Posted by: burusi | 15/04/2010

გოგი გვახარია – “პაზოლინი – სალო”

”სალო” – პიერ პაოლო პაზოლინი; ”Salo” - Pier Paolo Pasolini

გოგი გვახარია – Gogi Gvakharia

პიერ პაოლო პაზოლინი – Pier Paolo Pasolini (1922 – 1975)

შევეხებით ერთ მტკივნეულ თემას, რომლის შესახებ დღეს იშვიათად საუბრობენ – რამდენად აირეკლება მარკიზ დე სადის ნაწარმოების ამ თავისუფალ ეკრანიზაციაში ქართული, და არა მარტო ქართული, საბჭოთა სინამდვილე; როდის და რატომ ხდება ხელისუფლება პერვერსიული და რატომ მიილტვიან ძალაუფლებისკენ არადემოკრატიულ ქვეყნებში.

მარკიზ დე სადის რომანი “სოდომის 120 დღე” პიერ-პაოლო პაზოლინიმ 1975 წელს მეთვრამეტე საუკუნიდან 1945 წელს გადაიტანა, დე სადის ყველანაირი ძალადობით, ანომალიებითა და სექსუალური აღვირახსნილობით სავსე სცენები კი უცვლელად გამოხატა ეკრანზე…და რამდენადაც მარკიზ დე სადის სიტყვას არ შეეძლო მკითხველის ფსიქიკაზე ისეთი უშუალო ზეგავლენა მოეხდინა, როგორც ეს კინოს შეუძლია, პაზოლინის ფილმში ნაჩვენებმა რიტუალებმა თვით დე სადის პროვოკაციული ნაწარმოების ერთგული დამფასებლებიც კი გააღიზიანა. პაზოლინი მისმა თაყვანისმცემლებმაც კი გაკიცხეს, “სალოში” თავად რეჟისორის აკვიატებული კომპლექსები და სექსუალურ გარყვნილებაზე ფიქსაცია დაინახეს, მაგრამ როცა ფილმის პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ რომის გარეუბანში პაზოლინის დასახიჩრებულ ცხედარს გადაეყარნენ, როცა გაირკვა, რომ დიდი იტალიელი რეჟისორის სხეული მკვლელმა, 17 წლის რომაელმა ყმაწვილმა ჯუზეპე პელოზიმ, ნაკუწებად აქცია, პაზოლინის ოპონენტებმა “სალოს” ახლებური გააზრება დაიწყეს. ნათელი გახდა, რომ ეს ფილმი პაზოლინის წინასწარმეტყველება იყო. როგორც მოგვიანებით სურათის კომპოზიტორი ენიო მორიკონე აღნიშნავდა: “პაზოლინიმ ორჯერ დადგა თავისი სიკვდილი – ჯერ ფილმში, შემდეგ კი – რეალურად, ცხოვრებაში. მან თავის მკვლელს ისეთივე როლი შეასრულებინა, როგორსაც მის ფილმში “სალოს” მმართველი სადისტები ასრულებენ.

“მე ყოველთვის ვამტკიცებდი, – წერდა პაზოლინი “სალოს” გადაღების წინ, – რომ ძალაუფლების მოპოვებაზე მეოცნებეებს ერთი მიზანი ამოძრავებთ – სურთ საკუთარი გარყვნილების დაკმაყოფილება, საკუთარი გარყვნილი ფანტაზიის რეალიზაცია უსუსურ მსხვერპლზე. ამიტომაც ყველანაირი ფორმით გამოხატული მილიტარიზმი თუ იარაღასხმული ბიჭები, რომლებიც მოსახლეობას ატერორებენ, ძველი ბერძნული “კაცური ძმობის” იდეოლოგია ყოველთვის პერვერსიულია. “ავტომატიანი” ლაწირაკების ჰომოფობია მხოლოდ ნიღაბია საკუთარი მამათმავლობის დასამალად”.

გასულ წელს ქართულ გაზეთ ‘სპექტრში” გამოქვეყნდა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ინტერვიუ, სათაურით “ჰომოსექსუალური ტენდენციები ქართულ პოლიტიკაში, ანუ რატომ ილტვიან ძალაუფლებისკენ”. უცნაურია, მაგრამ, ქართული პოლიტიკური ელიტის მიმართ გამოთქმული მწვავე შეფასებების მიუხედავად, ამ ინტერვიუს თითქმის არავინ გამოეხმაურა. როგორც ჩანს, საზოგადოების ერთი ნაწილი იმდენად შეაშფოთა, ასე ვთქვათ, “ქართული პოლიტიკური ცხოვრების ფსიქოანალიზმა”, რომ კომენტარებისგან თავის შეკავება ამჯობინა. “ჩვენში პარლამენტარობისკენ, მართლაც, დაუოკებელი სწრაფვაა, – წერს ნანა ჩაჩუა, – არადა ეს ისეთი რთული და პასუხსაგები საქმეა, რომ თუ არა ვნება და ჟინი, ასეთი თავპირისმტვრევა არ იქნებოდა…ეს არის აბსოლუტურად პერვერსიული მოცემულობა, იმდენად, რამდენადაც ვნება ცხრება პარლამენტში არჩევისთანავე. ამიტომაც დგება ხშირად ქვორუმის პრობლემა. პარლამენტარები აცდენენ, ესე იგი ვნება ჩაუცხრათ, როგორც კი შეუერთდნენ ძალას, ანუ პოლიტიკური ორგაზმი უკვე მომხდარია არჩევნებში”.

ამ თვალსაზრისით, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ აირეკლება ტოტალიტარული სისტემის არსი, იმ სისტემისა, რომელსაც გენიალურად იკვლევს პაზოლინი “სალოში” და ამტკიცებს – სისტემა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ადამიანს მაქსიმალურად შეძლოს თავისი გრძნობების რეალიზაცია, თავისთავადაა პათოლოგიური. სადისტი ხდება ის, ვისაც არა მარტო გრძნობით-ადამიანური, არამედ ხორციელი, ცხოველურიც კი ჩაკლული აქვს. ამიტომაც ყველაზე დიდი გარყვნილება ძალაუფლებაა.

“ამიტომ ისწრაფვიან საქართველოში პოლიციისკენ. ეს არის თავისუფლების შიში, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გაზეთ “სპექტრში” გამოქვეყნებულ სტატიაში “ჰომოსექსუალური ტენდენციები ქართულ პოლიტიკაში” და განაგრძობს: ჩვენს ხელისუფლებაში მყოფებზე უნდა ითქვას, რომ ისინი არიან პლებეის ფსიქოლოგიის მატარებელნი. ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობენ ამერიკაში, შვეიცარიაში – კარგი სახლი, კარგი მანქანა, სრული კომფორტი, ანუ გემოვნება აქვთ შესაფერისი იმ ქვეყნისა, სადაც ყველაფერი უხვად და კარგადაა. გემოვნებით ისინი იმყოფებიან მომავალ საქართველოში, მენტალიტეტით, უფლებების მიმართ თავიანთი ვიწრო, სექტანტური დამოკიდებულებებით კი წარსულში არიან. აწმყო დრო ცარიელია, მკვდარია, იმიტომ რომ პროცესის გარეშეა. მათ არა აქვთ ისტორიული დროის შეგრძნების ნიშანწყალი”

ასეა გაყინული დრო პაზოლინის ფილმში “სალო, ანუ სოდომის 120 დღე”. იტალიელი ფაშისტების თავშესაფარში, რომელსაც დიდი რეჟისორი ეგრეთ წოდებული “ნატურალისტური პოეზიის” სტილში გამოხატავს, მათ, ვინც ვერა და ვერ ელევა ხელისუფლებას, სისხლიან-ეროტიკული რიტაულების დადგმა უწევთ, მაგრამ ვინაიდან ძალაუფლებისკენ ლტოლვამ მათში სრულად ჩაკლა შემოქმედებითი იმპულსი, ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან, როგორ გაერთონ. მათ კარგა ხანია უარი თქვეს ყოველგვარ ტაბუზე, “ყველაფერი გასინჯეს”, ამოწურეს, გაძღნენ. სადიზმი უკანასკნელი საშუალება იყო ფაშისტებისათვის აღეგზნოთ, თუ გამოეღვიძებინათ, თავიანთი დაკარგული ლიბიდო. ეს უკვე სექსუალური აპათიაა, რომელსაც ომის დასრულების შემდეგ ახალი ერა მოჰყვება, თავად პაზოლინის თქმით, დაიწყება ეპოქა, რომელიც “ეროტიკას კომერციად აქცევს, ეპოქა, როცა სექსს გამოიყენებენ, როგორც მონობის და არა სიამოვნების საშუალებას”.

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ “ომში” დაიბეჭდა სტატია “ფაშიზმის სექსუალურობა”, რომლის ავტორი იაროსლავ მოგუტინი 80-იან წლებში დასავლეთის ბულვარულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ სენსაციურ მასალას გვაცნობს. ყვითელი პრესა იმხანად ამტკიცებდა, რომ ადოლფ ჰიტლერმა 1945 წელს მოასწრო გერმანიიდან გაქცევა და ლათინურ ამერიკაში გადაიხვეწა. იგი ვითომ 95 წლის გარდაიცვალა და როცა მისი ცხედრის გაკვეთა გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ ჰიტლერი ჰერმაფროდიტი იყო. ამის დასამტკიცებლად დასავლეთის “ყვითელმა პრესამ” დაბეჭდა ფოტო დედაბრისა, რომელსაც ქალის სასქესო ორგანოები ჰქონდა, სახეზე კი – “დიქტატორის ულვაშები”. რუსულ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის ავტორი წერს, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან ეს ცნობა. მთავარია, რომ მილიონობით ადამიანის ცნობიერებაში დიდმა დიქტატორმა, კაცურობისა და სიძლიერის ეტალონმა, ხალხის წარმოდგენაში ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა ულვაშიანი დედაბრის სახით მოგვევლინა.

მაგრამ თავი დავანებოთ დიდ და პატარა დიქტატორებს, ამ “ჩია კაცებს”, რომლებიც თავიანთ სამფლობელოში “წესრიგს” ამყარებენ. ისინი, როგორც იტყვიან, უკვე “გაშიფრულნი არიან”. შევხედოთ იმათ, ვინც ამ “ჩია კაცებს” ემსახურება და სიხარულისგან “თვალი უცრემლდება”, როცა “პატარა დიქტატორი” ხელს ართმევს, შეაქებს, “გაეხახუნება” ხოლმე. როცა ადამიანს თავისთავადობის (ან, როგორც იუნგი იტყოდა, “თვითობის”) განცდა არა აქვს, მას აუცილებლად უჩნდება შინაგანი სწრაფვა დაექვემდებაროს ავტორიტეტს. ძალაუფლებისკენ ლტოლვა – იგივე ავტორიტეტისკენ ლტოლვაა. როცა ამას მასობრივად ახორციელებენ, საქმე გვაქვს ნამდვილ, აღვირახსნილ ორგიასთან. ამ ორგიაში ცხოვრობს ყველა ის სახელმწიფო, სადაც სამოქალაქო უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანს ერთმევა უნარი იცხოვროს თავისი ცხოვრებით, იყოს ის, რაც არის…

პიერ-პაოლო პაზოლინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა და, შესაძლებელია, ამიტომაც დაიღუპა, ამიტომაც ავიდა საკუთარი ფეხით გოლგოთაზე. “სიკვდილის ანგელოზმა”, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, ანდერძად “სალო” დაგვიტოვა და უკანასკნელად გაგვაფრთხილა: “თქვენი თავის ნუ შეგეშინდებათ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება დაიღუპოთ, მაგრამ ვინა თქვა, რომ სიკვდილია –ყველაფრის დასასრული?”

4 მარტი. 2002 წელი

წყარო: რადიო თავისუფლება


Responses

  1. აბსულიტურად გეთანხმებით! კარგი სტატია! სალო ჩემთვის არის და იქნება შედევრი ძალაუფლებაზე რომელიც ალბათ ჯერ არ გადაუღიათ, და ასე მკვეთრად გამოუხატიათ ის რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ, და არ გვინდა რომ რეალობა დავარქვათ! უბრალოდ თვალებს ვხუჭავთ რომ არ გვეტკინოს!

  2. saocari statiaa. gmadlobt

  3. მე ასე მიმაჩნდა და მგონი სწორი ვარ: გენიალურმა პაზოლინიმ სააშკარაოზე გამოიტანა მასონების – მსოფლიოს სისხლისმსმელების ბუნება: ადამიანები, რომლებიც ძალაულფების ხელში ჩაგდებისკენ ისწრაფვიან, ამასთან ცდილობენ მსოფლიოს წმინდა, გაურყვნელი ნაწილის გახრწნას… გენიალური ეპიზოდია სცენა, სადაც ეს გარყვნილი ადამიანები დაბმული ძაღლებივით ამოჰყავთ კიბეზე, იმდენად ღრმა ტკივილია ამ სცენაში, რომ ვინც აქ პაზოლინის სექსუალური ორიენტაციის კადრშესხმას ხედავს, ცდება…ესაა ტკივილი, ესაა ის საშინელი ატმოსფერო და შედეგი, რომლის ავტორებად მსოფლიოს მმართველები გვევლინებიან. ამიტომ მოკლეს პაზოლინი, ამიტომ მოიშორეს მისმა მტრებმა, ისე როგორც სხვა მრავალი. ტყუილია, რომ ეს არის ეროტიკული ფილმი (როგორც ქართულ საიტებზეა დადებული), ეს ფილმი ყველაზე ნაკლებადაა ეროტიკული, ეს არის დოკუმენტალისტიკა.

  4. სალო არის ფენომენი, რომელიც ყველა ეპოქასა და ყველა სახელმწიფოს აწუხებს. ნამდვილად ღირს ამ ყოველივეზე დაფიქრება. სამწუხაროდ ჩვენ ჩევნი თავის და ფიქრის გვეშინია.

  5. როგორც დათო ტურაშვილმა შენიშნა, ჩვენს საპყრობილეებში არიან ისეთებიც, ვისაც მაინც და მაინც არ ეხალისება ძალადობა, ვინც მას ბრძანების გამო ახორციელებიებს.

    ცოტა არ იყოს არ ეწერება თქვენს მიერ დახატულ პორტრეტში ადამიანი, რომელიც სისტემატურად უბრძანებს ხოლმე ქვეშევრდომს პატიმარი გალახოს, თვითონ კი პროცედურას არც ესწრება. ასეთს, ვფიქრობ, გაცილებით უფრო პროზაული მოტივები ამოძრავებს. მაგალითად, გამოძალვა. ან სულაც უბრალოდ მაქსიმალური კონტროლი სიტუაციაზე.

  6. საად შეიძლება ამ წიგნის ნახვაა?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: