენერგიის მწარმოებელი ქარხნის მენეჯერია. რავენაში ბიზნესის დასაწყებად უგოს მეგობარი ინჟინერი კორადო ზელლერი (რიჩარდ ჰარისი) ჩამოდის. კორადო დაინტერესებულია საერთაშორისო სამრეწველო პროექტისათვის სპეციალისტების მოძიებაში. უგო კორადოსთან საუბარში ავტოავარიის შემდეგ ჯულიანას არაადექვატურ ქცევაზე გამოთქვამს შეშფოთებას.

კორადოს ხიბლავს მგრძნობიარე და იდუმალებით მოცული ჯულიანა. თვითონაც მარტოსულია და სურს ჯულიანასთან ერთად თავისი გაუცხოება გააქარწყლოს. ჯულიანა კორადოს მეშვეობით ცდილობს კითხვებზე პასუხის გაცემას. შესაძლოა კორადოს უფრო გულთან მიაქვს ჯულიანას პრობლემები, ვიდრე უგოს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. კორადო ჯულიანას კითხვებზე გულგრილად და მარტივად პასუხობს, რომ ადამიანებმა თავადაც არ იციან რა დაიჯერონ. შესაძლოა სჯეროდეთ ადამიანის, ცოტა ნაკლებად სამართლიანობის, ცოტა მეტი პროგრესის, ან სოციალიზმის, მაგრამ მთავარია აკეთო ის რაც შენთვის და სხვებისთვის თავად მიგაჩნია სწორად და ამავე დროს, სინდისი გქონდეს სუფთა.

ჯულიანას ვერაფერს შველის კორადოს ერთი შეხედვით მარტივი პასუხები. სირთულე ჯულიანას შინაგანი სამყაროს გახლეჩილობაშია. კორადოსგან განსხვავებით მას არ აქვს მარტივი პასუხები: რა ჩათვალოს სწორა და რა არა. იგი დაბნეულია. მასში ერთდროულად ვლინდება შიში, მარტოობა და ლტოლვა სამყაროს სიყვარულისაკენ. მაგრამ გრძნობს ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარების უუნარობას და თანაგრძნობის არარსებობას.

ჯულიანა ეძებს მიზეზებს, მაგრამ ეს ძიება უფრო აღრმავებს ფსიქიურ ტრავმას. ძიება მისდაუნებურად საკუთარი გაუცხოების ხელსაყრელი ალიბი ხდება. მეტიც, მიზეზის ძიება ფსიქიური აშლილობის სხვა უფრო მძიმე ფორმების ხელშემწყობ მიზეზად იქცევა. ასეთი ადამიანი ცდილობს თავი დააღწიოს სამყაროსთან გათიშულობას, იტანჯება, ეძებს შველას ყველგან და ამავე დროს ისევ მოლოდინით ცხოვრობს. ეს მოლოდინია მისი ალიბი. ამ მოლოდინით ერთგული ძაღლივით მიჰყვება თავის კომპლექსებს, რომლებიც მისი სულის ნაწილები და ცხოვრების მეგზურები გახდნენ. მოლოდინი იმისა, რომ მომავალში რაიმე შეიცვლება უფრო ამყარებს სამყაროსგან მოწყვეტის სულიერ მდგომარეობას და აიძულებს საბოლოოდ მივიდეს უკიდურეს წერტილამდე, რომლის იქით არაფერი რჩება თვითმკვლელობის გარდა. ასეთი ადამიანი ყველა გარემოში, ყველა სიტუაციაში ახდენს საკუთარი მარტოობის და სულიერი გახლეჩილობის პროეცირებას.

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

ჯულიანა ვერასოდეს მოიცილებს ნეგატიური ფსიქიკის კომპლექსს. მას შეუძლია დაფაროს რეალობა, რადგან მისი ეგზისტენციალური პრობლემებით შენიღბვის უნარი აქვს. ეგზისტენციალურ შენიღბვას კი საზოგადოება უმტკივნეულად ღებულობს და ნორმალურადაც ჩათვლის. ნეგატიური ფსიქიკით შეპყრობილი ნებისმიერი ადამიანი ცდილობს თავისი ქცევა გამოსახოს როგორც სასიცოცხლო და ფუნქციონალური, მაგრამ არ შეუძლია საგნების შინაგანი ბუნების ინსტინქტური გაცნობიერება.

სამყაროსგან მოწყვეტა, სულიერი მარტოობა თანდათანობით პიროვნული ხასიათის ფორმას იძენს, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებზე ჩვეულებრივ რეაქციად იქცევა. ასეთი მდგომარეობის მიზეზები უნდა ეძიო ხასიათის თავისებურებებში, ან თუნდაც იმაში, თუ რამ განაპირობა ასეთი ხასიათის ფორმირება. ხოლო თუ მოიძიებ, საკუთარ თავს დაუსვი კითხვა, რა ვუყო ასეთ ხასიათს. შესაძლებელია, დაგმო, არ მიიღო, ან გვერდი აუქციო, რითაც გამოხატო უარყოფა, შესაძლებელია მიანიშნო გარე ფაქტორებზე, რომ გყავს ოჯახი, ბავშვი, მაგრამ ეს მაინც არაფერს ცვლის.

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

შესაძლოა ჯულიანამ ისწავლოს, თუ რატომ უნდა იცხოვროს, გარე სამყაროც შეიყვაროს. როგორი რეაგირება ექნება ამაზე დაბრუნებულ სამყაროს? იგი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ დაბრუნებული სამყაროსათვის მაინდამაინც განსაკუთრებულ საჭიროებას არ წარმოადგენს, უფრო უარესიც, შეიძლება ითქვას, სამყაროს საერთოდაც არ სჭირდება. მაშინ რაღა აზრი აქვს სამყაროს სიყვარულის სწავლას, შეგუების მცდელობას? დარჩეს იქ, სადაც არის.
მაგრამ მას ძალიან სურს გაიგოს. რაღაცის გამო ძალიან უნდა სამყაროს შეყვარება…

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

ჯულიანა ცდილობს ოჯახში, სიყვარულში, დედობაში იპოვოს ხსნა, მაგრამ მეუღლეს მისი კომპლექსების შიში აქვს, შვილი კი, როგორც თავადაც ჰგონია, გულგრილია მისდამი. ჯულიანა შეეცდება კორადოს სახით ახალი სიყვარული იპოვოს, მაგრამ ისიც იმ შემაშინებელი გარემოს ნაწილად ეჩვენება და წამიერად ამოხეთქილი ვნება, ისე ჩქარა ქრება, რომ არაფერს ტოვებს, გარდა იმედგაცრუებისა და კიდევ უფრო სიმარტოვისა.

როდესაც სულიერი მარტოობა თანხვდება გარე სამყაროდან მიზანმიმართულ წასვლას, არსებობის ასეთი ფორმა, ხშირ შემთხვევებში, გარშემომყოფებში განსაკუთრებულ თანაგანცდას არ განაპირობებს. როგორც წესი, საზოგადოება სრულიად აპათიურია გარიყულთა მიმართ. პირიქით, ცდილობენ თავიანთი ფსიქიკიდან თანამიმდევრულად გამოდევნონ ყველაფერი, რაც ასე თუ ისე ასეთ პიროვნებას შეახსენებს, ან მისი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენასთან ასოცირდება. ამ შემთხვევაში, არც განსაკუთრებული პრეტენზიები არ უნდა გქონდეს – რაც გინდოდა, რისკენაც ისწრაფვოდი ის მიიღე და დარჩი იქ სადაც თავად გსურს ყოფნა. საუბარი თანაგრძნობაზე, სინანულზე სრულიად ზედმეტია და არცაა საჭირო, რადგან ასეთი სახის თანაგრძნობა ამ სიტუაციაში საერთოდ შეუძლებელია.

ერთადერთი არსება ვისთანაც ჯულიანას შეუძლია ურთიერთობა – მისი პატარა ვაჟიშვილია – ვალერიო. ჯულიანა შვილს უყვება საოცარ კუნძულზე, სადაც ცხოვრობს ყმაწვილი გოგონა და სადაც კლდეები მღერიან. ერთ საღამოს ჯულიანა სანაპიროსკენ გაემართება და ერთ-ერთი გემის მუშას სთხოვს წაიყვანოს აქედან, მაგრამ უცნობს არ ესმის მისი – ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ზღვის გაუდაბურებულ ნაპირზე გაქცევის სურვილი სხვა არაფერია თუ არა შინაგანი დეპრესიის დაფარვის მცდელობა, მოლოდინი, რომელიც უფრო აძლიერებს სამყაროსგან გაუცხოების მონსტრს.

Red Desert (Il deserto rosso), 1964

ყმაწვილობის ასაკში ფსიქიკური რიგიდულობა, ნეგატიური ფსიქიური კომპლექსი ჯერ კიდევ პატარა ნავია. ამ პატარა ნავით ნეგატიური ფსიქიკის ნიშნები უკვე გაშვებულია ცხოვრების დიდ ზღვაზე და ფსიქიკის სემანტიკური ველების მეშვეობით თანდათანობით, ასაკთან ერთად იზრდება სნება. ნეგატიური ფსიქიკა შენთან ერთად ვითარდება, იგი შენია, საკუთარი, შენი სხეულის და სულის მუდმივი თანამგზავრი. შემდეგ, როდესაც ასაკი მიაღწევს 30-ს, 35-ს, ერთ დროს პატარა ნავი იქცევა გემად, უზარმაზარ ხომალდად, რომელიც მთლიანად ჟანგითაა დაფარული. გაუცხოების ჟანგი ჭამს სულს და აძველებს. ნაწილ-ნაწილ იხლიჩება და სიძველისაგან დაზიანებულ გემს უკვე არაფერი შველის.

როდესაც ჯულიანა უზარმაზარი ხომალდის გემბანზე ადის და უცნობს აქედან წასვლას სთხოვს, წარმოიქმნება ენობრივი გათიშულობა: კომპლექსი-მონსტრი, რომლის მსხვერპლიც თავად იქცა საკუთარ სულიერ სამყაროში. ამასთან ეს კომპლექსი იმდენად მოძლიერდა, რომ არამარტო მისი გადაყლაპვა შეუძლია, არამედ ნეგატიურმა ფსიქიკამ სრული გაუცხოების ფორმაც მიიღო. ეს უკვე აღარაა ის ხმა, რაც ბავშვობაში საყვირის ტკილხმოვან სიმღერად ჩაესმოდა, აქ არ მღერიან კლდეები, აქ არც თეთრ ქვიშაა, არც უსაზღვროდ გამჭვირვალე ოკეანე, არც უცნობი ქვეყნიდან მოსული იალქნიანი ნავი. ერთ დროს საოცნებო ფერებში შეფუთული ზღაპრისაგან დარჩა ჟანგიანი სიყრუე, სიმუნჯე. სიტყვასაც აღარ აქვს აზრი, რადგან გაუცხოების ჟანგმა მეტყველებაც დაამახინჯა, ისე რომ შენი არავის ესმის. სამყაროსაგან მოწყვეტამ და საკუთარ ბუნაგში ჩაკეტვამ კი სრულიად გადაგავიწყა გარშემომყოფთა ენა, ისე რომ არც შენ გესმის სხვისი…

ფილმში ფერს ისეთივე დრამატურგიული დატვირთვა აქვს, როგორც სიუჟეტს, ხმებს. ეს იყო რეჟისორის პირველი ფერადი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ანტონიონიმ გამოიყენა ტელეფოტო ლინზების ეფექტი. კინოსურათში ფერები ისეთი ფერწერული სიზუსტითაა განაწილებული, რომ ამას მხატვრის ინტუიციის გარეშე მხოლოდ კინორეჟისორი ნაკლებად შეძლებდა.

ანტონიონის სურვილი იყო არა არსებული ფერადი რეალობის ფოტოგრაფიული, ბრმად კოპირება, არამედ ფერებთან მხატვარივით მუშაობა. იგი წერდა: “მე მინდა დავხატო ფილმი ისევე როგორც მხატვრები საღებავებით ხატავენ ტილოზე. მსურს მივაღწიო ფერთა ურთიერთშეხამებას და არ შევზღუდო საკუთარი თავი მხოლოდ ბუნებრივი ფერების ფოტოგრაფირებით”.

ამ მიზნით, ანტონიონი გადამღებ ჯგუფთან ერთად ღებავდა ქუჩების შესახვევებს, ფერს უცვლიდა პეიზაჟს, ნაცრისფერ ან მოთეთრო ფერად ღებავდა ბალახებს, ხეებს, მისი ბროწეულები თეთრი ფერის იყო.

ტონინო გუერა წერდა: “წითელი უდაბნო მსოფლიოში ერთადერთი ნამდვილი ფერადი ფილმია. ადრე სკეპტიკურად ვუყურებდი იმას, რომ ანტონიონი ღებავდა ქუჩების შესახვევებს, სადაც გადაღებები მომდინარეობდა… ეს მაშინ უცნაურად მეჩვენებოდა. რამდენი წელი ვიცხოვრე, რომ ფერთან მუშაობის ამ უნიკალურობას მივმხვდარიყავი!”

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

ფილმში ფერები უფრო მეტს მეტყველებენ, ვიდრე დიალოგები. ფერი რეჟისორს სჭირდება ჯულიანას ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად, რაც ინოვაციურადაა გადაწყვეტილი.
წითელ ფერს, როგორც სიყვარულისა და მრისხანების ფერს, რეჟისორი ეროტიულ სცენებში იყენებს. წითელი ფერისაა საწოლი, რომელზეც წვანან ჯულიანა და კორადო. ხოლო იგივე საწოლი საკუთარი მეუღლის სახლში – ცივი, მკრთალი ცისფერი ფერისაა, რაც სევდის, მელანქოლიის, დეპრესიის, გაუცხოების სიმბოლოა.

კორადოსთან სასიყვარულო ღამის შემდეგ გამოღვიძებული ჯულიანა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სასტუმრო ოთახის თეთრი კედლები ვარდისფერად შეცვლილა – სწორედ ამ ფერის იყო იმ კუნძულის ქვიშა, რომელზეც ასე გატაცებით უამბობდა ვაჟიშვილს.

ყვითელი ფერი გამოსახავს ჯულიანას სულიერ ტანჯვას. ყვითელი ფერისაა ქარხნებისგან გამონაბოლქვი მომწამვლელი კვამლი და გემის დროშა, რომელზეც ავადმყოფი მეზღვაურები იმყოფებიან.

ფილმის ყოველი კადრი სიმბოლიზმითაა სავსე. ეს ეხება არამარტო ვიზუალურ გაფორმებას, არამედ უჩვეულო გახმოვანებას. ფილმს საერთოდ არ გასდევს მუსიკა, მაგრამ მას ცვლის ინდუსტრიული სამყაროს ჩვეული სახეების, გემების საყვირების, ჩაქუჩების, აგრეთვე არაბუნებრივი, გამოუცნობი წარმოშობის ლითონის იდუმალი ხმები. იგივე შეიძლება ითქვას კედლებზე, როგორც გათიშულობის, გახლეჩვის, განცალკევების სიმბოლოზე, რომელიც გაიძულებს შენს ნაჭუჭში ჩაიკეტო და მარტოსულად იგრძნო თავი და სავსებით ამაოა ვინმესთან კონტაქტის დამყარების მცდელობა.

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964

ფილმის ლოგიკური მოთხოვნილებაა სიკვდილისკენ სწრაფვა, თვითმკვლელობა, თუმცა, რეჟისორმა ნეგატიური ფსიქიკი შიგნით მიმდინარე შეუწყვეტელ თვითმკვლელობას არ დაუსვა საბოლოო წერტილი.

ფილმის დასასრულს კითხვაზე “რატომ დარჩა ყველაფერი ისე, როგორც იყო?” ჯულიანა თავადვე პასუხობს: როდესაც შვილს ქარხნებიდან გამონაბოლქვ შხამიან კვალზე მიანიშნებს, იგი შენიშნავს, რომ ჩიტები, ადამიანებისგან განსხვავებით, მშვენივრად შეეწყვნენ სამყაროს და ცდილობენ თავი დააღწიონ იმას, რაც დამღუპველია მათთვის.

ამ სამყაროს თავისებური სილამაზე აქვს, სადაც შესაძლოა ვერ იხილო შენთვის სასურველი გარემო, ხეებით, მწვანე ფოთლებით… სამყარო შეუწყნარებელია, ცხელი, წითელი უდაბნოა და ა.შ. და ა.შ. ეპითეტები და მეტაფორები უსრულია. შეგვიძლია გავაგრძელოთ “შავი კვადრატის” ხატვა, რომელსაც მთელი სიცოცხლე რომ მიშტერებით უყურო, მაინც ვერ აღმოაჩინო სინათლის ნაპერწკლები (როგორც ეს მალევიჩს წარმოედგინა). ან ხანგრძლივად მიაშტერდე, ისე როგორც ანტონიონის ფილმში “ზაბრისკი პოინტი” დარია გაჰყურებს თავისი შეფის ვილას და საკუთარ წარმოსახვაში აფეთქებს ტექნიციზირებული საზოგადოების მიერ შექმნილ იმ საგნებს რომელსაც მოაქვს გაუცხოება, შიში.

ადამიანს ადრე თუ გვიან მოუწევს შეგუება ამ უჩვეულო სამყაროსთან. ჯულიანას მეუღლე და შვილი სრულიად კარგად გრძნობენ თავს ამ გარემოში: ვალერიოს საყვარელი სათამაშოა რობოტი, რომელთანაც მყარადაც კი გრძნობს თავს.

Red Desert (Il deserto rosso), 1964

ერთ-ერთ ინტერვიუში ანტონიონი ამბობდა: “მარტივია იმის თქმა, რომ მე ვგმობ ინდუსტრიულ სამყაროს ადამიანური სახის გარეშე. თავისთავად ცხადია, ასეთი სამყარო ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანზე და განაპირობებენ ნერვულ აშლილობებს. ჩემი სურვილი იყო მეჩვენებინა ინდუსტრიული სამყაროს პოეზია, სადაც ქარხნებიც შეიძლება აღქმულ იქნას როგორც მშვენიერება. ქარხნების სწორი და მრუდე მილები შესაძლოა უფრო ლამაზი აღმოჩნდეს, ვიდრე შეფოთლილ ხეთა სილუეტები. ეს მდიდარი სამყაროა, ცოცხალი და სარგებლიანი… შევეცადე ფილმში გადმომეცა ასეთ სამყაროსთან მორგება, თანშეწყობა. არიან ადამიანები, რომლებიც სამყაროს ეწყობიან, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ვერ ახერხებენ ადაპტირებას… ჯულიანას მხოლოდ ორი გზა აქვს, ან სამყაროსთან შეგუება, რითაც დაძლევს ავადმყოფობას, ან შეუგუებლობა”.

… და ბოლოს, იმედის დასასრულით იწყება სიმშვიდე…

Monica Vitti - Red Desert (Il deserto rosso), 1964


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: