Posted by: burusi | 29/05/2010

უმბერტო ეკო – “De Bibliotheca”

Umberto Eco

უმბერტო ეკო – Umberto Eco (1932)

De Bibliotheca

თარგმანი იტალიურიდან – ნოდარ ლადარია

სიტყვა, წარმოთქმული მილანის მუნიციპალური ბიბლიოთეკის 25 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე 1981 წლის 10 მარტს.
მიმაჩნია, რომ ამ სათაყვანებელ ადგილას მიზანშეწონილი იქნებოდა წიგნის კითხვით დამეწყო, როგორც ეს რელიგიური წესის აღსრულებისას არის მიღებული. არა ინფორმაციის მისაწოდებლად, რადგანაც წმიდა წიგნის კითხვისას ყველამ იცის მისი შინაარსი, არამედ ლიტანიის გასამართავად და სულთა კეთილი განწყობისათვის. ამრიგად:
“ქვეყნიერება (რომელსაც სხვა ვინმე ბიბლიოთეკას დაარქმევდა) შედგება ექვსკუთხა გალერეების განუსაზღვრელი ან სულაც უსასრულო რიცხვისაგან, რომლებსაც შუაგულში დატანებული აქვს დაბალი მოაჯირით გარშემორტყმული ფართო სავენტილაციო ჭები. ყოველი ექვსკუთხედიდან მოჩანს ზედა და ქვედა სართულების დაუსრულებელი რიგი. გალერეებში საგნების განაწილება უცვლელია. ოცდახუთი ფართო თარო – ხუთ-ხუთი თითოეულ კედელზე – ყველა კედელს ფარავს ერთის გამოკლებით; მათი სიმაღლე, რომელიც ყოველი სართულის სიმაღლის ტოლია, დიდად არ ჭარბობს ჩვეულებრივი ბიბლიოთეკის სიმაღლეს. თავისუფალი კედელი ვიწრო დერეფანში გადის, რომელსაც, თავის მხრივ, სხვა გალერეაში მივყავართ, რომელიც პირველისა და ყველა დანარჩენის იდენტურია. დერეფნის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ორი მცირე ოთახია. ერთი ზეზეურად ძილის საშუალებას იძლევა; მეორე კი – ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გათვალისწინებული. აქვე გადის სპირალური კიბე, რომელიც უსასრულოდ გრძელდება აღმაც და დაღმაც. დერეფანში ანარეკლთა ზუსტად გადმომცემი სარკე დგას [...] ყოველი ექვსკუთხედის ყოველ კედელს ხუთი თარო შეესაბამება; ყოველ თაროზე განლაგებულია ერთი და იმავე ფორმატის ოცდათორმეტი წიგნი; ყოველ წიგნში ოთხას ათი გვერდია; ყოველ გვერდზე – ორმოცი პწკარი, ორმოცი შავი ფერის ასონიშნისაგან შემდგარი. ასოები ყოველი წიგნის ყყდასაც აწერია, მაგრამ ისინი სულაც არ მიგვანიშნებენ და არც გვახვედრებენ გვერდებზე დაწერილის შინაარსს. ვიცი, რომ ეს შეუსაბამობა ერთ დროს იდუმალებით მოცულად მიაჩნდათ. [...] ხუთასი წლის წინათ ერთ-ერთი ექვსკუთხედის ზედამხედველმა მიაკვლია წიგნს, რომელიც ისეთივე არეული იყო, როგორც სხვები, მაგრამ მასში ორიოდე გვერდი მოიპოვებოდა ერთგვარი და ალბათ წასაკითხად ვარგისი დამწერლობით შევსებული. მან ეს ნაპოვნი მოხეტიალე განმმარტებელს აჩვენა, რომელმაც თქვა, რომ ნაწერი პორტუგალიური იყო. სხვებმა უთხრეს, რომ ის ორი გვერდი იდიშზე იყო დაწერილი. თითქმის საუკუნოვანი გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ საქმე ѕქონდათ გუარანის ენის სამოედურ-ლიტვურ დიალექტთან, რომელსაც კლასიკური არაბულის ოდნავი გავლენა ეტყობოდა. გაარკვიეს შინაარსიც: ტექსტი ეხებოდა კომბინატორული ანალიზის ცნებათა გადმოცემას შემოუსაზღვრავი გადანაცვლებებისა და გამეორებების საშუალებით. ამ მაგალითებმა მიიყვანეს ერთი გენიალური ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკის კანონის აღმოჩენამდე. [...] უკეთურნი ამტკიცებენ, რომ უაზრობა ჩვეულებრივია ბიბლიოთეკაში, საზრისი კი (ისევე როგორც მდაბალი და უბრალო შესაბამისობა) – თითქმის სასწაულებრივი გამონაკლისია. ლაპარაკობენ (დანამდვილებით ვიცი) “ციებ-ცხელებით შეპყრობილ ბიბლიოთეკაზე, რომლის შემთხვევით ტომებს მუდმივად ემუქრება გადასხვაფერება, რადგან ისინი ყველაფერს ამტკიცებენ, უარყოფენ და ერთმანეთში ურევენ როგორც ჭკუადაკარგული ღვთაება”. ეს სიტყვები, რომლებიც არა მხოლოდ ამხელენ უწესრიგობას, არამედ ცხადყოფენ მას, სინამდვილეში მოწმობაა მათი წარმომთქმელის უდაბლესი გემოვნებისა და განწირული უმეცრებისა. სინამდვილეში ბიბლიოთეკა მხოლოდ აბსოლუტურ უაზრობას კი არ შეიცავს, არამედ ყველა ვერბალურ სტრუქტურას, ყველა იმ კომბინაციას, რომელიც ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლოს საშუალებით მიიღება. [...] ლაპარაკი ტავტოლოგიაში ჩავარდნას ნიშნავს. ეს უსარგებლო და სიტყვამრავალი ნაწერი უკვე არსებობს ერთ-ერთ ტომში იმ ოცდაათისგან, ურიცხვი ექვსკუთხედების ხუთი თაროდან ერთ რომელიღაცაზე ისევე, როგორც მისი უარყოფა. (შესაძლებელ ენათა n რაოდენობა ერთსა და იმავე ლექსიკონს იყენებს; ზოგიერთ მათგანში სიმბოლო ბიბლიოთეკა განიმარტება როგორც ექვსკუთხა გალერეების მყარად განლაგებული და მარადიული სისტემა, მაგრამ აქ ბიბლიოთეკა ნიშნავს პურს, ან პირამიდას და კიდევ სხვა რამეს ნიშნავს მისი განმმარტებელი შვიდი სიტყვა. შენ, მკითხველო, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი ენა გესმის? ” ამინ!
ეს ფრაგმენტი, როგორც ყველას მოგეხსენებათ, ერთი თავია “ბაბილონის ბიბლიოთეკიდან” და ეკუთვნის ხორხე ლუის ბორხესს. მე გეკითხებით: ნუთუ ამ დარბაზში შეკრებილ ბიბლიოთეკათა აქტიურ მომხმარებლებს, ბიბლიოთეკათა დირექტორებს, მუშაკებს ამ სტრიქონების ხელახლა გაგონებისას და მათზე ფიქრისას არ გახსენებიათ საკუთარი გამოცდილება გრძელ დერეფნებსა და სამკითხველო დარბაზებში ყოფნისა, სიყმაწვილეში, ან მოწიფულ ასაკში რომ მიუღიათ? მართლაც საკითხავია: ნუთუ ბაბილონის ბიბლიოთეკა, რომელიც ქვეყნიერების ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ამავე დროს ვერ იქნება რომელიმე შესაძლებელი ბიბლიოთეკის ხატი და მსგავსი? ნუთუ შეუძლებელია დავგეგმოთ არსებული ბიბლიოთეკების აწმყო და მომავალი, წმინდა ფანტასტიკური მოდელების წარმოდგენით? ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. მაგალითად მოვიყვან ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოვიგონე იმის ასახსნელად, თუ როგორ მუშაობს კოდი: საქმე ეხება წიგნების კლასიფიკაციის ოთხი თანრიგისაგან შემდგარ ძალიან მარტივ კოდს. პირველი თანრიგი აღნიშნავს დარბაზს, მეორე – კედელს, მესამე – კედლის თაროს და მეოთხე კი – წიგნის გალაგებას თაროზე. ამის გამო აღნიშვნა 3486 ნიშნავს მესამე დარბაზს, მეოთხე კედელს მარცხნიდან, მერვე თაროსა და მეექვსე ადგილს თაროზე. შემდეგ შევნიშნე, რომ ამ ელემენტარული კოდის გამოყენებითაც კი შეიძლება საინტერესო თამაშების მოგონება. მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ 33335.33335.33335.33335. ამგვარად გამოვსახავთ ბიბლიოთეკას, რომელშიც დარბაზების უზარმაზარი რიცხვია, ყოველ დარბაზს მრავალკუთხა ფორმა აქვს და მათი ერთობლიობა ფუტკრის თვალის მსგავს სტრუქტურას ქმნის. დარბაზები ძალიან დიდია და თუ იმ სივრცეში სიმძიმის ძალა არ იმოქმედებს, თაროები ჭერზეც განლაგდება. საოცარი რაოდენობის (33000-ზე მეტი) კედლებისაგან თითოეული ძალიან ვრცელი უნდა იყოს, რომ 33000-ზე მეტი თარო დაიტიოს, ყოველი თარო კი – მეტად გრძელი, რათა მასზე 33000-ზე მეტი წიგნი მოთავსდეს.
ეს ბიბლიოთეკა სინამდვილეში შესაძლებელია თუ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნება? ყოველ შემთხვევაში, საშინაო ბიბლიოთეკებისათვის ვარგისი კოდებიც იძლევა ამგვარი ვარიაციებისა და მრავალკუთხა ბიბლიოთეკის წარმოდგენის საშუალებას. ეს შესავალი იმიტომ წავუმძღვარე ჩემს მოხსენებას, რომ მიღებული მიწვევით დავალებულმა ვიფიქრე, თუ რა შეიძლებოდა მეთქვა ბიბლიოთეკის შესახებ, გადავწყვიტე დამედგინა ბიბლიოთეკის გარკვეული და გაურკვეველი დანიშნულება. მცირე ინსპექციით დავიარე ჩემთვის მისაწვდომი ბიბლიოთეკები, რომლებიც ღამის საათებშიც ღიაა: აშურბანიპალის ბიბლიოთეკა ნინევიაში, პოლიკრატე სამოსელის, პისისტრატე ათენელის ბიბლიოთეკები, მერე კიდევ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში 400 000 ტომს ითვლიდა, ხოლო I საუკუნეში – 700 000, და ბოლოს პერგამოსა და ავგუსტუსის ბიბლიოთეკები (კონსტანტინე დიდის დროს რომში 28 ბიბლიოთეკა იყო). გარდა ამისა საკმაო ახლობლობა მაკავშირებს ზოგიერთ ბენედექტინურ ბიბლიოთეკასთან. ასე რომ, დავიწყე იმის კვლევა, თუ რა ფუნქცია უნდა ѕქონდეს ბიბლიოთეკას. ალბათ, ასურბანიპალისა და პოლიკრატეს დროს ეს ფუნქცია შეგროვება იყო, რათა უმეთვალყურეოდ არ დაეტოვებინათ გრაგნილები. შემდეგ ამას განძეულის დაუნჯების ფუნქციაც დაემატა, რადგან გრაგნილები ძვირი იყო. კიდევ უფრო მოგვიანებით, ბენედექტინელთა ხანაში, ბიბლიოთეკის ფუნქციაში ტექსტების გადაწერაც შედიოდა: ბიბლიოთეკა თითქმის გარდამავალ ზონად იქცა – წიგნი შემოდიოდა, გადაიწერებოდა და შემდეგ ორიგინალი ან ასლი ისევ გადიოდა ბიბლიოთეკიდან. ვფიქრობ, რომ უკვე ავგუსტუსის ან კონსტანტინეს ეპოქაში ბიბლიოთეკის ფუნქცია წიგნის წაკითხვა იყო, რაც ეთანხმებოდა იუნესკოს გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც ამას ჩემს მიერ დღეს მიღებული ტექსტი ირწმუნება, აცხადებს, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დანიშნულებაა ფართო საზოგადოებას წიგნის წაკითხვის საშუალება შეუქმნას. დროთა განმავლობაში შეიქმნა ისეთი ბიბლიოთეკებიც, რომელთა მიზანი იყო არა წიგნის წაკითხვა, არამედ მისი დამალვა. ბუნებრივია, რომ ამგვარი ბიბლიოთეკები წიგნის ხელახლა აღმოჩენის წყაროც იყო. ჩვენ სულ მუდამ გვანცვიფრებს XV საუკუნის ѕუმანისტთა იღბლიანობა დაკარგულ ხელნაწერთა აღმოჩენის საქმეში. სად პოულობდნენ? რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკაში, სადაც გადაწერის პროცესი ნაწილობრივ ხელნაწერთა დასაფარავად მიმდინარეობდა, მაგრამ ამასთან ერთად ხელნაწერთა აღმოჩენის საფუძველსაც ქმნიდა.
რადგანაც ჩვენ ბიბლიოთეკის მიზანთა სიმრავლის წინაშე აღმოვჩნდით, თავს უფლებას მივცემ, გამოვიმუშაო უვარგისი ბიბლიოთეკის 21 პუნქტისაგან შემდგარი ნეგატიური მოდელი. ბუნებრივია, რომ ეს მოდელი გამოგონილი იქნება მრავალკუთხა ბიბლიოთეკის მსგავსად, მაგრამ ისევე, როგორც ყველა გამოგონილი მოდელი და კარიკატურა, რომელიც იბადება გველისკუდიანი ადამიანის სხეულზე ცხენის თავის დამატებით, ვფიქრობ, რომ ყოველ ჩვენგანს შეეძლება აღმოაჩინოს ამ ნეგატიურ მოდელში საკუთარი გამოცდილება, ჩვენი და სხვა ქვეყნების შორეულ ბიბლიოთეკებში მიღებული. კარგი უვარგისი ბიბლიოთეკა (ესე იგი ჩემს მიერ რეალიზებული ნეგატიური მოდელის კარგი მაგალითი), უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ერთიანი განუწყვეტელი კოშმარი და ამ თვალსაზრისით ბორხესის აღწერა უკვე მშვენიერია.
1) კატალოგები მაქსიმალურად დაყოფილი უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წიგნების კატალოგის განცალკევებას ჟურნალების კატალოგისაგან, ეს უკანასკნელი კი საგნობრივი კატალოგისაგან უნდა იყოს განცალკევებული. ასევე უსხვადასხვა კატალოგში უნდა შევიდეს ახალშეძენილი და ძველი წიგნები. თუ ეს შესაძლებელია, სხვადასხვა კატალოგში განსხვავებული ორთოგრაფია უნდა იყოს: მაგალითად, ძველად შეძენილი წიგნების კატალოგში “ѕიუმორი” უნდა ეწეროს, ახალი წიგნების კატალოგში კი – “იუმორი”; ერთგან უნდა ეწეროს “ѕერცენი”, როგორც ამას გვარის გერმანული წარმოშობა კარნახობს, მეორეგან კი – “გერცენი”, რუსული ფონეტიკური ტრანსკრიფციის მიხედვით.
2) საგნობრივ დაყოფას ბიბლიოთეკარი უნდა წყვეტდეს.
3) აღნიშვნები ძნელი უნდა იყოს და რაც შეიძლება მეტი, ისე რომ, ვინც კი ავსებს ბარათს, არასოდეს ეყოს ადგილი უკანასკნელი აღნიშვნის შესატანად. ამგვარად, ბიბლიოთეკის მუშაკი აუცილებლად დაუბრუნებს ბარათს ხელახლა შესავსებად.
4) წიგნის მოთხოვნასა და მის მიღებას შორის დრო ძალიან ხანგრძლივი უნდა იყოს.
5) თითოეულ ჯერზე არ უნდა იქნეს გაცემული ერთზე მეტი წიგნი.
6) აკრძალული უნდა იყოს ბიბლიოთეკის მუშაკის მიერ ბარათის საფუძველზე გაცემული წიგნების გატანა საკონსულტაციო დარბაზში. მკითხველის ცხოვრებაში მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული წიგნის კითხვა და კონსულტაციები, რადგან მრავალი წიგნის ერთდროული კითხვა თვალების დაელამებას იწვევს.
7) შეძლებისდაგვარად უნდა გაუქმდეს ქსეროასლების აპარატები. მაშინაც თუ ერთი მაინც არსებობს, იგი ძნელადმისადგომი უნდა გახდეს, საფასური კი ჩვეულებრივზე მაღალი, ასლების დასაშვები რაოდენობა კი – ორ-სამ გვერდამდე დაყვანილი.
VIII) ბიბლიოთეკარი მკითხველს უნდა მიიჩნევდეს მტრად, დროის მფლანგველად (ასე რომ არ იყოს ბიბლიოთეკაში კი არ დაჯდებოდა, არამედ იმუშავებდა), პოტენციურ ქურდად.
9) ბიბლიოთეკის მთელი პერსონალი ფიზიკური ნაკლოვანებებით უნდა იყოს გამორჩეული. აქ მეტად ფაქიზ გარემოებას ვეხები, მაგრამ არავითარი ირონია არ მამოძრავებს. საზოგადოების მოვალეობაა ყველა მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების საშუალება. მათაც, ვისი უნარები ასაკის, ან ფიზიკური ნაკლოვანებების გამო შეზღუდულია. ამავე დროს საზოგადოება უშვებს, რომ, მაგალითად, მეხანძრეთა შემთხვევაში კანდიდატები გარკვეული კრიტერიუმების თანახმად იქნან შერჩეული. ამერიკის უნივერსიტეტებში არსებობს ბიბლიოთეკები, სადაც უდიდესი ყურადღება სწორედ ინვალიდ მომხმარებლებს ექცევა: დახრილი სიბრტყეები, სპეციალიზირებული საპირფარეშოები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დანარჩენთა ცხოვრებას ლამის აუტანელს ხდის, რადგან ჯანმრთელ ადამიანს დახრილ სიბრტყეებზე ფეხი უსრიალებს.
ბიბლიოთეკაში ზოგიერთი საქმე განსაკუთრებულ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს: კიბეებზე ძრომიალი, სიმძიმეების თრევა და ასე შემდეგ. ამავე დროს არსებობს სხვა საქმეებიც, რომელთა შესრულება ყველა მოქალაქეს შეუძლია მიუხედავად ასაკის ან ფიზიკური ნაკლოვანებების გამო არსებული შეზღუდვებისა. ამიტომაც განვიხილავ ბიბლიოთეკის პერსონალს როგორც უფრო ახლოს მდგომს მეხანძრეებთან, ვიდრე ბანკის მოსამსახურეებთან. როგორც შემდეგში აღმოჩნდება, ეს მეტად მნიშვნელოვანია.
10) საკონსულტაციო დარბაზთან მისვლა შეუძლებელი უნდა იყოს.
11) წიგნების სახლში გატანება უნდა აიკრძალოს.
12) შეუძლებელი უნდა იყოს წიგნების მიღება საბიბლიოთეკათაშორისო ურთიერთობით. ყოველ შემთხვევაში, თვეები უნდა დასჭირდეს იმის გაგებას, თუ რა შეიძლება ვიპოვოთ სხვა ბიბლიოთეკებში.
13) ყოველივე ზემოთქმულის გამო წიგნის ქურდობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
14) ბიბლიოთეკის მუშაობის საათები პროფკავშირებთან შეთანხმებით საერთო სამუშაო საათებს უნდა დაემთხვეს. ბიბლიოთეკა აუცილებლად უნდა იკეტებოდეს შაბათს, კვირას, საღამოს და სადილის დროს. ბიბლიოთეკის უდიდესი მტერი მომუშავე სტუდენტია, საუკეთესო მეგობარი კი ის პიროვნება, ვისაც საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს, რომელსაც სიცოცხლეში სხვაგან სიარული არ სჭირდება, სიკვდილის შემდეგ კი საზოგადოებას უანდერძებს თავის წიგნებს.
15) ბიბლიოთეკის ფარგლებში შეუძლებელი უნდა იყოს რაიმეს ჭამა. მკითხველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს ყველა აღებული წიგნი, როდესაც ბიბლიოთეკას ტოვებს, ისე რომ წიგნების ხელახლა გამოწერა დასჭირდეს, როცა ფინჯანი ყავის დასალევად ხუთიოდე წუთით გასული დაბრუნდება.
16) მკითხველმა მეორე დღეს ვერ უნდა იპოვოს აღებული წიგნი.
17) მკითხველმა ვერ უნდა გაიგოს, ვინ აიღო წიგნი, რომელიც აკლია.
18) შეძლებისდაგვარად, არავითარი საპირფარეშო.
19) იდეალურ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ უნდა შევიდეს ბიბლიოთეკაში, მაგრამ თუ შევიდა, ვერანაირად ვერ უნდა მიაღწიოს თაროებამდე.
არსებობს კი ამგვარი ბიბლიოთეკები? ამ კითხვაზე პასუხს თქვენ მოგანდობთ. მე კი იმის მაგიერ, რომ სრულყოფილი ბიბლიოთეკის უტოპია დაგიხატოთ, რომლის შესახებ არც კი ვიცი როგორ და რამდენად განსახორციელებელია იგი, ორი რეალური ბიბლიოთეკის მაგალითს მოგიყვებით, ბიბლიოთეკებისა, რომლებიც მიყვარს, და სადაც შესვლას ვცდილობ, როცა შესაბამის ქალაქს ვესტუმრები ხოლმე. ამით სულაც არ მსურს ვთქვა, რომ ქვეყნად მათზე უკეთესი არა მოიპოვება რა. ეს ბიბლიოთეკებია იელის უნივერსიტეტის სტერლინგ ლაიბრარი და ტორონტოს უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა.
ისინი ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდებიან, რამდენადაც განსხვავებულია პირელის ცათამბჯენი წმიდა ამბროსის სახელობის ეკლესიისაგან. არქიტექტურაც სულ სხვადასხვანაირი აქვთ: სტერლინგი ნეოგოთური მონასტერია, ტორონტოს ბიბლიოთეკა კი თანამედროვე ხუროთმოძღვრების შედევრი. შევეცდები ერთმანეთთან შევაჯერო მათი განსხვავებულობა, რათა ავხსნა, თუ რატომ მომწონს ისინი.
ორივე შუაღამემდე ღიაა კვირადღესაც კი (სტერლინგი არ იღება კვირა დილით, მაგრამ მოგვიანებით შუადღიდან შუაღამემდე მუშაობს, მხოლოდ პარასკევს იკეტება საღამოთი). ტორონტოში შესანიშნავი კომპიუტერიზებული კატალოგებია. სტერლინგის კატალოგები უფრო ძველებურია, მაგრამ სამაგიეროდ ავტორი და საგანი გაერთიანებულია და, მაგალითად, გარკვეულ არგუმენტზე არა მხოლოდ ѕობსის ნაწარმოებებია დასახელებული, არამედ ѕობსის შესახებ ნაწერებიც. გარდა ამისა, ყოველ საგანზე აღნიშნულია წიგნები, რომლებიც ახლომდებარე ბიბლიოთეკებში მოიპოვება. მაგრამ ორივე ბიბლიოთეკის ყველაზე მშვენიერი თვისება ის არის, რომ მკითხველთა ერთ კატეგორიას მაინც შეუძლია თაროებამდე უშუალო მიღწევა. ესე იგი წიგნს კი არ ითხოვთ, არამედ საგანგებო ბარათით გადიხართ ელექტრონული ცერბერის მიერ დაცულ კარებში და ლიფტების საშუალებით აღწევთ საცავში. სტერლინგის საცავებში, მაგალითად სულ ადვილია მკვლელობის ჩადენა და გვამის დამალვა გეოგრაფიული რუკებით სავსე კარადის უკან, სადაც მხოლოდ ათეული წლების შემდეგ თუ იპოვნიან მას. შუქი მხოლოდ შემსვლელის ნებით ინთება, ასე რომ, თუ უცებ ვერ იპოვით სათანადო ჩამრთველს, დიდხანს მოგიწევთ ბნელში ხეტიალი. ტორონტოში სულ სხვაგვარია სიტუაცია: ყველაფერი თავიდანვე განათებულია; მკვლევარი იღებს საჭირო წიგნს თაროდან, შემდეგ მიდის მშვენიერ დარბაზში და მოხერხებულ სავარძელში მოკალათებული იწყებს მის ფურცვლას. ორივეგან მრავლადაა ქსეროასლების გადასაღები მანქანები, რომლებთანაც თვით მკითხველები მუშაობენ, თანაც იქვე ფულის დასახურდავებელი ავტომატებიც არის გათვალისწინებული, რათა რამდენიმე კილოგრამი მონეტებით დატვირთულმა მკითხველმა დაუბრკოლებლად გადაიღოს სასურველი შვიდას ან რვაასგვერდიანი ტომის ასლი: დანარჩენი მკითხველების მოთმინება უსაზღვროა და ისინიც მორჩილად ელოდებიან, სანამ პროცესი მეშვიდასე გვერდს მიაღწევს. რა თქმა უნდა, წიგნის შინ წაღებაც არის შესაძლებელი: მას შემდეგ, რაც წიგნთსაცავის რამდენიმე სართულს მოივლი და წიგნებს აირჩევ, შეგიძლია შეავსო სათანადო ფორმულარი და ბიბლიოთეკის მუშაკს წარუდგინო. ვის შეუძლია წიგნთსაცავში შესვლა? ყველას, ვისაც აქვს საბუთი, რომლის მიღება საკმაოდ ადვილია ერთი ან ორსაათიანი ბიუროკრატიული პროცედურის შემდეგ, რომლისთვისაც ხშირად მკითხველის ტელეფონის ნომრის გარდა არაფერი მოითხოვება. იელის უნივერსიტეტში ამ პრივილეგიით სტუდენტები ვერ სარგებლობენ, მაგრამ მათთვის სხვა ბიბლიოთეკა არსებობს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება პირველისაგან, რომ უძველეს წიგნებს არ შეიცავს, სტუდენტებს კი მკვლევარების ტოლი უფლებები აქვთ. ყოველივე ეს იელის უნივერსიტეტში ხორციელდება რვამილიონიანი წიგნთსაცავის პირობებში. რა თქმა უნდა, ძველი ხელნაწერები სხვაგან არის დაცული და მათთან მიღწევა ოდნავ უფრო ძნელია.
რა არის წიგნის თაროსთან უშუალო მიდგომის უპირატესობა? ზოგი ბიბლიოთეკაში ისე მოდის, რომ წინასწარ იცის საჭირო წიგნის სათაური, მაგრამ ბიბლიოთეკის მისია ისიც არის, რომ ადამიანმა იქ ისეთი წიგნები აღმოაჩინოს, რომელთა არსებობა მან არც კი იცოდა, მაგრამ რომლებიც მოულოდნელად უაღრესად მნიშვნელოვანი გახდება. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ამგვარი აღმოჩენა კატალოგის თვალიერებითაც ხდება, მაგრამ არაფერია უფრო შთამბეჭდავი იმ თაროების უშუალო თვალიერებაზე, რომლებიც ერთი გარკვეული თემატიკის წიგნებს აერთიანებს, რაც ანბანურ კატალოგში ვერ იქნება განხორციელებული. ამ დროს საძებნი წიგნის გვერდით ხშირად აღმოვაჩენთ წიგნს, რომელსაც არ ვეძებდით, მაგრამ რომელიც შეიძლება ჩვენი კვლევის საფუძველში დადგეს. ამგვარად, ბიბლიოთეკის იდეალური ფუნქცია ისიც არის, რომ ბუკინისტის დახლს დაემსგავსოს, ეს შესაძლებლობა კი მხოლოდ თაროებთან უშუალო მიდგომით მიიღწევა.
ეს იმას გამოიწვევს, რომ ბიბლიოთეკაში ყველაზე თავისუფალი სამკითხველო დარბაზი იქნება. მართლაც, ამ დონეზე ამ დარბაზების დიდი რიცხვი სულაც არ არის აუცილებელი, რადგან ამ აუცილებლობას ამცირებს წიგნის გატანისა და მისი ქსეროკოპირების სიადვილე. სხვა შეთხვევაში სამკითხველო დარბაზის ფუნქციას ბუფეტი ან ბარი ასრულებს, როგორც ეს იელში ხდება. იქ, სადაც ცხელი სოსისით გიმასპინძლდებიან, შეგიძლია წიგნებით დატვირთული ჩახვიდე, განაგრძო მუშაობა ყავითა და ნამცხვრით, ანდა სულაც სიგარეტი გაირჭო პირში და ისე გადაწყვიტო წამოღებული წიგნებიდან რომელი ღირს გამოსატანად, რომელი კი ჯობია დააბრუნო თაროზე. ამას არავინ აკონტროლებს. იელში კონტროლს ერთი მოსამსახურე ახორციელებს, რომელიც ცალი თვალით იცქირება ხოლმე გარეთ გამოსატან ჩანთაში; ტორონტოში გამოსატანად გათვალისწინებული ყველა წიგნი დროებითი დამაგნიტებით არის აღჭურვილი: ახალგაზრდა სტუდენტი წიგნის გამოსატანად ბიბლიოთეკის მუშაკის დახმარებით სპეციალური მანქანით აცლის დამაგნიტებას, ვისაც კი ლათინური პატროლოგიის 108-ე ტომი მალულად გააქვს ჯიბით, გამოსასვლელზე სპეციალური აპარატურის ყვირილი ხვდება. ამ ბიბლიოთეკებში, წიგნების დიდი მოძრაობის გამო ჩნდება მათი სწრაფი პოვნის პრობლემა. ამიტომ სამკითხველო დარბაზებში მრავლად არის სპეციალური ბოქსები, სადაც მკითხველი მასზე გაფორმებულ წიგნებს ტოვებს შემდეგი დღისთვის. თუ მოთხოვნილი წიგნი ამ ბოქსებშიც არ ჩანს, სულ რამდენიმე წუთში შეიძლება წამღების ვინაობისა და ტელეფონის ნომრის გაგება. ყოველივე ზემოთქმულის გამო ამ ბიბლიოთეკებს ცოტა მეთვალყურე და ბევრი მოსამსახურე ѕყავს. გარდა ამისა არიან მუშაკები, რომელთა ფუნქციები რაღაც საშუალოს წარმოადგენს ბიბლიოთეკარსა და უბრალო მსახურს შორის. ამ თანამდებობაზე, როგორც წესი, სრული ან ნაწილობრივი განაკვეთით სტუდენტები მუშაობენ. ვეებერთელა ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნების ინტენსიური წრებრუნვაა მუდამ, ყოველთვის არის ტომები, რომლებიც არასოდეს უბრუნდებიან თაროზე თავიანთ ადგილს. მომუშავე სტუდენტებიც მაგიდებს შორის დააგორებენ უშველებელ ურიკებს, აგროვებენ წიგნებს და აკონტროლებენ, რომ ნიშნულები მუდამ წესრიგში იყოს. წესრიგი მაინც ვერ მყარდება, რაც ძებნის თავგადასვალს უფრო საინტერესოს ხდის. ტორონტოში, მაგალითად, ერთხელ ადგილზე ვერ ვიპოვე მინის პატროლოგიის ვერც ერთი ტომი. ეს ამბავი ჭკუადამჯდარ და საქმის მოყვარულ ბიბლიოთეკარს გააგიჟებს, მაგრამ ასეა და ვერაფერი გაეწყობა.
ასეთი ბიბლიოთეკა სწორედ რომ საჩემოა, იქ შემიძლია მთელი დღე ენით აუწერელ ტკბობაში გავატარო: ვკითხულობ გაზეთებს, მიმაქვს წიგნები ბარში, მერე კიდევ სხვა წიგნებს ვეძებ, ჯერ, ვთქვათ, ინგლისელი ემპირისტების შესასწავლად შევდივარ, მაგრამ მერე არისტოტელეს კომენტატორები მიზიდავს, მეშლება სართული, შეცდომით ვხვდები სამედიცინო დარბაზში, მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩენ ნაშრომებს გალენის შესახებ, რომლებიც ფილოსოფიური შენიშვნებითაა სავსე. ბიბლიოთეკა თავგადასავლად იქცევა.
და მაინც, რა ნაკლი აქვს ამგვარ ბიბლიოთეკებს? ცხადია, რომ წიგნებს იპარავენ და აფუჭებენ: რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ელექტრონული კონტროლი, ამ ტიპის ბიბლიოთეკაში გაცილებით უფრო ადვილია წიგნის მოპარვა, ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ქურდობა ყველგან არის შესაძლებელი, ამიტომაც ღია ბიბლიოთეკების კრიტერიუმი ის უნდა იყოს, რომ ქურდობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება ახალი წიგნის შეძენაა: ეს კრიტერიუმი მილიარდერთა შესაფერია, მაგრამ მაინც კრიტერიუმია. ცხადია, რომ ალდუს მანუციუსის მიერ დაბეჭდილი ორიგინალური წიგნები სხვა საცავში უნდა ინახებოდეს და უკეთესად უნდა იყოს დაცული.
მეორე ნაკლოვანება ის არის, რომ ამ ტიპის ბიბლიოთეკები ხელს უწყობენ და წარმოქმნიან კიდეც ქსეროასლების ცივილიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან საშიშროებას უქადის წიგნთა გამოცემის საქმეს საკანონმდებლო თვალსაზრისითაც. უპირველეს ყოვლისა, ქსეროასლების ცივილიზაცია გულისხმობს საავტორო უფლებების პრინციპულ აღსასრულს. მართლაც, თუ ბიბლიოთეკაში ერთი ქსეროაპარატია, რომელსაც სპეციალური თანამშრომელი აკონტროლებს, მკითხველს შეუძლია პასუხად მიიღოს, რომ მთელი წიგნის გადაღება აკრძალულია, რადგან საავტორო უფლებებს ეწინააღმდეგება. მაგრამ იმ ბიბლიოთეკაში, სადაც ქსეროაპარატები დერეფნებში დგას საერთო მომსახურებისათვის, ამგვარი კონტროლის განხორციელება შეუძლებელია. გარდა ამისა, შეიძლება წიგნი გაიტანო ბიბლიოთეკის გარეთ და წაიღო გადასაღებად ისეთ ადგილას, სადაც საავტორო უფლებებს ძალიან არ დაგიდევენ. თუმცა, ხშირად, ამ ტიპის პრობლემები ბიბლიოთეკის გარეთაც იჩენს თავს.
- ოცდაათი ასლი გვჭირდება, – მეუბნებიან ჩემი სტუდენტები, – მაგრამ არ გვიკეთებენ, იმიტომ რომ წიგნზე აკრძლვაა აღნიშნული.
- გადაიღეთ ერთი ასლი, – ვურჩევ მე, – შემდეგ დააბრუნეთ წიგნი ბიბლიოთეკაში და თქვენი ასლიდან გადააღებინეთ დანარჩენი ოცდაცხრა. თვით ასლები ხომ არ ექვემდებარება საავტორო უფლებების შესახებ კანონს!
- რა კარგია, – უხარიათ სტუდენტებს, – ამაზე კი არ გვიფიქრია!
ამ გარემოებამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა გამომცემლობათა პოლიტიკაზე. ყველა სამეცნიერო გამომცემლობამ წინასწარ იცის, რომ მათ მიერ გამოცემული წიგნები ქსეროასლების სახით გავრცელდება. ამის გამო მათი ტირაჟი ათასს ან ორი ათასს აღარ აღემატება, ფასი კი 150 დოლარს აღწევს. წიგნებს ბიბლიოთეკები ყიდულობენ, უშუალო მომხმარებლები კი ქსეროასლებით კმაყოფილდებიან. ლინგვისტიკის, ფილოსოფიისა და ბირთვული ფიზიკის ѕოლანდიური გამომცემლობები ასგვერდიან წიგნებს ორმოცდაათ ან სამოც დოლარად ყიდიან, სამასგვერდიანი წიგნი კი შეიძლება 200 დოლარამდეც კი ღირდეს, რადგან გამომცემელმა იცის, რომ სტუდენტები და მეცნიერები მხოლოდ ქსეროასლებზე იმუშავებენ. ვაი იმ მეცნიერს, ვისაც წიგნის დაუფლება სურს, რადგან ასეთ ხარჯს ვერ გაიღებს. როგორც ვხედავთ, ერთდროულად მიმდინარეობს ფასების დაუნდობელი ზრდა და გავრცელების კატასტროფული შეზღუდვა. რა გარანტია შეიძლება ѕქონდეს გამომცემელს, რომ მისი წიგნი გაიყიდება და არავინ არ გადაიღებს მას? საჭიროა, რომ წიგნის ფასი ქსეროასლის ფასზე დაბალი იყოს. რადგანაც შესაძლებელია ერთ ფურცელზე ორი გვერდის ასლის გადაღება, შემდეგ კი გადაღებულის აკინძვა და ეს საკმაოდ იაფია, გამომცემელი იძულებელია გასაყიდად წიგნები მეტად მდარე ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდოს. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში სრულიად იშლება. ამ პროცესის შედეგები უკვე ჩანს: 50-იან წლებში “გალიმარის” გამოცემული ამგვარი წიგნები უბრალო გადაშლაზე ხმიადი პურივით ნამცეცდება. ყოველივე ამას სხვა პრობლემამდე მივყავართ: მაღლიდან მკაცრ სელექციას უნდა დაექვემდებაროს გადასარჩენად და დასაშლელად განწირული წიგნები. ჩვენ არ ვიცით, ეს სიკეთეა თუ ბოროტება. მით უმეტეს, რომ ხშირად ძვირი გამოცემები თვით ავტორის ხარჯზე ხორციელდება, ან ამ ხარჯებს რომელიმე საქველმოქმედო ფონდი იღებს საკუთარ თავზე, რაც სულაც არ არის ამ წიგნების ღირსებისა და შინაგანი ხარისხის გარანტია. ამრიგად, ქსეროცივილიზაციის მეშვეობით ვუახლოვდებით მომავალს, რომელშიც გამომცემლები წიგნებს მხოლოდ ბიბლიოთეკებისათვის გამოუშვებენ და ეს ფაქტი უკვე ახლა უნდა მივიღოთ მხედველობაში. გარდა ამისა, პიროვნულ დონეზე დაიწყება ქსეროასლის ნევროზი. აი რას ვგულისხმობ: რა თქმა უნდა, ქსეროასლი უაღრესად სასარგებლო რამ არის, მაგრამ ხშირად ინტელექტუალური ალიბის მიზეზი ხდება. ვინც ბიბლიოთეკიდან შინ ქსეროასლებით დატვირთული ბრუნდება, ამავე დროს დარწმუნებულია, რომ გადაღებული ფურცლებიდან ყველას ვერ წაიკითხავს და ვერც იპოვის, რადგან საბოლოო ჯამში ეს ფურცლები ერთმანეთში ირევა, პატრონს კი მათი შინაარსის დაუფლების ილუზია ექმნება. ქსეროცივილიზაციის ეპოქამდე მკითხველი ვეება სამკითხველო დარბაზებში ყოფნისას გრძელ ამონაწერებს აკეთებდა და ძალაუნებურად რაღაც რჩებოდა თავში. ქსერონევროზის შემთხვევაში არის რისკი, რომ დღეებს დავკარგავთ ბიბლიოთეკაში იმ წიგნების გადასაღებად, რომლებსაც მერე არ წავიკითხავთ.
მე ვაჩვენებ ადამიანზე გაანგარიშებული ამგვარი ბიბლიოთეკის ნაკლოვანებებს, მაგრამ მაინც მიხარია იქ ყოფნა და მუშაობა, როცა ეს შესაძლებელია. უარესი მოხდება მაშინ, როცა მიკროფიშებისა და პროექტორების ცივილიზაცია წაგვლეკავს. მაშინ იქნებ მოგვენატროს ცერბერებით სავსე ბიბლიოთეკები, სადაც ამრეზით გვიცქერდნენ და წიგნებთან არ გვიშვებდნენ, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც გვქონდა ბედნიერება აკინძულ ფურცლებს შევხებოდით. ეს აპოკალიფსური სცენარიც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ავწონ-დავწონოთ ყველა pro et contra ადამიანზე გაანგარიშებული ბიბლიოთეკისა.
მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ბიბლიოთეკა მაინც შეიძენს ადამიანისათვის მისაღებ განზომილებას და გაიზრდება მისი როლი განათლებაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებაში, ახალგაზრდობის აღზრდაში. ბიბლიოთეკის გამოყენება იმდენად ნატიფი ხელოვნებაა, რომ სულაც არ არის საკმარისი, პროფესორმა გითხრას: “რადგან ამ სამუშაოს ასრულებთ, წადით ბიბლიოთეკაში და შემდეგი წიგნები მონახეთ”. საჭიროა ახალგაზრდებს ვასწავლოთ ბიბლიოთეკით სარგებლობა, ვასწავლოთ მიკროფიშების, ქსეროაპარატების, კატალოგების გამოყენება, ბიბლიოთეკის პერსონალთან ბრძოლაც და მასთან თანამშრომლობაც საჭირო წიგნის მოსაპოვებლად. თუკი გადაწყდება, რომ ბიბლიოთეკა ყველასათვის არ იქნება გახსნილი, ისე მაინც უნდა მოეწყოს, რომ ადამიანმა მისი სარგებლობის სერტიფიკატი მოიპოვოს შესაბამისი კურსების დამთავრების შემდეგ, როგორც ეს ავტომობილის მართვის შემთხვევაში ხდება. ყველამ უნდა ისწავლოს წიგნის პატივისცემა და მისი კითხვის ხელოვნება. ეს მეტად ფაქიზი ხელოვნებაა, ამიტომაც მის გასავრცელებლად მოწოდებული უნდა იყოს სახალხო განათლების სისტემა, რადგან ბიბლიოთეკა სწორედ სკოლის, ადგილობრივი და სახელმწიფო განმგებლობის საქმეა. ეს კულტურისა და ცივილიზაციის საქმეა და ამიტომაც უსამართლობა იქნება, ბიბლიოთეკით სარგებლობა უმრავლესობისათვის რომ საიდუმლოდ დარჩეს.
დაბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა: საჭიროა გადავწყვიტოთ, წიგნების შენახვა გვსურს, თუ მათი წაკითხვის უზრუნველყოფა. არ ვამბობ, რომ ქვეყანას უნდა წავაკითხოთ წიგნები, მათ დაცვაზე კი არ ვიზრუნოთ, მაგრამ არც საპირისპირო უკიდურესობა იქნებოდა სამართლიანი. არც იმას ვამბობ, რომ შუალედური გზის მონახვა იქნებოდა საჭირო. საჭიროა, რომ ორ იდეალთაგან ერთ-ერთმა გადასწონოს და ამის შემდგომად მეორის მაქსიმალური უზრუნველყოფისათვის დაისახოს ღონისძიებები. თუ იდეალი წიგნის დაცვაა, საჭიროა ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მრავალმა წაიკითხოს იგი, თუკი იდეალი მისი წაკითხვაა, საჭიროა რაც შეიძლება საუკეთესოდ დავიცვათ და ორივე შემთხვევაში გავითვალისწინოთ ყველა შესაბამისი რისკი. ამ თვალსაზრისით ბიბლიოთეკის პრობლემა არ განსხვავდება წიგნის მაღაზიის პრობლემებისაგან. ჩვენში მაღაზიების ორი ტიპი არსებობს. ერთი ტიპის მაღაზიები მეტად სერიოზულია, მათში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხის თაროები და შესვლისთანავე გვიახლოვდება სერიოზული ბატონი კითხვით “რა გაინტერესებთ?” – რის შემდეგაც დარცხვენილნი მივდივართ კარებისაკენ. ასეთ მაღაზიებში ქურდობა იშვიათად ხდება, მაგრამ არც ბევრს რასმე ყიდულობენ. გარდა ამისა, არსებობს სუპერმარკეტის მსგავსი მაღაზიები პლასტიკის თაროებით, სადაც ელექტრონული დაცვაა, მაგრამ მაინც ბევრს იპარავენ. შეიძლება ყური მოვკრათ რომელიმე სტუდენტის ნათქვამს: “ეს საინტერესო წიგნი ყოფილა, ხვალ მოვიპარავ”. სტუდენტები ერთმანეთს გადასცემენ მეტად საჭირო ინფორმაციას: “ფელტრინელის მაღაზიაში თუ წაგასწრეს, ვერ გადარჩები”. პასუხად ისმის: “აბა, მარცოკოში წავალ მოსაპარად”. უბრალო გაანგარიშებიდან ჩანს, რომ მაღაზია, სადაც ბევრს იპარავენ, ამავე დროს უფრო ინტენსიურადაც ვაჭრობს. გასაგებია, რომ უფრო მეტ საქონელს იპარავენ სუპერმარკეტებში, ვიდრე რომელიმე კერძო დუქანში, მაგრამ სუპერმარკეტი დიდი კაპიტალისტური ქსელის ნაწილია მაშინ, როცა კერძო დუქანი მხოლოდ წვრილი კომერციის ერთეულია მეტად მცირე შემოსავლით.
ამიტომაც უნდა გადავიყვანოთ ეს ანგარიშები კულტურულ ღირებულებებზე და ავიტანოთ წიგნების შენახვის საქმეში მაქსიმალური რისკი, რათა უზრუნველვყოთ მათი უფრო ინტენსიური გავრცელება. თუ ბიბლიოთეკა მართლაც ქვეყნიერების მოდელია, როგორც ეს ბორხესს სურს, უნდა ვეცადოთ, ეს ქვეყნიერება ადამიანის ზომაზე მოვაწყოთ, რომ იყოს მხიარული და სასიამოვნო, რომ შეიძლებოდეს მის კედლებში ყავის დალევა, სტუდენტებს კი შეეძლოთ დასხდნენ მოხერხებულ ტახტებზე. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უმსგავსო ხვევნა-კოცნა გაუმართონ ერთმანეთს, არამედ მათი ინტიმური გრძნობების რაღაც ნაწილი დახარჯონ მეცნიერულ და განათლებულ გარემოში, სადაც თაროებიდან იღებენ და ფურცლავენ წიგნებს. ამგვარად, ბიბლიოთეკა თანდათანობით გადაიქცევა თავისუფალი დროის ვეებერთელა წარმოებად, როგორც თანამედროვე ხელოვნების რომელიმე მუზეუმი, სადაც შედიან კინოში, მერე ათვალიერებენ ქანდაკებებს, კარგ სადილს მიირთმევენ რესტორანში მუზეუმიდან გაუსვლელად. ვიცი, რომ “იუნესკო” ეთანხმება ამ ჩემს აზრს: “ბიბლიოთეკა… უნდა იყოს ადვილად მისაღწევი და მისი კარები თანაბრად უნდა იყოს ღია საზოგადოების ყველა წევრისათვის, ვინც უნდა გამოიყენოს იგი რასის, კანის ფერის, ეროვნების, ასაკის, სქესის, სარწმუნოების, ენის, სამოქალაქო მდგომარეობისა კულტურული დონის განურჩევლად”. ეს რევოლუციური იდეაა. და კიდევ: “ბიბლიოთეკის შენობას უნდა ეკავოს ცენტრალური პოზიცია, ადვილი უდნა იყოს გამოსაყენებლად ინვალიდებისათვისაც, ღია უნდა იყოს ყველასათვის მოსახერხებელ საათებში. თვით შენობა და მისი შინაგანი მოწყობილობა მყუდრო და სასიამოვნო უნდა იყოს. არსებითია, რომ მკითხველებს თაროებთან უშუალოდ მისვლის საშუალება ჰქონდეთ”.
შევძლებთ კი უტოპიის რეალობად ქცევას?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: