Posted by: burusi | 07/05/2010

ინტერვიუ გერმანელ მწერალ დომინიკ ირტენკაუფთან

დომინიკ ირტენკაუფი – Dominik Irtenkauf

დომინიკ ირტენკაუფი – Dominik Irtenkauf

ინტერვიუ გერმანელ მწერალ დომინიკ ირტენკაუფთან (2007 წლის 28 სექტემბერს)

ბატონო ირტენკაუფ, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს.

სიამოვნებით. მე მივეკუთვნები ახალგაზრდა გერმანელი მწერლების რიცხვს. დღემდე გამოქვეყნებული მაქვს ორი პატარა წიგნი: გასულ წელს გამოვეცი წიგნი ეშმაკის მითზე, წელს კი, ივლისის თვეში, გამოვიდა სხვადასხვა ტექსტების კრებული. ამჟამად ვიმყოფები საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სტიპენდიის, “მუზის”, წყალობით. იმედი მაქვს, რომ წიგნით, რომელიც საქართველოში ჩემი ყოფნის დროს დაიწერება, ერთ ნაბიჯს მაინც გადავდგამ წინ, რათა დავუახლოვდე ლიტერატურას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გარესამყაროზე და გამოცდილებაზე.

საქართველოში ჩამოსვლა თქვენი განზრახვა იყო თუ – უფრო შემთხვევითობა? როგორ მოხვდით ამ ქვეყანაში.

თქვენი ქვეყნით მე პირველად დავინტერესდი მიუნსტერში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლის დროს, როცა ბატონი დათო ბარბაქაძე გავიცანი. სწორედ მან გამაცნო მდიდარი ქართული კულტურა და დამაახლოვა მასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დათო დიდი ძალისხმევის პიროვნებაა, როცა საქმე ინტერკულტურულ ურთიერთობებს ეხება. ჩემი ინტერესის სფეროს მითოლოგია წარმოადგენს, ამიტომ, ცხადია, გადავწყვიტე გამეცნო ქართული მითოლოგია, სადაც აღმოვაჩინე ამირანი, რომელსაც დიდი მსგავსება აქვს ბერძნულ პრომეთეოსთან. მე ხშირად მსმენოდა საქართველოს ევროპისკენ მისწრაფების შესახებ და მინდოდა უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ამ საკითხზე. ასე რომ, შეიძლება ითქვას – მე გამიზნულად ვეძებდი გზას საქართველოში ჩამოსასვლელად. ჩემთვის სრულიად უცხო გარემოსა და ენის ბარიერის მიუხედავად, აქამდე ერთი წუთითაც არ მინანია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

რა იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ქვეყანასა და ხალხზე? თქვენს ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ბუნება ტოსკანას მოგაგონებთ…

ჩემი პირველი შთაბეჭდილება? რთული სათქმელია, რადგან იგი უამრავმა მომდევნო შთაბეჭდილებამ გადაფარა. მე ვცდილობ, ჩემი პროექტის ფარგლებში, საქართველოსთვის საკუთარი ფენომენოლოგიის შექმნას, რაც ნიშნავს: თითოეული აღმოჩენა და გამოცდილება ერთმანეთს დავუკავშირო და საბოლოოდ რეალისტურად ავსახო, თან ჩემი საკუთარი გულიდან წამოსული ნაპერწკალიც მივუმატო. ქართველი ხალხი ძალიან კარგად შემხვდა. ამავე დროს იმასაც ვიტყოდი, რომ ქართველებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა გააჩნიათ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება განზოგადება და ყოველი მათგანის ერთნაირად დახასიათება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხალხი კეთილგანწყობილია უცხოელთა მიმართ და ყოველგვარი დახმარებისთვის მზად არის. თვალში უარყოფითად მომხვდა ქართველების განსაკუთრებული გატაცება ავტომანქანებით და მე მასში ვხედავ გმირი ამირანის გალაშქრებას დღევანდელ საქართველოში, “ბრძოლისთვის მზადყოფნას” ქუჩაში, ძრავების ჭიხვინა ხმას. ბუნების სილამაზე აუწერელია, შეუდარებელი. შესაძლებელია თქვენთვის, როგორც ქართველისთვის, უფრო იოლია, თქვენი თანამემამულეების აღწერა, მაგრამ მე შთამაგონებელი სცენების არარსებობაზე ვერ ვიწუწუნებ.

თქვენს მიერ ნახსენები საქართველოს ლტოლვა ევროპისკენ უკვე საუკუნეებს ითვლის. ოლივერ ლიპერტთან ინტერვიუში იმედს გამოთქვამდით, რომ “ეს პროექტი ევროინტეგრაციის საკითხში თავის წვლილს შეიტანს”. საქართველოში ორთვიანი ცხოვრების შემდეგ როგორ შეაფასებდით ქართულ კულტურას – ორიენტირებულს ევროპისკენ თუ აზიისკენ?

თქვენი კითხვით უკვე ასახეთ ევროპისკენ ლტოლვის ტენდენცია. ორი თვე, რა თქმა უნდა, მოკლე დროა, მაგრამ მე ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო კულტურულად უდავოდ ევროპის მსგავსია, რაც თვალნათლივ ჩანს ხელოვნებაში. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ქართული კულტურის ორიგინალურობა და არა – ევროპის გავლენის შედეგად დროთა განმავლობაში სახეცვლილი კულტურული მახასიათებლები. ორიგინალურობაში ვგულისხმობ მკვეთრად განსხვავებულ მუსიკალურ ფენომენს. ზეიმებზე მაგიდის თავში მჯდომი თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სხვა საინტერესო ტრადიციებს. მიმაჩნია, ეს ტრადიციები თავისი დატვირთვით პოეტური ხასიათისაა და მათ შეუძლიათ ევროპისთვის, განსაკუთრებით შუა ევროპისთვის, ახალი იმპულსების მიცემა. რაც მე მაღელვებს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის იდეაში, არის საკუთარი ენის უპატივცემლობა, როგორც დაახლოების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. ბიზნესის ინგლისური არ არის საკმარისი, რომ სხვადასხვა ერები ერთმანეთს დაუახლოვო. გერმანიაში ეკონომიური გაერთიანების აუცილებლობა უკვე დიდი ხანია აღიარეს; ეტყობა, საქართველოც აპირებს ამ მაგალითით ხელმძღვანელობას. თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, აღმოაჩენთ უამრავ, ევროპული ნივთებით სავსე, მაღაზიას და სილამაზის სალონს ქალბატონებისთვის. არ შეიძლება ამით დავკმაყოფილდეთ, თუ, მაგალითად, გერმანიის და საქართველოს ერთმანეთთან დაახლოება გვსურს. ამას ვგულისხმობდი, როცა წეღან უცხოელების მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდი. არ უნდა დაივიწყონ ქართველებმა, რომ არ შეიძლება საკუთარი ტრადიციების უგულებელყოფა მოკლეხნიანი ეკონომიური და სამხედრო უპირატესობების (ნატო-ში გაერთიანება) გამო. ევროპის გაერთიანება უფრო არაპოლიტიკური გზით მიმდინარეობს, რაზეც ჩემი პასუხიც მეტყველებს. მთავარია ურთიერთგაგება, რისთვისაც უცხო ენების შესწავლა აუცილებელია. ამის შემდეგ შესაძლებელია დაახლოება მრავალი გზით.

ოლივერ ლიპერტთან ინტერვიუში თქვენ ახსენეთ თქვენი დამოკიდებულება რელიგიის და ეკლესიის მიმართ. რას ფიქრობთ, რა როლს თამაშობს ქართველის ცხოვრებაში რელიგია? როგორ ზეგავლენას ახდენს ის, დადებითს თუ უარყოფითს, ქართველების არსებობასა და თვითშეგნებაზე XXI საუკუნეში?

საქართველოშიც მოხდა მატერიალური და რელიგიური სამყაროს ერთმანეთისგან განცალკევება, ამას ხელი შეუწყო ხანგრძლივმა კომუნისტურმა მმართველობამაც. მე ვფიქრობ, რომ ორთოდოქსული რწმენა ზოგან, უპირველეს ყოვლისა – რეგიონებში, უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე – დედაქალაქში. მეცნიერებს და აკადემიკოსებს თითქოსდა არავითარი შეხება არა აქვთ რელიგიასთან, ისევე, როგორც გერმანიაში. ისინი ლიტურგიაზე და წირვაზე არ დადიან, მაგრამ მთლად ზურგის შექცევა, ტრადიციული მიზეზების გამო, აქ გამორიცხულია. საქართველოში რამდენჯერმე მოვისმინე აზრი, რომ ეკლესიას, საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება სურს პოლიტიკაში. მე ამის შეფასებას ვერ შევძლებ. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია რწმენა, რომელიც ჩემს აზროვნებას არ დათრგუნავს. ცხოვრებაზე რომ მხოლოდ მატერიალისტური შეხედულებები არ მაქვს, ამან ჩემს პასუხშიც (ევროპისკენ სწრაფვის თემაზე) გაიჟღერა. მომხრე ვარ ყველანაირი რელიგიური, სპირიტუალური ან სულიერი აღქმის, მაგრამ ორგანიზაციებზე დიდი აზრის არ ვარ, რადგან სხვა რწმენისგან გასამიჯნავად მათ ყოველთვის დოგმა ესაჭიროებათ. როცა მე ზედაზენზე ვდგავარ და ქართლს ვუყურებ, მაშინ არ მჭირდება აღსარება, მტკიცება ჩემი სიმართლის, რომელიც მეუბნება: გაიხარე ადამიანო, შენ გაქვს უფლება, რომ აქ იყო – და ღმერთს შენთვის ბოროტება არ უნდა! თუ ქართველების გული ღია იქნება რწმენისთვის, მაშინ საეკლესიო ცხოვრება ვერ შეძლებს მასზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას. სულაც არ მინდა უარვყო რიტუალების აუცილებლობა, მაგრამ ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

თქვენ აპირებდით გაგერკვიათ, თუ რამდენად უკავშირდება საქართველო თქვენს მშობლიურ ქვეყანას მითოლოგიური თვალსაზრისით. როდის მიეცემა მკითხველს საშუალება, იხილოს თქვენი საქართველოში ყოფნის დროს დაწერილი წიგნი?

ეს იქნება წიგნი. თუმცა, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, გამოვცემ თუ არა წიგნად ჩემს ჩანაწერებს, რომლებიც პიროვნული ხასიათისაა. საქმე ძალიან კარგად მიიწევს წინ. ამჟამად უკვე ასზე მეტი ხელნაწერი გვერდი შევქმენი. სტიპენდია – „მუზა“ ითვალისწინებს, რომ გერმანიაში ჩემი დაბრუნებიდან არა უგვიანეს ექვსი-ცხრა თვის განმავლობაში წარვუდგინო საქართველოს განათლების სამინისტროს გამოსაცემად გამზადებული ხელნაწერი და ვაწარმოო მოლაპარაკებები დაინტერესებულ გამომცემლობებთან. წინასწარ სამ გამომცემლობას ველაპარაკე და მათ სერიოზული დაინტერესება გამოიჩინეს ხელნაწერის მიმართ. თუ წიგნმა ლექტორატის კრიტიკას გაუძლო, ის შემდეგ წელს გამოქვეყნდება. ამის შემდგომ სამინისტრო მის ქართულ ტარგმანს მოამზადებს, ასე რომ, ქართველებსაც შეეძლებათ გაეცნონ ჩემს წიგნს მომავალ წელს. წიგნს გერმანიაში დავამუშავებ და უსათუოდ ცვლილებებს შევიტან.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, თქვენი, როგორც ხელოვნის, ჰორიზონტის გასაფართოებლად უკვე რამდენიმე საინტერესო მოგზაურობა განახორციელეთ უცხოეთში. რას აპირებთ მომავალში? რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას?

პირველ რიგში, საქართველოზე წიგნი უნდა დავამთავრო. ამასთან, მე არ ვფიქრობ, რომ იგი ამ პატარა, შავი ზღვის და კავკასიის შორის მდებარე ქვეყნის შესახებ ჩემი ბოლო წიგნი იქნება. შესაძლებელია, რომ საქართველოში ჩემი ყოფნის ეს სამი თვე მე უფრო მეტ იდეას მაჩუქებს, ვიდრე ახლა შემიძლია წარმოვიდგინო. ევროპის ან მსოფლიოს სხვადასხვა ლიტერატორის ერთმანეთთან დაახლოების იდეა არ მასვენებს, რადგან მე ამაში შანსს ვხედავ, განსაკუთრებით გერმანულენოვანი მწერლისთვის. უკვე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმი ნიუ იორკელ პოეტ ირა კოჰენზე, რომელიც მსოფლიო მოგზაური იყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და, თავისი ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, კიდევ აგრძელებს მოგზაურობას. ეს პროექტი სტიპენდიის გამო ცოტა დავიწყებას მიეცა, მაგრამ არ გადამიფიქრებია. გამოიცემა ჩემი ექსპერიმენტული რომანი-კოლაჟი. იგი სამ ენაზეა შექმნილი და, ამის გამო, გერმანიის საზღვრებს გარეთაც გააღწევს. რაც მთავარია, მომავალ წელს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს სადოქტორო სამუშაოს (“Eინფლუß დერ აბენდლäნდისცჰენ Eსოტერიკ აუფ Kულტურ უნდ Gესცჰიცჰტე Eუროპას”) მივუბრუნდები.

ბატონო ირტენკაუფ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ჩვენთვის გამოყოფილი დროისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კულტურულ და ლიტერატურულ საქმიანობაში, და ასევე – საქართველოში დარჩენილი დღეების სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებას. ხომ არ გსურთ, ჩვენს მკითხველს კიდევ რამე შეატყობინოთ?

დიდი მადლობა (ამბობს ქართულად). მცირე უწყება ყველა თბილისელი მკითხველისთვის: შემდგომ ოთხშაბათს, სამ ოქტომბერს, მზიურის პარკში, 16 საათზე, წავიკითხავ ჩემი უკვე გამოცემული წიგნებიდან ფრაგმენტებს. გამიხარდება თითოეული მსმენელის დასწრება. 17 ოქტომბერს კი,13 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, წავიკითხავ ლექციას ჩემი მითოლოგიური კვლევის შესახებ.

ავტორთან ინტერვიუ მოამზადა და ქართულად თარგმნა ირაკლი ბალახაძემ (სპეციალურად ვებგვერდისთვის Allgeo.org)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: