Posted by: burusi | 29/04/2010

ლევან ზ. ურუშაძე – ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს (1924-1954) იდეოლოგიის რაობისათვის

თეთრგიორგელთა ჯგუფი. ცენტრში ლეო კერესელიძე, მიხაკო წერეთელი და სიმონიკო ბერეჟიანი, 1934 წ.

ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს (1924-1954) იდეოლოგიის რაობისათვის

1924 წლის აგვისტოს ეროვნული ამბოხების დამარცხებისა და ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ აუცილებელი იყო სავსებით პარალიზებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რეანიმირება, მოქმედების ახალი გზების მოძიება. საკუთრივ საქართველოში დიდი და ძლიერი იატაკქვეშა ორგანიზაციის შექმნა შეუძლებელი იყო. ამიტომ იქმნებოდა მცირერიცხოვანი და მობილური არალეგალური ჯგუფები.
განსაკუთრებით გააქტიურდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არასოციალისტური ფრთა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სწორედ იმ ხანებში (1924 წლის ოქტომბერი) საფრანგეთში საქართველოს ეროვნული გმირის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930), მისი შეფიცულების და ეროვნული პოლიტიკური მოძრაობის რამდენიმე გამოჩენილი მოღვაწის (შ. ამირეჯიბი, დ. ვაჩნაძე და სხვანი) ჩასვლამ.
1924 წლის სექტემბრის დამლევს ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის აქტიურ წარმომადგენელთა ჯგუფმა შალვა ბერიძის (შემდგომში ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი) თაოსნობით პარიზში დააფუძნა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია „მომავალი“. შეადგინეს 10 მუხლისგან შემდგარი დებულება, რომელიც მთლიანად ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღდგენაზე და კულტურულ-ისტორიული ტრადიციების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ორგანიზაციის სულისკვეთების გარკვევისათვის საკმარისია მოვიხმოთ დებულების დასკვნითი
მე-10 მუხლი: „მომავალი“ არის თავისუფალი, უწმინდესი შეფიცვა უტყუარის პატრიოტიზმით აღჭურვილი ქართველებისა და საქართველო სამლოცველო დიდებაა მისთვის“. აღსანიშნავია, რომ დებულება ითარგმნა და გამოქვეყნდა ფრანგულ პერიოდულ პრესაში.

იმავე წლის 24 ოქტომბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები მიწვეულ იქნენ „მომავლის“ ერთ-ერთ სხდომაზე. შეფიცულთა ბელადმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი წინადადება ორგანიზაციისთვის ეწოდებინათ „თეთრი გიორგი“, ვინაიდან გველეშაპის განმგმირავი თეთრი გიორგი (წმინდა გიორგი) იყო ქედუხრელი, მებრძოლი საქართველოს სიმბოლო. შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩოლოყაშვილის წინადადებას. ამდენად, „თეთრი გიორგი“-ს ნათლია გახლდათ ქაქუცა, ხოლო ორგანიზაციის დაფუძნების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნას 1924 წელი (და არა 1925, როგორც არის მითითებული „თეთრი გიორგი“-სადმი მიძღვნილი პუბლიკაციების ნაწილში). მართალია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული იყო ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებისა, – არ ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ნაადრევ აღსასრულამდე (1930) იგი იყო „თეთრი გიორგი“-ს ერთგული თანამდგომი და მისი სულიერი წინამძღოლი.

როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზაციის პირველი საპროგრამო ხასიათის დოკუმენტი გახლდათ 10-მუხლიანი დებულება, რომელიც გამოქვეყნდა 1925 წლის იანვარში. მასში ხაზგასმით იყო დაფიქსირებული პატრიოტული დარაზმულობის ზეპარტიული ხასიათი. იმთავითვე ორგანიზაციის ლოზუნგი („ყიჟინა“) იყო: „საქართველო უწინარეს ყოვლისა“ [1].
„რუსული ნაჯახით მოსჩეხეს ისედაც განახევრებულ საქართველოს მისი მიწა-წყლის თითქმის მეოთხედი და მით იყიდეს ოსმალეთის მეგობრობა და ამიერ-კავკასიის ერთა შორის შექმნეს ის მოჩვენებითი მშვიდობიანობა, რომელიც თავის სიღრმეში ატარებს ისეთი შუღლისა და შურისძიების ელემენტებს, რომელიც არასდროს არსებულა ამ ერთა შორის. საქართველოს საკუთრებად ცნობილი ტერიტორიაც კი ხელოვნურად რამოდენიმე ავტონომიურ რესპუბლიკად დაანაწილეს.

ერთი სიტყვით, საქართველოში ყველა ბატონობს გარდა ქართველისა: საქართველოში ყველაფერი კეთდება გარდა ქართულისა; საქართველო ყველაფერია, გარდა საქართველოისა“- აღნიშნულია „საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა „თეთრი გიორგი“-ს დამფუძნებელი კრების დეკლარაციაში“, რომელიც გამოქვეყნდა 1925 წლის 15 ივნისს [2].
მითითებული დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებულია ორგანიზაციის ძირითადი მიზნები:
„1. ერის განთავისუფლება რუსეთის მონობისაგან; 2. საქართველოს მთლიანობის აღდგენა; 3. ბრძოლა რუსული ენის, აზროვნების და ყოველგვარი რუსულის ბატონობის წინააღმდეგ; 4. საქართველოს გაწმენდა მისდამი მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან; 5. საქართველოს მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობის დაცვა მომავალში აჭრელებისაგან; 6. ეროვნული ქონებისა და სამეურნეო ასპარეზის დაცვა ქართველთათვის; 7. ქართული ენის ფიზიკური, სულიერი და გონებრივი გაჯანსაღება. ქართული აზროვნების განთავისუფლება იმ მიუწვდომელ ფანტასტიკურ ოცნებათაგან, რომელნიც შლიან ეროვნული ძალების მთლიანობასა, თანამშრომლობას და ვერ ეგუებიან ნაციონალურ სახელმწიფოს იდეას“ [2].

ლეო კერესელიძე - Leo Kereselidze

1925 წლის ნოემბერში ორგანიზაციის ხელმძღვანელად (მთავარ მდივნად) არჩეულ იქნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე (1880-1944), რომელმაც, თავის მხრივ, ერთ-ერთ ხელმძღვანელად მიიწვია თავისი უახლოესი თანამებრძოლი, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965). იმავე ხანებიდან ორგანიზაციამ მიიღო სახელწოდება: „ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი““. მისი მთავარი იდეოლოგები იყვნენ სწორედ ლ. კერესელიძე და მ. წერეთელი.
დარაზმულობის იდეოლოგიის რაობის გარკვევისათვის მეტად ფასეულია ლეო კერესელიძის წერილი „ჩვენი იდეოლოგიის ზოგიერთი მხარეები. ეროვნული დისციპლინა“, რომელიც გამოქვეყნდა 1934 წელს.
„ყოველ დისციპლინას სამი საერთო თვისება აქვს: იერარქია, ბრძანებისადმი დამორჩილება და სანქცია. მაგრამ განსხვავდებიან მიზნებით და მთავარი საკითხი სწორედ ამაში მდგომარეობს. დისციპლინის საზოგადოებრივი ღირებულების შესაფასებელი კრიტერიუმი მისი მიზანია. მარქსისტული დისციპლინის მიზანი ანტიეროვნულია. იგი ცდილობს ეროვნულ ფუძეთა და თვით ერის დანგრევას. ხოლო ფაშისტური დისციპლინის მიზნები ეროვნულია“-ო, მიუთითებს ავტორი [3]. ამ ამონარიდში სტატიისა საყურადღებოა ორი მომენტი: 1. სავსებით ნათლად და მკაფიოდ ჩანს როგორც ავტორის, ისე დარაზმულობის დამოკიდებულება მარქსიზმისა და მარქსისტული იდეოლოგიისადმი: იგი შეფასებულია, როგორც მკვეთრად ანტიეროვნული. 2. ავტორი ლაპარაკობს ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ფაშისტურ დისციპლინაზე, როგორც ეროვნულზე და ეს საკითხი მოითხოვს მკაფიო განმარტებას. რა თქმა უნდა, პროგრესული კაცობრიობა ფაშიზმს აღიქვამს, როგორც ძალადობის, აგრესიის, სისხლისღვრის სიმბოლოს, მაგრამ, როგორ იწყებოდა ყოველივე ეს? როგორც ცნობილია, ფაშისტური იდეოლოგია იტალიაში ჩაისახა 1910-იანი წლების დამლევს ბენიტო მუსოლინის წინამძღოლობით. სიტყვა „ფაშიო“ („Fასციო“) ქართულად ითარგმნება, როგორც „კავშირი“, „ერთობა“. თავისი თავდაპირველი არსით ამ ტერმინის სეხნია იდეოლოგია გულისხმობდა ერის ერთობას. იტალიური ფაშიზმის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენდა “კორპორატიული სახელმწიფოს” იდეა, რაც გულისხმობდა ერის შემადგენელი ყველა კლასის თანასწორობას და ერთობას. კორპორატივიზმის იდეის თანახმად, ყოველი საზოგადოების ელემენტარულ, საწყის ბირთვს შეადგენს არა ცალკეული პიროვნება, არამედ გარკვეული სოციალური ჯგუფი ამ საზოგადოებისა. სხვათა შორის, კორპორატიული სახელმწიფოს იდეა საფუძვლად დაედო ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამედროვე პოლიტიკურ მიმდინარეობას, – ქრისტიანულ დემოკრატიას. ფაშისტური კორპორატივიზმი გახლდათ პასუხი მარქსისტული მიმდინარეობების – ბოლშევიზმისა და სოციალ-დემოკრატიისადმი და ჩაისახა, როგორც მათ მიმართ მკვეთრად დაპირისპირებული იდეოლოგია. ფაშისტური იდეოლოგიის თავდაპირველი საფუძვლები ჩამოყალიბებულია მუსოლინის ნაშრომში „„La Dottrina del Fascismo“ (1922). „თეთრი გიორგი“-ს ლიდერებმა ორგანიზაციის იდეოლოგიის შექმნისას გაითვალისწინეს სწორედ ყოველივე ზემოთქმული და გამოიყენეს ბოლშევიზმის, საქართველოს დამპყრობი საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად. თეთრგიორგელთა მიზანი იყო არა სხვისი თუნდაც ერთი გოჯი მიწის ხელთგდება, არამედ ბოროტების წითელი იმპერიის მარწუხებიდან მშობელი ერისა და ქვეყნის დახსნა. ამ ერთად ერთ და სანუკვარ მიზანს ემსახურებოდა დარაზმულობის მთელი საქმიანობა. ამას ზედმიწევნით ადასტურებს თუნდაც ლეო კერესელიძის ხსენებული სტატიის მთელი შინაარსი.
„ეროვნული ანუ ფაშისტური დისციპლინა, ე.ი. დისციპლინა, რომელსაც თ.-გ. („თეთრი გიორგი“ – ლ.უ.) საქართველოში დაამყარებს, ეხება ეროვნული ცხოვრების ყოველ გამომჟღავნებას. იგი ვრცელი და მთლიანი ფაქტორია, მისი მთავარი მიზანი არის შემდეგი: 1) პიროვნების აღზრდა ღირსეულ მოქალაქედ და პატრიოტად; 2) განმტკიცება და დაცვა ეროვნული მთლიანობისა; 3) ეროვნულ წიაღში მშვიდობიანობის და წესიერების დამყარება“- ო, აღნიშნავს ავტორი [3].
ქართული ეროვნული დისციპლინის მთავარ საფუძვლებად ლეო კერესელიძე მიიჩნევს: 1) ოჯახს, როგორც საზოგადოების ერთიანი ორგანიზმის ერთ-ერთ უმთავრეს უჯრედს; 2) სკოლას, რომელიც წმინდა ეროვნულ ნიადაგზე უნდა იყოს დაფუძნებული; 3) ეკლესიას, როგორც საზოგადოების ზნეობისა და სულიერების უპირველეს დარაჯს და 4) კორპორაციას. ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს ავტორი „კორპორაციას“: „კორპორატიული ორგანიზაცია ნიშნავს ეროვნული ეკონომიკის შექმნას და მასში მტკიცე დისციპლინის დამყარებას. კორპორატიული სისტემის მეოხებით ბოლო ედება კლასთა ბრძოლას და მყარდება კლასთა სოლიდარული თანამშრომლობა. აქ კლასთა ურთი-ერთობა და ერის ეკონომიური შემოქმედება დამორჩილებულია ეროვნულად მიზანშეწონილ და ძლიერ დისციპლინისადმი“ [3].
არანაკლებ საყურადღებოა სტატიის დასკვნითი ნაწილი: „ამნაირად, ეროვნული დისციპლინა ეხება ერის ცხოვრების ყოველ დარგს. ყოველი მოქალაქე, ყოველი სოციალური ფაქტორი ჩაყენებულია ეროვნული დისციპლინის ჩარჩოებში. ეს ფართო და ყოველმხრივი დისციპლინა შექმნილია ეროვნული მიზანშეწონილობით და ემსახურება ეროვნულ მიზნებს. გამგე და ხელმძღვანელი მთლიანი ეროვნული დისციპლინისა არის თვით ეროვნული მთავრობა. აი, რას ვუწოდებთ ჩვენ ეროვნულ დისციპლინას. არ უნდა გვეგონოს, რომ ეროვნული დისციპლინის მთავარ ძალას ფიზიკური სანქცია შეადგენდეს. პირიქით: ეროვნული დისციპლინის მთავარი ნიადაგი არის შეგნება.“
1936 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა დარაზმულობის მე-4 ყრილობის მიერ დამტკიცებული უაღრესად მნიშვნელოვანი საპროგრამო დოკუმენტი: „ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს დებულებანი მოღვაწეობისა და ბრძოლისათვის“. მეტად საინტერესოა ამ დოკუმენტის თუნდაც ქვესათაურები: 1. „საქართველო უწინარეს ყოვლისა!“; 2. „თეთრი გიორგის დარაზმულობის უახლოესი მიზანია საქართველოს გათავისუფლება რუსეთის ბატონობისაგან“; 3. „საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თეთრი გიორგი მხარს უჭერს და უკავშირდება ყველა იმ ძალას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული“; 4. „თეთრი გიორგის მიზანია: განთავისუფლებული საქართველო შეიქმნას ეროვნულ სახელმწიფოდ, რომელიც დამყარებული იქნება ეროვნული ერთობის საფუძველზე და განმსჭვალული ქართული ეროვნული სულის ბრწყინვალე ტრადიციებითა და ქართული ისტორიის იდეალებით“; 5. „ყველა ქართველი თანასწორ-უფლებიანი და თანასწორ-მოვალეობიანია“; 6. „ქართველი ერის სიმდიდრე და მისი მასაზრდოებელი მიწაა: მიწა უნდა მიეკუთვნოს მხოლოდ მიწისმოქმედს“; 7. „ქართული მრეწველობა უნდა განვითარდეს მისი შესაძლებლობის ფარგლებში და შრომასა და კაპიტალს შორის უნდა დამყარდეს თანამშრომლობა ურთიერთ ინტერესთა დაცვით“; 8. „საქართველო არის სამეფო. ეროვნული მთავრობა დამყარებული დარბაზზე, ითანამშრომლებს მეფესთან. დარბაზი (პარლამენტი – ლ.უ.) შედგენილია ეკონომიკურ და კულტურულ დარგთა წარმომადგენელთაგან“; 9. „ეროვნული თავდაცვისთვის მოწყობილი უნდა იქნას ჯარი თანამედროვე დებულებათა მიხედვით და დადებულ იქნას სახელმწიფოსთან სათანადო კავშირი“; 10. „უნდა აღსდგეს ქართული კერა და დაცული იქნას ქართული მოდგმა“; 11. „აღდგენილ და დაცულ უნდა იქნას სარწმუნოება“; 12. „ეროვნული განათლების და საერთოდ, ქვეყნის კეთილმოწყობისათვის უნდა განხორციელებულ იქნას ყოველი ზომა კულტურისა და ცივილიზაციის უმაღლეს დონემდე ქართველი ერის ასაყვანად“; 13. „თეთრი გიორგის მიზანია: დიდი და დიადი საქართველო“; 14 „საქართველო და კავკასია ერთი მთლიანობაა და კავკასიის ერთა მჭიდრო კავშირი აუცილებლობაა“ [4].
როგორც ვხედავთ, ქვესათაურების ეს უბრალო ჩამონათვალიც კი ერთგვარი ტრაქტატია, რომელშიც სავსებით ნათლად არის წარმოჩენილი ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს უმთავრესი სამოქმედო პრიორიტეტები. არის რა ღრმად ეროვნული, განსახილველი დოკუმენტი იმავდროულად დიდ ყურადღებას უთმობს კავკასიის რეგიონის სხვა ავტოქტონ ერებთან ურთიერთობას. როგორც ეს დებულებები, ისე მთლიანად, – ორგანიზაციის მთელი იდეოლოგია, აბსოლუტურად თავისუფალია შოვინიზმისა და ეროვნული კარჩაკეტილობისაგან.
რაც შეეხება დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობას, ასეთ საუკეთესო ფორმად დარაზმულობის მესვეურთ მიაჩნდათ კონსტიტუციური მონარქია ძლიერი და სრულ პარიტეტზე დამყარებული საკანონმდებლო ხელისუფლებით („დარბაზი“) და ასევე ძლიერი, ქმედითი აღმასრულებელი ხელისუფლებით, – მთავრობით. ეს ზედმიწევნით არის ასახული განხილულ დებულებებშიც. ამასთან, თეთრგიორგელთა მოდელს ახასიათებს თავისებურებები, კერძოდ, პარლამენტთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი: „თანამედროვე პარლამენტი არის პარტიათა და მათ ხელმძღვანელთა ხრიკოსნობის ასპარეზი, სადაც ბატონობს არა ხალხის ნება, არამედ გამოცვეთილ პოლიტიკოსთაინტერესები; ძველებური და ახლანდელი პარლამენტი წარმოადგენს ხალხის მოტყუების, მისი თვალისახვევის და გათამაშების იარაღს; ამიტომ თეთრი გიორგი, რომელიც სავსებითა და მთლიანად ერის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, უარჰყოფს ზემოაღნიშნულ პარლამენტს და მის მაგიერად შეჰქმნის ახალი სახის პარლამენტს, თვით ერის პარლამენტს, დარბაზს, სადაც მთელი მშრომელი ერი წარმოდგენილი იქნება. ძველ საქართველოსაც ჰქონდა მაშინდელი დროის და პირობათა შესაფერი დარბაზი.
მომავალი დარბაზი, სადაც მთელი ერი იქნება განსახიერებული, შესდგება როგორც ეკონომიურ (სამეურნეო) და კულტურულ დარგთა ამქრების, ისე თემ- და ერობათა წარმომადგენლებისაგან. ამგვარად აცილებული იქნება ის უბედურებაც, რომ „ხელობით“ პოლიტიკოსები და ადგილ-გამორჩენის მაძიებელი პირები პარლამენტში ვეღარ გაიჭაჭანებენ და ტფილისში მოკალათებული უვიცი „წვრილფეხა ინტელიგენცია“ პარლამენტში ვეღარ შესდგამს ფეხს.
ნამდვილად კი ყველა: – სოფლის და ქალაქის მუშა, მრეწველი და ვაჭარი, კალმით მოღვაწე, ხელოვანი, ხელოსანი, მოხელე და მოსამსახურე, – ყველა სათანადო ამქარში თუ თემ-ერობაში შეკავშირებული, – წარგზავნის თავის წარმომადგენელს დარბაზში და ამით თვით ერი დაჯდება ქვეყნის მომვლელად“ [4].
როგორც ვხედავთ, „თეთრი გიორგი“-ს მესვეურებმა მთლიანად თქვეს უარი საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიებით არჩევნებზე, სურდათ რა ამით დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში (დარბაზში) თავიდან აეცილებინათ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება და ვიწროპარტიული ინტერესებით გამოწვეული ძიძგილაობა.

პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965), - "თეთრი გიორგი"-ს ერთ-ერთი ლიდერი

ვასრულებთ რა ზემოთ განხილულ დოკუმენტზე საუბარს, აღვნიშნავთ, რომ მისი ავტორი უნდა იყოს დარაზმულობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. ამაზე მიანიშნებს „დებულებები“-ს სტილი.
ვლაპარაკობთ რა დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიის რაობაზე, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის წიაღში რა დაედო მას საფუძვლად.
ერთ-ერთი უმთავრესი დოკუმენტი, რომლის უდიდესი გავლენა დარაზმულობის იდეოლოგიაზე აშკარაა, გახლავთ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ჯერ კიდევ 1905 წელს შემუშავებული საყოველთაოდ ცნობილი ტრაქტატი „საქართველოს დემოკრატია და მისი პროგრამა“, რომელიც ხსენებულ წელს იქნა გამოცემული. ამ დიდ ზეგავლენას ზედმიწევნით ადასტურებს ამ ფუძემდებლური დოკუმენტისა და „თეთრი გიორგი“-ს საპროგრამო ხასიათის პუბლიკაციების უბრალო შეჯერება. როგორც ცნობილია, სწორედ „საქართველოს დემოკრატიის პროგრამის“ საფუძველზე 1917 წელს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა სპირიდონ კედიას, რევაზ გაბაშვილის, ვასილ წერეთლის, გიორგი გვაზავას და სხვათა თაოსნობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

როგორც ცნობილია, 1913-1917 წლებში, ემიგრაციაში ნაყოფიერ საქმიანობას ეწეოდა „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი“ პეტრე სურგულაძის, მიხაკო წერეთლის, ლეო და გიორგი კერესელიძეების, შალვა ვარდიძის, გიორგი მაჩაბლის და სხვა სახელოვან მამულიშვილთა ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, 1912-1914 წლებში ასევე ემიგრაციაში, მიხაკო წერეთლის და არჩილ ჯორჯაძის ხელმძღვანელობით, მოქმედებდა „საქართველოს ხელშეკრულების უფლებათა დამცავი კავშირი“, რომელმაც 1912 წელს გამოაქვეყნა მოწოდება „ქართველი ერის უფლებები“ [5].

1914 წელს ამ დოკუმენტს მოჰყვა დამოუკიდებლობის კომიტეტის „მიმართვა ქართველი ერისადმი“ [6]. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ერის, კერძოდ, – ქართველი ერის უფლებები ის საკითხია, რომელიც მუდამ წარმოადგენდა მიხაკო წერეთლის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და პუბლიცისტური მოღვაწეობის ქვაკუთხედს. იგივე ითქმის ლეო და გიორგი კერესელიძეებზე, გიორგი მაჩაბელზე, შალვა ვარდიძეზე, რომელნიც მ. წერეთელთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში. ამდენად, სავსებით კანონზომიერია ის ფაქტი, რომ „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზემოთ მითითებულმა საპროგრამო დოკუმენტებმა.
პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი მიმოიხილავს რა „თეთრი გიორგი“-ს ისტორიას, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის და დარაზმულობის აწგანსვენებული თვალსაჩინო მოღვაწე, ისტორიკოსი ალექსანდრე მანველიშვილი თავის ხელნაწერ ნაშრომში – „თეთრი გიორგი“ აღნიშნავს: „დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა მოითხოვს დამოუკიდებელ იდეოლოგიას და, როგორც ჩანს, ახალგაზრდებმა (იგულისხმებიან „თეთრი გიორგი“-ს პირველი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები – ლ.უ.) ეს ვერ იკისრეს და ეს შეასრულა ლეო კერესელიძემ. ეს მხოლოდ მას შეეძლო. მან ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წინ მიიღო შვეიცარიაში იურიდიული განათლება. იყო ნიჭიერი ადამიანი და, ასევე, გათვითცნობიერებული იყო თავისი დროის მოწინავე ქვეყნების პოლიტიკურ იდეებთან, რომელზედაც იტალიაში მუსოლინმა ააშენა იტალიის ნაციონალური პარტია და უწოდა „ფაშისტური“. ამ წრეში მაშინ მხოლოდ კერესელიძეს შეეძლო თანამედროვე აზროვნების გამოყენება მისი, ე.ი. საქართველოს ნაციონალური დოქტრინის ჩამოყალიბებაში. ამნაირად, კერესელიძის მეთაურად არჩევის (1925 წ. – ლ.უ.) ერთი წლისთავზე თუ უფრო ადრე გამოვიდა გაზეთი „თეთრი გიორგი“. კერესელიძემ პირველი ორი ნომრის მოწინავე წერილებში მოკლედ მოხაზა ქართული ეროვნული აზრის განვითარების ეტაპები ოთხ ფაზად. მეოთხე იყო „თეთრი გიორგი“, – გამომხატველი ქართველი ერის თანამედროვე ტკივილებისა და მისწრაფებებისა“ [7, გვ. 7].
სავსებით კანონზომიერი იყო ის ფაქტი, რომ 1925 წლის დამლევს, დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს მთავარ მდივნად არჩევისთანავე, ლეო კერესელიძემ თავის მოადგილედ მიიწვია სწორედ მიხაკო წერეთელი: მათი იდეოლოგიური, ეროვნულ-პოლიტიკური ხედვები იდენტური იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიზიარებთ ალ. მანველიშვილის მოსაზრებათა ნაწილს, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მის მტკიცებას, რომ გაცილებით ადრე, სანამ დასავლეთ ევროპაში და იგივე იტალიაში ჩაისახებოდა ნაციონალური პოლიტიკური დოქტრინა (აქ იგულისხმება წმინდა ეროვნული იდეოლოგია, თავისუფალი ყოველგვარი „იზმი“-საგან), იგი თავის შრომებში მწყობრი სახით ჩამოაყალიბა მიხაკო წერეთელმა. სავსებით სამართლიანია ის აზრიც ემიგრანტი ისტორიკოსისა, რომ ლეო კერესელიძემ და მიხაკო წერეთელმა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად განიცდიდნენ დასავლეთ ევროპის მემარჯვენე პოლიტიკური აზრის გავლენას, თავიანთ ნააზრევს მისცეს ქართული, ღრმად ეროვნული შინაარსი [7, გვ. 8].
როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვერ გავიზიარებთ ალექსანდრე მანველიშვილის მოსაზრებათა ნაწილს, უპირველესად ყოვლისა, ვგულისხმობთ მის მცდარ შეხედულებას ამ ორი ბუმბერაზი მამულიშვილის მოღვაწეობის შესახებ. კერძოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მანველიშვილის მტკიცება, თითქოს ლ. კერესელიძე და მ. წერეთელი იყვნენ რა „მუდმივი ემიგრანტები… ჩვენი დამოუკიდებლობის სამი წლის გამორიცხვით“, მოწყვეტილნი იყვნენ საქართველოს სინამდვილეს [7, გვ. 7-8]. დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს ისტორიის ანალიზიდან გამომდინარე, ასევე ტენდენციურია ავტორის მტკიცება, რომ წლების მანძილზე ლეო კერესელიძეს ჩამოცილდა ორგანიზაციის წევრთა დიდი ნაწილი [7, გვ. 9]. დარაზმულობის პუბლიკაციები თვალნათლივ მიუთითებს, რომ ლ. კერესელიძის და მისი კურსის ერთგულნი იყვნენ მუდამ მიხაკო წერეთელი, კალისტრატე სალია, გიორგი მაღალაშვილი, სიმონიკო ბერეჟიანი და ორგანიზაციის სხვა თვალსაჩინო მოღვაწენი. სამწუხაროდ, ალ. მანველიშვილი ვერ მოერია ლეო კერესელიძისადმი მის პიროვნულ დაპირისპირებას, რაც, ასევე სამწუხაროდ, უცხო არ არის საქართველოს პოლიტიკური ისტორიისთვის.

ძალზედ დასანანია, რომ მსგავსად სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისა, ვერც „თეთრი გიორგი“ აცდა შიდა დაპირისპირებას. როგორც ცნობილია, ლ. კერესელიძის ჯგუფს გაემიჯნა დარაზმულობის წევრთა ერთი ჯგუფი შალვა მაღლაკელიძის თაოსნობით. ამ საკითხთან დაკავშირებით ისტორიკოსთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს უთანხმოება უკავშირდება კონსტიტუციური მონარქიის საკითხს საქართველოში: თითქოს, მაღლაკელიძის ჯგუფი მომხრე იყო აღნიშნული წყობის შემოღებისა დამოუკიდებელ საქართველოში, კერესელიძის ჯგუფი კი – მოწინააღმდეგე. ამგვარი მტკიცება არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას, ვინაიდან, ორივე ჯგუფის პუბლიკაციებში მუდამ ფიგურირებდა კონსტიტუციური მონარქიის იდეა. ჩვენი აზრით, განხეთქილების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უნდა ყოფილიყო სრულებით სხვა ხასიათისა: მაღლაკელიძე ფაშიზმის გერმანულ მოდელს აღიარებდა, კერესელიძე კი – იტალიურს. გარდა ამისა, ლ. კერესელიძე და მ. წერეთელი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ „თეთრი გიორგი“-ს წესდების და პროგრამის ოფიციალურად დამტკიცება-რეგისტრირებისა ემიგრაციაში: მათი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ დამოუკიდებლობააღდგენილ, სუვერენულ საქართველოში, ქვეყნის ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებით. აქვე, კიდევ ერხელ, ხაზგასმით უნდა მივუთითოთ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ დარაზმულობაზე „თეთრი გიორგი“ და მის მიმართებაზე ფაშიზმთან, აუცილებლად უნდა მივუთითოთ შემდეგ გარემოებაზე: დარაზმულობის ერთად ერთი და სანუკვარი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყენებდა იგი მესამე რაიხის გერმანიას და არა უმეტეს!

დაბოლოს, „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიის რაობაზე საუბარი გვსურს დავასრულოთ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვით. მისი ავტორია ქართული პოლიტიკური ემიგრაციისა და დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს თვალსაჩინო მოღვაწე, 1951 წელს საბჭოთა უშიშროების მიერ დახვრეტილი სვიმონ ციციშვილი. ეს არის „საქართველოს სამეფოს გარიგება“, დიდი ფორმატის ორ ფურცელზე შესრულებული ორიგინალური ნაშრომი, ერთგვარი ტრაქტატი კონსტიტუციური მონარქიის შესახებ, რომლის დედანი ამჟამად ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფილი „სუკ“-ის ფონდში [8]. იგი მოიცავს ორ ნაწილს: 1. დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის დეტალურ სქემას და 2. საპროგრამო ხასიათის ტექსტს, რომელშიც განმარტებულია სუვერენული საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის არსი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სვიმონ ციციშვილია ავტორი საქართველოს იმ უნიკალური რუკისა, რომელიც დღეს დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

სვიმონ ციციშვილის „საქართველოს სამეფოს გარიგება“, ბერლინი, 1941-1942 წწ., პირველი ფურცელი

დავუბრუნდეთ „საქართველოს სამეფოს გარიგებას“. იგი შედგენილია 1941-1942 წლებში, ბერლინში. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნაშრომის ერთი ადგილი, მოსაზრება, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი ქართული პოლიტიკური აზრის ისტორიაში. ეს არის ნაშრომში საგანგებოდ განხილული „დინასტიური საკითხი“. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ: „ქართული ისტორიის და ჩვეულების მიხედვით, საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა მეფე-ბაგრატიონთა მოდგმას. ახლაც ეს წესი უნდა ვიქონიოთ ვარაუდში და ბაგრატიონ-მეფის ჩამომავლობაში ვეძიოთ და შევარჩიოთ ღირსეული პიროვნება: – ზნეობით, ქართველობით, მშვენებით, გონიერებით, გამჭრიახობით, ჯანმრთელობით, ჯიშით და მოდგმით. მაგრამ, – თუ ასეთი სათაყვანებელი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, ცხადია, ქართველი ერის ინტერესებს ვერ შევწირავთ „გვარიშვილობას“: – ბაგრატიონობა უფლებას არ ნიშნავს და არც მემკვიდრეობას. ქართველი მეფეების და მათი საგვარეულოს პოლიტიკური და კულტურული ამაგი და მოღვაწეობა დაუფასებელია და შეუდარებელი. ჩვენ გვიყვარს და ვეთაყვანებით მათ მიერ შექმნილ დიად ისტორიას და რომანტიული სურვილი გვაქვს – გაწყვეტილი ისტორიული და პოლიტიკური ძაფი კიდევ ბაგრატიონ-მეფის მემკვიდრის ხელით გადავასკვნათ. ეს პოეტური ნაზი გრძნობები სათუთია – ძვირფასი და არ შეიძლება პოლიტიკური თვალთმაქცობით მისი შერყვნა. – ბაგრატიონთა გვარში 4 პიროვნება უცდის საქართველოს ტახტის მემკვიდრეობას და ემზადება მოქმედებისთვის. კეთილი განზრახვისათვის არც ერთ მათგანს კარს არ დავუხურავთ; მაგრამ, მათ და საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ ბაგრატიონთა ისტორიულ სინამდვილეს, დღევანდელი ცეცხლის წვიმების დროს, ცრუ სარწმუნოებად ვერ გადავაქცევთ და ახლანდელ მათ მემკვიდრეობას სალოცავ ხატებად ვერ დავისახავთ, ვერც პოლიტიკური ჭიდაობის საგნად გავიხდით, – რადგან ჩვენი მრწამსია: – „საქართველო უწინარეს ყოვლისა!“ და არა გვარიშვილობა…“ [8].

როგორც ვხედავთ, წარმოგენილ დოკუმენტში, რომელიც აუცილებლად უნდა იქცეს საგანგებო კვლევის საგნად, დინასტიურ საკითხში პრიორიტეტი ენიჭება არა მემკვიდრეობითობას, არამედ მკაცრად ჩამოყალიბებულ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტახტის პრეტენდენტი.
ამდენად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავსებით ნათელია, რომ ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს სახით საქმე გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვან ეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიაში.

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

1. შ. ბერიძე. მოგონება (1924-1933 წწ.).- გაზ. „თეთრი გიორგი“, ## 69-71, პარიზი, 1933.
2. საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა „თეთრი გიორგი“. დამფუძნებელი კრების დეკლარაცია, პარიზი, 1925.
3. ლ. კერესელიძე. ჩვენი იდეოლოგიის ზოგიერთი მხარეები: ეროვნული დისციპლინა.- გაზ. „თეთრი გიორგი“, ## 74-75, პარიზი, 1934.
4. გაზ. „თეთრი გიორგი“, # 98, პარიზი, 1936.
5. საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 13, აღწ. 27, ფურც. 2-4.
6. საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 157, აღწ. 1, ფურც. 371.
7. ალ. მანველიშვილი. „თეთრი გიორგი“ (მოგონება). ხელნაწერი. დაცულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიის მუზეუმში.
8. სვ. ციციშვილი. „საქართველოს სამეფოს გარიგება“. ხელნაწერი (დედანი). დაცულია საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. „სუკ“-ის ფონდში. იხ.: http://archive.security.gov.ge/svimon_cicishvili.html

Levan Z. Urushadze

On Ideological Essence of “Tetri Giorgi” – the Georgian national political organization (1924-1954)

Summary

The national-political organization “Tetri Giorgi” (“White Giorgi”), created in 1924, in Paris by a group of the Georgian political emigrants during 30 years kept up a fruitful activity in a national-political walk of life and brought in his important mite in the Georgian national-liberation movement.
The article deals with the study of the ideological bases of the organization. There bring to light the role of the noted Georgian emigrants Colonel Kaikhosro (Kakutsa) Cholokashvili, General Leo Kereselidze, Professor MIkheil (Mikhako) Tsereteli in the formation of the “Tetri Giorgi’s” ideology. Analyzing the material author infers that Ilia Chavchavadze’s “The Programme of the Georgian Democracy” (1905) and the programming documents of the “National Committee of the Independence of Georgia” (1913-1917) exerted a great influence on the ideology of “Tetri Giorgi”.
There is stimulated in the work an interest in the principal circumstance that moving in years of World War II in Germany, the soul purpose of “Tetri Giorgi” was to use the Third Reich for liberalization Georgia from the claws of Soviet empire but not to serve to the Nazi’s ideology. The issues of those times reflected the activity of the organization and the other documentary material obviously witness about it.
On the base of the archival documents and the programming issues of the organization there is observed the peculiarities of the State system of independent Georgia elaborated by “Tetri Giorgi”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: