Posted by: burusi | 02/05/2010

გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი – Giorgi Akhvlediani (1887 – 1973)

ქართველი ენათმეცნიერი გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი დაიბადა 1887 წლის 13 აპრილს, სოფ. დერჩში (ახლანდელი წყალტუბოს რაიონი). 1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას “ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სვალურ ენებში” ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები (“ენათმეცნიერების შესავალი”, 1918-1919; “სანსკრიტი”, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.

ახვლედიანმა ი. ყიფშიძესთან და ა. შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა “ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება”. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.

მისი ნაშრომები “ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები” (ტ. 1, 1938), “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები” (1949), “ზოგადი ფონეტიკის შესავალი” (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების – ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.

ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან “დასაბამი ნივთთა” (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან “ავესტა” (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს (“ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო”, 1914).

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა “ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში” (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963).

თსუ-ის პროფესორი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1973 წლის 7 ივლისს თბილისში

წყარო:
ძიძიგური შ., გიორგი ახვლედიანი, თბ., 1967;
ქსე, ტ. 2.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: