Posted by: burusi | 06/06/2010

აკა მორჩილაძე – “პირადი ენციკლოპედია, საოცარი რეცეპტი”

აკა მორჩილაძე - Aka Morchiladze

აკა მორჩილაძე – Aka Morchiladze (1966)

“პირადი ენციკლოპედია, საოცარი რეცეპტი”

ძველ ჟურნალებში ქექვისას, ერთ საინტერესო და განუმეორებელ რეცეპტს მივაგენი. ქალთა კრემებსა და პარფიუმერიაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ახლა კი დავინტერესდი, რისგან მზადდება ეს კრემები და რამე რუმეები?

რეცეპტს, რომელიც შემიძლია 1959 წლით დავათარიღო, ჰქვია “სახეზე ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო მალამო ნომერი ერთი”.

ჩემი აზრით, ეს კრემი, რომელიც იმდროინდელი საბჭოთა გულუბრყვილობით, ანდა ასკეტურობით მალამოდ იწოდება, რათა ადამიანმა იფიქროს, ვმკურნალობ და არა ვლამაზდებიო, ხნოვანებით საუკუნეებს გადასწვდება.

ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქალთათვის, რომელნიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ისე იოლადაა, როგორც კინოში, ანდა უფრო მეტიც, რეკლამაში. ამოიკვნესე, თვალი ჩაგვიკარი, კბილი გაგვიბრჭყვიალე, ფეხი გაგვიწელე ისე, როგორც ანი ჟირარდო წელავს “როკო და მის ძმებში” და დავიჯერეთ. ჰო, მერე ის ლამაზი ყუთიც უნდა გამოაჩინო.

ნურას უკაცრავად, როგორც იტყოდნენ ცნობილი ადამიანები ბევრგან.

მალამო ნომერი ერთი: (რეცეპტის კითხვის დროს სავალდებულოა ყოველი წინადადების შემდეგ თვალების დახუჭვა და ყოველივეს თვალნათლივ წარმოდგენა, რაშიც მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები ყოველ მსურველს ქვემორე ავტორისეული რემარკებით).

ჰო, მალამო ნომერი ერთი:

სიბერის და ნაოჭების საწინააღმდეგო.

“100გრ. ღორის მუცლის ქონი და 200 გრ ხბოს შიდა ქონი გადაადნეთ ცალ-ცალკე, ემალირებულ ან შუშის ქვაბში მდუღარე წყლის ორთქლზე და გააცივეთ ცალ-ცალკე.”

(სანამ ამას იზამდეთ, ჯერ დეზერტირის ბაზარში წადით, საყასბო განყოფილებაში და იქ დიდდანიან, გასისხლიანებულ კუნძთან ჩამომდგარ ყასაბს უთხარით, რომ ასი გრამი ღორის მუცლის ქონი გჭირდებათ, რათა სახეზე ნაოჭები გაიქროთ.

თუკი ის არ გიპასუხებთ, რომ დილით უნდა მისულიყავით, რადგან ღორის მუცლის ქონი გაუთავდა და დარჩა მხოლოდ თხის ქონი ანგინიანი ბავშვებისთვის გულზე წასასმელად და თქვენ არ უპასუხებთ, რომ დილით სამსახურში იყავით და ვერ მოახერხეთ და ამიტომ, შაბათამდე ვერ იყიდით ღორის მუცლის ქონს ნაოჭების გასაქრობად, მაშინ გათამამდით და უთხარით: ჰეი, ყასაბო, მაგ ას გრამ ღორის მუცლისას ორასი გრამი ხბოის შიდა მუცლის ქონიც დაუმატე-თქო. ყასაბს გაუკვირდება, რადგან ეს ჯადო-პრეპარატი მუჭშიაც ჩაეტევა და იგი იფიქრებს: ამან როგორ უნდა გაუქროს ნაოჭები მოწინავე ფეიქარს? აქ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ 1959 წელია და შუშის ცეცხლგამძლე ქვაბი ცეკას მდივნების საყვარლებს ან ზაკვოს გენერლების ცოლებს თუ ექნებათ სახლში (მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისინი ერთი და იგივე ადამიანები გამოდგნენ), ემალირებული კი, თავისი მნიშვნელობით, დღევანდელ აიპოდს უტოლდება).

ჰო, განვაგრძეთ:

გავაცივეთ ცალ-ცალკე, მაგრამ შემდეგ შევაერთეთ და ვურიეთ ეს ქონები.

და მერე:

“1კგ. დახეხილ კიტრს გამოსწურეთ მთელი მისი წვენი და დაასხით ხბოსა და ღორის ქონს და…”

(ესე იგი დეზერტირებში კიტრიც უნდა გეყიდათ. თუმცა, რადგან საჭმელად არ იყო, კოოპვაჭრობისაც შეიძლებოდა. სილამაზე, ნაოჭი და კოოპვაჭრობა. სწორედ ისეა, როგორც ერთ იმავდროინდელ ტკბილ ლექსში:

ობოლი ვარ, მაგრამ მუდამ,
სხივჩაუმქრალ ბედით ვხარობ,
სათუთ სურვილს მარად მიკლავს
თამარ მეფის ცივი წყარო…

თუ კაცს სიხარული და კოოპვაჭრობა გინდა, მაშინ კიტრიც უნდა დააწურო ღორის ქონსა).

ჰოდა, ეს დანაწური კიტრი და აზელილი ქონები “ლესეთ ხის ან რქის კოვზით 15-20 წუთის განმავლობაში და ასე დატოვეთ მეორე დღემდე.”

(ნამდვილად უნდა დატოვო მეორე დღემდე. აბა, სამსახურიდან მოსულმა, ბაზარში გამოვლილმა, ტრამვაიში ნაჭეჭყმა, უკვე ასაკშეპარულმა, საფეიქრო დაზგასთან ტანჯულმა, მერე ქმრისთვის სადილით თავმომვლებმა და შვილების დამბუდებელმა საბრალო ქალმა კიდევ ხის კოვზით (ნეტავ რქისას რომელი აფრიკიდან ჩამოუტანდნენ? კუს ბაკნისას, თუ ანტილოპის საჩხვლეტისას?) 15-20 წუთს ზილოს ნახეხი კიტრის წვენი ღორ-ხბოს ქონებში და იმავ ღამეს რაღაც დამართოს? ამერიკაში იმ დროს მიქსერი არსებობდა. თუ მაინცდამაინც, ტოსტერიც. თუმცა, ამ შემთხვევაში ტოსტერი არ გვჭირდება. კონდიციონერიც (ეს გამოგვადგებოდა, როს დაცხებოდა საწყალ კოვზიან ქალს). შეიძლება საბჭოეთშიაც არსებობდა მიქსერი, მაგრამ ნაბრძანებია ხის კოვზითო და რას გადაუხვალ. არსებობდა არა ის, კიდე…).

“მეორე დღეს (ყურადღებით), მეორე დღეს, ცალკე გამოყოფილი წვენი გადმოასხით, ქონს კიდევ იმ რაოდენობის კიტრის წვენი დაასხით და…” (ბაზარში ორი კილო კიტრი უნდა გეყიდათ. თუ კოოპვაჭრობის მაღაზია სახლთან ახლოსაა, ბედს გაუღიმნია და ეს არის. სწურეთ და ხეხეთ კიტრი სამ საღამოს. დიახ, დიახ, სამ საღამოს, იმიტომ, რომ…).

“იგივე გაიმეორეთ მეორე და მესამე დღესაც, მანამ, სანამ ქონი კარგად არ გაიჟღინთება კიტრის სუნით.

(ჩემის იწრო გაგებით, მთავარი რამ ნაოჭთა დამარცხების საქმეში ორი უნაზესი ქონის ერთმანეთში არევაა, ხოლო იმისათვის, რომ ამ სასარგებლო კრემს სურნელიც მიენიჭოს, საჭიროა მისი სამდღიანი ჯემსეიშენი სამი კილო კიტრის წვენთან. კიტრის ყიდვა ნამდვილად არ დაგეზარებათ, როცა წარმოიდგენთ, რომ ქონთა ეს ნაზავი სახეზე უნდა წაისვათ. ამიტომ ეცდებით, თუნდ ყოველდღე იყიდოთ თითო კილო კიტრი და ქონეულობას აწუროთ, ოღონდ კი მალამოს წასმის პროცედურა როგორმე გადასწიოთ. მაგრამ წინ გელოდებათ კიდევ ერთი ნაბიჯი: ამჯერად სრულიად დემოკრატიული, არჩევანის თვალსაზრისით და სრულიად ვირული – შესრულების მხრივ).

ბოლოს შელესეთ ერთი სუფრის კოვზი წმინდად დაფქვილი ბრინჯის ან კარტოფილის ფქვილი და ალესეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

(აი, სამუშაო ეს არის. საინტერესოა, ბრინჯი ყავის საფქვავში უნდა დაფქვა თუ წისქვილში წაიღო? მგონი, მაინც უფრო წისქვილში. თუ ბათუმელი ხარ, ალბათ ყავის საფქვავშიც შეიძლება, მაგრამ მეეჭვება, რომ 1959 წელს თბილელ ფეიქარ ქალს შინ ყავის საფქვავები რიგად დგომოდა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის უტეხობა და სირთულეების განივქრება რომ ვიცი, ბრინჯის დაბეგვა ეზოდან ამოტანილი ქვითაც მოხერხდებოდა ჩაის ტილოში გამოხვევით. ეს არის, რომ კარტოფილის ფქვილი ბევრ ოჯახში აღმოჩნდებოდა და ბრინჯზე ხელს არ გაისვრიდნენ. მით უმეტეს, თუ ჯერ ბრინჯი უნდა ფქვა ყავის საფქვავში და მერე კიდევ ნახევარ საათს ეს ნაფქვავი იმ ქონებში უნდა ლესო. შელესე და შელესეო, რომ სწერს ეს კეთილი მერეცეპტე, ამდენი შელესეს ძახილი სურამის ციხის ასოციაციას იწვევს და კაცს (განსაკუთრებით ქალს) პესიმიზმი იპყრობს.

თუმცა, ეს უკანასკნელი უადგილოა, რადგან:

“ეს მალამო შესანიშნავ შედეგს იძლევა სახეზე და ხელებზე გაჩენილი ნაოჭების გასაჭიმად.”

(თუ გადაგცდა, ეგებ ფეხების გასაჭიმადაც).

(მე, რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება ამ სრულიად ბუნებრივი კრემის არაჩვეულებრივ ეფექტურობაში და კაპიტალიზმი იმიტომაც მძულს, რომ ის უბრალო რაღაცეებს მიუწვდომელ გენიალობებად დასახავს ხოლმე, მაგრამ გინდ თავი მომჭერით და გინდ მარცხენა, ეს მალამო დონ კიხოტის ბალზამს მაგონებს. საწყალი, როგორ აწყდებოდა აქეთ-იქით, მაგრამ უშველა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ღორიქონობის დროებაში თბილისში ცხელი წყალი მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოდიოდა, ხოლო ზოგადად წყალი ძირითადად ეზოს ონკანების სტუმარი იყო, მაშინ მივხვდებით, რომ ის კიტრის ნაწური, სუნ-სურნელების საკითხში განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ.

მპოვნელი დასაჩუქრდებაო, სწორედ ასეა ამ რეცეპტის საქმე. თქვენ გგონიათ, იმ სამ დღეს რომ იწვალეთ, კიტრი წურეთ, ხეხეთ და გლისეთ, მეორე დილით კი უკან გადმოღვარეთ ქონის ჯამიდან, ის ნაწური უკვალოდ გაქრა? ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება და თქვენ ვინ მოგცემთ რაიმეს არგამოყენების უფლებას?) “კიტრის წვენი, რომელიც ქონში შეზელვის შემდეგ კვლავ გამოიყოფა, შეინახეთ შუშაში და იხმარეთ პირის გასაწმენდად და ამავე დროს საკვებ სითხედ.”

(რო გეგონა დამთავრდაო, სწორედ იქ დაიწყო.

ის შუშა თუ გამჭვირვალეა და იფ რა ვიდზე იქნება, შიგ ნაქონარი სამი კილო კიტრის სითხით გამშვენებული? თან, რომელიც სახის გასაწმენდად უნდა გამოიყენო… თავად წარმოიდგინეთ. ალბათ, შუშა გამოსაჩენ ადგილას არ უნდა იდოს. კიტრი რომ სახისთვის სასარგებლოა, გამიგია. ჰოდა, ლ’ორეალ, პაღი, წევიდა წმენდა… ვინ ოხერი, სსრკ… ოღონდაც, მაბნევს გამოთქმა: საკვებ სითხედო… ვ სმისლე, საჭმლისთვის, თუ კანის მკვებავ სითხედ, ანუ პიტაწელნი კრემად? თუ ეს გავარკვიე, ახალი სალაპარაკოც იქნება. მანამდე კიდევ, ერთი ლექსიც ბედნიერებაზე, იმავე ჟურნალიდან:

ფოთლით ავსებენ კალათებს,
მაყვლისთვალება ქალები,
ლოყა თუ ვარდი ანათებს,
დამწვარან მზის ბრწყინვალებით.

ასე რომ, რის ნაოჭი, რა ნაოჭი, აგე, ლოყები, იქაც თამარის წყარო ანუგეშებს… მიაწვა, მიაწვა, მიაწვა… გადაყარა, გადაყარა, გადაყარა, როგორც იტყვიან ქართველი მორაგბეები).

წყარო: http://www.shokoladi.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: