Posted by: burusi | 01/05/2010

ლევან ზ. ურუშაძე

ლევან ურუშაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2009 წელი

ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

ლევან ზ. ურუშაძე, – ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი. დაიბადა 1964 წლის 7 თებერვალს, თბილისში. მამა, – ბიოფიზიკოსი, პროფესორი ზურაბ ურუშაძე; დედა, – ბოტანიკოსი, პროფესორი გურანდა ღვალაძე. საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1981 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე და 1986 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტის საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის (ისტორიის) განყოფილება თურქეთის ისტორიის სპეციალობით.

1986-1989 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, ხოლო 1989-1995 წლებში ამავე ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. 1990 წლის მარტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “საქართველოს ისტორიის საკითხები XX საუკუნის თურქულ ისტორიოგრაფიაში” (სამეცნ. ხელმძღვანელი: პროფ. გიული ალასანია). აღნიშნული ნაშრომი მონოგრაფიის სახით გამოიცა 1994 წელს. 1991 წელს ლ. ურუშაძე იყო რადიოსადგურ “თავისუფალი საქართველო”-ს პოლიტიკური მიმომხილველი, 1991-1995 წლებში გაზეთ “თავისუფალი საქართველო”-ს კორესპონდენტი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების რედაქტორი. 1995-2003 წლებში რედაქტორობდა მის მიერვე დაფუძნებულ დამოუკიდებელ საინფორმაციო-ანალიტიკურ ბიულეტენს “ადამიანის უფლებები”. 1998 წელს მისი მონაწილეობით დაფუძნდა საერთაშორისო ასოციაცია “კავკასია: ეთნიკური ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, გეოპოლიტიკა” (საკეაგ) და 2005 წლამდე იყო მისი თანათავმჯდომარე. 2005 წელს მოხდა ასოციაციის რეორგანიზაცია, მას ეწოდა “აფხაზეთიდან დევნილთა უფლებების დაცვის ასოციაცია” (ადუდა). 1998 წელსვე მისი თაოსნობით დაფუძნდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი პან-ევროპული ასოციაციის, – “ევრომეცნიერების” საქართველოს ეროვნული სექცია. იყო მისი ჯერ აღმასრულებელი მდივანი, 2000-2006 წლებში კი – თავმჯდომარე. 2004-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2006 წლის მაისში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე “საქართველოს და კავკასიის XVIII-XX საუკუნეების ისტორიის საკითხები ქართულ ემიგრანტულ ლიტერატურაში” (მეცნიერ-კონსულტანტი: პროფ. გიული ალასანია) და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

2006 წლის 26 მაისს ლ. ურუშაძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. 2006 წლის ნოემბრიდან მუშაობს ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ თანამშრომლად – საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორად.

ლევან ზ. ურუშაძე არის თურქეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის, საქართველოს შუა საუკუნეთა ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს და კავკასიის ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს XVIII-XX საუკუნეების ისტორიის, საქართველოს 1801-1917 და 1921-1991 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის საკვანძო საკითხებზე გამოქვეყნებული 130-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის, ავტორი. მასვე ეკუთვნის ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი.

ლევან ზ. ურუშაძე არჩეულია უცხოეთის არაერთი სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის წევრად. მათგან აღსანიშნავია: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოება (RAS), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (WAAS, აშშ), ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოება (ეროვნული აკადემია), კულტურათაშორის კვლევების საერთაშორისო აკადემია (IAIR, აშშ).


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: