Posted by: burusi | 20/05/2010

გიგა ზედანია – ლევან ბოლქვაძის “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი”

ჯარჯი ბალანჩივაძე

გიგა ზედანია – Giga Zedania (1977)

ლევან ბოლქვაძის “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი”

ამას წინათ უცხოელ სტუმართან მომიხდა კამათი, რომელიც აღფრთოვანებული საუბრობდა “ჰარი პოტერის” შესახებ. პრობლემა კი ის იყო, რომ ამ სტრიქონების ავტორს ჯოან როულინგი გულზე სრულიადაც არ ეხატება. (ამის მიზეზი, გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, არაა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრობა). ჰოდა, ჩემს სტუმარს რომ ვუთხარი, სად “ჰარი პოტერი” და სად, მაგალითად, “ელისი საოცრებათა ქვეყანაში”-მეთქი, ამ ქალბატონმა, რომელსაც, ყველა სიკეთესთან ერთად, ფსიქოლოგიური განათლებაც ჰქონდა მიღებული, გამომწვევი სახით მკითხა, მაშინ მითხარი, რა საბაზისო ღირებულებებს ასწავლის ლუის ქეროლი ბავშვებსო. თანაც, ამ ღირებულებების ჩამოთვლაც დაიწყო: მეგობრობა, სიყვარული, სიძლიერე . . . მე კი აღარ ვაცალე და, საკუთარ გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებულმა, ერთსიტყვიანი პასუხი გავეცი: წარმოსახვა. კამათი აქ შეწყდა, რადგან დღეს ბავშვებს სწორედ წარმოსახვის უნარის განვითარების პრობლემა აქვთ _ იმას, რაც ძველად ზღაპრების კითხვისას შენ თვითონ უნდა წარმოგედგინა, დღეს ტელევიზორში იმდენად ნათლად ხედავ, რომ ფანტაზიის ამუშავების საბაბიც კი არ არსებობს.

მაგრამ ერთი ნამდვილად არის: ლუის ქეროლის წიგნები ბავშვებს მართლაც არანაირ მორალურ წარმოდგენებს არ აძლევს ამ სამყაროს შესახებ. ჰოდა, დავფიქრდი: ვიცნობ თუ არა კარგი და მორალურად სასარგებლო საბავშვო წიგნის ავტორს, რომლის დაპირისპირებასაც წარმატებით მოვახერხებდი ჯოან როულინგისათვის?

დავსვი თუ არა ეს კითხვა, უცბად წამომიტივტივდა მეხსიერებაში ჩემი ბავშვობის უბედნიერესი დღეები, როდესაც წაკითხულ წიგნებში ჯერ კიდევ არ ვეძებდი სხვა ავტორების ციტატებსა თუ ფსიქოანალიტიკურ მოტივაციებს. და გამახსენდა წიგნი, რომლის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში კრინტი არავისთან დამიძრავს _ თითქოსდა მინდოდა, ამ წიგნის შესახებ სხვებს არ შეეტყოთ. გამოგიტყდებით, რომ ეგოისტური იმპულსის გადალახვა მომიწია, სანამ გადავწყვეტდი, რომ ამ წიგნზე დამეწერა – არის ტექსტები, რომელთა არსებობაც საიდუმლოდ გინდა შეინახო. ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ჩემთვის დღემდე ასეთ წიგნს წარმოადგენდა.

წიგნის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, “ჰარი პოტერისას” წააგავს (უფრო სწორად, სულ პირიქით – ქართული წიგნი ხომ 1978 წელს გამოქვეყნდა): ბიჭი, რომლის მამაც დაიღუპება, ხვდება ზღაპრულ სამყაროში, სადაც ის, მრავალი თავგადასავლის შემდეგ, ბოროტების დამარცხებას მოახერხებს, რომელიც განსხეულებულია ქალაქის ტირანში. მაგრამ ეს მსგავსება ბევრად უფრო მნიშვნელოვან განსხვავებებს ფარავს:

ჯერ ერთი, ბიჭი, მართალია, ზღაპარში ხვდება, მაგრამ, განსხვავებით ჰარი პოტერისაგან, ის არც კრეზივით მდიდარია, არც დევიდ ბეკჰემივით სექსუალური სპორტსმენი და არც – გენდოლფივით შემძლე ჯადოქარი. როგორი ბიჭიც იყო, ისეთადვე რჩება, ოღონდ ცდილობს, სიმამაცე და თანაგრძნობის უნარი არ დაკარგოს _ აი, ძირითადი ღირებულებები, რომელთა არსებობის საკითხი აგრერიგად აწუხებდა ჩემს სტუმარს. ლევან ბოლქვაძის წიგნი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ, მთავარ პერსონაჟთან იდენტიფიკაციის შემდეგ, ჩვენი ყველაზე პრიმიტიული სურვილები, რომლებსაც რეალობაში ახდენა არ უწერიათ, კითხვისას დავიკმაყოფილოთ.

მეორეც, და კიდევ უფრო მთავარი, წიგნი არაა დაწერილი რეალისტური ტექნიკით. გავრცელებული ილუზიაა, თითქოს ლიტერატურა სულ უფრო და უფრო სრულყოფილი დასწრებულობის ეფექტის შექმნას უნდა ცდილობდეს. ამ ლოგიკას თუ მივყევით, ეგვიპტური ფერწერის განვითარების უმაღლესი მწვერვალი ფოტოგრაფია უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი საქმე, როგორც ვხვდებით, პირიქითაა – ფოტოგრაფიის გაჩენამ ფერწერას დაანახა, რა მიმართულებით აღარაა საჭირო სვლა. ლიტერატურისათვის ეს როლი ჰოლივუდმა ითამაშა. ვგულისხმობ ისეთი კინოს გაჩენას, რომელიც ბევრად უფრო ადვილად ახერხებს ცხოვრების დასწრებულობის ეფექტის გამოწვევას (ჰოლივუდს იმიტომ ვამბობ, რომ 20-იან წლებში ხმოვანი კინოს გამოგონებამ ავანგარდისტებში ნამდვილი პანიკა გამოიწვია. ერთი ნახეთ, რას წერენ ამის შესახებ ეიზენშტეინი, პუდოვკინი და სხვ. – ხმისა და გამოსახულების სინქრონიზაციამ შეიძლება მოკლას კინო, როგორც ხელოვნება). ჰოდა, “ჰარი პოტერი” სხვა არაფერია, თუ არა ჰოლივუდის ტექნიკის გამოყენებით შექმნილი საბავშვო წიგნი. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, მისი ეკრანიზაცია სრულიად ზედმეტი იყო – როულინგი თითქოს წიგნის ფურცლებზე თვითონვე იღებდა ფილმს. ამისგან განსხვავებით, ლევან ბოლქვაძის წიგნში მუდმივადაა შენარჩუნებული დისტანცია მონაყოლთან. პიკს ეს დისტანცია მაშინ აღწევს, როდესაც წიგნის ბოლოს იმის შესაძლებლობაც მოინიშნება, რომ ბიჭის ზღაპარში მოხვედრა სავარაუდოდ სრულიადაც არ იყო რეალური და რომ სინამდვილეში ეს ზღაპარი პერსონაჟისთვისაც ისეთივე ფანტაზია იყო, როგორც მკითხველისათვის – 10-11 წლის მოზარდისათვის ამის მიხვედრა ნამდვილად იქნება შესანიშნავი გაკვეთილი დახვეწილი ლიტერატურის აღქმის საქმეში.

ეს აბსტრაქტული განაზრებები ლიტერატურაზე, ცხადია, ვერ გაგაგებინებთ, რატომ მიყვარს ეს წიგნი ასე ძალიან. გეტყვით: დეტალების გამო. მაგალითად, ზღაპრულ ქალაქში, მეფე თხოვნას რომ მოისმენს, პირველ მინისტრს ეუბნება, აბა, კანონებში ჩაიხედე, რა წერია ასეთი შემთხვევების შესახებო. მინისტრი კითხულობს, რომელ კანონებში ჩავიხედო, ურღვევში თუ მეორეშიო. მეფეც, იმის მიხედვით, რომელი პასუხი უფრო აწყობს, ხან ურღვევი კანონების მიხედვით ხელმძღვანელობს, ხანაც _ “მეორე” კანონების კრებულით; ბიჭი ზღაპარში ძველი წიგნის გამო ხვდება, რომელშიც შემთხვევით სხვა წიგნიდან ჩაწებებულ ფურცლებს აღმოაჩენს _ მე თუ მკითხავთ, ეკოსა და პერეს-რევერტეს (“დიუმას კლუბი”) დარი ლიტერატურული სვლაა; მეფე საკუთარ ძალაუფლებას ქალაქზე იმით ინარჩუნებს, რომ გაჩერებული და აკრძალულია ყველა საათი. მეფის უკვდავების გაქრობას ქალაქის მთავარი საათის ამუშავება გამოიწვევს – შესანიშნავი ალეგორია დროზე, რომელსაც წიგნში პოლიტიკური განზომილებაც აქვს: ერთ ეპიზოდში მეფე, სწორედ საათებისა და კალენდრების არარსებობის გამო, შუა მაისში ზამთრის დღეს გამოაცხადებს და საკუთარ ქვეშევრდომებს აიძულებს, თოვლი ხვეტონ და იციგურავონ. ლევან ბოლქვაძე კარგად იცნობდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პირველ ნიშანს: ხელისუფალი დგას და გიმტკიცებს, რომ საგანი თეთრია, საგანი კი შენს ცხვირწინ საკუთარი მელნისფერი სიშავით იპყრობს ყურადღებას.

საერთოდ, ჩემი აზრით, ლიტერატურის სიმდიდრე იზომება არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი შედევრებით, რომლებიც ამ ენაზე დაწერილა, არამედ ასევე კარგი უცნობი წიგნებით, რომლების შესახებაც მხოლოდ ნამდვილმა მკითხელებმა უწყიან. XX საუკუნის რუსული პროზა ბრწყინვალეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულ ენაზე “ოსტატი და მარგარიტა” დაიწერა, არამედ იმიტომაც, რომ ამ ენაზე არსებობს კონსტანტინ ვაგინოვის სრულიად შესანიშნავი “თხის სიმღერა”, რომელიც თითო-ოროლა კაცს თუ ექნება წაკითხული; XIX საუკუნის ინგლისური რომანტიზმი მარტო იმიტომ კი არაა განსაკუთრებული ეპოქა, რომ ამ დროს ბაირონი წერდა თავის “უძინართა მზეს” (“შუნ ოფ ტჰე შლეეპლესს” ბაირონის ლექსის პირველი სტრიქონი იყო, სანამ ბაბლუანის ფილმის სათაური გახდებოდა), არამედ იმიტომაც, რომ მასებისათვის უცნობი თომას ბედოუზი ამ დროს ქმნიდა საუცხოო ლექსებს წყვდიადის შესახებ. ასეთი კარგი და ნაკლებადცნობილი წიგნია ლევან ბოლქვაძის “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავიც”. მაგრამ, მეორე მხრივ, იქნებ დადგა დრო, რომ ეს ტექსტი უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს?

ქართველი გამომცემლების იმედი გვქონდეს. მე კი ავტორზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას: ლევან ბოლქვაძე 1924 წელს დაიბადა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ის 21 წლის ასაკში დააპატიმრეს და რვა წლით „ლაგერში“ გაუშვეს, რის შემდეგაც სამი წელი გადასახლებაში მოუწია ყოფნა. ბანაკში ის სოლჟენიცინთან ერთად იჯდა და რუსი მწერლის რამდენიმე პერსონაჟის სახელსა და ხასიათს ეტყობა ამ ნაცნობობის კვალი. განათლებით ფილოლოგი იყო, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია მისი წიგნისათვის – არსებობს დახვეწილობის დონე, რომელსაც მხოლოდ ის მწერლები აღწევენ, ვისთვისაც ლიტერატურა არა მხოლოდ შთაგონება თუ პროფესიაა, არამედ – შესწავლის ობიექტიც (ბორხესი, ეკო, აკუნინი). „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია. თავად მწერალი 1986 წელს გარდაიცვალა. ახლა არ დაიწყოთ, მეტი რატომ არაფერი დაწერაო:P არც ალენ-ფურნიეს დაუწერია „დიდი მოლნის“ გარდა სხვა რომანი, მაგრამ განა ამით მის წიგნს რამე დააკლდა? დიდი-დიდი, მკითხველი დარჩა წაგებული.

ალენ-ფურნიეზე შემდეგ.

© ანაბეჭდი

2006

წყარო: http://lib.ge

Share


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: