Posted by: burusi | 11/04/2010

აკაკი შანიძე – რუსთაველი თუ რუსთველი?

ფრესკა დახატულია ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევის ეკლესიაში. ქართველ მეცნიერთა აზრით; ახალგაზრდა ფეოდალი შოთა, შესაძლოა, რუსთაველი გამოსახულია დედამის იასთან ერთდ

აკაკი შანიძე – Akaki Shanidze
შოთა რუსთაველი – Shota Rustaveli

რუსთაველი თუ რუსთველი?

ახლოვდება მგოსანთ მგოსნის იუბილე, რომელიც დიდი მაშტაბით და განსაკუთრებული მზრუნველობით ეწყობა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. ფართო საზოგადოება დიდი სიხარულით ელის საიუბილეო ზეიმის დღეებს; დიდძალი თანხა იხარჯება ძეგლის დასადგმელად, გამოფენის მოსაწყობად, “ვეფხის ტყაოსნის” კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად და სხვა და სხვა.
ბევრი რამეა გათვალისწინებული საიუბილეოდ და ზეიმის ღირსეულად ჩატარებისათვის, მაგრამ ერთი ამბავია დავიწყებული ან, უკეთ რომ ვთქვათ, უყურადღებოდ დატოვებული. ეს გახლავს გენიოსი ვინაობის სახელის მართლწერის საკითხი: რ უ ს თ ა ვ ე ლ ი თუ რ უ ს თ ვ ე ლ ი? ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და საბოლოოდ უნდა იყოს გამორკვეული, ხოლო მართლწერა – დადგენილი და საყოველთაოდ გატარებული. პოემის ტექსტის დადგენას სწორედ ეს უნდა უსწრებდეს წინ.
ზოგიერთი გულუბრყვილო მკითხველი იფიქრებს: რადგანაც ეგ ფორმა წარმომდგარია რუსთავისაგან, ცხადია, რომ რ უ ს თ ა ვ ე ლ ი უნდაო. რუსთავად ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ ციხე-ქალაქი, რომლისაგან დარჩენილია ნაციხარი, მდებარე მტკვრის მარცხენა ნაპირას, თბილისს ქვემოთ 20 – ოდე კილომეტრის დაშორებით, როგორც ეს პირველად თეიმურაზ ბატონიშვილმა აღნიშნა. ამჟამად ამ ნაციხარის მიდამოებში დიდი მეტალურგიული ქარხანაა აგებული და კეთილმოწყობილი ქალაქია გაშენებული მტკვრის ორსავე მხარეს.
სახელი ამ ადგილს მიუღია იმისგან, რომ ძველად ამ ციხესთან, ისე როგორც ამჟამადაც, იყო თავი (ანუ სათავე) მტკვრიდან გამოყვანილი რუსი, რომელიც რწყავდა მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ველებს.
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი თუ რ უ ს თ ვ ე ლ ი? ამ საკითხის გადასაჭრელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ “ვეფხის ტყაოსნის” ავტორი თავის თავს რუსთველს ეძახის. პოემის პროლოგში (შესავალში) ერთგან იკითხება:
მე, რ უ ს თ ვ ე ლ ი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამათ დარი (8,1),
ხოლო მეორეგან:
დავჯე, რ უ ს თ ვ ე ლ მ ა ნ გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი. (7,3).
ეს ორი ადგილი უკვდავი პოემის პროლოგისა სრულიად საკმარისია ავტორის ვინაობის სახელის მართლწერის დასადგენად. მართლაც, ვის უნდა ვენდოთ ამ საკითხში, თუ არა თვით ავტორს, რომელიც პირველი პირით ლაპარაკობს და თავის თავს რ უ ს თ ვ ე ლ ს უწოდებს? მაგრამ “ვეფხის ტყაოსანში” კიდევ მოიპოვება ადგილი, რომელიც ამავე ფორმას ადასტურებს: ეპილოგში (ბოლო სიტყვაში) დაცულია ბიბლიოგრაფიულ ცნობათა შემცველი შაირი, სადაც, სხვათა შორის შემდეგი იკითხება:
ამირან – დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
ტარიელ – მისსა რ უ ს თ ვ ე ლ ს ა, მისთვის ცრემლ – შეუშრობელსა.
მაშასადამე, თვით ის ძეგლი, რომელიც დიდმა პოეტმა შექმნა, მის ავტორად რ უ ს თ ვ ე ლ ს ასახელებს და არა რ უ ს თ ა ვ ე ლ ს.
ამასთანავე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ მთელი მერმინდელი ქართული მწერლობა დიდებულ მგოსანს რ უ ს თ ვ ე ლ ა დ იცნობს: როსტომიანი, ომანიანი, ბარამ-გურიანი, იოსებ-ზილიხანიანი, თეიმურაზ I, დიდმოურავიანი, არჩილი, ვახტანგ VI, სულხან თანიაშვილი, მამუკა ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი და სხვანი, ერთი სიტყვით, ყველანი, ვისაც კი მოხსენებული ჰყავს “ვეფხის ტყაოსნის” ავტორი მე-18 საუკუნემდის, მას რ უ ს თ ვ ე ლ ა დ იცნობენ და არა რ უ ს თ ა ვ ე ლ ა დ. ორიოდე მაგალითი:
მსგავსად უქია რუსთველსა ტურფა საქები რომელი?
(ბარამ-გურიანი, 1734)
რუსთველი სიბრძნის ტბა არი (არჩილი)
მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს ჩალის ძირსა
(დავით გურამიშვილი)
სხვა დამოწმებით თავს აღარ შევაწყენ მკითხველს.
რატომ არის, რომ რუსთავ-ისაგან რ უ ს თ ვ ე ლ ი მივიღეთ? იმიტომ, რომ ქართულში ზოგი ერთ-მარცვლიანიფუძის მქონე სახელი, თუ ცალკეა ნაბრუნები, არ იკუმშება, მაგრამ, თუ კომპოზიტში შედის მეორე ნაწილად, შეიძლება შეიკუმშოს; მაგ., კ ა რ – ი: კარ-ისა, კარ – ები, მაგრამ ც ი ს კ ა რ ი, ც ი ს კ რ – ისა, ც ი ს კ რ – ის ვარსკვლვი. ასეთივეა აგრეთვე თ ა ვ ი – ც: თავ-ი, თავ-ისა, თავ-ები, მაგრამ: რ უ ს თ ვ ი, რ უ ს თ ვ ი ს ა; რ უ ს თ ვ ე ლ ი. ასე იყო ძველად, პოეტის ეპოქაში და მერმეც. არა-სწორი ფორმა რ უ ს თ ვ ე ლ ი (სწორი რ უ ს თ ვ ე ლ ი ნაცვლად) პირველად შემოიღო ანტონი კათალიკოზმა (1720-1788), რომელმაც სქოლასტიკური ორთოგრაფიის შემოღებით ძალიან შეაფერხა სალიტერატურო ქართული განვითარება.
სხვათა შორის, ანტონიმ სომხური ენა ისწავლა და ამ ენის ორთოგრაფიული წესების მიხედვით ქართულშიც შემოიღო გ ნიშანი, რომელიც მნიშვნელობით სომხურ ლ-ს უდრის. მას ეგონა, რომ რამდენიმე თანხმოვნის ერთად გამოთქმა შეუძლებელია ქართულში და საჭიროა მათ შორის ხმოვანი გ ჩაისვასო. ამ ნიშნის ხმარებას იგი სავალდებულოდ თვლიდა სიტყვის გადატანისას სტრიქონიდან სტრიქონზე, როგორც ეს სომხურშია მიღებული, ამ წესს ატარებდა თვითონ თავის ნაწერებში და სხვებსაც ავალებდა გაეტარებინათ დაბეჭდილ წიგნებში. მისი მოწაფეები (იოანე ოსესძე, ტრიფილე არიმანდრიტი, ზაქარია არქიმანდრიტი, ვარლაამ არქიეპისკოპოსი, დავით რექტორი და სხვები) გულმოდგინედ ასრულებდნენ ანტონის დავალებას და ყველგან ხმარობდნენ ამ ნიშანს დაბეჭდილსა თუ ხელნაწერ წიგნებში. აი, რამდენიმე მაგალითი 1786 წ. დაბეჭდილი ოთხთავიდან (რედაქტორი: იოანე ოსესძე): ნება – ვგს (მათ. 9,13); ღმგრ – თისა (მათ 16,16), ვა-რგთ (ლუკ. 17,10); ერგთ – მან (ლუკ. 24,18). მსგავსი მოვლენებია სხვა წიგნებშიც, მაგ., საჩხერეს 1817 წ.დაბეჭდილ ოთხთავში (რედაქტორი: ზაქარია არქიმანდრიტი): ზგ- რუნვა (მარკ 12,14), მსგწ – რაფლ (ლუკ. 29,16), აღდგ – გინებად (ლუკ 2,34), ბგრ – წყინვალედ (ლუკ. 16,19), ბგრ-მა (იოვ. 9,1) და სხვა.
ანტონის სხვა დანაშაულიც მიუძღვისქართული სალიტერატუროენის წინაშე: მან ჰ და ს პრეფიქსები ისეთ ზმნურ ფორმებში (ზოგჯერ სახლექშიც) ჩასვა, სადაც მათ ადგილი არა აქვთ და არც ჰქონიათ ოდესმე: ვჰრბი, აღჰსდგა, ვჰპოვე. ვჰსთქუ, ვჰსდგა, განჰსძღვეს, მრჰქუა, გჰრქუა. საჰსჯელი, მჰსგავსი, ჰსჯული და სხვ., ნაცვლად ასეთი ფორმებისა (შესაბამისად): ვრიბი, აღდგა, ვპოვე, ვთქუ, ვდგა, განძღეს, მრქუა. გრქუა, სასჯელი. მსგავსი, სჯული და სხვ.. რთი სიტყვით, რაკი ანტონი ვერ გაერკვა, სად უნდა ეხმარა ესპრეფიქსები და სადარა, მან აიღო და განაზოგადა მათი ხმარებადა იქაც კი შემოიღო, სადაც მათი ხმარება უადგილოა. აღარას ვიტყვი სხვა უცნაურ თავისებურებათა შესახებ, რმლებიც დიდად სახელ-მოხვეჭილმა და მეტად გავლენიანმა კათალიკოსმა სალიტერატურო ქართულს მოახვია თავს1, აღვნიშნავ მხოლოდ რომ მას არ მოსწონდა ფუძისეული ხმოვნების ამოღება სიტყვებში და ამბობდა: ხმოვანისა, ხმოვანთა, ხმოვნები (ნაცვლად ამისა: ხმოვნისა, ხმოვანთა, ხმოვნები) იგივე ამბობდა წ ი ლ კ ა ნ ი ს ეპისკოპოსიო (ნაცვლად ამისა: წ ი ლ კ ნ ი ს ეპ.) მსგავსად ამისა, შეკუმშული რ უ ს თ ვ ე ლ ფორმის ნაცვლად მან შემოიღო შემკუმშავი რ უ ს თ ა ვ ე ლ ი. მაგ.,იამბიკოების სახით შედგენილს ისტორიულ – ლიტერატურულ ნაწარმოებში, რომელსაც ანტონიმ “წყობილ- სიტყვაობა” უწოდა. მან შოთას უძღვნა ერთი იამბიკო ((№802), რომელიც ასე იკითხება”
თჳს შოთა რუსთაველისა
შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის- მოყუარე ფრიად,
ფილოსოფოსი, მეტყუჱლიცა მაღალ,
უცხო საკჳრუჱლ, პიიტიკოს მესტიხე.
მაგრა ამაოდ დაჰშურა, საწუხ არს ესე.
საწუხი ის კი არ არის, რომ შოთამ “ვეფხის ტყაოსანი” დაწერა და ამის გამო თითქოს “ამაოდ დაშვრა” არამედ ის, რომ ანტონიმ ვერ გაიგო ამ თხზულების მნიშვნელობა და ხმა დადიოდა, მისი რამდენიმე ცალი გაანადადგურა კიდეცო. ანტონის მოწაფეები ცდილობდნენ გაევრცელებინათ მათი მოძღვრის შემოღებული ფორმა. კერძოდ, ვარლაამ მთავარეპისკოპოსი, შემდგომში საქართველოს პირველი ექსარხოსი, პეტერბურგში ყოფნის დროს ცნობებს საქართველოს წარსულის შესახებ მიტროპოლიტ ე(ვგენი ბოლხოვიტინოვ)ს . ევგენიმიტროპოლიტმა ვარლაამთან საუბრებისშემდეგ გამოაქვეყნა წიგნი Историческое изобажение Грузии в политическом, церковном и учебном ея состоянии (СНб, 1902),სადაც პირველად ვზვდებით რუსულ ენაზე უსტაველქ ფორმას.
დავით რექტორის გადაწერილ ერთ ანთოლოგიაში (H-1512) მოთავსებულია ხუთ- სტროფიანი იამბიკო. ცნობილი “ისტორიათა და აზმათა” ტექსტიდან (ქ.ცხ. 11, 74). ამ ანთოლოგიაში იამბიკოს მიუძღვის ასეთი ცნობა: “თამარ მეფემ რომ ხალიფაზედ გაიმარჯუა.ხახულის ღვთის-მშობელს დროშა და მანიაკი მიართუა გელათს. თქმული შოთა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს ა გ ნ . ეე იამბიკონი ხუთ-მუხლდენი ოცდახუთს ტაეპად წარჰსწერა:
ცასა ცათასა დამწყები ღმერთ-მთავრობა” და სხვ.
დ.ჩუბინიშვილის “ქართული ქრისტომატიის ” II ნაწლის წინ წამძღვარებულ წერილში ყველგან იკითხება Руставель (СНб, 1846).
“წყობილ-სიტყვაობის” გამომცემელი და მისი ავტორის ანტონის მიმდევარი ორთოგრაფიულ საკითხებში პლატონ იოსელიანი წერს ამ თხზულებაში მოთავსებულის შოთასადმი მიძღვნილი ლექსის გაო: ” შოთა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ჰსცხოვრობდა დედოფლისა თამარისა ჟამსა; მონაზნად აღკუÇილი, გრდაიცვალა იერუსალიმსა 1215 წელსა” (“წყობილ- სიტყუაობა”, 1853, გვ.280).
მიუხედავად ანტონის გავლენისა. რ უ ს თ ვ ე ლ ი ეწოდება “ვეფხისტყაოსნის” ავტორს ამ პოემის გამოცემებში. რომლებიც გამოვიდა 1841. 1860, 1867, 1875 და 1883 წლებში. მხლოდ შემდეგ იწყება მისი რ უ ს თ ა ვ ე ლ ა დ გადაკეთება. მაგ., ქართველიშვილის გამოცემას (188) თავფურცელზე აბეჭდია: “ვეფხის ტყაოსანი შოთა რუსთაველისა”, დ. კარიჭაშვილის გამოცემებსაც (1903, 1920) რ უ ს თ ვ ე ლ ი დაეწერა.
მკვლევართა და გამომცემელთა წრეებში მაინც იყო ცდა სწორი ფორმის აღდგენისა. იუსტინე აბულაძემ რომ 1914წ. “ვეფხის ტყაოსანი” გამოსცა, მის თავფურცელზე აღნიშნა: “შ. რ უ ს თ ვ ე ლ ი. “ვეფხის -ტყაოსანი”, ხოლო შესავლად წამძღვარებულ წერილს ათაურად აქვს : “რ უ ს თ ვ ე ლ ი და მისი ვეფხის ტყაოსანი”, სადაც ავტორი საგანგებოდ ეხება საკითხს, თუ საიდან წარმოდგა “სახელწოდება რ უ ს თვ ე ლ ი”
“შოთა რ უ ს თ ვ ე ლ ი” აბეჭდია იმავე იუსტ. აბულაძის მიერ მეორედ (1926)წ.) გამოცემულ “ვეფხის ტყაოსანსაც”.
სილოვან ხუნდაძე ამტკიცებდა, რომ უნდა “რ უ ს თ ვ ე ლ ი და არა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი, როგორც ჟღევანდელ მწერლობაში ხშირად შეცთომით სწერენ ხოლმე”ო.2
იუსტინე აბულაძემ საგანგებო წერილიც კი უძღვნა ამ საკითხს: “რუსთაველი თუ რუსთველი” (“კომუნისტი, 1934, 24. ოქტ.), სადაც ავტორი გადაჭრით მოითხოვდა რ უ ს თ ვ ე ლ ფორმის ხმარებას.
, არაო, მშინვე გამოეხმაურა ი. აბულაძეს ცნობილი მწერალი მიხეილ ჯავხიშვილი იმავე სათაურით დაბეჭდილ წერილში (“რუსთაველი თუ რუსთველი”: “კომუნისტი”1934, 26 ოქტ.), სადაც ავტორი საწინააღმდეგო აზრს ავითარებდა: რ უ ს თ ვ ე ლ ფორმას “ვერავითარი კაბინეტური კანონი ვერ შესცვლის, ხალხი არ შეიწყნარებს, ან რა საჭიროა მის წვალება და გაუთავებელი ბრძოლა? სჯობს ხელი ავიღოთო”3 .
1937 წ. აღდგენილს ვახტანგისეულ “ვეფხის ტყაოსანზე” რ უ ს თ ვ ე ლ ფორმამ თანდათან გაიკაფა გზა სპეციალურ ლიტერატურაში: ამ ფორმას ემხრობოდა ბოლო ხანებში ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხების განთქმული მკვლევარი კ. კეკკლიძე; ეგევე ფორმაა გატარებული პ. ინგოროყვას თხზულებათა I ტომში (1863), სადაც ყველგან რ უ ს თ ვ ე ლ ი იკითხება (მაგ., “პოეტის სახელი და ზედწოდება რუსთაველი”, გვ. 59, “შოთა რუსთველის მოსახსენებლის თარიღი”, გვ.691, “შოთა რუსთველის ფრესკა”,გვ.821 და სხვ.)4 ; ამავე ფორმასუჭერს მხარს გ. წერეთელი თავის წერილში “ვეფხის ტყაოსნის ტექსტის მეცნიერული გამოცემისათვის” (“მნათ,” 1962, №2); ამავე ფორმით შევიდა “ვეფხის ტყაოსნის” ავტორი სასკოლო სახელმძღვანელოში (“ქართ.ლიტერატურის ქრესტომათია”. საშუალო სკოლის IX კლასისათვის. 1963); ამავე ფორმით აქვეყნებს ა. ბარამიძე ნარკვევს დიდი პოეტის შესახებ (“შოთა რუსთაველი და მისი პოემა”, 1966) და სხვა.
ამას უნდა დავსძინოთ, რომ საყოველთაოდ გავრცელებულია მ ე რ უ ს თ ვ ე ლ ე (ან რ უ ს თ ვ ე ლ ი ს ტ ი ) და რ უ ს თ ვ ე ლ ო ლ ო გ ი ა.
ამიტომ სრულიად ბუნებრივია, დაისვას საკითხი: დარჩეს ანტონისეული ფორმა და სამუდამოდ განმტკიცდეს იგი, თუ დროა, დაბრუნდეს მგოსანთა მგოსანს მისი ნამდვილი ვინაობის სახელი? ამის თაობაზე “კომუნისტში” (1961წ. 10 იანვარს) ა. ბარამიძემ და მე დავბეჭდეთ მოკლე წერილი, სადაც განმარტებული იყო, რომ საჭიროა იწერებოდეს და ითქმოდეს რ უ ს თ ვ ე ლ ი (და არა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი), მაგრამ ამ წინადადებამ თვით “ვეფხის ტყაოსნის” ტექსტის დამდგენ კომისიაში ვერ პოვპ საყოველთაო მოწონება,
საზოგადოდ, ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, თითქო აკრძალული იყოს რ უ ს თ ვ ე ლ ფორმის ხმარება. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალ-გაზეთებში რომ მიაქვთ წერილი, თუ რ უ ს თ ვ ე ლ ი სწერია, რატომ? რა მოსაზრებით? ამბობენ: იმიტომ, რომ ხალხში საყოველთაოდ რ უ ს თ ვ ე ლ ი ა გავრცელებულიო. მართალია, გავრცელებულია, მაგრამ კიდევ უფრო გავრცელდება და განმტკიცდება არა – სწორი ფორმა, თუ დროზე არ მივიღეთ სათანადო ზომები. ბევრი რამე ყოფილა გავრცელებული, მაგრამ დღეს აღარ არის.
შეიძლება, რომ უდიდეს პოეტს რამდენადმე შეუცვალოთ ვინაობის სახელი? ქართული წერა ხომ ისეთი არ არის, როგორიც ინგლისურია, სადაც წერა და კითხვა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა: იწერება ერთგვარად და იკითხება კი სხვაგვარად. “ვეფხის ტყაოსნის” ძველ ხელნაწერებში გარკვევით იკითხება: რ უ ს თ ვ ე ლ ი. ვის უნდა დავუჯეროთ, “ვეფხის ტყაოსნის” ავტორს თუ ანტონი კათალიკოზს? ანტონიმ ბევრი დაუშავა ქართულ სალიტერატურო ენას და, სხვათა შორის, ჩვენი უდიდესი პოეტის ვინაობის სახელის გადამრუდებითაც.
და მართლაც, სახუმრო საქმე ხომ არ არის? არ უნდა ვიცოდეთ, ვის ვზეიმობთ, ვის ვუხდით 800 წლის იუბილეს, რ უ ს თ ა ვ ე ლ ს თუ რ უ ს თ ვ ე ლ ს? ვისი ნაწარმოების უკვდავი “ვეფხის ტყაოსანი”: რ უ ს თ ვ ე ლ ი ს ა თუ რ უ ს თ ვ ე ლ ი ს ა? რა თქმა უნდა, რ უ ს თ ვ ე ლ ი ს ა, რადგანაც პოეტი ასე გვაცნობს თავის თავს:
მე, რ უ ს თ ვ ე ლ ი ხელობითა (8,1)
დავჯე რ უ ს თ ვ ე ლ მ ა ნ გავლექსე (7,3)
ქართულ სალიტერატურო ენას პატრონი და მზრუნველი რომ ჰყოლოდა XIX საუკუნეში, მგოსანთ მგოსნის რუსთველობა საბოლოოდ გამტკიცებული იქნებოდა მაგრამ ბედი არ უნდა მწერალს! მის ნაწარმოებთაგან მხოლოდ ერთი “ვეფხის ტყაოსანი” შემოგვრჩა და ისიც ბოლო – მოგლეჯილი და შემონახული ნაწილებიც გადაკეთებულ – გადმოკეთებული და მიმბაძველთაგან გავრცობილი. საჭიროა სპეციალისტების დაძაბული და ხანგრძლივი მუშაობა, რომ ტექსტი გაიცხრილოს, გასწორდეს და წარმოდგეს დაახლოებით იმ სახით, როგორც პოეტს დაუწერია.
მგოსნის სახელიც იყო ერთ დროს დამახინჯებული: პოემის 1841 წლის გამოცემის თავფურცელს ამშვენებს: “ვეფხის-ტყაოსანი, პოემა დაწერილია შოთთა რუსთველის მიერ”, ხოლო 1860 წლისას:”ვეფხის-ტყაოსანი, თქმული შოთთა რუსთველისაგან, თამარ მეფის დროს”. ეს შოთთა თეიმურაზ ბატონიშვილის მცდარი შეხედულების გამეორებაა: პირველად მან გამოთქვა აზრი, რომ პოეტის სახელი შოთთა იყოო: სახელად შოტტა ერქვა. შოტტა ანუ შ ო თ თ ა დიაღ ძველი სახელი არის ქართული, არმაზ კერპისა სახელივე არს შ ო ტ ტ ა და მას საესავსა საქართველოს ერისასა უწოდდენ სახელსა ამას. და ესე სახელი დაშთა შემდგომ კერპთმსახურებისაცა ივერიელთა შორის”5. ამასთან ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არაგონის les letters franckaises-ის ერთ ნომერში (№1025,16-22 აპრილი 1964) ჩვენს პოეტს შ ო ს თ ა რუსთაველი უწოდეს (Chosta Roustaveli)6.ასეთ დამახინჯებას ჩვენ უნდა ვებრძოდეთ ყველგან და, პირველ ყოვლისა, ჩვენში. პოეტის სახელის მართლწერის საკითხი კაი ხანია მოგვარებულია, მაგრამ არა ეშველა რა ვინაობის სახელს. თითქმის აღარავის ყურს ეჩოთირება რ უ ს თ ა ვ ე ლ ი, თითქმის ყველა შეეჩვია მას და შინ თუ გარეთ მას რ უ ს თ ა ვ ე ლ ს ეძახიან. შევურიგდეთ ამ ფაქტს? ნუ ვეცდებით გამოსწორებას? როგორ? ქართველი ერი, რომლის კულტურის მედროშე შოთა არის, გულ-გრილად უნდა შეჰხვდეს თავისი უსაყვარლესი პოეტის ვინაობის სახელის არა-სწორად გამოთქმას, მის გამრუდებას? მახსოვს, როცა ივანე ჯავახიშვილს ასაფლავებდნენ, ერთს სომხეთიდან მოსულ ორატორს უნებურად ჯ ა ვ ა ხ ა შ ვ ი ლ ი წამოსცდა, რაც უსიამოვნოდ მოჰხვდა მსმენელებს ყურში და იქედან-აქედან გაუსწორეს: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ო. “ვეფხის ტყაოსნის” ავტორს დღეს აღარავინ ჰყავს მოსარჩლე, ეძახიან რ უ ს თ ა ვ ე ლ ს და არავის სწყინს. ძნელი ყოფილა გამრუდებული საქმის გამოსწორება, ძალიან ძნელი!
მაგონდება ერთი ამბავი უახლესი ისტორიიდან. ზოგი მთური წარმოშობის გვარი ა უ რ -ზ ე თავდება: გიგაური, ბექაური, აფიციაური, ინაური, მინდოდაური და სხვ. ამის მიხედვით უნდა გვქონდეს ლ ო მ ა უ რ ი , მაგრამ ცნობილი მწერალი ნიკო თავის თავს ლ ო მ ო უ რ ს უწოდებდა და ამ ფორმით არის იგი შესული ქართულ მწერლობაში.
განთქმულ პოეტს გ. ტაბიძეს ძალიან ეჯავრებოდა, როცა მის სახელში კ ასოს ნაცვლად ქ ასოს წერდნენ: მე გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი ვარ და არა გ ა ლ ა ქ ტ ი ო ნ ი7 .
არის სახელი ლ ე ო ნ ი -ც და ლ ე ვ ა ნ ი -ც . ერთისაგან წარმომდგარია გვარი ლ ე ო ნ ი ძ ე, მერისაგან – ლ ე ვ ა ნ ი ძ ე.
არის გვარი შ ე ნ გ ე ლ ი ა -ც და შ ე ნ გ ე ლ ა ი ა-ც განსხვავება მათ შორის ერთ ხმოვან ასოში, მაგრამ მათი აღრევაარ შეიძლება.
არის გვარი ჩ უ ბ ი ნ ი შ ვ ი ლ ი-ც და ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი-ც. ცნობილი ლექსიკოგრაფი დავითი იყო ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი.
საქართველოს ისტორიის ჩარხი ისე უკუღმა დატრიალდა, რომ ზოგ ქართულ გეოგრაფიულ სახელს თურქული გამოთქმით ვიცნობთ: კ ა რ-ის ნვცვლად ყ ა რ ს-ს ვამბობთ ჩ რ დ ი ლ ი ს ტ ბ ი ს ნაცვლად – ჩ ი ლ დ ი რ ი ს ტ ბ ა სლიპარიტ ორბელიანის რეზიდენციას კ ლ დ ე კ ა რ ს კ ო დ ა კ ლ ა რ ს ვეძახით, ც ხ უ მ ს კი ს ო ხ უ მ ს. ც ხ უ მ-ისაგან (ანუ ც ხ ო მ-ისაგან) გვარებია წარმომდგარი: ც ხ უ მ ა რ ი ა და ც ხ ო მ ე ლ ი ძ ე (ც ხ ო მ ე ლ ი ს ძე), რომლებიც ერთსა და იმავეს ნიშნავს, მაგრამ ეს მნიშვნელობა დღეს აღარავის ესმის, რადგანაც ც ხ უ მ ი ანუ ც ხ ო მ ი დაგვეკარგა და იქაურ კაცს სოხუმელს ვეძახით. ზოგისაგან გამიგონია, რომ რ უ ს თ ა ვ ე ლ ი კარგად ჟღერს და სჯობს, ეს ფორმა დარჩემსო. მაგრამ რ უ ს თ ვ ე ლ ი ვითომ ცუდად ჟღერს? არა მგონია. თუ იგი ცუდად არ ჟღერდა XII-XIII-სა და მომდევნო საუკუნეებში, ეხლა რაღა მოუვიდა? ვითომ ჩვენს დროს უფრო განვითარებული სმენაა, ვიდრე წინათ იყო?
ზოგისაგან სხვა გამიგონია დღევანდელ რუსთავში რომ კაცი ცხოვრობს, იმას რაღა ვუწოდოთო, იმასაც რ უ ს ვ ე ლ ი ო? – იმას ისე უწოდეთ, როგორც ხიდის თავში მცხოვრებს. დღევანდელი ენის ნორმების მიხედვით თუ ხ ი დ ი ს თ ა ვ ე ლ ი ითქმის რუსთავის მცხოვრები რ უ ს თ ა ვ ე ლ ი იქნება. მაგრამ ეს ხომ არ არის იმის საფუძველი, რომ შოთასაც რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ვუწოდოთ? ზოგისაგან ისიც გამიგონია, რომ ძნელი იქნება არა – ქართველთათვის (კერძოდ რუსთათვის) ს თ ვ ე ჯგუფის გამოთქმაო, ამიტომ სჯობს რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ვთქვათ და ვწეროთო. ჯერ ერთი, стве ჯგუფი ჩვეულებრივია რუსულში და არავის უჭირს მისი გამოთქმა: ум-ственный, потом-ственный, есте-ственный, искус-ственный, обще-ственный, нрав-ственный, хозяй-ственный და სხვა. რაღა Руствели-ს გამოთქმა გვჭირდება? მეორე: ვინ უწევს ანგარიშს იმას, თუ როგორ გამოთქვამს სხვა ერის წარმომადგენელი ამა თუ იმ კაცის სახელსა და გვარს? განა არაბულ სახელებს ისე გამოვთქვამთ, როგორც არაბები? განა ევროპულიგვარები ადვილი გამოსათქმელია ჩვენთვის? ჰო და ჩვენ რად უნდა შევცვალოთ ჩვენი უდიდესი პოეტის ვინაობის სახელი, რომ სხვებს გამოთქმა გაუადვილდეს? ამ გზით თუ წავალთ, ჭავჭავაძეს რა ვუყოთ? წერეთელს? ყიფიანს? ჭყონიას? ჯანჯღავას?
კიტა ჩხენკელმა, რომელმაც ქართული ენის გრამატიკა გამოსცა გერმანულ ენაზე ორ ტომად და ქართულ-გერმანული ლექსიკონი შეაგინა, თავისი გვარი ჩენკელად (Tschenkeli) გადაიკეთა8. მაგრამ ეს იმის ნება იყო. ვითომ ივარგებს, რომ ჩვენ იმის მაგალითს მივჰბაძოთ და რუსთველი რუსთაველად გადავაკეთოთ. აქაო და ამას უფრო ადვილად გამოთქვამენ სხვა ერთა შვილებიო? არა მგონია, ივარგოს.
საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ 1937 წ. მოწყობილი იუბილის შემდეგ რუსთაველ ფორმა ძალიან გავრცელდა საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთაც “ვეფხის ტყაოსნის” თარგმნის წყალობით სხვადასხვა ენაზე. აქა-იქ რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს ქუჩებიც კი გაჩნდა. მაგ., ტაშკენტის ერთი საუკეთესო ქუჩა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს სახელს ატარებს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დაბრკოლებას ქმნის, რომ ჩვენს გენიოსს, ჩვენს სათაყვანებელ შოთას რ უ ს თ ვ ე ლ ო ბ ა საბოლოოდ განუმტკიცდეს, მაგრამ დიდი მგოსნისთვის, გამრუდებული საქმის გამოსწორებისთვის არავითარ დაბრკოლებას არ უნდა შევუშინდეთ. სხვებმა, როგორც უნდათ, ისე გამოთქვან, ჩვენ კი იმდენი პატივი მაინც უნდა ვსცეთ ჩვენი კულტურის მედროშეს, რომ სწორად დავუძახოთ, ისე, როგორც ეძახდა თავის თავს პოეტი, რომელმაც გვასახელა, და როგორც თანამედროვენი ეძახდნენ მას.
ერთი ცხადია, რომ “ვეფხის ტყაოსნის” იმ ადგილებს, სადაც რუსთველი იკითხება, ვერავინ ხელს ვერ ახლებს და ვერ შეცვლის ქართულ ტექსტში, ხოლო თუ პოემას რუსთაველს მივაწერთ და თავფურცელზე დავბეჭდავთ, ყოველ გონება-გახსნილ მკითხველს საგონებელში ჩავაგდებთ: ესა რასა ჰგავს, რომ შიგნით რუსთველია, გარეთ კი რუსთაველიო!
ეს წინააღმდეგობა სხვა ენებზე ნათარგმ “ვეფხის ტყაოსანშიც” იჩენს თავს. წინააღმდეგობა რომ თავიდან აიცილონ, ზოგჯერ ტექსტშიც რუსთაველი შეაქვთ. მარჯორი ვორდროპის ინგლისური თარგმანის I გამოცემას (ზონდ 1912) რუსთაველი (Rusthaveli) აბეჭდია და პროლოგ -ეპილოგშიც და ყველგან რუსთაველი იკითხება.სამაგიეროდ, II გამოცემაში (მოსკ. 1937) სათაურშიც, ტექსტშიც და შესავალ წერილშიც ყველგან რუსთველია გატარებული (Rusthveli) კ. ბალმონტის რუსულ თარგმანში (მოსკ.1936) და გ. ცაგარლისაში (მოსკ.1937), ისე როგორც შ. ნუცუბიძისაში (I გამოც. მოსკ. 1941 )პროლოგში რუსველია (Руствели) თავფურცელზე და შესავალ წერილში კი – რუსთაველი (Руставели).
გ. გუპერტის გერმანულ თარგმანში (ბერლინი 1955) პროლოგში რუსთველი იკითხება (Rustweli), სათაურში, ეპილოში. შესავალ წერილსა და კომენტარებში ყველგან რუსთაველია (Rustaweli).
დროა, ბოლო მოეღოს ასეთ სხვადასხვაობას. ისიც გვეყოფა, რომ პოემის სათაური ნაირ ნაირად ითარგმნება. ძველად “ვეფხის ტყაოსანს”Варсова кожа, პოემა დაწერილი შოთა რუსთველის მიერ”.ნ. მარის გამოკვლევას პოემის პროლოგ-ეპილოგის შესახებ ეწოდება: Вступительые и заключительные строфы Витязя в варсковой коже
Шоти из Рустава (ТР, XII CПб, 1910).
ამჟამად უფრო “ვეფხი” Тигр-ად ითარგმნება და “ტყავი” шкура-დ., მაგ., პ. პეტრენკოს რუსული თარგმის მიხედვით “ვეფხის ტყაოსანი” არის Витязь тигровой шкуре.
ასეთივე ვითარებაა სხვა ენაზე ნათარგმნ პოემაშიც; მაგ., პოემის მაჯორი ვორდროპის ინგლისურ თარგმანს პირველ გამოცემაში (ლონდ.1912) ჰქვია The Men in the Panters, მეორეში კი (მოსკ. 1937)- The Knight Tigers Skin.ასეთი სხვადასხვაობა აბნევს მკითხველს.
უნდა გავიმეორო მგოსანთ მგოსნის სიტყვები: “რას ვაგრძელებდე”! “ვეფხის ტყაოსნის” ავტორი იყო, არის და იქნება შოთა რუსთველი.

ლიტერატურა:

1ამის შესახებ ნახეთ: ა. შანიძე , ანტონი I-ის გავლენა სალიტერატურო ქართულზე და ძველი ქართული ენის ძეგლების ვითარება ახალი აღთქმის წიგნების გამოცემებში. (ძველი ქართ. ენის კათედრის შრომები, 9, 1964).
2 ს. ხუნდაძე, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები. შოთა რუსთველი. 1992, გვ. 6.
3 ეს წერილი გადმობეჭდილია მწერლის ექვსტომეულის უკანასკნელ ტომში (ტ. VI, 1964, გვ. 426 -427).
4 პ. ინგოროყვას ახალ ნარკვევში, რომელიც 1966 წლის ძმნათობში” დაიბეჭდა (№ 3, გვ.99. და შემდგომი) რუსთაველი იკითხება, რაც უთუოდრედაქციის ჩარევის ბრალია.
5 თეიმურაზ ბაგრატიონი , განმარტება პოემა ვეფხის ტყაოსნისა. გამოსცა გაიოზ იმედაშვილმა. 1960, გვ.5.
6 ამაზე ყურადღება მიმაქცევინა პროფ. მ. ხუხუნმა .
7 გ. ჩიქობავა. გალაკტიონის ახლო. 1966, გვ. 58.
8 K. Tscenkeli, Einfuhrung in die georgische Sprache.I.თეორიული ნაწილი, II. პრაქტიკული ნაწილი. Zurich 1958. Georgisch -Deutsches Worterbuch. დაიბეჭდა 10 ნაკვეთი (ა-ნ), 1960-66.ავტორის გარდაცვალების შემდგომ (1963 წ.) ლექსიკონის ბეჭდვას განაგრძობენ.

24.IV.1966
აკაკი შანიძე (1986): თხზულებანი, ტ. 5. ვეფხის ტყაოსნის საკითხები – თბილისი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: