Posted by: burusi | 04/06/2010

ანრი რუსოს ნაივური შემოქმედება

1908, გველების შემლოცველი. Henri Rousseau

ანრი რუსო – Henri Rousseau (1844 – 1910)

ანრი რუსოს ნაივური შემოქმედება

ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო (ფრანგ. Henri Julien Félix Rousseau; 1844 — 1910) — ფრანგი ნაივური, პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვარი. ასევე ცნობილია, როგორც Le Douanier (მებაჟე) მისი სამსახურის გამო. ცხოვრებაში დაცინვის საგანი, ის მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსად აღიარეს უაღრესად მხატვრული ხარისხის ნამუშევრების გამო.

ანრი რუსო დაიბადა 1844 წელს პატარა ქალაქ ლავალში (მაიენის დეპარტამენტი), მუშის ოჯახში. ჯარში მსახურების შემდეგ სამუშაოდ საფრანგეთის საბაჟოზე მოეწყო. რუსო არ გამოირჩეოდა სამსახურეობრივი მოვალეობის პედანტური შესრულებით, მაგრამ კოლეგების ყურადღება დაიპყრო თავისი სიკეთით. მშვიდი, უშფოთველი სამსახური ჰქონდა და საკმაო დრო რჩებოდა ხელოვნებისათვის. იგი წერდა მუსიკას, უკრავდა ვიოლინოზე, თხზავდა პიესებს, რომლებითაც მხატვრის სიცოცხლეში არავინ დაინტერესებულა.

რუსო დილეტანტი მხატვარი იყო, არასოდეს მიუღია აკადემიური განათლება. მხატვრობას 40 წლის ასაკში მიჰყო ხელი, როდესაც თავი გაანება საბაჟოზე სამუშაოს. იგი ხატავდა სახლში, ქუჩაზე, ბოტანიკურ ბაღში, ლუვრშიც კი მიიღო ძველი მხატვრების კოპირების უფლება. მაგრამ გზა ოფიციალური გამოფენებისკენ მისთვის დახურული იყო. 1885 წელს რუსომ მონაწილეობა მიიღო “დამოუკიდებელ მხატვართა გამოფენაზე”, რომელიც ყველა მსურველისათვის იყო ღია და სადაც პირველად გააცნო თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას. 1897 წელს სალონში მან გამოფინა თავისი “მძინარე ბოშა ქალი”, რომელსაც ისეთი შეუკავებელი სიმხიარულით შეხვდნენ, რომ პოლიცია იძულებული გახდა ზოგი დარბაზიდან გაეყვანა. რუსოს სურდა სურათი საჩუქრად გადაეცა მშობლიურ ქალაქ ლავალისათვის, მაგრამ ქალაქელებმა, რომლებიც უფრო რთულ მხატვრობას იყვნენ ჩვეულნი, დასცინეს მის შემოქმედებას.

რუსო იგონებდა არამარტო საკუთარი სურათების სიუჟეტებს, არამედ მათი შექმნის მეთოდებს. მაგალითად, იგი ამბობდა, რომ ჯუნგლების მრავალრიცხოვანი სურათები შექმნა მექსიკაში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ. სინამდვილეში კი საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია და ჯუნგლი თვალით არ უნახავს. ცხოველებს ხატავდა საბავშვო ილუსტრირებული წიგნებიდან. მისი შთაგონების წყარო წიგნების ილუსტრაციები და პარიზის ბოტანიკური ბაღი იყო. მის ნამუშევრებში ასევე აისახა ისტორიები, რომლებიც მას მექსიკაში ექსპედიციაში ნამყოფი ფრანგი ჯარისკაცებისგან ჰქონდა გაგონილი. ეგზოტიკური სცენების გვერდით ასევე ხშირად მეორდება მის ნაწარმოებებში ქალაქისა და მისი გარეუბნების მცირე ზომის ტოპოგრაფიული გამოსახულებები.

რუსოს ახირებულობები გამოვლინდა არამარტო შემოქმედებაში, არამედ მეზობლებისა და ნაცნობების გარემოში. იგი ხელს თხოვს თავის შეყვარებულს, რომელიც უკვე 50 წელსაა გადაცილებული, ყიდულობს მისთვის ძვირფასეულობებს, ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ნახატების ორიგინალურობა და დამამტკიცებელ ცნობებს ღებულობს აპოლინერისაგან და ვოლარისაგან, რომ მისი ნახატები არ არის უზნეობის შემცვლელი. წერს თავის ბიოგრაფიას, ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც მხატვარი.

სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ, როდესაც ნახატები არ იძლეოდა არსებობის საშუალებას, მან ხატვის და მუსიკის გაკვეთილების მიცემა დაიწყო ბავშვებისთვის. მართავს საღამოებს სახლში, სადაც ჩნდებიან პოეტები და მხატვრები. ავანგარდისტი ფრანგი მხატვრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის კოლორიტულ შემოქმედებას და ორიგინალურ სიუჟეტებს. პაბლო პიკასო აღფრთოვანებული იყო მისი ნახატებით. აფასებდნენ მის მიერ სამყაროს უჩვეულო, ბავშვურ აღქმას, აკადემიურობის დოგმებისგან აბსოლუტურად თავისუფალს. ჟან კოქტო წერდა: “აქ ეხები პოეზიას, დაწერილს საღებავებით”.

რუსოს ნამუშევრები წარმოადგენს ნამდვილ პრიმიტიულ ხელოვნებას. თუ ადრეულ პერიოდში მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ხალხური სურათები, წიგნების ილუსტრაციები, მათი მარტივი და ნათელი ფერებით და დეტალების სიმრავლით, თანდათანობით რუსომ სრულყოფილი გახადა საკუთარი ორიგინალური მხატვრული მეთოდი; სურათის მონუმენტალურობამ და ფერწერის ტექნიკის ფლობამ იგი შორს გაიყვანა პრიმიტივიზმის საზღვრებს გარეთ. მისი ფანტასტიური, ნაივური და უშუალო პეიზაჟები (“გასეირნება ტყეში”, 1886), პარიზის და მისი გარეუბნების ხედები, ჟანრობრივი სცენები, პორტრეტები გამოირჩევიან პირობითობით და დეტალების სიზუსტით, ნათელი და მკვეთრი კოლორიტით.

რუსოს შემოქმედებამ იმპულსი მისცა პრიმიტივიზმის როგორც ესთეტიური ფასეულობის აღიარებას, XX საუკუნის ბევრი პროფესიონალური მხატვრის მიერ მისი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებას.

მხატვარმა ფეხი მოიტეხა და 1910 წლის 2 სექტემბერს პარიზის საავადმყოფო ნეკერში განგრენისგან გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: